ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
დილით, გაღვიძებისთანავე, როგორც კი თვალს გაახელთ, შეეცადეთ ყურადღება შიგნით ნინართოთ და სითბო აღძრათ. ჩათვალეთ ეს თქვენს ნორმალურ მდგომარეობად. თუ ამას ვერ ახერხებთ, იცოდეთ, თქვენში უწესრიგობაა. დილით მომართავთ თუ არა თავს ამგვარად, ყოველივე სავალდებულო საქმე ისე აღასრულეთ, თქვენი შინაგანი განწყობა რომ არ დაირღვეს. აკეთეთ სხვა ყველაფერი, რაც ხელს არ უშლის ამ მდგომარეობას; ხოლო რაც არღვევს მას, არანაირი საბაბით არ გააკეთოთ, რამეთუ ეს იქნება საკუთარი თავის მტრობის ტოლფასი... დადიდგინეთ წესად, გონებით ღვთის წინაშე დგომის მეშვეობით გაუფრთხილდეთ ყურადღებას და სითბოს.
ეს კი მიგანიშნებთ, თუ რა და როგორ უნდა აკეთოთ, ან რისი ნება დართოთ საკუთარ თავს და რისი - არა.
საამისოდ ყოვლისშემძლე საშუალებაა იესოს ლოცვა. მას ისე უნდა მიეჩვიოთ, რომ იგი მუდმივად წარმოითქმოდეს იქ, სადაც გულის ადგილია. მაგრამ, რომ მიეჩვიოთ, უნდა იშრომოთ. ახლავე შეუდექით ამ საქმეს. ის თქვენთვის უკვე ნაცნობია? მგონი თქვენ ამ ლოცვას მხოლოდ კანონის დროს ასრულებთ. კანონი თავის რიგში აყენებს მას, მაგრამ ის ისედაც აუცილებლად უნდა აღსრულდეს ჯდომისას, სიარულისა, საკვების მიღებისას, საქმიანობისას და თუ ის გულში მყარად არ დგას, შეიძლება, ყველაფერი მიატოვოთ და მხოლოდ ამით დაკავდეთ, სანამ არ გამყარდება იგი. ეს არაა რთული. დადექით ხატების წინ სალოცავ მდგომარეობაში (შეიძლება დაჯდომა), ყურადღება გულის არეში გადაიტანეთ, აუჩქარებლად აღასრულეთ იესოს ლოცვა და ეცადეტ უფლის თანამყოფობა განიცადოთ. ასე დაჰყავით ნახევარი საათი, საათი ან მეტი. თავიდან ცოტა რთულად მოგეჩვენებათ, მაგრამ როცა მიეჩვევით, ის სუნქთვასავით ბუნებრივი გახდება. ასეთი შინაგანი შრომის დროს თქვენში გონიერი ცხოვრება, ანუ, როგორც ამბობენ, გონიერი მოქმედებები დაიწყება. ამ დროს პირველად სინდისის სსუფთავის მოთხოვნა ჩნდება, მისი შეუბღალაობა არამარტო ღვთის წინაშე, არამედ ადამიანებისა და თვით ნივთების წინაშეც კი. ხოლო როგორც კი რაიმე მცირედი შეგეპარებათ აზრსა და სიტყვეში, რაც სინდისს აგიფორიაქებთ, მაშინვე უნდა შეინანოთ გულში ღვთის წინაშე, რომელიც ყოველივეს ხედავს და სინდისსაც დაგიმშვიდებთ.
რჩება მხოლოდ ბრძოლა გულისთქმებთან, ისინი არ წყვეტენ წუილს აბეზარი კოღოებვივით, თავად ისწავლეთ, როგორ მართოთ ისინი. გამოცდილება სიბრძნეა. ეს იცოდეთ: ჩვეულებრივ, აზრები თავში ტრიალებენ, ეს ცარიელი აზრებია. თქვენ იმათ უფრთხილდით, რომლებიც ისარივით გესობიან გულში, კაწრავენ მას და ნაიარევს ტოვებენ. მაშინ იწყეთ ჭრილობის მოშუშება ამ ლოცვით და საპირისპირო განწყობა აღადგინეთ გულში.
ღირსი ისაია განდეგილი სწავლების შეახებ ამბობს: "კეთილგონიერი მდიდარი მთელ თავის საგანძურს სახლში ფარულად ინახავს; რამეთუ გარეთ გამოფენილ განძს ქურდები იტაცებენ და ამასოფლის ძლიერნი ეუფლებიან; ასევე, გონიერი სიმდაბლითა და სათნოებებით შემკული მონაზონი ფარავს თავის სათნოებებს, როგორც მდიდარი უფრთხილდება განძს და არ აჰყვება თავისი დაემული ბუნების სურვილებს. ის ხშირად კიცხავს საკუთარ თავს და ვარჯიშობს ფარულ სწავლაში, როგორც წმ. წერილშია ნათქვამი: "განხურდა გული ჩემი შორის ჩემსა და ზრახვასა ჩემსა აღატყდეს ცეცხლი" (ფსალ. 38, 3). რომელ ცეცხლზე მიგვანიშნებს აქ წერილი? ღმერთი ჩვენი ცეცხლია შემწველი. ცეცხლით ლღვება სანთელი და ცეცხლით შრება სიბილწეთა მყრალი ჭაობი. ფარული სწავლებით ასევე შრება ბილწი გულისთქმები, სულიდან ამოიძირკვება ვნებები, ნათდება გონება, იწმინდება და ფაქიზდება აზრები, გულში იღვრება სიყვარული. ფარული სწავლება სწყლავს ეშმაკს, დევნის ბოროტ გულისთქმებს, მისით ცეცხლდება შინაგანი ადამიანი. ფარული სწავლებით აღჭურვილს ღმერთი შეეწევა, ანგელოზები აწვდიან ძალებს, ადამიანები განადიდებენ მას. ფარული სწავლება და კითხვა სულს გარდაქმნის მყუდრო და უშფოთველ ნავთსაყუდელად, სახლად, რომელიც ყოველი მხრიდან შეკრულია და გამაგრებული უძრავი სვეტებით. იგი სულის მხსნელია და მერყეობსაგან მისი დამცველი. ძალზედ მწუხარებენ და გოდებენ ეშმაკები, როცა მონაზონი ფარული სწავლებით იარაღდება, რომელიც იესოს ლოცვაში მდგომარეობს: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე." განმარტოება და კითხვა კი ხელს უწყობს სწავლებში ვარჯიშს. ფარული სწავლება არის გონების სარკე და სინდისის ლამპარი. ფარული სწავლება აცხრობს სიძვას, ათვინიერებს მძვინვარებას, განდევნის მრისხანებას, გვიქარვებს მწუხარებას, გვიცავს კადნიერებისაგან, აღმოფხვრის მოწყინებას. ფარული სწავლება განანათლებს გონებას, განდევნის სიზარმაცეს. ფარული სწავლებიაგან იშვება წყალობა, მჯვიდრდება ღმრთის შიში. მას მოაქვს ცრემლები. ფარული სწავლებით მონაზვნისათვის ხელმისაწვდომი ხდება წრფელი სიმდაბლე და გონიერება, წყალობისაღმძვრელი მღვიძარება, უშფოთველი ლოცვა. ფარული სწავლება რის ლოცვის საგანძური. ის დევნის გულისთქმებს, სწყლავს ეშმაკებს, წმენდს სხეულს. ფარული სწავლება გვასწავლის ჭირთათმენას, თავშეკავებას; თავის თანაზიარს აწვდის ცნობებს ჯოჯოხეთის შესახებ. ფარული სწავლება გონებას იცავს ოცნებებისაგან და ანიჭებს მას სიკვდილის ხსოვნას. ფარული სწავლება შეიცავს ყველა სასიკეთო საქმეს, განმშვენებულია ყოველგვარი სათნოებით, უცხოა ყველანაირი ბილწი საქმისაგან და წილი არა აქვს მასთან.
თემა: ლოცვისას გონებაგაფანტულობა, იესოს ლოცვაავტორი: წმ. ბარსანოფი ოპტინელი
წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას
უცნაური რამ სახილველი
ქსენოპოტამის ბერს, მამა ალოპის ძალიან უყვარდა იესოს ლოცვა. ლოცვისას მისი სული ზეციური, აღუწერელი სიხარულით ხარობდა, მაგრამ უცებ უცნაური რამ დაემართა: ლოცვას დაიწყებდა თუ არა, კანკალი აუვარდებოდა ხოლმე. ღვთისმსახურებისას, როცა ლოცვას წარმოთქვამდა, მასთან ერთად ტაძარში მყოფნიც ცახცახებდნენ. ხოლო როცა თავისთვის ლოცულობდა, მისი სენაკი ირყეოდა. მრავალმა მოძღვარმა ულოცა ეშმაკის განდევნის ლოცვა, მაგრამ ამაოდ.
მდგომარეობა ტრაგიკული ხდებოდა, რადგან ბერს უკვე აღარ შეეძლო ლოცვა არც სენაკში, არც ტაძარსა თუ სატრაპეზოში. ამიტომ მის გარშემო ყველა და ყველაფერი ირხეოდა.
ერთხელაც, მამა ალოპიკატუნაკის მონასტერს ეწვია. მამა დანიელმა მასთან საუბარი მოინდომა.
-მამა ალოპი, - უთხრა მან, - თუმცა შენი მოძღვარი არა ვარ, მაგრამ შენი სულიერი ცხოვრების ყველა დეტალი მინდა ვიცოდე. მინდა, შენგან მოვისმინო აღსარება. მითხარი, პირველად როდის აცახცახდი ლოცვისას?
-იმ ღამეს სკვნილზე ვლოცულობდი, - დაიწყო თხრობა მამა ალოპიმ, - სამრეკლოში ვიყავი. უეცრად კარის ურდული გაჯახუნდა. შემეშინდა და ერთიანად ავკანკალდი. ურდული მოძრაობდა, ადი-ჩადიოდა. მერე რამდენჯერმე დააბრახუნეს. კართან მივედი, მაგრამ იქ არავიმ დამხვდა. მივხვდი, რომ ეს ეშმაკის ხრიკები იყო; შევეცადე, ხმაურისთვის ყურადღება არ მიმექცია და მელოცა. მაგრამ ბრახუნი უფრო გაძლიერდა და ჯერ კარმა, შემდეგ კი სამრეკლომაც დაიწყო რყევა. მას აქეთ, შევწყვეტ თუ არა ლოცვას, რყევაც შეწყდება; განვაგრძობ და განახლდება.
მამა დანიელი ჩაფიქრდა, მცირე ხნის შემდეგ კი ჰკითხა:
მამა ალოპი, როცა პირველად გაიგე კარზე ბრახუნი და მიხვდი, რომ ეშმაკისგან იყო, რა იფიქრე, რა გრძნობები მეფობდა შენს სულში?
მამა ალოპიმ უპასუხა:
-ვფიქრობდი: დაე, აკაკუნონ და აბრახუნონ, რამდენიც უნდათ, ლოცვაში ხელს ვერ შემიშლიან; განა იგივე არ დაემართა ანტონი დიდს, ვის დარადაც ვმოღვაწეობ? მადლისგან ცახცახებს ახლა ჩემი სხეული თუ ეშმაკის შურისგან, მე მაინც ბოლო ამოსუნთქვამდე ვილოცებ და ეშმაკებს დავამარცხებ-მეთქი.
მამა დანიელმა ურჩია, სიმდაბლით, სინანულით აღმოეთქვა იესოს ლოცვა და ჭეშმარიტად ეგრძნო, რომ ცოდვილი იყო. იცოდე, შენს სხეულს ეშმაკები აკანკალებენ; თუ ასეთი რამ კიდევ გაგრძელდება, მაცხოვარს სთხოვე ხსნა; მხოლოდ ასე მოიპოვებ ზეციურ მოწყალებასო, - უთხრა.
მამა ალოპი განიკურნა და უფრო მხურვალედ დაიწყო მოღვაწეობა; მოიპოვა ღვთიური მოწყალებაც - ნიჭი ეშმაკეულთა განკურნებისა
სწავლა გ. ეკლესიასა შინა დუმილისათვის
ეკლესია უკვე, საყვარელნო, საყოფელი ზეცისა ადგილისა არს ქადაგებითა და ლოცვითა. ხოლო აწ ეკლესია არა რაისა უმჯობეს უბანსა და სახლსა სავაწროსა არს, რამეთუ შეკრბებიან დედანი ეკლესიად, შემკობილნი, რათა შეაცთუნონ უგუნურნი. უკეთუ ვინ ინებოს მითხრობად სიტყვისა, ვჰგონებცა თუ არა აქვს სხვა ადგილი მოპოვნებად თვინიერ ეკლესიისა. ხოლო უკეთუ ვინ ინებოს ვაჭრობისა ყოფად, ჰყოფენ ეკლესიასა შინა. დაღათუ ვის უნდეს ლალვად ანუ განგებად სახლთა მეტყველებისა, ანუ სამხედროსა წესისა მეტყველებად, ანუ სასჯელი, ანუ ვითარნი რა სამკურნალო, ამას ყოველსავე ეკლესიასა შინა ჰყოფენ. ვინაცა მარადღე ვიურვი ამის ყოვლისათვის და მწუხარე ვიქმნები, რათამცა ვიქმენ მომპოვნებელ კეთილისა ეკლესიასა შინა. არამედ ესრეთ გპოვნენ თქვენ. - საქენჯნელად და საცოდველად მოხვალთ მეტყველებად ეკლესიასა შინა და არა ცოდვათა სინანულად, - და ამას იტყვი, ვერ გულის-ხმა-ვჰყოფ? იხილე, ვითარ საჭურისი იგი გზასა ზედა მყოფი იკითხვიდა წიგნსა? და შენ, შორის მოძღვართა მდგომარე, მიზეზ ჰყოფ მეტყველი უმეცრებასა და გულისხმოებასა? ამისთვის ევედრე უფალსა, რათა გულის-ხმა-ჰყო მცნებანი მისნი. და შენ გიხმს დუმილი ეკლესიასა შინა, რათა მიითვალოს ღმერთმან დუმილი შენი და მყუდროება. უკეთუ არა ძალ გიძს დუმილად, განვედ ეკლესიით, რათა არა ექმნე სხვათა საწერტელ (ნესტარი, მიზეზი). რამეთუ ერთი ოდენ ჯერ არს ეკკლესიასა შინა გალობა და ლოცვა ჟამსა ეკკლესიად შეკრებისასა და არა ხმიანობად და ურთიერთარს ზრახვად. არამედ დუმილით სმენად საკითხავისა, რამეთუ თვით ეპისკოპოსიცა ჰსდუმს, და მხოლოდ მგალობელნი ჰგალობენ. რად უკვე ჭეშმარიტებასა უტევებთ და აჩრდილსა და სიზმარსა სდევთ? ვინაცა, გლოცავ და გევედრები, საყვარელნო, მტერისა საქმეთაგან განთავისუფლდით და იხსენით საბრხეთაგან მისთა და ანგარებისა წილ შეიყვარეთ მოწყალება, ხოლო სიძულვილისა წილ ძმათმოყვარება, რათა ესრეთ მყოფთა აწინდელიცა კეთილი და ყოფადიცა დაიმკვიდრნეთ ქრისტეს იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება, და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ
არის ლოცვა, რომელსაც თავად ადამიანი აღასრულებს და არის ლოცვა, რომელსაც მლოცველი ღვთისაგაან ღებულობს (I მეფ. 2, 9).
ვინ არ იცის პირველი? უკანასკნელი კი, თუნდაც საწყისი სახით, თქვენთვის საჭიროა და სასურველია იცოდეთ, რომ ღმერთთან მისაახლებლად თავდაპირველი საქმე ლოცვაა. ადამიანი იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას, სალხშიც ლოცულობს ლოცვანიდან და მის გარეშეც; მაგრამ მისი აზრები მუდამ გაფანტულია. მათთან გამკლავება მას ძალიან უჭირს. რაც უფრო მეტ დროს უთმობს ლოცვას, აზრები მით უფრო წყნარდება, ლაგდება და ლოცვაც თანდათანობით იწმინდება. თუმცა სულიერი გარემო არ წმიდავდება, ვიდრე სულიერი კოცონი არ დაინთება სულში. ამ კოცონის დანთება კი ღვთის მადლის საქმეა, არა განსაკლუთრებული, არამედ ყველასათვის საერთო. როცა მაძიებელი ადამიანი ზნეობის ყველა მიმართულებით მიაღწევს სიწმიდის გარკვეულ დონეს, მაშინ იბადება ის, და როცა დაინთება ეს კოცონი, ანუ როცა გულში მუდმივი სითბო ჩაისახება, აზრების მომატება წყდება. სულს ემართება ისეთივე რამ, რაც სისხლმდინარე ქალს დაემართა: "მეყვსეულად დასცხრა წყაროი იგი სისხლისა მისისა" (ლუკა 8, 44). ამ მდგომარეობაში ლოცვა მეტნაკლებად ახლოსაა უწყვეტ ლოცვასთან. დამხმარე საშუალება კი მისთვის იესოს ლოცვაა. და ეს არის ზღვარი, სადამდეც შეიძლება მიაღწიონ ადამიანის მიერ დაუფლებულმა ლოცვამ! ვფიქრობ, ყველაფერი ეს თქვენთვის სავსებით გასაგებია.
ამ მდგომარეობაში ყოფნისას ხდება ისეთი ლოცვის მიგნება, რომლის აღსრულება თავად ადამიანს არ ძალუძს. მლოცველის სული ჰპოვებს მას და გულის სიღრმეში მიიზიდავს, ეს იმას ჰგავს, ვინმემ ხელი რომ ჩასწიდოს სხვას და ძალით წარიტაცოს ერთი ოთახიდან მეორეში. სული უკავშIრდება გარე ძალას და ხალისით სუფევს მასთან შიგნით. ვიცით ასეთი მიგნების ორი საფეხური. პირველის დროს სული ყველაფერს ხედავს, აცნობიერებს თავს და თავის გარე მდგომარეობას, განსჯის და საკუთარი თავის მართვის უნარიც გააჩნია და თუ მოისურვებს, შეუძლია გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. ესეც თქვენთვის გასაგები უნდა იყოს.
წმიდა მამები, განსაკუთრებით კი წმ. ისააკ ასურს, მითითებული აქვთ ზეგარდამომონიჭებული და მიგნებული ლოცვის სხვა ხარისხიც. ზემოთ აღნიშნულ ლოცვაზე უფრო მაღლა ის იმ ლოცვას აყენებს, რომელსაც ექსტაზს ან აღტაცებას უწოდებს. ამ დროს ასევე ხდება ლოცვის სულის მიგნება, მაგრამ სული წარიტაცება და აღწევს ჭვრეტის ისეთ ხარისხს, რომ ავიწყდება თავისი გარე მდგომარეობა, აღარ მსჯელობს, არამედ ჭვრეტს, არ ძალუძს თავის მართვა და ამ მდგომარეობიდან გამოსვლა.
მამათა ცხოვრებიდან გემახსოვრებათ, თუ როგორ დადგა ვიღაც ლოცვაზე საღამოს ტრაპეზის წინ და გონს კი დილით მოეგო. ასეთია აღტაცებაში და ჭვრეტაში მყოფი ადამიანს ლოცვა. ზოგიერთში ის მჟღავნდება სახის გაბრწყინებით, გარეშემოწერილი ნათებით, სხვებში მიწიდან ზე ამაღლებით. ასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ წმიდა წინასწარმეტყველნი, როცა მათ ღვთის სული ეუფლებოდა.
მართლაც, გასაკვირია, თუ როგორი უსაზღვროა ღვთის წყალობა ჩვენისთანა ცოდვილების მიმართ. ვინ რას შრომობს და რისი ღირსი ხდება?
ყველა მოღვაწეს შეიძლება თამამად ეთქვას: ღირს შრომა ყოველივე ამისათვის!
ლოცვის უნაყოფობის მიზეზად შეგვიძლია ჩავთვალოთ თხოვნის ასრულების უსარგებლობა. მოჰხდება ხოლმე, ჩვენ ვევედრებით უფალს, მოგვანიჭოს ისეთი რამ, რომელიც ჩვენთვის მავნებელი თუ არა, მარგებელი მაინც არა არის. ამგვარი თხოვნა ჩვენი წარმოსდგება იქითგან, რომ მყოფადი ანუ მომავალი არ ვიცით; ამისგამო საგანს ყოვლის მხრივ ვერ განსჭვრეტთ და ის, რაც სუკიერად ზრდისათვის მავნებელია, სასარგებლო გვგონია. ესეთი განუჭვრეტელობა სჩვევია არათუ ჩვეულებრივ ქრისტეანეს, არამედ ღვთივგანბრძობილ პირთაცა, წმიდა მოციქული პავლე სწერს. ხშირად მქენჯნიდა ერთგვარი სენიო. ამისთვის, იტყვის მოციქული, სამგზის ვევედრე უფალსა, რათა განმაშოროს ჩემგან, მაგრამ უფალმა მამობრივის მზრუნველობის გამო უარი უყო წმ. პავლეს, რათა არა აღვიმაღლო, რომ არ შემეპაროს მე ამპარტავნებაო. უფალმა უბრძანა მას: კმა არს შენდა მადლი ჩემი, ძალი ჩემი უძლურებასა შინა იქმნების - ო, და მოციქულიც დასცხრა ვედრებად ამ სენისაგან განთავისუფლებისათვის(2 კორ. 12, 8-9).
მოციქულთან ერთად, ჩვენც რომ უარი გვეყოს ამგავრ შემთხვევაში საკვირველი იქნება?
უკანასკნელ, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ხანდახან განზრახ გვიგვიანებს თავის მოწყალებასა, რათა მოწყალების მოლოდინში სულით და გულით მივენდვნეთ მას და განმტკიცდეს ჩვენი მისდამი სასოება. საუცხოო მაგალითს ლოცვით სასოების განმტკიცებისას გვაძლევს ქანანელი დედაკაცი, რომლის ასული ეშმაკეულ იყო. გაიგო რა იმ დედაკაცმა მისვლა უფლისა ადგილთა ტვიროსისა და სიდონისათა, იმ წამსვე მიიჭრა მასთან, ჰღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო ძეო დავითისაო, რამეთუ ასული ჩმი ბოროტად ეშმაკეულ არს. ხოლო იესო არა მიუგო მას სიტყვა. დედაკაცის უბედურებამ მიიქცია მოციქულთა ყურადღება და მათ სთხოვეს უფალს დედაკაცისათვის, მაგრამ პასუხად უარი მიიღეს. ამ უარმა დედაკცის სასოება-კი არა შეასუსტა, არამედ განაცხოველა კიდეც; მოუხდა იგი იესოს, თაყვანისცემდა მას და ეტყოდა: უფალო, შემიწყალე მე: ხოლო თავადმა ჰრქუა მას: არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა. ამ ებრაულმა ანდაზამ უმეტეს განამხნევა დედაკაცი ქანანელი და ჰრქვა იესოს: უფალო, ძაღლნიცა სჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გადმოსცვივიან ტაბლისაგან უფალთა მათთასა. მაშინ მიუგო იესო და ჰრქვა მას: ჰოი დედაკაცო, დიდ არს სარწმუნოებაი შენი, გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს. და განიკურნა ასული იგი მისი მიერ ჟამითგან (მატ. 15, 21-28).
როგორც ჰხედავთ, საყვარელნო, თუ ჩვენი ლოცვა მიზანს ვერ მოჰხვცდება, ან მით აიხსნება, რომ ღირსნი არა ვყოფილვართ ღვთის მოწყალებისა, ან კიდევ მით, რომ უფალი გვიგვიანებს თხოვნის შესრულებასა. ცხადია, ლოცვაზე ხელი-კი არ უნდა ავიღოთ, არამედ ღირსეულად მოვემზადენით მისთვის და განვაძლიეროთ იგი. სწორედ ამიტომ გვირჩევს წმ. მოციქული მოუკლებელად ილოცევდითო (1 თეს. 5, 17), ე.ი. მუდამ გონებაში გაქვნდეთ მცნებანი უფლისა და ყოველივე განზრახვა, სიყტვა და მოქმედება შეუფარდეთ მათო. მოუკლებელი ლოცვა დაგვაახლოვებს უფალთან, ნელნელა გაგვითბობს ცოდვათაგან გაცივებულს გულსა და თავის დროზედ წარმოშობს სასურველ ნაყოფსა, ისე, როგორც მზესთან მიახლოვებით დედამიწა ზამთრის სუსხით თითქოს გამხმარის ხისაგან, რამდენიმე ხნის შემდეგ მოგვაწვდის მწიფე ნაყოფსა...
ღბთივსათნო ცხოვრების გამოცდილება, იესოს ლოცვაში გაჩვევის თაობაზე, ამ დაიგების მართებულობას გვიდასტურებს. ის სიტყვამცირეა, მაგრამ ყველაფერს იტევს. ძველ დროშივე მიაჩნდათ, რომ ამ ლოცვაში გაწაფვის შედგომ სხვა ლოცვები შეგიზლიათ ამოიღო ხმარებიდან. არის კი ვინმე ცხოვნების გზაზე მაძიებელთაგან, ვინც არ იცის ამ ლოცვის მადლის შესახებ? დიდია ძალა ამ ლოცვისა, მაგრამ, ამავე დროს საქმით დასტურდება, რომ ვინც ამ ლოცვას ეჩვევა, ყველა როდი ეზიარება მის ძალას და შეიტკბობს მის ნაყოფს. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ თავად სურს მიისაკუთროს ის, რაც მიეკუთვნება საღმრთო ნიჭს და ღვთის მადლს.
ჩვენ ხელგვეწიფება ამ ლოცვის დაწყება და გამეორება დილით, საღამოს, სიარულისას, ჯდომისა და წოლისას, საქმის კეთებისა და დასვენებისას, ამისთვის ღვთისაგან რაიმე გასაკუთრებულიშეწევნა არ გვესაჭიროება, მუდმივად ასე თუ ვიშრომებთ, შესაძლოა ისეთ მდგომარეობამდე მივიდეთ, რომ ენამ თავისთავად, ჩვენდა გაუცნობიერებლად იწყოს ლოცვის სიტყვების გამეორება. ამას შესაძლოა აზრების დამშვიდება მოჰყვეს და გულსიმიერი სითბოც აღგვეძრას. მაგრამ ყველაფერი ეს, როგორც აღნიშნავს ბერი ნიკიფორე, ჩვენი ძალისხმევის ნაყოფი იქნება. ამ მდგომარეობაში გაჩერება ნიშნავს, რომ ვკმაყოფილდებით თუთუყუშის შესააძლებლობით, რომელსაც ძალუძს ნაცნობი სიტყვები წარმოთქვას, თუნდაც ისეთი, როგორიცაა: "უფალო შეგვიწყალენ" და გვგონია, თითქოს გვაქვს ის, რაც საერთოდ არ გაგვაჩნია, სწორედ, ასე ემართებათ მათ, ვისაც ამ ლოცვაში გაწაფვის მიუხედავად, არ ეძლევა იმის შეცნობის უნარი, თუ რა არის ამ ლოცვის არსი. ვერ აცნობიერებენ რა ამას, ისინი კმაყოფილდებიან ლოცვის ზემოქმედების ბუნებრივი გამოვლინებებით და თავს ანებებენ ძიებას, რწმუნდება, რომ რაც უფრო აძლიერებს გარჯას მამათა მითითებების მიხედვით, მით უფრო ვერ იღებს მისგან მაყოფს, ამიომ მთელ სასოებას ღმერთზე ამყარებს. აი, მაშინ იხსნება კარი მადლის ზემოქმედებისათვის. მადლმა თავად უწყის, როდის მოვიდეს, მოვა და თავად აღასრულებს ლოცვის შერწყმას გულთან. მაშინ, როდესაც ბერები ამბობენ, გარეგნულად ყველაფერი ისევვე რჩება, როგორც იყო, ხოლო შინაგანი ძალით ხდება სხვა.
ის, რაც ითქვა ამ ლოცვის შესახებ, სავსებით მიესადაგება სულიერი ცხოვრების ყველანაირ გამოვლინებას. დაუკვირდით, მაგალითად, ვინმე გულმწყრალს და წარმოიდგინეთ, რომ მან გადაწყვიტა სძლიოს მრისხანებას და სიმშვიდე მოიპოვოს, ამას ვერასოდეს მოახერხებს. ეს ხდება მაშინ, როცა მოდის მადლი და გულში სიმშვიდეს ამკვიდრებს.
ასეა ყველაფერთან მიმართებაში. სულიერი ცხოვრების ნაყოფის ძიებაში მთლიანად უნდა დაიხარჯო. ნუ იკვლევ შენი ძიებისა და ძალისხმევის ნაყოფს, საკუთარ თავს მცირედიც არ მიაკუთვნო, არამედ განაცხადე შენი საწუხარი ღვთის წინაშე და მან ჰყოს. (ფალ. 36, 5).
ილოცე: "მსურის, ვეძიებ, ხოლო შენ ცხოველ მყავ სიმართლითა შენითა, უფალო". უფალმა განგვიწესა: "თვინიერ ჩემსა არარაი ძალ გიც ყოფად არცა ერთი" (იოანე 15, 5) და ეს განწესება, ზედმიწევნით აღესრულება სულიერ ცხოვრებაში, მისხალიც კი არ ალდება ნათქვამს. როცა იკითხავენ: რა უნდა ვქნათ, რომ ესა თუ ის სათნოება შევიძინოთ? პასუხი ერთია: შეევედრე ღმერთს და ის მოგანიჭებს; რასაც ეძიებ, სხვა გზით ვერ მოიპოვებ.
თემა: ლოცვაავტორი: წმ. კალისტე და ეგნატე კსანთოპულები
წყარო: გონებრივი ღვაწლი. იესოს ლოცვის შესახებ
გონების გულში ჩაყვანა იესოს ლოცვის დროს
კონცენტრირებულია შენი გონება, შემუსვრილი და დამდაბლებულია სული. დახარე მსუბუქად თავი და ყურადღება გულის არისკენ მიმართე. გულიც შემუსვრილი და დამდაბლებულია და ელოდება გონების ჩასვლას, რათა ერთად აღუვლინონ ვედრება მრავალმოწყალე ღმერთს იმ იმედით, რომ უფალი მას არ უგულებელყოფს.
სხეული სუნთქვას ნესტოებიდან ჰაერის ჩასუნთქვით იწყებს. იქ გააერთიანე ლოცვისთვის შენი სულის სუნთქვაც. ჩასუნთქვისას ერთხელ თქვი ლოცვა და მიიტანე იგი გულამდე. ამოსუნთქვისას კიდევ ერთხელ გაიმეორე ლოცვა. გულის იმ ადგილს მიამაგრე შენი გონება, სადაც ჩასუნთქვისას ჰაერი ჩერდება და ყურადღებით მისდიე სუნთქვას, ანუ ლოცვის: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ – ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას.
მოიკრიბე, რაც კი სიყვარული გაგაჩნია და წარმოსახვებისა და სურათების გარეშე, მხოლოდ შინაგანი ხმით მოიხსენე უფლის – იესოს სახელი.
განიშორე ყოველგვარი ფიქრი, ყველაზე ლამაზი, წმინდა და საცხონებელიც კი. იცოდე, ის ბოროტისგანაა, მარჯვნიდან მოსული, რომ შეგაწყვეტინოს ლოცვა. ნუ მიაქცევ ყურადღებას ბოროტ გულისსიტყვებს, როგორი სამარცხვინო, შემაგინებელი და ღვთისმგმობელიც არ უნდა იყოს ისინი. ეს გულისსიტყვები შენი არ არის, შენ არ აგებ მათზე პასუხს. ღმერთი ხედავს, თუ საიდან მოდიან ისინი. შენ მხოლოდ ნუ მიემხრობი, ნუ შეგეშინდება, ნუ გაგიტაცებს და ნუ გახდები მათი თანამოაზრე.
და თუკი ცოტა ხნით გაგეფანტება გონება, როგორც კი მიხვდები, რომ ლოცვის ადგილსა და მეთოდს მოსწყდი, მაშინვე უკან დაბრუნდი. თუ ისევ გაგიტაცებს, კვლავ უკან დაბრუნდი და თუ ყოველ ჯერზე, როცა გონება გაგექცევა, მას უკან მოაბრუნებ და ლოცვას დაუბრუნდები, ღმერთი დაინახავს შენს შრომასა და მონდომებას და თავისი მადლით ნელ-ნელა შენს გონებას განამტკიცებს.
რადგან გონებას სჩვევია როგორც გაფანტვა, ისე შეჩერება იქ, სადაც გვტკივა, ოდნავ შეაკავე სუნთქვა, მაშინვე ნუ ამოისუნთქავ. ეს ერთ პატარა უწყინარ ტკივილს გამოიწვევს გულში, სწორედ იქ, სადაც ჩვენი გონება გვსურს მივამაგროთ. ეს პატარა ტკივილი, როგორც მაგნიტი, ხელს შეუწყობს გულში გონების მიზიდვას და შეჩერებას, რითაც ის გულის განკურნებას ემსახურება.
და მართლაც, დროთა განმავლობაში ტკივილითა და შემუსვრილებით მოხმობილი უფლის ტკბილი სახელი, რომელიც ყველა სახელს აღემატება, უზენაესის მარჯვენით სასწაულებრივ ცვლილებას ახდენს იქ, სადაც ადრე ცოდვა იყო დაბუდებული.
თემა: იესოს ლოცვა, გონება, გული, ლოცვისას გონებაგაფანტულობაავტორი: ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
წყარო: მამობრივი დარიგებანი