წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
ერთი სახე მრისხანებისა, თუმცა არ არის წმინდა და სათნო, მაგრამ დასაძრახისი და გასამტყუნარიც არ არის. კაცს ხშირად უნებლივად მოუვა გული და გაჯავრდება, როდესაც მას ვინმე ჩაგრავს ან სიტყვით ან საქმით. თუ ვინმემ ცილისწამება მოიგონა, ანუ უსამართლოთ უჩივლა, წაართვა რამე, არ შეუძლია მაშინ კაცს გული არ მოუვიდეს, არ გაჯავრდეს, არ დაიწყოს წუხილი და ჩივილი მისთვის, რომ ისიც კაცია, ადამიანი, ყველაფერს ვერ მოითმენს. მაგრამ ამისთანა შემთხვევაშიც, ესე იგი როდესაც შენ ვინმე გჩაგრავს, გემტერება, გული რომ მოგივიდეს და გაჯავრდე, მაინც ეცადე, რომ დააკავო შენი გრძნობა, გეშინოდეს, რომ არ წაგიტაცოს შენმა გრძნობამ და ცოდვაშიც არ ჩაგაგდოს. თუ იმ ზომად განრისხდი, რომ შურისძიება დაიწყე სიტყვით ან საქმით, მაშინ შენც მას დაემსგავსები და შენი მრისხანება შეიქმნება ცოდვილი, ღვთის წინააღმდეგი.
სოფლიური მწუხარება ისაა, როდესაც კაცი რომელიმე სოფლიური ნუგეშის მოკლებაზე სწუხს. ზოგიერთი რაიმე უბედურების დროს ტირის და დარდობს, მაგრამ ღმერთზე აღარ ფიქრობს და ავიწყდება, რომ მწუხარებაცა და სიხარულიც, ბედნიერებაც და უბედურებაც - ყველაფერი ღმრთისგანაა. ნაცვლად იმისა, რომ ღმერთს მადლობა შესწიროს და სასოება არ დაკარგოს, იგი მხოლოდ სოფლიური ნუგეშის მოკლებას ნაღვლობს. ნაცვლად იმისა, რომ დაფიქრდეს და გამოიკვლიოს, თუ რის გამო დაემართა ეს უბედურება, და ის ცოდვები მოინანიოს, რომელინიც მისი უბედურების მიზეზნი შეიქმნენ, იგი თავის მდგომარეობას ხან ღმერთს აბრალებს, ხან ეშმაკს და ხან სხვა კაცს. ასეთი სოფლიური, ხორციელი მწუხარება სიკვდილს აჩენს და კაცს კლავს (II, 411-412).
კანონიერი და სათნოიანი განრისხება იქნება მაშინ, როდესაც კაცი ჯავრობს სიმართლით, საფუძვლიანად და მძიმე მიზეზისა გამო, მაგალითებრ: როდესაც კაცი გაიგონებს ღვთის და მისი საღმრთო სჯულის გმობას, სარწმუნოებაზე დაცინებას; ანუ როდესაც კაცი სწუხს და ჯავრობს შემხედველი კაცისა გარყვნილისა, რომელიც თვითონაც უგზო–უკვლოდ სცხოვრობს და სხვებსაც აფუჭებს, ანუ დაინახავს კაცსა ბოროტსა, უსამართლოსა, რომელიც სტანჯავს მოყვსთა თვისთა, არღვევს ყოველსა ღვთისა და ხელმწიფის სჯულსა. ყოველთა ესრეთთა შემთხვევათა და გარემოებათა შინა მრისხანება კაცისა არა თუ არ არის დასაძრახისი, არამედ დიახ, პატიოსანი და ღვთის სათნოა. მისთვის, რომ ამისთანა მრისხანება წარმომდინარეობს წმინდა წყაროისაგან, იგი არის აღძრული სიმართლის სიყვარულისაგან, საღმრთო შურისაგან. იგი გამოაჩენს კაცის კეთილობას და არა ბოროტებას.
