ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები


საშობაო ეპისტოლე - 1991

"... ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი... ნუ გეშინია,
რადგან მე გიხსენი შენ, შენი სახელით მოგიწოდე,
ჩემი ხარ შენ. როცა წყლებს გადახვალ შენთან ვიქნები
და მდინარეები არ წაგიღებენ. როცა ცეცხლში შეხვალ,
არ დაიწვები და ალი არ მოგეკიდება, რადგან მე ვარ
უფალი შენი ღმერთი... შენი მაცხოვარი" (ესაია 43,1-3).

საქართველოს წმიდა მართლმადიდებლური ეკლესიის სულიერ შვილებს:

ღვთისმოყვარენო ღვთივკურთხეულნო შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიისა, მშვიდობა თქვენდა და სიხარული ღვთისა - მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, რომელსა შვენის დიდება და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გასაოცარი სიმდაბლით წარუდგა სოფელს უფალი ჩვენი. ჩვეულებრივი ადამიანური სამყოფლის ღირსიც არ გახდა იგი. ბეთლემის გამოქვაბულმა და ბაგამ შეიკედლა და გაათბო ძე ღვთისა.
ანგელოზთა დასი მის ქვეყნად მოვლინებას შეხვდა საზეიმო გალობით: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება". ამ დროს კი სოფელი, რომლის ხსნისთვისაც განხორციელდა იესო ქრისტე, უგრძნობი დარჩა ღვთის შობის აღსრულებული დიადი საიდუმლოს მიმართ. ოდენ ციურნი მნათობნი იყვნენ მოწმენი უცხო სასწაულისა, მხილველნი ახლადშობილი მაცხოვრისა.
და გამოჩნდა უჩვეულო ვარსკვლავი, რომელმაც უწინამძღვრა და ბეთლემის გამოქვაბულთან მოიყვანა მოგვნი ბაგაში მწოლი ღვთის თაყვანისსაცემად.
სიდიადე და თავმდაბლობა - როგორი გაუგებარი და შეუთავსებელნია ისინი ჩვენი აზროვნებისათვის. არადა აუცილებელია ჩავწვდეთ ამ სიტყვების აზრს და არა მარტო გავიცნობიეროთ იგი, არამედ ვიცხოვროთ ამ სულისკვეთებით, რათა შევძლოთ მივეგებოთ ჩვენსკენ მომავალ მაცხოვარს.
თქვენ იკითხავთ: მივეგებოთ, მაგრამ რით? ოქროთი, გუნდრუკითა და მურით?
სჭირდება კი უფალს ცოდვით დამძიმებული ჩვენი სასახლეები და ქალაქები, სხვათა სიკვდილისა და მწუხარების ფასად შეძენილი ჩვენი ქონება, ან ჩვენი ცოდნა, მაღალი თანამდებობა?
არა, მას მხოლოდ რწმენითა და სიყვარულით გამთბარი ჩვენი სუფთა გული სურს, რათა დაივანოს იქ და არასდროს განგვშორდეს.
ძველი რომაული გამონათქვამია: "მივედ, ვნახე, გავიმარჯვე". ზოგს მიაჩნია, რომ ღრმა აზრით სავსე ეს სამი სიტყვა რომის იმპერატორების მიმართ იყო თქმული. ვფიქრობ, იგი თითოეულ ჩვენგანსაც ეხება.
ყოველი ჩვენგანი ღვთის ნებით მოვიდა ამ ქვეყნად, რათა იხილოს იგი, სარწმუნოებით სძლიოს წუთისოფლის განსაცდელით სავსე ცხოვრებას და გამარჯვებული სუფთა გულით წარუდგეს შემოქმედს.
დიახ, ჩვენი ამქვეყნიური ყოფა რაღაც დიადისა და მარადიულის კარიბჭეა. მიწიერი ცხოვრება რთული, წინააღმდეგობებით სავსე და მრავალფეროვანია. ამ მცირე დროში უნდა მოვასწროთ სამყაროს რეალური სახის დანახვა, მისი სწორად აღქმა და, რაც მთავარია, შევძლოთ საკუთარი თავის შეცნობა. ხედავდე შენს თავს და სამყაროს ერთმანეთისაგან განცალკევებულად კი არა, არამედ ერთმანეთში: შენს თავს - სამყაროში და სამყაროს - შენში, - აი, რას უნდა ვესწრაფოდეთ ჩვენ.
თავის შეცნობა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენში დაბუდებული სიცრუისა და ტყუილის აღმოჩენით უნდა დავიწყოთ. უნდა დავინახოთ ყოველივე არაჭეშმარიტი, ფარისევლური, რომელიც ბორკილად ადევს ჩვენს სულს: უნდა დავინახოთ ჩვენი ამპარტავნება და ეგოიზმი, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე თან გვდევს და გვიბიძგებს მრავალი ცოდვის ქმნისაკენ. ამ ცოდვით სავსენი ადვილად გავცემთ მეგობარს, ვღალატობთ სწორ იდეას, რომელსაც წლობით მივყვებოდით, ვღალატობთ ჭეშმარიტებას...
და თუ გამოსწორების სურვილი გვამოძრავებს, თავმდაბლობით უნდა შევიმოსოთ. მხოლოდ იგი სძლევს ამპარტავნებას.
წმიდა მაკარი დიდის ცხოვრებაში ვკითხულობთ: ერთხელ, როცა წმიდა მაკარი ჭაობიანი ადგილიდან პალმის ტოტებით ხელში თავისი კელიისკენ მიდიოდა, გზად ეშმაკი შეხვდა, რომელსაც ცელი მიჰქონდა. ეშმაკი შეეცადა ცელი წმიდანისათვის დაერტყა, მაგრამ ვერ შეძლო და გაბრაზებულმა უთხრა: დიდია შენი ძალა მაკარი. მე არაფრით შემიძლია შენი ვნება. რასაც შენ აკეთებ, მეც იმავეს ვაკეთებ; შენ მარხულობ, მე სულ არ ვჭამ; შენ ფხიზლობ, მე საერთოდ არ მძინავს; მხოლოდ ერთი რამით მჯობიხარ.
- რით? - ჰკითხა წმიდანმა.
- თავმდაბლობით. შენი თავმდაბლობის გამო მე არ მაქვს ძალა შენს საწინააღმდეგოდ.
და როცა ღირსმა მამამ ხელნი აღაპყრო, დემონი უჩინარ იქმნა.
მსგავსი სულიერი სიმაღლე მხოლოდ დიდი სულიერი შრომით, გამუდმებული თვითდაკვირვებით, ამქვეყნიურ საცდურთა დათრგუნვითა და დიდი სარწმუნოებით მიიღწევა.
ხშირად ადამიანი ვერ უმკლავდება წუთისოფლის ამაო ყოფას, მის მიერ შემოთავაზებულ სხვადასხვა კოლიზიებს; მრავალფეროვანი არჩევანის შესაძლებლობა, ურთიერთგამომრიცხავ გარემოებათა თავმოყრა, გზა ფართო და გზა ვიწრო... აბნევს მის ცნობიერებას.
თუ პიროვნება ჭეშმარიტი სარწმუნოებით არ ცხოვრობს, მისი ინტერესები მიწიერი და მსწრაფლწარმავალი სურვილებით განისაზღვრება, გზაც მისი არის ფართო და დამღუპველი მისი უკვდავი სულისთვის.
როდესაც წმიდა მეფე დავითის შემდეგ მისი ძე, სოლომონი, ავიდა სამეფო ტახტზე, უფალს მან, უპირველეს ყოვლისა, სიბრძნე და გონიერება შესთხოვა. "და უთხრა უფალმან სოლომონს: რაკი გულში ეს გქონდა და არ ითხოვე სიმდიდრე, ქონება, დიდება, შენი მტრების სული და არც ხანგრძლიგი სიცოცხლე ითხოვე, არამედ მხოლოდ ცოდნა გამომთხოვე სამართავად ჩემი ერისა, რომელზედაც მე გაგამეფე, გეძლევა სიბრძნე და ცოდნა. ისეთ სიმდიდრეს, ქონებასა და დიდებას მოგანიჭებ, რომლის მსგავსი არც შენს წინამორბედ მეფეებს ჰქონდათ და არც შენს შემდეგ ეღირსება ვინმეს" (II ნეშტთა 1,11-12).
დიახ, თითოეული ჩვენგანისთვის აუცილებელია ღვთივბოძებული სიბრძნე და გონიერება, რათა შევძლოთ დავინახოთ საკუთარი თავი და სამყარო ისეთი, როგორიც ის სინამდვილეშია, დავინახოთ, ისიც, რისი დათმობაც შესაძლებელია და ისიც, რაც უნდა დავიცვათ მტკიცედ; კარგად უნდა დავფიქრდეთ, რა ვაკეთოთ, რას ვესწრაფოთ, როგორ გავიმარჯვოთ.
უპირველესად ჩვენი ადგილი უნდა ვნახოთ ცხოვრებაში და განვსაზღვროთ სახე ჩვენი საქმიანობისა.
როდესაც სპეციალობას ვირჩევთ, პასუხი უნდა გვქონდეს კითხვებზე: ვისთვის იქნება საჭირო ეს საქმიანობა, მიგვიყვანს იგი ღმერთამდე, აქვს მას მარადიული ღირებულება?
დღეს, მართალია, ცოცხლები ვართ, მაგრამ არ ვუწყით, რა გველის ხვალ. ღმერთი ჩვენგან ელოდება ჩვენი დანიშნულების აღსრულებას. ჩვენი მარადიული ცხოვრება დამოკიდებულია იმაზე, თუ დღეს რას ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ, ვზრუნავთ თუ არა ჩვენი სულიერი ამაღლებისათვის.
ყოველ ეპოქას თავის შეხედულება აქვს ადამიანზე. ადამიანს ხან აამაღლებდნენ, ხან დაამდაბლებდნენ, ხან აღმერთებდნენ. დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად, მაგრამ უმთავრესი - ხატება ღვთისა - უცვლელი რჩება ჩვენში და იგი იმდენად ძლიერი და განმსაზღვრელია, რომ შეუძლია მთლიანად შეცვალოს პიროვნება, თუ, რა თქმა უნდა, მას ამის სურვილი აქვს.
ჰარმონიული შერწყმა გონებისა და გულის შესაძლებლობებისა ეხმარება ადამიანს სულიერ, ინტელექტუალურსა და კულტურულ სრულყოფაში, თავის შეცნობაში. ასევე უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბიბლიის შესწავლას.
ბიბლია არის ერთადერთი წიგნი კაცობრიობისა, რომელიც წარმოგვიდგენს ადამიანს ისეთს, როგორიც იგი იყო და არის საერთოდ: დაცემული და აღმდგარი, აღმდგარი და დაცემული; გვიჩვენებს დიდებულ და სუსტ მხარეებს. ბიბლია არ პირფერობს და არ ამცირებს პიროვნებას, არამედ წარმოგვიდგენს მას ისეთს, როგორადაც ხედავს ადამიანს მისი შემოქმედი ღმერთი, ყოვლის მხილველი.
ბიბლია ხსნის ჩვენი სულის უფაქიზეს შრეებს, თვალნათლივ გვიჩვენებს შედეგს ცოდვისა და ბოროტებისა, შედეგს სიყვარულის და სიკეთისა, გვიჩვენებს მარადიულ და წარმავალ ღირებულებებს.
ვინც დაკვირვებით კითხულობს წმიდა წერილს და სარწმუნოებით ცხოვრობს, მან იცის, რომ მარადიულისათვის უცხოა სიხარბე, იქ არ არის განყოფა ჩემსა და შენს შორის. ის ხედავს, როგორ შორდება ყოველივე საუკეთესო და კეთილშობილური, ხარბ, თავისი თავის მოყვარე სულს, რომელიც მარტოდმარტო იწვის დაუკმაყოფილებელი ეგოიზმის ცეცხლში; ეს ჯოჯოხეთური წვა არ შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს. ბოლოსდაბოლოს იფერფლება თვითონ ადამიანი, მისი სინდისი და სამარადისოდ იღუპება სული მისი.
ასეთი ადამიანები ვიწრო ინტერესებით ცხოვრობენ. მათთვის უცხოა ამაღლებული გრძნობები. ჭეშმარიტად, დიადი აღმოჩენების სიხარული არასოდეს ეძლევა მათ, ვინც ცდილობს იგი თავისი ინტერესებისა და კეთილდღეობისათვის გამოიყენოს. და პირუკუ, ის, ვინც ივიწყებს თავისას და სხვებზე ზრუნავს, ზრუნავს მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა, ავადმყოფთა, ობოლთა და საერთოდ გაჭირვებულთათვის, სანაცვლოდ იღებს ისეთ სიხარულს და ღვთის ისეთ წყალობას, რომელსაც ვერ შეედრება ვერანაირი მიწიერი კეთილდღეობა.
ყოველი წელი, ყოველი განვლილი დღე გვაახლოებს მარადიულობასთან. ყოველი ახალი წლის დადგომა მარადიულობის ძახილია ჩვენი გულის კართან: ეს არის დრო, როცა ჩვენ მიწიერი ამაოების იქით უნდა დავინახოთ წარუვალი ღირებულებები და ვეძებოთ გზები მათთან მიახლოებისათვის. დრო ჩვენ მოგვეცა იმიტომ, რომ გუშინდელთან შედარებით დღეს უკეთესნი გავხდეთ, ხვალ კი - დღევანდელზე უფრო კარგნი. უბედურია, ვინც დროს არ იყენებს და არ იცის მისი ფასი. დაკარგული ფული შეიძლება იპოვო, დარღვეული მეგობრობა განაახლო, შერყეული ჯანმრთელობა აღიდგინო, შეგიძლია იყიდო, გაყიდო და კვლავ იყიდო სახლი, მიწა, ქონება, მაგრამ არ არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ დაიბრუნო დაკარგული დრო. ვერ დაიბრუნებ ვერცერთ წუთს, სიკეთის ქმნის გარეშე უქმად ჩავლილს.
ჩვენ ყოველ ახალ წელს ბედნიერებას ველოდებით, მაგრამ განა შეიძლება ბედნიერებას ველოდოთ ხვალ, თუ დღევანდელი დღე შუღლში, ურთიერთდაპირისპირებაში, უზრუნველობასა და ცოდვაში განვლიეთ? რა არის ხვალის დღე, თუ არა სხვა სახის დღევანდელობა? იცოდე, გულო ჩემო, ვიდრე შენ არ განიწმიდები რისხვისა და ურწმუნოებისაგან, ამპარტავნებისა და შურისაგან, ვერცხლისმოყვარების, მრუშობისა და სხვა სიბილწეთაგან და არ იქცევი ტაძრად სულისა წმიდისა, შენ ვერასოდეს იქნები ბედნიერი. ჩვენ ვერ ვიქნებით ბედნიერნი, თუ არ აღვასრულებთ ჩვენს ვალს, ჩვენს დანიშნულებას ღვთისა და ერის წინაშე.
ჩვენი ბედნიერება რომ იყოს სრული, უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახს, მეგობრობას.
ოჯახი ბედნიერებასთან ერთად მოვალეობაცაა. მეუღლენი, უპირველეს ყოვლისა, მეგობრები უნდა იყვნენ. მოვიტან ერთ-ერთი ქალბატონის ჩანაწერს თავისი მეუღლის დღიურში: "ჩვენ ერთმანეთს ვეკუთვნით საუკუნოდ. მე - შენ. ამაში შენ შეგიძლია იყო დარწმუნებული. შენ ჩემს გულში ხარ დატყვევებული და ვერც ვერასდროს განთავისუფლდები, რადგან გასაღები ამ გულისა კარგახანია დაიკარგა".
რომ იყო ჭეშმარიტი მეგობარი, აუცილებელია გქონდეს ამაღლებული, მოსიყვარულე და მტკიცე სული. უნდა შეგეძლოს ბევრი რამის პატიება, ბევრის დავიწყება, ბევრის მოთმენა. დედობის, საერთოდ მშობლის ვალის შემდეგ ამქვეყნად ყველაზე მეტ მსხვერპლს მეგობრობა ითხოვს. მეგობარს უნდა შევწიროთ არა მარტო დრო და გრძნობები, არამედ ჩვენი მთელი შესაძლებლობები და, თუ აუცილებელია, სიცოცხლეც კი; იმაზე სასიხარულო და განმამტკიცებელი აზრი რა უნდა იყოს, როცა იცი, შენი მეგობარი არასდროს გიღალატებს, არასდროს მიგატოვებს.
ამ სტრიქონებს რომ ვწერ, ვფიქრობ ჩვენს ახალგაზრდებზე, ჩვენი ქვეყნის მომავალზე.
მეტად რთულ, მძიმე და დაპირისპირებულ დროში ვცხოვრობთ, როცა დგება საშიშროება დამანგრეველი ძალადობის ბატონობისა, პოლიტიკით ახალგაზრდობის მასობრივმა დაინტერესებამ მოსწყვიტა ისინი მეცნიერების ღრმად შესწავლის სურვილს, მოსწყვიტა შრომას; სამაგიეროდ თავი იჩინა მრავალმა პოლიტიკურმა პარტიამ, ასოციაციამ და სხვადასხვა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ.
ჩამოყალიბდა ისეთი პოლიტიკური პოზიციები, რომელნიც შერიგებისა და გაერთიანებისაკენ კი არ მოუწოდებენ ახალგაზრდებს, არამედ ქმნიან ბარიერებს, აცალკევებენ ხალხის ერთ ნაწილს მეორისაგან, რაც, არცთუ იშვიათად, აშკარა დაპირისპირებასა და მტრობაში გადადის. სამწუხაროდ, პირად ინტერესებსა და შეხედულებებს საზოგადოებრივი და ეროვნული ინტერესები ეწირება. უნდა ითქვას ისიც, რომ ხშირად ჩვენი ახალგაზრდობა თავის მსჯელობაში მეტად კატეგორიულია და მისი მოთხოვნები რეალობას მოწყვეტილი.
დავფიქრდეთ, ადრე ხომ არ არის ამდენი დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიის არსებობა, ადრე ხომ არ არის ჩვენი ასე დაყოფა?
სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები მაშინაა სასურველი, როცა ქვეყანა დამოუკიდებელი იქნება, როცა ჩვენი თავის ბატონ-პატრონი ჩვენ ვიქნებით.
ახლა კი ყოვლად აუცილებელია გაერთიანება, ერთ ძალად შეკვრა და ქრისტიანული სიყვარულითა და ურთიერთგაგებით ჩვენს წინაშე წამოჭრილი პრობლემების დაძლევა.
ქვეყნად ყველაფერი იცვლება, მხოლოდ ჭეშმარიტებაა მარადიული. მიდიან ადამიანები, წარსულს ბარდება და მივიწყების ფერფლით იფარება სახელები ერთ დროს მიწიერი დიდებითა და პატივით გამორჩეულთა; მიდიან ბრძენნი და უბრალონი, მომხვეჭელნი, დიდებისმოყვარენი, კანონმდებელნი, მსოფლიო ბატონობის მსურველნი... ამ მშფოთვარე სამყაროს წინაშე უძლეველი არის მხოლოდ ბეთლემის გამოქვაბულის ბაგაში მწოლი ყრმის უწყინარი სიყვარული, მისი ჭეშმარიტი მეუფება სამყაროზე.
ადამიანთა ურწმუნოება და ეჭვი განქარდა მაცხოვრის მიერ მონიჭებული ღვთაებრივი სიყვარულით, რომლის სიდიადეს ჩვენი გონება ვერ მისწვდება. იგი შეიძლება მხოლოდ ვიგრძნოთ და განვიცადოთ იმ სიხარულის მადლით, რომელიც ამ სიყვარულისაგან მომდინარეობს.
როცა ჩვენ ვიწყებთ ღვთაებრივი სიყვარულის გაცნობიერებას. და ვხდებით მონაწილე მისმიერი სიხარულისა, მიწიერი ყველა გაჭირვება, შიში და განსაცდელი უფერულდება, არარად იქცევა.
უნდა გვახსოვდეს, რომ სიყვარულის გარეშე სიხარულისკენ გზას ვერ გავიკვლევთ და არც სიყვარულისკენ არის სხვა გზა, თვინიერ ჩვენი ეგოიზმის უარყოფისა და მოყვასისათვის მსახურებისა.
ამ საშობაო ეპისტოლეში მინდა მივმართო საქართველოში მცხოვრებ არაქართველ მოსახლეობას: რუსებს, აფხაზებს, ოსებს, ებრაელებს, ბერძნებს, სომხებს, ესტონელებს, აზერბაიჯანელებს, უკრაინელებს, ქურთებს და სხვათ. დანო და ძმანო ჩვენნო, მამაშვილური სიყვარულით შეგახსენებთ, რომ თქვენც ჩვენი ისეთივე სულიერი შვილები ხართ, როგორც ქართველნი. საქართველოში არასოდეს ყოფილა ვინმეს შევიწროება ეროვნული ან სარწმუნოებრივი ნიშნით; თქვენ იყავით და კვლავაც იქნებით ჩვენი ძმები და ამ დამოკიდებულებას ვერავითარი ძალა ვერ დაარღვევს. გახსოვდეთ, ქართველთა ბედნიერება თქვენი ბედნიერებაცაა. ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ, ერთად უნდა ვიშრომოთ, ჩვენი სულიერი და მატერიალური კეთილდღეობისათვის.
მიდის წელი სავსე განსაცდელითა და მღელვარებით, წელი რომელმაც ნათელი მომავლის რწმენა ჩაგვისახა. ჩვენ იმედით შევყურებთ ხვალინდელ დღეს, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი, ანი და ჰოე, დასაწყისი და დასასრული ყოვლისა (გამოცხ. 22,13).
ჩვენს წინაშე მომავლის კარი იღება. დე იყოს იგი მშვიდობიანი, ღვთისსათნო და ბედნიერი; ღვთის მოწყალების იმედით აღვსილი ყველას გულითადად გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ბედნიერ და მშვიდობიან ახალ წელს. "აკურთხე, უფალო გვირგვინი ამის წელიწადისა სახიერებითა შენითა".
საშობაო ეპისტოლე მეფე სოლომონის ლოცვითა და კურთხევით მინდა დავამთავრო: "იყავნ, უფალი ღმერთი ჩუენი ჩუენთანა ვითარცა იყო მამათა ჩუენთა თანა, რათა არა დაგვიტეოს ჩუენ" (3 მეფეთა 8,57).
ქრისტეშობა, თბილისი. 1991 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
"ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ტომი I, თბილისი, 1997 წ. ... ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი... ნუ

