ავტორი:
წმ. გრიგოლ პალამა
თემა: განუწყვეტელი ლოცვა, იესოს ლოცვა
ნურავინ იფიქრებს, ძმებო, ქრისტიანენო, თითქოს მხოლოდ სამღვდელო პირებს და მონაზვნებს აკისრიათ უწყვეტი და მუდმივი ლოცვის მოვალეობა და ერის ადამიანებს - არა. არა, არა: ჩვენ ყველანი, ქრისტიანენი, ვალდებულნი ვართ, განუწყვეტლად და მუდმივად ვილოცვიდსეთ... გრიგორი ღვთისმეტყველიც თითოეულ ქრისტიანს ასე გვასწავლის და გვმოძღვრავს, რომ უფრო ხშირად გვმართებს ღვთის სახელის ხსენება, ვიდრე ჰაერის შესუნთქვა... ამასთან, არ უნდა დავივიწყოთ უწყვეტი ლოცვის საშუალებაც. აღვასრულოთ, თუ ვისურვებთ. რამეთუ, როცა ვხელსაქმობთ, ან დავდივართ, ან საკვებს ვღებულობთ, ან ვსვამთ, ყოველთვის ძალგვიძს გონებით ვილოცოთ და აღვასრულოთ გონებრივი, ღვთისთვის სათნო, ჭეშმარიტი ლოცვა. სხეულით ვიშრომოთ, ხოლო სულით ვილოცოთ. ჩვენმა გარეგანმა ადამიანმა, დაე, სხეულით თავისი საქმეები აკეთოს, შინაგანმა კი, მთლიანად მიუძვნას თავი ღვთის მსახურებას და არასოდეს მიატოვოს სულიერი საქმიანობა გონიერ ლოცვაში, როგორც თავად განკაცებული ღმერთი იესო გვმოძღვრავს წმიდა სახარებაში: "ხოლო შენ რაჟამს ილოცვიდე, შევედ საუნჯესა შენსა და დახშ კარი შენი და ილოცე მამისა შენისა მიმართ ფარულად (მათე 6, 6). სულის საუნჯე არის სხეული, ხოლო სხეულის ხუთი გრძნობა არის კარი. სული თავის საუნჯეში შედის, როცა გონება ამ სოფლის საზრუნავებსა და საქმეებზე აქეთ-იქით არ დაეხეტება და ასე რჩება, თუ ჩვენ არ ვაძლევთ მათ საშუალებას გარესამყაროს გრძნობისაღმძვრელი საგნებისკენ ლტოლვისა, და გონებაც, ყოველგვარი ამსოფლიური საზრუნავისაგან თავისუფალი და განკრძალული, გონიერი ლოცვით უერთდება საკუთარ მამას, ღმერთს.