ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები


გამონათქვამთა კრებული მორჩილების შესახებ

1. რა დიდებულია იესო ქრისტეს მაგალითი! მამისადმი მორჩილებას იგი ჯვრისა და სიკვდილისკენ მიჰყავს. განა მამის თანაარსს შეწინააღმდეგება არ შეეძლო? მაგრამ არა, წმინდა გოლგოთისკენ მიაბიჯებს, ოფლს ღვრის და გზაზე ნების მოკვეთის სიმძიმისგან ტკივილით ჩაიმუხლავს. მაგრამ უნდა ავიდეს. მაღლა ადის, დიდებულ, დემონებისთვის შემაძრწუნებელ ჯვარზე მაღლდება და იქ, ზემოთ, სრულ, უკიდურეს მორჩილებას ავლენს და საუკუნო დიდების უჭკნობ გვირგვინს იდგამს.
სულის აღდგომა ასე მოიპოვება და არა ხან მორჩილებით, ხან კი ურჩობით და თვითნებობით. გვირგვინი ამგვარი ქცევით კი არა, სურვილის მსხვერპლად შეწირვით მოგვენიჭება. ყველა დაბრკოლება უნდა გადავლახოთ მტკიცე გულისსიტყვით, რომ მორჩილების მოვალეობის ღალატს სიკვდილი გვირჩევნია.

2. ქრისტეს მორჩილებით მარადიული ცხოვრება მოგვეცა, ადამის ურჩობით კი ჯოჯოხეთის უფსკრულში ჩავცვივდით. ჭეშმარიტად, მორჩილების გზა გოლგოთისკენ მიდის და მაღლდება. ეს გზა შრომას მოითხოვს, ოფლს დავღვრით და დავიღლებით, მაგრამ ვიფიქროთ, რომ აღდგომის შემდეგ სულის სიწმინდესა და ძეობას მოვიპოვებთ, ამ სიმდიდრით ტკბობა კი მიწიერ სიამეზე არ გაიცვლება. განა ამქვეყნიურზე ვლაპარაკობ? მთელი ქვეყნის ფასადაც კი ვერავინ შეიძენს სულიერი სიხარულის თუნდაც ერთ მისხალს იმ სულისგან, ვინც ჯერ გოლგოთაზე ავიდა და შემდეგ თავისი აღდგომა იხილა.

3. იესო ქრისტემ მოწაფეებს უთხრა: „რომელმან თქუენი ისმინოს, ჩემი ისმინა, და რომელმან თქუენ შეურაცხ-გყუვნეს, მე შეურაცხ-მყოფს; და რომელმან მე შეურაცხ-მყოს, შეურაცხჰყოფს მომავლინებელსა ჩემსა“ (ლუკ. 10, 16). ამრიგად, მღვდელმთავრები, მღვდლები, იღუმენები და მცირე კრებულთა მოძღვრები მოციქულთა მემკვიდრეები არიან. ვინც მათ ემორჩილება, იესო ქრისტეს ემორჩილება, ხოლო ვინც ეურჩება, ქრისტეს უარყოფს.
ვინაიდან იესო ქრისტეს მორჩილება გვსურს, მოძღვრის მორჩილების აღსრულება გვმართებს. ისე კი არა, რაც ხელსაყრელია, შევასრულოთ და რაც არ გვსურს, ვიურჩოთ. გეთსამანიის ბაღში იესო ქრისტემ ზეციერი მამისგან ითხოვა, ადამიანები სხვა გზით გამოხსნილიყვნენ, მაგრამ ზეციერმა მამამ ჯვრით გამოხსნა დაადგინა და მაშინ იესომ მიუგო: „არა ჩემი, არამედ შენი ნება იყოს, მამაო“ და „იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაითა“ (ფილიპ. 2, 8).

4. ღვთისმეტყველება ლოცვის შედეგია, ეს უკანასკნელი კი – სრული მორჩილებისა. რა თვისება და ნიჭიც არ უნდა ჰქონდეს მონაზონს, მორჩილების გარეშე მალე დაეკარგება. ნამდვილი მორჩილი სულიწმიდის ყველა ნიჭის მრავალ ნაყოფს გამოიღებს და მდიდარია აწ და უკუნისამდე.

5. ღვთის მადლმა რომ მოგვიხილოს, საჭიროა სწავლებას სრულად ვემორჩილებოდეთ. მოძღვრის ნებას საკუთარს ნუ დავურთავთ, რადგან ეს სულიერი მრუშობაა. მორჩილება დიდი გულწრფელობით უნდა მოვიმუშაკოთ, სხვაგვარად რაიმე წარმატებას მონაზვნურ გზაზე ვერ მივაღწევთ.
სიმდაბლე ის სათნოებაა, რომელიც ქრისტეს მიმბაძველი მორჩილების სრულად განხორციელებას სასწაულებრივად შეეწევა. და პირიქით, ეგოიზმი და ამპარტავნება მის მოპოვებას ეწინააღმდეგება.

6. მორჩილი მოვალეა, საკუთარ თავს მსხვერპლად სწირავდეს, თავისი მოძღვარი კი ძალიან უყვარდეს, რადგან ეს ერთობა მის სულს ბრძოლაში გააძლიერებს.
ვისაც მოძღვარი უყვარს და ემორჩილება, მას მოძღვრის ლოცვა-კურთხევა სულიერი ნაყოფის გარეშე არ დატოვებს. ის აუცილებლად ცხონდება და ღვთის უბრწყინვალეს საყდარს მიეახლება. ვინც მოძღვარს ამწარებს, ის მოგვიანებით საკუთარი სულის ნანგრევებზე იტირებს.

7. საშინელი და შემზარავია, როცა მოძღვარს აიძულებ, გააკეთოს ის, რაც მის სულს არ სურს, მაგრამ გსურს შენ. საშინელებაა. ეს მხოლოდ მან იცის, ვისაც პირადად გამოუცდია.
შენი სულიერი მამა და მოძღვარი ამქვეყნად ყველა ადამიანზე, მთელ მსოფლიოზე უფრო ძვირფასია!
ეშმაკმა ყველაზე უკეთ იცის, რას ნიშნავს მოძღვარი და მისი სრული მორჩილება.

8. არასოდეს გამოიკვლიო, რას აკეთებს მოძღვარი ან რატომ აკეთებს ამას თუ იმას. ნუ განიკითხავ მას, რადგან ამ დროს ანტიქრისტე ხდები! ცხოვრებაში არასოდეს მოითმინო, რომ შენი მოძღვარი ვინმემ შენ წინაშე განიკითხოს, უმალ შეეწინაღმდეგე, დაიფარე, დაიცავი იგი.
მოძღვრის „წინდაუხედაობას“ ქრისტე განუკითხველი და უზაკველი მორჩილების წყალობით გაასწორებს.

9. სატანისთვის უდიდესი წარმატებაა, თუკი შეძლებს მორჩილი დაარწმუნოს, რომ გულისსიტყვები დამალოს, მოძღვრის კურთხევის გარეშე რაიმე გააკეთოს, სულიერი მამის წინაშე ყველაფერი გულწრფელად არ აღიაროს. ასეთი მორჩილი საფუძვლად კეთილ საწყისს ვერასოდეს დადებს და ღვთის მადლის მიღებაში წარმატებას ვერასოდეს მიაღწევს, არამედ იჩანჩალებს, სანამ მისი სიცოცხლის საბრალო აღსასრულის ჟამი დადგება.

10. მორჩილებას მაშინ აქვს ფასი, როცა ნების მოკვეთა ტკივილითა და შრომით ხდება. რადგან ვნებიანი ჩვევები ეკლიან ფესვებს ჰგავს. მას, ვინც მათ ამოძირკვას მოისურვებს, ბუნებრივია, ეტკინება, ეკლებისგან ხელები დაეკაწრება და დაუსისხლიანდება. ასევე ხდება, როცა ცუდ ჩვევებს სულიერი მამის მორჩილების გამო აღმოვფხვრით.

11. მოძღვარს ან ძმას – მონაზონს ნუ აწყენინებ, რადგან ასეთ დროს სულის სიმშვიდეს მეყსეულად კარგავ, იესოს ლოცვას წყვეტ და გულისსიტყვებით ივსები. კურნება აღსარებაა, ცხარე ცრემლები და შენდობის გულწრფელად თხოვნა.
ფრთხილად იყავი! თუ მოძღვარზე რაიმე ბოროტი გულისსიტყვა გაქვს, გაფრთხილდი, რადგან ეშმაკი შეგმუსრავს და იოლად გაცდუნებს. გულისსიტყვები გამოასწორე, რომ მოძღვართან მიმართებაში არაფერი გაწუხებდეს.

12. ვაი, რომ დაწყევლილია, რასაც მორჩილი მოძღვრის კურთხევის გარეშე აკეთებს. ის ეშმაკს მიაქვს. ასე რომ, ჩვენ, მონაზვნებს, მხოლოდ მორჩილება გადაგვარჩენს.

13. მორჩილების აღმასრულებელი სიმშვიდის ნაყოფს გამოიღებს. მოძღვარი მის ნებას მოკვეთს, საყვედურს ეტყვის, მიუთითებს და როცა მორჩილი ყველაფერს მორჩილებით შეასრულებს, ძვირფას სიმშვიდეს მიიღებს. ერთი სიტყვით, კარგი მორჩილი, რომელიც მორჩილებას განუსჯელად აღასრულებს, ყველა სათნოებას მოიპოვებს. მაგრამ ვინც მოძღვარს ეპასუხება, ეკამათება, ეურჩება, ამპარტავნებს, ის საკუთარ სულს ძალიან აზიანებს, რადგან ღმერთს ამწუხრებს. უფალი დამდაბლდა, ეს კი – მიწიერი, საწყალობელი ადამიანი – თავს იმაღლებს.

14. სრული მორჩილი საზვერეებს არ გაივლის! მას არ ეშინია არც სიკვდილის, არც დემონების და არც ღმერთის, რადგან გულმხურვალედ ემსახურება მას. ნამდვილ მორჩილს მხოლოდ თავისი მოძღვრისადმი ურჩობა აშინებს, რადგან სულიერი მამა მისთვის ხილული ქრისტეა, მოძღვრის ურჩობა უმალვე გამოაძევებს მას სულიწმიდის მადლის სამოთხიდან, სადაც ანგელოზთასწორი მორჩილის მდაბალი სული უაღრესად ტკბება. სრული მორჩილი ღმერთკაცი ქრისტეს ჭეშმარიტი სახეა.

15. მორჩილი, რომელიც მოძღვარს ქრისტეს გამო ემორჩილება, ქრისტეს ყველა მცნების აღმასრულებელია. უდრტვინველი და განუსჯელი სრული მორჩილება ყველა საუფლო მცნების შესრულების მრავალგვარ ღვაწლს უტოლდება.
მას, ვინც მორჩილებას ღვთის სიყვარულისთვის აღასრულებს, ღმერთი შეიყვარებს. კარგ მორჩილში თვით წმინდა სამება დამკვიდრდება. ოჰ, რა დიდებულებაა დაფარული ამ სამგზის კურთხეულ მორჩილებაში! იგი მდაბალ, უმნიშვნელო, პატარა, შეუმჩნეველ მორჩილს წმინდა სამების სამკვიდრებლად, ქრისტეს ყველა მცნების აღმასრულებლად აქცევს, სამოთხეში შეჰყავს და ორმაგი გვირგვინითა და ღვთაებრივი ყელსაბამით შემკულს წმინდანთა შორის დაამკვიდრებს.

16. რა საოცარ თავისუფლებას გვანიჭებს საკუთარი ნების სრული მოკვეთა! როგორ სულიერ განსვენებას პოვებს მებრძოლი, მოსაგრე მორჩილი, რომელსაც საკუთარი ნება არ აქვს და მხოლოდ თავისი მოძღვრის ნებას აღასრულებს! ის ნეტარი სულიერი კეთილდღეობით, სიხარულით და სასოებით აღსავსე ცხოვრობს. მშვიდი და საოცარია მისი ცხოვრება, ვინაიდან იცის, რომ როგორც განუსვენებს მოძღვარს, მისი ლოცვით ისეთივე განსვენებას მიიღებს სამოთხეში.
ნეტარი და სამგზის ნეტარია ის მორჩილი, რომელმაც ყველაფერში მოიკვეთა საკუთარი განმხრწნელი ნება და ყველაფერს ინანიებს თავისი სულიერი მამის წინაშე. ის, ამ ცხოვრებაშივე სულიერად გაჯანსაღებული, ღვთის საშინელი საყდრის წინაშე გაბრწყინდება, როგორც ანგელოზი ანგელოზთა შორის.

17. მაშ, გიხაროდეს, მოასპარეზე მორჩილო, იმ დიდი მორჩილის მიმბაძველო, რომელიც იქმნა მორჩილ „ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაითა. ამისთვისცა იგი ღმერთმან უმეტესად აღამაღლა და მიანიჭა მას სახელი უზესთაესი უფროის ყოველთა სახელთასა" (ფილიპ. 2, 8-9), ხოლო შენ შენს ვნებებზე აგამაღლებს და უვნებობასა და თავის სიყვარულს მოგანიჭებს. მაშ, ქრისტესთვის საკუთარი ნების უარყოფით იბრძოლე და იმ ადამიანის დარიგებები შეასრულე, რომელმაც უფლისმიერ გიტვირთა მაშინ, როცა ღმერთს სიკვდილამდე სრული მორჩილება აღუთქვი.
ჰოი, მორჩილებავ, ყოველი მორწმუნის მხსნელო! ჰოი, მორჩილებავ, ყოველი სათნოების მშობელო! ჰოი, მორჩილებავ, ცათა განმღებელო და ადამიანთა მიწიდან ზეცად აღმყვანებელო! ჰოი, მორჩილებავ, ყოველთა წმინდათა საკვებო, რომლით მსაზრდოებელნიც სრულ იქმნენ! ჰოი, მორჩილებავ, ანგელოზთა თანამკვიდრო!
რა დიდებულია იესო ქრისტეს მაგალითი! მამისადმი


