image

თემა: უსამართლობა,  მოთმინება


უსამართლობის დათმენა

იცით, როგორ ცხარობ, როდესაც ვინმე შეცდომილს მიწოდებს?! "დიდება შენდა ღმერთო, - ვამბობ, ამ სიტყვისთვის ხომ სასყიდელს მივიღებ, წმინდანი რომ ეწოდებინათ ჩემთვის, მაშინ თვითონ ვიქნებოდი მოვალე". არ არსებობს ქვეყნად უტკბესი რამ, ვიდრე უსამართლობის დათმენაა.
    
    ერთხელ ვიღაცამ ჩემი სენაკის გვერდით კუტიკარის რკინის ურდულზე დააკაკუნა. სტუმრების მიღების დრო ჯერაც არ დამდგარყო. გარეთ გავიხედე და ნათელი სახის ყმაწვილი შევნიშნე, რადგანაც საღმრთო მადლს ასე აშკარად გაებრწყინებინა, როგორც ჩანს, მან პირადი გამოცდილებით შეიგრძნო რაღაც - უაღრესად სულიერი. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ გადაუდებელი საქმეები მქონდა, ყველაფერი გადავდე, კარი გავუღე და სენაკში შემოვიწვიე. წყალი მივუტანე და რაკი ვხედავდი, რომ მასში დიდი სულიერება იფარებოდ, მისი ცხოვრების შესახებ გამოკითხვა ფრთხილად დავუწყე. - "რას საქმიანობ, ყმაწვილო"? - ვკითხე. - "რა საქმიანობა, მამაო, მე ხომ ციხეში გავიზარდე, ახლა 26 წლის ვარ და ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ციხეში მაქვს გატარებული". - მომიგო მან, - "ამისთანა რა ჩაიდინე, რომ ციხეში აღმოჩდი"? - გავიკვირვე. - "ბავშვობიდან ძალიან მიმძიმდა უბედური ადამიანების ცქერა, ყველა გაჭირვებულს სახელით - პირადად ვიცნობდი, როგორც ჩვენს, ისე მეზობელ მრევლში, იმ ხალხს, ვისაც უჭირდა, ან რაიმე გამოუვალ მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი. ჩვენი მრევლის მღვდელი და მამასახლისი კი აგროვებდნენ და აგროვებდნენ ფულს და მას შენობების, დარბაზების და ეკლესიის კეთილმოწყობისათვის ხარჯავდნენ. საცოდავ, გაჭირვებულ ადამიანებს არად აგდებდნენ. არ შემიძლია განვსაჯო, ნამდვილად იყო თუ არა საჭირო ამდენი მშენებლობები. უბრალოდ, იმაზე ვლაპარაკობ, რომ ძალიან ბევრ გაჭირვებულს ვხედავდი; და აი, მაშინ დავიწყე შემოწირული ფულის ჩუმად აღება, მთლიანად არ ვიღებდი, არამედ - მხოლოდ აუცილებელს. ვყიდულობდი პროდუქტს, ირველი მოხმარების საგნებს და ღარიბებს სახლის კართან ვუტოვებდი. ამის შემდეგ ძალიან მალე, რადგან არ მინდოდა, რომ დაეჭირათ უდანაშაულო ადამიანები, მივედი პოლიციაში და განვაცხადე: - "ეკლესიიდან ფული მოვიპარე და დავხარჯე". - მეტი არაფერი მითქვამს, მცემდნენ, ნაძირალას და ქურდს მიწოდებდნენ, მაგრამ ხმას არ ვიღებდი. მერე ციხეში ჩამსვეს. ამგვარად გრძელდებოდა რამოდენიმე წელიწადი. ჩვენს ქალაქში ოცდაათი ათასი ადამიანი ცხოვრობს, თითოეული მათგანისათვის ქურდი და ნაძირალა ვიყვი. ვდუმდი და მიხაროდა... ამგვარად გავატარე ციხეში მთელი სამი წელი. ზოგჯერ მხოლოდ ეჭვის გამო მიჭერდნენ, როდესაც სადმე ქურდობა მოხდებოდა, სრულიად უმიზეზოდ მე მაბრალებდნენ და როცა ნამდვილდ დამნაშავეს დაიჭერდნენ, მხოლოდ ამის შემდეგ მათავისუფლებდნენ.
    
    მაგრამ თუ დამნაშავის დაჭერას ვერ შეძლებდნენ, სასჯელის ვადას მთლიანად ვიხდიდი. ამიტომაც გითხარი, მამაო, რომ ცხოვრების უმეტესი ნაწილი ციხეში გავატარე მეთქი".
    
    ყურადღებით მოვისმინე მისი მონათხრობი და ვთქვი: - "აი რა, ყმაწვილო, მართალია, ყველაფერი, რაც შენ მომიყევი, ერთი შეხედვით ძალიან კარგი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში კარგი მასში არაფერია, ასე მეტად ნუღარ მოიქცევი, მე რაღაცას გირჩევ, ჩემს რჩევას დაუჯერებ"? - "დავუჯერებ"! - მითხრა მან, - "აუცილებელია, რომ მშობლიური ქალაქიდან წახვიდე. გაემგზავრე იქ, სადაც არავინ გიცნობს. მე ვიზრუნებ, რომ იქ კეთილა ადამიანებთან მოხვდე, მუშაობა დაიწყე და შეძლებისდაგვარად დაეხმარე გაჭირვებულებს. უკანასკნელი პურის ნაჭერი გაუყავი მათ, იმიტომ, რომ ამას უმეტესი ფასი აქვს, ვიდრე იმას, რასც აქამდე აკეთებდი. მაგრამ თუკი ადამიანს გლახაკისათვის მისაცემი არაფერი აქვს და ამის გამო გული სტკივა, იგი უმეტეს მოწყალებას აძლევს. ის მას მოწყალებას თავისი გულის სისხლით მიაგებს. როდესაც ადამიანი მოწყალებას იმიტომ გასცემს, რომ მას აქვს გასაცემი, იმ დროს დიდ სიხარულს განიცდის, მაგრამ თუკი არაფერი აქვს, გულისტკივილს გრძნობს". - ახალგაზრდამ მომისმინა, დამპირდა, რომ ყველაფერს შეასრულებდა და გახარებული წავიდა.
    
    შვიდი თვე გავიდა და კორიდალის ციხიდან წერილი მივიღე, კონვერტი გავხსენი და წავიკითხე: "მამაო, ალბათ გაგაკვირვებს, რომ შენი ამდენი დარიგებისა და შენთვის მოცემული პირობის შემდეგ ისევ ციხიდან გწერ; მაგრამ იცოდე, რომ ამჟამად ვიხდი სასჯელს, რომელიც ადრე უკვე მოვიხადე; რაღაც საბედისწერო შეცდომა მოხდა, მადლობა ღმერთს, რომ ადამიანთა შორის არ არსეობობს სამართლიანობა. ის რომ ქვეყნად არსებულიყო, ეს დიდი უსამართლობა იქნებოდა სულიერი ადამიანებისადმი, რომლებიც ამის გამო ზეციურ საზღაურს დაკარგავდნენ". - ეს რომ წავიკითხე, განცვიფრებული დავრჩი ამ ახალგაზრდა კაცით, რომელმაც ასეთი მხურვალებით ითვირთა სულიერი ცხოვრება და საერთოდაც: ასე ღრმად ჩასწვდა ცხოვრების აღრმეს აზრს. ქურდი ქრისტესთვის!.. მან საკუთარ თავში ადგილი დაუთმო ქრისტეს. ის ღვთისათვის შეშლილი იყო, სადღესასწაულო სიხარულს განიცდიდა.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები