წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
მარხვა წმიდა იქნება არა მხოლოდ საჭმლის გამოცვლითა და მოკლებით, არამედ საქმის გასწორებით და ყოფაქცევის გამოცვლით. საჭმლის მოკლება სულიერ განღვიძებას შეეწევა; ნუ დაიჯერებთ, რომ კაცს გამძღარი სტომაქით ლოცვა და მონანება შეუძლია. როცა მარხვისაგან ხორცი ცოტაოდენ მოუძლურდება, მაშინ სული თავისუფლდება და თვისი შემოქმედისადმი მიილტვის. ჭამისა და სმისაგან მრავალი სნეულდება, გარნა მარხვისა და მოთმინებისაგან არც ერთი.
მარხვა დედაა სიწმინდისა, ცოდვათა მამხილებელი და გამამტყუნებელი, ძლიერი შემწე სინანულისა და მოქალაქობა ანგელოზებრივი. ჭეშმარიტი მარხვა არა მარტო ხორციელი, არამედ სულიერი საქმეცაა. წმიდა დიდი ბასილი გვასწავლის: კაცნი, რომელნიც მოიკლებენ საჭმელსა და არ იშლიან ცუდთა საქმეთა, დაემსგავსებიან ეშმაკსა, რომელიც სულ არაფერს სჭამს, მაგრამ ღმრთის წინააღმდეგობას არ იშლის. ჭეშმარიტი სრული მარხვა ძმათა, მოძულეთა და მტერთა ბრალთა მიტევებაში მდგომარეობს. ასევე ჭეშმარიტი მარხვა ქველმოქმედება და მოწყალებაცაა.
ჭეშმარიტი ლოცვა კაცის სულს აცხოველებს და კეთილი საქმეებისაკენ იზიდავს. ადამიანის გულში იგი კეთილ ზრახვებს აღძრავს, ხოლო უკეთურ აზრებსა და სურვილებს სპობს. იგი აიძულებს კაცს საქმით ადიდოს ღმერთი. თუ ადამიანის ხორციელ ცხოვრებას აზრი და მოქმედება შეადგენს, მისი სულიერი ცხოვრება ლოცვითა და საქმით შედგება. ლოცვა, რომელიც საქმედ არ გადაიქცევა, არ არის ჭეშმარიტი ლოცვა. ყოველი კეთილი საქმე, ჩვენგან აღსრულებული, იგივე ლოცვაა, რამდენადაც ნაყოფია ლოცვისა.
ჭეშმარიტი ლოცვა არის კაცის სულის მოძრაობა ზეციური მამისაკენ, როცა სული თითქმის გამოდის სხეულიდან და ცათა შინა შედის. ამ დროს ადამიანი ღმერთთან არა მხოლოდ სიახლოვეს, არამედ ერთობას გრძნობს. როცა გულში ჭეშმარიტი ლოცვის მადლი გაჩნდება, იგი ვითარცა მშიერი და მწყურვალე პურისა და სასმელისაკენ, ისე ისწრაფვის ღმრთისაკენ.
ფარისეველმა გრძლად ილოცა, მეზვერემ მხოლოდ ხუთი სიტყვა წარმოსთქვა: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას, მაგრამ გამართლებული იგი გამოვიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჭეშმარიტი ლოცვა მრავალსიტყვაობით, მუხლმოდრეკით, ხელების აღპყრობითა და თუნდაც პირჯვრის წერით არ გამოიხატება. ჭეშმარიტი ლოცვა, უპირველესად, საკუთარი თავის, სულიერი მდგომარეობის შეცნობას გულისხმობს, როცა მისი აზრი და გონება თავისი თავისკენაა მიმართული და გრძნობს რა თავის უღირსებასა და ცოდვილობას, უნებლიედ ღმერთს მიმართავს შეწუხებული.
ღმერთი ჩვენ მხოლოდ გვაცნობს თავის ნებას, რა უყვარს და რა სძულს, რა არის ჩვენთვის სასარგებლო და რა მავნებელი, რით შეგვიძლია ჩვენ, რომ მას სათნო ვეყოთ, ან განვარისხოთ. განსანათლებლად საღმრთო სჯული მოგვცა და ვინც მის ნებას დაემორჩილება და სულის ცხონებას მოინდომებს, მას თავისი მადლით შემწეობასაც არ აკლებს, – დანარჩენი კი ჩვენი კეთილი ნებითა და სურვილით ჩვენვე უნდა აღვასრულოთ (II, 303–304).