სიტყვა მესამე მორჩილების შესახებ

წმინდა მამებმა მადლის მაღალ საფეხურს სიმდაბლით მიაღწიეს. განა მორჩილი ასეთ წარმატებას ვერ მოიპოვებს? რა თქმა უნდა, თუკი მდუმარებასა და უზრუნველობას დაიმარხავს და სულიერ მოვალეობებს შეასრულებს; თუკი საკუთარ თავს სისტემატურად გამოიძიებს და შეაფასებს, წარმატებას აუცილებლად მიაღწევს.
მამა იოსებთან ყოფნისას ჩვენც მორჩილები ვიყავით და ვასრულებდით მორჩილების საქმეს, ყოველდღიურად ვშრომობდით. საუფლო ლაშქრობაში გამოცდილი მეგზურის – ჩვენი სულიერი მამის წინამძღოლობით და იმ წესის დაცვით, რომელიც გვქონდა, ზოგიერთმა მამამ შეძლო და შეიცნო ის, რაც ღირსმა მამებმა გადმოგვცეს, როგორც წმინდა საუნჯე.
მოვერიდოთ ფუჭად საუბარს. ყოველდღე მოუკლებლად შევასრულოთ ჩვენი ლოცვის კანონი. ეკლესიაში ლოცვას ნუ დავაკლდებით: მოვისმინოთ ცისკარი, წირვა, მწუხრი. ტრაპეზზეც ერთად ვიყოთ. წესრიგი ყველაფერში დავიცვათ, რადგან სადაც წესია, იქ მშვიდობაა, ხოლო სადაც მშვიდობაა, იქ ღმერთია. წესის გარეშე კი შფოთია და სადაც შფოთია, იქ არის ეშმაკი. „ყოველივე შუენიერად და წესიერად იქმნებოდენ“ (1 კორ. 14, 40), – ამბობს წმინდა პავლე მოციქული.
როგორც მორჩილებს შეეფერებათ, მორჩილება ისე შევასრულოთ. ჩვენი ნებით ნუ ვიმოქმედებთ. თვითნებობამ პირველქმნილ ადამიანებს სამოთხე დააკარგვინა, მაგრამ ქრისტემ საკუთარი ნების მამისადმი დამორჩილებით ისინი სამოთხეში დააბრუნა. ამგვარად, მორჩილებამ გამარჯვება იზეიმა.
ლუციფერი ღმერთს ეურჩა, უფალს ამპარტავნულად თავი გაუტოლა, ღვთისგან განშორებული ეშმაკად იქცა და გვებრძვის. უხოროცო ძალთა სხვა დასები ერთგულად დარჩნენ უფლის მორჩილებაში და ღვთის დიდებაში იმყოფებიან. ანგელოზები, რომლებიც ბუნებით ცვალებადნი იყვნენ, მადლის წყალობით, შეუცდომლებად იქცნენ, ლუციფერისა და ადამიანის დაცემით მათ ბევრი რამ გაიგეს. ამიტომ ახლა ურყევნი არიან ღვთის მორჩილებაში.
რა ბოროტია ადამიანის ნება! იგი ეგოიზმს, ამპარტავნებას, თავისმოყვარებასა და სხვა მრავალ ვნებას მალავს. ამიტომ მორჩილი, რომელიც საკუთარი ნებისგან თავისუფალია, ვნებებისგანაც თავისუფალია.
იესო ქრისტე დაემორჩილა ზეციერ მამას ჯვარზე სიკვდილამდე (ფილიპ. 2, 8), ესე იგი საკუთარი ნების სრულ მოკვდინებამდე.
ქრისტეს, როგორც ადამიანს, მორჩილება რომ არ აღესრულებინა და საკუთარი ნება არ მოეკვეთა, ადამიანი ვერ ცხონდებოდა! ასევე ვერ ცხონდება ის, ვინც თვითნებობს და რაც უნდა, იმას აკეთებს.
რას ნიშნავს საკუთარი ნების უარყოფა? როცა საკუთარ ნებას უარვყოფ, უკუვაგდებ, განვეშორები და აღარაფერი მაკავშირებს მასთან.
ვნებებისგან მხოლოდ მაშინ გათავისუფლდება მორჩილი, როცა ამ საზომს მიაღწევს, როცა საკუთარ ნებას ამ გზით მოიკვეთს. რაც უფრო მეტად დაუტევებს თვითნებობას, მით მეტად შეიგრძნობს ვნებებისგან გათავისუფლებას.
თუ მორჩილს ცხოვრების წესად აქვს, თქვას – „შემინდე“ და „როგორც მაკურთხებ", იგი ზეციურ სამყოფელში უჭკნობი გვირგვინით შეიმკობა.
სადაც მორჩილი საკუთარ ნებას ასრულებს, იქ შხამს ასხამს და იწამლება.
შეცდომით მიცემულ ბრძანებასაც რომ ასრულებდეს, ღმერთი მას მორჩილებისთვის აკურთხებს.
ერთ მორჩილს ისეთი განუსჯელი მორჩილება ჰქონდა, რომ როცა მოძღვარი ეუბნებოდა, ძმების სენაკებიდან სხვადასხვა ნივთს იპარავდა და მოძღვართან მიჰქონდა! ის კი მოპარულს პატრონებს უბრუნებდა. მორჩილი არასოდეს განუცდია გულისსიტყვას: „რატომ იქცევა ასე ჩემი მოძღვარი? მაქეზებს? ქურდობას მასწავლის? მერე ქურდობა ჩვევად რომ მექცეს?“ ის ფიქრობდა და ამბობდა: „მე ვმორჩილებ. რა ჰქვია იმას, რასაც ვაკეთებ, არ ვიცი. ერთი ვიცი – ვემორჩილები“.
ერთი ადამიანი მოვიდა ბერთან, რომელსაც ძმობა ჰყავდა და მის მორჩილებაში დაიწყო შრომა. ბერმა ახალმოსულს უთხრა: „რადგან ჩემს კრებულში გსურს ცხოვრება, გიბრძანებ, ერთი სიტყვაც აღარ თქვა, ამიერიდან ქრისტესთვის დამუნჯდი!“ – მან უპასუხა: „როგორც მაკურთხებ“.
გარკვეული დროის შემდეგ ბერმა დაინახა, რომ მორჩილისთვის ამ ძმობაში ცხოვრება უსარგებლო იყო. ერთ დღესაც უთხრა მას: „სხვა მოძღვართან, სხვა მონასტერში გგზავნი“; პატარა წერილი მისცა და დაამატა: „ამა და ამ მონასტერში მიდი, ეს იღუმენს გადაეცი და იქ დარჩი“.
იღუმენმა სარეკომენდაციო წერილი მიიღო. იქ ეწერა: „მამაო, გთხოვთ, ეს ძმა მიიღოთ. კარგი მონაზონია და ა. შ.“ იღუმენმა ის მონასტერში დატოვა.
გავიდა ხანი და ეს მონაზონი გარდაიცვალა. მას მდუმარება არ დაურღვევია. მისი სიკვდილის შემდეგ მეორე მოძღვარმა პირველს მისწერა: „მართალია, მუნჯი ძმა გამომიგზავნე, მაგრამ ნამდვილი ანგელოზი იყო!“
მაშინ პირველმა უპასუხა: „ბუნებით მუნჯი არ ყოფილა, ის კურთხევას ასრულებდა და ამიტომ დარჩა მდუმარე!“ გააოცა მეორე მოძღვარი ამ ძმის სიმტკიცემ, ასე კარგად და სამაგალითოდ რომ დაიცვა მოძღვრის კურთხევა.
მინდა ვთქვა, რომ საკუთარი ნების სრული უარყოფა სიწმინდეა.
ხშირად ვფიქრობ და ვამბობ: როგორ პატივს მიაგებს პირველი მორჩილი – იესო ქრისტე – სრულ მორჩილს. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი და მახარებელი გამოცხადებაში წერს: განა შესაძლებელია, რომ ქრისტემ სრულყოფილ მორჩილებს არ უხმოს თავისთან, თავის კრებულში, სადაც ისინი საუკუნოდ მისი სახის ჭვრეტაში იქნებიან? ჩვენ, დღევანდელი მონაზვნები, საკუთარ ნებას მყარად ვართ ჩაბღაუჭებულები, რის გამოც სულიერ ცხოვრებაში წინსვლას ვერ ვაღწევთ. კი არ ვამბობთ „შემინდე“ და „როგორც მაკურთხებ“, არამედ: „ეს არა“, „ის ასეა“ და ა. შ. ასე ვიწამლავთ საკუთარ თავსა და ცხოვრებას. ამიტომაც არ გვაქვს ის წარმატება, რომელიც კარგ მონაზვნებს უნდა ჰქონდეთ.
წიგნებში, მამათა ცხოვრებებში წმინდა მორჩილების ამბებიც გვხვდება.
აი, ნახე: იღუმენმა მის მორჩილებაში მყოფი მონაზვნის სენაკში ხარი შეიყვანა. წლების მანძილზე ხარი იქ ყველაფერს აფუჭებდა – ძაფებს, დაზგას. ცხადია, პირუტყვი რას აღარ იზამდა. მონაზონს ხომ მოსვენება არ ექნებოდა! მიუხედავად ამისა, ბოროტი გულისსიტყვა მას არასოდეს ჰქონია. აბბა პაფნუტის ეუბნებოდა: „აბბა, ჩემს წინამძღვარზე ბოროტი გულისსიტყვა გულში არასოდეს გამივლია, არ მიკითხავს, თუ რატომ შემომიყვანა სენაკში ხარი. არამედ ვფიქრობდი, რადგან შემოიყვანა, მან იცის და მორჩა“.
საკუთარი გულისსიტყვა არ ჰქონია, მოძღვრის გულისსიტყვა იყო მისი.
ამიტომ ვამბობთ: თუ სულიერი მორჩილება არ გვაქვს, ესე იგი არაფრისთვის მიგვიღწევია. როცა არ გვსურს ის, რაც სურს წინამძღვარს, არსებითად მორჩილები არ ვართ, სულიერი მორჩილება არ გვაქვს; საქმე მორჩილებითაც რომ აღვასრულოთ, მხოლოდ ხორცის მქონე უსულო ადამიანივით ვიქნებით. შესაძლებელია კი ადამიანად ჩაითვალოს ის, ვისაც მხოლოდ სხეული აქვს?! ლოგიკისთვის ეს მიუღებელია.
ზუსტად ასევეა მიუღებელი სულიერი ლოგიკისთვის, მორჩილი ეწოდოს მას, ვისი მორჩილებაც მხოლოდ საქმეში გამოიხატება. უპირველეს ყოვლისა, მას სული, სულიერი მორჩილება უნდა ჰქონდეს. უნდა ამბობდეს: „რაც სწამს, რასაც განიზრახავს, ფიქრობს, მიიჩნევს და გადაწყვეტს წინამძღვარი, მეც ის მწამს, იმას ვფიქრობ, მივიჩნევ და გადავწყვეტ".
წმინდა სვიმეონ ახალმა ღვთისმეტყველმა ზეგარდამო კურთხევა მხოლოდ მორჩილების გამო მიიღო. მისი მაგალითი ძალზე ძლიერი და თვალსაჩინოა.
წმინდა პაისის ერთი მორჩილი ჰყავდა. ერთ დღეს უთხრა: „შვილო, მიდი, წყალი იმ თასიდან დალიე“. მორჩილს გულისსიტყვამ უთხრა: „იმის ნაცვლად, რომ მოძღვარს ეთქვა, წყალი დოქიდან ან წყაროდან დამელია, როცა მორჩილების საქმიდან დაღლილი, ოფლში გაწურული დავბრუნდი, მეუბნება, თასიდან ნაბანი წყალი დალიეო!“ თავის გულისსიტყვას დაუჯერა და დიდ ბედნიერებას მოაკლდა!
შემდეგ იფიქრა: „ხომ არ დამელია?" მაგრამ წყალი ვეღარ იპოვა. მაშინ აბბა პაისიმ უთხრა: „საცოდავო, იცი, რა წყალი იყო? ქრისტეს ფეხის ნაბანი!"
ამის შემდეგ მორჩილს მწუხარების სული დაეუფლა. აბბა პაისი მის ნუგეშინისცემას ცდილობდა, მაგრამ სადღა იყო ნუგეში! იქამდე მივიდა, რომ სიმშვიდე სრულიად დაკარგა. როცა აბბამ დაინახა, რომ მორჩილს დამშვიდება და მოძღვრის გვერდით ცხოვრება აღარ შეეძლო, უთხრა: „ამა და ამ ადგილას წადი. იქ სამ საფლავს ნახავ. ერთერთ მათგანთან (მიუთითა, რომელთან) ილოცე და მოისმინე, რას გეტყვის...“ ასეც მოხდა. მოესმა ხმა: „დაბრუნდი შენს მოძღვართან და მორჩილება აღასრულე".
მაგრამ მისი სულის ხომალდი უკვე ჩაძირული იყო. მისი სულის სამყოფელს ისეთი ნაპრალები გასჩენოდა, რომ შეკეთება შეუძლებელი იყო. ამიტომ სიცოცხლის ბოლომდე აბბა პაისის გვერდით მყოფმა თავისი მორჩილება ორჭოფობასა და მერყეობაში გაატარა.
საკუთარ ნებაზე გამარჯვებულმა სვიმეონ ახალმა ღვთისმეტყველმა სრული მორჩილებისთვის ზეგარდამო ღვთისმეტყველება მიიღო; სხვა კი, საკუთარი ნების შესრულების გამო მორჩილებისა და მადლის გარეშე დარჩა.
ეს, რა თქმა უნდა, მცირეოდენი მაგალითებია, რადგან დიდი მამების – საუკეთესო მორჩილების საქმეთა აღწერას ტომები დასჭირდებოდა.
ეს მაგალითები სარკესავითაა. მათში შეგვიძლია დავინახოთ საკუთარი თავი, დავინახოთ, თუ როგორები ვართ...
ღმერთი შეგვეწიოს, რომ გონს მოვეგოთ და საკუთარი თავი დავინახოთ – რამდენად უარვყავით ჩვენი ნება. დაე, ვიბრძოლოთ, რომ ამ საწამლავისგან გავთავისუფლდეთ, ვიცხოვროთ ღვთისთვის სათნოდ, როგორც ღმერთს ნებავს და როგორც მონაზვნური მოქალაქეობა მოითხოვს ჩვენგან.
წმინდა მამებმა მადლის მაღალ საფეხურს


ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი (1 პეტ. 5, 5)

