ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
თემა: ეშმაკი, დემონი, ლოცვაავტორი: წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)
წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას
"ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა, მადლითურთ უგალობდით გულთა შინა თქუენთა უფალსა" (კოლ. 3, 16). "ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა" - გულისხმობს სიტყვიერ ლოცვას, ხოლო "მადლითურთ უგალობდით გულთა შინა თქუენთა უფალსა" - შინაგან ლოცვას, ანუ გონიერ-გულისმიერ ლოცვას. ფსალმუნები, გალობები, ჰიმნები, ოდები სულიერ საგალობელთა სხვადასხვა დასახელებებია, რომლებიც შედგენილობითა და ფორმით იმდენად ჰგავენ ერთმანეთს, რომ რაიმე განსხვავების მოძიება ძალიან რთულია. თავისი არსით ისინი ლოცვის სულს გამოხატავენ. ლოცვისადმი აღძრული სული, ადიდებს რა ღმერთს, ჰმადლობს მას და მისდამი თავის ვედრებას აღავლენს. ამიტომ ლოცვითი სულისკვეთების ყველა ეს გამოვლინება სულისატვის განუყოფელია და ერთი მეორის გარეშე არ არსებობს. როცა ლოცვა მოძრაობაში მოდის, ის ერთი სახეობიდან მეორეში გადადის და ეს არც თუ იშვიათად ხდება. გამოხატე ის სიტყვით, გამოვა სიტყვიერი ლოცვა, უწოდე მას ფსალმუნი, ჰიმნი ან ოდა - ყველა ერთი და იგივე იქნება. ნუ გამოვიძიებთ მათ შორის სხვაობას. მოციქულს სურდა გამოეთქვა ყველანაირი სახით გამოხატული ლოცვები. მათ მიესადაგება ყველა ის ლოცვა, რომლებითაც ჩვენ ახლაც ვსარგებლობთ. ფსალმუნთა გარდა ჩვენ ვიყენებთ საეკლესიო გალობებს - დასდებლებს, ტროპარებს, კანონებს და ლოცვანში თავმოყრილ ლოცვებსა და დაუჯდომლებს. კითხულობ რა მოციქულის სწავლებას სიტყვიერი ლოცვის შესახებ, არ შესცოდავ, თუ მასში ჩვენთვის ცნობილ ლოცვებს იგულისხმებ. ლოცვის ძალა არაა ამა თუ იმ ლოცვის გარეგნულ სახეში, არამედ იმაში, თუ როგორ სრულდება ისინი. ამაზე მოციქული მიგვანიშნებს სიტყვით - "სულიერითა...", ლოცვა სულიერი იმიტომაა, რომ თავდაპირველად სულში ჩაისახება და მწიფდება და შემდგომ სულიდან გამოეფინება. მათი ჩასახვა და მომწიფება ხდება სულიწმიდის მადლით. ფსალმუნები და ყველა სხვა სახის ლოცვა თავიდან სიტყვით როდი გამოითქმოდა - ისინი სულიერი იყვნენ და მხოლოდ შემდგომ შეიმოსეს სიტყვა, თუმცა ამით მათ სულიერება არ დაუკარგავთ. ისინი ახლაც სიტყვიერნი არიან ფორმით, ხოლო მათი ძალა კი სულიერებაშია...
აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, თუ ჩვენ გვსურს მოციქულის გამონათქვამი სიტყვიერი ლოცვის შესახებ გაკვეთილად მივიღოთ, ის ასე უნდა შევიმეცნოთ: შეაღწიე შენს მიერ მოსმენილი და წაკითხული ლოცვების სულში, წარმოთქვი ისინი გულით და აღავლინე ღვთისადმი ისე, თითქოს სიტყვები სულიწმიდის მოქმედებით შენსავე გულში იბადებოდნენ. ესაა კანონი, რითაც განისაზღვრება ღვთივსათნო ლოცვის არსი. როგორ მივაღწიოთ ამას? ლოცვები, რომელთაც კითხულობ (რასაც შენი ლოცვითი კანონი შეადგენს), განიხილე, შეიგრძენი და კარგად დაისწავლე. წარმოთქვი ისინი არა როგორც უცხო რამ სიტყვები, არამედ როგორც შენს გულში უკვე არსებულნი და შეგრძნობილნი.
