ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
საშობაო ეპისტოლე - 1992
საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ერთგულ, ღვთივკურთხეულ შვილს:
ქრისტესმიერ საყვარელნო ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, დანო და ძმანო, ღვთისმშობლის საფარველით დაცული ღვთივკურთხეული ივერიის მკვიდრნო, უცხოეთში მცხოვრებო თანამემამულენო. მოგვეახლა ბრწყინვალე დღესასწაული ქრისტეს შობისა, მაგრამ ამ დიდებულ ზეიმს საქართველო სევდიანი ხვდება.
ძმათა სისხლისღვრით გამოწვეული ტკივილი ბოლომდე გაცნობიერებული არც არის. ტრაგედია მოხდა, მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელ სწორ გზას ვერ ვიპოვით, თუ მოვლენებს მიუკერძოებლად არ გავაანალიზებთ და ყველასთვის სამწუხარო შედეგის მიზეზებს არ აღმოვფხვრით.
საქართველოს ისტორიაში მოხდა მეტად სავალალო ფაქტი: ერი დაიყო. ქალაქებსა და სოფლებში, სამსახურებში მოსახლეობა დაუპირისპირდა ერთმანეთს: დაუპირისპირდნენ თაობები, ოჯახის წევრები...
შექმნილმა მდგომარეობამ იმდენად იმოქმედა ხალხის ფსიქიკაზე, რომ მასა ეგზალტირებული და არაწმიდა ძალის მიერ ადვილად სამართავი გახდა.
ადამიანები გაბოროტდნენ, გახშირდა ცილისწამება, მკვლელობა, კიდევ უფრო დაეცა ზნეობა, დადგა ჟამი განუკითხაობისა.
მოსახლეობის ნაწილის გაღიზიანება გამოვლინდა ეკლესიის მიმართაც. იმის ნაცვლად, რომ ეკლესია თვითონ დაეცვათ პოლიტიკისაგან და ამ მძიმე ჟამს ერის ერთობის, მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის აღევლინათ გულმხურვალე ლოცვა ღვთისადმი, მას დაპირისპირებულ მხარეთა შორის არჩევანის გაკეთება მოსთხოვეს.
განა შეიძლება, ეკლესია დადგეს პოლიტიკის გამო ორად გახლეჩილი ერის რომელიმე მხარეს და თავისი მხარდაჭერით მისცეს მორალური უფლება ერის ერთ ნაწილს მეორის გასანადგურებლად?
ჩვენს წინ რომ უცხო მტერი ყოფილიყო, პირველნი შევეგებებოდით მას, მაგრამ ჩვენს სამწყსოში, ჩვენს შვილებს შორის არჩევანის გაკეთების უფლება არ გვქონდა.
განა ზნეობრივია, დედამ განასხვავოს შვილები ერთმანეთისგან, თუ ყველა ღონე უნდა იხმაროს ძმათა შორის შუღლის დასაცხრობად?
ეკლესიამაც, ვიდრე იყო ამის შესაძლებლობა, არაერთხელ სცადა დაპირისპირებულ მხარეთა შერიგება და მათ შორის არსებული პრობლემების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა.
მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქოში გამართულმა ადრინდელმა შეხვედრებმა ნაყოფი არ გამოიღო, ეკლესია მზად იყო და გამოთქვა სურვილი, მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, 21 დეკემბერს კვლავ მოლაპარაკებისთვის ეხმო ორივე მხარის წარმომადგენლებისთვის, მაგრამ ეს წინადადება არ იქნა მიღებული... და ჩვენ დაგვრჩა ერთადერთი საშუალება მოქმედებისა - ლოცვა; რაც დიდი სასოებით აღევლინებოდა ჩვენს ტაძრებში.
ლოცვას რომ უდიდესი ძალა აქვს, იცის ყველა ჭეშმარიტმა მორწმუნემ; რწმენით აღვლენილი სავედრებელი ყოვლისშემძლეა. თვით უფალი ბრძანებს: "უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ და არა შეორგულდეთ... ჰრქუათ თუ მთასა ამას: აღიფხუერ ამიერ და შთავარდი ზღუასა! - იყოს ეგრე. და ყოველსა რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოებით, გეყოს თქუენ" (მათე 21,21).
ამ განსაცდელის ჟამს ჩვენმა ხალხმა სწორედ ლოცვა დაივიწყა, აუმღვრეველი გულით ლოცვა. დაივიწყა, რომ ღვთის ხელშია ყოველი, რომ "არა ცხონდების მეფე მრავლითა ძალითა თუისითა და გმირი არა განერეს სიმრავლითა ძალისა მისისათა" (ფსალმუნი 32,16) და რომ მხოლოდ "უფალი არს ძალ ერისა თვისისა". "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქვენ" - ბრძანებს მაცხოვარი.
ახლახანს მომხდარი მოვლენები მიგვანიშნებენ, რომ იწყება ჩვენი განწმენდა მწუხარებისა და ტანჯვის გზით. მაგრამ ეს პროცესი ხალხში ჯერ კიდევ გაუცნობიერებლად მიმდინარეობს. საჭიროა მეტი სულიერება, მეტი გულისხმისყოფა.
ადამიანები იბადებიან, კვდებიან, მათი სიცოცხლე ქრება ჩვენს თვალწინ... ჩვენი შინაგანი სამყარო კი უგრძნობი რჩება, თითქოს ეს ყველაფერი სხვაგან ხდებოდეს. არასწორად ვფიქრობთ წუთისოფელზე, მარადიულ ცხოვრებაზე; გვავიწყდება, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს სულის სიკვდილს, არამედ - მის მეორედ დაბადებას, სულის განთავისუფლებას გვამის სიმძიმისაგან. და ვიდრე ჩამოკრავს საბედისწერო წუთი გარდაცვალებისა, უნდა ვიზრუნოთ განწმენდაზე, შინაგან ფერისცვალებაზე.
მძიმეა ჩვენი ცხოვრება. უღმრთოების მრავალწლიანმა უღელმა უკიდურესად გამოფიტა ერის სასიცოცხლო ძალები. ხალხის ზნეობრივი დაუძლურების მიზეზი ღვთის მადლისა და ეკლესიური ცხოვრებისაგან დაცილებაა, ანუ მოშორება იმ საყრდენისა, რომლის დახმარებითაც სწორად უნდა გვეცხოვრა. სამოცდაათწლიანმა ბატონობამ თავისი დაღი დაასვა ჩვენს სულს; მაგრამ მართალნი არ ვიქნებით, თუ პასუხისმგებლობას მოვიხსნით და ქრისტიანობისაგან ჩვენს განდგომას მხოლოდ ძალმომრეობით ავხსნით.
რატომ იყო, რომ წარსულში, არანაკლები შეჭირვების ჟამს, სარწმუნოების შეცვლა იშვიათობას წარმოადგენდა, ახლა კი მოწამეობრივი ღვაწლის მტვირთველნი ერთეულებიღა დარჩნენ.
რა არის მიზეზი ამისა? - ისევ და ისევ ეკლესიისაგან განდგომა. ეს სენი საერთო საკაცობრიოა. მეოცე საუკუნეში მეცნიერებისა და ტექნიკის სწრაფმა აღმავლობამ ადამიანი აღავსო ამპარტავნებით და გაუჩინა ცრუ ილუზია იმისა, რომ იგი საკუთარი გონებითა და ძალით შეძლებდა ნამდვილად ბედნიერი ცხოვრების მოწყობას. ღვთისა და ეკლესიის მორჩილება "უმწიფარი" კაცობრიობის ისტორიულ ეტაპად იქნა განხილული, მაგრამ მოჩვენებითი "სრულწლოვანება" საბედისწერო აღმოჩნდა. საკუთარ თავს მინდობილი კაცობრიობა მოსწყდა ღმერთს და ბოროტის ბადეში გაეხვია. უტყუარი ნიშანი ამისა თანამედროვე ადამიანის ზნეობრივი დაცემა და გადაგვარებაა.
დღეს ბევრს ჰგონია, რომ იგი მორწმუნე ქრისტიანია, მაგრამ სცდება. პიროვნებისათვის დამახასიათებელ რელიგიურ გრძნობას ისინი ხშირად რწმენად მიიჩნევენ. სინამდვილეში კი, რელიგიური გრძნობა არის მხოლოდ ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ღვთის შემეცნებისა. ნამდვილი რწმენა კი შედეგია ამა თუ იმ პიროვნებაში ღვთის განცხადებისა და მისი სრულყოფა სარწმუნოებრივი ცხოვრებით ხდება.
ჭეშმარიტებისაკენ მიმავალ გზაზე ცალკეულ ადამიანს თუ ერს თვით ღმერთმა დაუდგინა მეგზურად და მასწავლებლად ეკლესია, - "სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა", უძლურება ბოროტისა, რამეთუ იგია შეურყვნელი დამცველი ღვთის სიბრძნისა. უფალი ბრძანებს: "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათე 15,9).
სამწუხაროდ, არაეკლესიური სულისკვეთების სენი ჯერ კიდევ ძალიან ღრმად ყოფილა ჩვენში ფესვგამდგარი.
უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა გააცნობიეროს ინტელიგენციამ, რადგან იგია ერის მოაზროვნე და წარმმართველი ძალა. ინტელიგენცია ჭეშმარიტების შეცნობაში უნდა დაეხმაროს ხალხს, მაგრამ როგორ შეძლებს იგი ამას, თუ თავად იქნება მოწყვეტილი ღვთაებრივი სიბრძნის წყაროს - ეკლესიას? ეკლესიის გარეშე იგი მხოლოდ კაცობრივი გონების ნაყოფს გამოიღებს და ამით გაუცნობიერებლად ზიანს მოუტანს ხალხს. მათ მსგავსთა მიმართ ბრძანებს უფალი: "ამაოდ მმსახურებენ მე. რამეთუ ასწავებენ მოძღურებასა და მცნებასა კაცთასა" (მათე 15,9).
ინტელიგენცია უნდა იქცეს მრევლის იმ რჩეულ ნაწილად, რომელიც, ვითარცა ანთებული სანთელი, წყვდიადში მყოფ ერს ღვთისაკენ მიმავალ გზას გაუნათებს.
ხალხი სულიერად დასაპურებელია და პურის მიმწოდებელი ხელი არ გვყოფნის. "სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი - მცირედ". შევსთხოვთ უფალს, რათა "გამოავლინნეს მოქმედნი სამკალსა თჳსსა" (მათე 9,37-38).
მთავარი მიზეზი ეკლესიისგან ხალხის მოწყვეტისა მაინც ამპარტავნება იყო. დღესაც ეს ცოდვა გვღუპავს. ამპარტავნების გამო ვისჯებით. უფალი გვწვრთნის, რათა დამდაბლებულნი ღვთისსათნო გზაზე დავდგეთ და მოვიპოვოთ მადლი წინაშე მისსა.
სიმდაბლის საოცარი მაგალითი თვით იესო ქრისტემ მოგვცა. უფალი, რომელსაც ელოდა მთელი კაცობრიობა და რომლის შესახებაც წერდნენ წინასწარმეტყველნი, ყოვლად შეუმჩნეველი საოცარი სიმდაბლით მოევლინა ამ ქვეყანას.
"იმ დროის გავლენიანი საზოგადოება ფუფუნებითა და სიმდიდრით იყო გალაღებული. ქრისტეს შობისთვის კი მრავალრიცხოვან სასახლეებსა და შენობათა შორის ერთი უბრალო ღარიბული სახლიც კი არ მოიძებნა, იგი დაიბადა ბეთლემის გამოქვაბულში, იქ, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ.
ამ დიდი საიდუმლოს აღსრულებისათვის ეს გამოქვაბული და ბაგა უფრო სასურველი და წმინდა აღმოჩნდა, ვიდრე მსოფლიოს ყველა სასახლე და სამეფო პალატი.
საოცარია, პირველმხილველნიც განხორციელებული მაცხოვრისა იყვნენ უბრალო მწყემსები და არა განმგებელნი ქვეყნისა ანდა სხვა მაღალი თანამდებობის პირნი; მწყემსები, რომელთა ყველაზე დიდი სიმდიდრე მათი სუფთა, წრფელი გული იყო.
იესო ქრისტეს განმაცვიფრებელ თავმდაბლობაშია სწორედ მისი ღვთაებრივი სიდიადე.
მშვენივრად სწერს წმინდა იოანე დამასკელი: "კურთხევითა ღვთისა და მამისა მხოლოდშობილმა ძემ - სიტყვამ ღვთისა და თავად ღმერთმა... ერთარსმა მამისა და სულისა წმიდისა, მარადიულმან და დაუსაბამომან მოდრიკნა ცანი და გარდამოხდა; მიუწვდომელი სიდიადე თვისი მიუწვდომლად დაამდაბლა და მიეახლა თავის მონებს გამოუთქმელი და გასაოცარი მოწყალებით. სრული ღმერთი იქმნა სრულ კაცად, რათა ეწამლა ჩვენი ურჩობის ცოდვისათვის და ქცეულიყო მაგალითად მორჩილებისა, მორჩილებისა, რომლის გარეშეც შეუძლებელია გადარჩენა".
ქრისტეს შობა არის ადამიანის ხელახალი დაბადება არა ყოვლისშემძლეობით, არამედ მსხვერპლშეწირული სიყვარულით (სერგი ბულგაკოვი).
შობა ქრისტესი არის საიდუმლო ღვთის განხორციელებისა. ძე ღვთისა მოგვევლინა ძედ კაცისა, რათა დაცემულნი ცამდე ავემაღლებინეთ. ყოვლის შემოქმედმა თავი დაუმორჩილა სჯულის კანონის ყველა მოთხოვნას, გამოგვისყიდა კანონით გასამართლებულნი, მოგვიხსნა ბეჭედი განდევნილისა და გვქმნა შვილად ღვთისა.
მან არასწორი განვითარება კაცობრიობისა შეცვალა ახლით. სამყაროს მიზიდულობის ცენტრი, ცოდვის შედეგად ღმერთს მოწყვეტილი, თავის ძველ ადგილს დაუბრუნდა და მოდგმა ყოველი და ჟამი ყოველი მოიცვა, რათა მსოფლიოსათვის მოეტანა ნამდვილი თავისუფლება და ჭეშმარიტი სიყვარული და ეჩვენებინა გზა განღმრთობისა.
დღეს უფალი თითოეულ ჩვენგანს მიმართავს წმინდა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებით: "განიბანეთ, განიწმინდეთ, ავი საქმეები თვალთაგან განმარიდეთ, შეწყვიტეთ ბოროტის ქმნა. სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს, განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ. მერე მოდით და ცილობა ვყოთ, ამბობს უფალი: მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით განსპეტაკდება, ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით გახდება. თუ მორჩილნი იქნებით და გამგონენი, მიწის დოვლათს შეჭამთ; თუ განდგებით და გაურჩდებით, მახვილი შეგჭამთ!" (ესაია 1,16-20).
ძმანო და დანო ჩემნო, შევსთხოვოთ ახლადშობილ უფალს, იესო ქრისტეს, მოამზადოს ჩვენი გულები სულიერი ფერისცვალებისათვის, მოგვცეს მადლი სიმდაბლისა და მორჩილებისა, ცოდვათა მიტევებისა, მადლი სიყვარულისა და მშვიდობისა, სული ერთობისა, რათა ვიყოთ ღვთის ნების აღმსრულებელნი, ძედ მისად ვიწოდოთ და ურცხვენელად ვთქვათ "მამაო ჩვენო... იყავნ ნება შენი..."
კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ჭრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და დამდეგ ახალ წელს.
გიხაროდეთ, უფალი ჩვენთან არს.
ქრისტეს შობა,
თბილისი.
1992 წელი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
სააღდგომო ეპისტოლე - 1993
ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიის ღვთივკურთხეულნო შვილნო:
"აწ განთავისუფლებულ ხართ ცოდვისაგან
და დამონებულ ხართ სიმართლესა" (რომ. 6,18)
გ ი ხ ა რ ო დ ე თ
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
აღდგა დაკარგული ერთობა ღმერთთან, აღდგა სასოება და იმედი კაცთა, აღმობრწყინდა მზე სიმართლისა და გამოჩნდა გზა მარადიული ნეტარებისა; მდიდართ და გლახაკთ, ბრძენთ და უსწავლელთ, ხანდაზმულთა და ყრმათ, - ყველას უხმობს უფალი სიხარულის ტრაპეზზე, რათა მიაგოს თითოეულს ღირსებისაებრ მათისა. "ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნენ უსჯულოებანი და რომელთა დაეფარნენ ცოდვანი" (რომ. 4,7).ვინ არის ღირსი ამ მადლისა, ასეთი მოწყალებისა? - ის, ვისაც ესმის ამქვეყნიური ცხოვრების არსი, ვინც სიტყვით და საქმით შეძლებისამებრ ადიდებს ჭეშმარიტ ღმერთს და აცნობიერებს თავის მისიას ამ წუთისოფელში.
ყოველ ადამიანს საკუთარი იდეა, საკუთარი მისწრაფება აქვს, რომლის განხორციელებისთვისაც იგი იღვწის, მაგრამ არსებობს ყველასათვის საერთო იდეაც - ეს არის სწრაფვა ამაღლებისაკენ, ღვთის მსგავსებისაკენ.
რა საქმიანობასაც არ უნდა ეწეოდეს კაცი, უმთავრესი მისთვის შემოქმედთან მიახლების სურვილი უნდა იყოს. ბიბლიაში ვკითხულობთ, ყოვლადწმიდა სამებამ ადამიანის შექმნა რომ გადაწყვიტა, ბრძანა: "ვქმნეთ კაცი ხატისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ" (დაბადება 1,26). მაშასადამე, რადგანაც ადამიანი ღვთის ხატად შეიქმნა, სწრაფვა სრულყოფისაკენ, პირველსახის ანუ ღვთისაკენ იმთავითვე მის თანდაყოლილ ბუნებრივ თვისებად იქცა. ამიტომაც სურვილი განვითარებისა და წინსვლისა თითოეულ ჩვენთაგანში არსებობს, ოღონდ უნდა ვიცოდეთ, რას გულისხმობს ჭეშმარიტი ამაღლება და ჩვენი ყოველი მოქმედებაც აქედან გამომდინარე უნდა შეფასდეს.
იდეა უნდა ჰქონდეს ერსაც: მას ცხადად და გარკვეულად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული საუკუნეთა მანძილზე უპირველესად რას ემსახურა. ჩვენი ხალხის ისტორია გვაფიქრებინებს, რომ ღვთისკენ სწრაფვის ძირითად იდეას, უპირველეს ყოვლისა, მოყვასის სიყვარულით ვახორციელებდით და მიუხედავად ყველაფრისა, დღესაც ვახორციელებთ. ეს სიყვარული ადუღაბებს და ამთლიანებს სრულიად საქართველოს.
ალბათ ესაა უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ წარსულშიც და ახლაც შინაური თუ გარეშე მტერი არ მოგვკლებია - ბოროტი ძალა ებრძვის სიყვარულის მატარებელ ერს, რათა ეს ნიჭი დააკარგვინოს, რადგან იცის, მიზნის მიღწევის შემთხვევაში, უფალს განგვაშორებს; ამიტომაც, ამ მადლს განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ და ღმერთთან და ერთმანეთთან სიყვარულის წყალობით გავერთიანდეთ.
უფალი ადამიანს თავისუფალი არჩევანის უფლებას აძლევს: პიროვნება თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, რას ემსახუროს: ცოდვას თუ სიკეთეს, ბოროტებას თუ სიყვარულს. სასუფეველი ღვთისა იძულებით მოიპოვება, რადგან ცოდვასთან ბრძოლით და მასზე გამარჯვებით ხდება ადამიანისა და ღვთის ნების შეერთება - სინერგია, რაც არის საფუძველი პიროვნების გადარჩენისა.
გზის არჩევისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება გულს, რადგან აქ იბადება როგორც ბოროტი ისე კეთილი ზრახვანი. თუ გული სუფთაა და სავსეა რწმენით, სასოებითა და სიყვარულით, თუ იქ ადგილი არა აქვს შურსა და მტრობას, თუ მას შეუძლია სხვისი სიხარულისა და ტკივილის გაზიარება, იქ მადლი განმრავლდება და იგი სულიწმიდის სავანედ იქცევა; ასეთი გული ადვილად სძლევს მიწიერ საცდურს, რომელიც ყოველდღიურად ცდილობს ბიწიერების ჭაობში ჩვენს დანთქმას.
მაგრამ როგორ განვიწმინდოთ გული ცოდვათაგან?
უპირველეს ყოვლისა, უნდა ვისწავლოთ სამართლიანი განსჯა საკუთარი თავისა. ჩვენს სულში ორი "მე" უნდა განვასხვაოთ და ყოველ ჩვენს საქციელსა და გულისმიერ ზრახვას სხვისი თვალითაც შევხედოთ.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს: "ჩვენში ორი გონია. ერთი კეთილია და შედეგია ყოველივე მშვენიერისა, მეორე კი - დაცემული და მდაბალ ვნებათა მსახური. ერთი გონება ნათლისაკენ ისწრაფვის და სურს თაყვანი სცეს ქრისტეს, ხოლო მეორე, ხორცის და სისხლის გონება, ჰქრის ბნელსა შინა და მზად არის ტყვე იქმნას ბელიარისა".
ხოლო წმ. ისააკ ასური ბრძანებს: "ნეტარ არს კაცი, რომელი შეიცნობს თავის უძლურებას, რამეთუ ამის ცოდნა ხდება საწინდარი კეთილწარმატებისა".
ასეთი ადამიანი განკითხვის ცოდვისაგან თავისუფლდება, თავმდაბლობით იმოსება და ღვთისა და მოყვასის სიყვარულით ივსება. ხოლო "სიყვარულმან მოყვასსა თვისსა ბოროტი არა უყვის" (რომ. 13,10).
მაგრამ არიან პიროვნებანი, რომელნიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ და თავის მდაბალ "მეს" ეგოისტურ მოთხოვნილებებს ემონებიან. მათთვის გაუგებარია შეგონება: "იცხოვრე სხვისთვის, თუ გსურს ემსახურო შენს თავს".
ასევე არიან პიროვნებანი, ბოროტის ქმნის სურვილით შეპყრობილნი, ღვარძლით აღვსილნი, რომელნიც ირგვლივ სიძულვილს თესენ, და სხვაშიც მხოლოდ ბოროტებას ხედავენ. გავიხსენოთ, ერთდროს კეთილი მეფე საული, შურის და ეჭვის ნიადაგზე ისე დაეცა, წმ. დავით წინასწარმეტყველის მოკვლა სურდა, თუმც მხოლოდ მისი ფსალმუნები კურნავდა მის სულს.
ასეთი ადამიანები სიყვარულის ნაკლულევანების გამო იტანჯებიან. მათ, მართალია, ხშირად მწუხარება მოაქვთ მოყვასისათვის, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც საკუთარ თავს მტრობენ, რადგან სულიერი სიხარულისთვის სიცოცხლეშივე მკვდარნი არიან, იმქვეყნად კი უცილობელ სატანჯველს იმზადებენ.
ბოროტთა სიბოროტე უნდა გვძულდეს, მაგრამ ქმნილება ღვთისა უნდა გვიყვარდეს და გვებრალებოდეს. უცოდველი არავინ არის, დაცემის გარეშე ცხოვრება არ არსებობს, მაგრამ აუცილებელია, სურვილი გვქონდეს გამოსწორებისა, ღვთის გზით სვლისა.
ჩვენს სხეულს სიცოცხლეს სული ანიჭებს, სულს - ღმერთი. და როგორც სულს გაყრილი სხეული კვდება, კვდება ღმერთს დაშორებული სულიც. ამიტომაც, ჭეშმარიტებასთან წილნაყარ კაცზე დიადი არაფერია და არც უფალს მოწყვეტილ ადამიანზე მდაბალი და საცოდავი.
ბოლო დროს მრავალი უარყოფითი თვისებისა და ემოციის გამოვლენის მოწმენი გავხდით. ეკონომიკურმა გაჭირვებამ ცხოვრება კიდევ უფრო დაამძიმა და ზოგიერთში მომავლის სერიოზული შიში დაბადა. ხშირად გვესმის სიტყვები: "კატასტროფული მდგომარეობა", "რა გვეშველება?" არადა ვუწყით, "რამეთუ ჭირი მოთმინებასა შეიქმს, ხოლო მოთმინებაჲ - გამოცდილებასა, ხოლო გამოცდილებაჲ - სასოებასა" (რომ. 5,3-4).
ამასთან სიტუაციას სწორად ვერ ვაფასებთ. გვეგონა იმპერიიდან გამოსვლისას ხალიჩებს დაგვიფენდნენ. მოსალოდნელი კი, ახლანდელთან შედარებით, უფრო უარესი მდგომარეობა იყო.
"რა გვეშველება?" - ურწმუნოთა კითხვაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მომავლის იმედი ადამიანის იდეის ნაწილია და ქრისტიანულ სათნოებათაგან ერთ-ერთი პირველთაგანი.
პიროვნება თუ ერი თვითონ ქმნის თავის ხვედრს. თუ ჩვენ ღვთის მცნებათა დაცვით ვიცხოვრებთ და ღვთის შიში და სიყვარული იქნება ჩვენი თანამდევი, ვერავითარი ძალა ვერ მოგვერევა.
ვინ გადაარჩენს მას, ვის წინააღმდეგაც ღმერთია აღმდგარი? ვინ სძლევს მას, ვისი შემწეც უფალია?
ერის ზნეობრივ სახეს ყოველთვის რჩეულნი წარმოაჩენდნენ. მადლობა ღმერთს, ასეთი შვილები ჰყავს ჩვენს სამშობლოს. ჩვენ ამასთან მოწმენი ვართ იმისა, თუ რამდენი ახალგაზრდა უანგაროდ ეწირება საქართველოს მიწა-წყალის დაცვას აფხაზეთში, რაც ერის სულიერი პოტენციალის გამოვლინებაა.
ორასი წელია საქართველოსთვის არ გვიბრძოლია. ამ ომმა გაგვახსენა, რომ სამშობლო მხოლოდ კი არ გვაძლევს, მსხვერპლსაც ითხოვს ჩვენგან. დღეს მრავალი ჭაბუკი რწმენითა და მამულის წინაშე ზნეობრივი ვალის კარნახით იბრძვის. მართალია, დიდია ქვეყნის მთლიანობისათვის თავდადებულთა რიცხვი, მაგრამ გვჯერა, ღვთისა და ერის წინაშე დამსახურებისთვის ისინი სასუფევლის ღირსნი გახდებიან და ქართველთა ზეციურ მხედრიონს შეუერთდებიან.
ჩვენ პატივს მივაგებთ იმ აფხაზ ახალგაზრდებსაც, რომელნიც, თითქოს სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლის რწმენით დაეცნენ, სინამდვილეში კი გარეშე ძალების ბოროტი ზრახვების მსხვერპლნი გახდნენ.
დრო კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს მტყუანს და მართალს. ისტორია, კაცობრიობის გამოცდილება ადამიანებს ბევრს ასწავლის, მხოლოდ უგუნურნი ქმნიან აწმყოს წარსულის გაუთვალისწინებლად. რა სამწუხაროა, რომ ზოგჯერ ასეთი პიროვნებები თავისი მიწიერი ვერაგი მიზნების განხორციელებისათვის ასეულობით ადამიანის დაღუპვას ახერხებენ.
ჩვენ საქართველოს ხვალინდელ დღეზეც უნდა ვიფიქროთ. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა კავშირი გვექნება მეზობელ ქვეყნებთან, საერთოდ გარე სამყაროსთან. ურთიერთობები ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე უნდა იყოს აგებული, რაც მაღალ დიპლომატიასა და სულიერობას მოითხოვს. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ხშირად, ვინც კამათში იმარჯვებს, მეგობრებს კარგავს. ამიტომ სხვა ქვეყნებთან შეხებისას წონასწორობის დაცვა გვმართებს.
რაც შეეხება ჩვენი ცხოვრების წესს, ვფიქრობთ, ვიდრე ადამიანები არ მოიპოვებენ შინაგან თავისუფლებას, ანუ არ განშორდებიან ცოდვას, დემოკრატიის ცხოვრებაში განხორციელება არ მოხერხდება და იგი მხოლოდ ლოზუნგად დარჩება.
ერის სულიერი ამაღლების საქმეში დიდი როლი ეკისრება ინტელიგენციას. ჩვენ ამ მხრივ ნამდვილად გვყავს ისეთი ძალა, რომელიც შეძლებს ხალხს გაუძღვეს, ოღონდ აუცილებელია ეკლესიასთან მისი დაკავშირება, რათა ამპარტავნებამ და თვითდაჯერებამ არ იმძლავროს მასში.
დღეს გვიკვირს მათი, ვინც ადრე კერპებს სცემდა თაყვანს; და განა უფრო მეტად საწყალობელი არ არის ის "ბრძენი", რომელიც თავის შემოსაზღვრულ გონებას კერპად აქცევს და მხოლოდ მისგან ისმენს "ჭეშმარიტებას". გონიერება რწმენის გარეშე სუსტი ხელჯოხია, რომელიც აუცილებლად გადატყდება.
ინტელიგენციამ დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს ჩვენს ხელოვნებას, პრესას, ლიტერატურას, განსაკუთრებით კი რადიოსა და ტელევიზიას.
უნდა აიკრძალოს ამორალური და ე.წ. ძალადობის ფილმების ჩვენება. საზოგადოებაში ისედაც დიდი უარყოფითი მუხტია დაგროვილი, ეს კი უფრო აძლიერებს ამგვარ ემოციებს და ადამიანურ ურთიერთობებს ძაბავს.
ჩვენი გული და აზროვნება სიკეთისაკენ უნდა მივმართოთ, რათა დავიბრუნოთ ნამდვილი სარწმუნოება, და ამპარტავნებისაგან განთავისუფლებულებმა ავაღორძინოთ ჭეშმარიტი სიყვარული.
სათნოებათა შორის ყველაზე ადვილად განსახორციელებელი მოწყალების გაცემაა. დღეს, როდესაც ძალიან ბევრს უჭირს, მრავალი შესაძლებლობაა სიკეთის ქმნისა. მწყურვალისათვის ერთი ჭიქა წყლის მიწოდებაც უფლის წინაშე დიდად შერაცხილია.
შეეწიე გაჭირვებულს, თუ გსურს, ღმერთი შენც შეგეწიოს, მიანიჭე მოყვასს დროებითი სიხარული, თუ გსურს მარადიული ნეტარების ღირსი გახდე, გაუნაწილე ქვეყნიური სიკეთე სხვებს, თუ გინდა რომ ზეციურ მადლს ეზიარო.
შევსთხოვ ღმერთს, ღვთაებრივი სიყვარულის უშრეტი წყაროდან გარდამოიღვაროს ჩვენს გაციებულ გულებში რწმენა, სასოება, მშვიდობა და სიყვარული, რათა შეურცხვენლად შევხვდეთ დღეს მსოფლიო სიხარულის დღესასწაულს სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებისა.
"სადა არს ძლევაჲ შენი, სიკვდილო, სადა არს საწერტელი შენი, ჯოჯოხეთო" (ოსია 13,14)?!
სიკვდილი დაემხო, ჯოჯოხეთი შეიმუსრა.
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
გ ი ხ ა რ ო დ ე თ.
აღდგომა ქრისტესი,
თბილისი. 1993 წ.
საზვერეები
ბიზანტიაში ლევ ბრძენის მეფობის დროს სამეფო ქალაქში მოღვაწეობდა წმიდა ბასილი ახალი (ხსენება (944) 26 მარტი/8 აპრილი) - ღვთივსათნო ბერი და უდიდესი მასწავლებელი.
მის მრავალ მოწაფეთა შორის იყო ბერი გრიგოლი და ულამაზესი ქალი თეოდორა, რომელმაც თავი მთლიანად ქრისტეს სიყვარულს მიუძღვნა და საკუთარი თავის უარყოფით ემსახურებოდა ბერს. მაგრამ სულ მალე ეს ღვთივსათნო ქალი გარდაიცვალა. მისმა სიკვდილმა ძლიერ დაამწუხრა ღირსი ბასილი დიდის მოწაფეები, განსაკუთრებით კი ბერი გრიგოლი.
-ცხონდა თუ არა თეოდორა? - ხშირად ეკითხებოდა გრიგოლი ბერს. მაგრამ მისი კითხვა უპასუხოდ რჩებოდა.
ერთხელ წმიდა ბასილიმ თავის მოწაფეს ჰკითხა:
-შვილო ჩემო, გსურს თეოდორას ნახვა?
-როგორ უნდა ვიხილო, თუკი გარდაიცვალა? - ჰკითხა მან.
-ამ საღამოს ნახავ.
მართლაც, იმ ღამეს ბერს ძილში გამოეცხადა ახალგაზრდა, რომელმაც მბრძანებლური ტონით უთხრა:
-ადექი და ბერ ბასილისთან ერთად თეოდორას სანახავად წადი.
გრიგოლმა იგრძნო, რომ ფეხებმა თავისით მიიყვანეს ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში. აქ მან ბერს დაუწყო ძებნა, მაგრამ შენიშნა, რომ დაუსრულებლად ადიოდა მაღლა ვიწრო, ძნელადასავალ ბილიკზე. უეცრად გრიგოლი საოცარი კარიბჭის წინ აღმოჩნდა. იგი დაკეტილი იყო. მან კარის ერთ-ერთ სარკმელში შეიხედა და ორი ქალის სილუეტი გაარჩია.
-ქალბატონებო! - დაუძახა მან, - ვის ეკუთვნის ეს საოცარი სასახლე?
ღირს მამა ბასილის, - უპასუხა ერთმა მათგანმა, სულ ცოტა ხნის წინ კი მან ის თავის მორჩილ თეოდორას აჩუქა.
ამ დროს გრიგოლმა დაინახა თეოდორა, რომელიც მათკენ მოდიოდა. მან კარები გახსნა და ბერს სიხარულით მოეხვია.
-ძმაო გრიგოლ, ვინ მოგიყვანა აქ? გარდაიცვალე?
-არა. აქ ჩვენი სულიერი მოძღვრის ლოცვითა და ზრუნვით მოვხვდი. ძალიან მინდოდა შენი ნახვა და იმის შეტყობა, რა შეგემთხვა გარდაცვალების შემდეგ და როგორ გაიარე ბოროტ სულთა საზვერეები. კარგად ვიცი, რომ როდესაც მოვკვდები, მეც უნდა გავიარო ისინი.
-საყვარელო შვილო! სანამ სული სხეულს გაეყრებოდა, ძლიერ ვიტანჯებოდი. ეს საშინელი ტკივილი იყო, თითქოს გაშიშვლებულს ცეცხლში მაგდებდნენ. ჩემ ცოდვილისთვის სიკვდილი მტანჯველი იყო. მართალთა სიკვდილის შესახებ არ ვიცი. სიკვდილის წინ აგონიაში დავინახე, რომ ჩემს სარეცელს გარს ერტყნენ შავი და საშინელი არსებები, რომლებიც კბილებს აღრჭიალებდნენ და თავიანთი ველური გამოხედვითა და შემზარავი სახეებით მაშინებდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა ტკივილი მომაყენა. თავშუკავებლად ვტიროდი, როდესაც უეცრად ორი ელვისმაგვარი ახალგაზრდა დავინახე ბრწყინვალე შესამოსელში და ოქროს თმებით. ისინი გახარებულნი იდგნენ ჩემს მარჯვნივ; როგორც ჩანდა, შავ არსებებს მათი ეშინოდათ; ამ უკანასკნელთ წარმოადგინეს სიები ჩემი ცოდვებით, ერთ-ერთ მათგანს კი, სქელსა და მრისხანეს, ხელში საშინელებებით აღსავსე რკინის თასი ეჭირა.
-რას დგახარ? - ჰკითხეს მას ახალგაზრდებმა, - გაათავისუფლე იგი სხეულის ტყვეობისგან და ძლიერ ტკივილს ნუ მიაყენებ, რადგან მძიმე ცოდვები არ ჩაუდენია.
მაშინ მტანჯველმა თასი მწარე სასმელით შეავსო და დასალევად მომცა, რის შემდეგაც ჩემმა სულმა მეყსეულად დატოვა სხეული. გათავისუფლებული სული მაშინვე მიიღეს ბრწყინვალე ახალგაზრდებმა და თავიანთ სამოსელში გაახვიეს. მაგრამ, საშინელი ეშმაკები გარს შემოგვერტყნენ, ყვიროდნენ, რომ მრავალი ცოდვა ჩავიდინე და მათი ჩამოთვლა დაიწყეს. მათ წამოძახილზე ანგელოზები ჩემს კეთილ საქმეებს წარმოაჩენდნენ და მათ სასწორზე წონიდნენ. როდესაც სასწორის ფიალებზე ყველა ჩემი კეთილი და ბოროტი საქმე დაიდო, დავინახე, როგორ მივიდა ანგელოზებთან ბერი ბასილი.
-ბატონებო! - მიუბრუნდა ის ჩემს ზეციურ თანამგზავრებს, ეს სული ძლიერ მანუგეშებდა სიბერის ჟამს, ამიტომ გამოვითხოვე იგი ღვთისგან და უფალმაც მაჩუქა იგი. მიიღეთ ჩემგან ეს სულიერი მოწყალება, ამით გადაიხადეთ თეოდორას ყველა ვალი და გამოისყიდეთ მისი სული ჰაერის საზვერეებში.
ამ სიტყვებით წმიდა ბასილმა ანგელოზებს გადასცა პატარა ტომარა, რომელიც ოქროს მონეტებით იყო სავსე (აქ ოქროს მონეტები სიმბოლური სახეა უდიდესი სარგებლობისა და დახმარებისა, რომელსაც იღებენ გარდაცვლილთა სულები ლოცვის, პანაშვიდის, მოწყალების, ძირითადად კი ღვთაებრივი ლიტურგიისა და სულიერ მამათა და ძმათა ლოცვით, განსაკუთრებით ეკლესიის ლოცვით მათი ცხონებისთვის). შემდეგ ბერმა აიღო ბრწყინვალე ახალგაზრდების ზეთიანი ჭურჭელი და მე გადმომასხა. მეყსეულად გავბრწყინდი, თოვლივით გავთეთრდი და გამოუთქმელი ღვთაებრივი სიხარული ვიგრძენი.
წმიდა ანგელოზებმა ფრთები გაშალეს და ზემოთ წამიყვანეს.
პირველად განკითხვისა და ამაოდმეტყველების საზვერე შეგვხვდა. ეს იყო ეშმაკთა ჯგუფი, რომლის შუაშიც მათი მთავარი იდგა. ეშმაკებმა გააცხადეს ყველა, ვინც ჩემი ცხოვრების მანძილზე განმიკითხავს და, იმავდროულად, ანგელოზებს ეშმაკურად ეკითხებოდნენ ზედმიწევნით დეტალებს. ანგელოზებმა ჩემი ვალი ბერის ნაჩუქარი სულიერი ტომრიდან გადაიხადეს და გზა განვაგრძეთ. ზემოთ ასულებს ავისმეტყველების საზვერე შემოგვხვდა. მის დაუბრკოლებლად გასასვლელად ანგელოზებს აქაც ბერის ტომრის გახსნა და გადახდა დასჭირდათ. ერთმანეთში საუბრისას ანგელოზებმა აღნიშნეს:
-ჭეშმარიტად, რა დიდი მადლი და შემწეობა მოიპოვა ამ სულმა მონა ღვთისა ბასილისგან! მისი წყალობის გარეშე თეოდორასთვის ძალზე მძიმე იქნებოდა საზვერეების გავლა.
სანამ ისინი საუბრობდნენ, ჩვენ ჯერ სიცრუის საზვერეს მივაღწიეთ, შემდეგ კი ცილისწამების - ანგელოზებმა იქაც გადაიხადეს ჩემი სულისთვის ჩვენი ბერის ნაწყალობევიდან. ასე გავიარეთ მრისხანების, ლოთობის, ბოროტის ხსომისა და სხვა საზვერეები. შემდეგ ჩემი თანამგზავრები მომიბრუნდნენ:
-ხედავ, როგორი საშიშროების წინაშე დგას სული, სანამ მზაკვრულ საზვერეებს არ გაივლის!
-დიახ, მე მგონი, ამაზე არავინ ფიქრობს. ყოველ სულს გარდაცვალების შემდეგ უბედურება ელის, ჩვენ კი, უგუნურნი, ყურადღებას არ ვაქცევთ ამას და ყველაფრის მიმართ გულგრილნი ვართ.
-წმიდა წერილში მოთხრობილია ამ ყოველივეს შესახებ, - ამიხსნეს ანგელოზებმა, - მაგრამ ნაყროვანება და გემოთმოყვარეობა ადამიანებს აბრმავებს და იმქვეყნიურ ცხოვრებაზე აღარ ფიქრობენ. ადამიანები ისე ცხოვრობენ, თითქოს არასოდეს მოკვდებიან. ისინი გულგრილნი არიან კეთილი საქმეების, განსაკუთრებით სიყვარულისა და მოწყალების მიმართ, რომლებსაც სხვა დანარჩენებზე მეტად შეუძლიათ, დაეხმარონ სულს საზვერეების გავლაში. მაგრამ მოულოდნელად მოდის სიკვდილი, - ღმერთთან მიმავალ სულებს საზვერეებში ეშმაკები ეპატრონებიან და ჯოჯოხეთში აგდებენ, სადაც მეორედ მოსვლამდე დარჩებიან. თუ არა ღვთის მოწყალება და მონა ღვთისა ბასილის წყალობა, მეც ეს მომელოდა.
ამასობაში გამბედაობა მოვიკრიბე და ანგელოზებს ვკითხე:
-როგორ იგებენ ეშმაკები თითოეული ადამიანის დაცემის შესახებ?
-ნათლობის დროს თითოეულ ადამიანს მფარველი ანგელოზი ეძლევა. ადამიანი ვერ ხედავს მას, მაგრამ ანგელოზს იგი სიკეთისკენ მიჰყავს და უხილავად იწერს ყველა მის კეთილ საქმეს. მაგრამ, ამავე დროს, თითოეულ ადამიანს უხილავად დასდევს ეშმაკი, რომელიც მის ბოროტ საქმეებს აღნუსხავს. როგორც კი ადამიანი, მაგალითად, მოიპარავს, ეშმაკი ამის შესახებ ქურდობის საზვერეს აცნობებს. როდესაც ადამიანი მოკვდება და მისმა სულმა ეს საზვერეები უნდა გაიაროს, გზა გადაეღობება და ჯოჯოხეთში ჩავარდება. თუ ანგელოზის მიერ წარმოდგენილი კეთილი საქმეები ბოროტს გადაწონის, სული თავისუფლად გაივლის ამ საზვერეს. ეს ყოველივე მართლმადიდებელ ქრისტიანებს შეემთხვევათ; რაც შეეხება უწმინდურ ადამიანებს, ეშმაკები არათუ არ აღნუსხავენ მათ ცოდვებს, არამედ განსაცდელებსაც კი არ მოუვლენენ მათ.
-როგორ მიეტევებათ ცოდვები ცოცხლებს? იშლება თუ არა ისინი დემონების სიებიდან? - ვკითხე ანგელოზებს.
-ისინი სინანულით, აღსარებითა და მოძღვრის მიერ დადებული ეპიტიმიით მიეტევებათ. მაგრამ თუკი ადამიანს შენსავით შერცხვება თავისი ცოდვების აღიარება მოძღვრის წინაშე და ჩათვლის, რომ საკმარისია, თუკი მას აღარ ჩაიდენ; ანდა აღიარებს მათ მოძღვრის გარეშე ხატის წინაშე ანდა; მხოლოდ უფალთან, მაშინ ცოდვები არ მიეტევება. უფალმა მისცა მოციქულებს შეკვრისა და ცოდვათა მიტევების უფლება, რომლებიც მათ ეპისკოპოსებსა და მოძღვრებს მოუთხრეს!
ზემოთ ასვლისა და სხვა სხვა საზვერეების გავლისას მოვაღწიეთ სიძვის საზვერეს. ეშმაკთა მთავარს ქაფითა და სისხლით მოსვრილი სამოსი ეცვა, რომელიც, როგორც ჩემმა თანამგზავრებმა ამიხსნეს, ადამიანის სიძვისა და მრუშობის კვალი იყო.
როგორც კი დაგვინახეს, ეშმაკები მეცნენ და ჩემი შეცოდებების წამოძახება დაიწყეს, თან ჩემი საყვარლების სახელებს ყვიროდნენ. ისინი ცდილობდნენ, ანგელოზთა ხელებიდან გამოვეტაცე და ჯოჯოხეთში ჩავეგდე. ზეციურმა მფარველებმა ჩემი გამართლება დაიწყეს:
-ყველაფერი, რის შესახებაც თქვენ საუბრობთ, მან უკვე დიდი ხანია, მიატოვა.
-ჩვენ ეს ვიცით, - უპასუხეს დემონებმა, - მაგრამ მას ვუყვარდით და არასოდეს უთქვამს უარი ჩვენზე. იგი ფარულად ინახავდა გულში ყველა ამ ცოდვას და არასოდეს უღიარებია თავისი მოძღვრის წინაშე, არ უტვირთავს მაცხოვნებელი ეპიტიმია, შენდობა არ მიუღია. როგორ შეეძლო, მიეღო ასეთი მადლი და ახლა მზესავით ბრწყინავდეს? - ყვიროდნენ ისინი და ცდილობდნენ, ნებისმიერი საშუალებით დავეკავებინე. თუმცა ანგელოზებმა მე უღირსი გამათავისუფლეს იმით, რომ აქაც გადაიხადეს.
-იცოდე, - მითხრეს მათ, - იშვიათია, რომ სულმა ეს საზვერე გაიაროს. ერის ადამიანები თავიანთი ცოდვების მთელ სიმძიმეს და მოსალოდნელ სასჯელს ვერ გრძნობენ; ნაყროვანებისა და ლოთობის ვნებით აგზნებულნი, განუწყვეტლივ ვარდებიან სიძვაში. ამ საზვერემდე მოღწეულ სულთა უმრავლესობა ბნელ, უსიხარულო ჯოჯოხეთშ ვარდება.
უკანასკნელია სისასტიკისა და უგულობის საზვერე. მაგრამ რამდენადაც სიცოცხლის მანძილზე მოწყალე ვიყავი და ღარიბებს ვეხმარებოდი, ეშმაკები დუმდნენ. წასვლისას ანგელოზებმა მითხრეს:
-ბევრმა ადამიანმა აღასრულა ღვთაებრივი მცნებები და ყველა საზვერე თავისუფლად გადალახა, მაგრამ მათ ვერ გამოიჩინეს მოწყალება და ღარიბთა თანაგრძნობა. ამიტომ აქ გადაეღობათ გზა ზეცისკენ და ჯოჯოხეთში ჩაცვივდნენ.
ამის შემდეგ უკვე სიხარულით მივემართებოდით მაღლა. შორიდან დავინახე ზეციური კარიბჭე, გამჭირვალე ბროლივით რომ ბრწყინავდა. მისი მცველი - ელვისმაგვარი ანგელოზი მბრეყინავი ქამრითა და ოქროსფერი თმებით სიხარულით შეგვეგება და ეშმაკთა საზვერეებიდან ჩემი სულის ხსნისთვის ღმერთი ადიდა.
შემდეგ შევხვდით ენითაღუწერელი სილამაზის მრავალ ახალგაზრდას ცეცხლოვანი სამოსითა და მბრწყინავი თმებით. მათი ფეხები თოვლზე უთეთრესი იყო და ზეციური ნათლით ბრწყინავდნენ. მათ უხაროდათ ჩემი ცხონება და საზეიმოდ გალობდნენ. ჩვენ ღვთის ტახტის თაყვანსაცემად გავემართეთ. მას გარს ერტყა ურიცხვი ელვისმაგვარი ანგელოზი მბრწყინავი სამოსითა და ოქროს ქამრებით. ანგელოზებმა, რომლებსაც მივყავდი, სამგზის იგალობეს ღვთის სადიდებელი მისი ტახტის წინ და პირქვე დაემხნენ.
ამის შემდეგ გაისმა სასწაულებრივი ხმა, რომელმაც ჩემს თანამგზავრ ანგელოზებს უბრძანა:
-წაიყვანეთ თეოდორა სამოთხის სანახებში, შემდეგ კი მიწის ქვეშ ჩაუშვით, როგორც დადგენილია ყოველი სულისთვის. ამის შემდეგ მიიყვანეთ იგი სამყოფელში, რომელიც ჩემი მონის, ბასილისთვისაა მომზადებული.
ჩვენ მოვინახულეთ წმიდანთა სავანეები, შემდეგ კი ჯოჯოხეთის საშინელი, ბნელი საპყრობილეები.
-შენ გადაურჩი ამ ბნელ სამყოფელს, - მითხრა ერთ-ერთმა ანგელოზმა, - რამეთუ შეინანე, აღარ სცოდავდი და მოწყალებას გაიღებდი. მაგრამ შენი ცხონება უმთავრესად ბერ ბასილის შუამდგომლობის წყალობით მოხდა.
ამის თქმისთანავე ანგელოზებმა ამ ბრწყინვალე ბერის ლოცვებით ღვთის მიერ ნაწყალობევ სამყოფელში დამტოვეს და გამშორდნენ..
საშობაო ეპისტოლე - 2018
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნო, სამშობლოში მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, გიხაროდეთ!
„ამიერიდან შენ უკვე აღარ ხარ მონა, არამედ ძე, ხოლო თუ ძე ხარ, მემკვიდრეცა ხარ ღმერთის მიერ“ (გალ.4,7).
ახლა, ამ ღამეს, მთელ კაცობრიობას და თითოეულ ჩვენგანს კვლავ ეუწყება ანგელოზის საოცარი სიტყვები, პირველად ბეთლემელმა მწყემსემა რომ გაიგონეს: „...მე გახარებთ დიად სიხარულს, რომლითაც იხარებს მთელი ხალხი, რადგან დღეს დავითის ქალაქში დაიბადა თქვენი მაცხოვარი…“ (ლუკა 2,11) და მსოფლიოს კვლავაც ეფინება ზეციური საგალობელი: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“ (ლუკა 2,14).ანთებული სანთლებით მწყემსებთან და მოგვებთან ერთად სულიერად ჩვენც გავეშუროთ ბეთლემისაკენ და მივეახლოთ ყრმა იესოს, - წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მიერ დავითის ძედ წოდებულს. რატომ შეიყვარა ღმერთმა ასე დავითი? რატომ მიაგო გამორჩეული პატივი? შობის ადგილად მისი ქალაქი რატომ ირჩია და თავისი ხორციელი წარმომავლობა მას რატომ დაუკავშირა?!
პირველ რიგში იმიტომ, რომ იგი გახდა მეფე-რჩეული. დავითს ძლევამოსილობის მწვერვალზეც და უდიდესი შეჭირვების ჟამსაც სულით ხორცამდე ჰქონდა განცდა იმისა, რომ ქვეყანაში თვითონ კი არ მეფობდა, არამედ, - ყოვლადსახიერი უფალი. თავად კი იყო ოდენ მსახური და მისი ნების აღმსრულებელი, ამიტომაც თავმდაბლად სრულად იყო მასზე მინდობილი და უდრტვინველად ემორჩილებოდა. ძველი აღთქმის მეფეთა შორის მეფე-მსახურის ტვირთი ასე სწორად, ასე ღირსეულად არავის უტარებია და დღესაც იგი მისაბაძად რჩება. დავითს ჰქონდა დიდი შეცდომებიც, მაგრამ ჰქონდა გულმხურვალე, გულწრფელი, სულისშემძვრელი სინანული და ეს განცდა იმდენად ძლიერი იყო მასში, რომ სჭარბობდა ცოდვათა სიმძიმეს და მაგალითი გახდა დაცემულთა წამოდგომისა. თავმდაბლობისა და გულშემუსვრილობის გამო მიეცა მას წინასწარმეტყველების მადლი და უფალთან პირდაპირი საუბრის ძალმოსილება, რითაც იქცა მეფობის, ღვთისმახურებისა და წინასწარმეტყველების ნიჭთა შემომკრებად. ამ თვისებათა გამო დაფასდა დავითი ღვთის თვალში.
****
ჩვენ ყველამ მშობლებისა და წინაპართაგან მივიღეთ გენეტიკური მემკვიდრეობა. ამ მემკვიდრეობის, გარემოებათა და პიროვნული არჩევანის მიხედვით კი ვყალიბდებით ინდივიდებად. ეს შემოქმედებითი პროცესია, რადგან გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი ქმედებების ნაწილი მოვიწონოთ, ნაწილი დავიწუნოთ, ზოგს განვერიდოთ, ზოგს მუდმივად ვებრძოლოთ ... და ასე გავხდეთ თანამონაწილე ჩვენი „მე“-ს გამოძერწვისა.
ავს ვაკეთებთ თუ კარგს, ეს ყველაფერი შემდეგ იმ ქვეყნად აისახება და მთელი სისავსით გამოვლინდება; ამიტომაც ჩვენს ყველა ნაბიჯს და არსებობის ყოველ წუთს დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ვმოქმედებთ გონებით, სიტყვით, საქმით, გრძნობით და პასუხს ვაგებთ ფიქრზე, რომელიც გონებაში გვაქვს, საქმეზე, რომელსაც ვაკეთებთ, ტკივილზე თუ სიხარულზე, რომელსაც განვიცდით, სიტყვაზე, რომელსაც ვამბობთ, მზერაზეც კი... რადგან ეს ჩემი აზრია, ჩემი გრძნობაა, ჩემი მოქმედებაა, ჩემი სიტყვაა, ჩემი განწყობაა. მე ვქმნი ამ ყოველივეს და ჩემს „მე“-დ, ჩემს ინდივიდუალურ ყოფად ვაქცევ.
წარმოიდგინეთ, მუდმივად რამდენი მიმართულებით ვავლენთ თავს. ამასთან, უმეტეს შემთხვევაში არც ვუკვირდებით და ვერც ვაცნობიერებთ, რას ვაკეთებთ, რატომ და როგორ ვმოქმედებთ. რა არის ჩვენთვის სასარგებლო ან უარსაყოფი, რა ითვლება სიმართლედ და სიკეთედ, როგორ ვიცხოვროთ, როგორ მოვიპოვოთ ბედნიერება? - ეს კითხვები ფილოსოფოსთათვის საუკუნეთა მანძილზე განსჯის საგნად იყო ქცეული და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.
ქრისტიანობამ კი ყველასთვის გასაგებად მარტივად გასცა მას პასუხი: „შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი სულით და მთელი შენი გონებით. ეს არის პირველი და დიდი მცნება და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“ (მთ. 22, 37-39), ანდა „ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მთ. 7,12).
მაგრამ ამგვარი ცხოვრების შედეგი არ არის მიწიერი ბედნიერება, სიმდიდრე და თანამდებობა, არც პატივი და უზრუნველი ყოფა. ასეთი ცხოვრების შედეგი არის მარადიული ნეტარება, მარადიული სიხარულის განცდა და ანგელოზთა თანა ქრისტეს საუფლოში მყოფობა.
წუთისოფელში ყოველთვის იყვნენ და არიან ადამიანები, რომელნიც ამქვეყნიურ, წარმავალ კეთილდღეობას ირჩევენ ცხოვრების მიზნად და სხვა არც არაფერი სურთ. მაგრამ იყვნენ, არიან და იქნებიან ისეთნიც, რომელნიც ბედნიერებას უფალთან ერთობაში ხედავენ. ასეთი აზროვნება ზოგიერთს ადრეული ასაკიდან უყალიბდება, ზოგი განსაცდელის შემდეგ ხდება მორწმუნე, ნაწილიც განსჯით ეძიებს და იმეცნებს ღმერთს, რომელთანაც სიახლოვეს მთელი ძალით ეკლესია შეგვაგრძნობინებს.
რა არის და რას ნიშნავს ეკლესია?
ეკლესია ღვთის მიერ მოწოდებულთა და მისი სიწმინდის გარშემო გაერთიანებულთა კრებულია. პირველი ეკლესია ჩვენთვის უხილავია და იგი შემოქმედთან ანგელოზთა დასის ურთიერთობას გულისხმობს. ადამს, ევასა და ღმერთს შორის დაცემამდელი კავშირი კი იყო ედემში არსებული ეკლესია, ანუ ის სივრცე, რომელშიც შემომქმედთან ჩვენი პირველმშობლების ერთობით ხდებოდა მათი ნეტარებითი ცხოვრება. ცოდვით დაცემის შემდეგ ხილული ეკლესია კვლავ შენარჩუნდა აბრაამის და სხვა მამათმთავართა კრებულში; სჯულდებითი სახე კი მას სინას მთის გამოცხადების შემდეგ მიეცა.
I საუკუნემდე მთელს მსოფლიოში მხოლოდ ისრაელში არსებობდა ეკლესია, სადაც იდიდებოდა ჭეშმარიტი ღმერთი. I საუკუნის დასაწყისში, სულიწმინდის მოფენის დღეს, - დაარსდა ახალი აღთქმის ეკლესია, რომელმაც მაცხოვნებლობითი მადლმოსილება შესძინა იმ მსახურებას ძველი აღთქმის ეკლესიაში რომ აღესრულებოდა. მისი მოწყობის წესი, იერარქია და საიდუმლოებები მაცხოვარმა თვითონ დაადგინა. ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ მხოლოდ ეს ეკლესია არის მაცხოვნებელი, მარადიული სიცოცხლის წყარო და ემბაზი, რადგან იგი უშუალოდ იესო ქრისტეს მიერაა დაარსებული და მისი სისხლითაა გამოსყიდული. „კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას~ (მთ. 1,16), - ბრძანებს უფალი.
ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არასოდეს მძლავრობს პიროვნებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა, მისთვის უცხოა ჩვენი ნების რაიმე სახით შეზღუდვა (ცოდვა კი იმონებს კაცს და თავის მორჩილად ხდის). ეკლესია კაცობრიობას და თითოეულ ჩვენგანს გადარჩენის გზებს უჩვენებს და გვთავაზობს თანამოღვაწეობას ჩვენს სულში და ჩვენს გარემოში გაბატონებული ბოროტი ძალის დასამარცხებლად. ამისთვის კი არ არის საკმარისი მხოლოდ ჩვენი სიტყვიერი აღმსარებლობა, არც ღრმა თეოლოგიური ცოდნა, არც წესების შესრულება, აუცილებელია ყოველი ჩვენგანის პირადი მოღვაწეობაც, ქმედებებში გამოვლენილი ჩვენი ბრძოლა გამარჯვებისათვის.
ამიტომაც ეწოდება ქრისტეს ეკლესიას მებრძოლი ეკლესია. ხოლო ვინც ამქვეყნად ამ სულიერ ბრძოლაში არ მონაწილეობს და ცხონების გზას არ ადგება, თუნდაც ეკლესიაში რეგულარულად დადიოდეს და სასულიერო პირიც იყოს, ქრისტეს ცოცხალი და ცხოველსმყოფელი ეკლესიის გარეთ დარჩება.
ვიტყვით იმასაც, რომ მებრძოლი ეკლესია იარსებებს მეორედ მოსვლის შემდეგაც, ოღონდ ახალი ფორმით, - მოზეიმე ეკლესიის სახით, ცოდვებზე გამარჯვებულ ნათლის შვილთა და ღვთის ძეთა კრებულის სახით.
ასე რომ, ეკლესია ყოვლადწმინდა სამების მადლთან ანგელოზთა და კაცთა თანაზიარების ადგილია. იგი შესაქმის თანადროულია, ანუ სამყარო ეკლესიის გარეშე არ არსებობს!
ბედნიერნი ვართ, რომ ჩვენ მებრძოლი, გადამრჩენელი, მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნი ვართ და ძალგვიძს, მოზეიმე ეკლესიის თანაზიარნიც გავხდეთ. ქრისტეს ეკლესიის წევრობა ცოდვის მონობისაგან ჩვენს გათავისუფლებას, საკუთარი თავის ფლობას, სხეულზე სულის წარმმართველობას გულისხმობს. წარმომავლობის, ეთნოსის, წარსული ცოდვილი ცხოვრების მიუხედავად ქრისტე არ ერიდება უდიდეს სიწმინდეში ჩვენს შეყვანას, ზიარების მადლით კი მისი სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანი ვხდებით. მაგრამ ამ სიწმინდეს გვთავაზობს არა პატივისათვის, არამედ პასუხისმგებლობისთვის, არა ბატონობისთვის, არამედ მოყვასზე ზრუნვისთვის, დავით წინასწარმეტყველის მსგავსად მეფე - მსახურად ჩვენი წარმოჩენისთვის. „მადლისა და სიმართლის უხვად მიმღებნი იმეფებენ სიცოცხლეში, იესო ქრისტეს მიერ“ (რომ.5,17), - ვკითხულობთ წმინდა წერილში, რადგან „უკეთუ დავითმენთ, მასთან (იესოსთან) ერთად ვიმეფებთ“ (II ტიმ. 2,12). ქრისტიანად ყოფნა ნიშნავს ისეთი თვისებების ქონასაც, როგორიცაა, ერთი მხრივ, თავმდაბლობა, მეორე მხრივ, - უშიშრობა და სხვისთვის თავგანწირვა; ერთი მხრივ, გულწრფელობა და უბოროტობა, მეორე მხრივ, - სიბრძნე და გონიერება, სხვისი აზრის მოსმენისა და უმჯობესის გამორჩევის უნარი…
როდესაც ვუყურებთ ჩვენს თანამედროვე მდგომარეობას, ერთგვარი შიში და უკმაყოფილება გვიპყრობს, რადგან ქრისტიანული წესით ცოტა ცხოვრობს და ეკლესიის მაცხოვნებელ საოცარ წიაღს მოწყვეტილნი, ვითარცა ხის ნაფოტნი და ვაზის ნასხლევნი, სიცოცხლეს კარგავენ.
ახალს არაფერს ვიტყვით, თუ აღვნიშნავთ, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და კაცობრიობის დღევანდელი მდგომარეობა მეტად მძიმეა. პიროვნება უფსკრულის წინაშე აღმოჩნდა და ღვთის მადლის გარეშე დარჩენილს, აღარ ძალუძს, თავი დააღწიოს შექმნილ მდგომარეობას; ინგრევა ოჯახები, უმეთვალყუროდ რჩებიან ბავშვები; გამეფდა სიცრუე, ამპარტავნება, გაუტანლობა, ეგოიზმი, შური და ღვარძლი; ადამიანი ცდილობს, გაექცეს ამ რეალობას, მაგრამ გზააბნეული ხსნას ძირითადად ნარკოტიკის მოხმარებაში ხედავს, რითაც მდგომარეობას კიდევ უფრო ირთულებს. აუცილებელია, შემუშავდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს დაიცავს და შექმნის უარყოფით განწყობას ამ უმძიმეს სენთან მიმართებით. ამასთან, უნდა აშენდეს სარეაბილიტაციო ცენტრები, სასკოლო ასაკიდანვე უნდა მოხდეს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და გატარდეს სხვა ღონისძიებები.
მაშინ, როდესაც ქვეყანა დემოგრაფიული კატასრტროფის წინაშე დგას, ყველას განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულება გვმართებს, რათა აღნიშნული პრობლემისადმი სწორი, კომპლექსური მიდგომა განხორციელდეს და რეალური, შედეგის მომტანი ნაბიჯები გადაიდგას.
მაინც მწამს, ქვეყანა, რომელიც უფლისა და ღვთისმშობლის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა და რომელმაც 2000 წლის მანძილზე რწმენისთვის თავგანწირვის მრავალი მაგალითი აჩვენა, ქრისტიანობისთვის მებრძოლ სულს კვლავაც შეინარჩუნებს და ცხონების გზას, ათას ქარტეხილთა მიუხედავად, არ დატოვებს. ამის იმედს განსაკუთრებით მაძლევს ჩვენი მომავალი თაობა, საოცრად ნიჭიერი და ღვთისმოყვარე ჩვენი ბავშვები. დღეს, უპირველეს ყოვლისა, მათი ზეიმია და გულითადად ვულოცავ და ვლოცავ მათ.
ვლოცავ პატიმრობაში მყოფთ, სნეულთ და გაჭირვებულთ.
დღესასწაულს კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, ბერძნებს, უკრაინელებს, რუსებს, ებრაელებს, აზერბაიჯანელებს, სომეხებს, უდინებს, იეზიდებს, ქურთებს, ინგუშებს, ჩერქეზებს, ჩეჩნებს და ლეკებს, ყოველ სხვა მკვიდრთ საქართველოისა და საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ.
მაშ, „განვიშორნეთ უკუე საჭურველნი ბნელისანი, რათა შევიწყნაროთ დღე აღმოდაბადებისა“ (იოანე თესალონიკელი). „ქრისტე იშვების, ადიდებდეთ! ქრისტეს ზეცით მოვალს, მიეგებვოდეთ! ქრისტე ქვეყანასა ზედა არს, ამაღლდით!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
თბილისი,
შობა ქრისტესი,
2017/2018
სიტყვა მეოთხე ლოცვის შესახებ
უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე.
ადამიანის გული ზებუნებრივ, ბუნებრივ და ბუნების საწინააღმდეგო მოძრაობათა ცენტრია. ყველაფერი გულიდან იღებს სათავეს და თუ ადამიანის გული განიწმინდება, ის ღმერთს იხილავს.
მაგრამ როგორ ვიხილავთ ღმერთს? განა ღმერთი ანთროპომორფულია? ადამიანის სახე აქვს? არა! ღმერთი უხილავია, ის სულია, მაგრამ შეუძლია გამეფდეს ადამიანის გულში, როცა ის გახდება ჭურჭელი, რომელიც მის დატევნას შეძლებს.
იმისთვის, რომ ღმერთი დაიტიოს ადამიანის გულმა, ის უწმინდური გულისსიტყვებისგან უნდა განიწმინდოს. გული რომ განიწმინდოს, მასში წამალმა უნდა შეაღწიოს. ეს წამალი კი ლოცვაა.
მეფე სადაც მიდის, იქიდან მისი მტრები იდევნებიან. როცა ქრისტე, მისი წმინდა სახელი გულში შედის, იქიდან ეშმაკთა რაზმებს გამოაძევებს.
როცა ქრისტე ნამდვილად დამკვიდრდება გულში, ყველაფერი მას დაემორჩილება, როგორც მეფეს, რომელიც სახელმწიფოს დაიპყრობს და დედაქალაქში აღსაყდრდება. მაშინ ის თავისი ჯარით ყველა მეამბოხეს დაიმორჩილებს, ესე იგი, განდევნის მტრებს, შინაგანი მღელვარებისგან დააწყნარებს სახელმწიფოს და მშვიდობა დამყარდება. მეფე საყდარზეა დაბრძანებული და ხედავს, რომ ყველა მისი ქვეშევრდომია და მას ემორჩილება. მას უხარია და მხიარულობს, რადგან ხედავს, რომ ბრძოლა და შრომა დამთავრდა, რამაც ყველა მას დაუმორჩილა და მშვიდობა და წარმატება მოუტანა.
იგივე ხდება ჩვენი გულის სახელმწიფოშიც, სადაც მრავალი მტერია, ამბოხებები, გულისსიტყვები, ვნებები, უძლურებები, ქარიშხლები და შფოთია. ეს ყველაფერი ადამიანის გულშია.
გულის სახელმწიფოს დასაწყნარებლად და დასამორჩილებლად ქრისტეს – მეფის და მისი ჯარის – მოსვლაა საჭირო, რომ დაიპყროს ის, განდევნოს მტერი – ეშმაკი, ჩააცხროს ვნებებისა და უძლურების ყოველგვარი შფოთი და გამეფდეს, როგორც ყოვლისმპყრობელი იმპერატორი. ამ მდგომარეობას, წმინდა მამების თანახმად, გულის დაყუდება ეწოდება. ამ დროს გულში განუწყვეტელი ლოცვა მეფობს, რაც მის სიწმინდესა და სიმშვიდეს წარმოშობს.
ლოცვის მრავალი ხერხი არსებობს. რა თქმა უნდა, არსებობს ბაგისმიერი ლოცვა, როცა ლოცვას ბაგეებით ვიმეორებთ. ეს ის მეთოდია, რომელიც თავიდან, ლოცვის დასაწყისში უნდა გამოვიყენოთ, ჩვენს საბოლოო მიზანს რომ მივაღწიოთ.
ადამიანის გონება გამუდმებით მოქმედებს, მაგრამ არა თავისი ბუნების შესაბამისად, როგორც უნდა მოქმედებდეს. ჩვენი ზედაპირულობის გამო გონებას არასწორად ვიყენებთ. ის მთელ ქვეყნიერებას უვლის გარშემო და სხვადასხვაგვარ სიამოვნებაში პოულობს განსვენებას.
ზოგჯერ ის ბილწი გულისსიტყვებით ტკბება, ზოგჯერ სხვა ვნებები გაიტაცებს, ხან კი განურჩევლად დაეხეტება აქეთ-იქით. სადაც არ უნდა წავიდეს, რაზეც არ უნდა შეჩერდეს, ყველგან რაღაცით ტკბება.
ადამიანმა, რომელიც შრომობს მიზნისთვის, „მოუკლებელად ილოცევდით“ (1 თეს. 5, 17), უნდა მოიკრიბოს გაფანტული გონება – მაწანწალა, რომელიც ქუჩებში დაეხეტება – რომ გამოსწორდეს და სახლის კარგი მეპატრონე გახდეს.
გონება რომ მოვიკრიბოთ, მას ისეთი რამ უნდა შევთავაზოთ, რომ დატკბეს, რადგან, როგორც ვთქვით, გონებას აქეთ-იქით წანწალი სიამოვნებასა და ტკბობას ანიჭებს. ის რაღაც საამურით უნდა მივიზიდოთ. ამიტომ არის საჭირო თავიდან ბაგეებით ლოცვა.
დამწყებმა მონაზონმა, რომელიც ლოცვას სწავლობს, ბაგეებით უნდა ილოცოს: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ და ეცადოს გონება ყოველივე ამქვეყნიურს მოსწყვიტოს. გამოცემული ხმა, ხმის ჟღერადობა მიიზიდავს გონებას, რომ ლოცვას მიაპყროს ყურადღება. მაშინ გონება ნელ-ნელა მიეჩვევა კონცენტრირებას და აღარ გაიფანტება.
რა თქმა უნდა, მონდომება, ყურადღება, სურვილი და მიზანი, რომ შევიძინოთ მოუკლებელი ლოცვა, გონების მოკრებაში გვეხმარება.
ასეთი ლოცვით დროთა განმავლობაში ერთგვარი სიამოვნება, სიხარული, სიმშვიდე და გარკვეული სულიერი განცდა გვეუფლება, რაც მანამდე არასოდეს გვქონია. ის თანდათან მიიზიდავს გონებას.
როცა ბაგეებით ლოცვა წარემატება და შინაგანისკენ მიიზიდავს გონებას, მაშინ ერთგვარ თავისუფლებას ანიჭებს მას, რომ ბაგეების გარეშე, თვითონ იმეოროს ლოცვა. მაშასადამე, ნაყოფი უკვე მივიღეთ. შემდეგ ხან ბაგეების, ხან გონების მეშვეობით ლოცვა ნელ-ნელა გაბატონდება სულში.
როცა გონება ლოცვით არის დაკავებული, ის გულში შესვლას იწყებს და ადამიანი, სადაც არ უნდა იყოს, იგრძნობს, რომ გული ლოცულობს.
რისთვის მოვედით აქ? განა იმისთვის არ მოვედით, რომ ღმერთი ვიპოვოთ, იმისთვის არ მოვედით, რომ მისი მადლი ვიპოვოთ, იმისთვის არ მოვედით, რომ მშვიდობა ვიპოვოთ და ვნებებისგან გავთავისუფლდეთ? მაშ ასე, ამ ლოცვით ყველაფრის განხორციელება შეიძლება. ლოცვა სულში ერთგვარ სითბოს, ალს წარმოქმნის, რომელიც თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტ ლოცვას მოიტანს და ა. შ. როდესაც ეს მოხდება, დაინახავთ, როგორ დაიწვება უძლურებები, გულისსიტყვები, ნელ-ნელა დაიწვება ვნებებიც. ყოველივე ეს გულის სიწმინდით მთავრდება. მაშინ მას მამა, ძე და სულიწმიდა ეწვევა და თავის სავანედ, სამყოფლად აქცევს.
წმინდა მამები ამბობენ, რომ გონება ადვილად შეიბილწება და ადვილადვე განიწმინდება. გული ძნელად შეიბილწება და ძნელად განიწმინდება. გონება, როგორც კი ბოროტისკენ მიიქცევა, მაშინვე შეიბილწება, გული კი სწრაფად არ ხდება სიბილწის მონაწილე. როცა გულში გარკვეული სულიერი მდგომარეობა სუფევს და შემდეგ რაიმე მიზეზის გამო დაკარგავს მას, მაშინ გონება სხვადასხვაგვარად იწყებს შებილწვას, გული კი ადვილად არ იცვლება, რადგან მანამდე ის მადლმა შეცვალა და ბოროტება ძნელად, ნელ-ნელა აღწევს მასში.
იმისთვის, რომ ხორციელმა, ვნებიანმა და ქედმაღალმა გულმა უვნებობას მიაღწიოს, აღარ იგრძნოს ვნებები, საჭიროა ლოცვა. როდესაც ცენტრი განიწმინდება, მაშინ მის გარშემო ყველაფერი წმინდა გახდება. ლოცვა განაგდებს სასოწარკვეთილებას, უიმედობას, უდებებას, მცონარებას და განახლებულ სურვილსა და სწრაფვას შობს ახალი ღვაწლისთვის.
როცა ამას ვიგრძნობთ, მაშინ ნათლად გავაცნობიერებთ ლოცვის ნაყოფს, მის მიზანს. მაშინ მივხვდებით, რომ ცათა სასუფეველი ჩვენს გულშია. „სასუფეველი ღმრთისა შორის თქუენსა არს“ (ლუკ. 17, 21).
იქ, გულში, ლოცვით ჩატარებული კვლევის, გათხრების შედეგად – ჩასუნთქვით, ამოსუნთქვითა და გონების გულში ყურადღებით დაკავების მცდელობით – ვიპოვით დაფარულ მარგალიტს. ეს რა მარგალიტია? ეს სულიწმიდის მადლია, რომელიც ნათლისღების დროს მივიღეთ, მაგრამ ჩვენი უმეცრების თუ ვნებებისთვის თავის მიცემის გამო მადლი დაიმარხა.
მამა იოსები საათობით ამბობდა შინაგან ლოცვას. როცა იღლებოდა, გონიერ ჭვრეტას იწყებდა, შემდეგ კი ისევ შინაგან ლოცვას უბრუნდებოდა. გადაბმულად 7-8 საათი ლოცულობდა.
ის, ვინც ასე ლოცულობს, თანდათან შინაგან სრულყოფილებას აღწევს. გული სულ უფრო განიწმინდება და შემდეგ ადამიანი გულის უშფოთველობას მოიპოვებს.
წმინდა მამებმა მრავალი წლის განმავლობაში გულმოდგინე ლოცვით მაღალ სულიერ მდგომარეობას მიაღწიეს. განკვირვებაში მოდიოდნენ და საკუთარი თავიდან გამოსულები, პავლე მოციქულის მსგავსად ჭვრეტაში აღიტაცებოდნენ: „გინა თუ ხორცითა, არა ვიცი, გინა თუ თვინიერ ხორცთასა, არა ვიცი“ (2 კორ. 12, 2). ასე იყო მრავალი წმინდანი.
როცა წმინდა გრიგოლ სინელმა ლოცვის შესახებ ჰკითხა წმინდა მაქსიმე კავსოკალიველს, მან უპასუხა: „შემინდე, მამაო, ხიბლში ვარ“. წმინდა გრიგოლმა კი უთხრა: „ღვთის გულისათვის, მიამბე შენს სათნოებაზე. გთხოვ, მითხარი, გაქვს გონიერი ლოცვა?“ მაშინ წმინდა მაქსიმემ მიუგო, რომ დიდხანს ევედრებოდა ღვთისმშობელს მიენიჭებინა გონიერი ლოცვის მადლი. ერთხელაც ღვთისმშობლის ხატიდან გადმოვიდა მხურვალება, რომელმაც მის გულში შეაღწია და გულმა შინაგანი ლოცვა დაიწყო. რადგან წმინდა გრიგოლი მას აიძულებდა ეთქვა, წმინდა მაქსიმემ გაანდო, რომ გონიერი ლოცვის ნაყოფი ღვთისადმი დიდი სიყვარული და გონების ჭვრეტად აღტაცება იყო. ეს სულიწმიდის მოქმედებით ხდება, რომელსაც ის ხან ღვთაებრივი ნათლის უნივთო ეთერში აჰყავს, ხან საღვთო საუბარს იწყებს, ხანაც სხვა გამოუთქმელ ჭვრეტაში აღიტაცება.
ყველაფერი გონიერი ლოცვიდან მომდინარეობს.
ლოცვაში წარმატებასთან ერთად ვნებების სიმძიმეც შემსუბუქდება. დროთა განმავლობაში გულისსიტყვები, ფარული გულისსიტყვები გაქრება და ჩვენი გული ბავშვის უმანკო გულივით გახდება.
თავიდან, ვიდრე ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება, როგორც ვთქვით, ძნელია. მაგალითად, თუ რაიმე დანადგარი ხელით სამართავია, მეტი შრომაა საჭირო. თუ ეს მექანიზმი ავტომატური გახდება, მისი წარმადობა ბევრად გაიზრდება და დიდი შრომა აღარ დასჭირდება. ასევე ლოცვაც, თუ დროთა განმავლობაში მას შევიძენთ, უშრომლად წარმოითქმება და მრავალ ნაყოფს გამოიღებს.
როცა ლოცვის დაწყებას ვაპირებთ, გავფრთხილდეთ, რომ არ გვქონდეს კადნიერება და ამპარტავნება, რადგან ეს ლოცვისთვის ძალიან დიდი დაბრკოლებაა. ამიტომ არის საჭირო თავისბრალობა და საკუთარი თავის მუდმივი განკითხვა.
როცა საკონდიტროში შევდივართ, იქ შოკოლადებს, ნამცხვრებს, ნაირნაირ ტკბილეულს ვხედავთ. ასევეა სულიერ საკონდიტროში, იქაც ბევრ და მრავალფეროვან რამეს პოულობს კაცი. ჩვენ ვილოცებთ და ღმერთი რასაც ინებებს, იმას გამოგვიგზავნის; რაც საჭიროა, ყველაფერს გავაკეთებთ, თუმცა მხოლოდ ღმერთს ძალუძს ლოცვა არსებითი გახადოს. რაც უფრო დავიმდაბლებთ თავს, მით მეტი იქნება ლოცვის მადლი.
ვიმეორებ, ყურადღებით ვიყოთ, რომ ლოცვის დროს სხვა არაფერზე ვიფიქროთ. ეს არის ლოცვის ამოსავალი წერტილი.
წმინდა გრიგოლ პალამა ამბობს: როცა ლოცვას ჩასუნთქვითა და ამოსუნთქვით ვამბობთ, დროთა განმავლობაში ამოსუნთქვისას ნესტოებიდან სულიერი კეთილსურნელება იფრქვევა. ნამდვილად ასეა. ლოცვით წარმოიქმნება სურნელოვანი ჰაერი, რაც სხვა არაფერია, თუ არა ლოცვის ნაყოფი. ეს ქრისტეს სახელის წყალობით ხდება. რა არ ძალუძს იესოს სახელს! ქრისტეს სახელი განწმენდს პატიოსან ძღვენს. ქრისტეს სახელით გარდამოვა სულიწმიდა. ქრისტეს სახელით წმინდანები მკვდრებს აღადგენენ. ყველაფერი ქრისტეს სახელით აღესრულება.
ერთი მღვიძარე მამა ამბობდა, როგორ შეიძლება ამ ლოცვის მქონე ადამიანს სულის ამოსვლისას ეშმაკები მიუახლოვდნენ – ის ხომ ლოცვით გადის?! ეს სული ლოცვით იქნება შეჯავშნული და დემონები ვერ შეძლებენ მიკარებას. მართლაც, ძალიან დიდია ამ ლოცვის სარგებელი.
მე მგონი, უკვე გიამბეთ ერთ მორწმუნე ადამიანზე, რომელმაც გონიერ ლოცვას მიუძღვნა თავი. მას არც ოჯახი ზღუდავდა, არც სამსახური და არც სხვა რამ. სულიერი განსჯით, თავის უარყოფითა და ამაო საზრუნავისგან გათავისუფლების წყალობით გამუდმებით ლოცულობდა და ქრისტეს მიმართ დიდ სიყვარულს გრძნობდა. მას სულში ნამდვილად ღვთაებრივი ტრფიალება ჰქონდა. ძალიან სურდა მაცხოვრის წმინდა საფლავზე წასულიყო. ფიქრობდა, რომ იქ მისგან შეყვარებული ქრისტეს სიყვარულით აღივსებოდა. ის წავიდა იერუსალიმში ქრისტეს საფლავის მოსალოცად. შიგნით რომ შევიდა თაყვანისსაცემად, უძლიერესი სულიერი ტრფიალება იგრძნო. ფიქრობდა იმის შესახებ, რომ აქ დაიმარხა ის, ვისაც ეთაყვანებოდა – იესო ქრისტე, აქ იყო მისი ცარიელი საფლავი და ა. შ. მან წმინდა საფლავის თაყვანისცემისას იქვე განუტევა სული! ამის მხილველმა ხალხმა თქვა: „მოდით, ვნახოთ, რას მალავდა ეს კაცი თავის გულში!“ გვამი გაკვეთეს, გული გაუჭრეს და გაოგნებულები დარჩნენ. გულში ეს სიტყვები ეწერა: „იესო, ჩემო ტკბილო სიყვარულო..."
ხედავთ, ლოცვამ როგორ გაამდიდრა ის ადამიანი? როგორ გაამდიდრა ღვთაებრივი სიყვარულით? ახლა კი დაფიქრდით, სიკვდილის შემდეგ სად მოხვდებოდა იგი? უეჭველია, ანგელოზებმა მიიღეს მისი სული და გვირგვინით შემკული, ნათლით შემოსილი ქრისტეს საყდართან მიიყვანეს.
ანგელოზი, რომელიც წმინდა პახომს ასწავლიდა, ამბობდა: „მრავალმა განსწავლულმა ადამიანმა მიატოვა სწავლა, თავისი ნაშრომები და ლოცვას მოჰკიდა ხელი“. მხოლოდ გონიერი ლოცვით აღწევს ადამიანი უვნებობას. არც ბევრი კითხვითა და განსჯით მიიღწევა უვნებობა და არც რაიმე სხვა გზით.
ამ გზით მლოცველი შეიძულებს უქმადმეტყველებას, კადნიერებას და მრავალ სხვა ცოდვას, რომ არ დაკარგოს ის, რაც ლოცვით მოიპოვა.
ვლოცულობ, ღვთის შეწევნით, შეიგრძნოთ ლოცვა და როცა მადლი მოვა, მაშინ საქმით შეიცნობთ და გაიგებთ იმას, რაზეც ახლა გესაუბრებით.
საშობაო ეპისტოლე - 1980
წმიდა სინოდის წევრებს - ღვთივგანბრძნობილ ყოვლად-სამღვდელო მიტროპოლიტებს, მთავარეპისკოპოსებს და ეპისკოპოსებს, მოძღვრებს, ბერ-მონოზვნებს და საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ყველა ღვთივკურთხეულ შვილს, მცხოვრებს დედასამშობლოში და მის საზღვრებს გარეთ
რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდშობილი მოსცა მას, რაითა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაი საუკუნოი (იოანე 3,16).
სიხარულისა და სიყვარულის სიტყვებით კვლავ მოგმართავთ ყოვლადსამღვდელონო, მიტროპოლიტნო, მთავარეპისკოპოსნო და ეპისკოპოსნო, მოძღვარნო, ბერნო და მონოზონნო, ძვირფასნო ძმანო და დანო - საქართველოს საპატრიარქოს კურთხეულნო შვილნო - მცხოვრებნო დედასამშობლოში და ჩვენი ძვირფასი მამულის საზღვრებს გარეთ! ღვთივდაცულ სამწყსოს გულითადად გილოცავთ ქრისტეს დაბადების დიდებულ დღესასწაულს და გისურვებთ სრულ მშვიდობას და მარადიულ სიხარულს, რამეთუ დედამიწაზე იესო ქრისტეს მობრძანებით ზეცა შეერწყა მიწას და ყოველი ჩვენგანისათვის გაიღო საუკუნო ნეტარების კარი.
განვლო საუკუნეებმა, მიდის წლები, ქრისტიანული სამყარო კი, როგორც ყოველთვის, ზეიმით ხვდება ერთ-ერთ უდიდეს საეკლესიო დღესასწაულს - ქრისტეს შობას. დღეს ჩვენი ფიქრები მიმართულია იმ შორეული დროისაკენ, ბეთლემის იმ კურთხეული გამოქვაბულისაკენ, რომელმაც შეიფარა ახალშობილი იესო - გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება მთელი კაცობრიობისა. ის იშვა, როდესაც ეძინა ბეთლემს, ეძინა იერუსალიმს, ეძინა იუდეველთა ქვეყანას, ეძინა მთელს კაცობრიობას. პირველნი, რომელთაც შემოესმათ ანგელოსთა გალობა - "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება" და რომელნიც ღირს იქმნენ თაყვანი ეცათ ახალშობილი იესოსათვის - იყვნენ უბრალო, წმიდა გულის პალესტინელი მწყემსები. ეს იყო დასაწყისი ახალი აღთქმისა, დასაწყისი ახალი, ქრისტიანული რწმენისა, რომელსაც უნდა გარდაექმნა მთელი კაცობრიობა. "სიტყვა განკაცნა, რათა ჩვენ ღმერთ-ვიქმნეთ", - სთქვა წმიდა ათანასე დიდმა.
წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ქრისტეს დაბადება შეუძლებელია გააზრებულ იქნას ადამიანური ლოგიკით. ეს არის სასწაული, რომელიც აღემატება ადამიანის გონებას. "ნუ შემეკითხები, როგორ მოხდა ეს სასწაული? რამეთუ, როდესაც ბრძანებს უფალი, ბუნება მხოლოდ მორჩილებს. მან ინება და შეძლო, მოვიდა და გვიხსნა! ღვთის ნებამ არ იცის რა არის წინააღმდეგობა და არსებული უწინარეს ყოველთა საუკუნეთა - დღეს ხორციელდება!" მაგრამ ღვთის განხორციელების საიდუმლო გასაგები ხდება მისთვის, ვისი გულიც გამთბარია რწმენითა და სიყვარულით, იმიტომ, რომ ეს სიყვარულის საიდუმლოა. სიყვარულის საიდუმლო გაუგებარია იმათთვის, ვისაც არ ძალუძს რწმენა და სიყვარული, მაგრამ გასაგებია მათთვის, ვისაც ძალუძს თავისი სიყვარულით უპასუხოს ჩვენს მოყვარულ უფალს.
სიყვარულითა საუკუნოჲთა შეგიყუარე შენ (იერემია 31,3), - ეუბნება ღმერთი მის მიერ შექმნილ ადამიანს, და ამ გამოუთქმელმა მარადიულმა სიყვარულმა განაწყო შემოქმედი გაღებად ენით გამოუთქმელი მსხვერპლისა. მსხვერპლი შეწირულია. საიდუმლო აღსრულდა, ახლა უფალი მოდის თითოეულ ჩვენგანთან და გვიხმობს, მაგრამ ყველას არ ესმის ეს ხმა, ერთნი შეიტკბობენ მას და იმყოფებიან მასთან, სხვანი უარყოფენ მას. უფლის მიღება, ანუ მისი რწმენა, თავისუფალი, ჭეშმარიტად საოცარი აქტია, მსგავსი ხელახალი დაბადებისა.
ადამიანი იმდენადაა გარემოცული მიწიერი გრძნობებითა და ფიქრებით, რომ მას ხშირად უძნელდება ღვთიური ნათელის აღქმა. მაგრამ დგება ჟამი, როდესაც ყველა ეს გრძნობა და ფიქრი სადღაც ქრება, ადამიანი გადადის სხვა სამყაროში და იბადება ახალი შეგრძნება, შეგრძნება არაამქვეყნიურისა, შეგრძნება რაღაც მშობლიურისა და ამავე დროს შორეულისა და მიუწვდომელისა - შეგრძნება ღვთისა.
წმიდა მამათა აზრით: ღმერთი ძლიერ ახლოსაა ჩვენთან, ის განუშორებელია ადამიანისაგან. ნეტარი ავგუსტინე ამბობს: "როგორ შემიძლია მოვიხმო ჩემში ღმერთი? არის კი ჩემში ადგილი, სადაც შეეძლება ღმერთს მოსვლა? მე არ ვიარსებებდი, ღმერთო ჩემო, შენ რომ არ იყო ჩემში, ანუ არ ვიარსებებდი, მე რომ არ ვიყო შენში, რამეთუ ყოველი არსება იმყოფება შენში და შენით არსებობს. სად მოგიწოდო შენ, როდესაც მე ვიმყოფები შენში და საიდანღა შეძლებ შენ ჩემში მოსვლას?"
ადამიანს შეუძლია, უსაზღვროდ ამაღლდეს სულიერად და შეუძლია შთავარდეს ვნებათა უსასრულო, უპირო უფსკრულში, ორივე შემთხვევაში ის მაინც ადამიანად რჩება, მასში არ ქრება "ხატი ღვთისა". ხშირად ადამიანში ვხედავთ წინააღმდეგობას, კეთილი საწყისის გვერდით ვხვდებით სრულიად სხვა ხასიათის ენერგიას, დემონურ ძალას, ბოროტსა და საშიშს; საშიშს უპირველესად თავად ამ ძალის მატარებლისათვის. ადამიანი ვალდებულია იბრძოლოს ბოროტების წინააღმდეგ. ვინ უნდა იყოს ჩვენი დასაყრდენი ამ ბრძოლაში? - ღმერთი, ქრისტე, ჭეშმარიტება, სიმართლე. "ნათელი ქრისტესი განგუანათლებს ყოველთა" - ეს ნათელი იმდენად ძლიერია და ცხოველმყოფელი, რომ იგი აცისკროვნებს ხილულსა და უხილავ სამყაროს, აღწევს ადამიანის სულისა და სხეულის ყველა ნაწილში, იგი ანათებს, უხმობს ქვეყანას, გარდაქმნის მას, განსაკუთრებით ბრწყინვალედ ანათებს სიბნელეში, რომელიც ცდილობს მის შთანთქმას, მაგრამ სიბნელე, თუმცა დიდია თავისი მოცულობით, უძლურია ნათლის წინაშე. ნათელი, რომელიც გვინათებს ცხოვრებას და რომლის მეოხებითაც ჩვენ საშუალება გვეძლევა გავარჩიოთ კეთილი და ბოროტი, მართალი და ტყუილი, გვინათებს ჩვენ არა გარედან, არამედ შიგნიდან, ჩვენი ზნეობრივი არსების, ჩვენი გულის სიღრმიდან. ამიტომ ადამიანს უნდა ჰქონდეს კავშირი ნათელთან, ღვთიურ ენერგიასთან. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როდესაც მექანიზმის გენიას სურს მოაშთოს ადამიანი, როდესაც ამ მექანიზმს სურს გამოაძევოს ჩვენგან სული და დატოვოს მხოლოდ მკვდარი მატერია. ამან გამოიწვია ის, რომ კაცობრიობამ განიცადა მერყეობა სულიერ ფასეულობათა აღქმაში. ეს ჩვენი დროის დამახასიათებელი თავისებურებაა. ამის თაობაზე გვაფრთხილებდა წმიდა მოციქული პავლე, როდესაც სწერდა: და ნუ თანა-ხატ ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქუენისაჲთა (რომ. 12,2).
მაგრამ ადამიანმა პოვა ძალა თავის თავში, რათა წინაღუდგეს ამ ცთუნებას. დღევანდელ ადამიანს აინტერესებს სულიერი და საღვთისმეტყველო საკითხები. იმისათვის, რომ ღრმად ჩავწვდეთ სულიერი პრობლემების არსს, გავხდეთ ღვთისმეტყველი, საჭიროა ჭეშმარიტად ქრისტიანული ცხოვრება და არა მხოლოდ ეკლესიური დოგმატების შესწავლა.
თანამედროვე ახალგაზრდობას არ შეიძლება დავწამოთ ინდიფერენტიზმი. ეს არის მოაზროვნე, მაძიებელი, ნიჭიერი ახალგაზრდობა, ძიება ახალგაზრდობისა, მისი უნარი მსხვერპლის გაღებისა, სწრაფვა მეცნიერებისაკენ - ყოველივე ეს მისი სულის ძალასა და სიდიადეზე მეტყველებს. სასიხარულოა, რომ ჩვენი ახალგაზრდობა იმას, რაც გაყინული, უძრავი, უსიცოცხლო და უსულოა, არ იწყნარებს. ბევრს გაუჩნდა წყურვილი ნამდვილი სახარებისეული ცხოვრებისა, დღეს ბევრს უფრო სულიერი სიმდიდრე აინტერესებს, ვიდრე მატერიალური კეთილდღეობა, ადამიანმა გაიგო რა არის სიმდიდრე. ვის აკურთხევს იგი, ვის აბედნიერებს, ვის ალამაზებს, ვის ჰმატებს სიკეთეს და გონიერებას? დღემდე - არავის.
ქრისტიანობა თავისი უბრალოებით და უჩვეულობით სუსტი და უძლური ჩანდა, მაგრამ მან ბრძოლაში გამოიწვია ძველი სამყარო. ქრისტიანობამ უშუალოდ ადამიანის გულს მიმართა და იგი ისეთ სულიერ და ზნეობრივ სიმაღლეზე აიყვანა, რომლის მსგავსი ძველ რელიგიებს და ფილოსოფიას ვერც კი წარმოედგინათ.
ადამიანთა გულების დაპყრობისათვის საჭირო იყო არა მტკიცებანი, არამედ მადლიან ცხოვრებასთან ზიარება, არა დარწმუნება, არამედ ქრისტიანობის ჩვენება, რამეთუ მოციქული პავლეს სიტყვებით: არა სიტყვითა არს სასუფეველი ღმრთისაი, არამედ ძალითა (I კორ. 4,20).
ჩვენს დროში სამყარო სწრაფად იცვლის სახეს. ახლა წელიწადი მთელი ეპოქაა. ეს ჩვენი ეკლესიის ცხოვრებაშიც შეიმჩნევა. იგრძნობა მისწრაფება მთელი მსოფლიოს ქრისტიანთა ურთიერთგაგებისა და დაახლოებისაკენ, რაც ხელს უწყობს ხალხთა და სახელმწიფოთა ურთიერთგაგებას, ქრისტიანთა დაახლოება იწვევს იმას, რომ მტრობა და უნდობლობა წარსულს ბარდება, ისპობა ფსიქოლოგიური და სხვა წინააღმდეგობანი. ჩვენი მიზანია ადამიანური ურთიერთობების - პირადი, ოჯახური, საზოგადოებრივი, საერთაშორისო ურთიერთობების ქრისტიანულ პრინციპებზე დაფუძნება, დამყარება. ეს საერთო ქრისტიანული საქმე, ქრისტიანთა გამაერთიანებელი და დედამიწაზე მშვიდობის, თავისუფლებისა და სამართლიანობის დამყარების განმაპირობებელი საქმე უნდა გახდეს.
რაი-იგი არს ქრისტეს მიერ ახალი დაბადებული (2 კორ. 5,17) - ამბობს მოციქული პავლე. აღდგენა ადამიანში "ხატისა ღვთისა", გარდაქმნა ადამიანისა ნამდვილ ღვთისნიერ ქმნილებად - ესაა მიზანი ქრისტეს შობისა, ესაა მიზანი ახალი აღთქმისა.
დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ (ლუკა 2,14). რა შეიძლება იყოს კაცთათვის უფრო სანატრელი, ვიდრე "ქუეყანასა ზედა მშვიდობაჲ" და სათნოება კაცთა? მხოლოდ განხორციელებული უფლის დედამიწაზე მობრძანებას შეეძლო ადამიანებისათვის მოენიჭებინა ეს სიკეთე.
იესო ქრისტე ბეთლემში იშვა, მაგრამ ეს საკმარისი არაა. ის უნდა იშვას ყოველი ადამიანის გულში, და არა მარტო იშვას, არამედ მუდამ იმყოფებოდეს მასთან. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ჩვენთვის მისაწვდომი ის ზეციური მადლი, რომელიც დედამიწაზე საუკუნეთუწინარესმა ლოგოსმა მოგვიტანა - მშვიდობა ღმერთთან, მშვიდობა მოყვასთან, მშვიდობა საკუთარ თავთან.
იესო ქრისტემ გვიბოძა შინაგანი განახლების და სულიერი ზრდის უნარი. მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მთელი ჩვენი ცხოვრება, ყოველი ჩვენი მოძრაობა დაფუძნებულია რწმენაზე, რწმენაზე, რომლითაც განმსჭვალულია ჩვენი გული და რომელიც წმიდას ყოფს ჩვენს გულს. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა (ფს. 50). ქრისტეს დაბადებით სამყარო ზემიწიერს, ზექვეყნიურს ეზიარა. შენ ვერასდროს ვერ შეიტყობ ამას, თუ სასწაულთმოქმედი ბარძიმიდან თავად არ შესვი ის მაცოცხლებელი მადლი, რომელიც სულიერ წყურვილს კლავს. შესვი და აღარასდროს არ მოგწყურდება, შესვი და შენს წინაშე წარმოჩნდება მანამდე უხილავი და უცნობი ახალი სამყარო, სულიერი სამყარო, რომელიც თავისი მადლიანი სხივებით ათბობს და ანათებს დედამიწას.
იესო ქრისტე და ქრისტიანობა სამყაროში არამიწიერი გზით შემოვიდა. მაცხოვარმა თავისი განკაცებით მიმართა არა მხოლოდ ადამიანის გულს, არამედ გონებასაც. სახარებამ დაიმორჩილა ადამიანის ნებისყოფა, მისცა კაცობრიობას ახალი სიცოცხლე. მოციქული პავლეს სიტყვებით, სახარებისეული ჭეშმარიტება კაცობრიობას წარუდგა არა ადამიანური სიბრძნის დამაჯერებელი სიტყვებით, არამედ "მოვლინებითა სულისა და ძალისა". სულმა და ძალამ დაიპყრო მსოფლიო. მოვედინ სუფევაი შენი! იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. ასეთია ჩვენი ლოცვა, ასეთია ჩვენი სურვილი.
დღეს ჩვენ შევსთხოვთ უფალს ჩვენი რწმენისა და სიყვარულის გაძლიერებას, სულიერ და მატერიალურ ფასეულობათა სიუხვეს, სიკეთის გამრავლებას და ბოროტების აღმოფხვრას, ჩვენი სამოციქულო ეკლესიისა და ჩვენი ხალხის ნათელ მომავალს.
ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს, რომ მსოფლიოში აღარ იყოს ომი, შიმშილი და უსამართლობა.
ლოცვითა და მფარველობითა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და ღვთისა და მამულისათვის თავდადებულ ყოველთა წმიდათა, უფალმან განწმიდოს და გარდაქმნას ჩვენი შინაგანი სამყარო, რათა ჩვენი გულები და აზრები წმიდა ძღვნის სახით მიმართულ იქნას ახალშობილი ყრმისადმი.
განვლო ოცმა საუკუნემ, მაგრამ შობის ღამე მორწმუნე გულისათვის ისევე დაუვიწყარი და მომნუსხველია. ბაგა, ახალშობილი ყრმა დედასთან და მართალ იოსებთან ერთად, მწყემსები, მოგვები თავიანთი ძღვნით, გამოქვაბულს დაჰნათის ვარსკვლავი, ყოველივე ეს დღესაც მახლობელი და მშობლიურია ჩვენთვის.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ბრწყინვალე დღესასწაულს, ჩვენი სულიერი დაბადების და განახლების დღესასწაულს - ქრისტეს შობას. მარად გვემახსოვრება ჩვენი დიდებული წინაპრები, რომელთაც ახასიათებდათ ღრმა რწმენა და სიყვარული, შთაგონებული და შემოქმედებითი აზროვნება და თავდავიწყებული ძიება. დაე, ეს წელი მთელი მსოფლიოსათვის, ყველა ჩვენგანისათვის, ჩვენი სამშობლოსა და ჩვენი ღვთივდაცული ერისათვის მშვიდობის, კეთილდღეობის და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს.
აღორძინდებოდეთ მადლითა და მეცნიერებითა უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესითა. მისი დიდებაჲ აწ და დღეთა მათ საუკუნეთაჲსა. ამინ (2 პეტრე 3,18).
ქრისტეშობა
1979/1980
თბილისი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საშობაო ეპისტოლე - 1981
ღვთივკურთხეულ შვილთა მიმართ საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი და სამოციქულო ეკლესიისათა, მკვიდრთა საქართველოისა და მცხოვრებთა ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ
სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ შეიქმნა,
და სოფელმან იგი ვერ იცნა (იოანე 1,10)
ისევ გადაიშალა ჟამთა ბრუნვის ერთი ფურცელი, ასევ ინათა ვარსკვლავმა ბეთლემის თავზე და მოვიდა დიდებული დღე, ქრისტეს შობისა. ანგელოზთა გუნდნი ისევ მოაფენენ ჩვენს ნაცნობ ჰანგებს ცასა და ქვეყანას: დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ (ლუკა 2,14). მინდა მოგაგონოთ ამ ნათლით მოსილ დღეს, რომ ოქროს სასახლეებსა და ბროლით ანაგებ კოშკებს მადლი და სითბო არასოდეს მოუფენიათ ჩვენი მიწისთვის, ბეთლემის მადლი და საოცრება კი იხილეს ჩვენმა წინაპრებმა თავისი თვალით, და იმავ მადლს ვხედავთ დღესაც ჩვენი გონებით... იშვა ბეთლემში ის, ვისთანაც ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია (ინ. 1,4-5). დიახ, სწორედ ბეთლემში, მწყემსის გამოქვაბულში ნაშობმა სიტყვამ, ე.ი. ჭეშმარიტმა ღმერთმა ჩვენმა მოუტანა კაცობრიობას ის სასოება და სიხარული გულისა, და ნათელი გონებისა, რომელიც ყოვლად მოწყალე მაღალი ღვთისაგან მზადდებოდა ადამიანისათვის მთელი წინამდებარე ათასწლეულების მანძილზე. ის უნდა მოსულიყო... ის მოდიოდა... ღვთის განგება ამზადებდა მის ჩვენთან მოსვლას.., და იშვა იგი ქალწულისაგან, როგორც იყო განგება ღვთისა...
... რომ შევიცნოთ და შევისისხლხორცოთ ეს უდიდესი საიდუმლო, ამისათვის სარწმუნოებაზე დაფუძნებული ცოდნა უნდა შევსძინოთ ჩვენს გულს, ჩვენს გონებას, იმდაგვარად უნდა ავმაღლდეთ, რომ მაღალ დონეზე სუფევდეს ჩვენში სარწმუნოება და ცოდნა...
სარწმუნოება უნდა ანათებდეს ჩვენს შინაგან სამყაროს და შინაგანი სამყაროც მზად უნდა იყოს, რომ შეიცნოს, თუ საიდან მოდის ეს ნათელი, და მიიღოს იგი... მაშასადამე, სარწმუნოების ნათელს გულმა და გონებამ თავისი ნათელი უნდა დაახვედროს, ამ ორი ნათელის შერწყმით ამაღლდება სულიერად ადამიანი, და ამ გზით იგი ღვთისაგან ბოძებული მაღალი გონებით იხილავს ღმერთს: ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ (მთ. 5,8).
ამ უნათლეს დღეს ჩვენ ვულოცავთ ჩვენს სამწყსოს შობას უფლისას და ვუსურვებთ, რომ ისე ამაღლებულიყოს ქრისტეს მოყვარულ ჩვენს მშრომელ ხალხში ცოდნა და მასთან სარწმუნოება, რომ ერის სულიერ თვალს ჭეშმარიტად დაენახოს და გაეგოს, თუ რა დიდია ბეთლემი, გოლგოთა და ამაღლების მთა...
ადამიანის, ოჯახის, საზოგადოებისა და დღევანდელი კაცობრიობის ცხოვრებას მრავალგვარი თავისებურება ახასიათებს, ერთერთი იმათგან არის ის, რომ მეცნიერება და ხელოვნება კაცობრიობის არსებობის მუდამ განუყოფელი ნაწილი იყო. მაგრამ დღევანდელმა ცივილიზებულმა ინდუსტრიულმა გონებამ არ უნდა დაივიწყოს, რომ ბეთლემის გამოქვაბულში შობილმა ჭეშმარიტებამ, ხორცშესხმულმა ღმერთმა ჩვენმა, იესო ქრისტემ, პირველმა მოჰფინა ნათელი მეცნიერების წინსვლას, ხოლო ხელოვნების ისტორია ქვეყნის შექმნის დღიდან იწყება და პირველი მიუწვდომელი ხელოვანი ღმერთია თავად... თავი და თავი ის არის, რომ მეცნიერება და ხელოვნება უნდა ემსახურებოდეს იმ ღვთიურ მადლსა და სიკეთეს, რომელიც ნერგავს ხალხთა შორის პროგრესს, სიხარულს, რწმენას, სიყვარულსა და ურღვევ მეგობრობას.
ყოველმა მეცნიერმა უნდა იცოდეს, რა შედეგი მოჰყვება მის მეცნიერულ კვლევა-ძიებებს, რას მოუტანს მისი ნაღვაწი ხალხებს: სიკეთეს თუ დაღუპვას. ა. ეინშტეინი ამის შესახებ წერდა: "როდესაც მე თავი მეცნიერებას მივუძღვენი, ვხელმძღვანელობდი არა ისეთი გარეგნული მოტივებით, როგორიცაა ფულის მოპოვება, ან საკუთარი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილება და არც იმით (უკიდურეს შემთხვევეაში, არა მხოლოდ იმით), რასაც ხშირად სპორტად თვლიან, ან ტვინის ვარჯიშად, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. არამედ, როგორც მეცნიერებისაკენ მიდრეკილისათვის, ჩემთვის ძირითადს ერთი საკითხი წარმოადგენს - რა სურს, ან რა მიზანს ისახავს ის მეცნიერება, რომელსაც მე თავი მივუძღვენი? რამდენადაა მისი ძირითადი შედეგები დაკავშირებული ჭეშმარიტებასთან". (ტ.IV, 27-28). ხელოვნება კი, ღვთისაგან მონიჭებული ის სიკეთეა, რომელიც მთლიანად ეხება ადამიანთა არა ხორციელ ბუნებას, არამედ მის სულიერ სამყაროს. რამდენადაც მეტად მაღლდება ჩვენი სულიერი სამყარო, იმდენად მეტად ვუახლოვდებით ოცი საუკუნის წინანდელ ბეთლემს და ვმაღლდებით იმისაკენ, ვინც წარმოუდგენლად მაღლა დგას მეცნიერებასა და ხელოვნებაზე.
ჩვენ ვულოცავთ ჩვენს სიცოცხლის უნარიან ერს შობას უფლისას და ვუსურვებთ ბრწყინვალე გზით მიმავალ მეცნიერებს, მწერლებს, პოეტებსა და ხელოვნების სიყვარულით შთაგონებულ შემოქმედებს, რომ ქრისტეს ნათელი და ჭეშმარიტება გაძღოლოდეთ მათ თავიანთი დიდი მოღვაწეობის სახელოვან გზაზე, ჩვენი სამშობლოსა და მისი შვილების საკეთილდღეოდ.
არ შეგვიძლია დავივიწყოთ, რომ ჩვენმა კაცთმოყვარე ერმა მძიმე ტანჯვა გამოიარა... როგორც კუნძულს მღვრიე ტალღები დიდი მდინარისა, ისე მუდმივად გვადგა ირგვლივ ურიცხვი მტერი... ჩვენი წალეკვა უნდოდა სიბნელისა და ურწმუნოების მძვინვარე ტალღებს... ჩვენი ერი ზღაპრული ძალითა და ენერგიით ებრძოდა მუდამ მტერთა ურდოებს... პირველყოვლისა, ჩვენს ხალხს სწყუროდა არა მხოლოდ თავის გადარჩენა, არამედ გადარჩენა იმ დიდი მადლისა, რომელიც ქრისტეს წმიდა კვართს, მოციქულთა აქ მობრძანებას და ღვთისმშობლის მიერ ქალწული ნინოსთვის ბოძებულ ვაზის ჯვარს შემოჰყვა ჩვენში. ჩვენმა ეროვნულმა სულმა ქრისტიანობის მიღების შემდეგ ისე შეიყვარა მხოლოდშობილი ძე ღვთისა, რომ დაუნანებლად ვსწირავდით თავს ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობის გადასარჩენად... და ჩვენ შევინარჩუნეთ ქრისტიანობა საქართველოში, და მისი მადლით შევინარჩუნეთ თვითმყოფადობა და ეროვნული ჩვენი სიცოცხლე.
ცნობილია, რომ ყველა ხალხი, რომელმაც კი ქრისტიანობა მიიღო და შეიყვარა, სულიერი კულტურის აყვავების გზას დაადგა. ქართველ ხალხს კი ქრისტიანულმა მადლმა გაცილებით მეტი მოუტანა, ვიდრე სულიერი კულტურის აყვავებაა. ქრისტიანობის გარეშე ჩვენ, როგორც თვითმყოფადი ერი, ვერ ვიარსებებდით, მოვკვდებოდით... უფრო სწორად, დაახრჩობდა მღვრიე ტალღები ჩვენს ლამაზ კუნძულს... მოგვსპობდა ის გარემოცვა, ის ურჩხული, სისხლით დამთვრალი, ვერ აიტანდა ჩვენს სულსა და ქრისტიანობას... მაშასადამე, ქრისტიანობამ მოგვანიჭა გადარჩენა, შეგვინარჩუნა ეროვნული სიცოცხლე და თავისუფლება.
ქრისტიანობამ შეძლო მიეცა მისი მიმდევარი ყველა ხალხისათვის წინსვლისა და აყვავების დიდი უნარი, არა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ იგი კარგად ჩამოყალიბებულ იდეებსა და იდეალებს წარმოადგენდა, არამედ იმ ღვთიური მადლისა და განგებულების შედეგად, რომელიც ღვთის ნებით უნდა მოჰყოლოდა ქრისტიანობას... და მას მოჰყვა იგი, მოჰყვა ნათელი დიდი "ნათლისაგან ჭეშმარიტისა".
ქრისტიანული ნათელი ბეთლემში იშვა და ამ ნათელმა ქართველ ერს მისცა ნათლის ისეთი კერები, როგორიც იყვნენ: სინას მთა და წმიდა ათონი, იერუსალიმის ჯვრის მონასტერი და ბულგარეთის პეტრიწონი, გელათისა და იყალთოს აკადემია და სხვა.
თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლებდა ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი...
ხმალს არ აგებდა ქარქაშში ქართველი კაცი, ხმალი მზად ჰქონდა მუდამ მებრძოლს, და მკლავიც მზად ჰქონდა ბრძოლისა და შრომა-გარჯისათვის... თუ არა ქრისტიანული მადლი, ვინ დაბადებდა ისეთ გმირებს, როგორებიც იყვნენ: თორნიკე ერისთავი, დავით და კონსტანტინე, შალვა, ბიძინა და ელიზბარი, მღვდელი თევდორე. მაშასადამე, ქრისტიანობამ მოუტანა საქართველოს ბევრი რამ კარგი და სასახელო. ჩვენ ვულოცავთ ჩვენს საყვარელ ერს ამ ბრწყინვალე დღეს ქრისტეს შობისას და ვუსურვებთ, რომ კვლავაც ქრისტიანული გზითა და აზრით ეტარებინოს თავისი მარად აღმავალი სული და მისწრაფება... ნუ დავივიწყებთ, რომ ჩვენს ეროვნულ ერთიანობაში, ერისა და ეკლესიის ერთიანობაშია სარწმუნოების, სასოებისა და სიყვარულის წყარო, და მხოლოდ ასეთ ერთიანობას შეუძლია უზრუნველყოს ჩვენი დიდი მომავალი.
ქრისტიანობის მადლით ძალმოსილი შვილები ჩვენი ერისა იღვწოდნენ ჩვენი ენის, ჩვენი მწერლობის, ჩვენი ფილოსოფიური აზროვნებისა და მეცნიერების წინსვლისა და აყვავებისათვის. ჩვენი ერის დიდი შვილები უპირველესად იღვწოდნენ თავიანთი სულიერი ამაღლებისა და განწმენდისათვის, რათა ამის შემდეგ ქრისტეს მადლით ძალმოსილნი უდიდეს მეცნიერულ, ფილოსოფიურ და ლიტერატურულ მოღვაწეობას შესდგომოდნენ.
ჩვენი მხნე, სიცოცხლისა და თავისუფლების წყურვილით აღვსილი ხალხი, საუკუნეების მანძილზე აყალიბებდა ჩვენს დიდებულ უნიკალურ ენას. ამ ენაზე შეიქმნა უძველესი ჩვენი მწერლობა, ამ ენაზე დაიწერა "წამებაი წმიდისა შუშანიკისა", მთელს მსოფლიოში უსაჩინოესი "ვეფხისტყაოსანი" და ბევრი სხვა. ამ ენაზე მეტყველებდნენ გელათისა და იყალთოს აკადემიებში, ეს ენა ჟღერდა სინას მთაზე, წმიდა ათონზე და იერუსალიმის ჯვრის მონასტერში. ამ ენაზე ქმნიან თავიანთ შრომებს ჩვენი ბრძენი მეცნიერები ჩვენს სახელოვან მეცნიერებათა აკადემიაში, და ჩვენს კურთხეულ უნივერსიტეტსა და ინსტიტუტებში. ქართველ ხალხს ღრმად აქვს შეგნებული, რომ "რა ენა წარხდეს, ერიც დაეცეს, ჩირქი მოეცხოს ტაძარსა წმიდას" (გრიგოლ ორბელიანი). ამიტომ უყვართ თავისი ენა საქართველოს გულკეთილ შვილებს.
ჩვენ ვულოცავთ შობას უფლისას ჩვენს ღვთივგანბრძნობილ მეცნიერებს, მწერლებს, პოეტებს, ხელოვნების სიყვარულით შთაგონებულ შემოქმედებს და ვუსურვებთ, რომ მომავალშიც არ დაეზოგოთ გონიერება და ენერგია ჩვენი ერის სრულყოფისათვის, ჩვენი უძველესი მწერლობისა და ზეგარდმო მადლით ამაღლებული პოეზიის კიდევ მეტად ამაღლებისათვის, მეცნიერების წინსვლისა და ტექნიკური პროგრესისათვის.
ამ დიდებულ დღეს მე არ შემიძლია გვერდი ავუარო და არ შევეხო სამშობლოს სიყვარულის საკითხს. სამშობლო ადამიანის სიცოცხლის განუყოფელი ნაწილია, უსამშობლო ადამიანი სულით ღატაკია და საცოდავი, სამშობლოს სიყვარულით მწიფდება და ყალიბდება ადამიანის სულიერი სამყარო, მისი მისწრაფებანი და ფილოსოფიური შეხედულებანი, მისი გულწრფელობა და სიყვარული სხვა ერებისადმი... ვისაც არ უყვარს თავისი თავი, ის ხომ ვერც სხვას შეიყვარებს... და ვისაც არ უყვარს თავისი სამშობლო, ის როგორ იგრძნობს ცარიელ გულში სხვათა სამშობლოს სიყვარულს?! ამიტომ ბრძანა რაფიელ ერისთავმა: "სამშობლო - დედის ძუძუჲ არ გაიცვლების სხვაზედა", და "როგორც უფალი, სამშობლოც, - ერთია ქვეყანაზედა".
სამშობლოს გულმხურვალე სიყვარული იმაზე მიუთითებს ადამიანს, რომ უყვარს რა თავისი სამშობლო, ის უნდა იდგეს საერთო საკაცობრიო სიყვარულის სიმაღლეზე; ამაში მდგომარეობს ქრისტიანული სიკეთის ნათელი... ეგოიზმის ყოველგვარი გამოვლინება, რა საკითხში და რა საქმეშიც არ უნდა იყოს იგი, უცხოა და მიუღებელი ქრისტიანობისათვის. ამიტომ, სამშობლოს სიყვარული შოვინისტურ გრძნობათა ნაყოფი კი არ უნდა იყოს, არამედ ნაყოფი იმ მარად უჭკნობი ხისა, რომელსაც ქრისტიანობა ეწოდება.
ჩვენ ხშირად ვმსჯელობთ ეკონომიკური განვითარების პრობლემებზე. ალბათ უკვე დადგა დრო, როდესაც უნდა შეიცვალოს ჩვენი თვალსაზრისი, დადგა დრო, როდესაც ეკონომიკურ კონცეფციებთან ერთად უნდა ვიფიქროთ ადამიანის სულიერსა და კულტურული განვითარების დონეზე, ეკონომიკურ კეთილდღეობას არ მოაქვს ბედნიერება. ნივთები, რომლებიც სულ უფრო და უფრო ავსებენ ჩვენს ყოფას, კარგავენ თავიანთ ღირებულებას. უპრეცედენტო, მატერიალური განვითარება წარმოშობს უპრეცედენტო სიმახინჯეებს, ეგოიზმს, უნიათობას და სულიერ სიცარიელეს. დღეს, როდესაც ასეთი თავგამოდებით ვზრუნავთ სხეულზე და ვივიწყებთ სულს, შეძენისა და მოხვეჭის ორომტრიალში გართულთ გვავიწყდება, რომ ამ დროს ერთდროულად ვკარგავთ სულსაც და ხორცსაც.
თესალონიკის მთავარეპისკოპოსი წმიდა გრიგოლ პალამა ამბობს, ადამიანი რეალურად კვდება იმ მომენტში, როცა კარგავს ღვთის მადლს და ეზიარება ცოდვას. სულის სიცოცხლე, - ამბობს იგივე მამა, შესაძლებელია ღმერთთან კავშირში, ისევე როგორც ჩვენი ხორცის სიცოცხლე შესაძლებელია მხოლოდ სულთან კავშირში.
ქრისტესმიერ ჩემო შვილებო!
საყვარელო ქართველო ხალხო!
წუთი წუთს მისდევს, საათს საათი, დღეებს დღეები ენაცვლებიან, ერთი წლის ნაცვლად მეორე დგება და იფურცლებიან ამდაგვარად უთვალავი საუკუნენი... მარადიულობისათვის, რომლის შვილებიც ჩვენ გახლავართ, ეს ყოველივე არარას ნიშნავს... ჩვენს რთულ ეპოქას, დამძიმებულს ტყვიითა და წამლით, მშვიდობა უნდა და სიყვარული... ჩვენს სამშობლოსაც, საქართველოს, შრომისა და სიყვარულის მარად ერთგულ ხალხს, მშვიდობა უნდა.
ჩვენ შევსთხოვთ ქრისტეს შობის ცხოველმყოფელ მადლს, რომ მშვიდობა ყოფილიყოს მთელს ქვეყანაზე. შრომის სუფევა გვირგვინია და უშრეტი წყარო ადამიანთა ამქვეყნიური ბედნიერების. ჩვენ შევსთხოვთ უფალს, ამ დღეს შობილს, რომ მისი მადლითა და მოწყალებით, შრომისმოყვარე ქართველ ხალხს კვლავაც ჰქონოდეს საშუალება მშვიდობიანი შრომისა მამულის ასაყვავებლად.
ჩვენ შევსთხოვთ ღვთისმშობელ დედას, რომ მისი წმიდა საფარველის ქვეშ ყოფილიყოს მარად საქართველო, ქართველი ხალხი და მთელი ქვეყანა.
ეს ნათლით სავსე ქრისტეს შობის დღე გვაძლევს რწმენას და სასოებას, ჩემო ტკბილო ქართველო ხალხო, რომ ჩვენ მუდამ ერთად ვიქნებით, რომ ჩვენ ვიქნებით ერთი სამწყსო და გვეყოლება ერთი მწყემსი - უფალი ჩვენი იესო ქრისტე.
უფალმან ძალი ერსა თჳსსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თჳსი მშვიდობით (ფს. 28,2).
ქრისტეს შობა
1980/81 წწ. ქ. თბილისი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
სიტყვა პირველი მორჩილების შესახებ
ქვენთვის ეს ამბავი ადრეც მომიყოლია, ახლა კი მინდა ახალმოსულებსაც ვუამბო, რომ დაინახოთ და გაიგოთ, თუ რა არის მორჩილება.
კატუნაკიაში ერთი ბერი ცხოვრობდა, სახელად კირილე. მას ჰყავდა მორჩილი, რომელიც თავისი ურჩობით ხშირად ამწუხრებდა და გულს სტკენდა მოძღვარს. დროთა განმავლობაში მორჩილმა იგრძნო, რომ ფიზიკურად უძლურდებოდა. სანამ ეშმაკი ერთიანად შეიპყრობდა, გონებაარეული კაცივით იქცეოდა. ჩვენს მამებთან, მამა ათანასესა და მამა იოსებთან ერთად თხილის შესაგროვებლად დადიოდა ტყეში, მაგრამ მუშაობა არ შეეძლო. ამ ადამიანს გოგირდის მსგავსი სუნი ჰქონდა. ამ სუნს პირადი გამოცდილებითაც ვცნობ. არეულდარეული გულისსიტყვები ჰქონდა და მთელი ეს შინაგანი მდგომარეობა მის გარეგნობაში აისახებოდა. ზოგჯერ ჩვენს მოძღვართან, მამა იოსებთანაც მოდიოდა, გულისსიტყვებს ეუბნებოდა და რჩევას ეკითხებოდა, მაგრამ არაფერში ემორჩილებოდა.
სიკვდილის წინ მოძღვარმა, მამა კირილემ უთხრა: „შვილო, როცა მოვკვდები, აქ დამმარხე“. მან კი, როცა ბერი გარდაიცვალა, სხვაგან დაკრძალა. მამები ურჩევდნენ, კურთხევა ახლა მაინც არ დაერღვია და მოძღვრის უკანასკნელი სურვილი შეესრულებინა, მაგრამ ის პასუხობდა: „არა, მინდა აქ დავმარხო.
და როცა დაკრძალა, მაშინვე ეშმაკი წარმოუდგა და უთხრა: „უგუნურო, ეს ყველაფერი მე დაგმართე, მე გიბიძგებდი, ურჩობით დაგემწუხრებინა მოძღვარი“. და როგორც კი პირი გააღო, მასში ეშმაკი შევიდა და იმ წუთიდან შეიშალა... „რომელნი ქერუბიმთას“ გალობის დროს ტაკიმასხარაობდა, ნადირივით იქცეოდა და მგელივით ყმუოდა. წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხატი ნაჯახით გააპო. აღმა-დაღმა დაეხეტებოდა და მხოლოდ დროდადრო მოეგებოდა ხოლმე გონს.
ერთხელ შუადღე იყო. მელიის ხმა ისმოდა. კვიპროსელმა მამა იოსებმა მითხრა:
– ნახე, რა თავხედია მელა, დღისით-მზისით გაჰყვირის, არ ეშინია.
ვუთხარი:
– ეს მელა კი არა, მამა იოანეა, ეშმაკეული.
– არ მჯერა.
– მაშ, მოიცადე და ნახავ.
და მართლაც ცოტა ხანში ჩვენი სახლის წინ მამა იოანემ ჩაიარა!
ამას იმიტომ გიყვებით, რომ გაიგოთ, თუ რა არის მორჩილება და მაგალითი იყოს თქვენთვის. მომავალში ეს ძალიან გამოგადგებათ.
ერთხელ, როცა მამა იოანე ცოტა ხნით გონს მოეგო, ჩემს მოძღვართან, მამა იოსებთან მოვიდა. ჩვენი საცხოვრებლის წესის და მოძღვრის კურთხევის თანახმად, იქაურობა უნდა დამეტოვებინა. როგორც კი უცხო მოვიდოდა, თვალს ვეფარებოდი. მოკლედ, მოვიდა თუ არა სტუმარი, მეზობელ სენაკში გავედი.
მამა იოსები დაბალ სკამზე იჯდა, მამა იოანე მის ახლოს ჩამოჯდა. მოძღვრისგან მოსმენილი მქონდა, რომ ეს ადამიანი შეპყრობილი იყო. მის შესახებ ხშირად მიამბობდა, რათა ცოდნა და გამოცდილება შემეძინა.
მეზობელ სენაკში მყოფს მესმოდა, რას ამბობდა მამა იოანე და როგორ რჩევას აძლევდა მას ჩემი მოძღვარი.
„მამაო, – დაიწყო მან, – როცა ეშმაკი მიპყრობს, მაღლა ავყავარ, მირტყამს, სისულელეებს ვროშავ და უაზროდ ვიქცევი. გვერდიდან ვუყურებ, თუ რას სჩადის ჩემი სხეული, რას ამბობს პირი! მხოლოდ მაყურებელი ვარ, სხვა არაფერი შემიძლია, ჩემი სხეულის ყველა ნაწილი სრულიად ემორჩილება ეშმაკს“.
ნეა სკიტში ყოფნისას, სანამ საცხოვრებელს მოვაწყობდით, ბევრი საქმე გვქონდა და არეულ-დარეულები ვიყავით. ბოროტმა აცდუნა მამებიდან ერთ-ერთი, რომ რაღაცის გამო დავემწუხრებინე. ვეუბნებოდი – ნუ იქცევი ასე, არ გარგებს-მეთქი. ბოლოს ღმერთმა საკუთარ თავზე გამოაცდევინა, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება. ერთ დღეს, დიდ მარხვაში, დიდი სერობისას, ის ანალოგიასთან იდგა და კითხულობდა. მე კი წინამძღვრის სტასიდზე ვიჯექი. მოულოდნელად კითხვა მიატოვა და შეძრწუნებული ჩემთან მოვარდა:
– მამაო, ეშმაკი მიპყრობს!
– რატომ გგონია? – ვეკითხები მას.
– აი, დემონური ძალით, თითები მკლავის სიგრძე მიხდება, ხელი კი სივდება და სამ-ოთხჯერ უფრო დიდი ხდება! ვიღუპები, მამაო, ჯვარი დამსახე, ეშმაკეული ვხდები.
მაშინ კი გადავსახე ჯვარი და ვეუბნები:
– ახლა მიდი, სერობა წაიკითხე და სხვა დროს გაფრთხილდი, მოძღვარს ნუ შეეპასუხები და მისგან განსხვავებული აზრი ნუ გექნება, ეს არ გარგებს.
ჯვრის დასახვისთანავე გათავისუფლდა და გონს მოეგო, აცახცახებული მიბრუნდა და კითხვა გააგრძელა.
კარგ მორჩილს მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს. ისინი, ვინც მოძღვარს ემორჩილებიან და არ ამწუხრებენ, ანგელოზებს ემსგავსებიან. მორჩილებით დიდ მადლს პოვებს მორჩილი.
პავლე მოციქული, მაშინაც კი, როცა ქრისტიანებს მოძღვრავდა, ხაზს უსვამდა, რომ სათნოებათა ძირი მორჩილებაა და რომ სულიერი წინამძღვრები სულიერი წინსვლით უნდა გავახაროთ, რადგან ისინი ჩვენი სულებისთვის მღვიძარებენ (ებრ. 13, 17). არ შეგვშვენის დავამწუხროთ და დავადარდიანოთ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი სულებისთვის იბრძვიან.
როცა მორჩილებაში სარგებელსა და განსვენებას ვერ ვპოულობთ, ესე იგი, რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, რაღაც გამოგვრჩა.
როცა მორჩილი მოძღვრისგან სხვადასხვა თემაზე რჩევებს ისმენს, ამას უბრალო რჩევად ნუ მიიღებს. არსებითად ეს მცნებაა, თუნდაც პირდაპირ ასე არ ერქვას. ვთქვათ, მოძღვარი მორჩილს არიგებს და ეუბნება: „შვილო, აღასრულე მორჩილება და ილოცე. ბოროტი გულისსიტყვები მოსვლისთანავე განაგდე შენგან, რადგან რაც უფრო დიდხანს გააჩერებ მათ, მით უფრო წაბილწავენ ადგილს. დიდი ხნის შემდეგ თუნდაც წავიდნენ, თავიანთ კვალს და ლაქას მაინც დატოვებენ“; და კიდევ: „თუ ტალანდო რეკავს, მაშინვე ჩამოდი ეკლესიაში“; ან: „ეკლესიაში უმიზეზოდ ნუ გადაადგილდები, არამედ შენს სტასიდზე მოთმინებით იდექი და შენი ადგილი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში დატოვე“.
როცა მონაზონი არ ემორჩილება იმას, რასაც მოძღვარი დარიგებისა და შეგონების სახით ეუბნება, ის ურჩობს. ნუთუ მოძღვარმა აშკარად უნდა უთხრას: „გიბრძანებ გააკეთო ესა და ეს“, რომ შეეშინდეს და დაემორჩილოს? რა თქმა უნდა, არა. ბრძანება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში გაიცემა.
როცა ვინმე მოდის, რომ მორჩილებაში იცხოვროს, ცხადზე უცხადესია, ის არა იღუმენის, ან მონასტრის გამო, არამედ სწორედ ქრისტეს სიყვარულისა და სულის ცხონებისთვის მოდის. მაგრამ ვინაიდან ქრისტეს ვერ ხედავს და მორჩილებას უშუალოდ მის წინაშე ვერ აღასრულებს, ამიტომ უფალმა თავის სახედ მონასტრის იღუმენი დაადგინა, რათა მას დაემორჩილოს ისე, როგორც ქრისტეს დაემორჩილებოდა.
ყოველი სულიერი მამა ქრისტეს ხატის მატარებელია, ესე იგი, როგორც ემორჩილები სულიერ მამას, ისე ემორჩილები ქრისტეს.
ქრისტეს, ღვთისმშობლის, წმინდანთა ხატების მიმართ უკრძალველობა საშინელი ცოდვაა. ვფიქრობ, ამაზე უარესი არაფერია. ხატზე ღვთაებრივი სახეა გამოსახული, ჩვენ თაყვანს ვცემთ და ვემთხვევით მას და ამით თაყვანს ვცემთ თვით წმინდანს.
სულიერი მამა იესო ქრისტეს ცხოველმყოფელი ხატების მატარებელია. მას პატივს ვცემთ და ვემორჩილებით არა მისი პიროვნული თვისებების, არამედ მხოლოდ ქრისტეს სიყვარულის გამო, რადგან მოძღვარი, შესაძლოა, ცოდვილი ადამიანი იყოს და წარწყმედის გზაზე იდგეს ისევე, როგორც მე. მორჩილების მნიშვნელობა კი სხვაა: ის უშუალოდ ქრისტეს მიმართ აღესრულება. ვინაიდან ქრისტეს სიყვარულმა მოგვიწოდა საბრძოლველად და სულის საცხონებლად აქ მოვსულიყავით, საჭიროა ნებისმიერი გზით მოვიპოვოთ უმთავრესი სათნოება – მორჩილება, რომლის ზოგადი ნიშან-თვისებაა: თუ ვინმე კარგი მორჩილია, მას მხოლოდ მორჩილება კი არ აქვს, არამედ, როგორც წესი, დიდ წარმატებას აღწევს და სხვა მრავალი სათნოებითაც არის შემკული.
ჩემი წმინდა მოძღვარი სულიერი მამისადმი მორჩილების, რწმენისა და სიყვარულის მრავალი მაგალითის შესახებ გვიყვებოდა გასამხნევებლად. მათ შორის კატუნაკიაში გავრცელებული ეს ამბავიც გვიამბო: ერთ მორჩილს მოძღვარი ძალიან უყვარდა და სრულ მორჩილებას აღასრულებდა. ერთხელ ისინი კარიესში წავიდნენ. იქ ყოფნისას მოძღვარი ავად გახდა და კელიაში დაბრუნება მოისურვა. მაშინ მორჩილმა ის მხრებზე მოიკიდა და ციცაბო მთაზე მრავალსაათიანი სიარულის შემდეგ კატუნაკიაში მიიყვანა, სადაც ცხოვრობდნენ.
მოგვიანებით ეს მონაზონი წმინდა ბასილის კელიის კრებულს დაუახლოვდა. იქაური მამები მარხვის გარეშე ეზიარებოდნენ. მან ბერის მიტოვება, იქ წასვლა და დარჩენა ისურვა. მიუხედავად იმისა, რომ დიდსქემოსანი იყო, სულიერი მამისგან სხვაგან წასვლა მოინდომა.
ბერი ეუბნებოდა:
– არ წახვალ.
– არა, წავალ, – პასუხობდა ის.
– შვილო, – ისევ უთხრა ბერმა, – ნუ წახვალ, აღდგომა ახლოვდება, დარჩი და ერთად ვიდღესასწაულოთ...
– არა, წავალ, – იმეორებდა ის.
ერთ დღესაც ბერმა მოთმინება დაკარგა და უთხრა: „ბოროტი ანგელოზი გდევდეს თან“. მეორე დღეს მორჩილს ცხვირზე დიდი ძირმაგარა გამოუვიდა და გაუსივდა. ბოლოს, თვითნასწავლ ექიმს, მამა არტემს მიმართა, რომელმაც თავის დროზე მამა იოსებიც და მეც გამოგვაჯანმრთელა. ექიმმა ძირმაგარა ნახა, მაგრამ ავადმყოფს ვერაფერი უშველა...
სამ-ოთხ დღეში გასიებამ იმატა, ძირმაგარა გასკდა და იქიდან ჩირქი გადმოდიოდა. მორჩილი სიკვდილის პირას იყო. მამები ეუბნებოდნენ: – „ქრისტეს სიყვარულისთვის, მოძღვარს შეურიგდი, შეგინდობს და მის კურთხევას თან წაიღებ“. – „არა!“ ამბობდა და მრისხანებდა, როგორც ეშმაკეული. თუმცა ბოლოს, სანამ სული ამოუვიდოდა, მკერდში ცემა და ამ სიტყვების ძახილი დაიწყო: „წავაგე, წავაგე, ჩემი ცხონების თამაში წავაგე!“
ჩემი მოძღვარი, მამა იოსები, ძველი დროის მრავალ მონაზონს იცნობდა და მათ შესახებ ბევრს მოგვითხრობდა.
პატერიკში ერთი კარგი მორჩილის შესახებ წერია. მას ყოველდღე, სერობის შემდეგ სულიერი მამა მორჩილების შესახებ სხვადასხვა რჩევას აძლევდა და თან ასწავლიდა, რა არის საჭირო ცხონებისთვის.
ერთ დღეს საუბრისას ბერს ჩაეძინა. მაშინ ეშმაკმა მორჩილს გულისსიტყვებით შეუტია: „ხომ დაიძინა შენმა მოძღვარმა, წადი, რაღას უზიხარ, დაღლილი ხარ, წადი და დაისვენე“ და ამის მსგავსი.
– როგორ წავიდე, – ფიქრობდა მორჩილი, – მოძღვრისგან კურთხევა უნდა ავიღო.
– კი, მაგრამ მას ხომ ჩაეძინა, – კვლავ ეუბნებოდა გულისსიტყვა.
– არაფერია, მოვითმენ.
შვიდჯერ შეებრძოლა, რომ წასულიყო და არ წავიდა.
საკმაოდ დიდი დრო გავიდა და როცა ცისკრის დაწყების ჟამი მოახლოვდა, ბერს გამოეღვიძა.
– არ წასულხარ მოსასვენებლად? – ჰკითხა მან.
– მამაო, თქვენი კურთხევის გარეშე წასვლა არ შემეძლო.
– რატომ არ გამაღვიძე?
– არა უშავს, მამაო, მინდოდა მორჩილება აღმესრულებინა და ვითმენდი.
– კარგი, მოდი, ახლა ცისკრის ლოცვა დავიწყოთ, შემდეგ კი წადი და კარგად დაისვენე.
ასეც მოიქცნენ.
ბერმა ცისკრის შემდეგ კვლავ დაიძინა. ნახა, რომ ერთ ძალზე ნათელ ადგილას იმყოფებოდა. იქ უბრწყინვალესი საყდარი იდგა და ზედ დიდი მადლით მოსილი შვიდი გვირგვინი იდო.
ბერს უკვირდა და ამბობდა: „ვინ იცის, რომელი ღირსისა და წმინდანისაა ეს საყდარი! და რა ბრძოლა გაიარა ამ გვირგვინების მოსაპოვებლად!“ ასე მდგომარეს მიუახლოვდა ერთი ადამიანი სამღვდელო შესამოსელში და უთხრა:
– რამ გაგაკვირვა, მამაო?
– საყდრის ბრწყინვალებამ განმაცვიფრა და ვფიქრობ, რომ ის რომელიმე დიდ წმინდანს უნდა ეკუთვნოდეს.
– არა, დიდი წმინდანისა კი არა, შენი მორჩილისაა.
– შეუძლებელია, – თქვა ბერმა, – ის ჯერ ძალიან პატარაა, დიდი ხანი არ არის, რაც მოვიდა. ნუთუ საყდარიც მიეცა და გვირგვინებიც მოიპოვა?
– ჭეშმარიტად ასეა. საყდარი იმ წამიდან მიეცა, როცა მორჩილების ნიშნად მეტანია აღასრულა, ხოლო შვიდი გვირგვინი ამ საღამოს მოიპოვა, როცა გულისსიტყვებს შეეწინააღმდეგა.
როცა ბერი გამოფხიზლდა, მორჩილს მოუხმო და ეუბნება:
– შვილო, მითხარი, წუხელ რა გულისსიტყვები გქონდა?
– არაფერი მქონია, მამაო. არც ერთი ბოროტი გულისსიტყვა არ მომსვლია. არ მახსოვს.
– აბა, დაფიქრდი. ყველაფერი თანმიმდევრულად გაიხსენე.
როცა მორჩილმა თავი გულდასმით გამოიძია, უპასუხა:
დიახ, მამაო, გუშინ სერობის შემდეგ, როცა ჩაგეძინათ, შვიდჯერ შემებრძოლა გულისსიტყვა, დამეტოვებინეთ და მოსასვენებლად წავსულიყავი, მაგრამ შევეწინააღმდეგე მას და როგორც ნახეთ, გელოდებოდით.
–კეთილი, შვილო, წადი.
და მიხვდა ბერი, რომ მორჩილმა შვიდი გვირგვინი წინა ღამით გულისსიტყვებთან ბრძოლაში მოიპოვა.
საშობაო ეპისტოლე - 2013
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო სულიერნო შვილნო საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა, ღვთივკურთხეული ივერიის მკვიდრნო და ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!
"ამიერიდან უცხონი კი აღარა ხართ, არამედ წმინდათა
თანამოქალაქენი და ღმერთის სახლეულნი" (ეფეს.2;19).
ოცი საუკუნის წინ აღმობრწყინვებული ბეთლემის ვარსკვლავი დღეს კვლავ ამცნობს სამყაროს ენით მიუწვდომელ საიდუმლოს ღვთის განხორციელებისა; სასწაულს, რომელსაც ვერასოდეს ჩასწვდება ადამიანური გონება. საოცრებას, რომელსაც ვერასოდეს წარმოიდგენდა თვით ანგელოზთა დასიც.
თითქმის არ არის არც ერთი ქვეყანა, არც ერთი ქრისტიანული ოჯახი, რომ არ ხარობდეს ამ დღის დადგომით, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრისთვის უცნობია ასეთი განწყობის ნამდვილი მიზეზი და ისიც, თუ რას ავალდებულებს ეს დღე ყოველ ადამიანს.
უმრავლესობა ვერ გვიპასუხებს, მაინც რა მიზნით მიიღო კაცობრივი ბუნება უფალმა? რა საჭირო იყო ეს? რა შეიცვალა მისი მოსვლით დედამიწაზე?
ამის გაგება ზოგიერთს არც კი აინტერესებს, მათთვის ისიც საკმარისია, რომ კარგი განწყობისა და მხიარულების რაღაც მიზეზი აქვთ. დაე, იყოს ეს ქრისტეს შობა, - არსობრივ მნიშვნელობას ამას არც ანიჭებენ. მათ კი, რომელნიც ნაკლებად გათვითცნობიერებულნი არიან სარწმუნოებაში, მაგრამ ცოდნის შეძენის სურვილი აქვთ, კიდევ ერთხელ შევახსენებ წმინდა წერილს:
ადამი შემოქმედმა ხატად და მსგავსად თვისსა შექმნა და სამოთხეში ნეტარი ცხოვრება უბოძა, მაგრამ სამყაროს გვირგვინად და განმგებლად დადგენილი კაცი თავისი ნებით, ამპარტავნებითა და უპასუხისმგებლო ქცევით ღმერთს განუდგა და მაცდურის მონობაში აღმოჩნდა. მასთან ერთად დაეცა მიწიერი სამყაროც, რომელიც მას ექვემდებარებოდა. ღვთის მადლით აღვსილი ჰარმონია, წმ. მაქსიმე აღმსარებელის სიტყვებით რომ ვთქვათ, ეშმაკის ტირანიით განმსჭვალულმა სიძულვილმა და ურთიერთ დაპირისპირებამ შეცვალა; ეს მდგომარეობა აისახა როგორც ადამიანთა შორის ურთიერთობებში, ისე ცხოველთა, მცენარეთა და საერთოდ, მთელი ბუნების არსებობის წესში: ყველაფერი დაექვემდებარა პრინციპს, - ბრძოლა არსებობისათვის.
ასე რომ, ღმერთსა და ადამიანს შორის გადაულახავი უფსკრული გაჩნდა; ადამმა და ევამ და მათმა შთამომავლებმა დაკარგეს სულიწმიდის მადლი, რითაც შემოქმედთან კავშირი ხორციელდებოდა და რაც ღმერთთან მათი მსგავსების განმაპირობებელი უმთავრესი ფაქტორი იყო; ამ მადლს მოკლებულნი, მოაკლდნენ სწორ აზროვნებასა და ქმედებასაც. ცოდვას ცოდვა შესძინეს და საკუთარ თავს მარადიული სიკვდილი განუმზადეს.
ამ რეალობის შეცვლის შესაძლებლობა კი აღარ არსებობდა, რადგან კაცთა ხსნა მხოლოდ ისეთ ადამიანს შეეძლო, რომელიც უცოდველი იყო და ხელეწიფებოდა სხვათა სიმძიმე ეტვირთა. ასეთი კი, ამქვეყნად არ იპოვებოდა, რადგან პირველქმნილი ცოდვა ყველას მემკვიდრეობით გადაეცემოდა და ამას კიდევ ცალკეული ადამიანის პირადი ცოდვებიც ემატებოდა.
ყოველივე ხილულისა და უხილავის შემოქმედმა და განმგებელმა ცანი მოდრიკნა, ადამიანური ბუნება მიიღო და ჩვენი ხსნისათვის დავითის ქალაქში, ბეთლემში, იშვა.
აქ, ბაგაში, სიცივესა და სიმწირეში დაიბადა ახალი ადამი, - იესო, რათა ამპარტავნებით დაცემული ძველი ადამის ცოდვა გამოესყიდა, მართალთა სულები ჯოჯოხეთიდან ეხსნა და ღმერთთან კავშირი აღედგინა. აი, ეს არის ჩვენი დიდი სიხარულის მიზეზი, სათავე ენით გამოუთქმელი ბედნიერებისა. სხვა რა უნდა შევადაროთ ამ დღის სიდიადეს?!
როგორ ხორციელდება პირველქმნილ ჰარმონიასთან ჩვენი დაბრუნება?
პირველ რიგში ქრისტიანული ნათლისღებით.
"ბეჭედი მონიჭებულ არს სულისა მიერ წმიდისა, ამინ!" - ამბობს საიდუმლოს აღსრულებისას მოძღვარი და შვიდჯერ სცხებს მირონს მას, ვინც ინათლება, რითაც ადამიანს ენიჭება სულიწმინდის მადლი და ეძლევა განღმრთობისა და ნეტარი მარადიულობის დამკვიდრების შესაძლებლობა.
ამ მიუწვდომელი წყალობის გამო წმინდა მამები, დავით წინასწარმეტყველის მსგავსად, საუკუნეთა მანძილზე გულწრფელად გაოცებულნი კითხულობდნენ: "რაი არს კაცი, რამეთუ მოიხსენე მისი, ანუ ძე კაცისაი, რამეთუ მოხედავ მას?" (ფს. 8:4).
ჩვენი ხსნისათვის მაცხოვრის თავგანწირვა, უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს და ამ ეპისტოლეში სწორედ აღნიშნულ გრძნობაზე მინდა განსაკუთრებით გავამახვილო ყურადღება.
ეს თვისება ადამიანში ასაკთან ერთად ვითარდება; ამასთან, რამდენადაც მაღალ სულიერ საფეხურზე იმყოფება ესა თუ ის პიროვნება, მით მეტად არის მასში ეს განცდა.
პავლე მოციქული ამბობს: "როდესაც ვიყავი ყრმა ვიტყოდი, როგორც ყრმა, ვფიქრობდი, როგორც ყრმა, ვმსჯელობდი, როგორც ყრმა; ხოლო როდესაც დავკაცდი, ზურგი ვაქციე ყოველივე ყრმობის დროინდელს (I კორ. 13:11).
ჩვენც გვმართებს ყრმობიდან გამოსვლა ანუ სულიერი გაზრდა და გაცნობიერება ჩვენი პასუხისმგებლობისა უპირველეს ყოვლისა შემოქმედის – უფლის, სამშობლოს და მოყვასის წინაშე; პასუხისმგებლობისა როგორც ცოცხლების, ისე გარდაცვლილების მიმართ, რაც გულისხმობს ჩვენს ვალდებულებებს მშობლებთან, ოჯახთან, მეგობრებთან, ნათესავებთან, მეზობლებთან მიმართებაში, ასევე სამსახურებრივ პასუხისმგებლობას.
ჩვენი წინაპრები თავიანთ შვილებს ბავშვობიდან უღვივებდნენ ამ გრძნობას. ამიტომაც იყო ჩვენი ერი ძლიერი. მიუხედავად განუწყვეტელი ომებისა, იგი იბრძოდა-კიდეც და ამასთან, დაუღალავად შრომობდა და ქმნიდა.
რწმენისა და მამულის დასაცავად საჭიროების შემთხვევაში ქუდზე კაცი გამოდიოდა. საერთოდ კი ოჯახში, სოფელსა თუ თემში ყველას თავისი პასუხისმგებლობა ჰქონდა: მეფე ზრუნავდა მთელს ერზე, თავად-აზნაურობა პატრონობდა და ხმლით იცავდა თავის ტერიტორიაზე მცხოვრებთ; ეკლესია ანათლებდა და სულიერად ამტკიცებდა ერს, სამწყსოს; გლეხები ქმნიდნენ დოვლათს; ყველანი ერთად კი შეადგენდნენ ჩვენი ქვეყნის ერთიან, მთლიან ცოცხალ ორგანიზმს, სადაც თითოეული თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ემსახურებოდა ღმერთს და ქვეყანას.
რომელიმე მათგანის დაძაბუნება იწვევდა ყველას დასუსტებას, რადგან არცერთი მათგანის ფუნქცია არ იყო უმნიშვნელო; თუმცა რაც უფრო მაღალი იყო წოდება და თანამდებობა, მით მეტი იყო პასუხისმგებლობაც. ეს კი ხშირად სიცოცხლის გაწირვას მოითხოვდა. ზოგჯერ მეფის ან სასულიერო პირის თავდადება იყო საკმარისი, მაგ. წმ. დემეტრე თავდადებული, წმ. ევდემოზ კათოლიკოსი, ზოგჯერ კი მთელი ერის, - მაგ. 100000 მოწამის.
თავისუფლება და პასუხისმგებლობა ურთიერთდაკავშირებული ცნებებია. ვინც თავისუფლებას კარგავს, მონურ მდგომარეობაში ვარდება და პასუხისმგებლობის განცდაც უქვეითდება.
გავიხსენოთ, რა მოხდა დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ საქართველოში: მთელი ეს ჰარმონიული სისტემა მოიშალა, მეფის ხელისუფლება და ეკლესიის დამოუკიდებლობა გაუქმდა, ძალაუფლება უცხო ძალის ხელში გადავიდა, რის შედეგადაც თავადაზნაურობა უგულო ბატონად იქცა, ყოველივე ეს კი მთელი სიმწვავით გლეხკაცობაზე აისახა.
ქართველმა კაცმა მისთვის დამახასიათებელი ცხოვრების წესი ძირფესვიანად შეცვალა. საქვეყნო საზრუნავის ადგილი პირადულმა დაიკავა. სამშობლოზე ფიქრის ნაცვლად მისი გონება მხოლოდ საკუთარ კარ-მიდამოსა და ოჯახზე ზრუნვამ მოიცვა.
დიდმა ილიამ ეს პრობლემა ცნობილი ლექსით, -"ბედნიერი ერი" - ნათლად დაგვანახა.
ერის უპასუხისმგებლო მდგომარეობამ მიგვიყვანა იქამდე, რომ 1918 წელს წმინდა ილია მართლის ეროვნული გზის ნაცვლად ხალხმა უცხო ქვეყნის ათეისტური პარტია აირჩია. შემდეგ კი კიდევ უფრო სამწუხარო შედეგმაც არ დააყოვნა და მოკლე ხანში ქვეყანა კომუნისტური იმპერიის ნაწილი გახდა.
უფალი, მართალია, სამართლიანია, მაგრამ, ამავე დროს მოწყალეც, რომელიც არა ცოდვათა ჩვენთაებრ მოგვაგებს, არამედ ჩვენი გამოსწორებისათვის გვწვრთნის იმის გათვალისწინებით, თუ რამდენის დატევნა შეგვიძლია.
ამიტომაც რა მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყოთ, გაცილებით უკეთესად ვართ, ვიდრე ვიმსახურებთ და მრავალჭირგამოვლილი წმ. იოანე ოქროპირის მსგავსად მუდამ მადლობას უნდა ვწირავდეთ ღმერთს ყველაფრისათვის. და თუ გვსურს, მდგომარეობის გამოსწორება, უნდა ვიტვირთოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და უფლის წყალობა ამით მოვიპოვოთ. ეს არის ყველაზე მთავარი. ჩვენით კი ვერაფერს გავხდებით. მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებზე დაყრდნობა დამღუპველი იყო და იქნება ყოველთვის.
სამწუხაროდ, თვითოეულ ჩვენგანს დღესაც გვაკლია პასუხისმგებლობის გრძნობა. ჩვენ გულგრილი ქრისტიანები ვართ, ნელ-თბილნი, და ამიტომაც დიდ შეცდომებს ვუშვებთ. ჩვენში მძლავრობს ეგოისტური ზრახვები და "მეს" პრინციპი, რაც ჭეშმარიტ ღირებულებათა დამანგრეველია.
ჩვენი სულიერი სისუსტის გამოვლინებაა თუნდაც ის, რომ დღესასწაულებს ფაქტობრივად მიწიერი გრძნობებით ვეგებებით და რეალური განცდა ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობისა, არა გვაქვს.
რომ ჩვენს გარშემო ვამჩნევთ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც გვიყვარს ან გვძულს, სხვა უბრალო ადამიანები კი ყურადღების მიღმა გვრჩება. ღვთის წინაშე კი დიდი და მცირე არ არსებობს.
რომ ცოდვა აღარ გვაწუხებს და მისი სიმძიმის განცდაც აღარ გვაქვს.
რომ თითქმის გაწყვეტილი გვაქვს კავშირი ბუნებასთან, მისდამი მხოლოდ მომხმარებლურ დამოკიდებულებას ვიჩენთ და ჩვენი უპასუხისმგებლო ქცევით ვანადგურებთ მის სიკეთეთ.
ჩვენი დანაშაულია ისიც, რომ კარგად არ ვიცნობთ ჩვენს წარსულს, ჩვენს ისტორიას; არადა მისი ცოდნა გვეხმარება, რომ არ მოვწყდეთ ჩვენს ფესვებს, საკუთარი თავი შევიცნოთ და სიცოცხლის აზრიც ნათლად გავაცნობიეროთ.
არაერთხელ მითქვამს ისიც, რომ დღეს ინფორმაციული ომის ჟამი დგას, კალმით ანუ სიტყვით ბრძოლის დრო. მასთან შეჭიდება კი გონიერმა, მცოდნე და ამასთან ღვთისმოყვარე ადამიანებმა უნდა იტვირთონ. უნდა შევძლოთ, ყალბი იდეალების ბატონობის ჩვენს ხანაში გავხდეთ სულიერად უფრო მტკიცენი და ძლიერნი, რათა გავიმარჯვოთ.
განსაკუთრებით მინდა მივმართო ახალგაზრდებს და ვთხოვო: გაუძელით ინფორმაციულ შემოტევას, რომელიც ნიაღვარივით მოედინება მასმედიიდან და ცდილობს, ცრუ ღირებულებების გავლენის ქვეშ მოგაქციოთ, არ გახდეთ თანაზიარნი ფსევდოკულტურისა, რომელიც ამახინჯებს ფსიქიკას, აუხეშებს გრძნობებს და აცარიელებს შინაგან სამყაროს.
შეიყვარეთ წიგნი, ისწავლეთ ღრმა აზროვნება, ისწავლეთ ღმერთის შიში და სიყვარული, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანის ერთგული მეციხოვნენი გახდეთ.
დრო მცირე გვაქვს და არ უნდა აღმოვჩნდეთ იმ ხუთი ქალწულის მდგომარეობაში, რომელთა კანდელსაც უფლის მოსვლისას საკმარისი ზეთი არ აღმოაჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ იყვნენ მორწმუნენი და უფლის მომლოდინენი, ვერ შევიდნენ ღვთის საუფლოში.
ბოროტის გავლენისაგან თავის დაღწევა დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ეს მხოლოდ ძლიერ პიროვნებებს შეუძლიათ, ანუ მათ, რომელნიც საკუთარ ნებას გააზრებულად უმორჩილებენ ღვთის ნებას და ამქვეყნიურ საცდურთა წინააღმდეგ ბრძოლას არ უშინდებიან.
ყოველი ქრისტიანი უპირველეს ყოვლისა სწორედ ასეთი პიროვნება უნდა იყოს, - ჭეშმარიტად თავისუფალი და სულიერად ძლიერი, რათა ერს ხერხემლად ექცეს. ასეთი ადამიანების აღზრდის საქმეში ეკლესიას დიდი როლი აკისრია.
საერთოდ, ეკლესია ხელს უწყობს საზოგადოების განვითარებას; იგი ის მაცხოვნებელი წიაღია, რომელიც ინარჩუნებს საუკეთესო ტრადიციებს და აქვს რა უცვალებელი რჯული და მოძღვრება, ყველა ეპოქაში მოწმობს ჭეშმარიტების შესახებ.
გავიხსენოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ საერთაშორისო საზოგადოება მხოლოდ მე-20 საუკუნის ბოლოს მიუახლოვდა ადამიანთა თანასწორობის შესახებ ღირებულებათა იმ სტანდარტებს და ფასეულობებს, რასაც ეკლესია ოცი საუკუნის წინ ქადაგებდა. მონათმფლობელობის და ფეოდალიზმის პერიოდში, ძალმომრეობისა და დაუნდობლობის ხანაში, ქრისტეს სახარება მოუწოდებდა ხალხს თანასწორობისაკენ.
ყოველი ქრისტიანის ცხოვრება აბსოლუტურად თავისუფალია და ეკლესიის წევრობაც მხოლოდ მის თავისუფალ ნებაზეა დაფუძნებული. თითოეული მრევლის წევრი მხოლოდ საკუთარი სინდისით არის დაკავშირებული მოძღვართან და ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლოც სინანულისა მხოლოდ მის პირად პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული, - ადამიანი დამოუკიდებლად წყვეტს, რას იტყვის აღსარებაში და იმასაც, რამდენად იქნება ეს ნათქვამი სინანულით გაჯერებული.
სრული თავისუფლებით მოქმედი და, ამავე დროს, ჭეშმარიტი სინანულით განმსჭვალული პიროვნება იღებს სულიწმინდის მადლს, რომელიც ცვლის მის სულიერ და ყოფით სამყაროს და მას ღვთის სათნო შვილად აქცევს; შედეგ კი უკვე იგი თვითონ ხდება გზის მაჩვენებელი სხვათათვის; ამაზე წერდა წმინდა სერაფიმე საროველი: მოიხვეჭე სულიწმიდის მადლი და შენს გარშემო ათასები ცხონდებიანო.
თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, მოიპოვოს სულის სიღრმეში დამალული უფლისგან ბოძებული ეს საჩუქარი, ვალდებულია, ააღორძინოს იგი, რათა ღირსეულად აღასრულოს თავისი ვალი ამ წუთისოფელში და შემდეგ ჩვენს დიდებულ წინაპართა მსგავსად ზეცის მოქალაქეობა მოიპოვოს.
შორეული ქვეყნებიდან ახლადშობილი იესო ქრისტეს თაყვანისსაცემად მიდიან აღმოსავლელნი მოგვნი, მიდიან მწყემსნიც თავისი გულწრფელობით, ანგელოზთა გალობის მსმენნი. მაშ, წავიდეთ ჩვენც, რათა ვიხილოთ ბაგასა მწოლი იესოს დიდებულება და აღარასოდეს განვშორდეთ, რადგან საუკუნო სიცოცხლის სიტყვები მასა აქვს მხოლოდ. (ინ. 6:68).
"ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა!"
ჩემო სულიერო შვილები, ჩემო ნათლულებო, ყოველნო ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, რუსნო, ასირიელნო, იეზიდნო და ქურთნო, სომეხნო, აზერბაიჯანელნო, უკრაინელნო და უდინნო... ყველას გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. უფალმა მოგანიჭოთ მადლი სულისა წმიდისა, რათა იხაროთ ორსავ სოფელსა შინა, ამინ!
თქვენთვის მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი
შობა ქრისტესი
თბილისი, 2013 წელი
საშობაო ეპისტოლე - 1984
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს, ღვთისმშობლის წილხვდომილ საქართველოს მკვიდრთ და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთ
ნუ ჰკურნებ ბოროტსა ბოროტითა (წმ. ბასილი დიდი)
ღვთის წყალობით კვლავ ვეგებებით სასიხარულო და საზეიმო დღეს - ქრისტეს შობის დღესასწაულს.
ბეთლემი... რა საოცრად ახლობელი და ძვირფასია ეს სიტყვა ყოველი ქრისტიანისთვის. იდუმალი ღამის სიჩუმეში სწორედ აქედან მოეფინა მსოფლიოს ანგელოზთა გალობა: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ (ლუკა 2,14).
მთელი სამყარო, კაცობრიობა მოუთმენლად ელოდა მაცხოვრის მოვლინებას დედამიწაზე, ბოლოს აღსრულდა იმედი ხალხთა და ყოველთა მოიღეს შვილებაჲ ზეციური მამისაგან (გალატელთა 4,5) - იშვა ქრისტე, განახლდა იმედი, აღორძინდა სიყვარული. უფლის განხორციელებით აღდგა არა მარტო პირვანდელი კავშირი ღმერთსა და ადამიანს შორის, არამედ უმაღლესი ერთობა შემოქმედსა და ყოველივე ქმნულს შორის.
სული ქრისტიანისა, ანუ სული ყოველი ადამიანისა, რომელმაც ირწმუნა ქრისტეს შობა და მიიღო საიდუმლო ნათლისღებისა, სავანეა მამა ღმერთისა, ძისა და სულისა წმიდისა. თვით მაცხოვარი ბრძანებს: უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს და მამამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი, და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ (იოანე 14,23).
უფლის განკაცების წყალობით გარდაიქმნა პიროვნება, შეიცვალა მისი ზნე-ჩვეულებები. იესოს მადლით გამოხსნილმა ადამიანმა სულ სხვანაირად დაიწყო სამყაროს აღქმა. თუ ძველი აღთქმით დაშვებული იყო თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ (გამოსვლათა 21,24), ქრისტიანული სამყაროს საფუძვლად იქცა სიყვარული, ძმობა და ხალხთა შორის მეგობრობა განურჩეველად ეროვნებისა, ენისა, რასისა. თვით უფალი ასე განმარტავს ქვეყნად თავისი მოვლინების მიზანს: ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ, ძეცა თჳსი მხოლოდშობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ (იოანე 3,16). გონებისათვის მიუწვდომელი ამ მსხვერპლის წყალობით განქარდა ზღუდე ღმერთსა და კაცს შორის, ადამიანს კვლავ განეღო სამოთხის კარი, გამოჩნდა გზა მარადიული ცხოვრებისაკენ.
სახარებიდან ვიცით, აღმოსავლელმა მოგვებმა ბეთლემში შობილ მაცხოვარს თაყვანისცემის ნიშნად მიართვეს ოქრო, გუნდრუკი და მური. ჩვენ რაღას შევთავაზებთ ახლადშობილ ქრისტეს? ერთ საშობაო ლოცვაში წერია: მიუძღვენით მას რწმენა ნაცვლად ოქროისა, სიყვარული კეთილსურნელოვანი ნელსაცხებლის მაგიერ და საქმენი კეთილნი საკმევლისა წილ, ანუ მიართვით მას ცხოვრება თქვენი.
ქრისტიანული ცხოვრება გულისხმობს ყოფნას ღმერთში, ზრუნვას მოყვასისათვის, ესაა გზა ჯვარისმტვირთველისა, განსაცდელით სავსე ცხოვრების ზღვაში ცურვაა იგი. წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი გვასწავლის: "უკეთუ ნავი შენი ჯერეთ არა დაბმულ იყოს ნაპირსა ზღვისასა, ნუ მოიწონებ თავსა მგზავრობისა კეთილად დამთავრებითა, რამეთუ არიან მრავალნი, რომელნი დაინთქნეს წინაშე ნავსაყუდელსა" (გრ. ღვთისმეტყვ. შრომები, ტ. II, გვ, 228).
ცხოვრება უნდა აღვიქვათ ისე, როგორიც ის სინამდვილეშია, უნდა დავინახოთ და გავარჩიოთ, რა არის კეთილი, რა - ბოროტი და ამის მიხედვით ავირჩიოთ ჩვენი გზა. ცხადია, თუ ერთ გზაზე დავდგებით, მეორეს უარვყოფთ და ვაი მათდა, რომელნი იტყვიან ბოროტსა კეთილად (ესაია 5,20).
ბოროტისადმი წინააღდგომა ჭეშმარიტ ქრისტიანს ავალდებულებს უყვარდეს ქვეყანა, უყვარდეს ადამიანი, ბუნება... მისი მოქმედება უნდა ეფუძნებოდეს თითოეული პიროვნების პატივისცემასა და მისთვის გულშემატკივრობის განცდას, შინაგან მოთხოვნილებას, მხარში ამოუდგეს გაჭირვებულს. განა არის რაიმე იმაზე სასიამოვნო, შეძლო, რითიმე დაეხმარო განსაცდელში მყოფს?!
სიყვარული ნეტარებაა, სიძულვილი - ტანჯვა. სიყვარულს ადამიანისა ღმერთთან მივყავართ. "მოყვასი არს მიზეზი ვითარცა ცხოვნებისა, ეგრეთცა წარწყმედისა სულისა ჩუენისა. უკეთუ შეიძინო ძმაჲ, ჰპოვებ უფალსა, და შეიყუარე იგი ესრეთ, ვითარმედ არა განურისხდე და ავსა მისსა ნუ მოიხსენებ, იყავ მშვიდობის მყოფელ, დაუთმე, უკეთუ ესე შესაძლებელ იყოს, განერიდე სიტყვის მიგებასა და დავასა", - წერს ღირსი მამა ანტონ დიდი (შრ. 5. გვ. 88); ხოლო ბრძენი სოლომონი გვასწავლის: რომელმან ყოს კეთილისათვის ბოროტი, არა მოაკლდეს სახლსა მისსა ძჳრი (იგავნი 17,13).
ერთ-ერთი დიდი მადლი, რომელიც აუცილებელია თითოეული ჩვენგანისათვის, არის მშვიდობა, ამ სიტყვის ფართო გაგებით: მშვიდობა ღმერთთან, მშვიდობა მოყვასთან, მშვიდობა ბუნებასთან, მშვიდობა საკუთარ თავთან - აი, ის პირობები, რაც აუცილებელია ადამიანის ნორმალური ფიზიკური და სულიერი განვითარებისათვის. როგორც გაზაფხულის მზის მაცოცხლებელი სხივები აღვიძებს მიძინებულ ბუნებას, ასევე მშვიდობაც ხელს უწყობს გამოვლინდეს ღვთის მიერ ადამიანისათვის მინიჭებული შემოქმედებითი ენერგია.
პირველმამის, ადამის სახით კაცმა დაკარგა მშვიდობა ღმერთთან. მშვიდობა მოყვასთან დაარღვია ადამის ძე კაენმა, თანამედროვე ადამიანი კი მოსწყდა ბუნებას; ყოველივე ამის შედეგად დავკარგეთ შინაგანი მშვიდობა. ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე სულხან-საბა ორბელიანი ამბობს: "სადა არა არს ამბოხებაჲ, ბრძოლა და ტაცებაჲ, მუნ არს მშვიდობაჲ".
მშვიდობისადმი მოწოდება განსაკუთრებული ძალით გაისმა ქრისტიანობაში. ანგელოსთა გალობა - დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ - მაცხოვრის შობისას რომ მოეფინა ქვეყანას, ღვთის მცნებად იქცა ყოველი ქრისტიანისთვის.
"რაჲ უმჯობეს არს სულთა ჩვენთათვის, ანუ უმეტეს კეთილ ამა ჟამად? ესე იგი არს, რომელი მეტობს ყოველთა სწავლათა და რომლისგანცა მომდინარეობს სარგებელი უფროჲსი ყოვლისა, - მშვიდობისათვის ვიტყჳ. ხოლო უფროჲსი ყოველთა სამწუხარო და შემაჭირვებელ არს განწვალებაჲ ანუ მტერობაჲ", - წერს წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი (შრ. 3, 1844, გვ. 135). "რომელნი ეძიებენ საწუთროსა შინა სიტკბოებასა, მშვიდობიანი ყოფის უკეთესს ვერარას პოვებენ. ყოველი რაიცა სახელ-იდების სიკეთედ და მშვენივრად, ჭეშმარიტად კეთილ არს, უკეთუ თანაზიარ არს იგი მშვიდობასა", - ვკითხულობთ წმ. გრიგოლ ნოსელთან.
ბიბლიაში თითქმის ორასჯერ მეორდება მოწოდება ღვთისა იმის თაობაზე, რომ ვესწრაფვოდეთ ხალხთა შორის მშვიდობიან ურთიერთობას, გვიყვარდეს მშვიდობა, ველტვოდეთ მას. მშვიდობამან ღმრთისამან, რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა, შეზღუდენინ გულნი თქუენნი და გონებანი თქუენნი ქრისტე იესუის მიერ... ძმანო, რაოდენი არს ჭეშმარიტ, რაოდენი პატიოსან, რაოდენი მართალ, რაოდენი წმიდა, რაოდენი საყუარელ, რაოდენი საქებელ, რაოდენი სათნო და რაოდენი ქებულ, მას ზრახევდით - გვასწავლის პავლე მოციქული (ფილიპელთა 4,7-8). ასე ცხოვრობენ ნამდვილი ქრისტიანები და, როგორც კეთილ საქმეთა ჯილდოს, უფლისაგან სულიწმიდის დიდ მადლს იღებენ. ხოლო ნაყოფი სულისაი არს: სიყვარული, სიხარული, მშვიდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ (გალატელთა 5,22-23). წმ. ბასილი დიდი წერს: "რომელი ეძიებს მშვიდობასა, იგი ეძიებს ქრისტესა, რამეთუ თავადი იგი არს მშვიდობაჲ ჩუენი".
ქადაგება მშვიდობისა, მსახურება მშვიდობისათვის ქრისტიანული ეკლესიის უმთავრესი ამოცანაა. განსაკუთრებით ეს ითქმის დღევანდელ დღეზე, როდესაც ასე სწრაფი ცვლილებები ხდება ჩვენს პლანეტაზე, გამძაფრებულია საერთაშორისო მდგომარეობა, გვემუქრება თერმობირთვული ომის საშიშროება.
ზოგიერთი ფიქრობს, რომ ბირთვული კატასტროფა და აქედან გამომდინარე დედამიწაზე სიცოცხლის მოსპობის საფრთხე შედეგია მეცნიერებისა და ტექნიკის სწრაფი განვითარებისა, მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციისა. ეს მცდარი განსჯაა. სინამდვილეში მეცნიერებამ და ტექნიკამ ახალი გზები და საშუალებები გამოავლინეს ადამიანის განვითარებისათვის. მთელი უბედურება ისაა, რომ ამ მეცნიერულ მიღწევებს კაცობრიობა სულიერად და მორალურად მოუმზადებელი შეხვდა და სიკეთის ნაცვლად იგი ზოგიერთმა ბოროტების სათავედ აქცია.
დღეს ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ შევინარჩუნოთ ადამიანთა, ხალხებსა და სახელმწიფოთა შორის მშვიდობა და გავუფრთხილდეთ მას, როგორც ღვთისგან ბოძებულ უდიდეს მადლს, როგორც ჩვენი ყოფის ყველაზე აუცილებელ პირობას.
ჩვენი ქვეყნის რელიგიურ გაერთიანებათა და ეკლესიათა მეთაურების 1983 წლის 27 ნოემბრის განცხადებაში ნათქვამია:
"ბირთვული ომი მიგვაჩნია უმძიმეს დანაშაულად უმაღლესი ძალის, შემოქმედისა, და თვით კაცობრიობის წინაშე.
პიროვნება უფლისგან მოწოდებულია იცხოვროს მთელი სისავსით, განამრავლოს სულიერი ღირებულებანი, სრულყოს თავისი ყოფის მატერიალური მხარე, დაამყაროს კეთილი ურთიერთობა სხვა ადამიანებთან და ხალხებთან სამართლიანობის, ჭეშმარიტებისა და სიყვარულის საფუძველზე".
ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა; აი, რას ამბობენ წმ. მამები: ყოველი, რომელსა უყუარდეს, ღმრთისაგან შობილ არს (I იოანე 4,7); სიყუარული ნიშნავს ყოფნას ერთ სულად, ხოლო სიყუარული უფლისა, ამასთან ერთად გზაი არს განღმრთობისა (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, ტ. II. გვ. 312).
ჭეშმარიტად, სიყვარულია ერთადერთი გზა, რომელსაც ღმერთთან მივყავართ: მოვიტან მაგალითს IV ს-ის კაპადუკიელი წმ. მამის - ბასილი დიდის ცხოვრებიდან, როგორც ნიმუშს ქრისტიანული სიყვარულისა და მოყვასისათვის ზრუნვისა.
კესარია-კაპადუკიის მთავარეპისკოპოსმა ბასილი დიდმა ერთ დღეს გადაწყვიტა, სტუმრებოდა თავისი ეპარქიის მღვდელს. დიდი სიხარულით შეხვდნენ მეუფეს მღვდელი ანასტასი და მისი მეუღლე თეოგნია. როგორ ცხოვრობო? - ჰკითხა ბასილი დიდმა. - ცოდვილი ვარო, - მიუგო მღვდელმა, - ორი უღელი ხარი მყავს. ერთ უღელს მე ვამუშავებ, მეორეს დაქირავებული კაცი. შემოსავლის ნაწილს ღარიბ-ღატაკთ და მწირებს ვურიგებ, ნაწილით კი გადასახადს ვისტუმრებ. ჩემი მეუღლეც მეხმარება, გვემსახურება მე და გლახაკთ.
- მითხარ, რა სიკეთე გიქმნია?
- არაფერი - იყო პასუხი.
მაშინ წმ. ბასილი ერთ-ერთი ოთახის დაკეტილ კართან გაჩერდა და მისი გაღება მოითხოვა. მღვდელი შეეცადა, გადაეფიქრებინა მეუფისათვის იქ შესვლა, არწმუნებდა, მანდ სამეურნეო ნივთების გარდა არაფერიაო. - მე სწორედ ამ ნივთების სანახავად მოვედი, - თქვა წმიდანმა.
გახსნეს კარი. მათ თვალწინ მძიმე სურათი გადაიშალა: სარეცელზე იწვა კეთროვანი, რომელსაც ნაფლეთებად ეკიდა ხორცი. იგი სადღაც ქუჩაში ეპოვათ ანასტასისა და თეოგნიას, სახლში წამოეყვანათ და უვლიდნენ (საერთოდ ჩვევად ჰქონდათ, სხვათათვის დაფარულად ეპატრონათ მძიმე ავადმყოფებისათვის).
რად მიმალავდი ამ საუნჯესო - ჰკითხა მთავარეპისკოპოსმა.
- ეს კაცი ნერვიულია - უპასუხა მღვდელმა - არ მინდოდა მევჩვენებინა, ვშიშობდი, დაუფიქრებელი სიტყვით არ შეურაცხეყო თქვენი სიწმიდე.
მღვდელმთავარმა სთხოვა ანასტასის, ნება დაერთო, ერთ ღამეს მაინც მომსახურებოდა კეთროვანს, რათა მასაც ჰქონოდა წილი იმ დიდ ჯილდოში, რასაც მღვდელი და მისი ოჯახი უფლისაგან მიიღებდა. და დარჩა იმ ღამეს ბასილი დიდი, ლოცვაში დაათენდა, დილით კი უკვე განკურნებულ ავადმყოფთან ერთად გამოვიდა ოთახიდან.
აი, როგორ უნდა გვწამდეს, როგორ უნდა ვემსახუროთ მოყვასს. "სრულყოფილი სიყვარული ერთნაირად ჰყვარობს ყოველთა, კეთილთ - ვითარცა მეგობართა, უკეთურთ - ვითარცა მტერთა, რომელთაც სწყალობს, მომთმინე და მშვიდია შეურაცხყოფასა მათსა ზედა და ბოროტითა არა მიაგებს. ხოლო განიცდის და იტანჯება მათთვის და თუ მიზეზი რაიმე მიეცეს, ჰყოფს მათ მახლობლად თვისა" (მაქსიმე აღმსარებელი).
ერთხელ იოანე კიბისაღმწერელთან მივიდნენ გლეხები და დაიწყეს ჩივილი, ძნელიაო სულის ცხონება, ოჯახური და ყოფითი საზრუნავი ბევრი გვაქვსო - იმართლებდნენ თავს. წმიდა მოღვაწემ მიუგო: "რაოდენცა შესძლებთ კეთილ საქმეთა ქმნას, ქმენით, ნუ იტყვით ძვირსა ძმისასა, ნუ იპარავთ, ნუ ცრუობთ, ნუ განდიდდებით, ნუ გძულთ ვინმე, საეკლესიო ღვთისმსახურებას ნუ მოსწყდებით, განიკითხეთ გლახაკი, ნუ ვის აცდუნებთ, დაიცევით სიწმიდე ოჯახისა... და თუ ყოველსა ამას ესევითარ ჰყოფთ, არა შორსა ხართ სასუფეველსა ცათასა" (იოანე კიბისაღმწერელი, კიბე, 1851, გვ.11).
ქრისტეს შობით თვით ღვთაებრივი სიყვარული გარდამოხდა ზეცით და აღიღო ცოდვანი სოფლისანი, რათა შეემსუბუქებინა ჩვენთვის ტვირთი იმ გზაზე, რომელსაც ღმერთთან და ადამიანთან მივყავართ. ბეთლემში იმ საკვირველ ღამეს აღსრულდა ღვთის სიტყვები; მე ვარ რომელი ვიქმ მშვიდობასა (ესაია 45,7).
ჰყოფდით ურთიერთას მშვიდობასა! - მოწაფეებისადმი მიმართული ამ სიტყვებით მაცხოვარმა ადამიანურ ურთიერთობათა დაურღვეველი კანონი დაგვიწესა. ამისკენვე მოგვიწოდებს პავლე მოციქული: მშჳდობაჲ იგი ღმრთისაჲ განმტკიცენინ გულთა შინა თქუენთა, რომლისა მიმართცა - იგი ჩინებულ ხართ (კოლასელთა 3,15).
განწმენდილ გულზე დაფუძნებული მშვიდობა დაუშრეტელი წყარო და ძალაა ადამიანის მიახლოებისათვის ღმერთთან და მოყვასთან, რის შედეგადაც თითოეული ჩვენგანის შინაგანი მშვიდობა საკაცობრიო მშვიდობად იქცევა. წმ. ესაიამ ხალხთა შორის ყოვლისმომცველი მშვიდობისა და ერთობის შესახებ იწინასწარმეტყველა, რომ დადგება ის ღვთივკურთხეული დრო, როცა ადამიანები დასჭრიან მახვილებსა მათსა სახნისად, და ლახვრებსა მათსა ნამგლად; და არა აღიღოს ნათესავმან ნათესავსა ზედა მახვილი, და არღა ისწავებდნენ მერმედ ბრძოლასა (ესაია 2,4).
შეკავშირებისა და ურთიერთგაგებისაკენ მოგვიწოდებს უფალი და მწამს, ასეთი დღე დადგება, რამეთუ თვით თავადი იგი ბრძანებს: ჴმისა ჩემისაი ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს (იოანე 10,16).
საყვარელნო შვილნო ჩემნო! გილოცავთ ქრისტეშობის დიად დღესასწაულს. დაე, ბეთლემში შობილმა მაცხოვარმა მოგვმადლოს ნანატრი მშვიდობა და თავისი ღვთაებრივი სიყვარულით გაგვითბოს გაციებული გულები. დაე, იყოს ეს ახალი წელი მშვიდობიანი და ღვთივკურთხეული თითოეული ჩვენგანისათვის, ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოსათვის!
ესევდ უფალსა და ყავ სიტკბოებაჲ, დაემკვიდრე ქუეყანასა და დაემწყსო სიმდიდრესა ზედა მისსა, იშუებდ უფლისა მიმართ და მან მოგცეს შენ თხოვაი გულისა შენისაი (ფსალმუნი 36,3-4). და იყავნ თქუენ თანა მადლი, წყალობაჲ და მშვიდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა მიერ იესუ ქრისტესა ძისა მისისა ჭეშმარიტებით და სიყუარულით (2 იოანე 1,3), ამინ!
ქრისტეს შობა,
თბილისი,
1983-1984 წწ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II