მწუხარება ორნაირია: ერთი ღმრთისმიერი, მეორე სოფლიური. ღმრთისმიერი მწუხარებისას კაცი თავის უღირსებასა და ცოდვაზე სწუხს, რომ ღმერთს განეშორა, მისი მცნება დაარღვია, ნაცვლად კეთილი საქმისა ბოროტი ქმნა და ამით ზეციური მამა გაამწარა. ასეთი სულიერი მწუხარება კეთილია და პატიოსანი. იგი კაცის გულში გააჩენს სინანულსა და ცხოვრებისასა, როგორც იტყვის წმინდა მოციქული პავლე. ამით კაცის მოქცევა და ცხონება იწყება.
ლოცვას და მარხვას დიდი და მაგარი კავშირი აქვს, ერთი მეორეს აამაღლებს, დაამტკიცებს. საღმრთო წერილიც ყოველგან ორივეს ერთად ახსენებს და აგრეთვე წმინდა მამანი. მაშასადამე, ერთი მათგანი არ იქნება საკმაოდ ნაყოფიერი, თუ მეორეც არ შეეწია.
თემა: ლოცვა, მარხვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
ლოცვა არის პირდაპირი და ვიწრო კავშირი, შეერთება კაცის სულისა ღვთისა თანა. ხშირად გვესმის ეს სიტყვა, რომ ლოცვა არის უბნობა ღმერთთან, გარნა მეშინის, რომ არა საკმაოდ განვიზრახავთ რა დიდი ჰაზრი არის ამ სიტყვებში. მარტო ღმერთი არს კეთილი, სახიერი, წმინდა; იგი არს წყარო, დასაბამი ყოვლისა სიცოცხლისა, ნეტარებისა, სიწმინდისა; გარეშე ღვთისა ყოველი ძნელი, უძლურება და სიკვდილი. გულწრფელს ლოცვაში კაცის სული შეუერთდება ამ წყაროს, სვამს თვით წყაროთაგან ღვთაებრივსა სიკეთესა, მადლსა მაცხოვარებისა. დიდი არის ეს საქმე! აი, რაისათვის იტყოდა დავით მეფე: „ვითარცა სახედ ჰსურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრეთ სურინ სულსა ჩემსა შენდამი ღმერთო (ფს. 41.1).
თემა: ლოცვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
ჭეშმარიტი ღვთიური ლოცვა გაუჩენს კაცს გულში გამოუთქმელსა ნუგეშსა და სიხარულსა, ასე რომ კაცმან, რომელმან იგრძნო ტკბილი გემო ლოცვისა, ადვილად იტყვირთებს ცხოვრების სიმძიმესა ქვეყნისასა.
თემა: ლოცვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
ლოცვა მარხვასთან შეერთებული, თუ კი იგი არის გულწრფელი, გააღვიძებს და გააცოცხლებს ყოველსა მას, რაიცა არის კაცის გულში და სულში კეთილი, წმინდა, პატიოსანი, ღვთიური, და დათრგუნავს, მოსპობს ყოველსა ბოროტსა სურვილსა და მიდრეკილებასა. თვით ჟამსა მყუდრო, წრფელი ლოცვისასა კაცის გულში დადუმებულია უნებლივად ყოველი ვნება და ცოდვა, და თუ კაცი ხშირად განიმეორებს მხურვალებით ლოცვასა, მაშინ სრულიად დაიძინებს და დაიმალება მის შორის ცუდი სურვილი და ყოველი გულისთქმანი. როგორადაც გაზაფხულის მზე გაათბობს ჰაერსა, განსდევნის ნისლსა ზამთრისასა და გამოიხმობს მიწისაგან მცენარეთა, აღაყვავებს ხეხილსა, მზგავსადვე სითბო ლოცვისა დაადნობს და განსდევნის კაცის სულისაგან ნისლსა და სიბნელესა ცოდვისასა, გამოიხმობს მისი გულისაგან ყოველსა კეთილსა ჰაზრსა და წმინდასა განზრახვასა.
თემა: ლოცვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი