ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები


სააღდგომო ეპისტოლე - 2010

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო ღვთივკურთხეული ივერიის მიწისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!

ქრისტე აღდგა!

აი, დგება ჟამი ყოვლისმომცველი ბედნიერებისა! გმინავს შემუსვრილი ჯოჯოხეთი, ხოლო მისი დიადი მძლეველი ზეცად მაღლდება და თან შემხვედრ გაოცებულ ანგელოზთა ხმა მიჰყვება: "ვინ არს ესე მეუფე დიდებისაი?" აწ უკვე ჩვენც, აღდგომის სიხარულით აღვსილნი ქრისტიანენი, პასუხად ვამბობთ: "უფალი ძალთაი თავადი არს მეუფე დიდებისაი" (ფს. 23).
"სადა არს სიკვდილო საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი? აღსდგა ქრისტე და დაირღვიე შენ; აღსდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი, აღსდგა ქრისტე და იხარებენ ანგელოზნი; აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს!" (ზატიკი).
ამ დღესასწაულთა დღესასწაულს - მრავალსაუკუნოვანი მტანჯველი მოლოდინი უძღოდა წინ.
რა იყო მიზეზი კაცთა მოდგმის ასეთი ხანგრძლივი და დიდი განსაცდელისა?
ღმერთმა ადამი თავის ხატად და მსგავსად შექმნა და მთელი ხილული სამყაროს მეფედ დაადგინა. იგი იყო ერთადერთი არსება უკვდავი სულის მქონე, რომელიც თავის თავში აერთიანებდა ხორციელ და სულიერ ბუნებას. შემოქმედმა მას თავისი ბუნების თვისებები მიჰმადლა, რომელთაგან ერთ-ერთი უმთავრესის, - თავისუფლების, - შესახებ ამ ეპისტოლეში მინდა გესაუბროთ.
სწორედ თავისუფალი ნებით იყო ადამი უფალს დამორჩილებული, რაც სიყვარულისა და სიკეთის უშრეტ წყაროსთან, - ღვთაებრივ მადლთან მის კავშირს განაპირობებდა.
ანგელოზთა დასსაც თავისუფალი ნება ებოძა ღვთისგან. თავისუფლების არასწორად გამოყენების გამო კი ერთ-ერთი უპირველესი ანგელოზი ამპარტავნებამ შეიპყრო, თავისი ნებით განშორდა შემოქმედს და ეშმაკად იქცა; მანვე უბიძგა ადამიანს ცდუნებისკენ, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ სამყაროს გვირგვინი - ადამიანი ცოდვას დაემონა; შეეცვალა აზროვნების და ყოფის წესი და როგორც თვითონ, ისე მისდამი რწმუნებული სამყაროც მასთან ერთად დაეცა; ადამმა და ევამ დაკარგეს ჭეშმარიტი სიყვარული, ჭეშმარიტი სიკეთე და თავისუფლება; დასნეულდნენ ამაოების, ბოროტების, სიძულვილის, შურის, ასევე სხვა მრავალი სენით და სიკვდილსა და ხრწნილებას დაექვემდებარნენ.
ასეთი იყო კაცთა მოდგმის მდგომარეობა ქრისტეს მოსვლამდე. ჯვარცმითა და აღდგომით მაცხოვარმა ჩვენი ცოდვები აღხოცა და ჩვენი წყლულები განკურნა, შემუსრა ჯოჯოხეთი და სიკვდილი განაქარვა, დაამხო ეშმაკის მეუფება და კვლავ მოგვანიჭა ნამდვილი თავისუფლება და სიხარული. ამასთან უფალმა დაგვიბრუნა ძველი დიდების აღდგენის შესაძლებლობაც. ამიტომაც წერს პავლე მოციქული: თავისუფლებისათვის განგვათავისუფლა ქრისტემ... ნუღარ დავიდგამთ მონობის უღელს" (გალ. 5,1)." მაცხოვარმა არა მარტო ცოდვისა და ტყვეობისაგან იხსნა კაცობრიობა, არამედ ადამიანთა შორისაც ურთიერთობის სრულიად ახალი გაგება მოიტანა: "არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არც აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესოს მიერ" (გალ. 3,28), - გვასწავლის მოციქული.
საოცარია, ეს სიტყვები დაიწერა მონათმფლობელობის პერიოდში, იმ დროს, როცა ქალის უფლებები უკიდურესად შეზღუდული იყო და რასობრივი დისკრიმინაციაც მკვეთრად იყო გამოხატული.
მან ეკლესიაში სიყვარულით შეაერთა საზოგადოების არა მარტო განსხვავებული, არამედ დაპირისპირებული ფენებიც და მამა ღმერთს ასე შეავედრა: "რაითა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო ჩემდამო, და მე შენდამი" (ინ. 17,11).
თავისი მოწაფეებიც მაცხოვარმა საზოგადოების სხვადასხვა ფენიდან შეკრიბა: ანდრია, პეტრე, იაკობი და იოანე მეთევზეები იყვნენ, მათე - სახელმწიფო მოხელე, ლუკა - მხატვარი და ექიმი, პავლე - რაბინთა სკოლაში აღზრდილი, იოსებ არიმათიელი - წარჩინებული პირი,... და ამით გვიჩვენა, რომ ღვთის წინაშე ყველანი თანასწორნი ვართ და ჩვენს შორის მეტ-ნაკლებობას მხოლოდ სულიერი განვითარება განაპირობებს და არა სიმდიდრე, წარმომავლობა, გარეგნობა ან თანამდებობა.
ეკლესია თავისუფალ ადამიანთა ერთობაა, ნებისმიერი ადამიანის ნავთსაყუდელია. აქ არსებული საეკლესიო იერარქია კი - ოდენ საშუალება საეკლესიო მმართველობის განხორციელებისა და საიდუმლოებების აღსრულებისა. სახარებიდანაც ნათლად ჩანს, რომ, სახელმწიფოსგან განსხვავებით, იერარქიას ეკლესიაში თვისობრივად სხვა ფუნქცია აქვს; "ვინც ხალხის მთავრებად არიან მიჩნეულნი, - ვკითხულობთ აქ, - ბატონობენ მათზე და მათი დიდებულნი ხელმწიფებენ მათზე, მაგრამ თქვენს შორის ასე ნუ იქნება, არამედ ვისაც თქვენს შორის დიდობა სურს, ის იყოს თქვენი მსახური, ვისაც თქვენს შორის პირველობა სურს, ის იყოს თქვენი მონა" (მკ. 10. 43-44).
ამიტომაცაა, რომ მაცხოვარი მეგობრებს უწოდებს თავის მოწაფეებს და ფეხებს ბანს მათ; ყველა კეთილმორწმუნე ადამიანს კი შვილობის მადლს მიაგებს და პატივს ანიჭებს, ღმერთს მამა უწოდონ ("მამაო ჩვენო").
მაცხოვნებელ სწავლებასთან ერთად ქრისტიანობამ ერებსა და ხალხებს თავისუფალი განვითარებისათვის საოცარი მუხტი მისცა და მნიშვნელოვანწილად განაპირობა დამოუკიდებელი ეროვნული კულტურების ჩამოყალიბება. საქართველოშიც ქრისტიანობამ ხელი შეუწყო ჩვენი ხალხის ერთიან ერად ფორმირების მრავალსაუკუნოვანი პროცესის დასრულებას და ჭეშმარიტი თავისუფლებისა და თვითმყოფადობისათვის ზრუნვის სრულიად ახალ ეტაპზე გადასვლას. შედეგი ამისა იყო ის, რომ ჩვენთვის ქრისტიანობის დაცვა სამშობლოსა და ჭეშმარიტი თავისუფლების დაცვად იქცა.
ამ თავისუფლების სამსხვერპლოზე სიცოცხლეს ზვარაკად უშურველად სწირავდნენ მეფენიც და გლახაკნიც, ახალგაზრდებიც და მოხუცებულნიც. გავიხსენოთ XVI საუკუნე; ამ დროს საქართველოს დაპყრობას ცდილობდა ურთიერთდაპირისპირებული ორი დიდი სახელმწიფო, - სპარსეთი და ოსმალეთი. დიდგვაროვანთა ერთი ნაწილი ოსმალეთის სულთანს ეგებოდა ფეხქვეშ, მეორე ნაწილი კი - სპარსეთის შაჰს. შექმნილი მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ქართლის მეფე სვიმონი მაინც თავდაუზოგავად იბრძოდა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. სამშობლოს ერთგული შვილი ტყვეობამაც ვერ გატეხა, იგი ბოლომდე თავისუფალ პიროვნებად, მამულისა და სარწმუნოების დამცველ რაინდად დარჩა. მისი ცხოვრება მაგალითად იქცა და მრავალნი განამტკიცა.
ხალხს თავდადების ასევე ბრწყინვალე მაგალითი უჩვენა მისმა შვილიშვილმა, მეფე ლუარსაბ II-მ, რომელმაც, სავსებით ახალგაზრდამ, თავისუფლებასა და ქრისტიანობას შესწირა სამეფო ტახტიც, სიცოცხლეც და მოწამეობრივად აღესრულა. ასობით და ათასობით გაღებულმა ასეთმა მსხვერპლმა ჩვენს ერს დიდება მოუპოვა, რამაც მრავალტანჯული ეს პატარა ქვეყანა გადაარჩინა და დღემდე მოიყვანა. რა თქმა უნდა, ნაწილმა ვერ გაუძლო ცდუნებას და წარმავალი კეთილდღეობა ამჯობინა თავისუფლებას. ხშირად მათ მაღალი თანამდებობები ეკავათ, ზოგიერთი კი ქვეყანასაც მართავდა, მაგრამ სინამდვილეში მონა და მსახური იყო დამპყრობლისა. ეს ყველაფერი ნათლად წარმოაჩენს იმ რეალობას, რომ თავისუფლებაცა და მონობაც შინაგანი, სულიერი მოვლენაა და მას ადამიანიცა და ერიც თავისი ნებით ირჩევს. ჩვენმა ხალხმა არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა და ეს განწყობა სასიქადულო პოეტმა, აკაკი წერეთელმა ძალიან მოკლედ, მაგრამ მრავლისმთქმელად ამ სიტყვებით გადმოსცა: "სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი". შინაგანი როგორი სილაღე, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის როგორი სიყვარულია მასში გაცხადებული! ამ განწყობას, რა თქმა უნდა, რწმენა განაპირობებდა. ქართველმა იცოდა, რომ ქრისტიანული ცხოვრებითა და ქვეყნისათვის თავდადებით სასუფეველს დაიმკვიდრებდა და ამდენად, მისთვის სიკვდილი არსებობის ერთი სახიდან მეორე სახეში გადასვლის საშუალებას წარმოადგენდა.
ამ აზრის შემცველია გენიალური ქართული სიტყვა - გარდაცვალებაც; რაც გულისხმობს იმას, რომ პიროვნება კი არ ქრება, არამედ იცვლება, სიცოცხლის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადის. ჩვენს ენაში სხვა ასევე მეტად საინტერესო გამოთქმებიცაა.
მშვენიერი მიმართვაა, მაგალითად, ლაზური "შური მშინე" ("სულის მომხსენიებელი"). ასე უწოდებს ლაზი თავის პატარა შთამომავალს, რაც გულისხმობს იმას, რომ იგი მისი სულის მომხსენიებელი იქნება; საინტერესო გამოთქმაა "ცაშა ეხტიც" (ანუ ცაში ახტი, ცას ეწიე), რომელსაც გარდაცვალებასთან დაკავშირებითაც იყენებენ და ყოველდღიური სამადლობელი დალოცვის ფორმადაც. გავიხსენოთ თუნდაც ხევსურეთში დაცული უძველესი წესი ახლადშობილ ბავშვზე, მეორე, ე.წ. სულის სახელის დარქმევისა, როდესაც მას გარდაცვლილი უახლოესი ნათესავის სახელს არქმევენ; საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტრადიციად აქვთ მიცვალებულთა სახელზე კვერების გამოცხობა; სიკვდილ-სიცოცხლის სიახლოვეზე მიუთითებს ისიც, რომ თითქმის ყველგან ლხინის სუფრაზე გარდაცვლილთა მოსაგონარ-შესანდობარი ისმევა, ჭირის სუფრაზე კი - ცოცხალთა სადღეგრძელოები და სხვა. ასეთია საზოგადოდ ჩვენი მენტალიტეტი.
აქვე მინდა შევეხო ერთ მნიშვნელოვან საკითხსაც: ჩვენმა წინაპრებმა, ფარნავაზისა და ქუჯის მსგავსად (ძვ. წ. აღ. III ს.), 1790 წელს კიდევ ერთხელ დაადასტურეს და საჯაროდ განაცხადეს სხვადასხვა კუთხის ქართველთა ერთობის შესახებ;შედგა დოკუმენტი, სახელწოდებით - "ივერიელთა ერთობის ტრაქტატი", რომელსაც ხელი მოაწერეს მეფე-მთავრებმა. ეს იყო პასუხი საქართველოს გახლეჩისა და დაქუცმაცების მოსურნეთა მიმართ, რომელნიც ცდილობდნენ ჩვენი სამშობლოს დაყოფას და სხვადასხვა კუთხის ერთმანეთისადმი გაუცხოებას.
ეს პროცესი შემდგომაც გაგრძელდა, რასაც ჩვენი ერის სასიქადულო შვილებმა, - წმიდა ილია მართალმა (ჭავჭავაძემ), მისმა თანამებრძოლებმა და ასევე მთელმა საზოგადოებამ საკადრისი პასუხი გასცეს.
აღნიშნული თემა XX ს-ში კვლავ წინ წამოსწია კომუნისტურმა რეჟიმმა და მას მიზანმიმართული პოლიტიკის სახე მისცა. ამან გამოიწვია აფხაზებისა და ოსების გაუცხოება მათთვის ნათესაური და ბუნებრივი ქართული გარემოსგან და შედეგად მივიღეთ დღეს არსებული კონფლიქტური სიტუაცია, რომელიც, რა თქმა უნდა, გლობალური პოლიტიკური დაპირისპირების გამოვლენაა, მაგრამ ამისთვის ნიადაგი დიდი ხნით ადრე მომზადდა.
დღესაც ზოგიერთი უცხოელი მეცნიერი და ექსპერტი ისევ ახორციელებს მიზანმიმართულ ანტიქართულ სამეცნიერო-იდეოლოგიურ კამპანიას. ამიტომაც გამოვედით ინიციატივით, მთელს ერს კვლავ დაედო "ივერიელთა ერთობის ახალი ტრაქტატი" და ამით ჩვენს დროში კიდევ ერთხელ გაგვეცა პასუხი ავისმსურველთათვის.
ახალ ტრაქტატზე ხელმოწერა დაიწყო გასული წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოველში და ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. 2010 წლის სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე შეგროვილი ხელმოწერები კი დაიდება ტაძრის საკურთხეველში და ყველა ამ ადამიანის სახელით აღევლინება ლოცვა ჩვენი სამშობლოსა და ჩვენი ხალხის კეთილდღეობისათვის (ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ამ დოკუმენტზე ყველას ხელმოწერა იყოს). მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ეს მოხდება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის 1000 წლისთავზე.
უფლის საოცარი განგებულებით ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიას ებოძა როგორც ყოვლადწმიდა მარიამის კვართი, რომელიც ზუგდიდშია დასვენებული, ისე კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც I საუკუნიდანვე სვეტიცხოვლის ტაძარშია დაკრძალული. ამიტომ იქცა სვეტიცხოველი საქართველოს უპირველეს ტაძრად, სადაც უძველესი დროიდან იხარშება მირონი, ეკურთხებოდნენ მეფენი, ეკურთხებიან პატრიარქნი და მღვდელმთავარნი; აქვეა მათი ძვალთშესალაგიც.
ამ უდიდეს სულიერ მნიშვნელობასთან ერთად სვეტიცხოველს, შეიძლება ითქვას, განსაკუთრებული ისტორიულ-პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, - იგი არის ერთიანი და ძლიერი საქართველოს სიმბოლო, რადგან XI საუკუნიდან, როდესაც დასრულდა განახლება-გამშვენება ამ წმიდა ტაძრისა (თავდაპირველი სახით სვეტიცხოვლის ეკლესია IV ს-ში აშენდა), ჩვენი ქვეყნის ზეობის ხანას ჩაეყარა საფუძველი.
ვაცნობიერებთ კი, რომ ცხოველსმყოფელი სვეტის საფუძველში თავად განკაცებული ღმერთის - ჩვენი მაცხოვრის კვართი განისვენებს, რომლისგანაც მომდინარე საოცარ მადლს განსაკუთრებული კრძალვით უნდა მივეახლოთ?! ეს ჩვენი ერისთვის მომადლებული უდიდესი წყალობაა უფლისა, რაც დიდ პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს.
საერთოდ, წმიდანთა ნაწილები და ყოველი სიწმინდე ღვთაებრივი მადლის წყაროა, რომელთანაც თანაზიარების საშუალებას უფალი სხვადასხვა სახით გვანიჭებს. მადლის მქონეა: სიწმინდეები, ნაკურთხი წყალი, ჯვარი, ხატები, სანთელი, პური, ღვინო, ზეთი,... მაგრამ მადლის სისავსით წმინდა ზიარებას ვერაფერი შეედრება.
იგია უპირველესი და უდიდესი საიდუმლო ქრისტეს ეკლესიისა! იგია ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არსობრივი სიახლე, რაც კი კაცობრიობის ცხოვრებაში ოდესმე მოხდა ან მოხდება მეორედ მოსვლამდე.
ყველა წირვაზე იესო ქრისტე დაიკვლის ჩვენთვის, რათა მორწმუნენი არათუ მიეგებონ ჩვენთვის ჯვარცმულ ძეს ღვთისას, არამედ მიიღონ მისი ჭეშმარიტი ხორცი და სისხლი, რათა განუყოფლად და შეურევნელად შეუერთდნენ მას. ზოგიერთს ჰგონია, რომ წმიდა ზიარების პური და ღვინო მხოლოდ სიმბოლურად მიგვანიშნებს მაცხოვრის ხორცსა და სისხლზე, რაც უდიდესი მკრეხელობა და მწვალებლობაა.
წმიდა ზიარების წინ სათქმელ ლოცვებში არაერთხელ არის გამოთქმული ეკლესიის დოგმატური სწავლება იმის შესახებ, რომ ყოველ წირვაზე იესო ქრისტე ასრულებს საიდუმლო სერობას და, როგორც მაშინ თავის მოციქულებს, ისე ჩვენც მოგვიწოდებს: "მიიღეთ და ჭამეთ, რამეთუ ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი... და ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა" (მთ. 26. 26,28). სამწუხაროდ, ჩვენ, მცირედმორწმუნეობის ან სულიერი სიბრმავის გამო, ხშირად ვერც კი ვაცნობიერებთ, თუ როგორი რწმენითა და პასუხისმგებლობით გვმართებს ამ საიდუმლოსთვის მომზადება.
მეტად გულსატკენია, რომ ზოგიერთი ადამიანი, მართლია, ხშირად ეზიარება, მაგრამ სულიერად საერთოდ არ იცვლება და ჩვეული მანკიერი ცხოვრების წესს აგრძელებს. ასეთი ადამიანი თუ არ გამოსწორდა, დაიღუპება. კიდევ უფრო მძიმე სასჯელს იმსახურებენ უღირსად მაზიარებელნი, რაც სნეულების ან მათი სხვა სახით დასჯის მიზეზი ხდება.
გულწრფელი აღსარებითა და სინანულით მიღებული ზიარება კი სულისა და ხორცის საკურნებელია, რითაც ადამიანის ცოდვითი მიდრეკილებებისაგან თანდათანობით გათავისუფლებაში, მის სულიერ ფერისცვალებაში ვლინდება. მადლობა ღმერთს, ასეთი მრევლიც მრავლად გვყავს.
შევნიშნავთ, რომ არსებობენ ისეთი "მორწმუნენიც", რომელნიც, მართალია, თავს ქრისტიანებად მიიჩნევენ, მაგრამ აღსარებისა და წმიდა ზიარებისაგან შორს დგანან და მიაჩნიათ, რომ ეს მათთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს, რაც უდიდესი შეცდომა და უდიდესი ცოდვაა!
ეს ფაქტობრივად ქრისტიანობაზე უარის თქმას ნიშნავს, უარის თქმას ნიშნავს იმ მაცოცხლებელ ენერგიაზე, თავისი მოწამებრივი ღვაწლით რომ გვიბოძა უფალმა. ამიტომაც, თუ ჩვენი ხრწნადი ბუნება წმიდა ზიარების საშუალებით მუდმივ კავშირში არ იქნება მარადიული სიცოცხლის მომნიჭებელ ღვთაებრივ მადლთან, შემოქმედს მოწყვეტილნი, სულიერად მოვკვდებით. გავიხსენოთ მაცხოვრის სიტყვები: "როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩება, ისევე თქვენც, თუ ჩემში არ დარჩებით, რადგან უჩემოდ არაფრის კეთება არ ძალგიძთ" (ინ. 15,4).
მაშ, ყველა შიშითა და კრძალვით დავეწაფოთ ღვთიურ მადლს ზიარებისა! ეს კი ბუნებრივად გულისხმობს ცოდვისაგან განდგომას.
აი, როგორ გვმოძღვრავს პავლე მოციქული: "ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმინდურება და თავაშვებულობა, კერპთმსახურება, მისნობა, სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა და სხვა. ასეთი რამის ჩამდენნი ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ" (გალ. 5. 16-17). "ცოდვის საზღაური სიკვდილია!" (რომ. 6.22).
ხოლო სულის ნაყოფია: "სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება"... (გალ. 5. 19-23). და "ისინი ვინც ღვთის სულით წარიმართებიან, ღვთის შვილები არიან... ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი" (რომ. 8.14,17).
უფალი ბრძანებს: "რას არგებს კაცს, თუ შეიძენს მთელ ქვეყანას და სულს კი წააგებს? ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?" (მკ. 8, 36-37) მთელი დედამიწის სიმდიდრე არ ღირს ერთი ადამიანის სულად, რადგან იგი ხატებაა ღვთისა. ამიტომაც უმნიშვნელო, უბრალო პიროვნება არ არსებობს. თითოეული ადამიანი უნიკალურია, დაჯილდოებული განუმეორებელი და განსაკუთრებული ნიჭით, ოღონდ ჩვენ ეს უნდა აღმოვაჩინოთ.
ადამიანი უნდა დაფიქრდეს თავის დადებით და უარყოფით თვისებებზე და ეცადოს დადებითი მხარე კიდევ უფრო განავითაროს, ცოდვითი მიდრეკილებები კი დათრგუნოს და თანდათანობით ჩამოიცილოს. ქრისტიანთათვის დედამიწა არ არის სამოთხე; ეს არის განსაცდელებით სავსე ადგილი და მთავარია, ჩვენ სწორი პასუხი გავცეთ ყოველდღიურ გამოწვევებს.
შეგვიძლია სხვისი სიხარულის გაზიარება, ან გასაჭირში თანადგომა?! შეგვწევს უნარი შენდობისა?! ვართ მშვიდნი თუ შურით სავსენი?! ადამიანის მოყვარულნი თუ მხოლოდ საკუთარი თავისთვის მზრუნველნი?! საერთოდ, სამოთხეც და ჯოჯოხეთიც ნებისმიერი ადამიანისათვის აქ, ამქვეყნად, იწყება.
ამ რეალობის წინაშე დგას კაცობრიობაც და თითოეული ჩვენგანიც უკვე 2000 წელია. ყოველივე ამის გათვალისწინებით არის, რომ ეკლესია ასე ხშირად მოუწოდებს საზოგადოებას ზნეობის დასაცავად და ქრისტიანული გზით სვლისაკენ. განა შეიძლება გულგრილი ვიყოთ მაშინ, როდესაც ხდება ქრისტეს სწავლების უგულებელყოფა, ავხორცობისა და ძალადობის პროპაგანდა და, საერთოდ, ხალხის სულიერი დეგრადირებისათვის ხელშეწყობა; ამის მოქმედნი, ალბათ, ვერ აცნობიერებენ, რომ თავსაც იღუპავენ და ათასობით ადამიანსაც დიდ ცოდვაში აგდებენ. კიდევ ერთხელ შევახსენებთ მათ მაცხოვრის მკაცრ გაფრთხილებას: "ვინც ღვთისგანაა, ღვთის სიტყვებს ისმენს, თქვენ იმიტომ არ ისმენთ, რომ ღვთისაგან არა ხართ... " (ინ. 8.47).
განსაკუთრებით მინდა მივმართო ახალგაზრდებს, რომ კარგად გააცნობიერონ თავიანთი პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, ღვთისა და სამშობლოს წინაშე. ჩემო საყვარელო შვილო, ჩაიხედე შენს სულში და გაარკვიე, რა გზით მიდიხარ, ვისი ნების აღმსრულებელი ხარ და ვის ძედ გსურს რომ იწოდებოდე? ეს უმნიშვნელოვანესი კითხვაა, რომელსაც პასუხი აუცილებლად უნდა გასცე; არა აქვს მნიშვნელობა სასულიერო პირი ხარ თუ საერო, ქართველი თუ არაქართველი, ხალხისგან პატივდებული თუ საზოგადოებისგან მიტოვებული. უნდა იცოდე ისიც, რომ ნებისმიერ პიროვნებას აქვს შესაძლებლობა, განეშოროს ცოდვას და, ყველაზე დაცემულ მდგომარეობაში მყოფმაც კი, მთლიანად შეცვალოს თავისი ცხოვრება, ხოლო უფლის ნებასთან თავისი ნების შეერთებით (სინერგიით) მოიპოვოს ჭეშმარიტი თავისუფლება და ღვთის დიდი წყალობა. ქრისტესთან ყოფნის სიხარული იმდენად ყოვლისმომცველი და ენით აღუწერელი გრძნობაა, რომ მას ვერავითარი მიწიერი განცდა ვერ შეედრება. ეს იმდენად დიდი ნეტარებაა, რომ იგი ვერ დაითრგუნება ვერანაირი სულიერი თუ ფიზიკური ტკივილით.
ნუთუ ბოროტმა უნდა გვძლიოს და ამ ზეციურ მადლსა და გამოუთქმელ წყალობას განგვაშოროს? ნუთუ ისე უნდა განვვლოთ ეს ცხოვრება, რომ ვერ ვიგრძნოთ ნამდვილი ბედნიერებისა და თავისუფლების სიხარული? ნუ იყოფინ! წმიდა მოციქული ბრძანებს, რომ რწმენა საქმის გარეშე მკვდარია (იაკ. 2.26), ამიტომ მსურს თქვენი ყურადღება ორ უპირველეს ქრისტიანულ სათნოებაზე შევაჩერო; ეს არის პატიმართა შეწევნა და სნეულთა მიხედვა.
სახარებაში უფალი თავის თავს ადარებს როგორც პატიმარს, ისე სნეულს და ამბობს: "სნეული ვიყავი და მომხედეთ, საპყრობილეში ვიყავი და მოხვედით ჩემს სანახავად,... რადგან, რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ" (მთ. 25. 36,40).
ამიტომაც იყო, რომ რამდენიმე წლის წინ ლოცვა-კურთხევა მივეცი მრევლს, კვირაში ერთი დღე მაინც (მაგ. შაბათი) გამოეყოთ ამ სათნო საქმეთა აღსასრულებლად და ეს კურთხევა მინდა ისევ ყველას შეგახსენოთ (ხოლო, ვისაც ამის გაკეთება არ შეუძლია, ილოცონ მათთვის).
ხელისუფლებას კი ვთხოვ, შექმნან ისეთი სისტემა, სადაც უფრო მეტად იქნება დაცული პატიმართა და სნეულთა უფლებები.
ვფიქრობ, სასწრაფო და გადაუდებელი მკურნალობა უნდა დაფინანსდეს სახელმწიფოს მიერ, რომ ადამიანი უსახსრობის გამო არ გარდაიცვალოს და ექიმებსაც და სახელმწიფოსაც ღვთის წინაშე მორალური პასუხისმგებლობა ამაზე არ დაეკისროს.
ამასთან, კარგი იქნება თუ სადაზღვევო-სამედიცინო სისტემაზე გადასვლის პროცედურასთან დაკავშირებით საზოგადოების ფართო მასები უფრო მეტად იქნებიან ინფორმირებულნი (განსაკუთრებით სოფლებში მცხოვრებნი), რათა მათ სრულად ისარგებლონ ამ სიახლით.
ძალიან მნიშვნელოვანია პატიმრების თემა;
მათ შორის ბევრია გაჭირვების გამო შედარებით მცირე დანაშაულის ჩამდენი, ზოგიერთი კი შემთხვევით ან სხვისი მიზეზით იმყოფება ციხეში. მიმაჩნია, რომ ასეთი კატეგორიის პატიმრები განსხვავებულ მიდგომას საჭიროებენ და მათი გათავისუფლება ან მიმაგრების ადგილებზე გადაყვანის პროცესი უნდა დაჩქარდეს.
ასევე ცალკე კატეგორიად უნდა გამოიყოს ავადმყოფი პატიმრებიც, განსაკუთრებით ტუბერკულოზით დასნეულებულნი; მათ ინტენსიური მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ.
საერთოდ, ციხეში მყოფთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება მეუღლესთან ცალკე შეხვედრის შესაძლებლობის მიცემა. დღეს არსებული იზოლაცია, ერთი მხრივ, მიზეზი ხდება ოჯახების დანგრევისა, მეორე მხრივ, კი პატიმარში არაჯანსაღი ფსიქიკური პროცესების განვითარებისა.
ადამიანისათვის სასჯელად ისიც კმარა, რომ მას თავისუფლება აქვს აღკვეთილი; სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ იგი გამოსწორებული, სულიერად და ფიზიკურად ჯანმრთელი დაუბრუნდეს საზოგადოებას.
და ბოლოს, ჩვენთვის ყველაზე აქტუალურ პრობლემას, - ტერიტორიული მთლიანობის საკითხს მინდა მოკლედ შევეხო.
მიმაჩნია, რომ ჩვენისთანა პატარა სახელმწიფოსთვის საგარეო პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი მეზობლებთან ურთიერთობაში, მთავარი იარაღი დიპლომატია და პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა უნდა იყოს.
ასევე საჭიროა პირდაპირი დიალოგის დაწყება აფხაზებთან და ოსებთან, რათა აღდგეს ჩვენს ხალხებს შორის ნდობა. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ მიმდინარეობს მსოფლიო გლობალიზაციის პროცესი და ერთად ცხოვრება ჩვენ მაინც აუცილებლად მოგვიწევს. არ ვიცი, ეს მათთვის რამდენად მისაღებია, მაგრამ მათი გადარჩენის გარანტია სწორედ ამაშია.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ აღნიშნული კონფლიქტი საერთაშორისო ძალთა დაპირისპირების შედეგია, ბუნებრივია, მათ გარეშე ამ პრობლემის მოგვარება გაჭირდება; მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ერთიანობის საპირწონე სხვა ღირებულებები არ არსებობს.
მე ყოველთვის იმედით ვარ აღვსილი და მჯერა, ადრე თუ გვიან საქართველო გაერთიანდება; მჯერა იმისაც, რომ მიწიერი გაგებით როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ჩვენი მდგომარეობა, უფლისათვის შეუძლებელი არაფერია. მთავარია, ვეძიებდეთ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს და ყოველივე მოგვეცემა. მაშ, შევთხოვოთ მაცხოვარს, ჯოჯოხეთის მსგავსად შემუსროს ჩვენს გულში არსებული ცოდვისა და ვნების სამეფოც, რათა ღვთის მადლით განწმენდილნი ვიქცეთ ტაძრად სულისა წმინდისა და შევძლოთ სწორედ აქ, ჩვენს გულში, განვამზადოთ ახალი საკურთხეველი და ახალი სამეფო ტახტი ჩვენთვის ჯვარცმული და აღდგომილი იესოსთვის.

ქრისტე აღდგა!

ჭეშმარიტად აღდგა!

მაშ, "გარდაიქეცინ გლოვაი თქვენი სიხარულად და მწუხარებაი იგი მხიარულებად" ამინ!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
აღდგომა ქრისტესი
თბილისი, 2010 წელი ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო

image
image თემა: აღდგომა
ავტორი: ილია II

სააღდგომო ეპისტოლე - 2002

სიხარული კეთილშობილებისა და სუფთა სინდისის შედეგია

ღვთივკურთხეული საქართველოს ღვთისმოყვარე შვილებს:


"აღსრულდა. მე ვარ ანი და ჰოე, დასაბამი და დასასრული. და მივცემ მწყურვალს სიცოცხლის წყალს წყაროსგან უსასყიდლოდ. მძლეველი დაიმკვიდრებს ყოველს, და ვიქნები მისი ღმერთი, და ის იქნება ჩემი ძე" (გამც. 21,6-7).
ქრისტეს მიერ საყვარელნო ყოვლადუსამღვდელოესო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ყოველნო ღვთივდაცულნო შვილნო საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიისა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიის მკვიდრნო და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,
ქრისტე აღდგა!
ეს სიტყვები ჰიმნია უკვდავებისა, ჰიმნი ქრისტეს დიადი გამარჯვებისა, რომელიც ყველას საოცარი იმედითა და სიხარულით აღგვავსებს და ჩვენც, მოციქულ პავლესთან ერთად ვხმობთ: "სიკვდილო! სადა არს საწერტელი შენი? ჯოჯოხეთო! სადა არს ძლევაი შენი?" (I კორ. 15,55).
სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას სათავე იესო ქრისტეს ჯვარცმით დაედო. თუ გვსურს, ამ გამარჯვების თანაზიარნი გავხდეთ, სიკვდილ-სიცოცხლის საიდულმოს უნდა ჩავსწვდეთ და გავაცნობიეროთ, რომ აღდგომა ქრისტესი გულისხმობს თითოეული ჩვენგანის, ზოგადად ყველა იმ ადამიანის აღდგომასაც, ვინც იცავს უფლის მცნებებს და მისი მადლითაა აღვსილი, ანუ ვინც ქრისტეში ცხოვრობს.
აი, რას წერს წმიდა იოანე ღვთისმეტყველი მაცხოვრის მიერ მონიჭებული მარადიული სოცოცხლის შესახებ: "მის თანა ცხორებაი იყო და ცხორებაი იგი იყო ნათელ კაცთა" (1,4), "და სიცოცხლე ცხად იქმნა, და ჩვენ ვიხილეთ და ვმოწმობთ, და გაუწყებთ თქვენ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც იყო მამისა თანა და გამოგვეცხადა ჩვენ" (I ინ.1,2).
ქრისტე აღდგა!
ეს საოცარი ზეიმი ემპირიული აზროვნებისათვის მიუწვდომელია, ამიტომაც იყო, რომ როცა აღმდგარი უფალი გამოეცხადა მარიამ მაგდალინელს, თავდაპირველად მანაც ვერ იცნო იგი (ინ. 21,4), ვერც ტიბერიის ზღვასთან მდგარი იესო შეიცნეს მისმა მოწაფეებმა.
აღდგომის საიდუმლოს აღქმა მხოლოდ ეკლესიაში და ეკლესიის საშუალებით ხდება. კარგად ამბობს ერთ-ერთი ცნობილი სასულიერო პირი: "ეკლესია არის ჩვენი ზიარების საშუალება აღდგომილი ღმერთის ცხოვრებასთან".
დიახ, მხოლოდ ეკლესიაში შეიძლება მოვიპოვოთ უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი მადლი სულისა წმიდისა; იგი მხოლოდ ეკლესიური მოღვაწეობით და ლოცვით მოგვეცემა, რადგან სულიერი ჭვრეტის უნარი სულიერი ცხოვრებით მიიღწევა და მაშინ აღსრულდება უფლის სიტყვები: "ითხოვდით, და მოგეცეს თქვენ; ეძიებდეთ, და ჰპოვოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ" (მთ. 7,7).
ხშირად ასეც ხდება, რომ ჩვენ ვთხოვთ ღმერთს სულიწმიდის მადლს, მაგრამ კარგად არც კი ვიცით, რას ნიშნავს ეს. მოციქული პავლე გალატელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: "ხოლო ნაყოფი სულისაი არს: სიყუარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, თვინიერება, თავშეკავება" (გალ. 5,22-23) და ამატებს: "თუ სულით ვცხოვრობთ, სულსვე უნდა მივსდევდეთ, ნუ ვიქნებით მედიდურნი, ერთმანეთის გამომწვევნი, ერთმანეთის მოშურნენი" (5,25-26).
მოციქული პავლე ზემოთ ხსენებული ცხრა სათნოების ჩამოთვლით წარმოაჩენს, თუ როგორი უნდა იყოს სულიწმიდის მადლით მოსილი მორწმუნის შინაგანი სამყარო, როგორი უნდა იყოს მისი დამოკიდებულება ღვთისა და მოყვასისადმი. აი, ამ თვისებების მატარებელი პიროვნება არის ახალი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ქრიტეში და ქრისტეც მყოფობს მასში.
დღეს ჩვენი ხალხის რელიგიური გამოღვიძებისა და ეროვნული ღირებულებების აღორძინების საინტერესო და ამავე დროს მეტად რთული პროცესი მიმდინარეობს. შეიძლება კი წარმოდგენა საქართველოსი და ქართველი ხალხისა ჩვენი სარწმუნოებისა და ურთიერთობების, ჩვენი ტრადიციებისა და ოჯახური ყოფის გარეშე?! როგორი იქნებოდა ჩვენი ქვეყანა, რომ არ ჰყოლოდა მას ისეთი თავდადებული, ერთგული და ძლიერი დამცველნი, როგორებიც იყვნენ: წმიდა მეფე მირიანი და ნანა დედოფალი, ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, მეფე თამარი, არჩილ და ლუარსაბი, დიმიტრი თავდადებული, ქეთევან დედოფალი, და ათასობით და ათიათასობით სხვა მოწამე, რომელთაც თავი დადეს მამულისა და რწმენისათვის.
საუკუნეთა მანძილზე ქართველი დედა შვილს გმირად ზრდიდა, მამულისადმი თვადადების სულისკვეთებას უღვივებდა. სწორედ ქართველი ქალის დამსახურებაა, რომ ჩვენს წინაპრებს მტკიცე სარწმუნოება და თავგანწირული სიყვარული ჰქონდათ; რომ არა ასეთი დამოკიდებულება, დღეს ჩვენი ქვეყანა და ხალხი აღარ იარსებებდა. სწორედ ის ცხრა სათნოება, რომელთა შესახებაც ბრძანებს წმიდა მოციქული პავლე, იყო მთავარი ორიენტირი ჩვენი დიდებული წინაპრებისათვის. იგი ჩვენი და ჩვენი შვილების ცხოვრების საფუძვლადაც უნდა იქცეს, რაც კვლავ ქართველი ქალის მიერ უნდა განხორციელდეს, მისი ძალისხმევით ქრისტიანობის მტკიცე საძირკველზე უნდა გაერთიანდეს ეკლესიაც, სკოლაც და ოჯახიც.
ამიტომაც მინდა ამ საკითხზე განსაკუთრებულად შევჩერდე.
უპირველეს სათნოებად მოციქული სიყვარულს მიიჩნევს და კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში მას ასე ახასიათებს: "სიყვარული სულგრძელია და ტკბილი; სიყვარულს არ შურს; სიყვარული არ ქედმაღლობს, არ ზვაობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ განიზრახავს ბოროტს; არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იფარავს, ყველაფერი სწამს, ყველაფერი იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასდროს განქარდება" (I კორ. 13,4-8).
ეს საოცარი სიტყვები თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაითავისოს და თავისი ცხოვრების წესად აქციოს.
სიყვარული გადამრჩენელია და მარადიული, ამასთან იგი სათავეა სიხარულისა, რომელიც ასე აკლია თანამედროვე კაცობრიობას. ჭეშმარიტი სიხარულის განცდა შეუძლია მხოლოდ მას, ვისაც ჭეშმარიტად უყვარს.
სიხარული მეორე სიკეთეა სიყვარულის შემდეგ. სულიერი სიხარული არ შეიძლება იყოს ცოდვით სავსე ყოფის შედეგი, არამედ იგი ნაყოფია ღვთივსათნო, წმიდა ცხოვრებისა. იგი საერთოდ არ არის ყოფით კეთილდღეობასთან დაკავშირებული. მას ხელოვნურად, საკუთარი სურვილით ვერ გამოიწვევ. ის ბუნებრივი მდგომარეობაა სულიწმინდით გაცისკროვნებული გულისა. ამიტომაც წერს წმიდა იოანე ოქროპირი: "ვერც ძალაუფლების სიდიადე, ვერც ფულის სიმრავლე, ვერც ძლიერება, ვერც ჯანმრთელობა, ვერც უხვი სუფრა, ვერც შესანიშნავი სამოსელი და ვერც სხვა ადამიანური უპირატესობანი გვანიჭებენ ნამდვილ სიხარულს; იგი შედეგია სულიერი კეთილშობილებისა და სუფთა სინდისისა".
სულიერი კეთილშობილება და წმიდა სინდისი ანიჭებს პიროვნებას ერთ-ერთ ყველაზე დიდ ადამიანურ ღირსებას – უშურველობას და სხვისი სიხარულითა და ბედნიერებით გახარების უნარს.
სულიწმიდის მადლთა შორის მესამე ადგილი მშვიდობას უკავია.
მშვიდობა ყველსათვის სასურველია, მაგრამ მისი მიღწევა არ არის იოლი. ჩვენს გარშემოც და ჩვენს სულშიც მშვიდობა რომ სუფევდეს, მშვიდობისმოყვარე გული უნდა გვქონდეს, ეს კი წყალობაა ღვთისა და ამ მადლს მხოლოდ ის მოიპოვებს, ვინც ვნებებს დაძლევს. ბედნიერია ოჯახი, სადაც ღვთივკურთხეული მშვიდობით დაჯილდოვებული ადამიანები ცხოვრობენ. ისინი სხვებისაგან ფარულად, შეუმჩნევლად თესენ სიკეთეს და დამაწყნარებლად მოქმედებენ გარშემომყოფებზეც და, საერთოდ, საზოგადოებაზეც. მშვიდობას იმდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომ მშვიდობისმყოფელთ უფალი ძეებად ღვთისად მოიხსენიებს.
მეოთხე ადგილზე მოციქული პავლე მოთმინებას აყენებს.
სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების წარმომადგენელთა უმრავლესობას არათუ დიდი, არამედ მცირეოდენი მოთმინების უნარიც კი აღარ შესწევს. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ყოფა სამოთხედ არასოდეს იქცევა, რადგან, როგორც წმიდა იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს: "ყოველი სოფელი ბოროტსა ზედა დგას" (I ინ. 5,19); ამ ქვეყნად პრობლემები არ დაილევა, რადგან ბოროტება ებრძვის სიკეთეს და ამ ბრძოლის მთავარი ობიექტი არის ადამიანი. დედამიწაზე განსაცდელისა და ტკივილის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია; წარმოუდგენელია პიროვნება, რომელსაც არ მოუწევს დემონებისაგან წაქეზებული ავი და გაბოროტებული ადამიანების თავდასხმებთან გამკლავება. აი, ამ დროს აუცილებელია, გამოიჩინოთ კეთილგონიერება და მოუხმოთ მოთმინებას, რომ არ მიაგოთ ბოროტი ბოროტისა წილ. თქვენი მოთმინების მტკიცე კედელი აისხლეტს დემონის ისრებს, დაგიცავთ და დაგიფარავთ სულიერი დაცემისაგან. სოლომონ ბრძენიც ასე გვარიგებს: "დამთმენი კაცი გონიერია, ის კი, ვინც ადვილად ღიზიანდება, სიბრიყვეს ავლენს" (იგავ. 14,29). მოთმინებასთან ერთად აუცილებელია, რომ ავისმოსურნე ან თქვენზე ავისმთქმელი ადამიანი კი არ გძულდეთ, არამედ გებრალებოდეთ, როგორც ეშმაკის ცდუნების მსხვერპლი და მისთვის ილოცოთ.
მოთმინება ერთგული რაინდივით იცავს მშვიდობას, სიხარულსა და სიყვარულს და თავადაც უხვად საზრდოობს ამ მადლთაგან.
მაშ, თუ გსურთ, გაიმარჯვოთ, - მოითმინეთ, რადგან ვინც დაითმენს, ნამდვილად დიდ წარმატებას ის მიაღწევს ბოლოს.
პავლე მოციქული სრულყოფილების კიბის მეხუთე საფეხურზე სიკეთეს აყენებს. სიკეთე სულიერი სიმდიდრის სათავიდან მომდინარეობს და კრძალულებით არის შემკული.
კეთილ ადამიანს ყოველთვის კარგი განწყობა აქვს და მოწყალეა სხვათა მიმართ. მისთვის ახლობლებთან თუ უცხო პირებთან შეხვედრა სიხარულის მომტანია. იმერეთის ეპისკოპოსი წმიდა გაბრიელი (ქიქოძე) მთელი წლის განმავლობაში ყველას ასე ესალმებოდა: "ქრისტე აღდგა", რადგან ყოველი შეხვედრა პასექის სიხარულს ანიჭებდა. ასეთი განწყობა არ მოდის გონებიდან, იგი გულის თვისებაა.
მოწყალება არის სულიერი კიბის შემდგომი საფეხური. გულმოწყალება ცხონებისაკენ მიმავალი ყველაზე სწორი და უმოკლესი გზაა. იგი გულისხმობს თანალმობას, თანადგომას, სხვის დასახმარებლად საკუთარი თავის დაუზოგაობას, და საერთოდ, ცხოვრებას მოყვასისათვის. ამიტომაც ბრძანებს უფალი, რომ საშინელი სამსჯავროს დროს მოწყალენი შეწყალებულნი იქნებიან და ცათა სასუფეველს დაიმკვიდრებენ.
იოანე მოწყალის ცხოვრება ისევე, როგორც მრავალი სხვა წმინდანისა, საუკეთესო მაგალითია გულმოწყალებისა.
მოწყალების შემდეგ პავლე მოციქული რწმენაზე საუბრობს. რწმენა მხოლოდ ღვთის არსებობაში დარწმუნებას კი არ ნიშნავს, არამედ უპირველესად ცხოვრებას ღმერთში და მისი წყალობის სასოებას გულისხმობს. იგია ერთგულება და მორჩილება ღვთის ნებისადმი. "რწმენა, - წერს წმიდა იოანე ოქროპირი, - დედაა ყოველი სიკეთისა, იგია წამალი გადარჩენისა". იოანე კიბისაღმწერელი კი ასე გვაფრთხილებს: "ვინც ჭეშმარიტი რწმენის გარეშე იქმს კეთილ საქმეთ, მსგავსია კაცისა, რომელიც წყალს გატეხილ ჭურჭელში ასხამს". ამიტომაც გადარჩენა და ცხონება შეუძლებელია გარეშე ჭეშმარიტი სარწმუნოებისა, რადგან სხვა გზა სულიწმიდის ნიჭთა მოსახვეჭად არ არსებობს.
რწმენას მოსდევს სიმშვიდე, თვინიერება. მშვიდთა შესახებ ამბობს მაცხოვარი: "მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა". სიმშვიდე გულისხმობს თავმდაბლობას, რადგან სწორედ თავმდაბლობა გამორიცხავს ყოველგვარ გაღიზიანებას და მრისხანებას, ანუ მიზეზს შფოთისა. მოსე წინასწარმეტყველმა ღვთის უდიდესი მადლი იმიტომ მოიპოვა, რომ იგი იყო ყველაზე მშვიდი და თავმდაბალი დედამიწაზე იმ დროს მცხოვრებ ადამიანთა შორის.
მეცხრე სათნოება არის თავშეკავება.
თავშეკავებულობა ახასიათებდა ყველა დიდ და ბრძენ ადამიანს. თავშეკავება – გონიერებაა, იგი გემოთმოყვარებაზე, ვნებებსა და სხვა ცოდვით მიდრეკილებებზე უარის თქმაა. იგია ბრძოლა საკუთარ თავთან.
დღეს ჩვენ განსაკუთრებით გვმართებს ამ უნარის გამომუშავებაზე ზრუნვა, რადგან მთელი მსოფლიო ზნეობრივმა დაცემამ მოიცვა და იგი, ვითარცა ჭაობი, ყველას თავის გახრწნილ წიაღში ითრევს.
XX საუკუნემ მატერიალურ-ტექნიკური მიღწევებით, მსოფლიო ომებით, ლოკალური კონფლიქტებით, ახალი გადანაწილების სურვილებითა თუ სხვა პრობლემებით ადამიანებში პესიმიზმი და ხვალინდელი დღისადმი შიში დანერგა.
მსოფლიოში რომ ამჟამად დიდი გარდატეხის პროცესი მიმდინარეობს, ყველამ ვიცით. ყველამ ვიცით, აგრეთვე, რომ გუშინდელი დღე ხვალ არ განმეორდება და ხვალინდელი დღე არც დღევანდელს აღარ გაიმეორებს.
დიახ, დრო იცვლება და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად, ამიტომ, ეკლესიამ უნდა გაითვალისწინოს ის სულიერი და მატერიალური პრობლემები, რომელთაც ახალი ცხოვრება გვთავაზობს და, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს იმისათვის, რომ მიმდინარე პროცესებს შესაძლებლობისამებრ მომზადებული შეხვდეს, რათა თაობა არ დამახინჯდეს.
ჩვენი ყოფის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი მოვლენაა ცენტრალიზებული, წინასწარ დაგეგმილი ეკონომიკის შეცვლა თავისუფალი საბაზრო ცხოვრების წესით. ტოტალიტარულ რეჟიმს შეჩვეული ხალხი, სამწუხაროდ, ადვილად ვერ უღებს ალღოს დროის მოთხოვნილებებს და დაბნეული სასოწარკვეთილებაში ვარდება.
აუცილებელია ანალიტიკური აზროვნება, ახალი იდეები, გონიერი, შორსმჭვრეტელი ადამიანები, რათა ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი რისკიც და მსხვერპლიც მაქსიმალურად შემცირდეს. ამისათვის კი, როგორც ნობელის პრემიის ლაურეატი, ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი მილტონ ფრიდმანი წერს, სახელმწიფომ ნელ-ნელა უნდა დაიწყოს მისი აპარატის როლისა და გავლენის შემცირება. ისეთ პერიოდში კი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ამჟამად გადის, ეკონომიკის 50% მაინც (განსაკუთრებით სტრატეგიულ ობიექტებს) სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს, ნახევარს კი საბაზრო ურთიერთობები. ამასთან, აუცილებელია წვრილი და საშუალო ბიზნესისათვის ხელშეწყობა. ჩვენთან კი ბევრი რამ არასწორად კეთდება. თავისუფალი ბაზარი ევროპაში საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბდა; საქართველოში კი ყველაფერი რამდენიმე წელში გვინდა შევცვალოთ. ვფიქრობ, დაჩქარებული ტემპები სერიოზული შეცდომების მიზეზი ხდება, რაც ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი ჩვენი საზოგადოების ყოფას კიდევ უფრო ამძიმებს.
იმის საშიშროებაც აშკარაა, რომ მთავარი ყურადღება მიპყრობილია ტექნიკური, ეკონომიკური და ფინანსური ეფექტების მიღწევაზე, ურთიერთობის ზნეობრივი მხარე კი სრულიად დავიწყებულია. უფრო მეტიც, ლამის იძულებით ხდება ზნეობრიობის გადაგვარება, ეს კი სულიერი და ფიზიკური განადგურების რეალურ საფრთხეს ქმნის.
ღმერთი ნამდვილად არ გვაპატიებს თავაშვებული ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ეს ყველამ უნდა გაითავისოს.
სამწუხაროა, რომ ტელევიზია და მასობრივი ინფორმაციის საშუალებანიც, ყოველგვარი მორიდების გარეშე აჩვევენ საზოგადოებას სულიერი დაცემის გამაოგნებელ სცენებს, ძალადობასა და საზარელ მკვლელობებს და ამით ანგრევენ ჩვენში ღვთის მიერ დადგენილ ზღუდეებს.
ზოგიერთები ამას უკომპლექსობის დამკვიდრებას უწოდებენ, რაც, მარტივად რომ ვთქვათ, უგუნურებაა. ასეთი სახით შემოთავაზებული ჭუჭყი ქვეცნობიერად ილექება ადამიანის, განსაკუთრებით მოზარდებისა და ახლაგაზრდების ფსიქიკაში და შემდეგ საკუთარ ცხოვრებაში, ვითარების შესაბამისად, თავადაც ეფლობიან მასში. ჩვენ თვალწინ, ჩვენს მიერ ყალიბდება სულიერად დამახინჯებული ცხოვრებისა და აზროვნების წესი, პასუხისმგებლობას კი არავინ გრძნობს. მასმედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ თქვან, რომ თუ ისინი არ აჩვენებენ მსგავს ფილმებს და გადაცემებს, არ დაწერენ და არ გააშუქებენ ასეთ თემებს, სხვა ქვეყნების ტელევიზიები და საინფორმაციო საშუალებანი ამას მაინც გააკეთებენ (უცხო ქვეყნების გადაცემები კი მრავალთათვის ხელმისაწვდომია). ამაში სიმართლე არის, მაგრამ სიმართლეა ისიც, რომ არ შეიძლება ჩვენი მოსახლეობა ყველა პრობლემის, სულიერისა თუ მატერიალურის წინაშე, ერთბაშად დავაყენოთ, რაც დეპრესიას, ორიენტაციის დაკარგვასა და აზროვნების გადაგვარებას იწვევს.
და თუ მაინც მხოლოდ ასეთი პროდუქციის მოხმარება გვსურს, იგი ხალხს ქრისტიანული ზნეობიდან გამომდინარე სულ სხვა კომენტარებითა და სხვა ფსიქოლოგიური კუთხით მაინც უნდა მივაწოდოთ. ამის გაკეთება კი ნამდვილად არ არის ძნელი.
ფაქტი ერთია, რომ ჩვენი ახალგაზრდობა სრულიად მოუმზადებელი შეხვდა "თავისუფლებას", იმ აღვირახსნილი და თავაშვებული ცხოვრების წესს, რომლის წინაშეც ასე მოულოდნელად აღმოჩნდა. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ ბევრმა ვერ გაუძლოს ცდუნებას და ავხორც ვნებებსა და ცხოველურ ინსტინქტებს დაემონოს.
ასეთნი შიშის, ჰალუცინაციების, სრული სულიერი გამოფიტვისა და მსხვრევისათვის არიან განწირულნი. ადრე თუ გვიან, თვითონაც აუცილებლად მიხვდებიან, რომ მოლიპული გზით მიექანებიან, მთავარია, თვითგამორკვევის პროცესი არ გაუჭიანურდეთ.
შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი, უპირველს ყოვლისა, თავად ახალგაზრდებმა უნდა მოძებნონ და თვითონ უნდა მოინდომონ ჭეშმარიტების გზით სვლა.
მჯერა, ისინი გააცნობიერებენ, თუ რა დიდი სულიერი ბრძოლა აქვთ გადასატანი. ჩვენ დიდგორის ველი გველის. თითოეულმა ჩვენგანმა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობამ, უნდა შეძლოს დავითობა, ოღონდ მათ თავდაპირველად უნდა სძლიონ ცოდვათა შორის უპირველესს – ამპარტავნებას, ყალბ წარმოდგენას, თითქოს ისინი უფროს თაობასთან შედარებით უფრო განათლებულნი, მრავლის მცოდნენი და გონიერნი არიან.
მართალია, თაობათა შორის წინააღმდეგობა ყოველთვის იყო და კვლავაც იქნება, მაგრამ იგი არ უნდა გადაიზარდოს უგულებელყოფასა და გაუცხოებაში. ახალგაზრდებს მეტი დაფიქრება და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ჰმართებთ: მათ უნდა იცოდნენ, რომ ტელევიზიით, ინტერნეტით, მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით მიღებული ცოდნა ზედაპირულია, სიღრმე აკლია და იგი ასეთსავე ადამიანებს აყალიბებს. ძველი თაობა კი, მიუხედავად მრავალი ნაკლისა, უფრო წინდახედული იყო და უფრო ღრმად აზროვნებდა.
დიდი ჩინელი ფილოსოფოსის, კონფუცის მიერ შემოთავაზებული მაგალითი მინდა შეგახსენოთ: ერთხელ იგი თავის მოწაფეებთან ერთად სეირნობდა. მან შეამჩნია კაცი, რომელიც ჩიტებს იჭერდა; მიუახლოვდა მას და ჩიტებით სავსე მისი გალია დაათვალიერა. აღმოჩნდა, რომ იქ მხოლოდ ბარტყები იყვნენ. დიდები სადღა არიან? – იკითხა კონფუციმ. კაცმა უპასუხა: "დიდები გონიერნი არიან და ფრთხილნი. ვიდრე დაგებულ მახეს მიუახლოვდებიან, გულდასმით სწავლობენ გარშემო ყველაფერს და თუ რაიმე საეჭვოს შეამჩნევენ, მაშინვე მიფრინავენ და ბარტყებიც თან მიჰყავთ: კაკანათში მხოლოდ უფროსთაგან განცალკევებული პატარები ებმებიან".
"გესმით, - უთხრა ფილოსოფოსმა მოწაფეებს, - ჩიტების დამჭერმა რა სიბრძნე გვითხრა!"
ესაა ჭეშმარიტება, რომელიც ყველაგან, ყოველთვის და ყველასათვის გასათვალისწინებელია. უფლის მეხუთე მცნებაც გვაფრთხილებს: "პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა", რაც გულისხმობს არა მარტო მშობლების, არამედ საერთოდ უფროსი თაობის პატივისცემას. ამ ტრადიციას ჩვენი ხალხი ყოველთვის იცავდა და იგი მომავალმა თაობამაც უნდა გააგრძელოს.
თავის მხრივ, მამებმაც მეტი ლობიერება უნდა გამოიჩინონ შვილებისადმი, რადგან მათ ჩვენთან შედარებით კიდევ უფრო რთულ დროს მოუხდათ ცხოვრების ასპარეზზე გამოსვლა და გაცილებით მეტი პრობლემები და სიძნელეები აქვთ დასაძლევი.
თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს.
არ შემიძლია ორიოდე სიტყვით კვლავ არ შევეხო ნარკომანიის პრობლემასაც. ისინი, რომლებიც ამ საწამლავს მიეჩვივნენ, ჩვენი ავადმყოფი შვილები არიან, რომელთაც ამ საშინელი სენისაგან თავის დაღწევაში უნდა დავეხმაროთ. ერთხელ კვლავ მივმართავ მათ მამაშვილური სიყვარულით: უწინარესად თქვენ თვითონ უნდა გაგიჩნდეთ სურვილი გადარჩენისა. ამის გარეშე სხვათაგან რაიმე მცდელობას აზრი არა აქვს. იმისათვის კი, რომ ეს სურვილი იყოს მყარი და ბოროტის მხრიდან მრავალ შემოტევას გაუძლოს, ღვთის შემწეობაა აუცილებელი, რაც მხოლოდ ეკლესიური ცხოვრებით მიიღწევა. ლოცვის, აღსარებისა და წმიდა ზიარების გარეშე ზეაღმყვანებელ სულიერ კიბეზე სვლა შეუძლებელია.
ჩვენ გვყავს ბევრი ახალგაზრდა, რომელთაც მოინდომეს და შეძლეს კიდეც თავიანთი წლების განმავლობაში გამრუდებული ყოფის შეცვლა, ცხოვრების ჭეშმარიტი აზრი და მიზანი გააცნობიერეს, ნარკოტიკების მიღებაზე უარი თქვეს და საკუთარ სულში სულ სხვა, მეტად საინტერესო და საოცარი სამყარო აღმოაჩინეს.
ღმერთი იყოს შემწე და აღმადგინებელი ყოველი დაცემულისა.
დაბოლოს, თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო ეკოლოგიასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც. მოსახლეობა ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რამდენად მძიმეა ამ მხრივ შექმნილი სიტუაცია. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ უკანასკნელი 70-80 წლის მანძილზე ჰაერის დაბინძურება 100000-ჯერ გაიზარდა, განადგურდა და კვლავაც ნადგურდება ათასობით ჰექტარი წყლის საფარი, იწამლება წყალი, გაუდაბურდა უზარმაზარი მიწის ფართობები. რამდენად შემაშფოთებელია თუნდაც ის ფაქტი, რომ დედამიწაზე უკვე ყოველ საათში ისპობა ცოცხალ არსებათა ორი სახეობა, რაც გლობალური სისტემური კრიზისის მაჩვენებელია. თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, იზრუნოს მის ირგვლივ არსებულ გარემოზე. ეს ზრუნვაა ჩვენი და ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის.
მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს საპატრიარქოსთან ყალიბდება როგორც ეკოლოგიისა და გამწვანების დეპარტამენტი, ისე ნარკომანთა რეაბილიტაციის (აქამდე არსებულისაგან სრულიად განსხვავებული) ცენტრი. ჩვენი დიდი სურვილია შესაძლებლობისამებრ დავეხმაროთ საზოგადოებასაც და ბუნებასაც და შევქმნათ პირობები არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ არა გვაქვს უფლება როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე მსოფლიოს ხვალინდელ დღეზე პესიმისტური დასკვნები გამოვიტანოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი, რომელსაც შესწევს უნარი დააღწიოს თავი სიბნელის წყვდიადს და აღადგინოს გაწყვეტილი კავშირი ღმერთთან. ყველაფერი მხოლოდ ჩვენზე, ჩვენს არჩევანსა და სურვილზეა დამოკიდებული. რწმენა, გონიერება, სიყვარული და ნებისყოფა იყო და არის ადამიანის ერთადერთი მკურნალი და დამცველი.
"იყავით ბრძენნი, რომ იყოთ ღმერთთან და პასექის ზეიმის სიხარული არასოდეს დაგტოვებთ თქვენ", - ბრძანებს თეოფანე დაყუდებული.
დღეს მსოფლიო არამიწიერ, უჩვეულო სიხარულს მოუცავს. იგი არ ექვემდებარება არც ანალიზს, არც რაიმე განსაზღვრებას. იგია მადლი, რომელიც უხვად იღვრება უფლის კალთიდან და აღავსებს ყოველი მართლმორწმუნის სულს. ამ სიხარულის გარეშე არ არსებობს ქრისტიანობა. იგი ეფინება ეკლესიის სრულ სისავსეს და ყველას მშვიდობითა და სიყვარულით აერთიანებს.
ისინი კი, ვინც ეკლესიის წიაღში არ იმყოფებიან, შორს არიან ჭეშმარიტი მშვიდობისა და სიყვარულის, უფლის მადლისა და სიხარულისაგან. მათთვის ჯოჯოხეთი უკვე ამქვეყნიდანვე იწყება. ამქვეყნიდანვე იწყება ღვთისსათნო ადამიანთა ზეაღსვლა ცისკენ და ეს პროცესი მსგავსია ებრაელთა მოგზაურობისა ეგვიპტიდან აღთქმული მიწისკენ.
დედამიწა ცხოვრების აბობოქრებული ოკეანეა, ეკლესია – ნოეს კიდობანი. მის გარეშე გადარჩენა შეუძლებელია. წმიდა ირინეოს ლიონელი წერს: ეკლესია ამქვეყნიური სამოთხეა. ძველი და ახალი აღთქმის წიგნები კი ამ სამოთხეში გაშენებული სხვადასხვა ხეხილი და ნერგი. მაშ, ვიხმიოთ ნაყოფი საუფლო ბაღისა.
ჩვენო საყვარელნო სულიერნო შვილნო, თუ ხართ ღმერთთან, იქნებით ეკლესიაში, თუ ნამდვილად ხართ ეკლესიის წევრნი, იქნებით აღვსილნი რწმენით, სიყვარულითა და იმედით და მწუხარება თქვენი, განსაცდელი და ტკივილი სიხარულით შეიცვლება. გაიხსენეთ მაცხოვრის სიტყვები: "ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა" (ინ. 16,33).
ქრისტეს აღდგომის მადლით, სიხარულითა და სიყვარულით შეერთდა დღეს ცა და დედამიწა და ჩვენც ანგელოზთა თანა ვუგალობთ უფალს: "წმიდაო, წმიდაო, წმიდაო, უფალო საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა შენითა. ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ოსანა მაღალთა შინა".
ყველას გილოცავთ სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების დიად ზეიმს და გახარებთ მარადიული სიხარულის მომნიჭებელ სიტყვებს:
ქრისტე აღდგა!
უფალმა დალოცოს თითოეული თქვენგანი, დალოცოს ჩვენი ქვეყანა და ხალხი, ყოველი წევრი საქართველოს ეკლესიისა. მოგვმადლოს ერთსულოვნება, მშვიდობა, სიბრძნე და კეთილდღეობა, მოგვანიჭოს ნიჭი სულისა წმიდისა, რათა ჩვენზეც აღსრულდეს წმიდა წერილის ეს სიტყვები: "ნეტარია და წმიდა, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში. მეორე სიკვდილს არა აქვს ხელმწიფება მასზე" (გამც. 20,6). ამინ!
თქვენთვის მლოცველი,
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი.
აღდგომა ქრისტესი,
თბილისი, 2002 წ. სიხარული კეთილშობილებისა და სუფთა სინდისის


ხორციელი და უხილავი ბრძოლის შესახებ

უკვე ვიცით და თან ძალიან კარგად, რომ ჩვენი სულების მონადირემ ყველგან მახეები დააგო, ამიტომ რული ნუ მოგვერევა. ბაზარშიც, მოედანზეც, ოჯახის სიმყუდროვეშიც და თვით ღვთის ეკლესიაშიც კი მრავლადაა დაგებული ღვთისმოშიშების იერით შენიღბული ხაფანგები. მაშ, ვის შეუძლია გადაურჩეს ამ მახეებს და მოატყუოს მათი საშინელი ოსტატი?
დაე, ღირსი მამების დიდმა გამოცდილებამ იტვირთოს მახეთა განადგურება. ისინი გვპასუხობენ, რომ სულიწმიდის მახვილი, რომელიც ძირეულად სპობს ბოროტებას და სრულიად უვნებელყოფს მაცდურის მახეების მოქმედებას, ძირითადად, მხოლოდ სიმდაბლეა – ყოვლისშემძლე სათნოება, რომელიც აგვამაღლებს. ამიტომ ვიშრომოთ, რომ ეს მხსნელი და ეშმაკის გამანადგურებელი სათნოება – სიმდაბლე მოვიპოვოთ!

2. შვილო, როგორც სიხარულის დროს, ისე მწუხარებისას, მუდამ ფრთხილად იყავი; ნურც სიხარულში გადახვალ ზღვარს, რაც ამჩატებასა და სიცილში გამოჩნდება; ნურც მწუხარების დროს მოიღუშები სხვათა დასანახად, რადგან სატანა გულისსიტყვებს ისრებივით გვესვრის, მაგრამ არ შეუძლია გაიგოს, მიაღწიეს თუ არა გულამდე. ის, როგორც ოსტატი, ბოროტი გულისსიტყვით შემოგვიტევს და აკვირდება ჩვენს სახეს, სხეულის ყველა მოძრაობას და ამით ხვდება, თუ რამდენად დაგვაზიანა მისმა ისარმა. თუ დაინახა, რომ სული დაშავდა, უფრო მეტ ისარს დაუშენს მოსაკლავად. მაგრამ თუ გარეგნულად შეამჩნია, რომ სული არ დაჭრილა, ცვლის ბრძოლის ტაქტიკას. ამიტომ დამალე, როცა გიხარია, რომ შენი დაუდევრობით გამჟღავნებული სიხარული რაიმე განსაცდელით არ მოგტაცოს. მწუხარების დროსაც ასე მოიქეცი, რომ დამამწუხრებელი მიზეზის ამოცნობით განსაცდელი არ გაგიმრავლოს. როცა სიხარულშიც და მწუხარებაშიც გაწონასწორებული ხარ, ეშმაკი ზუსტად ვერ ხვდება, რა ხდება შენში და არ იცის, როგორ გებრძოლოს.

3. მახეებს შორის დავდივართ და თუ მათთვის გვერდის ავლა გვინდა, დაუშვებელია მცონარობას მივეცეთ. ფხიზელი თვალი გვქონდეს, მრავალთვალა ქერუბიმებს მივემსგავსოთ, რომ სატანის ვერაგულ განზრახვას დავცინოთ და ღვთაებრივი გულისსიტყვების ფრთებით სულიერ ეთერში აყვანილებმა ზეციერ მეუფეს ჩვენი სულის სიჯანსაღე კეთილსურნელოვანი საკმეველივით მივართვათ. შვილების ჯანმრთელობა მშობლების სიხარულის მიზეზია. ასევეა სახიერი ღმერთი, ჩვენი მამა, რომლის სიხარულიც ჩვენი სულების სიჯანსაღეა.

4. მაკარი დიდს შეხვდა ეშმაკი და ეუბნება: „მაკარი, უდაბნოში მცხოვრები ჩემზე მეტს რას აკეთებ? მეც უდაბნოში ვბინადრობ; შენ მარხულობ, მე კი საერთოდ არ ვჭამ; შენ უპოვარებას ესწრაფვი, მე სულ არაფერი გამაჩნია. ჰოი, მაკარი, ერთი რამ გაქვს, რაც მთრგუნავს, რომელსაც არ შემიძლია წინ აღვუდგე“. – „რა?“ – ეკითხება მაკარი. - „სიმდაბლე! ის მწვავს!“ – და ამის თქმისთანავე გაუჩინარდა.
მოდით, ვიტვირთოთ მცირედი შრომა, რომ შევიძინოთ ეს მხსნელი სათნოება. განუწყვეტლივ ვევედროთ უფალს. მას ყველაფრის მოცემა შეუძლია და ვირწმუნოთ, რომ ამასაც მივიღებთ, როცა ტკივილით, მოთმინებითა და დაჟინებით დავაკაკუნებთ უფლის მოწყალების კარზე; ის იოლად გაიღება, თუკი წმინდა სახარებისეულ მაგალითს უსამართლოდ დაჩაგრული ქვრივის შესახებ გასაღებივით კეთილად გამოვიყენებთ (ლუკ. 18, 1-7).
მოვიცილოთ მცონარობის სიმძიმე და შვლის თვალმახვილობას მივბაძოთ - ყოველი განსაცდელისას დაუყოვნებლივ ღვთისკენ ვისწრაფოთ, უფალს დახმარება ვთხოვოთ, რომ მოწინააღმდეგე გოლიათი ძირს დავცეთ და ვადიდოთ ხელმწიფება მეუფებისა – ხელმწიფება ღვთის მეუფებისა, რომელსაც ვეკუთვნით.

5. ყოველთვის ვითხოვ ღვთისგან, რომ სწორი განსჯის უნარი მოგანიჭოთ. წინასწარ იფიქრეთ, რას იტყვით. ეშმაკის ხრიკები ჯერ არ გამოგიცდიათ. მისი მიზანია, არასოდეს დაგტოვოთ სიმშვიდეში. ხან მარჯვნიდან შემოგიტევთ, ხანაც მარცხნიდან, ხან თქვენი და ხან კი სხვისი საქმეებით დაგაკავებთ, რომ თქვენი სული არ დამშვიდდეს და ვერ შეძლოთ მის სიღრმეში ჩახედვა, სადაც ჯერ კიდევ ბევრი რამაა მოსაცილებელი. საკუთარი თავის გარდა არაფრით დაკავდეთ. სულელებად იქეცით, რომ გონიერები გახდეთ, უვიცნი იყავით, რომ უფალმა თავისი სიბრძნე გამოგიცხადოთ.

6. მამა ეფრემის რჩევები მათთვის, ვინც ძმათა კრებული დააარსა:
ნუ გგონიათ, რომ ეშმაკისთვის შეუმჩნეველი დარჩა, ან სულერთია ის, რომ შეიკრიბა ძმობა, ანუ მის წინააღმდეგ მებრძოლი სიმაგრე აღიმართა. არა, ეს მან კარგად გაიაზრა და როგორც მელა და როგორც მგელი, შეძლებისდაგვარად მზაკვრულად აღიჭურვა. ის შემოვიდა თქვენს ფარეხში და თქვენს სულებს აოხრებს. ნუღარ დატოვებთ მას შიგნით, წამოდექით და სიყვარულით გაერთიანდით. ეს მას დააუძლურებს. გაიხსენეთ, რომ ქრისტესთვის ყველაფერი დატოვეთ, მსხვერპლად შესწირეთ თქვენი ახალგაზრდობა, უარი თქვით ყოველგვარ ამსოფლიურ გართობაზე, რათა ქრისტე მოგეპოვებინათ. შეიბრალეთ თქვენი სულები; იფიქრეთ, რომ ეშმაკი ფხიზლობს და ეძებს ვინ შთანთქას (1 პეტრ. 5, 8); ქვესკნელის ურჩხული ვერ იტანს, როცა ხედავს, როგორ ქელავთ მას და არ ემორჩილებით. შურს და ამიტომ მზაკვარ მელასავით მოიპარება, თქვენში უთანხმოება და განხეთქილება შემოაქვს, რომ თქვენი დაშლა მოახერხოს, შემდეგ კი ცოდვის უფსკრულში გადაგჩეხოთ.

7. უფლის შეწევნის გარეშე რაიმე სიკეთის კეთება შეუძლებელია, ამიტომ დიდი სიმდაბლეა საჭირო, რომ ჩვენი სულების განსვენება ვიპოვოთ.
მზაკვარი ეშმაკი არასოდეს შეწყვეტს ცეცხლოვანი ისრების ტყორცნას და მუდამ შეეცდება ჩვენს განგმირვას, დაპყრობასა და დამორჩილებას. თუმცა ჩვენც გვაქვს მრავალი იარაღი, რომლითაც მას შევმუსრავთ, განსაკუთრებით კი ლოცვა – „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“, რაც სრულიად წვავს მას; ამიტომ ბოროტი ცდილობს შეფარვით გვიმტროს, მაგრამ იესო ქრისტე წმინდა მცნებებით განგვანათლებს მასთან საბრძოლველად.
ეშმაკმა ეს პიროვნება მოგიჩინა, რომ გებრძოლოს, გაიძულოს გადახვიდე ღვთის წმინდა მცნებებს და ამ გზით შენც გავნოს, მაგრამ, რაც მთავარია, ღვთის მცნებების დარღვევით ღმერთი დაამწუხროს და ებრძოლოს მას. და პირიქით, თუ ღვთის სიტყვის დასაცავად ვიბრძვით და თანაც მონდომებით, სულსაც გადავირჩენთ და ღირსნიც გავხდებით, ვიქცეთ ორღანად, რითაც ღმერთი იდიდება: „მე მადიდებელნი ჩემნი ვადიდო (1 მეფ. 2, 30).
ამიტომ, შვილო, იბრძოლე სიყვარულით, მოთმინებით, სიმდაბლით, რომ ღვთის შეწევნით ეშმაკის მახეები უვნებელყო. ალბათ, ღმერთი იმ პიროვნებასაც შენით განანათლებს, რომ შეინანოს. ბოროტებას სიკეთით ებრძოლე.

8. შვილო, მწერ შენს ხორციელ ბრძოლაზე. იცოდე, მისი სათავე ამპარტავნებაა და იმისთვის მოგეცა, რომ დამდაბლდე და ისწავლო – თუკი ღვთის მადლი გვტოვებს, ვეცემით და საცოდავი სანახავები ვხდებით.
მაშ ასე, დამდაბლდი, თავი დაიდანაშაულე, ითხოვე ღვთისმშობლისგან, სიმდაბლის სული მოგმადლოს, რათა გაიგო, შეიგრძნო, რომ ნული ხარ და არარაობა, რადგან იესო ამბობს: „თვინიერ ჩემსა არარაი ძალგიც ყოფად არცა ერთი“ (იოან. 15, 5).
ამ განსაცდელით, რომელიც გეწვია, ისწავლე, რომ ადამიანი ეცემა და თანაც რა დაბლა. მათთვის, ვინც უფრო ამპარტავანია, უარესი დაცემებიც არსებობს. ნუ დარდობ, განსაცდელია და გაივლის. ჩვენი სარგებლისთვის ასე უშვებს ღმერთი, რომ განსაცდელის სიბრძნე ვისწავლოთ. მოითმინე, გამხნევდი, იმედს ნუ დაკარგავ, სიმამაცეს მოუხმე და ყველაფერი გაივლის. ახლა ზღვა ბობოქრობს და მთელ სიბინძურეს, რაც აქამდე დააგროვა, ნაპირზე გამორიყავს!
ნუ დამწუხრდები ზომაზე მეტად, რადგან ეს ეშმაკისგანაა. გადამეტებული მწუხარება უდებებამდე მიგიყვანს და მოგადუნებს. მხოლოდ იბრძოლე და ნუ შეგეშინდება. უგულებელყავი სატანა, უჩვენე, რომ მას არაფრად აგდებ და იგი, როგორც ამპარტავანი, წავა, რადგან შენთან მანამდე რჩება, ვიდრე ანგარიშს უწევ.

9. როცა ხორციელი ბრძოლა გეწყება, ძალიან უფრთხილდი ბილწ წარმოდგენებს. მათგან უწმინდური გულისსიტყვები მომდინარეობს. მოსვლისთანავე გააძევე, დაარღვიე წარმოსახვები, დაუყოვნებლივ თქვი ლოცვა სულიერი ტკივილით და ბრძოლისგან მაშინვე გათავისუფლდები.

10. ნუ ფიქრობ, რომ მოძღვრის შესახებ ასეთი აზრი შენგან მოდის. არა, შვილო, ეს ეშმაკისაა. შენი სული სუფთაა. ეშმაკი უწმინდურია და ჩვენს გონებაში მსგავსი ფიქრები მოაქვს. ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ეს ჩვენი ფიქრებია და ამით დაგვამწუხროს. ამგვარი მწუხარება ეშმაკისგანაა და ამაზე მიანიშნებს უდებება სულიერ მოვალეობათა მიმართ. ღვთისგან რომ ყოფილიყო, ყველაფრის მიმართ გულმოდგინე ვიქნებოდით.
შენი მოძღვარი არ გაგიმწარებია, როგორც შენ გგონია. მოძღვარმა გამოცდილებიდან იცის, რომ ეს ეშმაკისაა და არა შენი. ასე იმიტომ მოგეჩვენა, რომ შეწუხებულიყავი და გულისსიტყვის თქმა ვეღარ გაგებედა. არა, რამდენჯერაც მოვა ასეთი და მსგავსი გულისსიტყვა, იმდენჯერ მიდი და თავისუფლად თქვი; ისინი მაცდურს მოაქვს, რომ შეგვრცხვეს და აღსარებაში არ ვაღიაროთ, შემდეგ კი ერთიანად გადაგვყლაპოს. ფრთხილად იყავი, ნუ დამალავ გულისსიტყვებს, რადგან მახეში გაებმები.

11. ნუ შეშინდები, შვილო, ეს ბრძოლაა და გაივლის. ყველა წმინდანმა იბრძოლა. ისეთ ბრძოლაში ყოფილან, რომ ბრძოლისგან სასოწარკვეთილნი შხამიან გველებს იყვანდნენ და სხეულზე ისვამდნენ, რათა დაეკბინათ და აღსრულებულიყვნენ. მაგრამ ვინაიდან უძლურები ვართ, ჩვენს ძალებზე აღმატებულ ბრძოლას ღმერთი არ დაუშვებს, არამედ შეგვეწევა. უფალი ბრძოლას ჩვენს დასამდაბლებლად უშვებს, რადგან ამპარტავნება გვაქვს. საჭიროზე მეტად ნუ დამწუხრდები, დიდი სიმდაბლით დაემხე ღვთის წინაშე და თავი დაიდანაშაულე; თითოეული ბოროტი გულისსიტყვა მოსვლისთანავე გააძევე და ვიმედოვნებ, ღვთის მადლი ტკივილს დაგიამებს.
ნუ გეშინია, არაფერი შეგემთხვევა; ნუ იქნები მხდალი, გამხნევდი და თავად ნახავ, რომ ყველაფერი გაივლის. ეს ბრძოლა სარგებელს მოგიტანს, ღმერთი კი დიდ მადლს მოგანიჭებს. მხოლოდ ნუ დაფრთხები, თორემ თამაშს წააგებ.

12. დიდი სიფრთხილით უნდა ვატარებდეთ ჩვენი ცხოვრების დღეებს. მზაკვარი ეშმაკი ჩასაფრებულია, რომ სულიერი თვლემის დროს მახეში გაგვაბას და ღვთისა და სინდისის წინაშე დამნაშავეებად გვაქციოს. ჰოი, ღმერთმა გააცამტვეროს იგი, რომ ვერ შეძლოს ჩვენთვის ზიანის მოყენება. თუმცა, ღმერთი სამართლიანია და ადამიანს თავისუფალ ნებას არ ართმევს. ჩვენ ნებაყოფლობით ვემორჩილებით ეშმაკის ბოროტ შთაგონებებს და ვცოდავთ, უპირველესად – მე.

13. ყოვლადსახიერი ღმერთი მეთერთმეტე ჟამსაც მიგვიღებს, საკმარისია მაშინ მაინც გულისხმავყოთ. მაგრამ ჩვენი სულის მზაკვარი მოწინააღმდეგე უმოქმედოდ როდია, მას არაფერი გამოეპარება. იცის, დრო ფასდაუდებელია და ცდილობს ზედმეტი საზრუნავით, ამქვეყნიური სიამითა და შვებით მყარი უმეცრება და დავიწყება წარმოშვას, ამით უკანასკნელ ჟამს სრული სასოწარკვეთა მოგვიტანოს და ასე მოიპოვოს ამ ბიწიერმა ჩვენი უკვდავი სულები, რომელთათვისაც ქრისტე ჯვარს ეცვა!

14. შენი ბრძოლის გამო ნუ დაღონდები. ნუ გეშინია, არამედ გამხნევდი; ეშმაკებს არ შეუძლიათ რაიმე გავნონ. ეს უფლის ხელით ხდება და გულითადი მადლობა შესწირე მას, რადგან ბრძოლა სულიერ თვალს აგიხელს და სწორ გზაზე დაგაყენებს. ძნელად მოსარჩენი ვნებები უმწარესი წამლებით განიკურნება.
ევედრე ღმერთს: „და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა“. ეს ბრძოლა, როგორც აბბა ისააკი ამბობს, ამპარტავნებისგან, თვითკმაყოფილებისა და გულქვაობისგანაა. მათგან განკურნება კი სიმდაბლით, მცდარ აზრთა აღიარებით, სულიერი მოძღვრისადმი მორჩილებითა და რწმენით მიიღწევა.
დამდაბლდი, შვილო, მხოლოდ ეს წამალი გადაგარჩენს. ღმერთმა ეს განსაცდელები შენდამი სიყვარულის გამო გამოგიგზავნა, სურს, რომ შეშინდე, გონს მოეგო, დამდაბლდე და შენდობა ითხოვო. როცა ლოცულობ, მზაკვრებს ცოფი ერევათ. ხედავენ, მათი ბადეების დარღვევას იწყებ და შიშობენ, რომ ხელიდან დაუსხლტები. ამიტომ სურთ დაგაფრთხონ ან სასოწარკვეთილება მოგიტანონ.
ღვთისადმი რწმენით და სასოებით აღიჭურვე. გჯეროდეს, რომ ღვთის ზეგარდამო ბრძანების გარეშე ეშმაკებს არაფერი შეუძლიათ.
იცოდე, რომ თუ ამ ბრძოლაში მოთმინებას გამოიჩენ და ღვთისა და ძმების წინაშე დამდაბლდები, ღმერთი დიდ მადლსა და ნათელს მოგცემს, სულის თვალი აგეხილება და დაინახავ, როგორ სიბნელეში იყავი.
მხნეობა, რომელიც გაქვს და ამ განსაცდელებში შეგეწევა, ღვთის მადლია. მხნეობის, სასოების და რწმენის გარეშე კი ასეთი განსაცდელები დიდი საფრთხეა.
ნურაფრის გეშინია, მთელი შენი სასოება ქრისტეზე დაამყარე; შეუჩერებლად ხმამაღლა იმეორე ლოცვა და ნახავ, როგორ შეწევნას მიიღებ.
გეშინოდეს უფლისა და არა დემონების. ღვთისა გეშინოდეს მისი სასჯელის გამო, რადგან ჩვენი ამპარტავნებისთვის ეპიტიმიის დადგენისას ვის შეუძლია წინ აღუდგეს მას? ამიტომ, სანამ უკეთურება მცირეა, მის განკურნებაზე ვიზრუნოთ, რადგან თუკი გამრავლდება, სხვების დახმარება ვეღარაფერს გიშველის.
მაშ, უფრო მეტად შეიყვარე ღმერთი, რომელმაც შენი სნეულებების წამალი – მოთმინება, სიმდაბლე, მხნეობა გამოგიგზავნა და ეცადე მიიღო იგი.

15. სანამ ამპარტავნების ბოროტი სული გვებრძვის, დაცემა ხშირი იქნება. დაცემა საკუთარი უბადრუკობის შეგნებას შეგვძენს, მაშინ სიმდაბლის ღირსნი გავხდებით და ახლოს იქნება გულით მდაბალი და სულით მშვიდი იესო. მაშინ სულში სიხარული, მშვიდობა, სიტკბოება გამეფდება და გულს ნეტარება გაათბობს.

16. შვილებო, თავი აიძულეთ სულიერი ბრძოლისთვის. არ დაივიწყოთ ეშმაკის დიდი გამოცდილება და საკუთარი უძლურება. როგორც შემოდგომის ფოთოლი ცვივა სიოს მობერვაზე, ჩვენც ისევე ვეცემით უმცირესი განსაცდელისა და გაჭირვების ჟამს, როცა ღვთის მადლი ჩვენი მოკავშირე არ არის. და როდისაა იგი ჩვენი მოკავშირე? მხოლოდ მაშინ, როცა თითოეულ ჩვენს აზრსა და საქმეს დამდაბლებული გონება მართავს.

17. დაე, შენს სულში გამრავლებულიყოს ჭეშმარიტი და ნამდვილი სიმდაბლე, რომელიც სულიერი ნაყოფის მცველია. სატანა ცდილობს, მოღვაწეებს ბრძოლის მიზანი მოსტაცოს. ეს ძარცვა ადამიანის გაამპარტავნებაში გამოიხატება. აქედან გამომდინარე, მას ნებისმიერი საქმის კეთებისას სჯერა, რომ საკუთარი წინსვლითა და ძალისხმევით მიაღწია ამა თუ იმ სათნოებას. ამგვარად რჩება მისი შრომა საზღაურის, ბრძოლა – სასოების, საქმე კი – დაფასების გარეშე.

18. როცა ქრისტეს შეიმოსავ, უხილავი მტრის ნუ შეგეშინდება. შეძრწუნდი, როცა დაინახავ, რომ შენი ცოდვების გამო მადლი არ გიფარავს. მაგრამ ასეთ დროსაც შეიძლება სარგებელი ვნახოთ. იზრუნე, ღმერთს შიშითა და ძრწოლით ემსახურო, რადგან საშინელი მაცდური ჩასაფრებულია და მოღვაწეთა უდებების ჟამს ელის, რომ გაშმაგებით დაეძგეროს მათ; ცდილობს, თუ შესაძლებელია, ხორციელად ჩაგვიყვანოს ჯოჯოხეთში. დაე, ღმერთმა გააცამტვეროს ის.

19. ეშმაკი ყოველი სიცრუის, ცდუნების, მზაკვრობისა და ბოროტების წყაროა, ამიტომ ყველა გულისსიტყვა, რომელსაც ქრისტიანთა წინააღმდეგ მიმართავს, არსებითად სიცრუე და ცდომილებაა.
ეშმაკი ახალგაზრდას წარმოდგენის გულისსიტყვებით ყოველგვარ კეთილდღეობას აღუთქვამს; ცრუ ოცნებებით, სიმდიდრით, შვებალხენით, სიამეებით, თითქოს უკვდავი მიწიერი ცხოვრებით ხიბლავს. მომავალს ისე უსახავს, რომ სიკვდილს არ ახსენებს, გეგმები რომ არ ჩაეშალოს და ასე გრძელდება, ვიდრე ამ ახალგაზრდას საუკეთესო მეგობრად და მესაიდუმლედ გაიხდის. შემდეგ თავის ბადეში გააბამს, როგორც ობობა მსხვერპლს, ძალიან ადვილად გამოსწოვს მთელ სულიერ არსს და ღვთისთვის მკვდრად აქცევს.

20. ხმა, რომელიც მოგესმა და რომელმაც გითხრა: „ქრისტემ განგწმინდა ცოდვებისგან და მოაკვდინა შენი ვნებები" – ეშმაკისგანაა; ეს პირველი საფეხურია, რომელსაც ადამიანი ხიბლისა და დაღუპვისკენ მიჰყავს. თუ ადამიანი ამ ხმას ისმენს, ყურად იღებს, მისი გული ეშმაკის სიტყვებს ჭეშმარიტებად მიიჩნევს და დაეთანხმება, მაშინ ბოროტი მყისვე გრძნობადად შემოდის და თანდათან იპყრობს ადამიანს. მისგან გათავისუფლება კი დიდ შრომას მოითხოვს.
ამიტომ, შვილო, კარგად მოქცეულხარ, ყურადღება რომ არ მიაქციე და თავი დაიდანაშაულე. სხვა დროს, თუ რაიმეს მოისმენ, თქვი: „ამას მოძღვარს ვეტყვი და როგორც დამარიგებს, ისე მოვიქცევი“. ეშმაკს ძალიან ეშინია მოძღვართან შენი აღსარების თქმისა, რადგან იცის, რომ ეს მის ყველა მახეს დაარღვევს!
იცოდე, შვილო, რომ თვითკმაყოფილების, ამპარტავნების გულისსიტყვამ ფესვი გაიდგა შენში და ამიტომ დაგემართა ეს. ყურადღებით იყავი, დიდი სიმდაბლე გქონდეს, ყოველდღე ითხოვე, ღმერთმა სიმდაბლის სული მოგანიჭოს. როგორც გატკეპნილ გზაზე არ გაიხარებს მცენარე, ისე გადათელილ, დამდაბლებულ გონებაში არ აღმოცენდება ხიბლი.

21. ურწმუნოება და გმობა ეშმაკის ღვარძლისგან მომდინარეობს და მათგან გათავისუფლების ერთადერთი საშუალება არსებობს – ასეთი გულისსიტყვები ძაღლის ყეფასავით უგულებელვყოთ. მაშინ ისინი ადამიანს ცოდვად აღარ შეერაცხება. სხვებმა ამის შესახებ არ იცოდნენ და მარხულობდნენ, ფხიზლობდნენ, ტიროდნენ, რომ გათავისუფლებულიყვნენ. მაგრამ გმობის გულისსიტყვები ადამიანს მხოლოდ მათი უგულებელყოფით შორდება.
გმობის გულისსიტყვებთან მებრძოლი აბბა აღათონი ღმერთს შეევედრა, გაეთავისუფლებინა მათგან და ხმა შემოესმა: „აღათონ, აღათონ, შენს ცოდვებზე იზრუნე და მიუშვი ეშმაკი, იყეფოს. ამის გამო პასუხს არ აგებ". თუ კაცმა არ უგულებელყო ისინი, ვერასოდეს დააღწევს თავს.

22. როგორც არ უნდა გვტანჯოს ჩვენი სულების შემზარავმა მტარვალმა თავისი შურითა და ბოროტებით, მოვა დრო, როცა ღმერთი მის ბოროტებას განსჯის და ჩვენ, ტვირთმძიმეებს, საუკუნო განსვენებას მოგვმადლებს.
შვილო, მოთმინება გმართებს. მოდი, ჩვენც, ჩვენი პირველსახის, ქრისტეს მსგავსად დავიდგათ ცხოვრებისეული მწუხარების ეკლის გვირგვინი; დაე, ეკლები ღრმად ჩაგვესოს და სისხლი ტკივილით გვდიოდეს. დაე, ამ ტკივილმა და სისხლმა ჩვენი სულის სამოსელი შეამკოს და განადიდოს, რომ არ შეგვრცხვეს, როცა ქრისტეს წინაშე წარვდგებით და დიდებითა და სიწმინდით აღვსილ სხვა სულებს დავინახავთ. მოითმინე, მწუხარებათა ზამთარი გაივლის და მშვენიერი გაზაფხული ღვთის მადლის კეთილსურნელებას მოიტანს.

23. ნუ მიაქცევ ყურადღებას, შვილო, რასაც მაცდური ეშმაკი ჩაგჩურჩულებს. ის თავისი ხელოვნებით შენს გამასხარავებას ცდილობს, რომ დაგაბნიოს, სასოწარკვეთამდე მიგიყვანოს და ჯოჯოხეთის სიმწარე იგემო. წარწყმედილებიც ხომ სასოწარკვეთილნი არიან იმის გამო, რომ ვერასოდეს ამოვლენ სატანჯველიდან, რადგან ჯოჯოხეთში სინანული არ არსებობს!

24. მთელი თქვენი სულიერი ძალით იბრძოლეთ ქრისტეს სიყვარულისთვის.
ეშმაკი დღედაღამ იმისთვის იბრძვის, რომ ღვთისთვის უხმარი ჭურჭელივით დაგვისაკუთროს. მოდით, ჩვენც შევერკინოთ მას, რომ ჯვარცმულის ჭურჭელი გავხდეთ, ვარცხვინოთ ეშმაკი და ვადიდოთ ის სიყვარული, რომელმაც ჩვენთვის ყოვლადწმიდა სისხლი დაღვარა!
სასტიკი ბრძოლა გამართეთ, ნუ გეშინიათ. წინ ჩვენი უფროსი ძმები – ანგელოზები მიგვიძღვიან და ჩვენთან ერთად იბრძვიან. ისინი ეშმაკებზე გაცილებით მრავალნი და ძლიერნი არიან; ასე რომ, გამხნევდით. ჭეშმარიტი ცოდნით აღიჭურვეთ, რადგან ჭეშმარიტება ისე იცავს მებრძოლს, როგორც ყოვლისშემძლე იარაღი.

25. ოჰ, როგორი სიფრთხილე გვმართებს! ეშმაკი ცდილობს ვინმე გადაყლაპოს და ჯოჯოხეთის ფსკერზე დაძიროს. ჩვენ კი, უპირველესად მე, მისი ნადავლი, ნებაყოფლობით ვთვლემთ ბარუქის ძილით და მაშინღა გამოვიღვიძებთ, როცა ძალიან გვიან იქნება.

26. ათონის მთა, 30.06.1958 წ.
ქრისტესმიერ საყვარელო ძმაო... მივიღე შენი წერილი და შევიტყვე გულისსიტყვებთან შენი ბრძოლის შესახებ. ეს ნაწილია იმ ბრძოლისა, რომელიც სიძვის, ცოდვის ბოროტ სულს გაუმართავს ადამიანთან.
მომისმინე, ძმაო, უცოდინარს და ყოველგვარ სულიერ სიკეთეს მოკლებულს: როცა ვინმე სიმდაბლით და ღვთის შიშით, მხურვალე სულიერი შრომითა და გამოცდილი მოძღვრის ხელმძღვანელობით ებრძვის ცოდვას, შეუძლებელია, ღმერთმა დასაღუპავად გაიმეტოს. იგი მხოლოდ მაშინ შეიძლება დაეცეს, როცა თავისი სულიერი მოვალეობებისადმი უდები იქნება; განსაკუთრებით კი, როცა გაამპარტავნდება და იფიქრებს, რომ რაიმეს წარმოადგენს. მაგრამ თუ ისევ სიმდაბლით შეუვრდება ღმერთს, წამოდგომას შეძლებს და კვლავ განიკურნება; უფლის წყალობა ახლოსაა გულშემუსვრილებთან.
გამოცდილებას და სულიერ სიბრძნეს მრავალი განსაცდელით მოვიპოვებთ, ამის გარეშე გამოცდილების შეძენა შეუძლებელია. გამოცდილება ეწოდება არა სწავლით მიღებულ ცოდნას, არამედ როცა შენთვის სასარგებლოს და საზიანოს ცხოვრებაში პრაქტიკულად გამოცდი. თუ კაცმა მცირე განსაცდელი მაინც არ გაიარა, გამობრძმედილი ვერასდროს გახდება.
როდესაც ადამიანი რაიმეს კეთილი განზრახვით აკეთებს და შემდეგ აღმოჩნდება, რომ ეს არასწორი იყო, ღმერთი, რომელიც გულს ხედავს და თითოეული საქციელის მიზანს აკვირდება, საქმეს გამოასწორებს და ადამიანს გაანათლებს, რომ მიხვდეს, რაში შეცდა.
შეუმცდარი მხოლოდ ღმერთია. სრულყოფილების მიუხედავად, რაღაც მწიკვლი წმინდანებსაც ჰქონდათ. ამგვარად, მათ განსაცდელები უნდა გაევლოთ, რომ უძლურ ბუნებას სიმდაბლე, ყურადღება და მოთმინება შეეძინა. უმნიშვნელო გულისწყრომა, სიცილი თუ უქმი სიტყვა წმინდანს სიწმინდეს ვერ წაართმევს.
ოღონდ ერთი რამ ყველას უნდა ახსოვდეს – იმედი არასოდეს დაკარგოს. დღეში ათასჯერაც რომ დაეცეს და შესცოდოს, სასოწარკვეთილებით ვერ გამართლდება ღვთის წინაშე, არამედ იმედით უნდა აღივსოს და ბრძოლისთვის მოემზადოს, ვიდრე ღვთის მოწყალება მოვა და გაათავისუფლებს მას.
ერთი ძმა განუწყვეტლივ ცოდვით ეცემოდა, თუმცა მყისვე დგებოდა და ლოცვის კანონს ასრულებდა. ეშმაკმა, რომელიც ამ ძმას ცოდვისთვის აქეზებდა, მისი მხნეობისა და ღვთისადმი სასოების შემყურემ, მოთმინება დაკარგა, ხილულად წარმოუდგა მას და დამწუხრებულმა უთხრა:
– უსირცხვილო, ღმერთის არ გეშინია? ახლახან შესცოდე და რა პირით დგახარ ღვთის წინაშე? ნუთუ არ შიშობ, რომ ღმერთი დაგწვავს?
ხოლო მამაცი სულის ძმამ ეშმაკს მიუგო:
– ეს სენაკი სამჭედლოა: ხან ურტყამ, ხანაც გირტყამენ. სოფლის საცხონებლად მოსული იესოა მოწამე, რომ შენთან ბრძოლას არც დაცემული შევწყვეტ, არც ამდგარი, არც გაროზგილი და არც გამროზგავი, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე შეგებრძოლები და ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს – შენ თუ ქრისტე!
ეშმაკმა, რომელიც ამგვარ პასუხს არ ელოდა, უთხრა:
– აღარ შეგებრძოლები, რომ შენთვის გვირგვინების მიღების მიზეზი არ გავხდე.
იმ დღიდან ძმა ბრძოლისგან გათავისუფლდა, იჯდა თავის სენაკში და ცოდვებზე ტიროდა.
როცა ღმერთი კაცს გაანათლებს, ის კი თავის ცოდვებს შეინანებს და სიმდაბლითა და ყურადღებით ცხოვრებას დაიწყებს, მაშინ ღმერთი არ დაუშვებს მის დაღუპვას. ცხადია, ადრინდელი ცოდვებისადმი მიდრეკილება მას ეკლებად და წინააღმდეგობად ექცევა, მაგრამ როცა შემზარავად აზვირთებულ ტალღებს დაინახავს, უიმედოდ არ უნდა იფიქროს, რომ დაეცემა და დაიღუპება. არამედ რწმენით უნდა სასოებდეს ღმერთს და სულიერი მამის წინამძღოლობითა და წვრთნით სიმდაბლით იბრძოლოს; ძლიერი ქარიშხლის კი ნუ შეეშინდება.

27. მუდმივად იმეორე იესოს ლოცვა, დუმილისა და ფიქრისთვის საკუთარ თავში განმარტოვდი. ჩემო გოგონა, იზრუნე სულზე. სახლში მეტი სულიერება გამოიჩინე. უფალი თვალყურს გადევნებს და მადლის ჟამი სასწაულებრივად მოგცემს ნიშანს, როცა ამას ზეციური კრებული გადაწყვეტს.
იტირე მდაბლად მლოცველმა: „რა სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თვისი იზღვიოს?" (მარკ. 8, 36) სატანა ყველა ღონეს ხმარობს, რომ სულების ზეაღსვლას შეუშალოს ხელი. ნეტარია, ვინც მას დაუსხლტება და სასაცილოდ აიგდებს.
ფილოსოფიურად მიუდექი წარმავალ საგანთა ამაოებასა და შეურყეველი ზეციური მოქალაქეობის რეალობას. იქ მოზეიმე ეკლესიაა, რომელიც აქაურ მებრძოლ ეკლესიას ელის და მის ამჟამინდელ სასტიკ ბრძოლაში გამარჯვებისთვის ლოცულობს. იესო ქრისტეს მხურვალე რწმენა და წმინდა მამათა მართალი სწავლება ისე დაგვჭირდება, როგორც არასდროს, რადგან მოვა დრო, როცა ეშმაკი რჩეულთაც შეაცდენს.

28. ბუნებრივია, ეშმაკი ბრძოლას არ დათმობს. იარაღი მასაც აქვს. როგორი? მაგალითად, ასეთი – ჩაგვჩურჩულებს: „ვერაფერს გახდები, მაინც ძირს დაგცემ. ნუთუ შენი ვნების, შენი უძლურების სიდიდეს ვერ ხედავ? ასე იოლად ვერ დამამარცხებ და უკანაც არ დავიხევ. დღემდე განა რა გაგიკეთებია? არაფერი! არც ახლა დაგაცდი. ყოველი შენი მცდელობა ამაოა. მე უძლეველი ვარ. ვერ ხედავ, რამხელა ვარ?“ და მაშინვე მოაქვს ბილწი, განსაკუთრებით ძლიერი ხორციელი ტკბობის წარმოსახვები. მორიელივით კუდაწეული გამოჩნდება და მებრძოლს აფიქრებინებს, რომ მისგან თავის დაღწევა შეუძლებელია, რომ ისღა დარჩენია, ხელები ასწიოს და დანებდეს!
ცრუ და მზაკვარი მტერი მრავალ ასეთ სურათს წარმოგვიდგენს. მოდით, მისი მახეების სიყალბე ვამხილოთ და მისი ჟანგიანი იარაღი სააშკარაოზე გამოვიტანოთ. ყოვლადძლიერი ღმერთის მხედარს, რომელსაც ღვთის უძლეველობის სწამს და შეიგრძნობს მას, მამაცად აღუმართავს შემაძრწუნებელი ჯვრის დროშა და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას იწყებს. მისი იარაღი ეშმაკთა შემმუსვრელი იესოს სახელია, რომლის განუწყვეტელი და ხმამაღალი მოხმობით გზას უღობავს მაცდურს და ვერაგული თავდასხმის საშუალებას არ აძლევს. თან გამუდმებით ფიქრობს სიკვდილზე, სამსჯავროზე, ჯოჯოხეთზე, სამოთხის შვებასა და იესოსთან საუკუნო დიდებაზე, წმინდანთა მამაცობაზე... და ეს ყველაფერი, როგორც საბრძოლო იარაღი, მის ლოცვას ძალას მატებს.
მაშინ განიდევნება უიმედობა, უდებება, ქედმაღლობა და ბიწიერება. მოშურნეობა აღანთებს მეომარს, სატანა კი უკან იხევს და საპნის ბუშტივით სკდება.
უკვე ვიცით და თან ძალიან კარგად, რომ ჩვენი


საშობაო ეპისტოლე - 2014

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო საერო დასნო, - მკვიდრნო საქართველოისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ძვირფასო თანამემამულენო!

"ნუ გეშინიათ, აჰა, მე გახარებთ დიდ სიხარულს, რომლითაც იხარებს
მთელი ხალხი. რადგან დღეს, დავითის ქალაქში, დაიბადა თქვენი
მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი" (ლუკა 2,10-11).

