უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ ყოველმა ჩვენგანმა განვლილი წლის მანძილზე რა გააკეთა სამარადისო ცხოვრებისათვის მოსამზადებლად. დაე, ყველას უპასუხოს ამაზე მისმა შინაგანმა ხმამ.
პაისი ათონელი წერს: "თუ ადამიანი არ ფიქრობს მეორე ადამიანზე, არ გამოდის თავისი "მე"-დან და გამუდმებით თავისი თავის გარშემო ტრიალებს,... ის იმ ღერძს მიღმაა, რომელიც ქრისტეა".
იმისათვის, რომ ღრმად ჩავწვდეთ სულიერი პრობლემების არსს, გავხდეთ ღვთისმეტყველი, საჭიროა ჭეშმარიტად ქრისტიანული ცხოვრება და არა მხოლოდ ეკლესიური დოგმატების შესწავლა.
პიროვნება თუ ერი თვითონ ქმნის თავის ხვედრს. თუ ჩვენ ღვთის მცნებათა დაცვით ვიცხოვრებთ და ღვთის შიში და სიყვარული იქნება ჩვენი თანამდევი, ვერავითარი ძალა ვერ მოგვერევა.
ცოდვასთან ერთად ადამიანის სულში შემოდის შიში. ეს ჯერ კიდევ სამოთხეში მოხდა: ადამმა დარღვია რა მცნება, სურდა დამალვოდა უფალს და მერეღა აღიარა, რომ ასე შიშის გამო მოიქცა.
ჩვენს რთულ ეპოქას, დამძიმებულს ტყვიითა და წამლით, მშვიდობა უნდა და სიყვარული... ჩვენს სამშობლოსაც, საქართველოს, შრომისა და სიყვარულის მარად ერთგულ ხალხს, მშვიდობა უნდა.
რა საერთო აქვს სიკეთეს ბოროტებასთან, რატომ ებრძვის უკეთურება სათნოებას? იმიტომ, რომ ბოროტება ყველასათვის თვალსაჩინო, ხილული ხდება და ეშინია, არ ამხილონ, არ უარყონ იგი.
ღვთის წინაშე ყველანი თანასწორნი ვართ და ჩვენს შორის მეტ-ნაკლებობას მხოლოდ სულიერი განვითარება განაპირობებს და არა სიმდიდრე, წარმომავლობა, გარეგნობა ან თანამდებობა.
სხვა ცოდვა უფრო უხეშია და სულშიც ისე არ ღვივდება, როგორც შური, - წერს ბასილი დიდი, - შური კი ისე ჭამს კაცის გულს, როგორც ჟანგი რკინას... შური არის წუხილი სხვის სიკეთესა ზედა.
დრო და უსასრულობა თითქოს დაობენ ერთმანეთთან. თითოეული თავისას ითხოვს, ღმერთი კი მათ აერთიანებს, რადგან ორივე მის მიერაა შექმნილი და ერთსა და იმავე მიზანს ემსახურება.