ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
"ამას კლდესა ზედა აღვაშენო მე ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათე 16,18) - ბრძანებს უფალი. ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ეკლესია მუდმივ ბრძოლაში იქნება ბოროტებასა და ცოდვასთან, მაგრამ ჯოჯოხეთის ძალებიც კი ვერაფერს დააკლებენ, რადგან ეკლესია არის წმინდა და გამოსყიდულია უფლის სისხლით. სულიწმიდა ტრიალებს ტაძარში და განწმენდს ყოველივეს და ყველას. ვინც რწმენითა და სიყვარულითაა მოსული. "ნეტარ ხარ შენ ეკლესიავ მართლმორწმუნეთა, რამეთუ მეფემ მეფეთამან დაიდგინა შენში სავანე. ურყევია შენი საძირკველი, რამეთუ უფალი მცველ შენდა არს. ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოგერევიან და მგელნი მტაცებელნი ვერ შეგმუსრავენ და ვერც სიმტკიცეს შენსას შეასუსტებენ. ო, მშვენიერო და ბრწყინვალე სახლო უფლისა, რა დიდებული ხარ შენ!" - წერს წმ. ეფრემ ასური.
საღვთისმეტყველო განათლებისა და სულიერი წინსვლის მისაღწევად ასევე დიდმნიშვნელოვანია წმიდა მამათა: იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, გრიგოლ ნოსელის, ეფრემ ასურის, იოანე დამასკელის, გრიგოლ პალამას, ანტონ დიდის, წმიდა თეოდორიტეს, წმიდა თეოფანეს, გიორგი მცირის, იოვანე ზედაზნელის, გიორგი და ექვთიმე მთაწმიდელთა, გრიგოლ ხანძთელის... და ყოველთა სხვათა დიდთა მოძღვართა ცხოვრებისა და შრომების გაცნობა. ისინი იყვნენ ბიბლიის არა მარტო შესანიშნავი მცოდნენი და შემოქმედებითი უნარით დაჯილდოებულნი, არამედ, უპირველეს ყოვლისა, დიდი სულიერობით გამორჩეულნი, რადგანაც ათობით წელი ჰქონდათ გატარებული განმარტოებით ლოცვასა, მკაცრ მარხვასა და განდეგილობაში. შემდეგ კი მათ თავიანთი გამოცდილება გადასცეს მოწაფეებს და შრომებისა და წერილების სახით გაგვიზიარეს ჩვენ, ქრისტიანებს.
თემა: ცდუნებაავტორი: მამა ვალენტინი მორდასოვი
წყარო: მოძღვრის ძალზე სასარგებლო რჩევები მრევლისათვის
ღირსი ეფრემ ასური
ღირს ეფრემს მღვდელმთავარ ბასილი დიდთან დაკავშირებით გამოცხადება ჰქონდა. მან იხილა ცად აზიდული ცეცხლოვანი სვეტი და მოესმა ხმა ზეცით:
-ეფრემ, იხილე ეს ცეცხლოვანი სვეტი, მას მიემსგავსა კესარიელი მთავარეპისკოპოსი ბასილი.
წმიდა ეფრემს დიდი იერარქის მონახულების სურვილი აღეძრა და უდაბნოდან კესარიისკენ გაემართა. როდესაც ტაძარში აუარებელი ხალხის წინაშე მქადაგებელი ბასილი იხილა, ეფრემმა აღფრთოვანებით შესძახა:
-ჭეშმარიტად დიდია ბასილი უფლის წინაშე; ჭეშმარიტად ცეცხლოვანი სვეტია იგი; მისი ბაგეებით ჭეშმარიტად სულიწმიდა მეტყველებს!
მსახურების დამთავრების შემდეგ წმიდა ბასილი ეფრემს დაეკითხა:
-მამაო, რატომ შემაქე?
მან კი უპასუხა:
-წმიდა მამაო, როდესაც ქადაგებდი, ვიხილე თეთრი მტრედი, რომელიც მარჯვენა მხარეზე გეჯდა და ყურში გიჩურჩულებდა ყოველივეს, რასაც შენ ამბობდი. გარდა ამისა, შენი ბაგიდან გამომავალი ცეცხლის ენა ვიხილე
სწავლა არ მინდა, სხვისი სწავლება კი მიხარია;
მორჩილება არ მინდა, სხვისი დამორჩილება კი მიყვარს;
შრომა არ მინდა, სხვისი დატვირთვა კი მეხალისება;
პატივის მიგება არ მინდა, პატივცემული კი მინდა ვიყო;
საყვედურებს ვერ ვიტან, დასაყვედურება კი მიყვარს;
არ მინდა მამცირებდნენ, სხვის დამცირება კი მიყვარს;
ბრძენი ვარ რჩევების მიცემაში, მათს შესრულებაში კი არა;
რასაც უნდა ვაკეთებდე, იმას ვლაპარაკობ, ხოლო რაც არც კი ითქმის, იმას ვაკეთებ;
თუ ძმამ შესცოდა, სიამოვნებით ვამხელ მას, ხოლო თუ თავად ვცოდავ, რომ მამხელენ, არ მსიამოვნებს".
თემა: ადამი და ევა, ცოდვაავტორი: მამა ვალენტინი მორდასოვი
წყარო: მოძღვრის ძალზე სასარგებლო რჩევები მრევლისათვის
როგორ დარწმუნდა წმინდა ეფრემ ასური ღვთის განგების არსებობაში
წმინდა ეფრემ ასურს სიჭაბუკეში მძიმე ხასიათი ჰქონდა - ძალიან ფიცხი და მოუთმენელი იყო, არ გააჩნდა მტკიცე შეხედულებები და, რაც მთავარია, არ სწამდა ღვთის განგების არსებობა.
აი, როგორ მოგვითხრობს ამის შესახებ თავად წმინდა ეფრემ ასური:
„სიჭაბუკეში ღვთის განგების არსებობაში ეჭვი შემქონდა. ერთხელ ქალაქგარეთ გავემგზავრე; შემაგვიანდა და ღამე ტყეში მეცხვარეებთან დავრჩი. ღამით ფარას თავს მგლები დაესხნენ და ცხვრები დაგლიჯეს. როცა მეცხვარემ ფარის მეპატრონეს ამის შესახებ უამბო, მათ მეცხვარეს არ დაუჯერეს, ცხვრების გატაცება მე დამაბრალეს და მოსამართლეს მიმგვარეს. ჩემთან ერთად იქ კიდევ ერთი ჭაბუკი მიიყვანეს, რომელსაც რაღაც დანაშაულში ედებოდა ბრალი. მოსამართლემ საქმის გარჩევა გადადო და ორივე საპყრობილეში ჩაგვსვა, სადაც კიდევ ერთი ჭაბუკი დაგვხვდა. საკანში ვაჟებს გავესაუბრე და შევიტყვე, რომ ისინიც ჩემსავით უდანაშაულოდ იყვნენ დაპატიმრებულნი. მათთან საუბრის შედეგად ჩემი ეჭვები უფრო გაღრმავდა. ერთი კვირა დავყავი საკანში და სულ ღვთის განგებაზე ვფიქრობდი. კვირის ბოლოს მესიზმრა ადამიანი, რომელმაც მითხრა:
-განა კარგი იყო შენი ცხოვრება? გაიაზრე, რაზე ფიქრობდი, რას აკეთებდი და მიხვდები, რომ შენც და შენთან მყოფი ჭაბუკებიც სამართლიანად ისჯებით.
გაღვიძებულმა დავიწყე ფიქრი, მეხსიერებაში აღვადგინე ჩემი განვლილი ცხოვრება და მომაგონდა, რომ ერთხელ, დიდი ხნის წინ, იმავე სოფელში ბოროტი განზრახვით ერთი გლეხის ძროხა ბოსლიდან გამოვდევნე და იგი მგლებმა დაგლიჯეს.
ყოველივე ამის შესახებ ვაჟებს ვუამბე და ვურჩიე, მათაც გაეხსენებინათ, ხომ არაფერი ჩაუდენიათ ისეთი, რომლის გამოც ახლა ისჯებიან. მცირე ხნის შემდეგ ერთ-ერთმა მიამბო, რომ ერთხელ დაინახა, როგორ იხრჩობოდა მდინარეში ვიღაც და მიუხედავად იმისა, რომ განსაცდელში მყოფის გადარჩენა შეეძლო, არაფერი გაუკეთებია. მეორეს კი მოაგონდა, რომ ერთხელ მან ავაზაკებთან ერთად შეკრა პირი, რომლებსაც ერთი ქვრივი დედაკაცისათვის მამამისის მემკვიდრეობის წართმევა ჰქონდათ განზრახული.
ჩემმა მაგალითმაც და ჭაბუკების მონათხრობმაც დამარწმუნა, რომ უფალმა ყოველივე უწყის, ყველაზე ზრუნავს და სამართლიანად გვსჯის. ამ ამბის შემდეგ ჩემი ცხოვრება ძირეულად შეიცვალა.
წმიდანთა ლოცვით მიტევებულიცოდვები
წმიდა ბასილი დიდის სიცოცხლეში კესარიაში ერთი წარჩინებული ოჯახის დედაკაცი ცხოვრობდა. იგი მრავალი ცოდვით იყო დაცემული, თუმცა ბასილი დიდის მიმართ ცხოველი რწმენა და რიდი ჰქონდა. ერთ დღეს მან ქარტა(ქაღალდი, ეტრატი) აიღო, მასზე თავისი ცოდვები დაწერა და ბასილი დიდს გადასცა, თან ტიროდა და ამბობდა:
-წმიდაო მამაო, ევედრე ღმერთს, აღხოცოს ჩემგან ყოველი ცოდვა, რომელიც აქ წერია.
წმიდა ბასილი დიდმა ქარტა საკურთხეველზე დადო და ლოცვა აღავლინა. დედაკაცის სარწმუნოებით, წმიდა მამის ლოცვითა და ღვთის კაცთმოყვარებით, ქალს ყველა ცოდვა მიეტევა, გარდა ერთისა, რომელიც უდიდესი იყო მის ცოდვათა შორის.
როდესაც ქარტა გახსნა და ნახა, რომ ერთის გარდა ყველა ცოდვა მისტევებოდა, ბასილი დიდს ფეხებში ჩაუვარდა და შეევედრა, ღვთისგან ამ ცოდვის მიტევებაც ეთხოვა. წმიდანმა მიუგო:
-ასულო, ვინც თავისი მოწყალებით შენი მრავალი ცოდვა აღხოცა, მასვე შეუძლია, განაქარვოს ეს ერთიც, რამეთუ იგი არის ის, რომელმაც თავს იდვა სოფლის ცოდვანი. თუ მოთმინებას გამოიჩენ, არა მხოლოდ ცოდვები მიგეტევება, არამედ მადლიც მოგეცემა. ახლა კი, ასულო, წადი უდაბნოში, ურაჰაის მთაზე, სადაც მოღვაწეობს წმიდა კაცი, ღვთის მადლით სავსე, სახელად ეფრემი. ეს ქარტა მას გადაეცი და შეევედრე, ცოდვა მოგიტეოს.
როგორც კი ქალს ღვთის წმიდა მოსაგრისგან ეს სიტყვები ესმა, სასწრაფოდ წმიდა ეფრემისკენ გაემართა და ის თავის სენაკში იპოვა. როდესაც წმიდა მამამ კარებზე კაკუნი გაიგონა, სულიწმიდით იგრძნო ქალის მდგომარეობა და გასძახა:
-განვედი ჩემგან, ჰოი, დედაკაცო, მე ვარ კაცი ცოდვილი.
დედაკაცმა მას ტირილით მოახსენა, რომ მასთან ბასილი დიდმა გამოგზავნა, რათა ევედროს ღმერთს, აღხოცოს მისგან ერთი ცოდვა და სთხოვა:
-ნუ დაგიმძიმდება, ევედრო ღმერთს ჩემი ცოდვის მიტევებისთვის.
წმიდანმა უპასუხა: ვინც შეძლო, შენთვის მრავალი ცოდვა ჩამოეშორებინა, მასვე შეუძლია ერთის მიტევებაც.
ამ სიტყვებით აკურთხა იგი, სასწრაფოდ კესარიაში ბასილი დიდთან დაბრუნებულიყო.
კესარიაში მობრუნებულმა ქალმა იხილა, რომ ბასილი დიდი გარდაცვ
ლილიყო და მარხავდნენ. დედაკაცმა ხმამაღლა გოდება დაიწყო, მიწაზე გორავდა და წმიდანს, როგორც ცოცხალს, საყვედურობდა.
-ვაი მე, ვაი მე, მონაო ღმრთისაო, რისთვის მომავლინე უდაბნოში, განა იმისთვის, რომ უკან ცარიელი გამოვბრუნებულიყავი? ღმერთმა გადმოგვხედოს ორივე, რადგან შეგეძლო, ჩემთვის გელოცა, ცოდვა მოგეტევებინა და ასე არ მოიქეცი.
მან ქარტა აიღო, წმიდანის სარეცელზე დააგდო და ირგვლივ მყოფებს ხმამაღლა უამბო წმიდანის საქციელი.
ამ დროს ერთმა მღვდელთაგანმა ქარტის გახსნა გადაწყვიტა, რათა გაეგო, რა ცოდვა ჰქონდა მას ასეთი დიდი. როცა ქარტა გახსნა, მასში ნაწერის კვალიც ვერ იპოვა. მაშინ მან დედაკაცს უთხრა, რომ ქარტა ცარიელი იყო.
ეს სასწაული წმიდა ბასილისა და ნეტარი ეფრემ ასურის ლოცვით, აგრეთვე დედაკაცის კეთილი სარწმუნოებით (რის გამოც მას ღმერთმა ყოველი ცოდვა მიუტევა) აღესრულა იმისთვის, რომ ყველას სცოდნოდა ღვთის ძალის მოქმედება მის წმიდანთა შორის