საიდან წარმოსდგება ამპარტავნობა და ვინ არის ამპარტავანი კაცი? როდესაც ვინმე თავის თავზე იმაზე მეტს იფიქრებს, რაც არის, როდესაც რაც აქვს, ჩასთვლის ნაყოფად მხოლოდ თავისი შრომისა, მეცადინეობისა, გამჭრიახობისა და მოხერხებისა, როდესაც დაავიწყდება, რომ "ყოველივე მოცემა კეთილი და ყოველი ნიჭი სრული ზეგარდამო არს შთამომავალი მამისაგან ნათლისა", მას ამპარტავნობა დაებადება გულში. "დასაბამი ამპარტავნობისა კაცისა განშორება უფლისაგან, რამეთუ დამბადებლისაგან მან განიშორა გული მისი" (ზირაქ. 10, 14).
ამ სენით შეპყრობილი კაცი ზიზღით უყურებს სხვებს, მათ ცხოვრებას დიდ მნიშვნელობას არ აძლევს და ყოველთვის დაცინვით იხსენიებს. თავის აზრს ყოველთვის მაღლა აყენებს, არასოდეს სხვის აზრს არ დასთანხმდება, ან სულ უარ-ჰყოფს, ან და თავის მხრივ რასმეს მიუმატებს. სულ ცოტა რამეზე ასტეხს გაუთავებელ ბაასს-დავას და ეცდება უსათუოდ თავისი აზრი გაატაროს, გაიყვანოს. კიდევაც რომ იცოდეს, გრძნობდეს თავისი აზრის უსაფუძვლობას, მაინც ცრუ თავმოყვარეობა ნებას არ აძლევს ვისმეს დასთანხმდეს და იმით, ვითომც თავის თავი დაიმციროს. ამნაირი კაცი სულ სხვას უსწორებს, თვითონ კი არავისგან არ უნდა მიიღოს შენიშვნა, რაც უნდა კანონიერი იყოს იგი. არასოდეს კმაყოფილი არ არის თავისი მდგომარეობით და რაც არ უნდა კარგი ადგილი ეჭიროს, მაინც ფიქრობს, უკეთესის ღირსი ვარო. გარეგნულად, ზოგს სულ თვალსაჩინოდ ეტყობა, რომ გოროზია, დიდგულაა, ზოგი კი ძნელად საცნობია; ზოგს ყოველისფერში: სიარულში, ლაპარაკში, მიხვრა-მოხვრაში, ასე გასინჯეთ, ლოცვის დროსაც კი (ლუკ. 18, 11) ეტყობა ამპარტავნობა, ამაყობა; ზოგი კი ცდილობს დამალოს, დაფაროს და არავის შეამჩნევიოს ეს ნაკლულევანება. პირველს უყვარს ქება-დიდება, ხოტბის შესხმა და ყოველ შემთხვევაში ეძებს თავის გამოჩენას, სურს მასზე ილაპარაკონ, მას თაყვანი სცენ; უყვარს, ვინც მას აქებს, სძულს ვინც შენიშვნას აძლევს. მეორე კი ყოველივე ამას უარსა ჰყოფს, უნდა ყოველთვის დაკეტილი იყოს, მას არავინ შეეხოს, მასზე არავინ ილაპარაკოს. ზოგში ამპარტავნობა მოქმედებს ისე, როგორც გველი, ზოგში კი, როგორც ალი ცეცხლისა. პირველი თავს არ გიჩვენებს გარეგნულად, რომ შენგან არის იგი შეურაცხყოფილი, თუმცა ყოველ ჟამს მზად არის სამაგიერო ერთი ათად გადაგიხადოს, მეორე კი თვალსაჩინოდ, ყველასთვის გასაგებად, მისახვედრად, საგრძნობლად გამოხატავს თავის უკმაყოფილებას, ნაწყენობას და სამაგიეროს გადახდას. ზოგნი ამპარტავანნი ამჩნევენ რა თავიანთ შეცდომას, რაშიმე დანაშაულობას, ცდილობენ დამალონ და ხშირად შეტრფიალებენ ისეთ თავიანთ მოქმედებას, რომლისაც მათ უნდა რცხვენოდესთ. ზოგიერთებს კი აღზრდა და ნიჭი ნებას არ აძლევსთ, შეიგნონ თვისი ცუდი ქცევა და მათ მუდამ ჰგონიათ, კარგათ ვიქცევითო.
აქ საჭიროდ ვრაცხ შევნიშნო, რომ არიან ისეთნი თავმოყვარენიც, რომელთაც თავი მოაქვთ თვისი შთამომავლობით, სილამაზით, ტანისამოსით, ლამაზი ცოლით, კარგი მოსამსახურით, ცხენით. ამათ ხშირად უწოდებენ ამპარტავნებს, მაგრამ ესენი სრულებით მოკლებულნი არიან ამ გრძნობას. ნამდვილი ამპარტავანი კაცი სრულებითაც არ აფასებს იმას, რაც მის არსებითს თვისებას არ შეადგენს, რაც მისი შრომის ნაყოფი არ არის. უკეთ რომ ვსთქვათ, ისინი ამპარტავნები კი არა, თავმომწონენი არიან. ამათ შორის დიდი განსხვავებაა. პირველნი აფასებენ, ყურადღებას აქცევენ თავის შრომას, ნიჭს, ხოლო მეორენი გარეგან შეხედულებას, შთამომავლობას.
ვინ იტყვის, ძმანო ჩემნო საყვარელნო, რომ დიდგულობა კარგი და მოსაწონია? ამპარტავანი, გულ-ამაყი კაცი ღმერთსაც სძულს და კაცსაც. „საძაგელ არს წინაშე უფლისა კაცთა ამპარტავნობა“, ნათქვამია საღმრთო წერილში (ზირ. 10, 7). რომ კარგად დავუკვირდეთ ჩვენს ცხოვრებას, ხშირად შევნიშნავთ, რომ „ღმერთი ამპარტავანთა მუსრავს, ხოლო მდაბალთა აძლევს მადლს (1 პეტ. 5, 5), რათა დაანახვოს პირველთ ამათგანთ არარაობა იმისი, რითაც თავი მოაქვთ. მაგალითად, დაიწყებს ვინმე დიდგულობას ადგილით - მალე წაართმევს; სიმდიდრით - მალე მოუვლინებს გაჭირვებას, უკიდურეს მდგომარეობას. ან და შენ იმედი გაქვს, შენმა სიმდიდრემ სახელოვან კაცად გაგხადოს, მაგრამ ღმერთი გიჩვენებს შენ შენზე გაცილებით ღარიბს, რომელიც შენზე უკეთ ასრულებს თავის მცირე საშუალებით მეტ საქმესა, ვინემ შენ. შენ იმედი გაქვს შენი ნიჭისა, შენი მჭევრმეტყველობისა და ფიქრობ, ბევრს რასმეს გააკეთებ, მაგრამ ღმერთი გიჩვენებს ისეთ პირს, რომელსაც შენოდენი ნიჭი არ აქვს, მაგრამ გაცილებით მეტს აკეთებს, მეტი სარგებლობა მოაქვს ქვეყნისათვის. ამნაირად უმტკიცებს ამპარტავანთა, რომ თუმცა თვითონ დიდად აფასებენ თავიანთ თავს, მაგრამ ღმერთი და საზოგადოება მათში აგრე რიგად არ საჭიროებენ. ამპარტავანთა საშუალებით კი არ ასრულებს ღმერთი თავის განზრახვას, არამედ მშვიდთა, მდაბალთა ირჩევს ამისათვის. მაცხოვარმა ამოირჩია მოწაფეებათ მშვიდნი და არა ისინი, ვისაც ძალა ჰქონდათ, რათა ეჩვენებინა ყველასათვის, რომ ძალა მისი უძლურებასა შინა სრულ იქნების (2 კორ. 12, 9). ნათქვამია - მსგავსს მსგავსი მოსწონს და უყვარსო, მაგრამ ცხოვრებაში კი სულ სხვას ვხედავთ: ამპარტავანს ჟამივითა სძულს ამპარტავანი კაცი; მშვიდი კაცი კი ყველასათვის საყვარელია; "ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა". ერთნაირი ნიჭის მქონნი, ერთნაირი ღირსებითა შემკულნი, გაირჩევიან ერთმანეთისაგან მხოლოდ სიმშვიდით და ამპარტავნობით; უსათუოდ მშვიდობის მქონებელი უფრო ეყვარებათ, ვინემ ამპარტავნობისა, როგორც ღმერთს, ისე კაცს. ამისათვის კაცი მშვიდი და მდაბალი უნდა იყოს. როგორც რომ ხის შტოები მსხმოიარობით იღუნებიან და დედა მიწას უახლოვდებიან, აგრეთვე ვინც უფრო შემკობილია სხვადასხვა სათნოებებითა, მით მეტად მშვიდი უნდა იქნეს და რამდენად წინ წავა და მაღლა აიწევს, უნდა ეცადოს აიშოროს სხვების ყურადღება. იერემია წინასწარმეტყველი, როგორც თვითონ იყო მშვიდი, ისე სხვებს არიგებდა: „ნუ იქადინ ბრძენი სიბრძნისა მიერ თვისისა და ნუ იქადინ მდიდარი სიმდიდრესა ზედა თვისსა“. (9, 23, 24).
შეიძლება ვინმე თქვენგანმა, კეთილმორწმუნენო მსმენელნო, იკითხოს: თუ ცუდია საკუთარი თავის ქება, რისთვის იქებს თავს ღვთისა და კაცის წინაშე ისეთი გამოჩენილი კაცი, როგორიც იყო დავით მეფე წინასწარმეტყველი, როცა ამბობს: "უფალო არა ამაღლდა გული ჩემი, არცა განსცხრებოდეს თვალნი ჩემნი, არა ვიდოდე მდიდართა თანა, არამედ დავიმდაბლე თავი ჩემი?" (ფს. 130), მაგრამ აქ განა თავის ქებაა? სრულებითაც არა. დავითი რომ ამპარტავანი ყოფილიყო თავის თავს მატლსაც არ უწოდებდა (ფს. 21, 7). ზემო მოყვანილ სიტყვებში ისეთივე აზრია გამოხატული, როგორიც მაცხოვრის სიტყვებში: "ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“ (მათ. 11, 29). ამ სიტყვებიდან თავის ქება კი არ გამოდის, არამედ დარიგება. როდესაც კაცი თავის ღირსებას უჩვენებს სხვას, რათა ამით მაგალითი დაუხატოს, წააქეზოს, რათა მიბაძოს მას სხვამ, ამნაირი ქება თავის ქებად არ ჩაითვლება. ამით ის ამბობს, შემომხედეთ, მე როგორ ვიქცევი, ისე მოიქეცით თქვენცაო. აქ ჭკუის დარიგებაა, მოყვსის ჭეშმარიტ გზაზე დაყენებაა და არა თავის ქება. როდესაც კაცი ჭეშმარიტებას აღიარებს, ის სრულებით თავს არ იქებს: "ხოლო უკეთუ მინდეს სიქადულის, არა ვიყო უგუნურ, რამეთუ ჭეშმარიტი ვსთქვა", ამბობს პავლე მოციქული (2 კარ. 12, 6). "ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გვარიგებს იგივე მოციქული, - გარნა ჯვარითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა (გალ. 6, 14), ანუ რომელი იგი იქადოდენ, უფლისა მიერ იქადოდენ (2 კარ. 11, 12). "ამას ზედა იქადოდენ მოქადულნი გულის ხმის ყოფასა და ცნობასა ჩემსა, რამეთუ მე ვარ უფალი", გვიბრძანებს ჩვენი შემოქმედი, მამა ყოვლისა მპყრობელი (იერ. 9, 23, 24). ვინც არ იქებს თავს, ვინც საჯაროდ არ აღიარებს თავის სარწმუნოებას, პასუხისმგებელი ხდება ღვთის წინაშე. „ყოველმან, რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღვთისათა და რომელმან უარ მყოს მე წინაშე კაცთა, უარ იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა (ლ. 12, 8, 9).
თუ გინდა მშვიდი იყო და არ გადიდგულდე, ყოველთვის სახეში იქონიე, ძმაო ჩემო საყვარელო, რომ ყოველივე კეთილი მოცემული გაქვს ღვთისაგან. ამასთან თავი შენი შენზე დაბლა მდგომს კი არ უნდა შეადარო ხოლმე, არამედ ვინც შენზე მაღლა სდგას, როგორც ჭკუით, ისე ადგილით და სიმდიდრით, ნამეტნავად იესო ქრისტეს, რომელმაც უჩვენა ყველას, თუ როგორი უნდა იქნეს კაცი, როგორ უნდა ეკავოს თავი და მოქმედებდეს; როგორც პირში მაქებელს, ისე მამხილებელს ერთნაირად უნდა ეპყრობოდე. თუ გვაძაგებს ვინმე ჩვენ სამართლიანად, ეს დიდად სასარგებლოა, ჩვენ მივხვდებით ჩვენ ნაკლულოვანებას და გამოვსწორდებით; თუ მტრობით რასმეს ცუდს იტყვიან ჩვენზე და ჩვენ კი კარგათ მოვეპყრობით, ეს ჩვენ შეგვაჩვევს მოთმინებას, მოთმინება ხომ სიმდაბლეს მოასწავებს, ხოლო სიმდაბლე კი ამპარტავნობის წინააღმდეგია. ამინ. საიდან წარმოსდგება ამპარტავნობა და ვინ არის


ადამიანის გამოსყიდვა

დავფიქრდეთ, საყვარელნო, თუ რაოდენ ირღვეოდა ადამიანის ბუნება, რის გამოც მასში არანაირი შინაგანი ძალა აღარ დარჩა. ვინაიდან, როგორც უკვე ვსაუბრობდით, ნებისმიერი მომაკვდინებელი ცოდვა აშკარა სიძულვილია უფლისადმი, იავარყოფა და ბოროტება, რომელსაც ის მოიტანს, ვერც ერთი ქმნილების მიერ ვერ დაიფარება. არც ერთ ადამიანს არ შეეძლო ჩვენი ხსნა ამგვარი მდგომარეობისგან, ვინაიდან იგი თავადაც ეშმაკის მიერ იქნებოდა დატყვევებული და თავისი ცოდვების მიზეზით საძაგელი იქნებოდა უფლის წინაშე. ამას ამტკიცებს წმიდა პავლე მოციქულიც, რომელიც ამბობს: "რამეთუ ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღმრთისა, ხოლო განმართლდებიან უსასყიდლოდ მადლითა მისითა და გამოხსნითა მით იესო ქრისტესითა" (რომ. 3, 23-24).
ადამიანებს კი არა, ანგელოზებსაც კი არ შეეძლოთ ჩვენი ხსნა. მათ არ შეეძლოთ, არც ბოროტების განკურნება, რომელიც ჩვენში იყო, არც რაიმე საშუალების მოძიება, რომელიც ჩვენ განგვკურნავდა. ისინი უძლურნი იყვნენ, მოენიჭებინათ ჩვენთვის სამოთხისეული მარადიული ნეტარება. სწორედ ამიტომ თქვა წმიდა ესაია წინასწარმეტყველმა: "ყველა მათ გასაჭირში მათთვის უჭირდა და მისი პირის ანგელოზმა იხსნა ისინი, სიყვარულით და სიბრალულით გამოისყიდა, ხელში აიყვანა და დაატარებს უკუნეთიდან" (ის. 63, 9). ვინ არის ეს? – ძე ღვთისა, უფალი ჩვენი, რომელსაც აქვს უსაზღვრო ძალა და უდიდესი სიბრძნე, რათა მოენახა საშუალება იმისათვის, რომ ეშმაკის ძალადობისგან გავეთავისუფლებინეთ და თავისი ღვთაებრიობის, მადლისა და დიდების მთელი სიმდიდრე მოენიჭებინა, გაგვხადა რა თანაზიარნი თავისი სიწმიდისა, ანუ როგორც თავისი ღმრთეებრივი, ისე კაცობრივი ბუნებისა დავუფიქრდეთ იმასაც, თუ რაოდენ დიდ სასოწარკვეთილებაში იყვნენ ადამიანთა სულები, როდესაც ისინი, მარადიული ტანჯვისათვის განწირულნი, დემონთა მონობაში იმყოფებოდნენ. ამ აზრმა უნდა შთაგვაგონოს, რომ დავიმდაბლოთ თავი და მთელი გულით ვმადლობდეთ უფალ იესო ქრისტეს, რადგანაც მხოლოდ მან შეძლო ჩვენი ხსნა უკიდეგანო ქაოსისგან. უნდა შევინანოთ, რომ აქამდე ვივიწყებდით უფალს და ცხონების უდიდეს მადლს, რომელიც მან მოგვანიჭა. ჩვენი გონება მისკენ მივმართოთ. არა ანგელოზებისადმი, არამედ ქრისტესადმი, რომელმაც თავი თვისი მისცა იმისათვის, რომ ჩვენ ვეცხოვნებინეთ. ვადიდოთ უფალი მისი დიდებული ძღვენისათვის, რომელმაც მარადიული სატანჯველისაგან გაგვათავისუფლა. ვილოცოთ იმისათვის, რომ მოგვანიჭოს თავისი ნათელი, რომლის ძალითაც შევძლებთ, შევიცნოთ და მადლობა შევწიროთ მას პავლე მოციქულთან ერთად: "ჰმადლობდეთ მამასა, რომელმან ღირს გუყვნა ჩუენ ნაწილსა მას მკვიდრობისა წმიდათაისა ნათელსა შინა, რომელმან მიხსნა ჩუენ ხელმწიფებისა მისგან ბნელისა და მიმცვალნა ჩუენ სასუფეველსა ძისა მისისა საყუარელისა" (კოლ. 1, 12-13).
ასევე უნდა ვფიქრობდეთ იმ სიმაღლეებზეც, სადაც აღგვიყვანა ღმრთის განხორციელებამ და რომლის შესახებაც პავლე მოციქული გვეუბნება: "ახდა მაღალ, წარმოტყუენა ტყუე და მისცა იგი ნიჭად კაცთა" (ეფ. 4, 8). მარადიული სატანჯველისგან ჩვენს გასათავისუფლებლად უფალს შეეძლო, უბრალოდ ეპატიებინა ჩვენთვის, როგორც ამას რომელიმე მეფე გააკეთებდა სიკვდილმისჯილი დამნაშავის შეწყალებისას. ის კი არ დაკმაყოფილდა ამით, რაც თავისთავად იქნებოდა განუსაზღვრელი სიკეთე, არამედ თავისთან აღგვიყვანა თავისი ყოვლისგანმწმედი მადლით და თვისი ძეობა მოგვანიჭა, მარადიული სიკეთეები დაგვამკვიდრებინა. "იგივე სული ეწამების სულსა ამას ჩუენსა, რამეთუ ვართ შვილნი ღმრთისანი. ხოლო უკუეთუ შვილ, მკვიდრცა, მკვიდრ ღმრთისა თანა და თანამკვიდრ ქრისტესა. უკუეთუ მისთანა ვივნოთ, მის თანაცა ვიდიდნეთ" (რომ. 8, 16-17).
ვინ შეძლებს, გაზომოს მანძილი იმ ქაოსსა და იმ სიმაღლეს შორის, რომელშიც ვიმყოფებოდით და რომელზეც აღგვიყვანა უფალმა? ჯოჯოხეთისათვის განწირულებს უეცრად გვენიჭება უნარი, მივიღოთ ღვთის სასუფევლის დიდების მემკვიდრეობა. სერაფიმები განცვიფრდებიან, ხედავენ რა ამგვარ ცვლილებას, ჩვენ კი არც კი გვსურს, თუნდაც მცირედ გულით შევიგრძნოთ ეს ყოველივე. იოანე მახარებელი და პავლე მოციქული აღფრთოვანებულნი იყვნენ მათთვის გაცხადებული ღვთის უსაზღვრო სიყვარულით და პირველმა მათგანმა თქვა: "ესრეთ შეიყვარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდშობილი მოსცა მას, რაითა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაი საუკუნოი" (ინ. 3, 16). მეორემ კი ბრძანა: "რომელმან იგი ძესაცა იგი არა ჰრიდა, არამე ჩუენ ყოველთათვის მისცა იგი, ვითარ არა უკუე მითურთ ყოველივე მოგვანიჭოს ჩუენ?" (რომ. 8, 32). ჩვენ კი ყოველივე ამაზე ფიქრიც კი არ გვინდა. ჭეშმარიტად, ჩვენთვის აუცილებელია ხშირად საკუთარ თავს გავუმეოროთ ზეცით ნაუწყები სიტყვები დიონისე არიოპაგელისა, რომ ღმერთი გამოდის საკუთარი თავიდან, ვინაიდან უსაზღვრო სიყვარული ამოქმედებს ყოველი თავისი ქმნილების, განსაკუთრებით კი, ადამიანისადმი.
ვიფიქროთ ასევე ერთ დიდებულ ძღვენზე, რომელიც უფალმა მოგვანიჭა. მან წინაგანჭვრიტა რა ჩვენი უგუნურება, რომლის გამოც ყოველივე მის მიერ ბოძებულ ჩვენი ცხონების სიმდიდრეს გავფლანგავთ და მადლის სიმაღლიდან ცოდვის უფსკრულში ჩავცვივდებით, სინანულის გზაზე მიგვითითა, რითაც ჩვენ კვლავ შევძლებთ, უწინდელ მადლს დავუბრუნდეთ. სწორედ ამიტომ უწოდა სინანულს წმიდა ისააკ ასურმა "მადლის შემდგომი მადლი". რაოდენ მიუწვდომელია ღმერთის სიყვარული ადამიანებისადმი! ამგვარ სიყვარულს ჩვენ ადამიანებს შორის ვერ ვპოვებთ. თუმცაღა, მიუხედავად ყოველივე ამისა, ჩვენ მაინც უგულისხმონი და უგრძნობელნი ვრჩებით. თუ რომელიმე ადამიანი ჩვენდამი რაიმე სიყვარულის მცირეოდენ ნიშანს გამოამჟღავნებს, მაშინვე მადლობას ვწირავთ მას. დავფიქრდეთ, სახიფათო ხომ არაა ის გაუგონარი უმადურობა, როგორც უფალს ვექცევით, როდესაც ჩვენდამი მის ურიცხვ სიკეთეებს ვივიწყებთ? ასეთი უმადურნი დემონებიც კი არ არიან, ვინაიდან ისინი მაშინ მოსწყდნენ უფალს, როდესაც ვერ მიიღეს ისეთი ძღვენი, როგორიც ჩვენ და მას შემდეგ თავიანთ განდგომილებაში რჩებიან. რაოდენ მადლიერნი უნდა ვიყოთ უფლისადმი იმის გამო, რომ ჩვენს მიმართ ესოდენი შემწყნარებლობა გამოიჩინა, მაშინ, როცა დაცემული ანგელოზები მან მკაცრად დასაჯა; ჩვენდამი ღვთის სიყვარული იმდენად დიდია, რომ ვერანაირი ცოდვა, რაც უნდა დიდი იყოს, ვერ შეძლებს მის ჩაქრობას.
დავუფიქრდეთ იმასაც, რისი მეშვეობითაც უფალმა ჩვენდამი ესოდენი წყალობა გამოავლინა – თავისი ღვთაებრივი განკაცება. ესაა სიმდაბლე, რომელიც თავის თავზე მიიღო და ადამიანის ბუნება თავის ღვთაებრიობასთან თანაზიარი გახადა. ამ სიმდაბლეს დავითი ზეცის მოდრეკას უწოდებს: "მოდრიკნა ცანი და გარდამოხდა და ნისლი ქუეშე ფერხთა მისთა" (ფს. 17, 10), პავლე მოციქული კი მას დამდაბლებად მოიხსენიებს: "რომელი-იგი ხატი ღმრთისაი იყო, არა ნატაცებად შეირაცხა ყოფად იგი სწორებად ღმრთისა, არამედ თავი თვისი დაიმდაბლა და ხატი მონისაი მიიღო და მსგავს კაცთა იქმნა და ხატითა იპოვა ვითარცა კაცი" (ფილ. 2, 6-7). ასევე, როდესაც წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი განმარტავდა, თუ რა იყო ეს დამდაბლება, ამბობდა: "სისრულე თავის დიდებას უმცირეს ჰყოფს, რათა მე, ამ სრულყოფილების მიმღებელმა, შევძლო გავაბრწყინო იგი სრულყოფილი დიდებით" (საუბარი ქრისტეს შობის შესახებ). ბასილი დიდი კი, რომელიც ღვთაებრივ დამდაბლებაზე საუბრობს და მას მთელი სამყაროს ქმნილებებს ადარებს, აღნიშნავს: "ღმერთმა ინება თანაეგრძნო ჩვენ უძლურთათვის და ისიც კი შეძლო, რომ თვით ჩვენ უძლურებამდე დამდაბლებულიყო. ვინაიდან მისი ძალების აღმატებულებას იმდენად არა ზეცა, მიწა, ზღვათა სივრცე, წყლებსა და ხმელეთში მცხოვრები არსებები, მცენარეები, ვარსკვლავები, ჰაერი, წელიწადის დროები და სამყაროს სხვადასხვაგვარი მშვენება ამტკიცებს, რამდენადაც ის, რომ დაუტევნელი ღმერთი, ხორცის მეშვეობით უვნებელად ჩაერთო სიკვდილთან ბრძოლაში, რათა საკუთარი ვნებით ჩვენთვის უვნებელობა მოენიჭებინა" (სულიწმიდის შესახებ – თავი 8). ადამიანური ბუნების მიღებით არა მხოლოდ საკუთარ თავს დააკლო დიდება, ნეტარება და სიმშვიდე, როგორიც ესოდენ მაღალ არსებას ეგების, არამედ ევნო უპირველესად იმისაგან, რისგანაც ადამიანი იტანჯება ამასოფლად – მტკივნეული შრომა და ღვაწლი, დამცირების დათმენა, წამება და ბოლოს და ბოლოს, მან ჯვარზე სიკვდილი მიიღო, როგორც ამის შესახებ ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში წერია: "ვხედვიდეთ სარწმუნოებისა ჩუენისა წინამძღვარსა და სრულებისა მოქმედსა იესუს, რომელმან-იგი წინაგანმზადებულისა მის წილ სიხარულისა დაითმინა ჯუარი და სირცხვილი შეურაცხ-ყო და მარჯუენით საყდართა ღმრთისათა დაჯდა" (ებრ. 12, 2).
რაოდენ ბევრი რამ გაგვიკეთა უფალმა, როდესაც ჩვენი ცხონების გამო დაითმინა ტანჯვა-წამებათა და შეურაცხყოფათა უფსკრული! ამის შემხედვარე ყოველი გონება განცვიფრდება და ყოველი ენა დუმდება. ძე კაცისას ერთი სიტყვაც რომ ეთქვა თავისი ზეციური მამისათვის, მასთან მაშინვე გაჩნდებოდა შეწევნა. მაგრამ ნაცვლად ამისა, მან ჩვენი გათავისუფლება მოინდომა ბნელეთის ძალაუფლებისაგან, რისთვისაც თავისი ძვირფასი ღვთაებრივი სისხლი დაღვარა. როგორ მივუძღვნათ მადლობა იმისათვის, რაც მან გააკეთა, რათა მარადიული ცხოვრება დაგვემკვიდრებინა?! მან ხომ მსხვერპლად გაიღო საკუთარი თავი. ნუთუ უფალს შეეძლო, ჩვენთვის რაიმე უფრო აღმატებული გაეკეთებინა, ვიდრე ჯვრის მსხვერპლია, რომელიც განხორციელებულმა სიტყვა ღვთისამ გაიღო? ნუთუ უფალი მეტისმეტს მოითხოვს ჩვენგან, როდესაც გვთხოვს, რომ დავიცვათ მისი მცნებები? ცხადია, არა... მაშ, შევინანოთ ჩვენი უმადურობა სიყვარულის ღმერთის წინაშე. მივანდოთ საკუთარი თავი, ვინაიდან მან შეგვქმნა ჩვენ და ასეთი სასყიდლით გამოგვიხსნა. სიმდაბლით ვთხოვოთ მას, რომ თავისი სიყვარულის ცეცხლით დაწვას მთელი ჩვენი უმადურობა, რათა გაბრწყინდეს ჩვენში მისი სიყვარული და ამქვეყნად მასზე მეტი არაფერი გვიყვარდეს. ნუ შევურაცხვყოფთ მეტად ჩვენი ცოდვებით, არამედ, მთელი გულით ვემსახუროთ მას, და დავითთან ერთად შევღაღადოთ: "უფალო, მე მონაი შენი ვარ" (ფს. 142, 12). დავფიქრდეთ, საყვარელნო, თუ რაოდენ ირღვეოდა


ეკლესიის მამები

ძველად წმიდა მამები თავდაპირველად უდაბნოში გადიოდნენ და მოსაგრეობას შედგომილნი თავიანთი ვნებებისაგან იცლებოდნენ. მათ საკუთარი გეგმები და პროგრამები არ გააჩნდათ, მთლიანად ღვთის განგებას ენდობოდნენ და ყოველგვარ წოდებასა და ძალაუფლებას მაშინაც კი გაურბოდნენ, როდესაც სიწმიდის ზღვარს აღწევდნენ. გამონაკლისს მხოლოდ ის შემთხვევები წარმოადგენდა, როცა დედა ეკლესია მათ დახმარებას საჭიროებდა. მაშინ ისინი საღვთო ნებას ემორჩილებოდნენ და წმინდა ცხოვრებით ღვთის სახელს ადიდებდნენ. მოიპოვებდნენ რა თავად სულიერ სიმრთელეს უდაბნოში, ჯანსაღი სულიერი საკვებისა და წინამძღვართა მოუდუნებელი მეთვალყურეობის მეშვეობით, ისინი სულიერი დონორები ხდებოდნენ.
ჩვენ დროში კი, სამწუხაროდ, ბევრი ჩვენგანი ამქვეყნიურ სიყვარულს დაჰყოლია, რომელსაც სულიერი საფუძველი არ გააჩნია; სურვილი აქვთ ვითომ სიკეთე გააკეთონ და საკუთარი სისხლი გასცენ, მაშინ, როცა ჩვენი სისხლი სავსეა სულიერი მიკრობებით და ამგვარად კიდევ უფრო მეტი ზიანი მოგვაქვს.
ჩვენ რომ წმიდა მამებისამებრ გვეცხოვრა, ყველანი სულიერად იმდენად ჯანმრთელნი ვიქნებოდით, რომ ჩვენი სიჯანსაღე ყველა სხვა რწმენის ხალხს შეშურდებოდა; მაშინ ისინი ქადაგების გარეშეც მიატოვებდნენ თავიანთ ავადმყოფურ ცდომილებებს და გადარჩებოდნენ, რადგან ახლა მათ არ აღაფრთოვანებთ ჩვენი წმიდა მამების გადმოცემები, რამეთუ მათ უნდათ დაინახონ ასევე ახლანდელი მამების მიერაც იმ მოღვაწეობის გაგრძელება, ჩვენი ჭეშმარიტი ნათესაობა წმინდანებთან.
ჩვენ დროში, სამწუხაროდ, მომრავლდნენ სიტყვები და წიგნები, მაგრამ შემცირდა გამოცდილება, რადგან ხალხი ისევ მოექცა სოფლის სულის გავლენის ქვეშ, რომელიც მუდმივად კეთილმოწყობისაკენ მიისწრაფვის და ფიზიკურ შრომას გაურბის; ანუ უმრავლესობა ჩვენგან სიმშვიდეს პოულობს ბევრ კითხვაში და წაკითხულის მცირედ შეთვისებაში, - თუკი საერთოდ ხდება ასეთი შეთვისება. ჩვენ მხოლოდ აღტაცებაში მოვდივართ ეკლესიის ღვაწლმოსილი წმიდანებით და ვერც კი ვაცნობიერებთ, თუ რამდენს შრომობდნენ ისინი, რადგან თავად არ გვიშრომია იმისთვის, რომ შეგვძლებოდა გაცნობიერება მათი შრომისა, შეგვეყვარებინა ისინი და მოშურნეობით შევდგომოდით მათ ღვაწლს.
ისინი კი, რომლებიც მოშურნეობით იღვწიან, თავს მოსვენებას არ აძლევენ და ყველაფერს საკუთარი "მე"-ს წარმოუჩინებლად აკეთებენ, დიდად ეხმარებიან სხვებს, რადგან მხოლოდ ამის წყალობით პოულობს შინაგან სიმშვიდეს მათი სული, როგორც ამ ცხოვრებაში, ასევე მომავალშიც.
ისინი, რომლებიც ჯერ კიდევ ვნებათა ძალაუფლების ქვეშ არიან, მაგრამ მაინც ხელისუფლებისაკენ მიილტვიან, აგრეთვე, პირად ინტერესებს სულიერს მიაწერენ და ამა სოფლის ხელისუფლებასაც კი მიმართავენ საეკლესიო პრობლემების გადასაჭრელად, მიტოვებულნი არიან ღვთის მადლისაგან.
თუმც გაეცინოს მზაკვარს ჩვენზე, მოიყვანს რა პავლე მოციქულის სიტყვებს: "... კეისარსა უღაღადებ" (საქ. 25, 11), იმიტომ, რომ პავლე მოციქული მაშინ კეისრის ხელთ აღმოჩნდა. მანამდე კი ღმერთისაგან ეუწყა, რომ მას ქრისტე უნდა ექადაგა რომში და ამიტომაც მოითხოვა კეისრის სასამართლო, რათა იქ გაეგზავნათ (ხაზინის ხარჯზე).
მიიღებს კი ღვთის კურთხევას ადამიანი, რომელიც ცდილობს საეკლესიო საკითხები წამოჭრას მართლმადიდებლური სულისკვეთებით, მაგრამ ამას მხოლოდ იმისთვის აკეთებს, რომ თავად იგი უფრო მაღლა დააყენონ ეკლესიაში?
ასევე არ უნდა აღვფრთოვანდეთ იმ ადამიანებით, რომლებიც ძალიან კარგად და მართლმადიდებლურად აყენებენ საეკლესიო საკითხებს, მაშინ როცა თვითონ საკმარისად მაღლა არ დგანან ეკლესიაში და შფოთი შემოაქვთ იქ უგუნური უკიდურესობებით ან ზედმეტი შემწყნარებლობით.
ურთიერთსაწინააღმდეგო უკიდურესობებს ყოველთვის ზიანი მოაქვს დედა ეკლესიისათვის და ისინი, ვინც ამ უკიდურესობათა გამზიარებლები არიან, თვითონვე იტანჯებიან მათგან, რადგან ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ბოლო, ჩვეულებრივ, ძლიერ აზიანებს [სიტყვათა თამაშია. აქ გამოყენებულ ბერძნულ სიტყვას "აკრო" აქვს მნიშვნელობა: "უკიდურესობა" და "დასასრული, "ბოლო"]. ეს იმას ჰგავს, ერთი ბოლო რომ ეშმაკეულს ეჭიროს, სულიერი უსირცხვილობით (ანუ ყველასადმი ზიზღით) დაავადებულს, მეორე კი – გიჟს, რომელსაც უგუნური მოშურნეობა გონებაშეზღუდულობასთან შეერთებია და მაშინ – ღმერთო დაგვიფარე! – ორ უკიდურესობათა მომხრეები მუდამ იბრძოლებენ ერთმანეთთან და ვეღარ გაიგებს ვინ მართალია და ვინ მტყუანი.
ისინი, რომლებიც შეძლებენ ეს ორი უკიდურესობა იმდენად მიუახლოონ ერთმანეთს, რომ ისინი შეერთდნენ, ქრისტესგან ორი უხრწნელი გვირგვინით ჯილდოვდებიან.
არ არის საჭირო ეკლესიაში პრობლემების შექმნა და გაზვიადება იმ მცირეადამიანური განწყობილებებისა, რომლებიც იქ ყოველთვის არის, რათა მეტი ზიანი არ იქნეს მიყენებული, რაც ასე ახარებს მზაკვარს.
ის, ვინც შეამჩნევს რა ცოტაოდენ უწესრიგობას, იწყებს დიდად აღშფოთებას და მთელი ძალით იწევს თითქოსდა მის აღმოსაფხვრელად (მრისხანებით აღტყინებული), იმ უთავბოლო მნათეს გავს, რომელიც, როგორც კი შეამჩნევს, რომ სანთელი ძირს წვეთავს, მაშინვე მისკენ გარბის, უნდა, რომ ვითომ ის გაასწოროს, მაგრამ ამავე დროს გზაზე ყველას და ყველაფერს გადათელავს – ხალხი იქნება თუ სასანთლეები – და ღმრთისმსახურებისას კიდევ უფრო მეტ უწესრიგობას ქმნის. სამწუხაროდ, ჩვენს დროში ბევრია, ვისაც დედა ეკლესიაში შფოთი შემოაქვს. რომელთაც მწიგნობრული ცოდნა გააჩნიათ, დოგმატი გონებით მიიღეს და არა წმიდა მამათა სულისკვეთებით. სხვები კი, უწიგნურები, კბილებით ჩაეჭიდნენ დოგმატს და ამიტომაც აღრჭიალებენ კბილებს, როცა საეკლესიო საკითხებზე იწყებენ კამათს. ამდენად, ყველა მათგანისაგან ეკლესია უფრო მეტ ზიანს იღებს, ვიდრე მართლმადიდებლობის მტრებისაგან.
მათ, რომლებიც თავიანთ მძვინვარებას იმით ამართლებენ, რომ თითქოსდა ვალდებულნი არიან სხვები ამხილონ, მაგრამ საკუთარი თავის მხილება არ სურთ, ან კიდევ იმით, რომ აუცილებელია საჯაროდ ლაპარაკი იმაზე, რაც ეკლესიაში ხდება, ისეთ რამეზეც კი რაზედაც საუბარი საერთოდ არ არის მიღებული, და ამასთანავე მცნებას იმოწმებენ: "... უთხარ კრებულსა... " (მთ. 18. 17), დაე, თავიანთი პატარა ეკლესიიდან დაიწყონ: ოჯახიდან ან ძმობიდან, და თუკი ეს კარგ საქმედ მოეჩვენებათ, მაშინ დედა ეკლესიაც დაძრახონ. ვფიქრობ, კარგი შვილები საკუთარ დედას არასდროს დაასმენენ, მაგრამ ბევრი უგუნური მართლმადიდებელი, სამწუხაროდ, მწვალებლებს უხვ საპოლემიკო მასალას აძლევს და მართლმადიდებლურ ქალაქებსა და სოფლებს იეღოველები და სხვა სექტანტები იპყრობენ, რომლებიც გამუდმებით აფართოებენ თავიანთ მისიონერულ საქმიანობას.
სულიერი, ღმრთივგანბრძნობილი მამებისათვის ცნობილია, რომ ამ დემონური მოღვაწეობით (კრებულისა და ეკლესიის სამარცხვინოდ წარმოჩინებით), მათ ბევრი ადამიანი იეღოველად აქციეს. ასევე მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ამ არამართლმადიდებლური მეთოდით ერთი იეღოველის მართლმადიდებლად მოქცევაც არ მომხდარა.
სახიერი ღმერთი სიყვარულით გვითმენს ჩვენ და არავის არცხვენს სააშკარაოზე გამოყვანით, თუმცა კი იცის, როგორც გულთამხილველმა, ჩვენი ცოდვიანი მდგომარეობა. ასევე წმიდანებიც არასდროს ძრახავდნენ ცოდვილებს სხვების წინაშე, არამედ სიყვარულითა და სულიერი მოკრძალებით საიდუმლოდ უწყობდნენ ხელს ბოროტების გამოსწორებაში. ჩვენ კი, მიუხედავად იმისა, რომ ცოდვილები ვართ, პირიქით ვიქცევით (როგორც პირმოთნეები).
მხოლოდ იმ კაცს, რომელიც დემონთა ძალაუფლების ქვეშ არის მოქცეული, ეპატიება ადამიანების საძრახავად გამოაშკარავება (რა თქმა უნდა იმათი, რომლებზეც დემონს უფლება გააჩნია), მათთვის წარსულის გახსენება, რათა უძლური სულები შეარყიონ. უკეთური სული არ ამზეურებს კაცთა სათნოებას, არამედ მხოლოდ მათ სისუსტეს, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც ვნებათაგან თავისუფალნი არიან და ბოროტება არა აქვთ გულში, სიბოროტეს სიკეთით ასწორებენ. თუ ისინი უცებ მცირე უწმინდურობას დაინახავენ, რომელიც არ იწმინდება, მას ფილას გადაახურავენ, რომ სხვაში, ვინც მას შეამჩნევს, ზიზღის გრძნობა არ გამოიწვიოს. ისინი კი, ვინც ნაგავს გარეთ ყრიან, იმ ქათმებს გვანან, უწმინდურობას რომ ქექავენ.
გულწრფელი და პირდაპირი არც ის არის, ვინც სხვას პირში სიმართლეს ეუბნება; არც ის, ვინც ამას საჯაროდ ამბობს; არამედ ის, ვისაც სიყვარული აქვს და ჭეშმარიტი ცხოვრება, და სულიერი განსჯით საუბრობს მაშინ, როცა საჭიროა იმაზე, რაც საჭიროა.
ისინი, რომლებიც უგუნურად ამხელენ სხვებს, სულიერ სიბნელეში და სიძულვილში არიან. ადამიანები მათ კუნძებად წარმოუდგენიათ და ულმობლად თლიან, ამუშავებენ და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ამისგან იტანჯება, მათ ის კვადრატები ახარებთ, რომლებსაც მათგან ამზადებენ (კუბისტების სტილში)!
ისინი, რომლებიც ჩქარობენ სულიერი მოძღვრები გახდნენ, თუმცა თავად მრავალი სულიერი ტოქსინი გააჩნიათ, ემსგავსებიან უმწიფარ მწკლარტე კომშს, რომლისგანაც, რაც უნდა ბევრი შაქარი დააყარო, კარგი მურაბა ვერ გამოვა, ხოლო თუ მაინც გამოვიდა მურაბა, მალევე ამჟავდება. გულში ჩამწვდომი სიტყვები და დიდი ჭეშმარიტებები მაშინ იძენენ ფასს, როცა ჭეშმარიტი ბაგეებიდან გამოდიან, და მათ მხოლოდ ის სულები იტევენ, რომლებსაც კეთილი განზრახვა გააჩნიათ და აგრეთვე წმინდა გონების მქონე დიდი ადამიანები არიან.
ჭეშმარიტ ადამიანს მშვენიერი სულის შინაგანი სიწმინდე გარეგნულადაც ალამაზებს: ღვთის სიყვარულის ღვთაებრივი სიტკბოება მის გარეგნულ იერსაც ატკბობს. სულის შინაგანი სილამაზე ადამიანის სულიერად დამამშვენებელი და გარეგნულად განმწმენდელია, და მას წარმოაჩენს მასში საღვთო მადლის არსებობის წყალობით; ამშვენებს და განწმენდს ყველაზე უბადრუკ ტანსაცმელსაც კი, რომელსაც ატარებს მადლცხებული კაცი ღვთისა.
მეტი ფასი აქვს იმ ღვთივკურთხეულ ადამიანს, რომელიც შინაგანად შეიცვალა და შინაგანად განიწმინდა, ვიდრე ყველა იმას, რომლებიც მუდამ იცვლიან გარეგნობას (ტანსაცმელს), ხოლო შინაგანად კი "ძველ კაცს" ინარჩუნებენ არქეოლოგიურ ცოდვებთან ერთად.
მეტი ფასი აქვს სულიერი გამოცდილების მქონე მდაბალი ადამიანის ერთ სიტყვასაც კი, რომელსაც იგი თანაგრძნობით აღმოთქვამს მთელი თავისი გულის სიღრმიდან, ვიდრე შეუკავებლ მრავალსიტყვაობას გარეშე კაცისას, დიდი სისწრაფით რომ წყდება მის წიგნიერ ენას და რომელიც ვერ შეაგონებს კაცთა სულებს, რადგან ხორცს წარმოადგენს და არა წმიდა ერგასის ცეცხლოვან ენას. ძველად წმიდა მამები თავდაპირველად უდაბნოში


საახალწლო ეპისტოლე - 1980

საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს

კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ხატოვანი გამოთქმით ახალი წელი მუდმივად მდინარე ნაკადია, რომელიც მარადიულობიდან მომდინარებს და მარადიულობასვე ერთვის.
მარადიულობას შეუერთდა 1979 წელი და იგი იმავე მარადიულობის მიერ წარგზავნილმა კურთხეულმა 1980 წელმა შეცვალა.
წმიდა წინასწარმეტყველი დავითი ამბობს: არა არიან თქუმულ არცა სიტყვა, რომელთა-იგი არა ესმა ხმაჲ მათი (ფსალმუნი 18,3). ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ დღეს თავისი საკუთარი სახე აქვს და მას შეუძლია მომდევნო დღეს რაღაც გადასცეს. მითუმეტეს, ამისი თქმა მთელი წლის შესახებ შეიძლება. თუკი ყოველ დღეს გააჩნია რაღაც ახალი, მითუმეტეს ახალს, მნიშვნელოვანს, სასარგებლოს გვაძლევს მთელი წელიწადი.
ჩვენ სიხარულით ვეგებებით ახალ წელიწადს, მაგრამ ზოგიერთნი, ვინც შარშან ჩვენთან ერთად ეგებებოდნენ ახალ წელს, წავიდნენ მარადიულობაში - გადასახლდნენ ზეციურ საქართველოში. ყოველ ჩვენგანსაც იგივე გზა გველის.
სასრული ყოფიერება იგივეობრივი არაა უსასრულო ყოფიერებისა. მიუხედავად ამისა, ყოველივეზე, რაც ეხება ღვთის ყოფიერებას, ჩვენ ძალგვიძს ვიმსჯელოთ მხოლოდ ხილული სამყაროს ჩვენთვის ცნობილ ყოფიერებასთან ანალოგიების მეშვეობით. აბსოლუტურ ყოფიერებასა და ხილულ სხეულებს შორის არსებითი განსხვავების მიუხედავად, რადგან ეს სხეულები ღვთის მიერაა შექმნილი, მათ შორის აუცილებელი ერთიანობა არსებობს. სწორედ აღნიშნული ერთიანობაა მეტაფიზიკური ანალოგიების საფუძველი. ჩვენ ვერასდროს ვერ მივაღწიეთ ღვთიური საწყისის პირდაპირსა და ადექვატურ გაგებას, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ ხილულ ყოფიერებასთან ანალოგიებზე დაფუძნებულ არაადეკვატურ გაგებას. ამიტომ იზრდება მნიშვნელობა საღმრთო წერილისა, როგორც ღვთაებრივი გამოცხადებისა, რომელიც ჩვენ მთელი სერიოზულობით და მოწიწებით უნდა შევისწავლოთ.
ამგვარად ჩვენი რწმენა დაფუძნებულია როგორც საღმრთო წერილზე, ასევე ბუნების შეცნობაზე, რადგანაც გარემომცველი სამყაროს - ქმნილებების შეცნობა ლოგიკურ საფუძველს წარმოადგენს შემოქმედზე დასკვნების გასაკეთებლად.
ჩვენ მივდივართ დასკვნამდე, რომ რწმენა და ცოდნა არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არ გამორიცხავს ურთიერთს, არამედ სწორი აღქმისას ავსებს ერთი-მეორეს. ისინი ანტიპოდები კი არა, ერთი ნაკადის ორი წყაროა, ერთი მიზნისკენ მიმავალი ორი გზაა.
ჩვენს მეორე მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს სიყვარული. სიყვარული სიცოცხლის ენერგიაა; სადაც არის სიყვარული, იქ არის ღმერთი. ბრწყინვალედ ამბობს ამის შესახებ მოციქული პავლე: ენასა ღათუ კაცთასა და ანგელოზთასა ვიტყოდი, ხოლო სიყუარული არა მაქუნდეს, ვიქმენ მე, ვითარცა რვალი, რომელი ოხრინ, გინა წინწილანი, რომელნი ჴმობედ. და მაქუნდეს ღათუ წანაწარმეტყუელებაჲ და უწყოდი ყოველი საიდუმლოჲ და ყოველი მეცნიერებაჲ, მაქუნდეს ღათუ ყოველივე სარწმუნეოებაჲ ვიდრე მთათაცა ცვალებადმდე და სიყუარული თუ არა მაქუნდეს, არა-ვე-რაჲ ვარ. და შე-ღათუ-ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ჴორცნი ჩემნი დასაწუელად და სიყუარული არა მაქუნდეს, არარაჲვე სარგებელ არს ჩემდა. სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხჳნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა; ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ. სიყუარული არასადა დავარდების, გინა თუ წანაწარმეტყუელებანი განქარდენ, ანუ თუ ენანი და-ვე-სცხრენ, გინა თუ მეცნიერებანი განქარდენ (I კორ. 13,1-8).
რაღა თქმა უნდა, როგორც რწმენის, ასევე სიყვარულის საკითხში ღვთიურ ძალასთან ერთად ადამიანის თავისუფალი ნებისყოფაც მონაწილეობს.
ნებისყოფის თავისუფლება, რომელიც წარმოშობით აღცილებულია, თავის მხრივ ზნეობრიობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, სადაც არ არის თავისუფალი არჩევანი, ნებისყოფის თვითგამორკვევა, იქ არც ზნეობრიობაა. ნებისყოფის თავისუფლება გამოიხატება ზნეობრივ თვითგამორკვევაში, ზნეობრივი მოვალეობების თავისუფალ აღსრულებაში, იმ მოვალეობის აღსრულებაში, რომლის არსიც, თავის მხრივ, ზნეობრიობითაა განსაზღვრული.
ეგოიზმი სიცოცხლის თანდაყოლილი თავისებურებაა. უმარტივესი მიკროორგანიზმებიდან ადამიანამდე ყველა ცოცხალი არსება თავის ინტერესებს იცავს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანმა განავითაროს ეს გრძნობა. თავდაცვის ინსტიქტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მოყვასისთვის დახმარების სურვილს. ჩვენი დღეები - ეს ფიჭებია, რომელნიც ფუტკრების მსგავსად, თაფლით უნდა ავავსოთ და ამ თაფლით სხვა ადამიანებმაც უნდა ისარგებლონ.
ამგვარად შემდეგი საკითხი, რომელსაც მინდა საახალწლო ეპისტოლეში შევეხო, არის შრომა. ბრწყინვალედ აქვს ნათქვამი მოციქულ პავლეს: უკუეთუ ვისმე არა უნებს საქმის, ნუცაღა ჭამნ (2 თეს. 3,10). ბიოლოგიური კანონებიდან გამომდინარე უნდა გვახსოვდეს, რომ შრომა თავისთავად ცოცხალი მატერიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნილებაა. შრომა სჭირდება ადამიანს ნორმალური არსებობისათვის; სჭირდება ისევე, როგორც ჰაერი, საკვები, ძილი, ურთიერთობა...
ზოგიერთი ადამიანი ოცნებობს: ნაკლები იმუშაოს და მეტი მიიღოს, მაგრამ დასვენებით რომ დატკბე, თავდაპირველად უნდა დაღლა იგრძნო. მოკლე სამუშაო დღე ბედნიერებაა მხოლოდ იმისთვის, ვისაც საკუთარი საქმიანობა არ აინტერესებს. ღმერთმა ადამიანი ისე შექმნა, რომ სულიერი მშვიდობის და თვითგამოხატვის მისაღწევად უნდა ვიშრომოთ იმ მიზნისათვის, რომელიც ამაღლებულად და აუცილებლად მიგვაჩნია.
მუსიკოსი, მხატვარი, მღვდელი, მწერალი, მეცნიერი, ყოველი მშრომელი ადამიანი ძლიერ იტანჯება, თუ ის მოკლებულია საყვარელი საქმიანობის შესაძლებლობას.
დაუშვებელია იყო დაბადებით უსაქმური და ბედნიერებას უმოქმედობაში ხედავდე. წმიდა მოციქული პეტრე შრომის მიზანს ადამიანების ურთიერთ სამსახურში ხედავს: კაცად-კაცადმან, ვითარცა მიიღო მადლი, ეგრეთვე ურთიერთას ამსახურებდით მას, ვითარცა კეთილნი მნენი მრავალ-ფერისა მის ნიჭისა ღმრთისანი (I პეტრე 4,10).
კანადელმა ექიმმა უილიამ ოსლერმა ასე განსაზღვრა შრომის როლი: "ეს პატარა სიტყვა გრანდიოზულია თავისი მნიშვნელობით... სულელს ის ჭკვიანად აქცევს, ჭკვიანს - ბრწყინვალედ, ბრწყინვალეს - შეუპოვრად და გაწონასწორებულად. ყმაწვილებისთვის მოაქვს იმედი, ზრდასრულთათვის - დაჯერებულობა, ხნიერთათვის - დასვენება. შრომას უნდა ვუმადლოდეთ ჩვენ მედიცინის მიღწევებს უკანასკნელი ოცდახუთი წლის მანძილზე; ეს მხოლოდ პროგრესის საზომი კი არაა, არამედ ყოველდღიური ცხოვრების მიღწევების საზომიცაა". ეს სიტყვა "შრომა", მაგრამ იმისათვის, რომ გწამდეს, გიყვარდეს და შრომობდე, აუცილებელია შინაგანი და გარეგანი მშვიდობა.
მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიგრძნობთ ჩვენ იმ სიხარულს, რომელსაც ყოველი ადამიანი ეძიებს და რომელზეც მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე ამბობს: სიხარული ჩემი თქუენ თანა ეგოს, და სიხარული თქუენი სავსებით იყოს (ინ. 15,11). დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ (ლუკა 2,14).
მარადიულმა ლოგოსმა ჩვენს გულებში სიმართლის გრძნობა მოიტანა, რათა ჩვენ შეგვეძინა მშვიდობა ღმერთთან, მშვიდობა მოყვასთან, მშვიდობა საკუთარ თავთან.
ჩვენ გვსურს, რომ მშვიდობამ დაისადგუროს ჩვენს გულებში, ჩვენს ოჯახებში, რომ მშვიდობამ გააცისკროვნოს დედამიწა და მოეფინოს მსოფლიოს სამარადჟამოდ.
გარდა ჩვენი ფიზიკური ყოფიერებისა, რომელზეც ასე გაძლიერებულად ვფიქრობთ და ვზრუნავთ, არ უნდა დავივიწყოთ სულიერი ცხოვრებაც. ადამიანი მეტისმეტად გამიწიერდა, ამიტომ ის სულიერ შიმშილს გრძნობს. სულიერი ცხოვრება აუცილებელია; ზეცის ხმა ოდნავღა ესმის ჩვენს ასე სუსტად განვითარებულ სულიერ სმენას. ძალიან ნაზი, მგრძნობიერი გული უნდა გქონდეს, რომ ყოველდღიური შთაბეჭდილებების, ინფორმაციების, ცხოვრებისეული ამაოებისა და ვნებების ასეთ ორომტრიალში ზეცის ხმა, მარადიული დიდების და მარადიული სიხარულის მელოდიები მოისმინო.
ვარსკვლავები ყოველთვის ბრწყინავენ უღრუბლო ცაზე, მაგრამ ჩვენ მათ ვერ ვხედავთ დღისით მზისაგან დაბრმავებულნი. ზუსტად ასევე ხდება სულიერ ცხოვრებაშიც. ჩვენ ძალიან მცირე ყურადღებას ვუთმობთ ჩვენს სულიერ ცხოვრებას, იშვიათად განვმარტოვდებით, ცოტას ვფიქრობთ. აუცილებელია განმარტოება, ფიქრი, ძიება საკუთარი სულის საპოვნელად, რათა ჩავიხედოთ საკუთარ გულში და ობიექტურად შევაფასოთ ჩვენი ცხოვრების დადებითი და უარყოფითი მხარეები. განმარტოება სავანეა, სასდაც ჩვენ შეგვიძლია განვიკურნოთ სულიერ სნეულებათაგან: განმარტოება და აზროვნება თითოეული ქრისტიანის სულიერი ზრდის პირობაა, მიუხედავად იმისა, თუ როგორი მდგომარეობა უკავია მას საზოგადოებაში.
ყოველივე საუკეთესო განმარტოებისას იქმნება და იბადება.
ჩვეულებრივად ახალ წელს ჩვენ უფრო მეტად მიწიერსა და დროებითზე ვფიქრობთ, ვიდრე მარადიულზე. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ გავიდა წელიწადი და ჩვენს მიწიერ აღსასრულს ერთი წლით მივუახლოვდით, მიწიერი ცხოვრება, ისედაც ხანმოკლე, კიდევ ერთი წლით შემცირდა. მიწიერი ცხოვრების ზღურბლთან მიახლოებისას არ უნდა დავივიწყოთ ის ფასეულობანი, რომლებიც სავალდებულოა ჩვენთვის მარადიულობაში.
უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ ყოველმა ჩვენგანმა განვლილი წლის მანძილზე რა გააკეთა სამარადისო ცხოვრებისათვის მოსამზადებლად. დაე, ყველას უპასუხოს ამაზე მისმა შინაგანმა ხმამ.
ყოველ ჩვენგანს სურს სულიერი ზრდა. რითი დავიწყოთ? მართალ ენუქზე ბიბლიაში ნათქვამია, რომ ის ყოველთვის ღვთის წინაშე ვიდოდა (შეს. 5,24) ე.ი. ის ყოველთვის შეიგრძნობდა ღვთის არსებობას და ღვთის ყოვლისგამომცდელ მზერას ყოველ წამს გრძნობდა, რაც მას ცოდვებისაგან იფარავდა და ღვთის მცნებათა შესასრულებლად განაწყობდა. ამითი უნდა დავიწყოთ ჩვენც - და ჩვენი ცხოვრებისეული გზა უვნებელი აღმოჩნდება.
ამგვარი ფიქრებითა და გრძნობებით გილოცავთ ყველას, ძვირფასო შვილებო, ახალ, 1980 წელს, რომელიც გვჯერა, კურთხეული იქნება და ჩვენ, ყველას, სიხარულსა და ბედნიერებას მოგვიტანს.
ყველას ღვთის მადლი შეგეწიოთ!
ვისურვებ, რომ ჩვენს გულებში აღიბეჭდოს ქრისტე!
ღვთისმშობლის წილხვედრს - ჩვენს საქართველოს
აწ და მარადის ქრისტეს გზით ევლოს...
ამინ!

1980 წ. თბილისი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი სამოციქულო

image
image თემა: ახალი წელი
ავტორი: ილია II

სწავლა რ. საშინელისა მისთვის სასჯელისა

ჰოი ჩემდა დღისა მისთვის საშინელისა! ჯერ იყო ჩვენდა, საყვარელნო, სიხარული, ოდესმცა შემოვიდა მის დღისა ხსენებაი. ხოლო აწ ჩვენ სიმრავლისაგან ცოდვათა ჩვენთასა, უფროსად და მწუხარე და მჭმუნვარე ვიქნებით, ოდეს ვახსენოთ იგი, ანუ თუ მე შემემთხვევის ესე! ხოლო თქვენ მოსრულ ხართ ხსენებითა მისითა. ესე ვუწყი, ვითარმედ ოდეს სიტყვანი ესე მესმოდენ, ძრწოლა შემედვის და მწარედ ვჰგოდებ, და სიღრმეთაგან გულისათ ვითქვამ, რამეთუ ვუწყი, ვითარმედ არა მაქვს ნაწილი მათთანა, რომელთა შეჰკრებენ ანგელოსნი და რომელთა ღრუბელნი აღიტაცებენ, არამედ სხვათა მათ თანა ზიარ ყოფად ვარ, რომელნი იხსენებიან სულელთა მათ თანა ქალწულთა, და მონისა მის, რომელმან დაფლა ქანქარი უფლისა თვისისა, და სხვათა მათ თანა ცოდვილთა. ყოველივე ეს მაგონდება და ამისთვის ვიგლოვ და ვჰსცრემლოი, ოდეს მოვიხსენო, თუ რაბამისა დიდებისაგან გამოვვარდებით ჩვენ ცოდვილნი და ვითარცა კეთილთა და საშვებელთაგან საუკუნეთა და წარუალთა, მცირედისა და უნდოისა შრომისათვის. რამეთუ უკეთუმცა ჭირი დიდი გვიხმდა, და სჯულიმცა დადებულ იყო! ჯერ იყო ეგრეთცა დადებაი თავისა თვისისა სიკვდილად და არა გამოხვებაი დიდებისა მისგან. გარნა ვჰსთქვა, თუ გვაქვნდა მცირედ რაიმე მიზეზი, რათამცა ვჰსთქვათ, თუფრიადი იგი სიმძიმე და სიძნელე ვერ მოვითმინეთ? რამეთუ შრომა დიდი იყო და ჟამი გრძელ და ტვირთი მძიმე. მიზეზი ესე არა რაივე არს, გარნა ვსთქვათ თუ მცირედ რაიმე სიტყვა გვეპოებოდა.
ხოლო ესე ვითარი სიტყვა და მიზეზი, არა რაი გვეპოების. და ესე არს მწარე და ბნელ და ამას საქმესა ეგულების უძვირეს გეენიისა წვრთაი (განხურება, ცეცხლში წვრთა) მაშინ გულთა ჩვენთა, ოდეს, მცირედისა ჟამისათვის და კნინოდენისა შრომისათვის, სასუფეველი ცათა დაგვჭირდეს და კეთილნი იგი გამოუთქმელნი და მოუგონებელნი. რამეთუ ნამდვილვე ჟამი მცირე არს და მოკლე, და შრომა კნინოდენი და ფრიად მსუბუქი. ხოლო ჩვენ დახსნილ ვართ და სრულიად ქვე მწოლარე. ჰოი კაცო, მოღვაწება შენი ქვეყანასა ზედა არს და გვირგვინი ცათა შინა. ჭირი შენი კაცთა შორის არს და პატივი ღვთისაგან. სრბაი შენი ორ დღე არს, და სასყიდელი საუკუნეთა მათ დაუსრულებელთა, ძრწოლა ხორცითა ამით განხრწნადითა არს და ნიჭი იგი უხრწნელ და წარუალ. აწ უკვე, დაღაცათუ ქრისტესთვის არა თავს იდვა სიკვდილი, თვით ბუნებით სიკვდილი თანა გაძს. უკეთუ ქრისტესთვის არა დაუტევნე საფასენი მცირედღა, და უნებლიეთ დაუტეო ყოველივე და ცარიელი განხვიდე. აწ უკვე სახიერი იგი და ტკბილი უფალი ამს ეძიებს შენგან, რომელსა იგი თვინიერ ნებისა შენისა სიკვდილი მიგიღებს და მას გვენუკვის ნებსით თქმად, რამეთუ იგი უნებლიეთცა შემთხვეულ არს შენდა. ამას ოდენ გეტყვის, რათა უნებელი იგი თანანადები ნებსით ჰქმნა მისისა სიყვარულისათვის. ხედავაა, ძმაო, ვითარ ადვილ არს ღვაწლი ესე და ტვირთი ესე მსუბუქ? რომელი იგი უეჭველად შემთხვევად არს შენდა, იგი ნებსით ჰქმენ ჩემთვისო, გეტყვის ტკბილი იგი (იესო) და სახიერი მეუფე, და კმა არს ესე ჩემდა მორჩილებად. რომელი ეგე სხვასა ავასხებ (ასესხებ, მისცემ) საფასესა, მე მავასხე და აღნადგინებითა ფრიადითა მოგცე. ხორცთა მაგათ, რომელთა სხვასა დაამონებ, მე დამამონე და შრომაი შენი არა იქმნეს ცუდ, - რამეთუ გძლევ შენ ფრიად ნაცვლის გარდახდითა. აწ საყვარელო, ესე სიტყვანი მეუფისანი ყურად იხვენ და გულის-ხმა-ჰყავ. რაი არს ესე, რომელსა ყოველსა საქმესა ზედა მას პატივ-ჰსცემ, რომელი უმეტესსა მოგცემდეს გინათუ სესხება იყოს, გინათუ ვაჭრობაი, გინათუ მხედრობაი? უკეთუ სესხება იყოს, რომელი უმეტესსა ვახშსა მოგცემდეს, მას ავასხებ; უკეთუ ვაჭრობა იყოს, რომლისაგან უმეტესი შეგეძინებოდეს, - მას ეზავები; უკეთუ მხედრობა იყოს, რომელიცა უხვი და კეთილად მიმნიჭებელი მეფე იყოს, მას შეეწყნარები (მიეკედლები), ხოლო ქრისტე, უმეტეს ყოველთასა, მოგცემს კეთილთა მათ მოუგონებელთა მცირედისა და არა რაი შრომისა წილ, და უნდოისა წარსაგებელისა წილ. არა გთნავსაა სესხებაი ესე, გინა ვაჭრობაი, გინა მხედრობა მისი? (აი, თუ ქრისტეს არ შეუდგეთ), რაი არს ესე სისულელე და რაი არს ესე უგუნურებაი! კვალად გეტყვის ტკბილი უფალი: რაისათვის ქვე დაჰფლავ საფასესა შენსა? მომეც მე ნამარხევად (შესანახად). არა მე სარწმუნო ვარა, ვიდრე ქვეყანა? მან მრავალ გზის არცა თუ ნამარხევი იგი მოგცის, ხოლო მე ნამარხევიცა აღნადგინებითურთ მოგცე, და რომელ მე მარწმუნე ამის ჯერისათვის დიდი კეთილი გიყო, რამეთუ რომელთაცა მე გამომირჩიონ, დიდად შევიყვარებ მათ. აწ უკვე ჩემდა მომართ დასდევ ნაწილი შენი, და რაისაცა იქმოდე, ჩემ მიერ ჰქმენ, და ნეტარ იყოს შენდა. უკეთუ სესხებაი გნებავს, მე მავასხე. უკეთუ შენებაი გნებავს, ჩემსა ნაწილსა შინა აღაშენე. მე მიგცე ადგილი უსასყიდლოდ. უკეთუ სამკაული გნებავს, ჩემი მიიღე. უკეთუ საჭურველი გიხმს, ჩემი შეიმოსე. უკეთუ შიშველ ხარ, ჩემი შთაიცვი. უკეთუ საზრდელი გიხმს, ჩემსა ტაბლასა მოვედ. უკეთუ სლვაი გნებავს, ჩემსა გზასა ვიდოდე. უკეთუ სამკვიდრებელსა ეძიებ, მე დაგიმკვიდრო. უკეთუ მამული გნებავს, ქალაქსა მას მოიგე, რომლისა ხელოვანი და მაშენებელი მე ვარ. რამეთუ მე, რომელსა მოგცემ, სასყიდელსა არა ვეძიებ, არამედ უფროსღა სასყიდელი მიგცე. ამისთვის მებრ, უკეთუ ყოველი ჩემი იხმარო, და სხვისა არა ვისი იქმნა მოქენე, ამის სიყვარულისა უმეტესი რაი ეგების? ჰოი კაცო! მე გექმნა მამაი, მე ძმაი, მე სიძე უხრწნელებისა, მე მეგობარი სარწმუნო, მე სადგურ, მე საფასე, მე საფუძველი. რაიცა გნებავს, ყოველი კეთილი გეპოვოს ჩემთანა. ნუ სადა იჭირვი. მოვედ ჩემდა, მე განგისვენო, მე შენთვის მონებად (მსახურებად) მოვედ, მე შეგიყვარე, მე ასოდ ჩემდა გიწოდე და ძმად და დად და დედად. მე შენთვის დავგლახაკენ, ჯვარსა ვეცვ შენთვის, სიკვდილი თავს ვიდევ, და საფლავსა დავიდევ, მე აღგადგინე ქვესკნელით ზეცას. შენთვის მეოხ ვარ მამისა მიმართ. ქვეყნად შენთვის მოვედ, მამისა მიერ, შუამდგომელად. აწ უმეტესი ამისი რაი გიხმს, ანუ რაისათვის მელტვი (მერიდები, მიმირბი, გარბიხარ ჩემგან) მე, რომელმან ესრეთ შეგიყვარე? რად დამიტეობ მე და სოფელსა ამას ჰმონებ შრომითა და უბადრუკებითა? რაისათვის ჭურსა განხვრეტილსა შთაასხამ? რამეთუ ესრეთ არს, რომელი სოფელსა ამას ჰმონებდეს. რაისათვის ცეცხლად შთააბნევ შრომათა შენთა? რაისათვის ჰაერსა ჰსცემ? რაისათვის ამაოდ ჰრბი? არა ყოვლისავე ხელოვნებისა აღსასრული არსაა? ჱე ჭეშმარიტად აწ უკვე მიჩვენე შენცა შრომათა მათ და რუდუნებათა (გარჯილი შრომა, დაუღალავი) სოფლიოთა აღსასრული. გარნა ვერა რაი ძალ გიძს ჩვეებად, რამეთუ "ამაოება ამაოებისა - ყოველივე ამაო არს". ხოლო უკეთუ ჩემთანა დასდვა ნაწილი შენი, და ჩემთვის იყოს შრომაი შენი, მიგცე შენ სამკვიდრებელად სასუფეველი ცათა და ჰსუფევდე ჩემთანა საუკუნეთა მათ დაუსრულებელთა.
ძმანო ჩემნო საყვარელნო! არა გესმის სიტყვანი ესე უფლისანი? ჭეშმარიტად, ამას ყოველსა მეტყვის ჩვენ და ფრიად უმრავლესსა. უკეთუ ვისმინოთ მისი, ნეტარ იყოს ჩვენდა; უკეთუ ურჩ ვიქმნნეთ, ვაებაი საუკუნო მოგვეცეს. ეჰა საქმე ღირსი მრავლისა ცრემლისა და გოდებისა, რომელ საძაგელებაი ამის სოფლისა და გულისთქმანი ბილწებისანი, საწადელ არიან ჩვენდა, ვიდრეღა კეთილნი იგი საუკუნენი!!
განვიდეთ, ჰოი კაცო, სამაროვანად (სასაფლაოზედ), მიჩვენე მამაი შენი, და დედაი შენი, ანუ სხვა თვისთაგანი. გულის-ხმა-ჰყავ, რამეთუ შენცა ეგრეთვე ყოფად ხარ შემდგომა დმცირედისა! სადა არს აწ, რომელი იგი ოქროითა შემკულ იყო და ოქრო ქსოვილი ემოსა? რომელი იგი ეტლთა ზედა ოქრო ქანდაკებულთა ამხედრებულ იყო და მხედრობა ათასეული წინა უვიდოდა? და ქადაგნი შეასხმიდეს, რომელთამე მოსწყვედდა, რომელთამე შეაწყვდევდა, სხვათა ანიჭებდა, სხვათა ადიდებდა და სჩნდა, ვითარცა მპყრობელი სოფლისა?! აწ შთახედეღა საფლავსა მისსა და მიჩვენე დიდება მისი. ვერა რას ჰხედავ, გარნა მატლთა და წუთხსა, ძვალთა და ნაცარსა და მტვერსა! იგი ყოველივე დიდება აჩრდილი იყო და წარხდა, ზღაპარი იყო, და საკიცხელ იქმნა. ჱე, თუმცა აქამდე იყო სიძნელე მათი, ამაოება ოდენ და დავიწყებაი, ხოლო უძვირესი ესე არს, რომელ დიდება იგი, და პატივი, და შვება, და ბრწყინვალება აჩრდილი იყო და განქარდა. ხოლო ამათ მიერ შემოსრული იგი სულთა შინა ცოდვაი, არა აჩრდილებრ განქარდების, არცა დაივიწყების, არამედ ჩვენ თანა ჰგიეს საუკუნესა მას და გამოსცხადდებიან წინაშე ქრისტესსა: მტაცებლობანი ჩვენნი და ანგარებანი. - სიძვანი და მრუშებანი და სხვანი იგი ბოროტნი! ყოველივე განცხადებულად აღწერილნი წარმოსდგენ წინაშე ჩვენსა: რომლითამე თვალითა მივჰხედნეთ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა? რამეთუ წარდგომა გვიხმს წინაშე საყდრისა მის საშინელისა და შესაძრწუნებელისა, და ყოველთავე საქმეთა ჩვენთა გამოძიება ყოფად არს გამოწვლილვით, ჭეშმარიტებით და მართლ-მსაჯულებით. აწ უკვე, საყვარელნო, ესე ყოველი გულის-ხმა-ვჰყოთ და სინანულითა განვიბანნეთ ცოდვანი ჩვენნი, რათა არა სირცხვილეულ ვიქმნნეთ წინაშე ღვთისა და ანგელოსთა და კაცთა, არამედ კადნიერებით წარმოვუდგეთ საყდარსა ქრისტესსა. ჱე, გევედრები, ძმანო, მოვიგნეთ კეთილნი საქმენი, ვიღვაწოთ დამარხვად, რა იგი გვამცნო უფალმან, რათა იყოს იგი ჩვენ თანა, ვითარცა აღუთქვა მოციქულთა, ვითარმედ: "აჰა ესერა მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა". ჰოი უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეუფეო სახიერო და კაცთ-მოყვარეო, ნუ განმეშორები ჩვენგან, ნუცა დამიტევებ და ნუცა დაგვაგდებ ჩვენ, არამედ ჩვენთანა ჯერ იჩინე მარადის ყოფად და შენ სუფევდე ჩვენ ზედა. აღხოცენ ხელით-წერილნი ცოდვათა ჩვენთანი, გვიხსენ მძლავრებისაგან ეშმაკისა, მყვენ ჩვენ მუშაკ წმიდათა მცნებათა შენთა, წარმიძეღვ ქმნად ყოვლად წმიდისა ნებისა შენისა და ღირს გვყვენ ყოველნი მარჯვენით შენსა დგომად დღესა მას სასჯელისასა და ღრუბლითა აღტაცებად, რათა მივემთხვივნეთ კეთილთა მათ და მოუგონებელთა და გამოუთქმელთა ზეცისა სასუფეველსა. რამეთუ შენ ხარ, რომელსა გნებავს ყოველთა კაცთა ცხოვრება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლა და შენი არს სუფევა, ძალი, და დიდება, და შენდა შვენის ყოველი პატივი, მადლობა და თაყვანისცემა თანა დაუსაბამოთ მამით შენით, და ყოვლად წმიდით სახიერით, და ცხოველს-მყოფელით სულითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი ჰოი ჩემდა დღისა მისთვის საშინელისა! ჯერ იყო


ვნებების შესახებ

იბრძოლე, შვილო, რადგან საღვთო გზა ვიწრო და ეკლიანია არა თავისი ბუნებით, არამედ ჩვენი ვნებების გამო. და რადგან გვსურს გულიდან ეკლიანი ფესვების – ვნებების ამოძირკვა და იქ სასარგებლო მცენარეების დარგვა, ბევრი შრომა მოგველის, ხელები დაგვისისხლიანდება და ოფლშიც გავიწურებით; ამდენი ფესვის, ანუ ვნების ნახვისას დროდადრო სასოწარკვეთასაც მივეცემით, მაგრამ სასოება ქრისტეზე, ჩვენი სულების მკურნალზე უნდა დავამყაროთ და გულის ნიადაგი ყოველდღიურად დავამუშაოთ, გავწმინდოთ. მოთმინება, გლოვა, სიმდაბლე, მორჩილება, ნების მოკვეთა – ეს ყველაფერი ხელს უწყობს მის დამუშავებას. ძალღონე არ დავიშუროთ და ღმერთი, რომელიც ჩვენს შრომას ხედავს, მოვა, აკურთხებს მას და წარმატებას მივაღწევთ.
გამხნევდი, შრომა ხანმოკლე და წარმავალია, ხოლო „სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა“ (მათ. 5, 12). იბრძოლე და იფხიზლე გულისსიტყვებთან მიმართებაში. ურყევი სასოება გქონდეს, რადგან ეს მიანიშნებს, რომ სახლი კლდეზეა დაფუძნებული, ხოლო კლდე ქრისტეა.