image
image თემა: შობა
ავტორი: ილია II

მორჩილების, ურჩობისა და ნების მოკვეთის შესახებ

სახიერ ღმერთს ყოველთვის ამას ვთხოვ: მონაზვნური ცხოვრების ჭეშმარიტ გზაზე იაროთ. ნუ დაივიწყებთ, რა ბრძოლას ვეწევით და ვინ არის მტერი, რადგან ცხონებას ზედაპირულად არ უნდა ვეძიებდეთ; აიძულეთ თავი; იფიქრეთ მიზანზე, რისთვისაც მონაზვნები გავხდით; მშობლები, ძმები, დები დავტოვეთ, მაგრამ თუ ჩვენს ნებას არ უარვყოფთ და მორჩილებას არ აღვასრულებთ, ჩვენი სულების განკითხვისას ღვთისგან წყალობის მიღება არ გვდომებია. საუკუნო სატანჯველზე იფიქრეთ და სამოთხეს ნუ დაივიწყებთ, რადგან ამ ორიდან ერთ-ერთს მოვიმუშაკებთ. ჩვენ უღირსთათვის ქრისტემ ზეციერი მამის, ასევე ხორციელი დედის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და მართალი იოსებ დამწინდველისადმი სრული მორჩილება აღასრულა. რამდენად უფრო მოვალენი ვართ ჩვენ, ნება მოვიკვეთოთ და ჩვენი ცოდვების მოსატევებლად სულიერი მოძღვრის მორჩილება აღვასრულოთ.
მოწამეები ღვთის წინაშე კეთილმორწმუნეობის ნაყოფად საშინელ სატანჯველებს წარადგენენ, აღმსარებლები – წმინდა აღმსარებლობას, წმინდა მღვდელმთავრები ერესებთან ბრძოლაში გაწეულ შრომას, ღირსი მამები – ასკეტურ ღვაწლს; ჩვენ, პირველად კი მე, რას წარვადგენთ? თუმცა, თუ ქრისტეს სიყვარულისთვის მორჩილებას აღვასრულებთ და საკუთარ ნებას უარვყოფთ, ჩვენც გამოვიღებთ ღვთისთვის მისართმევ ნაყოფს, რომ მის წინაშე ზარმაცი მონებივით ხელცარიელნი არ წარვდგეთ.

2. თქვენს მორჩილებას გაუფრთხილდით. თუ კარგად გაირჯებით, მორჩილებით საუკუნო ცხოვრებას მოიპოვებთ, თუ იზარმაცებთ – ბოლო ჯოჯოხეთი იქნება. მაშ, გამოფხიზლდით გულმავიწყობისა და მცონარობისგან. დროა, უდებების ძილისგან გამოვერკვეთ. ჩვენი ცხოვრების დასასრული არ ვიცით და როდისღა გამოვიღვიძებთ, როცა მთავარანგელოზი ჩვენი სულის წასაყვანად მოვა?! მაშინ გამოღვიძება უკვე ფუჭი იქნება. გვირგვინების დრო მომავალი ცხოვრებაა, აწმყო კი ღვაწლის, შრომისა და ბრძოლის ჟამია.
თავი აიძულეთ, ილოცეთ, უქმადმეტყველება შეწყვიტეთ, პირი განკითხვისგან დაიბეჭდეთ, მრავალსიტყვაობას კარი შეაბით და ურდული დაადეთ. დრო გადის და აღარ ბრუნდება; ვაი ჩვენ, თუკი წლები სულიერი მონაგების გარეშე ჩაივლის. ამას გწერთ, ეს გამოიძიეთ, ასე იმოქმედეთ; ღმერთი სიყვარულისა იყოს თქვენთან, ჩვენმა ტკბილმა ღვთისმშობელმა განგამტკიცოთ, მოღვაწეობაში განგანათლოთ და გულმოდგინება მოგცეთ.

3. მორჩილება აღასრულე, გულისსიტყვები მეყსეულად განაგდე, უკანასკნელი იყავი, თუ გსურს პირველი გახდე.
როცა სულიერი მოძღვრის მორჩილებაში არ ხართ და მას ამწუხრებთ, მაშინ უფალიც დამწუხრებულია. ქრისტემ წმინდა მორჩილების დიდებულება საქმით გვიჩვენა, რადგან მამის მორჩილებით თავი მსხვერპლად გაიღო: „ამისთვისცა იგი ღმერთმან უმეტესად აღამაღლა და მიანიჭა მას სახელი უზესთაესი უფროის ყოველთა სახელთასა" (ფილიპ. 2, 9). მართლაც, სრული მორჩილი ცათა სასუფეველში ზეციური დიდების ორმაგ გვირგვინს მიიღებს და ძეობის უმაღლესი სახელის წოდების ღირსი გახდება, რომელსაც ანგელოზებიც თაყვანს სცემენ.
წმინდა პალამონი ამბობდა: „კარგ მორჩილს ქრისტეს მცნებათა დაცვა აღარ სჭირდება". რატომ? იმიტომ, რომ თავისთავად სრული მორჩილება ქრისტეს ყველა მცნების დაცვას ნიშნავს და ასეთ მორჩილს აღარ ჰკითხავენ, დაიცვა თუ არა ისინი.
მორჩილების წიაღში სრული სიმდაბლე სუფევს. იქ კი, სადაც სიმდაბლეა, ქრისტეს, ღვთის სურნელებაა.

4. წმინდა მამათა სწავლების მიხედვით ყველაზე კანონიერი ღვაწლი ისაა, რომლის მამოძრავებელი ძალაც აბსოლუტური მორჩილებაა; ეს არის მორჩილება ცნობისმოყვარეობის გარეშე – ბრმა მორჩილება. ეს ყველაზე სრულყოფილი და უსაფრთხო ბრძოლაა, რადგან მორჩილება თავის თავში სიმდაბლეს მოიცავს, ხოლო სადაც სიმდაბლეა, იქ არის კანონიერებაც და უსაფრთხოებაც.
შვილო, სრული მორჩილება და სიმდაბლე შეიყვარე და გეცოდინება, რომ სჯულიერად იღვწი. მორჩილება არ ნიშნავს მხოლოდ მორჩილების საქმეს. მოძღვრის აზრის მორჩილებაა მთავარი, ამიტომ სულიერ ღვაწლში მოძღვრის რჩევას უნდა დაემორჩილო. არც ერთი ბრძოლა მოძღვრის გარეშე არ წამოიწყო. ძველად მორჩილები მოძღვარს წყლის ყოველი ყლუპის დალევასაც კი ეკითხებოდნენ. მას ყველაფერი უნდა სცოდნოდა, რომ მორჩილები საკუთარი ღვაწლით არ მოხიბლულიყვნენ და მათ შრომას ფუჭად არ ჩაევლო.

5. რა არის ღვთის მორჩილებაზე დიდი ნეტარება! და რომელია ამ სულიერი გზის გარდა სხვა, უფრო უსაფრთხო! სიხარულით ისწრაფეთ ამ გზაზე, რათა უმაღლესი მორჩილების პირველმა მძლეოსანმა იესომ მოგანიჭოთ უჭკნობი გვირგვინი, რომლითაც ის ყოველ მოასპარეზე მორჩილს შეამკობს. ისე დაემორჩილეთ მოძღვარს, როგორც უფალს.
თავი აიძულეთ სულიერი მოვალეობების შესრულებისთვის, განსაკუთრებით კი მორჩილებისთვის, რომელიც მორჩილის სამკაულია. მის გარეშე მორჩილი ბერწი საშოა, ხოლო თუკი ის ყოველგვარი გულისწადილის მოკვეთითა და მორჩილებით დამშვენდება, მრავალშვილიან საშოდ იქცევა.
მორჩილს საუკეთესო მდგომარეობა აქვს – ღვთის ნებას ის იოლად, მოძღვრის საშუალებით იგებს. რა დიდი მონაგებია! ადამიანები იბნევიან და კითხულობენ: ასე მოვიქცე თუ ისე? იტანჯებიან ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, გადაწყვეტილებას ვერ იღებენ და დროს კარგავენ. ჩვენი კნინი ლოცვის გამო დღეს ძნელია ჩასწვდე ღვთის ნებას, ამიტომაც გამუდმებით მარცხს განვიცდით.
შვილებო, რადგან ღვთის სიყვარულმა ისე შეგიწყალათ, რომ ღვთის ნებას გაურჯელად სწვდებით, ისწრაფეთ მორჩილება რწმენითა და მონდომებით აღასრულოთ. მორჩილება ღვთის ნებას განუწყვეტლივ გიჩვენებთ. ის საუკუნო ცხოვრება და სულების ნეტარი განსვენებაა.
გამუდმებით, დღისით თუ ღამით, ხალხისგან აღსარებებს ვიღებ, რას არ ვისმენ და რას არ ვიგებ! დაუსრულებელი, გადაუწყვეტელი, გამოუვალი პრობლემები! ვიცი, როგორ გამარჯვებას აღწევს წინამძღოლის ნდობით განმსჭვალული მორჩილება; ისიც ვიცი, თუ როგორ ღელვაში მოხვდებიან ისინი, ვინც ამპარტავნებით საკუთარი თავის იმედად არიან; მათი ხომალდი იძირება, შედეგად კი საკუთარი თავდაჯერებულობით მოხიბლული ადამიანები უკუნეთში დაეხეტებიან, პატარა შეცდომის შემდეგ უფრო დიდ შეცდომას უშვებენ.

6. ათასჯერ კურთხეულო მორჩილებავ, რა სიდიადეა შენში დამალული! ვინც შეგიყვარა, შენი მშვენიერებით გამდიდრდა და ქრისტესმიერი ყრმა გახდა, რადგან ყრმის მსგავსად დაიმდაბლა თავი. ამიტომაც ცათა სასუფეველში სიხარულით შევა, როგორც უფალი ამბობს: „უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნეთ ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“ (მათ. 18, 3).
ბავშვებისთვის ყველაზე დამახასიათებელი უბრალოება, უმანკოება და დედის მორჩილებაა. ამრიგად, მორჩილება ადამიანს სულიერ ყრმად აქცევს, ყრმად ბოროტებისთვის და ამავე დროს მას საღვთო სიბრძნით ამდიდრებს.

7. შვილო, სარწმუნოებით გამომყევი და ნუ შეგეშინდება. მორჩილება დაიმარხე, მეტადრე კი სულიერი. ვისაც მორჩილება აქვს, ის საუკუნო ცხოვრებას მოიპოვებს, რადგან სრულყოფილი მორჩილება ყველა სათნოებას მოიცავს, განსაკუთრებით კი – სულის თავისუფლებას ანგარიშგებისგან.
მორჩილმა მსხვერპლის გაღებით და დიდი მონდომებით უნდა აღასრულოს მოძღვრის სრული მორჩილება, თითქოს მის წინ ქრისტე იდგეს.
შვილო, გაფრთხილდი, რომ შენი მორჩილება გულწრფელი და სრულყოფილი იყოს. შეიძულე საკუთარი ნება, როგორც შენი უკვდავი სულის სიკვდილი.
პირველქმნილი ადამიანები მაგალითად გყავდეს. მათ ღვთის ნების დაუმორჩილებლობით ექსორიის კანონი მიიღეს. მოძღვარს ნუ ეპასუხები. იფიქრე, რომ ის ღვთის ნებას გამოხატავს. ყოველი დარღვევა და ურჩობა ისჯება, როგორც ცოდვა.
მორჩილი მყარად უნდა იდგეს, არ მერყეობდეს; მორჩილება იქ უნდა გასწიოს, სადაც დაადგენენ და რომც კვდებოდეს, მოვალეობა მაინც აღასრულოს. ეს არის მორჩილება „ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაითა“ (ფილიპ. 2, 8).

8. ქრისტესმიერ საყვარელო შვილებო, იესო ქრისტეს მადლმა და ჩემი წმინდა მოძღვრის იოსების ლოცვამ დაგიფაროთ ჩემი არყოფნის დროს, ვინაიდან კარგ მორჩილსა და მოძღვარს შორის ქრისტესმიერი სულიერი ერთობა არასოდეს წყდება.
სანატრელო შვილებო, ჩემი უბადრუკი სულის კეთილსურნელებავ, გახსოვდეთ თქვენთან ყოფნისას ჩემ მიერ ნათქვამი სიტყვები, რადგან მათი მოგონებითა და შესრულებით სულიერ მორჩილებაში იქნებით. ეს კი მორჩილების საუკეთესო სახეა; ვისაც ამგვარი მორჩილება აქვს, იესო ქრისტეს ემსგავსება, რადგან ქრისტემ აღასრულა მორჩილება ვიდრე სიკვდილამდე, სიკვდილითა მით ჯვარისათა, რისთვისაც ზეციერმა მამამ აღამაღლა და უმაღლესი სახელი მიანიჭა – იესო, რომლის ხსენებაზეც ბნელეთის ძალები ძრწიან.
ვისაც მორჩილება აქვს, ამ ცხოვრებაშივე სულის იმ ცხოვრებით ცხოვრობს, რომელიც სიკვდილის შემდეგაც, უკუნითი უკუნისამდე გაგრძელდება.
ვიფიქროთ იმაზე, რომ ქრისტესთვის, ჩვენი მაცხოვრისთვის არ ჯვარვცმულვართ, მან კი ჩვენ, საპყართათვის, მორჩილების გამო ჯვარი იტვირთა.
შეიყვარეთ წმინდა მორჩილება, რომელიც მორჩილს ქრისტესმიერ ყრმად აქცევს, მადლის წმინდა რძით გამოზრდის და ნეტარების ღირსს გახდის. „უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნეთ ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“ (მათ. 18, 3).
დიახ, ქრისტესმიერ უმანკო ყრმასავით თავმდაბალი, კარგი მორჩილი ღირსი გახდება დაიმკვიდროს ზეციერი მამის სამყოფელი, როგორც „მკვიდრ ღმრთისა თანა და თანა-მკვიდრ ქრისტესა“ (რომ. 8, 17).

9. მორჩილებაზე უკეთესი გზა არ არსებობს. მორჩილებაზე შეყვარებული სიხარულს, სულის განსვენებას, საზრუნავის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, შენდობას და მრავალ სხვა სიკეთეს მიიღებს. უპირველესი კი ის არის, რომ მორჩილება მას სატანის მახეებში გაბმისგან დაიფარავს, რადგან მორჩილი მოძღვრის გამოცდილებით ხელმძღვანელობს და სულიერი ცხოვრების გზაზე დაბრკოლების გარეშე მიაბიჯებს.

