ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
თემა: თავმდაბლობაავტორი: წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
წყარო: სულიერი ცხოვრების სახელმძღვანელო - ნაწილი II
პეტრეს უარყოფა
იფიქრე საყვარელო, იმის შესახებ, რა არის მიზეზი ერთი საშინელი დაცემისა – პეტრეს მიერ უარყოფისა, რომელიც, მართალია, პირველი და ყველაზე ანთებული მოწაფე იყო ქრისტესი, მაგრამ, მოგვიანებით, ამის მიუხედავად, ფიცით უარყო თავისი მასწავლებელი. მაშ, გონს მოგიყვანოს მისმა დაცემამ.
პეტრეს უარყოფის მთავარი მიზეზი ამპარტავნება იყო. სწორედ მან გამოიწვია, რომ პეტრემ საკუთარ გულში სხვა მოციქულებზე მეტად აღიმაღლა თავი, როდესაც თქვა: "დაღათუ ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მომართ, ხოლო მე არასადა დავბრკოლდე" (მათე 26, 33). მაშინაც კი, როდესაც უფალმა დაცემა უწინასწარმეტყველა, მან ამას ყურადღება არ მიაქცია: "ხოლო პეტრე უმეტესად უფროის იტყოდა: დაღაცათუ იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უარ-გყო შენ" (მარკ. 14, 31). სწორედ ამპარტავნებამ გახადა იგი კადნიერი და საფრთხის უგულებელსმყოფელი არა მარტო მაშინ, როდესაც იგი მღვდელმთავრის ეზოში შევიდა, სადაც მრავალი მსახური იყო, არამედ მაშინაც, როდესაც მათთან ერთად ცეცხლთან გასათბობად დაჯდა. იგი კადნიერებით ფიქრობდა, რომ თვითონ კი არ სჭირდებოდა ეშმაკთან ბრძოლა, არამედ ეშმაკს უნდა შინებოდა მისი. და როგორ შეძლებდა, მტკიცედ ყოფილიყო იმ წუთებში, როდესაც იგი ასეთი ამპარტავნებით იყო სავსე?! "დაღუპვას წინ უსწრებს ამპარტავნება, დაცემას – ქედმაღლობა" (იგავნი 16, 18).
როდესაც იესო მღვდელმთავართან მიჰყავდათ, საყვარელი მოწაფე მას უკან მიჰყვებოდა, ისიც შევიდა კაიაფას პალატებში, მაგრამ უარყოფის საფრთხისათვის თავის არიდება შეძლო, რადგან საკუთარი ძალების იმედი არ ჰქონდა და უგუნურებამდე გამბედავი არ იყო. მან არ შეუშვა ამპარტავნება საკუთარ გულში და ამიტომ არ უარყო თავისი მასწავლებელი. სწორედ თავმდაბლობის გამო არ თქვა მან სახარებაში, რომ თვითონ მისდევდა იესოს, როგორც ნეტარი თეოფილაქტე წერს: "ასე რომ, მან თავმდაბლობით დამალა საკუთარი თავი".
ო, წყეულო ამპარტავნებავ, ყოველგვარი ცოდვის სათავევ და ფესვო, რა ბოროტება აღარ მოუტანე შენ ბედკრულ ადამიანს! ვაი შენ, ძმაო ჩემო, თუ კადნიერი ხარ და მხოლოდ საკუთარ ძალებზე იმედოვნებ! ვაი შენ, თუკი რაიმეს გაკეთება შენი სულიერი მოძღვრის რჩევის გარეშე გსურს, რომელიც შენზე გონიერია და უკეთ უწყის, რა არის შენთვის უმჯობესი. "ვაი ბრძენებს საკუთარ თვალში და გონიერთ საკუთარი ჭკუით!" (ესაია 5, 21). ვაი შენ, თუკი ღვთაებრივ წერილთან და გარდამოცემასთან არათანხვდომილად აზროვნებ და ჯიუტად არღვევ მოძღვრის მიერ მოცემულ მცნებებს. ვაი შენ, თუ ამპარტავნების სენს ნებას აძლევ, რომ დაგაბრმავოს, თუ თვლი, რომ ამ სამყაროში რაიმეს წარმოადგენ. გსურს შეიტყო, საბრალოვ, თუ ვინ ხარ სინამდვილეში?! დაფიქრდი აი რაზე: ღვთის წინაშე, როგორც წინასწარმეტყველი ბრძანებს, მთელი კაცობრიობა – ერთად აღებული წყლის წვეითივითაა (ის. 40, 15). გაყავი ეს წვეთი ადამიანების რიცხვზე – გარდაცვლილებზეც და ცოცხლებზეც და მათზეც, ვინც ჩვენს შემდეგ იცოცხლებს და ნახავ, რა უბადრუკი ნაწილი ხვდება თითოეულ მათგანს. ასე რომ, ეს ნაწილი, რომელიც უბრალოდ არაფერია, ხარ შენ. როგორც შენ ხარ არაფერი, ასევე არაფერია შენი ძალებიც. აი შენ, გადაწყვიტე ეს ამოცანა, იამაყე ახლა საკუთარი თავით, თუ შეგიძლია. თუ ამის შემდეგაც დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე, მაშ იცოდე, რომ ძალიან ახლოს ხარ დაცემასთან, როგორც ამბობს ყოვლადბრძენი ზირაქი: "უკეთუ კაცი მტკიცედ და ბეჯითად არ არის ღვთის შიშში, სწრაფად დაემხობა მისი სახელი" (ზირ. 27, 3).
იფიქრე იმაზე, უკვე რამდენჯერ იყავი ახლოს უდიდეს დაცემასთან – შენი ამპარტავნების გამო და რამდენჯერ შეგეწია უფალი. კვლავ მიმართე მას და მთელი გულით შეიძულე წყეული ამპარტავნება, რომელიც ყოველი დაცემის მიზეზია, როგორც ამბობს ღირსი იოანე კიბისაღმწერელი: "სადაც დაცემა მოხდა, იქ მანამდე დამკვიდრდა ამპარტავნება" (კიბე, სიტყვა 23, 4). ასე რომ, ეამბორე დამცირებას და შეიყვარე თავმდაბლობა, რომელიც ყველა სათნოების წყაროა. თუ ქაღალდზე მხოლოდ ნულებს დაწერ, ცხადია, რომ მასზე არანაირი ციფრი არ იქნება, ნულების გარდა. მაგრამ თუკი თითოეული ნულის წინ სხვა ციფრს დაწერ – ერთს, ორს, სამს, - მაშინ ეს ნულები მნიშვნელოვან რიცხვად გადაიქცევა. ასევეა ყველა სათნოება - თუ ისინი თავმდაბლობის გარეშე აღსრულდება, უბრალო ნულებად დარჩება და არანაირი ფასი არ ექნება. ამბა ისააკ ასური ამბობს, რომ ყველა სათნოებიდან ღვთის მადლი მხოლოდ თავმდაბლობისათვის ეძლევა. თუ თავს არ დაიმდაბლებ და ბავშვივით არ გახდები, ზეციურ სასუფეველში ვერ შეხვალ, როგორც განგვიწესა უფალმა: "ამინ გეტყვით თქუენ, უკუეთუ არა მოიქცეთ და არა იქმნეთ ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა" (მათე 18, 3). უნდა გრცხვენოდეს, რომ საკუთარი თავის სიძულვილის ამდენი მიზეზი გაქვს. ამის ნაცვლად კი შენ – უგუნურს გსურს, რომ სხვები პატივს მოგაგებდნენ. ილოცე იესო ქრისტეს წინაშე, რომელმაც ოდესღაც თავისი ღვთაებრივი მზერით პეტრეს სიბრმავე განკურნა და მას საკუთარი შეცდომა აგრძნობინა (ლუკა 22, 61), რათა მან შენი სიბრმავეც განანათლოს, რომ ისწავლო ის, რასაც მოციქული ბრძანებს: "რომელი ჰგონებდეს დგომასა, ეკრძალენ, ნუუკუე დაეცეს" (I კორ. 10,12).
იფიქრე საყვარელო, იმ უდარდელობასა და უზრუნველობაზეც, რომელიც აგრეთვე ყოფილა მიზეზი პეტრეს უარყოფისა. იგი "მისდევდა მას შორით" (მათე 26, 58). ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ პეტრე მაშინ უზრუნველი და "ნელთბილი" იყო (გამოცხ. 3,16). მას თავისი მასწავლებლის არც სრულიად მიტოვება სურდა, არც – ბოლომდე მიყოლა, სურდა, მის მოწაფედ დარჩენილიყო ისე, რომ თავი არ ჩაეგდო საფრთხეში, რომლის წინაშეც აუცილებლად დადგებოდა, თუ ბოლომდე იბრძოლებდა თავისი მასწავლებლის გამო. პეტრესგან განსხვავებით, საყვარელი მოწაფე იოანე შორს კი არ იდგა, არამედ – ქრისტესთან ახლოს და მღვდელმთავრის ეზოში მხოლოდ იმის გამო კი არ შესულა, რათა დასასრული ენახა, არამედ იმისთვისაც, რათა თუ საჭირო გახდებოდა, მომკვდარიყო კიდეც მისთვის. მას ძალიან უყვარდა ქრისტე და ერთი ნაბიჯითაც არ სურდა მასთან დაშორება. პეტრეს კი ისეთი მხურვალე სიყვარული არ ჰქონდა, როგორიც იოანეს. თავისი უზრუნველობით მან უარყო მასწავლებელი და ამას მხოლოდ მაშინ მიხვდა, როდესაც უფალმა მას შეხედა: "და მოიქცა უფალი და მიჰხედა პეტრეს. და მოეხსენა პეტრეს სიტყვაი იგი უფლისაი, რომელ ჰრქუა მას" (ლუკა 22, 61). პეტრეს უზრუნველობა მაშინდელ ცივ ამინდს ჰგავდა. იოანე მახარებელი ამბობს, რომ "დგეს მონანი იგი და მსახურნი მღვდელმთავარნი, და ნაკურცხალი აღეგზნა, რამეთუ ყინელი იყო და ტფებოდეს. დგა მათ თანა პეტრეცა და ტფებოდა" (იოანე 18,18). როგორც თეოფანე კერემევსი ამბობს, მაშინ პეტრე მართლაც ცივი იყო თავის სიყვარულში ქრისტეს მიმართ და ამიტომ თბებოდა სამყაროსა და ცოდვის ცეცხლთან, რომელიც ეშმაკის მსახურებმა გააჩაღეს იმისათვის, რათა პეტრე განდგომილი გამხდარიყო, რათა დაეცინათ მისთვის. იოანეს კი, უფლისადმი თავის მხურვალე სიყვარულის წყალობით არ ესაჭიროებოდა ამ დაწყევლილ ცეცხლთან გათბობა. მართლაც – უზრუნველობა საშინელი ბოროტებაა. ამიტომაც უწოდებს მას ღირსი მარკოზ მოსაგრე ძალიან ხშირად "უღმერთოს", რომ იგი ადამიანებს უღმერთოებს ხდის და ქრისტესგან განდგომას აიძულებს.
ახლა კი საყვარელო, გამოსცადე საკუთარი გული: ხომ არ არის მასში რაიმე ცოდვა – მსგავსად პეტრესი, ან ხომ არ ჩაქრა მასში ღვთის მიერ წმიდა წერილით ბოძებული ნათელი, რომლიდანაც შეიტყობ ამ ცხოვრებისეულ სიამოვნებათა ამაოების შესახებ. შენ გსურს, ქრისტეს მიჰყვე, მაგრამ, ამასთან ერთად, ისეთ გზას ირჩევ, რომელიც არც ქრისტესთან მიგიყვანს, არც ამ წუთისოფლის სიამოვნებებთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შენ ეძებ გზას, რომელიც შენთვის არც ფართო იქნებოდა, არც – ვიწრო, რომელიც არ შეზღუდავდა შენს ვნებებს, რომელიც შენ, პეტრესავით ქრისტეს დაგაშორებდა. პეტრე ერთგზის დაჯაბნა უზრუნველობამ, შენ კი იგი ყოველდღიურად გჯაბნის. ნუ განსჯი პეტრეს იმის გამო, რომ იგი ქრისტეს განუდგა, არამედ, უმჯობესია, საკუთარი თავი განსაჯო იმისათვის, რომ მართალია, სიტყვით აღიარებ შენს რწმენას ღვთის მიმართ, მაგრამ საქმით უარყოფ უფალს, როგორც პავლე მოციქული წერს: "ღმერთსა აღიარებენ, ვითარმედ იციან, ხოლო საქმითა უარ-ჰყოფენ" (ტიტ. 1, 16). საკუთარი თავი განსაჯე იმის გამო, რომ ამდენ ცრუ დაპირებას აძლევდი, შენი ჯიუტობის გამო, შენი ამპარტავნებისა და თვითკმაყოფილების გამო, რამდენგზის უარყავი ქრისტე და მხოლოდ საკუთარ ძალებზე იმედოვნებდი და თაყვანს სცემდი ფულს, როგორც კერპს! ამიტომაც უწოდებს პავლე მოციქული სიძვას კერპთაყვანისმცემლობას (კოლ. 3,5). მოკლედ რომ ვთქვათ, ქრისტეს რაღაც ნემსს ამჯობინებ და ამით უარყოფ მას. ამიტომაც ამბობდა ოქროპირი, რომ "არის მრავალი საშუალება, რომლითაც შესაძლოა ქრისტეს უარყოფა" (საუბარი მე-3 ანას შესახებ).
და შენც ძმაო, როგორც ცოდვაში ბაძავდი პეტრეს, ასევე მიბაძე მას სინანულშიც. რამეთუ, როგორც ღირსი ნიკიტა სტიფატი ამბობს, წმიდანთა დაცემა ჩვენთვის იმისათვის აღგვიწერეს, რომ მათი სინანულისათვის მიგვებაძა. პეტრემ ერთგზის უარჰყო ქრისტე და ამას მთელი ცხოვრების გმავლობაში ინანიებდა. პეტრეს მოწაფე, წმ. კლიმენტი რომაელი თავის ეპისტოლეში მის დამახასიათებელ თვისებას იხსენებს: როდესაც მას მამლის ყივილი ესმოდა, მეყსეულად ახსენდებოდა თავისი უარყოფა და ტიროდა.
ასე რომ, როგორც კი შენი ცოდვები გაგახსნდება, იტირე და ცხარე ცრემლები ღვარე. ნეტარი იერონიმე ამბობს, რომ "ლოცვა ღვთის რისხვას დააცხრობს, ცრემლები კი მას მოწყალებისაკენ მიდრეკს". ასევე იოანე ღვთისმეტყველიც წერს, რომ "როგორც წვიმის შემდეგ ჰაერი იწმინდება და გამჭვირვალე ხდება, ასევე ცრემლების შემდეგ სული იწმინდება, გონება კი – ნათდება". როგორც პეტრე მამლის ყივილის მოსმენაზე თითქოსდა იღვიძებდა და თავის ცოდვას იხსენებდა, ასევე შენც, როგორც კი გაიგებ უფლის ხმას, რომელიც სიფხიზლისაკენ მოგიხმობს (მარკ. 13, 37), გამოიღვიძე დაუდევრობისაგან, გაიხსენე შენი ცოდვები და იფხიზლე. დაცემის შემდეგ პეტრემ შეინანა და გვასწავლა, ნუ ვიამაყებთ და საკუთარი თავის იმედი კი ნუ გვექნება, არამედ – ღვთის შეწევნისა. მან გვასწავლა ისიც, რომ სასოწარკვეთილებას არ უნდა მივეცეთ და სხვა ცოდვილებს თანაგრძნობით მოვეკიდოთ. შენს მიერ ქმნილი ცოდვებით ისწავლე თავმდაბლობა და ნუ განიკითხავ სხვა ცოდვილებს, არამედ თანაგრძნობით მოეკიდე მათ და ასწავლე, რომ სასოწარკვეთილებას არ მიეცნენ. როდესაც პეტრემ გულწრფელად შეინანა, მას დაუბრუნდა მოციქულებრივი ღირსება და კვლავ გახდა მოციქულთა შორის უპირველესი. და შენც, სინანულის შემთხვევაში ასევე შეგეძლება, მიიღო შენს მიერ დაკარგული შვილობის მადლი და კვლავ გახდე ღვთის ძე და მისი სასუფევლის მემკვიდრე.
იცოდე, რომ ყველა შენი დაცემის მიზეზი უზრუნველობაა, შეინანე იგი შენი ღვთაებრივი მასწავლებლის წინაშე და გადაწყვიტე, ამიერიდან დაიწყო ახალი, მოშურნე ცხოვრება. იცოდე, რომ უზრუნველობა საშინელია და იგი შენში ეშმაკის წყალობით ჩნდება. შესთხოვე უფალს, რომ მან გაგათავისუფლოს შენივე თავისაგან, რადგან ხშირად თვითონვე ხარ საკუთარი თავის უმეტესი მტერი, ვიდრე – ეშმაკი, როგორც ამბობს წერილი: "შემცოდენი საკუთარი ცხოვრების წინააღმდეგ იბრძვიან".
ვნებების შესახებ
იბრძოლე, შვილო, რადგან საღვთო გზა ვიწრო და ეკლიანია არა თავისი ბუნებით, არამედ ჩვენი ვნებების გამო. და რადგან გვსურს გულიდან ეკლიანი ფესვების – ვნებების ამოძირკვა და იქ სასარგებლო მცენარეების დარგვა, ბევრი შრომა მოგველის, ხელები დაგვისისხლიანდება და ოფლშიც გავიწურებით; ამდენი ფესვის, ანუ ვნების ნახვისას დროდადრო სასოწარკვეთასაც მივეცემით, მაგრამ სასოება ქრისტეზე, ჩვენი სულების მკურნალზე უნდა დავამყაროთ და გულის ნიადაგი ყოველდღიურად დავამუშაოთ, გავწმინდოთ. მოთმინება, გლოვა, სიმდაბლე, მორჩილება, ნების მოკვეთა – ეს ყველაფერი ხელს უწყობს მის დამუშავებას. ძალღონე არ დავიშუროთ და ღმერთი, რომელიც ჩვენს შრომას ხედავს, მოვა, აკურთხებს მას და წარმატებას მივაღწევთ.
გამხნევდი, შრომა ხანმოკლე და წარმავალია, ხოლო „სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა“ (მათ. 5, 12). იბრძოლე და იფხიზლე გულისსიტყვებთან მიმართებაში. ურყევი სასოება გქონდეს, რადგან ეს მიანიშნებს, რომ სახლი კლდეზეა დაფუძნებული, ხოლო კლდე ქრისტეა.
2. სიმშვიდე გქონდეს, ნუ მრისხანებ, რადგან მრისხანება ქედმაღლობის და საკუთარი ნების ნაყოფია, სიმშვიდე კი – მდაბალი გულის და საკუთარი ნების მოკვეთის. როცა ვინმე მრისხანებს, მისი გონება განსჯის უნარს კარგავს, რის გამოც წონასწორობას ვეღარ ინარჩუნებს და უჯერო სიტყვებსა და მოქმედებებზე გადადის.
წმინდა მამები ყველა ვნებას, განსაკუთრებით კი მრისხანებას, სიმთვრალეს ამსგავსებენ, რადგან მთვრალი ადამიანი კარგავს ღირსებას და სხვების წინაშე სასაცილო ხდება. ასევეა მრისხანეც, როცა ბობოქრობს.
უფალი გვეუბნება: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი“ (მათ. 11, 29). მშვიდი სინდისის მოსაპოვებლად საჭიროა აღვირი ამოვდოთ და ავლაგმოთ მრისხანების მხეცი, რომლის ბუნაგიც ქედმაღლობა – ეგოიზმია.
როცა ის პიროვნება სამართლიანად თუ უსამართლოდ გისაყვედურებს, თავი შეიკავე, დათრგუნე შინაგანი მღელვარება, პირი მოკუმე, შინაგანი ლოცვა დაიწყე და მაშინვე დაინახავ, როგორ გაიგუდება მხეცი! მაგრამ ყოველი გამარჯვებისთვის ბრძოლაა საჭირო.
როცა შენში მრისხანება იმარჯვებს, იცოდე, რომ ლუკმას უგდებ მას და შესაბამისად, შემდეგ ჯერზე უფრო გაძლიერდება. ხოლო როცა მხეცი მძვინვარებს და მას ზემოთ მოყვანილი ხერხით გუდავ, იცოდე, რომ საკვების გარეშე ტოვებ, ამიტომ მომდევნო გაავებისას უფრო დასუსტდება, შემდეგ უფრო მეტად დაუძლურდება და ნელ-ნელა განიკურნები.
3. თვითკმაყოფილებისა და ცუდადმზვაობრობის გულისსიტყვები საშინელია და ძნელია მათთან გამკლავება, მაგრამ იესოს სიმდაბლის წინაშე სრულიად უსუსურნი ხდებიან. „ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ“ (იოან. 8, 32) ყოველგვარი ცოდვისა და ვნებისგან.
წმინდა მამები წერენ: „როცა პილატესა და ჰეროდეს ერთმანეთთან შერიგებულს ნახავ, იცოდე, რომ ისინი იესოს მოსაკლავად ემზადებიან. როცა დაინახავ, რომ ცუდადმზვაობრობა და ამპარტავნება თავს გესხმიან, ფრთხილად იყავი – შენი სულის წარწყმედა განუზრახავთ!“
შიშმა და ძრწოლამ უნდა მოგიცვას, როცა ასეთ გულისსიტყვებს აშკარად დაინახავ, რადგან ღვთის განგება მათი სიდიდის შესაბამისად გწვრთნის, რომ განსაცდელთა მეშვეობით სიმდაბლე ისწავლო.
აიძულე თავი სიმდაბლისთვის და როცა ნახავ, რომ ცუდადმზვაობრობის და ამპარტავნების გულისსიტყვები ვერ მოდრიკე, აიღე და ირტყი შოლტი. ხორციელი ტკივილი სულიერს გააძევებს და შენი ასეთი ბრძოლის მხილველი ღმერთი შესაბამის ძალას მოგცემს, რადგან იესო თავის ყოვლისშემძლე ძალას თითოეულს განზრახვისა და ბრძოლისამებრ უგზავნის.
დაფიქრდი, რამდენმა იქადაგა, დაწერა, ჩამოაყალიბა დოგმები, ქვეყანა წიგნებით აავსო ორიგენესავით, რომელმაც ბევრი წიგნი დაწერა, მრავალი აცხონა ან განამტკიცა მოწამეობისთვის, თვითონ კი ბოლოს მწვალებელთა მოძღვარი გახდა და ღმერთს განეშორა.
ვაი! როგორ ბოროტებას შობს ამპარტავნება ადამიანში! მისი საქმეები ღმერთს არაფრად მიაჩნია, რადგან ისინი წყლის სათავეს კი არა, წყაროს და ონკანს წააგავს!
როგორ შეუძლია ონკანს მასში წყლის დინება საკუთარ ქმედებად ჩათვალოს, როცა იცის, რომ სათავეა ამის მიზეზი? მაგრამ დავიწყება ცუდი მასწავლებელია სულისთვის; ჭეშმარიტება რომ ახსოვდეს, უგუნურად არ მოიქცეოდა.
რატომ დაეცა ლუციფერი? ამპარტავნების გულისსიტყვისგან. ასე არ არის?! მისი უბედურება ჩვენთვის გაკვეთილად უნდა იქცეს, რადგან ადამიანი გამოცდილებას და სიფრთხილეს არა მარტო თავისი ცხოვრებით, არამედ სხვისი ჭირის შემყურეც იძენს. რატომ დაეცნენ დიდი ასკეტები, რომლებიც ყველაფრის უარყოფამდე, ეშმაკეულობამდე მივიდნენ და მონაზვნობის საზოგადო განქიქებისთვის ერში დაბრუნდნენ? იმიტომ, რომ თავი სხვებზე უკეთესი და სათნო ეგონათ, მიაჩნდათ, რომ რაღაცას აკეთებდნენ.
4. ნუ ასაზრდოებ ვნებებს დათმობით, რომ ტკივილისა და მწუხარების დათმენა არ მოგიხდეს! ახლა, რამდენადაც შეგიძლია, გაისარჯე. თუ ვნებებს გულმოდგინებით არ აღუდექი წინ, დროთა განმავლობაში მეორე ბუნების ადგილს დაიკავებენ, მერე სცადე და გაუმკლავდი მათ. და თუკი ახლა, ჩვენი რჩევით, მათ წესისამებრ შეებრძოლები, გათავისუფლდები და ღვთის მადლით, თავს ბედნიერად იგრძნობ.
5. რაც უფრო სწრაფად მოიპოვებ სათნოებას, მით უფრო იოლად კარგავ მას, ხოლო რაც უფრო გვიან და მეტი შრომით, – უფრო მტკიცედ ინარჩუნებ. როგორც, მაგალითად, გოგრა, რომელიც გაიზარდა და კედარს უთხრა: „აი, რამდენიმე დღეში გავიზარდე! შენ კი რამდენი წელი დაგჭირდა?!“ – „კეთილი, – უპასუხა კედარმა, – ჯერ არც ქარი გინახავს, არც სიცხე და არც სიცივე!“ მართლაც, ცოტა ხანში გახმა გოგრა, კედარი კი ისევ მყარად იდგა თავის ადგილას!
ადამიანიც ასეა. ღელვაა თუ მშვიდობა, ის არ იცვლება. რატომ? იმიტომ, რომ დროთა განმავლობაში განმტკიცდა. თავიდან ამ სოფლისგან განშორებულის მდგომარეობა მერყევია, მაგრამ დროთა განმავლობაში ღვთის მადლი ნელ-ნელა ვნებებისგან გაათავისუფლებს და აღასრულებს ცხონებას. დღეს ოდნავ მეტი ძალდატანებაა საჭირო, ხვალ კი ღვთის მადლი თავისით დაიწყებს მოქმედებას და აღარ იქნება აუცილებელი თავის იძულება, რომ გახსოვდეს სიკვდილი, ჯოჯოხეთი და ა. შ. მადლი, რომელიც თქვენთან დარჩება, ამ ხსოვნას თქვენი სურვილის გარეშეც მოგიტანთ და მაშინ საიდუმლოებათა საიდუმლოებებს იხილავთ! დაგეუფლებათ სიკვდილის ხსოვნა ან სხვა რაიმე განცდა. როცა გაიღვიძებ და თვალებს გაახელ, ნამძინარევი კი არ იქნები, არამედ იგრძნობ, რომ ჭვრეტის მთელ საიდუმლოს ჩასწვდი და იტყვი: როგორ შეიძლება ასეთი გრძნობა ახალგამოღვიძებულს დაეუფლოს? როგორ ხდება ეს? მხოლოდ ღვთის მადლის მოქმედებით. ეს ხანგრძლივი მეცადინეობის შედეგია.
იმ ადამიანს, რომელიც ძილშიც და ღვიძილშიც მხოლოდ ცოდვასა და ბოროტებაზე ფიქრობს, ცოდვა ბოლოს ცუდ ჩვეულებად ექცევა და ეშმაკის დახმარებით მუდმივი ბოროტება ხდება. ასევეა კარგი ჩვეულება, რომელიც ღვთის მადლის დახმარებით ადამიანის ერთგვარ მდგომარეობად იქცევა.
6. შვილო, მწერ შენი ხორციელი ბრძოლის შესახებ. მოითმინე და ღვთის მადლით, ყველაფერი ჩაივლის. არაფერი დაგრჩება, ოღონდაც იბრძოლე. თუ მხნედ აღუდგები წინ ყველაფერს, რაც გებრძვის, ბრძოლა ხანმოკლე აღმოჩნდება.
ხორციელი ვნება მთელი ახალგაზრდობის მანძილზე შენი თანამგზავრი იქნება, თუმცა შენი ბრძოლის შესაბამისად შესუსტდება და შენთვის ასატანი გახდება. ამპარტავნების ვნება უფრო დიდხანს, ახალგაზრდობის შემდეგაც გასტანს. შემდეგ კი დაისვენებ იმ ბრძოლისა და სულიერი ცოდნის შესაბამისად, რითაც შეეწინააღმდეგები.
ეს ორი ვნება ყველა დანარჩენზე უფრო ძლიერია, ამ ორზეა აღმართული ცოდვის მთელი შენობა და ერთი მეორის შემადგენელია. ორივე საზარელი ლომია, მაგრამ ჩვენს იესოს ერთი მხიარული მზერით შეუძლია ისინი მტაცებელი ფრინველების საზრდოდ აქციოს.
7. ნუ მრისხანებ – ეს ქედმაღლობის ნიშანია, სიმშვიდე და სულგრძელობა კი სიმდაბლეზე მეტყველებს.
ამიტომ, შვილო, თუ გსურს შეასუსტო და ამოძირკვო შენი ვნებები, სიმდაბლე და თავის განკითხვა შეიყვარე. ვნებები მხოლოდ ამ გზით სუსტდება და აღმოიფხვრება.
8. ხანდახან კაცი ეჭვობს, რომ მასზე ცუდი გულისსიტყვები აქვთ, ან ამასა და ამას ამბობენ. ამ ეჭვს, წმინდა მამების მიხედვით, გონებისმიერი ტყუილი ეწოდება. ხოლო სიტყვიერი ტყუილია, როცა იმის ნაცვლად, რომ ვთქვა, მაგალითად, „მაქვს ხუთი დრაქმა“, ვამბობ: „მაქვს ათი“. ცხოვრების წესისმიერი ტყუილი კი ის არის, როცა, მაგალითად, უდებების გამო ლოცვაზე დაგვიანებით მისული, აღიარების ნაცვლად ვამბობ: „დაღლილი ვიყავი, რადგან დღისით ბევრი ვიმუშავე!“
9. მარხვა გამორჩეული სათნოებაა: იგი ხორციელ ლტოლვას აოკებს, სულს ძალას აძლევს, რომ შეებრძოლოს გულის მოწამვლას გრძნობების მიერ და უწინ მიღებული შხამისგან გამაჯანსაღებელ წამალს სთავაზობს.
მარხვა გონების მთლიანად განწმენდის, ბოროტი აზრის აღმოფხვრისა და ღვთიური, ჯანსაღი აზრების, წმინდა გულისსიტყვების მიზეზი ხდება. ეს კი გონებას განანათლებს და ისიც მეტი მოშურნეობითა და სულიერი მხურვალებით აენთება.
10. მთავარი, რაზეც უნდა ვიზრუნოთ, ის არის, თუ როგორ განვიწმინდოთ გული ვნებებისგან, როგორ შევასუსტოთ რომელიმე ვნება ან მანკიერება! ის, რითაც ღმერთი დროდადრო გვანუგეშებს, გადამწყვეტ როლს არ თამაშობს, რადგან მოდის და მიდის. ოჰ, ეს ვნებები! ისინი ეკლიანი ფესვებია! რამდენი შრომა, ტკივილი, ცრემლი და ლოცვაა საჭირო, რომ კაცმა მცირედი შვება მაინც იგრძნოს. ეს ნამდვილი მოწამეობაა!
11. სიძვა ძნელად დასაძლევი ვნებაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას წინ უსწრებს და აძლიერებს წინასწარგანწყობა. მაგრამ ღმერთი ამ ვნებისგან ათავისუფლებს მას, ვინც მისკენ სიმდაბლით მიიქცევა, რადგან იცის, თუ რა ადვილად ეცემა ჩვენი ბუნება.
12. ვევედრები მოწყალე ღმერთს, გიჩვენოს ხსნის გზა და როგორც ირემს, წარგიძღვეს მაცოცხლებელ და განმაახლებელ „წყაროთა მიმართ წყალთასა“ (ფსალმ. 41, 1), რადგან სასტიკი და ძნელად სავალია ცხონების გზა. ადამიანი სავსეა ვნებებით, უძლურებებით, თვითრჯულობით და ა. შ. და მათგან გასათავისუფლებლად სისხლისმღვრელი ბრძოლა უნდა გასწიოს. ხოლო როცა ღვთის დახმარებით მოიპოვებს გამარჯვებას, ეს აქ, ამ ცხოვრებაში იქნება წინაპირობა მომავალი ქორწინებისა კრავთან, რომელიც ღვთისგან დაწყევლილი სასტიკი ხელით არაადამიანურად დაიკლა.
მისი სიყვარული
იფიქრე, ძმაო, იმაზე, რომ უფალს ოცდაათი წლის შემდეგაც, ანუ მას მერე, რაც მოინათლა, სრულყოფილი სიყვარული ჰქონდა ღვთისა და ახლობლების მიმართ. წმიდა მაქსიმე აღმსარებელი ამბობს, რომ ეშმაკმა, როგორც კი გაიგო მამა ღმერთის ხმა, რომელიც უფალს თავის საყვარელ ძეს უწოდებდა (იორდანეში ნათლობის დროს: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ" (მათე 3, 17), იცოდა კანონები ორი მთავარი და უდიდესი მცნებისა – "გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით" (II რჯლ. 6, 5) და სხვა – "გიყვარდეს შენი ახლობელი, როგორც თავი შენი" (ლევ. 19, 18), სწორედ მაშინ მოინდომა უფლის გამოცდა: ნამდვილად უყვარდა თუ არა მას ღმერთი და მოყვასი.
მას შემდეგ, რაც უფალი მოინათლა, სულიწმიდის მიერ გაყვანილ იქნა უდაბნოში. და როდესაც ორმოცი დღე-ღამე გავიდა, რომლის დროსაც იგი არც ჭამდა, არც სვამდა, ეშმაკი წარსდგა მის წინაშე და სამი ძირითადი ვნების – გემოთმოყვარების, დიდებისმოყვარების და ვეცხლისმოყვარების მეშვეობით დაიწყო მისი გამოცდა. თავდაპირველად იგი ამოწმებს უფალს, ხომ არ არის იგი გემოთმოყვარე. ეუბნება მას: "უკუეთუ შენ ხარ ძე ღმერთი, თქუ, რაითა ქვანი ესე პურ იქმნენ", რათა შეჭამო და მოიკლა შიმშილი. მაგრამ ამასოფლისადმი სიყვარულს უფალი ღვთისადმი სიყვარულს ამჯობინებს და პასუხობს: "წერილ არს, რამეთუ: არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა" (მათ. 4, 4).
ამის შემდეგ ეშმაკი ცდის, დიდებისმოყვარეა თუ არა უფალი. უფლის დაშვებითვე აჰყავს იგი ტაძრის სახურავზე და ეუბნება: "უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაი, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქვეყანად", როცა ადამიანები დაგინახავენ, თუ როგორ დაეცი მიწაზე და არაფერი გევნო, განგადიდებენ როგორც წმიდანს და სასწაულთმოქმედს. თუმცაღა უფალი ადამიანურ დიდებას ღმერთის სიყვარულსა და მის დიდებას ამჯობინებს და პასუხობს, რომ არ შეიძლება, აუცილებლობის გარეშე, გამოსცადო უფალი, რათა მან მოახდინოს რაიმე სასწაული: "ნუ გამოცდით უფალს, თქვენს ღმერთს" (II სჯულ. 6, 16). და ბოლოს, მტერი აცდუნებს, მიდრეკილია თუ არა უფალი ვეცხლისმოყვარეობისაკენ. კვლავ აჰყავს იგი ერთ მაღალ მთაზე და თვალის ერთი გადავლებით აჩვენებს სამყაროს მთელს ხელმწიფებასა და დიდებას და ამბობს: "ესე ყოველი მოგცე შენ, უკუეთუ დაჰვარდე და თაყვანის-მცე მე". მაგრამ უფალი ამჯერადაც ყველა სიმდიდრესა და სამყაროს მეუფებას უფლისადმი სიყვარულს არჩევს, იგი პასუხობს ეშმაკს: "უფლის, შენი ღმერთის გეშინოდეს და მას მსახურებდე" (II რჯულ. 6, 13). ამრიგად, უფალმა სამივე ვნების დამარცხებით განაგდო ეშმაკი, რომელიც შერცხვენილი განშორდა მას: "მაშინ დაუტევა იგი ეშმაკმან მან, და ანგელოზნი მოვიდეს და ჰმსახურებდეს მას" (მათ. 4, 11).
მაგრამ მაცდური ამით არ დაკმაყოფილდა. როდესაც ნახა, რომ უფალს ღვთისადმი სრულყოფილი სიყვარული ჰქონდა, კვლავ მოინდომა მისი ცდუნება და ამჯერად მისი მოყვასისადმი სიყვარულის გამოცდა გადაწყვიტა. ასე რომ, იგი აღწევს მწიგნობართა, ფარისეველთა, მღვდელმთავართა და იუდეველ მოძღვართა გულებში და მათში უფლისადმი შურისა და სიძულვილის კოცონს აღვივებს – ისინი იწყებენ მისი სასწაულების ძვირადხსენებას და მას მსუნაგს, ლოთს, ეშმაკეულს, ცოდვილთა და მეზვერეთა მეგობარს უწოდებენ. ეშმაკი ასევე უბიძგებს ყველა იუდეველს, უფალი პილატეს გადასცენ და მას ჯვარზე სიკვდილი მიუსაჯონ.
მას შემდეგ, რაც გაიმარჯვა და მთიდან განაგდო სატანა, რომლის მთელი ბოროტებაც მან კარგად იცოდა, არც უფალმა მისცა ეშმაკს მოსვენება. არამედ გამუდმებით აწუხებდა მას ავადმყოფებისა და ეშმაკეულებისაგან განდევნით. უფალი კურნავს ადამიანების ტანჯვასა და სნეულებებს, რომლებიც ცოდვის მიზეზით დაზარალდნენ, რომელზეც მათ მტერმა უბიძგა. თავისი ქადაგებით უფალმა ასევე განანათლა სატანის მიერ დაბინდული ადამიანების გონება და მიუხედავად იმისა, რომ მწიგობრებსა და ფარისევლებს სძულდათ, იგი მაინც თავისი სიმშვიდითა და უდიდესი თვინიერებით აბრუნებდა მათ თავის მხარეს. მას ძალიან უყვარდა და ეცოდებოდა ისინი, რადგან იმაში, რასაც ისინი ამბობდნენ და აკეთებდნენ, დამნაშავენი იყვნენ არა იმდენად ისინი თავად, არამედ ეშმაკი, რომელიც სარგებლობდა მათით, როგორც საკუთარი იარაღით, და ბოლოს, ყველა ტანჯვით, რომელიც უფალმა დაითმინა, მან თავად განსაჯა ეშმაკი. და აქ, ჯვარზე, როდესაც მამა-ღმერთს ევედრებოდა, შეენდო მისი მკვლელებისთვის, მან მოყვასისადმი თავისი სრულყოფილი სიყვარული დაგვანახა. იგი ამბობდა: "მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან" (ლუკ. 23, 34). აქედან ჩანს, რომ უფალმა შეიყვარა მოყვასი – არა როგორც საკუთარი თავი, არამედ ამაზე გაცილებით მეტად, და ამ ორი მცნების სურყოფილად შესრულებით – სიყვარულით უფლისა და მოყვასისადმი, დაუმტკიცა ეშმაკს, რომ იგი ღვთის ჭეშმარიტი ძეა და, რომ "ჭეშმარიტად ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინასწარმეტყველნი დამოკიდებულ არიან" (22, 40).
მაგრამ შენ, ძმაო, ნუთუ სწორედ ასე ემსგავსები უფალს? სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ შენ ძალიან შორს იმყოფები იესო ქრისტეს მაგალითის მიბაძვისაგან და არ გიყვარს არც უფალი, არც მოყვასი. რვა ნიშნით შეგიძლია გაიგო, გიყვარს თუ არა ღმერთი, ისე როგორც საჭიროა. შენ ნამდვილად გიყვარს იგი თუ: 1) გიყვარს იგი თავისუფლად და არა ძალდატანებით; 2) იცავ მის მცნებებს; 3) მთელი გულით გიყვარს იგი და სხვა არაფერი გიყვარს ისე, როგორც უფალი; 4) ხშირად იხსენებ მის სახელს, როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: "ვინმეს მხურვალედ მოყვარული სიამოვნებით იხსნებს საყვარელის სახელს"; 5) როდესაც უფლის სახელს იხსენებ, სიამოვნებით ღვრი ცრემლებს, როგორც ამბობს წმიდა ისააკი: "სიყვარულს აქვს ჩვეულება – საყვარლის გახსენებაზე დაღვაროს ცრემლები"; 6) ლოცვის დროს შენი გონება იოლად დაუტევებს ამქვეყნიურ საქმეებს და მხოლოდ უფლის ხსოვნასა და მისდამი სიყვარულს ეკვრის, იგი შინაგანად სიტკბოსა და სიმშვიდეს გრძნობს, რომელიც ნებისმიერ სიტკბოებასა და შვებას აღემატება; და რამდენ დროსაც გაატარებ უფლის წინაშე ლოცვით, იმდენივეა შენი მისდამი სიყვარული; 7) ხარობ, როდესაც შენი უფლისადმი სიყვარულისა და მისი მცნებების შესრულებისათვის გაძაგებენ; 8) თუ შენი უფლისადმი სიყვარული არ დაიძლევა სხვა რაიმეთი, როგორც ამბობს პავლე მოციქული: "რამეთუ შენთვის მოვსწყდებით ჩვენ მარადღე და შევირაცხებით ჩვენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი. არამედ ამას ყოველსა ზედა ვსძლევთ ჩუენ მის მიერ, რომელმანცა იგი შემიყუარა ჩუენ. რამეთუ მრწამს მე, ვითარმედ არცა სიკვდილმან, არცა ცხოვრებამან, არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამან სოფელმან, არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არცა სხვამან დაბადებულმან შემიძლოს ჩუენ განყენებად სიყვარულსა ღმრთისასა, რომელ არს ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა" (რომ. 8, 36-39).
ასე რომ, გამოსცადე, გაქვს თუ არა უფლისადმი სიყვარულის ყველა ეს ნიშანი. შეხედე, გიყვარს კი უფალი ისე, როგორც ყრმებს უყვართ მშობლები?! გიყვარს უფალი ისე, როგორც მავანს უყვარს თავისი კეთილისმყოფელი და მეგობარი?! მიმართულია შენი სიყვარული უფლისადმი ხომალდის ისრის მსგავსად, რომელიც მუდამ სამხრეთისკენ უჩვენებს?! გამოსცადე თავი, იცავ კი უფლის მცნებებს, იმიტომ რომ, ვისაც უყვარს უფალი, ის მის მცნებებსაც აღასრულებს, როგორც თავად მან თქვა: "უკუეთუ გიყუარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით" (იოან. 14, 15) და პირიქით, ვისაც არ უყვარს უფალი, ის არც მის მცნებებს ასრულებს: "რომელსა არა უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი არა დაიმარხნეს" (იოან. 14, 24). მაგრამ ვშიშობ, რომ შენ თუნდაც ასრულებდე უფლის მცნებებს, ამას ნებით კი არ აკეთებ, არამედ – ათასი დრტვინვითა და პატივმოყვარეობასთან შეზავებით.
შეამოწმე, გიყვარს კი უფალი "მთელი შენი სულით, მთელი შენი გულით და მთელი შენი სიმტკიცით", როგორც ეს მან გვასწავლა. რადგან თუ შენი სიყვარული ორადაა გაყოფილი – როცა შენს გულში შემოვა თუნდაც თმის ღერივით წვრილი რაიმე სხვა მისწრაფება, მაშინ იცოდე, შენ არ გიყვარს უფალი მთელი სულით და მთელი შენი გულით. ასე რომ, იფიქრე, რამდენად ჩამორჩები ღვთაებრივ სიყვარულს, მითუმეტეს, რომ შენი გული გაყოფილია არა ორ, არამედ – უამრავ ნაწილად.
რაოდენ საშინელია, მოიხსენო უფლის სახელი ამაოდ და კრძალვის გარეშე, თუნდაც ეს იყოს ძალდატანებით და მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ დღეში! შენი გული ისეა გაქვავებული, რომ არა მარტო არ ტირი, როდესაც გესმის უტკბესი და უსაყვარლესი სახელი უფლისა, არამედ ოდნავადაც კი არ მსუბუქდები, როდესაც ხედავ ჯვარცმულ და სისხლმდინარე უფალს. ლოცვაზე ყოფნისას შენი გონება ყველა ამაო და მიწიერი ფიქრისკენ მიიდრიკება, იგი აქაც არის და – იქაც, მაგრამ არა – ლოცვის სიტყვებში; და თუ შენ ცოტა ხნით მაინც დადგები ლოცვაზე, მალევე მძიმდები და დარდიანდები. აი, რაოდენ მცირედ გიყვარს უფალი! როგორც კი იგრძნობ პატარა მოუხერხებლობას, მაშინვე უკან ბრუნდები და გავიწყდება წარსული, კეთილი ფიქრები.
არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი უფლისადმი სიყვარულისა – როდესაც შენ მეგობრისათვის და მტრისათვისაც თანაბარი მონდომებით ლოცულობ, არ ანსხვავებ მათ. აი, რას ამბობს წმიდა გრიგოლ პალამა: "როდესაც გულაჩუყებითა და გულში სასიამოვნო მჭმუნვარებით მიმართავ უფალს ლოცვით, როგორც შენთვის, ასევე მთელი კაცობრიობისთვის – შენთვის ცნობილი და უცნობი მტრისა და მეგობრისათვის, შენი შეურაცხმყოფელისათვის და არაშეურაცხმყოფელისათვის – მაშინ იცოდე, რომ გულით გიყვარს მოყვასი. მაგრამ სულის ასეთი მოწესრიგება მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც სიყვარულის საქმეს ფარულად აკეთებ" (სიტყვა იოანე მახარებელზე). დაბოლოს, იმაზე, რომ აუცილებელია მოყვასის, როგორც საკუთარი თავის სიყვარული, უფალმა ცალკე თქვა: "მცნებასა ახალსა მოგცემ თქუენ, რაითა იყუარებოდეთ ურთიერთას" (იოან. 13, 34) და არ გაჩერდა ამაზე, არამედ განაგრძო: "უფროისა ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაითა სული თვისი დადვას მეგობართა თვისთათვის" (იოან. 15, 13).
მაშ, გამოცადე, საყვარელო, გაქვს თუ არა სიყვარულის ნიშნები. მე მეჩვენება, რომ შენ ისინი არ გაქვს. რადგან იმის ნაცვალდ, რომ გიყვარდეს შენი ძმა – თანამემამულე და შენი ერთმორწმუნე – გძულს იგი, კბენ და ჭამ მას, როგორც დაწერილია გალატელთა მიმართ ეპისტოლეში: "უკუეთუ ურთიერთას იკბინებოდით და შეიჭმებოდით, იხილეთ, ნუუკუე ურთიერთას განილინეთ" (გალ. 5, 15) და იმის ნაცვალდ, რომ უფალს პატიება სთხოვო ჩადენილი ცოდვების გამო, ლოცულობ, რათა მან შენი მაწყინარი დასაჯოს. ამით კი ემსაგავსები ძაღლს, რომელიც ეცემა არა იმას, ვინც ქვა ესროლა, არამედ როგორც უგუნური ცხოველი გარბის და თავად ქვას კბენს.
ასევე შენც ეშმაკის წინააღმდეგ კი არ იბრძვი, რომელმაც თითქოს ქვის სროლით უბიძგა შენს ძმას და აიძულა იგი, შემოეტია, არამედ, უგუნურო, ძმაზე თავდასხმას იწყებ. შენ არ გიყვარს მოყვასი უფრო მეტად, ვიდრე საკუთარი თავი. ის კი არა, უბრალოდ – როგორც შენი თავი, ისეც არ გიყვარს. რადგან გაქვს საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი, სიმშვიდე, იმ დროს, როცა შენი ძმა მშიერია და სწყურია, განიცდის უპოვარებას და შეჭირვებას, შენ კი მისი შეხედვაც არ გინდა. ეს ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სიყვარულს, როგორც წერს პავლე მოციქული: "რამეთუ კაცად-კაცადმან თვისი იგი სერი წინაისწარ წარიღის ჭამად, და რომელსამე სთრავნ" (I კორ. 11, 21).
ასე რომ, შეინანე, შეცვალე შენი ცხოვრება და უფალს პატიება სთხოვე იმისათვის, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარულის გარეშე გაატარე ცხოვრება და დაჰპირდი, რომ ამიერიდან ეცდები გიყვარდეს იგი და შენი მოყვასი, რომ აიძულებ საკუთარ თავს ამის გაკეთებას. სთხოვე მას ასევე, რომ გაგაძლიეროს და თავისი მადლით დაგიფაროს და განაახლოს მისი ბუნებრივი ძალები სიყვარულისა, რომელიც შენში ჩადო.
თემა: ღვაწლიავტორი: წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
წყარო: სულიერი ცხოვრების სახელმძღვანელო - ნაწილი II
სიტყვა მეოთხე ლოცვის შესახებ
უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე.
ადამიანის გული ზებუნებრივ, ბუნებრივ და ბუნების საწინააღმდეგო მოძრაობათა ცენტრია. ყველაფერი გულიდან იღებს სათავეს და თუ ადამიანის გული განიწმინდება, ის ღმერთს იხილავს.
მაგრამ როგორ ვიხილავთ ღმერთს? განა ღმერთი ანთროპომორფულია? ადამიანის სახე აქვს? არა! ღმერთი უხილავია, ის სულია, მაგრამ შეუძლია გამეფდეს ადამიანის გულში, როცა ის გახდება ჭურჭელი, რომელიც მის დატევნას შეძლებს.
იმისთვის, რომ ღმერთი დაიტიოს ადამიანის გულმა, ის უწმინდური გულისსიტყვებისგან უნდა განიწმინდოს. გული რომ განიწმინდოს, მასში წამალმა უნდა შეაღწიოს. ეს წამალი კი ლოცვაა.
მეფე სადაც მიდის, იქიდან მისი მტრები იდევნებიან. როცა ქრისტე, მისი წმინდა სახელი გულში შედის, იქიდან ეშმაკთა რაზმებს გამოაძევებს.
როცა ქრისტე ნამდვილად დამკვიდრდება გულში, ყველაფერი მას დაემორჩილება, როგორც მეფეს, რომელიც სახელმწიფოს დაიპყრობს და დედაქალაქში აღსაყდრდება. მაშინ ის თავისი ჯარით ყველა მეამბოხეს დაიმორჩილებს, ესე იგი, განდევნის მტრებს, შინაგანი მღელვარებისგან დააწყნარებს სახელმწიფოს და მშვიდობა დამყარდება. მეფე საყდარზეა დაბრძანებული და ხედავს, რომ ყველა მისი ქვეშევრდომია და მას ემორჩილება. მას უხარია და მხიარულობს, რადგან ხედავს, რომ ბრძოლა და შრომა დამთავრდა, რამაც ყველა მას დაუმორჩილა და მშვიდობა და წარმატება მოუტანა.
იგივე ხდება ჩვენი გულის სახელმწიფოშიც, სადაც მრავალი მტერია, ამბოხებები, გულისსიტყვები, ვნებები, უძლურებები, ქარიშხლები და შფოთია. ეს ყველაფერი ადამიანის გულშია.
გულის სახელმწიფოს დასაწყნარებლად და დასამორჩილებლად ქრისტეს – მეფის და მისი ჯარის – მოსვლაა საჭირო, რომ დაიპყროს ის, განდევნოს მტერი – ეშმაკი, ჩააცხროს ვნებებისა და უძლურების ყოველგვარი შფოთი და გამეფდეს, როგორც ყოვლისმპყრობელი იმპერატორი. ამ მდგომარეობას, წმინდა მამების თანახმად, გულის დაყუდება ეწოდება. ამ დროს გულში განუწყვეტელი ლოცვა მეფობს, რაც მის სიწმინდესა და სიმშვიდეს წარმოშობს.
ლოცვის მრავალი ხერხი არსებობს. რა თქმა უნდა, არსებობს ბაგისმიერი ლოცვა, როცა ლოცვას ბაგეებით ვიმეორებთ. ეს ის მეთოდია, რომელიც თავიდან, ლოცვის დასაწყისში უნდა გამოვიყენოთ, ჩვენს საბოლოო მიზანს რომ მივაღწიოთ.
ადამიანის გონება გამუდმებით მოქმედებს, მაგრამ არა თავისი ბუნების შესაბამისად, როგორც უნდა მოქმედებდეს. ჩვენი ზედაპირულობის გამო გონებას არასწორად ვიყენებთ. ის მთელ ქვეყნიერებას უვლის გარშემო და სხვადასხვაგვარ სიამოვნებაში პოულობს განსვენებას.
ზოგჯერ ის ბილწი გულისსიტყვებით ტკბება, ზოგჯერ სხვა ვნებები გაიტაცებს, ხან კი განურჩევლად დაეხეტება აქეთ-იქით. სადაც არ უნდა წავიდეს, რაზეც არ უნდა შეჩერდეს, ყველგან რაღაცით ტკბება.
ადამიანმა, რომელიც შრომობს მიზნისთვის, „მოუკლებელად ილოცევდით“ (1 თეს. 5, 17), უნდა მოიკრიბოს გაფანტული გონება – მაწანწალა, რომელიც ქუჩებში დაეხეტება – რომ გამოსწორდეს და სახლის კარგი მეპატრონე გახდეს.
გონება რომ მოვიკრიბოთ, მას ისეთი რამ უნდა შევთავაზოთ, რომ დატკბეს, რადგან, როგორც ვთქვით, გონებას აქეთ-იქით წანწალი სიამოვნებასა და ტკბობას ანიჭებს. ის რაღაც საამურით უნდა მივიზიდოთ. ამიტომ არის საჭირო თავიდან ბაგეებით ლოცვა.
დამწყებმა მონაზონმა, რომელიც ლოცვას სწავლობს, ბაგეებით უნდა ილოცოს: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ და ეცადოს გონება ყოველივე ამქვეყნიურს მოსწყვიტოს. გამოცემული ხმა, ხმის ჟღერადობა მიიზიდავს გონებას, რომ ლოცვას მიაპყროს ყურადღება. მაშინ გონება ნელ-ნელა მიეჩვევა კონცენტრირებას და აღარ გაიფანტება.
რა თქმა უნდა, მონდომება, ყურადღება, სურვილი და მიზანი, რომ შევიძინოთ მოუკლებელი ლოცვა, გონების მოკრებაში გვეხმარება.
ასეთი ლოცვით დროთა განმავლობაში ერთგვარი სიამოვნება, სიხარული, სიმშვიდე და გარკვეული სულიერი განცდა გვეუფლება, რაც მანამდე არასოდეს გვქონია. ის თანდათან მიიზიდავს გონებას.
როცა ბაგეებით ლოცვა წარემატება და შინაგანისკენ მიიზიდავს გონებას, მაშინ ერთგვარ თავისუფლებას ანიჭებს მას, რომ ბაგეების გარეშე, თვითონ იმეოროს ლოცვა. მაშასადამე, ნაყოფი უკვე მივიღეთ. შემდეგ ხან ბაგეების, ხან გონების მეშვეობით ლოცვა ნელ-ნელა გაბატონდება სულში.
როცა გონება ლოცვით არის დაკავებული, ის გულში შესვლას იწყებს და ადამიანი, სადაც არ უნდა იყოს, იგრძნობს, რომ გული ლოცულობს.
რისთვის მოვედით აქ? განა იმისთვის არ მოვედით, რომ ღმერთი ვიპოვოთ, იმისთვის არ მოვედით, რომ მისი მადლი ვიპოვოთ, იმისთვის არ მოვედით, რომ მშვიდობა ვიპოვოთ და ვნებებისგან გავთავისუფლდეთ? მაშ ასე, ამ ლოცვით ყველაფრის განხორციელება შეიძლება. ლოცვა სულში ერთგვარ სითბოს, ალს წარმოქმნის, რომელიც თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტ ლოცვას მოიტანს და ა. შ. როდესაც ეს მოხდება, დაინახავთ, როგორ დაიწვება უძლურებები, გულისსიტყვები, ნელ-ნელა დაიწვება ვნებებიც. ყოველივე ეს გულის სიწმინდით მთავრდება. მაშინ მას მამა, ძე და სულიწმიდა ეწვევა და თავის სავანედ, სამყოფლად აქცევს.
წმინდა მამები ამბობენ, რომ გონება ადვილად შეიბილწება და ადვილადვე განიწმინდება. გული ძნელად შეიბილწება და ძნელად განიწმინდება. გონება, როგორც კი ბოროტისკენ მიიქცევა, მაშინვე შეიბილწება, გული კი სწრაფად არ ხდება სიბილწის მონაწილე. როცა გულში გარკვეული სულიერი მდგომარეობა სუფევს და შემდეგ რაიმე მიზეზის გამო დაკარგავს მას, მაშინ გონება სხვადასხვაგვარად იწყებს შებილწვას, გული კი ადვილად არ იცვლება, რადგან მანამდე ის მადლმა შეცვალა და ბოროტება ძნელად, ნელ-ნელა აღწევს მასში.
იმისთვის, რომ ხორციელმა, ვნებიანმა და ქედმაღალმა გულმა უვნებობას მიაღწიოს, აღარ იგრძნოს ვნებები, საჭიროა ლოცვა. როდესაც ცენტრი განიწმინდება, მაშინ მის გარშემო ყველაფერი წმინდა გახდება. ლოცვა განაგდებს სასოწარკვეთილებას, უიმედობას, უდებებას, მცონარებას და განახლებულ სურვილსა და სწრაფვას შობს ახალი ღვაწლისთვის.
როცა ამას ვიგრძნობთ, მაშინ ნათლად გავაცნობიერებთ ლოცვის ნაყოფს, მის მიზანს. მაშინ მივხვდებით, რომ ცათა სასუფეველი ჩვენს გულშია. „სასუფეველი ღმრთისა შორის თქუენსა არს“ (ლუკ. 17, 21).
იქ, გულში, ლოცვით ჩატარებული კვლევის, გათხრების შედეგად – ჩასუნთქვით, ამოსუნთქვითა და გონების გულში ყურადღებით დაკავების მცდელობით – ვიპოვით დაფარულ მარგალიტს. ეს რა მარგალიტია? ეს სულიწმიდის მადლია, რომელიც ნათლისღების დროს მივიღეთ, მაგრამ ჩვენი უმეცრების თუ ვნებებისთვის თავის მიცემის გამო მადლი დაიმარხა.
მამა იოსები საათობით ამბობდა შინაგან ლოცვას. როცა იღლებოდა, გონიერ ჭვრეტას იწყებდა, შემდეგ კი ისევ შინაგან ლოცვას უბრუნდებოდა. გადაბმულად 7-8 საათი ლოცულობდა.
ის, ვინც ასე ლოცულობს, თანდათან შინაგან სრულყოფილებას აღწევს. გული სულ უფრო განიწმინდება და შემდეგ ადამიანი გულის უშფოთველობას მოიპოვებს.
წმინდა მამებმა მრავალი წლის განმავლობაში გულმოდგინე ლოცვით მაღალ სულიერ მდგომარეობას მიაღწიეს. განკვირვებაში მოდიოდნენ და საკუთარი თავიდან გამოსულები, პავლე მოციქულის მსგავსად ჭვრეტაში აღიტაცებოდნენ: „გინა თუ ხორცითა, არა ვიცი, გინა თუ თვინიერ ხორცთასა, არა ვიცი“ (2 კორ. 12, 2). ასე იყო მრავალი წმინდანი.
როცა წმინდა გრიგოლ სინელმა ლოცვის შესახებ ჰკითხა წმინდა მაქსიმე კავსოკალიველს, მან უპასუხა: „შემინდე, მამაო, ხიბლში ვარ“. წმინდა გრიგოლმა კი უთხრა: „ღვთის გულისათვის, მიამბე შენს სათნოებაზე. გთხოვ, მითხარი, გაქვს გონიერი ლოცვა?“ მაშინ წმინდა მაქსიმემ მიუგო, რომ დიდხანს ევედრებოდა ღვთისმშობელს მიენიჭებინა გონიერი ლოცვის მადლი. ერთხელაც ღვთისმშობლის ხატიდან გადმოვიდა მხურვალება, რომელმაც მის გულში შეაღწია და გულმა შინაგანი ლოცვა დაიწყო. რადგან წმინდა გრიგოლი მას აიძულებდა ეთქვა, წმინდა მაქსიმემ გაანდო, რომ გონიერი ლოცვის ნაყოფი ღვთისადმი დიდი სიყვარული და გონების ჭვრეტად აღტაცება იყო. ეს სულიწმიდის მოქმედებით ხდება, რომელსაც ის ხან ღვთაებრივი ნათლის უნივთო ეთერში აჰყავს, ხან საღვთო საუბარს იწყებს, ხანაც სხვა გამოუთქმელ ჭვრეტაში აღიტაცება.
ყველაფერი გონიერი ლოცვიდან მომდინარეობს.
ლოცვაში წარმატებასთან ერთად ვნებების სიმძიმეც შემსუბუქდება. დროთა განმავლობაში გულისსიტყვები, ფარული გულისსიტყვები გაქრება და ჩვენი გული ბავშვის უმანკო გულივით გახდება.
თავიდან, ვიდრე ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება, როგორც ვთქვით, ძნელია. მაგალითად, თუ რაიმე დანადგარი ხელით სამართავია, მეტი შრომაა საჭირო. თუ ეს მექანიზმი ავტომატური გახდება, მისი წარმადობა ბევრად გაიზრდება და დიდი შრომა აღარ დასჭირდება. ასევე ლოცვაც, თუ დროთა განმავლობაში მას შევიძენთ, უშრომლად წარმოითქმება და მრავალ ნაყოფს გამოიღებს.
როცა ლოცვის დაწყებას ვაპირებთ, გავფრთხილდეთ, რომ არ გვქონდეს კადნიერება და ამპარტავნება, რადგან ეს ლოცვისთვის ძალიან დიდი დაბრკოლებაა. ამიტომ არის საჭირო თავისბრალობა და საკუთარი თავის მუდმივი განკითხვა.
როცა საკონდიტროში შევდივართ, იქ შოკოლადებს, ნამცხვრებს, ნაირნაირ ტკბილეულს ვხედავთ. ასევეა სულიერ საკონდიტროში, იქაც ბევრ და მრავალფეროვან რამეს პოულობს კაცი. ჩვენ ვილოცებთ და ღმერთი რასაც ინებებს, იმას გამოგვიგზავნის; რაც საჭიროა, ყველაფერს გავაკეთებთ, თუმცა მხოლოდ ღმერთს ძალუძს ლოცვა არსებითი გახადოს. რაც უფრო დავიმდაბლებთ თავს, მით მეტი იქნება ლოცვის მადლი.
ვიმეორებ, ყურადღებით ვიყოთ, რომ ლოცვის დროს სხვა არაფერზე ვიფიქროთ. ეს არის ლოცვის ამოსავალი წერტილი.
წმინდა გრიგოლ პალამა ამბობს: როცა ლოცვას ჩასუნთქვითა და ამოსუნთქვით ვამბობთ, დროთა განმავლობაში ამოსუნთქვისას ნესტოებიდან სულიერი კეთილსურნელება იფრქვევა. ნამდვილად ასეა. ლოცვით წარმოიქმნება სურნელოვანი ჰაერი, რაც სხვა არაფერია, თუ არა ლოცვის ნაყოფი. ეს ქრისტეს სახელის წყალობით ხდება. რა არ ძალუძს იესოს სახელს! ქრისტეს სახელი განწმენდს პატიოსან ძღვენს. ქრისტეს სახელით გარდამოვა სულიწმიდა. ქრისტეს სახელით წმინდანები მკვდრებს აღადგენენ. ყველაფერი ქრისტეს სახელით აღესრულება.
ერთი მღვიძარე მამა ამბობდა, როგორ შეიძლება ამ ლოცვის მქონე ადამიანს სულის ამოსვლისას ეშმაკები მიუახლოვდნენ – ის ხომ ლოცვით გადის?! ეს სული ლოცვით იქნება შეჯავშნული და დემონები ვერ შეძლებენ მიკარებას. მართლაც, ძალიან დიდია ამ ლოცვის სარგებელი.
მე მგონი, უკვე გიამბეთ ერთ მორწმუნე ადამიანზე, რომელმაც გონიერ ლოცვას მიუძღვნა თავი. მას არც ოჯახი ზღუდავდა, არც სამსახური და არც სხვა რამ. სულიერი განსჯით, თავის უარყოფითა და ამაო საზრუნავისგან გათავისუფლების წყალობით გამუდმებით ლოცულობდა და ქრისტეს მიმართ დიდ სიყვარულს გრძნობდა. მას სულში ნამდვილად ღვთაებრივი ტრფიალება ჰქონდა. ძალიან სურდა მაცხოვრის წმინდა საფლავზე წასულიყო. ფიქრობდა, რომ იქ მისგან შეყვარებული ქრისტეს სიყვარულით აღივსებოდა. ის წავიდა იერუსალიმში ქრისტეს საფლავის მოსალოცად. შიგნით რომ შევიდა თაყვანისსაცემად, უძლიერესი სულიერი ტრფიალება იგრძნო. ფიქრობდა იმის შესახებ, რომ აქ დაიმარხა ის, ვისაც ეთაყვანებოდა – იესო ქრისტე, აქ იყო მისი ცარიელი საფლავი და ა. შ. მან წმინდა საფლავის თაყვანისცემისას იქვე განუტევა სული! ამის მხილველმა ხალხმა თქვა: „მოდით, ვნახოთ, რას მალავდა ეს კაცი თავის გულში!“ გვამი გაკვეთეს, გული გაუჭრეს და გაოგნებულები დარჩნენ. გულში ეს სიტყვები ეწერა: „იესო, ჩემო ტკბილო სიყვარულო..."
ხედავთ, ლოცვამ როგორ გაამდიდრა ის ადამიანი? როგორ გაამდიდრა ღვთაებრივი სიყვარულით? ახლა კი დაფიქრდით, სიკვდილის შემდეგ სად მოხვდებოდა იგი? უეჭველია, ანგელოზებმა მიიღეს მისი სული და გვირგვინით შემკული, ნათლით შემოსილი ქრისტეს საყდართან მიიყვანეს.
ანგელოზი, რომელიც წმინდა პახომს ასწავლიდა, ამბობდა: „მრავალმა განსწავლულმა ადამიანმა მიატოვა სწავლა, თავისი ნაშრომები და ლოცვას მოჰკიდა ხელი“. მხოლოდ გონიერი ლოცვით აღწევს ადამიანი უვნებობას. არც ბევრი კითხვითა და განსჯით მიიღწევა უვნებობა და არც რაიმე სხვა გზით.
ამ გზით მლოცველი შეიძულებს უქმადმეტყველებას, კადნიერებას და მრავალ სხვა ცოდვას, რომ არ დაკარგოს ის, რაც ლოცვით მოიპოვა.
ვლოცულობ, ღვთის შეწევნით, შეიგრძნოთ ლოცვა და როცა მადლი მოვა, მაშინ საქმით შეიცნობთ და გაიგებთ იმას, რაზეც ახლა გესაუბრებით.
საშობაო ეპისტოლე - 1980
წმიდა სინოდის წევრებს - ღვთივგანბრძნობილ ყოვლად-სამღვდელო მიტროპოლიტებს, მთავარეპისკოპოსებს და ეპისკოპოსებს, მოძღვრებს, ბერ-მონოზვნებს და საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ყველა ღვთივკურთხეულ შვილს, მცხოვრებს დედასამშობლოში და მის საზღვრებს გარეთ
რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდშობილი მოსცა მას, რაითა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაი საუკუნოი (იოანე 3,16).
სიხარულისა და სიყვარულის სიტყვებით კვლავ მოგმართავთ ყოვლადსამღვდელონო, მიტროპოლიტნო, მთავარეპისკოპოსნო და ეპისკოპოსნო, მოძღვარნო, ბერნო და მონოზონნო, ძვირფასნო ძმანო და დანო - საქართველოს საპატრიარქოს კურთხეულნო შვილნო - მცხოვრებნო დედასამშობლოში და ჩვენი ძვირფასი მამულის საზღვრებს გარეთ! ღვთივდაცულ სამწყსოს გულითადად გილოცავთ ქრისტეს დაბადების დიდებულ დღესასწაულს და გისურვებთ სრულ მშვიდობას და მარადიულ სიხარულს, რამეთუ დედამიწაზე იესო ქრისტეს მობრძანებით ზეცა შეერწყა მიწას და ყოველი ჩვენგანისათვის გაიღო საუკუნო ნეტარების კარი.
განვლო საუკუნეებმა, მიდის წლები, ქრისტიანული სამყარო კი, როგორც ყოველთვის, ზეიმით ხვდება ერთ-ერთ უდიდეს საეკლესიო დღესასწაულს - ქრისტეს შობას. დღეს ჩვენი ფიქრები მიმართულია იმ შორეული დროისაკენ, ბეთლემის იმ კურთხეული გამოქვაბულისაკენ, რომელმაც შეიფარა ახალშობილი იესო - გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება მთელი კაცობრიობისა. ის იშვა, როდესაც ეძინა ბეთლემს, ეძინა იერუსალიმს, ეძინა იუდეველთა ქვეყანას, ეძინა მთელს კაცობრიობას. პირველნი, რომელთაც შემოესმათ ანგელოსთა გალობა - დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება და რომელნიც ღირს იქმნენ თაყვანი ეცათ ახალშობილი იესოსათვის - იყვნენ უბრალო, წმიდა გულის პალესტინელი მწყემსები. ეს იყო დასაწყისი ახალი აღთქმისა, დასაწყისი ახალი, ქრისტიანული რწმენისა, რომელსაც უნდა გარდაექმნა მთელი კაცობრიობა. "სიტყვა განკაცნა, რათა ჩვენ ღმერთ-ვიქმნეთ", - სთქვა წმიდა ათანასე დიდმა.
წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ქრისტეს დაბადება შეუძლებელია გააზრებულ იქნას ადამიანური ლოგიკით. ეს არის სასწაული, რომელიც აღემატება ადამიანის გონებას. "ნუ შემეკითხები, როგორ მოხდა ეს სასწაული? რამეთუ, როდესაც ბრძანებს უფალი, ბუნება მხოლოდ მორჩილებს. მან ინება და შეძლო, მოვიდა და გვიხსნა! ღვთის ნებამ არ იცის რა არის წინააღმდეგობა და არსებული უწინარეს ყოველთა საუკუნეთა - დღეს ხორციელდება!" მაგრამ ღვთის განხორციელების საიდუმლო გასაგები ხდება მისთვის, ვისი გულიც გამთბარია რწმენითა და სიყვარულით, იმიტომ, რომ ეს სიყვარულის საიდუმლოა. სიყვარულის საიდუმლო გაუგებარია იმათთვის, ვისაც არ ძალუძს რწმენა და სიყვარული, მაგრამ გასაგებია მათთვის, ვისაც ძალუძს თავისი სიყვარულით უპასუხოს ჩვენს მოყვარულ უფალს.
სიყვარულითა საუკუნოჲთა შეგიყუარე შენ (იერემია 31,3), - ეუბნება ღმერთი მის მიერ შექმნილ ადამიანს, და ამ გამოუთქმელმა მარადიულმა სიყვარულმა განაწყო შემოქმედი გაღებად ენით გამოუთქმელი მსხვერპლისა. მსხვერპლი შეწირულია. საიდუმლო აღსრულდა, ახლა უფალი მოდის თითოეულ ჩვენგანთან და გვიხმობს, მაგრამ ყველას არ ესმის ეს ხმა, ერთნი შეიტკბობენ მას და იმყოფებიან მასთან, სხვანი უარყოფენ მას. უფლის მიღება ანუ მისი რწმენა თავისუფალი, ჭეშმარიტად საოცარი აქტია, მსგავსი ხელახალი დაბადებისა.
ადამიანი იმდენადაა გარემოცული მიწიერი გრძნობებითა და ფიქრებით, რომ მას ხშირად უძნელდება ღვთიური ნათელის აღქმა. მაგრამ დგება ჟამი, როდესაც ყველა ეს გრძნობა და ფიქრი სადღაც ქრება, ადამიანი გადადის სხვა სამყაროში და იბადება ახალი შეგრძნება, შეგრძნება არაამქვეყნიურისა, შეგრძნება რაღაც მშობლიურისა და ამავე დროს შორეულისა და მიუწვდომელისა - შეგრძნება ღვთისა.
წმიდა მამათა აზრით: ღმერთი ძლიერ ახლოსაა ჩვენთან, ის განუშორებელია ადამიანისაგან. ნეტარი ავგუსტინე ამბობს: "როგორ შემიძლია მოვიხმო ჩემში ღმერთი? არის კი ჩემში ადგილი, სადაც შეეძლება ღმერთს მოსვლა? მე არ ვიარსებებდი, ღმერთო ჩემო, შენ რომ არ იყო ჩემში, ანუ არ ვიარსებებდი, მე რომ არ ვიყო შენში, რამეთუ ყოველი არსება იმყოფება შენში და შენით არსებობს. სად მოგიწოდო შენ, როდესაც მე ვიმყოფები შენში და საიდანღა შეძლებ შენ ჩემში მოსვლას?"
ადამიანს შეუძლია, უსაზღვროდ ამაღლდეს სულიერად და შეუძლია შთავარდეს ვნებათა უსასრულო, უპირო უფსკრულში, ორივე შემთხვევაში ის მაინც ადამიანად რჩება, მასში არ ქრება "ხატი ღვთისა". ხშირად ადამიანში ვხედავთ წინააღმდეგობას, კეთილი საწყისის გვერდით ვხვდებით სრულიად სხვა ხასიათის ენერგიას, დემონურ ძალას, ბოროტსა და საშიშს; საშიშს უპირველესად თავად ამ ძალის მატარებლისათვის. ადამიანი ვალდებულია იბრძოლოს ბოროტების წინააღმდეგ. ვინ უნდა იყოს ჩვენი დასაყრდენი ამ ბრძოლაში? - ღმერთი, ქრისტე, ჭეშმარიტება, სიმართლე. "ნათელი ქრისტესი განგუანათლებს ყოველთა" - ეს ნათელი იმდენად ძლიერია და ცხოველმყოფელი, რომ იგი აცისკროვნებს ხილულსა და უხილავ სამყაროს, აღწევს ადამიანის სულისა და სხეულის ყველა ნაწილში, იგი ანათებს, უხმობს ქვეყანას, გარდაქმნის მას, განსაკუთრებით ბრწყინვალედ ანათებს სიბნელეში, რომელიც ცდილობს მის შთანთქმას, მაგრამ სიბნელე, თუმცა დიდია თავისი მოცულობით, უძლურია ნათელის წინაშე. ნათელი, რომელიც გვინათებს ცხოვრებას და რომლის მეოხებითაც ჩვენ საშუალება გვეძლევა გავარჩიოთ კეთილი და ბოროტი, მართალი და ტყუილი, გვინათებს ჩვენ არა გარედან, არამედ შიგნიდან, ჩვენი ზნეობრივი არსების, ჩვენი გულის სიღრმიდან. ამიტომ ადამიანს უნდა ჰქონდეს კავშირი ნათელთან, ღვთიურ ენერგიასთან. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როდესაც მექანიზმის გენიას სურს მოაშთოს ადამიანი, როდესაც ამ მექანიზმს სურს გამოაძევოს ჩვენგან სული და დატოვოს მხოლოდ მკვდარი მატერია. ამან გამოიწვია ის, რომ კაცობრიობამ განიცადა მერყეობა სულიერ ფასეულობათა აღქმაში. ეს ჩვენი დროის დამახასიათებელი თავისებურებაა. ამის თაობაზე გვაფრთხილებდა წმიდა მოციქული პავლე, როდესაც სწერდა: და ნუ თანა-ხატ ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქუენისაჲთა (რომ. 12,2).
მაგრამ ადამიანმა პოვა ძალა თავის თავში, რათა წინაღუდგეს ამ ცთუნებას. დღევანდელ ადამიანს აინტერესებს სულიერი და საღვთისმეტყველო საკითხები. იმისათვის, რომ ღრმად ჩავწვდეთ სულიერი პრობლემების არსს, გავხდეთ ღვთისმეტყველი, საჭიროა ჭეშმარიტად ქრისტიანული ცხოვრება და არა მხოლოდ ეკლესიური დოგმატების შესწავლა.
თანამედროვე ახალგაზრდობას არ შეიძლება დავწამოთ ინდიფერენტიზმი. ეს არის მოაზროვნე, მაძიებელი, ნიჭიერი ახალგაზრდობა, ძიება ახალგაზრდობისა, მისი უნარი მსხვერპლის გაღებისა, სწრაფვა მეცნიერებისაკენ - ყოველივე ეს მისი სულის ძალასა და სიდიადეზე მეტყველებს. სასიხარულოა, რომ ჩვენი ახალგაზრდობა იმას, რაც გაყინული, უძრავი, უსიცოცხლო და უსულოა, არ იწყნარებს. ბევრს გაუჩნდა წყურვილი ნამდვილი სახარებისეული ცხოვრებისა, დღეს ბევრს უფრო სულიერი სიმდიდრე აინტერესებს, ვიდრე მატერიალური კეთილდღეობა, ადამიანმა გაიგო რა არის სიმდიდრე. ვის აკურთხევს იგი, ვის აბედნიერებს, ვის ალამაზებს, ვის ჰმატებს სიკეთეს და გონიერებას? დღემდე - არავის.
ქრისტიანობა თავისი უბრალოებით და უჩვეულობით სუსტი და უძლური ჩანდა, მაგრამ მან ბრძოლაში გამოიწვია ძველი სამყარო. ქრისტიანობამ უშუალოდ ადამიანის გულს მიმართა და იგი ისეთ სულიერ და ზნეობრივ სიმაღლეზე აიყვანა, რომლის მსგავსი ძველ რელიგიებს და ფილოსოფიას ვერც კი წარმოედგინათ.
ადამიანთა გულების დაპყრობისათვის საჭირო იყო არა მტკიცებანი, არამედ მადლიან ცხოვრებასთან ზიარება, არა დარწმუნება, არამედ ქრისტიანობის ჩვენება, რამეთუ მოციქული პავლეს სიტყვებით: არა სიტყვითა არს სასუფეველი ღმრთისაი, არამედ ძალითა (I კორ. 4,20).
ჩვენს დროში სამყარო სწრაფად იცვლის სახეს. ახლა წელიწადი მთელი ეპოქაა. ეს ჩვენი ეკლესიის ცხოვრებაშიც შეიმჩნევა. იგრძნობა მისწრაფება მთელი მსოფლიოს ქრისტიანთა ურთიერთგაგებისა და დაახლოებისაკენ, რაც ხელს უწყობს ხალხთა და სახელმწიფოთა ურთიერთგაგებას, ქრისტიანთა დაახლოება იწვევს იმას, რომ მტრობა და უნდობლობა წარსულს ბარდება, ისპობა ფსიქოლოგიური და სხვა წინააღმდეგობანი. ჩვენი მიზანია ადამიანური ურთიერთობების - პირადი, ოჯახური, საზოგადოებრივი, საერთაშორისო ურთიერთობების ქრისტიანულ პრინციპებზე დაფუძნება, დამყარება. ეს საერთო ქრისტიანული საქმე, ქრისტიანთა გამაერთიანებელი და დედამიწაზე მშვიდობის, თავისუფლებისა და სამართლიანობის დამყარების განმაპირობებელი საქმე უნდა გახდეს.
რაი-იგი არს ქრისტეს მიერ ახალი დაბადებული (2 კორ. 5,17) - ამბობს მოციქული პავლე. აღდგენა ადამიანში "ხატისა ღვთისა", გარდაქმნა ადამიანისა ნამდვილ ღვთისნიერ ქმნილებად - ესაა მიზანი ქრისტეს შობისა, ესაა მიზანი ახალი აღთქმისა.
დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ (ლუკა 2,14). რა შეიძლება იყოს კაცთათვის უფრო სანატრელი, ვიდრე "ქუეყანასა ზედა მშვიდობაჲ" და სათნოება კაცთა? მხოლოდ განხორციელებული უფლის დედამიწაზე მობრძანებას შეეძლო ადამიანებისათვის მოენიჭებინა ეს სიკეთე.
იესო ქრისტე ბეთლემში იშვა, მაგრამ ეს საკმარისი არაა. ის უნდა იშვას ყოველი ადამიანის გულში, და არა მარტო იშვას, არამედ მუდამ იმყოფებოდეს მასთან. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ჩვენთვის მისაწვდომი ის ზეციური მადლი, რომელიც დედამიწაზე საუკუნეთუწინარესმა ლოგოსმა მოგვიტანა - მშვიდობა ღმერთთან, მშვიდობა მოყვასთან, მშვიდობა საკუთარ თავთან.
იესო ქრისტემ გვიბოძა შინაგანი განახლების და სულიერი ზრდის უნარი. მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მთელი ჩვენი ცხოვრება, ყოველი ჩვენი მოძრაობა დაფუძნებულია რწმენაზე, რწმენაზე, რომლითაც განმსჭვალულია ჩვენი გული და რომელიც წმიდას ყოფს ჩვენს გულს. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა (ფს. 50). ქრისტეს დაბადებით სამყარო ზემიწიერს, ზექვეყნიურს ეზიარა. შენ ვერასდროს ვერ შეიტყობ ამას, თუ სასწაულთმოქმედი ბარძიმიდან თავად არ შესვი ის მაცოცხლებელი მადლი, რომელიც სულიერ წყურვილს კლავს. შესვი და აღარასდროს არ მოგწყურდება, შესვი და შენს წინაშე წარმოჩნდება მანამდე უხილავი და უცნობი ახალი სამყარო, სულიერი სამყარო, რომელიც თავისი მადლიანი სხივებით ათბობს და ანათებს დედამიწას.
იესო ქრისტე და ქრისტიანობა სამყაროში არამიწიერი გზით შემოვიდა. მაცხოვარმა თავისი განკაცებით მიმართა არა მხოლოდ ადამიანის გულს, არამედ გონებასაც. სახარებამ დაიმორჩილა ადამიანის ნებისყოფა, მისცა კაცობრიობას ახალი სიცოცხლე. მოციქული პავლეს სიტყვებით, სახარებისეული ჭეშმარიტება კაცობრიობას წარუდგა არა ადამიანური სიბრძნის დამაჯერებელი სიტყვებით, არამედ "მოვლინებითა სულისა და ძალისა". სულმა და ძალამ დაიპყრო მსოფლიო. მოვედინ სუფევაი შენი! იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. ასეთია ჩვენი ლოცვა, ასეთია ჩვენი სურვილი.
დღეს ჩვენ შევსთხოვთ უფალს ჩვენი რწმენისა და სიყვარულის გაძლიერებას, სულიერ და მატერიალურ ფასეულობათა სიუხვეს, სიკეთის გამრავლებას და ბოროტების აღმოფხვრას, ჩვენი სამოციქულო ეკლესიისა და ჩვენი ხალხის ნათელ მომავალს.
ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს, რომ მსოფლიოში აღარ იყოს ომი, შიმშილი და უსამართლობა.
ლოცვითა და მფარველობითა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და ღვთისა და მამულისათვის თავდადებულ ყოველთა წმიდათა, უფალმან განწმიდოს და გარდაქმნას ჩვენი შინაგანი სამყარო, რათა ჩვენი გულები და აზრები წმიდა ძღვნის სახით მიმართულ იქნას ახალშობილი ყრმისადმი.
განვლო ოცმა საუკუნემ, მაგრამ შობის ღამე მორწმუნე გულისათვის ისევე დაუვიწყარი და მომნუსხველია. ბაგა, ახალშობილი ყრმა დედასთან და მართალ იოსებთან ერთად, მწყემსები, მოგვები თავიანთი ძღვნით, გამოქვაბულს დაჰნათის ვარსკვლავი, ყოველივე ეს დღესაც მახლობელი და მშობლიურია ჩვენთვის.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ბრწყინვალე დღესასწაულს, ჩვენი სულიერი დაბადების და განახლების დღესასწაულს - ქრისტეს შობას. მარად გვემახსოვრება ჩვენი დიდებული წინაპრები, რომელთაც ახასიათებდათ ღრმა რწმენა და სიყვარული, შთაგონებული და შემოქმედებითი აზროვნება და თავდავიწყებული ძიება. დაე, ეს წელი მთელი მსოფლიოსათვის, ყველა ჩვენგანისათვის, ჩვენი სამშობლოსა და ჩვენი ღვთივდაცული ერისათვის მშვიდობის, კეთილდღეობის და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს.
აღორძინდებოდეთ მადლითა და მეცნიერებითა უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესითა. მისი დიდებაჲ აწ და დღეთა მათ საუკუნეთაჲსა. ამინ (2 პეტრე 3,18).
ქრისტეშობა
1979/1980
თბილისი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
სიტყვა მეორე ლოცვის შესახებ
მონაზვნისთვის ლოცვა განუყრელი მეგზურივით უნდა იყოს. ლოცვისთვის განსაზღვრულ დროს უფრო მეტი ყურადღებითა და გონების მოკრებით თავი უნდა ვაიძულოთ, ვეცადოთ, გონება გულის ადგილს მივაჯაჭვოთ, რა თქმა უნდა, ამის წარმოსახვის გარეშე.
ნელა ვისუნთქოთ და ლოცვა „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ შინაგანი ხმით ვიმეოროთ.
გონება, როგორც მცველი, როგორც ზედამხედველი, თვალყურის სადევნებლად დავუყენოთ შინაგან ხმას, რომელიც ლოცვას ამბობს, ამასთანავე წარმოსახვასაც უნდა მიაქციოს ყურადღება, რაიმე სურათი რომ არ მიიღოს.
ამასთან ერთად ჩვენს სულში სიყვარული უნდა აღვძრათ, რომ ლოცვა გაძლიერდეს, გამთლიანდეს და ამ კარგი გრძნობით გამოიღოს კეთილი შედეგი – თავისუფლად ლოცვა, სულიერი სითბო, სიხარული, ცრემლი და ა. შ.
ვიდრე ლოცვას დავიწყებთ, რა თქმა უნდა, სასარგებლო იქნება და დაგვეხმარება, თუ ორი-სამი წუთით თვალს გადავავლებთ ჩვენს ცოდვებსა და ვნებებს. დავფიქრდეთ, თუ როგორი ცოდვილები და ვნებიანები ვართ, დავფიქრდეთ ჩვენი სულის უბადრუკ მდგომარეობაზე და იმაზე, რომ ღვთის გარეშე არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია.
ადამიანმა ასევე შეიძლება გაიხსენოს ღვთის სამსჯავრო ან ჯოჯოხეთის სატანჯველი საიქიოში. ამ შეგრძნებით, რომელიც წარმოიქმნება სულში, ადამიანი იწყებს სუნთქვით დარეგულირებულ ლოცვას.
ასე ხდება სულის წინასწარი მომზადება, რომ რამდენიმე წუთში, როცა ლოცვას დავიწყებთ, მას გარკვეული სულიერი იმპულსი და ელფერი ჰქონდეს.
ამგვარი მოქმედებით გონება უფრო კონცენტრირებული და უფრო ყურადღებიანი ხდება. ეს ხედვა, ეს ფიქრი მას შემოზღუდავს საკუთარ თავში. შემდეგ გონებას ლოცვაც ეძლევა და ამგვარად ის კარგად იწყებს ლოცვას.
როცა ადამიანი ამ გზით ლოცვას მიეჩვევა, გარკვეული პერიოდის შემდეგ – ეს მის გულმოდგინებაზეა დამოკიდებული – ლოცვაში წარმატებას აღწევს, რა თქმა უნდა, ღვთის მადლით, რადგან მწამს, რომ ლოცვა მთლიანად ღვთის მადლზეა დამოკიდებული.
ადამიანი ლოცვის ამ ხერხითა და მეთოდით ღვთის მადლის თანამონაწილე ხდება. მადლი კი ის არის, რითაც უფლის სახელის ხსოვნას მიაღწევს ადამიანი. ამის დასტურია ის, რომ ადამიანი ნებისმიერ სხვა რამეზე ადვილად ფიქრობს, ღვთის სახელის ხსენებისთვის კი უდიდესი ძალისხმევა სჭირდება.
მსგავსი რამ ხდება, მაგალითად, მცენარეებში. ველური, ეკლიანი მცენარეები თავისთავად ამოდის, ადამიანის შრომის გარეშე, შინაურს კი ძალიან ბევრი ზრუნვა სჭირდება და მიუხედავად ამისა, თუ მას ღმერთი არ შეეწია და მზე არ გამოაბრწყინა სასწაულთმოქმედი სხივებით, შეუძლებელია რაიმე აღმოცენდეს, გაიზარდოს და აყვავდეს.
სულიერი თვალსაზრისითაც ასეა. ადამიანი ცდილობს ლოცვის სხვადასხვა მეთოდით ღმერთთან ერთობას მიაღწიოს, მაგრამ თუ უფალმა არ აკურთხა და არ შეეწია, ლოცვის ყველა ხერხი და დიდი მონდომება სულიერად უნაყოფო დარჩება.
ამიტომაც ლოცვის დაწყებამდე საჭიროა სულიერი განსჯა – თავმდაბალი აზრები, თავისბრალობა, სიკვდილის ხსენება და ა. შ., რომ ადამიანმა ლოცვის დროს ღვთისგან შეწევნა მიიღოს.
თუ ადამიანი ლოცვის დროს მზვაობარ, თავმომწონე გულისსიტყვებს მიიღებს, ლოცვა წყდება, ანუ ღვთის მადლის მოქმედება მეყსეულად ფერხდება. მაშინ ადამიანი აღშფოთდება ამ გულისსიტყვების გამო და ფიქრობს: „როგორც კი ლოცვამ მოქმედება დაიწყო და ღვთის მადლი ვიგრძენი, გულისსიტყვები შემოიჭრა და მადლი განმეშორა“.
ხშირად ლოცვა სხვადასხვა ბოროტი გულისსიტყვის მოახლოებისთანავე წყდება და ადამიანი საკუთარ თავს ეკითხება: „კი, მაგრამ მე ხომ ეს ბოროტი გულისსიტყვები არ მიმიღია, ახლა რატომ დავკარგე ლოცვა და მისი მადლი?“
ეს, რა თქმა უნდა, ღვთის განგებით ხდება. უფალი აუწყებს ადამიანს და თითქოს ეუბნება: „ნუ გგონია, რომ ლოცვის მადლი მხოლოდ მაშინ მოგაკლდება, როცა ამპარტავნების გულისსიტყვებს მიიღებ. ეს შეიძლება მოხდეს ქედმაღლური აზრების გარეშეც, როცა მე მოვისურვებ, რომ გაგათავისუფლო შთაბეჭდილებისგან და შეხედულებისგან, თითქოს შენი წინასწარი მომზადებითა და საკუთარი მცდელობით შეგიძლია ქმედითი ლოცვის პოვნა“.
ეს ისე აშკარად ვიგრძენი საკუთარი გამოცდილებით, რომ ვერავინ შემიცვლის აზრს, რომელიც მეუწყა – ლოცვა მადლის ქმნილებაა. ცხადია, ქმედით ლოცვას ვგულისხმობთ, როცა ადამიანი მადლის მოქმედებას გრძნობს, რადგან ლოცვა ეწოდება ნებისმიერ სხვა ლოცვასაც, რომელსაც მადლის განცდა არ ახლავს თან.
ამგვარად, ადამიანისთვის დროდადრო ლოცვის დაკარგვა სასარგებლოა, სიმდაბლის ეს გაკვეთილი კარგად რომ ისწავლოს.
როცა ადამიანი გულისსიტყვების გამო ლოცვას მრავალჯერ დაკარგავს, წლების შემდეგ მას ბუნებრივად მიეცემა შინაგანი პასუხი, რომ მხოლოდ ღვთის შეწევნით შეიძლება ლოცვის მოპოვება.
აბბა ისააკ ასური ამბობს: „ღმერთი მადლს მაშინ კი არ გიბოძებს, როცა შენ ლოცვის ყველა საშუალებისა და ხერხის გამოყენებით მის მისაღებად ემზადები, არამედ როდესაც თავად ისურვებს. ისე ხდება, რომ როცა მოუმზადებელი ხარ, მაშინ გაძლევს მადლს და როცა მომზადებული ხარ, არ გაქვს ლოცვა, ვერ პოულობ მას“.
ეს უდიდესი ჭეშმარიტებაა. ხშირად მე მდაბალიც ყველა ღონეს ვხმარობდი, რომ ღამე ლოცვა მქონოდა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ამას ვერ ვახერხებდი. თავის დროზე ვდგებოდი, ღამის სიმყუდროვეში, როგორი წესიც გვქონდა, ყურადღებით ვიყავი, სიჩუმეს ვიცავდი. ლოცვის ძიებაში საათობით ვიბრძოდი, მაგრამ ლოცვას ვერ ვპოულობდი.
ამ ხანგრძლივი ყურადღებიანი ლოცვის შემდეგ სხვა რამის კეთებას ვიწყებდი, სხვა სამუშაოს ვასრულებდი და ღვთის უდიდეს მადლს ვპოულობდი. ვფიქრობდი: „ამდენი შრომა, მცდელობა, ყურადღება უშედეგო აღმოჩნდა და უცებ ასეთი მადლი?“ ღმერთს სურდა გამეგო, რომ ჩემი მცდელობა კი არ მიმეტოვებინა, არამედ არ მერწმუნა, რომ მისი მეშვეობით ვიპოვიდი ლოცვას.
ღვთის მეუფება და განგებულება განსაზღვრავს, მიანიჭოს თუ არა ადამიანს ლოცვის განცდა, თუნდაც ის მის მოპოვებას არც კი ცდილობდეს.
ყოველ შემთხვევაში მლოცველი ყოველმხრივ უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ ლოცვა იპოვოს, მაგრამ დარწმუნებული არ უნდა იყოს, რომ ამგვარი ძალისხმევა უსათუოდ აპოვნინებს მას. უნდა სწამდეს, რომ თუ ღმერთი ინებებს, მიჰმადლებს ლოცვას, სხვაგვარად კი ადამიანი ვერაფერს შეძლებს.
მიწათმოქმედი სანამ დათესავს, მიწას კარგად ამუშავებს. ყურადღებით ადევნებს თვალს, რომ გუთანი ღრმად ჩავიდეს ნიადაგში, მიწა ამოაბრუნოს, ქვედა ფენა ზემოთ მოაქციოს და შემდეგ თესავს. მერე წვიმასა და კარგ ამინდს ელის. თუ წვიმა, შესაფერისი კლიმატი და მზიანი ამინდი ერთმანეთს ენაცვლება, მაშინ თესლი გაღვივდება, გაიზრდება და ნაყოფს გამოიღებს. სხვაგვარად კი არაფერი გამოვა. თესლი რომც ამოვიდეს, მოსავალი იმდენად მცირე იქნება, რომ გლეხმა რაც დათესა, იმასაც ვერ აინაზღაურებს. გლეხსაც ღვთის იმედი აქვს და ამბობს: „თუ უფალი ინებებს, მოსავალს ავიღებ“. გვალვაში საწყალი მიწათმოქმედი ლოცულობს და ყანას აკურთხებინებს, რადგან სწამს, თუ ღმერთი ინებებს და წვიმასა და მზეს გამოუგზავნის, მისი შრომა ნაყოფს გამოიღებს. სხვა შემთხვევაში, მისი ძალისხმევის მიუხედავად, მოსავალს ვერ აიღებს.
სულიერი თვალსაზრისითაც ასე ხდება. ადამიანი, როგორც არ უნდა მოემზადოს, შრომის ნაყოფს მხოლოდ მაშინ მიიღებს, როცა უფალი ინებებს.
ამიტომ ყველა სულიერ მისწრაფებას წინ სიმდაბლე უნდა უძღოდეს.
ადამიანი იქამდე მიდის, რომ რწმუნდება – ღვთის გარეშე არაფერი გამოვა. ეს სწამს და ამბობს: „საკუთარი სისხლით მოვაწერ ხელს, რომ არარაობა ვარ და სიკეთის კეთება არ შემიძლია“. ჯერ ხელის მოწერაც კი არ აქვს დამთავრებული, რომ არარაობაა და მაშინვე თავმოწონების გულისსიტყვებს ხედავს! და ფიქრობს: „ახლა, აი, ახლახან საკუთარი სისხლით ვამოწმებდი, რომ არარაობა ვარ და თავმოწონების გულისსიტყვამ როგორ შემომიტია?"
ამგვარად, ცხადია, რომ სიმდაბლეც კი ღმერთმა უნდა მიჰმადლოს ადამიანს. მიუხედავად საკუთარი არარაობის შემეცნებისთვის გაწეული შრომისა, ისევ უფალმა უნდა მოგვცეს ამ არარაობის განცდა.
რადგან ასეა საქმე, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი? აღარც სიკეთე აკეთოს, აღარაფერს ეცადოს, არამედ ღვთისგან მოელოდეს სიმდაბლესა და მადლს? არა. ადამიანმა ყველაფერი უნდა აკეთოს, რაც მას ნებისმიერი სათნოების მოსაპოვებლად მოეთხოვება და დაელოდოს დიდი სიმდაბლით და იმის შეგნებით, რომ თუ ღმერთი ინებებს ამ სათნოებამ ხორცი შეისხას, მხოლოდ მაშინ შეძლებს ნაყოფის გამოღებას. სხვაგვარად მხოლოდ შრომა დარჩება.
ლოცვის საკითხს ვუბრუნდები და ისევ ვიმეორებ, რომ ყოველმხრივ უნდა მოვემზადოთ ამისთვის. თავის დროზე უნდა განვმარტოვდეთ სენაკში და ვეცადოთ ჩვენი ფიქრები ლოცვას უკავშირდებოდეს. მაგალითად, ვიფიქროთ ჩვენს ცოდვებზე, რომ დრო გადის და არაფერს ვაკეთებთ; ვიფიქროთ მოსალოდნელ სიკვდილზე, სამსჯავროზე და ა. შ.
ასეთი უბრალო და ხანმოკლე ფიქრი მაშინვე ლოცვისთვის განგვაწყობს. გონება გულში ჩაგვყავს, ზომიერად, იშვიათად ვსუნთქავთ და თან ლოცვას ვამბობთ: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“. თუ ხანდახან დაღლას ვგრძნობთ ან ძილი გვერევა, ეს, რა თქმა უნდა, არაფერს გვარგებს, არ უნდა დავუთმოთ; შეუმჩნევლად ჩვენში რაღაც კარგი ხდება. მომდევნო ჯერზე, როცა ლოცვას დავიწყებთ, თავს უკეთესად ვიგრძნობთ, შემდეგში – უფრო უკეთესად. ასე ნელ-ნელა ლოცვაში რაღაცას ვიპოვით, დროთა განმავლობაში კი სულ უფრო მეტს აღმოვაჩენთ. ცხადია, ეშმაკი ამ მცდელობის გამო უსათუოდ თავს დაგვესხმება, გონებას გაგვიფანტავს და სხვადასხვა წარმოდგენას მოგვიტანს. ჩვენ უნდა ვეცადოთ ყველაფერს წინ აღვუდგეთ და ლოცვაზე გავამახვილოთ ყურადღება.
ეს მცირე შრომა არ არის. თუმცა ერთი შეხედვით ადვილი ჩანს: თავი დახარო, გონება მოიკრიბო და ლოცვას ადევნო თვალყური. მაგრამ თავისი არსით ძნელია, რადგან ბოროტს არ სურს, რომ ვლოცულობდეთ.
გონიერი ლოცვა სატანის შეურიგებელი მტერია! ამის გამო არც ისე ადვილია ეშმაკმა მისგან დაწვა და დამდუღვრა აიტანოს და ლოცვას ადამიანის გულში ქრისტეს აღსაყდრებისა და გულის არედან თავისი გამოძევების უფლება მისცეს.
როგორც ვთქვით, ლოცვის მიზანი ადამიანის გულში ქრისტეს დამკვიდრებაა, რაც მოწინააღმდეგისთვის – სატანისთვის – სრულიად მიუღებელია.
ეს უბრალო, ერთფრაზიანი ლოცვა იმდენად ძლიერია, რომ ადამიანის გონებას მისი დატევა არ შეუძლია. ამიტომ სატანა მას ეომება, სასტიკად ებრძვის – ჩვენთვის გონებადაფანტულობა, შფოთი, მწუხარება მოაქვს, სულს გვიხუთავს. მას ერთადერთი მიზანი აქვს – არ ილოცოს ადამიანმა.
„ლოცვასა განკრძალულ იყვენით“ (რომ. 12, 12). ლოცვას მოთმინება, შეუპოვრობა და სულგრძელობა სჭირდება.
ნუ ვიტყვით: „არაფერი გამოგვივა“, თორემ მაშინ ვერ შევიძენთ ამ ლოცვას, რომელიც თავისი ტევადობით იმდენად დიდია, რომ ზეციურ საგნებს მოიცავს! მოდით, განვმარტოთ ეს:
როცა ლოცვა ამოქმედდება, გონება ისეთი სუფთა, ნათელი, მოქნილი, ფრთაშესხმული ხდება, რომ ძალიან მაღლა ადის და ხვდება ღმერთს მთელი მისი მადლით! მაშინ გონებას სულიერ სახილველთა ჭვრეტის უნარი ეძლევა და ამბობს: „რომელი მათგანი ავირჩიო?!“
და პირიქით, როცა გონება ლოცვით განათლებული არ არის, ძალზე მოუქნელია და მისი ჭვრეტისკენ წარმართვის მცდელობა უნაყოფო იქნება.
როცა ადამიანი ცდილობს, მაგრამ ლოცვას ვერ მოიპოვებს, ეშმაკი მოდის და ეუბნება: „აჰა, ამდენი ეცადე და ვერაფერს მიაღწიე, მაშ, თავი დაანებე ამ ლოცვას“. მაგრამ გამოცდილება თავისებური ენით გვეუბნება, რომ საჭიროა მოთმინება და შეუპოვრობა, რადგან გული ლოცვას კარს ადვილად არ უხსნის. საჭიროა ბევრჯერ დაკაკუნება და დიდი ძალისხმევა.
თესლს რა ემართება? გამოაქვს ღივი, რომელიც ნელ-ნელა ზევით მიიწევს, მიწის ზედაპირს აპობს და ამქვეყნიურ სინათლეზე ამოდის. შემდეგ აღმოცენდება, იზრდება, ყვავის და ნაყოფს გამოიღებს.
ლოცვის დროსაც ასე ხდება. ის თანდათან გააპობს გაქვავებულ გულს, მის ზედაპირზე ამოვა და როცა სულიერი სამყაროს ნათელს იხილავს, მაშინ აღმოცენდება, გაიზრდება, აყვავდება და ნაყოფს გამოიღებს.
როცა ლოცვაში მრავალწლიანი შრომის შემდეგ სახიერი ღმერთი ადამიანს ღირსს გახდის, ის დაინახავს, რომ მასში სიმდაბლე მტკიცდება და ბუნებრივ სულიერ მდგომარეობად იქცევა, შესაბამისად, ლოცვაც ძლიერდება და მყარდება; მანამდე კი გრძნობდა, რომ სიმდაბლე არ ჰყოფნიდა და ლოცვასაც ადვილად კარგავდა.
პატარა ბავშვს, როდესაც ფეხს იდგამს, არ აქვს ძალა და ღონიერი მუხლები, იოლად ეცემა და ზიანდება. ცხადია, როცა ასაკი ემატება, მუხლი უმაგრდება, დადის და ადვილად აღარ ეცემა. ასე ხდება ლოცვაშიც.
ამრიგად, ღვთისთვის სათნო შრომა უნდა გავწიოთ, ეს განაწყობს ღმერთს, მადლი რომ მოგვანიჭოს. ის, რაც სულიერ ღვაწლში დიდ ზიანს გვაყენებს, უიმედობა და სასოწარკვეთილებაა. არ უნდა გვქონდეს უსასოობა, რაც ნებისმიერ სულიერ სიბრტყეში ეშმაკისგან მოდის. უიმედობა არასოდეს არ არის ღვთისგან, ყოველთვის ბოროტისგანაა და როცა სასოწარკვეთილება გვიახლოვდება, უნდა ვთქვათ: „ეს ეშმაკისგანაა“.
ეშმაკი ყველანაირ ლოცვას ებრძვის, განსაკუთრებით კი ასეთ ლოცვას ესხმის თავს. ადამიანი ნებისმიერ ლოცვას თავისუფლად ამბობს შინაგანი მეტყველებით, მაგრამ როცა იესოს ლოცვას იწყებს, ყველა ეშმაკი იქ იყრის თავს.
სატანის დაპირისპირება და ლოცვის წინააღმდეგ ბრძოლა თვალსაჩინოს ხდის, თუ რაოდენ კარგი, სულიერი და ნაყოფიერია იესოს ლოცვა. ვერ ვაცნობიერებთ, თუ რა დიდ მოგებასა და სარგებელს მივიღებთ ამ ლოცვისგან, ამიტომაც არ გვაქვს ლოცვის სურვილი და მოთმინება.
მაშ, ვიბრძოლოთ, ვიშრომოთ ლოცვისთვის, ვიდრე ღმერთი მადლს არ გამოგვიგზავნის. და როცა მადლი მოვა, ყველაფერს ის გვაუწყებს.
საშობაო ეპისტოლე - 1984
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს, ღვთისმშობლის წილხვდომილ საქართველოს მკვიდრთ და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთ
ნუ ჰკურნებ ბოროტსა ბოროტითა (წმ. ბასილი დიდი)
ღვთის წყალობით კვლავ ვეგებებით სასიხარულო და საზეიმო დღეს - ქრისტეს შობის დღესასწაულს.
ბეთლემი... რა საოცრად ახლობელი და ძვირფასია ეს სიტყვა ყოველი ქრისტიანისთვის. იდუმალი ღამის სიჩუმეში სწორედ აქედან მოეფინა მსოფლიოს ანგელოზთა გალობა: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ (ლუკა 2,14).
მთელი სამყარო, კაცობრიობა მოუთმენლად ელოდა მაცხოვრის მოვლინებას დედამიწაზე, ბოლოს აღსრულდა იმედი ხალხთა და ყოველთა მოიღეს შვილებაჲ ზეციური მამისაგან (გალატელთა 4,5) - იშვა ქრისტე, განახლდა იმედი, აღორძინდა სიყვარული. უფლის განხორციელებით აღდგა არა მარტო პირვანდელი კავშირი ღმერთსა და ადამიანს შორის, არამედ უმაღლესი ერთობა შემოქმედსა და ყოველივე ქმნულს შორის.
სული ქრისტიანისა, ანუ სული ყოველი ადამიანისა, რომელმაც ირწმუნა ქრისტეს შობა და მიიღო საიდუმლო ნათლისღებისა, სავანეა მამა ღმერთისა, ძისა და სულისა წმიდისა. თვით მაცხოვარი ბრძანებს: უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს და მამამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი, და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ (იოანე 14,23).
უფლის განკაცების წყალობით გარდაიქმნა პიროვნება, შეიცვალა მისი ზნე-ჩვეულებები. იესოს მადლით გამოხსნილმა ადამიანმა სულ სხვანაირად დაიწყო სამყაროს აღქმა. თუ ძველი აღთქმით დაშვებული იყო თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ (გამოსვლათა 21,24), ქრისტიანული სამყაროს საფუძვლად იქცა სიყვარული, ძმობა და ხალხთა შორის მეგობრობა განურჩეველად ეროვნებისა, ენისა, რასისა. თვით უფალი ასე განმარტავს ქვეყნად თავისი მოვლინების მიზანს: ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ, ძეცა თჳსი მხოლოდშობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ (იოანე 3,16). გონებისათვის მიუწვდომელი ამ მსხვერპლის წყალობით განქარდა ზღუდე ღმერთსა და კაცს შორის, ადამიანს კვლავ განეღო სამოთხის კარი, გამოჩნდა გზა მარადიული ცხოვრებისაკენ.
სახარებიდან ვიცით, აღმოსავლელმა მოგვებმა ბეთლემში შობილ მაცხოვარს თაყვანისცემის ნიშნად მიართვეს ოქრო, გუნდრუკი და მური. ჩვენ რაღას შევთავაზებთ ახლადშობილ ქრისტეს? ერთ საშობაო ლოცვაში წერია: მიუძღვენით მას რწმენა ნაცვლად ოქროისა, სიყვარული კეთილსურნელოვანი ნელსაცხებლის მაგიერ და საქმენი კეთილნი საკმევლისა წილ, ანუ მიართვით მას ცხოვრება თქვენი.
ქრისტიანული ცხოვრება გულისხმობს ყოფნას ღმერთში, ზრუნვას მოყვასისათვის, ესაა გზა ჯვარისმტვირთველისა, განსაცდელით სავსე ცხოვრების ზღვაში ცურვაა იგი. წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი გვასწავლის: "უკეთუ ნავი შენი ჯერეთ არა დაბმულ იყოს ნაპირსა ზღვისასა, ნუ მოიწონებ თავსა მგზავრობისა კეთილად დამთავრებითა, რამეთუ არიან მრავალნი, რომელნი დაინთქნეს წინაშე ნავსაყუდელსა" (გრ. ღვთისმეტყვ. შრომები, ტ. II, გვ, 228).
ცხოვრება უნდა აღვიქვათ ისე, როგორიც ის სინამდვილეშია, უნდა დავინახოთ და გავარჩიოთ, რა არის კეთილი, რა - ბოროტი და ამის მიხედვით ავირჩიოთ ჩვენი გზა. ცხადია, თუ ერთ გზაზე დავდგებით, მეორეს უარვყოფთ და ვაი მათდა, რომელნი იტყვიან ბოროტსა კეთილად (ესაია 5,20).
ბოროტისადმი წინააღდგომა ჭეშმარიტ ქრისტიანს ავალდებულებს უყვარდეს ქვეყანა, უყვარდეს ადამიანი, ბუნება... მისი მოქმედება უნდა ეფუძნებოდეს თითოეული პიროვნების პატივისცემასა და მისთვის გულშემატკივრობის განცდას, შინაგან მოთხოვნილებას, მხარში ამოუდგეს გაჭირვებულს. განა არის რაიმე იმაზე სასიამოვნო, შეძლო, რითიმე დაეხმარო განსაცდელში მყოფს?!
სიყვარული ნეტარებაა, სიძულვილი - ტანჯვა. სიყვარულს ადამიანისა ღმერთთან მივყავართ. "მოყვასი არს მიზეზი ვითარცა ცხოვნებისა, ეგრეთცა წარწყმედისა სულისა ჩუენისა. უკეთუ შეიძინო ძმაჲ, ჰპოვებ უფალსა, და შეიყუარე იგი ესრეთ, ვითარმედ არა განურისხდე და ავსა მისსა ნუ მოიხსენებ, იყავ მშვიდობის მყოფელ, დაუთმე, უკეთუ ესე შესაძლებელ იყოს, განერიდე სიტყვის მიგებასა და დავასა", - წერს ღირსი მამა ანტონ დიდი (შრ. 5. გვ. 88); ხოლო ბრძენი სოლომონი გვასწავლის: რომელმან ყოს კეთილისათვის ბოროტი, არა მოაკლდეს სახლსა მისსა ძჳრი (იგავნი 17,13).
ერთ-ერთი დიდი მადლი, რომელიც აუცილებელია თითოეული ჩვენგანისათვის, არის მშვიდობა, ამ სიტყვის ფართო გაგებით: მშვიდობა ღმერთთან, მშვიდობა მოყვასთან, მშვიდობა ბუნებასთან, მშვიდობა საკუთარ თავთან - აი, ის პირობები, რაც აუცილებელია ადამიანის ნორმალური ფიზიკური და სულიერი განვითარებისათვის. როგორც გაზაფხულის მზის მაცოცხლებელი სხივები აღვიძებს მიძინებულ ბუნებას, ასევე მშვიდობაც ხელს უწყობს გამოვლინდეს ღვთის მიერ ადამიანისათვის მინიჭებული შემოქმედებითი ენერგია.
პირველმამის, ადამის სახით კაცმა დაკარგა მშვიდობა ღმერთთან. მშვიდობა მოყვასთან დაარღვია ადამის ძე კაენმა, თანამედროვე ადამიანი კი მოსწყდა ბუნებას; ყოველივე ამის შედეგად დავკარგეთ შინაგანი მშვიდობა, ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე სულხან-საბა ორბელიანი ამბობს: "სადა არა არს ამბოხებაჲ, ბრძოლა და ტაცებაჲ, მუნ არს მშვიდობაჲ".
მშვიდობისადმი მოწოდება განსაკუთრებული ძალით გაისმა ქრისტიანობაში. ანგელოსთა გალობა - დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ - მაცხოვრის შობისას რომ მოეფინა ქვეყანას, ღვთის მცნებად იქცა ყოველი ქრისტიანისთვის.
"რაჲ უმჯობეს არს სულთა ჩვენთათვის, ანუ უმეტეს კეთილ ამა ჟამად? ესე იგი არს, რომელი მეტობს ყოველთა სწავლათა და რომლისგანცა მომდინარეობს სარგებელი უფროჲსი ყოვლისა, - მშვიდობისათვის ვიტყჳ. ხოლო უფროჲსი ყოველთა სამწუხარო და შემაჭირვებელ არს განწვალებაჲ ანუ მტერობაჲ", - წერს წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი (შრ. 3, 1844, გვ. 135). "რომელნი ეძიებენ საწუთროსა შინა სიტკბოებასა, მშვიდობიანი ყოფის უკეთესს ვერარას პოვებენ. ყოველი რაიცა სახელ-იდების სიკეთედ და მშვენივრად, ჭეშმარიტად კეთილ არს, უკეთუ თანაზიარ არს იგი მშვიდობასა", - ვკითხულობთ წმ. გრიგოლ ნოსელთან.
ბიბლიაში თითქმის ორასჯერ მეორდება მოწოდება ღვთისა იმის თაობაზე, რომ ვესწრაფვოდეთ ხალხთა შორის მშვიდობიან ურთიერთობას, გვიყვარდეს მშვიდობა, ველტვოდეთ მას. მშვიდობამან ღმრთისამან, რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა, შეზღუდენინ გულნი თქუენნი და გონებანი თქუენნი ქრისტე იესუის მიერ... ძმანო, რაოდენი არს ჭეშმარიტ, რაოდენი პატიოსან, რაოდენი მართალ, რაოდენი წმიდა, რაოდენი საყუარელ, რაოდენი საქებელ, რაოდენი სათნო და რაოდენი ქებულ, მას ზრახევდით - გვასწავლის პავლე მოციქული (ფილიპელთა 4,7-8). ასე ცხოვრობენ ნამდვილი ქრისტიანები და, როგორც კეთილ საქმეთა ჯილდოს, უფლისაგან სულიწმიდის დიდ მადლს იღებენ. ხოლო ნაყოფი სულისაი არს: სიყვარული, სიხარული, მშვიდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ (გალატელთა 5,22-23). წმ. ბასილი დიდი წერს: "რომელი ეძიებს მშვიდობასა, იგი ეძიებს ქრისტესა, რამეთუ თავადი იგი არს მშვიდობაჲ ჩუენი".
ქადაგება მშვიდობისა, მსახურება მშვიდობისათვის ქრისტიანული ეკლესიის უმთავრესი ამოცანაა. განსაკუთრებით ეს ითქმის დღევანდელ დღეზე, როდესაც ასე სწრაფი ცვლილებები ხდება ჩვენს პლანეტაზე, გამძაფრებულია საერთაშორისო მდგომარეობა, გვემუქრება თერმობირთვული ომის საშიშროება.
ზოგიერთი ფიქრობს, რომ ბირთვული კატასტროფა და აქედან გამომდინარე დედამიწაზე სიცოცხლის მოსპობის საფრთხე შედეგია მეცნიერებისა და ტექნიკის სწრაფი განვითარებისა, მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციისა. ეს მცდარი განსჯაა. სინამდვილეში მეცნიერებამ და ტექნიკამ ახალი გზები და საშუალებები გამოავლინეს ადამიანის განვითარებისათვის. მთელი უბედურება ისაა, რომ ამ მეცნიერულ მიღწევებს კაცობრიობა სულიერად და მორალურად მოუმზადებელი შეხვდა და სიკეთის ნაცვლად იგი ზოგიერთმა ბოროტების სათავედ აქცია.
დღეს ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ შევინარჩუნოთ ადამიანთა, ხალხებსა და სახელმწიფოთა შორის მშვიდობა და გავუფრთხილდეთ მას, როგორც ღვთისგან ბოძებულ უდიდეს მადლს, როგორც ჩვენი ყოფის ყველაზე აუცილებელ პირობას.
ჩვენი ქვეყნის რელიგიურ გაერთიანებათა და ეკლესიათა მეთაურების 1983 წლის 27 ნოემბრის განცხადებაში ნათქვამია:
"ბირთვული ომი მიგვაჩნია უმძიმეს დანაშაულად უმაღლესი ძალის, შემოქმედისა, და თვით კაცობრიობის წინაშე.
პიროვნება უფლისაგან მოწოდებულია იცხოვროს მთელი სისავსით, განამრავლოს სულიერი ღირებულებანი, სრულყოს თავისი ყოფის მატერიალური მხარე, დაამყაროს კეთილი ურთიერთობა სხვა ადამიანებთან და ხალხებთან სამართლიანობის, ჭეშმარიტებისა და სიყვარულის საფუძველზე".
ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა; აი, რას ამბობენ წმ. მამები: ყოველი, რომელსა უყუარდეს, ღმრთისაგან შობილ არს (I იოანე 4,7); სიყუარული ნიშნავს ყოფნას ერთ სულად, ხოლო სიყუარული უფლისა, ამასთან ერთად გზაი არს განღმრთობისა" (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, ტ. II. გვ. 312).
ჭეშმარიტად სიყვარულია ერთადერთი გზა, რომელსაც ღმერთთან მივყავართ: მოვიტან მაგალითს IV ს-ის კაპადოკიელი წმ. მამის - ბასილი დიდის ცხოვრებიდან, როგორც ნიმუშს ქრისტიანული სიყვარულისა და მოყვასისათვის ზრუნვისა.
კესარია-კაპადოკიის მთავარეპისკოპოსმა ბასილი დიდმა ერთ დღეს გადაწყვიტა, სტუმრებოდა თავისი ეპარქიის მღვდელს. დიდი სიხარულით შეხვდნენ მეუფეს მღვდელი ანასტასი და მისი მეუღლე თეოგნია. როგორ ცხოვრობო? - ჰკითხა ბასილი დიდმა. - ცოდვილი ვარო, - მიუგო მღვდელმა, - ორი უღელი ხარი მყავს. ერთ უღელს მე ვამუშავებ, მეორეს დაქირავებული კაცი. შემოსავლის ნაწილს ღარიბ-ღატაკთ და მწირებს ვურიგებ, ნაწილით კი გადასახადს ვისტუმრებ. ჩემი მეუღლეც მეხმარება, გვემსახურება მე და გლახაკთ.
- მითხარ, რა სიკეთე გიქმნია?
- არაფერი - იყო პასუხი.
მაშინ წმ. ბასილი ერთ-ერთი ოთახის დაკეტილ კართან გაჩერდა და მისი გაღება მოითხოვა. მღვდელი შეეცადა, გადაეფიქრებინა მეუფისათვის იქ შესვლა, არწმუნებდა, მანდ სამეურნეო ნივთების გარდა არაფერიაო. - მე სწორედ ამ ნივთების სანახავად მოვედი, - თქვა წმიდანმა.
გახსნეს კარი. მათ თვალწინ მძიმე სურათი გადაიშალა: სარეცელზე იწვა კეთროვანი, რომელსაც ნაფლეთებად ეკიდა ხორცი. იგი სადღაც ქუჩაში ეპოვათ ანასტასისა და თეოგნიას, სახლში წამოეყვანათ და უვლიდნენ (საერთოდ ჩვევად ჰქონდათ, სხვათათვის დაფარულად ეპატრონათ მძიმე ავადმყოფებისათვის).
რად მიმალავდი ამ საუნჯესო - ჰკითხა მთავარეპისკოპოსმა.
- ეს კაცი ნერვიულია - უპასუხა მღვდელმა - არ მინდოდა მევჩვენებინა, ვშიშობდი, დაუფიქრებელი სიტყვით არ შეურაცხეყო თქვენი სიწმიდე.
მღვდელმთავარმა სთხოვა ანასტასის, ნება დაერთო, ერთ ღამეს მაინც მომსახურებოდა კეთროვანს, რათა მასაც ჰქონოდა წილი იმ დიდ ჯილდოში, რასაც მღვდელი და მისი ოჯახი უფლისაგან მიიღებდა. და დარჩა იმ ღამეს ბასილი დიდი, ლოცვაში დაათენდა, დილით კი უკვე განკურნებულ ავადმყოფთან ერთად გამოვიდა ოთახიდან.
აი, როგორ უნდა გვწამდეს, როგორ უნდა ვემსახუროთ მოყვასს. "სრულყოფილი სიყვარული ერთნაირად ჰყვარობს ყოველთა, კეთილთ - ვითარცა მეგობართა, უკეთურთ - ვითარცა მტერთა, რომელთაც სწყალობს, მომთმინე და მშვიდია შეურაცხყოფასა მათსა ზედა და ბოროტითა არა მიაგებს. ხოლო განიცდის და იტანჯება მათთვის და თუ მიზეზი რაიმე მივცეს, ჰყოფს მათ მახლობლად თვისა" (მაქსიმე აღმსარებელი).
ერთხელ იოანე კიბისაღმწერელთან მივიდნენ გლეხები და დაიწყეს ჩივილი, ძნელიაო სულის ცხონება, ოჯახური და ყოფითი საზრუნავი ბევრი გვაქვსო - იმართლებდნენ თავს. წმიდა მოღვაწემ მიუგო: "რაოდენცა შესძლებთ კეთილ საქმეთა ქმნას, ქმენით, ნუ იტყვით ძვირსა ძმისასა, ნუ იპარავთ, ნუ ცრუობთ, ნუ განდიდდებით, ნუ გძულთ ვინმე, საეკლესიო ღვთისმსახურებას ნუ მოსწყდებით, განიკითხეთ გლახაკი, ნუ ვის აცდუნებთ, დაიცევით სიწმიდე ოჯახისა... და თუ ყოველსა ამას ესევითარ ჰყოფთ, არა შორსა ხართ სასუფეველსა ცათასა" (იოანე კიბისაღმწერელი, კიბე, 1851, გვ.11).
ქრისტეს შობით თვით ღვთაებრივი სიყვარული გარდამოხდა ზეცით და აღიღო ცოდვანი სოფლისანი, რათა შეემსუბუქებინა ჩვენთვის ტვირთი იმ გზაზე, რომელსაც ღმერთთან და ადამიანთან მივყავართ. ბეთლემში იმ საკვირველ ღამეს აღსრულდა ღვთის სიტყვები; მე ვარ რომელი ვიქმ მშვიდობასა (ესაია 45,7).
ჰყოფდით ურთიერთას მშვიდობასა! - მოწაფეებისადმი მიმართული ამ სიტყვებით მაცხოვარმა ადამიანურ ურთიერთობათა დაურღვეველი კანონი დაგვიწესა. ამისკენვე მოგვიწოდებს პავლე მოციქული: მშჳდობაჲ იგი ღმრთისაჲ განმტკიცენინ გულთა შინა თქუენთა, რომლისა მიმართცა - იგი ჩინებულ ხართ (კოლასელთა 3,15).
განწმენდილ გულზე დაფუძნებული მშვიდობა დაუშრეტელი წყარო და ძალაა ადამიანის მიახლოებისათვის ღმერთთან და მოყვასთან, რის შედეგადაც თითოეული ჩვენგანის შინაგანი მშვიდობა საკაცობრიო მშვიდობად იქცევა. წმ. ესაიამ ხალხთა შორის ყოვლისმომცველი მშვიდობისა და ერთობის შესახებ იწინასწარმეტყველა, რომ დადგება ის ღვთივკურთხეული დრო, როცა ადამიანები დასჭრიან მახვილებსა მათსა სახნისად, და ლახვრებსა მათსა ნამგლად; და არა აღიღოს ნათესავმან ნათესავსა ზედა მახვილი, და არღა ისწავებდნენ მერმედ ბრძოლასა (ესაია 2,4).
შეკავშირებისა და ურთიერთგაგებისაკენ მოგვიწოდებს უფალი და მწამს, ასეთი დღე დადგება, რამეთუ თვით თავადი იგი ბრძანებს: ჴმისა ჩემისაი ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს (იოანე 10,16).
საყვარელნო შვილნო ჩემნო! გილოცავთ ქრისტეშობის დიად დღესასწაულს. დაე, ბეთლემში შობილმა მაცხოვარმა მოგვმადლოს ნანატრი მშვიდობა და თავისი ღვთაებრივი სიყვარულით გაგვითბოს გაციებული გულები. დაე, იყოს ეს ახალი წელი მშვიდობიანი და ღვთივკურთხეული თითოეული ჩვენგანისათვის, ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოსათვის!
ესევდ უფალსა და ყავ სიტკბოებაჲ, დაემკვიდრე ქუეყანასა და დაემწყსო სიმდიდრესა ზედა მისსა, იშუებდ უფლისა მიმართ და მან მოგცეს შენ თხოვაი გულისა შენისაი (ფსალმუნი 36,3-4). და იყავნ თქუენ თანა მადლი, წყალობაჲ და მშვიდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა მიერ იესუ ქრისტესა ძისა მისისა ჭეშმარიტებით და სიყუარულით (2 იოანე 1,3), ამინ!
ქრისტეს შობა,
თბილისი,
1983-1984 წწ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საშობაო ეპისტოლე - 2015
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო: ქართველებო, აფხაზებო, ოსებო, ბერძნებო, რუსებო, უდიებო, სომეხნო, აზერბაიჯანელნო..., ყოველნო შვილნო საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისა, სამშობლოში მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, გიხაროდეთ!
"მოხედნა ღმერთმა და ჰყო ხსნა, სიტყვაი იგი ხორციელ იქმნა
ერისა თვისისა" (ლკ. I,67). და დაემკვიდრა ჩუენ შორის" (ინ. I,14).
[]დამთავრდა ძველი აღთქმის ჟამი და აღსრულდა წინასწარმეტყველთა მიერ ნაუწყები: ბეთლემის გამოქვაბულში ხორცშესხმული მოგვევლინა საუკუნეთა უწინარესი ღმერთი,- ყრმა იესო. []ზეიმობს ცა და ქვეყანა, ხარობს ღვთისმშობელი, რადგან დღეს ნეტარების საუფლოდან განდევნილი ადამის მოდგმა განღმრთობას იწყებს და ჩვენი დაცემული ბუნება სამეუფო ღირსებით იმოსება. []წმიდა ქალწულმა მარიამმა, "ძველის თანანადების გამომსყიდველმან და მთელი ქმნილებისათვის ცხონების მშობელმან, გახსნა პირველ ევას მიერ შეკრული კვანძი და სამყაროს მარადიული სიცოცხლის სათავედ და ახალ დედად მოევლინა" (წმ. ირინეოს ლიონელი). სწორედ მისი სახით დაიწყო ქრისტიანული ერა რომელმაც მანამდე არნახულ სიმაღლეებს აზიარა ადამიანი.
ქრისტიანულ სწავლებაში სხვა დატვირთვა შეიძინა ოჯახურმა ურთიერთობამაც: "ცოლი როდია თავისი სხეულის უფალი, - არამედ ქმარი; არცა ქმარია თავისი სხეულის უფალი - არამედ ცოლი" (I კორინთ. 7.4), - გვასწავლის მოციქული და დასძენს:
"ვითარცა ეკლესია დამორჩილებულ არის ქრისტესა, ეგრეთცა ცოლნი-თვისთა ქმართა ყოვლითა. ქმართა გიყუარდეთ ცოლნი თვისნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაი და თავი თვისი მისცა მისთვის" (ეფ. 5.24-25).
[]ქმარი არის ოჯახის თავი, რადგან მას ღვთისგან დაკისრებული აქვს პასუხისმგებლობა, საჭიროებისამებრ ყოველთვის დაიცვას ცოლი და შვილები, იყოს ერთგული წინამძღოლი და მასაზრდოებელი; ქალსაც არანაკლები დანიშნულება აქვს. მისი მთავარი ფუნქციაა შვილთა ყოლა, მათი აღზრდა და ოჯახზე ზრუნვა, რაც მის საზოგადოებრივ აქტიურობას არ გამორიცხავს. როდესაც მეფე-დედოფალი ჯვარს იწერს, ისინი მღვდელთან ერთად სამჯერ გარშემო უვლიან ანალოღიას, რომელზეც სახარებაა დაბრძანებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მზად არიან მთელი ცხოვრება ერთმანეთს და ღმერთს დაუკავშირონ.
[]ქრისტიანული ოჯახი ეფუძნება მღვდელმოქმედებით მადლს, რაც ქორწინების საიდუმლოს გულისხმობს; აქ ხდება ეგოისტური "მე"-სგან სრული დაცლა, რადგან ერთი პიროვნება მთლიანად უძღვნის თავს მეორეს. ისინი სიყვარულით ერთიანდებიან ქრისტეში, რათა ერთად იზრუნონ ცხონებისათვის და მეუღლეობის საკვრელით დაკავშირებულნი წარდგნენ ყოველთა მეუფის წინაშე. []დიდი ბედნიერებაა ოჯახის შექმნა სიყვარულით, მაგრამ მთავარია ამ მადლის შენარჩუნება და გამრავლება.
როდესაც ადამიანი შეყვარებულია, იგი მისთვის სასურველ პიროვნებაში ხედავს ისეთ თვისებებს, რასაც შესაძლოა სხვები ვერ ამჩნევდნენ. ამ დროს ხდება მეორე ადამიანში დაფარული შინაგანი მშვენიერების აღმოჩენა.
[]"რა კარგი უნდა იყოს ერთი იმედით, მსახურებითა და რწმენით ორი გულის შეერთება, - წერს ტერტულიანე. ჭეშმარიტად, ისინი ორნი არიან ერთ სხეულად განმთლიანებულნი, ხოლო სადაც ერთი სხეულია, იქ ერთსულოვნებაა. ისინი ერთად ლოცულობენ, ერთად იდრეკენ მუხლს, ერთად მარხულობენ, ერთმანეთს ამხნევებენ. თანასწორნი არიან ღმერთის წინაშე. თანაბრად ინაწილებენ დევნასა და ნუგეშს, არაფერს უმალავენ და არც ამძიმებენ ერთმანეთს..., ხედავს რა მათ ერთობას, უფალი ხარობს, სახლს მშვიდობას მოჰფენს და მკვიდრობს მათთან ერთად". ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში შემდგომი ეტაპი არის შვილიერება. []ბავშვების დაბადება და მათზე მზრუნველობა სრულყოფის კიბეზე ამაღლების ახალი შესაძლებლობაა, რადგან მეუღლეთა ურთიერთსიყვარული, ამ შემთხვევაში, გრძნობის ხელახალ გადანაწილებას ითხოვს; ადამიანი კიდევ უფრო მეტად ემიჯნება ეგოისტურ "მე"-ს და კიდევ უფრო მეტად ფართოვდება მსახურების არეალი, რაც ღვთის სათნო ცხოვრებას განამტკიცებს.
როგორი სიფაქიზით გვწრთვნის უფალი! როგორ ნელ-ნელა და თანდათანობით ავყავართ მას უმაღლესი სიყვარულის საფეხურებზე, ყველა პირობას გვიქმნის, რომ ჩვენი დაცემული მდგომარეობისაგან გვიხსნას და მარადიული ნეტარებისთვის მოგვამზადოს.
ასეთი ოჯახი, ასეთი ერთობა ქალისა და კაცისა, სიმბოლურად "მცირე ეკლესიად" იწოდება, რომლის სიმტკიცეც დაურღვეველია. თუმცა ფაქტია, რომ ჩვენს ყოფაში უფრო ხშირად გვხვდება ისეთი ოჯახები სადაც უგულებელყოფილია პასუხისმგებლობა და მოვალეობები; ისინი მოკლებულნი არიან ღვთის მადლს და უსიხარულოდ ცხოვრობენ ან, საერთოდაც, ირღვევიან.
უნდა ითქვას ისიც, რომ დღეს ბევრი ადამიანის ცხოვრების წესი ოჯახური სიწმინდის წინააღმდეგ არის მიმართული. ბოლო პერიოდში კი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, რაც ქორწინებისთვის ახალგაზრდების მოუმზადებლობით არის განპირობებული.
განვიხილოთ რამდენიმე გარემოება:
1. ქორწინებაში მყოფთ ხშირად მხოლოდ გატაცება აკავშირებთ და თანაცხოვრების პირობებშიც ვერ აღწევენ იმ სიყვარულს, იმ ერთგულებასა და თავგანწირვას, რისთვისაც არიან მოწოდებულნი, ამიტომაც მალევე კარგავენ ერთმანეთისადმი ინტერესს და სცილდებიან. 2. ახლადშეუღლებულნი, მართალია, სიყვარულით ქმნიან ოჯახს, მაგრამ ვერ აცნობიერებენ, რას ნიშნავს მეუღლეობა, რამდენად დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ და რას მოითხოვს იგი თითოეული მათგანისგან; ისინი ადვილად კარგავენ იმ განწყობას, რაც ერთად მყოფობის პირველ პერიოდში ჰქონდათ; იწყება იმედგაცრუება, ერთმანეთში მრავალი ნაკლოვანების აღმოჩენა და დაუთმენლობა. გაღიზიანება იმ მდგომარეობამდეც მიდის, რომ ერთ დროს სანუკვარი ადამიანი, უკვე აუტანელი ხდება. 3. მეუღლეთაგან ერთი იჩენს ერთგულებასა და თავდადებულ სიყვარულს, მაგრამ მეორე ამ გრძნობებს სათანადოდ არ აფასებს და მხოლოდ თავისი ვიწრო ეგოისტური სურვილების ტყვეობაშია. საერთოდ, მეცნიერულ-ტექნიკურმა წინსვლამ და მატერიალისტურმა მსოფლმხედველობამ ადამიანში სხვისი ფლობის სურვილი და მომხმარებლური სული გააძლიერა. დღეს უკვე ამგვარი მიდგომა შეეხო ოჯახის წევრებსაც და ეგოისტური მიზნებით თვით მათი გამოყენების მცდელობები გააჩინა. ასეთი დამოკიდებულება ოჯახურ ყოფას გაუსაძლისს ხდის. 4. ხდება ისეც, რომ მშობლები ზოგჯერ უხეშად ერევიან წყვილის ცხოვრებაში. მათ უჭირთ შვილთან ერთგვარი განშორება და ძველებური ურთიერთობის შეცვლა; ისინი კრიტიკულად აღიქვამენ ახალ ვითარებას და გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ხელის შემწყობნი ხდებიან ოჯახის დანგრევისა. რა თქმა უნდა, მშობლების პატივისცემა და სიყვარული ბუნებრივიც არის და სავალდებულოც ყველასთვის; ასევე ბუნებრივია ახლობლების, მეგობრების, ნათესავების... სიყვარული, მაგრამ ცოლ-ქმრული ყოფა სრულიად განსხავებულია; ამისთვის ბრძანებს წმინდა წერილი: "მიატოვებს კაცი თავის მამას და თავის დედას და შეუერთდება თავის ცოლს, რათა იყვნენ ორნივე ერთ ხორც" (ეფ. 5.31). ეს საიდუმლო დიდია და მისი დარღვევა - აკრძალული. 5. ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ირღვევა ოჯახი არის ნარკომანია (ასევე ალკოჰოლიანი სასმელების ზედმეტად გამოყენება) და ბოროტი ძალების გავლენით ადამიანებზე ზემოქმედება. ორივე მდგომარეობაში პიროვნებას წართმეული აქვს თავისუფალი ნება, ოღონდ პირველ შემთხვევაში, ადამიანი ვერ უძლებს საცდურს და მასზე მიჯაჭვულობის გამო, ფაქტიურად, ნებაყოფლობით ამბობს უარს თავისუფალ ნებაზე, მეორე შემთხვევაში კი, გაუცნობიერებლად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ. არადა []თავისუფალი ნება ღვთისგან ჩვენთვის მონიჭებული დიდი საბოძვარია. უფალმა არ შეურაცხყო პიროვნების ღირსება, არ აქცია იგი მისი სურვილის უბრალო აღმსრულებლად, არამედ მისცა უფლება არჩევანისა.
ამიტომაც ეს ცოდვები ღვთის გმობად სახელიდება და მათგან განთავისუფლება მხოლოდ ლოცვით, მარხვით და ეკლესიური ცხოვრებით შეიძლება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოს, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. დღეს ისეთი ყოფა მკვიდრდება, რომელშიც ყველა ეძებს თავისას და არა იმას, რაც სათნოა ქრისტესთვის (ფილ. 2,4). სიცრუე იქცა დადებით მოვლენად, სხვაზე გადაბრალება, - ჩვეულებად, გულგრილობა, - წესად, უზნეობა და თავაშვებულობა, - მისაბაძად; ცილისწამება და ძალადობა, - ყოველდღიურ მოვლენად; ანუ ღვთის შიშის გარეშე მცხოვრებთათვის ცოდვითი ყოფა ნორმა ხდება. მათი რიცხვი კი ყველგან იზრდება.
აგრესია განსაკუთრებით დიდია ახალგაზრდებში და მამაკაცების გარკვეულ ნაწილში; განსაკუთრებით მათში, რომელნიც უსაქმოდ და უფუნქციოდ დარჩნენ და ოჯახის მარჩენალისა და მასზე მზრუნველის ფუნქცია დაკარგეს. ეს ტვირთი დაემატა ქალს, რამაც მისი მდგომარეობა, კიდევ უფრო დაამძიმა და ცოლსა და ქმარს შორის ფუნქციური ბალანსი სრულად დაარღვია. ეს კი იწვევს ორივე მხარის დაძაბულობასა და გაღიზიანებას. რაც, სამწუხაროდ, ზოგჯერ ქალების სიცოცხლის ხელყოფით მთავრდება.
მდგომარეობის ნაწილობრივი გამოსწორება სამუშაო ადგილების შექმნასა და ანაზღაურების გაუმჯობესებას შეუძლია. თუ ეს განხორციელდა, დიდად შეეწყობა ხელი ოჯახში სხვა სახის ძალადობის აღმოფხვრასაც და ცხოვრების, ასე თუ ისე, ნორმალურ კალაპოტში ჩადგომას.
ვფიქრობთ, ეს სერიოზულ გავლენას იქონიებს თვითმკვლელთა რიცხვის შემცირებაზეც. ადამიანები, განსაკუთრებით ურწმუნონი, თუნდაც, რომ ფიზიკურად ძლიერნი იყვნენ, კრიტიკულ სიტუაციებში უსუსურნი ხდებიან, რადგან მხოლოდ საკუთარ თავს ეყრდნობიან და რესურსი სიმტკიცისა მალე ეწურებათ.
[]ავადმყოფობით, უსახსრობით, უბინაობით, ვალებით... გამწარებულებს ჰგონიათ, რომ თავის მოკვლით პრობლემებისგან განთავისუფლდებიან; სინამდვილეში კი ამ ქმედებით ისინი მარადიული ტანჯვისა და სიკვდილის იმ კარს აღებენ, სადაც მათ ვეღარავინ უშველის (გამონაკლისს, სულით ავადმყოფები წარმოადგენენ).
[]ჩვენთვის ბოძებული მიწიერი ცხოვრებით უფალმა შესაძლებლობა მოგვცა მარადიულ ნეტარებაში დავმკვიდრდეთ. ვინც ამ შემოთავაზებაზე უარს ამბობს, საკუთარი თავის მიმართ განხორციელებული ძალადობის მსხვერპლი ხდება და თავისი ნებით ჯოჯოხეთის სკნელში აღმოჩნდება. ეს იმდენად დიდი დანაშაულია, რომ მათთვის ლოცვაც აკრძალულია. ღმერთმა ყველა დაიფაროს თვითმკვლელობისგან!
[]გასულ წელს მსჯელობის საგანი იყო ქალების მიმართ განხორციელებული ძალადობა; თუმცა, მხოლოდ ამ თემით შემოფარგვლა საკმარისი არ არის. სამწუხაროა, რომ არ იმართება დისკუსიები და არ იგმობა თუნდაც იგივე თვითმკვლელობა და სხვა უმძიმესი ცოდვები, არ იგმობა აბორტიც, რომელიც ძალადობის ყველაზე საშინელი და საზარელი სახეა. დედა, რომელმაც შვილის მკვლელობის ეს დანაშაული ჩაიდინა და ექიმებიც, არ შეიძლება არ გრძნობდნენ სინდისის ქენჯნას; არ შეიძლება არ გრძნობდნენ დაღვრილი უმანკო სისხლის ძახილს. ამ დანაშაულის გამოსყიდვა მხოლოდ გულმხურვალე სინანულითა და ქველი საქმეებით შეიძლება და კიდევ იმით, რომ ეს ადამიანები გახდნენ ერთგვარი მქადაგებელნი და დაარწმუნონ თავისი ახლობლები და ნაცნობები, რომ მათ მაინც მსგავსი რამ არ ჩაიდინონ და ამით სხვა ჩვილების სიცოცხლე გადაარჩინონ.
საერთოდაც, ყველა უნდა ვეცადოთ, სიტყვით მაინც დავეხმაროთ ერთმანეთს, მივცეთ იმედი მრავალი პრობლემით დამძიმებულ ჩვენს შვილებს, დებსა და ძმებს და ხსნის რაიმე გზა შევთავაზოთ. ამდენი ტანჯვისა და ტკივლის, თავსმოხვეული "ახალი აზროვნებისა"" და ყოველდღიური მოულოდნელობების ფონზე ოჯახები საქართველოში მაინც დგას ზნეობის სადარაჯოზე; ეს სასწაულია, რაც, პირველ რიგში, ქართველი ქალის, - დედის დამსახურებაა. []ქალის როლი ყოველთვის განსაკუთრებული იყო და არის ჩვენს ისტორიაში. წმინდა ილია მართალი წერს:
"ქართველებისთვის "დედა" მარტო მშობელი არ არის, ქართველი ღვიძლ ენასაც "დედა-ენას" ეძახის, უფროს ქალაქს, - "დედა-ქალაქს," - მკვიდრ და დიდ ბოძს სახლისას, - "დედა-ბოძს," უდიდესსა და უმაგრეს ბურჯს, "დედა-ბურჯს," სამთავრო აზრს, - "დედა-აზრს," გუთნის განმგებელ მამაკაცს კი - "გუთნის-დედას". რამდენად განდიდებულია მნიშვნელობა დედისა!"
ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა მას შემდეგ, რაც საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი გახდა. []ღვთის საიდუმლო განგებულებით, კვართი უფლისა საქართველოში ჩამობრძანდა და მცხეთაში დაიფლა. მისი აქ დაკრძალვა არ ნიშნავს მხოლოდ ამ ლოკალური ადგილის მონიშვნას; სასწაულთმოქმედი უკერველი კვართი მაცხოვრისა მთელმა საქართველომ შეიმოსა, ხოლო ყოვლადწმინდა მარიამს, ამავე საიდუმლო განგებულებით, ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული მფარველობა დაევალა. ჩვენი მეოხია იგი, რომელიც დამხსნელია ადამის წყევისა, აღმასრულებელი ევას თანანადებისა, წმინდა შესაწირია აბელისა, სამკაულია სეითისა, სათნოყოფაა ენუქისა, კიდობანია პირმეტყველი ნოესი, დიდებაა მელქისედეკის მეფობისა და მღვდელობისა, რომელიც სიმტკიცეა აბრაამის სარწმუნოებისა, ზეცად მიწევნული კიბეა იაკობისი, ღვთივწერილი წიგნია მოსესი, კვერთხია იგი განედლებული და აღყვავებული აარონისი, ძლევაი ისუ ნავესი, გზაა მშვენიერი ელიას ამაღლებისა, მრჩობლი კურთხევაა ელისეს ხალენისა, წინასწარმეტყველთა ქადაგებაა და სიტყვათა მათთა აღსრულება. აი, ამ საოცარი ქალწულის მიერ ჩვენს განსანათლებლად და გადასარჩენად წარმოგზავნილი ანდრია მოციქულის, წმინდა ნინოსა და სხვა წმინდანთა მადლით საქართველომ, ხალხის დიდი მსხვერპლშეწირვისა და ძალისხმევის ფასად, საუკუნეთა მანძილზე გაუძლო ყოველი მხრიდან შემოსეულ მომხდურს; დღეს კი კიდევ უფრო დიდი გამოცდის წინაშე ვდგავართ. ყველამ, - ერმაც და ბერმაც, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო, საკუთარი ოჯახიცა და თავიც, პირველ რიგში, ჩვენი ცხოვრება უნდა გამოვასწოროთ; ჩვენში და ჩვენს შორის დაბუდებული ცოდვა და მისი შედეგი, - სიკვდილი უნდა დავძლიოთ და სიკეთისა და სიცოცხლის გამარჯვება ვიზეიმოთ.
მაცხოვრის შობის ამ ბრწყინვალე დღეს ზეცა ივსება ანგელოზთა საგალობლით: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება". ბეთლემელი მწყემსებიც და ქალდეველნი მოგვნიც კვლავ მიიჩქარიან, რათა თაყვანი სცენ ყრმა იესოს და ყოვლადწმნიდა ქალწულს.
ჩვენც მოვიყაროთ მუხლნი გულისა ჩვენისანი წინაშე უფლისა და დედაღვთისმშობელს შევთხოვოთ, განგვიღოს მოწყალებისა კარი, რათა მადლით აღავსოს ყოველნი მორჩილებით მისგან წყალობის მომლოდინენი.
მაშ, განვიწმინდოთ სული, გონება და გული, ჩვენი ზრახვა და გრძნობები, ვაპატიოთ და შევურიგდეთ ერთმანეთს, რათა ღირს ვიქმნეთ, მივეგებოთ ბეთლემში შობილ მაცხოვარს და ცოდვებისაგან განთავისუფლებულებმა, აღმოვსთქვათ: ემმანუელ, - ჩვენთან არს ღმერთი! ღმერთს ებარებოდეთ. იხარეთ ორსავე სოფელსა შინა.
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
თბილისი, შობა ქრისტესი,
2014-2015 წელი