ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
[23] წერილი ერგინას
წმიდა მთა, 21 ივლისი, 1945 წ.
ჩემო საყვარელო დაიკო ერგინა, ჩემი სულის ნაწილო, მადლი და წყალობა მოვიდეს შენს კეთილ სულში, რომელმაც მცირე ასაკიდანვე შეიყვარე ქრისტე, თუმც მასწავლებელი არ გყავდა.
ორი დღის წინ მამა მინა გამოგიგზავნე, ახლა კი მეორე ეპისტოლეს პასუხს გწერ, რადგან დრო გამოვნახე. მონაზონთა დღევანდელი მდგომარეობა, ჩემო დაიკო. ფორმალურია, ანუ მხოლოდ ფორმალური მხარით კმაყოფილდებიან – პირად კანონს აღასრულებენ, ღმრთისმსახურებას იხდიან და ა.შ. – მხოლოდ იმ ტრადიციით, რაც ჩვენს გარეგნულ მოქცევას ეხება. ამაზე მეტი აღარ გვაინტერესებს, ამაზე მეტს აღარ ვზრუნავთ სულის შინაგან მდგომარეობაზე, რაც ყველაზე ძვირფასია, რაც სულის არსს შეადგენს, სადაც ნივთიერი უნივთოს უერთდება, სადაც ადამიანი ღმერთს ერწყმის და უერთდება, იმდენად, რამდენადაც ჩვენს მიწიერ ბუნებას შეუძლია დაიტიოს.
ეს ყველაფერი დიდად მშვენიერი და მეტად კარგია, მოსასმენადაც საამოა, მაგრამ ყველანი გავურბივართ, ზურგს ვაქცევთ, რადგან გარჯას ითხოვს და ამიტომ გონებას შიშს ჰგვრის ამგვარი ღვაწლი. ღმერთი უნდა შეეწიოს კაცს, თორემ მის გარეშე ვერაფერს მიაღწევს. ადამიანის შინაგანი არჩევანი უნდა გამოიწრთოს. სხეულმა კი სისხლი უნდა დათხიოს, შიდა კაცს ტყავი უნდა გადასძვრეს, ძველი კაცი ცვილივით უნდა დადნეს. როგორც რკინას სცილდება ჟანგი ცეცხლში შეტანით, ასევე მოსდის ადამიანს. ნელ-ნელა მადლი მოდის და, როგორც კი მოუახლოვდება ადამიანს, ცვილივით დნება და იმ წუთებში კაცი ვეღარ სცნობს საკუთარ თავს. მიუხედავად იმისა, რომ გონება მრავალთვალიანი და გამჭვირვალე ხდება, ამ ზებუნებრივი მოქმედების დროს საკუთარ თავს ვეღარ არჩევს, რადგან ღმერთს უერთდება და მაშინ ჟანგი სცვივა, ბეჭედი აიხსნება, ძველი კაცი კვდება, დედობრივი სისხლი გამოდის, ბუნება განახლდება. თანაც ადამიანი სხეულებრივად არ იცვლება, არამედ მადლი მის ბუნებრივ ნიჭებსა და თვისებებს განანათლებს, აძლიერებს, განაახლებს და ამგვარად ცოცხლდება ყოფილი ადამი, ღმერთის ხატად შექმნილი. რამეთუ ახლა, რადგანაც მემკვიდრეობით ბოროტები ვართ, გახრწნილები და გაუძღომლები, ვართ ეშმაკის ხატები, რომელმაც ჩაგვყარა ამ მდგომარეობაში სისხლისა და განხურვების მეშვეობით.
მაგრამ სანამ ეს ყველაფერი მოხდება, ბევრი რამ არის საჭირო: უკიდურესი მარხვა, რათა დედობრივი სისხლი გამოშრეს და ნერწყვი – ეს ჭუჭყი - გაიწმინდოს, ხოლო ბავშვობიდან მეხსიერებაში ჩარჩენილი ცოდვის მოგონებები ჩაქრეს; ამას მუდმივი მღვიძარება, ძილის მოკლება უნდა დაერთოს, არა ერთხელ და ორჯერ, არამედ მუდმივად, რათა გონება, რომელიც ახლა უხეში და ტლანქია, ფაქიზი გახდეს; მესამე კი განუწყვეტელი ლოცვაა – გონებით, სიტყვითა და გულით.
როგორც სუნთქვის შეწყვეტით კაცი მოკვდება, ასევე გულმოდგინე და გამუდმებული ლოცვის გარეშე სული კვდება, რადგან, იძინებს თუ არა ახალი კაცი, რომელიც გულმოდგინე ლოცვით ჩაისახება, განახლდება ვნებები — მტერს ხომ არასდროს სძინავს და დაუცხრომლად გვებრძვის. როგორც ჩვილი, რომელიც დედის მუცელში ჩაისახება, თუ მშობელი სუნთქვას შეაჩერებს, მოკვდება, ასევე ხდება სულიერი ჩასახვის დროს, როდესაც გონებრივი მუშაობა ჩერდება. ეს მარტო ამას რაც შეეხება, მაგრამ ბრძოლა ამით არ მთავრდება, წინ კიდევ ბევრია. მრავალ სულს უნდა შეებრძოლო. ამათგან ყველაზე დიდი სიძვის სულია, რომელიც ანძას ცამდე აღმართავს, უფსკრულში კი იძირება. შენ მარხულობ, ძილს იკლებ, ღაღადებ, უფალს მოუხმობ, ტირი, გტკივა, ის კი სატანის შემწეობით წამითაც არ ცხრება, არამედ აღძრულია – ცეცხლის ნაშობი ცეცხლი, ესავის თესლი, ბაბილონის ძე. შენ კვნესი, ქრისტეს ევედრები, ირტყამ, ტირი, გტკივა, ის კი გაჰკივის: „ქალი მინდა!“, თანაც ერთი და ორი დღე კი არა, არამედ რვა და ათი წელი, მანამ, სანამ ღმერთი შენს მოთმინებას არ დაინახავს, რომელიც სასოწარკვეთილებას აღწევს და მაშინ უფალი მოგაშორებს ამ ბოროტებას და ვნებაც გშორდება.
ეს ყველა ვნებას ეხება, მაგრამ ისინი არც სრულიად განიგდებიან, არც აქვთ ასეთი ძალა, რამეთუ გარეგნული და შეძენილია, ხოლო ცოლქმრობის ვნება ბუნებრივია და ადამიანი იბრძვის, რომ ბუნება შეცვალოს. მაგრამ ამის გაკეთება ადამიანს არ შეუძლია, არამედ მხოლოდ ღმერთს, რამეთუ მან დაუწესა ბუნებას ზღვარი, მხოლოდ მასვე ძალუძს ამ ზღვრის გადაწევა, როდესაც ინებებს.
მაგრამ, თუ მოვინდომებ, ჩემო დაიკო, სათითაოდ მოგწერო ჩემი განსაცდელები და ვნებები, წიგნის დაწერა მომიწევს, რამეთუ იმათ გარდა, რომლებიც ადამიანს მთელი ცხოვრება ებრძვიან და ადამიანიც ებრძვის მათ, არის ისეთებიც, რომლებსაც ღმერთი უშვებს ჩვენს გამოსაცდელად, ხოლო ის, რაც ჩვენი ნების გარეშე და საწინააღმდეგოდ ხდება, ძალიან დამღლელი და რთულად დასაძლევია. იცი, რას ნიშნავს არავის აწუხებდე და შენ გაწუხებდნენ? არავის ჰპარავდე, ხოლო შენ გპარავდნენ? აკურთხევდე და გწყევლიდნენ? იწვალებდე, შენ კი გჩაგრავდნენ? აქებდე და განგიკითხავდნენ? უმიზეზოდ მოდიოდნენ და გამხელდნენ? მთელი ცხოვრება შეცდომილს გეძახდნენ? შენ კი, თუმცა იცი, რომ არ არის ისე, როგორც ამბობენ, თანაც ხედავ, რომ განსაცდელი აქეზებს ამაზე, მაინც ვალდებული ხარ სინანული გამოხატო და იტირო, როგორც ამ ყველაფრის მიზეზმა?
ეს ყველაზე ძლიერი ბრძოლაა, რამეთუ არა მარტო ისინი გებრძვიან, არამედ შენც ებრძვი შენს თავს, რათა დაარწმუნო, რომ ყველაფერი ისეა, როგორც ადამიანები ამბობენ, თუმცა არ არის; ხედავ, რომ მართალზე მართალი ხარ, მაგრამ თავი უნდა დაირწმუნო, რომ მტყუანი ხარ.
ეს, ჩემო საყვარელო ერგინა, ხელოვნებათა ხელოვნება და მეცნიერებათა მეცნიერებაა. შენ თავს ჯოხი სცე მანამ, სანამ არ დარწმუნდება, ნათელს ბნელი უწოდოს, ხოლო ბნელს – ნათელი; რათა ყველა „უფლება“ გაქრეს და ქედმაღლობა სრულიად ჩაქრეს, სრულიად გონიერი უგნური გახდე. ყველას ხედავდე ისე, რომ ვერავინ ვერანაირად ვერ გხედავდეს.
ეს ყველაფერი მოკლედ – ზღვაში წვეთი. ამის დაწერის მიზეზიც სხვა არაფერი იყო, გარდა იმისა, რომ მწერ, მონაზვნების შეცდომებს ვხედავ და ამიტომ პატივს აღარ ვცემო. მეც გეტყვი, რომ მართალს ამბობ, მაგრამ ასე არ უნდა წერო, რადგან შენც მათი მსგავსი ხარ და ბიწისგან თავისუფალი არ ხარ. ცეცხლი და წყალი უნდა გაიარო და მაშინ გამოჩნდება შენი ღირსება. მნიშვნელობა იმას აქვს, უფალი როგორ დაგაფასებს, და არა - ადამიანები. ადამიანებმა დაფასება არ იციან. უნდა დაგვაფასოს მთავარმა მწვრთნელმა, რომელსაც ასპარეზზე გავყავართ, ბრძოლას წარმართავს, ძალას გვანიჭებს, მოწინააღმდეგეებს ათვინიერებს, გვირგვინს ადგამს მოასპარეზეთ და დიდებას გვიწყალობებს.
ასეთ [ღმერთის მიერ პატივდებულ] ადამიანს ყველას მხილება ძალუძს, მისი კი – ვერავის. ყველაფერს ხედავს, ზემოდან იმზირება, ზემხედველი თვალები აქვს, მას კი ვერავინ ხედავს. სათნოებას ეჟვანი არ უკიდია, რომ იწკრიალოს, ცნობისმოყვარეობა აღგიძრას და დანახვა მოგინდეს – ღმერთის არამატერიალური ძღვენია.
რატომ დაერქვა „მადლი“? იმიტომ, რომ არ დაინახვება, არ შემოისაზღვრება, არ წარმოიდგინება, ფერი არ მიეცემა. ღმერთის ნიჭი, საჩუქარია, გამოუთქმელი და ჩაუწვდომელი და მრავალმდიდარი სასწაულია. ამიტომაც იყო, რომ უფალი, ქუჩაში რომ მიდიოდა ხოლმე, სხვა ადამიანებს ჰგავდა, არადა, ნამდვილი ღმერთი იყო. ჭამს და სვამსო, ხალხი ამბობდა, მაცდური და ეშმაკეული უწოდეს. დღესაც ასეა: თუკი მადლზე, შიდა კაცის განწმედაზე დაილაპარაკებ, მაცდურად გთვლიან – შეცდომილიაო. იმწუთას იტყვიან. ადამიანთა გონებიდან სრულად აღიხოცა იმის შეგნება, რომ „სასმისზე“ „შიგნიდან“ უნდა ვიზრუნოთ, როგორც უფალი ბრძანებს.
ამის სიტყვებით სწავლა არ არის ადვილი, თუ ღუმელში არ შეხვედი, სხვანაირად გემოს ვერ გაუგებ. ეს წერილი და მეორე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოვაგზავნე, გადაიწერე და ხშირად წაიკითხე ხოლმე, რათა განათლდე მათგან და გონება დაიმდაბლო. და არ იფიქრო, რომ ადვილია ამგვარი რამეების ცხოვრებაში გამოცდა და სწავლა.
არ მწერ, დედა მელანია და ირინე სად არიან. გამოჯანმრთელდა? მოიკითხე ჩემი საყვარელი დიონისე. მოვიკითხავ ყველა ჩვენს და-ძმას. მოვიკითხავ ყველა ჩვენს ბიძაშვილ-დეიდაშვილ-მამიდაშვილს.
მთელი სულით ვლოცულობ თქვენზე. შენი მდაბალი ძმა
მილტიადეს ერთი პერანგი გამომიგზავნე, ერთი თავი ტულუმის ყველი, და სხვა რაც გინდა, ყველაფერი. მინდა ადამივით შიშველი ვიყო და ერთ გამოქვაბულში ვცხოვრობდე. აჰ, ნეტავ მხედავდე!
იოსები
[3] წერილი ერგინას
წმიდა მთა, 16 დეკემბერი, 1932 წ.
ჩემო საყვარელო ქრისტესმიერო დაო ერგინა, ჩემი სულის სამკაულო, ჩემო ჭეშმარიტო ქრისტესმიერო შვილო, იცოცხლე.
დღეს მივიღე შენი ეპისტოლე, სავსე სიყვარულითა და კრძალულებით, სიბრძნითა და გონივრულობით, შემეცნებითა და სიმდაბლით, და განვიპყრენ ხელნი ჩემი უფლისა მიმართ მხურვალე სიყვარულითა და სულით, ჩემი მდაბალი გულის საიდუმლო ხმა შევწირე უფალს: „შეისმინე“, – ვუთხარი, – „ტკბილო სიყვარულო, იესო მაცხოვარო ჩემო, ნათელო, ყველა ნათელზე უნათლესო, იმედო და ნუგეშო ჩემო, ძალო და სიმტკიცეო ჩემო, სიყვარულო და განათლებაო ჩემო. შეისმინე და გაუგზავნე ჩემს დას შენი ნუგეშის ნათელი და განხეთქე მოქლონნი და კლიტენი მისი ნატანჯი და დამძიმებული სულისა და ელვითა ბრწყინვალებისა შენისათა ანუგეშე მისი გული, რათა შემცირდეს მისი გასაჭირი და განსაცდელებით გამოწვეული დაუსრულებელი მწუხარება. ჰე, ჩემო ტკბილო ქრისტე, ნათელო, ყველა ნათელზე უნათლესო, რომელიც განანათლებ გულსა და თირკმელთა, სულსა და სხეულს, ნერვებსა და ძვლებს. თმებსა და ფრჩხილებს, გონებასა და აზროვნებას და ჩვენი სამკვიდრებლის მთელ შემადგენლობას.
ეს და სხვა მრავალი – ჩემი შენდამი სიყვარულის ნიშანი – შევღაღადე ჩემს მეუფესა და უფალს, რამეთუ არ მავიწყდება ბავშვობიდანვე შენი მრავალი და უთვალავი მწუხარება. ამის გამო უზომოდ მიყვარხარ და ყველა ჩემს საყვარელ ადამიანს შორის შენ გაძლევ უმეტეს სიყვარულს, რადგან ჩემი სიყვარულის პირველნაშობი შენ ხარ.
შენ კი მხოლოდ ერთს გთხოვ, ჩემი შენდამი ესოდენი სიყვარულის სანაცვლოდ მოთმინება ოდნავ გაზარდე და მჯერა ჩემი შემყვარებელი იესოსი, რომ ყველაფერს, რასაც სთხოვ, გადაჭარბებით შეგისრულებს უფალი. სულის მშვიდობასაც პოვებ და უდაბნოებასაც და მდუმარებასაც, და სახლსაც მისცემ და ყველაფერს, რაც კი უმჯო-ბესია ჩვენი საწყალი სულისთვის, მოგანიჭებს უფალი.
შენი საქმეა ცრემლით ეძიო, ხოლო როგორ – უფალმა იცის. იყოს მისი წმიდა ნება, და არა ჩვენი. რადგან ერთხელ მიხვდი, რომ უფალს შესცოდე, [კმარა,] იარებს ჭრილობებს ნუ დაუმატებ. კიდევ რომ დაეცე, როგორც ადამიანი, გულს ნუ გაიტეხ, საკუთარ თავის მიმართ სასოს ნუ წარიკვეთ. ვინც პეტრეს უთხრა, დამნაშავეს დღეში სამოცდაათჯერ შვიდგზის აპატიეო, ნუთუ თვითონ არ გვაპატიებს, ასეთი კაცთმოყვარე უფალი?
მილტიადეს შეეშვი – როგორც უნდა, ისე მოიქცეს: გაუგზავნოს თავის მშობლებს. თქვი, რომ მოწყალება გაეცი, ამიტომაც იმას, რასაც სხვას მისცემდი, ნუღარ მისცემ. სხვის მიმართ სხვა ქველისმოქმედებას ნუ იზამ. ესეც საკმარისია.
საკუთარ ნება-სურვილზე უარი თქვი, რათა სულის სიმშვიდე მოიპოვო. ადამიანის ნება-სურვილი ხომ [ღმერთსა და ადამიანს შორის] სპილენძის კედელია და [ღმრთის-მიერ] განათლებასა და მშვიდობას აბრკოლებს. ტკბილი იესოს მაგალითს დაუკვირდი, რომელიც თავისი დაუსაბამო მამის მორჩილი დარჩა ჯვარამდე, ჯვარზე სიკვდილამდე. თავისი სხეული გასამათრახებლად მისცა, ღაწვები – სილის გასარტყმელად, ხოლო სახე ნერწყვა-ფურთხებას არ აარიდა. ხედავ, ჩემო დაიკო, რაოდენი სიყვარული გვიჩვენა ტკბილმა უფალმა?
ასე რომ, ჩემი სულის სამკაულო, ჩვენც უარი ვთქვათ ჩვენს ნება-სურვილზე. ჩვენ მიმართ დამნაშავეებსაც ვაპატიოთ და მაშინ კადნიერებით შევძლებთ თქმას: „მოგვი-ტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევეთ თანამდებთა მათ ჩვენთა“. ყველანი ადამიანები ვართ, მიწიდან შექმნილები და ყველანი ვცოდავთ. თიხა ვართ და გვავიწყდება. თიხა თიხას ჰპარავს, თიხა თიხას ლანძღავს, თიხა თიხას ცილს სწამებს, თიხა თიხაზე თავს იმაღლებს, თიხა თიხას ამდიდრებს, თიხა თიხაზე უფ-როსობს, თიხა თიხას სცემს, თიხა თიხას ციხეში ამწყვდევს. ზოგადად, თიხა თვლის, რომ თიხაზე ბრძენი, ძლიერი, მდიდარი, კეთილშობილი, პატიოსანია, რადგან თავისი არსების უმეცარი და უგნურია – არ იცის, საიდან სად აღმოჩნდა, როგორ დაიბადა, რა დანიშნულება აქვს, სად დაასრულებს ყველაფერს, რა ელის შემდეგ. რადგან ეს ყველაფერი დავიწყებამ და უმეცრებამ ჩანთქა და [სულიერი] უგრძნობლობის ქაოსში ჩავცვივდით, ამიტომაც სააქაოშიც ვიტანჯებით და საიქიოშიც.
შესაბამისად, ვინც უკეთ ხედავს და ნაკლებად დაბნელებულია, უნდა აპატიოს და თანაუგრძნოს ერთსულ, ერთარსება მოყვასს, თავის ძმობილს. ღმერთს ხომ კაცი თავ-დაპირველად იმისთვის არ შეუქმნია, რომ ასე იტანჯოს და იწვალოს, არამედ ანგე-ლოზთა მსგავსად შექმნა, ოდნავ განსხვავდებოდა ანგელოზებისგან. ედემის სამოთხეც რომ შექმნა, სწორედ კაცი დაადგინა იქაურ მეფედ, რათა თავისი ნებით, არჩევნითა და თვით ხელმწიფებით წარემართა [თავისი ცხოვრება], ხოლო შეზღუდული მხოლოდ ერთი მცნებით იყო, ესეც, რათა გამოჩენილიყო, რომ სხვის, აღმატებულის მიერ იმართება. ის კი ეშმაკმა შეაცდინა და ღმერთის თანასწორობა მოანდომა, რის გამოც სამოთხიდან გამოაძევეს და ამ გადასახლებაში ამოყო თავი, სადაც ტკივილი და ეკალ-ბარდის მომკა განუწესა ღმერთმა მთელი ცხოვრება.
რა არის ეს ეკალბარდი და სარეველა, თუ არა ერთიმეორეს მიყოლებული გან-საცდელები და ყოველდღიური მწუხარებები, რომლებსაც ხან ეშმაკები მოგვაწევენ, ხან გახრწნილი ადამიანები, ხან ჩვენივე უბადრუკი ბუნება, რომელსაც ცუდი ჩვევე-ბის გამო ბოროტება აქვს გამჯდარი? სწორედ ეს უკანასკნელი გვაგდებს უფრო მეტ მტკივნეულ საფრთხეებში, ვიდრე სხვა მტრები. ღმერთის წყალობა დროულად რომ არ გვეწეოდეს, წარვწყმდებოდით. ეს ყველაფერი როდემდე გვეუფლება? – მანამო, – ამბობს „მიწა ხარ და მიწადვე მიიქცევი“. ასეთი ზღვარი დაუწესა კაცთმოყვარე ღმერთმა ჩვენს ჭირსა და ვაებას.
მაშ, რას ეძიებ, ჩემო კარგო დაიკო? სად იპოვი ადგილს, რომელიც ეკალს და სარეველას არ აღმოგვიცენებს? სად არის გზა, რომელიც ასცდება ღმერთის მკაცრ გა-ნაჩენს? აბა, მაჩვენე, სად არიან ის მეფეები, რომელთათვისაც ცოტა ხნის წინ მუსიკა უკრავდა და გემრიელად მიირთმევდნენ და მთელ მსოფლიოს აზანზარებდნენ? სადაა ახლა ის ყველაფერი? ეკალბარდმა დაფარა. სად არიან დიდებულები, რომლებიც ფუტკრებმა ცოცხლად შეჭამეს? აი, ეკალბარდი. მაშ, ვინ შეძლო თავი ეკალბარდისგან დაეღწია? არავინ, მხოლოდ სიკვდილმა.
ასე რომ, მოდი, ერთად დავიძახოთ სოლომონის სიტყვა: „ამაოება ამაოებათა, ყოველივე ამაოა“, ნეტარია ის, ვინც ყველაფერი ბოლომდე, დიდი ძალისხმევის ხარ-ჯზე, მოითმინა, ყველაფერი უგულებელყო, სულგრძელებით შეამცირა ეკალბარდი და ამქვეყნად ზარალი განიცადა, რათა იმქვეყნად გამდიდრებულიყო.
ამიტომაც, ჩემო საყვარელო დაიკო, ჩემი სულის სულო, ჩემს ძვალთაგან ძვალო, შენც დაივიწყე შენი მართლობა და ნება-სურვილი, იმ დიდი სიყვარულის ხათრით, რომელიც შენ მიმართ მაქვს – სულს დავდებ შენთვის – და შეაუღლე მოთმინება და სულგრძელება, ხოლო სიყვარულით რომ გააზავებ, დაალევინე შენს მეუღლეს, კეთილ მილტიადეს, სიმდაბლისა და მორჩილების ჭიქით. იმედი მაქვს, რომ ისიც, შენი ლოცვით, ისეთი გახდება, როგორიც გინდა და ოცნებობ.
ჩემზე ლოცვა კი განაგრძე, როგორც მწერ, რათა უფალმა დამიფაროს, რადგან დიდ შეწევნას ვიღებ შენი დური, სულიერი, მოყვარული ლოცვების წყალობით. როდესაც დროს იხელთებ, ორმოცი წირვაც შეუკვეთე, რათა შენი სულის ტვირთმა მოიკლოს.
მწერ, ხატები შევუკვეთო, მაგრამ არ მწერ, რა ხატები, რომელი წმიდანები, რა ზომის. მომწერე და მივცემ, რომ დახატონ.
ეს-ესაა მივიღე კალათი. გავხსენი და მასში ხატების ზომები ვიპოვე. ასე რომ, დამშვიდდი, მაგრამ ცოტა მოითმინე. მივიღე შენი დური საჩუქრები. უბრალო საჩუქრები კი არა, არამედ სიყვარულის საჩუქრები, იმ დის საჩუქრები, რომელიც ბავშვობიდან იტანჯება, ამ მცირე ძღვნის ნაცვლად კი ზეცათა სასუფეველსა და მარადიულ შვება-განცხრომას მიიღებს. აჰ, ჩემი ბავშვობის საჭმელები რომ დავინახე, ჩემი სამშობლოს ნაყოფები, გავიხსენე ყრმობის წლები და ვთქვი: „ჰოი, ამაო სოფელო, როგორი უბედურიც იყავი, ისეთივე ხარ და ისეთივე დარჩები ბოლომდე! და როგორი ნეტარია ნეტართათვის მარადიული და დაუსრულებელი შვება“!
აჰ, დაიკო, ოდნავაც რომ გასინჯო იმ სიკეთეების გემო, რკინასავით გახდები მოთმინებაში. ასე რომ, ჩემო დაო, ყველაფრისთვის გმადლობ და მთელი სულით ვლოცულობ შენთვის.
