წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
სიმთვრალე დააღარიბებს კაცს. მთვრალს კაცს ეზარება მუშაობა, ვეღარ მოჰრთავს თავის სახლ–კარს, ყოველიფერი გარემოს მისსა წახდება და გაფუჭდება. როგორც მისი საკუთარი სხეული, ისრე ყოველი მისი მონაგები ილევა, ფუჭდება მისი სიმთვრალითა. გარნა უმთავრესი ვნება, რომელიც წარმოსდგება სიმთვრალისაგან, არის სიბილწე, ესე იგი მრუშება, არაწმინდება. ღვინისაგან ადუღებული სისხლი და ფილტვი კაცისა, ვეღარ მოათმენინებს, შთააგდებს არაწმინდებასა შინა.
ხორციელადაც სიმთვრალე ჰღუპავს კაცს. იგი უეჭველად კაცს მოაკლებს სიმრთელესა. მართალია, მემთვრალე თავიდგანვე ვერ შეატყობს, რა ზომად აფუჭებს ღვინო მის სხეულს და სიმრთელეს, გარნა ბოლოს მით უმეტესად შეიტყობს ამას. უზომოდ მიღება, მეტადრე მაგართა სასმელთა, ცოტ–ცოტად გაუფუჭბს სისხლს, წაუხდენს ძარღვებს, აუნთებს ფილტვებს, რომლისაგან ხშირად შეემთხვევა მას სიკვდილი.
სიმთვრალე ამდაბლებს კაცის ბუნებას. ღმერთმა კაცს მისცა უმთავრესნი და უმშვენიერესნი ნიჭნი: ჭკუა, თავისუფლება, ზნეობითი გრძნობა, რომელნიც კაცს გაასწორებენ ანგელოსთა თანა და შეადარებენ ღვთაებასთანა. გარნა სიმთვრალე დააბნელებს ჭკუას, წაართმევს თავისუფლებას, დაამზგავსებს პირუტყვს; ერთი სიტყვით, წაართმევს მას კაცობრივს ბუნებას. მამათა შორის ბასილი იტყვის მემთვრალეთა ზედა: „მემთვრალე არ არის ღირსი იცხოვროს საზოგადოებაში; იგი უნდა დააყენონ და სცხოვრებდეს პირუტყვთა შორის“. შეიძლება და ხშირადაც მოხდება, რომ მემთვრალე კაცს აქვს ზოგიერთნი კეთილნი თვისებანი, გარნა იგინი არიან დამდაბლებულნი ერთითა ამით მისისთა საშინელითა ვნებითა.
ყურძენი და ღვინო ღმერთმა გააჩინა და მოგვცა, რომ ვიხმაროთ იგი ჩვენდა სასარგებლოთ და სასიამოვნოდ. ვინც ზომიერად ხმარობს ღვინოს, მისთვის იგი არის ღვთის ნიჭი და წყალობა, ვინც უზომოდ მიეჩვია მის ხმარებას, ვინც დაემორჩილა მას ისე, რომ ვნებად გარდაექცა ღვინის სმა, ერთი სიტყვით, შეიქმნა მემთვრალე, მას დაეკარგა კაცის ღირსება და მან დაიმსახურა მოძაგება და განკიცხვა ყოველთა კაცთაგან.
თემა: ღვინოავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
საღმრთო წერილი ზარმაცს კაცს გაჰგზავნის ჭიანჭველთან, რომ მისგან ისწავლოს შრომის მოყვარეობა, ხოლო მემთვრალე უნდა გავგზავნოთ ძროხასთან და ცხენთან და სხვა პირუტყვებთნ, რომ იმათგან ისწავლოს ზომიერად მიღება სასმელისა. პირუტყვი უზომოდ და უდროვოთ წყალსაც არ დალევს; მემთვრალეს კი არც ზომა აქვს და არც დრო, დანიშნული ღვინის სმაში. როდესაც წმიდა ეკლესიას სურს გაღვიძება და დარიგება ცოდვილისა კაცისა, მაშინ იგი წარმოუდგენს მას მაგალითად უფლისა იესო ქრისტეს და წმიდათა კაცთა ცხოვრებას; გარნა, როდესაც დაგვჭირდება დარიგება კაცისა მემთვრალესი, მაშინ პირუტყვები უნდა წარმოუდგინოთ მაგალითად. ამაზე უდიდესი განკიცხვა კაცის ბუნებისა რაღა იქნება. თუ კი კაცს ცოტაოდენი ჭკუა და სინიდისი აქვს, მან რათ უნდა ქმნას იმისთანა საქმე, რომელიც მას ჩააგდებს სირცხვილში და განკიცხვაში.
