სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელიც გულწრფელად აღიარებს ცოდვებს მართლმადიდებელი მღვდლის წინაშე, მისი ლოცვით მიიღებს განხსნას, შნდობას, სრულ მიტევებას.
სწორედ ესაა სინანულის საიდუმლოს არსი. ამ საიდუმლოს შესასრულებლად მონანულის მხრივ აუცილებელია გულწრფელი სინანული, ცოდვების აღიარება, მათი დატევებისა და აღარ განმეორების სურვილი, რწმენა, რომ აღსარების საიდუმლოს შესწევს ძალა მღვდლის ლოცვით განწმიდოს და განასპეტაკოს ცოდვების გულწრფელად აღმსარებელი. ასევე აუცილებელი პირობაა, რომ აღსარება მიიღოს მართლმადიდებელმა მღვდელმა - ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიის მსახურმა, იმ ეკლესიისა, რომელიც ერთადერთი იმარხავს ღმრთივ მონიჭებულ მადლს.
ქვეყნად განხორციელებულმა მესიამ - იესო მაცხოვარმაც სინანულის ქადაგებით დაიწყო თავისი მოღვაწეობა კაცთა შორის. მთელი მისი ქვეყნიური ცხოვრება ხომ საკაცობრიო სინანული იყო. იგი ხომ მთელი ქვეყნიერებისათვის ეწამა, ივნო, მოკვდა და აღსდგა მესამე დღეს; მან ხომ დაითმინა საკაცობრიო დასათმენი, გაიღო საქვეყნო მსხვერპლი და გამოისყიდა ცოდვის მონებისაგან ადამიანი. უფლის მიერ კაცთათვის დათხეული სისხლის საფასურად მხდა განახლება ადამიანის დაცემული ბუნებისა. იესო ქრისტემ - უწმიდესმა და უცოდველმა, იმიტომ დაითმინა ჯოჯოხეთური ტანჯვა-წამება, იმიტომ ზიდა ადამიანთა ცოდვებით დამძიმებული უდიდესი ჯავრი ქვეყნისა, რომ მოეცა მაგალითი კაცთათვის ცოდვის მონებისაგან განთავისუფლებისა. ცოდვამ დააშორა კაცი ღმერთს და ამიტომ მისი ღმერთთან მიახლოებაც ცოდვებისაგან განთავისუფლებითა და დაკარგული სიწმიდისა და პატიოსნების დაბრუნებით არის შესაძლებელი. მხოლოდ სინანულით გვეხსნება ქვეყნის მკვიდრთ ზეცის კარები.
სინანულიცა ძმანო და სინანულიც. არის სინანული საკუთარი ნებით, ე.ი. შეგნებული და არის სინანული უნებლიე, შეუგნებელი. უნებლიე სინანულია, როცა მაგალითად, კაცი მხნეობისას ფეხებს არ ასვენებდა უწესო საქმეებისაგან და შემდეგ, როცა უძლურდება და ფეხები უმძიმდება, ვეღარ ახერხებს ბოროტ საქმეთათვის მოძრაობას; ხელი არ ცხრებოდა შფოთისა და ბრძოლებისაგან და შემდეგ უძლურებაში აღარ ძალუძს მოქმედება მათი; თვალები მისი დავსებული იყო შურისაგან, ახლა კი, როცა სინათლე წაერთვა, ცუდად იცრემლება; ენა მისი ბილწსიტყვაობასა და გინებში იყო დაღლილი, სიბერისას კი ჩიფჩიფით იწყებს მეტყველებას; თვითონ აღარ შეუძლია ადგომა-დაჯდომა და სიარული და რწევითა და ბარბაცით იწყებს რონინს. სად არის ძმანო, აქ სინანული? ეს ხომ იძულებითი მდგომარეობაა სიბერით გამოწვეული და არა შეგნებული სინანული ცოდვებისათვის?
ამიტომ იჩქარეთ და შეინანეთ საყვარელნო! ნუ გადასდებთ სინანულს მომავლისათვის, რადგან არ ვიცით სიკვდილი როდის მოგვაკლითხავს. მონანიებისათვის ადრე არასოდეს არ არის, დაგვიანებულს კი ვეღარაფრით უშველი.