10. მორჩილები, რომლებიც საკუთარ ნებას მოიკვეთენ და ყველაფერში სათნოეყოფიან მოძღვარს, ნებაყოფლობით მოწამეებად იწოდებიან, თუმცა მრავალფერ ხორციელ სატანჯველს არ განიცდიან. მოწამეთა უმეტესობა ხანმოკლე ტანჯვა-წამებით აღესრულა, მონაზვნური მორჩილების მოწამეობა კი მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება და სინდისის მოწამეობად ითვლება. ამიტომ გთხოვთ, თქვენს მორჩილებას გაუფრთხილდეთ; ამ მორჩილებას ღვთის წინაშე თქვენი მოძღვარი წარადგენს.
რა სარგებელს მოგვიტანს ერის, ნათესავების დატოვება, თუკი ღვთის წინაშე დადებულ აღთქმას არ ვასრულებთ? იქნებ უფლისმიერი ცხოვრების აღთქმა ადამიანებს მივეცით? რას ვუპასუხებთ? მაშ, სრული მორჩილების გზას მთელი გულით შევუდგეთ და ჩვენი სულები ღვთის მადლით გადარჩებიან.

11. ვინც სულიერი მამის სწავლებას იცავს, მისი ლოცვა-კურთხევა დაიფარავს, ხოლო ვინც არღვევს, მას მოძღვრის კურთხევა ამქვეყნადაც და მომავალ ცხოვრებაშიც განეშორება.
ვინც მოძღვრის მითითებებს და დარიგებებს უგულებელყოფს, კანონად არ თვლის და მის შესრულებას არ ცდილობს, უნდა იცოდეს, რომ ჯოჯოხეთი ელოდება!
შვილო, მართალი მსაჯულის გეშინოდეს და სულიერი მამის დარიგებებს დაემორჩილე. მოძღვარს შენი სულის გადარჩენა სურს, ხოლო ეშმაკს უნდა პატივმოყვარეობით და ურჩობით ჩაგიგდოს ხელში.

12. გთხოვ, მორჩილება ეჭვისა და ჭირვეულობის გარეშე აღასრულო. ეცადე, სათნოეყო სულიერ მამას, რადგან მასთან ცხოვრობ და მასთან იცხოვრებ; რად ამწუხრებ მას? შენ გამო მისი ამდენი ოხვრა შენს სულს არ არგებს, ის ასე ვერ აშენდება. თუ მორჩილებას არ ისწავლი, ბოლომდე ნანგრევებად დარჩები.
ნახე, როგორ გაბრწყინდნენ ძველი დროის მორჩილები: მათ ყველაფერი მორჩილების სამსხვერპლოზე მიიტანეს; სულიერ წინამძღვრებს სრული რწმენით, მორჩილებითა და სიყვარულით სათნოეყვნენ. შენ კი ჯერ მოძღვრის სიტყვებს განსჯი, შენში გულისსიტყვები აღიძვრება და შესაბამისად, ან მორჩილებას აღასრულებ, ან ურჩობ. ასეთი მორჩილება „აიღე და წყალში გადააგდე“. არა გულისსიტყვები, არამედ შრომა! არა შეპასუხება, არამედ სიკვდილი! სიკვდილი მორჩილებისთვის! ღვთის წინაშე მორჩილების აღმასრულებელნი მხოლოდ ასე გავმართლდებით.

13. მორჩილება მორჩილის პანაგიაა. როგორც პანაგია გამოარჩევს ეპისკოპოსს მღვდლისგან, ისე – მორჩილება კარგ მორჩილს ურჩისგან. გიყვარდეთ თქვენი სულიერი მამა და მას როგორც უფალს, ისე დაემორჩილეთ. იერარქიულად მოძღვარს მემკვიდრის ადგილი მიეცა. დიდ მადლს მოიპოვებთ, თუკი ღვთის გულისთვის მას დაემორჩილებით. სულიწმიდა რომ არ დაამწუხროთ, გულს ნუ ატკენთ სულიერ მამას, რომელიც სულიწმიდის ცხებულია, როგორც მოციქულთა მემკვიდრე. მოძღვრები მოციქულთა უკანასკნელი მემკვიდრეები არიან და ეს ადგილი სულიწმიდის მადლით იერარქიულად აქვთ მინიჭებული. ამიტომ მათი დამამწუხრებელნი სულიწმიდას ამწუხრებენ.

14. სიმდაბლითა და ღვთისადმი მადლიერებით აღსრულებული მორჩილება მარხვის ღვაწლის ტოლფასია. საკუთარი თავის განკითხვისგან' მიღებული სარგებელი დიდია, როცა ადამიანს ავადმყოფობის გამო მარხვა არ შეუძლია.
დაიცავი მორჩილება, განსაკუთრებით კი სულიერი. ვისაც მორჩილება აქვს, საუკუნო ცხოვრებას დაიმკვიდრებს, რადგან სრულყოფილი მორჩილება ყველა სათნოებას მოიცავს, განსაკუთრებით კი – სულის თავისუფლებას ანგარიშგებისგან.
შვილო, შეიყვარე დიდებული მორჩილება, რომელიც ადამიანს განწმენდს. მონაზვნისთვის შეუფერებელი საქციელით სულიერ მამას ნუ დააღონებ და ამით სულიწმიდას ნუ დაამწუხრებ. დაიმდაბლე თავი და საკუთარი ნების გატანას ნუ ისურვებ.

15. ჩემო შვილებო, იზრუნეთ, სუფთად და შეურყვნელად დაიცვათ ის, რაც ისწავლეთ. გაფრთხილდით. სრული წესი, როგორც დაგიდგინეთ, ზუსტად ისე შეასრულეთ. რადგან სჯულის ყოველი დარღვევა და ურჩობა, პავლე მოციქულის მიხედვით, „სასჯელს კუალადგებისას" იღებს (ებრ. 2, 2).
გეშინოდეთ ურჩობის ცოდვისა. ურჩი ღვთის წინააღმდეგ ამხედრებულ ლუციფერსა და ურჩ ადამს ემსგავსება, რომელნიც ღმერთს განეშორნენ. აბბა ბარსანოფი ამბობს: ვინც მოძღვარს ეურჩება, არის „ძე ეშმაკისა".
მთელი გულით გისურვებთ, სრულყოფილი მორჩილები გახდეთ, რათა ღვთის ანგელოზთა შორის ანგელოზებივით გაბრწყინდეთ, უფალს უგალობდეთ და ჩემთვისაც ილოცოთ, თქვენი საწყალობელი და უღირსი მოძღვრისთვის, რომელიც გასწავლით, თავად კი ამ სწავლებას არ აღასრულებს.

16. ვინც მორჩილებას არ აღასრულებს, მას არ აქვს სიმდაბლე და ამპარტავნებით ფარულად განიძარცვება. განა შესაძლებელია, რომ ამპარტავნებამ სწორად განსაჯოს და სულისთვის სასიკეთო გამოარჩიოს? ამიტომ, სიმდაბლე გვქონდეს, რათა ღმერთმა გონება გაგვინათლოს. თავმდაბლებს სიბრძნე და გულისხმისყოფა მიეცემათ, ამპარტავნები კი ბოროტ და გადაგვარებულ სინდისს შეიძენენ. ისინი ვერც წმინდა წერილსა და წმინდა მამათა სწავლებას იგებენ სწორად, რადგან არ აქვთ სიმდაბლე, სუფთა და ღვთით განათლებულ სინდისთან ერთად.
„ადამიანი, რომელიც რჩევას საკუთარ თავს ეკითხება, თავის მტერია“, ანუ ვინც გულისსიტყვებს უსმენს და უფროსების რჩევებს ყურად არ იღებს, საკუთარი თავის მტერია. ამიტომ გაფრთხილდით, შვილებო, და თუ გინდათ მონაზვნობის გზაზე წარმატებით იაროთ, მოძღვრის რჩევის გარეშე ნურაფერს გააკეთებთ. როცა საკუთარ გულის წადილს აღასრულებთ, იცოდეთ, მრუდე გზით მიდიხართ და დროთა განმავლობაში გზა უფრო გამრუდდება. ასე დადგება ჟამი, როცა სიმრუდის გასწორება მოგინდებათ და ვეღარ შეძლებთ.

17. ვითხოვ ღვთისგან, რომ მოძღვრის მორჩილებს კურთხევა და სულიწმიდის მადლი გქონდეთ, ღვთის სახე იხილოთ და ზეციურ ანგელოზებთან ერთად საუკუნოდ დაემკვიდროთ. ვინც ურჩობს, ეპასუხება, კამათობს და თავის სინდისს უგულებელყოფს, მას ღმერთმა „სცეს ყურიმალსა ზედა“, რათა გამოსწორდეს და გონს მოეგოს, რადგან „იქ, სადაც არ ჭრის სიტყვა, ჭრის კვერთხი“.
დიდი მამობრივი სიყვარული, ტკივილი, რომ გამოსწორდეთ და სწრაფვა, რომ გადარჩეთ, მაიძულებს მკაცრად მოგექცეთ, თუკი სწორი გზიდან გადაუხვევთ. როცა ბოროტება მხილებისა და დასჯის გარეშე რჩება, ამისთვის პასუხს ორივე მხარე აგებს – წინამძღვარიც და მორჩილიც.
სახიერ ღმერთს ყოველთვის ამას ვთხოვ:


საშობაო ეპისტოლე - 2000

კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი

საქართველოს ღვთივკურთხეულთა ძეთა და ასულთა და ყოველთა ჩვენთა თანამემამულეთა:


თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელნო, წმიდა სინოდის წევრებო, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ძმანო და დანო, ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ქართველნო!
უფალი გვეუბნება: "ნისლივით წარვხოცავ შენს დანაშაულს და ჯანღივით – შენს ცოდვას; დამიბრუნდი, რადგან მე გამოგისყიდე" (ის. 44,22).
დიდება და მადლობა შენდა, უფალო ღმერთო – მამაო საბაოთ, ყოვლისა მპყრობელო, შემოქმედო და განმგებელო ცათა და ქვეყანისაო;
დიდება შენდა, ძეო ღვთისაო, მაცხოვარო ჩვენო, ჩვენი ხსნისათვის განკაცებულო, ჯვარცმულო, აღდგომილო და ამაღლებულო;
დიდება შენდა, სულო წმიდაო, ცხოველსმყოფელო, მადლისა მომცემელო, უძლურთა მკურნალო და ნაკლულევანთა აღმავსებელო.
გაქებთ, გაკურთხებთ და თაყვანსა გცემთ შენ, ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო და განუყოფელო, რწმენაო, სასოებაო და სიყვარულო ჩვენო, მიზეზო ყოვლისაო, დასაბამო და დასასრულო, მიუწვდომელო სიმაღლეო და სიმდაბლეო, დიდება და მადლობა შენდა ყოვლისათვის.
მუხლმოდრეკილნი ვდგავართ ღმერთო, წინაშე შენსა და ჩვენი წინაპრებისა და ჩვენი ერის სახელით შეგთხოვთ, შეგვინდე და გვაპატიე ყოველნი ცოდვანი და უსჯულოებანი ჩვენნი, ურწმუნოება შესცვალე ჭეშმარიტი სარწმუნოებით, ცოდვა აღხოცე და მოგვანიჭე მადლი, სიძულვილის წილ მოგვეც სიყვარული, ამპარტავნების წილ – თავმდაბლობა; განგვწმიდე ყოველნი და სულითა წმიდითა შენითა აღგვავსე, ამინ!
ქრისტესმიერ საყვარელნო ძენო ივერიისანო და ყოველნო მკვიდრნო საქართველოისანო, იხარებდით და იშვებდით, რამეთუ "დღეს მეუფე იშვების ვითარცა ჩვილი დედისაგან ქალწულისა" (სადღესასწაულო). "საიდუმლო უცხო და დიდებული ვიხილოთ, ქვაბი ცათა ემსგავსა, ქალწული – ქერუბიმთა, ხოლო ბაგა სახე იქმნა სამყაროსა, რამეთუ დაიტია დღეს ქრისტე ღმერთი – დაუტევნელი, რომელსა ვადიდებთ" (შობის ძლისპირი).
დიდება ჭეშმარიტი ღვთისა უკვე ორიათასი წელია აღევლინება ჩვენი კურთხეული მიწიდან. ოცსაუკუნოვანი ისტორია ქრისტიანობისა არის საიდუმლო ჩვენი გადარჩენისა და ჩვენი ღვთაებრივი აღმშენებლობისა. ეს არის საიდუმლო ჩვენი ცხოვრებისა ქრისტეში და მისი მუდმივი მეფობისა ჩვენში და დასტურია იმ დიადი ჭეშმარიტებისა, რაც ბრძანა უფალმა: "აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა" (მთ. 28,20).
თუ არა ღვთის დიდი მოწყალება და მისი შეწევნა, საქართველო ვერ გაუძლებდა იმ ურიცხვ ქარტეხილს, რაც მას თავს დაატყდა. უზარმაზარი იმპერიები აღიგავა პირისაგან მიწისა, გაქრნენ ერები და მათი კულტურები, ჩვენ კი, პატარა ქვეყნის შვილები, ათასწლეულებია მოვუყვებით კაცობრიობის ისტორიის მდინარეს.
წარსულს თუ გადავხედავთ, უნებურად ჩნდება კითხვა: ამ ხნის განმავლობაში ვაკეთეთ კი ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა, დავუახლოვდით ღმერთს თუ დავშორდით მას, ვართ ჩვენ ცისანი თუ – ამქვეყნისანი?
და თითქოს გვესმის სიტყვები უფლისა:
"აჰა ესერა, ეშმაკმან გამოგითხოვნა თქვენ აღცრად ვითარცა იფქლი. ხოლო ევედრე მამასა ჩემსა შენთვის, რათა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაი შენი" (ლუკ. 22,31-32).
დიახ, ოცსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე დროის სული ჩვენ ყოველთვის თანა გვდევდა და ეკლესიას მუდმივად უხდებოდა მასთან ბრძოლა. ყველგან და ყოველთვის მიწიერება ცდილობდა შეეღწია ჩვენში, სატანა ათასნაირ ხერხს მიმართავდა, რათა ხორბალივით განებნია ქრისტიანენი და თითოეული მათგანის სული დაესაკუთრებინა:
"მაგრამ მე ვლოცულობდი შენთვის", - გვეუბნება მაცხოვარი. სწორედ უფლის ლოცვამ გადაგვარჩინა და მოგვიყვანა აქამდე. ამ ლოცვაზე იდგა და დგას ქრისტეს მთელი ეკლესია, ამ ლოცვაზე დგას ჩვენი ერი.
თუ ცოტა უფრო ღრმად გავაანალიზებთ მოვლენებს, დავინახავთ, რომ მას შემდეგ, რაც იესო ქრისტეს განკაცებით სათავე დაედო საოცარი გარდატეხის პროცესს კაცობრიობის ისტორიაში და ადამის მოდგმისათვის გაიხსნა ზეცის კარები, ბოროტმაც ახალი მეთოდებით დაიწყო ადამიანთა სულების მონადირება: წარმოიშვა ჭეშმარიტების პრეტენზიის მქონე რელიგიები. თვით ქრისტეს ეკლესიას არაერთი ნაწილი ჩამოსცილდა და ახალ მიმართულებებს დაედო სათავე: იყო ამა თუ იმ მიზეზის გამო გაჩაღებული ომები, საზოგადოების სხვადასხვა ფენათა უდიდესი დაპირისპირებანი... რამაც მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა და შეიწირა, მაგრამ იმას, რაც განვლილ ორ საუკუნეში მოხდა, თავისი მასშტაბებითა და სულიერი დამანგრეველი ძალით ვერაფერი შეედრება; - ვგულისხმობ უღმერთობის ხანის დადგომას.
ბოლო 70 წლის მანძილზე ტოტალიტარული ათეისტური სახელმწიფოს არსებობა და მისი იდეოლოგია არ იყო მხოლოდ ლოკალურად გარკვეულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა ხვედრი. ათეიზმმა სულ სხვა გზებითა და მეთოდებით ასევე მძლავრად მოიკიდა ფეხი მთელს მსოფლიოში, რამაც წარმოშვა საყოველთაო ნიჰილიზმი და ინდიფერნტიზმი.
ამ პროცესების გაღრმავებას ხელი შეუწყო მეცნიერებისა და ტექნიკის უსწრაფესმა განვითარებამ. საზოგადოების სულიერი წინსვლა დიდად ჩამორჩა ტექნიკურ პროგრესს, ეს კი გახდა მიზეზი ღრმა უფსკრულის გაჩენისა საზოგადოებრივი ცხოვრების ამ ორ სფეროს შორის, რამაც კაცობრიობა თითქმის კატასტროფამდე მიიყვანა. და თუ დღეს მაინც მშვიდობით ვხვდებით შობა-ახალწელს, ისევ და ისევ ღვთის დიდი წყალობით.
"... მე ვლოცულობდი შენთვის..."
ჩვენმა ქვეყანამაც იგემა ბოროტის მიერ აღძრული ყველა ძალის შემოტევა და როგორც სხვაგან, აქაც განსაკუთრებულად რთული პროცესები ბოლშევიკური რეჟიმის პერიოდში განვითარდა. საბჭოთა წყობილების პერიოდი, მისთვის დამახასიათებელი ცნობილი მოვლენების გარდა, იმითაც იყო საშიში, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა აზროვნების განვითარებას, რადგან ახალი იდეების წარმოშობა საფრთხეს უქმნიდა მის არსებობას.
ეს რეჟიმი ადამიანებს სთავაზობდა მზამზარეულ, ხშირად მკვდრადშობილ იდეებს და მათ ცხოვრებაში განხორციელებას აიძულებდა. არავინ იყო დაინტერესებული მოაზროვნეთა ფენის წინ წამოწევით, სჭირდებოდათ მხოლოდ დავალების სიტყვის შეუბრუნებლად შემსრულებელნი.
"ბოლშევიკების გზა, - წერდა პლეხანოვი, - როგორიც არ უნდა იყოს იგი, - მოკლე თუ გრძელი – აუცილებლად გამორჩეული იქნება ისტორიის ფალსიფიკაციით, სიცრუით, დანაშაულობებით, დემაგოგიითა და საერთოდ, უღირსი საქციელით. ტერორი, რაზეც ისინი იმედს ამყარებენ, ხიშტების ძალაა, მაგრამ, როგორც ცნობილია, ხიშტებზე ჯდომა დიდხანს შეუძლებელია, ამიტომაც ბოლშევიკთა კრახი გარდაუვალია" (პოლიტიკური ანდერძი).
ეს ასეც მოხდა.
მადლობა ღმერთს, დღეს ჩვენ უკვე სხვა ცხოვრებით ვცხოვრობთ. ეს კია, რომ ერთი წყობილების მეორეთი შეცვლა იმპერიის რღვევის პერიოდს დაემთხვა, ამას თან დაერთო ომები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, რამაც ჩვენი ყოფა მეტად დაამძიმა, რადგან რამდენიმე მოვლენის გადატანა ერთად მოგვიხდა.
საერთოდ, საზოგადოებრივი ურთიერთობის ერთი ფორმიდან მეორეში გადასვლისას ქვეყნის ცხოვრებაში დგება პერიოდი, როდესაც ხალხი ბავშვს ემსგავსება. ამის მიზეზი ის არის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა თავიდან ვერ ერკვევა სიტუაციაში, ალღოს ნაკლებად უღებს მოვლენებს და ყრმასავით უსუსური და მიმნდობი ხდება მათ მიმართ, ვინც წინამძღოლის ფუნქციებს სთავაზობს.
დროის ამ ეტაპით ხშირად სარგებლობენ სხვადასხვა ძალები და ცდილობენ არსებული სიტუაცია თავიანთი მიზნების განსახორციელებლად გამოიყენონ.
ესაა მიზეზი მაგალითად იმისა, რომ დღეს ასე თარეშობენ სხვადასხვა სექტის წარმომადგენლები. საქმე ისაა, რომ ათეისტური ზეწოლისაგან განთავისუფლებული ხალხი მზად არის გულის კარი გაუღოს უფალს, მაგრამ, ვინაიდან ვერ არჩევს, თუ სად არის ჭეშმარიტება ადვილად ექცევა ცრუ მოძღვართა გავლენის ქვეშ და გადარჩენის ნაცვლად სულს მარადიული სიკვდილისათვის წირავს.
როგორც ეკლესიის, ისე სახელმწიფოს, და საერთოდ, ნებისმიერი მოქალაქის ვალია, წინ აღუდგეს ხალხის ამ მეთოდებით დაპყრობასა და დამონებას და საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ სულიერ აგრესიას.
დღევანდელი ჩვენი ყოფა სხვა მრავალი ასეთი მეტად მტკივნეული პრობლემებისადმი საზოგადოებისაგან სწორი პოზიციის შემუშავებასა და მის გონივრულ გადაწყვეტას ითხოვს.
ამჯერად ყურადღებას ერთ საკითხზე გავამახვილებთ. რადგან იგი უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია.
საქმე ეხება ამ ბოლო დროს კოსმოპოლიტური იდეების ქადაგებას და ეროვნული გრძნობისადმი ზოგიერთთაგან გულგრილ, ზოგჯერ კი დამცინავ დამოკიდებულებას. დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებული ასეთი ადამიანებისათვის რატომღაც ეროვნულობა და პატრიოტიზმი კარჩაკეტილობას ნიშნავს და როგორც საზოგადოებას, ისე ეკლესიას მისგან განთავისუფლებისაკენ მოუწოდებენ.
თავიდანვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ქრისტიანობა და თავის თავში ჩაკეტილობა ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია. ქრისტიანისათვის ყოველი ადამიანი, რა ეროვნებისა და სარწმუნოებისაც არ უნდა იყოს იგი, მოყვასია და ღვთის წინაშე ვალდებულია უყვარდეს ის. მოწყალე სამარიტელის იგავი ამის ნათელი დადასტურებაა.
ამიტომაც, ერთი შეხედვით სადაო არაფერი უნდა გვქონდეს მათთან, რომელნიც უარყოფენ ნაციონალურ-სახელმწიფოებრივი განსხვავების აუცილებლობას და მსოფლიო ერთიანი ოჯახისა და მსოფლიო მოქალაქის ცნებების დამკვიდრებას ცდილობენ.
იდეები მეგობრობის, სიყვარულისა და ურთიერთდახმარების შესახებ მათ ქრისტიანობიდან აიღეს და ისინი მართლაც ღირებულნი არიან, მაგრამ ეს ყველაფერი შემდეგ განსხვავებული მიმართულებით განავითარეს და შემდეგ სამეუფო გზიდან შორს გადაუხვიეს.
ისინი დაუსრულებლად ლაპარაკობენ კაცობრიობის სიყვარულზე, მაგრამ ნაკლებ ყურადღებას აქცევენ გვერდზე მყოფს. მოყვასის სიყვარული კი სწორედაც რომ ყველას სიყვარულს გულისხმობს.
მაცხოვარმა ჩვენ მოყვასის სიყვარულისკენ მოგვიწოდა და არა მსოფლიოსადმი ზოგადი გრძნობების გამოვლენისაკენ. მოყვასი კი მოიცავს ყველას, ვისთანაც კი რაიმე შეხება შეიძლება ჰქონდეს ადამიანს.
ბავშვისთვის მოყვასი მისი ოჯახის წევრებსა და ახლობელთა ვიწრო წრეს ნიშნავს. მოზრდილი ადამიანისთვის – "მოყვასის" სივრცეს მისი ქვეყანა და ხალხი ავსებს. მასთანაა იგი დაკავშირებული სახელმწიფოებრივი თუ პოლიტიკურ-მოქალაქეობრივი ვალდებულებებით. საკუთარი ხალხის კულტურა, ცხოვრების წესი, თუ ტრადიცია არის მისთვის მშობლიური და საყვარელი.
უკვე სრულად განვითარებული, მაღალი ზნეობის პიროვნებებისათვის კი ნებისმიერი ადამიანი მოყვასია.
უნდა ითქვას ისიც, რომ მესამე ასაკობრივი საფეხური გულისხმობს პირველი და მეორე საფეხურის აუცილებელ არსებობას ისევე, როგორც მეორე საფეხური გულისხმობს პირველი საფეხურის არსებობას.
აი, აქა აქვთ დაშვებული შეცდომა კოსმოპოლიტებს. ისინი მესამე საფეხურს მეორეს გარეშე მოიაზრებენ და ადამიანებს არაჯანსაღი, უშინაარსო უსულო საზოგადოების შექმნისაკენ უბიძგებენ.
შევნიშნავთ იმასაც, რომ ქრისტიანული პატრიოტიზმი და ეროვნულობის გრძნობა სრულიად განსხვავდება შოვინიზმისა და ვიწრო ნაციონალიზმისაგან, რომელთაც საფუძვლად ნაციონალური ამპარტავნება უდევთ; ქრისტიანული ცნობიერებისათვის კი ამპარტავნება მომაკვდინებელ ცოდვად ითვლება.
ეროვნულობა ქრისტიანობაში ნიშნავს ზრუნვას შენი ხალხის იმ ნაკლულევანებათა გამოსწორებისთვის, რაც მის ცხოვრებას თან სდევს; ნიშნავს ზრუნვას მისი სულიერი და ზნეობრივი განვითარებისათვის, ნიშნავს იმ ტრადიციებისა და ზნე-ჩვეულებების დაცვას, რაც მის თავისთავადობას, მეობას განაპირობებს. ყოველივე ეს, ამავე დროს, სხვა ხალხებისა და ქვეყნებისადმი პატივისცემასა და კეთილგანწყობას გულისხმობს.
აი, რას ამბობს ვაჟა-ფშაველა პატრიოტიზმის შესახებ: "... რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავისი სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობრებს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას... ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალ-ღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და რამდენადაც გონივრული იქნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოდგება მისი მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქნება მთელი კაცობრიობისათვის" (კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი").
ეროვნულობის დაცვის საუკეთესო მაგალითს თვითონ ბიბლია იძლევა. მთელი ძველი აღთქმა ამ სულისკვეთებითაა სავსე. ახალი აღთქმიდანაც არაერთი მაგალითის დამოწმება შეიძლება. გავიხსენოთ თუნდაც მოციქულის სიტყვები:
"დიდია ჩემი მწუხარება და დაუცხრომელია ტკივილი ჩემი გულისა... ვისურვებდი თავად ვყოფილყავ შეჩვენებული ქრისტემიერ ჩემი ძმების, ჩემი სისხლის და ხორცის გამო, რომლებიც არიან ისრაიტელნი" (რომ. 9,2-4).
ანდა: "თუ ქვრივს შვილები ან შვილიშვილები ჰყავს, დაე მათ თავდაპირველად ისწავლონ თავიანთი ოჯახის პატივისცემა და სანაცვლო მიაგონ მშობლებს, რადგან ეს ეამება ღმერთს" (I ტიმ.V,4).
"ხოლო, თუ ვინმე თავისიანთა და მით უმეტეს, სახლეულთათვის არ ზრუნავს, რწმენის უარმყოფელთა და ურწმუნოზედაც უარესია" (I ტიმ. 5,4,8).
ასე რომ, ოჯახი, ახლობელთა წრე, სამშობლო, მოყვასი, სამყარო, ის კიბეა, რომლის თითოეული საფეხური მომდევნოს საყრდენია და მის გარეშე და რწმენის გარეშე წარმოუდგენელია პიროვნების შინაგანი მთლიანობის შექმნა. ამიტომაც, თუ გვსურს ვიყოთ თავისთავადნი და არა უფორმო, უსახო, საზოგადო მასის წარმომადგენელნი, უნდა ვიყოთ ეროვნული სულის ღირსეული მატარებელნი. ასე აღზრდილი ადამიანი ყოველთვის პატივს მიაგებს სხვა ეროვნების წარმომადგენელთ, სათანადოდ აფასებს როგორც საკუთარს, ისე სხვათა ღირსებასა და თავისთავადობას. ასეთი ადამიანი პიროვნებაა, რადგან მას თავისი მეობა აქვს. იგივე ითქმის ერზეც. ასეთი ადამიანებისაგან შემდგარი ერი პიროვნული სახის მატარებელია, თავისთავადია და ამით არის სწორედ დასაფასებელი.
ღვთივკურთხეულნო ივერნო, ყოველნო მკვიდრნო საქართველოისანო!
ქრისტიანული სამყარო განსაკუთრებულად ემზადება 2000 წლის საზეიმო შეხვედრისათვის. ეს წელი მთლიანად საიუბილეო წელია და მას განსხვავებული გრძნობით ხვდება მთელი კაცობრიობა. 7 იანვარს, ბეთლემში, წმიდა მიწაზე, თავი მოიყარეს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურებმა და სახელმწიფო ხელმძღვანელებმა, რათა გამოეხატათ თავიანთი კეთილი ნება ერთიანობის, ურთიერთპატივისცემისა და თანადგომის შესახებ და ელოცათ მსოფლიო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. ეს იყო დიდი და ამასთან კანონზომიერი მოვლენა, რომელმაც საყოველთაო ყურადღება მიიპყრო.
ათასწლეულთა შესაყართან კიდევ უფრო მძაფრდება წარსულის განცდა და სურვილი ღმერთთან სიახლოვისა. ადამიანური განზომილებით ეს დრო ხანგრძლივია და მრავლისმომცველი. უფლის წინაშე კი "ათასი წელი, ვითარცა ერთი დღე". ასე რომ, ღვთის ათვლით, მეორე დღე მთავრდება მაცხოვრის განკაცებიდან და იგი განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს.
განსაკუთრებულობა უნდა გამოვლინდეს სულიერებაში. თითოეულმა ოჯახმა, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იგრძნოს, რომ იგი ღირსი გახდა შეხვედროდა ამ დიდებულ თარიღს და ვალდებულია, სათანადოდ მოემზადოს ამისთვის, ვალდებულია, იმ მოგვების მსგავსად, რომელთაც თაყვანი სცეს და საუკეთესო ძღვენი მიართვეს ბეთლემის ბაგაში მწოლ ახლადშობილ მაცხოვარს, თავისი შესაწირი გაიღოს მის სადიდებლად. ეს შესაწირი უწინარესად უნდა იყოს გულმხურვალე ლოცვა, ჩვენი ქრისტიანული ეკლესიური ცხოვრება, ჩვენი შრომა, ჩვენი ნამუშაკევი, ჩვენი კეთილი საქმეები.
ამ თარიღის შესახვედრად საქართველოს დიდი მომზადება ჰმართებს, რადგან ღვთისგან ბევრი მოგვეცა და ბევრიც მოგვეთხოვება. თქვენ იცით, უფლის განგებით, ჩვენთან იქნა მობრძანებული კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ღვთისმშობლის პერანგი; იცით, რომ ჩვენი ქვეყანა ღვთისმშობლის წილხვედრია და მისი განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ იმყოფება, რომ ჩვენი ეკლესია დაფუძნებულია მაცხოვრის მოციქულების: ანდრია პირველწოდებულის, სვიმონ კანანელის, მატათას, თადეოზის, ბართლომეს მიერ და განმტკიცებულია წმ. ნინოს, წმ. გიორგის, წმ. ნიკოლოზის და სხვათა ჩვენთა დიდთა წმინდანთა ლოცვით და ღვაწლით.
ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ათას ქარტეხილგამოვლილი საქართველო დღეს კვლავ ცოცხლობს და აღორძინების გზას ადგას და რომ ძალისაებრ ჩვენისა ვემსახურებით მის სიწმინდეს.
ძმანო და დანო, თავი მოვიდრიკოთ და მუხლი მოვიყაროთ ყოვლადწმიდა სამების წინაშე და წრფელი გულით შევთხოვოთ მამასა და ძესა და სულსა წმიდას, დაგვლოცოს, განგვწმინდოს და განგვინათლოს გული და გონება, რათა დღე ყოველ მართლად ვიდოდეთ და ურცხვენელად წარვდგეთ წინაშე მისსა, რათა თანაზიარ ვექმნეთ მარადიულ ცხოვრებას მისას და უფალთან ვიყოფოდეთ განუშორებლად. ამინ!

ქრისტეს შობა
1999-2000 წ. კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი< =>საქართველოს


სააღდგომო ეპისტოლე - 2001

მოვლენები სულიერი თვალით უნდა შევაფასოთ

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ღვთივკურთხეულნო, ღვთივრჩეულნო შვილნო საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიისა, უფალი მოგვმართავს თითოეულ ჩვენგანს და გვეუბნება:
"მოიწია ჩემმა დრომ; შენთან ვყოფ პასექს

