ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
ღმერთი მისთვის უნდა გვიყვარდეს ჩვენ, რომელ მან პირველად შეგვიყვარა ჩვენ; ღმერთმან ჩვენ მოგვცა უმჯობესი და უმაღლესი ბუნება, ვიდრე სხვათა ქმნილებათა თვისთა; ჩვენ შეგვამკო მსგავსებითა და ხატებითა თვისითა, ჩაგვაბარა ყოველი ქვეყანა. თუმცა ვსცოდეთ, არა სრულიად დაგვივიწყა, არამედ იხმარა ურიცხვნი ღვთაებრივნი ღონისძიებანი, რათა აღადგინოს ჩვენს შორის ხატი თვისი და ბოლოს, ყოველი თვისი ქველისმოქმედება ჩვენდამო დააგვირგვინა მით, რომელ გარდამოავლინა მხოლოდშობილი ძე თვისი აღსადგინებელად კაცობრივისა ნათესავისა.
თემა: სიყვარული ღვთისადმიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ეკლესია ყოველთვის მტკიცედ იცავდა თავის სიმართლეს და მიიჩნევდა, რომ ხატების უარყოფით იწყება მთელი მართლმადიდებლობისა და ქრისტიანობის რღევა. შეიძლება ითქვას, რომ პირველი ხატი მაშინ შეიქმნა, როდესაც ღმერთი ადამიანად მოვიდა. ძე ღმერთი თავად არის ხატი ზეციური მამისა. მან ადამიანური ბუნება მიიღო. რა თქმა უნდა, ღმერთის გამოსახვა შეუძლებელია. იგი არ გამოისახება. მას არც დასაწყისი აქვს, არც დასასრული. შეუძლებელია გამოსახვა იმისი, რომელიც არანაირ საზღვრებში არ თავსდება და უსასრულობაა. ამიტომაც არ გამოისახებოდა.
განა შეიძლება მეცნიერება და რწმენა დაუპირისპირდეს ერთმანეთს, როცა ისინი ადამიანის შემოქმედებითი აზროვნების სრულიად განსხვავებულ სფეროებს მიეკუთვნებიან: ერთი ფიზიკურს, ხოლო მეორე სულიერს? ისინი კი არ უპირისპირდებიან, არამედ ავსებენ ერთმანეთს.
თავისთავად მეცნიერება ღვთისგან ნაკურთხია. იგი ადამიანის ინტელექტის, ადამიანის, როგორც ღვთის ხატების, მიღწევაა. ამიტომაც მეცნიერების მონაპოვარი დალოცვილია და უნდა გამოიყენებოდეს პიროვნების სულიერი და ფიზიკური კეთილდღეობისათვის მხოლოდ და არა მის დასათრგუნად.
რაც გინდა გაფუჭებული იყოს და წამხდარი რომელიმე კაცი, რაც გინდა დაყრუებული იყოს მისი სინიდისი, მაინც არ შეიძლება არ დარჩეს მის შორის რომელიმე კეთილი კერძო, რაოდენიმე ნეშტი ღვთის ხატებისა და მზგავსებისა. გარნა, სამწუხაროდ, ამ კეთილს კერძოს ჩვენისა სულისა აუქმებენ და აყრუებენ ცოდვანი, განსაცდელნი და სოფლის ბოროტებანი. უფალი ჩვენი იესო ქრისტე მისთვის მოვიდა ქვეყანაზედა, რათა გააცოცხლოს და აღამაღლოს ეს უმჯობესი და უკეთილესი კერძო კაცის ბუნებისა, და ერთ უდიდეს საშუალობად ამ საგნისათვის გვიჩვენა ჩვენ ლოცვა და მარხვა.
თემა: ღვთის განკაცებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
პირველ მადლს, როგორც ვთქვით, გრძნობა–მოქმედება ჰქვია და იგი განწმენდელია, რადგან მლოცველმა ღმერთაებრივი მოძრაობა–მოქმედება იგრძნო საკუთარ თავში.
მეორეს განმანათლებელი ეწოდება. მისით იღებს ადამიანი ცოდნის ნათელს, აღიყვანება ღმერთის ჭვრეტაში. არა სინათლე, არა წარმოდგენები, არა ხატები, არამედ გონების გაცისკროვნება, გულისსიტყვათა სიწმინდე და ცნებათა სიღრმე. ეს რომ მოვიდეს, მლოცველს უნდა ჰქონდეს სრული მდუმარება და ჰყავდეს უხიბლო მოძღვარი.