ჩემი მდაბალი ლოცვა-სურვილები ყველა ჩემს [და-] ძმას გადაეცი, თუ ნახავ. დედას ფეხებს დავუკოცნი. მოვიკითხავ მილტიადეს და შენს შვილებს – დიონისესა და ბარბარეს — ვუსურვებ, რომ კარგი ბავშვები გახდნენ. რასაც მეკითხებოდი, დამიზუსტე: პატრაში ხსენებული ქალის ვაჟს ეკლესიაში არ იხსენებენ, რადგან თავი მოიკლა. ერთადერთი, შეუძლია მოწყალება გაიღოს მისთვის და დიდია უფალი, მისი მოწყალების სიღრმე უსასრულოა. თანაც, თუ უნდა, მეუდაბნოეებს გამოუგზავნოს [მოწყალება]. რომელთა ვედრებასაც უფალი ისმენს. ის ხომ ბევრ მონაზონს იცნობს, იმათ მისცეს, რომ დაარიგონ, ან მონაზონ დედებს. სხვა არაფრის გაკეთება შეიძლება.
მამიდის ქმარზე მეკითხები, რომელიც უნებლიედ მოკვდა – ის ახლით იყო. ეგ სხვა შემთხვევაა, რადგან სულიერი ცოდნა არ ჰქონდა. შეუძლიათ გააკეთონ, რაც უნდათ: ორმოცი წირვა შეუკვეთონ, ან პანაშვიდები.
იმ გოგოს შესახებ, ფიცი რომ დადო – ამ ფიცს ძალა არ აქვს, რადგან ღმერთის საწინააღმდეგოა. შესაბამისად, უნდა წავიდეს თავის სულიერ მოძღვართან – თუ ცოცხალია – და ნუ [...]
საშობაო ეპისტოლე - 2021
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო:
„ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი“ (ფს. 81, 6)
უფალმა ადამიანი შექმნა განღმრთობისათვის, ღვთაებრივ სიკეთეთა მიღებისა და ღვთის წინაშე მარადიული ნეტარი ცხოვრებისათვის. უფალი თავად არის სათავე, სისავსე და სისრულე სიმართლისა, სიწმინდისა, სიბრძნისა, ჭეშმარიტებისა, მოწყალებისა, სიხარულისა, თავმდაბლობისა, მშვიდობისა, წესრიგისა, კეთილდღეობისა, თავისუფლებისა. ამასთან, ეს თვისებები აუცილებლად სიყვარულთან და სიკეთესთან არის დაკავშირებული და ყოველივეს აღემატება.ბუნებრივია, ადამიანიც ვერ მიემსგავსება უფალს, ღვთის რწმენის, მასთან ერთობის დიდი სურვილისა და ამ თვისებების გარეშე.
საზომისაებრ თვისისა საღვთო მადლთა მქონე იყვნენ ადამი და ევა დაცემამდე. ამიტომაც ჰქონდათ შემოქმედთან ერთობა და განღმრთობაში წარმატების დიდი შესაძლებლობა, თუმცა, ასევე ჰქონდათ სრული თავისუფლება პიროვნული არჩევანისა.
ადამმა და ევამ, გველის სახით ბოროტისაგან ცდუნებულებმა, უფლისგან მიცემული მცნება და მასთან ერთობა სწორედ თავისუფალი ნების არამართებული გამოყენებით დაარღვიეს და ბოროტი ძალისგან მოტყუებულნი, მისი გავლენის ქვეშ მოექცნენ. ამის გამო, ედემიდან განიდევნენ და სამოთხის გარეთ ცხოვრება დაიწყეს.
მიუხედავად ასეთი ურჩობისა და ღვთის ნებისგან განდგომისა, შემოქმედმა ისინი მაინც არ მიატოვა და დიდი სულგრძელებით იწყო ზრუნვა ცოდვით დაცემამდელ მდგომარეობაში კაცთა მოდგმის დაბრუნებისათვის. თაობიდან თაობამდე ღმერთი ისრაელიანებს ესაუბრებოდა მამათმთავრების, წინასწარმეტყველების და სხვა წმიდა ადამიანების მიერ, რომელთა პირითაც აუწყებდა და ახსენებდა აღთქმას მხნელის მოვლინების შესახებ, რომელიც ძე ღმერთის განკაცებით, ჯვარცმითა და აღდგომით აღსრულდა.
დიდება და მადლობა შენდა, უფალო, შენდამი მოლტოლვილთა ყოველთა მფარველო და შემწეო!
როგორ შეხვდა მას ეს ქვეყანა?
მართალი იოსები და მიდგომილი წმინდა მარიამი, რომლებიც წარმოშობით დავით მეფის შთამომავალნი იყვნენ, იუდეის კანონების მიხედვით, საყოველთაო აღწერისთვის ბეთლემში უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ისინი არავინ მიიღო თავის სახლში, ყველა კარი მათთვის დაკეტილი აღმოჩნდა და იძულებულნი გახდნენ, გარეუბანში მდებარე გამოქვაბულისთვის შეეფარებინათ თავი.
ამის შეტყობისას შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მთელი იერუსალიმი მასთან ერთად (მთ. 2, 3). მან იმით შეშინებულმა, რომ იშვა მეუფე ჰურიათა, ანუ, მისი წარმოდგენით, ტახტის მოცილე, ბეთლემში და მის შემოგარენში თოთხმეტი ათასი ჩვილი მოაკვლევინა, რათა მათ შორის ისიც მოეკლათ, ვისი არსებობაც ასე აშფოთებდა.
განკაცებული ღვთისადმი მტრული განწყობა, როგორც ამას წმინდა სახარება გვაუწყებს, შემდგომში მკვეთრად გამოავლინეს ფარისევლებმა და სადუკეველებმა, ასევე სინედრიონის სხვა წევრებმა და მათგან გადაბირებულმა ხალხის ნაწილმა.
რა იყო ამის მიზეზი?
პირველ რიგში ის, რომ მაცხოვარი საერთოდ არ ჰგავდა ისეთ მეფეს, ისეთ მესიას, რომელსაც რჩეული ერი მოელოდა. ისინი რომის იმპერიის მონობისგან გათავისუფლებაზე ოცნებობდნენ, მოელოდნენ ისეთ პიროვნებას, რომელიც თავისი ძალითა და ძლიერებით მეფე დავით წინასწარმეტყველის და სოლომონ ბრძენის ხანაზე უკეთეს ყოფას მოუტანდა მათ, ყველას დასჯაბნიდა სასწაულებით და განადიდებდა ქვეყანას.
უფალი კი დაიბადა ბაგაში, ცხოველთა გვერდით, ცხოვრობდა ღარიბ ოჯახში, ნაზარეთში, რომელიც ქვეყნის ისეთ ნაწილს წარმოადგენდა, საიდანაც ერთი წინასწარმეტყველიც არ იყო გამოსული.
მისთვის მნიშვნელოვანი იყო არა მიწიერი ძალმოსილება, არამედ მოძიება ისეთი პიროვნებებისა, რომელთა სიწრფელეც და სიკეთეც დასძლევდა ამ სოფლის მბრძანებელთა სიბოროტესა და მზაკვრობას და მათდამი შიშს; რომელთა გონებაც აღივსებოდა ღვთის გასაოცარ ახალ საიდუმლოთა წვდომის უნარით, ხოლო სული კი უშურველად მიჰფენდა სიყვარულს მოყვარესაც და მტერსაც. ეძებდა ადამიანებს, რომლებიც იგრძნობდნენ მისი სწავლების სიდიადეს და ჭეშმარიტებას ჰპოვებდნენ მასში.
და რატომ დაიბადა იგი ამ დროს?
მრავალ მიზეზთაგან ერთ-ერთი ისიც არის, რომ რჩეულ ერში მაშინ ცხოვრობდა მარიამი, წმინდა ქალწული, უფლის დამტევნელი, გამართლება მამამთავართა, მსაჯულთა, წინასწარმეტყველთა და ყოველთა მართალთა ღვაწლისა, ძველი აღთქმის დიდება და მშვენება ახალი აღთქმისა, ევას და ყოველთა ჭეშმარიტ მონანულთა ცრემლის აღმხოცი და განცხადება იაკობის სიზმარში დედამიწიდან ზეცამდე აღმყვანებელი კიბისა. უფალი იშვა მაშინ, როდესაც ებრაელთა შორის იყვნენ სულიერად გამორჩეული ადამიანები: იოანე ნათლისმცემელი, თორმეტი მოციქული, სამოცდაათი მოწაფე, ლაზარე, მართა და მარიამი, ნიკოდიმოსი, იოსებ არიმათიელი და სხვანი, სამი ათასი და შემდეგ ხუთი ათასი ებრაელი, ერთ დღეს რომ მოინათლნენ...
ღვთის შეწევნით, ამქვეყნად მათ სხვა სივრცე შექმნეს, სხვა წესით ცხოვრება შემოგვთავაზეს და სულ სხვა სამეფოს ჩაუყარეს საფუძველი, რომლისკენაც მთელ დედამიწას მოუხმეს.
დიდება და მადლობა შენდა უფალო ძალთაო, ყოვლისა მპყრობელო, დიდება და მადლობა თქვენდა, ყოველნო წმინდანო ღვთისანო!
შობა უფლისა გასაოცარი სიხარულის მომტანია, რომელსაც სიყვარულით, მადლიერებით და პასუხისმგებლობით უნდა შევხვდეთ.
უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ მხოლოდ სიტყვით ღვთის სიყვარული არაფრის მომცემია, თუ იგი საქმით, მოყვასთან მიმართებაში, არ ჰპოვებს მუდმივად გამოვლენას. მოყვასის სიყვარულიც აზრს კარგავს და ამპარტავნების მიზეზად იქცევა მათთვის, ვისაც თავისი ქველმოქმედებით საკუთარი პიროვნების წარმოჩენა სურს და სიკეთეს ღვთისა და მოყვასის უანგარო სიყვარულით არ აღასრულებს.
შეიძლება კარგი ექიმი იყო, ან ინჟინერი, მიწის მუშაკი, მომსახურე პერსონალი, ან მეცნიერების ნებისმიერ დარგში გქონდეს დიდი წარმატება, იყო ხელოვნების ამა თუ იმ სფეროს ცნობილი წარმომადგენელი, სპორტსმენი, ექიმი, იურისტი, მასწავლებელი, სტუდენტი, თუნდაც სასულიერო პირი, მაგრამ თუ შენს საქმიანობასთან ერთად არ გაქვს თვალი უფლისკენ მხედველი და არ ზრუნავ შინაგანი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, იქნები ცარიელი ჭურჭელი, ღვთის სისავსის მიღმა მყოფი.
როგორც ეკლესიის მამები გვაფრთხილებენ: არ უნდა დაგვაბრმავოს არაფერმა, მითუმეტეს ჩვენმა ამქვეყნიურმა წარმატებამ, - ჩვენი გონების, ნების, შემოქმედების უნარმა. ყური უნდა მივაპყროთ ჩვენს იდუმალ „გულის კაცს“ (სინდისს) (1 პეტრე 3, 4), გავეცნოთ წმინდა წერილს, მამათა სწავლებას და საკუთარ სულში მოვიძიოთ ის, რაც ღვთისაა, რომელიც არის ჩვენი რეალური „მე“.
თუ ამას შევძლებთ, ყველა ის სიკეთეც, რასაც ცხოვრებაში მივაღწიეთ, გახდება ჩვენი სულიერი წარმატების თანაზიარი და ჩვენი განმღრთობის ხელშემწყობი.
ამის გარეშე კი ჩვენში ის წარმართული სამყარო იბატონებს, ისრაელის შთანთქმას რომ ცდილობდა, გარეგნული დიდება ჰქონდა, მაგრამ სულიერად გამოფიტული იყო.
„ღმერთი სულია და მისდამი თაყვანისმცემელთ სულითა და ჭეშმარიტებით მართებთ თაყვანისცემა“ (იოანე 4, 24) - ბრძანებს სახარება.
ეს არის უმთავრესი, - საკუთარ თავში განწმენდა საღვთო ხატებისა და მიმსგავსება ღვთისა.
დღეს, სამწუხაროდ, ჩვენთანაც და მთელ მსოფლიოშიც ბაბილონსა და ნინევიას ემსგავსება ცხოვრება. წახალისება ხდება თავშეუკავებლობის, გარყვნილების, ცილისწამების, სიცრუის, ავსიტყვაობის, უზნეობის, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფის, ათეიზმის, ხოლო ამის მოქმედთა მიმდევრობა მისაბაძ საქმედ ითვლება.
ვიდრე ჩვენ ვიცხოვრებთ შურით, სიძულვილით, შიშითა და განკითხვის სულით და ვეძიებთ მხოლოდ მას, რაც ჩვენს მიწიერ „მეს“ ესიამოვნება, უძლურნი ვიქნებით გავხდეთ ზეცის მოქალაქე, თუმცა ღმერთისათვის ყველაფერი შესაძლებელია და იონას მიერ მოხდენილი სასწაული ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაშიც შეიძლება აღსრულდეს.
ვაღებთ რა ახალი წლის კარს, ჩვენს წინაშეა დრო უცნობი და ჯერაც ხელშეუხებელი. როგორი ადვილია ახალი ცხოვრების დაწყება! მთავარია, გვქონდეს სინანული და ვისწავლოთ მადლიერება უფლისადმი, მადლიერება სიცოცხლის მონიჭებისათვის, მადლიერება სიხარულისა და განსაცდელისათვის, ბედნიერებისა და ტკივილისათვის, ჯანმრთელობისა და უძლურებისათვის, რადგან თუ სულიერად განვჭვრეტთ, ყველაფერი ეს მხოლოდ ჩვენი სიკეთისთვის მოგვეცა.
ასე რომ, ღმერთი სხვადასხვა გზით ჩვენც გვწვრთნის და საუფლო დიდებისთვის გვამზადებს, ამიტომაც ყველაფრისთვის უნდა ვმადლობდეთ მას.
ის პრობლემებიც, რაც პანდემიამ დღევანდელ მსოფლიოს მოუტანა, ღვთის დაშვებით მოხდა. ვირუსის უცნაურმა ბუნებამ აიძულა ადამიანები გარკვეულ რეგულაციებს დამორჩილებოდნენ. ეს აუცილებელია, მაგრამ აუცილებელია თითოეული ჩვენგანის ღმერთთან მეტი სიახლოვეც, რადგან არავინ იცის, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე.
წმინდა წერილი შეგვაგონებს: „შვილო, შენს სნეულებაზე თვალს ნუ დახუჭავ, არამედ შეევედრე უფალს და განგკურნავს. განაგდე ცთუნება და გაისწორე ხელი და გული განიწმინდე ყოველგვარი ცოდვისგან" (სიბრ. ზირ. 38, 9-10).
ასე რომ, ზომიერება გვმართებს, ექიმთა რჩევასაც უნდა დავუგდოთ ყური, მაგრამ უმთავრესი ღვთის მცნებების დაცვა და მის წინაშე სათნო ცხოვრებაა.
ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ქისტნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო - ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენნო, მიაპყარით თვალი ბეთლემის ვარსკვლავს, დაე, მისმა ბრწყინვალებამ ჩვენი სულიც აღავსოს საღვთო მადლით და ვიქცეთ ანკარა წყაროდ იმ სივრცეში, რომლის გავლაც გვიწევს მიწიერი ჩვენი ცხოვრების პერიოდში.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, მოციქულებს, ყოველთა წმიდანთა ქრისტეს ეკლესიისა ვავედრებ ჩვენს ქვეყანას, ვავედრებ მსოფლიოს, რომ შევძლოთ დღევანდელ გამოწვევათა დაძლევა და, რაც მთავარია, საუფლო გზის ერთგულება.
„ხმითა სიხარულისაითა დავით წინასწარმეტყველი ღაღადებს დღეს... ბეთლემი დღესასწაულობს, სიონი განსცხრების და ქვეყანაი იშვების შობასა შენსა ქრისტე“.
განვიხაროთ ჩვენც და შევძლოთ, ჩვენი ცხოვრებით ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
7 იანვარი, 2021 წელი
მოყვასის სიყვარულისათვის
რა უნდა იყოს მოყვასის სიყვარულზე ტკბილი და მშვენიერი?
სიყვარული ნეტარებაა, სიძულვილი - ტანჯვა.
მთელი სჯული და წინასწარმეტყველებები ღმერთისა და მოყვასის სიყვარულს ეფუძნება (მთ. 22, 40).
მოყვასის სიყვარული არის გზა, რომელსაც ღმერთის სიყვარულისაკენ მივყავართ, რადგანაც ქრისტემ ინება საიდუმლოდ განხორციელება ყოველ ჩვენს მოყვასში, ქრისტეში კი - ღმერთმა.
ნუ გეგონება, საყვარელო ძმაო, თითქოს მოყვასის სიყვარულის მცნება ასეთი ახლობელი იყოს ჩვენი დაცემული გულისათვის: მცნება სულიერია, გულს კი სისხლი და ხორცი მართავს: მცნება ახალია, ჩვენი გული კი - ძველი.
ჩვენი ბუნებრივი სიყვარული დაცემით არის შერყვნილი. იესო ქრისტე გვასწავლის, რომ იგი (ბუნებრივი სიყვარული) უნდა მოვაკვდინოთ და სახარებიდან გადმოვიღოთ მოყვასისადმი წმინდა სიყვარული - ქრისტესმიერი სიყვარული.
ახალი კაცის თვისებები მთლიანად ახალი უნდა იყოს, მას არავითარი სიძველე არ შეშვენის.
სახარების წინაშე არავითარი ფასი არა აქვს სისხლის დუღილს და ხორციელი გრძნობებით აღძრულ სიყვარულს.
ან რა ფასი უნდა ჰქონდეს, როდესაც სისხლის დუღილის დროს კაცი ფიცით ამტკიცებს, რომ სულს დადებს უფლისათვის, რამდენიმე საათის შემდეგ კი სისხლი რომ გაგრილდება, კვლავ იფიცება, არ ვიცნობ მასო?
სახარება უარყოფს სისხლის დუღილზე, ხორციელი გულის გრძნობებზე დამოკიდებულ სიყვარულს. იგი ამბობს: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშვიდობისა ქვეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა. რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თვისისა და ასული დედისაგან თვისისა და სძალი დედამთილისაგან თვისისა. და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თვისნი“ (მთ. 10, 34-36).
დაცემამ გული სისხლის, სისხლის მეშვეობით კი სოფლის მპყრობელის მეუფებას დაუმორჩილა. სახარება ათავისუფლებს კაცს ამ ტყვეობისგან, ამ ძალადობისგან, და სული წმიდის ხელმძღვანელობას აბარებს.
სული წმიდა გვასწავლის წმიდად გვიყვარდეს მოყვასი.
სიყვარული, რომელსაც სული წმიდა აღძრავს და ასაზრდოებს, არის ცეცხლი. ეს ცეცხლი შრეტს ბუნებრივ, ხორციელ, დაცემით დაზიანებულ სიყვარულს.
„ხოლო რომელნი იტყოდეს, ვითარმედ ძალმიძს ორისავე დამჭირვადო, იგი თავსა თვისსა აცთუნებს“, თქვა წმ. იოანე სინელმა (თავი მე-3, 19).
რაში გამოიხატება ჩვენი ბუნების დაცემულობა? იმაში, რომ ადამიანს შეუძლია ბუნებით მხურვალედ უყვარდეს მოყვასი, მაგრამ როდესაც ეუბნებიან, რომ მოყვასი ისე უნდა უყვარდეს, როგორც სახარება უბრძანებს, ამისთვის საშინელი ძალდატანება უხდება საკუთარ თავზე.
ყველაზე მხურვალე ბუნებრივი სიყვარულიც კი ადვილად იქცევა სიძულვილად, შეურიგებელ მტრობად. ბუნებრივი სიყვარული ხშირად მახვილითაც გამოიხატებოდა (2 მეფ. 3, 15).
რა წყლულებითაა დაფარული ჩვენი ბუნებრივი სიყვარული! რა მძიმე სენია მიკერძოება! მიკერძოებას დამონებული სული მზად არის ყოველგვარი უსამართლობის, ყოველგვარი უსჯულოების ჩასადენად, ოღონდ კი თავისი ავადმყოფური სიყვარული დაიკმაყოფილოს.
ბუნებრივი სიყვარული კაცს მხოლოდ მიწიერს აძლევს, ზეციურზე იგი არ ფიქრობს.
ბუნებრივი სიყვარული მტრობს ზეცას და სული წმიდას, რამეთუ სული წმიდა ხორცის ჯვარცმას მოითხოვს.
იგი მტრობს ზეცას და სული წმიდას, რამეთუ მაცთურ სულს - არაწმიდასა და წარმწყმედელს - ემორჩილება.
სახარებას მივმართოთ საყვარელო ძმაო, მის სარკეში ჩავიხედოთ! ამ სარკის მეშვეობით განვიძარცვოთ ძველი სამოსელი, დაცემით შეძენილი, და შევიმოსოთ ახალი, უფლის მიერ გამზადებული.
ახალი სამოსელი კი არის ქრისტე: „რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ“ (გალ. 3, 27).
ახალი სამოსელი არის სული წმიდა: „შეიმოსოთ ძალი მაღლით“ (ლკ, 24, 49), თქვა უფალმა ამ სამოსელზე.
ქრისტიანები ქრისტეს სამოსელს იმოსავენ ყოვლად სახიერი სული წმიდის მოქმედებით.
ქრისტიანისთვის შესაძლებელია ამ სამოსლის შემოსვა. „არამედ შეიმოსეთ უფალი იესო ქრისტე და ხორცთა ზრახვასა ნუ ჰყოფთ გულის სათქმელ“ (რომ. 13, 14), ამბობს მოციქული.
პირველად, როგორც სახარება გვამცნებს, განაგდე შენგან მტრობა, ძვირისხსენება, მრისხანება, განკითხვა და ყველაფერი, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება სიყვარულს.
სახარება გვიბრძანებს ვილოცოთ ჩვენი მტრებისთვის, ვაკურთხოთ მაწყევარნი, კეთილი ვუყოთ მოძულეებს, შევუნდოთ მოყვასს ყოველივე, რაც გვავნო.
თუკი ქრისტეს შედგომა განგიზრახავს, ეცადე საქმით შეასრულო ეს მცნებები.
არ არის საკმარისი მხოლოდ დატკბე მცნებების კითხვით და გაიოცო მათში ჩადებული მაღალი ზნეობრიობა, - სამწუხაროდ, ბევრი სწორედ ამას სჯერდება.
როდესაც საქმით შეუდგები სახარების მცნებების შესრულებას, ამას ჯიუტად აღუდგებიან წინ შენი გულის მეუფენი: შენი საკუთარი ხორციელი მდგომარეობა, რომლის ძალითაც ხორცსა და სისხლს ემორჩილები, და დაცემულნი სულნი, რომლებიც კაცის დაცემულ მდგომარეობას განაგებენ.
ამა სოფლის სიბრძნე, მისი სიმართლე და დაცემულ სულთა სიმართლე მოგთხოვენ, არ დათმო შენი ღირსება და სხვა ხრწნადი უპირატესობები, მოგთხოვენ მათ დაცვას. შენ კი, სახარების წინამძღვრობით, თვით ქრისტეს წინამძღვრობით, მტკიცედ აღუდექი წინ უხილავ ბრძოლას.
ყველაფერი შესწირე მსხვერპლად სახარების მცნებების შესრულებას - ასეთი მსხვერპლის გარეშე ვერ შეძლებ მათ დაცვას. უფალმა ხომ უთხრა თავის მოწაფეებს: „რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარ-ყავნ თავი თვისი“ (მთ. 16, 25).
თუკი უფალი ჩვენთან არის, გამარჯვების იმედიც გქონდეს: შეუძლებელია, გამარჯვება მას არ დარჩეს.
ითხოვე უფლისაგან გამარჯვება, ითხოვე მუდმივი ლოცვითა და ტირილით, და მოულოდნელად მოიხილავს შენს გულს სული წმიდის მადლი. უეცრად იგრძნობ, თუ რა ტკბილია მტრის სიყვარული.
ჯერ კიდევ წინ გიდევს ბრძოლა! წინ გიდევს სიმტკიცის გამოჩენა! შეხედე შენი სიყვარულის საგნებს? მთელი გულით ხარ მიჯაჭვული? მაშ, უარყავი ისინი.
ამ უარყოფას მოითხოვს შენგან უფალი, სიყვარულის მესაფუძვლე, არა იმისათვის, რომ სიყვარული და საყვარელი ადამიანები წაგართვას, არამედ იმისათვის, რომ ცოდვით შერყვნილი ხორციელი სიყვარულის უარყოფით შეძლო წმინდა, სულიერი სიყვარულის მოპოვება, რომელიც არის უმაღლესი ნეტარება.
ის, ვინც ერთხელ მაინც იგრძნო სულიერი სიყვარული, ზიზღით შეხედავს ხორციელ სიყვარულს, როგორც სიყვარულის საშინელ დამახინჯებას.
მაგრამ როგორ უნდა უარვყოთ სიყვარულის საგნები, რომლებიც თითქოს შეზრდიანო ჩვენს გულს? უთხარი ღმერთს: „ისინი შენები არიან ღმერთო! მე კი ვინა ვარ? სრულიად უმნიშვნელო, უძლური არსება და სხვა არაფერი“.
„დღეს ჯერ კიდევ მიწაზე დავალ, შემიძლია ჩემს საყვარელ ადამიანებს რაიმე მაინც ვარგო, ხვალ კი იქნებ გავქრე პირისაგან მიწისა და მაშინ ვინღა ვიქნები მათთვის? არავინ!“
„მინდა თუ არა, მოვა სიკვდილი, გამოჩნდება სხვა გარემოებები - ისინი ძალით მომწყვეტენ მათ, ვინც ჩემებად მიმაჩნდა: და აი, ისინი მე უკვე აღარ მეკუთვნიან. თუმცა, სინამდვილეში არც აქამდე მეკუთვნოდნენ, იყო მხოლოდ რაღაც ურთიერთობა ჩემსა და მათ შორის. ამ ურთიერთობით მოტყუებული, მე მათ ჩემებს ვუწოდებდი, ჩემებად ვაღიარებდი. მაგრამ მართლა ჩემები რომ ყოფილიყვნენ, ხომ სამუდამოდ ჩემს საკუთრებად დარჩებოდნენ?“
„ქმნილები ერთადერთს - შემოქმედს ეკუთვნიან: იგია მათი ღმერთი და მეუფე. უფალო, შენები შენთვის მომიცია - ამაოდ და არასწორად მივითვისე ისინი“.
ქმნილისთვის უმჯობესია ღმერთს ეკუთვნოდეს. ღმერთი მარადიულია, ყველგანმყოფი, ყოვლისშემძლე, უსაზომოდ სახიერი. მათთვის, ვინც ღმერთს ეკუთვნის, იგია ყველაზე სარწმუნო შემწე და მფარველი.
ღმერთი კაცს თავისას აძლევს და კაცი კაცისთვის თავისიანი ხდება, დროებით - ხორცით, საუკუნოდ კი - სულით, თუ ღმერთი ინებებს ადამიანისთვის ამ ნიჭის ბოძებას.
მოყვასის ჭეშმარიტი სიყვარული ღმერთის რწმენაზეა დამოკიდებული: იგი ღმერთშია. „რაითა ყოველნი ერთ იყვნენ - ეუბნება მაცხოვარი თავის მამას, - ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო და მე შენდამი, რაითა იგინიცა ჩვენ შორის ერთ იყვნენ“ (ინ. 17, 21).
სიმდაბლე და ღმერთის ერთგულება კლავენ ხორციელ სიყვარულს. მაშასადამე, ეს უკანასკნელი საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენითა და ურწმუნოებით საზრდოობს. გაუკეთე შენს საყვარელ ადამიანებს, რისი გაკეთებაც შეგიძლია და რის უფლებასაც სჯული გაძლევს, მაგრამ ყოველთვის ღმერთს მიანდე ისინი. მაშინ შენი ბრმა, ხორციელი, ანგარიშმიუცემელი სიყვარული ნელ-ნელ სულიერ, გონივრულ, წმინდა სიყვარულად იქცევა.
ხოლო თუკი შენი სიყვარული უსჯულო მიკერძოებაა, განაგდე იგი, როგორც სიბილწე.
თუ შენი გული არ არის თავისუფალი, ეს უკვე მიკერძოების ნიშანია.
თუ შენი გული დატყვევებულია, ეს არის უგუნური, ცოდვილი ვნების ნიშანი.
წმინდა სიყვარული სუფთაა, თავისუფალი, მთლიანად ღმერთისმიერი.
წმინდა სიყვარული არის სული წმიდის მოქმედება, რომელიც, გულის განწმენდის კვალდაკვალ, მასში დაიმკვიდრებს.
განაგდე მტრობა, განაგდე მიკერძოება, უარყავი ხორციელი სიყვარული და ამით მოიგე სულიერი სიყვარული: „მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი“ (ფსალმ. 33, 15).
მიაგე პატივი მოყვასს, როგორც ღმრთის ხატს - ოღონდ ეს გააკეთე გულში, სხვებისთვის შეუმჩნევლად, შენი სინდისის წინაშე. დაე, შენი მოქმედება საიდუმლოდ ეთანხმებოდეს შენსავე შინაგან განწყობას.
მიაგე პატივი მოყვასს ასაკის, სქესის, კლასის განურჩევლად, და თანდათან შენს გულში წმინდა სიყვარული დაივანებს.
ამ წმინდა სიყვარულის მიზეზი კი არის არა ხორცი და სისხლი, არა გრძნობის კარნახი, არამედ ღმერთი. ქრისტიანობის დიდებას მოკლებულნი არ არიან მოკლებულნი სხვა დიდებას, რომელიც შექმნისას მიიღეს - ისინი ღმრთის ხატები არიან, და თუ ღმრთის ხატი საშინელი ჯოჯოხეთის ცეცხლში მოხვდა, ჩემი ვალია იქაც კი პატივი მივაგო მას.
მე რა ხელი მაქვს ცეცხლსა და ჯოჯოხეთთან! ღმერთის ბრძანებით ჩააგდეს იქ ხატი ღმრთისა, მე კი უნდა შევინარჩუნო მისი პატივისცემა და ამით თავი ვიხსნა ჯოჯოხეთის სახმილისაგან.
პატივი ეცი ბრმასაც, კეთროვანსაც, გონებასუსტსაც, ჩვილ ბავშვსაც, ბოროტმოქმედსაც, წარმართსაც, როგორც ღმრთის ხატებას. რა შენი საქმეა მათი უძლურებები და ნაკლოვანებები! თავს მიხედე, რათა შენი სიყვარული არ იყოს ნაკლულევანი.
ქრისტიანში პატივი მიაგე ქრისტეს, მან ერთხელ გვითხრა და კვლავაც გვეტყვიც, როდესაც საუკუნო ხვედრის გადაწყვეტის ჟამი დაგვიდგება: „რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“ (მთ. 25, 40).
მუდამ გახსოვდეს სახარების ეს სიტყვები მოყვასთან ურთიერთობისას და მაშინ მოყვასის სიყვარულის თანამკვიდრი გახდები.
მოყვასის სიყვარულის თანამკვიდრი კი ამ სიყვარულით ღმერთის სიყვარულს დაიმკვიდრებს.
მაგრამ თუკი გგონია, რომ გიყვარს ღმერთი, ამ დროს კი შენს გულში ბუდობს სიძულვილი თუნდაც ერთი ადამიანის მიმართ, იცოდე, მწარედ იტყუებ თავს.
„უკუეთუ ვინმე თქუას, ვითარმედ მიყუარს ღმერთი და ძმაი თვისი სძულდეს, მტყუარ არს...“ - ამბობს იოანე ღმრთისმეტყველი, - „და ესე მცნებაი მოვიღეთ მისგან, რაითა რომელსა უყვარდეს ღმერთი, უყვარდეს ძმაიცა თვისი“ (1 ინ. 4, 20-21).
მოყვასისადმი სულიერი სიყვარულის გაჩენა არის ნიშანი, რომ კაცის სული სული წმიდის მიერ განახლდა. ისევ იოანე ღმრთისმეტყველს მოვუსმინოთ: „ჩუენ უწყით, რამეთუ მივიცვალენით სიკუდილისაგან ცხორებად, რამეთუ გვიყუარან ძმანი. ხოლო რომელსა არა უყვარდეს ძმაი, სიკვდილსა შინა დადგრომილ არს“ (იქვე, 3, 14).
ქრისტიანული სრულყოფილება მოყვასისადმი სრულ სიყვარულში მდგომარეობს, მოყვასისადმი სრული სიყვარული კი - ღმერთის სიყვარულში, რომლისთვისაც არ არსებობს სრულყოფილება, არ არსებობს წარმატების მწვერვალი.
ღმერთის სიყვარულში წარმატების გზა უსასრულოა, რამეთუ სიყვარული თვით უსასრულო ღმერთია: „ღმერთი სიყუარული არს“ (იქვე, 4, 16).
მოყვასის სიყვარული არის სიყვარულის შენობის ქვაკუთხედი.
საყვარელო ძმაო! ეცადე საკუთარ თავში მოყვასის მიმართ სულიერი სიყვარული გააღვიძო: თუ ამას შეძლებ, ღმერთის სიყვარულის მოხვეჭასაც მოახერხებ, ღმერთის სიყვარული კი აღდგომის, ზეციური სასუფევლის კარიბჭეს გაგიღებს. ამინ.
სიტყვა პირველი მორჩილების შესახებ
ქვენთვის ეს ამბავი ადრეც მომიყოლია, ახლა კი მინდა ახალმოსულებსაც ვუამბო, რომ დაინახოთ და გაიგოთ, თუ რა არის მორჩილება.
კატუნაკიაში ერთი ბერი ცხოვრობდა, სახელად კირილე. მას ჰყავდა მორჩილი, რომელიც თავისი ურჩობით ხშირად ამწუხრებდა და გულს სტკენდა მოძღვარს. დროთა განმავლობაში მორჩილმა იგრძნო, რომ ფიზიკურად უძლურდებოდა. სანამ ეშმაკი ერთიანად შეიპყრობდა, გონებაარეული კაცივით იქცეოდა. ჩვენს მამებთან, მამა ათანასესა და მამა იოსებთან ერთად თხილის შესაგროვებლად დადიოდა ტყეში, მაგრამ მუშაობა არ შეეძლო. ამ ადამიანს გოგირდის მსგავსი სუნი ჰქონდა. ამ სუნს პირადი გამოცდილებითაც ვცნობ. არეულდარეული გულისსიტყვები ჰქონდა და მთელი ეს შინაგანი მდგომარეობა მის გარეგნობაში აისახებოდა. ზოგჯერ ჩვენს მოძღვართან, მამა იოსებთანაც მოდიოდა, გულისსიტყვებს ეუბნებოდა და რჩევას ეკითხებოდა, მაგრამ არაფერში ემორჩილებოდა.
სიკვდილის წინ მოძღვარმა, მამა კირილემ უთხრა: „შვილო, როცა მოვკვდები, აქ დამმარხე“. მან კი, როცა ბერი გარდაიცვალა, სხვაგან დაკრძალა. მამები ურჩევდნენ, კურთხევა ახლა მაინც არ დაერღვია და მოძღვრის უკანასკნელი სურვილი შეესრულებინა, მაგრამ ის პასუხობდა: „არა, მინდა აქ დავმარხო.
და როცა დაკრძალა, მაშინვე ეშმაკი წარმოუდგა და უთხრა: „უგუნურო, ეს ყველაფერი მე დაგმართე, მე გიბიძგებდი, ურჩობით დაგემწუხრებინა მოძღვარი“. და როგორც კი პირი გააღო, მასში ეშმაკი შევიდა და იმ წუთიდან შეიშალა... „რომელნი ქერუბიმთას“ გალობის დროს ტაკიმასხარაობდა, ნადირივით იქცეოდა და მგელივით ყმუოდა. წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხატი ნაჯახით გააპო. აღმა-დაღმა დაეხეტებოდა და მხოლოდ დროდადრო მოეგებოდა ხოლმე გონს.
ერთხელ შუადღე იყო. მელიის ხმა ისმოდა. კვიპროსელმა მამა იოსებმა მითხრა:
– ნახე, რა თავხედია მელა, დღისით-მზისით გაჰყვირის, არ ეშინია.
ვუთხარი:
– ეს მელა კი არა, მამა იოანეა, ეშმაკეული.
– არ მჯერა.
– მაშ, მოიცადე და ნახავ.
და მართლაც ცოტა ხანში ჩვენი სახლის წინ მამა იოანემ ჩაიარა!
ამას იმიტომ გიყვებით, რომ გაიგოთ, თუ რა არის მორჩილება და მაგალითი იყოს თქვენთვის. მომავალში ეს ძალიან გამოგადგებათ.
ერთხელ, როცა მამა იოანე ცოტა ხნით გონს მოეგო, ჩემს მოძღვართან, მამა იოსებთან მოვიდა. ჩვენი საცხოვრებლის წესის და მოძღვრის კურთხევის თანახმად, იქაურობა უნდა დამეტოვებინა. როგორც კი უცხო მოვიდოდა, თვალს ვეფარებოდი. მოკლედ, მოვიდა თუ არა სტუმარი, მეზობელ სენაკში გავედი.
მამა იოსები დაბალ სკამზე იჯდა, მამა იოანე მის ახლოს ჩამოჯდა. მოძღვრისგან მოსმენილი მქონდა, რომ ეს ადამიანი შეპყრობილი იყო. მის შესახებ ხშირად მიამბობდა, რათა ცოდნა და გამოცდილება შემეძინა.
მეზობელ სენაკში მყოფს მესმოდა, რას ამბობდა მამა იოანე და როგორ რჩევას აძლევდა მას ჩემი მოძღვარი.
„მამაო, – დაიწყო მან, – როცა ეშმაკი მიპყრობს, მაღლა ავყავარ, მირტყამს, სისულელეებს ვროშავ და უაზროდ ვიქცევი. გვერდიდან ვუყურებ, თუ რას სჩადის ჩემი სხეული, რას ამბობს პირი! მხოლოდ მაყურებელი ვარ, სხვა არაფერი შემიძლია, ჩემი სხეულის ყველა ნაწილი სრულიად ემორჩილება ეშმაკს“.
ნეა სკიტში ყოფნისას, სანამ საცხოვრებელს მოვაწყობდით, ბევრი საქმე გვქონდა და არეულ-დარეულები ვიყავით. ბოროტმა აცდუნა მამებიდან ერთ-ერთი, რომ რაღაცის გამო დავემწუხრებინე. ვეუბნებოდი – ნუ იქცევი ასე, არ გარგებს-მეთქი. ბოლოს ღმერთმა საკუთარ თავზე გამოაცდევინა, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება. ერთ დღეს, დიდ მარხვაში, დიდი სერობისას, ის ანალოგიასთან იდგა და კითხულობდა. მე კი წინამძღვრის სტასიდზე ვიჯექი. მოულოდნელად კითხვა მიატოვა და შეძრწუნებული ჩემთან მოვარდა:
– მამაო, ეშმაკი მიპყრობს!
– რატომ გგონია? – ვეკითხები მას.
– აი, დემონური ძალით, თითები მკლავის სიგრძე მიხდება, ხელი კი სივდება და სამ-ოთხჯერ უფრო დიდი ხდება! ვიღუპები, მამაო, ჯვარი დამსახე, ეშმაკეული ვხდები.
მაშინ კი გადავსახე ჯვარი და ვეუბნები:
– ახლა მიდი, სერობა წაიკითხე და სხვა დროს გაფრთხილდი, მოძღვარს ნუ შეეპასუხები და მისგან განსხვავებული აზრი ნუ გექნება, ეს არ გარგებს.
ჯვრის დასახვისთანავე გათავისუფლდა და გონს მოეგო, აცახცახებული მიბრუნდა და კითხვა გააგრძელა.
კარგ მორჩილს მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს. ისინი, ვინც მოძღვარს ემორჩილებიან და არ ამწუხრებენ, ანგელოზებს ემსგავსებიან. მორჩილებით დიდ მადლს პოვებს მორჩილი.
პავლე მოციქული, მაშინაც კი, როცა ქრისტიანებს მოძღვრავდა, ხაზს უსვამდა, რომ სათნოებათა ძირი მორჩილებაა და რომ სულიერი წინამძღვრები სულიერი წინსვლით უნდა გავახაროთ, რადგან ისინი ჩვენი სულებისთვის მღვიძარებენ (ებრ. 13, 17). არ შეგვშვენის დავამწუხროთ და დავადარდიანოთ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი სულებისთვის იბრძვიან.
როცა მორჩილებაში სარგებელსა და განსვენებას ვერ ვპოულობთ, ესე იგი, რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, რაღაც გამოგვრჩა.
როცა მორჩილი მოძღვრისგან სხვადასხვა თემაზე რჩევებს ისმენს, ამას უბრალო რჩევად ნუ მიიღებს. არსებითად ეს მცნებაა, თუნდაც პირდაპირ ასე არ ერქვას. ვთქვათ, მოძღვარი მორჩილს არიგებს და ეუბნება: „შვილო, აღასრულე მორჩილება და ილოცე. ბოროტი გულისსიტყვები მოსვლისთანავე განაგდე შენგან, რადგან რაც უფრო დიდხანს გააჩერებ მათ, მით უფრო წაბილწავენ ადგილს. დიდი ხნის შემდეგ თუნდაც წავიდნენ, თავიანთ კვალს და ლაქას მაინც დატოვებენ“; და კიდევ: „თუ ტალანდო რეკავს, მაშინვე ჩამოდი ეკლესიაში“; ან: „ეკლესიაში უმიზეზოდ ნუ გადაადგილდები, არამედ შენს სტასიდზე მოთმინებით იდექი და შენი ადგილი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში დატოვე“.
როცა მონაზონი არ ემორჩილება იმას, რასაც მოძღვარი დარიგებისა და შეგონების სახით ეუბნება, ის ურჩობს. ნუთუ მოძღვარმა აშკარად უნდა უთხრას: „გიბრძანებ გააკეთო ესა და ეს“, რომ შეეშინდეს და დაემორჩილოს? რა თქმა უნდა, არა. ბრძანება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში გაიცემა.
როცა ვინმე მოდის, რომ მორჩილებაში იცხოვროს, ცხადზე უცხადესია, ის არა იღუმენის, ან მონასტრის გამო, არამედ სწორედ ქრისტეს სიყვარულისა და სულის ცხონებისთვის მოდის. მაგრამ ვინაიდან ქრისტეს ვერ ხედავს და მორჩილებას უშუალოდ მის წინაშე ვერ აღასრულებს, ამიტომ უფალმა თავის სახედ მონასტრის იღუმენი დაადგინა, რათა მას დაემორჩილოს ისე, როგორც ქრისტეს დაემორჩილებოდა.
ყოველი სულიერი მამა ქრისტეს ხატის მატარებელია, ესე იგი, როგორც ემორჩილები სულიერ მამას, ისე ემორჩილები ქრისტეს.
ქრისტეს, ღვთისმშობლის, წმინდანთა ხატების მიმართ უკრძალველობა საშინელი ცოდვაა. ვფიქრობ, ამაზე უარესი არაფერია. ხატზე ღვთაებრივი სახეა გამოსახული, ჩვენ თაყვანს ვცემთ და ვემთხვევით მას და ამით თაყვანს ვცემთ თვით წმინდანს.
სულიერი მამა იესო ქრისტეს ცხოველმყოფელი ხატების მატარებელია. მას პატივს ვცემთ და ვემორჩილებით არა მისი პიროვნული თვისებების, არამედ მხოლოდ ქრისტეს სიყვარულის გამო, რადგან მოძღვარი, შესაძლოა, ცოდვილი ადამიანი იყოს და წარწყმედის გზაზე იდგეს ისევე, როგორც მე. მორჩილების მნიშვნელობა კი სხვაა: ის უშუალოდ ქრისტეს მიმართ აღესრულება. ვინაიდან ქრისტეს სიყვარულმა მოგვიწოდა საბრძოლველად და სულის საცხონებლად აქ მოვსულიყავით, საჭიროა ნებისმიერი გზით მოვიპოვოთ უმთავრესი სათნოება – მორჩილება, რომლის ზოგადი ნიშან-თვისებაა: თუ ვინმე კარგი მორჩილია, მას მხოლოდ მორჩილება კი არ აქვს, არამედ, როგორც წესი, დიდ წარმატებას აღწევს და სხვა მრავალი სათნოებითაც არის შემკული.
ჩემი წმინდა მოძღვარი სულიერი მამისადმი მორჩილების, რწმენისა და სიყვარულის მრავალი მაგალითის შესახებ გვიყვებოდა გასამხნევებლად. მათ შორის კატუნაკიაში გავრცელებული ეს ამბავიც გვიამბო: ერთ მორჩილს მოძღვარი ძალიან უყვარდა და სრულ მორჩილებას აღასრულებდა. ერთხელ ისინი კარიესში წავიდნენ. იქ ყოფნისას მოძღვარი ავად გახდა და კელიაში დაბრუნება მოისურვა. მაშინ მორჩილმა ის მხრებზე მოიკიდა და ციცაბო მთაზე მრავალსაათიანი სიარულის შემდეგ კატუნაკიაში მიიყვანა, სადაც ცხოვრობდნენ.
მოგვიანებით ეს მონაზონი წმინდა ბასილის კელიის კრებულს დაუახლოვდა. იქაური მამები მარხვის გარეშე ეზიარებოდნენ. მან ბერის მიტოვება, იქ წასვლა და დარჩენა ისურვა. მიუხედავად იმისა, რომ დიდსქემოსანი იყო, სულიერი მამისგან სხვაგან წასვლა მოინდომა.
ბერი ეუბნებოდა:
– არ წახვალ.
– არა, წავალ, – პასუხობდა ის.
– შვილო, – ისევ უთხრა ბერმა, – ნუ წახვალ, აღდგომა ახლოვდება, დარჩი და ერთად ვიდღესასწაულოთ...
– არა, წავალ, – იმეორებდა ის.
ერთ დღესაც ბერმა მოთმინება დაკარგა და უთხრა: „ბოროტი ანგელოზი გდევდეს თან“. მეორე დღეს მორჩილს ცხვირზე დიდი ძირმაგარა გამოუვიდა და გაუსივდა. ბოლოს, თვითნასწავლ ექიმს, მამა არტემს მიმართა, რომელმაც თავის დროზე მამა იოსებიც და მეც გამოგვაჯანმრთელა. ექიმმა ძირმაგარა ნახა, მაგრამ ავადმყოფს ვერაფერი უშველა...
სამ-ოთხ დღეში გასიებამ იმატა, ძირმაგარა გასკდა და იქიდან ჩირქი გადმოდიოდა. მორჩილი სიკვდილის პირას იყო. მამები ეუბნებოდნენ: – „ქრისტეს სიყვარულისთვის, მოძღვარს შეურიგდი, შეგინდობს და მის კურთხევას თან წაიღებ“. – „არა!“ ამბობდა და მრისხანებდა, როგორც ეშმაკეული. თუმცა ბოლოს, სანამ სული ამოუვიდოდა, მკერდში ცემა და ამ სიტყვების ძახილი დაიწყო: „წავაგე, წავაგე, ჩემი ცხონების თამაში წავაგე!“
ჩემი მოძღვარი, მამა იოსები, ძველი დროის მრავალ მონაზონს იცნობდა და მათ შესახებ ბევრს მოგვითხრობდა.
პატერიკში ერთი კარგი მორჩილის შესახებ წერია. მას ყოველდღე, სერობის შემდეგ სულიერი მამა მორჩილების შესახებ სხვადასხვა რჩევას აძლევდა და თან ასწავლიდა, რა არის საჭირო ცხონებისთვის.
ერთ დღეს საუბრისას ბერს ჩაეძინა. მაშინ ეშმაკმა მორჩილს გულისსიტყვებით შეუტია: „ხომ დაიძინა შენმა მოძღვარმა, წადი, რაღას უზიხარ, დაღლილი ხარ, წადი და დაისვენე“ და ამის მსგავსი.
– როგორ წავიდე, – ფიქრობდა მორჩილი, – მოძღვრისგან კურთხევა უნდა ავიღო.
– კი, მაგრამ მას ხომ ჩაეძინა, – კვლავ ეუბნებოდა გულისსიტყვა.
– არაფერია, მოვითმენ.
შვიდჯერ შეებრძოლა, რომ წასულიყო და არ წავიდა.
საკმაოდ დიდი დრო გავიდა და როცა ცისკრის დაწყების ჟამი მოახლოვდა, ბერს გამოეღვიძა.
– არ წასულხარ მოსასვენებლად? – ჰკითხა მან.
– მამაო, თქვენი კურთხევის გარეშე წასვლა არ შემეძლო.
– რატომ არ გამაღვიძე?
– არა უშავს, მამაო, მინდოდა მორჩილება აღმესრულებინა და ვითმენდი.
– კარგი, მოდი, ახლა ცისკრის ლოცვა დავიწყოთ, შემდეგ კი წადი და კარგად დაისვენე.
ასეც მოიქცნენ.
ბერმა ცისკრის შემდეგ კვლავ დაიძინა. ნახა, რომ ერთ ძალზე ნათელ ადგილას იმყოფებოდა. იქ უბრწყინვალესი საყდარი იდგა და ზედ დიდი მადლით მოსილი შვიდი გვირგვინი იდო.
ბერს უკვირდა და ამბობდა: „ვინ იცის, რომელი ღირსისა და წმინდანისაა ეს საყდარი! და რა ბრძოლა გაიარა ამ გვირგვინების მოსაპოვებლად!“ ასე მდგომარეს მიუახლოვდა ერთი ადამიანი სამღვდელო შესამოსელში და უთხრა:
– რამ გაგაკვირვა, მამაო?
– საყდრის ბრწყინვალებამ განმაცვიფრა და ვფიქრობ, რომ ის რომელიმე დიდ წმინდანს უნდა ეკუთვნოდეს.
– არა, დიდი წმინდანისა კი არა, შენი მორჩილისაა.
– შეუძლებელია, – თქვა ბერმა, – ის ჯერ ძალიან პატარაა, დიდი ხანი არ არის, რაც მოვიდა. ნუთუ საყდარიც მიეცა და გვირგვინებიც მოიპოვა?
– ჭეშმარიტად ასეა. საყდარი იმ წამიდან მიეცა, როცა მორჩილების ნიშნად მეტანია აღასრულა, ხოლო შვიდი გვირგვინი ამ საღამოს მოიპოვა, როცა გულისსიტყვებს შეეწინააღმდეგა.
როცა ბერი გამოფხიზლდა, მორჩილს მოუხმო და ეუბნება:
– შვილო, მითხარი, წუხელ რა გულისსიტყვები გქონდა?
– არაფერი მქონია, მამაო. არც ერთი ბოროტი გულისსიტყვა არ მომსვლია. არ მახსოვს.
– აბა, დაფიქრდი. ყველაფერი თანმიმდევრულად გაიხსენე.
როცა მორჩილმა თავი გულდასმით გამოიძია, უპასუხა:
დიახ, მამაო, გუშინ სერობის შემდეგ, როცა ჩაგეძინათ, შვიდჯერ შემებრძოლა გულისსიტყვა, დამეტოვებინეთ და მოსასვენებლად წავსულიყავი, მაგრამ შევეწინააღმდეგე მას და როგორც ნახეთ, გელოდებოდით.
–კეთილი, შვილო, წადი.
და მიხვდა ბერი, რომ მორჩილმა შვიდი გვირგვინი წინა ღამით გულისსიტყვებთან ბრძოლაში მოიპოვა.
საშობაო ეპისტოლე - 1988
"რომელმან სძლოს, ვყო იგი სვეტად ტაძარსა
შინა ღმრთისა ჩემისასა" (გამოცხადება 3,12)
მშვენიერი, გასაოცარი და უსასრულოა სამყარო, მშვენიერია ადამიანი - ხატი ღვთისა და გვირგვინი ქმნილებისა. დიდია უფალი, მიუწვდომელია ძალა და სიბრძნე მისი. უსაზღვრო და განმაცვიფრებელია მოთმინება მისი და უნაპირო სიყვარული ჩვენ ცოდვილთადმი.
რით დავიმსახურეთ, ღმერთო, ესოდენი მოწყალება?
ჩვენ განგიდექით, ურჩ გექმენით და შენ მაინც არ განგვშორდი, მცნება მოგვეცი, რომ გზა გაგვეგნო, მაგრამ სიჯიუტე ჩვენი ვერ მივატოვეთ, საუკუნეთა მანძილზე გტანჯეთ, გაწვალეთ და გაიძულეთ, ძე შენი საყვარელი გაგეწირა ჩვენთვის, რომ გულდაბრმავებულთ თვალებით მაინც დაგვენახა გვემა და წამება მისი და მაშინ მაინც მივხვდარიყავით, როგორ დავეცით.
ეს იყო ხსნის ერთადერთი გზა და შენ იგი არ დაიშურე ჩვენთვის.
ზოგჯერ კითხულობენ: აუცილებელი კი იყო ღვთის განხორციელება, განა მონანიება საკმარისი არ იქნებოდა კაცობრიობისათვისო?
რომ ყოფილიყო მხოლოდ ცოდვები, - განმარტავს წმიდა ათანასე დიდი, - საკმარისი იქნებოდა სინანულით განწმენდა, მაგრამ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ჩვენი სხეული დაექვემდებარა ბუნებრივ ხრწნას და დაკარგა მადლი ღვთის ხატებისა. იმიტომაც უნდა განხორციელებულიყო ძე ღვთისა, რომ აღედგინა ადამიანის დაცემული ბუნება.
"და მოვიდა ძე კაცისაჲ მოძიებად და ცხორებად წარწყმედულისა" (ლუკა 19,10).
"... მოვიდა მსახურებად და მიცემად სული თვისი სახსრად მრავალთათვის" (მათე 20,28).
მრავალთათვისო, ბრძანებს მახარებელი და არა ყველასთვის, რადგან ყველა არ არის მზად, მიიღოს ღვთის სიკეთე. მაინც ვინ არიან იგი მრავალნი? ისინი, რომელთა ცხოვრებაც მსახურებაა ღვთისა და მოყვასისათვის; ისინი, რომელთა ამქვეყნიური ყოფაც განცხადებაა ანგელოზთა საგალობლისა, შობის ღამეს რომ მოეფინა ქვეყნიერებას. "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება".
დიდება რომ შევწიროთ უფალს არ არის საკმარისი მარტო რწმენა, ღმერთი უნდა ვადიდოთ სიტყვით და საქმით უშიშრად, ყველას წინაშე, ხოლო "რომელმან უარმყოს წინაშე კაცთა, - გვაფრთხილებს მაცხოვარი, - უარვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა" (მათე 10,33). საქმით ღვთის დიდება მცნების დაცვას და მის აღსრულებას ნიშნავს. "უკეთუ გიყუარნ მე, - ბრძანებს უფალი, - მცნებანი ჩემნი დაიმარხენით" - (იოანე 14,15) და "ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ", უფროის ამისა სიყუარული არავის აქუს, რაჲთა სული თჳსი დადვას მეგობართა თჳსთათჳს" (იოანე 15,12-13).
ვინ არის მეგობარი ჩვენი?
ჭეშმარიტი მეგობარი იგია, რომელიც უდრტვინველად იტანს თავს დამტყდარ უბედურებას და განიცდის მოყვასის გასაჭირს, როგორც საკუთარს. მეგობარი იგია, ვინც სიყვარულით მიგვითითებს შეცდომებზე და გვიჩვენებს სწორ გზას, ვინც ჩვენთანაა როგორ სიკეთისა და მხიარულების დროს, ისე უკიდურესი გაჭირვების ჟამს მაშინაც კი, როცა ახლო ნათესავები დაგვტოვებენ.
ერთგული მეგობარი მტკიცე ზღუდეა, რომელმან შეიძინა იგი, ჰპოვა საგანძური. ერთგული მეგობარი ფასდაუდებელი საუნჯეა და არა აქვს საზღვარი მის სიკეთეს. ერთგული მეგობარი სალბუნია ცხოვრებისა და მოშიშნი უფლისანი ჰპოვებენ მას, - ვკითხულობთ ისო ზირაქის წიგნში (6,14-16).
ბიბლიაში მეგობრობის მრავალი მაგალითია. გავიხსენოთ თუნდაც იონათანისა და დავითის ამბავი.
იონათანი იყო შვილი მეფე საულისა, ხოლო დავითი - უბრალო გლეხისა, რომელსაც იესე ერქვა და ბეთლემში ცხოვრობდა. დავითის მიერ ფილისტიმელთა გოლიათის დამარცხების შემდეგ ახალგაზრდები დამეგობრდნენ და განუყრელი მეგობრები გახდნენ. მეგობრობის სიწრფელე იონათანმა დაამტკიცა იმით, რომ არა ერთხელ გადაარჩინა დავითი შურსა და რისხვას საულისას, რომელიც დავითში ტახტის მოცილეს ხედავდა.
როცა იონათანი იგებდა, რომ მის მეგობარს საფრთხე ემუქრებოდა, მაშინვე აფრთხილებდა და იხსნიდა ხოლმე მას განსაცდელისგან. ამის გამო მეფე საული იმდენად განრისხდა, რომ ერთხელ შვილს შუბი ესროლა.
რამდენადაც უფრო ძლიერდებოდა საულის დავითისადმი სიძულვილი, იმდენად უფრო მტკიცე ხდებოდა მისდამი იონათანის მეგობრობა. უდაბნოში ერთ-ერთი შეხვედრისას იონათანი ეუბნება დავითს: "ნუ გეშინინ, რამეთუ ვერ გპოვოს ხელმან მამისა ჩემისა საულისამან შენ და შენ იქმნე მეფე ისრაელისა, და მე ვიყო შენდა მეგობარ და საულცა მამამან ჩემმან უწყის ესრეთ" (I მეფეთა 23,18).
იონათანის წინასწარმეტყველება ნაწილობრივ აღსრულდა. დავითი ავიდა სამეფო ტახტზე, მაგრამ იონათანი დაიღუპა. იგი განგმირეს ომის დროს, როცა მამასთან ერთად იბრძოდა მტრების წინააღმდეგ.
დავითი დიდხანს გლოვობდა მეგობარს, რომლის ერთგულება ვერ გაახუნა ვერც მამის რისხვამ, ვერც სამეფო გვირგვინის დაკარგვის ფიქრმა.
ქალთა თავდადების ასევე მშვენიერი მაგალითებია ბიბლიაში. რამდენი შემთხვევა ყოფილა, რომ მათ საკუთარი სიცოცხლეც არ დაუშურებიათ მეგობრისათვის. მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ყოველი მეგობრობა არ არის ხანგრძლივი, რომ ქვეყნად ბოროტება მეფობს და მისი მთესველი ეშმაკია, ხოლო იგი არ მოგვასვენებს, ვიდრე ამ სოფლადა ვართ. ბოროტება, უპირველეს ყოვლისა, ჩვენშია, ჩვენს გულშია ფითრივით ფესვგადგმული და თუ დროზე არ მოვიკვეთთ, ცოდვის მსხვერპლნი და მსახურნი შევიქმნებით, რადგან იგი არ მოგვცემს საშუალებას, დავინახოთ სხვისი ტკივილი, სხვისი მწუხარება, დავინახოთ საკუთარი სისუსტენი.
განა იშვიათად ვხვდებით ისეთ შემთხვევებს, როცა ქალ-ვაჟი სიყვარულით ქორწინდება. მერე კი, როცა ცხოვრებაში სიძნელენი ხვდებათ, როცა რაღაც მოუშუშებელი ტკივილის გამო კაცი იწყებს სმას, კარგავს ჯანმრთელობას... სითბოსა და სიყვარულის, თანაგრძნობის ნაცვლად მეუღლისაგან მხოლოდ განკითხვასა და შეურაცხყოფას ისმენს და ბოლო არა აქვს უსიამოვნებას ოჯახში.
ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა კაცი ეჩვევა უზრუნველ ყოფას; მთელ საქმეს ქალის იმედზე ტოვებს, თვითონ კი იმაზე ფიქრობს, დრო როგორ გაატაროს, როგორ გაერთოს. მაშინ, როცა მის ცოლ-შვილს უჭირს, უჭირს ეკონომიკურად, ფიზიკურად თუ სულიერად.
ასეთი ოჯახები ხშირად ირღვევა. მეუღლენი ერთგულებას რომ უმტკიცებდნენ ერთმანეთს, შორდებიან. ღვთის ანაბარა რჩება ერთდროს საყვარელი, ახლა კი ავადმყოფი ცხოვრების მეგობარი; და იღუპება იგი თავისი უბედურებით, მარტოობითა და შეურაცხყოფით.
თუ ჭეშმარიტი ქრისტიანი ხარ, არა გაქვს უფლება, მიატოვო გაჭირვებაში მყოფი არა თუ ახლობელი, არამედ ნებისმიერი ადამიანი; ყოველი მათგანი ხომ ხატებაა ღვთისა.
მოვიდა შენთან გლახაკი და ხელს გიწვდის სათხოვნელად - ეს ქრისტეა, სარეცელზე წევს ავადმყოფი, ნუგეშინის-ეც, ეს უფალია. ეძებეთ იგი მორჩილთა, დამდაბლებულთა, შეურაცხყოფილთა და დამცირებულთა, მშიერ-მწყურვალთა შორის და "ყოველი რომელი უკუე გინდეს თქვენ, რაჲთა გიყონ კაცთა, ეგრეთცა თქვენ ყავთ მათდა მიმართ" (მათე 7,12).
მაშინ გეტყვით უფალი: "მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვდრეთ განმზადებული თქვენთჳს სასუფეველი"... რადგან "მშიოდა, და მეცით მე ჭამადი, მწყუროდა, და მასუთ მე, უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილეს ვიყავ და მოხუედი ჩემდა..." რადგან "რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავით" (მათე 25,34-36,40).
ძნელია ვისწავლოთ ადამიანებისადმი თანაგრძნობა, თუ ღვთაებრივი სიყვარულით არ ვართ გამთბარნი, ეს კი გულისხმობს თანადგომას არა მარტო განსაცდელში მყოფთადმი, არამედ შეურაცხმყოფელთადმიც, ეს გულისხმობს ეგოიზმის უარყოფას, უშურველობას, მორჩილებას, გულისხმობს სიმშვიდეს, თავგანწირვას, შენდობის უნარს... ჩვენ კი განკითხვის ცოდვიდან ვერ ვთავისუფლდებით დ ამიტომაც არა ვართ მოწყალენი.
"რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ" (მათ 7,2), - გვაფრთხილებს იესო ქრისტე. ასე რომ, ის, ვინც განიკითხავს, განიკითხავს არა მოყვასს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს და მიეცემა სასჯელს და წამებას. ხოლო ვინც აპატიებს მოყვასს, ათავისუფლებს ბრალისგან არა იმდენად მას, რამდენადაც საკუთარ თავს, რადგან სხვისი დანაშაულის მოწყალედ და ლმობიერად განსჯით იგი საკუთარი ცოდვების შენდობას მიიღებს.
თუ შენ მკაცრი ხარ სხვების მიმართ, - წერს წმიდა იოანე ოქროპირი - და ხედავ მათ მცირე შეცდომებსაც კი, რატომ არ ამჩნევ საკუთარ დიდ ცოდვებს? ყოველი ადამიანი ხომ თავის თავს უკეთ იცნობს, ვიდრე სხვას; საკუთარი თავი მეტად უყვარს, ვიდრე სხვა. და თუ განიკითხავ მოყვასს, გსურს რა მისთვის სიკეთე, რატომ არ უსურვებ ამ სიკეთეს პირველ რიგში შენს თავს - უფრო ცხად და უფრო დიდ ცოდვილს? ხოლო თუ შენ დაუდევარი ხარ საკუთარი თავის მიმართ და ვერ ხედავ მათ, ნათელია, რომ ძმას განიკითხავ არა კეთილმოსურნეობით, არამედ სიძულვილისა და მისი დამცირების სურვილით. მოყვასი განიკითხოს მან, ვინც უცოდველია (იოანე ოქროპირი).
მინდა გავიხსენო მაგალითი ეგვიპტის პატრიარქის ალექსანდრეს ცხოვრებიდან. მას ჰყავდა მდივანი, რომელმაც ოქრო მოჰპარა და რომელიც შემდეგ ავაზაკებმა შეიპყრეს. პატრიარქმა ეს რომ შეიტყო, გამოისყიდა იგი და უკან დააბრუნა. როცა ქურდი მდივანი პატრიარქთან მივიდა, მან იგი ისეთი სიყვარულითა და კეთილგანწყობით მიიღო, რომ ერთ-ერთმა მოქალაქემ ხუმრობით თქვა: თუ გინდა სარგებელი ნახო, პატრიარქ ალექსანდრეს უნდა აწყენინოო. სინამდვილეში პატრიარქი მოიქცა ვითარცა ჭეშმარიტი ქრისტიანი, რომელიც, წმიდა ისიდორე პელუსიოტის თქმისა არ იყოს, წყენას წყალზე წერს, მადლს კი - სპილენძზე.
მაშ, "რამდენ გზის შემცოდოს ძმამან ჩემმან და მიუტევო მას?", - ვიკითხავთ ჩვენც პეტრე მოციქულის მსგავსად.
"ვიდრე სამეოცდაათ შვიდგზის", - გვპასუხობს მაცხოვარი, რადგან მოყვასი არ უნდა მოვიძულოთ. ხოლო "რომელსა სძულს ძმაჲ თვისი, იგი ბნელსა შინა ვალს და არა იცის, ვიდრე ვალს, რამეთუ ბნელმან დაუბრმნა თუალნი მისნი" (I იოანე 2,11).
ძალიან ხშირად კი ჩვენ საპირისპიროდ ვიქცევით. თუ ვინმე რამეს დაგვიშავებს, გულისტკენას აღარ ვივიწყებთ, წყენა წყენას ემატება, ჩნდება უფსკრული, ღვივდება მტრობა და სამაგიეროს მიზღვის სურვილი.
უფალი აქაც წამლად სიყვარულს გვთავაზობს: "გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ" (მათე 5,44).
ძნელია ამის განხორციელება, მაგრამ ცხოვრების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მხოლოდ სიყვარულითა და მორჩილებით შეიძლება მტრის ძლევა. ბოროტებით ბოროტება ვერ გამოსწორდება. ეს სიბრძნე ჩვენს შვილებსაც უნდა ვასწავლოთ, რომ ისინი იყვნენ ბედნიერნი.
სრული და ყოვლის მიმტევებელი სიყვარული სიმდაბლით უნდა მოვიპოვოთ. სიმდაბლის სწორუპოვარი მაგალითი თვით მაცხოვარმა გვიჩვენა.
ქვაბსა ბეთლემისასა იშვა მხსნელი ქვეყნისა; ბაგასა შინა მიაწვინეს, რამეთუ "არა იყო... ადგილი სავანესა მას" (ლუკა 2,7). კაცობრიობა კი უფლის მოსვლას დიდებით ელოდა; მაგრამ სწორედ პატივისა და სახელის უარყოფაშია მისი ძალა, ძალა კაცთა ფერისცვალებისა და გადარჩენისა. შურისა და შიშის გამო მას სდევნიდნენ და იგი - ღმერთი განერიდებოდა ხოლმე მოძულეთ, უარყოფდნენ და არ განიკითხავდა, ღალატობდნენ და შეუნდობდა, გვემდნენ და უდრტვინველად იტანდა...
იესო ქრისტემ დაითმინა ეს ყოველივე, დაითმინა მან, რომელი არს ერთადერთი გამოუთქმელი, განუყოფელი მთლიანობა, "ანი და ჰოე, პირველი და უკუანაჲსკნელი, დასაბამი და დასასრული" (გამოცხადება 22,13), რათა ჩვენთვის სრულყოფის მაგალითი მოეცა.
თუ შევძლებთ, ყველასთან უნდა ვიყოთ მშვიდობით. ამიტომ არა მარტო ჩვენ უნდა ვაპატიოთ და შევუნდოთ სხვას, არამედ შევძლოთ ისიც, რომ სხვები არ იყვნენ ჩვენდამი ცუდად განწყობილნი.
მაგრამ გვახსოვდეს ესეც: ბოროტება შეიძლება გამოვლინდეს კეთილი ადამიანის მიმართ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ შურიანი კაცი ღიზიანდება, როცა ვერაფერს ხედავს სხვაში შეურაცხმყოფელს; ბოროტება შეიძლება აღდგეს სიმართლის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ არ უყვარს მართალნი, როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში? არა მიაგოთ ბოროტი ბოროტისა წილ, - ბრძანებს საღმრთო წერილი, რადგან მშვიდობასა გვიწოდა უფალმა, რომელი თავად არს "შემოქმედი მშვიდობისა" და მშვიდობიანი ჰარმონიის სათავეა როგორც ჩვენში, ისე გარემო სამყაროში.
სამწუხაროდ, დღეს დარღვეულია მშვიდობა ჩვენს სულში, დარღვეულია მშვიდობა ჩვენს გარშემო; ამის მიზეზი ცოდვაა და ღმერთთან კავშირის დაკარგვა.
როცა ასე უჭირს შინაგანად ადამიანს, ეკლესია განზე ვერ განდგება. ეკლესია უნდა მივიდეს მასთან და მისცეს ძალა პიროვნებას ღირსების განსამტკიცებლად, "რამეთუ იგი თავადი არს მშჳდობაჲ ჩუენი, რომელმან შექმნა ორივე ერთად და შუა კედელი ზღუდისაჲ მის დაჰჴსნა" (ეფ. 2,14). ეკლესიამ უნდა მოსპოს ზნეობრივი დაპირისპირება ჩვენს სულში, როცა "ჴორცთა გული უთქუამს სულისათჳს და სულსა ჴორცთათჳს, რაჲთა არა რაჲ-იგი გინდეს, და მას ჰყოფდეთ" (გალატელთა 5,17).
ღმერთმა მოგვცეს სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სარწმუნოება, მოთმინება, რომ უფალი ეგოს ჩვენ თანა და ჩვენ მის თანა, რომ მისი შეწევნით ვემსახუროთ ღმერთსა და მოყვასს, ვსძლოთ ბოლომდე და ვცხოვნდეთ.
ამქვეყნიური ჩვენი ცხოვრება ცურვას ჰგავს უკიდეგანო ზღვაში, რომელიც ხან წყნარდება, ხან კი მღელვარებს; ხან მშვიდია, ხან კი შიშის მომგვრელი, თუ გვსურს, ნაპირს მშვიდობით მივაღწიოთ, უნდა შევიმოსოთ რწმენით, სასოებით, სიყვარულით და ვიქნებით დაცულნი, რადგან მფარველად თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვეყოლება.
საყვარელნო სულიერნო შვილნო ჩემნო, ყველას და თითოეულს ცალ-ცალკე გულითადად გილოცავთ ქრისტეს შობის დიად დღესასწაულსა და ბედნიერ ახალ წელს. იმედი და სიხარული არ მოგშლოდეთ; იყავით მშვიდნი და მოწყალენი და მუდამ გახსოვდეთ მაცხოვრის სიტყვები; "უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან შეცოდებანი თქუენნი" (მათე 6,14).
ღმერთმა დაგლოცოთ!
იხარეთ ორსავე სოფელსა შინა.
ქრისტეს შობა.
თბილისი,
1988 წელი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
სააღდგომო ეპისტოლე - 1982
წმიდა სინოდის წევრებს - ყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტთა,
მთავარეპისკოპოსთა და ეპისკოპოსთა, მოძღვართა და დიაკონთა, პატიოსან ბერ-მონოზონთა
და ყოველთა საქართველოს ქრისტეს მიერ საყვარელ საპატრიარქოს შვილთა,
მკვიდრთა საქართველოისა და მცხოვრებთა ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ
ღმერთი ნათელ არს. (1 იოვანე 1,5)
ქრისტეს მიერ საყვარელნო წმიდა სინოდის წევრნო - ყოვლადსამღვდელონო მიტროპოლიტნო, მთავარეპისკოპოსნო და ეპისკოპოსნო, მოძღვარნო და დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ძმანო და დანო, ძენო და ასულნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, მკვიდრნო საქართველოისა და მცხოვრებნო ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ.ძმანო, გიხაროდენ, განმტკიცენით, ნუგეშინის-ცემულ იქმნენით, ნუგეშინის სცემდით, მასვე ზრახევდით, მშჳდობასა ჰყოფდით; და ღმერთი სიყუარულისაჲ და მშვიდობისაჲ იყავნ თქუენ თანა (2 კორ. 13, 11).
წყალობითა ღმრთისაჲთა დადგა ეს კურთხეული დღე ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისა, როდესაც ჩვენი გულები სავსეა სრულყოფილი სიყვარულითა და ზემიწიერი სიხარულით, როდესაც ძლევის გალობას შეჰღაღადებს ცა და ქვეყანა აღდგომილ მაცხოვარს. აღვსილი ღვთაებრივი სიყვარულითა და სიხარულით გულითადად გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს:
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
მარადიული და განუზომელია ეს სიტყვები. ქრისტეს აღდგომა არა მარტო სახარებისეული ისტორიის, არამედ ქრისტიანული ეკლესიის ცხოვრების უდიადესი მოვლენაა, იგი სახეა ჩვენი აღდგომისა, წინაუწყებაა ეკლესიის აღდგომისა, რომელიც ქრისტეს სხეულს წარმოადგენს.წმ. ათანასე დიდის მოძღვრებით, "უფალმა ცხოვნების უმთავრეს მიზნად სცნო გამოეცხადებინა აღდგომა თავისი სხეულისა, რათა ამით ეჩვენებინა ნიშანი სიკვდილზე გამარჯვებისა და დაერწმუნებინა ყოველნი, რომ დახსნილ არს ხრწნილება და მომადლებულ არს უხრწნელობა" (სწავლანი, წ.1, გვ.219).
ადამიანი მოწოდებულია არა მარტო სულიერი ხედვისა და ღვთის შემეცნებისთვის, არამედ - განწმენდის, ფერისცვალებისა და ღმერთთან შეერთებისთვის. ქრისტიანის მიზანია დაამყაროს კავშირი ღმერთთან წმიდათა შვიდთა საიდუმლოთა და განუწყვეტელი ლოცვის მეშვეობით. აქ ღვთის ნებას ადამიანის ნება უნდა შეერწყას. ამ კავშირშია არსი სიწმიდისა და სიყვარულისა.
წმიდა მამები გვასწავლიან, რომ თუ ადამიანის ნება ემორჩილება ღვთის ნებას, მაშინ მისი სიცოცხლე ღვთიურია. მაგრამ როგორ მივაღწიოთ ამგვარ კავშირს ღმერთთან? ეს შესაძლებელია მხოლოდ ეკლესიაში. ყველანი, ვინც არიან წევრნი ეკლესიისა, ატარებენ რჩეულთა ბეჭედს არა იმიტომ, რომ მხოლოდ მათ დაიმკვიდრონ საუკუნო ნეტარება, არამედ რათა შეცვალონ და გააერთიანონ მთელი კაცობრიობა, დაყოფილი ცოდვითა და ეგოიზმით.
ქრისტიანები უნდა გაერთიანდნენ არა გარეგანი ნიშნებით, არამედ შინაგანი არსებით, როგორც გაერთიანებულია სამპიროვანი წმიდა სამება ერთარსებად, და ქრისტიანთა ეს გაერთიანება ერთ აზრსა და ერთსულოვნებაში უნდა ვლინდებოდეს.
ეკლესიის ცხოვრებაში, როგორც საიდუმლოში, არის ორი მხარე: გარეგნული მხარე, რომელიც მოიცავს ადამიანის ამქვეყნიურ ცხოვრებას, დაფუძნებულს ქრისტიანულ რწმენასა და სიყვარულზე. და მეორე მხარე - მისტიური, რომელიც იწყება აქ, დედამიწაზე და ზეციური სასუფევლის მარადიულობაში გრძელდება.
ვინ შეიძლება ეკუთვნოდეს ქრისტეს ეკლესიას? ის, ვისაც სწორად სწამს და აღიარებს წმიდა სამებას, ვინც მიიღო საიდუმლო ნათლისღებისა, ვინც შეერთებულია ღმერთთან და მოყვასთან სიყვარულით, ემორჩილება და აღიარებს სჯულის კანონებს, ვინც ეზიარება ტაძარში შესრულებულ წმიდათა საიდუმლოთა, რომელნიც სამღვდელოების მიერ წმიდა მოციქულთაგან მიღებული მადლით აღესრულებიან.
ადამიანი ეკლესიაში უნდა გახდეს არა მხოლოდ სულიერი, არამედ ის ვალდებულია იყოს წმიდა, რათა დაიმკვიდროს სასუფეველი ღვთისა. "წმიდაა წმიდათა", - ხმობს მღვდელი საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, აღამაღლებს რა წმიდა ტარიგს, განწესებულს წმ. ზიარებისათვის. ამ ორ სიტყვაში ღრმა აზრია: ქრისტეს წმიდა ხორცი განკუთვნილია მხოლოდ წმიდათათვის, ე.ი. მათთვის, ვინც სინანულისა და აღსარების საიდუმლოს წყალობით თავისი შინაგანი სამყაროს განწმენდით წმიდა გახდა.
თავი ეკლესიისა არის უფალი იესო ქრისტე, სული ეკლესიისა - სული წმიდა, წევრნი ეკლესიისა - ვართ ჩვენ, რომელთაც გვწამს წმიდა სამება, ვართ ნათელღებულნი და ზიარნი ყოველთა საიდუმლოთა. ეკლესიის საშუალებით იღებს მორწმუნე მრევლი ღვთის მადლს და ნიჭთა სულისა წმიდისათა.
მაშასადამე რა არის ეკლესია? ეკლესია წარმოდგება ბერძნული ზმნისაგან "ეკკლეო", რაც ნიშნავს ვუხმობ, მოვუწოდებ, ვეძახი შეკრებაზე, კრებაზე. ამრიგად, ეკლესია არის ადამიანები, რომელნიც ღმერთმა ამოირჩია და თავისთან მოუწოდა.
მთავარი არსი ეკლესიისა არის ის, რომ მორწმუნე, მისი წევრი, განუწყვეტელ კავშირშია მამა ღმერთთან, ძე ღმერთსა და წმიდა სულთან. ეკლესიაში ხდება საიდუმლო შეხვედრა ადამიანისა ღმერთთან (იოვანე 17, 21-26).
ეკლესიის ყოველი წევრი ქრისტესია - ქრისტიანია. ადამიანი, რომელიც თავის თავს თვლის მორწმუნედ და არ არის ეკლესიის წევრი, არ არის ნაწილი ერთისა ვაზისა, არ არის შეზრდილი ქრისტეს, არ იმყოფება მასში, არ ასრულებს მის მცნებებს, არ აღმართულა ცოცხალ ქვად ეკლესიის შენობაში - ასეთი ადამიანი მარტო იმყოფება აღელვებულ ზღვაში, რომელიც აუცილებლად შთანთქავს მას.
რა ახასიათებს ქრისტეს ეკლესიას? ეკლესია ერთიანია, წმიდაა, კათოლიკე და სამოციქულოა. იგი დაარსდა სულთმოფენობის დღეს. ქრისტეს ეკლესიის პირველნი წევრნი მუდამ იმყოფებოდნენ მოძღურებასა მას მოციქულთასა და ზიარებასა და განტეხასა პურისასა და ლოცვასა... აქებდეს ღმერთსა... ხოლო უფალი შესძინებდა ცხოვნებულთა დღითი-დღედ ეკლესიასა (საქმე მოც. 2,42-47). ეკლესიაში არ არის გაყოფა, მისი წევრნი არ არიან ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი დამოუკიდებელი ჯგუფები, მათ აქვთ ერთი გული, ერთსულ არიან, მათ ხელმძღვანელობს ერთი და იგივე სული წმიდა, ისინი შეადგენენ ერთ მთლიანობას - ქრისტეს სხეულს. მხოლოდ ეკლესიაში და ეკლესიის ლოცვით შეიძლება გახდეს ადამიანი ტაძარი სულისა წმიდისა.
ეკლესია სულია ერისა.
ეკლესიაში ყველაფერი ერთიანი უნდა იყოს: ერთი თავი - უფალი იესო ქრისტე, ერთი სული ღვთისა, რომელი ყოველთა აღავსებს, ერთი მოძღვრება რწმენისა და ცხოვრებისა, ერთნი მაცხოვნებელნი საიდუმლონი, რაც ყველასათვის აუცილებელია.
ეკლესია ერთია, მაგრამ დაყოფილია ადგილობრივ და ეროვნულ ეკლესიებად რომელნიც არიან წევრნი ერთი წმიდა, მსოფლიო სამოციქულო ეკლესიისა. მასში შედიან: კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, რუსეთის, საქართველოს, სერბეთის, რუმინეთის, ბულგარეთის და სხვ. ეკლესიები. წმ. კვიპრიანე ამის შესახებ შესანიშნავად ამბობს: "მზე გამოჰყოფს უამრავ სხივს, მაგრამ ნათელი ერთია; ხეს გააჩნია ტოტები, მაგრამ იგი ერთია; ნაკადულნი ერთი სათავისგან გამოედინებიან... განაცალკევე მზის სხივი მზისაგან - ერთიანობა არ დაუშვებს სინათლის ცალკე არსებობას; ჩამოაჭერი ხეს ტოტი - ჩამონაჭერი დაკარგავს სიცოცხლეს; გათიშე ნაკადული სათავისაგან - ნაკადული დაშრება. მსგავსად ამისა, უფლის ნათლით გაცისკროვნებული ეკლესია მსოფლიოს ჰფენს თავის სხივებსა და ამავე დროს ის მაინც ერთია, არ ირღვევა მთლიანობა მისი სხეულისა, მთელს ქვეყანაზე გადაშლილი აქვს თავისი ნაყოფიერი ტოტები".
ეკლესიის ერთიანობასთან ორგანულადაა დაკავშირებული ეკლესიის სიწმიდე. როგორც ცნობილია, ცოდვა არის მიზეზი დაყოფისა. ცოდვის დათრგუნვა, უპირველესად ყოვლისა, თავად ადამიანს ამთლიანებს, მას ღმერთსა და მოყვასთან აკავშირებს.
სიწმიდე ეკლესიისა თვითმყოფადი და ურყევია.
თუკი ეკლესია ღვთის სხეულია, განა შეიძლება ქრისტეს სხეული არ იყოს წმიდა? ეკლესიის სიწმიდე ქრისტეს სხეულის სიწმიდიდან გამომდინარეობს, ამიტომ ეკლესია უძლეველია: ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას (მათე 16,18).
ეკლესიის ყოველი წევრი, მიუხედავად თავისი ნაკლოვანებებისა, თუ მისი ცხოვრება ღვთისათვის სათნოა, სული წმიდის მადლით იმოსება. ეკლესიაში სული წმიდის მადლის ზემოქმედებით ხდება ადამიანის განწმენდა ცოდვებისაგან და მისი სულიერი განათლება. მადლი ღვთისა გარდაქმნის ადამიანს, რის შედეგადაც ცოდვილი პოვებს განმართლებას და ხდება წმინდა.
წმ. ირინეოს ლიონელი (II ს.) შემდეგნაირად აღწერს ეკლესიის მთლიანობას: "ეკლესიამ, თუმცა იგი განფენილია ქვეყნის კიდიდან კიდემდე, მიიღო მოციქულთაგან და მათი მოწაფეებისაგან რწმენა... ამ ქადაგებასა და რწმენას ეკლესია მტკიცედ ინახავს, როგორც ერთ ჭერქვეშ მცხოვრები ოჯახი, და სწამს, როგორც მქონეს ერთისა სულისა და ერთისა გულისა; თანახმად ამისა, ქადაგებს და ასწავლის... თუმცა ენები მსოფლიოში სხვადასხვაა, მათი გადმოცემის ძალა ერთი და იგივეა. არც ეკლესიებს, დაფუძნებულთ გერმანულ ქვეყნებში, არც ივერიის ეკლესიებს, არც კელტებს, არც აღმოსავლეთში, არც ეგვიპტეში, არც ლიბიაში... განსხვავებულად არა სწამთ; როგორც მზე, ქმნილება ღვთისა, ქვეყანაზე ერთი და იგივეა, ასევე ქადაგება ჭეშმარიტებისა ყველგან ანათებს და განანათლებს ყოველთა კაცთა, რომელთაც სურთ შეცნობა ჭეშმარიტებისა" (წმ. ირინეოს ლიონელი. ერეტიკოსთა წინააღმდეგ, 1,10,1-2).
ჩვენთვის მით უფრო ძვირფასია ეკლესიის ამ დიდი მასწავლებლის სიტყვები, რამდენადაც იგი მაგალითისათვის ასახელებს ივერიის ეკლესიებს, როგორც შემნარჩუნებელთ მოციქულთა რწმენისა და ჭეშმარიტებისა ჯერ კიდევ II საუკუნეში. აქედან ჩანს, რომ კაპადუკიიდან წმ. ნინოს მოსვლამდე ივერიის ეკლესია უკვე ჰყვაოდა და მოციქულთა რწმენის დამცველი იყო.
ქრისტეს ეკლესიის ერთ-ერთი ძირითადი თავისებურებაა სამღვდელოების ერთიანობა. წმ. კვიპრიანე კართაგენელი ამბობს: "მსოფლიო ეკლესია ერთია, განუშორებელი და განუყოფელია. ამიტომ უნდა გაერთიანდეს ყველა მღვდელთმთავარი ერთ მთლიანობაში". სხვაგან იგივე წმიდა მამა წერს: "ეს მთლიანობა მტკიცედ უნდა დავიცვათ ჩვენ, ეკლესიის თავში მდგომმა ეპისკოპოსებმა, რათა ვაჩვენოთ, რომ თვით ეპისკოპოსები ერთნი და განუყოფელნი არიან..."
წმ. იოანე ოქროპირი, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი, რომელიც ცხოვრობდა IV ს-ში და საქართველოში აღასრულა თავისი ამქვეყნიური ცხოვრება, შესანიშნავად წერს ქრისტიანთათვის ეკლესიის აუცილებლობაზე: "შეუძლებელია ზღვის გადაცურვა გემის გარეშე. ქრისტეს წმიდა ეკლესია დედამიწაზე იგივეა, რაც გემი ზღვაში. ამ სულიერი გემის ბატონ-პატრონი თვით ყოვლისშემძლე მამა ღმერთია, საჭეთმპყრობელი - მხოლოდშობილი ძე მისი, წამყვანი ქარი - სული წმიდა, მმართველნი გემისა არიან მოციქულნი და მათი მემკვიდრენი, მოძღვარნი და მასწავლებელნი ეკლესიისანი, მგზავრნი - მართლმორწმუნე ქრისტიანენი, ძირი და საფუძველია. მართალი რწმენა წმიდისა სამებისა, კედლები, წინა ნაწილი და გემის საჭე წარმოდგენილია როგორც სარწმუნოების დოგმები, ღვთის მცნებები, გადმოცემანი ეკლესიათა, კანონნი მოციქულთა და მსოფლიო კრებათა".
ჩვენ ხშირად ვსვამთ კითხვას: რა გააკეთა წარსულში ეკლესიამ ჩვენი ხალხისათვის, ასრულებს თუ არა დღეს იგი თავის მაცხოვნებელ მისიას, როგორია ეკლესიის როლი მომავალში? თუ ჩვენ რეალურად არ განვიხილავთ ეკლესიის მნიშვნელობას წარსულში, ჩვენ ვერ შევძლებთ ნათლად დავინახოთ მისი აწმყო და მომავალი.
რა მოგვცა ეკლესიამ წარსულში? ბევრი რამ, რითაც ამაყობს ჩვენი ერი ხელოვნების, ლიტერატურის, არქიტექტურისა და სხვა სფეროში, ქრისტიანული სულიერებისა და ცივილიზაციის საფუძველზე შეიქმნა. ჩვენი ეკლესია დაარსდა მაშინ, როდესაც რომის იმპერიაში ვარსკვლავებრ ამობრწყინდა ათეულათასობით მოწამე, როდესაც ეგვიპტისა და იორდანეს უდაბნოებში მოღვაწეობდნენ ღირსი მამები, რომელთა მარხვისა და ლოცვის ღვაწლი ყოველთვის განაცვიფრებს ყველა ჭეშმარიტად მოაზროვნე ადამიანს. ჩვენი ეკლესია აღმოცენდა იმ დროს, როდესაც მსოფლიოსათვის ცნობილი გახდა ღრმა ღვთისმეტყველთა და ფილოსოფოსთა: წმ. იუსტინე ფილოსოფოსისა, კლიმენტი ალექსანდრიელისა, ბასილი დიდისა, გრიგოლ ღვთისმეტყველისა, იოანე ოქროპირისა და სხვ. შრომები.
ჩვენმა ხალხმა შეითვისა და შეისისხლხორცა მთელი ეს სულიერი ნექტარი; ეს სხივები გარდატყდა ჩვენი ცნობიერების პრიზმაში და ჩვენმა ხალხმა სრულიად ახალი შედევრები შექმნა სულიერი საგანძურისა. რა იქნებოდა საქართველო წმ. ნინოს, ვახტანგ გორგასალის, დავით აღმაშენებლის, შოთა რუსთაველის, დავითისა და კონსტანტინეს, კათოლიკოს-პატრიარქის ანტონ I, ეფრემ ფილოსოფოსის, პეტრე იბერის, იოანე პეტრიწის და მრავალთა სხვათა ღვაწლის გარეშე: ვის ეცოდინებოდა დღეს საქართველოს შესახებ, რომ არ გვყოლოდა ბექა ოპიზარი, ბერი დამიანე; წარმოუდგენელია საქართველო მსოფლიოში ცნობილი ტიხრულ-მინანქრული ხატების, სვეტიცხოვლის, ჯვარის, ბოლნისის სიონის გარეშე. ასეთი მაგალითების მოტანა ათასობით შეიძლება. მთელი ეს საუნჯე ჩვენმა ხალხმა ქრისტიანობისა და საქართველოს ეკლესიის მაცხოვნებელ სხივთა გავლენით შექმნა.
დღეს, მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის საუკუნეში, ეკლესია ასრულებს უდიდეს მასიას, აღსავსეა ღვთაებრივი ენერგიით და აქედან გამომდინარე მადლმოსილი ნიჭით, აქტიურ მონაწილეობას იღებს ერის ცხოვრებაში, მშვიდობის დაცვის დიად საქმეში, ურთიერთგაგებისა და სამართლიანობის დამყარებაში.
ეკლესიის ვალია ერის გაერთიანება.
საქართველოს ეკლესიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ჩვენი ერის სულიერი კეთილდღეობისათვის.
ჩვენ დიდად გვახარებს ის პოზიტიური ძვრები, რაც მიმდინარეობს უკანასკნელ წლებში საქართველოს რესპუბლიკაში. ეს წინსვლა ყველაფერში ჩანს: მართლწესრიგში, ლიტერატურაში, ხელოვნებაში, ქალაქსა თუ სოფელში. არა მარტო ჩვენ გვაღელვებს შინაგანი პრობლემები, არამედ ყველას, ვინც არ არის გულგრილი თავისი სამშობლოსადმი, აფიქრებს იმ თანამემამულეთა - ძმათა და დათა ბედი, ქრისტიანია ის თუ მუსულმანი, რომელნიც აღმოჩნდნენ ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ.
განსაკუთრებული სიყვარულითა და მხურვალე გრძნობით მოგმართავთ თქვენ, ჩვენო ძმებო, მცხოვრებნო სამშობლოს საზღვრებს გარეთ, მოგმართავთ თქვენ მუსულმანებო და ქრისტიანებო, ჩვენ სისხლით და ხორცით ერთნი ვართ, მიუხედავად განსხვავებული რელიგიური შეხედულებებისა. გახსოვდეთ, რომ თქვენი წინაპრები განისვენებენ საქართველოს წმიდა მიწაში, ნუ დაივიწყებთ ვინ ხართ, სადაურნი ხართ, გახსოვდეთ ღვთისაგან დალოცვილი ქართული ენა და საუკუნეთა მანძილზე ნაკურთხი ქართული ტრადიციები; გახსოვდეთ, სიძულვილისა და სულიერი გაყოფის დაძლევა შეიძლება მხოლოდ სიყვარულით, რომლითაც ასე უხვად დაგვაჯილდოვა უზენაესმა. ჩვენ მარად გვახსოვხართ და დღემუდამ ვლოცულობთ თქვენთვის, ჩვენი ერის შეერთებისთვის.
ამ დიდებულსა და ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელ დღეს ქრისტეს აღდგომისა, ჩვენ უნდა შევხვდეთ განწმენდილნი, განვაახლოთ ჩვენი სულიერნი სწრაფვანი და ქრისტიანული შემეცნების სიღრმეში მივეახლოთ ჭეშმარიტებისა და ცხოვრების გზას - უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს. ამასთან ერთად, საჭიროა გავიაზროთ მოყვასის გასაჭირი და შემწეობა აღმოვუჩინოთ მას.
ჩვენ ღრმა აღშფოთებას გამოვთქვამთ იმის გამო, რომ თანდათან მატულობს მასიურად მომსპობი იარაღის რაოდენობა და მასთან ერთად მისი გამანადგურებელი ძალა. ჩვენი ეკლესია დარწმუნებულია რომ ყველა რელიგიის წარმომადგენელთა მსოფლიო კონფერენცია, რომელიც ა.წ. 10-14 მაისს მოსკოვში შედგება, იქნება მეტად დროული და ამავე დროს აქტუალური. ჩვენი ეკლესია მიიღებს აქტიურ მონაწილეობას ამ საერთაშორისო ფორუმზე.
დღეს ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა და მათთვის, ვინც იღვწის მშვიდობის დამკვიდრებისათვის, ვინც შრომობს პროგრესისა და სამართლიანობისათვის.
ქრისტეს აღდგომის ცხოველმყოფელი სხივი აღწევს ადამიანთა გულებში და ავსებს ქვეყანას სიყვარულითა და სიხარულით. აღსავსე ამ გამოუთქმელი სიყვარულით, გულითადად ვულოცავ მთელ ღვთივკურთხეულსა და ღვთივდაცულ ჩვენს სამწყსოს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას. დაე, აღდგომილმა მაცხოვარმა ღირს გვყოს შესვლად აღდგომის სიხარულსა და მიღებად გულთა შინა ჩვენთა მცნებათა სახარებისათა. უფალი მოვალს შენდა, ნუ იქმნები ყრუ და მუნჯ, განუხვენ მას კარნი გულისა შენისანი და შემოვალს იგი და დაადგრება შენ თანა.
აღვავლენ ლოცვებს, რომ ყოველი ჩვენგანი გახდეს ღირსი ღმერთთან ამ საიდუმლო შეხვედრისა. ვუსურვებ ყველას საუკუნო სიხარულს, ღმერთმა აკურთხოს მთელი ქვეყანა და მოანიჭოს კაცობრიობას კეთილდღეობითი და მშვიდობითი ცხოვრება.
აღსრულდა! ბრძანებს უფალი: ვიქმენ მე ანი და ჵ, დასაბამი და დასასრული. მე წყურიელსა მივსცე წყაროჲსა მისგან წყლისა ცხოველისა უსასყიდლოდ. რომელმან სძლოს, მივსცე მას ესე ყოველი და ვიყო მისა ღმერთ, და იგი იყოს ჩემდა ძე (გამოცხ. 21,6-7).
ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ ა ღ დ გ ა ქ რ ი ს ტ ე !
აღდგომა ქრისტესი.
თბილისი, 1982 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საახალწლო ეპისტოლე - 1988
"მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთ-მძიმენი,
და მე განგისუენო თქუენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა,
და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა,
და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ" (მათე 11,28-29)
"მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის", - ხშირად ამბობდა წმიდა იოანე ოქროპირი. მის მსგავსად ჩვენც მადლიერნი ვართ უფლისა ჩვენი, ჩვენი ხალხისა და ეკლესიისადმი მოწყალებისათვის.
მადლობა ღმერთს, რომ მისი შეწევნით მშვიდობით ვხვდებით ახალ წელს; მადლობა ღმერთს განცდილი სიხარულისა და მწუხარებისთვის.
გვიხაროდა - უფალი იყო ჩვენთან, ვტიროდით - და იგი გვანუგეშებდა. ვეცემოდით - და ის გვაყენებდა. ვშორდებოდით მას - და იგი არ გვტოვებდა. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის.
აი, კიდევ ერთი წელი მიითვალა ჟამთა სვლამ. კიდევ ერთხელ დავდექით მომავლის შეუცნობი სამყაროს წინაშე. საით წავიდეთ, სად ვპოვოთ იმედი და ხსნა?
"მოვედით ჩემდა"... - გვიხმობს მაცხოვარი.
მაგრამ "უფალო რაჲ არს კაცი, რამეთუ ეცნობე მას, ანუ ძე კაცისაჲ, რამეთუ შეჰრაცხე იგი? კაცი ამაოებასა მიემსგავსა, და დღენი მისნი ვითარცა აჩრდილნი წარვლენ" (ფს. 143,3-4), - ვიტყვით ჩვენც წმ. დავით მეფის მსგავსად.
თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ადამიანი ღვთის ქმნილებაა და ცხოვრობს როგორც ყოველდღიური, ისე მარადიული ცხოვრებით. იგი თავის თავში მოიცავს და ასახავს როგორც სულიერ, ისე მატერიალურ სამყაროს, აერთიანებს მთელ ეპოქებს და ამას ვერავითარი ძალა ვერ დაჩრდილავს, ვერ განაქარვებს. ადამიანი ეს არის სხეული, რომელიც ექვემდებარება მატერიის კანონებს, მაგრამ, ამავე დროს, ის არის სული, დაჯილდოებული თავისუფლებით, რწმენით, ღვთის, მოყვასისა და სამყაროსადმი სიყვარულით. სული მოწოდებულია უკვდავებისთვის და იგი ამქვეყნიური ცხოვრებით უნდა მოვიპოვოთ.
ჩვენს ყოფას ხშირად გარემო განსაზღვრავს; ჯანსაღია ის საზოგადოება, სადაც შემოქმედებითი წინსვლა წარსულთან კავშირის გაუწყვეტლად ხდება, სადაც ერთმანეთს ერწყმის კონსერვატული და შემოქმედებითი ელემენტი.
საერთოდ, კონსერვატიზმში ბევრი რამაა სასარგებლო და აუცილებელი, მაგრამ დინამიკის, სწრაფვის გარეშე მას მადლი ეკარგება, რადგან სადაც უძრაობაა, იქ სიკვდილია მხოლოდ.
ახალგაზრდობა ქვეყნის გარდამქმნელი, განმაახლებელი ძალაა. ამიტომაც ამ საახალწლო ეპისტოლეს სწორედ მას ვუძღვნი.
თანამედროვე ახალგაზრდობა დიდი შინაგანი დამოუკიდებლობითაა გამორჩეული. უფროსების მფარველობა და მზრუნველობა მასში უარყოფით დამოკიდებულებას, წინააღმდეგობის სურვილს ბადებს. თავისუფლებისადმი ლტოლვა მისი თვისებაა. თუმცა ზოგიერთი ვერ უძლებს ამ უღელს და ნებით ამბობს უარს მასზე.
თავისუფლება არ ნიშნავს თავაშვებულობას, აღვირახსნილობას. იგი ბრძოლაა ბოროტებასთან, სიცრუესთან... და, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავთან.
ნამდვილ თავისუფლებას მხოლოდ ჭეშმარიტება გვაზიარებს და მხოლოდ თავისუფლებით მივუახლოვდებით ჭეშმარიტებას.
"სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ" (იოანე 8, 32), - გვასწავლის საღმრთო წერილი.
მაგრამ რაჲ არს ჭეშმარიტი?
"მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ" (იოანე 14,6), - ბრძანებს მაცხოვარი.
