ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: საზრდელის მიღება
722. როდესაც მამებთან ერთად სადილობა მომიწევს და რომელიმე მათგანი წინამდებარე საჭმელს აკურთხებს, ჭამა რომ დავიწყო, უნდა ვუთხრა მას: „მაკურთხე“ და დაველოდო, სანამ ის ხელახლა მაკურთხებს ჭამისათვის, თუ პირველ კურთხევას დავჯერდე? ზოგჯერ, როდესაც ამას ვთხოვ, მისი გონება სხვა რამით არის დაკავებული და აყოვნებს პასუხის გაცემას, მე კი ყოველთვის ვწუხვარ ამაზე. ასევე, სანამ საკვებს შევეხები, ჯვარი უნდა გადავსახო მას თუ არა?
მან ერთხელ უკვე აკურთხა საჭმელი და მეორე კურთხევის ლოდინი ზედმეტია. ასევე საკვების დაბეჭდვა, ანუ მასზე ჯვრის გამოსახვა, არაა აუცილებელი, რადგან კურთხევა იგივე ბეჭედია. ამიტომაც არ შეიძლება ეს, რათა მაკურთხეველს ან სხვა ვინმეს, აზრი არ აღეძრას, თითქოს შენ არ გწამს მისი კურთხევისა და ამის გამო არ დაბრკოლდეს.
723. თუკი მამები, რომლებთანაც დავდივარ, წინამდებარე საკვების კურთხევას მაიძულებენ, გავუგონო მათ თუ არა?
არ გაუგონო, არამედ უთხარი: „მე არა ვარ მღვდელი და არც მონაზვნის სქემა შემიმოსავს, ერთი ცოდვილი ერისკაცი ვარ და ეს ჩემს საზომს აღემატება, შემინდეთ, ღვთის გულისათვის“.
724. თუ ყველა ტრაპეზთან მსხდომი, ერის ადამიანია და არავინაა ტრაპეზი რომ აკურთხოს, როგორ მოვიქცეთ?
საკვებთან მიახლებისას, ერისკაცებიც უნდა აკურთხევდნენ ღმერთს, რამეთუ ღვთის ხსოვნით საკვები იწმინდება; თუმცა ასეთ კურთხევას ისეთი მნიშვნელობა არა აქვს, როგორც ღვთისმსახურისას. ის მხოლოდ ღვთის დიდება და ხსოვნაა, რამეთუ ღვთის ხსოვნა და დიდება ყველას შეშვენის; ამიტომ ამის გაკეთება ერისკაცებისთვისაც კარგია, როცა მათ შორის არავინაა ისეთი, ვისაც საკვების კურთხევა შეუძლია.
725. როდესაც ისინი ეჭვობენ, თუ ვინ აკურთხოს საჭმელი, და ერთმანეთს უთმობენ, როგორ მოიქცნენ?
მასპინძელმა საჭმლის კურთხევა იმას უნდა სთხოვოს, ვისი ხელიდანაც ისურვებს მის კურთხევას. თუ არავინ კადნიერდება, მაშინ, კამათის ასარიდებლად, მან თავის თავზე უნდა აიღოს ეს და თქვას: „წმინდა მამების ლოცვით უფალმა შეგვიწყალოს, ამინ“
726. თქვენ თქვით, რომ საკვების ხმევის დროს ერისკაცებმაც უნდა გაიხსენონ ღმერთი, რათა მისმა გახსენებამ საჭმელი გაწმინდოს. მაგრამ თუ ზემოთ ნათქვამ მუხლს და ლოცვას მანამ წარმოვთქვამთ, სანამ პურს დადებენ ტრაპეზზე, კარგია ეს, თუ არა?
ამის წარმოთქმა მანამდეც შეიძლება, მაგრამ რადგან ლოცვაში ვამბობთ: „აკურთხე წინადაგებულიო“, ამიტომ წესის თანახმად, კარგი იქნება თუ ლოცვას მაშინ ვიტყვით, როცა პური უკვე ტრაპეზზე დევს.