თემა: ფსალმუნებიავტორი: წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
წყარო: სულიერი ცხოვრების სახელმძღვანელო - ნაწილი II
თემა: ფსალმუნები, ცრემლი, გლოვა ცოდვებისათვისავტორი: წმ. ბასილი დიდი
წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას
მამაო ჩვენო
ყოველივე ჭეშმარიტისა ქოისტიანობის პირველი დასამტკიცებელი და შესაწყნარებელი, ყოველთავე უწყით, ესე არს ორი ესე: პირველად, სარწმუნოება მართალი და მეორედ, საქმენი კეთილნი, ვითარცა დასწერს. მაგრამ ეს საუფო ლოცვა ვინათგან უფალმან იესომ წმიდასა სახარებასა შინა დაგვიწერა, ვითარმედ "რაჟამს ილოცვიდეთ, ესრეთ ჰსთქუათ: მამაო ჩვენო..." ეს დიახ, მტკიცედ მისაღებელი და შესაწყნარებელი არის. ამისთვის პირველად წინას სიტყვასა ამას დაგვარიგებს და გვიბრძანებს და შემდგომსა სიტყვასა შინა შვიდსა ამას სავედრებელსა თხოვნასა დაგვარიგებს და განგვიწესებს, ვითარმედ ესრეთ ილოცვიდეთ და ამას სთხოვდეთო:
პირველად - წმიდა იყავნ სახელი შენი;
მეორედ - მოვედინ სუფევა შენი;
მესამედ - იყავნ ნება შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა;
მეოთხედ - პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს;
მეხუთედ - მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა;
მეექვსედ - ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა;
მეშვიდედ - არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
ხოლო შვიდი ესე თხოვნა და ვედრება ჩვენი ღვთისა მიმართი მტკიცედ განვიხილოთ, საყვარელნო. არამედ ამის უპირველესად წინათქმული იგი ბრძანებული სიტყვა გულისხმავყოთ, ვითარ გვასწავებს კაცთმოყვარებითსა მას მოწყალებასა ჩვენ ზედა და დაგვარიგებს მეობითისა წოდებითა მამისა მიმართ საუკუნოისა, ზეციერთა და ქვეყნიერთა მდაბისა და ხილულთა და უხილავთა შემოქმედისა. ღმრთისმეტყველთაებრ მზრახველთა ჭეშმარიტთა თქმულთა, ვითარმედ "ღმერთი იგი, რომლისათანა ჭეშმარიტ ყოფა არსო საუკუნო, ვიდრეღა ყოფისა ჩვენისა", ფსალმუნისაებრ, ვითარმედ "საუკუნითგან და უკუნისამდე შენ ხარ". და კვალად, თქმულისაებრ დამასკელისა იოვანესი, ვითარმედ "იხილვებისო ვითარმედ ყოველთა სახელთა თქმულთაგანთა ღვთისათვის უპირველესი არსო რომელ არს ზესთა არსი არსთა". და ეგრეთვე აგვისტინე დასწერს, ვითარმედ "აქვს უმეტეს ყოფად რომელ ძლიერ რაიმე განშორდებსი არა ყოფისაგან, რომელ არა აქვს ყოფა შემდგომ ყოფისა და არა ყოფა შემდგომ არა ყოფისა. მერმეცა არა ეძლოს მოგონებაო არაყოფად". ესე ვითარად მეტყველებენ და ეგრეთვე სხვანიცა და არა განვავრცო. და ვიხილოთ ზესთა ესე უსაკვირველესისა და მიუწვდომელისა და მიწიერთა ამათ კაცთა შემამზადებელისა მამობით წოდება ჩვენ ზედა, ვითარ გვიბრძანებს ჩვენ, ძეობისა მისისა სახელდებად წარგვადგენს და კადნიერგვყოფს. დიდ არს და საშინელ და უძძლიერესისა საიდუმლოსა მოგონებითა არს გამოცხადებულ ჭეშმარიტად ბრძანებული ესე ჩვენ უღირთადმი დარიგება ესე უშვენიერესი.
ამისთვის აურაცხელსა მოწყალებასა მისსა უნდა მივხედოთ, რომელ ვინათგან საზოგადოდ ღმერთი არს ყოველთა დამბადებელი და შემოქმედი, ეგრეთვე: კაცთა ზედა უაღრესის კაცთა მომართ სიყვარულისათვის საუკუნოსა მამისადმი ძედ სახელწოდებასა ჩვენსა გვაზიარებს. ჰოი, სიტკბოებითსა კაცთმოყვარებისა მისისა მოწყალებასა!
არამედ, რათა ვსცნათ, და ვსასოებდეთ და თაყვანისვცემდეთ უმხურვალესითა გულითა პირველისა ამის და ესე ვითარისა ბრძანებისათვის. და ეგრეთვე ჩვენცა ყოველნი მორწმუნენი ვითარცა ძმებრითა ერთობრივისა სიყვარულისათა ურთიერთას სიმდაბლით და სიმართლით და კეთილ სიწმიდით ძმად და შვილად და მეგობრად ვიქცეოდეთ და ვიწოდებოდეთ. და ესე არს პირველი იგი უსაღმღრთოესი ბრძანება წმიდისა სახარებისა.