2. სიმშვიდე გქონდეს, ნუ მრისხანებ, რადგან მრისხანება ქედმაღლობის და საკუთარი ნების ნაყოფია, სიმშვიდე კი – მდაბალი გულის და საკუთარი ნების მოკვეთის. როცა ვინმე მრისხანებს, მისი გონება განსჯის უნარს კარგავს, რის გამოც წონასწორობას ვეღარ ინარჩუნებს და უჯერო სიტყვებსა და მოქმედებებზე გადადის.
წმინდა მამები ყველა ვნებას, განსაკუთრებით კი მრისხანებას, სიმთვრალეს ამსგავსებენ, რადგან მთვრალი ადამიანი კარგავს ღირსებას და სხვების წინაშე სასაცილო ხდება. ასევეა მრისხანეც, როცა ბობოქრობს.
უფალი გვეუბნება: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი“ (მათ. 11, 29). მშვიდი სინდისის მოსაპოვებლად საჭიროა აღვირი ამოვდოთ და ავლაგმოთ მრისხანების მხეცი, რომლის ბუნაგიც ქედმაღლობა – ეგოიზმია.
როცა ის პიროვნება სამართლიანად თუ უსამართლოდ გისაყვედურებს, თავი შეიკავე, დათრგუნე შინაგანი მღელვარება, პირი მოკუმე, შინაგანი ლოცვა დაიწყე და მაშინვე დაინახავ, როგორ გაიგუდება მხეცი! მაგრამ ყოველი გამარჯვებისთვის ბრძოლაა საჭირო.
როცა შენში მრისხანება იმარჯვებს, იცოდე, რომ ლუკმას უგდებ მას და შესაბამისად, შემდეგ ჯერზე უფრო გაძლიერდება. ხოლო როცა მხეცი მძვინვარებს და მას ზემოთ მოყვანილი ხერხით გუდავ, იცოდე, რომ საკვების გარეშე ტოვებ, ამიტომ მომდევნო გაავებისას უფრო დასუსტდება, შემდეგ უფრო მეტად დაუძლურდება და ნელ-ნელა განიკურნები.

3. თვითკმაყოფილებისა და შრომას სასყიდელი არ აქვს (მთარგ.).">ცუდადმზვაობრობის გულისსიტყვები საშინელია და ძნელია მათთან გამკლავება, მაგრამ იესოს სიმდაბლის წინაშე სრულიად უსუსურნი ხდებიან. „ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ“ (იოან. 8, 32) ყოველგვარი ცოდვისა და ვნებისგან.
წმინდა მამები წერენ: „როცა პილატესა და ჰეროდეს ერთმანეთთან შერიგებულს ნახავ, იცოდე, რომ ისინი იესოს მოსაკლავად ემზადებიან. როცა დაინახავ, რომ ცუდადმზვაობრობა და ამპარტავნება თავს გესხმიან, ფრთხილად იყავი – შენი სულის წარწყმედა განუზრახავთ!“
შიშმა და ძრწოლამ უნდა მოგიცვას, როცა ასეთ გულისსიტყვებს აშკარად დაინახავ, რადგან ღვთის განგება მათი სიდიდის შესაბამისად გწვრთნის, რომ განსაცდელთა მეშვეობით სიმდაბლე ისწავლო.
აიძულე თავი სიმდაბლისთვის და როცა ნახავ, რომ ცუდადმზვაობრობის და ამპარტავნების გულისსიტყვები ვერ მოდრიკე, აიღე და ირტყი შოლტი. ხორციელი ტკივილი სულიერს გააძევებს და შენი ასეთი ბრძოლის მხილველი ღმერთი შესაბამის ძალას მოგცემს, რადგან იესო თავის ყოვლისშემძლე ძალას თითოეულს განზრახვისა და ბრძოლისამებრ უგზავნის.
დაფიქრდი, რამდენმა იქადაგა, დაწერა, ჩამოაყალიბა დოგმები, ქვეყანა წიგნებით აავსო ორიგენესავით, რომელმაც ბევრი წიგნი დაწერა, მრავალი აცხონა ან განამტკიცა მოწამეობისთვის, თვითონ კი ბოლოს მწვალებელთა მოძღვარი გახდა და ღმერთს განეშორა.
ვაი! როგორ ბოროტებას შობს ამპარტავნება ადამიანში! მისი საქმეები ღმერთს არაფრად მიაჩნია, რადგან ისინი წყლის სათავეს კი არა, წყაროს და ონკანს წააგავს!
როგორ შეუძლია ონკანს მასში წყლის დინება საკუთარ ქმედებად ჩათვალოს, როცა იცის, რომ სათავეა ამის მიზეზი? მაგრამ დავიწყება ცუდი მასწავლებელია სულისთვის; ჭეშმარიტება რომ ახსოვდეს, უგუნურად არ მოიქცეოდა.
რატომ დაეცა ლუციფერი? ამპარტავნების გულისსიტყვისგან. ასე არ არის?! მისი უბედურება ჩვენთვის გაკვეთილად უნდა იქცეს, რადგან ადამიანი გამოცდილებას და სიფრთხილეს არა მარტო თავისი ცხოვრებით, არამედ სხვისი ჭირის შემყურეც იძენს. რატომ დაეცნენ დიდი ასკეტები, რომლებიც ყველაფრის უარყოფამდე, ეშმაკეულობამდე მივიდნენ და მონაზვნობის საზოგადო განქიქებისთვის ერში დაბრუნდნენ? იმიტომ, რომ თავი სხვებზე უკეთესი და სათნო ეგონათ, მიაჩნდათ, რომ რაღაცას აკეთებდნენ.

4. ნუ ასაზრდოებ ვნებებს დათმობით, რომ ტკივილისა და მწუხარების დათმენა არ მოგიხდეს! ახლა, რამდენადაც შეგიძლია, გაისარჯე. თუ ვნებებს გულმოდგინებით არ აღუდექი წინ, დროთა განმავლობაში მეორე ბუნების ადგილს დაიკავებენ, მერე სცადე და გაუმკლავდი მათ. და თუკი ახლა, ჩვენი რჩევით, მათ წესისამებრ შეებრძოლები, გათავისუფლდები და ღვთის მადლით, თავს ბედნიერად იგრძნობ.

5. რაც უფრო სწრაფად მოიპოვებ სათნოებას, მით უფრო იოლად კარგავ მას, ხოლო რაც უფრო გვიან და მეტი შრომით, – უფრო მტკიცედ ინარჩუნებ. როგორც, მაგალითად, გოგრა, რომელიც გაიზარდა და კედარს უთხრა: „აი, რამდენიმე დღეში გავიზარდე! შენ კი რამდენი წელი დაგჭირდა?!“ – „კეთილი, – უპასუხა კედარმა, – ჯერ არც ქარი გინახავს, არც სიცხე და არც სიცივე!“ მართლაც, ცოტა ხანში გახმა გოგრა, კედარი კი ისევ მყარად იდგა თავის ადგილას!
ადამიანიც ასეა. ღელვაა თუ მშვიდობა, ის არ იცვლება. რატომ? იმიტომ, რომ დროთა განმავლობაში განმტკიცდა. თავიდან ამ სოფლისგან განშორებულის მდგომარეობა მერყევია, მაგრამ დროთა განმავლობაში ღვთის მადლი ნელ-ნელა ვნებებისგან გაათავისუფლებს და აღასრულებს ცხონებას. დღეს ოდნავ მეტი ძალდატანებაა საჭირო, ხვალ კი ღვთის მადლი თავისით დაიწყებს მოქმედებას და აღარ იქნება აუცილებელი თავის იძულება, რომ გახსოვდეს სიკვდილი, ჯოჯოხეთი და ა. შ. მადლი, რომელიც თქვენთან დარჩება, ამ ხსოვნას თქვენი სურვილის გარეშეც მოგიტანთ და მაშინ საიდუმლოებათა საიდუმლოებებს იხილავთ! დაგეუფლებათ სიკვდილის ხსოვნა ან სხვა რაიმე განცდა. როცა გაიღვიძებ და თვალებს გაახელ, ნამძინარევი კი არ იქნები, არამედ იგრძნობ, რომ ჭვრეტის მთელ საიდუმლოს ჩასწვდი და იტყვი: როგორ შეიძლება ასეთი გრძნობა ახალგამოღვიძებულს დაეუფლოს? როგორ ხდება ეს? მხოლოდ ღვთის მადლის მოქმედებით. ეს ხანგრძლივი მეცადინეობის შედეგია.
იმ ადამიანს, რომელიც ძილშიც და ღვიძილშიც მხოლოდ ცოდვასა და ბოროტებაზე ფიქრობს, ცოდვა ბოლოს ცუდ ჩვეულებად ექცევა და ეშმაკის დახმარებით მუდმივი ბოროტება ხდება. ასევეა კარგი ჩვეულება, რომელიც ღვთის მადლის დახმარებით ადამიანის ერთგვარ მდგომარეობად იქცევა.

6. შვილო, მწერ შენი ხორციელი ბრძოლის შესახებ. მოითმინე და ღვთის მადლით, ყველაფერი ჩაივლის. არაფერი დაგრჩება, ოღონდაც იბრძოლე. თუ მხნედ აღუდგები წინ ყველაფერს, რაც გებრძვის, ბრძოლა ხანმოკლე აღმოჩნდება.
ხორციელი ვნება მთელი ახალგაზრდობის მანძილზე შენი თანამგზავრი იქნება, თუმცა შენი ბრძოლის შესაბამისად შესუსტდება და შენთვის ასატანი გახდება. ამპარტავნების ვნება უფრო დიდხანს, ახალგაზრდობის შემდეგაც გასტანს. შემდეგ კი დაისვენებ იმ ბრძოლისა და სულიერი ცოდნის შესაბამისად, რითაც შეეწინააღმდეგები.
ეს ორი ვნება ყველა დანარჩენზე უფრო ძლიერია, ამ ორზეა აღმართული ცოდვის მთელი შენობა და ერთი მეორის შემადგენელია. ორივე საზარელი ლომია, მაგრამ ჩვენს იესოს ერთი მხიარული მზერით შეუძლია ისინი მტაცებელი ფრინველების საზრდოდ აქციოს.

7. ნუ მრისხანებ – ეს ქედმაღლობის ნიშანია, სიმშვიდე და სულგრძელობა კი სიმდაბლეზე მეტყველებს.
ამიტომ, შვილო, თუ გსურს შეასუსტო და ამოძირკვო შენი ვნებები, სიმდაბლე და თავის განკითხვა შეიყვარე. ვნებები მხოლოდ ამ გზით სუსტდება და აღმოიფხვრება.

8. ხანდახან კაცი ეჭვობს, რომ მასზე ცუდი გულისსიტყვები აქვთ, ან ამასა და ამას ამბობენ. ამ ეჭვს, წმინდა მამების მიხედვით, გონებისმიერი ტყუილი ეწოდება. ხოლო სიტყვიერი ტყუილია, როცა იმის ნაცვლად, რომ ვთქვა, მაგალითად, „მაქვს ხუთი დრაქმა“, ვამბობ: „მაქვს ათი“. ცხოვრების წესისმიერი ტყუილი კი ის არის, როცა, მაგალითად, უდებების გამო ლოცვაზე დაგვიანებით მისული, აღიარების ნაცვლად ვამბობ: „დაღლილი ვიყავი, რადგან დღისით ბევრი ვიმუშავე!“

9. მარხვა გამორჩეული სათნოებაა: იგი ხორციელ ლტოლვას აოკებს, სულს ძალას აძლევს, რომ შეებრძოლოს გულის მოწამვლას გრძნობების მიერ და უწინ მიღებული შხამისგან გამაჯანსაღებელ წამალს სთავაზობს.
მარხვა გონების მთლიანად განწმენდის, ბოროტი აზრის აღმოფხვრისა და ღვთიური, ჯანსაღი აზრების, წმინდა გულისსიტყვების მიზეზი ხდება. ეს კი გონებას განანათლებს და ისიც მეტი მოშურნეობითა და სულიერი მხურვალებით აენთება.

10. მთავარი, რაზეც უნდა ვიზრუნოთ, ის არის, თუ როგორ განვიწმინდოთ გული ვნებებისგან, როგორ შევასუსტოთ რომელიმე ვნება ან მანკიერება! ის, რითაც ღმერთი დროდადრო გვანუგეშებს, გადამწყვეტ როლს არ თამაშობს, რადგან მოდის და მიდის. ოჰ, ეს ვნებები! ისინი ეკლიანი ფესვებია! რამდენი შრომა, ტკივილი, ცრემლი და ლოცვაა საჭირო, რომ კაცმა მცირედი შვება მაინც იგრძნოს. ეს ნამდვილი მოწამეობაა!

11. სიძვა ძნელად დასაძლევი ვნებაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას წინ უსწრებს და აძლიერებს წინასწარგანწყობა. მაგრამ ღმერთი ამ ვნებისგან ათავისუფლებს მას, ვინც მისკენ სიმდაბლით მიიქცევა, რადგან იცის, თუ რა ადვილად ეცემა ჩვენი ბუნება.

12. ვევედრები მოწყალე ღმერთს, გიჩვენოს ხსნის გზა და როგორც ირემს, წარგიძღვეს მაცოცხლებელ და განმაახლებელ „წყაროთა მიმართ წყალთასა“ (ფსალმ. 41, 1), რადგან სასტიკი და ძნელად სავალია ცხონების გზა. ადამიანი სავსეა ვნებებით, უძლურებებით, თვითრჯულობით და ა. შ. და მათგან გასათავისუფლებლად სისხლისმღვრელი ბრძოლა უნდა გასწიოს. ხოლო როცა ღვთის დახმარებით მოიპოვებს გამარჯვებას, ეს აქ, ამ ცხოვრებაში იქნება წინაპირობა მომავალი ქორწინებისა კრავთან, რომელიც ღვთისგან დაწყევლილი სასტიკი ხელით არაადამიანურად დაიკლა.
იბრძოლე, შვილო, რადგან საღვთო გზა ვიწრო და

622. იგივე ძმამ, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით ოდნავ დაწყნარდა, კვლავ ჰკითხა იმავე დიდ ბერს: ღვთისადმი შენმა სიყვარულმა ასეთი რამ წარმოთქვა, რომ ცოდვილს თავის ცოდვების აღხოცვა სინანულით შეუძლია; კი მაგრამ, როგორ? ნუთუ ის წმინდანთა ლოცვებს არ საჭიროებს და თავის თავად შეძლებს ამას? ხოლო, თუ თვითონ ჭეშმარიტად არ შეინანებს და მარტო წმინდანები ილოცებენ მისთვის, მაშინ მიეტევება თუ არა მას ცოდვები მათი გულისთვის?
თუ ადამიანი თავისი ძალისაებრ თვითონ არ იშრომებს და წმინდანთა ლოცვებს თავის შრომას არ შეუერთებს, მაშინ იგი მხოლოდ წმინდანების ლოცვით, ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს. წმინდანებმა რომ იმარხულონ და ილოცონ მისთვის, თუ ის ავხორცობას მიეცემა და უჯეროდ იცხოვრებს, რა სარგებელს მოუტანს მათი ლოცვა? რამეთუ აქ ცხადდება ის, რაც წერილშია ნათქვამი: „თუ ერთი აშენებს და მეორე არღვევს, რას მოიგებენ, გარდა დაღლისა?“ (ზირ. 34, 23). წმინდანთა ლოცვით შესაძლებელი რომ იყოს მისი ცხონება, ვინც ოდნავადაც არ უკვირდება საკუთარ თავს, მაშინ რა შეუშლიდა წმინდანებს ხელს, ასეთნაირად ამა სოფლის ყველა ცოდვილი რომ აცხოვნონ? თუმცა, ცოდვილს შეუძლია მცირეოდენი შრომა, მაგრამ ის მართლის ლოცვას მაინც საჭირეობს. რამეთუ, მოციქული ამბობს: „ფრიად შემძლებელ არს ლოცვაი მართლისაი შეწევნად“ (იაკ. 5, 16), ანუ, როდესაც წმინდანი და მართალნი ცოდვილისათვის ლოცულობენ, მაშინ ცოდვილმაც თავის ძალისაებრ, წმინდანთა ლოცვებს სინანულით ხელი უნდა შეუწყოს; და ვინაიდან მას არ შეუძლია თავის ვალების მთლიანად გადახდა, მას მცირედი მოაქვს, ხოლო წმინდანთა ლოცვებს - ბევრი. მაგალითისთვის ვთქვათ, ვინმეს ათი წონა ხორბლის გადატანა სჭირდება, თავად კი ორის აწევაც არ შეუძლია; ამიტომ ის ღვთისმოშიშ ადამიანს მოძებნის, რომელიც მის ნაცვლად ცხრა წონას წაიღებს, ხოლო მას მხოლოდ ერთს დაუტოვებს და ასეთნაირად ხსნის საშუალებას მისცემს და ავაზაკებისაგან დაიფარავს, რომელთაც შესაძლოა გზაზე მოკლან იგი. ზუსტად ასევე ხდება აქაც. ცოდვილი კიდევ იმ ადამიანს ჰგავს, რომელსაც სხვისი ასი ოქროს მონეტა მართებს. როდესაც მსესხებელი ვალის შესახებ შეახსენებს, ის ერთ კეთილკრძალულ და მდიდარ ადამიანთან მივა და სიყვარულის გამო სთხოვს, რომ რამდენიც შეუძლია, მისცეს. მდიდარს კი, რადგან კაცთმოყვარეა და ხედავს მის გასაჭირს, შეეცოდება და ეტყვის: „ძმაო! რაც მაქვს, შენთვის გავიღებ და გაგათავისუფლებ ხელწერილისაგან“. ამრიგად, უკვე მოვალეზეა დამოკიდებული, რომ ბევრისაგან გასათავისუფლებლად, მცირედის გადახდას შეეცადოს. რამეთუ, სანამ ის გულმოწყალე ადამიანი მის მიტანილ ათ ოქროს მონეტას არ დაინახავს, მანამ თვითონაც დააეჭვებს იმ ოთხმოცდაათი მონეტის დადება, იცის რა, რომ გამსესხებელი არ დააბრუნებს ხელწერილს, სანამ მთლიანად არ მიიღებს იმ ას მონეტას, რომელიც გაასესხა.
თუ ადამიანი თავისი ძალისაებრ თვითონ არ


საახალწლო ეპისტოლე - 1983

გარდამოიხილე ზეცით, ღმერთო, და იხილე და მოხედე ვენახსა ამას,
და განამტკიცე ესე, რომელ დაასხა მარჯუენემან შენმან (მღვდელმთავრის კონდაკი).

