წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
თუ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებთ არა გვაქვს ისეთი ბედნიერება და კეთილდღეობა, როგორიც მის მშვენიერ ბუნებას შეეფერება, ამის მიზეზი ჩვენი ცუდი თვისებებია, კერძოდ ის, რომ არ გვაქვს, კეთილგანწყობა ერთმანეთის მიმართ, ჩვენს საქმეებში არ სუფევს სიმართლე, ერთმანეთს სიძულვილით, შურითა და მძლავრობით ვაწუხებთ და არა ღმრთის სასუფეველსა და სიმაღლეს, არამედ ბოროტებას ვეძიებთ. ქვეყნის საერთო კეთილდღეობის საფუძველი ისაა, რომ საზოგადოების წევრებმა ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ. ჩვენთან კი თითქმის ყოველი კაცი ასე ფიქრობს - არც მე მქონდეს და არც სხვასო. ეს საშინელი ჩვეულება უნდა დავივიწყოთ და მტკიცედ უნდა გვახსოვდეს უფლის სიტყვები, თუ პირველ რიგში ღმერთის სასუფეველისა და სიმართლის მოპოვებისათვის ვიზრუნებთ, ყოველივე შეგეძინება (I, 220–224; 227–229).
ეცადეთ, რომ ღმრთის სასუფეველი თქვენს გულებში დაარსდეს, ღმრთის სიმართლე შეიცნოთ და შეიყვაროთ იგი, და მაშინ ყოველივე დანარჩენი - მშვიდობა, სიხარული და ამქვეყნიური საჭიროებანი: საჭმელი, სასმელი, ტანისამოსი და სხვა - თავისთავად მოგენიჭებათ. ბედნიერება მშვიდი, მხიარული და მხნე სულის მდგომარეობაა და მისი განცდა მხოლოდ წმინდა სინდისის მქონე კაცს შეუძლია. თუ სული და გული კაცისა აღშფოთებული, აღელვებული და მოუსვენარია, ურიცხვი სიმდიდრეცა და პატივიც რომ ჰქონდეს, ბედნიერი მაინც ვერ იქნება.
შენც უნდა ეცადო, რომ გული კეთილად განიწმინდო, და ყოველნი ცოდვანი მისგან ფესვებიანად ამოგლიჯო. თუ თავი კარგად არ განიხილე და მოძღვარს შენი სულიერი მდგომარეობა კარგად არ აცნობე, მას შენი განკურნება გაუძნელდება. ცოდვა სულისათვის იგივეა, რაც სნეულება ხორცისათვის. ისევე, როგორც მკურნალი ვერ შეძლებს ხორციელი სნეულის მორჩენას თუ მისი მიზეზი არ შეიტყო, ასევე მოძღვარიც ვერ განგკურნავს ცოდვისაგან, თუ მის მიზეზს არ აუწყებ.
მონანიება და აღსარება ერთი იმ შვიდთა საიდუმლოთაგანია, რომელიც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მისთვის დააწესა, რომ მორწმუნემ სულის განსამტკიცებლად და საცხოვნებელად სულიწმიდის უხილავი მადლი მიიღოს. აღსარებისას მონანული თავის ყოველ ცოდვას გაიხსენებს, გულწრფელად ეტყვის მოძღვარს და მისგან შენდობას მიიღებს. როგორც ვიცით, მაცხოვარმა თავის მოწაფეებს ქვეყანასა ზედა კაცთა შეკვრისა და გახსნის უფლება მისცა. ეს უფლება მოციქულებმა თავიანთ მოადგილეებს გადასცეს და ვიდრე აქამომდე მოძღვარნი თქვენდა საცხოვნელად ამ უფლებას იყენებენ.
აღსარებას დიდი მომზადება უნდა. მხოლოდ ჩადენილი ცოდვების დამახსოვრება და ჩამოთვლა საკმარისი არაა. უმთავრესი საკუთარი შინაგანი მდგომარეობის, ანუ იმ მიზეზების გამოძიებაა, რომელმაც ცოდვა გამოიწვია. თითოეულ ცოდვას ხომ ჩვენს გულში თავისი წყარო და ფესვი აქვს და რომელიმე ცუდი თვისებისა და ბოროტი მიდრეკილებისაგან ჩნდება. ერთნი გულფიცხელობის გამო ვარდებიან ცოდვაში, მეორენი ამპარტავნებისა, სხვანი კიდევ ანგარებისა და ა.შ.
აღსარება ის არის, როდესაც კაცი თავისი სინდისისაგან მხილებული და იძულებული, თავისი თავის უღირსებასა და ცოდვილობას ჯერ თავის გულში პირუთვნელად გაამტყუნებს, შემდეგ კი თავის ცოდვებს მოძღვარს აღუარებს. ცოდვა ერთგვარად ხორცში შერჭობილ ეკალს ჰგავს, - სანამ ეკალს არ გამოიღებ, წყლული არ მორჩება; მსგავსადვე, თუ კაცმა აღსარებაში ცოდვა არ წარმოთქვა, მის გულში მისივე სავნებელად დარჩება
მშობლებმა საკუთარი სახლი და ოჯახი უნდა აქციონ საღმრთო ტაძრად და თავიანთ შვილებს ადრიდანვე თვითონვე უნდა ზრდიდნენ და ანათლებდნენ. გარეგნულად ჩვენი ახალგაზრდობა თავაზიანი და ზრდილობიანია, მაგრამ ეს საკმარისი არაა, მთავარია, ბავშვს სული და გული ჰქონდეს კეთილი. კარგი და ცუდი მიდრეკილებანი ადამიანს უკვე ჩვილობაშივე უყალიბდება. ამიტომ მისი აღზრდა თავიდანვეა საჭირო. ჩვენს ქვეყანაში გავრცელებული ურთიერთსიძულვილის, შფოთისა და შურის პირველი მიზეზი ისაა, რომ მშობლები შვილებს თავიდანვე არ უნერგავენ სიყვარულისა და ერთობის გრძნობას.
მშობლებმა თავიანთ შვილებს ზნეობა, პატიოსნება, სიცრუის სიძულვილი და ყოველივე სიყალბის მორიდება სიყრმიდან, სამი-ოთხი წლიდანვე უნდა ასწავლონ. ბავშვი როგორც კი ენას ამოიდგამს, მაშინვე ცუდისა და კარგის, მოსაწონისა და დასაწუნებლის ცოტაოდენი გარჩევა უნდა შეასმინონ, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ უფრო საკუთარი ქცევით. ვიდრე ყრმა დედმამაზეა დამორჩილებული მანამდე უნდა წარემატოს ზნეობით, სიმართლითა და სათნოებით, თორემ მერე მისი ხასიათის გამოსწორება ძნელი იქნება. ცუდ საფუძველზე კარგი სწავლა არ დაეშენება. მშობლებმა შვილება უნდა შეაგონონ, რომ ღმერთი ყოველ მის აზრსა და საქმეს ხედავს, მას ღმრთისა უნდა რცხვენოდეს და ცუდ საქმეს ერიდებოდეს ღმრთის გულისათვის, სულისა და გულის სიღრმეში მართლმსაჯული და წრფელი სინდისი უნდა გაუჩინონ და გაუზარდონ