2014-ედ ეუწყება ახლა მსოფლიოს ეს საოცარი ამბავი და ეფინება უფლის უსხეულო ძალთა საგალობელი: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, და ქვეყანასა ზედა მშვიდობა, და კაცთა შორის სათნოება" (ლუკა 2,14). უწმინდესი ანგელოზთა დასი, მწყემსები, მოგვები და, მათთან ერთად, ჩვენც მადლიერებითა და მოკრძალებით კვლავ წარმოვთქვამთ ღმერთთან შერიგების, მშვიდობისა და ბედნიერების მომტან ამ დიდებულ სიტყვებს.
რამდენი ხანი ელოდა ამ ზეიმს ადამის მოდგმა? რამდენი საუკუნე გაილია ამ ჟამზე ნატვრით? რამდენი წმინდა და ღვთისსათნო ადამიანი ლოცულობდა ამ დღისათვის?
ადამიდან მამამთავარ აბრაამამდე 20 თაობამ განვლო, აბრაამიდან დავითამდე - 14-მა, დავითიდან ბაბილონის ტყვეობამდეც - 14-მა, ბაბილონის ტყვეობიდან ვიდრე ქრისტემდე, - კიდევ თოთხმეტმა და მხოლოდ ამ დროის გასვლის შემდეგ, ცოდვით დაცემული ევას ნაცვლად, აღმობრწყინდა წმინდა ქალწული, ღვთისმშობელი მარიამი, - სასძლო უფლისა.
ბედნიერია საქართველო, რომ ქრისტეშობის სიხარული პირველი საუკუნიდანვე ეუწყა მოციქულთაგან და ამ დროიდანვე გახდა იგი ღვთისმშობლის წილხვედრი. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაცაა. ამიტომაც სწორი წარმოდგენა უნდა გვქონდეს იმ პროცესებზე, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში და, საერთოდ, მსოფლიოში მიმდინარეობს, რათა პასუხი გავცეთ მათ და შევინარჩუნოთ წინაპრების თავგანწირვის ფასად დღემდე მოტანილი ჩვენი მეობა.
ყველა დროში ქრისტიანობას თავისი გამოწვევები ქონდა, მაგრამ თანამედროვე პოსტმოდერნისტული ეპოქა გამორჩეულია მეგა-გამოწვევებით.
პოსტმოდერნიზმის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ სინამდვილის ხედვა, რომელიც ამა თუ იმ რელიგიურ მიმდინარეობას ეყრდნობა, არასწორადაა მიჩნეული, რადგან, მათი გაგებით, ცდება ყველა, ვინც აცხადებს, რომ ჭეშმარიტება იცის. თვით ათეისტებიც ცდებიან, რადგან ამტკიცებენ რაღაცას, მაგალითად, უღმერთოებას. მართალია მხოლოდ ის, ვინც არავის განსჯის.
ასეთი აზროვნებისათვის, სწორი და არასწორი აღარ არსებობს. გვაქვს უბრალოდ სისტემა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი ის კი არ არის, მართალია თუ არა ესა თუ ის პრინციპი, არამედ ის, თუ რამდენად მუშაობს და რამდენად სარგებლიანია იგი დღეს.
ამ სისტემაში მიჩნეულია, რომ თვითონ ადამიანია ყველაფრის განმსაზღვრელი და რაც მას მოესურვება, ისაა კარგი. ამიტომაც პიროვნების გამოსწორება კი არ არის საჭირო, არამედ მისი აზროვნების შეცვლაა მისაღწევი. მაგალითად, თუ ვინმეს ჭუჭყიანი სამოსი აცვია, და იგი ჩათვლის, რომ მისი ტანსაცმელი სუფთაა და ამას თვითონაც დაიჯერებს, ის მართალი იქნება. მნიშვნელობა არა აქვს, სხვაც ასე ფიქრობს თუ არა.
თუ ვიღაც მიიჩნევს, რომ ნაძვი მარადყვითელი მცენარეა, სხვა კი ამბობს, რომ იგი იასამნისფერია, სწორი იქნება ორივე და მცდარია იმის მტკიცება, თითქოს, ნაძვი მხოლოდ მარადმწვანეა.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ დედამიწას, ზოგადად სამყაროს, აქვს კანონები და ეს არის რეალობა. თანამედროვე აზროვნება კი გვეუბნება, რომ საერთო მოცემულობა არ არსებობს და რომ ეს ჩვენი მოგონილია. ამდენად, შეგიძლია, შენი სურვილისამებრ, ნებისმიერი მოვლენა აღიარო, ან არ აღიარო, მიიჩნიო არსებულად, ან არარსებულად.
ტაბუ უნდა აეხსნას ყველაფერს! უნდა განვდევნოთ წარსულის ზნეობრივი შეზღუდვები, ყველაფერი კარგია, რაც მე მინდა და მსიამოვნებს! ოღონდ შეფასებებისას ერთი აუცილებელი წესი უნდა იქნეს დაცული, - სხვისი, განსაკუთრებით უმცირესობის, უფლებები არ უნდა დაირღვეს! ეს კანონია.
შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ იკარგება ზღვარი კარგსა და ცუდ საქციელს, სიმართლესა და სიცრუეს შორის. სიმართლე არის ის, რასაც მე მივიჩნევ სიმართლედ და მორჩა! შენ შენი სიმართლე გაქვს? დაიცავი შენი სიმართლე, მე ჩემსას დავიცავ. მე შენს უფლებებს არ შევლახავ, შენც ჩემი უფლებები არ შელახო.
დაახლოებით ასეთია ის აზროვნება, რომელის დამკვიდრების მცდელობაც არის დღეს.
არჩევანის თავისუფლებას და პიროვნებაზე ძალადობრივი ქმედების მიუღებლობას ქრისტიანობაც ქადაგებს. არჩევანის თავისუფლება უფლისაგან ადამიანისათვის ბოძებული ერთ-ერთი უმთავრესი მადლია, მაგრამ ქრისტიანულ მოძღვრებასა და ფსევდო-ლიბერალების მიერ შემოთავაზებული "თავისუფლებას" შორის ფუნდამენტური სხვაობაა.
ფსევდო-ლიბერალური "არჩევანის თავისუფლება" ასარჩევ მოცემულობათა თანაბარ ღირებულებებს გულისხმობს და ყველაფერს თანაბრად კარგად მიიჩნევს.
ქრისტიანობა (ზოგადად, რელიგიური აზროვნება) კი გვასწავლის, რა არის კარგი და რა - მიუღებელი, რა არის ცოდვა და რა - მადლი, მაგრამ არჩევის უფლებას პიროვნებას უტოვებს. ქრისტიანული პრინციპია: მე პატივს ვცემ შენი არჩევანის უფლებას, მაგრამ არა შენს ნებისმიერ არჩევანს; ყველაფერი ნებადართულია, მაგრამ ყველაფერი როდია სარგო (I კორ. 10,23).
ისედაც ხომ ცხადია, არჩევანის თავისუფლება მაშინაა ღირებული, როდესაც მას ერთმანეთისაგან განსხვავებულ ფასეულობებს შორის აკეთებ, თორემ თუ ყველაფერი სულ ერთია, არჩევანსაც აზრი ეკარგება.
ყოველივეს თავი და თავი კი ის არის, რომ სეკულარულმა იდეოლოგიამ პიროვნება ღმერთისაგან დამოუკიდებელ არსებად წარმოაჩინა, კვარცხლბეკზე ცოდვით დამძიმებული ადამიანი დააყენა და ყველაფერი მის ინსტიქტებს დაუქვემდებარა, რითაც მდაბალი ვნებითი მიდრეკილებების ლეგიტიმაცია მოინდომა, მორალური და სულიერი ორიენტირები დაუკარგა და ეს ინდივიდუალიზმის საბაბით გაამართლა.
ესაა ყველა მიმართულებით გაშლილი ბრძოლა ტრადიციული შეხედულებების, აღზრდისა და ზნეობის წინააღმდეგ.
დიდად სამწუხაროა, რომ უმცირესობათა ჯგუფები, რომლებიც ქრისტიანობისთვის მკვეთრად უარყოფითი იდეებით გამოირჩევიან, ჰუმანიზმის აღიარებულ წარმომადგენლებად სახელდებიან. მათ აქვთ პრივილეგიები, რეკლამა, მათზე მუშაობს მასმედია, დაცულნი არიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ; მათი მიზნების განხორციელებისათვის ხდება კანონმდებლობების შეცვლაც და სხვა; ხოლო ვინც ეწინააღმდეგება ამ პროცესებს, განსაკუთრებით ეკლესია, დისკრედიტირების ნიავღარში ექცევა, საზოგადოებაში კი მთავარი დარტყმის ობიექტი ოჯახია.
ეს პროცესები მეტნაკლებად ჩვენს ქვეყანაშიც მიმდინარეობს და სწორედ ამიტომ ვამახვილებთ ამ თემებზე ყურადღებას.
კრიზისის მთავარ გამოვლინებას სექსუალური უმცირესობების ურთიერთობების ქალისა და მამაკაცის ქორწინებასთან გათანაბრების და ერთსქესიანი წყვილებისათვის ბავშვის შვილად აყვანის უფლების მინიჭების საშიშროება წარმოადგენს. ასეთი კანონი ქორწინების მთელ აზრს აუკუღმართებს და ბავშვსაც, ფაქტიურად, ნივთად აქცევს, რომლის ფლობაც ყველას შეუძლია.
საქართველო თავისი განვითარებით, კულტურით ქრისტიანული ევროპის ნაწილია და ამიტომაც, მისკენ ლტოლვა ჩვენს ხალხში ნამდვილად არის. მაგრამ, ამ და ზემოთ აღნიშნულ ფუნდამენტურ საკითხებთან მიმართებაში, ევროგაერთიანებამ, ევროპარლამენტმა უნდა გაითვალისწინონ ცალკეული ქვეყნების ტრადიცია და აზროვნების წესი და მისცენ მათ საშუალება თავისუფალი არჩევანისა, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ გულწრფელად მოინდომოს თანამედროვე ევროპულ კულტურასთან დაკავშირება.
საქართველოს ეკლესია მიესალმება ევროკავშირის პოზიციას იმის შესახებ, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება არ წარმოადგენს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრად ჩვენი ქვეყნის გახდომის წინაპირობას, რაც ევროკავშირის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, ბატონ ფილიპ დიმიტროვის 2013 წლის დეკემბრის თვის განცხადებაში დაფიქსირდა.
ზოგადად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი პიროვნებები დახმარებას და თანადგომას საჭიროებენ, რათა მათ დაძლიონ ცოდვითი მიდრეკილებები და სწორი ცხოვრების გზას დაუბრუნდნენ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მხარი დავუჭიროთ მათი ცოდვის პროპაგანდას.
საერთოდ, ოჯახი არის ერის, სახელმწიფოს, საზოგადოების მთავარი ქვაკუთხედი. იგი პატარა სახელმწიფოა, ქრისტიანული გაგებით კი - "მცირე ეკლესია".
ქრისტიანობა ქორწინებას ერთ-ერთ საიდუმლოდ მიიჩნევს. ეს არის საიდუმლო არა მხოლოდ ადამიანური, არამედ ღვთიური სიყვარულისაც. ოჯახური ცხოვრება ქრისტიანული ღვაწლია, გზაა სულის ხსნისა, რადგან იგი გულისხმობს არა მარტო ერთად ცხოვრებას, არამედ ერთმანეთისათვის ცხოვრებას.
ბიბლია გვასწავლის, რომ ოჯახის უფალი არის ღმერთი, რომელმაც ადამისა და ევას სახით მთელი კაცობრიობა შექმნა. ამდენად, ყველა ადამიანის მამა, ამ სიტყვის ყველაზე სრული და აბსოლიტური მნიშვნელობით, არის თვით შემოქმედი.
ჭეშმარიტი ქრისტიანული ოჯახისთვის მარტო სიყვარული და ერთმანეთისაკენ სწრაფვა არ არის საკმარისი. ოჯახი მოწოდებულია იქცეს "მცირე ეკლესიად," მარადიული სიყვარულის ცოცხალ ხატად, რომელშიც ღვთის მცნებებს იცავენ და თაობიდან თაობას გადასცემენ.
შეგახსენებთ მოსე წინასწარმეტყველის ყველაზე მთავარ მიმართვას ხალხისადმი: "ისმინე, ისრაელო! და ეცადე შეასრულო, რომ კარგად იყო და დიდად იმრავლო ქვეყანაში..., ისმინე, ისრაელო, ერთია უფალი, უფალი, ჩვენი ღმერთი.
გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულით და სულით, მთელი შენი შეძლებით.
გულში გქონდეს ეს სიტყვები..., ჩააგონებდე შენს შვილებს და უთხრობდე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას. შეიბი ნიშნად ხელზე და ტვიფრად შუბლზე. წააწერე შენი სახლის წირთხლებს და კარებს" (II რჯ. 6, 3-9).
ეს დარიგება ახალ აღთქმაშიც ყველაზე მთავარ მცნებად იქნა გაცხადებული იესო ქრისტეს მიერ, რომელსაც დაამატა: "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი" (მთ. 19,19).
ოჯახში მეუღლეები ერთმანეთს სიყვარულით უნდა ემსახურონ, თუმცა იერარქია ყოველთვის უნდა იყოს დაცული.
ის, რომ მამაკაცი თავია ოჯახისა, არ ნიშნავს მის ბატონობას, არამედ მის მსხვერპლშეწირულ მსახურებას, მის პასუხისმგებლობას ცოლისა და შვილებისადმი. იგია მათი დამცველი, მომპოვებელი არსობის პურისა და ამასთან, ღვთისმსახური თავისი სახლისა. მან უნდა გამოითხოვოს უფლისაგან წყალობა, სიყვარული და მადლი ოჯახის წევრებისათვის.
ქალი პასუხისმგებელია სახლზე, მისი წევრებისათვის ზრუნვაზე, შვილების აღზრდაზე. იგი ღვთის მცნებების გათვალისწინებით უნდა დაემორჩილოს ქმარს, თუნდაც, რომ ერთი შეხედვით ამის განხორციელება შეუძლებელი იყოს, რადგან ამით აღასრულებს უფლის ნებას (თუმცა ეს არ ნიშნავს ცოდვასა და არასწორ ქმედებებში მორჩილებას).
ქრისტიანულ ოჯახში, რა თქმა უნდა, თავს იჩენს არაერთი განსაცდელი, რაც ურთიერთსიყვარულით უნდა დაიძლიოს. და თუ ეს ასე არ ხდება, იქ არც არის ნამდვილი ოჯახი.
ქრისტიანული ოჯახი უფლის სავანეა, უფლის ბაღია, რომელშიც ცოლსაც და ქმარსაც დაედგინათ მუშაკობა ღვთის სადიდებელად.
როგორი ამაღლებულია ეს ყველაფერი, როგორი სათუთია და გასაფრთხილებელი! ჩვენი ახალგაზრდები კი, სამწუხაროდ, მოუმზადებელნი ხვდებიან ამ უდიდეს საიდუმლოს.
თანამედროვე მსოფლიოში ოჯახურ ფასეულობებს ენაცვლება მხარეთა მერკანტიული ინტერესები. ე.წ. პარტნიორული ურთიერთობები, რომელსაც თან სდევს გარეშე თანაცხოვრების სხვადასხვა ფორმები. მეცნიერულ-ტექნიკურმა წინსვლამ კი ისეთი მძიმე ეთიკური საკითხები დააყენა დღის წესრიგში, როგორიც მანამდე არ სმენოდა კაცობრიობას: ხელოვნური განაყოფიერება, სინჯარაში ჩასახული ბავშვები, სუროგატი დედები, გენების შერწყმა, კლონირება და ა.შ.. "ჰუმანისტები" მხარს უჭერენ აბორტს, ევთანაზიასა და თვითმკვლელობას.
ამასთან, მათთვის მეცნიერული პროგრესი აბსოლუტიზირებულია და მიიჩნევენ, რომ რისი გაკეთებაც შესაძლებელია, უნდა გაკეთდეს. ეს ეთიკური სოფიზმია, რადგან ის, რაც ტექნოლოგიურად მიღწევადია, ყველაფერი როდია მორალური და სასარგებლო.
მიზანი ამართლებს საშუალებას, - ესეც მათი ცხოვრების წესია და ესეც სოფიზმია, რადგან არც ყველა მიზანია კარგი და არც ყველა საშუალებაა მისაღები, თუნდაც კარგი მიზნისათვის.
მაგალითად, ფაშისტებს ქონდათ ებრაელების განადგურების სურვილი. განა ეს მიზანი შეიძლება ნორმალურად ჩაითვალოს?! ანდა იმისთვის, რომ კაცობრიობის ჯანსაღი ნაწილი მეტად იყოს დაცული, ნუთუ შეიძლება ვინმემ გაამართლოს შიდსით დაავადებულთათვის სიცოცხლის მოსწრაფება?
განა შეიძლება ბედნიერი იყოს ის ოჯახი, სადაც აბორტი კეთდება და უსუსური პატარა არსებების უღვთოდ დაჩეხილი სხეულების აჩრდილები დადიან? და როგორი საშინელებაა იმის წარმოდგენაც კი, რომ ყოველ წელს, არაოფიციალური მონაცემებით, 100000-მდე აბორტი კეთდება საქართველოში და ამის შემჩერებელი ჯერჯერობით არავინ არის.
შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს, აუცილებლად, იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში.
პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა.
ის, რომ კაცთა მოდგმას არ შეუქმნია ოკეანე, ხმელეთი, ციური სხეულები და ბალახიც კი (აღარაფერს ვამბობთ ადამიანზე), ცხადზე ცხადია. აქამდე მხოლოდ ბიოლოგიურად საინტერესო ქიმიკატები (მაგ. ამინომჟავები) მიიღეს, შეჯვარდა და შეარეთეს სიცოცხლის უკვე არსებული ფორმები და სხვა არაფერი.
ხოლო, თუ ჩვენ არ მოგვიტანია სიცოცხლე ამ წუთისოფელში, რა უფლება გვაქვს მოვინდომოთ ბატონობა მასზე? რატომ ვისაკუთრებთ მას, რაც ჩვენი არ არის?
ფაქტია ისიც, რომ მიუხედავად მეცნიერულ-ტექნიკური დიდი წინსვლისა, არ შეგვიძლია თავი დავაღწიოთ სიკვდილს. რატომ? ჩვენ ხომ ყოვლისშემძლენი ვართ? სინამდვილე კი სხვა არის. უფალი ეუბნება მოსეს: "მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ" (II რჯ. 32,39). იობის წიგნშიც იგივე აზრია: სიცოცხლე "უფალმა მომცა, უფალმა წაიღო" (იობი 1,21).
ამიტომ, არავითარი უფლება არა გვაქვს ხელვყოთ უფლის ეს წყალობა და ვინც ამას აკეთებს და არ შეინანებს, დაისჯება!
მიუხედავად უამრავი პრობლემისა, კარგი ოჯახები მაინც მრავლად არის საქართველოში, რაც ქვეყნის გადარჩენის გარანტიაა.
მე მინდა დავლოცო ჩვენს სამშობლოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ყველა ქართული ოჯახი, ასევე ვლოცავ ჩვენი ქვეყნის მკვიდრ სხვა ეროვნების წარმომადგენელთა ოჯახებსაც და ყველას გისურვებთ ღვთისსათნო გზით სვლას, უფლის შიშითა და სიყვარულით ცხოვრებას, რათა იხაროთ ორსავ სოფელსა შინა.
ამასთან, ვითვალისწინებთ რა იმ მართლმადიდებელი ადამიანების დამსახურებას, რომელთაც ბოლო 20 წლის მანძილზე, ეკონომიურად მძიმე მდგომარეობის მიუხედვად, ჩვენს სამწყსოს 4 და მეტი შვილი შესძინეს, მივიღეთ გადაწყვეტილება, ასეთი მშობლები და შვილები განსაკუთრებულად შევავედროთ უფალს და პატრიარქის სიგელით დავაჯილდოვოთ.
მრავალშვილიანობა უდიდესი სიკეთეა. რომელი წარმავალი სიმდიდრე შეედრება დედმამიშვილების გვერდზე დგომასა და სიყვარულს, რაც ასე სჭირდება ადამიანს ჩვენს მეტად რთულ დროში. თვითონ მშობლებიც უდიდეს ენერგიას იღებენ მათგან, რადგან თითოეული შვილი ცალკე აღებული საოცარი სამყაროა.
მრავალშვილიანობა იმითაც არის ფრიად სასურველი, რომ ბავშვი პატარაობიდანვე სწავლობს ეგოიზმის დაძლევას, სხვაზე მზრუნველობას და მშობლებისგან მომდინარე სიყვარულის სხვისთვის განაწილებას.
ვისაც სამი და მეტი ბავშვი ჰყავს, კარგად იცის, ხშირად როგორ უჭირს პირველ შვილს ახლად დაბადებულ მეორე ჩვილთან შეგუება და სულ ეძებს დროს, რაიმეთი ავნოს მას; მესამე პატარის შემატებას პირველი უფრო ადვილად იტანს, მეორე კი უფრო მეტად განიცდის, მაგრამ ისე არა, როგორც პირველ შვილს უმძიმდა თავიდან, მეოთხე ბავშვის დაბადება უკვე აწონასწორებს ყველაფერს და ა.შ. ანუ შვილთა სიმრავლე მათი სწორად აღზრდის ერთ-ერთი გარანტიაა, რადგან ასეთ გარემოში "მე"-ზე ორიენტირებული სულისკვეთება სიყვარულის გამრავლებითა და გაცემით იცვლება და თუ ამას სწორი აღზრდაც დაემატა, მივიღებთ იმ მდგომარეობას, რაზეც ბიბლია ბრძანებს: ქალი შვილთა სიმრავლით ცხონდებაო (I ტიმ. 2,15).
ამ საქმეში მთავარი როლი და პასუხისმგებლობა დედას ეკისრება. მიუხედავად იმისა, რომ გოგონები ხშირად ფსევდოკულტურითა და ცრუ თავისუფლებით არიან გატაცებულნი, როდესაც დედები ხდებიან, მათში სხვა გრძნობები იღვიძებს, სხვა აზროვნება უყალიბდებათ, რადგან სწორედ ისინი ხდებიან სიყვარულით მსახურების მთავარი მოქმედნი და ეს იწვევს სწორედ შინაგან ფერიცვალებას.
ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მეუღლეებმა, რომელთაც საკუთარი შვილი არ ჰყავთ, ეს ტრაგედიად არ უნდა მიიჩნიონ; მთავარია მათი ერთად ცხოვრება სასუფევლის დამკვიდრებისთვის მომზადებად იქცეს.
სასურველია ბავშვის აყვანაც. ეს დიდი მადლია და ამ შემთხვევაში მათ ეკლესიაში საგანგებო ლოცვა ეკითხებათ.
* * *
ამქვეყნიური ჩვენი ყოფა დროებითია და მსწრაფლწარმავალი. დრო კი რომელშიც ვცხოვრობთ, წრიულია, განმეორებადი და, ამავე დროს, სწორხაზოვანი, - მიემართება დასაწყისიდან დასასრულისკენ. ამასთან, სხვადასხვა ქმნილებისათვის ყოფის ხანგრძლივობა სხვადასხვანაირია: ზოგისათვის - რამდენიმე საათი, ზოგისთვის - რამდენიმე დღე, სხვისთვის - წლები, საუკუნეები ან საერთოდაც ათასწლეულები.
სამყარო და დრო ერთდროულად გაჩნდა. აი, როგორ მიმართავს ნეტარი ავგუსტინე უფალს: "შენა ხარ დროის შემოქმედი; არ არსებობს დრო შენი თანამარადისი რომ იყოს, რადგან შენ წარუვალი ხარ, ხოლო დრო რომ წარუვალი იყოს, დროც აღარ იქნებოდა იგი".
სამოთხეში ყოფნის პერიოდს მამები "წმინდა დროდ" მოიხსენებენ. იგი სხვა სახისა იყო და იქ არც ადამი არც ევა არ ექვემდებარებოდნენ მის მდინარებას. ის დრო კი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, დადგა ცოდვით დაცემის შემდეგ.
პირველი ადამიანები, მოაკლდნენ რა "ცხოვრების ხის" ნაყოფს, - ანუ უფალთან ურთიერთობის შესაძლებლობას, დაკნინდნენ; მათი აზროვნების წესიც შეიცვალა და მიწიერი ყოფით შემოიფარგლა, თუმცა ლტოლვა სამოთხისა და ღვთისაკენ კვლავ დარჩათ. ამიტომაც ადამიანი გაორდა, გაორდა მისი ამქვეყნიური დროც: ლიტურგიკული დროით იგი კვლავ უკავშირდება ღმერთს, ხოლო ყოფითი დრო მოიცავს ცხოვრების იმ ნაწილს, რაზეც ბიბლიაში წერია: "ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაო არს" (ეკლ. 1,2).
დროის გაყოფა ყველაზე რეალური სახით მოხდა პირველი მსხვერპლშეწირვის შემდეგ, როდესაც კაენმა უფლის ძღვენი ამპარტავნების სულით გაიღო, ხოლო აბელმა - გულწრფელი, უშურველი სიყვარულით.
კაენის შური შუღლში გადაიზარდა, აბელის მოკვლით კი მასში მიწიერი და ეგოისტური სული იმდენად გაძლიერდა, რომ ღვთის პირისაგან თავისი ნებით საბოლოოდ მიეფარა და აღარ უნდოდა უფალთან ურთიერთობა; ამით დასრულდა მისი ლიტურგიკული დროც, რამაც მხოლოდ მიწიერი ყოფის სურვილი გაუღვივა და გამოიწვია სიკვდილისადმი ძრწოლა, ანუ შემოქმედთან შეხვედრის შიში. (ზოგადად ასეთივე დამოკიდებულება აქვთ იმ ადამიანებსაც, რომლებიც ღვთის საწინააღმდეგოდ ცხოვრობენ).
აბელს კი, მართალია, ამქვეყნიური ყოფა წაერთვა, მაგრამ მისი ლიტურგიკული დრო მომავალი მარადიული ნეტარი ცხოვრების საწყისად იქცა. დედამიწაზე კი მისი გზა სეითმა და მისმა მოდგმამ გააგრძელეს.
რას ნიშნავს ჩვენთვის, ქრისტიანებისათვის, ლიტურგიკული დროით ცხოვრება?
თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ კარგად დავუკვირდებით, წუთისოფელში აწმყო, ფაქტიურად, არ არსებობს; ის, რასაც აწმყოს ვარქმევთ, იმ წამსვე იქცევა წარსულად. ასე რომ, ჩვენ წარსულსა და მომავალს შორის ვიმყოფებით. მარადისობაში კი მუდმივი აწმყოა. იქ წარსული და მომავალი არ არსებობს.
და თუ გვსურს, სწორად ვიცხოვროთ, უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ ჩვენს წარმავალ დროში მარადიულობა შემოვიყვანოთ და დრო მოძრავ მარადისობად ვაქციოთ (წმ.იოანე დამასკელი).
ეს საიდუმლო ეკლესიაში აღესრულება. ამიტომაც კარგავს აქ დრო თავის ძირითად ფიზიკურ თვისებებს, - შეუქცევადობას და სწორხაზოვნობას, რაც საეკლესიო დღესასწაულთა განმეორებადობით, წრიული მდინარებითა და მათი განმაახლებელი მოქმედებითაა განპირობებული.
ჩვენ აქ მუდმივად ვხდებით თანამონაწილე სამყაროს შექმნისა, მამამთავართა და წინასწარმეტყველთა ეპოქისა, მაცხოვრისა და მისი მოწაფეების და წმინდანების ცხოვრებისა, საერთოდ ადამიანისა და სამყაროს ხსნის შესახებ საღმრთო განგებულების ისტორიისა.
ყოველ დღეს თავისი დატვირთვა აქვს: კვირა საღვთისმსახურო ციკლის ცენტრს, - ქრისტეს აღდგომას წარმოადგენს. ორშაბათი, ზოგადად, ანგელოზთა დღეა, სამშაბათი - წმ. იოანე ნათლისმცემლისა, ოთხშაბათი - ჯვრის, ხუთშაბათი - წმ. ნიკოლოზის, პარასკევი - ჯვარცმის, შაბათი კი - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმ. მოციქულების.
წლის ციკლის ფორმირებაც, პირველ რიგში, აღდგომას უკავშირდება და მას პასექის დღესასწაული განაპირობებს. ამასთან, არის უძრავი და მოძრავი უმნიშვნელოვანესი დღეები, რომლებიც უფლის, ღვთისმშობლის, ზეციურ ძალთა, მოციქულთა და წმინდანების სახელს უკავშირდება.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, გარდა ეკლესიური ცხოვრებისა, ლიტურგიკული დროით ცხოვრება ნიშნავს ყოველდღიური ყოფის ისე წარმართვას, რომ ადამიანის გული და გონება მუდმივად იყოს ღმერთთან კავშირში. ეს კი გულისხმობს გაცნობიერებას იმისას, რომ თუ არა უფლის შეწევნა, ჩვენ ვერ შევძლებდით ვერც სუნთქვას, ვერც სიარულს, ვერც აზროვნებას, და რაიმე საქმის გაკეთებას, გარშემომყოფთა და საერთოდ, სამყაროს აღქმას: ვერ მოვიპოვებდით საკვებს, ჩასაცმელს, საცხოვრისს, ვერ შევქმნიდით კულტურას, ვერც მეცნიერულ აღმოჩენებს გავაკეთებდით…
ანუ უნდა დავინახოთ, რომ ყოველივე უფლის ნებით მოგვეცა, რათა გარემო უკეთესი გავხადოთ, ღვთის მადლიერნი და მისი თანაშემოქმედნი გავხდეთ და არა მოწინააღმდეგენი. თუმცა არჩევანი ჩვენი გასაკეთებელია.
თუ, მაგალითად, შენ პედაგოგი ხარ და მოსწავლეებს ზრდი იმ სულისკვეთებით, რომ იყვნენ სამშობლოს ერთგული შვილები, უყვარდეთ ღმერთი და ერთმანეთი, საერთოდ, მოყვასი, ასწავლი შურის დაძლევას, წყენის დავიწყებას და ადვილად შერიგებას, განსაცდელში მყოფებისადმი დახმარებას, უფროსებისადმი პატივისცემას, ბუნების, შრომის, წიგნების კითხვის, ღრმა აზროვნების სიყვარულს და შენც თუ ასევე ცხოვრობ, მაშინ შენი ამქვეყნიური ყოფა მარადიულობით არის განმსჭვალული, რადგან ეგოიზმისგან თავისუფალ ღვთისსათნო აზროვნებას ამკვიდრებ.
თუ შენ დამლაგებელი ხარ და ყოველდღე პატიოსნად და სიყვარულით აკეთებ შენს საქმეს, არ აგვიანებ სამსახურში, ეხმარები მოყვასს, ჰმადლობ ღმერთს არსობის პურისთვის, არ ივიწყებ სულიერ ცხოვრებას და უფლის მცნებებს, შინ და გარეთ კეთილი დამოკიდებულების დამკვიდრებას უწყობ ხელს, შენ ლიტურგიკული დროით ცხოვრობ.
თუ დიასახლისი ხარ და შვილებზე ზრუნვას გირჩევნია, სამსახური გქონდეს მხოლოდ იმიტომ, რომ უკეთესად გაერთო, თუ შენ არაფერს ერიდები, რათა კომფორტული ცხოვრება მოიწყო და არ გადარდებს ამისთვის სხვისი მსხვერპლად გაწირვა, თუ შენ აბორტით ან სხვა თანამედროვე საშუალებებით ახდენ ოჯახის დაგეგმარებას, ეგოისტურად ზრდი ბავშვებს, არ ასწავლი მათ მოწყალების გაცემას და გაჭირვებულისადმი თანადგომას, არ ასწავლი მეგობრობას, სიმართლის სიყვარულს, ერთგულებას, - კაენის სულს ვერ მოიცილებ და მისი ხვედრის თანაზიარი გახდები.
"ურთიერთ სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი", - ბრძანებს მოციქული (გალ. 6,2). ფიზიკურ და მატერიალურ დახმარებასთან ერთად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ლოცვით შეწევნას და ეს მუდამ უნდა გვახსოვდეს.
მინდა შეგახსენოთ ანტონი სუროჟელის მიერ მოხმობილი ერთი ამბავი: "იყო ახალგაზრდა მოძღვარი, რომელსაც სხვისი ცოდვების დანახვის უნარი მიეცა და როცა ერთხელ მასთან მეტად მძიმე ცოდვებით სავსე ადამიანი მივიდა აღსარებისათვის, არ მიიღო. თუმცა მალე სინდისმა შეაწუხა და ამის შესახებ გამოცდილ ბერს უამბო. მან უსაყვედურა: როგორ გააბრუნე? ის ხომ სინანულით მოვიდა და შენ იყავი მისი ბოლო იმედი?
ახალგაზრდა მოძღვარი ისე შეწუხდა, ღმერთს სთხოვდა, ნათელხილვის უნარი აღარ ჰქონოდა. გულწრფელი სინანულისათვის უფალმა მას თანალმობის მადლი მიანიჭა. და აი, ერთხელაც, როცა მას მეტად მძიმე ხასიათის სახლის მეპატრონესთან მოუწია ღამის გათენება, იგი აღარ დაბრკოლდა მისი ცოდვების გამო, არამედ ერთ კუთხეში გულმხურვალედ დაიწყო ლოცვა მეპატრონესათვის და თან მის დანაშაულობებს ამბობდა.
მასპინძელი სასულიერო პირის ლოცვით დაინტერესდა და ჩუმად დაუგდო ყური. იგი გაოგნებული ისმენდა თავისი ცოდვების შესახებ ახალგაზრდა მოძღვრის ღვთისადმი ვედრებას და ამან იმდენად შეძრა, რომ იმ დღიდან სრულიად განსხვავებული ცხოვრება დაიწყო.
ასეთი მაგალითები მის ცხოვრებაში მრავლად იყო და როცა ეკითხებოდნენ, როგორ ახერხებდა ადამიანების მოქცევას, მოძღვარი პასუხობდა: "როდესაც ჩემთან მოდის ცოდვით დამძიმებული პიროვნება, რომელიც ვერ ხედავს თავის დანაშაულს და სინანული არა აქვს, ვცდილობ სულიერად მის შინაგან სამყაროს ჩავწვდე და იმ აზრით, რომ ჩვენ ვართ ხორცი ხორცთაგანი და სისხლი სისხლთაგანი ერთმანეთისა, ვიწყებ სინანულით ლოცვა-ვედრებას მისი და ჩემი, ანუ ჩვენი ცოდვებისათვის და ეს ადამიანიც, ღვთის მადლით, თანდათან იწყებს შემობრუნებას".
ღმერთმა ჩვენც მოგვცეს ძალა ამგვარი წესით ცხოვრებისა.
მე იმედი მაქვს, რომ, მიუხედავად ჩვენს წინაშე არსებული მრავალი დიდი პრობლემისა, საქართველო გაუძლებს დროის გამოცდას და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით ღვთის მადიდებელი სული მუდამ იზეიმებს ჩვენს ქვეყანაში.
ქრისტეს ეკლესიის სამწყსოვ: დღეს "მოიწია დროის სისრულე, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე..., რათა ჩვენც მიგვეღო ძეობა". ასე რომ მონანი კი აღარა ხართ, არამედ ძენი, ხოლო თუ ძენი ხარ, მემკვიდრეცა ხარ ღვთისა მიერ (გალ. 4, 4-7).
მაშ, გიხაროდეთ, ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო: ქართველებო, აფხაზებო, ოსებო, ბერძნებო, რუსებო, იეზიდნო, უდინინნო, სომეხნო, აზერბაიჯანელნო... ყოველნო შვილნო საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისა; გიხაროდეთ ყოველნო ღვთისმოყვარენო: "დღეს, დავითის ქალაქში, დაიბადა თქვენი მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი" (ლუკა 2,11).
თქვენი ერთგულების ნიშნად ანთებული სანთლებით შეხვდით მას და იმედითა და სიყვარულით მიეგებეთ! ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო

image
image თემა: შობა,  ოჯახი
ავტორი: ილია II

რწმენის, იმედისა და მოთმინების შესახებ

„ნუ შეძრწუნდებიედ გულნი თქუენნი, ნუცა ეშინინ“ (იოან. 14, 27). გწამდეთ ღვთისა, შვილებო, არ დაუშვებს ჩვენს ძალებზე მეტად რომ გამოვიცადოთ; განსაცდელს ღვთის შეწევნაც ახლავს.
ჩვენი ქრისტე გვეუბნება, თუკი მე მომიძულეს, თქვენც მოგიძულებენ; თუკი მე მდევნეს, დამგმეს და მწყევლეს, თქვენც გდევნიან, დაგგმობენ და დაგწყევლიან. ასე იმიტომ მოიქცევიან, რომ არ იცნობენ ღმერთს და „არა იციან, რასა იქმან" (ლუკ. 23, 34).
ჩვენ, შვილებო, ვიცით ღმერთი და ვინაიდან ის გვიყვარს და ღვთისანი ვართ, სოფელს ვძულვართ, რადგან სოფელი არ ეთანხმება უფალს!
მაშ, გამხნევდით, შვილებო. ჩვენ მისი მიმდევრები ვართ, ვინც ჯვარს აცვეს. ჩვენც ჯვარს ვეცმევით განსაცდელებში, მასავით აღვდგებით და მასთან ერთად ვიდიდებით უკუნითი უკუნისამდე.
ეშმაკმა ქარიშხალი აღძრა, მაგრამ ის ჩაცხრება, რადგან ღმერთი ყოვლისშემძლეა, მისი ღვთაებრივი ნების გარეშე კი შეუძლებელია რაიმე მოხდეს.
ღმერთი არის ჩვენთან, რომელთა ქრისტეს მიერ ნათელგვიღებიეს, ქრისტე მეფობს ჩვენში და არ გვეშინია. შესაძლოა, განსაცდელში აღმოვჩნდეთ, მაგრამ ახლოსაა ჩვენი მხსნელი, რომელმაც თქვა: „მე მიძლევიეს სოფელსა" (იოან. 16, 33). შესაბამისად, ჩვენც ვძლევთ, თუნდაც ამჟამად ზღვა სახიფათოდ იყოს აზვირთებული.
ნურავისი შეგეშინდებათ, მხოლოდ ღვთისა გეშინოდეთ, რომელსაც შეუძლია გეენიის ცეცხლში ჩაგვაგდოს, თუ არ გავფრთხილდებით.
ასე რომ, „ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი“ (მათ. 5, 10). ნუ დაგავიწყდებათ, რა დაითმინეს პირველმა ქრისტიანებმა ქრისტეს სარწმუნოების შესანარჩუნებლად: დევნილები და შეჭირვებულები კატაკომბებში იმალებოდნენ. ჩვენც ნეტარნი ვართ, რომ ღვთის თაყვანისცემისა და უბიწოების დაცვის სურვილისთვის ვიდევნებით!
ბევრს გადავიტანთ, ბოლოს კი ძლევა ჯვარცმულ იესოს მიენიჭება; ჯვარია ჩვენი სახელოვანი დროშა. მაშ, ნუ გეშინიათ, ჩვენთან არს ღმერთი.

2. მიენდე ღმერთს, რომელიც ყველა ქმნილებაზე ზრუნავს. თუკი ღვთის ნების გარეშე ხიდან ფოთოლიც კი არ ვარდება, როგორ არ იზრუნებს უფალი ადამიანზე, თავის მადლისმიერ ძეზე, ქრისტიანზე? მაგრამ ეშმაკი, რომელმაც იცის შენი უძლურება, განგცდის, რომ გტანჯოს.
როდესაც სასოებას უფალზე ვამყარებთ, საძირკველი კლდეზეა დაშენებული, ამიტომ ქარი და ღვართქაფი ვერ წაგვლეკავს. მაგრამ როცა საკუთარი მცდელობის იმედი გვაქვს, საძირკველი ქვიშაზე დგას და ადვილად ვეცემით.
ნუ დარდობ, ყველაფერი გაივლის. ასეა დასახული ცხონებულთა გზა – ჭირითა და მწუხარებით.

3. რატომ ხარ დაღონებული და დარდით დატანჯული? მწუხარების სულს საკუთარი თავის გამხნევებით და ნუგეშით უნდა დაუპირისპირდე, რომ ეშმაკის მიერ მოწოდებულ სასოწარკვეთილების აზრებს სძლიო. თუ ყურს დაუგდებ, რასაც მწუხარების ბოროტი სული შთაგაგონებს, იმედის სიხარულს ვერასოდეს იხილავ.
ის, რაც საღვთო წერილშია მოთხრობილი, ჩვენს დასარიგებლად დაიწერა, რომ ამის მეშვეობით მაცდუნებელ და დამღუპველ ურჩხულს შევებრძოლოთ.
მრავალმოწყალე მამამ მისკენ მიმავალი უძღები შვილი რომ დაინახა, მიეგება, გულში ჩაიკრა და ეამბორა, არ შეეზიზღა მისი უწმინდურობა, გარეგანი და შინაგანი უბადრუკი მდგომარეობა. ვინ შეძლებს აღწეროს მამის განცდა საყვარელ შვილთან შეხვედრისას, როცა თავისი ძე მკვდარი და დაკარგული ეგონა, ის კი ცოცხალი და მონანული იხილა? ეს სიხარულის განცდა საქმემ აჩვენა: მამამ შვილი მაშინვე უწინდელ მდგომარეობამდე აღამაღლა – ძეობა და მემკვიდრეობა დაუბრუნა.
ვისთვის მეტყველებდა უფლის სათაყვანო ბაგეები? განა ჩვენ არ გვანუგეშა, რომ უიმედობის ქარიშხალი როცა შეგვარყევს, ჩვენი ხომალდი ზეციერი მამისადმი სასოების, მისი მოწყალებისა და სიყვარულის ღუზას მივაბათ?
უფალმა დედამიწაზე დააარსა ეკლესია – თავისი სასძლო, რომ იგი ღვთის შვილებისთვის ევედროს ღმერთს. ჩვენს განსაწმენდად, წმინდასაყოფად და უფალთან შესაერთებლად საღვთო ევქარისტიის დიდი საიდუმლო დაგვიტოვა. თუკი ძველ აღთქმაში ცოდვილებს ზვარაკთა და ვაცთა სისხლი განწმენდდა, მით უმეტეს ქრისტეს სისხლი – ყოველგვარ ცოდვას ჩამოგვბანს! „რამეთუ უკუეთუ სისხლი იგი ვაცთა და ზუარაკთა, და ნაცარი იგი დიაკეულთა, რომელი ეპკურებოდა შეგინებულთა მათ და განსწმენდდა მსგავსად ხორცთა მათ განწმენდისათა, რავდენ უფრო ს სისხლმან ქრისტესმან, რომელმანიგი სულითა საუკუნოდ თავი თვისი შეწირა უბიწოდ ღმრთისა, განწმიდნეს გონებანი თქუენნი მკუდართაგან საქმეთა მსახურებად ღმრთისა ცხოველისა!" (ებრ. 9, 13, 14)
ეშმაკი, რომელსაც სიძულვილისა და შურის გამო არ მოსწონს, როცა ადამიანი სულიერად ხარობს, მის გასამწარებლად და მოსაწამლად ყველა ღონეს ხმარობს. ეს არის მისი სიხარული და მონაგები. მაგრამ ჩვენ სულიერი საშუალებებით უნდა ვეცადოთ თავი გავიმხნევოთ, ვინუგეშოთ და შევეწინააღმდეგოთ ეშმაკის მრავალგვარ მანქანებას.
ღვთის მსასოებელი ვინ დარჩენილა შერცხვენილი? ან სასოწარკვეთილი ვინ ცხონებულა? ეშმაკს სასოების მქონე ადამიანის ეშინია, რადგან გამოცდილებით იცის, როგორი მრავალმოწყალე ღმერთი გვყავს. თუკი საკუთარი მამის მოიმედე შვილი მცდარი გზით არასოდეს ივლის, მით უმეტეს ის, ვინც მამათა მამაზე სასოებს, რომლის სიყვარულიც, როგორც ზეცა უფსკრულს, ისეა სხვა სიყვარულს დაშორებული და მას ვერასოდეს შეედრება!
ადამიანმა ათასჯერაც რომ შესცოდოს მომაკვდინებლად, თუ მთელი ძალით აიძულებს თავს სინანულისთვის, ვინაიდან სასოებს, არასოდეს დარჩება შერცხვენილი.
ვისთვის ევნო ქრისტე? განა ურჩხულის მიერ მოწყლული ჩვენი სულებისთვის არ ევნო? „რაჟამს უკბინის გუელმან კაცსა, და მოჰხედნის გუელსა რვალისასა და ცხოვნდის" (რიცხვ. 21, 9)
მდაბალო სულო, შენც ჩვენი ზეციერი მამის უტკბეს ნაწლევთა იმედი გქონდეს, რადგან უფალს არასოდეს განუგდია და მოუძულებია ვინმე. ყველას იღებს, მისი მოწყალების უსასრულო სივრცე კი არასოდეს ივსება; პირველსაც სწყალობს და უკანასკნელსაც არ გამოარჩევს სხვებისგან, არამედ დიდი სახიერების გამო ყველას თანაბრად იწყნარებს.
რაც უფრო ცოდვილია მონანული ადამიანი, მით მეტი პატივი მიეგება ღვთის მოწყალებას.
„...დიდება მოწყალებასა შენსა, დიდება გარდამოსვლასა შენსა, მხოლოო კაცთმოყვარე“.

4. ზომაზე მეტად რატომ დარდობ და მწუხარებ? ღვთის განგების გარეშე არაფერი გვემართება, ამიტომ შეუძლებელია შემთხვევითი გარემოება გვმართავდეს. ღვთისთვის ცნობილია, რაც ჩვენს თავს ხდება. შესაბამისად, ჩვენს ძალაზე აღმატებული არაფერი შეგვემთხვევა!
დაე, ის დანთქას მწუხარებამ, ვისაც ღვთის განგების არ სჯერა და ეს, რა თქმა უნდა, მართებული იქნება. ხოლო ჩვენთვის, ვისაც გვწამს, რომ ღმერთი ყველგანაა და არ არსებობს ქმნილება, რომელზეც ის არ ზრუნავდეს, გაუმართლებელია ზომაზე მეტად წუხილი, ამით ვამჟღავნებთ, რომ სარწმუნოება და ღვთივგანათლება გვაკლია. „ნეტარია უფლის მსასოებელი ადამიანი, რადგან როგორც ლომს, არავისი ეშინია“ (იგავ. 28, 1). თუ ღმერთი განსაცდელს უშვებს, იყოს, უფალო, ნება შენი. „ვინ ცნა გონებად უფლისა ? ანუ ვინ თანა-მზრახველ ეყო მას?" (რომ. 11, 34) ვის შეუძლია გამოიძიოს ღვთის განგებულება?! „უკუეთუ არა...იქმნეთ ვითარცა ყრმანი [რწმენითა და უმანკოებით], ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“ (მათ. 18, 3).

5. საშინელი ქარიშხალი ამოვარდა ტიბერიის ზღვაზე. სახიფათო ქარი იესოსა და მისი მოწაფეების პატარა ნავს ჩაძირვით ემუქრება. მოწაფეები შიშისგან თავზარდაცემულები არიან. სიცოცხლისა და სიკვდილის უფლის გარდა ყველას ღვიძავს. „აღსდეგ, უფალო, – ყვირიან სასოწარკვეთილები – წარვწყმდებით“ (ლუკ. 8, 24).
მაშინ აღიმართება ის, ვისაც ყველაფერი ხელთ უპყრია, შერისხავს ზღვასა და ქარს და დიდი დაყუდება ისადგურებს.
დაე, ჩვენც ვირწმუნოთ იესოს ძალა, მაშინ განსაცდელი იარაღს დაყრის და დიდი მყუდროება დაისადგურებს.
ვისი სიყვარულისთვის იტანჯებით? თავი საფრთხეში ჩაიგდეთ თქვენი დების გამო – ვისი სიყვარულისთვის? სიყვარულის გამო ვისი მცნების აღმასრულებლები გახდით? მიპასუხებთ: „ჩვენი ქრისტეს სიყვარულისთვის, ვისზეც იმედს ვამყარებთ, რომ მისი ძალით ყველაფერს კეთილი დასასრული ექნება“.
კარგი, ძალიან კარგი. რადგან ქრისტე თავად ის არის, ვინც თმის თითოეულ ღერს აღრაცხავს. გვგონია, რომ მისი ნება-სურვილის გარეშე რაიმე მოხდება? და თუკი ღვთის განგება გვიცავს, რამ უნდა შეგვაშინოს? უფრო მეტად მისი გვეშინოდეს, ვისაც შეუძლია გეენიის ცეცხლში ჩაგვაგდოს ჩვენი ცოდვების გამო.
იმის ნაცვლად, რომ ქრისტესმიერი სიმხნევე და სიქადული გქონდეთ მის სადიდებლად, ვინც ასეთი ღვაწლის ღირსი გაგხადათ, თქვენ პირიქით, მწუხარებით, გულისსიტყვებითა და დრტვინვით აღივსეთ? ვიმეორებ, უნდა გეამაყათ, რომ თქვენ, უბადრუკები და უღირსები, უფალმა ღვთის განგების იარაღად გაქციათ იმ რჩეული სულების ხსნისთვის, რომლებისთვისაც ქრისტე მოკვდა.
ღვთის გულისთვის, ნუ დამწუხრდებით! ნუ მოინდომებთ იმ სასყიდლის დაკარგვას, რომელიც ზეცაში აურაცხელი იქნება.
საღვთო სიტყვის ქადაგება შედარებით მცირე სათნოებაა, უფლისთვის თავის გაწირვა კი – სრული სიყვარულია. ეს იგივეა, რომ სული დადო მოყვასის სიყვარულისთვის.
რა თქმა უნდა, რთული და სახიფათოა ამ სათნოების მოპოვება. მაგრამ განა შეიძლება მაღალ წოდებას შრომისა და ჯაფის გარეშე მიაღწიო? ნუ დავივიწყებთ ღვთაებრივი ჯვარცმის მნიშვნელობას – ჩვენც მოვალე ვართ პატარა მხსნელებად ვიქცეთ, როცა, ღვთის ნებით, ამის დრო დადგება.
„უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ“ (იოან. 15, 20), თუკი მე განმიკითხეს და ცილი დამწამეს, თქვენც ასევე მოგექცევიან. და როცა ყოველივე ამას დაითმენთ ჩემი სახელის გამო, „გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა“ (მათ. 5, 12).
დავინახოთ, რომ ღმერთი ჩვენი მამაა. დაე, განვისვენოთ მისი საიმედო მკლავების სითბოში მოქცეულებმა. მან იცის, როგორ მოაგვაროს ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ.
როგორც ადამიანებს (მე პირველს), თავიდან გვეშინია, რომ ჩვენი ადამიანური უძლურება გამოჩნდება. მაგრამ შემდეგ კეთილი კვირინელი – ღვთის მადლი – მოდის, ჩვენს ჯვარს ტვირთულობს და გოლგოთაზე უფრო ადვილად ავდივართ.
განა ქრისტეს არ შეეშინდა გეთსამანიაში? რას ნიშნავდა წმინდა ოფლის წვეთები? ეს ხომ ადამიანურ უძლურებას ახასიათებს. მაგრამ შემდეგ როგორც ღმერთმა, მშვიდმა და წყნარმა, როგორც უმანკო კრავმა, სიცოცხლე გასწირა უმადური ადამიანისთვის.

6. ყველაფერი მოვითმინოთ, რომ ყოველთა ღმერთი მოვიპოვოთ. როცა ჭირს ვითმენთ, მაშინვე მომავალი სიკეთე განემზადება ჩვენთვის. როცა ამქვეყნიურ სიხარულს ვიკლებთ, უეჭველია, ჩვენს უკვდავ სულებში ღვთის სიხარულს დავიუნჯებთ. შეუძლებელია, აქ მოკლებული სიკეთის სანაცვლოდ მარადიული სიკეთით არ დავტკბეთ!
დაე, ცოტა რამ გავცეთ დედამიწაზე, რომ ღვთის წყალობათა ხელშეუხებელი ბანკიდან აქ გაცემული იქ პროცენტით მივიღოთ.
სათნოებათა თესლი ვთესოთ, რომ კეთილსურნელოვანი ყვავილებით შემკული საუკუნო დიდების გვირგვინით დავიმშვენოთ თავი.

7. არ უნდა გაგვიკვირდეს, როცა ვნებები და უძლურება გვებრძვის, არამედ ღმერთს ვევედროთ, მოგვცეს მოთმინება – როგორც სულის, ისე სხეულის ჭრილობების ეს საუკეთესო ბალზამი. მოთმინება გამორჩეული ბრილიანტია, რომელიც ამშვენებს ქრისტიანს და ჩვენი ცხონების ძნელად სავალ გზას გვიმსუბუქებს.
მოთმინება სულის სიმამაცე, საყრდენი და ღრმა ფესვია, რომელსაც მყარად უჭირავს ხე, როცა მას ქარი არხევს და ნიაღვარი აწყდება.
როცა დაეცემი, ადექი და როცა შესცოდავ, შეინანე. ღვთის მოწყალების უკიდეგანო ზღვის შემყურეს გულში სასოწარკვეთილების შხამი ნურასოდეს შეგეპარება. ადამიანმა რამდენიც არ უნდა შესცოდოს, სინანულით მისი ცოდვები ღვთის სახიერების ზღვაში იკარგება და უჩინარდება.

8. მადლობა შესწირე ღმერთს, რომელსაც, როგორც ვხედავ, ძალიან უყვარხარ. რომ არ უყვარდე, ისე არ იქნებოდი, როგორც ახლა ხარ. შენ დაღუპული გგონია თავი, მე კი ვხედავ, რომ სულიერად ძალიან კარგად ხარ. ოღონდ სასოწარკვეთილებაში ნუ ჩავარდები; იმედს ნუ გადაიწურავ. იმედის მქონე არასოდეს შერცხვება.
ცოდვათა უფსკრულიც რომ ფარავდეს ადამიანს, თუ ის ინანიებს და იმედს არ კარგავს, ეშმაკს მისი ეშინია. რადგან ზეციერი მამის მამობრივი გული უძღები შვილის ნათქვამით „ვცოდე“, მოლბება, პირველი მირბის, გულში იკრავს, ეამბორება, ნასუქ ზვარაკს უკლავს, ზეიმობს, რადგან მისი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა (ლუკ. 15, 19-24).
ცოდვილის უიმედობა სრულიად გაუმართლებელია. განა შესაძლებელია, რომ ოდესმე ერთმა მუჭა ქვიშამ ზღვა დაფაროს?

9. უაღრესად ნეტარია ის ადამიანი, რომელსაც ღვთის ცოცხალი სასოება აქვს და უფლისადმი რწმენას, ნდობას, დიდებასა და პატივს გამოხატავს. მაშინ ღმერთი თავს ვალდებულად თვლის, რომ იზრუნოს მასზე და სრულდება წმინდა სახარების სიტყვები: „სარწმუნოებისა შენისაებრ გეყავნ შენ“ (მათ. 9, 29).
მაგრამ, საუბედუროდ, დროდადრო თავს გვატყდება განსაცდელები, რომლებიც თავბრუს გვახვევს და ტკბილი იმედის ნათელი მზე უკუნი სიბნელით იფარება. მაშინ გზაკვალი გვერევა და ბოლოს ისე ვფიქრობთ და ვმოქმედებთ, ჩვენს ქრისტიანულ მოწოდებას რომ არ შეეფერება. მაგრამ ღვთის სახიერებამ, რომელმაც იცის, რომ კაცის გონება სიყრმიდანვე ბოროტებისკენაა მიდრეკილი და ადამიანებს ქრისტიანული სრულყოფილების სიმაღლეზე დარჩენა არ შეუძლიათ, დიდებული და უსასრულო სინანულიც მოგვმადლა.

10. მოთმინება იქონიეთ, შვილებო. ბრძოლაში სიმხნევეს ნუ დაკარგავთ, განსაცდელების სიმძიმისგან მუხლი ნუ მოგეკვეთებათ, რადგან ჩვენი სახიერი ღმერთი არ დაუშვებს ჩვენს ძალებზე აღმატებულ განსაცდელს.
რატომ აძლევთ საშუალებას სატანას, რომ უფრო მეტად შეგებრძოლოთ? გწამდეთ ღვთისა და რასაც დაუშვებს, ჩვენს სასიკეთოდ იქნება. განა ჩვენ მასზე უკეთ ვიცით?
მიანდეთ უფალს თქვენი საზრუნავი და ის იზრუნებს თქვენზე. საკუთარი ნებით ნუ იმოქმედებთ, რადგან რწმენა მადლისა და ღვთის მოხილვის ნაყოფია. განა თითოეულ ჩვენგანს პირადად არ განგვიცდია ღვთის წმინდა განგებულების სასწაულები? განა N-ს ღვთის მადლი არ ეწვია? თქვენი თავდადება რომ არა, ის ქრისტეს მხედრობაში იქნებოდა? განა უფალი ჩვენთვის არ შეიწირა მსხვერპლად? დიახ! ქრისტე ჯვარზე რომ არ ასულიყო სიკვდილისთვის, დღეს არ ვიქნებოდით ის, რაც ღვთის მადლით ვართ.
ამიტომ ყველაფერი, რაც ძალიან კარგი და სულიერად ამაღლებულია, სისხლით შეიძინება. დიახ, მაგრამ სასყიდელი ძალიან დიდია, განუზომელია და დიდებაც – ანგელოზთასწორი!
მთელი არსებით მესმის თქვენი, ამიტომ მეც ვიტანჯები. განსაცდელის დროს ადამიანი ყველაფერს ივიწყებს და იქამდე მიდის, მშვიდობის დროს რომ არ ისურვებდა ყოფნას.

11. ზოგადად თქვენი გულისსიტყვები კაცობრივია. ყოვლადძლიერი ღვთის რწმენით იწინამძღვრეთ და ყველაფერს ქარი გაფანტავს. „თმაი თავისა თქუენისაი არა წარწყმდეს“ (ლუკ. 21, 18). „იესო ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე“ (ებრ. 13, 8).
გაიხსენეთ წმინდანთა განსაცდელები და მშვიდად იყავით. ნუ დამწუხრდებით, რადგან ვნების ეშმაკი მაცდუნებელ და გამაღიზიანებელ სურათებს იმისთვის გვიხატავს, რომ მახინჯი და სახიფათო წინასწარგანწყობა გამოიწვიოს. სიკვდილის ჟამის იდუმალებაზე ფიქრს კი სიმშვიდე მოაქვს.
ილოცეთ, შვილებო, და ნუ გეშინიათ. ზესთამბრძოლი ღვთისმშობელი ძლევას ისევ ჩვენ მოგვანიჭებს. იფიქრეთ დის ძვირფას სულზე, გააცნობიერეთ მისი განუზომელი ღირებულება, რადგან ქრისტე მისთვისაც მოკვდა.

12. ყველაფერი მოითმინე. გახსოვდეს ქრისტე, რომელსაც ლანძღავდნენ, სილას აწნავდნენ, შოლტით სცემდნენ და ბოლოს ჯვარს აცვეს. მან კი ჩვენთვის ყველაფერი დაითმინა; ჩვენც, ვისაც ამდენი ცოდვა გვაქვს, მსგავსად უნდა მოვითმინოთ მისი სიყვარულისა და ჩვენი სულების ცხონებისთვის.
გახსოვდეს, რომ შენ შესახებ თქმული ყოველი ბოროტი სიტყვა თითო ოქროს გვირგვინიცაა. როცა ვინმეს შეურაცხყოფენ და უხეშ სიტყვას ეუბნებიან, სტკივა, მაგრამ ეს ტკივილი ვნებებისთვის, სულის ჭრილობებისთვის სამკურნალო ბალზამი ხდება. ვერც ერთი სათნოება ისე ვერ განწმენდს ადამიანს ამპარტავნებისა და სიdვის ვნებისგან, როგორც მოთმინებითა და დუმილით ატანილი შეურაცხყოფა და უგულებელყოფა.

13. მივიღე შენი სევდიანი წერილი. ყურადღებით წავიკითხე, ჩემი სული ტკივილით აღივსო, ვტიროდი, ცრემლითა და გლოვით ვილოცე შენთვის. მოითმინე, შვილო, ღმერთმა ასე იმიტომ მოაწყო, რომ ძალიან უყვარხარ. ალბათ, კარგად რომ ყოფილიყავი, ყურადღებით არ მოეპყრობოდი შენს თავს. ახლა კი, სნეულების დროს ღმერთმა ამდენი სიმდაბლე, თავისბრალობა და მოთმინება მოგმადლა და ეს სათნოა მისთვის.
ყოველთვის მადლობა შესწირე ღმერთს, რადგან მან, როგორც მამამ, თითოეული სულისთვის უმჯობესი იცის და, შესაბამისად, ცხონებისთვის სხვადასხვა საშუალებით მოგვიწოდებს იმის მიუხედავად, ვაცნობიერებთ თუ არა ამას ადამიანური არასრულყოფილებისა და შეზღუდულობის გამო.
მოითმინე, შვილო, ღმერთმა, რომელმაც ეს სნეულება მოგცა, იცის, რომ ამაში დიდი სარგებელია დაფარული.
ყველა ბოროტებაში სიკეთის მარცვალი იმალება. ამიტომ მოითმინე და მოწამეობად ჩაგეთვლება.
იფიქრე, რომ ვინც სამოთხეში, ღვთის სასუფეველში შევიდა, მოწამეობრივი ცხოვრება გაიარა: ზოგმა ავადმყოფობით, ზოგმა – შრომით, ზოგმა – ტკივილითა და დევნით.
თითოეული ჩვენგანი თავისი ძალების შესაბამის ჯვარს ტვირთულობს, რომ მივემსგავსოთ ქრისტეს, რომელმაც დედამიწაზე ცხოვრების დროს ჩვენთვის ჯვარი იტვირთა. ასე რომ, მხოლოდ მაშინ ვიდიდებით ქრისტესთან ერთად, თუ მასთან ერთად ვევნებით.

14. ხსნის იმედს ნურასოდეს დაკარგავ, გოდებით მოუხმე უფალს და იტირე. ღმერთი არასოდეს უგულებელყოფს ცხონების მსურველ და მონანულ სულს, როგორც არ უნდა დაშავდეს ის ბრძოლისას.
ღმერთმა იცის ჩვენი ბუნების უძლურება. თიხა წყლის ძალას როგორ გაუძლებს, თუ ღმერთმა სულიწმიდის მადლით არ გამოწვა იგი? ღმერთმა, როგორც შეუმცდარმა თვალმა, იცის, რომ თუ ხელს გაგვიშვებს, დავეცემით და დავიღუპებით. ამიტომ არ უშვებს ისე გამოვიცადოთ, როგორც ეს ეშმაკს სურს. ღმერთმა რომ დაგვტოვოს, ბოროტი ყველას ერთად ჯოჯოხეთში ჩაგვყრიდა; მაგრამ სახიერი ღმერთი მას ხელს უშლის და იმდენის უფლებას აძლევს, რამდენის ტვირთვაც შეუძლია თითოეულ სულს.
ბრძოლის დროს როგორც არ უნდა დავიჭრათ, სიმხნევეს ნუ დავკარგავთ, ჭრილობებს მივხედოთ და განვაგრძოთ ბრძოლა. როცა ღმერთი დაინახავს ჩვენს შრომასა და გადარჩენის მცირე სურვილს, გამარჯვებას მოგვანიჭებს.
დიდი ბოროტებაა, როცა მეომარი ბრძოლაში სიმხნევეს კარგავს, რადგან მტერი მაშინვე გაშმაგებით ესხმის თავს, რომ დაამარცხოს. ამიტომ, შვილო, გამხნევდი და იმედს ნუ დაკარგავ, თქვი: „მირჩევნია ღვთის სადიდებლად ბრძოლაში მოვკვდე, ვიდრე ეშმაკთან ბრძოლა მივატოვო და ამით ღმერთი დავამწუხრო“.

15. შვილო, მოთმინება უნდა ვიქონიოთ და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე დაუღალავად ვითხოვოთ ღვთის მოწყალება. რატომ ეწოდა ქანანელ დედაკაცს ნეტარი? „არცაღა ისრაელსა შორის ესოდენი სარწმუნოებაი ვპოვე“ (მათ. 8, 10), სარწმუნოებისა და იესოს მიმართ გულმოდგინე თხოვნის გამო: „შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს“ (მათ. 15, 22).
იესომ ის განდევნა, ყურადღება არ მიაქცია, დედაკაცი კი არ დუმდებოდა, ყვიროდა, სანამ თავი არ შეაწყინა ქრისტეს, რომელიც, ალბათ, გამოცდიდა მას, ბოლოს კი შეუსრულა თხოვნა.

16. ყველაფერი ისე მოითმინე, შვილო, როგორც ქრისტესთვის გაყიდულმა მონამ, რომელსაც კიცხავენ, უდიერად ეპყრობიან, არაფრად აგდებენ და როგორ აღარ ამცირებენ, ის კი ყველაფერს ითმენს, რადგან თავისუფლება არ აქვს. შენც ასე იფიქრე საკუთარ თავზე, შვილო. იესოს სახელოვანი მონობისთვის ყველაფერი უნდა აიტანო, რომ ქრისტემ ზეციურ იერუსალიმში საუკუნო თავისუფლება მოგანიჭოს.

17. შვილო, იტვირთე ძმები. ვიცი მათი სიმძიმე; ჩემი თვალისგან დაფარული არ არის, რასაც ითმენ. მაგრამ ვისთვის ითმენ ყველაფერს? მხოლოდ და მხოლოდ ქრისტესთვის. განა ის ამის ღირსი არ არის? რომელი კეთილი საქმე, ან სათნოება შეიძლება გაუტოლდეს ღვთის სიყვარულსა და შემწყნარებლობას, რომელსაც ჩვენდამი ავლენს? ჩვენ ვითმენთ, თუ ქრისტე განგვამტკიცებს უხილავად? ქრისტე შეგვეწევა. ასე რომ არ იყოს, ვინ შეძლებდა სულების ამხელა სიმძიმის ტვირთვას იმ დროს, როცა საკუთარი თავიც ვერ გვიტვირთავს? ერთადერთი, რაც უნდა შევძლოთ, არის ლოცვა, რომ ღმერთმა მოგვცეს მოთმინება, რათა ჩვენი მოვალეობის შესაბამისად ვიტვირთოთ მათი უძლურებები, ვის გამოც პასუხისმგებლობას ვატარებთ.
თითოეულ ჩვენგანს თავისი ძალის შესაბამისი ტვირთი აქვს, ღმერთი კი ხედავს ჩვენს უმწეობას და შეგვეწევა.
ნუ დრტვინავ, ნუ ჩაიმუხლავ, შვილო. სარბიელზე გამოსვლის დროა. გაიქეცი ზეციური მოწოდების ჯილდოს მოსაპოვებლად. ნუ გეშინია, ქრისტე, რომლის სიყვარულისთვისაც თავსიდე ღვაწლი, უხილავად შენ გვერდით იმყოფება.

18. გისურვებ, უფალმა მოგცეს მოთმინება, განათლება, გულისხმისყოფა და ჯანმრთელობა, რომ სიბრძნითა და სიმშვიდით შეძლო ძმობის ხომალდის მართვა. შფოთი არასოდეს შეწყდება, რადგან არსებობს ეშმაკი, რომელიც მუდმივად თავს გვესხმის თავისი ბოროტებით. უდრტვინველად მოვითმინოთ ძმების უძლურებები და შინაგანად დავიმდაბლოთ თავი, მაგრამ კრებულის მართვის საკითხში წინამძღოლის ადგილი შევინარჩუნოთ.
მოთმინება იქონიე, შვილო. თითოეული ადამიანი შრომის მიხედვით მოიმკის. ღვთისთვის ვიშრომოთ. ვინც ღვთისგან სასყიდელს ველით, არ უნდა მივეცეთ მწუხარებას და სასოწარკვეთილებას.

19. ყველაფერი რწმენითა და სასოებით უნდა ვაკეთოთ, რადგან „ყოველი, რომელი არა სარწმუნოებით არს, იგი ცოდვა არს“ (რომ. 14, 23). როგორც არ უნდა გაშმაგდეს ვნებების ზღვა და მის ტალღებს ჩვენი ჩაძირვის ძალა ჰქონდეს, ჩვენ უფალზე დავამყაროთ იმედი და მაშინ ტალღები საპნის ბუშტებივით შეენარცხება იესოს მიმართ სასოებისა და სიყვარულის კლდეს.
სულის სიმხნევეს ნუ დაკარგავთ, როცა განსაცდელები გარს შემოგერტყმებათ, არამედ კეთილი აზრებით აენთეთ და გაიხსენეთ უფლის სხვადასხვა გამონათქვამი. ეს გონებას გაგინათებთ და მიხვდებით, თუ როგორ გაუმკლავდეთ ყოველ განსაცდელს. თავი ვაიძულოთ, რომ ჩვენი სულის ლამპარი ზეთით ავავსოთ და უფალს მღვიძარე, კეთილი საქმეების ზეთით სავსე დავხვდეთ, რათა საუკუნო სიხარულისა და მხიარულების ღვთაებრივ სასძლოში შევიდეთ.
ბრძოლა მცირე არ არის, არც ერთ დღეში მთავრდება და ჩვენს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გაგრძელდება. ამიტომ, მოდით, ჩვენი იესოს უტკბესი სახელით აღვიჭურვოთ, რომ ეშმაკისთვის ჩვენს გულში ადგილი არ დარჩეს. მაგრამ იესოს ხსოვნა რომ გვქონდეს, ამისთვის დიდი გულმოდგინება, თავის იძულება, სარწმუნოება, იმედი, შეუპოვრობა, მოთმინება და დროა საჭირო.

20. ქრისტეს იმედი გქონდეს და ეშმაკების მუქარის ნუ შეგეშინდება, არამედ უფლის მახლობლად მკვიდრობდე და თქვი: „ღვთისა ჩემისა მიერ გარდავხედ ზღუდეთა“ (2 მეფ. 22, 30), ესე იგი, ეშმაკთა დაბრკოლებებს ჩემი ღვთის ძალით ვძლევ.
ეცადე კარგად დაიწყო, მაშინ დასასრულიც წარმატებული გექნება. როგორც დაიწყებ, ისე განაგრძობ სვლას.
ნუ უგულებელყოფ შენს მცირე ნაკლს, ნუ იტყვი: „ეს არაფერია“. არა. მცირე დიდი გახდება და მისგან სხვა ბოროტებაც იშვება. ის, ვინც მცირეზე არ იზრუნებს, დიდ ცოდვაში ჩავარდება.

21. ნურაფერზე დამწუხრდები გარდა იმისა, რომ ზოგიერთ საკითხში მოუთმენლობას იჩენ, რითაც კარგავ საუკუნო სასყიდელს და ლოცვაში კადნიერებას ღვთის წინაშე. ილოცე, რომ უფალმა მოთმინებისა და სულგრძელობის სიმდიდრე გაგიმრავლოს, ამ საგანძურით კი სხვებსაც გაამდიდრებ.
ძალიან გთხოვ, ნუ დაკარგავ სულიერ სიმხნევეს, არამედ ღვთის მტკიცე რწმენით აღიჭურვე, რადგან უფალი ჩვენს ძალებზე აღმატებულ განსაცდელს არ დაუშვებს ჩვენზე.

22. შვილო, მოუთმინე შენს შვილებს. რას ვიზამთ, მართალია, ცელქი ბავშვები არიან, მაგრამ სხვაგვარადაც ვერ იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ უნდა მოვითმინოთ. ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტან, ზედმიწევნით ნუ გამოიკვლევ, წვრილმანებს ნუ გამოეკიდები, რადგან მუდმივად გულდამძიმებული შენს ჯანმრთელობას ავნებ და უარესი იქნება. ყურადღებას ნუ მიაქცევ მათ ანცობას, უფრო მეტი ილოცე და ლოცვა სასწაულს მოახდენს. მაშინ ისინი სასწაულებრივად, ძალისხმევის გარეშე გახდებიან მშვიდი და წყნარი ბავშვები. ბავშვობაში ბევრი ყოფილა ძალიან ცელქი, შემდეგ კი ყველაფრით გასაოცარი ადამიანები დადგნენ. ცელქი ბავშვები, ჩვეულებრივ, გონიერებიც არიან და ხვალ-ზეგ შენი ამაგი, შესაძლოა, ასწილად დაგიფასდეს.
შვილო, სიმხნევეს ნუ დაკარგავ. სანამ ამ ამაო სოფელში ვცხოვრობ, იმედი მაქვს, ღვთის შეწევნით, ყველა გასაჭირში დაგეხმარები. ვიცი, რომ პასუხისმგებლობა მუდმივ ტვირთად მაწვება, ჩემი თავისუფალი დრო კი მცირდება, მაგრამ შევეცდები, რამდენადაც ძალა შემწევს, შეგეწიო.

23. გზა, რომელსაც ადამიანი მიჰყავს იმ ცხოვრებისკენ, სადაც არ არის ტკივილი, ეკლითა და კუროსთავითაა მოფენილი. ვისაც ამ გზის გავლა სურს, ხშირად სისხლი სდის, სტკივა; ხშირად სასოწარკვეთილებაც მოიცავს. მაგრამ მისდამი სასოება, ვინც ეუბნება: „არა დაგიტეო, არცა დაგაგდო შენ" (ებრ. 13, 5), და პავლე მოციქულის სიტყვები: „რომელ ჭირს შეუძლია ჩვენი ქრისტეს სიყვარულისგან განშორება?" (რომ. 8, 35) – მის გულს განამტკიცებს, რომ ბოლომდე დაითმინოს.
როცა ადამიანს სურს ზღვა გადაცუროს და მოპირდაპირე ნაპირს მიაღწიოს, სადაც ხსნა ელის, კარგად დაფიქრდება, ძალებს აწონ-დაწონის და როცა მიხვდება, რომ ამის უნარი შესწევს, ზღვაში გადაეშვება და გაცურავს. რაც უფრო წინ მიიწევს, მეტ დაღლას გრძნობს და ტალღებიც უფრო გაშმაგებული ეჩვენება, ვიდრე თავიდან. გულში ნელ-ნელა შიში ეპარება, რაც კიდევ უფრო აცლის ფიზიკურ და სულიერ ძალებს. თუ შიშს განაგდებს და იფიქრებს, რომ გამოსავალი ერთია: მთელი არსებით ეცადოს ზღვის გადაცურვას, რადგან შიშის გამო შეიძლება დაიხრჩოს, მაშინ ასეთი თავის გამხნევებით ადამიანი ნაპირსაც მიაღწევს და გადარჩება კიდეც.
ხოლო თუ ორნი მიცურავენ, ერთ-ერთს კი შეეშინდება და იძირება, მეორე მას ამხნევებს, დაუძლურებულ გულისსიტყვას განუმტკიცებს, იმ საფრთხეზე მიუთითებს, რაც სიმხდალემ შეიძლება მოუტანოს, ხელსაც შეაშველებს და ასე ადამიანი გადარჩება. „ძმა, ძმისა შემწე, ვითარცა ქალაქი ძლიერი“ (იგავ. 18, 19).

24. მონაზონს, ისევე როგორც მეომარს, უიმედობა არ შეჰფერის. რამ უნდა მისცეს ძალა, რომ იარაღი ატაროს და ღამის დამქანცველი სამხედრო გადაადგილებები, თუ თავდასხმები განახორციელოს გამარჯვების მოსაპოვებლად?
ასევეა გონიერი მტრის წინააღმდეგ მებრძოლი მონაზონიც – ქრისტეს სულიერი მხედარი. იგი თავის სულიერ მიზანს მხოლოდ გამამხნევებელი იმედითა და საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვით მიაღწევს.

25. ოდნავადაც ნუ იდარდებთ. ყველაფერი გაივლის და ქარიშხალი დაცხრება. სასოწარკვეთილება ნუ მოგიცავთ; ღვთისა და ღვთისმშობლის იმედი გქონდეთ. უფალი არასოდეს, არასოდეს მიატოვებს იმ დამაშვრალ სულებს, რომლებიც ცხონებას ეძებენ. ეშმაკი გაშმაგდა, რადგან გეგმები ჩაუშალეს – რამდენის გაკეთება ჰქონდა მიზნად დასახული. დიდება შენდა, ღმერთო, ყველაფრისთვის. იტვირთეთ, შვილებო, ჯვარი; ქრისტესთან ერთად ჯვარს ეცვით და მალე ბრწყინვალე აღდგომა მოვა. ახლა რამდენადაც გიჭირთ, მით მეტად იგრძნობთ თავისუფლების სიხარულს. ასეა დასახული ქრისტიანთა ცხოვრება: ჭირითა და მწუხარებით. ვისაც სურს, თავისი ცხოვრებით ღვთის მიმდევარი იყოს, მრავალ სატანჯველს გაივლის.
გამხნევდით და ნუ გეშინიათ, ქრისტეს მტკიცე რწმენა გქონდეთ. ის ყოვლისშემძლეა. როგორც არ უნდა გამძვინვარდეს სატანა, ქრისტეს წინაშე, მისი ძლიერების წინაშე ეშმაკის ყველა მანქანება განქარდება.
მხოლოდ ილოცეთ და დამშვიდდით. მიენდეთ ღვთის განგებულებას. ყველა ტანჯვას კეთილი დასასრული ექნება. ჩემი მოძღვარი დიდი განსაცდელების დროს ჭვრეტად აღიტაცებოდა!
ნუ შეძრწუნდებიედ გულნი თქუენნი, ნუცა ეშინინ


თავის იძულების, სიმამაცისა და თავის უარყოფის შესახებ

გისურვებთ, დიდებული ბრძოლის ის მეომრები გახდეთ, რომელთა გამარჯვებასაც სიხარულით ესალმებიან ანგელოზთა ძალნი; რადგან ერთი გვყავს მეუფე, ერთია მოქალაქეობა ცათა სასუფევლისა და ერთ თვალშეუდგამ ნათელში ვიცხოვრებთ საუკუნო ბედნიერი, დაუსრულებელი, დაუღამებელი ცხოვრებით; ჰოი, ღვთაებრივი დღე! წარმართთა მოციქულმა პავლემ მთელი ხმით შეჰღაღადა: „ვინ განმაშოროს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ... შიშლოებამან“ (რომ. 8, 35). მჯერა, არავის ძალუძს ჩვენი განშორება ქრისტეს სიყვარულისგან, როცა სურვილი შვიდგზის აგზნებული სახმილივით მწველია. დიახ, თქვენც ამას გისურვებთ, რათა იდიდებოდეს ის, ვინც ჩვენთვის თავსიდო ლანძღვა, შეურაცხყოფა, ყვრიმლისცემა და სიკვდილი, ჯვარზე სიკვდილი!
როცა ჭირი და განსაცდელი გექნებათ, ნუ დაკარგავთ იმედს. ნუ ჩათვლით, რომ ჩვენი ცოდვების გამო ღმერთმა მიგვატოვა. ასე არ არის. უფალი გვწვრთნის, რომ სიბრძნეში გავიწაფოთ. მას არ სურს სულელები ვიყოთ. სურს, ღვთაებრივი სიბრძნით განბრძნობილნი გვიხილოს.
თუ არ შეგვებრძოლებიან, როგორ გამოჩნდება, რომ ქრისტეს მხედრები ვართ? მეომარი, შესაძლოა, ომში დაშავდეს, მაგრამ ეს მის დამარცხებას როდი ნიშნავს. და თუნდაც გვძლიონ, ისევ წამოვდგებით და ბრძოლას გავაგრძელებთ.
როცა იესო მოგვიწოდებს და ჩვენც მისდამი წმინდა ერთგულებით ცხოვრებას ავირჩევთ, თავიდან, ცხადია, მისი ყოველი სიტყვის თანმიმდევრულ აღსრულებას ვერ შევძლებთ. ვიცით, ჩვენში სხვა სჯულიც არსებობს, ის წინ აღუდგება საღვთო, ჩვენ მიერ არჩეულ სჯულს და იბრძვის, რომ იესოს სიყვარულს განგვაშოროს. ეს ბრძოლა იმის მანიშნებელი როდია, თითქოს მოწოდების ღირსნი არ ვიყოთ. ჩვენ შიგნით არსებული ცოდვის სჯულის გასანადგურებლად წარმოებული ბრძოლა ქრისტესადმი ჩვენს მგზნებარე სიყვარულს წარმოაჩენს. უბრძოლველად რომ ყოფილიყო შესაძლებელი იესო ქრისტეს სიყვარულის მოპოვება, ჩვენს ნებას ფასი არ ექნებოდა, რადგან ღვთაებრივ სიყვარულს ბრძოლის გარეშე მოვიგებდით.
მაშ ასე, ჯილდოს მაშინ მივიღებთ, როცა იმ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, რომელსაც სოფლის სიყვარული გაგვიწევს, შევძლებთ ღვთის ცხოველმყოფელი სიყვარული მოვიპოვოთ და მიუხედავად ცოდვის მიმზიდველობისა, სათნოების ციხე-სიმაგრედ აღვემართოთ!
ჩვენი მიზნის გარშემო ღრუბელი შეიყრება, განადგურებით და გაცამტვერებით დაემუქრება მას; ჭექა-ქუხილი ჩვენს შეშინებას ეცდება, რომ ნირი წაგვიხდეს, მაგრამ გამხნევდით და ნუ შეგეშინდებათ – ცათა სასუფევლის კარს მრავალი ჭირითა და განსაცდელით მივაღწევთ (საქმე. 14, 22).
მოწამეებმა რწმენითა და თავის სრული უარყოფით იღვაწეს, ასე მოიპოვეს აღთქმული სიკეთე და დიდების მარადიული გვირგვინები! ასევე ჩვენც, იესო ქრისტეს რწმენით და თავის სრული უარყოფით შევძლებთ ღვთის მადლით გამარჯვებას.
შინაგანად ისე უნდა გავძლიერდეთ, რომ გადაჭრით ვთქვათ: „სიკვდილიც რომ მემუქრებოდეს, ჩემი მომწოდებელი იესოს რწმენას მცირედაც არ განვეშორები; სიცოცხლეს დავთმობ და ნაბიჯითაც არ დავიხევ უკან“. თუკი შინაგანი სიმხნევე ასეთი იქნება, იმედი გვქონდეს, რომ ღვთის მადლით გამარჯვებას მოვიპოვებთ.
განუწყვეტლივ იმეორეთ იესოს ლოცვა; დაუღალავად იღვაწეთ; იყავით თავშეკავებულნი; ილოცეთ; უბრალო და მოკრძალებული სამოსი ატარეთ; სასულიერო წიგნები იკითხეთ; ღამე ლოცვისთვის ადექით, რომ მხურვალენი იყოთ და კლდეებად იქცეთ. ასე ვმოსაგრეობდი მე საწყალობელიც ერში ყოფნისას: ღამე ფარულად ვდგებოდი და მეტანიებს ვაკეთებდი, ვლოცულობდი და ღვთისმშობელი მე, მდაბალს სასწაულებრივად შემეწია.

2. ვხედავ თქვენს ბრძოლას, ვითვლი გვირგვინებს, მშურს ჯილდოების, გონებით გადავდივარ მომავალ საუკუნეში, სადაც უხორცო არსებები გამარჯვების ჰიმნებს ააჟღერებენ. განცვიფრება მიპყრობს და საკუთარ თავს ვტირი, რადგან არ მიბრძოლია ისე, როგორც თქვენ იბრძვით.
შვილებო, მოწამეებზე იფიქრეთ, თუ რა დაითმინეს ქრისტესთვის! რაც მეტი ადამიანი ეწამებოდა, მით უფრო მრავლდებოდა ქრისტიანთა რიცხვი. ჩვენი ეკლესია მარტვილთა სისხლითაა მორწყული.
ჩვენც მოწამეები ვართ ამ გახრწნილ საზოგადოებაში, რადგან იესო ქრისტესგან მომადლებული უბიწო ცხოვრებით ვამხელთ ღვთის თაყვანისცემისგან განშორებულ ადამიანებს და მათ უზნეობას.
უბიწოდ იცხოვრეთ და უფალს ნუ დაშორდებით, შვილებო. ცილისწამება და ცრუ-ბრალდება დაითმინეთ, რომ ამგვარად მას მიემსგავსოთ. ასე მოექცნენ ჩვენს იესოს მწიგნობრები, ფარისევლები და მღვდელმთავრები - უსამართლოდ ჯვარს აცვეს იგი. ამიტომ, ვისაც სურს უფალს შეუდგეს, იგივე გზა უნდა გაიაროს.
მუხლი მოიყარეთ იესოს წინაშე, სიკვდილამდე მისი ერთგულებისა და სიყვარულის ცრემლი დაღვარეთ. დაე, ტალღები ცას სწვდებოდნენ და უფსკრულში ვარდებოდნენ. თუკი სარწმუნოება გვექნება, იესო ქრისტე, ჭეშმარიტი ღმერთი, საშინელი, ღვთაებრივი წამისყოფით დააყუდებს მათ.
ჭეშმარიტად და შეუორგულებლად გწამდეთ მისი, ვინც თქვა: „მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“ (მათ. 28, 20). იესო ჩვენთანაა, ნუ გეშინიათ. ზესთამბრძოლი დედოფლის, ღვთისმშობლის მეოხებით ის ჩვენს დასაცავად იბრძოლებს და გამარჯვებას მოგვიტანს.

3. თუ მცონარობა წარმატებულთათვისაც საზიანოა, რამდენად ავნებს იგი გამოუცდელებს! ამიტომ, შვილებო, თავი აიძულეთ, რადგან რაც უფრო ზარმაცობთ საკუთარი ცხონებისთვის ღვაწლში, მით მეტად ცდილობს მტერი ჩვენს წარწყმედას.
ნუ თვლემთ, თუ გსურთ, მტრის მახეებს გადაურჩეთ, რადგან მძინარე ადამიანი სასიკვდილო ჭრილობებს იღებს, ხოლო ის, ვინც ფხიზლადაა, როგორადაც არ უნდა დაშავდეს, მაინც იბრძვის და მტერს საპასუხო დარტყმას აყენებს.
შვილებო, გონებადაფანტულობისა და უდებების გამო ნუ დაკარგავთ იესოს ლოცვას. ნუ დაივიწყებთ: როგორი დასაწყისიც გექნებათ, ისე გააგრძელებთ ბოლომდე. მაშ, შედეგისა გეშინოდეთ და ყურადღებით იზრუნეთ დასაწყისზე, რადგან მოვა დრო და მიხვდებით, რა მნიშვნელოვანია ის, რაზედაც დღეს ასე ხაზგასმით მიგანიშნებთ.
მთავარია, კარგად დაიწყოთ, რადგან „კარგი დასაწყისი საქმის ნახევარია“. ხმამაღლა იმეორეთ იესო ქრისტეს ქვეყნიერების მხსნელი სახელი; არა ისე, რომ მხოლოდ თქვენ გესმოდეთ, არამედ ხეობებმა რომ მოგცენ ხმა. იღვაწეთ, რადგან ასეთები ცხონდებით, ასეთები მოიწევთ საუკუნო ცხოვრების ტკბილ ნაყოფს!
მე ჩემს მოვალეობას აღვასრულებ, რომ ძალისხმევა და გულმოდგინება არ მოვაკლო თქვენი ცხონების საქმეს, რადგან მინდა პირნათელი წარვდგე ღვთის წინაშე; რაც შეეხება ცოდვებს, ეს ჩემი პირადი საქმეა.
თავი აიძულეთ მღვიძარებისთვის, რადგან ის საუკუნო ცხოვრების საწინდარია. ვინც ღამეს ლოცვაში ატარებს, დიდი მადლით დატკბება. ეს იმ შრომის საფასური იქნება, რომელიც საკუთარ ბუნებასთან წინააღმდეგობისას გასწია.
მონაზვნური მოქალაქეობის საქმეთაგან ღამისთევაზე აღმატებული არც ერთი არ არის. ის, ვინც ამ საქმეში უდებია, მადლის ნაცვლად ცოდვას მოიმკის. როგორ წარდგება დაკემსილი კვართით იესო ქრისტეს წინაშე? ენით აღუწერელი იქნება მისი შერცხვენა მაშინ, როცა ძმები ახალ, სპეტაკ კვართებში შემოსილნი გამოცხადდებიან. „რომელსა ძალუძს გულისხმისყოფად, გულისხმაჰყავნ“.

4. საკუთარი თავი მსხვერპლად გაიღეთ, რომ შემდეგ ის საუკუნო სასუფეველში პოვოთ! გულმავიწყობა ნუ დაგეუფლებათ. ეს თქვენი სულის სინოტივეს ბოლომდე გამოაშრობს, ასე გამოიფიტებით და მოკვდებით ღვთისთვის.
ქრისტეს მამაცი მხედრები გახდით. საქმით ნუ უარყოფთ მას. ადიდეთ მისი სახელი. ყოვლადდასაწველ მსხვერპლად იქეცით, რომ უფალმა თქვენი კეთილსურნელება იგრძნოს.
თქვენთვის ვევედრები ღმერთს, თქვენთვის ვტირი, რადგან ჩემი ქრისტესმიერი შვილების სიყვარულისა და მათთვის ტანჯვის გარდა არაფერი ვიცი. თქვენგან კი მხოლოდ ურთიერთსიყვარულს და ერთმანეთის წინაშე დამდაბლებას ვითხოვ.

5. იღვაწე, შვილო, რომ სულმა ნაყოფი გამოიღოს, ვინაიდან თითოეული გაწეული ღვაწლის მიხედვით დაიკავებს ადგილს იესოსთან.
ნუ გეშინია, გავივლით ცეცხლსა და წყალში. ცეცხლში – როცა ჩვენზე მოწეული განსაცდელები თავისი მოქმედებით ცეცხლად გვეჩვენება. ეს სიძულვილის, შურისა და სიძვის უხამსი გულისსიტყვებია. ხოლო წყალს ვამბობ, რადგან უიმედობის, სასოწარკვეთის გულისსიტყვები თითქოს წყალში ძირავენ სულს. ცეცხლისა და წყლის გამოვლის შემდეგ ღმერთი იმ სულიერ განსასვენებელში აგვიყვანს, რომელსაც სამარცხვინო გულისსიტყვებისგან გათავისუფლებით შევიგრძნობთ, მადლის მიერ კი უვნებობას მოგვანიჭებს (ფსალმ. 65, 12).

6. შვილო, იყავი მდუმარე, თავმდაბალი და სიკვდილამდე მორჩილი. მზად იყავი მსხვერპლად შეეწირო საკუთარი ნების მოკვეთას, თუნდაც ეს ნამდვილ მოწამეობად მოგეჩვენოს – სწორედ ამას ნიშნავს თავის უარყოფა.
თუკი ამას დაიცავ, ნუ შეგაშინებს რაიმე ბოროტება ნურც ეშმაკების, ნურც ადამიანების მხრიდან, რადგანაც ღვთის ბრძანებების შემსრულებელს ღმერთი ყოველგვარი ბოროტებისგან იფარავს.
სიტყვა-პასუხში უკმეხი ნუ იქნები; როცა გამხელენ, თქვი: „შემინდე“.

7. ეშმაკი გვაცდუნებს და გვავიწყდება, რომ თავის იძულება გვმართებს, რადგან დღეები გადის, ნელ-ნელა სიკვდილს ვუახლოვდებით და სინანულიც უნუგეშო იქნება.
თავი აიძულეთ, შვილებო, დრო გადის, საკუთარ თავს გაუფრთხილდით. ეშმაკს არ სძინავს, ფხიზლობს და იბრძვის, ეძებს, ვინ შთანთქას. შვილებო, ფრთხილად იყავით, არ დავღუპოთ ჩვენი უკვდავი სულები, რომლებიც უფრო ძვირფასია, ვიდრე მთელი სამყარო ერთად აღებული.
იფიქრეთ ქრისტეს საშინელ სამსჯავროზე, მის წინაშე ყველანი მუხლმოყრილნი წარვდგებით უკანასკნელი განაჩენის მოლოდინში, რომელიც ჩვენს მომავალს საუკუნოდ განსაზღვრავს!

8. ბრძოლის დროს ეშმაკი ძალას არ იშურებს, ისრებს გვესვრის და გვჭრის; ცდილობს, სული დაარწმუნოს, რომ ვნება უკან არ დაიხევს. ასე იმიტომ იქცევა, რომ მებრძოლი მოდუნდეს, ძალა დაკარგოს და დანებდეს.
მაგრამ თუ მებრძოლი მზაკვრობას მიუხვდა, მოითმენს, გამხნევდება და იტყვის: „სიცოცხლე ან სიკვდილი“. უმჯობესია ღვთისთვის სიკვდილი, ვიდრე უდებებითა და სინდისის ქენჯნით სიცოცხლე. და თუ ამგვარი ცოდნითა და სიმამაცით საბრძოლველად მოემზადება, ქვესკნელის ურჩხული, რომელიც თავისი მზაკვრობით მთელ მსოფლიოს შთანთქავს, გარკვეულ დრომდე უკან დაიხევს; არა იმიტომ, რომ ეშინია, არამედ ხედავს მებრძოლის საღვთო მოშურნეობას და არ სურს, მას გვირგვინების მოპოვების მიზეზად ექცეს.

9. რატომ ტოვებ, შვილო, შენს „ვენახს შემოუღობავს“? რატომ ტოვებ დაუცველად ნაყოფს, რომელიც ასეთი ბრძოლის ფასად გამოიღე? რატომ დატოვე ძაღლი – სულის მოშურნეობა – მშიერი, მას ხომ ყეფის ძალა აღარ ექნება, მძარცველები და გარეული მხეცები რომ დააფრთხოს? რატომ დაგავიწყდა, რომ ცათა სასუფეველს ის დაიმკვიდრებს, ვინც თავს აიძულებს? არ გიფიქრია, რომ ვინც დაუდევარია და სულზე არ ზრუნავს, მას საუკუნო ცეცხლი ელის? „აღსდექ, რასა გძინავს? აღსასრული მოახლებულ არს და გეგულვების აღშფოთება“. გაიღვიძე და თქვი: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი და აღმადგინე შენს მსახურებად, რათა მომიტევო თანანადები ჩემი, ვითარცა კაცთმოყვარემან“.
ასპარეზობის მსაჯული უხილავად ჩვენ გვერდითაა, თითოეული სულის ბრძოლას თვალყურს ადევნებს და ითვლის, რამდენი ჯილდო უნდა გასცეს. გვირგვინთა მოსაპოვებლად საღვთო შურით აღვივსოთ, შეუპოვრად ვიბრძოლოთ და ჯილდოსაც მოშურნეობის შესაბამისად მივიღებთ.
შვილო, გაიხსენე, როგორი მონდომებით სწავლობდი და ცდილობდი, სანიმუშო მოწაფე ყოფილიყავი. ასევე უნდა მოიქცე სულიერი განათლების მისაღებად – ნამდვილი ფილოსოფიის, ღვთისმოშიშების მოსაპოვებლად, სარწმუნოების განსამტკიცებლად და ზნეობის სიწმინდის მისაღწევად. საერო ცოდნაში წარმატება შეიძლება სულისთვის დაბრკოლებად იქცეს მაშინ, როცა სულიერი წარმატება ზეციური სიმაღლისკენ აღმაფრენაა.
ქრისტესთვის იღვაწე, შვილო. სხვები მას სამარცხვინო ქცევით შეურაცხყოფენ, შენ კი ბილწი გულისსიტყვებისგან განწმენდილი გონების ბრწყინვალებით ადიდე ის! განაგდე ყველა აზრი, რომელიც ჩვენში ღვთაებრივი განბანისას დამკვიდრებული სულიწმიდის მიერ განწმენდილ გონებასა და გულს შეაგინებს. გეშინოდეს ღვთისა – ესაა ნამდვილი სიბრძნე. „დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისა“ (იგავ. 1, 7). ნუ გეშინია გულისსიტყვების მუქარის, რომელიც დემონებისგან მოდის. შენი ძლიერება დაამყარე ღმერთზე, რომელიც გიხსნის სულმოკლეობისა და ნიავქარისგან“ (ფსალმ. 54, 8). გამხნევდი და როგორც მამაცმა რაინდმა, გასწიე ზეციური იერუსალიმისკენ, რომლის ნათელიც სიხარულით შეგეგებება.

10. შვილო, მივიღე შენი წერილი. მტკიცედ იდექი, მჭიდროდ შემოირტყი სარტყელი და ბრძოლისთვის განემზადე, რადგან მატერიალური ნივთების მოსაპოვებლად კი არ იბრძვი, არამედ ზეციური, ღვთაებრივი მემკვიდრეობის მისაღებად, ისეთის, როგორზეც პავლე მოციქული გვეუბნება: „რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თვისთა“ (1 კორ. 2, 9). ასევე, ზეციურ სიკეთეთა გვერდით „ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი" (რომ. 8, 18) და თუ კარგად, კანონიერად არ ვიბრძოლებთ, შვილო, მაშინ, საუბედუროდ, სიკეთის მაგიერ ბოროტება მოგველის: ტანჯვა, ჯოჯოხეთი, უბედურება, საუკუნო სასჯელი და დაუსრულებელი ცხოვრება ეშმაკებთან ერთად.
მხნედ იბრძოლე და შენში არსებული ვნებების ძლიერება ნუ შეგაშინებს, რადგან მადლი ვნებების ძალაზე კი არაა დამოკიდებული, არამედ თავის იძულებაზე. სწორედ ამის მიხედვით გამოგვიხსნის უფალი გასაჭირიდან.
გაუფრთხილდი შენ მიერ კარგად დაწყებულს; თავის მცირედ იძულებაში ნუ იზარმაცებ, რადგან ამის მისაღწევადაც საკმაო დრო იყო საჭირო!
მაშ, უკან ნუ დაიხევ, მტკიცე ნაბიჯით იარე. ზეცას მიაპყარი მზერა; ნახე, როგორ ბრწყინავს ცა – შენ გელოდება, შენთვის მარადიული სამყოფელი აქვს გამზადებული! ქრისტე გელოდება, რომ გვირგვინით შეგამკოს; იგი შენს ბრძოლას თვალს ადევნებს. რამდენადაც შეგიძლია ძალ-ღონე მოიკრიბე – მხოლოდ ეს გადაგარჩენს.
ვნებებისა და ეშმაკების სიძლიერის შემყურე, იმედს ნუ დაკარგავ – ღვთისთვის შეუძლებელი არაფერია. ამიტომ გამხნევდი და ნუ გეშინია; უფალი ჩვენთვის იბრძოლებს, ჩვენ კი მშვიდად ვიქნებით (გამ. 14, 14).
სიკვდილი მოულოდნელად მოდის. აქ, მშობლის დედათა მონასტერი პორტარიაში, ქ. ვოლოს მახლობლად (მთარგ.).">პორტარიაში“ ერთი ქალი ვაშლის ჭამისას მოულოდნელად მოკვდა. სხვა მონასტერში კი ერთი მონაზონი უცაბედად, ხუთ წუთში გარდაიცვალა. გვამი გაკვეთეს, მაგრამ სიკვდილის მიზეზი ვერ დაადგინეს.
ფრთხილად იყავი, შვილო. როცა ღმერთი ბრძანებს, ყოველი ადამიანი მასთან მიდის. ნეტავ როდის ინებებს, რომ ჩვენც მის წინაშე წარვდგეთ? მუდამ მზად უნდა ვიყოთ, რომ თუკი მოულოდნელად მოგვიხმობს, არ შევძრწუნდეთ.
ასი თვალი გამოისხი, შვილო. შენ კარგად დაიწყე და ასევე გააგრძელე. ღვაწლს ღვაწლი მიუმატე, რომ ღვთის საყდარს ცხონებული მიეახლო.

11. სულიერ ციხე-სიმაგრეებზე იბრძოლე, რადგან ჩვენი ბრძოლის მიზანი ზეცის დამკვიდრებაა.
განა რა არის სულიერ ბრძოლაზე უფრო მშვენიერი! იფიქრე მათზე, ვინც ცოდვა დაამარცხა, გამარჯვების როგორ ჰიმნებს უგალობებენ მათ ანგელოზები და დიდებას შესწირავენ ღმერთს, რადგან ერთი ცოდვილის მოქცევაც კი ანგელოზებისთვის სიხარულის დღესასწაულია.
მაშ, რატომ ვზარმაცობთ? შრომა არაფერია იმ სიკეთეებთან შედარებით, რაც ცათა სასუფეველშია დაუნჯებული!
ვინ არის ბრძენი და გაიგებს ამას? (ფსალმ. 106, 43) ვინ იქნება ის, ვინც აჯანყების დროშას აღმართავს, ლომივით დაიღრიალებს მტრის წინააღმდეგ და გამარჯვებას მოიპოვებს?
მაშ, წინ, შვილო! სიმამაცე იქონიე, გამხნევდი – უფალი ჩვენთანაა. სიმდაბლეს მოეჭიდე, ლოცვით შეიარაღდი, კითხვით განმტკიცდი, მამაცად ისწრაფოდე და უფალს შეჰღაღადე: „შენდამი ვსასოებ, უფალო, ნუ მარცხვენ, შენზე ვამყარებ იმედს!“ (ფსალმ. 24, 2) გაამხნევე შენი მმართველი გონება. მეც შენთან ვარ და ჩემი გლახაკი ლოცვით განგამტკიცებ

12. შვილებო, საკუთარი ნებისა და სურვილების მსხვერპლად შეწირვით ომი უნდა გამოვუცხადოთ ეშმაკს, ამ სოფელს, ჩვენს ცუდ მიდრეკილებებსა და უძლურებებს. ვნებიანმა ძველმა ადამიანმა (რომ. 6, 6) ჩვენი გული უნდა დატოვოს, რომ იშვას უფლისმიერი ადამიანი გულისა და სხეულის უვნებობითა და სიწმინდით.
იღვაწეთ მხნედ და ღვთისადმი სასოებით. ზოგჯერ ეშმაკი ამსოფლიური გულისთქმებით დაგესხმებათ თავს, მაგრამ თქვენ ფხიზელი მეომრის პოზიცია დაიკავეთ, რომ სულიერი რული არ მოგერიოთ და ეშმაკის მსხვერპლნი არ გახდეთ. ფრთხილად იყავით, რადგან მტერი გაშმაგებული ღრიალებს, რომ ბილწი ვნებებით შებღალოს და დაგლიჯოს ვინმე.

13. მუდმივი თავის იძულებაა საჭირო, სულელი ქალწულებივით ქრისტეს სასძლოს გარეთ რომ არ დავრჩეთ. სულიერ საქმეში თავის იძულებით ჩვენი სულის ლამპარი მუდამ ანთებული უნდა გვქონდეს, რომ ვიხილოთ სასძლოში შემავალი ქრისტე და მასთან ერთად ჩვენც შევიდეთ კრავის საუკუნო ქორწილში!
გამხნევდი, შვილო! მტრის წინააღმდეგ თავი მაღლა გეჭიროს, რადგან ჩვენ წმინდა გოლგოთის ფრონტზე ბრწყინვალედ გამარჯვებული დიდი მეუფის მხედრები ვართ. თუ დავმარცხდებით, ისევ წამოვდგეთ, იქვე შევიხვიოთ ჭრილობები და მხნედ, მტკიცე გულით კვლავ ავისხათ იარაღი. რადგან ასეთი ძლევაშემოსილი მთავარსარდალი გვყავს, ქრისტეს ძალით ჩვენც გავიმარჯვებთ, ოღონდაც სიმდაბლე უნდა მკვიდრობდეს ჩვენს სულებში.

14. ნუ დაკარგავ სიმხნევეს, შვილო, მიუხედავად იმისა, რომ მრავალნაირ განსაცდელთა ზღვაა აბობოქრებული. იფიქრე, რომ ყველაფერ ამას და ამაზე უფრო მეტსაც კი არ შესწევს ძალა ღვთის მადლსა და მის სიყვარულს განგვაშოროს. შვილო, თუ ჩვენში ქრისტესადმი ლტოლვა გაიზრდება, მაშინ ყველა დაბრკოლება ძალიან პატარა და იოლად დასაძლევი გახდება. ხოლო როცა ქრისტესადმი ჩვენი სიყვარული და ლტოლვა მცირეა, მაშინ ასეთი დაბრკოლებები ძნელად ასატანი ხდება და ის ჩვენი ცხოვრების დღეებს ცხარე ცრემლებით რწყავს. ჰო, შვილო, მოდი, ვუხმოთ იესოს მანამ, ვიდრე ჩვენში მისი ალი აინთება, მაშინ კი ღვარძლიც ნაცრად გადაიქცევა.
გახსოვდეს, რომ ყოველდღე ჯვრის ტვირთვა გვმართებს, რაც მწუხარებას, შრომას, განსაცდელებსა და ყოველგვარ საეშმაკო მოქმედებას ნიშნავს. განა რომელიმე წმინდანს მიწიერი გზა და ბნელი ბილიკები მწუხარებისა და საფრთხის გარეშე გაუვლია? და თუ ჩვენ უფალმა იმავე გზის გასავლელად მოგვიწოდა, განსაკუთრებული რა არის ამაში? თუკი ჩვენი არჩევანი ეშმაკთან ბრძოლაა, ბრძოლა რატომ გვიკვირს? ჩვენი მონდომების ლამპარი ანთებული გვქონდეს და მოთმინებითა და სიფხიზლით დაველოდოთ უფალ იესოს მოსვლას.

15. თავი აიძულეთ, შვილებო, სულიერი მოვალეობების შესასრულებლად. თავის მაიძულებლები გამარჯვების გვირგვინებს მიიტაცებენ, ხოლო უდებები და მცონარები სირცხვილსა და ყვედრებას მოიმკიან! თავი აიძულეთ, რომ მოიპოვოთ ღვთის სასუფეველი. დღეები მიდის; როდისღა ვაიძულებთ თავს, რომ საფულე სულიერი ფულით გავივსოთ? სიკვდილი მოულოდნელად მოვა. სიცოცხლის ძაფი უეცრად გაწყდება და ვაი მას, ვინც ღვთის სასუფევლის ღირსი არ აღმოჩნდება. ისწრაფეთ, იჩქარეთ, შვილებო, სათნოების გზაზე; ნუ დაიღლებით. დაჰკარით ეშმაკს, შფოთი კი სიყვარულით განდევნეთ.

16. ნუ გადავდებთ ჩვენს გამოსწორებას, რომ სიკვდილმა არ მოგვისწროს. მაშინ ვიტირებთ და უნუგეშოდ ვიგლოვთ, პირველი მე, იმ იმედის ნაპერწკლის გარეშე, რომ ეს უბედურება როდისმე შეიცვლება.
თავი აიძულეთ. აჰა, დიდი მარხვის დროც დადგა. მაგრამ ახლა, დიდ მარხვაში ხორციელზე მეტად ენის, გონების, გულის, გრძნობების მარხვას უნდა მივაქციოთ ყურადღება.
მოდით, ასეთი მარხვის გზით შინაგანად განვიწმინდოთ, რადგან იქ ბუდობენ სულიერი გველები. ისინი ჩვენს სულს, სულიერ ცხოვრებას გესლავენ და სულიერ ძალას მოაკვდინებენ, ამიტომ ჩვენი შინაგანი გამოსწორება და ფერისცვალება შეუძლებელი ხდება.
ახლა, დიდ მარხვაში, განსაკუთრებით აიძულეთ თავი, სიჯიუტე გამოიჩინეთ. თავის იძულებისთვის ეს სიჯიუტე წმინდაა და არა ეგოისტური. ნახავთ, რამდენ სულიერ სარგებელს მიიღებთ. იმისთვისაც კი, რომ შედარებით დაცხრეს ვნებები და თავი ავარიდოთ ზოგიერთ ცოდვას, ღირს, სიჯიუტით ვუპასუხოთ ეშმაკის სიჯიუტეს, რომელიც მუდამ ერთი და იმავე ცოდვით დაგვცემს.

17. იღვაწე, შვილო. განა ეს ცხოვრება ღვაწლის დრო არაა? განა ყოველი მიწიერი ადამიანის სიცოცხლე სიზმარი არ არის? სულის გონიერი თვალი მიაპყარი ზეცას, სადაც ანგელოზთა და მთავარანგელოზთა ზეციურ მხედრობებს იხილავ; ისევ აიხედე გონების თვალით და დაინახავ, რომ ლუციფერის ადრინდელი ნეტარი ადგილი ცარიელია.
რა დიდია დანიშნულება! რა უწმინდესია მოწოდება! იქ, ღვთის საყდრის მახლობლად, სულები ქრისტეს ღვთაებრივ მშვენიერებას იხილავენ და შემეცნებიდან შემეცნებისკენ, ჭვრეტიდან ჭვრეტისკენ, ღვთაებრივი მადლის საუნჯის გამრავლებისკენ აღემართებიან!
მაგრამ ეს ზეციური სიკეთე რომ მოვიპოვოთ, სიმამაცისა და გამბედაობის გამოჩენა გვმართებს, უკანდახევის გარეშე უნდა ვიბრძოლოთ, მზერა მივაპყროთ იესოს, რომელმაც გვითხრა: „ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა“ (იოან. 16, 33) და „აწ მთავარი იგი ამის სოფლისაი განვარდების გარე“ (იოან. 12, 31).
მაშ, მოდით, ჯვარცმულის უძლეველი ძალის რწმენით, უბრალოებით მივეცეთ განმარტოებული ცხოვრების ღვაწლს და მაცხოვრის უხრწნელ ფეხებს მადლიერებისა და სიხარულის ცრემლებით ვემთხვიოთ.
რა განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს – ჭირი თუ მწუხარება, დევნა თუ სიშიშვლე? (რომ. 8, 35) „შემირაცხიეს ყოველივე იგი ნაგევად, რათა ქრისტე შევიძინო“ (ფილიპ. 3, 8), – ღაღადებს პავლე მოციქული. განა ჩვენც არ გვმართებს მივბაძოთ პავლეს, ისეთივე მადლს და ქრისტესადმი სიყვარულს რომ მივაღწიოთ? დიახ! მაგრამ ვიღვწით მასავით? ჩვენც იმდენი დავითმინეთ, რამდენიც მან თავისი საყვარელი ქრისტესთვის? არა! ამიტომ ვარ შიშველი, დაძონძილი, სირცხვილით შემოსილი და ვცდები, რადგან მგონია, რომ დიდების დიადემას ვატარებ. ვაიმე, ვაიმე, უბადრუკს! ვინ განმინათლებს ბნელს, რომ დავინახო ჩემი სავალალო ყოფა!

18. თავი აიძულეთ სულიერი მოვალეობების შესასრულებლად, რადგან თავის იძულება მტკიცე კედელივითაა, რომელიც მდინარეს ხელს უშლის, ბაღი დატბოროს და მებაღის ნაშრომი გაანადგუროს. მაგრამ თუ ვზარმაცობთ, მაშინ მდინარე ბაღში შევარდება და ყველაფერს მოსპობს.
ამის შესახებ უფალი გვეუბნება წმინდა სახარებაში: „და ვითარცა დაიძინეს კაცთა მათ, მოვიდა მტერი მისი და დასთესა ღუარძლი შორის იფქლსა მას“ (მათ. 13, 25). რამდენადაც ვაიძულებთ თავს, მით მეტს მოვიგებთ; რამდენსაც იმუშავებს კაცი, საზღაურიც იმდენი ექნება. მონაზვნის ცხოვრება ყოველდღიური ჯვარია, წმინდა გოლგოთაა, რომლისკენაც გვიხმობს იესო. მისი მოყვარულები მასთან ერთად ჯვარს უნდა ვეცვათ, რასაც ჩვენი სულების აღდგომა მოჰყვება.

19. ნუ იქნებით უმოქმედონი. თავი აიძულეთ, რომ არ დაისაჯოთ, როგორც ისინი, ვინც სჯულს ისმენს და არ ასრულებს. რადგან თუკი ღვთის სიტყვას ეძიებთ, მაშინ ძიება ამ სიტყვის აღსრულების პირობასაც გულისხმობს. მაშ, იღვაწეთ.
შვილებო, იღვაწეთ. ქრისტესთან ერთად ყველაფერს დავითმენთ. სოფელი მოგვიძულებს, რადგან პირველად ჩვენი საყვარელი და სათაყვანო იესო მოიძულა.
ქრისტე შეიყვარეთ, ქრისტეთი ისუნთქეთ. იესო აქციეთ თქვენი სულების თანამკვიდრად. ნურავისი გეშინიათ, რადგან ღმერთს ვეკუთვნით, მეფეთა მეუფემ სასახლის კარის მსახურებად დაგვადგინა. ბოროტი ვერ შეგვეხება, რადგან ჩვენ ვემსახურებით ქრისტეს, მას კი ყველა და ყველაფერი ემორჩილება!

20. შვილებო, ბრძოლისთვის გამხნევდით: ქრისტე უხილავად აქ იმყოფება და თქვენს გამარჯვებას ელის, რომ მარადიული დიდების უჭკნობი გვირგვინი გიბოძოთ! ვისაც ღმერთი უყვარს, ყველაფერს მსხვერპლად გაიღებს მხოლოდ იმიტომ, რომ სათნოეყოს მას.
ნურაფერს დაინანებთ, რადგან ღვთის სიყვარულის წინაშე ყველაფერი ნაგევია. ეშმაკები შფოთავენ, როცა ხედავენ, რომ საბრძოლველად ემზადებით, ანგელოზები კი ცდილობენ, ყველა ის სირთულე აგაცილონ თავიდან, რაც გამარჯვებაში შეგიშლით ხელს. მაშ, ღვთის ანგელოზების მოკავშირენი გავხდეთ და დავამოწმოთ, რომ „იესო ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე" (ებრ. 13, 8).

21. იღუმენიას მიმართ
იღვაწე... რადგან მწყემსების მოვალეობაა თავის გაწირვა იმ ცხვრებისთვის, რომელთა მწყემსვაც იტვირთეს. სამგზის სანატრელნი არიან მწყემსები, რომლებიც კეთილად მწყემსავენ სიტყვიერ ცხვრებს, რადგან მათ ზეცაში დიდი და მარადიული სიმდიდრე ელით!
ყველაფერი დაითმინე, შვილო, რადგან ეშმაკი სხვადასხვა მხრიდან დაგვარტყამს, რომ მოთმინების ზღუდე შეგვიმუსროს. მაშინ ხომ ორმაგ სარგებელს ნახავს – ჩვენი და ჩვენი დების მარცხს.

22. ვლოცულობ, ღვთის მადლი გფარავდეს და შესაბამისი ძალაც მოგცეს, რომ უბოროტეს ქედმაღლობას – მრავალგვარი ბოროტების, ყველა უკეთური ქმედების საშინელ სათავეს – გაუმკლავდე.
შვილო, ეშმაკის მხრიდან ძალდატანების ნუ გეშინია. ღვთის ძალა ყოვლისშემძლეა და შეეწევა მასთან ერთად ბრძოლის მსურველებს. ეშმაკის ძალა ანგარიშგასაწევია, მაგრამ ღმერთი სასწაულებრივად იფარავს საბრალო ადამიანს.
გამხნევდი, შვილო, ბრძოლაში. შეისწავლე საღვთო სჯული. იმეორე იესოს ლოცვა, რომელიც განგვწმენდს და გვაცხონებს. თავი ბრძოლის ცეცხლში ჩაიგდე და ღმერთი ჯილდოდ შვებას მოგანიჭებს – როგორც არაერთხელ მომხდარა აქამდეც – იმ ნათელი იმედით, რომ ბრწყინვალე საუკუნო მომავალი გექნება.
ნუ შეუშინდები საეშმაკო ვნებას, რაც არ უნდა დიდი და უსაშველო მოგეჩვენოს ის, რადგან ბოროტის წინააღმდეგობა ღვთის ჩარევით დაიძლევა.

23. შვილო, მინდა, რომ ღვთის მადლით, ბრძოლაში გაიმარჯვო. წინააღმდეგობა სიკვდილამდეა საჭირო. უკან დახევა აღარ შეიძლება, მხოლოდ წინ უნდა იარო. სიკვდილი გამუდმებით გვემუქრება, მზად უნდა ვიყოთ და სისხლის დაღვრამდე ვიბრძოლოთ. მე შენ გვერდით ვიქნები, შენთან ერთად ვიბრძოლებ, სანამ ქრისტე აღდგომის დროშით გამარჯვებას იზეიმებს.
ერთად ვიაროთ ცხონების გზაზე, ქრისტესმიერი ცხოვრების აღმართზე მე მოგეხმარები, ყველაფერი წარმავალია და განქარდება. ზეცას მიაპყარი მზერა. მთელი გულით მოინდომე უბიწოებით ცხოვრება. სიწმინდე ან სიკვდილი!

24. ჩემო კურთხეულო შვილო, ნუ შეშინდები ბრძოლისას. სიმხნევითა და სასოებით ასაზრდოე სული. ეშმაკების წინააღმდეგობას ყურადღება არ მიაქციო. ნახავ, რომ ყოველი ბრძოლა წარმატებით დაგვირგვინდება. ღვთის წინაშე არაფერი იკარგება, ძალიან ხანმოკლე თავის იძულებაც კი კარგია. ოდნავადაც ნუ შეშინდები. მამაცად იბრძოლე, „წნეხში გაატარე“ საკუთარი თავი, აიძულე იგი, რადგან დაწურული მტევნიდან გულის გასახარელი მშვენიერი ღვინო დგება.
გამხნევდი, შვილო, და ღმერთთან ერთად გავიმარჯვებთ. უფალი ჩვენთვის იბრძოლებს, ჩვენ კი მშვიდად ვიქნებით.

25. ქრისტიანის ბრძოლა სასახელოა, რადგან ჯილდო რაიმე წარმავალი კი არა, მარადიული დიდება იქნება ზეცაში! მაშ, ნეტარია ის, ვინც ღვთისთვის ბრძენი გამოდგება, რადგან როცა ღმერთი მოუხმობს და მიწიერი ცხოვრების შესახებ პასუხს მოჰკითხავს, გამოუვალ მდგომარეობაში არ აღმოჩნდება.
დროს დაუნანებლად ვფლანგავთ. როცა ამ სოფლიდან წავალთ, მაშინ მივხვდებით, დროის ხელიდან გაშვებამ როგორი ზიანი მოგვიტანა. დღეები ანგარიშმიუცემლად გადის. ისიც კი მაცხონებელი იქნება ადამიანისთვის, რომ ეს სიცოცხლის ბოლოს მაინც გააცნობიეროს.

26. ნუ დაკარგავთ სიმხნევეს ახალი ბრძოლისთვის და წინ აღუდექით სიმხდალისა და ლაჩრობის ყოველ გულისსიტყვას.
ჩვენს ძალებს მუდმივი განახლება სჭირდება, ასევე საჭიროა წინააღმდეგობის გაძლიერება. ეშმაკიც ამგვარად იქცევა.
უნებლიე დაცემის გამო სასოწარკვეთა ნუ დაგეუფლებათ, თუნდაც ეს მუდმივად მეორდებოდეს. ჩვენი მიზანია, ზურგი არ ვუჩვენოთ მტერს, რომ ღვთის წინაშე არ იტრაბახოს და უფალი არ დავამწუხროთ.
სიმხნევე და სიმამაცე შვენით მებრძოლებს, როცა არა წარმავალი და ჭკნობადი, არამედ საუკუნო და უჭკნობი გვირგვინებისთვის იბრძვიან.
ნეტარია, ვისაც ანთებული ექნება ზეთით სავსე ლამპარი. ასეთები, მხიარულებითა და სულიერი ტკბობით აღსავსენი, ქრისტესთან ერთად საუკუნო ქორწილში შევლენ.
გისურვებთ, დიდებული ბრძოლის ის მეომრები


საშობაო ეპისტოლე - 2009

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო საერო დასნო, მკვიდრნო საქართველოისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო, ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!