კაცთა მოდგმის ისტორია წარმოუდგენელია იესო ქრისტეს - სრული ღვთისა და სრული კაცის გარეშე. მის გარეშე წარმოუდგენელია კავშირი სამყაროსა და ღმერთს, ადამიანური ყოფის რეალურობასა და აბსოლუტურს შორის. იგია ზეციურის და მიწიერის გადაკვეთის ცენტრი. მისი მეოხებით განყოფის ზღვარი იშლება მეტაფიზიკურსა და ისტორიულს შორის, რადგან, როგორც თქვა ერთმა ფილოსოფოსმა, "ღმერთმა ისურვა ადამიანობა".
რწმენისა და ლოცვის ძალით უნდა მივაღწიოთ უფალთან ურთიერთობას. უნდა შევძლოთ ღვთის მიერ თითოეული ჩვენგანისათვის ბოძებული მადლის მიღება და გამოვლენა. მართალია, ძნელია გზა თანამედროვეობიდან მართლმადიდებლობისაკენ და პირიქით, - როგორც ამბობს მამა სერგი ბულგაკოვი, მაგრამ იგი აუცილებლად უნდა განვვლოთ, რადგან ადამიანს სჭირდება არა ფილოსოფიური იდეა ღვთაებრივის შესახებ, არამედ ჭეშმარიტი ცოცხალი რწმენა ღვთისა - ქრისტესი და ეკლესიისა.
პიროვნების რელიგიურობას ეკლესიური ხასიათი, სულიწმიდის ბეჭედი უნდა ჰქონდეს. ახალგაზრდობა ნელ-ნელა ხვდება ამას. თუმცა, მისი რელიგიური ცხოვრება ჯერ კიდევ მძაფრი განცდების გადატანისა და ძიების რთული გზით მიემართება. ამის მიზეზი სხვადასხვაა.
ბევრი მათგანი ათეისტური ოჯახიდან მოვიდა. მათ არ იციან ბიბლია, არ იცნობენ საღვთისმეტყველო ლიტერატურას, იდეალისტურ ფილოსოფიას... მიღებული ცოდნა კი არ აკმაყოფილებთ.
გარეგნულად ხალისიან ჩვენს ახალგაზრდებში მე ვხედავ სევდას, რომელიც დრო და დრო ნელდება, ხან კი ისევ ძლიერდება. ხშირად გაუცნობიერებელი ეს გრძნობა ჭმუნვაა სულისა. წუხილია სიწმინდის, სიმაღლის, ტრანსცენდენტურის ვერ მიწვდომის გამო, ღვთისა და ჭეშმარიტების მონატრების გამო.
ახალგაზრდები ესწრაფვიან ცოდნის შეძენას, რომ საზრდო მისცენ არა მარტო გონებას, არამედ სულსაც. მაგრამ ეს ცოდნა ხშირად ვიწროა ანდა ზედაპირული. ძიების გზაც არც თუ იშვიათად აღმოსავლეთზე გადის: ბუდიზმი, სიკჰიზმი, ინდუიზმი იზიდავს მათ, მაგრამ ეს რელიგიები საკმაოდ მიწიერნი და მატერიალისტურნია. ახალგაზრდები ადრე თუ გვიან ხვდებიან, რომ ჭეშმარიტებას ამ გზით ვერ მისწვდებიან და ამიტომაც შორდებიან მათ. იმავე მიზეზით ჩამოშორდნენ ისინი შტაინერის მოძღვრებასაც.
ყოველივე ეს მეტყველებს ახალგაზრდების სიკეთეზე, მათ ნიჭიერებაზე. ისინი არ კმაყოფილდებიან შეთავაზებულით, არ უფრთხიან შეცდომებს და უშიშრად ეძებენ სიმართლეს. უნებურად გვახსენდება ნეტარი ავგუსტინეს ღვთის ძიების რთული გზა; მაგრამ გულისტკივილით უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის გონების ვარჯიში, აბსტრაქტული და ფილოსოფიური აზროვნება როგორღაც უცხო გახდა. მათ აღარ სურთ და არც შეუძლიათ ყურადღების გამახვილება ერთ საგანზე; სულ ახალ-ახალ შთაბეჭდილებებს ეძებენ, გაურბიან დიდტანიან წიგნებს. აკმაყოფილებთ და აინტერესებთ სანახაობითი აღქმა...
ყოველივე ამის მიზეზი, ალბათ, ჩვენში არსებული განათლების სისტემაა. აქამდე როგორც საშუალო, ისე უმაღლესი სასწავლებლების მიზანი იყო მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტების მომზადება, რასაც ნაკლებად ვაღწევდით. ახლა კი ისეთ დროს ვცხოვრობთ, რომ აღარ არის საკმარისი, პიროვნება იყოს სპეციალისტი; ის, ამავე დროს, სულიერად და ინტელექტუალურად განვითარებული მოქალაქეც უნდა იყოს.
მინდა შევეხო მეცნიერებისადმი ჩვენი დამოკიდებულების საკითხსაც.
დღეს ტექნიკამ და მეცნიერებამ განვითარებით გაუსწრო კაცობრიობის სულიერ წინსვლას და დაირღვა მათ შორის თანხმობა. ჩვენი სულიერი მოუმზადებლობის გამო მეცნიერება და ტექნიკა მოსპობით ემუქრება ადამის მოდგმას, საერთოდ სიცოცხლეს დედამიწაზე და ეს ბადებს გაუცნობიერებელი დაპირისპირების გრძნობას, რაც მისდამი ერთგვარი გულცივობით გამოიხატება.
მაინც რა არის მეცნიერება?
ფართო გაგეგით მეცნიერება ერთობლიობაა ყოველგვარი ცოდნისა, რომელსაც გონებრივი შემოწმება ან გაანგარიშება აქვს გავლილი და ცნობილ სისტემურ წესრიგშია მოყვანილი, დაწყებული თეოლოგიით, მეტაფიზიკით, წმინდა მათემატიკით და დამთავრებული ნუმიზმატიკით... ისტორიულად დადასტურებულია, რომ მეცნიერება თუმცა გამოყოფილია და დამოუკიდებლად განაგრძობს განვითარებას, მაგრამ იგი ამა თუ იმ ფილოსოფიური სისტემიდან ყოველთვის იღებდა დასაბუთებულ გამაერთიანებელ საწყისს (ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედია).
როდესაც მეცნიერებაზე ვსაუბრობთ, უნებურად ისმის კითხვა: ეწინააღმდეგება თუ არა ერთმანეთს მეცნიერება და რწმენა?
ბოლო ათწლეულების მანძილზე ბევრი ითქვა და დაიწერა ისეთი, რაც, ერთი შეხედვით, მათ დაპირისპირებას ამტკიცებს. ამტკიცებს იმასაც, თითქოს მეცნიერებით ყველაფრის ახსნა შეიძლებოდეს; მაგრამ, განა შეიძლება მეცნიერების საშუალებით გადაწყდეს სულიერი პრობლემები, როცა იგი უძლურია, გაარკვიოს ფიზიკური წესრიგის ესა თუ ის მოვლენაც კი?
განა შეიძლება მეცნიერება და რწმენა დაუპირისპირდეს ერთმანეთს, როცა ისინი ადამიანის შემოქმედებითი აზროვნების სრულიად განსხვავებულ სფეროებს მიეკუთვნებიან: ერთი ფიზიკურს, ხოლო მეორე სულიერს? ისინი კი არ უპირისპირდებიან, არამედ ავსებენ ერთმანეთს.
თავისთავად მეცნიერება ღვთისგან ნაკურთხია. იგი ადამიანის ინტელექტის, ადამიანის, როგორც ღვთის ხატების, მიღწევაა. ამიტომაც მეცნიერების მონაპოვარი დალოცვილია და უნდა გამოიყენებოდეს პიროვნების სულიერი და ფიზიკური კეთილდღეობისათვის მხოლოდ და არა მის დასათრგუნად.
თანამედროვე პირობებში, როცა ფერისცვალება ხდება სოციალურ-ეთიკურ სფეროში, როცა მიმდინარეობს დევალვაციის რთული პროცესი, როცა ტრადიციული ღირებულების ნაცვლად იბადება ახალი მეცნიერულ-ტექნიკური სიახლენი, მთავარია, არ დავკარგოთ თვითონ პიროვნება, არ დავუკარგოთ მას ის თვისებები, რაც გააჩნია ადამიანს, როგორც ღვთის ხატებას.
არადა დღეს საზოგადოების პროგრესზე ხშირად მსჯელობენ თითოეული მოსახლის კეთილდღეობის მიხედვით; სულიერი და ზნეობრივი კულტურის გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემები კი ხშირად მეორე პლანზე რჩება.
თუ გვსურს საზოგადოების წინსვლა, უნდა ვიზრუნოთ მისი კულტურის ამაღლებაზე, რაც გულისხმობს ადამიანში ადამიანურობის გამოვლენას, ადამიანის "გაადამიანებას", რომ იგი იყოს არა მარტო მატარებელი სიკეთისა და სილამაზისა, რომლითაც დაგვაჯილდოვა შემოქმედმა, არამედ ამ მარადიულ ღირებულებათა მთესველიც.
ჩვენ კარგახანს ვიყავით კულტურაზე არასწორი წარმოდგენის ტყვეობაში. თუმცა, არც ახლა ვართ მისგან ბოლომდე განთავისუფლებულნი. მაგალითად, თუ კაცი განათლებულია, მას კულტურულად ვთვლით. ნუთუ შეიძლება კულტურული ვუწოდოთ მას, ვინც შეურაცხყოფს და ამცირებს სხვას? მას, ვინც სარგებლობს თანამდებობრივი მდგომარეობით და ავიწროებს ქვეშევრდომთ?
ნუთუ შეიძლება კულტურული ვუწოდოთ მათ, ვინც უპატრონოთა სახლში აბარებს მშობლებს, ანდა იმ მშობლებს, ღვთის ანაბარა რომ ტოვებენ შვილებს?
რომელ კულტურაზე შეიძლება საუბარი, როცა შვილებს ვზრდით, როგორც მომხმარებლებს და არა შემქმნელებს?..
ახალგაზრდების ცხოვრება რომ სწორი გზით წარვმართოთ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ გულის კულტურას; გულის სიწმინდე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მადლია; "ყოვლითა დაცვითა დაიცევ გული შენი" (იგავნი 4,23), - გვაფრთხილებს უფალი. "ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" (მათე 5,8), - ბრძანებს საღმრთო წერილი. ამიტომაც მხურვალედ შესთხოვს შემოქმედს დავით წინასწარმეტყველი: "გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა" (ფს. 50,12).
ყველაზე მეტად ვნებები და განცდები თრგუნავს გულს. სიძულვილი, შური, მრისხანება, განდიდების მანია... საშინელ წამებად ექცევა; მიწიერ სიამეთა და სიტკბოებათა მსახურებაც საბოლოოდ ფიტავს და აუხეშებს მას.
ვნებები შედეგია საკუთარი თავის მოყვარების, კეთილდღეობის, განცხრომის სურვილისა; ჭეშმარიტების - ღვთის გზით სიარული კი ეგოიზმის დაძლევას, მის უარყოფას ნიშნავს. ამიტომაც გვაფრთხილებს იესო ქრისტე: "რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი" (მათე 16,24). თავის მოყვარეობისგან თავისუფალ გულზე ვნებები ძალას კარგავენ და ტოვებენ მას.
გულით წმიდა ქრისტიანი მარილია სოფლისა, ხოლო ცოდვით დამძიმებული - ძალადაკარგული მარილი, რომელზეც მაცხოვარმა ბრძანა: "უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაითამე დაიმარილოს?" (მათე 5,13).
ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველგვარი ცოდვა, თუნდაც მცირე, თვალში მოხვედრილი მტვრის მსგავსად ბინდავს, აძნელებს ჩვენი სულიერი გულის მხედველობას და გვაშორებს უფალს, რადგან უმნიშვნელო ცოდვაც კი ღვთისგან განდგომაა, მისი ნების უარყოფაა.
თუ ამქვეყნიურ საცდურს განვერიდებით, უფალი ღირს გვყოფს, რომ ჩვენს გულში იმეფოს. რა თქმა უნდა, უბრძოლველად ეს არ მიიღწევა. თუ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი აღიარებს: "ჩემს გონებაში ორი გონია: ერთი კეთილია და იგი შედეგია ყოველივე მშვენიერისა; მეორე კი დაცემულია და მისდევს ყოველივე ცუდს; ერთი გონება სინათლისაკენ ილტვის და სურს, თაყვანი სცეს ქრისტეს, ხოლო მეორე, ხორცის და სისხლის გონება, ჰქრის ბნელსა შინა და მზად არის, ტყვე იქმნას ბელიარისა" (11,305), მაშინ ჩვენ რაღა ვთქვათ?
მაგრამ ის, რაც შეუძლებელია კაცთაგან, ღვთის მეოხებით შესაძლებელი ხდება. "ნეტარია, ვინც მუდამ ცდილობს, სუფთა გული განამზადოს მადლისათვის, რომ მოვიდეს იგი და შეეფრქვიოს კეთილ საქმეთა სურნელება და სულის სიწრფოება და დაივანოს მადლმა მასში უკუნისამდე" (წმ. მაკარი ეგვიპტელი 25,316, გვ.14). ასეთ ადამიანს არ დატოვებს უფალი.
დაითმინეთ ღვთისთვის და იგი მოგაგებთ დიდებულს. გაიხსენეთ თუნდაც სოლომონ ბრძენი, რომელმაც წრფელი გულით შესთხოვა შემოქმედს: "მიანიჭე შენს მორჩილს გამგები გული, რათა განაგოს შენი ერი, რომ სიკეთე გაარჩიოს ბოროტებისგან".
და უთხრა მას ღმერთმა: "იმის გამო, რომ ისურვე ეს და არ მოითხოვე შენთვის ხანგრძლივი სიცოცხლე, არ მოითხოვე სიმდიდრე, არ მომთხოვე შენი მტრების სული, არამედ გონიერება მოითხოვე სამართლის განსაკითხავად, აჰა, მომინიჭებია შენთვის ბრძენი და გონიერი გული, ისე, რომ შენი მსგავსი არც შენამდე იქნებოდა სადმე და არც შენს შემდეგ გამოჩნდება შენი მსგავსი. რაც არ გითხოვია, იმასაც მოგცემ: სიმდიდრესაც, დიდებასაც, ისე, რომ ვიდრე ცოცხალი ხარ, არავინ იქნება მეფეთა შორის შენი მსგავსი" (3 მეფეთა 3;9,11-13).
ჩვენ რაღა შევთხოვოთ უფალს ახალ წელს?
ბედნიერება? მაგრამ რა არის ბედნიერება? არსებობს კი იგი საერთოდ?
ყველა მიწიერი სიხარული ნაკლულევანია; მას მუდმივად თან ახლავს სიხარულის განქარვების წინათგრძნობისეული სევდა და მართლაც, ბედნიერება ხშირად გვტოვებს მოულოდნელად, ზოგჯერ კი ჩვენ თვითონ ვშორდებით მას...
ეკლესიასტე გვარიგებს: "დიდი საქმენი ჩავიდინე, ავაგე სახლნი, ჩავყარე ვაზი, გავაშენე ჩემთვის ბაღები და წალკოტები; დავრგე ხეხილი ყოველგვარი, წყალსატევები მოვაწყვე, რომ მოერწყოთ ნორჩი ტევრები. შევიძინე მონა-მხევალნი, და მრავლად მესხდნენ სახლში სახლეულნი; მყავდა ცხვარ-ძროხა იმათზე მეტი, ვისაც ჩემს უწინ უმეფია იერუსალიმს. დავაგროვე ოქრო და ვერცხლი, მეფეთა განძი ყოველი მხრის: გავიჩინე მგალობელნი, კაცნი და ქალნი, და სიამენი ხორციელნი, ულამაზეს ხარჭათა დასი.
განვიდიდე და გავმდიდრდი უმეტეს მათსა. ვინც ჩემს წინარე არსებულა იერუსალიმს; და სიბრძნე ჩემი მევე მეყუდნა. არ უარვყავი არაფერი, რაც კი მომთხოვეს ჩემმა თვალებმა, არ დავაოკე გული ჩემი სიხარულისგან, რადგან ხარობდა ჩემი გული ჩემი ნაღვაწით. ეს ყოველივე იყო ხვედრი ჩემი შრომისა. მერე, როდესაც გადავხედე ყოველივეს, რაც კი შექმნა ჩემმა მარჯვენამ და ყოველ საქმეს, ჩემს ნამოქმედარს, მივხვდი, ამაო რომ ყოფილა ეს ყველაფერი, ქარის ნაბერი და რომ არ არის სარგებელი ამ მზის ქვეშეთში" (ეკლესიასტე 2,4-11).
მართლაც, ადამიანის გულს ვერავითარი მიწიერი კეთილდღეობა ვერ დააკმაყოფილებს. რაც უფრო დიდია სიმდიდრე, დიდება, პატივი, განცხრომა... მით უფრო ძლიერდება შინაგანი ტანჯვა და ისადგურებს სულიერი სიცარიელე.
ბედნიერებასთან ზიარების წყურვილი თითოეული ჩვენგანის სულშია ჩადებული და ეს ჩვენი შეუვალი უფლებაა. ოღონდ ბედნიერება საკუთარ გულში უნდა ვეძებოთ და თუ იქ ვერ ვიპოვნით, სხვაგანაც ვერსად ვნახავთ მას. თუ გული სავსეა რწმენით, სასოებით, სიყვარულით, თუ იქ ადგილი არა აქვს შურსა და მტრობას, თუ გულს შეუძლია წყენის პატიება და ეგოიზმის ნაჭუჭში არ ჩაიკეტება, თუ მას სხვათა ტკივილის გაზიარება და მათთვის დახმარების ხელის გაწვდენა შეუძლია, შეიმოსება ჭეშმარიტი ბედნიერებით, რომელსაც დრო ვერ განაქარვებს, რადგან ასეთი გული სულიწმიდის ტაძრად იქცევა.
ყოველივე და, მით უმეტეს, ყოველი წელი გონიერი კაცისთვის დიდი გაკვეთილია. განვლილი დროის მცირე მონაკვეთიც კი გვაახლოებს მარადიულობის კარიბჭესთან და ამან უნდა დაგვაფიქროს.
სიკვდილი მიმოვიდოდა ჩვენს შორის, ჩვენ კი არ შეგვეხო. ალბათ, ჯერ კიდევ არა ვართ იმქვეყნიური ცხოვრებისთვის მომზადებულნი, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს დღე ყველასთვის დადგება და რომ მუდამ მზად ვიყოთ, უნდა ვეცადოთ, ყოველი დღე განვვლოთ ისე, თითქოს იგი იყოს უკანასკნელი. მაშინ ბოროტი ვერ გვძლევს. მაშინ ცდუნებანი ადვილად ვერ დაგვიმონებენ, მაშინ უფრო მეტს ვიფიქრებთ ჭეშმარიტ ბედნიერებაზე, მარადიულ ღირებულებებზე.
ღვთის მოწყალების იმედით აღვსილი ყველას გულითადად გილოცავთ კურთხეულ ახალ წელს.
დაე, იყოს იგი მშვიდობიანი და ხალხთა და სახელმწიფოთა შორის სამართლიანი ურთიერთობის დამამკვიდრებელი.
დაე, აკურთხოს ღმერთმა და განამტკიცოს ყოველი ოჯახი, თითოეული თქვენგანი.
განსაკუთრებით მინდა დავლოცო სნეულნი და მწუხარებასა შინა მყოფნი. მოგმადლოთ თქვენ ყოვლისშემძლე უფალმა შემწეობა.
განგებამ ახალი წმიდანი მოგვივლინა, მეოხი ჩვენი და ჩვენთვის მლოცველი წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე). მისი მადლი გფარავდეთ ყველას.
ილია მართლის და ზეციური საქართველოს სხვა მკვიდრთა ლოცვით ღმერთმა გაკურთხოთ.
მაშ, ვიცხოვროთ რწმენითა და წრფელი გულით, სიყვარულითა და თანხმობით და ვიქნებით უძლეველნი.
საახალწლო ეპისტოლე დავით წინასწარმეტყველის სიტყვებით მინდა დავამთავრო: დაე, "ჩვენი ვაჟები ნერგებივით იზრდებოდნენ მათ სიჭაბუკეში, ჩვენი ასულნი, ვითარცა ოსტატურად თლილი სვეტები სასახლისა. ჩვენი ბეღლები სავსე იყოს ნაირ-ნაირი მოსავლით, ცხვარნი ჩვენნი ათასობდნენ, ათიათასობდნენ ჩვენს საძოვრებზე. ჩვენი ხარები დატვირთულნი იყვნენ. არც ზარალი და არც დანაკლისი და არც გოდება ჩვენს ქუჩებში.
ნეტარ არს ხალხი, რომლისთვისაც ასეა, ნეტარ არს ხალხი, რომლისთვისაც უფალი ღმერთია მისი" (ფს. 143, 12-15).
"შეიყვარეთ უფალი ყოველთა ღირსთა მისთა" (ფს. 30,24).
იყავით ღვთისგან კურთხეულნი, რათა გიხაროდეთ აწ და მარადის.
თბილისი, 1988 წელი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
სააღდგომო ეპისტოლე - 1985
ღეთივკურთხეულნო და ღვთისსაყვარელნო ივერნო,
ძენო და ასულნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა:
მცირედითა ჟამითა დაგიტევე შენ, მაგრამ
დიდითა წყალობითა შეგიწყნარებ შენ (ესაია 54,7)
სიკვდილი დაემხო: ჯოჯოხეთი შეიმუსრა;
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
აღდგომილი უფალი დღეს შედის ყოველ სახლში და რეკს კარზე ჩვენი გულისა, რათა მოგვმადლოს მშვიდობა და სიხარული, რაც ასე მტკივნეულად გვაკლია და რასაც ვესწრაფვით. ყური მიუპყარ, შვილო ჩემო, ამ მშვიდ ხმას, განმარტოვდი მასთან და გულისხმაჰყავ ყოველი. იგი მოვიდა შენთან. ის შენს გვერდითაა; გაუღე გული, რათა დაივანოს იქ და გაგათბოს თვისითა ღვთაებრივითა სიყვარულითა.უფალს მყუდროება უყვარს, შინაგანი სიმშვიდე და წმიდა გული. "მშვიდობა თქვენდა", - ასე მიმართავს იგი თითოეულ ჩვენგანს. მიიღე, შვილო, ეს წყალობა, ქრისტეს ეს ნათელი და გიხაროდენ, რადგან ხანგრძლივი განშორების შემდეგ კვლავ ინება მან შენთან შეხვედრა და საუბარი. ისმინე და დაიმახსოვრე მისი სიტყვები: "აჰა ესერა მე გამცნებ შენ, განძლიერდი და მჴნე იყავ, ნუ შეძრწუნდები, ნუცა გეშინინ, რამეთუ მე შენთანა ვარ უფალი ღმერთი შენი ყოველსა ადგილსა ვიდრეცა ხვიდოდი" (ისუ ნავე 1,9).
აღდგომილი მაცხოვრის მიერ მოფენილი მშვიდობა მომცველია ყოვლისა სიკეთისა: კურთხევისა, ღვთის მოწყალებისა, ცოდვათა მიტევებისა, განმართლებისა, სიმშვიდისა, სიხარულისა, მარადიული ცხოვრებისა... მოციქული პავლე ამის შესახებ ბრძანებს: "აწ უკუე განმართლებულ ვართ სარწმუნოებითა და მშვიდობა გუაქუს ღმრთისა მიმართ უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა" (რომ. 5,1).
მშვიდობა ღმერთთან ნიშნავს მშვიდობას საკუთარ თავთან და მოყვასთან.
ბრძენთ უთქვამთ: ბუნებით კაცნი ახლობელნი არიან ერთურთისა, თუმცა თვისებანი განაშორებენ მათ. დიად სახეს ფორმა არ გააჩნია.
ალბათ, ამიტომაა ძნელი ადამიანის შეცნობა, იგი ხომ ღვთის ხატადაა შექმნილი. ალბათ, ამიტომ მიაჩნდათ ფილოსოფოსებს უდიდეს სიბრძნედ საკუთარი შინაგანი მრავალფეროვანი სამყაროს შესწავლა, რადგანაც სხვა რომ შეიცნო, პირველ რიგში შენს თავს უნდა იცნობდე კარგად.
სული და სხეული - აი, ჩვენთვის ცნობილი ადამიანის შემადგენელი ნაწილნი. სულ ეს არის, თუ კიდევ სხვაც რაიმეა ჯერაც მიუკვლეველი ჩვენთვის? როგორ ავხსნათ, მაგალითად, აზროვნების უნარი, რა არის სიცოცხლე, რას წარმოადგენს გონება, გული?