სინანული ესე არს მარგებელი: რაჟამს ცოდვილი ადრე მოეგოს თავსა თვისსა და გონებათა თვისთა, განიხილვიდეს და შესტირებდეს ნაცოდავთა თვისთა, და წინა დაიდებდეს და განიცდიდეს სულგრძელებათა ღმრთისათა:
- ვითარ-ძი ღმერთმან მე შემიყვარა და რაოდენნი პატივნი მომანიჭნა, და მე სიყვარული ღმრთისა დაუტევე და ესოდენსა სიბილწეთა შინა ვიყავ და ესოდენ ღმერთი სულგრძელ მექმნა, - და ტიროდეს მწარედ მსგავსად პეტრესა, და მივიდეს მოძღვრისა და განიწმიდოს აღსარებით თავი, და ეგრე მოიძულოს ცოდვა ვითარცა უყვარდა.
ხოლო ურგები სინანული ესე არს, რომელი ყო იუდა. რამეთუ სირცხვილისათვის მოიკლა თავი და არა გულითა შემუსრვილითა ვიდოდა სიმდაბლითა. და მეორე, მსგავსი ამისა, რაჟამს თქვას კაცმან:
- ღმერთი მოწყალე და სულგრძელ არს, ცოდვა ესე აღვასრულო და შემდგომად შევინანო.
იხილე, თუ სოფელსა ამას შინა თქვას მონამან ვინმე:
-პირველად შევსცოდო მეფესა ჩემსა და მერმე შევინანო და ვმსახურო?
არამედ დღითიდღე ჰმატებს სამსახურთა. უკეთუ საწუთოსა მეფისა არა განივლების გულთა კაცისათა, ვითარ იტყვი ამასა რამეთუ - ჯერეთ ცოდვა ესე აღვასრულო და შემდგომად შევინანო, რამეთუ ღმერთი მოწყალე არს და შემინდობსო.
სინანული არის კაცთ ცთომისაგან თავისი ნებითა ხელის აღება, მოძაგება და მოძულება, როგორც რომ დავითიც ღარადებს: "ცოდვა მოვიძულე და მოვიძაგე". და თავს გამოდებით ცდა და თავს გამოსაჯურებით დგომა კეთილობაზედა, რომ აღარც კი მოხედოს, როგორც რომ მართალთა აქვს ჩვეულება, რომ მოსაგონებელად ეძვინებათ, ართუ ისე საქმელათღა მოიგონონ და დატკბონ, რომელთაც რომ თვით თავადი არს ღმერთი სული ყოვლად წმიდაც ემოწმება: "რამეთუ არა მიხედნა ამაოებასა, არცა სიცბილსა ტყუოლისასა. და არის სინანული მრავალგვარად განფენილი და მოწლედ შესატკბობი და შესაყვარებელი. არის ღმრთის კაცთმოყვარებისაგან ხელიშ ეხებითაც სამოქმედო სინანული, და არის კაცთგონიერებისაგანაც განჩინებული და ტკბილად მიღებული და აღსრულებული. და არის სინანული ეკლესიის ხმისაგანაც ქადაგებული და ტკბილად შეწყნარებული და საყოველთაოდ დიდებული, ყოველთ სიტყვიერთაგან მოკვდავთა მიღებული და მისაღებელი. და არის სინანული ჟამად მიღებული და ჟამად დატევებული.
და აქვს ცოდვასაცა და სინანულსაცა მრავალი უცნაურება ადგილთაცა, ჟამითაცა, კაცთაგანცა და უეცრად შევარდნითაცა მოუნდომებლათა და უფიქრებლათაცა, როგორც რომ მრავალნი ბრძენნი და კაცნი მართალნი და წმიდანიც შევარდნენ და ცოდვასა შეეხეთქნენ. და ზოგნი კი აღდგნენ და აღემართნენ. და ზოგნი კი განიწირნენ და წარწმდენ. და იმათის საქმის დაფარულება ერთს ღმერთს ესაცნაურების და არა სხვათა ვისმე.
სინანულია მთავარი... სინანულს ითხოვს ღმერთი ცოდვის სანაცვლოდ, რადგან სინანულია ის საშუალება, რომლითაც შემცოდე ადამიანს უბრუნდება ღმერთთან ურთიერთობის მორალური უფლება და, როცა ერს არ აქვს საკმარისი სინანული, მაშინ კაცთმოყვარე ღმერთი, ისევ ჩვენდა სასიკეთოდ, გვიგზავნის ტკივილს, მწუხარებას, შიმშილს და სხვადასხვა სახის განსაცდელს და ამით გვიბათილებს ცოდვებს. ცოდვა მატერიაა, ის არ ქრება. ის უარყოფითი, ბოროტი ენერგიაა და მისი განეიტრალება მხოლოდ ცოდვის გამოტირებით ან ტანჯვითა და ტკივილებით არის შესაძლებელი.