„ბეთლემო, იხარებდ, რამეთუ ხე იგი ცხოვრებისაი

შენს შორის აღმოცენდა დღეს“ (საშობაო საგალობელი)

ადამსა და ევას, სამოთხიდან განდევნის შემდეგ, შემოქმედმა აღუთქვა, რომ კაცთა მოდგმას მაცხოვარს მოუვლენდა და ეს აღთქმა მან სხვადასხვა დროსაც რამდენჯერმე გაიმეორა. ებრაელთა ერი მოთმინებით ელოდა ამ წინასწარმეტყველების აღსრულებას და აი, ახდა მამამთავარ იაკობის ნათქვამი: „არ წაერთმევა კვერთხი იუდას, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა“ (დაბ. 49,10). რომის იმპერიის ნაწილად ქცეულ იუდეაში, იმპერატორ ავგუსტუს ოქტავიანეს დროს, მმართველად დაინიშნა წარმოშობით იდუმიელი ჰეროდე, რომელსაც ხალხი ტირანად და დავითის ტახტის უზურპატორად მიიჩნევდა. სწორედ ჰეროდეს მეფობის პერიოდში დავითის ქალაქ ბეთლემში მწირ, მიტოვებულ გამოქვაბულში, ბაგასა შინა იშვა მხსნელი სოფლისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე. აღსრულდა მიქიას წინასწარმეტყველებაც: „შენ კი ეფრათის ბეთლემო, უმცირეს ხარ იუდას ათასეულთა შორის, მაგრამ შენგან გამოვა ხელმწიფე ისრაელში და ძველთაგან იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან“ (მიქ. 5,1). როგორი უბრალოებითა და სიმდაბლითაც მოევლინა მაცხოვარი ამ ქვეყანას, მისი შობა პირველთ ასეთივე მადლის მქონე ადამიანებს ეუწყათ. არა საზოგადოების რჩეულნი - მწიგნობარნი, ფარისეველნი ან უხუცესნი, არამედ უბრალო მწყემსები გახდნენ ღირსნი, მოესმინათ ანგელოზთა საოცარი საგალობელი: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“ და პირველებს ეხილათ ზეციური ყრმა.
სახარება გვამცნობს, რომ შემდეგ ახალშობილი იესოს თაყვანისსაცემად აღმოსავლეთიდან ვარსკვლავს წამოყოლილი მოგვებიც მოვიდნენ და ძღვნად მოართვეს ოქრო (როგორც მეფეს), გუნდრუკი (როგორც ღმერთს) და მური (როგორც ადამიანს). მათი სახით უფალი წარმართთაც „გამოუჩნდა“, რადგან ამ ხალხშიც დიდი იყო მესიის მოლოდინი და, ამასთან, თავიდანვე განცხადდა, რომ იესო განკაცდა არა მარტო „რჩეული ერისთვის“, არამედ სხვა ხალხებისთვისაც, ანუ მთელი კაცობრიობისათვის. დაკარგული ცხოვარის შესახებ სახარებისეული იგავი ნათლად წარმოაჩენს ადამიანთა გადარჩენისათვის უფლის მიერ გაღებული მსხვერპლის არსს: მწყემსი კეთილი ტოვებს 99 ცხვარს (იგულისხმება ანგელოზთა დასი) და მიდის მთებში დაკარგული ერთი ცხვრის (ცოდვებში დანთქმული კაცობრიობის) მოსაძიებლად და როცა იპოვის დავრდომილსა და უღონოს, მხრებზე შეისვამს და აბრუნებს უკან. მწყემსის მხრებზე შესმული ცხვარი სიმბოლოა სულიერად დავრდომილი, ღონემიხდილი ადამის მოდგმისა, რომელსაც უფლის დახმარების გარეშე არ შეუძლია ცოდვათაგან განწმენდა და ღვთის საუფლოში დაბრუნება. დიახ, იესო ქრისტემ „თავს იდო ჩვენი ცოდვები და იტვირთა ჩვენი სატანჯველნი“, - როგორც ბრძანებს ესაია წინასწარმეტყველი (53,4). მაგრამ ღმერთი განკაცდა არა მარტო იმიტომ, რომ გვასწავლოს გზა ჭეშმარიტი და გვიჩვენოს მაგალითი ცხოვრებისა, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმისათვის, რომ დაგვაკავშიროს თავისთან და თავისი ღვთაებრივი მადლით ჩვენი დაზიანებული, დაცემული შინაგანი სამყარო განაახლოს და აღადგინოს. როგორ ხდება ეს? - საეკლესიო საიდუმლოთა აღსრულებით, რომელთა შორის უპირველესი არის ნათლობა. ერთადერთი ერი, რომელიც ქრისტეშობამდე აღიარებდა ჭეშმარიტ ღმერთს, იყვნენ ებრაელები. მათ უფალი წინასწარმეტყველთა საშუალებით არიგებდა და სწორად სვლის გეზს აძლევდა. ძველი აღთქმა იცნობს უდიდეს წინასწარმეტყველთ: მოსეს, დავითს, ესაიას, იერემიას, იეზეკიელს, დანიელს, ილიას და სხვებს, რომლებიც, მართლაც, გამორჩეული და საოცარი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ გარდაცვალების შემდეგ სამოთხის ღირსნი ვერ გახდებოდნენ, რადგან, სხვათა მსგავსად, ადამისა და ევასგან მემკვიდრეობით მიღებული პირველქმნილი ცოდვით იყვნენ დამძიმებულნი. წმიდა წერილი ხომ ბრძანებს: „ვინ შობს წმიდას უწმიდურისაგან? არავინ“. (იობი, 14,4) და ისინიც, როგორც სხვა მრავალნი მართალნი, მოელოდნენ მესიას, რომელსაც ღმერთსა და ადამიანს შორის გაჩენილი უფსკრული უნდა ამოევსო და მიწიდან ზეცისკენ მიმავალი კიბე აღემართა. ებრაელ ერში უშვილობა ღვთის სასჯელად სწორედ იმიტომ ითვლებოდა, რომ მიაჩნდათ, თუ თვითონ არა, თავისი შთამომავალი მაინც მოესწრებოდა მხსნელს და მისი ლოცვით აღმოყვანებული იქნებოდა ჯოჯოხეთის ქვესკნელიდან.
და აი, იშვა ემმანუელი - ჩვენთან არს ღმერთი, რომელმაც კაცთა მოდგმას ზეცის კარიბჭენი გაუხსნა. ვიმეორებ, პირველ რიგში, ნათლობით, რადგან ნათლობის მადლით აღიხოცება ადამისა და ევას პირველქმნილი უდიდესი ცოდვა და ნათლობამდელი ყველა სხვა ცოდვაც; ადამიანი ხდება უბიწო და ენიჭება სულიწმინდის ბეჭედი. ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ეს არის პიროვნების მეორედ შობა და სულიერი დაბადება ქრისტეში; ამის გარეშე ცხონება არ არსებობს; ამიტომაც ბრძანებს მაცხოვარი: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება ხელახლა (წყლისა და სულისაგან), ვერ იხილავს ღმერთის სასუფეველს“ (ინ III, 3,5). ასე რომ, ნათლობა აუცილებელია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რადგან, თოთოეული ჩვენგანი, ბოროტის გავლენით, ყოველდღიურად მრავალ ცოდვას ჩადის, რაც მის სულს დაღუპვას უქადის. იესო ქრისტე, საეკლესიო საიდუმლოებების საშუალებით, საოცარ მადლს გვანიჭებს ეშმაკის მახეთაგან თავის დასაღწევად; ამ მადლთა შორის უმთავრესი არის სინანული; ამა თუ იმ მიზეზის გამო სინანულის განცდა ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ ქრისტიანული სინანული განსხვავებულია; იგი გულისხმობს ღმერთთან დარღვეული კავშირის აღდგენის მიზნით ცოდვათაგან განწმენდის დიდ სურვილს. „შეინანეთ!“ - ქრისტეს გამოჩენამდე მოუწოდებდა ხალხს იოანე ნათლისმცემელი და მათ წყლით განბანდა. „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა!“ - ბრძანებს პირველივე ქადაგებაში მაცხოვარი. დიახ, სინანულია სწორედ ის მთავარი ფუნდამენტი, რასაც უნდა დაეფუძნოს ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება. ადამიანები ეკლესიაში ხშირად მოდიან გასაჭირის გამო, ან ავადმყოფობისგან განკურნების სურვილით, ან, თუნდაც, სხვათა მიბაძვით, მაგრამ მათში თუ ჭეშმარიტმა სინანულმა არ გაიღვიძა და ღვთისადმი ჩვენი დამოკიდებულება ამ გრძნობას არ დაეფუძნა, რწმენა მალე გაფერმკრთალდება და ასეთნი ეკლესიიდანაც თავისი ნებით განდგებიან. ამა თუ იმ საზოგადოებაში მრავლად არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ეკლესიის გარეშეც ცხონდებიან, რადგან სხვებივით ცუდს არაფერს სჩადიან. მაგრამ მათი ყოფა ღმერთთან შერიგებისთვის სულაც არ არის საკმარისი. ჯერ ერთი, ეს „სიკარგე“ შედარებითია და სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი უცოდველნი არიან; მეორეც, თითოეულმა ჩვენგანმა შეწყალება უნდა ითხოვოს უფლისაგან და თანაც, მთელი სიცოცხლის მანძილზე, რომ ჯოჯოხეთისთვის არ გაიწიროს. ზეციდან გადამრჩენელი კიბეა დაშვებული და თუ ბოლო საფეხურამდე კარგად არ ჩავჭიდებთ მას ხელს (ანუ თუ უფლის მცნებებს არ დავიცავთ), ცხოვრების ქარიშხალი უფსკრულში გადაგვჩეხს. ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა, რომელ საფეხურზე ვდგავართ; ნებისმიერ სიმაღლეზე მყოფი ადამიანი შეიძლება დაშორდეს ღმერთს და ჩამოვარდეს კიბიდან.
სულიერ ზეაღსვლას კიდევ ერთი თავისებურება ახლავს; რაც უფრო მაღლა ადის პიროვნება, მით უფრო ნათლად აცნობიერებს საკუთარ ცოდვებს და, შესაბამისად, უფრო ღრმა სინანულიც ეუფლება (ჩაიხედეთ თქვენს გულებში, და მიხვდებით, როგორია თქვენი სულიერი მდგომარეობა). ბევრს არ ესმის, ასე რატომ ხდება. მსურს, შეგახსენოთ აბბა დოროთეს საუბარი ქალაქ ღაზის ცნობილ პიროვნებასთან. მოძღვარმა ჰკითხა მას, თუ როგორ ადამიანად მიაჩნდა თავი თავის ქალაქში. - გავლენიან და ყველასგან დაფასებულ ადამიანად, - იყო პასუხი. - და თუ წახვალ კესარიაში, იქ როგორ მიგიღებენ? - იქაურ დიდებულთა შორის უკანასკნელად. - ანტიოქიაში? - ჩვეულებრივ ადამიანად. - კონსტანტინოპოლის სამეფო კარზე? - თითქმის არაფრად. ეს მიწიერი კეთილდღეობისათვის დამახასიათებელი კატეგორიებია; ასევე ხდება სულიერ ცხოვრებაშიც, - წერს აბბა დოროთე, - რადგან, რაც უფრო ახლოს ხარ ღმერთთან, მით უფრო მეტად გრძნობ, რომ სინამდვილეში არარაობა ხარ. ჭეშმარიტი და ღრმა სინანული არ გულისხმობს უიმედო გლოვასა და სასოწარკვეთას, რადგან ამ დროს ხდება მთელი სისავსით გაცნობიერება ღვთაებრივი სიყვარულისა და, რა თქმა უნდა, საკუთარი უძლურებისაც. წმიდა მამები ამ მდგომარეობას მტირალ სიხარულსაც უწოდებენ; მას, მართლაც, მოაქვს სიხარული, ნუგეში და მშვიდობა სულისა, თანაც ისეთი, რომელსაც ამქვეყნიური ვერანაირი ნეტარება ვერ შეედრება. „ღმერთის სასუფეველი საჭმელ-სასმელი კი არ არის, (ანუ მიწიერი კეთილდღეობა), არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულითა წმიდითა“, - გვასწავლის პავლე მოციქული (რომ. 14,17). გულწრფელი სინანულითა და მოძღვრის წინაშე თქმული აღსარებით, ნათლობის მსგავსად, ადამიანი სულიერი ბიწისაგან განიწმინდება. (უნდა ვეცადოთ, თვეში ერთხელ მაინც ვეზიაროთ ამ საიდუმლოს, რომ სული არ გაგვიუხეშდეს და შინაგანი თვალის ჩინი არ დაგვეშრიტოს). რატომ არის აუცილებელი აღსარება ვთქვათ მოძღვართან? რა საჭიროა ჩემსა და ღმერთს შორის შუამავალი? განა არ შეიძლება ხატთან ვაღიარო ჩემი ცოდვები? - ამ კითხვებს ხშირად გაიგონებთ მორწმუნე, მაგრამ არაეკლესიურ ადამიანებში. მათ პასუხად შევახსენებთ თავისი მოწაფეებისადმი მაცხოვრის მიერ თქმულ სიტყვებს: „ჭეშმარიტად, გეუბნებით თქვენ, რასაც შეჰკრავთ ქვეყანასა ზედა, შეკრული იქნება ზეცაშიც და რასაც გახსნით მიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც“ (მათე 18,18).
ეს ნიჭი შეკვრისა და ცოდვათა მიტევებისა მოციქულებმა ხელდასხმით გადასცეს თავის მოწაფეებს, იმ მოწაფეებმა თავის მოწაფეებს . . . და ასე მოდის ეს უწყვეტი ჯაჭვი დღემდე. რომ ავიღოთ მართლმადიდებელი ეკლესიის ნებისმიერი მოძღვარი და მივყვეთ მის ხელდამსხმელთა გენეალოგიურ რიგს, აუცილებლად მივალთ რომელიმე მოციქულამდე. და ეს უწყვეტობა მადლისა არის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი. ასე რომ, სასულიერო პირს, რომელსაც შეჩერებული არა აქვს მღვდელმოქმედება, თვით იესო ქრისტესგან აქვს მონიჭებული უფლება ცოდვათა შენდობისა. ეს უფლება არა აქვს საერო იერარქიის ნებისმიერ საფეხურზე მდგომ არც ერთ პიროვნებას, მათ შორის, არც მეფეს. მოძღვარი არის ერთგვარი შუამავალი ამა თუ იმ პიროვნებასა და ღმერთს შორის. იგი, შეიძლება, არ აკმაყოფილებდეს ჩვენს მოთხოვნებს, მაგრამ არავინაა შეზღუდული, მოძებნოს სხვა სასულიერო პირი, რომელთანაც ბოლომდე გაიხსნება. სულიერ ურთიერთობაში კომფორტს განსაკუთრებით ისინი საჭიროებენ, რომელთაც ეკლესიური ცხოვრება ახალი დაწყებული აქვთ. შემდგომ ეტაპზე ადამიანისთვის მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს, ვის ეტყვის იგი აღსარებას; მან იცის, რომ თუ რწმენით მიმართავს მოძღვარს, უბრალო მღვდლისგანაც საოცარ სიბრძნეს მოისმენს, რადგან აღსარების საიდუმლოს დროს უფალი უხილავად თვითონ ისმენს ჩვენს ნათქვამს და, ჩვენი რწმენისა და სიწრფელის შესაბამისად, მოგვაგებს მადლს მოძღვრის მეშვეობით. რაც არ უნდა მძიმე ცოდვა გვქონდეს ჩადენილი, არ უნდა მოგვერიდოს მისი თქმისა, რადგან ღვთის წინაშე ისედაც არაფერია დაფარული. მთავარია, ჩვენ რას განვიცდით და რომელი ცოდვის გამო ვითხოვთ შენდობას. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ცოდვა არ არის ჩვენი თვისება, ეს არის ბოროტის გავლენით განხორციელებული ქმედება, ხოლო ჩვენი ერთგულება ქრისტესადმი სწორედ იმაში უნდა გამოიხატოს, რომ მას ცოდვის შესაბამისი სინანული ვაჩვენოთ და თუ ღირსნი ვართ, მოძღვრის მიერ დადებული სასჯელიც (ეპიტიმია) მორჩილებითა და სიყვარულით მივიღოთ, როგორც წამალი ჩვენი განკურნებისა. ზოგიერთები ამა თუ იმ ვნებაზე ამბობენ, ეს ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა და მას რატომ უნდა ვებრძოლოთო. ამასთან, ჩვენს საზოგადოებაში ხშირად ეს სიტყვა, – ვნება, – დადებით კონტექსტში მოიხსენიება და ტელევიზიისა თუ პრესის საშუალებით მკვიდრდება აზრი, რომ, მაგ., მრუშობა, სიცრუე, განკითხვა, დიდებისმოყვარეობა, ამპარტავნება, მამათმავლობაც კი . . . ადამიანის თვისებებია და მათში დანაშაულებრივი არაფერია. ეს ტყუილია! იოანე კიბისაღმწერელი (ისევე როგორც სხვა მამები), განმარტავს, რომ ვნებები ბიწია სულისა, რომელიც გულს ჩვეულებად ექცა ხშირად გამეორების გამო. ამავე მიზეზით გვექმნება ილუზია, რომ ისინი ჩვენი გულიდან მომდინარეობენ. სინამდვილეში ცოდვა, ვნება, - ეს ჩვენი სულის დაჩირქებული, გახრწნილი ზედნადებია, რომელიც უნდა მოვიკვეთოთ სინანულით, აღსარებითა და ზიარებით (ასევე სხვა საეკლესიო საიდუმლოთა აღსრულებით). ადამიანს ძალუძს დაამარცხოს საკუთარ თავში ხანგრძლივად არსებული ყველაზე მძიმე ცოდვაც კი და საბოლოოდ განდევნოს იგი. უფრო სწორედ, მას ამის განხორციელება ღვთის შეწევნით შეუძლია. რადგან, თუ არა მოწყალება უფლისა, ჩვენ ვერც სათანადო სინანულს შევძლებთ, ვერც გულწრფელ აღსარებას ვიტყვით და, მით უმეტეს, სათანადოდ ვერ მოვემზადებით ევქარისტიისათვის, რომლის დროსაც მაცხოვრის ხორცსა და სისხლს ვეზიარებით და ჩვენი სული მასპინძელი ხდება უფლისა. თვით იესო ქრისტე შემოდის ჩვენში, რომ განგვამტკიცოს, განგვაძლიეროს და ახალ სულიერ სიმაღლეზე აგვიყვანოს, სულიერი და ხორციელი კურნება მოგვანიჭოს და ჭეშმარიტი სიბრძნე მოგვმადლოს. ამას ეწოდება სინერგია - ადამიანური და ღვთაებრივი ნების გაერთიანება. ამ მადლს, ამ წყალობას საუკუნეების განმავლობაში ელოდა კაცობრიობა; იგი ახლა ჩვენს წინაშეა და მის გარეშე არ უნდა დარჩეს არავინ, რადგან ეს, ფაქტიურად, უარყოფაა ღვთისა (თუნდაც რომ ადამიანს თავი მორწმუნედ მიაჩნდეს). ამიტომაც ბრძანებს მაცხოვარი: „თუ კი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს (ანუ არ მივიღებთ ზიარებას), არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში. ხოლო ვინც შეჭამს ჩემს ხორცს და ვინც შესვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია და მე მასში. ეს არის პური, რომელიც გარდამოხდა ზეცით. ამ პურის მჭამელი იცოცხლებს უკუნისამდე“ (ინ. 6:53, 56, 58). მაგრამ, ამ საიდუმლოს მისაღებად განსაკუთრებულად უნდა მოემზადოს ახალგაზრდაც და ასაკოვანიც, ხელისუფალიც და ინტელიგენტიც, მუშაც, გლეხიც და სასულიერო პირიც, რათა არ ექცეს იგი სასჯელად. ცხონების გზას ნებისმიერი ადამიანი თავისუფალი ნებით ირჩევს. ისინი, რომლებიც არ ისმენენ იესოს დარიგებებს, ოდესმე აუცილებლად გაიგონებენ მის მკაცრ სიტყვებს: „წარვედით ჩემგან წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელიც გამზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის“. (მთ. 25,41). დიახ, ღმერთი გულმოწყალეა, მაგრამ სამართლიანიც, უსასრულოდ შემნდობია, მაგრამ მართლმსაჯულიც. ყოვლადწმიდა სამებამ მოანიჭოს თითოეულ ჩვენგანს ჭეშმარიტების გზით სვლის უნარი და დაგვიფაროს გეენიის ცეცხლისაგან! ეს ყოველივე ბევრისათვის ცნობილია და მასში ახალი არაფერია, მაგრამ ამას ვწერ „უძღებ შვილთათვის“, რომ დაუბრუნდნენ „მამის წიაღს” და, ვიდრე გვიან არ არის, ცხოვრების წესი შეცვალონ.
ჩვენ ისედაც მეტად რთულ დროს გვიწევს ამქვეყნად ყოფნა. მართალია, საქართველოს მძიმე პერიოდები თავისი არსებობის მანძილზე თითქმის სულ ჰქონდა, მაგრამ მაშინ ადამიანებს რწმენა უფრო მტკიცე ქონდათ და თან განსაცდელთა ასეთი სიმრავლეც არ იყო; ახლა ჩვენს ხალხს მოუწია პოსტსაბჭოთა გარდამავალი პერიოდის სიმძიმის გადატანა, ცხოვრების ერთი წესიდან მეორეში გადასვლა, უმუშევრობა, შიმშილი, ომი, მორალური კრიტერიუმების შეცვლა, ძალადობისა და სიცრუის მორევში მოხვედრა... აღარაფერს ვამბობ ვიწრო ოჯახურ და პირად პრობლემებზე. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით არც ხვალინდელი დღე იძლევა უკეთესი მომავლის იმედს, რადგან მთელი მსოფლიო გლობალურ ეკონომიკურ კრიზისში შედის, რომელიც შეიძლება სისტემურ კრიზისად იქცეს, ანუ არსებული სისტემა სხვამ, პრინციპულად ახალმა სისტემამ შეცვალოს. ხდება მსოფლიოს და ცალკეული ქვეყნების რეგიონალიზაცია, ანუ გარკვეულ ჯგუფებად დაყოფა; ხოლო, იმის მიხედვით, თუ რა პრინციპი უდევს საფუძვლად ცალკეული გაერთიანების შექმნას, შეიძლება, ესა თუ ის ქვეყანა რაღაც მიმართულებით (მაგ., გაზის ან ნავთობის მოპოვებით) ერთ გაერთიანებაში მოხვდეს, ხოლო მეორე მიმართულებით (მაგ., კოსმოსის ათვისების სფერო), – სხვა გაერთიანებაში. ამასთან, მოსალოდნელია დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებების გამწვავება გავლენის სფეროების გასაფართოებლად. ისტორიის თანამედროვე ეტაპი მომხმარებლური საზოგადოების ღირებულებათა ზეობის დროცაა. მისთვის მთავარია მიწიერი კეთილდღეობა და არა სულიერი სიმდიდრე. ამიტომაცაა, რომ გამართლება ეძებნება მატერიალური გამდიდრების ყველა საშუალებას. დიახ, დღეს ბაზარზე საქონლისა და მომსახურეობის შეუზღუდავი წარმოება კი არა, ფული ბატონობს და თუ ეს მომხმარებლური პროცესი დროზე არ შეჩერდა, საზოგადოება კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება. სისტემური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით დასავლეთმა კურსი ეკონომიკის სფეროში სახელმწიფო სექტორის შედარებით გაძლიერებაზე აიღო, რაც თავისუფალი ბაზრიდან უფრო რეგულირებად ბაზარზე გადასვლას გულისხმობს და, ბუნებრივია, ცალკეული სახელმწიფო ეფექტური მართვის საკუთარი მექანიზმის ძიებას დაიწყებს. ჩვენც უნდა გამოვნახოთ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელი გზები. როგორც ამ დარგის სპეციალისტები ამბობენ, აუცილებელია, საშუალო და მცირე საწარმოთა დონეზე, მართვის სწორ სისტემაზე დაყრდნობით, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი დარგის სწრაფი განვითარება. ის, რომ ჩვენი ხელისუფლება სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის წინსვლისთვის გარკვეულ ნაბიჯებს დგამს, მისასალმებელია, მაგრამ გასაკეთებელი კვლავ ბევრია. აქ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ რამდენიმე მიმართულებას შევეხები.
საქართველო ყოველთვის იყო და კვლავაც უნდა გახდეს ვაზისა და ხორბლის ქვეყანა. ის მდგომარეობა, რაც ამ კულტურების მიმართ დღეს არის, დამღუპველია, როგორც სულიერი, ისე მატერიალური თვალსაზრისით. ჩვენი წინაპრებისთვის ღვინო და პური, გარდა თავისი ჩვეულებრივი მნიშვნელობისა, მაცხოვრის ხორცისა და სისხლის სიმბოლოს უკავშირდებოდა და, ამიტომაც ქართველ გლეხს მათდამი ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა და განსაკუთრებულადაც უვლიდა; და ეს უნდა აღდგეს. დღეს კი მავანნი კახელ გლეხს სოლიდურ თანხას სთავაზობენ, რომ მან შვილივით ნაზარდი ვაზი აჩეხოს და სანაცვლოდ საზამთრო ან სხვა კულტურა დარგოს; ამასთან, ყურძნის მოყვანის ინტერესს იმითაც უკლავენ, რომ მოსავლის ჩაბარებისას, მინიმალურ ფასსაც არ აძლევენ. ასე არ უნდა გაგრძელდეს. იქნება გამოსავლად იქცეს გლეხურ მეურნეობებში დამზადებული სუფთა ღვინის ექსპორტი სახელმწიფოს მიერ. რაც შეეხება ხორბალს, მისი ადგილობრივი წარმოება კატასტროფულად არის შემცირებული და ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნილების მხოლოდ 9% აკმაყოფილებს; სამწუხაროდ, ამ 9%-შიც არ შედის ჩვენი ტრადიციული ადგილობრივი ჯიშები. მეტად სავალალოა, მაგრამ ფაქტია, რომ უნიკალური ქართული ხორბალი სრული გაქრობის პირასაა. არადა, ჩვენგან წაღებულ თესლს სხვა ქვეყნები თავისად წარმოაჩენენ და ამით ამაყობენ; ხოლო საქართველოში ექსპორტირებული ხორბალი და პურის ფქვილი, რომელიც მოხმარებული პროდუქციის 91% შეადგენს, იმდენად დაბალი ხარისხისაა, რომ ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. საქმე შემდეგშია: მსხვილ ტრანსნაციონალურ კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, რომ ხელოვნური მეთოდებით (გენური ინჟინერია, შხამ-ქიმიკატები, მცენარის ზრდის სტიმულატორები და ასე შემდეგ) მიღებული საკუთარი ჭარბი პროდუქციისათვის გასაღების ბაზრები გააფართოვონ და სხვა ქვეყნებში ადგილობრივი ბუნებრივი პროდუქციის წარმოება შეაფერხონ, საქართველოც სურთ, თავისი გავლენის სფეროდ და მათი სურსათის იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნად გადააქციონ; მით უმეტეს, რომ აქ, ხალხის დაბალი მსყიდველუნარიანობის გამო, იაფფასიანი, უხარისხო ნაწარმის გასაღება პრობლემას არ წარმოადგენს. ამ ტენდენციას ჩვენ ჩვენი პოზიცია და ინტერესები უნდა დავუპირისპიროთ. სოფლის მეურნეობის აღორძინების მიზნით სახელმწიფოს პოლიტიკა, მართალია, მნიშვნელოვანია (ვგულისხმობ სახელმწიფო დოტაციებს, სარწყავი წყლითა და საძოვრებით უზრუნველყოფას, რაიონებში უფასო საკონსულტაციო ცენტრების ამოქმედებას), მაგრამ თვით მოსახლეობასაც შეუძლია ზომების მიღება, - მან უარი უნდა თქვას ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქციაზე, თვითონ უნდა დაიწყოს მიწის დამუშავება და შექმნას მცირე საწარმოები.
ყველამ იცის, რომ, ხელოვნური ტექნოლოგიების საპირისპიროდ, დღეს უკვე სერიოზული ბიძგი მიეცა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას და მათზე მოთხოვნილებაც და ფასიც მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება. ვფიქრობ, ჩვენთან ეკოლოგიურად სუფთა და კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების კარგი შესაძლებლობა გვაქვს და ამ სახით მსოფლიო ბაზარზე მყარად დამკვიდრების პერსპექტივაც. ამიტომაც, ვიდრე ჯერ კიდევ შემორჩენილია უნიკალური ქართული სასოფლო-სამეურნეო ჯიშები (არა მარტო ყურძნის და ხორბლის, არამედ ლობიოს, კარტოფილის, საერთოდ ბოსტნეულის, ხილისა და საქონლის), თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს საქმე რეალობად იქცეს. ამით ჩვენ ჩვენს სიმდიდრესაც შევინარჩუნებთ და მომავალი თაობების ჯანმრთელობასაც დავიცავთ. აღნიშნულის შესახებ მე ადრეც ვწერდი, მაგრამ დღეს ეს უკვე აუცილებლობად იქცა. მითუმეტეს, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიც აქეთკენ გვიბიძგებს, რადგან მისგან გამოწვეული დეფიციტი, პირველ რიგში, ალბათ, კვების პროდუქტებს შეეხება. როდემდე გაგრძელდება ამდენი პრობლემები? - ბუნებრივია, ყველას გულში ეს კითხვა ტრიალებს. - ეს ჩვენზეა დამოკიდებული. არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველო ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა, მაგრამ ვართ კი დღეს იმ სულიერ სიმაღლეზე, რომ ჩვენი თხოვნა ისმინოს უფალმა? - არც სხვები არიან უკეთესები, - იტყვის მავანი - ჩვენ ბევრი მოგვეცა და ბევრიც მოგვეთხოვება. არაერთხელ მითქვამს ისიც, რომ საქართველო, წმიდა მამების თქმით, ბოლოჟამს გაბრწყინდება, მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ეს? მატერიალური კეთილდღეობით? ამით ხომ დღევანდელი მსოფლიოს მრავალი ქვეყანა იწონებს თავს და რა, ეს არის გაბრწყინება? - რა თქმა უნდა, არა; იგი გულისხმობს მთელი ერის სულიერ ამაღლებას. ის, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი თავს მორწმუნედ მიიჩნევს, კარგია, მაგრამ, ეს არ არის საკმარისი, რადგან ეკლესიური ცხოვრებით ყველა არ ცხოვრობს. ამასთან, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავითავისოთ ის მცნება, რომელიც ჯერ კიდევ წინასწარმეტყველ მოსეს პირით გამოუცხადა რჩეულ ერს შემოქმედმა: „ისმინე ისრაელო! ერთია უფალი, უფალი ჩვენი ღმერთი. გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით. გულში გქონდეს ეს სიტყვები, რომელიც დღეს გამოგიცხადე. ჩააგონებდე შენს შვილებს და უთხრობდე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას. შეიბი ნიშნად ხელზე და ტვიფრად შუბლზე. წააწერე სახლის წირთხლებს და კარებს“ (მეორე რჯული 6, 4-9).
წმიდა მარკოზ მახარებელი კი წერს: ერთ-ერთი მწიგნობრის კითხვაზე, - რომელია უპირველესი მცნება, - მაცხოვარმა უპასუხა: ისმინე, ისმინე ისრაელ! უფალი ღმერთი ჩვენი ერთი უფალია! და გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, და მთელი შენი სულით, და მთელი შენი გონებით, და მთელი შენი ძალით, - აი, უპირველესი მცნება! (მარკ. 12, 29-30). - რა იგულისხმება ამაში? - ეს ნიშნავს, რომ არავინ და არაფერი ღმერთზე წინ არ უნდა დავაყენოთ! „ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი!“ - ბრძანებს მაცხოვარი (მათე 10,37). - რატომაა ასეთი მკაცრი მოთხოვნა? - იმიტომ, რომ სიყვარული ნიშნავს მთელი არსებით სწრაფვას მისდამი, ვინც გიყვარს. თუ ჩვენ ღმერთზე წინ სხვას დავაყენებთ, მისი გულისთვის რაიმე მიზეზით როდესმე დავივიწყებთ უფალს და სულიერად დავიღუპებით. ჩვენი გული და სული მთლიანად უნდა მივუძღვნათ შემოქმედს, რათა ადგილი აღარ დავუტოვოთ ბოროტს და არ მივცეთ საშუალება ამა თუ იმ საბაბით განგვაშოროს ღმერთს, როგორც ეს თავის დროზე ადამს და ევას დაემართათ. ღმერთი თავად სიყვარულია და ჩვენც ნამდვილი სიყვარულით ცხოვრებას გვასწავლის. ეს სიყვარული დიდად განსხვავდება მიწიერი სიყვარულისაგან, რომელიც „ეგო“-ზეა ორიენტირებული და „მეს“ წარმოჩენას ემსახურება. „მე უნდა ვიყო მდიდარი“, “მე უნდა ვიყო დაფასებული“, „მე ვარ ნიჭიერი“, „მე მინდა“, „მე შემიძლია“, „მე გაძლევთ გარანტიას“... ამ წესით მცხოვრებ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ჩვენი დამსახურება სულაც არ არის თუნდაც ის, რომ ვსუნთქავთ, დავდივართ, ვხედავთ, ვგრძნობთ, ვაზროვნებთ... მარტო ჩვენგან არ მომდინარეობს არც ის, რომ გვყავს მშობლები, ოჯახი, შვილები, ნათესავები, ვართ ამა თუ იმ ერის წარმომადგენლები და ვმეტყველებთ ამა თუ იმ ენაზე... მითუმეტეს საერთოდ არა გვაქვს შეხება კოსმიური სამყაროს წესრიგთან, სადაც ყველაფერი მოძრაობს და თან ყველაფერი ერთმანეთთან საოცარ ჰარმონიაშია. ყოველივე ამის შემოქმედი რომ ღმერთია, ამას თანდათან თანამედროვე მეცნიერებაც აცნობიერებს. სულ ცოტა ხნის წინ მკვლევარები მიიჩნევდნენ, რომ ხელში ეპყრათ ჯადოსნური გასაღები და ნებისმიერი საიდუმლოს ფარდას ახდიდნენ. ახლა კი, დოქტორ შილტის სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებენ, რომ „10 წლის წინ უფრო მეტი იცოდნენ სამყაროს შესახებ, ვიდრე ეს დღეს იციან“, რადგან ყოველი აღმოჩენა ასჯერ უფრო მეტი ახალი საიდუმლოებების წინაშე აყენებს მათ.
ყოვლადწმიდა სამების ძალა რომ ოდნავ მაინც გავაცნობიეროთ, დედამიწის ტრაექტორიის შესახებ მეცნიერული გამოკვლევის შედეგებს გაგახსენებთ: ჩვენი პლანეტა და ჩვენც მასთან ერთად, სივრცეში ერთდროულად სამი მიმართულებით გადავადგილდებით: დედამიწა შეუჩერებლივ ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო 1000 კმ. სთ. სიჩქარით; მზის გარშემო - 30 კმ. წმ. სიჩქარით, ხოლო მზის სისტემის პლანეტებთან და ჩვენს გალაქტიკასთან ერთად სხვა გალაქტიკებთან მიმართებაში, - 20 კმ. წამში სიჩქარით. ამისი წარმოდგენაც კი არ ძალუძს ჩვენს გონებას. და ნუთუ შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ეს ყველაფერი თავისით ხდება?! შეგახსენებთ იმასაც, რომ ანდრომედას ნისლეულის სახელწოდებით ცნობილ გალაქტიკათა სიმრავლეში მხოლოდ ერთ-ერთია ჩვენი გალაქტიკა, რომელიც, თავის მხრივ, ასობით მილიონ ვარსკვლავს მოიცავს; ამ მილიონობით ვარსკვლავთა შორის არის მზის სისტემაც თავისი 9 პლანეტით, ანუ დედამიწითაც, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. ო, რა პატარები ვართ ღვთის წინაშე! ამიტომაც ჯერ კიდევ 30 საუკუნის წინ აცნობიერებდა დავით წინასწარმეტყველი და ამიტომაც სულშეძრული ასე მიმართავდა ღმერთს-ყოვლისმპყრობელს: „შევხედავ შენს ცას - შენი თითების ნაღვაწს, მთვარეს და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე. რაი არს კაცი, რომ მოიხსენებ? ან ძე ადამიანისა, რომ ყურადღებას აქცევ?“ ამის პასუხი, ალბათ ისაა, რომ უფალი იმდენად დიდია, მისთვის სიმცირე არ არსებობს (ისევე, როგორც სულიერად მაღალ საფეხურზე მდგომი პიროვნებისთვის - პატარა ცოდვები). მაშ, როგორ არ უნდა დავაფასოთ ის მსხვერპლი, რომელიც შემოქმედმა ჩვენთვის გაიღო და ძე თვისი საყვარელი ჩვენს გადასარჩენად მოავლინა. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ცანი მოდრიკნა და კაცობრივი ბუნება მიიღო, ჯვარს ეცვა და ეწამა, რომ სიცოცხლის ხედ აღმოცენებულიყო და ამ ხის ნაყოფის მიმღებთ (ანუ მცნებების აღმასრულებელთ) შეგვესისხლხორცებინა, რომ ქრისტიანმა საკუთარი კეთილდღეობისათვის კი არა, სხვისთვის უნდა იცხოვროს. რომ ადამიანებისადმი მსახურებაშია ჩვენი გადარჩენა და უფლისადმი ჩვენი სიყვარულის დადასტურება. ამიტომაც მეორე მცნებად დაგვიდო: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავის თვისი!“, ხოლო „ვისაც უყვარს მოყვასი, მან აღასრულა სჯული“ (რომ 13,8). „თუ ვინმე იტყვის, რომ უყვარს ღმერთი, მაგრამ სძულს თავისი ძმა, იცრუა; რადგან თუ არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, როგორ შეიყვარებს ღმერთს, რომელსაც ვერ ხედავს?“ (1 ინ. 4,20). „ღმერთი სიყვარულია“ და „რომელი ეგოს სიყვარულსა ზედა ღმერთში მკვიდრობს, ხოლო ღმერთი - მასში“ (1 ინ. 4,16).
ჭეშმარიტი სიყვარული ადამიანს ენიჭება სულიწმიდით, („ღმერთის სიყვარული განფენილია ჩვენს გულებში სულიწმიდის მიერ“ - რომ. 5,5). იგია უძლურთა მკურნალი, ნაკლულევანთა აღმავსებელი და ნუგეშინისმცემელი უსაზღვრო მადლი, რომლისადმიც ლოცვას („მეუფეო ზეცათაო“) ყოველდღე გულმოდგინედ უნდა წარმოვთქვამდეთ, მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ჩვენი ღვთივსათნო საქციელი ჩვენი დამსახურება კი არ არის, არამედ იგი სულიწმიდის შეწევნით ხორციელდება; ამისთვის უნდა ვმადლობდეთ მას და ვცდილობდეთ, ჩვენი სიტყვა და საქმე (ჩვენი შესაძლებლობისამებრ) იყოს გამოხატულება მოყვასისადმი ღვთის ზრუნვისა, ღვთის სიყვარულისა, ღვთის სიმართლისა. ჩვენ ყველანი მართალია, უფლის წინაშე ინდივიდუალურად ვცოდავთ, მაგრამ, ამავე დროს ვცოდავთ, როგორც ქრისტიანთა კრებული. დავფიქრებულვართ იმაზე, ვართ თუ არა ჩვენ ის საზოგადოება, რომელიც მოსაწონია ღვთისათვის? სხვადასხვა ერი შემოქმედმა სხვადასხვა ნიჭით დააჯილდოვა. ჩვენ აქედან უფრო მეტად სიყვარულის უნარი განვავითარეთ (ყველაზე მთავარი თვისება ღვთისა), ეს მადლი საუკუნეების განმავლობაში ათას განსაცდელს გამოვატარეთ და დღესაც, მრავალი პრობლემის მიუხედავად, ღვთის შეწევნით, შევინარჩუნეთ. ამის თქმის საფუძველს მაძლევს თუნდაც ის, რომ თითქმის 20-წლიანი გარდამავალი მძიმე პერიოდის პირობებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ჩვენი ერი არავის მიმართ მტრობის სურვილით არ აღძრულა; საშინელ ჭირ-ვარამგამოვლილი დევნილი მოსახლეობაც სულით არ დაცემულა და არ გაბოროტებულა. ამიტომაც მჯერა, ათასი საცდურის მიუხედავად, კვლავაც შევძლებთ ღვთის გზით სიარულსა და მის ულევ სიყვარულთან ნამდვილ თანაზიარებას. ჩვენს თავს მოწევნული განსაცდელი ჩვენი გამოსწორებისათვის არის დაშვებული და ამიტომაც, სიმძიმის მიუხედავად, თავმდაბლობითა და მადლობით უნდა მივიღოთ იგი. თუმცა ქართველი ერი ვერასოდეს შეეგუება შექმნილ უსამართლობას. ჩვენ ყველასთან მშვიდობა გვინდა, მაგრამ არა ტერიტორიების დაკარგვის ხარჯზე. ისიც მჯერა, ადრე თუ გვიან, აფხაზებიც და ოსებიც მიხვდებიან, რომ მათი გადარჩენა საქართველოსთან ერთობაშია და ეს დღე მით უფრო მალე დადგება, რაც უფრო მალე მოხდება მათიც და თითოეული ჩვენგანის, - საერთოდ ჩვენი საზოგადოების, შემდგომი სულიერი ამაღლება. საქართველო აუცილებლად გამთლიანდება და გაბრწყინდება! საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა შვილს, - ქართველთ და არაქართველთ, სამშობლოს მკვიდრთ და უცხოეთში მყოფთ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთ, - სრულიად საქართველოს, მთელს მართლმადიდებელ სამყაროსა და მსოფლიოს გულითადად ვულოცავთ იმედის, სიხარულისა და ნუგეშის მომცემ საყოველთაო დღესასწაულს - ქრისტეს შობას.
დღეს, ზეიმობს ცა და დედამიწა, კაცთა მოდგმა და ანგელოზთა დასი; დღეს დღეა სიყვარულისა, დღეა ღმერთთან და ერთმანეთთან შერიგებისა, ევას გლოვის დასასრულისა და ჩვენი მეოხისა და მფარველის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამობრწყინებისა. მაშ, მივუძღვნათ ჩვენი გული ბეთლემში შობილ ყრმას და შევიყვაროთ იგი ყოვლითა სულითა, ყოვლითა გულითა, ყოვლითა გონებითა და ყოვლითა ძალითა, რათა კეთილი გვეყოს ჩვენ და ვიხარებდეთ ორსავე სოფელსა შინა, ამინ!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

შობა ქრისტესი
თბილისი, 2008/2009 წ. ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო

image
image თემა: შობა
ავტორი: ილია II

ამპარტავნების, საკუთარი თავის განკითხვისა და სიმდაბლის შესახებ

ყურადღებით იყავით გულისსიტყვების მიმართ. ძირითადად თავმდაბალი გულისსიტყვების მოხვეჭას მიაპყარით ყურადღება, რადგან თავმდაბლობა აცხონებს ადამიანს; ის არის ყოველგვარი სულიერი სწრაფვის მთავარი მიზანი. თუ გსურთ გაიგოთ, სულიერად რამდენად წარემატეთ მონაზვნურ მოქალაქეობაში, გამოიკვლიეთ საკუთარი თავი და თუკი თქვენში თავმდაბლობას აღმოაჩენთ, სულიერი წინსვლა მისი შესაბამისი იქნება.
ხოლო თუ სიმდაბლის ნაცვლად ამპარტავნებას, ქედმაღლობას და მათგან მომდინარე შედეგს წავაწყდებით, მაშინ ჩვენი უბადრუკი მდგომარეობა გლოვითა და ცრემლით უნდა დავიტიროთ, რომ უფალმა შეგვიწყალოს.
გავექცეთ ქედმაღლობას. იგი საშინელ სიმყრალეს გამოსცემს. უბედურია ის, ვისთვისაც ქედმაღლობა სიმდიდრეა. ასეთი ადამიანი სიმშვიდეს ვერასოდეს იპოვის არა მარტო იმიტომ, რომ საკუთარ თავში დაბუდებული ვნებები აწუხებს, არამედ იმის გამოც, რომ შორს არის ჭეშმარიტი სიმდაბლისგან.
ადამიანს სულიერი განსვენება მხოლოდ თავმდაბლობისა და სიმშვიდისგან ეძლევა. უფალიც გვეუბნება: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქვენთაი" (მათ. 11, 29).
ამიტომ, მოდით, სანატრელო შვილებო, მთელი გულით შევიყვაროთ იესოს სიმდაბლე და სიმშვიდე; და როგორც უფალმა ბრძანა, ჭეშმარიტად ჩვენი სულების განსვენებას ვპოვებთ.
თავმდაბლობის შეძენა იოლი არ არის. ამას დიდი შრომა და დრო სჭირდება. ქედმაღლობის მოკვდინება საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვას მოითხოვს. ჩვენი „მე“ ფეხქვეშ გავთელოთ, საკუთარი თავის სრული უარყოფა შევიყვაროთ, მორჩილებას ვეტრფოდეთ და ღვთის შეწევნით, სისხლისმღვრელ ბრძოლაში ქედმაღლობის მოკვდინებას შევძლებთ.
მაშ, წინ ვისწრაფოთ, ჩემო შვილებო, როგორც მძლეოსნებმა სახელოვანი ბრძოლის სარბიელზე. ვინც გაიმარჯვებს, ჩვენი უტკბესი ღმერთის უზენაესი საყდრის წინაშე წარდგება და საუკუნო დიდების უჭკნობი გვირგვინით შეიმკობა. გევედრებით, მტერთან შებმა ნუ შეგაშინებთ, რადგან ეგოიზმის ეშმაკის დასამარცხებლად უფალი თავის უხილავ ხელს შეგვაშველებს, განგვამტკიცებს და ღვთაებრივი სიმდაბლის ზეგარდამოქსოვილი კვართით შეგვმოსავს.
გწერთ და ვლოცულობ, რომ ჩემი მწირი სიტყვა თქვენი სულის კეთილ ნიადაგზე ისე დავარდეს, როგორც თესლი და საუკუნო ცხოვრების ნაყოფი ასწილად გამოიღოს! ამინ. იყავნ.

2. თუ სიმდაბლის მოსაპოვებლად ვიბრძოლებთ, ბრწყინვალე შესამოსლის მემკვიდრენი გავხდებით; თუკი სიყვარულიც გვექნება, სამოსელს მეტად გავამშვენებთ; მორჩილება ცნობისმოყვარეობის გარეშე მას ფერადოვნებას და ელვარებას შესძენს; განუწყვეტელი ლოცვით კი ის ძვირფასი მირონის კეთილსურნელებით გაიჟღინთება. როცა სრულვყოფთ სამოსელს, შევიმოსებით და ამ ზეციური მადლით მოსილნი კადნიერებით წარვდგებით ქრისტეს სამსჯავროზე. უფალი დიდებისა სულიერ კეთილსურნელებას შეიგრძნობს, მადლის ულევ საუნჯეს სიხარულით გაგვიხსნის და მაშინ მართლაც გავმდიდრდებით!

3. შენ, შვილო, მხოლოდ შენს თავს უყურე. სიმდაბლე არ გყოფნის. შენი ამპარტავნება და სიჯიუტეა იმ გულისსიტყვების მიზეზი, რომლებზეც მწერ. თუ დამდაბლდები, თუკი ყველა დაბრკოლებისას საკუთარ თავს დაარწმუნებ, რომ შენი ვნებები გტანჯავს, მოძღვარი და ძმები კი უდანაშაულონი არიან, უმალვე იგრძნობ გულისსიტყვების შემცირებას და შენი ჭრილობების განკურნება დაიწყება. სხვა საშუალებით (მოძღვრისა და ძმების შეცვლით) კურნებას ნუ ელი. ამაოდ გაირჯები. ბოროტება ფესვიანად უნდა აღმოიფხვრას. მისი ძირია ამპარტავნება, ეგოიზმი, სიჯიუტე, საკუთარი ნება, მრისხანება და სხვ. ამ ყველაფრის წამალი ერთია – ცოდვასა და განსაცდელში საკუთარი თავის დადანაშაულება. ყოველთვის თქვი: „მე ვარ დამნაშავე, ჩემშია მიზეზი; ჩემი ვნებებისგან მემართება ყველაფერი. ჩემი უბედურების მიზეზი მხოლოდ მე ვარ, სამგზის უბადრუკი, სხვა არავინ“.
დიახ, შვილო, ეს არის უზენაესი ჭეშმარიტება, უტყუარი სინამდვილე. იმ გზით იარე, რომელსაც გიჩვენებ და მაშინ შენი სული უთუოდ გაჯანსაღდება და განიკურნება.

4. ჩვენი ამპარტავნება ხან აშკარაა, ხანაც ჩვენგან დაფარული და გაუცნობიერებელი. ვინაიდან ღმერთს ჩვენი განწმენდა სურს ამ უწმინდურებისგან, ის ქარიშხალს გაამძვინვარებს, რომ ჩვენს სულში უდებებით დალექილი სიბინძურე გამორიყოს.
ნავსადგურების მთელ ნაგავსა და სიბინძურეს ზღვაში ყრიან და ღელვა რომ არა, იგი ინფექციის წყაროდ იქცეოდა, მაგრამ ზღვა დროდადრო ამოვარდნილი ქარიშხლის გამო სუფთა და ჯანსაღია.
სულიერი თვალსაზრისით, ჩვენს სულს, ჩვენი სულის ზღვასაც იგივე ემართება. სხვადასხვა ვნებისა და დაუდევრობის გამო მასში თანდათანობით სიბინძურე გროვდება, რასაც თავის უწმინდურობას ეშმაკიც ამატებს. ჩვენ ვერ ვხედავთ, ღმერთმა კი იცის, თუ რამდენი ჭუჭყი დაგვიგროვდა და ზღვას ჩვენს განსაწმენდად ძლიერად ააღელვებს, რომ სული სიბინძურისგან გასუფთავდეს. ზოგჯერ, როცა განსაცდელს მოთმინებით გადავიტანთ, ვხედავთ, რომ ჩვენი სული მსუბუქი, მშვიდი და მხიარულია.
ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ სიბინძურე არ დაგროვდეს და შესაბამისად, ძლიერი ქარიშხლებიც არ გახდეს აუცილებელი.
ქარიშხალი წმინდანებსაც დაატყდებოდათ ხოლმე თავს, ოღონდ მას სხვა ბუნება, სხვა მიზანი ჰქონდა. ზოგჯერ განსაცდელით ისინი სიწმინდის უფრო მაღალ საფეხურზე ადიოდნენ, ზოგჯერ კიდევ უფრო მეტი დიდებით იმოსებოდნენ, ან ღმერთი მეტად განიდიდებოდა, ხან კი ეს ქარიშხალი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ იყო აღძრული და ა. შ.
შვილო, ყურადღებით იყავი, რომ დიდი სიმდაბლე გქონდეს და მოძღვრის რჩევას დაემორჩილო. ყველა გიყვარდეს და შენს გულისსიტყვას არასოდეს დაუჯერო, არამედ ერთგულად მისდიე შენი მოძღვრის შეგონებებს.

5. ნუ იქნებით თავდაჯერებულები. არასოდეს მიიღოთ გულისსიტყვა, რომ კარგები და სათნოებებით შემკულნი ხართ. დაიდანაშაულეთ, განიკითხეთ თავი, რომ მოაკვდინოთ თქვენი „მე“, რომელიც კედელივით ეღობება სიმართლის მზეს - ქრისტეს - და ხელს უშლის მის სხივებს, რომ გაგვინათოს გონება ღვთისა და საკუთარი თავის შესაცნობად.
შეიყვარეთ სიმდაბლე, ამის მაგალითი იესომ მოგვცა. როდის? როცა არდაგი მოირტყა, მოწაფეებს ფეხები დაჰბანა და უთხრა: „უწყითა, რაი-ესე გიყავ თქუენ?“ (იოან. 13, 12) ანუ, როგორც მე დავიმდაბლე თავი თქვენი ფეხის დაბანით, თქვენც ასევე გმართებთ დამდაბლება ერთმანეთის წინაშე.

6. სიმდაბლის მონაზვნური გზა ისწავლეთ: რამდენჯერაც გიბრძანებთ მოძღვარი, იმდენჯერ მიუგეთ: „როგორც მაკურთხებთ“ და ყოველ შენიშვნაზე უპასუხეთ: „შემინდეთ“. სიმდაბლე ღმერთთან მისასვლელი უმოკლესი გზაა. ქრისტე ამბობს: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი“ (მათ. 11, 29). სულის განსვენება მისი ჯანმრთელობის უტყუარი ნიშანია.
დამდაბლდით, არაფრად ჩააგდოთ, შეურაცხყავით საკუთარი თავი, რომ თქვენს სულებში ღვთის მშვიდობამ დაისადგუროს. როცა მოძღვარი რაიმე შეცდომის გამო გამხელთ, თავს ნუ იმართლებთ, არამედ თქვით „შემინდეთ“.

7. შვილო, შევიყვაროთ თავმდაბალი აზროვნება. თუ უფალს ჩვენი სიშიშვლის გამო შევებრალებით, ცოტაოდენი ლოცვის უნარს მოგვცემს და ჩვენს სულს ღვთაებრივი სამოსით შემოსავს. მაშინ უნდა გავფრთხილდეთ, რომ არ დავსვაროთ იგი დაუდევრობით, ამპარტავნებით, განკითხვით, უდებებით, ურჩობით და ა. შ. ვეცადოთ, უფრო მეტად განვასპეტაკოთ ის კეთილი საქმეებით, განსაკუთრებით კი, თავმდაბალი აზროვნებით და თავის დადანაშაულებით. ეს უფრო სათნოა ღვთისთვის, ვიდრე ცუდადმზვაობრობით შესრულებული დიდი საქმეები.
სრული მორჩილება აღასრულე. მორჩილება სიმდაბლის ნაშობია, ხოლო შეპასუხება, კამათი, ურჩობა ამპარტავნებისგან იშვება. მონაზონს უნდა სძულდეს ეს, როგორც საკუთარი სულის შეგინების მიზეზი.

8. ლოცვაში უპირველესად ითხოვე, რომ ღმერთმა სიმდაბლე მოგმადლოს. ამ თხოვნაში სიჯიუტე გამოიჩინე, რადგან ჭეშმარიტი სიმდაბლის გარეშე ვერაფერს მიაღწევ ისეთს, რაც სასყიდლის ღირსი იქნება.
შვილო, როგორც პავლე მოციქული ამბობს: „რაი გაქუს, რომელი არა მიგიღებიეს? ხოლო უკუეთუ მიგიღებიეს, რასა იქადი, ვითარცა არა მიღებულსა?“ (1 კორ. 4, 7) „არაწმიდა არს წინაშე უფლისა ყოველივე მაღალი გულითა“ (იგავ. 16, 5), ამიტომ, შვილო, ამ საშინელი ვნების წინააღმდეგ თავის დამდაბლებით იბრძოლე. გაიხსენე, როდესაც უფალი დიდებისა ადამიანად იშვა, როგორი თავმდაბლობა გვიჩვენა და ლანძღვა, ცილისწამება და ჯვარი სიმდაბლით დაითმინა. ასევე ყველა წმინდანმა სამაგალითო სიმდაბლე აჩვენა, ამ გზით განიწმინდნენ და დაგვიმოწმეს, რომ სხვა მაცხონებელი გზა არ არსებობს.
რაც დაგამდაბლებს, იმისკენ ისწრაფე, თუნდაც გტკიოდეს და სული ამოგდიოდეს. შენი ტკივილის დასასრული ღვთის ლოცვა-კურთხევა და უმაღლეს სათნოებაში – სიმდაბლეში – წინსვლა იქნება.
გისურვებ, უფალმა იესომ მოგმადლოს ეს და წარუშლელად აღბეჭდოს შენს სულში.

9. შვილო, ყველაფრის არსი ერთია: ეცემი ამპარტავნების სულისგან, მისი დების – ცუდადმზვაობრობისა და თავმოწონებისგან და მათი თანაშემწეების – ბილწი და გმობის გულისსიტყვებისგან.
იცოდე, შვილო, ძნელია ამპარტავნების სულთან გამკლავება, ცუდადმზვაობრობის სული კი ბევრთავიანი და ეკლიანია; როგორც არ უნდა შემოაბრუნო გულისსიტყვა ან ცხოვრების წესი, ყველგან ეკალივით წინ დაგხვდება. თუ ასეა, რა უნდა ვქნათ? დასამდაბლებლად ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ, გონებრივი თუ ნივთიერი. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი გულისსიტყვა ვაიძულოთ, სიმდაბლით იფიქროს და ვნების შესუსტება თუ მისგან გათავისუფლება ღვთის განგებულებას მივანდოთ. ჩვენ, ჩვენი მხრივ, მებრძოლი პოზიცია შევინარჩუნოთ, ხოლო ღმერთი ჩვენი ბრძოლის შესაბამისად შეგვეწევა.
ცუდადმზვაობრობის საშინელ ვნებაზე ღირსი იოანე კიბისაღმწერელი ამბობს: „უკეთური იგი [ცუდადმზვაობრობა] ვიდრე საფლავამდე“, ესე იგი, ცუდადმზვაობრობა სიკვდილამდე შეგვებრძოლება, თუმცა შეწინააღმდეგებისა და ხანგრძლივი გამოცდილების გამო, რომლითაც მის სიცრუეს ვცნობთ, ბოლოს შესუსტდება.
იტირე უფლის წინაშე, სიმდაბლის სული რომ მოგმადლოს, რადგან მხოლოდ მისი მეშვეობით შეიძლება შენი ზეაღსვლა ღვთის სიყვარულისკენ. სულიერი წინსვლა სხვა არაფერია, თუ არა სიმდაბლის მოპოვება. იესო ღმერთი იყო და ასე დაიმდაბლა თავი, ჩვენ კი, ბუნებით მდაბალნი, როგორღა ვმაღლდებით და ცუდადმზვაობრობის ფრთებს ფარშევანგის კუდივით ვშლით? მაგრამ როცა უფალი რაიმე განსაცდელს მოგვივლენს და საკუთარ სიმახინჯეს, ჩვენი სულის გახრწნილ მდგომარეობას დავინახავთ, მივხვდებით, როგორი ბუნება გვაქვს ჩვენ, ადამის მოდგმას; მედიდურობა კი მხოლოდ ყვრიმლისცემით და დაცემით მდაბლდება.
ცრემლებს და გლოვას სიმდაბლე მოაქვს, ამიტომ მოითმინე, სთხოვე სიკეთისმომნიჭებელს: „ნუ უგულებელმყოფ მე, უძღებს, ქალწულისგან შობილო, ნუ უგულებელყოფ ჩემს ცრემლებს, ანგელოზთა სიხარულო, არამედ მიმიღე მონანული და მაცხონე ອົງ".
ვლოცულობ, გულით მდაბალმა იესომ თავისი გული მოგმადლოს, რომ ასე იგემო მისი სიმდაბლე.

10. სიმდაბლე საოცარი სათნოებაა, მისი მქონე კეთილსურნელებას აფრქვევს. მდაბალს მორჩილებაც აქვს, სიყვარულიც, მოთმინებაც და ყველა სხვა სათნოება. როცა ვმრისხანებთ, ან გულისწყრომა დაგვეუფლება, როცა განვიკითხავთ ან ვურჩობთ, ცხადია, რომ შესაბამისი ამპარტავნება და ეგოიზმი გვაქვს. თუ სიმდაბლის გზაზე წარმატებით ვივლით, მაშინ ეგოიზმის ბოროტი ნაშიერები უკან დაიხევენ.
მოდით, შვილებო, თავი დავიმდაბლოთ ჩვენთვის დამდაბლებული უფლისთვის. რა დიდი სიმდაბლე გვიჩვენა უფალმა, როცა ჯვარს ეცვა! ჩვენ კი, ბუნებით მდაბლებს, არ გვსურს თავი მოვუდრიკოთ ძმას და მხოლოდ საკუთარი ნების აღსრულება გვინდა?
თუკი გვსურს, რომ იესომ ჩვენს გულებში დაიმკვიდროს, გვიყვარდეს და დავმდაბლდეთ ისე, როგორც ქრისტე; მას ჩვენი ქედმაღლობით ნუღარ დავამწუხრებთ. ნუღარ გავაკრავთ ჯვარზე ძმური სიყვარულისგან დაცლილი ნათქვამითა და ქცევით; ნუღარ გავამწარებთ უტკბესი იესოს წმინდა გულს!

11. ანგელოზები ზეცაში დიდებისმეტყველებდნენ და გალობდნენ, ადამიანები თავიანთ სასახლეებში ილხენდნენ, შემოქმედი ღმერთი კი, როგორც უკანასკნელი ღატაკი, ერთ გამოქვაბულში, პირუტყვის ბაგაში იწვა!
როგორი სიმდაბლე გვიჩვენა იესომ! თქვენც ასეთი სიმდაბლე შეიძინეთ, შვილებო! თავმდაბლობა ყველაზე მშვენიერი სათნოებაა, ოქროქსოვილი სამოსელია. ნეტარია, ვინც მას შეიმოსავს, რადგან ამით ის ენით გამოუთქმელ სულიერ მშვენიერებას შეიძენს. და პირიქით, ყველაზე ბინძური ვნება ამპარტავნება და ეგოიზმია.