გაიხსოვნე, რა დაგემართა შენ და რა მდგომარეობაში ჰყოფილხარ თუ საუბედუროდ დასთვერი. მეორე დღეს: თავი გტკიოდა, გული გერეოდა, გრცხვენოდა კაცის შეხედვისა, მოწყენილი იყავ და ყოველიფერი გეძაგებოდა. ამ სახით თავდება ყოველი უგნური და უწმინდური ლხინი. არა ესრეთია სულიერი ლხინი და ნუგეში. თუ საყდარში ტკბილად ილოცე, თუ კეთილი საქმე რაიმე აღასრულე, თუ სულიერი ტკბილი გალობით გამხიარულდი, მაშინ გამხნევდები, გასცოცხლდები, გული დამშვიდებული გაქვს, ყოველი კაცის სიყვარულსა ჰგრძნობ. „ნუ დაითვრებით ღვინითა, არამედ აღივსენით სულითა“ (ეფეს. 5.18–19).
ეცადე, რომ შენი ლხინი და ნუგეში იყოს ღვთის ვედრება, წირვა–ლოცვის მოსმენა ეკლესიაში. დავით წინასწარმეტყველი იტყვის: „განვიხარე მე, რომელთა მრქვეს: სახლსა უფლისასა წარვიდეთ“ – გამიხარდაო, როდესაც მითხრეს საყდარში წავიდეთო. გაგიხარდეს შენცა, როდესაც გაიგონებ ზარის ხმას. თუ მწუხარება რამე გეწია, თუ გული მოწყენილი გაქვს – ილოცე, თუ მოლხენილი ხარ – იგალობე. „სჭირდეს თუ ვინმეს თქვენგანსა, – გვასწავლს წმიდა მოციქული იაკობი, – ილოცევდი; მოლხინე თუ ვინმე არს – ჰგალობდინ“. აჰა, ქრისტიანული ნუგეში და ლხინი.
თემა: სიხარულიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
ფრიად დასაწუნებელი და გასამტყუნებელია ერთი სხვაზე მომეტებულად გავრცელებული თავის შექცევა საზოგადოებასა შინა – ქაღალდის (ბანქოს) თამაშობა. გარიგებ და გირჩევ, ძმაო ჩემო, ვისაც ეს ჩვეულება გაქვს, დასტოვე იგი, რადგანაც არის მავნებელი სულიერადაც და ხორციელადაც. სულიერად იმ სახით, რომელ, როდესაც კაცი ქაღალდს თამაშობს, მაშინ მის სულში აღიძვრებიან და განმტკიცდებიან მრავალნი ცუდნი ვნებანი: სიხარბე, ჯავრი, სიძულვილი, ჩხუბი; ხორციელად ასე, რომ კაცი დიდხანს მჯდომარე ერთს ადგილს, გაფუჭებულის ჰაერის დიდხანს მსუნთქავი, წააგებს სიმრთელესა და მოიგებს სნეულებასა.
ნაცვლად ღვინის სმით შექცევისა და ლხინისა, წმიდა მოციქული პავლე გვასწავლის ჩვენ სხვანაირს სიამოვნებასა და შექცევასა: „ნუ დაითვრებით ღვინითა... არამედ აღივსენით სულითა. ეტყოდეთ თავთა თვისთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა, უგალობდით და აქებდით გულითა თქვენითა უფალსა“ (ეფეს. 5.18–19). იცოდა წმიდამან მოციქულმან, რომ სუსტი კაცის ბუნება ვერ გასძლებს სრულიად უნუგეშოდ და შეუქცევრად, ამისათვის გვაჩვენა ჩვენ საშუალება, რით უნდა შევიქცევდეთ თავსა და მოვიპოვებდეთ მხიარულებასა. გალობა ძლიერ გაამხიარულებს ყოველსა კაცსა. რაც უნდა მოწყენილი და მწუხარე იყოს კაცი, ტკბილი ხმით გალობა დაავიწყებს მას მისსა მწუხარებასა. მაგრამ წმიდა მოციქული პავლე წინადაგვიდებს ჩვენ სულიერსა გალობასა და ქებასა ღვთისასა, მისთვის, რომ ესრეთი გალობა კიდეც გაამხიარულებს კაცსა და კიდეც აღაშენებს სულსა მისსა; მაშინ, როდესაც ხორციელი, სოფლიური გალობა, ანუ სიმღერა, ხშირად აღელვებს ვნებათა კაცისათა და მისცემს ცუდსა ზნეობასა. ჩვენთა ძველთა წინაპართა ერთი კარგი ჩვეულება ჰქონდა, ძმანო ქრისტიანენო. მათ უყვარდათ თავის შექცევა და ლხინი სუფრაზე სწორდ იმ სახით, როგორათაც გვასწავლის ჩვენ წმიდა მოციქული პავლე. სუფრაზე დაჯდომილნი, იგინი დიდხანს ნუგეშობდნენ ძლისპირთა, ფსალმუნების და სხვა საეკლესიო გალობის წარმოთქმით.
არ გიშლის წმიდა მოციქული პავლე სრულიად ღვინის სმას, არამედ დაგიშლის მთვრალობას. თვითონ მან მისცა ნება და კიდეც უბრძნა საყვარელსა მოწაფესა თვისსა ტიმოთეს, რომელი დააყენა კვიპრეს მწყემსმთავრად, მცირე ღვინის სმა სტომაქისათვის და სიმრთელისათვის.
თემა: ღვინოავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი