წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
მშვიდობა უსაჭიროესი ნიჭია ყოველი ქრისტიანისათვის. ღმრთისმსახურება, ცხონება და ზეცისადმი მისწრაფება მხოლოდ იქ შეიძლება, სადაც მშვიდობა სუფევს. ღმერთი ამ ზეგარდმო ნიჭს იმ ქვეყანასა და ერს ანიჭებს, რომელშიც კეთილი სარწმუნოება და ღმრთისმსახურება სუფევს, რომელშიც წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია მტკიცედაა დამყარებული და ერის ზნეობას აშენებს.
თვით ჩვენი უფალი იესო ქრისტე ქვეყნად იმიტომ მოვიდა, რომ ადამის მოდგმა ღმერთთან შეერიგებინა. იესო ქრისტემ ღმერთსა და კაცს შორის მშვიდობა დაამყარა. აი, როგორი დიდი და პატიოსანი საქმე ყოფილა ღვაწლი ქვეყნად მშვიდობის დამყარებისათვის. ამ სათნოების შეძენას ყოველი ქრისტიანი უნდა ესწრაფოდეს. თუ მშვიდობისმყოფელს "ძე ღმრთისა" ეწოდება, მაშინ შფოთისმყოფელი ეშმაკის შემწე ყოფილა და ასეცაა, ეშმაკს უხარია, როცა ადამიანებს შორის ჩხუბს, შფოთს და შურს ხედავს (I, 529-530)
განრისხება ანუ გაჯავრება სამი სახისაა. მრისხანება სამართლიანი, კანონიერი და ღმრთისთვის სათნო მაშინ იქნება, როცა კაცი სამართლიანად, საფუძვლიანად და მძიმე მიზეზის გამო ჯავრობს. მაგალითად, როცა კაცი ღმრთის გმობას, სარწმუნოების დაცინვას ან სხვა მსგავს რამეს გაიგონებს; როცა კაცი ხედავს, რომ ვიღაც გარყვნილი თვითონაც უგზო-უკვლოდ ცხოვრობს და სხვებსაც აფუჭებს; როცა ვინმე ბოროტსა და უსამართლო კაცს ხედავს, რომელიც თავის მოყვასს ტანჯავს, ან ღმრთისა და ხელმწიფის ყოველგვარ რჯულს არღვევს. ასეთ შემთხვევათა და გარემოებათა დროს მრისხანება კაცისა არათუ დასაძრახისი, არამედ პატიოსანი და სათნო საქმეა, იმიტომ, რომ ასეთი მრისხანება წმიდა წყაროსაგან მომდინარეობს, იგი სიმართლის სიყვარულითა და საღმრთო შურითაა აღძრული.
მაცთურთა მესამე ნიშანი ის არის, რომ უმანკო და უბრალო ადამიანებს თავს სწავლულებად და განათლებლებად მოაჩვენებენ, თითქოს უცხო ქვეყნებში ფრიად სწავლულთა კაცთაგან დიდი ცოდნა და განათლება შეიძინეს, მაგრამ მათი განათლება დიდად საეჭვოა, რადგან მხოლოდ ზედაპირული და უსაფუძვლო ცოდნა აქვთ. საფუძვლიანი სწავლა დიდ შრომასა და მოთმინებას მოითხოვს, ხოლო მათ არც პირველი და არც მეორე არ გააჩნიათ.
თვით მათ, მაცთურთა, კარგად არ იციან, მაგრამ მათი საიდუმლო განზრახვა იმაში მდგომარეობს, რომ მათი სიტყვის მსმენელნი და დამჯერებელნი სამოქალაქო სჯულსა და მთავრობის წინააღმდეგი გაჰხადონ. მათ იციან, რომ ვინც სარწმუნოებასა და კეთილმსახურებაში მტკიცეა, მათ ბოროტ განზრახვას ადვილად არ აჰყვება და სამოქალაქო მთავრობისა და სჯულის წინააღმდეგი ძნელად გახდება; ამისთვის ცდილობენ ისინი, რომ მსმენელის გულში ჯერ ღმრთის სასოება შეარყიონ და მერე თავისი ბოროტი აზრი ადვილად დააჯერონ.