ასე წერდა გულის შესახებ ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღ-მდე III საუკუნეში ჩინელი მოაზროვნე სიუნ-ცზი: "გული მპყრობელია სხეულისა, განმგებელია სიბრძნისა. იგი მბრძანებლობს, თვით კი არავის ემორჩილება; ის კრძალავს ან აიძულებს რაიმეს იმოძრაოს, აღძრავს სურვილს მითვისებისას, აღებისას, მოქმედების ან გაჩერებისას. ამიტომაც შეგვიძლია, ჩვენი ნებით დავიდუმოთ ენა ან ვილაპარაკოთ, სხეული მოვხაროთ ან გავშალოთ. გულს ვერ დააშინებ, ვერ შეაცვლევინებ გადაწყვეტილებას. იგი იღებს მხოლოდ მას, რაც მართებულად მიაჩნია და განაგდებს, რაც მისთვის შეუწყნარებელია" (ძვ. ჩინური ფილოსოფია, ტ. II, მ. 1973, გვ. 186).
ასე რომ, ადამიანი სამყაროს განსაკუთრებული მოვლენაა, დაჯილდოებული აზროვნებითა და სხვა ღვთივმიმადლებული უნარით. მისი მიზანი და დანიშნულება ღმერთში ცხოვრება და ნეტარი მარადიულობის მოპოვებაა.
კაცი შემოქმედის განსაკუთრებული ქმნილებაა, უკვდავებას ზიარებული. უკვდავება მისი სულის თვისება არ არის მხოლოდ, არამედ სხეულისაც, რომელიც მაცხოვრის მეორედ მოსვლის ჟამს უნდა აღდგეს.
წმ. მღვდელმოწამე მეთოდე ამბობს: სწორი არაა სულის განდიდებისათვის ხორცის დამცირება. სამოთხეშიც სხეული ჰქონდა ადამიანს; თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ მომაკვდინებელი ვნებანი სწორედ ხორცში ისადგურებენ.
ამგვარად, როცა ხორცს ვთრგუნავთ, ამით სხეულს კი არ ვგვემთ, არამედ ვებრძვით მასში ცოდვის გამო დაბუდებულ ბოროტ ვნებებს. თავისთავად კი განწმედილი და განსპეტაკებული სხეული იმდენად მშვენიერი და სათნოა, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტეს განხორციელების შემდეგ იგი წმიდა სამების სიდიადეში დაემკვიდრა.
ადამიანი უმშვენიერესი წმიდა სახეა შემოქმედისა, ხატებაა ღვთისა. ამიტომაა იგი გონიერი და უკვდავი. მსგავსება კი თვითონ უნდა მოიპოვოს თავისუფალი ნების წყალობით, რაც, წმ. მამათა სწავლებით, ცოდვებისაგან თავის შეკავებას გულისხმობს. ყველას მართებს დაუღალავი ზრუნვა ჩვენში ღვთის ხატების შენარჩუნებისა და მასთან მსგავსების მიღწევისათვის.
კაცთა მოდგმის ცოდვით დაცემის შემდგომი მთელი ცხოვრება დაპირისპირებაა ბოროტსა და კეთილს შორის. რაკი ბოროტი ძალა ღვთის წინაშე უძლურია, იგი ებრძვის ადამიანს, როგორც შემოქმედის უძვირფასეს ქმნილებას. ამიტომაც იქცა კაცი ცოდვის სუბიექტად და ობიექტად. სამწუხაროდ, ჩვენი ბუნებითი კანონი სიკეთისა, ჩვენი ნების სისუსტის გამო, ხშირად ვერ სძლევს ხოლმე მაცდურის ზრახვებს. უკეთურებისაგან თავის დაღწევისათვის ერთადერთი ნუგეში და იმედი მაცხოვარია, ჩვენი ხსნისათვის ამქვეყნად მოვლენილი, "რამეთუ შჯულმან სულისა ცხორებისამან ქრისტე იესუჲს მიერ განმათავისუფლა მე შჯულისა მისგან ცოდვისა და სიკუდილისა" (რომ. 8,2).
სად და როგორ ხდება ეს გათავისუფლება?
ქრისტეს საქმეს, სულის ხსნისა და გადარჩენის საქმეს ემსახურება ქრისტეს ეკლესია, რომელიც მუდამ იყო, არის და იქნება ჩვენი განმანათლებელი და განმაბრწყინვებელი უძლეველი ძალა. ლოცვითა და ადამიანის ცოდვილი ბუნების საიდუმლო განახლებით იგი ასრულებს თავის დიად მოვალეობას. ეკლესიის გარეშე სულის გადარჩენის მოიმედენი მწარედ ცდებიან.
მაინც რა არის სიკეთე ან ბოროტება, ასე გამუდმებით რომ ებრძვიან ერთმანეთს და რა მონაწილეობას იღებს ადამიანი მათ დაპირისპირებაში?
ბიბლიაში შესაქმის დამთავრების შემდეგ ვკითხულობთ: "და იხილა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნა, და აჰა კეთილ ფრიად" (დაბადება 1,31).
სიკეთის ერთადერთი წყარო და სათავე ღვთაებრივი სიყვარულია. იგი "სულგრძელ არს და ტკბილ, სიყვარულსა არა ჰშურნ, სიყვარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხჳნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არ განრისხნის, არამედ შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა, ყოველსა თავს-იდებს, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ. სიყუარული არასადა დავარდების" (I კორინ. 13,4-8).
წმ. ისააკ ასური კი წერს: "ღვთაებრივი სიყუარული ესე არს სამოთხე ზეციური, ხე ცხოვრებისა, სუფევა უფლისა, ღვინო, რომელი "ახარებს გულსა კაცისასა" (ფს. 109,15); შესვეს იგი განლაღებულთა - და შეიმოსეს კდემა, იგემეს ცოდვილთა - და განუდგნენ გზასა ბოროტისასა, იხილეს გემოჲ მისი უჯეროდ ღვინის მსმელთა - და მმარხველ იქმნენ, მიიღეს მდიდართა - და შეიყვარეს სიგლახაკე, შესვეს უბადრუკთა - და აღივსნენ იმედითა, დალიეს უძლურთა და განძლიერდნენ, იგემეს უმეცართა - და შეიძინეს სიბრძნე" (ისააკ ასური, სიტყვა 83).
"სიყვარული არის საძირკველი, წყარო და დედა ყოველთა კეთილთა", - ბრძანებს იოანე ოქროპირი.
მაშ, საიდან მოვიდა ამ ფრიად "კეთილად" ქმნილ, ღვთის სიყვარულით სავსე სამყაროში ბოროტება? როდის ან როგორ დაიძლევა იგი?
წმიდა მამების განმარტებით, ბოროტება არ არსია, არ წარმოადგენს სუბსტანციას. ადამიანმა ბოროტად გამოიყენა მინიჭებული თავისუფლება და ღვთის მცნების საპირისპირო გზას დაადგა. თავისთავად ბოროტებას არა აქვს თვითმყოფადი სახე. იგი არ არის სულდგმულთა და საგანთა ბუნება, რადგანაც ყოველივე ღვთისგან შექმნილი თავისთავად კეთილია.
ესა თუ ის არსება ან საგანი ბოროტად იქცევა მისი არასწორი გამოყენების გამო. ამდენად, ყოველი ბოროტება ბოროტმოქმედებისაგან მომდინარეობს. ბოროტება ცოდვაა, სიკეთის ნაკლებობაა.
წმიდა დიონისე წერს: "ბოროტსა არარაისა ძალუძს ქმნა, მხოლოდ ნგრევა და რღვევა არსებულისა". ამიტომაც დიდი შეცდომაა მასში რაიმე მნიშვნელოვანის ანდა შემოქმედებითი საწყისის დანახვა. ბოროტება არაფერს არ ქმნის, იგი არღვევს მხოლოდ.
- რატომ არის ცოდვა ასე მიმზიდველი? - ჰკითხვს ერთხელ ბასილი დიდს.
- ცდებით, მეგობარნო, - უპასუხა წმიდა მამამ, - მომხიბლავი მისი სამოსელია, თვით იგი კი არასოდეს ყოფილა მიმზიდველი.
ცოდვა არის საფუძველი პირველი და მეორე სიკვდილისა; ანუ საბაბი როგორც ფიზიკური სიკვდილისა, რომელიც ყოველი კაცის ხვედრია, ისე მიზეზი სულიერი სიკვდილისა, როცა სული მარადიულ ნეტარებას კარგავს და ჯოჯოხეთში მკვიდრდება. ამავე დროს, ცოდვა არის ადამიანსა და ღმერთს შორის და კაცთა შორის უთანხმოებისა და შუღლის მიზეზი.
"ერთისა მის კაცისათჳს ცოდვაჲ სოფლად შემოჴდა და ცოდვისა ძლით სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს" (რომ. 5,12), - წერს პავლე მოციქული. ყოველივე დამოკიდებულია ამქვეყნად ადამიანის თავისუფალ ნებაზე; რომელ გზას აირჩევს იგი: კეთილ საწყისს, თუ ბოროტების მოჩვენებითი მომხიბვლელობა ჩაითრევს თავის მოევში.
ნეტარი ავგუსტინე პირველი ადამიანის ზნეობაში ორ მდგომარეობას გამოყოფდა: "უცოდველობის შესაძლებლობას" და "ცოდვის შესაძლებლობას". მისი განმარტებით, სამოთხის მკვიდრთა "უცოდველობის შესაძლებლობის" მდგომარეობა გამუდმებული სიკეთის ქმნადობით უნდა გადაზრდილიყო "ცოდვის შეუძლებლობაში", მაგრამ ყოველივე ეს მოისპო ადამ და ევას მიერ ღვთის მცნების დარღვევის გამო.
თუ პირველ ადამიანს შეეძლო "უცოდველობის შესაძლებლობის" "ცოდვის შეუძლებლობამდე" ამაღლება, ჩვენ იესო ქრისტეს მეოხებით მოგვენიჭა ცოდვილი მდგომარეობიდან სულიერი განწმედით "უცოდველობის შესაძლებლობამდე", ანუ სამოთხის ადამამდე ამაღლების საშუალება.
სამწუხაროდ, დღევანდელი ადამიანი ხშირად ვერ აფასებს ცოდვის სიმძიმეს და ანგარიშს არ უწევს მის შედეგებს. ზოგჯერ ისეც კი ფიქრობენ, თითქოს ცოდვა საერთოდ არ არსებობს, რომ ამ სახელს ვუწოდებთ ადამიანის ბუნებრივ თვისებებს. ამგვარად მოაზროვნენი ჭეშმარიტებისაგან შორს დგანან და თავს მეორე სიკვდილისათვის ამზადებენ. ბოროტება სიკეთის ნაკლებობა კი არ არის მხოლოდ, არამედ მისდამი სრული დაპირისპირება, არა ნაწილობრივი დარღვევა კანონისა, არამედ მთლიანად უარყოფა მისი. "ცოდვაჲ იგი არს უსჯულოებაი" (I იოანე, 3,4),-ბრძანებს იოანე ღვთისმეტყველი.
თავისი ცხოვრების მანძილზე ადამიანი ჩვენთვის ხშირად აუხსნელ ციკლს გადის, რაც გულისხმობს დაცემასა და ამაღლებას, დამარცხებასა და გამარჯვებას, იმედის გაცრუებასა და სასოებას, ამ რთული პროცესის მიზანი სულის ხსნა და მეორე ცხოვრების მოპოვებაა.
ყოველი განვლილი დღე მარადიულობის კარიბჭესთან, სიკვდილის იდუმალებასთან გვაახლოებს. სხვადასხვანაირად ხვდებიან ადამიანები ამ უმნიშვნელოვანეს მომენტს. ნაწილს მიაჩნია, რომ სიკვდილთან ერთად არსებობაც მთავრდება და შემდეგში მიმდინარეობს მხოლოდ ქიმიურ ელემენტებად დაშლის პროცესი. ამიტომაც ესწრაფვიან ცხოვრებისაგან ყოველივეს მიღებას, თუმცა ბოლომდე ვერც ამას აღწევენ. სხვანი შეძლებისდაგვარად ემზადებიან სიკვდილისა და ახალი ცხოვრების დაწყებისათვის; რწმენითა და სიყვარულით აღვსებულთ მუდამ ახსოვთ მოციქულის სიტყვები: "ღმერთი სიყუარული არს და რომელი ეგოს სიყუარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა" (1 იოანე 4,5). ამიტომაც გულმოდგინედ ცდილობენ შეუდგნენ "სიმართლესა, ღმრთის მსახურებასა, სარწმუნოებასა, სიყვარულსა, მოთმინებასა, სიმშჳდესა" (I ტიმ 6,2), რათა აღასრულონ წმ. პავლეს დარიგება: "მოიღუაწე ღუაწლი იგი კეთილი სარწმუნოებისაჲ" (I ტიმ. 6,12).
როცა მეორე სიცოცხლეზე საუბრობს უფალი, ასე გვაფრთხილებს: "...იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხორებასა, და მცირედნი არიან, რომელნი ჰპოებენ მას" (მათე 7,14).
გადის თვეები, წლები... დიდთა და მცირეთ, ჩინებულთა და უჩინოთა, ბოროტთა და კეთილთ - ყველას დაუდგება მიწიერ ყოფასთან განშორების დღე. გარდაცვალება სინამდვილეში ხელახალი შობაა სხვა სამყაროში. ბედნიერი ხარ, თუ ეს სიტყვები შენც შეგეხება: "ნეტარ არს გზა ეგე, რომელსა წარმართებულ ხარ დღეს, სულო, რამეთუ ადგილი განსასვენებელი მოგელის შენ" (კურთხევანი).
მტკივნეულია ახლობელთან განშორება, მაგრამ ცრემლებისა და მწუხარების მიღმა უნდა დავინახოთ ნათელი დაუღამებელი, რომლითაც მოცულია განსვენებულის სული; უნდა დავინახოთ ქრისტეს მიერ სიკვდილის ძლევა.
გულდასმით უნდა ვიკითხოთ დიდებულთა და ღვთისსათნო ჩვენთა წინაპართა ისტორია, უნდა საფუძვლიანად გავეცნოთ წმიდათა ცხოვრებებს, რათა ვისწავლოთ, როგორ განვლიოთ საწუთრო და როგორ შევხვდეთ აღსასრულს.
მორწმუნისათვის სიკვდილის საიდუმლო იგივე თავისუფლების, მარადიული სიყვარულის საიდუმლოა.
ახლა ბევრი მიიჩნევს თავს მორწმუნედ, აღიარებს სულის უკვდავებას, მაგრამ მაინც არ ძალუძს, გული მთლიანად მიუძღვნას უფალს.
გვხვდებიან ისეთნიც, მიწიერ განსაცდელს რომ ვერ უძლებენ და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილნი თვითმკვლელობით ამთავრებენ სიცოცხლეს. ამ საშინელი აქტით ისინი უარს აცხადებენ იმ მიზნის განხორციელებაზე, რისთვისაც ამქვეყნად მოივლინნენ, უარს ეუბნებიან უფალს თავიანთი ვალის აღსრულებაზე. თვითმკვლელთათვის ლოცვაც არ შეიძლება, არც პანაშვიდის გადახდა და წესის აგება.
იცოდეთ, შემოქმედი იმაზე მძიმე ჯვარს არ გარგუნებთ, რისი აღებაც თქვენ არ შეგიძლიათ. სიმშვიდითა და სიმდაბლით მიიღეთ ცხოვრების ტვირთი და მუდამ გახსოვდეთ: ყველაზე მეტად სულს სჭირდება გაფრთხილება; მასზე ძვირფასი არა არის რა კაცისათვის. იგი განსაზღვრავს ჩვენი მარადიული სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს, ამიტომაც ბრძანებს მარკოზ მახარებელი: "რაჲ სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თჳსი იზღვიოს" (მარკ. 8,36). ჭეშმარიტად, მთელი ქვეყნის სიმდიდრეც არ არის ერთი სულის ფასი.
ცხოვრებას სურს გაგთელოს; მისთვის სულერთია, დიდი ხარ შენ თუ პატარა, მეცნიერი თუ უბრალო მუშა, მაგრამ გახსოვდეს, შენს გვერდით უხილავად მუდამ დგას უფალი, გამხნევებს და გეუბნება: "მე ვარ ღმერთი შენი, მპყრობელი მარჯუენისა შენისა, რომელმან გარქუ შენ: ნუ გეშინინ, რამეთუ შეგეწიო შენ" (ისაია 41,13).
მთავარია, ვიცოდეთ, ვართ თუ არა მზად ღმერთთან შესახვედრად, ღია არის თუ არა ჩვენი გული იესო ქრისტესათვის, შეგვიძლია თუ არა წარმოვთქვათ მეფე დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: "უფალმან მმწყსოს მე და მე არაი მაკლდეს. ადგილსა მწვანვილსა მუნ დამამკვიდრა მე; წყალთა ზედა განსასუენებელთასა გამომზარდა მე. მოაქცია სული ჩემი და მიძღოდა მე გზათა სიმართლისათა სახელისა მისისათვის. ვიდოდიღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ; კუერთხმან შენმან და არგანმან შენმან, ამათ ნუგეშინისმცეს მე. განმზადე წინაშე ჩემსა ტაბლაჲ წინაშე მაჭირვებელთა ჩემთა; განაპოხე ზეთითა თავი ჩემი და სასუმელმან შენმან დამათრო მე ვითარცა ურწყულმან" (ფს. 22,1-5).
ძალიან ხშირად მწუხარების გზით მივდივართ უფალთან, ამიტომაც ამბობს ანტონი დიდი: შეიყვარე განსაცდელი, რათა შეიძინო ღმერთი. ქრისტესთან ყოფნა, ცხოვრება მასში, სიცოცხლის აზრის მიგნებას ნიშნავს. სიცოცხლის აზრი - თავგანწირული სიყვარულია.
ხშირად გვიჭირს, ვიტანჯებით უსამართლობით, ძალადობით, გაუტანლობით; განა ცოტაა შემთხვევა, როცა ჩვენც ვცრუობთ, თვალებში ვუყურებთ მოსაუბრეს და მაინც ვატყუებთ; ვატყუებთ მიუხედავად იმისა, რომ ვგრძნობთ, მსმენელს არა სჯერა ჩვენი... ცუდი ზნე დაგვჩემდა. ჩვენი მამა-პაპანი, ალბათ, არ იყვნენ ჩვენსავით განათლებულნი, მაგრამ მათ ჰქონდათ უბრალოება და სიწმიდე. მათი სიმარტივე ანათებდა, იზიდავდა და ათბობდა სხვათაც; ერთმანეთსაც კარგად უგებდნენ და ყურის დაგდებაც შეეძლოთ, შეეძლოთ სმენა თვით სიჩუმისა.
მეცნიერებისა და ტექნიკის თანამედროვე მიღწევებს დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია, მაგრამ ისინი სერიოზულ საფრთხესაც ქმნიან დედამიწაზე სიცოცხლის მოსპობისათვის. გამალებული შეიარაღება შთანთქავს აურაცხელ თანხებს, რისი გამოყენებაც ცხოვრების ნორმალური პირობების შენარჩუნებისათვის გაცილებით საჭირო და აუცილებელი იქნებოდა.
ძალები სიკვდილისა ძლიერია, ხოლო სიცოცხლისა და სიყვარულისა - უძლიერესი. ბოროტების სიმტკიცე მოჩვენებითია, უძლურია სიკეთის წინაშე.
წელს ჩვენი ხალხი ზეიმით აღნიშნავს ფაშისტურ გერმანიაზე გამაჯვების 40 წლისთავს. რამდენი სიცოცხლე შეიწირა ამ ომმა, რამდენი მწუხარება, ცრემლი და გაჭირვება დაატეხა თავს ყოველ ოჯახს. ამიტომაც კარგად გვესმის მშვიდობის ფასი. ჩვენი ხალხი და მათ შორის საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს მის შესანარჩუნებლად. "უნდა ვიბრძოლოთ ომის წინააღმდეგ, ვიდრე იგი არ დაწყებულა. ისტორიის ეს გაკვეთილი, როგორც არასდროს, აქტუალურია დღეს, ბირთვული იარაღის საუკუნეში" (მსოფლიო მშვიდობის საბჭოს პრეზიდიუმის დეკლარაცია; მოსკოვი, მარტი, 1985 წ.).
ეკლესიაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. იგი ხომ სულიერ ღირებულებათა მცველია, და მოწოდებულია ადამიანის უფალთან შეხვედრის მომზადებისთვის; "მშჳდობასა შეუდეგით ყოველთა თანა და სიწმიდესა, რომლისა თჳნიერ ვერვინ იხილოს უფალი" (ებრაელთა 12,14), - გვარიგებს პავლე მოციქული.
ძმანო და დანო ჩემნო, ზემიწიერი სიხარულით აღვსილი ერთხელ კიდევ გულითადად მოგილოცავთ ქრისტეს აღდგომის დიად დღესასწაულს.
დაე, ღვთაებრივი სიყვარულის უშრეტი წყაროდან გარდამოიღვაროს ჩვენს გაციებულ გულებში რწმენა, სიყვარული, იმედი და, აქედან გამომდინარე, სიხარული და მშვიდობა. უფალი გვაფრთხილებს: "უსამართლოჲ იგი უსამართლოებდინ ჯერეთ, და შეგინებული შეიგინებოდენ ჯერეთ, და მართალი სიმართლესა იქმოდენ ჯერეთ, და წმიდაჲ იგი წმიდა იქმნებოდენ ჯერეთ. და აჰა ესერა მოვალ ადრე და სასყიდელი ჩემი ჩემთანა მიგებად თითოეულსა, ვითარცა საქმე მისი იყოს" (გამოცხ. 22,11-12). "იქმენ მორწმუნე ვიდრე სიკვდილამდე, და მოგცე შენ გჳრგჳნი იგი ცხორებისაჲ. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ... რომელმან სძლოს, არაჲ ევნოს მას სიკუდილისა მისგან მეორისა" (გამოცხ. 2, 10-11).
ღმერთმა დაგლოცოთ და დაგიფაროთ მეორე სიკვდილისაგან.
ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ ა ღ დ გ ა ქ რ ი ს ტ ე !
აღდგომა ქრისტესი,თბილისი, 1985 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
სააღდგომო ეპისტოლე - 1986
"მოვედით ყოველნო მორწმუნენო, თაყვანის-ვსცეთ
ქრისტეს ღმრთისა ჩვენისა აღდგომასა"
(ზატიკი)
ყოვლადსამღვდელონო მიტროპოლიტნო, მთავარეპისკოპოსნო და ეპისკოპოსნო, პატიოსანნო მოძღვარნო და დიაკონნო, ღვთისსაყვარელნო ბერ-მონოზონნო, მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, სულიერნო შვილნო საქართველოს წმიდა ეკლესიისა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი, ღვთივდაცული ივერიის მკვიდრნო და სამშობლოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!
გვიახლოვდება სიხარულითა და იდუმალებით სავსე ღამე, როდესაც ჩვენ ყველანი ერთითა ბაგითა და ერთითა გულითა ვიზეიმებთ სიცოცხლის მიერ სიკვდილის ძლევას - ქრისტეს დიდებულ აღდგომას.პასექის სიხარულით აღვსილი, უფლისა და თქვენი სიყვარულით გამთბარი, ჩვენი ღვთისმოსავი წინაპრების მიერ თითქმის 2000 წლის მანძილზე რწმენითა და სასოებით წარმოთქმული სიტყვებით გულითადად გილოცავთ:
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
სიკვდილის დათრგუნვით ჩვენთვის ჯვარცმულმა იესო ქრისტემ სძლია თვით მთავარი იგი ამის სოფლისაა (იოანე 12,31), ანუ ეშმაკი, რომელსაც ხელმწიფება ჰქონდა სიკვდილზე და ჩვენც ამ დიადი გამარჯვების თანაზიარნი გვყო. თვისი ვნებითა და აღდგომით მაცხოვარმა გვიხსნა როგორც ხორციელი, ისე, უპირველეს ყოვლისა, სულიერი სიკვდილისაგან - ღვთის მადლისა და მასთან ერთად, სულიერი ნათლის, სიხარულისა და ნეტარების მოკლებისაგან."თუმც ადამიანის სულს, - წერს ნეტარი ავგუსტინე, - სამართლიანად უწოდებენ უკვდავს, მაგრამ იგი თავისებურად მაინც კვდება. სიკვდილი მოდის მაშინ, როცა ღმერთი ტოვებს სულს. ამ სიკვდილს კიდევ სხვა სიკვდილი მოსდევს, რომელსაც წმიდა წერილი მეორე სიკვდილს უწოდებს... ეს სიკვდილი ყველა უბედურებაზე უფრო მძიმე და საზარელია, რადგანაც იგი სულისა და ხორცის გაყრას კი არ ნიშნავს, არამედ მათ შეერთებას საუკუნო სატანჯველისთვის" (წმ. მამათა შრომების დამატება, ნაწილი XV, გვ.625, მ. 1856).
იესო ქრისტეს აღდგომის რწმენა ჩვენი მრწამსის ქვაკუთხედია. უფალი რომ არ აღმდგარიყო, ქრისტიანული რწმენის ყველა ჭეშმარიტება ძალასა და აზრს დაკარგავდა. მოციქული პავლე, რომელიც ადრე დაუზოგავად დევნიდა იესოს მიმდევართ, შემდეგ კი წმიდა სახარების ერთ-ერთი უპირველესი მქადაგებელი გახდა, ასე სწერს კორინთელ ქრისტიანებს: "უკეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ცუდად სამე არს ქადაგებაჲ ჩუენი, და ცუდად არს, სარწმუნოება ეგე თქუენი" (I კორინ, 15,14). "ქრისტე ღმერთისა ძალ არს და ღმრთისა სიბრძნე" (I კორინ. 1,24).