ქრისტეს მიერ საყვარელნო ჩვენო სულიერო შვილებო, მკვიდრნო საქართველოისა და მცხოვრებნო ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ!


მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა (კოლასელთა მიმართ, 1,3).
მშვიდობით განვლო 1982 წელმა და კარს მოგვადგა ახალი წელი. ნამდვილად ბედნიერი იყო ჩვენი სამშობლოსათვის წარსული წელი. ყველაფერში იგრძნობოდა სულიერი აღმავლობა: შრომაში, სწავლაში, მეცნიერებაში, კულტურაში, ეკლესიაში, ცხოვრებაში, ღვთის მადლით მშვიდობა სუფევდა ჩვენს ქვეყანაში. საერთაშორისო დაძაბულობის ვითარებაში ხალხმა უფრო მეტად შეიგრძნო მშვიდობის ფასი. ბირთვული ომისა და ბირთვული იარაღის პრობლემა დღევანდელ პირობებში არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ დედამიწაზე სიცოცხლის შენარჩუნების პრობლემასაც წარმოადგენს.
საქართველოს უძველესი ეკლესია ყოველთვის მონაწილეობს მშვიდობის დაცვისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმებში და დიდი წვლილი შეაქვს ამ საქმეში. ამასთან დაკავშირებით ჩვენმა ეკლესიამ აქტიური მონაწილეობა მიიღო 1982 წლის 10-14 მაისს მოსკოვში ჩატარებულ სამშვიდობო კონფერენციის მუშაობაში. ამ კონფერენციამ, რომელშიც მსოფლიოს თითქმის ყველა რელიგიის წარმომადგენელი მონაწილეობდა, გააერთიანა მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებისათვის მებრძოლი სხვადასხვა რელიგიის მიმდევარნი.
უნდა აღინიშნოს, რომ მშვიდობის დაცვის ამ დიდ საქმეში მიღწეულია გარკვეული შედეგები. მსოფლიო პროგრესული კაცობრიობა დიდი მკაყოფილებით შეხვდა იმ ფაქტს, რომ ჩვენმა სახელმწიფომ მიიღო ვალდებულება, პირველმა არ გამოიყენოს ბირთვული იარაღი.
მთავარი ის არის, რომ ჩვენ დღეს უფრო მეტად შევიგრძენით, თუ რა პასუხისმგებლობა გვაკისრია ღვთისა და სამშობლოს წინაშე. ჩვენდა სასიხარულოდ და საბედნიეროდ, ჩვენი ახალგაზრდობა დღეს ბევრს ფიქრობს არა მარტო დღევანდელზე და მატერიალურზე, არამედ ხვალინდელ დღეზე, მარადიულზე და ზემიწიერზე; სურს შეიცნოს, ვინ ვიყავით ჩვენ წარსულში, დღეს ვინ ვართ და ხვალ ვინ ვიქნებით. ეს უკვე ბევრს ნიშნავს.
ახალ წელს ყველას ბედნიერებას ვუსურვებთ, მაგრამ ხშირად არ ვფიქრობთ ამ სიტყვის შინაარსზე და თუ ვფიქრობთ, ვფიქრობთ ზერელედ.
მრავალი ადამიანი თავის ბედნიერებას სხვადასხვა გარემოებას, სიმდიდრეს, მდგომარეობას, ცოდნას უკავშირებს, მაგრამ სულის სიმშვიდეს ვერ პოულობს. მაინც რა არის ბედნიერება? ეგებ სულაც არ არსებობს იგი, ეგებ ჩვენ თვითონ მოვიგონეთ? არა, ბედნიერება, ნეტარება ნამდვილად არსებობს; ეს არის ნაყოფი რწმენისა და სიყვარულისა. ბედნიერნი ვართ, როცა ჩვენთან არის ღმერთი, გვწამს და გვიყვარს უფალი, სამშობლო, მშობელი, ოჯახი, მოყვასი...
სიყვარული ისეთივე მრავალმხრივი, უსაზღვრო და უნაპიროა, როგორც თვით უფალი. ამიტომაც ამბობს იოანე ღვთისმეტყველი: ღმერთი სიყუარული არს და რომელი ეგოს სიყუარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა (I იოანე 4,16).
ადამიანებთან, საგნებთან, იდეებთან, ცნებებთან ხშირად ჭეშმარიტი სიყვარულის გაუცნობიერებლად ვამყარებთ კავშირს. სიყვარული ნიშნავს პირადის უარყოფას, ცხოვრებას მოყვასისათვის.
ღმერთი სიყვარულია, ქრისტე მაგალითია სიყვარულისა, სული წმიდა - ძალი სიყვარულისა, ეკლესია - საგანძური და მფარველი მისი, ქრისტიანობა - სიყვარულის რელიგიაა, ქრისტიანი კი - ნიმუში სიყვარულისა. სახარების მთავარი თემა, ღვთისადმი ჩვენი რწმენის საფუძველი, უფლისა და მოყვასისადმი ჩვენი დამოკიდებულების განმსაზღვრელი სიყვარულია.
სრულყოფილი სიყვარული ორმხრივია: ღვთაებრივი ზეციდან ეფინება მიწას, ადამიანური კი მიწიდან უნდა მიისწრაფვოდეს ზეცისა და სხვა ადამიანებისაკენ.
სიყვარული მარადიული, ნიადაგ განახლებული, ერთ ადამიანში დაუტევნელი ძალაა. იგი ბოლომდე ავსებს კაცის სულს, რათა შემდეგ გადმოიღვაროს და სხვათაც გაუნაწილდეს, როგორც ღვთიური მადლი და საზრდელი. სიყვარულს შესანიშნავი თვისება აქვს: სიყვარული ძლიერდება ჩვენში, თუ მას სხვას უხვად ვუნაწილებთ.
ალბათ, არცერთ სხვა ენაში არ მოიძებნება სიყვარულის ისეთი სიღრმისეული გამოხატვა, როგორც ეს ქართულ სიტყვებშია: გენაცვალე, შენი ჭირიმე...
ვინც რწმენითა და სიყვარულით ცხოვრობს, მისი ყოველი ნაბიჯი სიკეთითაა ნიშანდებული. რწმენა და სიყვარული აუცილებლად გვაჩვენებს გზას მოქმედებისათვის; იგი მტირალთან ტირის და მხიარულთან იცინის, იჩქარის სნეულთა, დავრდომილთა და მხცოვანთა, ქვრივთა და ობოლთა სანახავად და დასახმარებლად. ასეთისათვის არ არსებობს სხვისი გოლგოთა, სხვისი ტანჯვა-წამება, ეს ყველაფერი მისია, საკუთარია; სიყვარულისათვის უცხოა შიში.
XIV საუკუნეში ქართლის მეფე გიორგი VII თათართა წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხების შემდეგ თავი სამცხეს შეაფარა. მეფის ერთგულმა იოთამ ზედგენიძემ შეიტყო, რომ გიორგის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა და ამის შესახებ მეფეს აცნობა. მაგრამ მან არ დაიჯერა. იოთამმა სთხოვა გიორგის, ნება დაერთო ღამე მეფის საწოლში დაწოლილიყო. დილით, როდესაც მეფე გიორგი თავის ოთახში შებრძანდა, იოთამ ზედგენიძე აკუწული დახვდა. საქართველოს ეკლესიამ ასეთი თავდადებული ერთგულებისა და სიყვარულისათვის იგი წმიდანად შერაცხა.
მეორე მაგალითი:
რამ აიძულა მღვდელი თევდორე წამებით დაესრულებინა სიცოცხლე, თუ არა ღვთის რწმენამ და მამულის დიდმა სიყვარულმა?!
1609 წელს, ლუარსაბ II მეფობის დროს, ოსმალთა ჯარი შეიჭრა ქართლში, რომელსაც სურდა გაეგო, სად იყო დაბანაკებული ქართველთა მეფე. სოფელ კველთაში მუსულმანებმა შეიპყრეს მღვდელი თევდორე და მეგზურობა უბრძანეს; დარწმუნებულნი იყვნენ, მოძღვარმა იცოდა ლუარსაბ II ადგილ-სამყოფელი.
მამა თევდორე დათანხმდა გზის სწავლებას; სინამდვილეში კი მტერი სულ სხვა მიმართულებით გაიტყუა.
ბოლოს ოსმალები მიხვდნენ თევდორეს განზრახვას და საშინელი წამებით მოკლეს იგი. თავისი თავგანწირული გმირობით მამა თევდორემ სიკვდილს გადაარჩინა მეფე ლუარსაბი, ხოლო ქართველთა ჯარს საშუალება მისცა მომზადებულნი დახვედროდნენ მომხვდურს.
აი, რა არის ნამდვილი სიყვარული!
მოციქულთა დროს მოძმის სიყვარული ბუნებრივი მოვლენა იყო. წმ. პავლე მოციქული თესალონიკის ეკლესიის მიმართ გაგზავნილ ეპისტოლეში წერს: ხოლო ძმათმოყუარებისთჳს არა გჳხმს მიწერად თქუენდა, რამეთუ თქუენ თჳთ ღმრთივ სწავლულნი ხართ სიყუარულისათჳს ურთიერთარს (I თესალონიკელთა 4,9). მადლობჲ გჳღირს ღმრთისა მარადის თქუენთჳს, ძმანო, ვითარცა-იგი ღირს არს, რამეთუ უმეტესად აღორძნდების სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი და განმრავლდების სიყუარული კაცად-კაცადისა თქუენისაჲ ურთიერთარს (2 თესალონიკელთა მიმართ 1,3).
რწმენა ადამიანის სულისა და ღმრთის შინაგანი ერთობაა, ხოლო სიყვარული - ამისი გარეგნული გამოხატულება. სიცოცხლის აზრი სიყვარულისადმი მსახურებაშია. რწმენას მივყავართ ღმერთამდე, სიყვარული კი ადამიანებთან გვაახლოვებს.
ოდითგანვე ბრძენნი ადამიანის ცხოვრების არსს მოყვასის ბედნიერებისათვის ზრუნვაში ხედავდნენ. გიყვარდეს მოყვასი და შენც უყვარდე სხვებს - უფლის მიერ ბოძებული დიდი ნიჭია. ასეთ დამიანს სარწმუნოება და სიყვარული კარნახობს, როგორ გამოძებნოს ურთიერთობის საშუალებები თვით ყველაზე გულქვა, კარჩაკეტილ, გულცივ, ყველაფრის მიმართ რწმენადაკარგულ, ადამიანებზე გულგატეხილ პიროვნებასთანაც კი.
სიყვარულს ეგოიზმი უპირისპირდება. ეგოისტი არაფერს გასცემს, იგი მხოლოდ თავისთვის ზრუნავს, და მთელი ქვეყნის სიმდიდრეც რომ მოიხვეჭოს, მაინც ვერ დაკმაყოფილდება.
სიყვარულის უარმყოფელნი თავიანთი კანონებით ცხოვრობენ: განსხვავებულია მათი შეხედულება საგანთა არსის, ცხოვრების აზრის, სიბრძნის, ზნეობის, ცოდვისა და მადლის შესახებ. ისინი ულმობელნი არიან სხვათა მიმართ და თავის ეგოცენტრიზმს ემსახურებიან მხოლოდ. ასეთები დაწვრილებით იძიებენ და უმოწყალოდ განიკითხავენ მოყვასის არა მარტო საქციელს, არამედ მისი სულის იდუმალ შრეებსაც და ცდილობენ, თვით ყველაზე სუფთა და ამაღლებულ მისწრაფებებშიც კი ჩრდილოვანი მხარეები დაინახონ. მათგან ამაოდ მოველით სიყვარულსა და თანაგრძნობას.
შინაგანი ტანჯვის გზით უნდა მიაღწიოს ადამიანმა რწმენამდე და ჭეშმარიტი სიყვარული და ცხოვრება მოიპოვოს.
ახალი ადამიანი რწმენითა და სიყვარულით უნდა აღიზარდოს. სულიწმიდის მადლით განახლებული პიროვნება შეძლებს გარემომცველ სულიერ და მატერიალურ სამყაროსთან ჰარმონიულად ცხოვრებას; მისთვის მთავარი იქნება თავად პროცესი მუდმივი განვითარებისა და სრულყოფისა.
ბიბლიაში ვკითხულობთ: მიხედეთ პირველთა ზედა ნათესავთა და იხილეთ, ვის ჰრწმენა უფლისა და ჰრცხუენეს, ანუ ვინ ეგო შიშსა შინა მისსა და დაუტევა; ანუ ვინ ხადა მას, და უგულებელსყო იგი, რამეთუ მოწყალე არს უფალი, და მიუტევებს ცოდვასა და აცხოვნებს ჟამსა შინა ჭირისასა (ისო ზირაქი 2,10-11).
ღვთისადმი რწმენითა და ხალხის სიყვარულით შენდებოდა, იწერებოდა და იქმნებოდა ყოველივე ღირებული და დიადი კაცობრიობის ცხოვრებაში.
წმიდა პავლე მოციქულის თქმით, სიყვარული სულგრძელი და ტკბილია; მას არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ამპარტავნობს, არ ჩაიდენს უწესობას, არ ეძიებს თავისას, არ იცის განრისხება, არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტებისაკენ ისწრაფვის, ყველაფერს იტანს, ყველას უჯერებს, ყველას იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს (I კორინ. 13,4-7). ესაა ნამდვილი სიყვარული, ამაშია ადამიანის ბედნიერება!
ასეთ დიდ და უძლეველ სიყვარულსა და ბედნიერებას გისურვებთ მეც, ჩვენო საყვარელო სულიერო შვილებო; გისურვებთ, რომ ყველა გიყვარდეთ და თქვენც ყველას უყვარდეთ.
მე უკვე მესმის კითხვა: ბოროტი კაცი როგორ შევიყვაროთ? ბოროტება, ცოდვა შეიძულეთ, თვით ადამიანი კი გებრალებოდეთ და გიყვარდეთ. ღმერთმა უწყის, იქნებ ის, ვინც ჩვენ დღეს გვძაგს, ხვალ ლოცვით, ცრემლით, მარხვითა და სინანულით განიწმიდოს და ანგელოზის მსგავსი გახდეს.
გაუადვილე შენს მოყვასს ცხოვრება, გაჭირვებულს გაუწოდე ხელი: გამოიჩინე მეტი სიყვარული, მეტი თანაგრძნობა, მეტი მოთმინება, მეტი სულგრძელობა, ნიჭს გაუხსენით გზა.
ბოლო წლებში ჩვენს სახელმწიფოში საფუძველი ჩაეყარა შესანიშნავ წამოწყებას, რომელსაც ეწოდება "ჩვენ ვეძებთ ტალანტებს". ასეთი მასობრივი ძიება უნდა იყოს ყველა დარგში. განსაკუთრებული მოვალეობა ამ მხრივ ეკისრებათ ჩვენს მეცნიერებს, პოეტებს, ხელოვნების მუშაკებსა და საერთოდ ყველა შეგნებულ ადამიანს.
გილოცავთ ახალ წელს და შევთხოვ ყოვლის შემძლებელ ღმერთს, რომ ეს წელი ჩვენი ერისთვის მშვიდობიანი და ბედნიერი იყოს.
ჩემი საახალწლო ეპისტოლე მინდა დავამთავრო დიდი მათემატიკოსის, ბლეზ პასკალის სიტყვებით: "მაცხოვრის გარეშე კაცი ყოველთვის ბიწიერებასა და უბედურებაში იქნება დანთქმული. მაცხოვრის წყალობით კაცი თავს აღწევს ბიწიერებას და უბედურებას. მასშია მთელი ჩვენი სიქველე და ბედნიერება. უმისოდ მხოლოდ ბიწიერებაა, უბედურება, ცთომა, წყვდიადი, სიკვდილი, უსასოება" (პასკალი, აზრები, თბ., 1981, გვ.402).
ბედნიერია ღვთისმშობლის წილხვედრი ჩვენი სამშობლო, ბედნიერი ბრძანდებით თქვენ, ღვთისმორწმუნენო, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი.
ღმერთმა დაგლოცოთ!

1983 წელი, თბილისი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გარდამოიხილე ზეცით, ღმერთო, და იხილე მოხედე

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3