12. მხურვალედ ვევედრები ღვთისმშობელს, ყველაფერში სიმდაბლე მომმადლოს, რადგან ეს უმთავრესი სათნოებაა და მის გარეშე არც ერთი საქმე არ აღიბეჭდება სულიწმიდის მადლით!
ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი თეოფილე ნიტრიის მთის მამებს ეწვია და მათ შორის უპირატესს ჰკითხა: „მაინც რა იპოვე აღმატებული, მამაო, მოღვაწეობის ამ გზაზე?“ – ღირსმა მამამ უპასუხა: „ყველაფერში თავის დადანაშაულება“. – „მართლაც, – უპასუხა თეოფილემ, – არ არსებობს ღმერთთან მიმავალი უფრო მოკლე გზა“.
განა ამპარტავნებისა და ჯანყის გამო არ განიდევნენ ღვთისგან ლუციფერი და ადამი? ხოლო ღვთისმშობლის სიმდაბლემ: „აჰა მხევალი უფლისა; მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა!“ (ლუკ. 1, 38) და ქალწულისგან შეურევნელად შობილმა ღვთის ძემ, რომელმაც აღასრულა და გვასწავლა უკიდურესი მორჩილება, არ აცხონა ადამი? უფალმა თქვა: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი" (მათ. 11, 29).
რამდენჯერაც ადამიანი სიმდაბლით დაიდანაშაულებს თავს, იმდენჯერ იგრძნობს საკუთარ სულში ტკბილ შვებას, მშვიდობას, ნუგეშს, სიმსუბუქეს და იმედს! შფოთი, მღელვარება, მრისხანება, ტრაბახი და მედიდურობა კი სულის ამპარტავნებაზე მეტყველებს.
ოჰ, რა იოლია სიმდაბლის გზა! ასკეტური შრომის გარეშეც, სნეულებისას თავის დამდაბლებით, თავის განკითხვით და ღვთისადმი მადლიერებით ადამიანს შეუძლია მაღალ სულიერ საზომს მიაღწიოს და ძეობის სიხარული შეიგრძნოს! და პირიქით, როცა ადამიანი ასკეტურად იღვწის და ვერ აცნობიერებს საკუთარ სნეულებას, უძლურებასა და უბადრუკებას, მაშინ მისი ღვაწლი ჯილდოს გარეშე ბრძოლა, უსასყიდლოდ დაღვრილი ოფლი და უიმედო გზაა.
რა უბედურებაა, კაცი იღვწოდეს და სასყიდელს არ იღებდეს?! ხნავდეს და არ იმკიდეს?! მაინც რატომ? – იმიტომ, რომ სჯულიერად არ იღვაწა. „და უკუეთუ ვინმე იღუწიდესცა, არა გვირგვინოსან იქმნების, არა თუ სჯულიერად იღუაწოს" (2 ტიმ. 2, 5), ისე როგორც შეჯიბრებისას, თუ მძლეოსანმა კანონიერად არ იასპარეზა, გვირგვინს ვერ მოიპოვებს.

13. ღმერთი, ბრძოლა რომ ასწავლოს, განსაცდელებს უშვებს მათზე, ვისაც ის უყვარს. როცა ღვთის მადლი განგვეშორება, მაშინ განსაცდელთა ღრუბელი წამოიშლება და ადამიანი იქამდე მიდის, რომ ამბობს: „ღმერთმა მიმატოვა!“ ათასობით გულისსიტყვა, სულის ხუთვა, ყველგან წყვდიადი და დაცემაა!
ყოველივე ამას წმინდა სიბრძნე, ღმერთი განაგებს და ვსწავლობთ, რომ მხოლოდ მას ძალუძს ჩვენი ხსნა, ღვთის გარეშე კი ყველა ჩვენი საქმე თივა და ნაგევია; როგორც კი განსაცდელის სუსტი ნიავი დაუბერავს, ყველაფერი მაშინვე იფანტება და ცხადი ხდება, რომ დაჟანგული საგნები ვართ და არც ძალა და უნარი გაგვაჩნია, რომ ღვთის მადლის შეწევნის გარეშე რაიმე განსაცდელს აღვუდგეთ წინ.
ამგვარად, ღვთის განგებულების მადლით საკუთარი თავის შემეცნების გაკვეთილს ვიღებთ – ჭეშმარიტ სიმდაბლეს – გააზრებულს, მყარს, საფუძვლიანს, რომლის გარეშეც შეუძლებელია სულიერი სახლის აშენება. უფალი ჯერ უიმედობამდე მიგვიშვებს, რომ იძულებულნი გავხდეთ მას მოვუხმოთ საბრალო გოდებით, რადგან ამ ძახილით განიწმინდება ჩვენი ბაგე და გული.
ყველაფერ ამას განსაცდელები იწვევს. მართალია, უნდა ვილოცოთ, რომ ღმერთმა განსაცდელისგან დაგვიფაროს, მაგრამ როცა ის თავს დაგვატყდება, საჭიროა მოთმინებითა და სიბრძნით ავიტანოთ, სარგებელი რომ ვნახოთ. მაშ, ყველაფერი მოითმინე და ასე გადარჩები.

14. შვილო, მუდამ წესად გქონდეს თავის დადანაშაულება. ყოველი განსაცდელის დროს შენდობა მეტანიით პირველმა შენ ითხოვე. ასეთი პირველობით გვირგვინს მიიღებ და ძმის სინანულის მიზეზიც გახდები.
დამდაბლებულ უფალზე იფიქრე და სული ყოველთვის მზად იქნება, რომ მისი სიყვარულისთვის ნებისმიერი შეურაცხყოფა მოითმინოს.
სულიერ ღვაწლში მთავარი სიმდაბლის სწავლა, თავის დადანაშაულება და მოყვასის გამართლებაა. ვინც ამ ფილოსოფიას დაეუფლება, ის, რა თქმა უნდა, ვნებათაგან გათავისუფლების უტკბეს ნაყოფს მიიღებს. სხვა შემთხვევაში კი ადამიანს, თავისდა სამწუხაროდ, მუდამ ვნებების ტვირთვა მოუწევს.
შვილო, ყველაფერში საკუთარი თავი დაიდანაშაულე, თავს ნუ იმართლებ. როცა გესმის, რომ შენზე ლაპარაკობენ, თქვი: „მართალს ამბობენ ჩემი ძმები, ასეთი ვარ. ჩემი ცოდვების გამო უარესის ღირსიც ვარ“.
ყოველთვის ყველაზე უარესად ჩათვალე თავი და ძალაუფლების მპყრობელივით ბრძანების გაცემას მოერიდე. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაფერში სიმდაბლე გქონდეს.

15. თავი უკიდურეს ცოდვილად და ბიწიერად მიიჩნიე, რომ იესო ქრისტემ თანაგრძნობით მოგხედოს, შეგიწყალოს და აურაცხელი ცოდვა შეგინდოს.
ყველა ძმას დაემორჩილე. ყველაზე უკანასკნელად, უვარგისად მიიჩნიე თავი, თუ გსურს ვნებებისა და უძლურებებისგან გათავისუფლება. არასოდეს იმართლო თავი არც სიტყვით, არც გულისსიტყვით, არამედ ყოველთვის განაჩენი გამოუტანე საკუთარ თავს, როგორც დამნაშავეს და პასუხისმგებელს.
გწამდეს შენი მოძღვრის, მის სიტყვას დაემორჩილე, სიყვარული გქონდეს და გულწრფელად აღიარე ყოველი გულისსიტყვა, რადგან თავმდაბალ სულს სუფთა აღსარება ახასიათებს.

16. შვილებო, თავი აიძულეთ სულიერ ღვაწლში. ნუ დაივიწყებთ ეშმაკის დიდ გამოცდილებას და ჩვენს უძლურებას. როგორც შემოდგომის ფოთლები ცვივა სიოს დაბერვისთანავე, ისე ვეცემით ჩვენც უმნიშვნელო განსაცდელისა და გაჭირვების დროს, როცა ღვთის მადლი ჩვენთან ერთად არ იბრძვის, ჩვენი მოკავშირე არ არის. და როდის არის ღვთის მადლი ჩვენი მოკავშირე? მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენს ყოველ ფიქრსა და საქმეს სიმდაბლე მართავს.
მუდმივად დაიდანაშაულეთ საკუთარი თავი, რადგან ეს თვისება მდაბალი გულის ნაშობი და ნაყოფია. ასეთ გულში ღვთაებრივი ისე გაცხადდება, როგორც მან უწყის: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“ (მათ. 5, 8). თქვენი ყოველი დაცემა კარგად გამოიკვლიეთ და მიხვდებით, რომ მეტად თუ ნაკლებად ამის ძირითადი მიზეზი ამპარტავნების თესლია.

17. თქვენი ყურადღება ეგოიზმზე გაამახვილეთ. ის არის ყველაფრის მიზეზი. დამდაბლდით. მოაშთვეთ ეგოიზმი, რომელიც შხამიანი გველივით მოდის თქვენი სულის დასაგესლად. ნურაფერს დაიტოვებთ შიგნით. მხოლოდ ასე განაქარვებთ ყოველგვარ სატანურ მოქმედებას.
წმინდა ტრიოდიონი იწყება მეზვერისა და ფარისევლის მშვენიერი მაგალითით, რომელიც ნათელყოფს, რომ ადამიანი მხოლოდ თავმდაბალი აზროვნებით გამართლდება და ღმერთი ცოდვებს მიუტევებს. ეს იგავი ააშკარავებს დიდ ბოროტებას ამპარტავნებასაც, რომელიც ძლიერ აბრკოლებს ცოდვების მიტევებას, თუნდაც ადამიანი სხვა სათნოებებით იყოს შემკული და მოწყალებას გასცემდეს.
ამპარტავნებამ გრგვინვით დასცა ზეციერ ანგელოზთა ძალების მთავარი – ლუციფერი – ბნელ ეშმაკად აქცია და საუკუნოდ წარწყმიდა. მაშინ, როცა იესოს სიმდაბლემ – „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი“ (მათ. 11, 29), შეცდენილი და ამპარტავნებით მოტყუებული ადამიანი ეშმაკის ტყვეობისგან იხსნა.
ეს და სხვა მრავალი სახარებისეული ჭეშმარიტება გვასწავლის, რომ სიმდაბლისა და ნამდვილი სინანულის გარეშე ადამიანი ვერ ცხონდება, თუნდაც სხვა ბევრი სათნოება ჰქონდეს.

18. ნუ ხარ ჯიუტი, იყავი თავმდაბალი. ნუ გგონია, რომ რაღაცას წარმოადგენ, რადგან ეს ამპარტავნებაა, ღმერთს კი სძაგს ამპარტავნები.
შვილო, მუდამ იფიქრე, რომ ამქვეყნად უცოდვილესი ხარ და თუ ღვთის მადლი მიგატოვებს, სამყაროში არსებულ ყველანაირ ბოროტებას ჩაიდენ! ყოველთვის დაიდანაშაულე თავი.
როცა საზიარებლად მიდიხარ, განიკითხე თავი, როგორც ცოდვილმა, რომელიც მეუფე ქრისტეს მიღების ღირსი არ არის. ზიარებისას უნდა ტიროდე, რომ იესომ შეგიბრალოს შენი ცოდვების გამო.
„ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი“ (მათ. 11, 29). ხედავ, შვილო? სიმშვიდე თავმდაბლობის ნაყოფია და ორივე ნეტარ და ღვთიურ განსვენებას მოგვმადლებს.
გათელილ გზაზე სარეველა არ ამოდის; არც თავმდაბალ სულში აღმოცენდება ვნება და ბოროტება. სანამ სიმდაბლე არ გვყოფნის, ღმერთი არ შეწყვეტს განსაცდელებით ჩვენს დამდაბლებას, ვიდრე ამ მნიშვნელოვან და მაცხონებელ გაკვეთილს ვისწავლიდეთ.

19. წინ გასწით, ჩემო შვილებო! იესო ქრისტეს სიმდაბლის არდაგი მოირტყით წელზე და ყველაფერში დაემორჩილეთ, რომ თქვენს გულებში ყოველთა ღმერთი მიიღოთ. ქრისტე იმ სულში ვერ განისვენებს, რომელიც სიმდაბლის სურნელებას არ აფრქვევს და ამპარტავნების სიმყრალის გამო განეშორება მას.
მთელი გულით გთხოვთ, მოიძულეთ შეპასუხება, ურჩობა, კამათი, საკუთარი ნება, კადნიერება და ყველა სხვა ვნებიანი მდგომარეობა, რადგან ეს ყველაფერი სულისგან ღვთის სიყვარულს განაშორებს და მის ნაცვლად სიმწარე მოაქვს.
იყავით გულწრფელნი თქვენს ყველა მოქმედებასა და სიტყვაში. ნუ იცრუებთ, სიმართლე ილაპარაკეთ. თქვენი თანამოღვაწე ძმების სულიერ უძლურებებს ნუ გამოიძიებთ, რადგან ეს საკმაოდ დაგაზიანებთ. ღვთის გულისთვის თანაგრძნობით დახუჭეთ თვალი მათზე, რომ ღმერთმა თქვენს უძლურებას თანაგრძნობით მოხედოს.
ნურასოდეს გექნებათ დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე, თქვენმა მფარველმა ღვთის მადლმა რომ არ მიგატოვოთ და დიდ განსაცდელში არ აღმოჩნდეთ.
ყველა სათნოებაზე მეტად, მთელი გულით შეიყვარეთ სიმდაბლე, რადგან მას ხორციელი შრომის გარეშეც ძალუძს ღვთის ძეობის მადლი მოგვანიჭოს; და პირიქით, ხორციელი შრომა ამაო და უსარგებლო იქნება, თუ არ გავაცნობიერებთ საკუთარ არარაობას.

20. ქედმაღლობაზე დიდი ბოროტება არ არსებობს. ის ყველა განსაცდელისა და შფოთის მშობელია და ვაი მას, ვისაც ბადეში გააბამს, რადგან ძლიერ დაამახინჯებს.
მხოლოდ კარგ მორჩილს შეუძლია თავისი სული ანგელოზებრივი გახადოს სულიერი სიმშვენიერით. დრო უნაყოფოდ ნუ გაგყავთ, რადგან ის მცირდება, ილევა და მოულოდნელად გავიგონებთ: „ანდერძი დაუტოვე შენს სახლს, რადგან მოკვდები, ვერ გადარჩები“ (ეს. 38, 1).
მთელი ძალით ურტყით ქედმაღლობას. სიმდაბლე ისწავლეთ. შემუსვრილებით, გლოვით, სიმდაბლის სურნელებით აკეთეთ საქმეები. მხოლოდ სიმდაბლით შესრულებული საქმე დაჯილდოვდება; ქედმაღლობითა და საკუთარი ნებით მოწამლულ საქმეს კი ოთხი მხრიდან მობერილი ქარი ისე გაფანტავს, როგორც ნაგავს და ხელცარიელნი დავრჩებით.
გონს მოვეგოთ და გავმხიარულდეთ იესო ქრისტეს წმინდა სიყვარულით, რადგან ვნებიანი სულები ზეციურ იერუსალიმში ვერ მოხვდებიან. იქ მხოლოდ უბიწო სულები შევლენ სიხარულითა და ზეიმით.

21. დიახ, ჩემო სანატრელო შვილებო, თქვენ ნამდვილად არ გყოფნით ეს უწმინდესი სათნოება – სიმდაბლე. ქედმაღლობას, ამ საშინელ ბოროტებას, ადამიანებისთვის ყოველგვარი უბედურება მოაქვს. ჭეშმარიტად – სიმდაბლე სიწმინდეა!
რატომ ვჩხუბობთ უმნიშვნელო რამეზე? იმიტომ, რომ არ გვაქვს სიმდაბლე. თავმდაბალი აირიდებს შფოთს. ჭეშმარიტი სიმდაბლის გარეშე კი შფოთი მკვიდრობს, მრავლდება და, შესაბამისად, გამოსწორების იმედიც ქრება.
ჩვენს მდაბალ იესოს ევედრეთ ლოცვაში, მოგმადლოთ სიმდაბლისა და სიმშვიდის სული, როგორც თავადვე ამბობს წმინდა სახარებაში: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი“ (მათ. 11, 29).
მდაბალი ადამიანი მოყვასისგან წყენას არ იმახსოვრებს, არამედ ღვთის სიყვარულისთვის ყველაფერს გულით მიუტევებს მას და ივიწყებს.

22. დამდაბლდი და თავი დაიდანაშაულე. თუნდაც ბოლომდე მართალი იყო, ნუ გაიმართლებ თავს, რადგან თავის მართლება ჩვენი სნეული სულის განკურნებას დააბრკოლებს.
ჩემო გოგონა, სათნოეყავი დედა იღუმენიას და ღვთის საფარველის ქვეშ მოექცევი. ქრისტეს თავმდაბალი სასძლო გახდი. უმშვენიერეს სიძეს – იესო ქრისტეს – სძულს ეგოისტი. სიძე – მდაბალი და მშვიდი, ხოლო სასძლო – ამპარტავანი და მრისხანე სული? თუ გსურს, კეთილსურნელებას გამოსცემდე, თავმდაბალი, წრფელი, მორჩილი და მშვიდი სული შეიტკბე, ხოლო ეგოიზმი ისე მოიძულე, როგორც სიმყრალე და სიბრიყვე.
კარგად იქცევი, ყველაფერს საკუთარ თავს რომ აბრალებ. ეს მამათა გზაა. ასეა, შვილო, ღრმად დაიმარხე იგი და უდიდესი სარგებელი გექნება.

23. რა არის თავის იძულებაზე უფრო მშვენიერი! მას ნამდვილად დაფარული, მაგრამ სრულყოფილი სიხარული მოაქვს წმინდა, იმედისმომცემ მომავალთან ერთად.
ამიტომ, შვილო, იბრძოლე, რომ ეს წმინდა სათნოება, თავის განკითხვა მოიპოვო. მუდმივად დაიდანაშაულე თავი. იმეორე: „ჩემო იესო, ამაშიც მე ვარ დამნაშავე; არც ეშმაკია დამნაშავე, არც ადამიანი, ეს მხოლოდ ჩემი ბოროტების ბრალია, რადგან უყურადღებოდ დავდივარ ცხოვრების გზაზე. მოჰფინე ნათელი ჩემი ცხოვრების ბილიკს, სიმდაბლის ცვრით დამინამე გული, რომ შეგიგრძნო მშვიდი და მდაბალი იესო. ანგელოზთა სიხარულო, ჩემს ცრემლებს ნუ უგულებელყოფ, არამედ კეთილსურნელებად მიითვალე და რასაც გულით ვითხოვ, მომმადლე, რომ ტკივილი დამიამდეს და დიდების ჰიმნები ყმაწვილური თავდავიწყებით გიგალობო“.
ჩაუღრმავდი საკუთარ თავს და ყველაფერს მარტივი თვალით შეხედე, როგორც რაიმე ისეთს, რაც შენთვის საინტერესო არ არის.
იშრომე ძალისამებრ და სუფთა სინდისით. ილოცე საკუთარი თავისთვის და ყველა ძმისთვის. დაე, შენმა სიყვარულმა დაფაროს ყველაფერი, რომ მახეებს მონავარდე არწივივით გადაევლო თავზე.

24. შვილო, ყურადღება მიაქციე შენს ქცევას. იყავი უფრო მშვიდი, შემწყნარებელი, თავმდაბალი, დამთმობი. ყველა ეს თვისება თვითშემეცნების დამახასიათებელია.
თავი დაიდანაშაულე და თქვი: „თუ ფიქრობ, რომ დები უგულებელგყოფენ, ყურადღებას არ გაქცევენ და ა. შ. სწორად იქცევიან; იმას იღებ, რასაც იმსახურებ. ყურადღების ღირსი რომ ყოფილიყავი, ანგარიშს გაგიწევდნენ, მაგრამ რადგან უღირსი, ეგოისტი და უმადური ხარ, ამიტომ უშვებს ღმერთი, რომ დამდაბლდე. მაშ, როდის უნდა შეიგნო, რომ სწორედ ასეთი და ამაზე უარესი ხარ?“
ეს და სხვა სიტყვები ნაჯახივით ურტყი საკუთარ თავს, რომ თავი გაუპო საზარელ მხეცს, რომელსაც ეგოიზმი ჰქვია! ის არის ყველაფრის მიზეზი. ამიტომ მთელი ჩვენი ძალისხმევა მის წინააღმდეგ უნდა მივმართოთ და თუ, ღვთის შეწევნით, მას დავამდაბლებთ, მასთან ერთად მრჩობლი ადამიანის სამარცხვინო ვნებებიც დაძაბუნდება.
იფიქრე, რომ ღმერთმა ყველაფერი მოგვცა: სხეული, სული, გონება, გული, მიწა, ჰაერი, საკვები, სუნთქვა, ქრისტესმიერი თავისუფლება, რწმენა, ცათა სასუფეველი, ჯოჯოხეთისგან ხსნა, წმინდა საიდუმლოებები, სულის მფარველი ანგელოზი და უფრო მეტიც, თავისი უძლეველი ძალით აღგვჭურვა ბრძოლაში; და რაც მთავარია, თავისი თავი მოგვმადლა.
ასე რომ, ურყევი ჭეშმარიტებაა: „საჭურველად გარემოგადგეს შენ ჭეშმარიტებაი მისი“ (ფსალმ. 90, 4). ის არის საუკეთესო შემწე სატანის წინააღმდეგ ბრძოლაში.
როგორ ან რით მოვიწონო თავი, როცა ეს ყველაფერი ღმერთმა მომმადლა და საკუთარი არაფერი გამაჩნია? თუ რაიმე კეთილს გავიფიქრებ, სიკეთის წყარო ღმერთია და გონებაც, რომელმაც ეს გაიფიქრა, ღვთისაა.
ვთქვათ, რაიმე სულიერი მოვიმოქმედე, იმის მიუხედავად, გულმა მოიმოქმედა თუ სხეულმა, ორივე ღვთისაა. ჩემი მხოლოდ ნებაა და ამ ნებასაც ღმერთი შეეწევა. ამრიგად, ყველაფერი უკავშირდება ჭეშმარიტ მიზეზს – ღმერთს.
რა გვაბადია, შვილო, რაც ღვთისგან არ მიგვიღია? სწორედ აქედან შევდივართ თვითშემეცნებისა და სიმდაბლის სანახებში.
განა რა არის ეს სამყარო ღვთის უსასრულობასთან შედარებით? და განა რა ადგილი უკავია მასში ადამიანს, ამ არარაობას, ასე რომ იქადის და ამპარტავნებს თავისი არარაობით?

25. კეთილი ღვაწლით იღვაწე (2 ტიმ. 4, 7), შვილო. ნუ გეშინია, უიმედობის ყველა ალყა გაარღვიე. ღმერთმა სნეულები და ურგებნი გამოირჩია, რომ ამით არცხვინოს ის, ვინც ჯანსაღ და ვარგის ადამიანად თვლის თავს. ღვთის ძალა აშკარად უძლურ არსებებში ვლინდება და ღვთის ჩვენთან მიმართებაში გაკეთებული ეს არჩევანი გვიბიძგებს, რომ ჩვენდა უნებურად დავმდაბლდეთ და ღმერთს ჩვენი უსაზღვრო მადლიერება ისე შევწიროთ, როგორც სურნელოვანი საკმეველი!
შვილო, შენ ღმერთმა ძალიან შეგიყვარა; ამიტომ სიმდაბლით იყავი უფლის წიაღში, რომ ამაღლდე ღვთაებრივ განცხრომამდე.
თავმოწონების სულს უფრთხილდი; ნუ იფიქრებ, რომ რაიმე ისეთი გაგაჩნია, რაც სხვას არ აქვს, რადგან სულიწმიდა თითოეულში ისე ნაწილდება, როგორც თავად სურს: ერთთან ის სიყვარულში ვლინდება, მეორესთან – სიბრძნეში, სხვასთან – კეთილგონიერებაში, ზოგიერთთან კი – ღვთის დიდ შიშში. ეს ერთი და იგივე სულია. მაშასადამე, სულიწმიდა თითოეულში დაივანებს არა საქმეების, არამედ სიმდაბლის შესაბამისად.
კეთილი საქმეების გარეშე, მხოლოდ საკუთარი უძლურებისა და ღვთის დიდებულების შეცნობით არის შესაძლებელი გავხდეთ ღვთის შვილები. სიმდაბლის გარეშე შესრულებულ საქმეს მტკიცების ბეჭედი არ აქვს, ხოლო როგორც კი სიმდაბლესთან თანაზიარი ხდება, მაშინვე ძალაში შედის.
ღმერთი უხმარ ქმნილებებს ეძებს: „ქალაქის უბნები და ქუჩები მოიარეთ და ყველა, ვისაც იპოვით გლახაკს, დავრდომილს, უძლურს თუ ხეიბარს – აიძულეთ, ჩემს სახლში შემოვიდნენ, რომ გაივსოს იგი. ხოლო წვეულნი, რომელთაც თავი უდანაშაულო ჰგონიათ, სერობის გემოს ვერ იხილავენ“ (ლუკ. 14, 21-24).
რა სასიხარულოა, რომ ჩვენ, რომლებიც უძლურების გამო უხმართა შორის ვიმყოფებით, ღმერთმა თავის სახლში მიგვიწვია, რათა მის ვეზირებად და მეგობრებად გვაქციოს, ჩვენი გულის პალატში ზეციურ უხორცო ძალთა ღვთაებრივი ჰანგები რომ მოვისმინოთ!
ხედავ, შვილო, ბოროტი ეშმაკი როგორ ცრუობს, როცა გეუბნება, რომ ფიზიკური უძლურების გამო მონაზვნად არ გამოდგები! მთავარია, სული იყოს ჯანმრთელი – თავმდაბალი და თვითშემეცნების მქონე!
მადლი რომ მოგვცეს, ღმერთი ამის წილ ჯანმრთელობას არ გვთხოვს, რადგან ის არ არის ადამიანი თავისი მოთხოვნილებებით, არამედ ღმერთია მოთხოვნილებების გარეშე. სნეულებებსაც ღმერთი უშვებს ჩვენზე და თუ სული მათი საშუალებით განიკურნება, მიზანიც მიღწეულია. ღმერთს ჩვენი სხეულის სიჯანსაღე კი არ სჭირდება, არამედ სიყვარული და სიმდაბლე, ისიც ჩვენი სარგებლისთვის.
ყურადღებით იყავით გულისსიტყვების მიმართ.


მონაზვნობის, ქალწულებისა და უბიწოების შესახებ

არაფერია მონაზვნობაზე უფრო გამორჩეული. მონაზვნობა განღმრთობას', ორმხრივ – ხორციელ და სულიერ სიწმინდეს, ღმერთთან თანაზიარობას ნიშნავს. მონაზვნობა ადამიანში არსებული ღვთის სასუფევლის შეცნობა, შეგნება და აღმოჩენაა. „ვინ არს ბრძენ და გულისხმა-ჰყვნეს ესე?" (ფსალმ. 106, 43) ჭეშმარიტად კეთილგონიერია, ვინც შეიცნო, რომ მონაზვნობაში ღვთის განსაკუთრებული მადლი – განღმრთობა და სიწმინდეა; სოფლის, საკუთარი ნების, თავისუფლების დატოვებით იგი შეუდგა მონაზვნურ ცხოვრებას, გამუდმებული ძიებითა და ბრძოლით იპოვა იესო და ვნებათაგან გათავისუფლებული ვნებებზე გამეფდა.
მონაზვნობის გარეშე ვერავინ აღწევს უვნებობას”. მღვიძარების, თავშეკავებისა და განუწყვეტელი ლოცვის გარეშე ვერავინ განიწმენდს გონებას'. მონაზვნობის გარეშე ვერავინ აღიტაცება ჭვრეტაში. ისე ვერავინ მიუახლოვდება და შეერწყმება იესოს, როგორც ის, ვინც არ მიატოვებს [უფალს] და მის გვერდით დარჩება. მაშინ ის ნეტარების ღირსი გახდება: „ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაი ღმრთისაი“ (ლუკ. 11, 28).
თუ გული არ განიწმინდა, იქ უცოდველი იესო არ დაივანებს. მაგრამ განა შესაძლებელია ერში მყოფმა ადამიანმა გული განიწმინდოს? მამებმა ეს იცოდნენ, ამიტომ სოფელი მიატოვეს და უდაბნოში დაემკვიდრნენ. იქ დაეუფლნენ ბრძოლის ხელოვნებას, გამარჯვების გვირგვინები დაიმსახურეს და მიიღეს კიდეც.
ამრიგად, ადამიანი სულიერი ბრძოლისა და ღვაწლისთვისაა მოწოდებული, რომლის დროსაც მისი მოკავშირე ღმერთია და თანაშემწე – მოძღვარი. მტერი კი – ეშმაკი, სოფელი და ხორცი – თავს მედგარი წინააღმდეგობით დაიცავს, რომ შეაშინოს მებრძოლი, მაგრამ თუ ის მტკიცედ მიჰყვება სულიერი წინამძღოლის რჩევებსა და მითითებებს, უთუოდ გაიმარჯვებს და საუკუნო დიდების გვირგვინით დაჯილდოვდება.
მონაზვნობა ზებუნებრივია. მონაზვნის ცხოვრებაა ზებუნებრივი, რადგან იგი სრულიად უარყოფს ბუნებას; მშობლებთან და ნათესავებთან წყვეტს ჩვეულ კავშირს. მათ არა რაიმე ანგარების გამო, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის შორდება, რომ ღმერთს ემსახუროს და მთლიანად მას მიუძღვნას თავი.
მისი ახალი ცხოვრების მიზანი ხორციელი აზროვნების მოკვდინება და ბრძოლით ანგელოზთასწორი სიწმინდის მოპოვებაა. ღამით ძილი ბუნებრივია, მაგრამ მონაზვნობა ადამიანს მღვიძარებას ავალდებულებს, რათა იგი „ვითარცა ბუი ნატამალსა” (ფსალმ. 101, 7) გახდეს. ადამიანისთვის ასევე ბუნებრივია თავისუფლება, მაგრამ როგორც კი მონაზვნურ ცხოვრებას იწყებს, ღვთისადმი სიყვარულის გამო, საკუთარი ნების მოკვდინება ევალება. საერთოდ, მონაზვნური და საერო ცხოვრება ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია. სწორედ ამ ზებუნებრივი ხასიათის გამო მონაზვნურ ცხოვრებას ანგელოზებრივი უწოდეს.
ადამიანის მონაზვნური ცხოვრებისკენ მოწოდება ღვთის დიდი მადლის გამოვლინებაა და აქ უმეტესი მადლი სულიერი მეგზურის პოვნაა. ერის მიტოვება ადვილია, მაგრამ ღვთის განსაკუთრებული წყალობა შესაბამისი წინამძღოლის პოვნაა, რადგან მორჩილის წარმატება თუ წარუმატებლობა მასზე იქნება დამოკიდებული.
სწორად მიმართული სიკვდილის ხსენება სოფლისგან განშორების დასაწყისში, ისევე როგორც მთელ შემდგომ მონაზვნურ ცხოვრებაში, ადამიანს დიდ ძალას აძლევს. ეს ხსენება მონაზვნისთვის უძლეველ სულიერ ფილოსოფიად იქცევა, რითაც ყოველივე წარმავალის უარისმყოფელი ჭეშმარიტებას მოიპოვებს.
ცივი საფლავები მოინახულე და ყური მიუგდე, რას გეტყვიან მათი მკვიდრნი: „რა სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თვისი იზღვიოს?“ (მარკ. 8, 31) „ამაოება ამაოებათა, ყოველივე ამაო" (ეკლ. 1, 2).
სიკვდილის უძნელეს და საშინლად მტანჯველ ჟამს ადამიანის შემწე მისი საქმეების გარდა არავინაა. ჭეშმარიტად არავინაა, გარდა ღვთისა. თუ მას ვემსახურებით, სულისა და ხორცის გაყრის საშინელ წუთებში შემწე და ხელისაღმპყრობელი გვეყოლება. „ვითარი ღუაწლი აქუს სულსა, გან-რაი-ვიდოდეს ხორცთაგან!“ ეს ღვაწლი მუდმივად გახსოვდეს, იფიქრე და ფრთხილად იყავი, რადგან ჰაერის საზვერეებიც გასავლელი გვაქვს. ისინი ზემოთ აღმავალი სულების სვლას აფერხებენ, დასაბრკოლებლად მათ ცხოვრების საქმეებს წარმოუდგენენ და ასე ითრევენ ჯოჯოხეთში.
ყურადღებით იყავი, ამის შემდეგ ხომ სამსჯავროს წინაშე წარვდგებით და თან რა სამსჯავროს წინაშე! მაშინ „შეგცოდე“ და „მოწყალე მექმენ მე ცოდვილსა“ აღარ გაჭრის, არამედ დაიბეჭდება ყოველი პირი, რადგან სათქმელი აღარაფერი გვექნება.
მოვალენი ვართ ვიფიქროთ ამაზე და კიდევ უფრო მეტზე, რათა უკეთ ჩავწვდეთ, თუ რისთვის ვართ მოწოდებულნი და მისი აღსრულება ვიჩქაროთ, რადგან არ ვიცით, რას გვიმზადებს ხვალინდელი დღე, უცნობია სიკვდილის ჟამი. მხოლოდ ღვთის გამო ქმნილი სიკეთე დარჩება და თან წაჰყვება ადამიანს.
განა არ სჯობს, კაცმა მთელი ცხოვრება ღვთისთვის იშრომოს და როცა ღმერთთან წავა, ამ შრომის მონაგები თან წაიღოს?! ჭეშმარიტად, ეს არის ბრძენი ვაჭარი, რომელმაც ძვირფასი მარგალიტი იპოვა.
შენი უფლისა და ღვთის ხმას თუ გაიგონებ, გულს ნუ გაიქვავებ და ისმინე, რას გეტყვის: „იტყოდის იგი მშვიდობასა... წმიდათა მისთა ზედა და მათ ზედაცა, რომელთა მოუქცევიან გულნი მისა მიმართ" (ფსალმ. 84, 8).
მთელი გულით გისურვებ, რომ შენში ღვთაებრივი ტრფიალებით ღვთისადმი ლტოლვა დაუცხრომელი გახდეს და ამით ფრთაშესხმულმა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხებით, რომელიც აქაურობის" იღუმენიაა, ანგელოზთასწორ მშვენიერებას მიაღწიო. ამინ. იყავნ.

2. ზეციურზე იფიქრეთ, ზეციური ეძიეთ, რადგან ჩვენი მოქალაქეობა, პავლე მოციქულის სიტყვების თანახმად, ზეცაშია (ფილიპ. 3, 20).
ჰოი, რა ბედნიერებას მალავს მონაზვნობა! ჰოი, ზეციურო საშვებელო, რა წარმტაცი ხარ მონაზვნობასა და ისიქიაში მცხოვრები, ამაო სოფელს განშორებული ადამიანისთვის! რარიგ მიიზიდება მყუდროებაში გონება ზეციურისკენ; შემეცნებიდან შემეცნებაში, ჭვრეტიდან ჭვრეტაში გადადის, ღვთაებრივი ტრფიალებით მოცული, გულში ზეაღმავალი, მხოლოდ ღმერთს განიცდის! ჰოი, ღვთის სიმდიდრისა და შემეცნების სიღრმე! უდაბნოში მოხეტიალე შეუმჩნეველი მონაზვნები, ჭეშმარიტად, ღვთისმიერი ფილოსოფოსები იყვნენ. მიწაზე დააბიჯებდნენ, მაგრამ ჭვრეტითა და ღვთაებრივი ტრფიალებით ზეცაში იმყოფებოდნენ.
ჰოი, მონაზვნობავ, რა დიდებული ხარ! როცა ამქვეყნიურ აურზაურს განშორებული ადამიანი დამშვიდდება და გაწაფული მოძღვრის წინამძღოლობითა და ზედამხედველობით მონაზონი ხდება, მაშინ ის მონაზვნობის შინაგან დიდებას მიეახლება.
ჩვენი ბრძოლა უფლებათა, მთავრობათა, ბნელ და უბოროტეს ძალთა (ეფეს. 6, 12), ძალზე გამოცდილ ლეგიონთა, ხორცისა და ვნებათა სამყაროს წინააღმდეგაა მიმართული. ეს ჭრილობებს ჰგავს, რომლებიც საშინლად გვტკივა და მათ განსაკურნებლად ხერხი, დრო, მოთმინება და გულმოდგინებაა საჭირო.
ნახეთ, როგორი იყო წმინდა მამების მოღვაწეობის პირველი წლები! გულგრილობით, შემაძრწუნებელი იმედგაცრუებითა და მრავალი გამანადგურებელი განსაცდელით იტანჯებოდნენ. მოთმინება მტკიცედ შეინარჩუნეს, თავის იძულება არ შეუწყვეტიათ და ისინი მადლმა მოიხილა იმის შესაბამისად, რაც მანამდე დაითმინეს.

3. მამა ეფრემი სწერს მონაზვნებს ქალწულებრივი ცხოვრების შესახებ:
ქალწულებრივი ცხოვრება ჰგავს ნავს, რომელიც მუდამ განუწყვეტელი და ძლიერი ქარიშხლის წინააღმდეგ იბრძვის, ნავსაყუდელს ვერ პოულობს და ტალღებისგან მუდმივად ირყევა. იმის გამო, რომ ქალწული საკუთარ თავში ხორციელი აზროვნების ალს ატარებს, დროებითი ზავიც კი დაუშვებელია, იარაღით ხელში გამუდმებული ბრძოლაა საჭირო.
მაშინ, როცა გათხოვილი ქალი ქარიშხლის ამოვარდნისთანავე ნავსაყუდელს ანუ ცოლქმრულ კავშირს მიაშურებს და საფრთხეს ამით აარიდებს თავს, ქალწული მოვალეა არაფრად ჩააგდოს გრიგალი, ღია ზღვაში გავიდეს, სულის ხომალდის საჭეს მაგრად ჩაეჭიდოს და ხორცის გაშმაგებულ ტალღებს შეებრძოლოს; გამუდმებით უხმოს იესოს, სანამ უფალი არ მოვა საშველად და ზღვას არ შერისხავს სიტყვებით: „დადუმდი, დაეყუდე!” (მარკ. 4, 39)
ჰოი, რარიგ ამაღლებულია სიწმინდე! როგორ ბრწყინავს მისი ნათელი სამოსელი და რა უდიდესი კადნიერება აქვს, რადგან ადამიანს არა მარტო ანგელოზებს ამსგავსებს, არამედ უფრო მაღლაც კი აჰყავს.
ანგელოზები უშრომლად არიან უბიწონი, რადგან ეს მათი ბუნებაა, ქალწული კი ბუნებაზე აღმატებულ გზას ადგება; არა მარტო იმისთვის იღვწის, რომ ბუნებას სხვა მიმართულება მისცეს, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე მუდმივად იბრძვის და ძალისხმევას არ იშურებს საშინელი დემონების წინააღმდეგ; დემონები საზარელ კბილებს აღრჭიალებენ, რომ ის უფლისკენ მიმავალ გზას ააცდინონ, ანუ ქრისტეს წმინდა სასძლო ღვთის სიყვარულს განაშორონ და ვნებიანი ტკბობის წუმპის მთქვლეფავი ღორის მსგავს პირუტყვად აქციონ.
შვილებო, დაე, გავისარჯოთ, ვიღვაწოთ; დაე, ვისწრაფოთ უმაღლესი მოწოდების ჯილდოს მოსაპოვებლად; ღვაწლისდამდებელი ქრისტე ჩვენ გვერდითაა, თითოეულის ბრძოლას თანაგრძნობით ადევნებს თვალყურს, რომ როცა გაცხადდება, მასთან მსგავსებით დავტკბეთ (1 იოან. 3, 2), როგორც წარმართთა მოციქულმა პავლემ დაწერა: „რაჟამს ქრისტე გამოცხადნეს, ცხოვრება იგი ჩუენი, მაშინ თქუენცა მის თანა გამოსცხადნეთ დიდებით" (კოლ. 3, 4).
ქალიშვილები საყვარელ მშობლებს, დაძმას და ნათესავებს ტოვებენ, მოკვდავ ქმარს ქორწინებით უკავშირდებიან და მის სისუსტეებს, ჭირვეულობას, ვნებებს, ხანდახან ცემას და შეურაცხყოფასაც ითმენენ – თუკი ასეთი შეხვდათ – და არ შორდებიან მას ქორწინების საიდუმლოს, მატერიალური უზრუნველყოფის ან ხორციელი გულისთქმის დაკმაყოფილების გამო.
თქვენ უხრწნელი სიძის – ქრისტეს სასძლონი ხდებით, სულიერი ქორწინებით ქრისტესთან შეერთებისთვის მშობლებს და ამაო სოფლის ყოველგვარ სიკეთეს ტოვებთ. სიყვარულით მიჰყვებით იესოს, რომელმაც თქვენთვის ჯვარი და სიკვდილი დაითმინა და ენით აღუწერელი მზითევი, ცათა სასუფეველი გაჩუქათ; გლახაკებსა და ბიწიერებს დედოფლის გვირგვინი დაგადგათ, რომ ზეცაში იმპერატორებზე აღმატებული დიდება და მხიარულება მოიპოვოთ.
რამდენად განსაკუთრებულია ქალწულების მადლი და როგორ აღემატება ქრისტესთან სულიერი ქორწინების საიდუმლო ხორციელ ქორწინებას! და ეს იმიტომ, რომ სიძე ზეციერი, უბიწო, მარადიული ღმერთია!
თუ ჩვეულებრივი ქორწინებისას ქალი მოთმინების გმირად გამოჩნდება, როცა იტანს ცოლქმრული ცხოვრების ჭირს, მწუხარებას, სირთულეებს, მეუღლის მხრიდან შეურაცხყოფას, ვნებებსა და ცემას, შვილების აღზრდისა და მათზე ზრუნვის სიძნელეებს, რაც ადამიანურ ძალებს აღემატება, მაშინ, ჰოი, რა სასჯელს დავიმსახურებთ ჩვენ, თუ მოთმინებას, თავის იძულებას, მორჩილებასა და ყველაფერს, რასაც უტკბესი იესოს უღელი მოითხოვს, გათხოვილ ქალზე მეტად არ გამოვიჩენთ! ამრიგად, მოვალენი ვართ ვაჩვენოთ ჩვენი აღმატებული მოწოდების, მომავალი საუკუნო ზეციური მონაგებისა და ჯილდოების ღირსი მოქალაქეობა.
დავმდაბლდეთ და სიძეს – ქრისტეს შევღაღადოთ: „ჩემი გლახაკი სულის სიძეო, სულელი ქალწულების მსგავსად ნუ დაგვიხშობ შენი ზეციური სასძლოს კარს, არამედ ღირსგვყავ, რომ ჩვენს ლამპრებს ჭარბად ჰქონდეს კეთილი საქმეების, სიყვარულის, სიმდაბლის, სინანულის, ცრემლის, მორჩილების, მოთმინების, სიწმინდის, გულისხმისყოფისა და სხვა სათნოებების ზეთი, რომელიც შენს მოსვლამდე ჩაუქრობლად შეინახავს სინათლეს; რათა ზეციურ ქორწილში მთელი კრებულით შევიდეთ, შენი მადლის ბრწყინვალე და მოელვარე სამოსით შენთან ერთად მოზეიმენი და მოხარულნი უკუნითი უკუნისამდე. ამინ. იყავნ".

4. მამა ეფრემი სწერს მონაზვნებს:
ჩემო კურთხეულო შვილებო, გააცნობიერეთ უფლის მიერ მომადლებული ნიჭი – გახდეთ მისი ძის სასძლოები. ამიტომ განუზომელი სიმდაბლით მოდით, მიუძღვენით სული ტკბილ იესოს და გულწრფელი სიყვარულით დადეთ წმინდა აღთქმა, რომ სიკვდილამდე მისი სიყვარულის ერთგულნი დარჩებით.
გისურვებთ, სანთელივით დადნეთ იესოს მსახურებაში და თქვენმა საქმეებმა საკმეველივით აფრქვიოს კეთილსურნელება, რომ უფალმა მათი სულიერი სურნელი შეიგრძნოს.
ამგვარი თავის მიძღვნა [უფლისთვის] ღვარძლიან ეშმაკს გააშმაგებს და თქვენ წინააღმდეგ ბრძოლაში ჩააბამს. ოღონდ ნუ შეშინდებით, რადგან შემწედ საყვარელი იესო გეყოლებათ. გამხნევდით და ნუ გეშინიათ: უფალი უხილავი ხელით შემუსრავს უხილავ მტრებს.
ღვთისა და წინამძღვრების მიმართ რკინისებური რწმენა და სრული მორჩილება გქონდეთ და ღვთის შეწევნა და მათი ლოცვა-კურთხევა სასწაულებრივად დაგიფარავთ.

5. დამწყებ მონაზონს:
დედაზე მეტად თქვენი სიძე – ქრისტე შეიყვარეთ, რომ ზეცაში ნეტარებდეთ. ნუ იზრუნებთ რაიმე მიწიერზე, მხოლოდ იმაზე იფიქრეთ, როგორ სათნოეყოთ უმშვენიერეს სიძეს – ქრისტეს. რადგან სულიერი ქორწინება საუკუნოდ გასტანს, ხოლო ამქვეყნიური, საერო, ცოტა ხანს გაგრძელდება, შემდეგ კი ცხოვრების სატანჯველი, წვალება და შრომა დაიწყება.
ვინც მონაზვნურ ცხოვრებაში გაირჯება, ყველაფრისთვის უხვ და მარადიულ სასყიდელს მიიღებს, თუმცა მშობლების, დაძმების და სხვათა დატოვებისთვის ამქვეყნადაც ასწილად მოგვეგება. იესო ქრისტესმიერ კრებულს' შეგვძენს, სადაც სიყვარული სულიერია, სიყვარულის მიზანი კი ჩვენს სულიერ წინსვლაში შეწევნაა; ხოლო ხორციელს მხოლოდ ფიზიკური და ამაო უყვარს.
საერო ცხოვრებაში შრომა და ტანჯვა ამაოა, მონაზვნურ ყოფაში კი ეს ღმერთის მოპოვებაში გვეხმარება.
ოჰ, რა მშვენიერია, როცა კრებულში სიყვარულია, როცა კრებული ერთი სულია ბევრ სხეულში! ჭეშმარიტად ზეციური ცხოვრებით ცხოვრობენ, მაგრამ დროდადრო ღმერთი უშვებს შემთხვევას, რომელსაც შფოთი და გულგრილობა მოაქვს. ეს ჩვენი სიკეთისთვის ხდება, რათა გამოვიწვრთნათ და ჩვენი სათნოება ან უძლურება გამოჩნდეს. ამიტომ სულიერი კანონი გვეუბნება: ხან სიხარული, ხან გლოვა; ხან ზამთარი, ხან ზაფხული; ხან ომი, ხან მშვიდობა. ყოვლისმცოდნე ღმერთმა სულიერი გზა ასე განსაზღვრა.

6. სულიერ შვილს, მომავალ მონაზონს:
„მესმა ზეცით ხმაი... და ხმაი იგი... ვითარცა მეათძალეთაი, რომელნი სცემდეს ათძალთა მათთა და გალობდეს გალობასა ახალსა წინაშე საყდრისა... და ვერვინ შემძლებელ იყო ცნობად გალობისა მის... ესენი არიან, რომელნიიგი დედათა თანა არა შეიგინნეს, რამეთუ ქალწულ არიან... რომელნი შეუდგენ კრავსა მას, სადაცა ვიდოდის“ (გამოცხ. 14, 2-4).
სასიამოვნო ამბავი შევიტყვე. ეს მადლის ჟამს ნიშნავს; უმშვენიერესი და უტკბესი იესოს სასძლოები ხდებით, იმ სულების სიძისა, რომელთაც სხვა სიყვარულს ის არჩიეს, ვინც მათთვის ყოვლადწმიდა სისხლი დაღვარა!
ოჰ, ჩვენო კურთხეულო დაო, რა მშვენიერი არჩევანია ღვთის ძესთან უკუნითი უკუნისამდე [სულიერი] ქორწინება. მას თავისი სასძლო უსაზღვრო სიყვარულით უყვარს და ენით გამოუთქმელ საქორწილო სრა-სასახლეს უმზადებს ზეცაში; იქ, სადაც სიძის უტკბეს და მომხიბლავ სახეს უკუნითი უკუნისამდე უცქერს, რომელიც თავის სასძლოს – სულს სულიერი ამბროზიის მსგავსად ზეციური ნეტარების სიტკბოებით აღავსებს! კაცობრივ გონებას ანარეკლის სახითაც კი არ ძალუძს იმ სიკეთის გადმოცემა, რომელიც სულს ელის.
და თუ ახლა ზეციური ნეტარების უშრეტი წყაროს ერთი წვეთიც კი სულს ღვთიური სიტკბოებით აღავსებს, რაღა იქნება მაშინ, როცა ღვთის მოწყალება სულს ამ წყაროსთან მოუხმობს და ნებას დართავს თავისუფლად, განუწყვეტლივ, რამდენსაც მოისურვებს, შესვას!
ჰოი, უფალო ჩემო, იესო, შენი სიყვარულით დამატკბე და შენზე დაწინდულ სულს ზეციური სასძლოს მშვენიერების ანარეკლი უჩვენე, რომ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მოგყვებოდეს, სანამ ჭეშმარიტების ნამდვილ სურათს იხილავს! ამინ. იყავნ, ჩემო იესო.
ჰოი, დაუშრეტელო ოკეანევ, ჰოი, სიყვარულო ღვთისა, ვინ იგემა შენი წყლისგან და ვინ შეძლო შენი მშვენიერების სიღრმეზე საუბარი?! ჰოი, გამოუთქმელო მშვენიერებავ, ვინ იხილა შენი ღვთაებრივი სახე და არ დადუმდა, რადგან სიყვარულის ცრემლების შეკავება ვეღარ შეძლო!
დიდია ჩვენი სიხარული, რადგან ქრისტესმიერ კრებულს კიდევ ერთი სული ემატება. უფლის სიყვარულით გაერთიანებულნი – ყველა, როგორც ერთი – უმშვენიერეს სიძეს, ქრისტეს ერთგულად შევუდგეთ. ყოველმა ჩვენგანმა თავისი ჯვარი მოთმინებით იტვირთოს, ვიდრე იესო სიხარულის ანგელოზს მოგვივლენს, რომელიც თითოეულ სულს უმშვენიერეს სასძლოში, საუკუნო ქორწილის გამოუთქმელ სიხარულში შეუძღვება!
როცა ღვთისთვის სათნო იქნება თქვენ მიერ ანგელოზებრივი სქემის მიღება, გახსოვდეთ, რომ ეშმაკი ათასნაირი გულისსიტყვით შეგაწუხებთ და ამის გამო დაგჭირდებათ, ვინმემ სულიერი გამოცდილება გაგიზიაროთ. გულისსიტყვების გულწრფელად აღიარება ნუ შეგრცხვებათ, ნურაფერს დამალავთ და დიდ შეწევნას მიიღებთ.

7. სულიერი შვილისადმი:
ჩემო გოგონა, გისურვებ უფალმა ღვთის მხურვალე სიყვარული მოგმადლოს, ერთიანად აღენთო და მონაზვნური ცხოვრების ნეტარ, ანგელოზებრივ გზაზე სიხარულით იარო. სული, რომელიც ამ გზას ღირსეულად გაივლის, ქრისტეს სასძლო გახდება, ანგელოზებზე უმეტეს ბრწყინვალებას შეიძენს, რადგან ადამიანის სული ღვთის ხატად და მსგავსადაა შექმნილი.
ჩემო გოგონა, ნურასოდეს გაცვლი ზეციერ სიძეს ხორციელ ადამიანზე, შემოქმედს – მიწიერ ქმნილებაზე, ღვთაებრივ ბუნებას – ადამიანურ ბუნებაზე. არსებობს განა უფრო აღმატებული ბედნიერება – ადამიანს სულის სიძედ სიცოცხლეშივე ძე ღვთისა ჰყავდეს?! ის მას ანგელოზებრივ ქალწულებას საუკუნოდ შეუნარჩუნებს და ზეცაში, ანგელოზებრივ საშვებელთა ღვთაებრივ სამკვიდრებელში მარადიულ ცხოვრებას მიჰმადლებს.
განა სხვას რას აკეთებენ გოგონები, როცა მშობლებს, დაძმებს ტოვებენ და თხოვდებიან? ასევე იქცევა ის, ვინც მონაზონი ხდება. მაშასადამე, მონაზვნობას შემდგარნი გათხოვილებზე აღმატებულ მსხვერპლს არ გაიღებენ, მხოლოდ ერთშია განსხვავება: პირველნი ვნებიან და უძლურ, მიწიერ ადამიანს მიჰყვებიან, ხოლო მეორენი ზეციერ სიძეზე – წმინდა და უვნებო ღმერთზე ქორწინდებიან. ის ქალიშვილები და ყმაწვილები, რომლებიც ქრისტესთვის მონაზვნურ ცხოვრებას ირჩევენ, რამდენად უფრო მოგებულნი არიან აქ, ამ სოფელში, და იქაც – ზეცაში საუკუნოდ!
ადამიანს, რომელსაც მონაზვნობა სურს, ეშმაკი მრავალ დაბრკოლებას შეუქმნის, რომ მონაზონი არ გახდეს. ბოროტს მისი ერში დატოვება უნდა, რათა ცოდვაში უფრო იოლად ჩაითრიოს. ამიტომ, ჩემო გოგონა, ეშმაკის ხრიკები გაითვალისწინე, ბრძნულად მოიქეცი და როცა ახლოს არ ვიქნები, გულისსიტყვები თუ განსაცდელები იღუმენიასთან გულწრფელად აღიარე, ის კი ღვთიური განათლებით ძალიან შეგეწევა.
მუდმივად იმეორე იესოს ლოცვა, რადგან ეს ყველაფერში დაგეხმარება, ყოველგვარ დაბრკოლებას განაქარვებს და წმინდა მიზანს მიაღწევ. საკუთარ თავს გაუფრთხილდი, ყოველგვარი ხორციელი შეგინებისგან წმინდად დაიცავი იგი, რადგან ზეციერ სიძეს ყველაზე მეტად ადამიანის ხორციელი და სულიერი სიწმინდე უყვარს.
ჩემო გოგონა, გისურვებ, უფალი შეიყვარო, უფალმა იესომ კი შენ შეგიყვაროს და საუკუნოდ შენი სულის საყვარელ სიძედ იქცეს. ამინ.

8. სხვა სულიერი შვილისადმი:
ჩემო პატარა... ჩვენი ღვთისმშობლის წილხვედრი წმინდა მთიდან მამობრივ მოკითხვას გითვლი. თან ლოცვა-კურთხევის ლამაზ თაიგულსაც გიგზავნი ქალწულების გზაზე შენს განსამტკიცებლად.
ყოველი ადამიანი მარტოდმარტო შეხვდება სიკვდილის საშინელ წამს და მისი ერთადერთი შემწე სიმდაბლის საქმეები იქნება.
ერს განშორებული მონაზვნის ანაფორაზე მდაბალი განა რა არის? სოფლის სიხარულს მოცილებული მონაზონი საკუთარ ცოდვებს დასტირის, რათა სულმა მშვიდი სინდისისგან შობილი ნამდვილი სიხარული იპოვოს.
მონაზვნური ცხოვრება ძალიან ლამაზი და ტკბილია. ოღონდ, საუბედუროდ, ჩვენი უძლურება და ვნებები ხანდახან მას რთულად წარმოგვიდგენენ.
რაც უფრო მეტად შეიმეცნებს და შეიგრძნობს ღმერთს ადამიანი, მით უფრო მიმზიდველად ხედავს მონაზვნურ ცხოვრებას, რადგან ზეციურ მადლსა და უფლის ტკბილ სიყვარულს განიცდის და იგემებს.
ამ ღვთიური და ზეციური ნიჭის მომცემელს ეს ქვეყანა უგულებელყოფს, რის გამოც სოფელი უბედური და ცოდვისგან კეთროვანია. ანგელოზებს კი, რომლებიც უფალს ჭვრეტენ, რარიგ უყვართ და ემსახურებიან მას! ასეთი ჭვრეტისა და სიყვარულის თანაზიარია მონაზონიც, რომელიც შეიგრძნობს უფალს. ხოლო „სოფელმან იგი ვერ იცნა“ (იოან. 1, 10) და ამიტომ გული ჭირითა და მწუხარებით აქვს სავსე.
რაც უფრო უახლოვდება, განიცდის და ჭვრეტს თავისი სულის სიძეს მონაზონი, მით უფრო მშვენიერი ხდება მისი შინაგანი სამყარო. სულის თვალით ხედავს, სულიერი გრძნობით განიცდის და ამიტომ გრძნობს ასე კარგად თავს! ამაო და მაცდური სოფლის სიხარულსა და სიამოვნებას გლოვობს, საწყალი ადამიანები ებრალება, რომლებიც ამას ემყარებიან, ამაზე არიან დამოკიდებულნი, ბოლოს კი უსაშველოდ გამწარდებიან.
შენ კი, ჩემო კარგო შვილო, გისურვებ ცისა და ქვეყნის ღმერთმა თავისი ღვთაებრივი გულით გაკურთხოს, ხოლო ბოლოს რას მოგმადლებს, მეც არ ვიცი.

9. სულიერ შვილს:
შვილო, მივიღე შენი წერილი-აღსარება. ვმადლობ სახიერ ღმერთს იმისთვის, რომ ღვთაებრივი ნათლის სხივები სულებს ისევ და ისევ განანათლებს, რათა მემკვიდრეობით მიიღონ მამობრივი ძალაუფლება, რაც სულის არსებითი საკითხია; ვგულისხმობ გონიერი ლოცვით სულის ღმერთთან ურთიერთობას.
ღმერთი უსაზღვრო გონია, ადამიანური გონება კი შეზღუდულია. როცა ადამიანის პატარა გონება გონიერი ლოცვით უსაზღვრო გონებას – ღმერთს – უერთდება, ის ღვთაებრივ და ნეტარ ენერგიას ეზიარება და თვითონაც ნეტარი ხდება. ამის გამო კაცი გამოუთქმელ სიხარულს, სიტკბოებასა და მხიარულებას შეიგრძნობს, უტკბესი ცრემლები კი მის სულს ათბობს და ღვთაებრივი ნუგეშით აღავსებს.
ლოცვა ქრისტიანის მტკიცე იარაღია, განსაკუთრებით მონაზვნისა, ვინც ღვთიური მხედრობის მებრძოლის ტიტულს ატარებს და სოფლის, ხორცისა და ეშმაკის წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლის სახელოვანი დროშა ფიცით აღუმართავს. უჩინარ გმირებად ვართ მოწოდებულნი, ხილულნი მხოლოდ დაუძინებელი თვალისთვის, რომელსაც ღმერთი ჰქვია.
„უკუეთუ გნებავს, რათა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე“ (მათ. 19, 21). გოლგოთის აღმართზე გამომყევი, რომ ერთად ვეცვათ ჯვარს, ერთად შევვედროთ სული, ერთად აღვდგეთ და ერთად ვიცოცხლოთ.
„რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯუარი თვისი (მათ. 16, 24) ყოველდღიურად. დაე, ვისაც ვუყვარვარ, შემომიდგეს, რადგან ყველაფერი ნაგევია. „ყოველივე სიზმარისა უმაცთურეს არს... არა დაადგრების სიმდიდრე, არცა თანაწარყუების დიდება, რამეთუ მოიწია სიკუდილი, და ესე ყოველი მყის იავარყო“.
შვილო, დაე, სიკვდილის დაფარული ჟამი, ღვთის საშინელი სამსჯავრო, ცოდვილთა სატანჯველი, სამოთხის საუკუნო შვება მდუმარებისას განსჯისთვის გქონდეს გულში. შენი ცხონება ამაზეა დამოკიდებული.
თუ ვინმე სოფელს განეშორება, მის სიმყრალეს შეიცნობს; ხოლო ერში მოხეტიალეს ამქვეყნიურ გულისთქმათა და სიამოვნებათა ძონძები, როგორც დიდების სამოსელი, ისე შეუმოსავს.
ღვთისმეტყველებას, ჭეშმარიტ ღვთისმეტყველებას უნივერსიტეტებში ვერ დაეუფლები. ეს მხოლოდ სოფლის უგულებელყოფით, შფოთისა და ერის ორომტრიალისგან განშორებით, მშვიდ და მყუდრო ადგილზე მოღვაწეობითა და ლოცვის წეს-განგებითაა შესაძლებელი. ხოლო როცა ადამიანი გონებას განიწმენდს და ხორცის აღძვრისგან გათავისუფლდება, ის ჭეშმარიტი ღვთისმეტყველების ნათელს – თვითშემეცნებას მოიპოვებს. „თუ კაცი ღვთისმეტყველია, კარგად ლოცულობს და თუ კარგად ლოცულობს – ღვთისმეტყველია““.
მდუმარებაში გონება მშვიდდება. მიწიერი გულისსიტყვებისგან თავისუფალი გონება საკუთარ თავს ბუნებრივად უბრუნდება. საკუთარი თავიდან კი ლოცვით – „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ – ღვთისკენ მიიქცევა.
უფლის სახლში მისვლა და დამკვიდრება გაცილებით უფრო საამოა, ვიდრე ცოდვილთა სოფელში ცხოვრება (ფსალმ. 83, 10), სადაც ხორცის თაყვანისცემის საცდურია და ჯოჯოხეთი დიდ ნადავლს მოიხვეჭს.
შვილო, სოფლის სიყვარული ღვთის მტრობაა. ღმერთი თუ გიყვარს და გსურს მას სრულყოფილად და ნაყოფიერად ემსახურო, დიდი ქალაქის უსულო შენობები მიატოვე და საყვარელ და სასურველ უფლის სამკვიდრებელში მოდი, სადაც მეცნიერებათა მეცნიერებას, ეშმაკზე, სოფელსა და საკუთარ თავზე გამარჯვების ხელოვნებას ისწავლი. ეს არის საუკუნო ჯილდოებისა და ადგილებისთვის შეუპოვარი ბრძოლის მეცნიერება.

10. სულიერი შვილისადმი:
„ჰოი, სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისა!“ (რომ. 11, 33) – ღაღადყო პავლე მოციქულმა, როცა ღვთაებრივი ნათლის ჭვრეტამ მოიცვა და ღვთისადმი სიყვარულით ანთებული საკუთარი გული იხილა.
რა არის ღმერთზე უტკბესი! განა ამაო არაა ყოველივე კაცობრივი? განა საფლავის მიწა არ ფარავს ყველაფერს? სად არის ახალგაზრდობა, სად არის მშვენიერება, სად არის დიდება და სიმდიდრე? განა ყოველივე მტვრად და ნაცრად არ იქცევა? ვინ იყო მეფე და ვინ მეომარი, ვინ მდიდარი და ვინ გლახაკი? განა მხოლოდ ძვლებს არ ვხედავთ? სად გაქრა მეფეთა სასახლეები, მდიდართა ფუფუნება, გემოთმოყვარეთა მდიდრული ნადიმი და ლხინი? სად არის უზნეოთა სიამოვნებით განცხრომა? განა მატლმა და სიმყრალემ არ შთანთქა ისინი? ჭეშმარიტად „ამაოება ამაოებათა, ყოველივე ამაო!" (ეკლ. 1, 2).
ამას ფილოსოფიურად მივუდგეთ; თავი ვაიძულოთ, რომ მთელი გულით შევიყვაროთ სახელოვანი ქალწულების უბიწო და წმინდა გზა, რომ ხორცთან გაყრის შემდეგ ზეცაში აღმავალი სული ქალწულების სილამაზით და მშვენიერებით შეიმკოს და იესომ – უბიწო სულთა სიძემ – შეიყვაროს.
შვილო, კეთილად იღვაწე. მუდამ გახსოვდეს იესოს წმინდა სახელი. იმ გზაზე, რომელზეც მიაბიჯებ, თავდახრილმა ჩურჩულით თქვი, ან გონებაში იმეორე: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“. გახსოვდეს, რომ სიკვდილის ჟამი უცნობია, ოხვრით ამბობდე: „ოჰ, სად მომისწრებს სიკვდილი? მზად ვიქნები? ქრისტესთვის გაწეული მსახურება საკმარისი იქნება ჩემი ცოდვების გამოსასყიდად?“ მუდამ გახსოვდეს ღირსთა ცხოვრებები, რომ შენში მონაზვნობის სურვილი უფრო მეტად აღენთოს.

11. სხვა სულიერი შვილისადმი:
ვლოცულობ, რომ ყველაფერში ღმერთი იყოს შენი წინამძღოლი. როცა ვინმე მონასტერში მიდის, სათნოებები და ვნებები თან მიაქვს. ის მონაზვნობისთვის იმიტომ არის მოწოდებული, რომ სათნოებები გაამრავლოს და ვნებები ამოძირკვოს. ვნებების ამოძირკვისას მათი სიძლიერის თუ სიმრავლის შესაბამის სიძნელეებს აწყდება. მიზნის მისაღწევად საჭიროა თავის უარყოფა, მიზანი კი ცოდვის სამარცხვინო ვნებათაგან გათავისუფლებაა.
ოპერაციის დროს არავინ მხიარულობს, არამედ ტკივილს განიცდის, მაგრამ გონივრულად განსჯის, რომ ოპერაცია და ტკივილი სულის სიჯანსაღეს შესძენს.
მონაზვნურ გზაზე მადლის სიტკბო ვნებათა სიმწარესთან იქნება შეზავებული. ხან დღე იქნება, ხან ღამე; ხან გაზაფხული, ხანაც ზამთარი. ასე განაჩინა ღვთის განგებულებამ ხორცისა და სულის გადარჩენა.
მონაზვნურ ცხოვრებაში სულიერი ცოდნის მატება თანდათანობით ამსუბუქებს გოლგოთის ჯაფას, რადგან კეთილი კვირინელი – ნათელი შემეცნების ნუგეში – მოდის და ვნებათა სიმძიმეს ტვირთულობს. იესოს მიმდევარი კი ვნებების მოკვდინებისკენ მსუბუქად მიაბიჯებს. ჰოი, შვილო, მას აღდგომა მოელის. თანაც რა აღდგომა! ცათა სასუფევლის განცდა! იგი ღვთის მემკვიდრეა და თანამკვიდრი ქრისტესი! მაშინ დაიწინდება სული, რომ სიკვდილის შემდეგ ქრისტეს სასძლომ შეუგინებელ საქორწილო განსასვენებელში საუკუნოდ იმხიარულოს! მაშინ საკუთარ თავს სიხარულისა და ჭვრეტის ოკეანეში მოცურავეს იხილავს. ყველა ამ სულიერ სიკეთეს კი მაშინ მოიგებს, როცა ვნებათა ამოსაძირკვად მოთმინებითა და სიმდაბლით კეთილად იღვაწებს.
შვილო, მომავალ ღვაწლში წარმატებას გისურვებ.

12. სხვა წერილი იმავე სულიერი შვილისადმი:
მთელი სულით გისურვებ, სახიერმა ღმერთმა უძლეველი საფარველით დაგიფაროს და როგორც უშეცდომო კომპასმა, შენი წმინდა დანიშნულების პოლუსამდე მიგიყვანოს. ეს კი იესოს ფერხთით მჯდომი წმინდა მარიამის მსგავსად, საკუთარი თავის ღვთისთვის მიძღვნაა. და მაშინ მოისმენ მადლის სიტყვას, რომელიც შენს გულში ამეტყველდება.
ღვთის გარდა ნურავისი გეშინია. ღმერთი გულებს გამოიკვლევს და თითოეულს საქმეთამებრ მიაგებს.
ცხონების ბრძოლით იბრძოლე. იფიქრე, რომ სიცოცხლე სარწმუნო არ არის, რომ ჩვენი მამებივით წარმავალნი, მსხემნი' და მწირნი ვართ, მოვედით, ვნახავთ და წავალთ. „რამეთუ მოიწია სიკუდილი, და ესე ყოველი მყის იავარყო"?. იბრძოლე, რომ მთელი სულით მოიძულო წარმავალი სიკეთე, ბრძენი ვაჭარივით ივაჭრე და აგარაკი შეიძინე, სადაც დაფლულია საუნჯე, ძვირფასი მარგალიტი. მიწა მოთხარე, მოძებნე ის და მადლით გამდიდრდები.
აგარაკი მონაზვნობაა და მან, ვინც ყველა თავისი ნებასურვილი, ზოგადი სიამე და თავისუფლება გაყიდა, აგარაკი შეიძინა და მიწა მოთხარა, ანუ მონაზვნობაში იშრომა, – ნუგეშინისმცემელი სულის მადლი იპოვა და ღვთის სიყვარულით და სასოებით გამდიდრდა.
მონაზვნობაზე მშვენიერი არაფერია, როცა ის ღირსი მამების მიერ დადგენილი წესის მიხედვით ხორციელდება. ვინც ნამდვილი სიხარული ჭარბად მოიპოვა, უფლისმიერ მხიარულობს ნეტარი სასოებით, რომ ღმერთთან ერთად საუკუნო ნეტარებასა და გამოუთქმელ სიხარულში იცხოვრებს!
ჰოი, სიღრმე ღვთისა! ჰოი, გამოუთქმელი და უტკბესი სიმდიდრე! თუკი, მჭევრმეტყველების მიუხედავად, პავლე მოციქულმა ვერ შეძლო გადმოეცა უბრალო სურათი, რომელიც სამოთხეში აღტაცებისას იხილა და იგრძნო, მე, უდღეური, როგორღა შევძლებ ღვთის საშვებელთა დიდებულების გადმოცემას?!
„განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი“ (ფსალმ. 33, 8). იესოს და ჩემო შვილო, გაფრთხილდი, სოფლის რაიმე მოჩვენებითმა სიკეთემ იესოს არ განგაშოროს. არამედ მთელი შენი სწრაფვა ზეცისკენ მიმართე, რადგან ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია.
ყველაფერი უგულებელყავი, მიწად და მტვრად ჩათვალე. ამქვეყნად სარწმუნო არაფერია.
ცოდვას, როგორც ცეცხლსა და შხამიან გველს, ისე გაექეცი და ლოცვით იესოსკენ ისწრაფე, ის კი სასწაულებრივად გიხსნის. იესოსთვის ყველაფერი მსხვერპლად გაიღე, რადგან იგი ღირსია მსხვერპლად შევწიროთ ყოველგვარი სიყვარული.

13. მონაზვნური ცხოვრების მსურველებისადმი:
როგორ შევძლებ ქალწულების მიუწვდომელი სიმდიდრის შეფასებას?! ქრისტეს გვერდით რომელი თიხის ენა შეძლებს ხოტბა შეასხას ქალწულების დიდებას?!
ქალწულება ანგელოზთა სადარია. ის მიწიერ ადამიანს ქრისტესა და ღვთისმშობელს მიამსგავსებს, რადგან ორივენი ქალწულები იყვნენ. პირველქმნილი ადამიანებიც ცოდვით დაცემამდე ქალწულები იყვნენ, მცნების დარღვევის შემდეგ კი შეუღლდნენ. მაშასადამე, პირველად ქალწულება იქნა დადგენილი, ხოლო ქორწინება ურჩობის შედეგია. და ვისაც სურს სამოთხეში მყოფი პირველქმნილების სათნოებას მიაღწიოს, ქალწულებითა და სიწმინდით უნდა იცხოვროს.
ქალწულებასა და უბიწოებას ღვთის წინაშე დიდი კადნიერება აქვს. ამიტომ სიცოცხლის მსხვერპლად გაღებაც რომ გახდეს საჭირო, ქალწულება თვალისჩინივით დაიცავით. მის შესანარჩუნებლად მუდმივად იმეორეთ იესოს ლოცვა და მოერიდეთ ცოდვის მიზეზებს, თვალს გაუფრთხილდით.

14. მინდა, ახლა უფრო შეიყვარო ქრისტე, რაკი მასთან დაწინდვას დათანხმდი. ჩემო გოგონა, ნახე, როგორი სიყვარული გიჩვენა მან – ერიდან გამოგიყვანა და ახლა ერთ მყუდრო მონასტერში ლოცვითა და გალობით ცხოვრობ; რაც მთავარია, საუკუნო ცხოვრების დამკვიდრებისა და ღვთის ანგელოზებთან ერთად გალობის იმედი გაქვს! განუწყვეტლივ მადლობდე ღმერთს, რომელმაც ამდენი კურთხევა სიყვარულით მოგმადლა.

15. შვილო, სიწმინდეზე უნდა ვიზრუნოთ, რადგან იგი მონაზვნურ სულს აღანთებს, ის საუკეთესო მოწმობაა, რომ მონაზვნური მოქალაქეობა ანგელოზებრივია. სიწმინდეს სულიწმიდა მოხედავს, მასში დაემკვიდრება და მონაზონს სამოთხის განცდა დაეუფლება. ეშმაკი თავს ესხმის სიწმინდეს, ხელი რომ შეუშალოს სულიწმიდის მიერ მის მოხილვას.
ამიტომაც გვაწუხებენ, შვილო, ბოროტი გულისსიტყვები, რომ სულიწმიდის ჭურჭელი არ გავხდეთ და არ ვიგრძნოთ, რომ მონაზვნური ცხოვრება ანგელოზებრივია. მაშ ასე, მოდი, ვიბრძოლოთ, რათა ღვთის მადლით სულისა და ხორცის სიწმინდე მოვიპოვოთ.

16. სქემაში აღკვეცის დროს მადლი ზოგს დიდად მოიხილავს, ზოგს – მცირედ, თუმცა ეს მონაზვნის მომავალ ცხოვრებაზე არ მეტყველებს.
ანგელოზებრივი სქემის მადლი თავიდან ზოგმა საერთოდ ვერ იგრძნო, თუმცა შემდგომ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია. სხვებთან კი საწინააღმდეგო მოხდა. მონაზვნის მიზანი გულის სიწმინდეა, საიდანაც სრული სიყვარული აღმოცენდება.
ამაზე ვიფიქროთ და ვნახოთ, გვაქვს თუ არა მოთმინება და სიმამაცე ეშმაკთან ბრძოლისთვის, წმინდა სიყვარული, განკითხვისა და ძვირისზრახვისგან თავისუფალი ენა.
მონაზონს ორი სიხარული აქვს: ერთი, როცა მონაზონი ხდება და მეორე, როცა სიკვდილს უახლოვდება. მონაზვნის ცხოვრება განა სხვა რა არის, თუ არა მუდმივი მოწამეობა? ამიტომ, სიკვდილი სიხარულია, რადგან ის ფიქრობს, რომ ტანჯვასა და ბოროტის ბრძოლას თავს დააღწევს.
ახლა, სანამ ახალგაზრდა ხარ და ვნებებს ფესვები არ გაუდგამს, თავი განიკურნე, რომ სიბერეში განსვენება პოვო. რადგან კეთილი ცხოვრება კეთილ სიბერესა და კეთილ აღსასრულს მოიტანს.

17. თუ ჩემი სიყვარული გაქვთ, გთხოვთ, ეკრძალეთ საკუთარ თავს, ნუ დაივიწყებთ მიზანს, რომლისთვისაც ერიდან გამოხვედით და რომლის მისაღწევადაც ბრძოლა გვმართებს. რა სარგებელს ვნახავთ, თუ რაიმე ამსოფლიურს მივაღწევთ და ფასდაუდებელ უკვდავ სულს დავაზარალებთ?
ჩვენი, მონაზვნების მიზანი ზეაღსვლა და ზეცაში მოქალაქეობაა. ანგელოზთა მსგავსად სიწმინდეში მცხოვრებნი უმაღლესზე ვფიქრობთ და არ შეგვფერის ყოვლადძლიერი იარაღის – ლოცვის მიტოვება და ყოველი უჯერო გულისსიტყვის წინაშე უკან დახევა.
მონაზვნის სხეული ღვთის ტაძარია და მოვალენი ვართ, ეს წმინდა ტაძარი ყოველგვარი სიწმინდით გავამშვენოთ, რომ ღვთისთვის სათნო გახდეს. ის, ვინც ამ ტაძარს შეაგინებს, უფალს დაამწუხრებს. ფრთხილად იყავით სიწმინდესთან მიმართებაში.
ანგელოზების მსგავსად, ქალწულება იმათი განსაკუთრებული ნიშანიცაა, ვინც გადაწყვიტა თავი ღვთისთვის მიეძღვნა. ეშმაკს, როგორც არაწმინდასა და ღვთისგან გაუცხოებულს, უსაზღვროდ სძულს ქალწულება, ამდენი უხამსი გულისსიტყვაც იმიტომ მოაქვს, რომ უბიწოების მშვენიერება შეაგინოს და მას ანგელოზებრივი ბრწყინვალება დააკარგვინოს.

18. წმინდა მთა, 1957 წლის ოქტომბერი
ქრისტესმიერ საყვარელო ძმაო... ღმერთმა გაკურთხოს და ცხონების უცდომელ გზაზე განგანათლოს. შენს წერილში მეკითხებოდი, უფალმა მონაზვნობისკენ მოგიწოდა თუ არა, რომ მისი მოწოდების გარეშე არაფერი მოიმოქმედო და ერში შენი მოვალეობები არ მიატოვო.
ძმაო, ვინც დაიტევს, დაიტიოს. „არა ყოველთა დაიტიონ სიტყუაი ეგე“ (მათ. 19, 11). ღვთისგან მოწოდების დამახასიათებელი ნიშნებია, როცა ადამიანი საკუთარ თავში ცოცხალ სურვილს, მოშურნეობას, მონაზვნობის მიმართ ერთგვარ ტრფიალებას გრძნობს. როცა ყველაფერ ამას საკუთარ თავში დაინახავს, დარწმუნდება, რომ ღმერთი მონაზვნობას შთააგონებს. მოწოდების მიუხედავად, ის არჩევანში სრულიად თავისუფალია. თუ ამის სურვილი აქვს, ნებაყოფლობით, იძულების გარეშე შეუძლია მიიღოს მონაზვნობა, რომელსაც ქალწულებრივი ცხოვრება ეწოდება.
ეს მოხმობა ღვთის მადლია, რომელიც ადამიანმა არ უნდა მიატოვოს და არც ჩააქროს. რადგან თუკი მას ორი-სამი წლით ერში დარჩენით უგულებელყოფს, სურვილი უეჭველად ჩაქრება და ასეთი მაღალი მიზნისთვის აღარ აენთება.
საჭიროა, ამ ადამიანმა ერში ყოფნისას თავისი ფიზიკური შესაძლებლობის შესაბამისად დიაკრისით იმარხულოს, მღვიძარებაში იყოს, ილოცოს, მოწყალება გასცეს, მოერიდოს ყველაფერს, რაც გულისსიტყვის სიწმინდეს შეაგინებს, მავნე ურთიერთობებს, ქალებთან საუბრებს, რომ განმარტოებისა და განსჯის საშუალება ჰქონდეს. ეს ყველაფერი გააძლიერებს მონაზვნობის სურვილს და მისი მხურვალების შენარჩუნებას შეეწევა, სანამ მიზნის აღსრულების შესაბამისი დრო მოვა და ის გადაწყვეტილებას მიიღებს. როგორც ვთქვით, ადამიანი არჩევანში სრულიად თავისუფალია, მიუხედავად იმისა, რომ დამახასიათებელი ნიშნებით მისი მოწოდება აშკარაა.
ის, ვინც ღმერთს აღუთქვამს, რომ მონაზონი გახდება, ცხადია, მას დადებული აღთქმის შესრულება მოეთხოვება. როგორც ეკლესიის დიდი მამები ამბობენ, აღთქმის დამდები მოვალეა მონაზონი გახდეს. როცა ვინმე რაიმე აღთქმის დადებას აპირებს, კარგად უნდა დაფიქრდეს, რადგან აღთქმის უარყოფას კარგი შედეგი არ მოჰყვება. ეს ჩაითვლება ღვთის უგულებელყოფად, ვის წინაშეც აღთქმა დაიდო.
ქალწულებრივი ცხოვრება ამაღლებულია, რადგან ადამიანი საკუთარ თავს ბოლომდე უყოყმანოდ გადადებს, რომ სათნოეყოს ღმერთს და დროთა განმავლობაში საღვთო ღვაწლით უფალს მიმსგავსებული სულითა და ხორცით განიწმინდოს, ხელახლა იშვას, ქრისტეს ერთგული ახალი ადამიანი გახდეს, რომელსაც ქრისტესმიერი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი თვისებები ექნება, როგორც შვილებს აქვთ მშობლების ნაკვთები, რაც მათ კანონიერ შვილობაზე მიუთითებს.
ძმაო, როცა მოინდომებ, შეგიძლია წმინდა მთა მოილოცო და ყველაფერი ახლოდან ნახო, თუ ისურვებ, რამდენ ხანსაც გინდა, ჩვენთან ან ნებისმიერ სხვა ადგილას დარჩი. ჩვენს პატარა სახლს ორი მცირე სენაკი აქვს: ერთში მე ვიცხოვრებ, მეორეში – შენ და უკეთ დაინახავ, როგორ მოიქცე. ჩემი მოძღვრისგან გამოცდილების სულიერ სიტყვებს მოისმენ და ერთი სიტყვით, გონება საკმაოდ გაგინათდება – მიხვდები, რა აკეთო.
დასაწყისში ქრისტესმიერ ცხოვრებას დიდი შრომა სჭირდება და თან სხვადასხვა განსაცდელი ახლავს, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი მცირდება და სულიერი ნუგეში მოდის – ღვთის მადლის მოხილვის ჟამს სულიერ ტკბობასა და სიხარულს განიცდი.
უფალი ამბობს, რომ მრავალი ჭირით ვცხონდებით, საჭიროა ჩვენი სული მოთმინებაში განმტკიცდეს და ვინც ბოლომდე დაითმენს, ის მოიპოვებს მარადიულ ცხოვრებას.

19. წმინდა მთა, 1957 წლის ნოემბერი
ჩემო ქრისტესმიერ საყვარელო ძმაო... სულიწმიდის მადლი მუდამ გფარავდეს. გუშინ შენი წერილი მივიღე. ძალიან გამიხარდა, რომ მონაზვნობის ნამდვილ არსს ჩასწვდი და კარგად ხარ. ღვთის ნებით, ჯანმრთელობა შერყეული მაქვს.
ჩემს ნათქვამში სოფლის დატოვების შესახებ იმას ვგულისხმობ, რომ თუ ადამიანი ერში რჩება და ორი-სამი წელი აყოვნებს, გულგრილი ხდება და ამის შემდეგ ძალღონეს კარგავს მონაზვნობისთვის. თუ მიზნის მიღწევაში უდებებას გამოვიჩენთ, ეს მხურვალე მადლი დაგვშორდება.
„ეკალსა და კუროსთავსა აღმოგიცენებდეს შენ“, – ამბობს წმინდა წერილი (დაბ. 3, 18). ამრიგად, ეკალი და კუროსთავი, ანუ ვნებები და ცუდი ჩვევები, გულის ნიადაგზე აღმოცენდება. მათი ეკლიანი ფესვები მრავალი შრომით, ოფლითა და ცრემლით ამოიძირკვება, რომ გულის ნიადაგი განიწმინდოს და იქ თესლი – ღვთის სიტყვა – დაითესოს.
„უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“. წმინდა მამათა აზრით, ლოცვა არის თესლი, რომელიც დამწყები მონაზვნის გულში ჩაითესება. თავიდან, სანამ აღმოცენდება, გაიზრდება, მოიმკება და პურს – ცხოვრების პურს მოგვცემს, ის დიდ შრომასა და ბრძოლას მოითხოვს. ეს პური თესლის ნაყოფია, ლოცვის სიტკბოება და ქრისტეს სიყვარულია, რომელსაც მონაზონი იგემებს. იგი ცოცხალი წყალია, რომელიც გულს მორწყავს, გააგრილებს და ააყვავებს. ეს კი მე, უდებს, არ მაბადია.
„დედაკაცო... მოვალს ჟამი... ოდეს ჭეშმარიტნი თაყუანისმცემელნი თაყუანისსცემდენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა“ (იოან. 4, 21-23). რა მშვენივრად განმარტავს უფალი გონიერ ლოცვას!
ერში მყოფმა, როგორც შეგიძლია, იბრძოლე, იკითხე, ილოცე, იესოს ლოცვა იმეორე, რადგან მისი ძალა უდიდესია. მოწყალებას ესწრაფვე, უსაზღვროა მისი სიძლიერე. მეც, ერში ყოფნისას, მიზნის მისაღწევად ღვთის შეწევნა რომ მქონოდა, სიღარიბის მიუხედავად, შეძლებისდაგვარად მოწყალებას გავცემდი.
ნახე, ღმერთი მოწყალეებს როგორ ადიდებს – კორნილიოს ასისთავს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „ლოცვანი შენნი და ქველის საქმენი შენნი აღვიდეს სახსენებელად შენდა წინაშე უფლისა“ (საქმე. 10, 4). იმავეს ეუბნება მეფეს წინასწარმეტყველი დანიელიც: „მეფე... ცოდვანი შენნი მოწყალებითა იხსნენ და უსამართლოებანი შენნი შეწყნარებითა დავრდომილთა" (დან. 4, 24).
ძმაო, დაე, წმინდა ასკეტების მსგავსად, ღვთის საშინელ სამსჯავროზე შემზარავი სიტყვისგება გვახსოვდეს – პირველად მე, უგრძნობს.
სიკვდილის ჟამს მტირალ აბბა აღათონს მონასტრის ძმებმა ჰკითხეს:
– შენც ტირი, აბბა?
– შვილებო, დამიჯერეთ, მართალია, ღვთისთვის სათნოყოფას მთელი ძალ-ღონით ვცდილობდი, მაგრამ არ ვიცი, ჩემი საქმე უფლისთვის სათნო იყო თუ არა.
აბბა ანტონი დიდიც ტიროდა.
– შენც ტირი, აბბა? – ჰკითხეს მას.
– შვილებო, მერწმუნეთ, რაც მონაზონი გავხდი, სიკვდილის შიში არ მომშორებია!
საკუთარ თავზე მეც ვფიქრობ. მცონარე და უწმინდური რა პასუხს გავცემ ღმერთს, რადგან ვნებებმა საქორწილო სამოსელი შემომაძარცვეს.
როცა წმინდა მიხეილ მალეინი ახალმოსული მონაზონი იყო, მონასტრიდან მის წასაყვანად მამა მივიდა და მისი გალობა მოისმინა: „სულო ჩემო, სააქაო წარმავალია, საიქიო მარადიული. ვხედავ საყდარზე მსაჯულს და სამსჯავროს წინ ცეცხლოვან მდინარეს, წიგნები გადაშლილა და ადამიანთა საიდუმლონი გაცხადებულა“.
ძმაო, შენს გზაზე მრავალ წინააღმდეგობას შეხვდები, მაგრამ მხნეობას ნუ დაკარგავ. მოერიდე ყველაფერს, რაც ღვთისკენ მიმავალ გზაზე დაგაბრკოლებს. ამსოფლიური სულის მქონე თანატოლებთან მეგობრობა გაწყვიტე. ნუ გეშინია: როცა ღმერთი ჩვენთანაა, ზიანს ვერავინ მოგვაყენებს.
ჩემი სენაკი ძალიან მყუდროა. როცა მოხვალ, ძალიან მოგეწონება. ვცხოვრობ უკიდურეს მდუმარებასა და უზრუნველობაში. მოძღვარმა მაკურთხა, აქვე, სიმყუდროვეში, დილაობით ცოტა რამ ვიხმიო". იშვითად მოდის ვინმე. მცირე ულუფას მარტო ვიღებ. ვცდილობ, ღვთის შეწევნით, გამუდმებით ვიმეორო იესოს ლოცვა. მარტო ვიღვიძებ. ღამისთევას მარტო ვატარებ. ამრიგად, ვისაც მდუმარებაში, უზრუნველობასა და ლოცვაში ცხოვრება სურს, აქ ძალიან მოეწონება.
გელოდები დიდი სიხარულით. ძალიან გთხოვ, წერილის მოწერა არ მოგერიდოს.
ქრისტესმიერი სიყვარულით შენთვის მლოცველი
მდაბალი მღვდელი – ეფრემი იოსებისა.

20. შვილო, თავშეკავება, მარხვა, ღამისთევა, ამქვეყნიურის უარყოფა – ის საშუალებაა, რომლითაც გულის სიწმინდეს მივაღწევთ, ხოლო გულის სიწმინდის დამახასიათებელი თვისებებიდან უმთავრესი სიყვარულია.
ამრიგად, გულის განწმენდა ჩვენი მიზანია. სიწმინდის გარეშე ღმერთს ვერ ვიხილავთ, თავს არ გვიჩვენებს. წმინდა გული თუ არ გვაქვს, როგორ შევძლებთ გავიგოთ, მივაღწიეთ თუ არა მიზანს? მივუახლოვდით თუ არა მას? პავლე მოციქული ამბობს: „სიყუარულსა არა ჰშურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხვინელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა. ყოველსა თავსიდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ. სიყუარული არასადა დავარდების" (1 კორ. 13, 4-8). პავლე მოციქულის მიერ მხურვალედ წარმოთქმული ეს მახასიათებელი ნიშნები ცხადყოფს, რამდენად წარემატება ადამიანი სიწმინდეში.
როდესაც მიწათმოქმედი ყანის გასუფთავებას იწყებს, ჯერ ქვებს და ეკლებს მოაშორებს მიწას, შემდეგ ხნავს, თესავს და ელოდება, რომ ღმერთი წვიმას, მზეს, ქარს გამოუგზავნის. ერთი მიზანი აქვს – ხორბალი მოიმკას, თავისი ნაშრომით დატკბეს.
მეზღვაური, ვაჭარი შორს მიდის, თავს ქარიშხალსა და სხვადასხვა საფრთხეში იმისთვის იგდებს, რომ უფრო გამდიდრდეს და ქონების გამრავლებით განისვენოს.
მონაზონი მშობლების, და-ძმების, ნათესავების სიშორეს ითმენს, განსვენებას იკლებს, ღამეებს ათევს, ლოცულობს, მორჩილებას აღასრულებს, გულისსიტყვებს ებრძვის. რა მიზანი აქვს? გულის სიწმინდეს რომ მიაღწიოს და ღმერთი იხილოს! განწმენდის გარეშე ღმერთს ვერ იხილავს.
ღმერთი რა არის? ღმერთი სიყვარულია. შესაბამისად, ადამიანს, რომელიც ჭეშმარიტ, სულიერ, უმწიკვლო სიყვარულს მოკლებულია, ღვთიურის შეცნობა არ შეუძლია.

21. ჩემო გოგონა, ათასი კურთხევა მოგმადლოს უტკბესმა ჯვარცმულმა, რომელსაც ქალწულება – ანგელოზთა ქალწულების სულიერი და – ასე ძალიან უყვარს.
ზეციერი მამა ქალწულია, მისი ძე – უფალი ჩვენი იესო – ქალწული, ქრისტეს საყვარელი მოწაფე იოანე – ქალწული, მაგრამ რა ადგილი მივუჩინო ქალწულ მარიამს, ჩვენს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომელიც მებრძოლ ქალწულთა მცველი ზღუდეა?!
ჩემო გოგონა, გისურვებ, ცხოვრებაში ეს უწმინდესი სათნოება, ანგელოზებრივი სამკაული – ქალწულება – აირჩიო.
ყოველგვარი დანაკარგის თავიდან შეძენა შესაძლებელია ქალწულების გარდა. ეს არის უწმინდესი ცხოვრება უსჯულოებათა და უხამს შეცოდებათა გარეშე. ანგელოზთა მხედრობა ხარობს, როცა თუნდაც ერთი თანამოღვაწე ემატება. საშურია ეს ადგილი. შვილო, განა შენც არ ისურვებდი ამ ადგილის დაკავებას? იმედი მაქვს, ეს მადლის საქმე შენში დიდებით გასრულდება ჯვარცმული უფლის სადიდებლად.
ჰო, შვილო, ჩვენი იესო შეიყვარე და მთელი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ მას ემსახურე. დაე, იესო იყოს შენი გულის სიხარული და როგორც არ უნდა მოიწადინოს ამაო სოფელმა შენი იძულება, ეს წმინდა სიყვარული მიწიერ სიამოვნებათა სიყალბეზე არასოდეს გაცვალო.
იესოს დაემოწაფე, სახარებისეული მენელსაცხებლე დედების მსგავსად, შენს მოძღვარს მრავალსასყიდლიანი ნელსაცხებელი – ქალწულებრივი სიწმინდე – მიართვი.
ყოველივე მიწიერი სიზმარივით ქრება. მუდმივად და უცვლელად ამ სოფელში არაფერი რჩება. მაშ, წარმავალი და დროებითი მარადიულზე მეტად რატომ უნდა შევიყვაროთ?
სიკვდილი ყოველ წამს გვემუქრება, რომ საიქიოში ღვთის სამსჯავროზე გაგვგზავნის. მაშ, რა დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ მოვემზადოთ ღვთის წინაშე კეთილი სიტყვისგებისთვის ჩვენი ცოდვების გამო!
ყოველი აზრი, რომელიც კარგი კი არა, ცოდვიანია, მოსვლისთანავე განაგდე. ჩვენი იესოს სახელი მუდამ გახსოვდეს, რადგან მისი უწმინდესი სახელი ყოველგვარ ცოდვას დაგაძლევინებს.
არაფერია მონაზვნობაზე უფრო გამორჩეული.


უფლის სიყვარულისა და სიმდაბლის, ღვთის მადლისა და შიშის შესახებ

უფალმა ღმერთმა მოგმადლოთ მშვიდობა და სიყვარული, რადგან ღმერთი სიყვარულია. მუდამ გახსოვდეთ უფლის სიტყვები: „რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარდე მე. ხოლო რომელსა უყუარდე მე, საყუარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ... და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ“ (იოან. 14, 21 და 23).
მთელი სულით, მთელი გულითა და მთელი ძალით შევიყვაროთ ღმერთი და ამის შესაბამისი იყოს ჩვენი საქმეები, რომ ისინი უფლისადმი ჩვენს სიყვარულს ასხივებდეს. ხოლო როცა მათ სჯულიერად აღვასრულებთ, ღმერთი ჩვენს სულებს სასყიდლად ღვთაებრივ სიყვარულს მიაგებს. ვინც სიყვარულს მოიპოვებს, ის ყოველდღიურად ქრისტეთი საზრდოობს და ამგვარად უკვდავი ხდება: „უკუეთუ ვინმე ჭამდეს ამის პურისაგან... რომელი მე მივსცე... ცხოვნდეს უკუნისამდე“ (იოან. 6, 51) – ამბობს წმინდა სახარება.
ვინც ქრისტეს სიყვარულით საზრდოობს, მისი ქრისტესმიერი ცხოვრება ძალზე ნაყოფიერი ხდება. იესოს მოყვარული სულები სხვა სამყაროს, ცათა სასუფევლის სულიერი ჰაერით სუნთქავენ. ისინი ამ ცხოვრებაშივე იგემებენ იმ წყაროს წყალს, რომელიც ღვთის მადლის საყდრიდან მოედინება!
საუფლო ტრაპეზის სასმელი ღვთაებრივი სიყვარულია. როცა ის შესვეს უზნეო ადამიანებმა, ცოდვის იარები დაუამდათ: მემთვრალეები მმარხველებად იქცნენ, მდიდრებმა ქრისტესმიერი სიგლახაკე მოისურვეს, ღარიბები ღვთის სასოებით გამდიდრდნენ, უძლურები – ძლიერნი, სულელები კი – ბრძენნი გახდნენ!
სიყვარული ქრისტიანის ძლევამოსილი გამარჯვებაა ეშმაკზე, სიძულვილსა და შურზე. უფლის სიყვარულის ღვთაებრივ ნავსაყუდელს რომ მივაღწიოთ, ჯერ შიში გვმართებს ღვთისა, რომელიც სჯის ცოდვისა და სჯულის გარდასვლისთვის.
შეუძლებელია გემის გარეშე გადავცუროთ ზღვა და ნავსადგურს მივაღწიოთ. ასევე შეუძლებელია სინანულის გარეშე სიყვარულის ნავსაყუდელში მოვხვდეთ. ღვთის შიში მეთაურისა და კაპიტნის მსგავსად სინანულის გემზე აგვიყვანს, გადავცურავთ ამ ცხოვრების „ბინძურ“ ზღვას და ღვთაებრივი სიყვარულის ღვთაებრივ ნავსაყუდელში შეგვიძღვება.
როგორც ჰაერის გარეშე შეუძლებელია სიცოცხლე, ასევე მარადიულ ცხოვრებაში შეუძლებელია ღმერთთან ყოფნა, თუკი ღვთის სიყვარულის კეთილსურნელოვანი და ტკბილი ჰაერით არ ვისუნთქეთ.
მოდით, სინანულის ძალით გავთავისუფლდეთ ჩვენი ცოდვების ტვირთისგან და არწივებივით ლაღად და მსუბუქად მაღლა, სულ მაღლა ავფრინდეთ, იქ, სადაც მარადიულ ღმერთს სათნოებისა და სიბრძნის ულევი საგანძური აქვს დაუნჯებული. საუკუნო ცხოვრების წყარო ვიხმიოთ, რომ ჩვენც განვიღმრთოთ, როგორც წმინდა წერილი ამბობს: „ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი" (ფსალმ. 81, 6).
თავი ვაიძულოთ, შვილებო, რადგან ღვთის სიყვარულს უდებებით და სიზარმაცით კი არა, გულმოდგინებით, მორჩილებით, მოთმინებით, ძვირუხსენებლობით, მდუმარებით, ლოცვით და ყველაფერში საკუთარი თავის იძულებით მოვიხვეჭთ. განა შეიძლება ამ მარადიული ძღვენის მოპოვების საქმეში მცონარება გამოვიჩინოთ? არა. მაშ, ხმამაღლა შევღაღადოთ: „ქრისტე მეუფეო, ნუ დაგვიხშავ სასუფევლის კარს, არამედ შენი მოწყალებით განგვიღე იგი. ამინ“.

2. ღმერთი სიყვარულია, თანალმობით სავსე. ნურაფრით დავამწუხრებთ მას! მან ხომ ჩვენთვის ჯვარი დაითმინა: თავი ეკლის გვირგვინმა დაუჩხვლიტა, გვერდი შუბმა განუგმირა, მის ტერფებს – სამსჭვალთა, ზურგს კი მათრახის ნაიარევი ატყვია, მისი ყოვლადწმიდა პირი ნაღვლითა და ძმრით, გული კი – შეურაცხყოფისა და უმადურობის ტკივილით გამწარდა. შიშველი დაეკიდა ჯვარზე ეშმაკეული ბრბოს წინაშე. შვილებო, მას, ჩვენს იესოს, ჩვენი დაუდევრობით ნუ დავამწუხრებთ, რადგან ამით მისი ტკივილი უფრო ძლიერდება. ებრაელები უფლის მტრები იყვნენ, ჩვენ კი ქრისტეს წმინდა სახელით ნათელღებული მისი მოწაფეები ვართ, რომელთაც მის მსახურებას მივუძღვენით თავი.
ქრისტე მოწაფეებმა ებრაელების შიშით მიატოვეს და რა ენით გამოუთქმელი სიმწარე განიცადა მან! ისინი კი, ვინც ახლა უარყოფენ, ტოვებენ მას, ერთს აღუთქვამენ და სხვას აკეთებენ, სამსჯავროზე როგორ წარდგებიან მის წინაშე? რას იტყვიან, როცა ქრისტე სათითაოდ ჩამოთვლის თავის მრავალ სატანჯველს, მათ კი მხოლოდ მისი უარყოფა და ბოროტი საქმეები ექნებათ საჩვენებელი?
შვილებო, ყურადღებითა და სიფრთხილით ვიცხოვროთ. ყველაფერში სიყვარული და მოთმინება გამოვიჩინოთ. ნუ განვიკითხავთ, განვდევნოთ ბოროტი გულისსიტყვები, დავმდაბლდეთ და ყოველთვის გვახსოვდეს სიკვდილისა და სამსჯავროს მძიმე წუთი.
თუ ასე მოიქცევით, იცოდეთ, რომ ქრისტესთან ერთად იცოცხლებთ საუკუნოდ! ანგელოზებივით მის საყდართან მდგომნი მარადიულ, სიხარულით აღსავსე საგალობლებს იგალობებთ! რა ბედნიერება იქნება – აქაური ყველაფერი დაგვავიწყდება! მხოლოდ სიხარული და დაუსრულებელი პასექი! დიდება ღმერთს, რომელმაც ძლევა მოგვანიჭა.

3. გისურვებ, ღვთის სიყვარულმა ისე გააგრილოს შენი მოწყურებული სული, როგორც ირემი იკლავს წყურვილს წყაროს წყლით: „ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო!.. ოდესმე მივიდე და ვეჩუენო პირსა ღმრთისასა?" (ფსალმ. 41, 1-2).
დიდება შენდა, ღმერთო, ჩემდამი მომადლებული დიდი წყალობისთვის! მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაზე კარგი არაფერი მიკეთებია, უფალი მაინც ანუგეშებს და ამხნევებს ჩემს სულს. ზოგჯერ ღვთის სიყვარულის კურთხეული ცვარი მოქმედებს ჩემს ულმობელ სულზე. ოჰ, როგორ შვებას ჰგვრის ამ უბადრუკ სულს! ის ისვენებს და ცხოვრებისა და განსაცდელების სიმძიმის შემსუბუქებას გრძნობს. ოჰ, ნეტავ თქვენი ლოცვით ღირსმყოს ღმერთმა, რომ ღვთის სიყვარულის ჩემთვის სასურველ საგრილობელში საუკუნო განსვენება ვპოვო!
ადამიანის ცხონება დიდ შრომას მოითხოვს, რადგან მაცდურმა ეშმაკმა მთელი თავისი ცოდნა და გამოცდილება აამოქმედა ადამიანის გასანადგურებლად. მაგრამ ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, ნუ განგვეშორები, არამედ მოსეს რვალის გველის (რიცხ. 21, 6-9) მსგავსად გვექმენ, რათა შენზე მზერის მოპყრობით „გონიერ გველთა“ ნაკბენებისგან განვიკურნოთ.
„ოდეს აღამაღლოთ ძე კაცისაი, მაშინ სცნათ, რამეთუ მე ვარ" (იოან. 8, 28). ქრისტემ, ჩემმა ნათელმა და ჯვარცმულმა სიყვარულმა, რომელიც ჩვენი ცოდვების გამო ჯვარზე ამაღლდა, ბოროტი გველების მიერ მოწყლულ სულთა მხსნელმა განგვკურნოს ჩვენც ცოდვის იარებისგან.
ღმერთმა გვაკურთხოს და ინებოს თავისი უსაზღვრო წყალობის მონიჭება, რომ ყველა ერთად მარადიულ და ნეტარ ცხოვრებაში აღმოვჩნდეთ, „სადაიგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქუმა, არამედ ცხორება იგი დაუსრულებელი“ (მიცვალებულთა კონდაკი, ხმა მე-4). „აღხოცოს ღმერთმან ყოველივე ცრემლი თუალთაგან მათთა" (გამოცხ. 7, 17).
ოჰ, ისეთი სიხარული გვექნება, რომელსაც ვეღარავინ წაგვართმევს! სინდისი გვაუწყებს, რომ უკვე დასრულდა ამ მრავალტანჯული ცხოვრების ვაება! „ვინ არს ღმერთ დიდ, ვითარ ღმერთი ჩუენი?“ (ფსალმ. 76, 13) ყოვლადმოწყალე მამა, რომელიც არაფრად აგდებს ცოდვას, ოღონდაც შვილმა თქვას: „მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა" (ლუკ. 15, 21), მაშინვე გულში იკრავს და ეამბორება მას. მშობლის გულიდან აღიხოცება ყოველგვარი წყენისა და უკმაყოფილების კვალი, რაც შვილის უზნეობას და გარყვნილებას შეეძლო გამოეწვია. აზრი მიწყდება, როცა ცოდვილის მიმართ მამის გულმოწყალების უფსკრულს ვჭვრეტ!

4. როგორი სიყვარული ასაზრდოებს ნეტარ სულებს ცათა სასუფეველში! თავად ქრისტე, ჩემი იესო, ჩემი სული, ცოცხალი სიტყვა, ვინც არსებობა და სიცოცხლის უნარი გვიბოძა და საუკუნო გამოხსნა, ზეციერი მამის წიაღში საუკუნო განსვენება მოგვანიჭა. „მან თქუა და იქმნეს, თავადმან ამცნო და დაებადნეს“ (ფსალმ. 32, 9).
ის უმნიშვნელოდ გვსჯის, რომ სიმდაბლით დაგვიცვას, რადგან იცის, რა ადვილად იცვლება, რა ადვილად მიიქცევა ბოროტისკენ ჩვენი სუსტი ადამიანური ბუნება. ის მამობრივი მზრუნველობით გვწვრთნის და სიყვარულით გვსჯის, რომ ურყევი სიბრძნე შევიძინოთ.
ამ ცოდნას სრულყოფილი წმინდანები ფლობენ. ისე არ არის, როგორც ზოგიერთი განმარტავს, ეს ცოდნა განსაკუთრებული ძალის მატარებელია. მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანი სათნოების ზეციურ სიმაღლეზეც რომ იმყოფებოდეს, თუ ღმერთმა დაუშვა, შესაძლოა გარყვნილებისა და გახრწნილების უფსკრულში დაინთქას! ამის შესახებ ადამიანი მხოლოდ ცარიელი სიტყვებით კი არ უნდა ლაპარაკობდეს, არამედ უნდა განიცადოს კიდეც. მაგრამ დარწმუნებით ამაზე ვერავინ ისაუბრებს, თუ ჯერ განსაცდელების ბაბილონის სახმილს არ გაივლის და ღვთის დაშვებით არ დაეცემა მისი ადამიანური ბუნება, რომ ამით თავისი უძლურება შეიცნოს. შემდეგ დაინახავს, თუ ვის წინააღმდეგ იბრძვის, როგორია მოწინააღმდეგის – ეშმაკის ბოროტება და მზაკვრობა და რა ძნელია დაცემის შემდეგ ფეხზე ადგომა! ეს მხოლოდ ორიოდე სიტყვით, თუ რას ნიშნავს „შეიცანი თავი შენი“.
როცა ადამიანი ამ ცოდნას შეიძენს, მაშინ წმინდა სამება დაემკვიდრება მის გულში და იქიდან მარადიული უშრეტი ნეტარება აღმოედინება, რომელიც გამოცხადებათა ხედვით სრულდება. ამ სიტყვებს აბბა ისააკი, ისიქასტების დიდი სიქადული წერს.
ერთი ღირსი მამა მწუხრის ლოცვის სათქმელად დადგა და ხელები აღაპყრო. წმინდანის ზურგს უკან მზე ჩადიოდა. ის ღვთის მადლმა მოიხილა და იმდენად მოიცვა, რომ დილით, როცა მზე ამოვიდა და სახე გაუთბო, მაშინღა მოეგო გონს. მიხვდა, რომ მეორე დღე გათენებულიყო და ადიდა ღმერთი, რომელიც მიწისგან შექმნილ ადამიანს ასეთი საიდუმლოებების ხილვის ღირსს ხდის.
ეჰ, წავიდა ის მადლიანი დრო! ახლა ყინვამ დაისადგურა ამ თბილ ქვეყნებშიც კი მონაზონთა და მეუდაბნოეთა სამყოფლებში. კეთილი მაგალითი და სათნოება თითქმის გაქრა!
როგორ მადლს გრძნობდნენ ღირსი მამები ლოცვაში! ღმერთი ოდნავ შესამჩნევადაც თუ მოგვიხილავს ლოცვისას, მცირე მადლს ვგრძნობთ, ისინი კი, ვინც მთელი ღამე უფლის ჭვრეტაში იყვნენ, როგორ იგრძნობდნენ ცათა სასუფეველს საკუთარ თავში! „სასუფეველი ღმრთისაი შორის თქუენსა არს“ (ლუკ. 17, 21).
ოჰ, როგორ მინდოდა მეცხოვრა იმ დროს, როცა უხვად იყო სიწმინდე და კეთილი მაგალითი. ახლა მხოლოდ სიმწირე და შეჭირვებაა. მაინც უსაზღვრო მადლობა უნდა შევწიროთ ღმერთს, რომ ამ ჩვენი უზნეობის წყვდიადში მცირე ნათელი მოგვმადლა, რომ თუნდაც ბორძიკით შევძლოთ ზეციური იერუსალიმის კარიბჭესთან მისვლა და არ დავემწყვდიოთ მარადიულ სიბნელეში. ყველა ქრისტიანი დაიფარე ამისგან, ჩემო იესო და ღირსი გაგვხადე, რომ ერთად მივიდეთ იქ სიხარულით და „ფერხითა მოხარულითა, ვტყველვიდეთ პასქად საუკუნოდ!".

5. ადამიანს, რომელიც მუდამ მადლობას სწირავს უფალს, ღვთის ლოცვა-კურთხევა არ მოაკლდება; ის კი, ვინც დრტვინავს და თავის დიდ ქველისმოქმედს ჭრილობას აყენებს, შეუძლებელია, არ განსწავლოს ღმერთმა.
ღმერთმა გვიბოძა არსებობა. ის გვანიჭებს სიცოცხლეს და გვიფარავს თავისი ღვთაებრივი განგებულებით, რომელიც სხვადასხვა სახით ვლინდება. მან საკუთარი ძის სიკვდილით ისინი, ვინც თავდაპირველად მისი მტრები ვიყავით, თავის ძეებად და სასუფევლის მემკვიდრეებად გვაქცია! ის განგვწმენდს და წმინდაგვყოფს თავისი წმინდა საიდუმლოებებით! ის ზეციურ, უწმიდეს საზრდელსა და სასმელს – თავის ყოვლადწმიდა ხორცსა და სისხლს გვაძლევს! მან დაგვიდგინა მფარველი ანგელოზი მთელი ცხოვრების მანძილზე! ჩვენს სულსაც ის მიიღებს და მარადიულ სამკვიდრებელში წარუძღვება! მაგრამ რას ვამბობ? „დამაკლებს მე ჟამი ესე მითხრობად” (ებრ. 11, 32). ამაოდ დავშვრები ზღვის ქვიშის – ჩვენი სახიერი ღვთის უსაზღვრო ქველისმოქმედების – აღრაცხვას თუ მოვინდომებ!
ამ უთვალავი სიკეთის მიმღები კიდევ ვდრტვინავთ?! ოჰ, ღმერთო ჩემო, უგულებელყავ ჩვენი უმადურობა და გონება გაგვინათე, რომ გულისხმავყოთ, რა მოგვანიჭა შენმა მამობრივმა გულმა და მცირედი მადლობა შემოგწიროთ, რათა შენდობა და წყალობა ვპოვოთ.

6. რაც შეეხება წმინდა ანგელოზს, რაზეც მწერ, იცოდე, ასეა – როცა უფლისგან გადაწყვეტილებას მიიღებს, არც რაიმეს ამატებს, არც აკლებს, ადამიანის მახლობლად რჩება, გონებას უნათებს, საფრთხისგან იფარავს და ეშმაკისგან იცავს ისევე, როგორც წმინდა ანდრია ქრისტესთვის სალოსის ცხოვრებაში ვხედავთ, სადაც ანგელოზი ებრძოდა ეშმაკს ერთი ბრალეული მონაზვნის დასაცავად. წაიკითხე და ნახავ.
უფალმა ადამიანს ანგელოზი დაუდგინა უფროს ძმად, რომელიც ღმერთთან ახლოსაა და როგორც მის წინაშე კადნიერების მქონე, ლოცულობს თავისი უმცროსი ძმისთვის. ადამიანიც ანგელოზს, როგორც უფროს ძმას, ისე ევედრება, რომ დაიცვას და ილოცოს მისთვის, რადგან მას ღვთის წინაშე კადნიერება აქვს.
ის რამდენჯერ ჩაგვჩურჩულებს სულის სასმენელში: „ამას ნუ გააკეთებ“, ან: „ასე მოიქეცი“, „აქ ყურადღებით იყავი“. ბევრი მსგავსი რამ გამოუცდიათ მათ, ვისაც სულის თვალი ახელილი აქვთ.
ნუ დაგავიწყდება წმინდა სახარების იგავი მებაღესა და უნაყოფო ლეღვზე. „უფალო, უტევე ესე ამასცა წელსა, ვიდრემდე მოუთოხნო მას გარემო და სკორე დაუდვა, ყოს ხოლო თუ ნაყოფი; უკუეთუ არა, მერმე მოჰკუეთე იგი“ (ლუკ. 13, 8-9). ამგვარად, მებაღე არის სახე წმინდა ანგელოზისა, რომელიც ზრუნავს ადამიანზე, სანამ ის ნაყოფს გამოიღებს და ცხონდება.
გერონტიკონში ბევრი რამ წერია იმის შესახებ, თუ როგორ ზრუნავს ანგელოზი ადამიანზე. მამებს უნახავთ, როგორ ტიროდნენ წმინდა ანგელოზები, როცა მათი მფარველობის ქვეშ მყოფი ადამიანები სცოდავდნენ. დაფიქრდი, როგორ ლოცულობდნენ მათთვის! მათი ცრემლები ადამიანისადმი სიყვარულისა და თანაგრძნობის ნიშანია.

7. ჩემო ღვთივკურთხეულო შვილებო, ჩვენი უფლის სიყვარულმა სულიერი და ფიზიკური სიჯანსაღით დაგიცვათ.
ჭეშმარიტად, რა სამწუხაროა, როცა შვილი მამის სახლში ცხოვრობს, ყოველგვარი ფუფუნებით სარგებლობს, ყველანაირი ცხოვრებისეული სიამოვნებით ტკბება, მაგრამ თავის მამად არ აღიარებს მას, ან თუ მამას რაიმედ ჩათვლის და ოდნავ ყურადღებას მიაქცევს, მშობლის უხვ სიყვარულსა და ფაქიზ მოპყრობას კი ვერ გრძნობს, არამედ პირიქით, როცა მამა ახსენდება, მიიჩნევს, რომ ამაზე ფიქრი და დროის დაკარგვა არ ღირს.
როგორ შეიძლება შეაფასოს ადამიანმა ასეთი უმადური და ამპარტავანი შვილი? რაღა თქმა უნდა, მას ყველა მამობრივი სიყვარულისა და ქონების უღირს მემკვიდრედ ჩათვლის.
მაგრამ, სამწუხაროდ, ამ უღირსი შვილის მაგალითით ვხედავთ მამის – ღმერთის მოწინააღმდეგე თანამედროვე ადამიანს და, რაც გულსატკენია, დღევანდელ ქრისტიანებსაც, მათი რჩეული ნაწილის გამოკლებით.
ვცხოვრობთ ამ სოფელში, რომელიც ღმერთმა ჩვენს დროებით სამყოფლად განსაზღვრა. უფალმა თავისუფლება მოგვანიჭა, რათა ვისარგებლოთ ამქვეყნიური სიკეთეებით. ამასთანავე თავისი არსებობის მოწმობა დატოვა ყველაფერში, რასაც კი ვხედავთ და აღვიქვამთ, რომ ჩვენი გონიერებით დიდება და პატივი მივაგოთ მას და დიდებული ძღვენი – ჩვენი გულითადი სიყვარული მივართვათ.
მცირე ხნით დავუბრუნდეთ ქვეყნიერების გადამრჩენელ ღრმა არსის მქონე მოვლენებს. პირველქმნილ ადამიანთა ურჩობით დავიწყოთ, უფრო ცხადად რომ შევიგრძნოთ ღვთაებრივი სიყვარულის სიუხვე. ამპარტავნებისა და ურჩობის გამო ისინი მშვენიერი სამოთხიდან განიდევნენ და ეკლისა და კუროსთავის აღმომაცენებელ მიწაზე დასახლდნენ. მაგრამ ქმნილების მიერ დავიწყებული ზეციერი მამის უსაზღვრო სიყვარული თავის მხოლოდშობილ და საყვარელ ძეს გზავნის ამსოფლად, რომ ადამიანის ღვთისადმი მტრობა განაქარვოს. ვხედავთ ღვთის უზენაეს სიყვარულს, რომელსაც ის იქამდე მიჰყავს, რომ ჯვარზე ტრაგიკული სიკვდილით მსხვერპლად სწირავს თავის უტკბეს ძეს. ეს კი მოითხოვა დამნაშავე ადამიანის მძიმე დაცემამ!
პავლე მოციქული ამ მსხვერპლს შემდეგი სიტყვებით წარმოაჩენს: „რომელმან-იგი [მამამ] ძესაცა თვისსა არა ჰრიდა, არამედ ჩუენ ყოველთათვის მისცა იგი“ (რომ. 8, 32). კიდევ ამბობს: „იქმნა იგი მორჩილ [საკუთარი მამის მიმართ] ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაითა“ (ფილიპ. 2, 8).
სამი დღის შემდეგ თავისი ძალაუფლებითა და ღვთიური დიდებულებით შესვენებულთაგან პირველმა აღდგომილმა ცხადად გვაუწყა ჭეშმარიტება, რომ საყოველთაო აღდგომით მთელი კაცთა მოდგმა აღდგება.
სანამ უფალი ამაღლდებოდა, წმინდა მოციქულებს უბრძანა მოენათლათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა ისინი, ვისაც მისი სახელის სწამდა. ამასთანავე მისცა მათ ხელმწიფება სარწმუნოებით „შვილ ღმრთისა ყოფად“ (იოან. 1, 12).
უფალმა წმინდა საიდუმლოებებიც გვიბოძა, რომ მათი მეშვეობით ღმერთთან გავერთიანდეთ; მუდამ მასთან ერთობით კი ნამდვილი ბედნიერებით ვიცხოვროთ, რასაც მხოლოდ ღმერთთან ერთობა გვანიჭებს. მან სულისა და ხორცის ფხიზელი მცველი, წმინდა ანგელოზი დაგვიდგინა, რომელსაც ნათლობის დროს გვიგზავნის წინამძღოლად და მფარველად, რადგან ქრისტიანი წმინდა ნათლისღების საიდუმლოთი მადლის მიერ ღვთისშვილი, ღვთის მემკვიდრე და ქრისტეს თანამემკვიდრე ხდება (რომ. 8, 17).
აღარ გავაგრძელებ იმ მრავალი მოვლენისა და წყალობის ჩამოთვლას, რაც ზეციერი მამის ჩვენდამი გამოუთქმელი სიყვარულის უსაზღვრო სიმდიდრეზე მეტყველებს. რაც უფრო განათლდება ადამიანის გონება და გააცნობიერებს შემოქმედის ქმნილებისადმი სიყვარულს, მით უფრო თვალსაჩინო ხდება ჩვენი უმადურობა და მოყვარული, ნამდვილი მამის უგულებელყოფა.
ამ ამაო წუთისოფელში ვცხოვრობთ და არ ვიცით, უფრო სწორად, ჯერ არ გაგვიცნობიერებია, თუ რისთვის ვცხოვრობთ, რა მიზანი აქვს ჩვენს ცხოვრებას, რა დანიშნულება აქვს ადამიანს ამ დედამიწაზე! საუბედუროდ, თითქმის პირუტყვებს მივემსგავსეთ. ისე ვცხოვრობთ, არ ვფიქრობთ, რომ ამ ცხოვრებაში ჩვენთვის ძალიან ძვირფასია დრო, რაზეც ჩვენი მომავალი მდგომარეობაა დამოკიდებული. დროს ვხარჯავთ და ვფლანგავთ ისე, რომ არ ვნანობთ, ხოლო, როცა გონს მოვეგებით, მის უკან დაბრუნებას ვეღარ შევძლებთ.
ასე რომ, ბრძენია ის ადამიანი, ვინც გულისხმაყოფს, რომ წარმავალი ცხოვრების დრო ძვირფასია და მას შესაბამისად გამოიყენებს, კეთილი საქმეებით გაამდიდრებს და როცა სიკვდილის მტანჯველი ჟამი დადგება, მისი სინდისი უხორცო ბრალმდებლებს, ეშმაკებს კადნიერებით, მხნედ უპასუხებს: „რაც მევალებოდა, გავაკეთე. რისთვისღა მძვინვარებთ?“
იესო წმინდა სახარებაში ადამიანის დანიშნულებაზე ამბობს: „გამოვედ მამისაგან და მოვედ სოფლად და კუალად დაუტევებ სოფელსა და მივალ მამისა“ (იოან. 16, 28). აქ მაცხოვარი ისე ლაპარაკობს, როგორც ადამიანი, რადგან როგორც მამის თანაარსი ღმერთი, არასოდეს განშორებია მას. იმის შესახებ, რომ ადამიანის დანიშნულებაა ღვთისგან განსაზღვრულ დროს დატოვოს ეს სოფელი და წავიდეს ღმერთთან, საიდანაც გამოვიდა, „შესაქმის" წიგნი ამბობს: „და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი, მტუერისა მიმღებელმან ქუეყანისაგან, და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისა და იქმნა კაცი სულად ცხოვლად“ (დაბ. 2, 7). სამჰიპოსტასიანი ღვთისგან გამოვიდა ღვთაებრივი სული, მაგრამ თვით ეს სული როდი იქცა ადამიანის სულად. ადამიანის სული ღვთაებრივი შთაბერვისგან წარმოიქმნა, რის გამოც მას მართებს, ისევ ღმერთს დაუბრუნდეს.
ეს საყურადღებოა. ღვთისგან გამოვიდა სული და შექმნა ადამიანის სული“ (დაბ. 2, 7). მან ის წმინდა, უბიწო, უმანკო და სახიერი შექმნა. როცა ადამიანისთვის სიკვდილის საშინელი ჟამი დადგება, ექნება სულს პირვანდელი სიწმინდე და სისუფთავე? საუბედუროდ არა, რადგან როგორც ადამის შთამომავლებმა, ყველამ შევცოდეთ. მაგრამ ღმერთი, რომელმაც იცის ჩვენი უძლურება, რომ ადამიანის გონება სიყმაწვილიდანვე ბოროტისკენაა მიდრეკილი (დაბ. 8, 21), რასაკვირველია, არ გვთხოვს პირველქმნილი მდგომარეობის უცვლელ სიწმინდეს. და რა სურს ღმერთს? სურს ჭეშმარიტი, გულწრფელი სინანული, ცოდვისგან განშორება, შემუსვრილი და დამდაბლებული გული, გლოვა და სინანული, რომ ნუგეშის ამბროზია გვიბოძოს, რომელიც უნანელმა „სოფელმა ვერ იცნა" (იოან. 1, 10).
ამრიგად, როცა ადამიანი გულწრფელად ინანიებს, ღმერთი მას გულში იკრავს. იმავდროულად უფალი მას ღვთიურ ნიშან-თვისებებს უბოძებს, რითაც ადამიანი დაუბრკოლებლად შეძლებს ღვთის უკიდეგანო სასუფეველში ასვლას, რომ ამიერიდან ზეციერ მამასთან იცხოვროს. აი, ადამიანის დანიშნულება!
გონება განცვიფრებაში მოდის, როცა გააცნობიერებს ამ დიდებულ და უმაღლეს ღვთაებრივ დანიშნულებას! და მაინც, რა დიდია ადამიანის უგრძნობლობა და როგორი ღრმა წყვდიადი გადაფარებია მისი სულის თვალებს, რომ არ ფიქრობს, რატომ იმყოფება აქ, დედამიწაზე და რას ითხოვს მისგან ღმერთი. საუბედუროდ, მისი გონების თვალი ცოდვის სნეულებით, განსაკუთრებით კი, თავისმოყვარეობითაა დაზიანებული.
ღმერთო ჩემო, როდემდე დავრჩებით უმოქმედონი და უგრძნობელნი ამ დიდი დანიშნულების მიმართ? მოგვფინე მცირედი ნათელი. თუმცა, განა ოდესმე შეუწყვეტია მზეს თვალისმომჭრელი სინათლის მოფენა? მით უფრო შენ, სიყვარულის თვალშეუდგამო მზეო! ვაი, რომ ჩვენი ნებით ჩავდივართ ყოველგვარ ბოროტებას, უფალო. მაგრამ, სიყვარულის უკიდეგანო ოკეანეების მფლობელო, ისევ და ისევ, წარმოაცალიერე ჩვენზე სიყვარული და სიფაქიზე, თანაგრძნობა და სულგრძელობა, ეგებ კიდევ ცხონდეს ზოგიერთი სული, ვიდრე შენი სამართლიანი სასჯელი მოიწეოდეს ჩვენზე! ჰე, უფალო, მე, საბრალო ადამიანი, რომელიც სხვას ვასწავლი და თავად არ ვაკეთებ, შემიბრალე და ამ სოფლიდან გასვლამდე სინანული მომეცი! განანათლე შენი ერი, ვისთვისაც ყოვლადწმიდა და საშინელი სისხლი დაღვარე და მიეც მას სინანული.

8. ჩემო უფლისმიერ საყვარელო შვილებო, ვლოცულობ, რომ ჩემმა მწირმა წერილმა სიყვარულში, მორჩილებაში, ლოცვაში და ყოველმხრივ ყურადღებით გპოვოთ.
დღეს ყოველთა ზეციურ ძალთა კრებას ვდღესასწაულობთ. დაფიქრდით, რა ზეიმია ზეცაში! როგორ გალობენ! რა სიხარული აქვთ ღვთის ანგელოზებს! დღეს ჩვენი სულების მცველი და მფარველი წმინდა ანგელოზები დღესასწაულობენ და რადგან ისინი ჩვენი უფროსი ძმები არიან, მათი სიხარულისა და მადლის თანაზიარნი უნდა გავხდეთ.
რაოდენ დიდია მათი უხილავი შეწევნა! რამდენჯერ ვუხსნივართ განსაცდელისა და სიკვდილისგან! რამდენს ლოცულობენ ჩვენთვის, როცა ღვთის სახეს ჭვრეტენ! საუფლო საყდართან მდგომარენი თითოეული ადამიანისთვის ლოცვას აღავლენენ! როცა მოვკვდებით, სიკვდილის ჟამს და სულის ზეცად აღსვლისას საზვერეებში ისინი შეგვეწევიან, ამიტომ ღვთის ანგელოზების მიმართ განსაკუთრებული სიყვარული გვმართებს.
უფრო მეტ სარგებელს მივიღებთ, თუ მათ სათნოებებს მივბაძავთ. წმინდა ანგელოზებს ღვთის ბრძანების სრული მორჩილება აქვთ, ნაბრძანებს ყოველგვარი შეპასუხების გარეშე ასრულებენ. ისინი ღვთისა და ადამიანების მიმართ სრული სიყვარულით, უმწიკვლო სიწმინდით და უძლეველი სიმდაბლით გამოირჩევიან, მათი უმანკოება კი ენით გამოუთქმელია.
ანგელოზებს სხვა სათნოებებიც ამკობთ. თუ ისინი გულწრფელად გვიყვარს, თუ გვსურს, ჩვენც იქ დავემკვიდროთ, სადაც ანგელოზები იმყოფებიან, უნდა ვაიძულოთ თავი, რომ მათ მივემსგავსოთ.
მონაზვნურ მოქალაქეობას წმინდა მამები ანგელოზებრივს უწოდებენ. ეს იმიტომ, რომ მონაზვნებმა ანგელოზთა მსგავსად უნდა იცხოვრონ, მაგრამ თუ ისინი ასე არ ცხოვრობენ, მაშინ ბოროტ ანგელოზთა შორის აღირაცხებიან.
ჩემო შვილებო, ჩემო სიხარულო და ნუგეშო, იღვაწეთ, რომ მორჩილებაში, სიყვარულში, ლოცვასა და სიწმინდეში ანგელოზებრივ საზომს მიაღწიოთ და სიკვდილის შემდეგ ანგელოზებთან ცხოვრების ღირსნი გახდეთ! ამინ. იყავნ.

9. შვილო, რაც უფრო ღრმად ჩასწვდები ღვთის მოწყალებას, მით მეტი სიყვარულით გაერთიანდები მასთან. და რაც უფრო მეტად ჩაუღრმავდები ღვთაებრივი დიდებულების მშვენიერებას, იმდენად შეიცნობ საკუთარ არარაობას, რაც შესაბამისად აღგამაღლებს სულიერ შემეცნებაში.
რაც უფრო მეტ სიმდაბლეს შეაზავებ უწყვეტ ლოცვასთან, მით მეტი მხურვალებით შეიგრძნობ იესოს და ისეთი განცდა გექნება, თითქოს შენი გული მეორე მშობლისა, რომელმაც დაიტია „მზე სიმართლისა“, განკაცებული ღმერთი და მაცხოვრის შობის შემდეგაც ქალწულადვე დარჩა. არსებობს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი „მაყვალი შეუწველი“ (მთარგ.).">„მაყვალი შეუწველია“.
გონება აღამაღლე ზეცად, იქ, სადაც ჩვენი ცხოვრება და სიხარულია, როგორც პავლე მოციქული ამბობს: „ჩუენი მოქალაქობაი ცათა შინა არს" (ფილიპ. 3, 20). მთელი არსებით ისწრაფე ზეციურისკენ. ეს წმინდა წადილი მონაზვნობას შენთვის მსუბუქსა და ტკბილს გახდის.
ღვთის მადლის მიერ გონების აღტაცების დროს სასწაული სასწაულს მოსდევს, გონება კი განკვირვებითაა მოცული იმ თვალისმომჭრელი ნათლის წინაშე, რომელიც ღვთის შემეცნებას ახლავს თან.

10. როცა შენში ქრისტე ცოცხლობს, ნურაფრის გეშინია. დიდი სიმდაბლეა საჭირო იმისთვის, რომ შენში ქრისტემ დაივანოს და იცხოვროს. გონებით დაიჩოქე მის უხრწნელ ფეხებთან და იტირე: „ჩემო იესო, ამ მდაბალ ცხოვრებაში მხოლოდ შენ ხარ ჩემთვის ნათელი და სიცოცხლე. მიჩვენე შენი სულიერი მშვენიერება, რომ ღვთაებრივი სიყვარულით აღვივსო, მივდიო შენს კეთილსურნელებას და ვიღაღადო: „მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენე შენი" (ფსალმ. 62, 8). ოჰ, ჩემო იესო, ოდეს მოვიდე და ვეჩუენო პირსა შენსა?“ (ფსალმ. 41, 2). ჩემი სულის ნათელო, როდის გიხილავ, რომ ნათლით აღვსილმა ვთქვა: „ჰოი სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისა!" (რომ. 11, 33).
ჰო, შვილო, ყველაფერზე მეტად სიმდაბლე შეიყვარე და მაშინ გულით მდაბალ იესოს შეიძენ, როგორც შენი სულის საკუთრებას, რომელსაც ვეღარავინ წაგართმევს.
ჩაისუნთქე იესო, ამოისუნთქე იესო და მაშინ შეიცნობ, რას ნიშნავს იესო!
სადღა იქნება მაშინ მიწიერი სიყვარული?! განა შეიძლება გამხმარ ტყეში ხანძარი გაჩნდეს და ის გადარჩეს? ასევე ემართებათ ადამიანის გულისსიტყვების გამხმარ ტოტებს, როცა მათ იესოს სიყვარული მოიცავს.

11. გამხნევდი, შვილო. მრავალი მწუხარებითა და ჭირით ავალთ თაბორის მთის თვალისმომჭრელ ღვთიურ ნათელში და იქ გავიგონებთ ჩვენი საყვარელი იესოს ღვთაებრივ სიტყვას. „ვითარ საყუარელ არიან საყოფელნი შენნი, უფალო... ჰსურის და მოაკლდების სულსა ჩემსა ეზოთა მიმართ უფლისათა; გული ჩემი და ხორცნი ჩემნი იხარებდეს ღმრთისა მიმართ ცხოველისა“ (ფსალმ. 83, 1-2). დიახ, ცხოვრების მომნიჭებელია ღმერთი, ჩვენი ქრისტე. „მე მოვედ, რათა ცხოვრებაი აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს“ (იოან. 10, 10).
გისურვებ, რომ ქრისტე, საუკუნო ცხოვრება მკვიდრობდეს და სუფევდეს შენში, რათა იღაღადო: „აბბა მამაო!“ (მარკ. 14, 36) ოჰ, რა არის იესოზე მშვენიერი! ვინც ქრისტეს სიყვარული იგემა, ვინღა მოისურვა სხვა ცოდვილი სიყვარული?! არავინ. რადგან ეს სიყვარული იმდენად მძლავრია, ადამიანმა მწუხარებით აღსავსე ასი წელი რომ იცხოვროს და შემდეგ მხოლოდ ხანმოკლე დროით განიცადოს ღვთაებრივი სიყვარული, ის ყველა მწუხარებას გაუქარწყლებს და ადამიანი ღვთის სიდიადის წინაშე განცვიფრებული დარჩება.

12. ღმერთი, რომელსაც უზომო სახიერების გამო სურს ჩვენთვის თავის უსაზღვრო სულიერ სიკეთეთა გადმოცემა, მოგვიწოდებს და შეგვაგონებს, რომ ვთხოვოთ, მოგვმადლოს ისინი. უფალს უნდა, რომ მისი მოწყალების კარზე დავაკაკუნოთ და, რაღა თქმა უნდა, სურს, კარი გაგვიღოს.
ღმერთს უნდა, რომ ასე მოვიქცეთ, მაგრამ ეშმაკი, ეს ძველი ბოროტება, ღმერთის და ჩვენი მტერი, რას აკეთებს ამ დროს, რომ ადამიანმა არ ირწმუნოს ღვთის შეგონება? ის ჯერ ურწმუნოების, შემდეგ კი უიმედობისა და სასოწარკვეთილების გულისსიტყვებს გვაწვდის, რათა ადამიანმა არ დაიჯეროს, რომ ღმერთი აუცილებლად შეასრულებს თავის ღვთაებრივ სიტყვას. შემდეგ გვეუბნება: „ცოდვილი ხარ, ასეთი და ასეთი ხარ, ღმერთი არ მოგისმენს, ყურადღებას არ მოგაქცევს, რამდენიც გინდა, ეძახე" და ასე ასუსტებს მის რწმენასა და ნება-სურვილს.

13. ქრისტეს ჩვენი მსახურება არ სჭირდება, რადგან ათასობით ანგელოზი ჰყავს, რომლებიც უნაკლოდ ემსახურებიან. მას შეუძლია ერთი სიტყვით ამდენივე ათასი უწმინდესი არსება შექმნას, მაგრამ თავისი უსაზღვრო სიყვარული იესოს აიძულებს, იზრუნოს ჩვენზე და შეურაცხმყოფელი არ იყოს მისთვის ჩვენი სუნმყრალობა და წყლულები.
ასე რომ, უფლის ეს სიყვარული გვახსოვდეს ცხოვრების ყოველ წუთს, რომ ჩვენი უმნიშვნელო საქმეები მხოლოდ და მხოლოდ ღვთის სიყვარულისთვის ვაკეთოთ.
დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ არ ჯვარვცმულვართ ქრისტესთვის, ჩვენი მხსნელისთვის, მაშინ როცა მან ჩვენთვის, უმსგავსოთათვის, ზეციერი მამის მორჩილების გამო, ჯვარზე სიკვდილი დაითმინა!

14. შვილო, ქრისტეს მადლი იყოს შენთან, შენს სულში, რომ განგანათლოს და შენი სიყვარული ქრისტეს მიმართ გაძლიერდეს, რათა მყარად დადგე მის მახლობლად, ამსოფლიურმა დინებამ არ წაგიღოს, ღმერთს არ განეშორო და არ დაიღუპოს შენი სული, რომელიც მთელ ქვეყნიერებაზე ძვირფასია.
მადლი, რომელიც გეწვია, მცირეა. წმინდანებს დიდი მადლი ჰქონდათ. იმისთვის, რომ ის გამრავლდეს, უნდა დამდაბლდე. თუ თავს აიმაღლებ, ღვთის მადლი დაგტოვებს და მწარედ იტირებ. დიდი სიფრთხილე გმართებს. გახსოვდეს შენი ცოდვები და ვნებები, რომ თავმოწონება არ აღმოცენდეს და ლოცვა არ განდევნოს.

15. ღვთის სახიერება ზოგჯერ ემსგავსება კვერთხს, რომელიც ადამიანს მისთვის სასიკეთოდ წვრთნის. როცა უფალი დაინახავს, რომ კვერთხი უმძიმს ადამიანს, სხვა ხერხს მიმართავს – კვერთხს აქცევს დასაყრდენ ხელჯოხად, რომელიც სიმძიმის შემსუბუქებით ანუგეშებს ადამიანის სულს, რომ ყველაფერი სულიერი სარგებლისა და წინსვლისთვის ხდებოდეს.
როცა ადამიანს სულიერი ცოდნა არ აქვს, ჰგონია, რომ კვერთხი, „უფლის სწავლება“ მოკლავს და ყველაფერი სამუდამოდ ასე დარჩება, მაგრამ სახიერი ღმერთი განსაცდელთან ერთად გამოსავალსაც გვიჩვენებს, რაც განსაცდელის დასასრულია.
ადამიანს აქვს განსჯის უნარი და განსაზღვრავს, მაგალითად, რამდენი ტვირთის აწევა შეუძლია პირუტყვს და იმაზე მეტად არ დატვირთავს. მით უმეტეს ღმერთი, განსაცდელით იმაზე მეტ სიმძიმეს არ დაგვადებს, რომ ჩვენს ძალებს აღემატებოდეს! ამრიგად, მოუთმენლობამდე ჩვენს სულმოკლეობას მივყავართ და არა ღმერთს. ამიტომ გვეჩვენება ასეთი მძიმე ჩვენი ტვირთი.
თუმცა ზოგჯერ ღმერთი ძალიან დიდ განსაცდელებს უშვებს იმ ადამიანებზე, ვისაც დიდი ამპარტავნება და თავდაჯერებულობა აქვთ, რომ მათი ქედმაღლური ბრძნობა დაამსხვრიოს. მაგრამ საბოლოოდ მაინც არ მიატოვებს ადამიანს და განსაცდელს კვლავ უფლის მოწყალება მოსდევს. ოჰ, რაოდენ სახიერია ღმერთი!

16. „ქალწული დღეს არსებად უზესთაესსა შობს”, რა მეთქმის მე, უღირსსა და უწმინდურს უზენაესი ღმერთის უსაზღვრო მოწყალებათა დიდებულების შესახებ?!
განცვიფრებული ვარ და როცა ამ საიდუმლოს ვჭვრეტ, არ შემიძლია თვალი გავუსწორო მას.
ნუთუ ღმერთია ჩვილქმნილი პირუტყვთა გამოქვაბულში! ჩვრებში გახვეული, უბიწო ქალწულის წმინდა მკლავებში ირწევა ის, ვინც მამისგან უდედოდ იშვა! „დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი, და ვერვინ შემძლებელ არს სიტყვის-გებად წინაშე შენსა ქებად საკვირველებათა შენთა!“ „ჰოი სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისა!" (რომ. 11, 33).
იხარებს სული ჩემი უფლისა მიმართ. გონებით ვეამბორები უტკბეს და უნეტარეს ჩვილს, რომ ჩემი პირუტყვებრივი ვნებებისგან გამათავისუფლოს.

17. ქრისტემ გვიბრძანა, ჩვენს მტრებს დღეში „სამეოც და ათ შვიდ გზის“ (მათ. 18, 22) შევუნდოთ. მით უმეტეს, შეგვინდობს თვითონ უფალი, მიმტევებლობის უფსკრული!
რომ შეგეძლოს წვიმის წვეთებისა და ქვიშის მარცვლების დათვლა, მაშინ ოდნავ მაინც შეძლებდი უსაზღვრო ღმერთის უსაზღვრო მოწყალების აღრაცხვას.

18. მოდით, შეუვრდეთ ზეციერ დედოფალს, უხრწნელ ღვთისმშობელს, მსწრაფლშემსმენელ ქალწულს, რომ შეგვეწიოს, რადგან „არავინ მისდამი მილტოლვილი უკუქცეულა შერცხვენილი. არამედ ითხოვს მადლს და იღებს წყალობას, როგორც მისთვის სასიკეთო და უმჯობესია“. შემდგომად ღვთისა მხოლოდ მას შეუძლია ჩვენი შეწევნა. მისი იმედი გვქონდეს და არასოდეს შევრცხვებით.

19. მთელი გულით ვლოცულობ, ჯანმრთელად რომ იყო და სულიერი მშვიდობით იხარებდე. რადგან მშვიდობა ღვთისა სხვა არაფერია, თუ არა განსვენება, ნეტარება და ღვთაებრივი შვება, სამყოფელი უფლისა.
მშვიდობა ღვთისა, „რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა“ (ფილიპ. 4, 7), როგორც ჯილდო და სამეფო ძღვენი, ეძლევათ იმ სულებს, რომლებიც იღვწიან. ის ღვთის შვილების საკუთრებაა.
იმისთვის, რომ ქრისტიანის სულში ღვთის მშვიდობა დამკვიდრდეს, უპირველესად, საჭიროა საღვთო შრომა – სულიერი შრომა, გულისხმისყოფა და მზეზე უფრო კაშკაშა, სუფთა, მართალი სინდისი, რომელიც პირნათლად ასრულებს ყველაფერს, რაც ევალება.
მაშინ ეს სული ძვირფას ძღვენს, ღვთის მშვიდობას მიიღებს და ამით დატკბება. ის სასძლოსავით ესაუბრება თავის უმშვენიერეს სიძეს, იესოს, მარადიულ ქორწინებასა და ზეცის სულიერ სიმდიდრეზე. ამაზე ფიქრით მშვიდობა მატულობს და უტკბესი ცრემლები მოედინება!
ღვთის მშვიდობა დაკლულ კრავთან მომავალი ქორწინების წინდია. ოჰ, ღვთის მშვიდობავ, მოდი ჩემთანაც, მშფოთვარესთან, რომელმაც შენი მშვენიერება არ ვიცი! მოდი, რომ გამოაცოცხლო ჩემი უბადრუკი და ტანჯული სული!

20. შვილო, ყოვლადწმიდა სულმა, მწუხარე სულთა სახიერმა ნუგეშინისმცემელმა, განსაცდელთა სახმილში ალმოდებული გულების სიხარულის მომანიჭებელმა ცვარმა, ამ გონიერმა სულმა დაატკბოს, გააგრილოს, გაახაროს, განანათლოს შენი კურთხეული გული, რომ გაუძლო ბოროტის გავარვარებულ ისართა მხურვალებას და ღამის ყინვის სიმძიმეს – ღვთის მადლის მოკლებას, ვიდრე ერთ დღეს ცათა სასუფევლის კარიბჭეს არ მივაღწევთ.

21. გისურვებ იესოს სიყვარულმა აღანთოს შენი გული, რომ მწყურვალი ირემივით ისწრაფვოდე სულიერ წყაროთა მონაზვნობის სათავეებისკენ, რომ შესვა და აღივსო ზეციური ნექტრით. გისურვებ, სულ ერთიანად სულიერი გახდე, ღვთაებრივი ტრფიალებით აღვსილმა მიუძღვნა თავი მის მსახურებას, ვინც სიკვდილამდე, ჯვარზე სიკვდილამდე შეგიყვარა.
მხოლოდ ღმერთში იპოვი ნამდვილ ბედნიერებასა და სიხარულს, რადგან ამ ყველაფრის წყარო უცვალებელი და ჭეშმარიტი ღმერთია.
მიწიერი სიხარული დიდი შრომითა და ჯაფით მოიპოვება. შემდეგ კი ის მავნე და წარმწყმედელი ხდება. „არა დაადგრების სიმდიდრე, არცა თანაწარყუების დიდება, რამეთუ მოიწია სიკუდილი, და ესე ყოველი მყის იავარ-ყო“.
გინდა საამურად და მშვიდად იცხოვრო? უფლის მცნებები დაიცავი, ღვთის შიში გქონდეს ყველა შენს აზრში, სიტყვასა და საქმეში. სიბრძნის დასაბამი და დასასრული უფლის შიშია. როგორც ლამპარი გვინათებს სავალ გზას, ასევე ღვთის შიშიც სულიერ ნათელს გვფენს, რომ დავინახოთ, თუ როგორ ვიაროთ ჩვენი ხსნის გზაზე. ლამპარი გვიცავს, რამეს ფეხი რომ არ წამოვკრათ და არ წავიქცეთ, ასევე გვიხსნის უფლის შიში ცოდვისგან წარმოქმნილი დაბრკოლებებისგან და მიგვიძღვის ჩვენი დანიშნულებისკენ – ვიპოვოთ ღმერთი.

22. რით გავიმართლებთ თავს, როცა ქრისტე თავის დამსჭვალულ ხელებს, შუბით განგმირულ გვერდს, ეკლით დაჩხვლეტილ უხრწნელ თავს ან გამშრალ, ნაღვლითა და ძმრით გამწარებულ ბაგეებს გვიჩვენებს და გვეტყვის: „შენთვის, ჩემო საყვარელო სულო, შენდამი დიდი სიყვარულის გამო ავიტანე ეს ყველაფერი. შენც მიჩვენე შენი საწერტელნი, როგორც ჩემდამი სიყვარულის ნიშანი, რაც ჩემს ჭრილობებს სალბუნივით დაედება“.
ჩვენ კი რას ვაჩვენებთ მაშინ, შვილებო? ჩვენს უმადურობას, უდებებას, ეგოიზმს, ჩვენს ურჩობასა და ათას სხვა ვნებას?! მაშინ სალბუნის ნაცვლად შხამს დავადებთ მისი სიყვარულის ჭრილობებს! ასე რომ, ამიერიდან თავი ვაიძულოთ, ყურადღებით ვიყოთ, რომ უფლის იარებს სალბუნი დავადოთ და მის ნამდვილ, საყვარელ შვილებად ვიწოდებოდეთ.

23. „ღვთაებრივი – აუხსნელი და მიუწვდომელია“. ჩვენი გონების არსი არ ვიცით, მას ვერ ვწვდებით და, ამის მიუხედავად, ადამიანში ყველაფერს გონება მართავს. შეძლებს კი ზღვარდადებული გონება უსაზღვრო გონის, ღვთის დანახვას, რომ ირწმუნოს ის? ღმერთი სულზე აღმატებულია, ყველაფერზე მაღლა დგას, რაზეც ადამიანს შეუძლია იფიქროს. „ჰოი სიღრმე სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისა!“ (რომ. 11, 33).

24. შვილო, ცხოვრების გზაზე, როგორც ეკალი, მეც მაქვს ჩემი სნეული სხეული. ის წინსვლის საშუალებას არ მაძლევს და უკან ვრჩები, სანამ ღმერთი ჩემს უძლურებას არ შეიწყალებს.
ყველა ბოროტებას ცოდვა შობს, მაგრამ ღმერთი თავისი სახიერებით ცოდვის სასჯელს მიტევებით შეცვლის და თან ღვთისადმი კადნიერების საშუალებად აქცევს.
რამხელა სიყვარული აქვს ღმერთს ადამიანების მიმართ! ვის შეუძლია სიყვარულის ამ ოკეანეს თვალი გაუსწოროს?! ჩვილივით ტირის ადამიანი, როცა გონება გაუნათდება და სულ ოდნავ მაინც დაინახავს, თუ როგორ უყვარს იგი ღმერთს. მაგრამ რამდენი უნდა იშრომოს ადამიანმა იმისთვის, რომ ეს განათლება მისცეს ღმერთმა! ეს ნათელი ხომ ზეგარდამო შთამომავალი ნიჭია, „მამისაგან ნათლისა" მომდინარე. სხვადასხვა განსაცდელის ქარცეცხლში გამოვლილ ტანჯულ სულს ის ისე ევლინება, როგორც მაგრილობელი სიო და შვების მომგვრელი საამური დღე.

25. ადამიანმა უგულებელყო საკუთარი მამა, უზენაესი ღმერთი, ვინც არარაობიდან კაცად შექმნა ის. ოჰ, რა საზიანო იყო ეს უგულებელყოფა! ეს არის ადამიანთა ყველა უბედურების მიზეზი – პირველქმნილ ადამიანთა მიერ ღვთის მცნების პირველი დარღვევა. ჩვენ, მათ შვილებს, ყველა ბოროტი შედეგი მათი ურჩობის უსინანულო ცოდვამ მოგვიტანა და მრავალი უბედურების ეკალსა და კუროსთავს ვიმკით.
„სიკუდილით მოჰკუდეთ“ (დაბ. 2, 17). სიკვდილი არის უხრწნელების ხრწნადობით შეცვლა თავისი ნიშან-თვისებებით: სნეულებით, მწუხარებით, უბედურებით, ტკივილით და სხვ.
მაგრამ სახიერმა ღმერთმა მაინც არ უგულებელყო საკუთარი ქმნილება, არამედ საკუთარი ძის ჯვარზე სიკვდილით მადლი მოგვანიჭა – „მადლითა ხართ თქუენ გამოხსნილ“ (ეფეს. 2, 5).
როგორც ბოროტმა ეშმაკმა გამოიყენა გონიერი გველი საცდუნებელ იარაღად, ამის მსგავსად უფალმა იესო ქრისტემ ეშმაკის „თვალის ასახვევად“ ადამიანური ბუნება შეიმოსა.
ოჰ, უფალო იესო, ჩემი დაბნელებული სულის ნათელო, ჩემი ცხოვრების მიზანო, რაც მეტი დრო გავიდა, იმდენად უფრო დიდი გახდა ჩვენი დანაშაული! ერთმა ურჩობამ ღმერთი დედამიწაზე ჩამოიყვანა და სადამდე მიიყვანა იგი? ჯვარს ეცვა გოლგოთაზე! აკრძალული ნაყოფის მცირედი გემოსხილვა ღმერთკაცის შემზარავი დრამით იქნა გამოსყიდული! ოჰ, როგორ უყვარს ღმერთს ადამიანი! ასე რომ, გამხნევდით, ჩემსავით ცოდვილებო, სინანულის იმედი გქონდეთ. „და უკეთუ იყვნენ ცოდვანი თქუენნი, ვითარცა ღებილნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო. ხოლო უკეთუ იყვნენ, ვითარცა ძოწეულნი მეწამულნი, ვითარცა მატყლი განვასპეტაკო“ (ეს. 1, 18). „რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უშჯულოებანი ჩუენნი“ (ფსალმ. 102, 12). მაშ ასე, ჩემო შვილო, მოდი, სიყვარულით შეუვრდეთ ამ მოწყალე ღმერთს. ამინ.

26. ჰო, შვილო, მხოლოდ იესო გახდება შენთვის ყველაფერი. მთლიანად მიენდე მას, ვინც თქვა: „არა დაგიტეო, არცა დაგაგდო შენ“ (ებრ. 13, 5). ნურასოდეს დაკარგავ სიმხნევეს. მუდამ სიმაღლეზე იდექი იესოთი მოქადული და საკუთარი არარაობით ამაყი.
როცა ბოროტი მაღლა აგიტაცებს, შენ მიწისქვეშეთამდე დამდაბლდი; როცა ჯოჯოხეთში, სასოწარკვეთილებაში გაგდებს, შენ მადლის ზეცაში აფრინდი. ასე უნდა ეთამაშო ეშმაკს.
ეშმაკის ნუ გეშინია. შენ ქრისტე შეგიმოსიეს. ქრისტეს სამკვიდრებელი ხარ. განწმენდილთა შორის ხარ აღრაცხილი. კიდევ ბევრს იწვალებ, რომ გამოჩნდეს, თუ რა ზომისაა შენი სიყვარული მის მიმართ, ვისაც თავი მიუძღვენი.
არ მიიღო არცერთი თავმომწონე აზრი, რომელსაც სატანა გაწვდის, არამედ მუდამ განიკითხე თავი, რადგან უკეთურმა ეშმაკმა სამარცხვინო ვნებებით შეგვბილწა. რითღა უნდა ვიამაყოთ? მხოლოდ მოთქმა-გოდება და ცრემლთა მდინარე გვჭირდება, რომ ჩვენი მწიკვლი და წყლულები ჩამოვირეცხოთ.
გახსოვდეს ჯვარცმული უფლის სიმდაბლე: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი“ (მათ. 11, 29). სულის აბობოქრებულ მდგომარეობაში მხოლოდ ჭეშმარიტი სიმდაბლით შევძლებთ მყუდროებისა და მშვიდობის პოვნას.

27. ადამიანი თავისი ცოდვების გამო იტანჯება, თუმცა ღვთის სახიერება ტკივილს, რომელიც ცოდვისგან იშვა, სულიერ შრომად ჩაუთვლის და ჯილდოსა და სასყიდელს მისცემს.
როგორ არ შევიყვაროთ ასეთი ღმერთი და არ მივუძღვნათ მთელი ჩვენი სიცოცხლე მის მსახურებას?!
საუბედუროდ, ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ, უპირველესად კი – მე, მას ვივიწყებთ და ამიტომაც ვარღვევთ მის მცნებებს. უფალი რომ გვახსოვდეს, ისიც გაგვახსენდებოდა, თუ რა გვიბრძანა მან, ღვთის შიში კი სჯულისდამცავ და ყურადღებიან ადამიანებად გვაქცევდა. გავიხსენებდით სამსჯავროს, გეენის ცეცხლს და სინანულის ცრემლს დავღვრიდით. მაგრამ რამდენადაც შორს ვართ ცრემლებისა და გლოვისგან, იმდენად მივეჯაჭვებით მიწიერსა და ხრწნადს. ზეციურზე ზრუნვა მარადიულ სიკეთეთა მემკვიდრეობის სურვილს ბადებს და ეს კეთილი ზრუნვა ხრწნად წარმავალზე ცოდვიანი მიჯაჭვულობისგან გვიხსნის.
უფალმა ღმერთმა მოგვცეს კეთილი გულისხმისყოფა, რომ იმქვეყნად წასვლამდე ჩვენს სულზე ვიზრუნოთ.

28. მთელი გულით ვლოცულობ, იესო ქრისტეს სიყვარული უხვად ჩაგეღვაროთ გულებში და მისი მადლით ღირსნი გახდეთ, რომ სულისა და ხორცის სიწმინდით გაატაროთ თქვენი ცხოვრების ყოველი დღე.
„ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას“ (იოან. 13, 35), – თქვა ცხოველმყოფელმა წყარომ, ჩვენმა ქრისტემ. და ისევ: „ვითარცა-იგი ნასხლევსა ვერ ხელეწიფების ნაყოფისა გამოღებად თავით თვისით, უკუეთუ არა ეგოს ვენახსა ზედა, ეგრეთვე არცა თქუენ, უკუეთუ არა დაადგრეთ ჩემ თანა. მე ვარ ვენახი და თქუენ რტონი. რომელი დაადგრეს ჩემ თანა, და მე მის თანა, ამან მოიღოს ნაყოფი მრავალი" (იოან. 15, 4-5).
ამ ამაღლებული სახეებით ტკბილი იესო გვასწავლის, რომ თუ მის მახლობლად არ დავრჩებით, საუკუნო ცხოვრების ნაყოფს ვერ გამოვიღებთ. უფლის გვერდით რომ აღმოვჩნდეთ, საჭიროა მისი საღვთო მცნებების დაცვით მივუახლოვდეთ მას. „მცნებანი მისნი მძიმე არა არიან“ (1 იოან. 5, 3), მაგრამ უდებება და ჩვენი დაუმდაბლებელი სული მცნებათა დაცვას აუტანელ ტვირთად აქცევს, თუმცა ქრისტე სწორედ ამ მცნებების დაცვით უზრუნველყოფს ბედნიერებისა და მშვიდობის სამეფოში ჩვენს დამკვიდრებას.
როცა სიყვარული სულში საყდარს დაიდგამს, უმშვენიერეს სულიერ გაზაფხულს მიანიჭებს მას. სიყვარულის მაცოცხლებელი სურნელის მქონე სიოსგან ყველაფერი ხარობს, რადგან სიყვარული ყველაფერს თავს იდებს, ყველაფერი სწამს, ყველაფერს ითმენს, ყველაფერს სასოებს, არაფრად აგდებს ბოროტებას, მისთვის უცხოა მზაკვრობა, ყველაფერს წრფელი თვალით ხედავს, სიყვარული ყველაფერს ფარავს. ამის გამო მიეცა მას ჯილდო: „სიყვარული არასადა დავარდების“ (1 კორ. 13, 4-8).
როცა ადამიანს ვინმე უყვარს და ეთაყვანება, დღედაღამ მასზე ფიქრობს, წარმოსახავს გონებაში, მხოლოდ მისთვის ცოცხლობს. არ არსებობს წამი, რომ მასზე ფიქრმა არ გაუელვოს, იმედიანი მოლოდინისა და სიყვარულის სიტკბო არ ჩაეწვეთოს გულში. ამგვარად მას მუდმივი კავშირი აქვს საყვარელ პიროვნებასთან.
ჩვენც გვმართებს, მუდამ ასე ვიმყოფებოდეთ ჩვენს უფალთან, იესო ქრისტესთან; დაუშვებელია ამგვარად სხვა შევიყვაროთ, სხვისკენ მივმართოთ ჩვენი სიყვარული – მშობლების, ნათესავების ან თუნდაც კრებულის რომელიმე ძმის მიმართ, რასაც მამები მიკერძოებულ სიყვარულს უწოდებენ. ყოველივე ზემოთქმული სულიერი ღალატის სახეობად ითვლება, რადგან ასეთ დროს სული უმწიკვლო და უბიწო სიძის მარადიულ სიყვარულს მიწიერი და ხრწნადი ადამიანების სიყვარულზე ცვლის.
დამდაბლდით, შვილებო, თუ გსურთ, რომ ღმერთმა არ დაუშვას თქვენი განსაცდელში ჩავარდნა. ჩვენს ამპარტავნებას შესაბამისი განსაცდელები მოსდევს და ისინი არ შეწყდება, ვიდრე სულიერი ცოდნითა და შემეცნებით არ დავიმდაბლებთ თავს.

29. როგორც წმინდა სახარება მოგვითხრობს, ათი იყო კეთროვანი და ღვთაებრივმა საბანელმა – ღვთის ცხოველი სიტყვის ბრძანებამ – ათივე განწმინდა, მაგრამ მხოლოდ ერთი მობრუნდა დიდი კეთილისმყოფელისთვის მადლობის შესაწირად. თვით ჭეშმარიტებამ, იესომ ჰკითხა: „არა ათნივე განიკურნნესა? და ცხრანი იგი სადა არიან? ვერ იპოვნეს ეგოდენ, რაითამცა მოიქცეს და მისცეს დიდებაი ღმერთსა“ (ლუკ. 17, 17-18).
ამიტომ ყოველთვის, ბედნიერების თუ უბედურების ჟამს, ჯანმრთელად ყოფნისა თუ სნეულებისას, სიხარულსა თუ მწუხარებაში, ყოველთვის გვმართებს, რომ კეთილსურნელოვანი საკმეველი – მადლიერება – შევწიროთ ღვთის საყდრის მიმართ, როგორც უხმარმა მონებმა, რომლებმაც ქრისტეს პატიოსანი სისხლით მივიღეთ შეწყალება.
„ქრისტე, ჩვენო სახიერო ღმერთო, გვიბოძე მადლიერების ნიჭი, რომ უფრო მეტად აღარ დავისაჯოთ. ჩვენი მრავალი ცოდვის გამო ბრალეულობაც საკმარისია ჩვენთვის“.

30. ღვთის გარდა ნურაფრის გეშინია. ღვთის შიში ლამპარივით გქონდეს. ის გაგინათებს გზას, რომ გიჩვენოს, სწორად როგორ იარო. რადგან ღვთის შიშის გარეშე სუფთა სინდისს ვერ მოვიპოვებთ, ვერც გულწრფელ აღსარებას ვიტყვით და ვერც ვერასოდეს შევიძენთ სულიერ სიბრძნეს, ვინაიდან სიბრძნის დასაბამი და დასასრული უფლის შიშია.

31. ჩვენი უფლის ჯვარზე სიკვდილმა პირვანდელი ძეობა დაგვიბრუნა, რის გამოც ღვთის შვილები ღაღადებენ: „აბბა მამაო“ (მარკ. 14, 36).
უფლის საშინელმა ტანჯვამ ღირსგვყო, რომ ღვთის შვილები, ღვთის მემკვიდრეები და „თანა-მკვიდრ ქრისტესა“ (რომ. 8, 17) გავმხდარიყავით! როგორი სიხარულით ვივსები, როცა ვაცნობიერებ, რომ ღვთის შვილი ვარ და სახიერ მამას ჩემთვის ენით აღუწერელი ბედნიერებისა და განსვენების ადგილი აქვს გამზადებული!
„სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი?“ (1 კორ. 15, 55). როგორ სიხარულს გრძნობს ქრისტიანი იმის გააზრებისას, რომ, როცა გრძნობადი თვალების დახუჭვის დრო დადგება, მაშინვე აეხილება სულიერი თვალი და დაინახავს ახალ სამყაროს, ახალ არსებებს, ახალ ქმნილებებს, რაც გაცილებით აღმატებული, უხრწნელი და მარადიულია!
ცათა სასუფეველი „არა არს... საჭმელ და სასუმელ” (რომ. 14, 17), არამედ ღვთის წმინდა სიყვარულის სულიერი ამბროზია, საუკუნო მხიარულება და გამოუთქმელი სიხარულია.
„სადაცა მე ვიყო, იგინიცა ჩემ თანა იყვნენ, რაითა ჰხედვიდენ დიდებასა ჩემსა" (იოან. 17, 24). ჰოი, ღვთის უსაზღვრო სიყვარულის სიღრმე! როგორი პატივი მიაგო უბადრუკ ადამიანს, რომ თვით ღმერთამდე აამაღლა ის და საუკუნო დიდება და ბედნიერება მიანიჭა!
ჩვენ კი ერთი ხანმოკლე ცოდვიანი სიამოვნებისთვის ასეთ დიდებასა და ბედნიერებას უნდა მოვაკლდეთ? ღმერთმა დაიფაროს ყველა ქრისტიანი და გაანათლოს ისინი ცხონებისა და სინანულის გზაზე. ამინ, ჩემო ღვთისმშობელო!

32. თუ ვინმე ჯვარცმულ მაცხოვარზე იფიქრებს და ადამიანის მიმართ ღვთის სიყვარულის საიდუმლოს ჩაუღრმავდება, დაინახავს, თუ რამდენი დაითმინა უფალმა თითოეული ჩვენგანისთვის. რა მივაგოთ უფალს ყოველივესთვის! (ფსალმ. 115, 3) მაგრამ ადამიანი ასეთი დიდი და უკიდეგანო სიყვარულის ღირსი არ აღმოჩნდა.
როცა რაიმეს ვაკეთებთ, ჩვენი ქედმაღლობა ისე წამოყოფს თავს, თითქოს ცა და ქვეყანა შეგვექმნას. ღმერთმა კი ყოველივე არარსებულისგან შექმნა და, მიუხედავად ამისა, ასე დაიმდაბლა თავი!
ღვთის მოწყალებას საზღვარი არ აქვს და ბედნიერია ის ადამიანი, ვინც კეთილგონიერებით ღვთის სიყვარულის შეცნობამდე მივიდა.
მიწისა და მტვრისგან შექმნილი ერთი ურჩი და დაუმორჩილებელი ადამიანის გამო, რომელიც ვნებებისა და ეშმაკების ნადავლად იქცა, თავად ძე ღვთისა ჩამოვიდა დედამიწაზე და ჯვარს ეცვა! ამის გვერდით ვხედავთ ჩვენს სიზარმაცეს, გულგრილობას, ულმობლობას მაშინ, როცა ღმერთი სრულიად სხვადასხვა გზით გვიჩვენებს თავის მზრუნველობასა და სიყვარულს. ადამიანი ნამდვილად დიდი საიდუმლოა.
უკიდეგანო და უსაზღვროა ღვთის მოთმინება! რას არ ისმენს და რას არ ხედავს თითოეულ ადამიანში! როცა ვხედავთ რომელიმე ჩვენი ახლობლის უმადურობას – რა სასტიკად, არაადამიანურად, უმოწყალოდ იქცევა, ერთ მადლობასაც არ გვეუბნება – გულში საყვედურს ვატარებთ. რამდენი საყვედური შეუძლია გვითხრას ღმერთმა ადამიანებს, რომლებიც მის მიმართ ასეთი სასტიკები და უმსგავსოები ვართ.
ამქვეყნად ყოველი ადამიანი, თითოეული ჩვენგანი მეტ-ნაკლებად უმადურია. უფალი გვზრდის, გვმოსავს, გვიცავს, მფარველი ანგელოზი დაგვიდგინა, თავისი წმინდა საიდუმლოებებით – ხორცითა და სისხლით – გვასაზრდოებს, ჩვენთვის უსასრულო სასუფეველი აქვს გამზადებული, გზასაცდენილებს შეგვიწყნარებს, მონანულებს მიგვიღებს. ჩვენ მას ვგმობთ, შეურაცხვყოფთ, ვლანძღავთ, უგულებელვყოფთ, ხოლო ის სულგრძელად გვითმენს და გველოდება. ჩვენ კი თითქოს მოვალედ მივიჩნევთ ღმერთს, მეხსიერებაში არც კი გვიელვებს უფლის შიში, მისდამი პატივისცემა, მოწიწება და მოკრძალება, რაც მის წინაშე დგომისას უნდა გვქონდეს. თავი დავხაროთ და თაყვანი ვცეთ ამ დიდ, ძალზე საკვირველ, გამოუთქმელ, გამოუკვლეველ, უსაზღვრო და უტკბეს ღმერთს. თითოეულ ჩვენგანს ათასი პირიც რომ გვქონოდა, მაინც ვერ შევძლებდით ღირსეულად და ჯეროვნად გვედიდებინა უფალი მის მიერ ჩვენთვის მონიჭებულ უსაზღვრო წყალობათა გამო! მრავალი განკვირვების, ჭვრეტისა და საღმრთო ტკბობის შემდეგ ბევრჯერ აღტაცებაში მოსული პავლე მოციქული ამიტომ ღაღადებდა ხმამაღლა ამ უკვდავ სიტყვებს: „ჰოი სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისა! ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკულეველ არიან გზანი მისნი!" (რომ. 11, 33).
„ვინ ცნა გონება უფლისა? ანუ ვინ თანა-მზრახველ ეყო მას?" (რომ. 11, 34). ვის შეუძლია გაიგოს, თუ როგორ მოქმედებს უსაზღვრო გონი როგორც ზეცაში, ისე დედამიწასა და ქვესკნელში?
დაფიქრდით, უფალი უშრომლად, ჯაფის გარეშე ასაზრდოებს ყოველ ცოცხალ არსებას – ადამიანებს, ცხოველებს, ფრინველებს, ქვეწარმავლებს, ზღვის ცხოველებს, მიკრობებს, მილიონობით ცოცხალ ქმნილებას. ყველასთვის ზრუნავს!
„ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ; აღივსო ქუეყანაი დაბადებულითა შენითა“ (ფსალმ. 103, 24). „მან თქუა და იქმნეს, თავადმან ბრძანა, და დაებადნეს“ (ფსალმ. 148, 5). ბრძანა: იყავნ ნათელი, და იქმნა ნათელი. იყავნ დედამიწა და იქმნა დედამიწა. შეიქმნა მნათობები, მზე და მთვარე, ვარსკვლავები და იქცნენ საოცარ ქმნილებებად, ამ თვალუწვდენელ და უზარმაზარ სხეულებად, რომლებიც ჰაერში კიდია. ისინი მოძრაობენ, ანათებენ და ამშვენებენ ცას. ეს ყველაფერი ღვთის ერთი სიტყვით შეიქმნა!
„სიტყვა იგი ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩუენ შორის“ (იოან. 1, 14) სიტყვა მამისა. „პირველითგან იყო სიტყუაი, და სიტყუაი იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაი იგი” (იოან. 1, 1). მოვიდა, ხორცი შეისხა და ადამიანი გახდა. სოფელი მის მიერ შეიქმნა (იოან. 1, 10) – მან შექმნა სოფელი! მოგვცა „ხელმწიფება. შვილ ღმრთისა ყოფად“ (იოან. 1, 12). თავის ქმნილებებთან მოვიდა და მათ ის არ მიიღეს. აბა, დაფიქრდით, შექმნა სოფელი, შექმნა ადამიანები, მათ კი, გულცივებმა და უგრძნობლებმა ის არ მიიღეს. მოვიდა, როგორც უცხო. ძელზე დაკიდებულს ჯვარმა უმასპინძლა თავისი სარეცლით და ერთმა საფლავმა ისტუმრა. მიწა იძრა, ტაძრის კრეტსაბმელი განიპო, მზე დაბნელდა და მთელი სამყარო შეძრწუნდა!
„ვინ არს ღმერთ დიდ, ვითარ ღმერთი ჩვენი!“ (ფსალმ. 76, 13). დიდ ხარ შენ, უფალო, საკვირველ არიან საქმენი შენნი და ვერავინ შეძლებს ოდესმე ღირსეულად შეგასხას ქება.
სიტყვა ხორციელ იქმნა. რა დიდებულება იმალება ამაში! ღმერთი ადამიანი გახდა, ზეციდან ჩამოვიდა. უხორცო ღმერთი, უსაზღვრო, მიუწვდომელი სული მოვიდა, ადამიანური ბუნებით დაემკვიდრა, რომ მონადქცეულს ადამიანი გამოეხსნა და მონობისგან გავეთავისუფლებინეთ. ადამიანი გახდა, რომ ჩვენ მადლის მიერ ღმერთებად გვაქციოს, „ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი!" (ფსალმ. 81, 6).
ძე ღვთისას მოსვლით „ერად მოგებულად“ (ტიტ. 2, 14), წმინდა ერად, უფლის სამღვდელო დასად ვიქეცით! ღვთაებრივი სიტყვა – მხოლოდშობილი სიტყვა, ღვთის არსებობის დაუსრულებელი სიტკბოება, დიდებულება, მოწამეთა სადიდებელი, ღირსთა მოთმინება, წმინდა სულების ერთადერთი სიძე, რომელიც სუფევს, მეუფებს, ზრუნვითა და ყურადღებით გარემოიცავს ქმნილებას. „ხოლო რაოდენთა-იგი შეიწყნარეს, მოსცა მათ ხელმწიფება. შვილ ღმრთისა ყოფად... რომელნი არა სისხლთაგან, არცა ნებითა ხორცთაითა... არამედ ღმრთისაგან იშვნეს“ (იოან. 1, 12-13). ისინი, ვინც ცხონდებიან, ხორცისა და გულისთქმის ნებით კი არ არიან ნაშობნი, არამედ ღვთის მიერ და უფლის მახლობლად იმეფებენ სასუფეველში.
„მოვიღეთ მადლი მადლისა წილ. რამეთუ სჯული მოსესგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება ქრისტე იესოს მიერ იქმნა“ (იოან. 1, 16-17). უფალმა ათი მცნება მოგვცა, სახარების ახალი მადლით წესი დაგვიდგინა და იმ მადლზე, რომელიც ვალად გვემართა, კიდევ მადლი დაგვირთო! „და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ მადლი მადლისა წილ“ (იოან. 1, 16). ღმერთს არაფერი მოჰკლებია, როცა ჩვენ თავისი დიდებულება გვიწყალობა, არამედ სიჭარბიდან გვიბოძა. ის კი არ შემცირებულა, როცა მთელი სამყარო შექმნა, არამედ სრულმა და უსაზღვროდ სრულყოფილმა უფალმა შექმნა ადამიანი და ანგელოზები, რომ სხვა ქმნილებებიც დამტკბარიყვნენ ღმერთით, სხვა სულებსაც განეცადათ ნეტარება და მათაც ჰქონოდათ თავისუფალი ნება; იძულებით დამორჩილებული მონები კი არ ყოფილიყვნენ, არამედ თავისუფალნი, რომლებიც საკუთარი ნებით მორჩილებენ და ადიდებენ ღმერთს.
არ მსურს მონობა, – ამბობს ღმერთი, – არ მინდა ადამიანები დაემსგავსონ ცხოველებს, რომლებიც მონებივით ემორჩილებიან ადამიანს და მის ნებაზე დადიან. თავისუფალი ნება მსურს. აი, ასეთი აღმატებულია ღვთის სიდიადე.
რამდენი დაკარგეს ეშმაკებმა ასეთი უსასრულო, უტკბესი, გამოუთქმელი უფლისგან განდგომით! და რა დანაკლისი განიცადა ღვთის სასუფეველმა ლუციფერის ურჩობით? არავითარი. ღმერთს არავინ და არაფერი არ სჭირდება. უფალი ჩვენ გვჭირდება. ის უსასყიდლოდ აცხონებს ადამიანს.
ღმერთი სრულყოფილი, მიუწვდომელი და კურთხეულია უკუნითი უკუნისამდე. ის დედამიწაზე მოვიდა და უსასყიდლოდ გამოგვიხსნა. მთელი ჩვენი არსებობით მოვალე ვართ უფლის წინაშე და თუ ჩვენს სიცოცხლეს ღმერთს მივუძღვნით, მაინც ვერაფერს გავაკეთებთ, – უბრალოდ ჩვენს ერთ მოვალეობას შევასრულებთ. ის არის ჩვენი შემოქმედი, ჩვენი მაცხოვარი, რომელმაც ხსნა მოგვანიჭა.
უფალმა ღმერთმა მოგმადლოთ მშვიდობა და

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3