იმდენად დიდი და მხურვალე იყო მისი რწმენა, რომ აღდგომილი მაცხოვრისათვის მან თავისი ნებით მიიღო სასჯელი და მოწამებრივი სიკვდილით დაასრულა სიცოცხლე რომში; იგი მოციქულ პეტრეს მსგავსად ჯვარზე არ უცვიათ. მას, როგორც რომის მოქალაქეს, მახვილით მოჰკვეთეს თავი. საკვირველია წმიდა პავლეს უსაზღვრო სიყვარული ღვთისა და ხალხისადმი. ამიტომაც ბრძანებს ასე: ვიცი, რომელი იგი მრწმენა (2 ტიმ. 1,12); ეს სიტყვები შეუძლია გაიმეოროს ყველამ, ვინც კი ღრმად ჩასწვდა წმიდა წერილის აზრს, ვისი ცხოვრებაცა და საქმიანობაც შეესატყვისება ღვთის მცნებებს: რადგან ამ შემთხვევაში იქნება რწმენა მისი ურყევი და წყარო სიყვარულისა - დაუშრეტელი მასში. ასეთი პიროვნება თვითონ იქცევა იმ დიდებულ ტაძრად, რომელშიც ივანებს უფალი და ჩვენ ხომ სწორედ ამისთვის ვართ მოწოდებულნი; მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ "სიკეთის ქმნა შეუძლია მხოლოდ მას, ვინც თავისი სურვილით მიდის სიკეთესთან და გონებით იღებს მას" (ვ. ს. სოლოვიოვი, რჩეული თხზულებანი, ტ.7, გვ. 147).
ჩვენს წინაშე მეტად მნიშვნელოვანი კითხვა დგას: სად არის დღევანდელ მსოფლიოში ადამიანის ადგილი?
კაცობრიობის მთელ ისტორიაში ადამიანის პრობლემა ყოველთვის ერთ-ერთი უმთავრესთაგანი იყო. ჩვენს დროში კი იგი იმდენად აქტუალური და ძნელად გადასაწყვეტი გახდა, რომ ზოგჯერ გვეჩვენება, - ამ სამყაროში აღარ დარჩა ადგილი კაცისთვის.
მეცნიერებამ და ტექნიკამ გიგანტური ნაბიჯები გადადგა წინ, რასაც მოჰყვა საზოგადოებრივი ცხოვრების სულ უფრო გართულება. შეძლებს კი ადამიანი ალღო აუღოს, შეისწავლოს და გამოიყენოს ეს ყველაფერი; შეძლებს, გაუმკლავდეს მის წინააღმდეგ დაძრული რობოტების მრავალმილიონიან ჯარს, თუ ამ უსულო მანქანების მონად იქცევა კაცი? შეეფარდება მეცნიერულ პროგრესს პიროვნების შესაძლებლობათა განვითარება მაშინ, როდესაც ტექნიკური წინსვლა მომავალში გაცილებით სწრაფი იქნება?
აუცილებელია ცოდნა იმისა, თუ ადამიანი შინაგანი განვითარების რა პოტენციალს ფლობს და როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს პოტენციალი ისე, რომ არ შევზღუდოთ ღვთის მიერ კაცისთვის მონიჭებული თავისუფალი ნება, რომლის გარეშე როგორც მატერიალურ-ტექნიკური, ისე სულიერი წინსვლა ვერ განხორციელდება.
მაგრამ როგორ მოვიპოვოთ თავისუფლება?
და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ... უკუეთუ ძემან განგათავისუფლნეს, ჭეშმარიტად თავის უფალ-იყუნეთ (იოანე VIII, 32,36), - ბრძანებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე.
"უფალი სულ არს, ხოლო სადა სული უფლისაჲ, მუნ აზნაურებაჲ (ე. ი. თავისუფლება) არს" (2 კორინ. 3, 17), - გვასწავლის პავლე მოციქული.
მიწიერსა და ყოველდღიურზე ზრუნვამ არ უნდა დაგვავიწყოს სული და სულიერი კულტურა, რადგან უსულოდ ნებისმიერმა მიღწევამ შეიძლება დაკარგოს ფასი და თვით ადამიანის საწინააღმდეგოდ მიიმართოს.
დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი გაუძლებს მატერიალურ-ტექნიკურ შემოტევას, თუ იგი რწმენას, სიყვარულს, ადამიანებთან კეთილ დამოკიდებულებას, მაღალ ინტელექტსა და კულტურას შეინარჩუნებს. სამწუხაროდ, ადამიანი ზოგჯერ კვლავ ძველი კატეგორიებით მსჯელობს, აუცილებელი კია თანამედროვე აღქმა მოვლენებისა და ყოველივე სიახლისადმი დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით მოკიდება. ამაზე ფიქრობენ დღეს ღვთისმეტყველნი და ფილოსოფოსნი, სოციოლოგები და ანთროპოლოგები, დღეს ეს საკითხი აღელვებს ყველას.
სწორედ ამიტომ უკანასკნელ წლებში შეიმჩნევა არსებითი ცვლილებები ადამიანის პრობლემისადმი დამოკიდებულების საკითხში. ახლა უკვე ყველა აღიარებს, რომ ამქვეყნად ადამიანზე ძვირფასი არაფერია, რომ იგია საზომი საზოგადოებრივი და მატერიალური ყოველგვარი სიმდიდრისა. თვით ისტორიაც სულ უფრო ხშირად განიხილება არა როგორც საზოგადოების ისტორია, არამედ, როგორც ადამიანის განვითარებისა და სულიერი სრულყოფის ისტორია.
მაინც რა დადებითი და უარყოფითი ცვლილებები მოხდა ანდა მიმდინარეობს პიროვნებაში, რა ახარებს და აღიზიანებს მას, რა მიმართულებით ვითარდება იგი, როგორ მოქმედებს მასზე განსხვავებული პირობები?
ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ დღეს ქვეყნად ჰუმანიზმი აღარ არსებობს, რომ იგი მოკვდა, ამოწურა თავისი შესაძლებლობები და იქცა ცარიელ, ფარისევლურ ფრაზად, ამ თვალსაზრისს არ შეიძლება დავეთანხმოთ, რადგანაც ჰუმანიზმი, ამ სიტყვის ფართო გაგებით, იქნება მანამ, ვიდრე ადამიანში იარსებებს ღვთის ხატება. ბეჭედი კი ღვთის ხატებისა არ ქრება; იგი შეიძლება ცოდვების გამო დაიჩრდილოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს მის წაშლას. ჰუმანიზმის სიკვდილი კაცობრიობის სიკვდილია.
საზოგადოების ნაწილი დიდ იმედს ამყარებს მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესზე და მიაჩნია, რომ სწორედ იგი მოუტანს კაცს ბედნიერებას. მეცნიერებასა და ტექნიკას შეუძლია გარკვეულ წილად შეცვალოს ფიზიკური სამყარო, შეცვალოს ჩვენი პლანეტის გარეგნული სახე, მისი ფლორა და ფაუნა, გეოგრაფიული ზედაპირი... მაგრამ ადამიანის გარდაქმნა, მისი გაკეთილშობილება და სულიერი ამაღლება ისევ და ისევ ადამიანის ხელთაა.
ჩვენს მეტად რთულ და დაძაბულ დროში ბევრი რამ არის დამოკიდებული საზოგადოების, მთელი სახელმწიფოსა და ცალკეული პიროვნების კულტურაზე. "სიტყვა კულტურა საზოგადოებრივ მეცნიერებებსა, და განსაკუთრებით ისტორიაში, ორი აზრით იხმარება. პირველის მიხედვით კულტურაში უმთავრესად იგულისხმება განათლება, როდესაც, მაგალითად, ლაპარაკობენ კულტურულ ერებზე ან საზოგადოების ფენებზე და უპირისპირებენ მათ უკულტურო ერებსა და კლასებს. იგივე გაგებით იხმარება გამოთქმა, ვთქვათ, კულტურული ადამიანი, კულტურული მანერები და ა.შ. კულტურას მეორე, გაცილებით ფართო გაგებას სძენს ყოფის მნიშვნელობა საერთოდ ანუ შინაგანი მდგომარეობა" (ბროკჰაუზენისა და ეფრონის ენციკლოპედია, ტ. 33). კულტურას ასე განყოფენ: მატერიალური (აქ იგულისხმება ცხოვრების პირობები, ჩაცმულობა, იარაღი, შეიარაღება, ძვირფასეულობა და ა.შ.), სულიერი; მასში შედის: რელიგია, ენა, ჩვეულებანი, ზნეობა, ცოდნა, ლიტერატურა, ხელოვნება... და საზოგადოებრივი კულტურა ანუ სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური, საზოგადოებრივი ფორმები და კანონები...
საზოგადოებრივი ყოფის დღევანდელი ფორმა თავისთავად ითხოვს ადამიანისაგან მრავალ სიახლეს: ახლებურად აზროვნებას, ღირებულებათა და წარმოდგენათა გადაფასებას, მაღალ სულიერ კულტურას.
ჩვენს საუკუნეში როდესაც ძალიან ბევრია უმაღლესდამთავრებული, ხოლო დანარჩენნი კი საშუალო განათლებით არიან, ვრწმუნდებით, რომ მხოლოდ განათლება კულტურას არ ნიშნავს.
განა კულტურული შეიძლება ეწოდოს პიროვნებას, რომელსაც შეუძლია სხვას ზიანი მოუტანოს? რომელმაც ცოდნა იმისთვის შეიძინა, რომ უფრო კარგად დაწეროს ცილისმწამებლური, ანონიმური წერილები, რომ უფრო მოხერხებულად დაუგოს მახე მოყვასს, დასცინოს და შეურაცხყოს იგი. ასეთი კაცი თავის ვიწრო ეგოიზმშია ჩაკეტილი, უსაზღვროა სიმდიდრისადმი მისი ლტოლვა და ყოველდღიური ზრუნვა მიწიერ სიკეთეთა მოსაპოვებლად;
რა შეიძლება ითქვას ისეთ კაცზე, რომელმაც არასწორი გზით მოიპოვა მაღალი სამსახურებრივი მდგომარეობა, რომელიც ცდილობს, დაამციროს, შეურაცხყოს მისდამი დაქვემდებარებულნი, ატყუებს ხალხს და ცხოვრობს პრინციპით: "მე ვარ ხელმძღვანელი, შენ ხარ სულელი; შენ ხარ ხელმძღვანელი, მე ვარ სულელი". ასეთი ადამიანი შორსაა არა მარტო ღვთისა და რწმენისაგან, არამედ ყოველგვარი კულტურისაგან.
ცუდად აღზრდილთათვის განათლება იგივეა, რაც მახვილი უგნურთა ხელში, - წერს ერთი ღვთისმეტყველი. ცხოვრება გვიჩვენებს, რომ რწმენის, სიყვარულის, თავმდაბლობის, თავშეკავებულობის, კეთილმოსურნეობის, თავაზიანობის, სხვისთვის ჭირში თანადგომის უნარის აღზრდის გარეშე დიდი ხარვეზი იქნება დაშვებული პიროვნების ჩამოყალიბებაში. ნუ დავივიწყებთ, რომ თუნდაც ერთი მოზარდის ნაკლოვანებები განსაზღვრულ პირობებში შეიძლება ხასიათის საშიშ თვისებებად იქცეს და გამოუსწორებელი ზიანი მოუტანოს საზოგადოებას.
ადამიანის შინაგანი კულტურა აუცილებლად გამოვლინდება გარეგნულ ქცევაში. თუმცა არცთუ იშვიათად დახვეწილ ქცევას, განათლებას, ეტიკეტის ცოდნას, გარეგნულ ბრწყინვალებასა და მოჩვენებით გულითადობას იყენებენ შინაგანი სიცარიელის, შურის, ზიზღისა და ცინიზმის დასაფარავად; მაგრამ "არა არს დაფარული, რომელი არ განცხადდეს" (მათე 10,26).
რთულია პიროვნების სულიერი სამყარო, მასში ორი ძალა მოქმედებს: სიკეთისა და ბოროტებისკენ მიმართული. მოციქული პავლე გრძნობდა რა შინაგან გაორებას, რომაელთა მიმართ ეპისტოლეში წერდა: "რომელსა-იგი ვიქმ, არა ვიცი, რამეთუ არა რომელი-იგი მე მნებავს, მას ვიქმ, არამედ რომელი-იგი მძულს, მას ვჰყოფ" (რომ. 7,15). მშვენივრად თქვა ჰაინრიხ ჰაინემ: "მსოფლიო ორად გაიყო და ბზარმა ჩემს გულზე გაიარა".
"მე ვარ უფალი - მკურნალი შენი" (გამოსვლათა 15,26), - ბრძანებს შემოქმედი და წინასწარმეტყველი იერემიას საშუალებით გვამცნობს: "აჰა, მე მოვაწიო მათ ზედა შებრძჳლვა და კურნება და განკურნნე იგინი, და ვყო მათთვს მშვიდობა და სარწმუნოება".
მხოლოდ ღმერთია მსოფლიოსა და კაცთა მკურნალი და მხსნელი, მხოლოდ მისი შეწევნით შეიძლება შინაგანი წინააღმდეგობის ძლევა, მშვიდობის დამყარება საკუთარ თავთან, მოყვასთან და ხალხთან ურთიერთობის მაღალი კულტურის მიღწევა, რაც აზრთა შემთხვევითი სხვადასხვაობისაგან თავის არიდებასა და მის სანაცვლოდ ოპტიმალური და შეთანხმებული გადაწყვეტილებების მიღებას გულისხმობს.
კულტურა არ უნდა იყოს ჩაკეტილი მხოლოდ მუზეუმებსა და თეატრებში; იგი უნდა იგრძნობოდეს ყველგან: ქუჩაში, ბაღებსა და სკვერებში. რესტორნებსა და კაფეებში, ყოველ ოჯახში. კულტურა არ არის მარტო სპორტსა და საზეიმო შეხვედრებში მონაწილეობა, არც მედლებისა და ჯილდოების დამსახურება, გამოფენების დათვალიერება, ბიბლიოთეკებსა და კაფეებში სიარული... კულტურა არის მუდმივი მზადყოფნა სხვისთვის სიხარულის მისანიჭებლად, ზრუნვა მომავლისათვის, ახალგაზრდებისა და საერთოდ ადამიანისათვის ღვთივმინიჭებული უნარისა და შესაძლებლობების გამოვლინებისათვის, მოყვასში და საკუთარ თავში შემოქმედებითი ძალისა და მრავალმხრივი ტალანტის აღმოჩენისა და გამომზეურებისთვის.
დიდი კულტურულ-საგანმანათლებლო მნიშვნელობა აქვს ლიტერატურას, თეატრსა და კინოს, საერთოდ ხელოვნებას. ტალანტითა და ნიჭით დაჯილდოებულ მწერალსა და რეჟისორს, რომელიც თვითონაც ცხოვრების შუაგულში ტრიალებს და ხედავს კაცთა გულის იდუმალ ზრახვებს, კეთილი მწყემსის მსგავსად ძალუძს, დაგვეხმაროს როგორც სინამდვილის შეცნობაში, ისე ჩვენთვის სავალი გზების მიგნებაში; ოღონდ ისე, რომ ჭრილობა მარტო კი არ გააშიშვლოს, არამედ უმკურნალოს მას ანდა გვასწავლოს მაინც როგორ მოვიშუშოთ იგი.
დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ სათქმელი რა ფორმით მივა მსმენელამდე.
ბერტოლ ბრეჰტი "მკითხველთან ჭკვიანური საუბრის ხელოვნებას" განასხვავებდა "რიტორიკული დიდაქტიკისაგან". "ჭკვიანური საუბრის ხელოვნება" მკითხვვლს აძლევს თავისუფლებას, ავტორთან ერთად იმსჯელოს, მრავალ საკითხში არც დაეთანხმოს მას; აღძრავს მოქმედების სურვილს. "რიტორიკული დიდაქტიზმი" კი მკითხველს ავტორის მონად აქცევს და აიძულებს, მუდამ ეთანხმებოდეს მის აზრს. "ჩემს თეატრში, - წერს ბრეჰტი, - მაყურებელს მონარქად ვაქცევ, მაგრამ მოჩვენებითად კი არა, არამედ ნამდვილ საზოგადოებრივ მოღვაწედ და მოაზროვნედ. ჩემი თეატრი მშრომელი ხალხისთვის იქცევა ლაბორატორიად... და მე ვიმოქმედებ კლასიკოსთა მოწოდებისამებრ: "გარდაქმენი სამყარო, სამყარო ამას მოითხოვს" (ფილოსოფიის საკითხები, №12, გვ. 5, მ. 1984).
კაცობრიობის კულტურის ისტორია გრძელი ჯაჭვის სახით წარმოგვიდგება, რომლის ყოველი ნაწილი მჭიდროდ არის დაკავშირებული წინა და მომდევნო რგოლებთან. მემკვიდრეობა და ურთიერთ გავლენა არის მთავარი ბიძგის მიმცემი კულტურის განვითარებისათვის.
ქართულმა ნაციონალურმა გენიამ, ეროვნულთან ერთად, შეითვისა რა ცხოველსმყოფელი წყარო რომაული, ბერძნული და აღმოსავლური ცივილიზაციებისა, შექმნა უდიდესი ტაძარი სულიერი შენობისა, რომლის მთავარი ხუროთმოძღვარი იყო ქრისტიანი ქართველი კაცი. საერთოდ ქრისტიანმა ადამიანმა მადლიერი რწმენითა და ცოდნით ამოკვეთა ზნეობრივი ცხოვრების ისეთი ბრწყინვალე კანონები და მაგალითები, რომლის მსგავსს არ იცნობდა წინარე ქრისტიანული მსოფლიო.
ასე რომ, კულტურა მხოლოდ ცალკეული ადამიანის პირადი საქმე როდია, იგი მთელი ხალხის სიმდიდრეა.
ჩვენი მიზანი არ არის კულტურის კანონებზე წერა, უბრალოდ გვსურს მეტი სერიოზულობით დავუფიქრდეთ ამ პრობლემას და მისდამი ჩვენს დამოკიდებულებას.
კულტურის საკითხთან დაკავშირებით უნდა შევეხოთ დროის პრობლემასაც. დროს ჩვენ ხშირად არ ვუფრთხილდებით, ანდა ნაკლებ ყურადღებას ვუთმობთ. სად არის საზღვარი წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის? ფსიქოლოგებმა იციან, რომ აწმყო დრო შეიძლება გასცილდეს დღის, თვისა და თვით ათეული წლების ფარგლებს. თუ მწერალს ან რომელიმე საზოგადო მოღვაწეს ვკითხავთ თქვენ ახლა რაზე ფიქრობთო? იგი არ გიპასუხებთ: ახლა ვცდილობ, პასუხი გავცე თქვენს შეკითხვასო; რადგან ის, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი, აზროვნებს არა წამებითა და წუთებით, არამედ დროის გაცილებით დიდი მონაკვეთებით.
"ჩვენი მხოლოდ აწმყოა", - ასეთი პრინციპი წამოაყენა სოკრატეს ერთ-ერთმა მოწაფემ, არისტიპემ.
დიახ, აწმყო უნდა დავაფასოთ და როგორც ფუტკარმა - თაფლი, ჩვენც ქველის საქმენი უნდა შევკრიბოთ. უნდა ვიჩქაროთ, რადგან არ ვიცით, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე. მუდამ უნდა გვახოვდეს სოლომონ მეფის სიტყვები: "უარს ნუ ეტყვი გაჭირვებულს დახმარებაზე, ოდეს ხელს შენსას ძალუძს შეწევნა" (იგავნი 3, 27). შეეწიე მოყვასს და საკუთარ თავს და შენ იქნები ბედნიერი. სიხარული მოგენიჭება, როცა სიკვდილისაგან იხსნი ადამიანს, დაეხმარები გაჭირვებულს, სულიერი მღელვარების ჟამს მხარში ამოუდგები მას, მხურვალედ ილოცებ, აღსარების საიდუმლოს საშუალებით გათავისუფლდები ცოდვებისაგან, წმინდა ზიარების წყალობით განიცდი უფალს შენში, აპატიებ შემცოდეთ, შეარიგებ დამდურებულთ, ჭეშმარიტების გზაზე დააყენებ შეცდომილთ - ყველა ასეთი წუთი ბედნიერების მომტანია და დიდი ხნის მანძილზე ასაზრდოებს სულს.
დროის ფაქტორი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ვფიქრობთ სამყაროს ბედზე, ხალხთა და სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაზე.
"დასავლეთი არის დასავლეთი, აღმოსავლეთი არის აღმოსავლეთი და ადგილიდან მათ ვერ დაძრავ", - წერდა XIX საუკუნეში ცნობილი მწერალი კიპლინგი. მას აღმოსავლეთი და დასავლეთი მიაჩნდა განსაკუთრებულ, დროითა და სივრცით დაყოფილ ცივილიზაციებად, რომლებიც ვითარდებიან არა მარტო დამოუკიდებლად, არამედ განსხვავებული კანონებითაც.
თანამედროვე ყოფამ მეტად დააახლოვა მიწიერი ყველა ცივილიზაცია, მაგრამ სხვაობა აზროვნებასა და შეხედულებებში კვლავ დარჩა. განსხვავებულია ადამიანთა ქცევა სხვადასხვა სიტუაციებში: ზოგი გარკვეულ წინააღმდეგობებთან შეჯახების შემდეგ იკრებს ძალას და ცდილობს, გამოასწოროს მისთვის არახელსაყრელი მდგომარეობა. სხვა კი შედარებით იოლად ეგუება მას, სამაგიეროდ თვითონ იცვლის ქცევას და მიზანს. მესამე არჩევს, განერიდოს არასასურველ ვითარებას.
ეკლესიის მთავარი მოვალეობა და დანიშნულებაა ხალხისა და ქვეყნისთვის მსხვერპლად შეწირული სამსახური, მსახურება აღმოსავლეთისთვისაც და დასავლეთისთვისაც, საერთოდ ყველასთვის, მსახურება მშვიდობისა და სიყვარულისთვის. წმიდა იოანე ოქროპირი წერს: "მშვიდობა თუ არის, იქნება სიყვარულიც და პირიქით, სადაც სიყვარულია, იქ მშვიდობა ისადგურებს". (იოანე ოქროპირი, ტ. II, გვ. 216).
ჩვენი დროისთვის დამახასიათებელია როგორც ომის საშიშროება, ისე ომის საწინააღმდეგო ერთობლივი მოქმედება, რომელშიც რელიგიური წრეებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ. და ეს გასაგებია, რადგან მშვიდობისაკენ სწრაფვა და მისთვის ბრძოლა ყოველი ქრისტიანის წმიდა მოვალეობაა.
აღვავლენთ ლოცვებს მათთვის, ვინც იღვწის ქვეყნად ღვთივკურთხეული მშვიდობის შენარჩუნებისათვის, სახელმწიფოთა და ხალხთა შორის ურთიერთგაგებისა და მეგობრობის განმტკიცებისათვის.
აღდგომილმა მაცხოვარმა დღეს თითოეულ ჩვენგანს გამოუთქმელი და აუხსხელი სიხარული და იმედი მიანიჭა, რომელსაც მთელი წლის მანძილზე უნდა გავუფრთხილდეთ. რა არის ეს? იგი შინაგანი დამშვიდებაა, ყოველი კეთილი ზრახვისა და მისწრაფების დაკმაყოფილებაა, მშვიდობაა უფალთან, მოყვასთან და საკუთარ სინდისთან; იგი შეგრძნებაა სიხარულისა, სიცოცხლის სისავსისა და სურვილი უმწიკვლო, წმიდა ცხოვრებისა. ამგვარი სიხარული რჩეულთა ხვედრია, მათი კუთვნილებაა, ვინც აღიარებს იესო ქრისტეს და მის გზას მიჰყვება, ვისაც ყოველთვის ესმის ხმა ღვთისა, ესმის და გრძნობს ხალხის მწუხარებას.
სიხარული მოგვეახლა, მორწმუნენო, ღვთაებრივი მადლის სიუხვისა, "რამეთუ - (ღმერთმა!) კეთილსა კაცსა წინაშე პირსა მისსა მისცა სიბრძნე, და მეცნიერება, და სიხარული" (ეკლესიასტე 2, 26), - გვასწავლის ბრძენი ეკლესიასტე.
სიხარული, სიყვარული და ღვთის დიდება არ მოგკლებოდეთ აწ და მარადის.
ყოველ თქვენგანს კიდევ ერთხელ ვულოცავ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს - სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას. "სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი? სად არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი?" (I კორინთელთა 15,55).
გიხაროდეთ ორსავე სოფელსა შინა.
ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ ა ღ დ გ ა ქ რ ი ს ტ ე !
ქრისტესმიერი სიყვარულით.
აღდგომა ქრისტესი.
თბილისი, 1986 წ.