მესამე მდგომარეობა – მადლის მოფენა, ყოველივე იმის შემდეგ, რაც იყო, სრულყოფილების მადლია, რომელიც უდიდესი ნიჭია.
უძველეს ხატებზე სახეების მზერა ამაქვეყნიდან განდგომილი გვეჩვენება. ის არა მლოცველისადმი, არამედ თითქოსდა მის თავზემოთ არის მიმართული, უფრო ზუსტად, მსჭვალავს მას (ასევე სხივიც მინის გავლით შორს მიემართება), ის ადამიანს მარადისობის ფონზე ჭვრეტს, მიწიერ და სულიერ სამყაროთა ურთიერთგადამკვეთ სფეროებში; ის ადამიანის გულში იმას ხედავს, რასაც ვერ ხედავს თვითონ ადამიანი, ხშირად კი ეშინია დანახვა. დემონებს აშინებთ უძველესი ხატების სახეები, მათ წინაშე ბორგავენ და ყვირიან შეპყრობილნი, ისინი, ვისაც ჩვეულებრივ სულით ავადმყოფებს უწოდებენ. უძველესი ხატი უხილავი, ღვთაებრივი მადლის ალით მოსილი გეჩვენება.
ღვთის სიყვარულის განსაკუთრებით დიდებული სასწაული, რომელსაც მარადიულობაშიც კი ვერ ვიხილავთ (ვინაიდან ეს შესაძლო სიყვარულის ზღვარს აღემატება), არის კაცობრიობისთვის ძე ღვთისას მოვლინება. ბევრს ნიშნავს შეურაცხყოფილი არ დარჩე, უფრო მეტია - აპატიო, კიდევ უფრო მეტი - პატიების შემდეგ მადლიერება, მაგრამ შეუდარებლად მეტია ღვთისგან კაცობრივი ხატების მიღება, ტანჯვა და სიკვდილი. ეს ჭეშმარიტად სასწაულია სულიერ სამყაროში (იოან.15, 13; რომ. 5, 8). ამ ერთ რამეში უფალი იმდენად გამჟღავნდა, რომ თუნდაც დავიწყებას მისცემოდა სწავლება ღვთის სრულყოფილების შესახებ, მხოლოდ ეს ერთადერთიც კი მოიცავდა ყველა ღვთისმეტყველებას
თემა: ცოდვა, ცნობისმოყვარეობაავტორი: მამა ვალენტინი მორდასოვი
წყარო: მოძღვრის ძალზე სასარგებლო რჩევები მრევლისათვის
ჩვენ ყველა ვეძიებთ ბედნიერებას, კეთილდღეობას, მაგრამ ვპოულობთ განა? სოფელი მისეულ სიხარულს გვთავაზობს, მაგრამ ეს სიხარული ხანმოკლეა, სწრაფად ბეზრდება, მოჰყირჭდება ადამიანს. ის თითქოს მარილიან წყალს სვამს და ასე ცდილობს წყურვილის მოკვლას, ამით კი წყურვილი უფრო უძლიერდება. შეუძლებელია რაიმე მიწიერმა ფასეულობამ აღავსოს ადამიანის გული და მას ჭეშმარიტი მშვიდობა მისცეს. ჩვენს თავს რომ ვკითხოთ - როდის ვიყავით ცხოვრებაში ყველაზე უფრო ბედნიერები? - შეგვიძლია ვთქვათ: მაშინ, როცა მეტად გულმოდგინედ ვლოცულობდით, განსაკუთრებით - სასწაულმოქმედი ხატებისა და სიწმიდეების წინაშე. მაშინ იღვიძებდა ჩვენი სული და თითქოს მკვდრეთით ვდგებოდით. ჩვენს წინაშე იშლებოდა სხვა სამყარო და სულის სიღრმეში არამიწიერ სიხარულს ვგრძნობდით, რაც ჩვენს მიერ განცდილ არცერთ გრძნობას არ ჰგავდა
თემა: ბედნიერებაავტორი: არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
წყარო: ქადაგებები, სტატიები 1 - არქიმანდრიტი რაფაელი