ჩემს მოწაფეებთან ერთად" (მთ. 26,18).
მკვიდრნო ივერიისა და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, განიხარეთ, რამეთუ
ქრისტე აღდგა!
"ჰოი, პასექო, დიდო და დიდებულო, ქრისტე! ჰოი, სიბრძნეო და სიტყვაო და ძალო, მომეც ჩვენ სავსებით მოღება მადლთა შენთა დაუღამებელსა მას დღესა სუფევისა შენისასა" (ტროპარი, პასექის IX გალობა).
აღდგომა ქრისტესი უდიდესი საიდუმლოა, რომლის ჭეშმარიტ სიღრმეს ვერასოდეს შეიცნობს ადამიანის გონება. ეს არის საიდუმლო ჩვენი გამოსყიდვისა და გადარჩენისა; დღეს ზეიმობს ცა და მიწა, რადგან თავისი აღდგომით მაცხოვარმა სიკვდილი დათრგუნა. "სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი, სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი?" (ოს. 13,14).
შეიმუსრა ქვესკნელი, დაემხო ბოროტების ტახტი, იხარებენ მართალნი და იშვებენ ქრისტესთან. "სიკუდილითა სიკუდილისა შემუსვრასა ვდღესასწაულობთ, დასაბამსა და მიზეზსა ახლისა ცხოვრებისასა, ვუგალობთ მხოლოსა კურთხეულსა, ღმერთსა მამათასა და ზესთა ამაღლებულსა" (ტროპარი, პასექის VII გალობა).
უფალმა განგვიღო თვისი სამყოფელი და მოგვცა შესაძლებლობა, დავიმკვიდროთ ცათა სასუფეველი – ვეზიაროთ მარადიულ ცხოვრებასა და დაუსრულებელ ნეტარებას მისსა. მაგრამ, მზად ვართ, რომ მივიღოთ ეს საოცარი წყალობა? მზად არის ჩვენი გული, რომ იქცეს იგი ტაძრად სულისა წმიდისა, ტაძრად ჭეშმარიტი რწმენისა, შეურყეველი სასოებისა და უნაპირო სიყვარულისა, სიკეთისა და თანალმობისა?
ნათელი ქრისტესი განანათლებს ყოველთა, რომელთაც სურთ ისმინონ ღვთის სიტყვა. უფლის მცნებები არის მანათობელი ჩვენი შინაგანი სამყაროსი. ისინი საშუალებას გვაძლევენ ჩავიხედოთ სულიერ სარკეში და დავინახოთ, თუ როგორნი ვართ სინამდვილეში; ავია თუ კარგი ჩვენი საქმიანობა, ჩვენი სიტყვა, ფიქრი და ზრახვა; ვართ თუ არა მართალნი საკუთარი თავის, ღვთისა და მოყვასის წინაშე.
ორი ათასი წელია კაცობრიობას საშუალება აქვს მიუკერძოებლად განსაჯოს თავისი თავი და სინანულით აღვსილმა მიიღოს შეწყალება უფლისაგან ცოდვათა გულწრფელი მონანიებით; რაოდენ ამაოა და საწყალობელია ყოფა მათი, რომელთაც ისე გალიეს ეს წუთისოფელი, რომ მხოლოდ მიწიერ სიკეთეთა (ქონების, მდგომარეობის, უზრუნველი ცხოვრების, პატივისა და თანამდებობის) მოხვეჭა დაისახეს ცხოვრების მიზნად და მარადიულ ღირებულებებზე არც კი დაფიქრებულან.
ასეთ ადამიანთა შინაგანი სამყარო დახშულია ღვთის სიტყვისათვის. იესო ქრისტეს ნათელი მათ გულამდე ვერ აღწევს და სიბნელით მოცული მათი სულიერი თვალი, ბუნებრივია, ცოდვებს ვერ ხედავს; რაც, ფაქტობრივად, ნებაყოფლობით უარის თქმას ნიშნავს მარადიულ ნეტარებაზე, გოლგოთის მსხვერპლით მონიჭებულ უფლის საოცარ ძღვენზე.
"მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი. ნეტავ, ყურად გეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი სიმრთელე და ზღვის ტალღებივით – შენი სიმართლე" (ეს. 48,12,18), - ბრძანებს უფალი და გვაფრთხილებს: "ჟამი ჩემი ახლოს არს".
ეს სიტყვები ეხება ყველას, თითოეულ ჩვენგანს. მაცხოვარს სურს, რომ გადავრჩეთ, ღირსნი გავხდეთ ნეტარებისა და ჩვენს გულებში პასექი იზეიმოს.
ძველ აღთქმაში პასექი ნიშნავდა ებრაელთა გამოხსნას ეგვიპტელთა ტყვეობისაგან და ამქვეყნად ღვთის ძის, მესიის მობრძანებას. ახალი აღთქმის პასექი – ესაა გათავისუფლება სიმბოლური ეგვიპტისგან – ცოდვებისაგან და სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე.
ჩვენ რომელს ავირჩევთ, ეგვიპტეს თუ აღთქმულ მიწას?
"ადამიანის შინაგან სამყაროში უხილავი ბრძოლა მიმდინარეობს, რომელიც მთელი ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე გრძელდება. მისი შედეგი მთლიანად არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვის ეკუთვნის ჩვენი სული, ვისთან და რასთან არის იგი კავშირსა და ერთობაში", - წერს ღირსი მამა მაკარი დიდი.
ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებულიც იმავეს ბრძანებს: "აიღე გული შენი და გამოიძიე, სად არის საუნჯე მისი, რით ხარობს იგი, რა აქვს მიზნად და რა მიაჩნია კეთილდღეობად? მაშინ იხილავ, სადა ხარ შენ".
ცოდვათა დაძლევის პროცესი ადვილი არ არის და დიდ შრომასა და ნებისყოფას ითხოვს, მაგრამ, ამავე დროს, ეს არის შინაგანი ნეტარებისა და მადლის მომნიჭებელი ღვაწლი, მსვლელობა ცად აღმყვანებელ კიბეზე, რომლის თითოეული საფეხურის დაძლევა გარკვეული გამოცდის ჩაბარების ფასად ხდება. ამიტომაც, არ უნდა შევუშინდეთ განსაცდელს. იგი საშუალებაა სულიერი წრთობისა და ცოდვათაგან განთავისუფლებისა. იგია ნიშანი სულიერ კიბეზე ზესვლის დაწყებისა, ხოლო ვინც არ შედგომია ამგვარ ამაღლებას, იგი შორსაა სულიერი ბრძოლისა და განსაცდელისაგან.
უნდა იცოდეთ ისიც, რომ უფალი ხედავს ჩვენს ყოველ ნაბიჯს, აზრის ყოველ მოძრაობას, იცის ჩვენი შესაძლებლობანი და თუ ძალიან გაგვიჭირდება, ჩვენს ჯვარს იტვირთებს და შეგვიმსუბუქებს სიმძიმეს მისას. ქრისტეს გზა ვიწროა და ეკლიანი, მაგრამ ერთადერთია და გადამრჩენელი. იგი ჯვარცმაა, მაგრამ აღდგომაც არის.
ყველაზე მძიმე ბრძოლა საკუთარ თავთან გვიწევს. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში იცოდნენ ამ ჭეშმარიტების შესახებ. დანანებით ამბობს ალექსანდრე მაკედონელზე მისი ბიოგრაფი კვინტუს კურციუსი: "ის, ვინც ვერ გატეხა სპარსთა ურიცხვმა ლაშქარმა, დამარცხდა ვნებათაგან".
ჯვარცმის (ანუ განსაცდელის) გარეშე არ არსებობს აღდგომა და ამაღლება. და თუ ჩვენ გვსურს, ვიყოთ ქრისტიანნი, ვიყოთ ქრისტეში და ქრისტესთან, უნდა განვვლოთ ვნებისა და ტანჯვის გზა, რათა შემდეგ გამარჯვებულებმა უფალთან ერთად ჯოჯოხეთის შემუსვრა ვიზეიმოთ.
ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, როდესაც ძალიან ადვილად მყარდება კავშირები როგორც ერთმანეთისგან შორს მცხოვრებ ადამიანებს, ისე ცალკეულ ქვეყნებს შორის. სულ რამდენიმე საათია საჭირო, რომ ფეხი დავადგათ დედამიწის ჩვენთვის სასურველ ნებისმიერ ადგილს. მასობრივი ინფორმაციის საშუალებანი გვაწვდიან ცნობებს მსოფლიოში მომხდარ ყველა მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენ თანდათან ვიწყებთ გაცნობიერებას იმისას, რომ შევედით განვითარების ახალ ფაზაში, როცა დედამიწა მრავალრიცხოვან, მრავალფეროვან ერთ ოჯახად იქცა და კაცობრიობის ყოფნა-არყოფნა, შეიძლება ითქვას, ერთგვარად დამოკიდებული გახდა მისი ყველა წევრის გონიერებასა და სიბრძნეზე, რადგან დღეს ჩვენს წინაშე არსებულ სხვა გლობალურ პრობლემებთან ერთად კვლავ შეიქმნა საშიშროება მსოფლიო ომის დაწყებისა. ძლიერ ქვეყნებს შორის მიმდინარეობს ბრძოლა გაბატონებისათვის, ერთპოლუსიანი თუ მრავალპოლუსიანი სამყაროსათვის. როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ჭიდილი, სამწუხაროდ, შემდგომში ახალ ზესახელმწიფოთა დაპირისპირებას ვერ ავცდებით და არც იმ ქვეყნის მდგომარეობა იქნება ხანგრძლივი, რომელიც ბოლოს ერთპიროვნულ ლიდერობას მოიპოვებს, რადგან ვერ შეძლებს მსოფლიოში მიმდინარე პროცესების მუდმივ, სრულ კონტროლს. მერე მოვლენები კვლავ თავიდან დაიწყება, თუ, რა თქმა უნდა, სიცოცხლეს დედამიწაზე არსებობა კიდევ დიდ ხანს უწერია.
ამიტომაც, უკვე ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ უნდა შეიქმნას უშიშროების ისეთი მექანიზმი, რომელიც აღიარებს სახელმწიფოთა დღეს არსებულ საზღვრებს და ქვეყანათა შორის წესრიგის დამყარების მიზნით შექმნის საერთაშორისო სამხედრო ძალას, რომელსაც კონტროლს გაუწევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განახლებული სტრუქტურა, ან სხვა რომელიმე ახალი საერთაშორისო ორგანიზაცია. ისეთი პატარა ქვეყნისთვის კი, როგორიც საქართველოა, ალბათ, ყველაზე სწორი პოზიცია, ნეიტრალიტეტია, თუ, რა თქმა უნდა, იგი გარანტირებული იქნება სხვა დიდ სახელმწიფოთა მიერ.
მაგრამ ეს ყველაფერი ცარიელ ფრაზებად დარჩება, თუ კაცთა მოდგმა ვერ ჩასწვდა ჭეშმარიტებას. თუ იგი ვერ ეზიარა ნამდვილ სარწმუნოებას, მისთვის ყოველთვის მიუწვდომელი იქნება მშვიდობაც და სხვა ისეთი დიადი ღირებულებანიც, როგორიცაა სიყვარული, სიკეთე, სამართლიანობა... რადგან ყოველივე ეს უფლისაგან მომდინარეობს. არასწორი სარწმუნოებით კი ღმერთამდე ვერ მივალთ და ვერც მის მადლს ვეზიარებით. ამიტომაც არის, რომ ამ ღირებულებათა შესახებ მრავალნი საუბრობენ, ცხოვრებაში მათი დამკვიდრებისთვის ბევრსაც იღწვიან, მაგრამ ყოველივე ეს არარეალურ, უკეთეს შემთხვევაში დროებით შედეგს იძლევა, რადგან მისი საფუძველი ყალბი და არარეალურია.
"შეურიგდით ღმერთს", - მოგვიწოდებს პავლე მოციქული. აი, გასაღები მშვიდობისა და სიყვარულისა. ამიტომაც წერს წმიდა იოანე ოქროპირი: "ქრისტიანი სხვებისაგან განსხვავებით მრავალი კეთილი თვისებით ხასიათდება, მაგრამ მათ შორის ყველზე დიდი და საუკეთესოა – უნარი ჭეშმარიტი ურთიერთსიყვარულისა და გამორჩეული სიყვარული მშვიდობისა".
მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ამა თუ იმ პიროვნებას ან საზოგადოებას, მორწმუნედაც რომ მიიჩნევდეს თავს, შეიძლება საფრთხე ორი უკიდურესობიდან დაემუქროს. პირველი – ეს არის ფანატიზმის, კარჩაკეტილობის, იზოლაციისა და თვითდაჯერებულობის მდგომარეობა, მეორე კი, პირიქით, მომდინარეობს თავისუფლების უგუნური გაგებიდან, ზედმეტი ლიბერალიზმისა და ყველაფრის ნებადართულობის პრინციპიდან.
ორივე ეს მიმართულება სინამდვილეში ღვთისაგან გაუცხოების შედეგია. იგი თითქმის არასოდეს იყო დამახასიათებელი ჩვენი ხალხისთვის, რადგან ყოველთვის ვეძებდით და კიდეც ვპოულობდით ჩვენს ადგილს ჭეშმარიტების საზღვრებში, მაგრამ დღევანდელ ჩვენს ყოფაში შეიმჩნევა როგორც ერთის, ისე, განსაკუთრებით, მეორე უკიდურესობის ნიშნები. ამიტომაც მასზე გავამახვილებ ყურადღებას.
თუ პიროვნებას, ხალხს, სახელმწიოფს არა აქვს სწორი რელიგიური და ეროვნული იდეოლოგია, ლიბერალიზმი აუცილებლად მტრების სასარგებლოდ იმუშავებს და შინაგანად მთლიანად დაანგრევს ქვეყანას. ის უბიძგებს საზოგადოებას ფსევდოდემოკრატიისა და ცრუ თავისუფლებისკენ, გააუფასურებს ეროვნულ ღირებულებებს, დაარღვევს ფორმასა და შინაარსს სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა.
უგუნური ლიბერალიზმი, როგორც წესი, სათავეა მრავალი ნეგატიური მოვლენის, მათ შორის კორუფციის, დანაშაულთა გამრავლების, საერთო მიშვებულობის და განუკითხაობისა. ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მეცნიერება, განათლება, ჯანმრთელობის დაცვა, კულტურა... აუცილებლად უნდა ეყრდნობოდეს და გამომდინარეობდეს ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან.
სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ არა გვაქვს ასეთი იდეოლოგია. ამიტომაც, უკიდურესობებში ვვარდებით და პრობლემებიც გვიათმაგდება. ხომ არ დადგა დრო, საერთო სახალხო დარბაზის შექმნისა, რომელიც ყველა ფენიდან შეკრებს ჯანსაღ, გონივრულ წინადადებებს და მასალას მოუმზადებს ხელისუფლებას იდეოლოგიის განსაზღვრისათვის?
საერთოდ, უფრო მეტად გვმართებს ანალიტიკური აზროვნების უნარის გამოვლენა, ვიდრე გულის კარნახით სიარული. ჩვენი ყოველი ნაბიჯი აწონილი და გამართლებული უნდა იყოს.
ღირსი მაკარი აღმსარებელი წერს: "სიბრძნე მდგომარეობს იმაში, რომ საგნები და მოვლენები დავინახოთ ისე, როგორც ისინი სინამდვილეში არიან, მთელი მათი შინაგანი თავისუფლებით". მართლად ხედვის უნარი კი სუფთა გულიდან მოდის.
ღმერთმა მოგვცეს ძალა სწორი ხედვისა, ღმერთმა მოგვცეს უნარი ჭეშმარიტებასთან ზიარებისა და მაშინ ჩვენ ნამდვილ თავისუფლებას მოვიპოვებთ.
ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს ინტელიგენციამ და ახალგაზრდობამ. სწორედ ისინი უნდა დადგნენ ჩვენი სულიერი და ეროვნული ღირებულებების სადარაჯოზე.
მსურს ერთგვარი სიამაყის გრძნობით აღვნიშნო, რომ საქართველოში ინტელიგენტთა შორის თითქმის არ ყოფილან მებრძოლი ათეისტები. მართალია, უმრავლესობამ კომუნისტურ პერიოდში ეკლესიურობა დაკარგა, მაგრამ ღვთისადმი შინაგანი რწმენა შეინარჩუნა და მას ბოლომდე თან ატარებდა. ამიტომაც იყო, რომ 1977 წელს, როდესაც ღვთის განგებით საპატრიარქო ტახტზე ამირჩიეს, ეკლესიისთვის დასახმარებლად პირველად ინტელიგენცია და ახალგაზრდობა მოვიდა. დიდი მადლიერებით მინდა გავიხსენო ქ-ნი ბაბო (ბარბარე) დადიანი, ალექსანდრე (შურა) ბანძელაძე, გურამ პატარაია, ლევან ცუცქირიძე, ლამარა და გრიგოლ აბაშიძეები, ირაკლი აბაშიძე, ერასტი და ელენე ვაჩნაძეები, ნანა ხატისკაცი, მედეა ჯაფარიძე და რეზო თაბუკაშვილი, ლილი გეგელია, რეზო ჩხეიძე, მედეა ჩახავა, ზურაბ კიკნაძე, ელგუჯა გიუნაშვილი, გიორგი ცინცაძე, ბაჩანა ბრეგვაძე და სხვანი.
მათ უთვალთვალებდნენ, ავიწროვებდნენ, უშლიდნენ ჩვენთან სიახლოვეს, მაგრამ ისინი არ უშინდებოდნენ ზეწოლას.
მინდა შევჩერდე ახალგაზრდებზეც, რომელთა ყოფნაც ეკლესიაში მაშინ, ფაქტობრივად, თავგანწირვა იყო. რამდენი წინააღმდეგობის გადალახვა მოუხდა მაგალითად ზურაბ ჭავჭავაძეს, რომ წლების განმავლობაში შეენარჩუნებინა თანამშრომლობა და კავშირი საპატრიარქოსთან. ცნობილი ფილოსოფოსის, ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორის, ბ-ნ ნიკო ჭავჭავაძის შვილი თავადაც შესანიშნავი მეცნიერი იყო. ზურაბი კომკავშირიდან გარიცხეს, ცილს სწამებდნენ, ცდილობდნენ, გავლენა მოეხდინათ მის მშობლებზე, დაემცირებინათ და მძიმე მდგომარეობაში ჩაეგდოთ მთელი ოჯახი.
ეს გზა გაიარა კომუნისტური მმართველობის დროს ეკლესიაში მოსული ახალგაზრდობის უდიდესმა ნაწილმა, რომელთა შორის განსაკუთრებით მინდა გამოვყო ტრაგიკულად გარდაცვლილი სოსო (იოსებ) წერეთელი და გიორგი ჭანტურია.
ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღესაც ინტელიგენციას და ახალგაზრდობას სერიოზული პრობლემების გადალახვა მოუხდებათ, თუ აქტიურად ჩაებმებიან ქვეყნის აღმშენებლობაში და მაცხოვნებელი გზიდან არ გადაუხვევენ.
მსურს, ყურადღება გავამახვილო ჩვენი ყოფისთვის დამახასიათებელ ერთ მომენტზეც, რაც უკვე რამდენიმე წელიწადია საზოგადოების სენად იქცა. ეს არის საზღვარგარეთ წასვლა სამუშაოს შოვნის იმედით, მიდიან ახალგაზრდებიც და საშუალო ასაკისანიც.
გაუგებარია, საზღვარგარეთ, ათასობით კილომეტრის დაშორებით, სრულიად უცხო გარემოში მშობლები როგორ უშვებენ შვილებს (თუნდაც სწავლის მიზნით) იმ დროს, როცა ყველაზე მეტად სჭირდებათ მათი ყურადღება, შეწევნა, მზრუნველობა. ვის ხელში მოხვდება ეს ახალგაზრდა, რა წრეში იტრიალებს, ცხოვრება რა გამოცდას მოუწყობს, არავინ იცის.
ჩვენი შვილები განსხვავებულ გარემოში არიან აღზრდილნი, უცხოეთში კი ისინი მრავალი ისეთი პრობლემისა და განსაცდელის წინაშე დგებიან, რისთვისაც, ფაქტობრივად, სრულიად მოუმზადებელნი არიან და, ამდენად, დაუცველნიც. ამიტომაც ვალდებული ვარ შევახსენო მშობლებს, რომ დიდ რისკს ეწევიან, როცა ასეთ ნაბიჯს დგამენ.
საშიშროება მაშინაც არანაკლებია, როდესაც საზღვარგარეთ ოჯახის უფროსები მიდიან და შვილებს, მეუღლესა თუ ახლობლებს, ფაქტობრივად, ღვთის ანაბარა ტოვებენ.
ბოლო დროს ჩვენი ქვეყნიდან წასულ ბევრ ქართველს შევხვედრილვარ ინგლისშიც, ამერიკაშიც, ისრაელშიც, გერმანიაშიც, საფრანგეთშიც. იშვიათად თუ ვინმეს გაუმართლა. ძირითადი ნაწილი მატერიალურად ჩვენზე უარეს დღეში ცხოვრობს და ამასთან ერთად, მთელს ენერგიას სრულიად უმნიშვნელო, არაფრისმომცემ საქმიანობას ახმარს. მათ რომ სამშობლოში ასე ეშრომათ, აღარ გაუჭირდებოდათ და ქვეყანასაც გამოადგებოდნენ.
ნუთუ ოჯახური გარემო, სანათესაო, სამეგობრო წრე, სამშობლო... არ სჯობს ამ გზით მოპოვებულ ფულს? განა უკეთესი არ არის, განსაცდელს და სიდუხჭირეს ყველანი ერთად გავუმკლავდეთ და ჩვენ თავად შევქმნათ საკუთარი კეთილდღეობა? ჩვენი გონებით, ჩვენი შრომით, ჩვენი ხელებით მოვიპოვოთ პური არსობისა?
მართალია, ამის განხორციელება ადვილი არ არის, რადგან დღეს მრავალმხრივი გაჭირვება და პრობლემაა საქართველოში, მაგრამ შესაძლებელია ამ პრობლემების ერთობლივი ძალისხმევით დაძლევა, თუკი ყველანი ერთად ვიღვაწებთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისათვის.
ისევე როგორც პიროვნების განსაცდელი, ერის განსაცდელიც ღვთისაგან მისი სულიერი ამაღლებისთვის ხდება. ახლა სწორედ ამ პროცესს გავდივართ და დარწმუნებული ვარ, ღვთის წყალობით, იგი იქცევა ზეცად აღმყვანებელ ჩვენს სულიერ კიბედ. ის კი, ვინც გაურბის ღვთისაგან დაშვებულ ამ გამოცდას და იოლ გზას ეძებს, უარს ამბობს დიდების გვირგვინზე. ამიტომაც, მოვლენებს სულიერი თვალით უნდა შევხედოთ, უფრო ღრმა ანალიზი უნდა გავუკეთოთ ჩვენს ცხოვრებასა და საერთო ყოფას, რათა მართებული დასკვნები გამოვიტანოთ.
ქრისტე აღდგა, გიხაროდეთ!
მაშ, ისმინეთ უფლის სიტყვები: "აჰა, მოვალ მალე. მტკიცედ იპყარ, რაცა გაქვს, რათა არავინ წარგტაცოს შენი გვირგვინი. მძლეველს ვყოფ ბურჯად მამის ჩემის ტაძარში" (გამც. 3,11-12).
იყავით მძლეველნი საკუთარი თავისა და თქვენს გულში განამზადეთ ტრაპეზი განწმენდისა, რათა იქ პასექი იხმიოს ქრისტემ.
იხარეთ ორსავე სოფელსა შინა;
ჩვენთან არს ღმერთი!
აღდგომა ქრისტესი,
თბილისი, 20001 წ.

< align=center>მოვლენები სულიერი თვალით უნდა


საშობაო ეპისტოლე - 2022

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო

„აჰა, ქალწული მუცლად იღებს, და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი“ (მთ. 1, 23; ეს. 7, 14). დგება დღე შეუდარებელი, სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებული არა მარტო კაცობრიობის ისტორიაში, არამედ მთელი სამყაროს არსებობაშიც. ის, რაც 2022 წლის წინ იერუსალიმის მახლობლად, ბეთლემის ერთ მიტოვებულ, პირუტყვის თავშესაფრად გამოყენებულ გამოქვაბულში ზამთრის ცივ ღამეს აღესრულა, ენითუთქმელი სასწაულია, - იშვა ემანუელი! მანამდე ღმერთი კაცობრივად არ მოვლენილა. მსგავსი რამ სამყაროში არასოდეს მომხდარა და არც მოხდება.
ეს არის დღე ცისა და მიწის, შემოქმედისა და ადამიანის ერთობისათვის გზის გამკვალავი, ეს არის დღე - უფალთან ჩვენი დიდი მშვიდობის, დიდი შერიგების, დიდი სიხარულის დასაწყისისა. გაცხადდა იაკობ მამამთავრის წინასწარმეტყველება: „წაერთმევა კვერთხი იუდას... ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა“ (დაბ. 49, 10), რაც გულისხმობდა იმას, რომ, როდესაც ისრაელს აღარ ეყოლებოდა კანონიერი მეფე იუდას ტომიდან, მაშინ მოევლინებოდათ ზეციური მეუფე. მართლაც, რომის იმპერიაში, მის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, იუდეაში, პირველი წარმართი და უცხოტომელი მეფის, იდუმიელი ჰეროდეს მმართველობის ჟამს უცნაურმა ვარსკვლავმა და ანგელოზთა დასმა სამყაროს ამცნო იესოს შობა. ეს იყო უფლის მოწყალების და კაცობრიობის საუკეთესო ნაწილის მიერ ღვთის განკაცების მრავალათასწლიანი მოლოდინის შედეგი. ამ გზაზე იყო ებრაელთა ერის მრავალგზისი განდგომა ღვთისგან, გაუცხოება ჭეშმარიტი რწმენისგან, შიში წარმართ დამპყრობელთა წინაშე და მათი გავლენის ქვეშ მოქცევა.., მაგრამ იყო სინანულიც, ღვთისადმი თავგანწირული ერთგულებაც და უფლისა და მოყვასისათვის მსახურების გამორჩეული მაგალითებიც. დიდი რყევებისა და სულიერი ქარტეხილების მიუხედავად, სინას მთაზე მოსე წინასწარმეტყველისთვის მიცემული უფლის მცნებები ისრაელიანთა ღირსეულმა მოღვაწეებმა დაიცვეს და მოამზადეს კაცობრიობა მაცხოვრის განკაცებისთვის. და, აი, დავით წინასწარმეტყველის შთამომავალ ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამისგან მოევლინა ამ ქვეყანას „ნათელი სოფლისა,“... „რომლისგან ყოველივე შეიქმნა და მის გარეშე არც ერთი რამ იქმნა“ (ინ. 1, 3); მოევლინა, რათა კაცთა მოდგმისთვის ეხარებინა:
„მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისვენო თქვენ“ (მთ. 11, 28); „მე ვარ პური სიცოცხლისა, ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება“(ინ. 6, 35); „მე ვარ კარი ცხოვართა, ვინც შედის ჩემით, გადარჩება“ (ინ. 8, 12); „მე ვარ ვაზი, თქვენ კი ლერწები, ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ განიგდება“ (ინ. 15, 5-6); „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (ინ. 14, 8). - რას გულისხმობს, უფრო სწორად, რისკენ მოგვიწოდებს ეს სიტყვები? - სინერგიისაკენ, - ღვთაებრივი და ადამიანური ნების შეერთებისა და შერწყმისაკენ. ანუ იმისკენ, რაც უნდა იყოს ერთადერთი მთავარი აზრი და მიზანი ჩვენი ცხოვრებისა; ყველაფერი სხვა კი, მასთან შედარებით, ამაოებაა. ჩვენში რომ მოხდეს სინერგია, აუცილებელია, შევძლოთ საკუთარი თავისა და ღმერთის, ჩვენი შესაძლებლობისამებრ, შეცნობა; ამისთვის კი უპირველესი პირობა ის არის, რომ ადამიანი წმინდა ნათლობით შეუერთდეს ქრისტეს; ასევე, ყოვლად აუცილებელია, თითოეულ ჩვენგანში მოხდეს პიროვნული შეხვედრა ღმერთთან. ეს აუხსნელი, ადამიანური ლოგიკისათვის მიუწვდომელი მეტად შთამბეჭდავი მოვლენაა, რომელიც არავინ იცის, ვისთან და როდის აღესრულება. ისიც შეიძლება, რომ არასწორად ვცხოვრობდეთ, ცუდად ვიქცეოდეთ, ღმერთზე ფიქრსაც კი გავურბოდეთ, მაგრამ განსაცდელი, ან სხვა რამ შემთხვევა გამოგვაფხიზლებს, თვალს აგვიხელს ჩვენი ცხოვრებისა და აზროვნების წესს სრულიად შესცვლის და ჩვენი ნებითა და მონდომებით სიხარულით მიგვმართავს ცხონების ვიწრო და ეკლიანი გზისაკენ.
* * *
დღეს სხვა დროა, იტყვის მავანი... ჩვენ სხვა სამყაროში შევაბიჯეთ და ის, რაც ადრე იყო მისაღები და მოსაწონი, თანამედროვეთათვის მოძველებულია და არაფრისმომცემი. მართლაც, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, როდესაც ინტერნეტმა მოიცვა მსოფლიო, ახალი ერა დაიწყო. ტექნიკის სფეროში, თანამედროვე სამყაროში, ახლა უკვე საოცარი პროგრესია მიღწეული, თუმცა თავი იჩინა ფრიად სერიოზულმა გამოწვევებმაც, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჩვენ ყველანი დედამიწის, როგორც უკვე ერთიანი საერთო სივრცის ნაწილნი, ყოფით ცხოვრებას ან მკვეთრად გავიუმჯობესებთ, ან გადაულახავი დაბრკოლებების წინაშე აღმოვჩნდებით. გამოსავალი, რა თქმა უნდა, არსებობს და იგი, ჩვენის აზრით, მხოლოდ ერთია: ყველაზე მთავარი აქცენტი ყველას მიერ გადატანილი უნდა იქნას ადამიანზე და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ წინა პლანზე წამოიწიოს იმ ღირებულებებმა, რაც მას შემოქმედთან დააახლოებს; ზეადამიანად გახდომის ამპარტავნული სურვილი კი დაღუპვის წინაპირობად გვექცევა. „სიცოცხლე ან სიკვდილი“, - ამ არჩევანის წინაშე აღმოჩნდა დღეს ადამის მთელი მოდგმა. ასეთი მასშტაბური და ყოვლისმომცველი ნაბიჯი მანამდე არ გვქონია გადასადგმელი. „აირჩიე სიცოცხლე“, - მოგვიწოდებს მოციქული. მორწმუნეთათვის ეს ნიშნავს მცნებების დაცვით უფლის მიმსგავსებას, მაღალზნეობრივ პიროვნებად ჩამოყალიბებას, ნიშნავს ღვთის სადიდებლად სხვისთვის ცხოვრებას, რათა შემდეგ ცათა სასუფევლის მკვიდრნი გავხდეთ და მარადიულად ღმერთთან ვმყოფობდეთ. ათეისტებისათვის კი ასეთი აზროვნება გაუგებარია და მიუღებელი, რადგან ისინი ეყრდნობიან ფორმულირებას: მჯერა ის, რასაც ვხედავ და არ მჯერა იმის, რაც უხილავია. ამიტომაც არც ღმერთის სწამთ, არც ჩვენი სულის არსებობის და არც მისი უკვდავების; ამასთან, მიიჩნევენ რა, რომ გარდაცვალებით ყველაფერი მთავრდება, ამქვეყნიური კეთილდღეობის ნებისმიერი საშუალებით მიღწევას, ხშირ შემთხვევაში, არ ერიდებიან.
* * *
მაგრამ, მორწმუნენი ვართ, თუ ურწმუნონი, როდესაც თუნდაც ამქვეყნიურ ჩვენს უკეთეს მომავალზე ვფიქრობთ, აუცილებლად წამოიჭრება მრავალი კითხვა, მათ შორის იმის შესახებ, თუ როგორ დავძლიოთ სიღატაკე, უმუშევრობა, დევნილთა პრობლემები, როგორ აღვიდგინოთ ტერიტორიული მთლიანობა? ... მაგრამ, ასევე, წამოიჭრება სხვა კითხვებიც, რომლებიც მუდამ აწუხებდა კაცობრიობას: რატომ დავიბადეთ? რატომ ვკვდებით? ვინ მოგვცა სიცოცხლე? რა არის იგი? რისთვის ვართ მოწოდებულნი? ... რა თქმა უნდა, ორივე მიმართულებით გვმართებს ფიქრი, მაგრამ ამ ეპისტოლეში იმ თემებზე გავამახვილებ ყურადღებას, რაც სულიერ სფეროს მოიცავს და ღვთისკენ სავალი გზების ძიებაში დაგვეხმარება.
* * *
ბიბლიის პირველივე თავიდან გაცხადებულია დიდი საიდუმლოებანი მცენარეთა, ცხოველთა, ზღვის და ცის ბინადართა, ასევე, ღვთის მიერ სამყაროს შექმნის, ადამიანის დაბადებისა და მისი დანიშნულების თაობაზე. „მე ვარ ანი და ჰოე, დასაწყისი და დასასრული“ (გამოცხ. 1, 8), - ბრძანებს მაცხოვარი. „დასაწყისში იყო სიტყვა (ლოგოსი) და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი... ყოველივე მის მიერ შეიქმნა, მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი...“ (ინ 1, 1-4); „წყალობით მდიდარმა ღმერთმა... შეცოდებით მკვდარნი გაგვაცოცხლა ქრისტესთან ერთად“ (ეფეს. 2, 4-5) და „ღვთის ძისადმი რწმენით გვაქვს საუკუნო სიცოცხლე“ (I ინ. 5, 13), - ვკითხულობთ ახალ აღთქმაში.
სიკვდილი კი ცოდვის შედეგია, რომელიც მის გარეშე არ არსებობს და მასზეა დამოკიდებული. „ცოდვის საზღაური არის სიკვდილი“ (რომ. 6, 23), - ბრძანებს მოციქული. ხოლო რადგან „გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და ამპარტავნება ამქვეყნისაგან მომდინარეობს“ (I ინ. 2-16) და უფალთან კავშირი არა აქვს, ამ წესით მცხოვრებნი თავისი ნებით შორდებიან სიცოცხლის, სიწმინდის, სინათლის წყაროს, - ღმერთს და სულიერ სიკვდილს ექვემდებარებიან. უფალთან ყოფნა კი ნიშნავს იმას, რომ უნდა მოვკვდეთ ცოდვისათვის, ანუ დავძლიოთ ის გაუკუღმართებანი, ადამის დაცემის შემდეგ რომ შევიძინეთ. ღმერთთან მიახლებაში, მხოლოდ განსწავლულობა და მეცნიერული პროგრესი ვერ დაგვეხმარება; აუცილებელია სულიერი სიწმინდის მოპოვება, რადგან „ღმერთი სულია და მის თაყვანისმცემლებს მართებთ სულითა და ჭეშმარიტებით თაყვანისცემა“ (ინ. 4, 24). წმინდა მაკარი ეგვიპტელი წერს: როგორც სხეულს სხვადასხვა ორგანო და ფუნქცია აქვს, ასევე სულსაც აქვს სხვადასხვა გამოვლინება და ფუნქცია. სულის თვისებაა, მაგალითად: განსჯა, ნებელობა, სიყვარული, შემოქმედებითი უნარი; სირცხვილის, მორიდების, თავმდაბლობის გრძნობა; სიმართლისმოყვარეობა, მოწყალება, სინანული, სიბრალული, სიხარული... ისინი ღვთივბოძებული ნიჭებია, რომლებიც ჩვენს შინაგან ადამიანს ქმნის. ცოდვებით შებღალული, უფლის ნათელს მოკლებული სულის თვისებები კი არის: ამპარტავნება, შური, კადნიერება, ღვარძლი, უსამართლობა... ამ უნარებს სული ჩვენს გულსა და გონებაში ავლენს; ეს, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ ანატომიური გული და ტვინი, მაგრამ სწორედ მათში ხორციელდება ჩვენთვის გაუცნობიერებელი კავშირი სულთან და, ძირითადად, აქ იყრის თავს ჩვენი შინაგანი განცდები.
რაც თვალია სხეულისათვის, ისაა გონება სულისათვის. გონებისაგან მომდინარეობს აზროვნებისა და განსჯის შესაძლებლობა, გულში კი მგრძნობელობითობა ვლინდება. თუმცა, რასაც ადამიანი გრძნობს გულით, იგი გონებასაც მოიცავს. და ამ დროს უნდა მოხდეს უმნიშვნელოვანესი რამ: გონებისა და გულის გაერთიანება, „გონების ჩასვლა გულში" და გონების მიერ მისი წარმართვა. ასეთი გული არის გული გონიერი. იგი საშუალებას არ აძლევს უკეთურ ფიქრებს შემოიჭრან და ცოდვად იქცნენ; არამედ ფხიზელი გონებით უკუაგდებს მათ და არ შეიწყნარებს. ამგვარი გული და გონება მიმართულია უფლისაკენ და ჩვენი სწორი სულიერი ცხოვრების ცენტრი ხდება. წმ. მამები წერენ: ძირითადად, ოთხი რამ იცავს სულს: ქველმოქმედება, ურისხველობა, ჭირთა დათმენა, წყენის დავიწყება. ძირითადად, ასევე, ოთხი რამ ვნებს მას: მოყვასის სიძულვილი, შური, განკითხვა, მკვლელობა. საერთოდ, გონება ადვილად იმღვრევა, მაგრამ მალევე იწმინდება ლოცვით, წმინდა წერილის, წმინდათა ცხოვრებისა და მათი დარიგებების კითხვით. გულის სიწმინდის მოპოვებას კი ხანგრძლივი სულიერი შრომა სჭირდება. ამის მიღწევა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ადამიანის წრფელი და განწმენდილი გული არის ის ადგილი, სადაც ღმერთი ივანებს. ინებოს მაცხოვარმა, როგორც სრულიად საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში, ეს სინერგია, ეს შეხვედრა ყველას გულში განხორციელდეს. უფალს ჩვენი მონანული და მადლიერი გული უნდა შევაგებოთ და გავახაროთ. საკუთარ ცოდვათა შემცნობი ადამიანი ფრიად სათნოა ღვთისთვის. ძველ „პატერიკში“ წერია: ერთხელ შეწუხებულმა ხალხმა ღმერთს მიმართა: - რატომ არის ამდენი მკვლელობა, გაუტანლობა, სიძულვილი, უბედურება? - თქვენ ეს არ მოგწონთ? - ჰკითხა უფალმა. - რა თქმა უნდა, არა, - იყო პასუხი. და მიუგო: - მაშ, რატომ ომობთ, რატომ ბოროტმოქმედებთ, განიკითხავთ და მძლავრობთ ერთმანეთზე?! მართლაც, ეს ყველაფერი ხომ ჩვენი ნების, ჩვენი არჩევნის შედეგია. რაოდენ უკეთესი იქნებოდა, ყველას ის გვეკეთებინა, რაც მოსაწონია ღვთისთვის!
* * *
მაცხოვრის მოვლინებით თითოეული ჩვენგანის დაბადებას უდიდესი აზრი მიენიჭა, რადგან ამ დღიდან ყოველ ადამიანს, განურჩევლად ასაკისა, სქესისა, ეროვნებისა, აღმსარებლობისა და საზოგადოებრივი მდგომარეობისა, მიეცა შესაძლებლობა, თავისი დაბადების დღე უკვდავყოს და იესოს ამქვეყნად შობა აქციოს ცათა სასუფეველში, მარადიულ ნეტარებაში, თავისი შობის განმსაზღვრელად. ამიტომაცაა ეს დღესასწაული ჩვენთვის დიდი ზეიმის, სიხარულისა და ბედნიერების მომნიჭებელი. ჩვენს მიწიერ ყოფაში დაცემაც და წამოდგომაც, წარმატებაც და წარუმტებელობაც მონაცვლობენ. თუ დიდი ტკივილი ან განსაცდელი შეგხვდათ, ადამიანთა ბოროტების, მტრობის, შურის, ღალატის მსხვერპლნი გახდით, გული არ გაიტეხოთ. მიიღეთ ეს, როგორც თქვენთვის სარგო მწარე, მაგრამ მაკურნებელი წამალი, მიიღეთ, როგორც თქვენგან გასავლელი გზის საჭირო მონაკვეთი, რომელიც აუცილებლად დასრულდება. თუმცა მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თქვენი გული და გონება როგორ უპასუხებს ასეთ გამოწვევებს. რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენგანს ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი, მაგრამ არის საერთო განსაცდელებიც. მაგალითად, დღეს პანდემიაა ასეთი. ხალხი დაითრგუნა მუდმივი უარყოფითი ინფორმაციით, ჩაკეტვით, სიკვდილიანობით... მართალია, მსხვერპლი დიდია და სიფრთხილე ყოვლადაუცილებელი, მაგრამ სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ და არც შევშინდეთ. უნდა განგვამტკიცოს რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს არსებობის შეწყვეტას, რადგან ადამიანის სული უკვდავია. მთავარია, სულიერი სიკვდილის, მარადიული ტანჯვის მსხვერპლნი არ გავხდეთ. ყოვლადწმინდა სამებას ვავედრებ ჩვენგან წასულ ჩვენს სულიერ შვილებს, რომ შეიწყალოს ისინი და აცხოვნოს. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მყოფთ, საერთოდ, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია შობის დღესასწაული და ვინც თავს ჩვენი ეკლესიის შვილად მიიჩნევს, - გთხოვთ, იცხოვრეთ ერთმანეთისა და სამშობლოსათვის. ჩვენ, ღვთის განგებით, ერთ სივრცეში, ერთ პერიოდში იმიტომ მოგვიწია ყოფნა, რომ ამ მოცემულობაში უნდა გამოვიცადოთ, უნდა შევძლოთ ღვთის სადიდებლად „ურთიერთას სიმძიმე ვიტვირთოთ და ესრეთ აღვასრულოთ სჯული იგი ქრისტესი“ (გალატ. 6, 2). ჩვენი დამოკიდებულება შვილებთან, მშობლებთან, და-ძმებთან, ახლო თუ შორეულ ნათესავებთან, მეგობრებთან, მეზობლებთან, თანამშრომლებთან, ნებისმიერ სხვა პიროვნებასთან, ისევე, როგორც ჩვენი დამოკიდებულება სნეულთა, პატიმართა და გაჭირვებულთადმი, პირადი და საქვეყნო საქმისადმი, გარდაცვლილი ახლობლებისა და წინაპრებისადმი, ცხოველებისა და გარემოსადმი... უდიდესი გამოცდისა და პასუხისმგებლობის წინაშე გვაყენებს, რადგან სადაც არ უნდა ვიყოთ და ვინც არ უნდა ვიყოთ, ყოველი ნაბიჯი ჩვენი ცხოვრებისა, მნიშვნელოვანია. ძნელია ასეთ დიდ სივრცეში იმოქმედო და შეცდომები არ დაუშვა. ჩვენი ეგოისტური ,,მე“ ხომ მუდმივად უძებნის გამართლებას ჩვენს ცოდვებს, არასწორ საქციელს... ამასთან, საკუთარ თავს ადვილად ვპატიობთ იმას, რაზეც სხვას მკაცრად ვთხოვთ პასუხს. ხშირად კი, საერთოდაც ვერ ვხედავთ ჩვენს ცოდვებს. უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის გარედან შეხედვა, ჩვენი ქმედებების სხვისი თვალით შეფასება და ობიექტური განსჯა. ეს არის ამოსავალი წერტილი ჩვენი სწორი სულიერი ხედვისთვის. მაშინ უკვე ღვთის შეწევნით, სინანულით, აღსარებითა და ზიარებით ყველაფრის გამოსწორება და კეთილად წარმართება იქნება შესაძლებელი. თითოეულმა ჩვენგანმა ერთი წლის მანძილზე თუნდაც ერთი არასწორი ჩვევა ან თვისება რომ აღმოვფხვრათ, რამდენად უკეთესი გახდება ცხოვრება! დაისახეთ ეს მიზნად.
* * *
გაუფრთხილდით დროს! დრო ძალიან ძვირფასია, თუ მისი საშუალებით ცხონებას მოვიპოვებთ; დაკარგულ დროზე დასანანიც არაფერია, თუ იგი წარწყმედის მიზეზად გვექცევა (ჩვენ კი ხშირად სწორედ ფუჭად გატარებული დროით ვხარობთ). არდავიწყება გვმართებს იმისაც, რომ დროის მოთხოვნილებები, დროის სული ცვალებადია; ხშირად იგი ცრუ იდეალებს გვთავაზობს და ბევრი შეჰყავს შეცდომაში იმის მიუხედავად, რომ ხედავენ, რაც გუშინ სამაგალითოდ ითვლებოდა, მას დღეს დასცინიან და რასაც დღეს აქებენ, ხვალ შეიძლება დაიწუნონ.
სწორად მოიქცევი, თუ შეძლებ, იაზროვნო ისე და აკეთო ის, რაც მარადიული ცხოვრებისთვის იქნება სარგებლის მომტანი. ამიტომაც, ორიენტირად ღმერთი და მისი ღირებულებები აირჩიე, იგია მხოლოდ უცვალებელი, ზედროული და ჭეშმარიტი. მიემსგავსე ლოტს, რომელიც ყველაზე მძიმე გარემოში, სოდომში, ცხოვრობდა, მაგრამ უფლის მცნებას არ ღალატობდა. ამას შენც შეძლებ, თუ მუდმივად უფალს დაეყრდნობი და მისი მცნებებით იმოქმედებ. ეკლიანია ეს გზა, მაგრამ თან ახლავს სიხარული განსხვავებული, რომელიც ყველა განსაცდელს, ყველა სირთულეს ადვილად დაგვაძლევინებს, ზოგს შეუმჩნევლადაც, იმის მსგავსად, როგორც ჯანსაღ სხეულში შეუმჩნევლად მიმდინარეობს სხვადასხვა ურთულესი პროცესი. შენ ხარ მოწოდებული, რათა იყო შემოქმედის თვალშეუდგამი ნათლის თანაზიარი; მთელი სამყარო, როგორც ცოცხალი წიგნი, შენს წინაშეა გადაშლილი და ქადაგებს ყოვლადწმიდა სამების დიდებას. სიყვარულით გვიმზერს ბეთლემს შობილი ყრმა იესო, თავისკენ გვიხმობს და მოგვიწოდებს: აირჩიე სიცოცხლე, აირჩიე ნეტარი მარადიულობა! ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, ასირიელნო, სომეხნო, ებრაელნო, აზებაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო, ყოველნო შვილნო ივერიის ეკლესიისა, - იხარებდით, რამეთუ ღმერთი გამოჩნდა დღეს ხორცით; აქებენ მოგვნი, მწყემსთა თანა განკვირვებულნი, შობასა მისსა ქალწულისაგან და დიდებასა შესწირვენ ანგელოზთა გუნდთა თანა (იოანე მტბევარი). ჩვენც ანთებული სანთლით კრძალვით მივეახლოთ მას და სიხარულით ღაღადვყოთ: დიდება ძალსა შენსა, მხსნელო ყოველთაო! დიდება და მადლობა შენდა, საღმრთოითა მადლითა სოფლისა აღმავსებელო!
დიდება შენდა, სასოებაო ჩვენო, დიდო მღვდელმთავარო, მეფეო და ღმერთო ჩვენო!

თქვენთვის მარადჟამს სიყვარულით მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
შობა ქრისტესი თბილისი, 2021/2022. ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო

image
image თემა: შობა
ავტორი: ილია II

სააღდგომო ეპისტოლე - 1992

საქართველოს ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს

„შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაჲ“ (მათე 4,17)


ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონთა დასნო, ძენო და ასულნო ღმრთისანო, მკვიდრნო საქართველოისა და უცხოეთში მცხოვრებნო თანამემამულენო, ლოცვითა და შუამდგომლობითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, მამა ზეციერმან მოგანიჭოთ მადლი სულისა წმიდისა, რათა სუფევდეს თქვენს შორის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება, სიყვარული, სასოება, სიხარული, მშვიდობა, კეთილ საქმეთა შინა წარმატება, ხოლო ბოროტისაგან განრიდება და განთავისუფლება.
ქრისტესმიერი სიყვარულით ყველას გილოცავთ პასექის ბრწყინვალე დღესასწაულს:

ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !

მაშ, შევიმოსოთ სიყვარულით და ვადიდებდეთ მას, ჩვენთვის ჯვარცმულს და მკვდრეთით აღმდგარს, ჩვენს სასოებას და ნუგეშს - ქრისტეს; სიყვარულს განუზომელს, სიბრძნეს მიუწვდომელს, მშვიდობას უფლისმიერს.
სიკვდილის დამთრგუნველი მაცხოვრის წყალობა და მადლი ეფინება ყველას, მაგრამ ბევრს არ ძალუძს მისი შეგრძნება, რადგან ცოდვებით დამძიმებული სული ვერ იღებს ნათელს; და განა ჩვენს შორის ცოტა არის ასეთი?!
ამიტომაც გვიჭირს დღეს ცხოვრება. ქართველი ხალხი ცდილობს მდგომარეობის გამოსწორებას, მაგრამ ხშირად ვერ აგნებს ნამდვილ მიზეზს ჩვენი ყოფისა...
რატომ არის ამდენი მკვლელობა, მტრობა, ქურდობა; საქმისადმი ზერელე დამოკიდებულება, ხოლო შრომაში - უბარაქობა;
რატომ არის ამდენი ცილისწამება, გაუტანლობა, სიძულვილი, შფოთი, ღალატი; ასეთი შური, მრისხანება, ღვარძლი, სიცრუე;
რატომ ირღვევა ოჯახები, დაიკარგა სიყვარული, თაობათა შორის - პატივისცემა;
რატომ არის ამდენი ლოთი, ნარკომანი, მეძავი, მრუში;
რატომ კლავენ დედები შვილებს?!
იმიტომ, რომ მოიშალა საფუძველი ჩვენი ზნეობისა, დაიკარგა შიში უფლისა, განცდა ცოდვისა.
თავის დროზე რწმენა ჩაუკლეს ხალხს და მის ნაცვლად დანერგეს შიში ძალაუფლებისა და კანონის მიმართ. სასჯელის რიდით საზოგადოება ასე თუ ისე თავს იკავებდა მდაბალ ვნებათა გამოვლენისაგან, მაგრამ დღეს, როდესაც სხვა და სხვა გარემოებათა გამო კანონი ნაკლებად კანონობს, ერთბაშად იფეთქა ღვთისმადლმოკლებულ საზოგადოებაში დაბუდებულმა ბოროტებამ.
თუ გვსურს სწორ გზაზე დადგომა, წარსულის გათვალისწინებით უნდა შევხედოთ ჩვენს აწმყოსა და მომავალს,
ყველა ერის წარსულში ჩანს ხალხის ნიჭი, ხასიათი, შესაძლებლობა, იკვეთება მისი ადგილი ამ ქვეყანაზე, საცნაური ხდება მასში ჩადებული ღვთის განგებულება.
ამიტომაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, ისტორიულად რა გვახასიათებდა დადებითი და რა უარყოფითი, რომ კეთილი გზა კვლავაც გავაგრძელოთ, უკეთური კი შეძლებისდაგვარად მოვიკვეთოთ.
ამ ეპისტოლეში შევეცდებით, მოკლედ განვიხილოთ ჩვენი ცხოვრების ზოგიერთი მხარე და გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება მისდამი.
სამწუხაროდ, დღეს ქრისტიანები მხოლოდ სახელითღა ვართ, სინამდვილვში კი ურწმუნოთა ცხოვრებით ვცხოვრობთ.
განა ამაზე არ მეტყველებს ის დაპირისპირება, რასაც ამჟამად ქართველთა შორის აქვს ადგილი? განხეთქილების მიზეზად შეიძლება ესა თუ ის პიროვნება დავასახელოთ, მაგრამ პიროვნებას რომ დასაყრდენი არ ჰქონდეს ხალხის ფართო მასებში, ეს არ მოხდებოდა. საყრდენი კი წინააღმდეგობის, დაპირისპირების სულით დაღდასმული ჩვენი შინაგანი სამყაროა. დაპირისპირების ცოდვა ამპარტავნებიდან მოდის, რაც ოდითგან მოგვდგამს, ოღონდ დღეს იგი განსაკუთრებულად მკვეთრი ფორმებით ვლინდება. ამის მიზეზი, ალბათ, ისიც არის, რომ მეტად დაბალია ჩვენი ინტელექტუალური დონე. წლების მანძილზე განათლებულობით ვამაყობდით, არადა გვაქვს მხოლოდ ზერელე ცოდნა და აქედან გამომდინარე ზერელე აღქმა საგნებისა და გარემო სამყაროსი.
ამასთან ვერ ვხედავთ ზღვარს ცოდნასა და განათლებას შორის. ვერ ვგრძნობთ, რომ განათლება უფრო მეტის მომცველია, ვიდრე ცოდნა. ამიტომაც, ყველა მცოდნე ადამიანი განათლებულად ვერ ჩაითვლება. განათლება, ინტელექტი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს მაღალ ზნეობას, რწმენას, სიყვარულს, სულიერობას.
სენი, რომელიც თანამედროვე საზოგადოების თითქმის ყველა ფენას ახასიათებს, არის დაბალი სულიერობა. ეს ითქმის ჩვენს ინტელიგენციაზეც. ხშირად პრესით თუ ტელევიზიით გამოდის ამა თუ იმ უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგი, მეცნიერი, მწერალი ან ცნობილი ხელოვანი, რომელიც ერთი შეხედვით არ უარყოფს ღმერთს, მაგრამ რელიგიურად ისე მცდარად აზროვნებს, რომ ერთ მნიშვნელობას ანიჭებს იესო ქრისტეს, მუჰამედს, ბუდას...
როგორ შეიძლება ქრისტიანობის, მუსულმანობის, ბუდიზმის გათანაბრება? ეს ხომ ამ რელიგიების უცოდინარობის მაჩვენებელია და ნიშნავს იმას, რომ გაცნობიერებული არ გვაქვს ცხოვრების უმთავრესი მიზანი, არ ვზრუნავთ ჩვენს უკვდავ სულზე და არ გვაწუხებს, რომ არასწორი პოზიციის გამო იგი შეიძლება სამუდამოდ წარვიწყმიდოთ.
ინტელიგენციის და საერთოდ გავლენიან პიროვნებათა ბედნიერებაც და უბედურებაც იმაშია, რომ მათ თავიანთი მრწამსით, თავიანთი ცხოვრებით სულიერად შეიძლება გადაარჩინონ ან დაღუპონ არა მარტო თავიანთი თავი, არამედ გარშემო მყოფნი და სხვა მრავალნიც.
დღეს ჩვენს ინტელიგენციას იმაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე თვითონ გრძნობს. ის როლი, რასაც თავის დროზე ასრულებდა სამეფო დინასტია, თავადაზნაურობა, ეკლესიასთან ერთად უნდა იტვირთოს ინტელიგენციამ. იგი უნდა იქცეს ერისთვის ჭეშმარიტი გზის გამკვლევად, ეროვნული მრწამსის, კულტურისა და ხელოვნების დამცველად და შემქმნელად. ამიტომაც ხელი უნდა შევუწყოთ მისი დიდი ნიჭისა და მაღალი თვისებების მაქსიმალურ გამოვლინებას ერისა და ღვთის სამსახურად.
თუ ნორმალური საზოგადოების შექმნა გვსურს, ჩვენმა ინტელიგენციამ, ერისმთავრებმა უპირველესად უნდა იზრუნონ მოზარდი თაობის სწორ აღზრდაზე. ადამიანის ბუნება დაცემულია და ჩვენი ცოდვისმიერი თვისებანი ასაკისდა მიხედვით გამოვლინდებიან: ამიტომაც ბავშვებმა თავიდანვე უნდა ისწავლონ ავის და კარგის გარჩევა, ბრძოლა ბოროტებასთან და უფლის შეწევნით დაძლიონ მანკიერი მიდრეკილებანი. ამ რთულ საქმეს მასწავლებლები სიფრთხილით უნდა მოეკიდონ. კარგი იქნება, თუ ისინი უზნაძის განწყობის თეორიით იხელმძღვანელებენ და პიროვნულ თვისებათა გათვალისწინებით მიუდგებიან თითოეულ აღსაზრდელს. ბავშვებს თავიდანვე უნდა გავუღვიძოთ გრძნობა ადამიანის ღირსების დანახვისა და დაფასებისა, განვამტკიცოთ რწმენა იმისა, რომ ყოველი ჩვენთაგანი ღვთისაგან განსაკუთრებული ნაჭითაა დაჯილდოებული, ოღონდ აუცილებელია ამ მადლის გამოვლენა.
მოზარდი თაობა უნდა დავუახლოვოთ შრომას. შევაყვაროთ მიწა, ყვავილები, ცხოველები, ბუნება; ვასწავლოთ მასთან კავშირი, რათა მან შემდეგ ადვილად დაამყაროს ჰარმონიული ურთიერთობა გარემოსთან.
სამწუხაროა, რომ ყოველივე ამის განსახორციელებლად ცოტა გვყავს სათანადოდ მომზადებული პედაგოგები: არა გვაქვს კარგად შედგენილი პროგრამები.
სკოლის ცხოვრებაში სიახლის შეტანა რომ აუცილებელია, ყველა გრძნობს, მაგრამ ზოგჯერ არასწორ ნაბიჯებს დგამენ. მაგალითად, აპირებენ ინგლისური სკოლების გახსნას, სადაც პირველი კლასიდანვე ყველა საგანს ბავშვებს უცხოელები შეასწავლიან და ეს მიაჩნიათ ფრიად სასარგებლოდ; სინამდვილეში კი იგი დიდი შეცდომაა და ნიშნავს ჩვენს წარსულს მოწყვეტილი თაობის აღზრდას. ანდა, ფიქრობენ რელიგიური სკოლების დაარსებას, სადაც საღვთისმეტყველო გაკვეთილებს პასტორები ჩაატარებენ. განა შეიძლება ასე ხელვყოთ ჩვენი მეობა?
მართლმადიდებელი სარწმუნოება ხერხემალია ჩვენი ეროვნული სხეულისა. მისი შეცვლით ან დაკარგვით ჩვენ ვკარგავთ ქართულ სულს. ამის მაგალითი ბევრი გვაქვს; მხოლოდ ორს დავასახელებთ: წინა საუკუნეებში, გაჭირვების გამო ზოგიერთმა ქართველმა კათოლიკობა მიიღო, რადგან თურქნი კათოლიკებს რომის სიძლიერის გამო არ ეხებოდნენ. დღესაც მათი შთამომავალნი, საქართველოში მცხოვრებნი, თავიანთ თავს ფრანგებს უწოდებენ.
ცარიზმის გამთიშველი პოლიტიკის წყალობით სომხები XIX ს-ში განთავისუფლებულნი იყვნენ გადასახადისაგან. ბევრმა ქართველმა ცდუნებას ვერ გაუძლო და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მიიღო გრიგორიანული სარწმუნოება. დღეს ეს ხალხი ფაქტიურად დაკარგულია საქართველოსათვის. ეს ერთი მხარეა საკითხისა.
მაგრამ უმთავრესი მეორეა. ანუ შეგნება იმისა, რომ თითოეული ჩვენთაგანის მრწამსი, აღმსარებლობა, ღვთის ჭეშმარიტ გზას უნდა დაეფუძნოს. მართლმადიდებლობა არის ის სარწმუნოება, რომელმაც შეურყვნელად დაიცვა იესო ქრისტეს და მის მოციქულთა სწავლება. მართლმადიდებლობამ დაიცვა ერთიანი განუყოფელი ეკლესიის ტრადიცია. მართლმადიდებლობის გარეშე არ არსებობს ხსნა, რადგან ქრისტეა თავი ეკლესიისა და ეკლესიაა მისტიური სხეული მისი და თუ არ ვიქნებით წევრი მისი ეკლესიისა - ნაწილი მისი სხეულისა, წილი არა გვაქვს მაცხოვართან. „ეკლესიის გარეშე ადამიანმა შეიძლება მიაღწიოს ყოველივეს: ჰქონდეს რწმენა მამის, ძის და სულიწმიდისა, ქადაგებდეს, საიდუმლოებსაც აღასრულებდეს, იყოს დაფასებული, მაგრამ სულის ხსნას ვერ შეძლებს - ვერ მოიპოვებს მარადიულ ცხოვრებას“ (ნეტარი ავგუსტინე).
უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია მუდამ წმინდაა. ცალკეულ სასულიერო პირთა თუ მორწმუნეთა უღირსი საქციელი ვერ დაჩრდილავს მის სიდიადეს. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ეკლესია მებრძოლია, რამეთუ გამუდმებულ დაპირისპირებაშია ბოროტებასთან. უკეთურობამ შეიძლება მას დაღი დაასვას, მაგრამ გამარჯვებული მაინც ყოველთვის იქნება ეკლესია, რადგან იგი თვით უფლის მიერ კლდესა ზედა არის დაფუძნებული და „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას“.
70-წლიანმა მძიმე ცხოვრებამ საქართველოს ეკლესიაზეც იქონია გავლენა, დღეს ჩვენს მოძღვართა შორის ბევრნი არიან თავდადებულნი, მაგრამ სუსტნიც არიან. მე იმედი მაქვს, ღვთის შეწევნით, მომავალში კიდევ უფრო განმრავლდებიან კეთილმსახური მოღვაწენი, ბერ-მონოზონნი, რომელნიც ვითარცა მანათობელნი ლამპარნი, ხალხს უჩვენებენ უფლისაკენ სავალ სწორ გზას და მსხვერპლშეწირული სიყვარულის მადლით მიეხმარებიან მათ ჯვარის მტვირთველობაში.
თანამედროვე ეტაპზე მეტად აუცილებელია სხვა სახელმწიფოთა მიმართ სწორი დამოკიდებულების გამომუშავება. დღეს მსოფლიო ჩაბმულია ერთობლივ პროცესებში. ეკონომიკურად, პოლიტიკურად თუ ინტელექტუალურად წამყვანი ძლიერი ქვეყნები ნებით თუ უნებურად ერევიან სხვა ერების ცხოვრებაში და არ აძლევენ მათ საერთო ჯაჭვიდან ამოვარდნის საშუალებას; ეს კი დიდ საფრთხეს უქმნის მცირერიცხოვანი ხალხების სულიერ და კულტურულ თვითმყოფადობას. იმავე პრობლემების წინაშე ვდგავართ ჩვენც. დასავლეთის ქვეყნებისაგან საქართველოს პოლიტიკურად ისეთი დიდი საშიშროება არ ემუქრება, რამდენადაც მორალური და ზნეობრივი. ჩვენთვის ასევე დამაბრკოლებელია მათი ინდიფერენტულობა ეროვნული და სარწმუნოებრივი საკითხებისადმი.
ქართველ ხალხს მიმბაძველობისაკენ ლტოლვა ახასიათებს. ეს კარგია, თუ სასარგებლოს სწავლობ, ანუ გაქვს ნიჭი თეთრის და შავის გარჩევისა, მაგრამ საშიშროება სწორედ იმაშია, რომ ხშირად განსჯის უნარი გვეკარგება და ცალმხრივად ბრმად ვიღებთ სხვისი ცხოვრებისა თუ აზროვნების წესს.
ჩვენ აუცილებლად უნდა შევითვისოთ სხვათა გამოცდილება და მიღწევები, ოღონდ საკუთარ საფუძველზე დაყრდნობით. მხოლოდ მაშინ იქნება იგი ღირებული ჩვენი ხალხისთვის და ანგარიშგასაწევი და დასაფასებელი სხვა ქვეყნებისთვისაც. ასე შეიქმნა მსოფლიოში ცნობილი ქართული კულტურა და დღესაც ეს გზა უნდა გავაგრძელოთ.
ამ საქმეში მეტად დიდი როლი უნდა დაეკისროს ეროვნულ მოძრაობას.
ზოგიერთის ფიქრით, ეროვნული მოძრაობა დროებითი მოვლენაა, რომლის მიზანი ერის განთავისუფლებისათვის ბრძოლაა. ასეთი შეხედულება მცდარია. ვიდრე ვარსებობთ როგორც ერი, უნდა იყოს ეროვნული მოძრაობაც, რომელმაც უნდა მოიცვას ჩვენი ცხოვრების ნებისმიერი სფერო და ყველაფერი უნდა გააკეთოს ხალხში ზნეობის ამაღლებისათვის, ქრისტიანული მართლმადიდებლური სარწმუნოების განმტკიცებისათვის, ქართული ხასიათის გათვალისწინებით ჩვენი შინაგანი დადებითი ძალების გაღვიძებისა და ახალი იდეების განხორციელებისათვის, პიროვნების ტალანტის მაქსიმალური გამოვლენისათვის.
ვფიქრობ, ხელისუფლების, ეკლესიის, ინტელიგენციის, ახალგაზრდობისა და საერთოდ ერის საუკეთესო ნაწილის წარმომადგენლებმა უნდა შეიმუშაონ და ჩამოაყალიბონ ეროვნული მოძრაობის პროგრამა; უნდა განისაზღვროს, რას უნდა მოიცავდეს იგი და სად როგორ განხორციელდეს. ამავე დროს უნდა განისაზღვროს სავარაუდო უარყოფითი შედეგებიც.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებთან ურთიერთობას, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არცერთ სახელმწიფოსთან, და განსაკუთრებით მეზობელ ერებთან, არ გვქონდეს მტრული დამოკიდებულება.
ამიტომაც საჭიროა მაღალი ინტელექტის მქონე დიპლომატების აღზრდა; საჭიროა დიპლომატიური სკოლის დაარსება, სადაც ახალგაზრდები შეითვისებენ ჩვენი ხალხის და მსოფლიოს ქვეყნების დიპლომატიურ გამოცდილებას და შეძლებისდაგვარად გააკეთებენ ყველაფერს, რათა საქართველომ თავისი ადგილი დაიკავოს მსოფლიო ერთა შორის.
ჩვენს წინაშე ასევე დგას პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობის საკითხი.
წმინდა წერილიდან ვიცით, რომ ადამიანი არის ღვთის ხატი და მსგავსი, განსაკუთრებული ქმნილება. იგია ქვეყანასა და ზეცას, მიწიერ და სულიერ სამყაროს შორის დამაკავშირებელი ძალა.
ადამიანი დადგენილია სამოთხეში მოქმედებისათვის, მისი დაცვისათვის, რაც ბოროტისაგან საკუთარი სულის დაცვას ნიშნავს და გულისხმობს ღვთის სიყვარულს, შრომის სურვილს, შემეცნების უნარს და, რა თქმა უნდა, ზნეობრივ ცხოვრებას.
ადამიანთა ერთობა ქმნის ოჯახს, გვარს, ერს, სახელმწიფოს. სულიერად განწმენდილ პიროვნებათა კავშირი - ასეთივე სახელმწიფოს, ხოლო ცოდვისაგან დათრგუნულთა ერთობა - შესაბამის ოჯახსა და საზოგადოებას. ამიტომაც, ვინც ფიქრობს ერის მომავალზე, უპირველესად უნდა იფიქროს თავის სულიერ ამაღლებაზე და დაიწყოს ერის გამოსწორება თავისი თავის განწმენდით - საკუთარი ჯვრის მტვირთველობით, ღვთის ჭეშმარიტ გზაზე დადგომით. მხოლოდ ამის შემდეგ დაინახავს ადამიანი სინამდვილეში სხვას რა უჭირს და იმასაც მიხვდება, როგორ უშველოს მას.
განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ქვეყნის განმგებელთ - როგორც საერო, ისე სასულიერო პირთ. ხშირია შემთხვევა, როცა თანამდებობის მქონე თავისი არასწორი საქციელის გამო იქცევა კერპად. წმიდა მამები გვარიგებენ, რომ ხალხზე მოქმედება და მისი მოქცევა უნდა მოხდეს ისე, რომ ჩვენ ჩრდილში დავრჩეთ, ხოლო ერმა უპირველესად ადიდოს ღმერთი და არა - კაცი.
ნებისმიერი ხალხის ისტორიაში დაუვიწყარია მათი სახელები, რომელიც თავიანთი სიწმინდით ამგვარად ემსახურნენ ერს. ასეთი იყო მაგალითად წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი.
„გალობანი სინანულისანი“ არის პიროვნული და ერის ცოდვების მტვირთველი ქვეყნის განმგებლის აღსარება. დღევანდელი ადამიანი იმდენად დაცემულია, რომ აღარ ესმის, რატომ გამოთქვამს ასეთ სინანულს მეფე წმინდანი. ხალხს აღარა აქვს ხმამაღლა გაცხადებული აღსარების სიდიადის შეგრძნება;
„გალობანი სინანულისანი“ საკუთარი თავის გაკერპების წინააღმდეგ ბრძოლის დასტურიცაა, ისევე როგორც დავითის სურვილი, დაკრძალულიყო გელათის ტაძრის ჭიშკარში, რათა კაცთა და პირუტყვთ მის საფლავზე დაედგათ ფეხი.
ამგვარი დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი დავით აღმაშენებლის ზნეობის, მისი სულიერი სიწმინდის მაჩვენებელია; ამის საწინააღმდეგო მაგალითია, ვთქვათ, ნაბუქოდონოსორი, რომელმაც თავისი კერპი აღმართა და უნდოდა ყველას თაყვანი ეცა მისთვის იმიტომ, რომ მისი მიზანი იყო ამქვეყნიური, მიწიერი დიდებისა და ნეტარების მოპოვება, თავისი „მეს“ დამკვიდრება.
ასე რომ, პიროვნების როლი და შესაძლებლობა კაცობრიობის ცხოვრებაში განუზომელია. მას შესწევს ძალა, ღმერთამდე ამაღლდეს სათნოებით და ქვესკნელამდე დამდაბლდეს უკეთურებით, ამპარტავნებით. ყველაფერი ჩვენს თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული.
„იყვენით უკუე მობაძავ ღმრთისა, ვითარცა შვილნი საყუარელნი და ვიდოდეთ სიყუარულით, ვითარცა იგი ქრისტემან შემიყუარნა ჩუენ და მისცა თავი თჳსი ჩუენთვის შესაწირავად“ (ეფესელთა 5,1-2) - გვარიგებს მოციქული.
უფლის მცნებებით ცხოვრება, მართალია, ჭირს ჩვენს აპოკალიფსურ დროში, მაგრამ ღმერთი არ დაგვტოვებს და შეეწევა ჩვენს უძლურებას.
„სასოებდით მაცხოვარს, რამეთუ იცის უფალმან ღმრთის მსახურთა მათ განსაცდელთაგან ხსნა“ (2 პეტრე 2,9).
მაცხოვრის აღდგომის დღესასწაული არის საფუძველი ჩვენი სარწმუნოებისა, იმედი ჩვენი მომავლისა, ჩვენი ერის გადარჩენისა.
სააღდგომო ეპისტოლე წმ. იოანე ოქროპირის სიტყვებით მინდა დავამთავრო:
მოდით ყველანი, განიცადეთ სიხარული უფლისმიერი; მდიდარნო და გლახაკნო, ზეიმი ჰყავთ ერთად; ჭირთა დამთმენნო და სულმოკლენო, თაყვანი ეცით დღესა ამას. სარწმუნოების ტრაპეზი იხმიეთ ყოველთა და მიიღეთ სიმდიდრე მაღლისა... ამიერიდან ნუ შეაძრწუნებს სიკვდილის შიში თქვენს გულებს, რადგან მაცხოვრის მადლით განთავისუფლდით. დათრგუნა სიკვდილი სიკვდილით მოცულმა, წარტყვენა ჯოჯოხეთი ქვესკნელში ჩასულმა... სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი, სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი? (1 კორინთ. 15,55).
აღდგა ქრისტე, დაემხვნენ დემონნი, აღდგა ქრისტე და განიხარეს ანგელოზთა, აღდგა ქრისტე და აღდგა სიცოცხლე საუკუნო. დიდება მას უკუნისამდე.

აღდგომა ქრისტესი
თბილისი, 1992 წელი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საქართველოს ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს<

image
image თემა: აღდგომა
ავტორი: ილია II

სიტყვა მესამე გონიერი ლოცვის პრაქტიკულ მეთოდზე

როცა უდაბნოში ვიყავით, ჩვენი მღვიძარება მზის ჩასვლისას იწყებოდა და ცისკრის ჟამამდე გრძელდებოდა.
როცა ჩემი ნეტარხსენებული მოძღვარი იოსები მონაზვნური ცხოვრების წესებს გვასწავლიდა, განსაკუთრებით ამახვილებდა ყურადღებას შინაგანი ლოცვის პრაქტიკულ მეთოდზე. რადგან მისი ცხოვრება ლოცვისთვის განუწყვეტელი თავის იძულება იყო, ჩვენგანაც მოითხოვდა შეძლებისდაგვარად გვეიძულებინა თავი, რომ ღრმად ჩაგვებეჭდა გონებასა და გულში უფლის სახელი, რომელიც სულიერი შენობის ქვაკუთხედია.
ძილის შემდეგ, – გვეუბნებოდა მამა იოსები, – ადამიანის გონება დასვენებული და სუფთაა, მზად არის, რომ მივაწოდოთ პირველი სულიერი საკვები – სახელი უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
რადგან ბოროტმა ეს იცის, გაღვიძებისთანავე ცდილობს ელვის სისწრაფით ჩათესოს თავისი ბოროტი გულისსიტყვების ღვარძლი, რომ მისი დაფქვით დაიწყოს მუშაობა მეხსიერების წისქვილმა და მისი ბრუნვის ხმაური ბოროტის ლოცვის ხმად გაისმოდეს.
იმ ადგილს, სადაც დასაფქვავ ხორბალს, ქერს, სიმინდს ან სხვა მარცვალს ყრიან, მეწისქვილეები თავიანთ ენაზე ხვიმირს ეძახიან. ზევით ღია და ფართო ხვიმირი ქვევით ისე ვიწროვდება, რომ მხოლოდ მცირე რაოდენობის მარცვალს აძლევს საშუალებას დოლაბზე რიტმულად ჩამოიყაროს.
ამრიგად, რაც ხვიმირში ჩავარდება, დოლაბებს შორის გაივლის და დაიფქვება. მაგრამ იმისთვის, რაც შედის გულში – სადაც ადამიანის გულისთქმებია თავმოყრილი – არ არის აუცილებელი გონების დოლაბებს შორის გავლა. „გულისაგან, – თქვა უფალმა, – გამოვლენ გულის-სიტყუანი ბოროტნი“ (მათ. 15, 19), ისინი ზემოთ ადიან, სათითაოდ გაივლიან და იფქვებიან. რაც უფრო არაწმინდა და მიწიერია გული, მით უფრო სამარცხვინო და საზიზღარია გულისსიტყვები.
ამრიგად, ამღვრეული გულისსიტყვების ნაკადი გონებაში რომ არ ავიდეს და გული განიწმინდოს, როგორც ეს მის შემოქმედს სურს, ჩვენი გონება შინაგანი ლოცვით გულის ზეცაში ჩაგვყავს. ამგვარად ვნებების ადგილს, სადაც სატანა არაპირდაპირი გზით თაყვანცემულია, ღვთის წმინდა ტაძრად, წმინდა სამების სამკვიდრებლად გადავაქცევთ.
სიტყვებით გამოსახული ეს სქემა უბრალოა, მაგრამ მისი გამოყენება ადამიანის მთელ ძალებს მოითხოვს ღვთის მადლის უსაზღვრო შეწევნასთან ერთად. ვინაიდან ღმერთი ყოველთვის საკუთარ თავს გვთავაზობს და თანაც გვთხოვს: „მომეც, ძეო, შენი გული“ (იგავ. 23, 26), საჭიროა ჩვენც მთლიანად მივუძღვნათ და მორჩილებით მოვუდრიკოთ თავი ჩვენი მღვიძარე მამების ასკეტურ კანონებს.
მაშასადამე, სიფრთხილე გვმართებს იმ გულისსიტყვებთან, რომლებიც გაღვიძებისთანავე მოდის. სიზმრები, წარმოსახვები, კარგი თუ ცუდი, რაც ძილმა დაგვიტოვა, მაშინვე უნდა ამოვშალოთ მეხსიერებიდან და დაუყოვნებლივ მოვუხმოთ ქრისტეს სახელს, როგორც ჩვენი სულის სუნთქვას.
ამასთან ერთად, როცა სახეზე გამოსაფხიზლებლად წყალს შევისხამთ, ყავას დავლევთ, ან სხვა რაიმეს მივიღებთ ტონუსისთვის, რადგან ჩვენი მღვიძარება შუაღამემდე ბევრად ადრე იწყება, ვიტყვით „წმინდაო ღმერთოს“, სარწმუნოების სიმბოლოს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის „ღირს არსს“ და ჩვენი ლოცვის ადგილზე დავჯდებით ბოროტთან საბრძოლველი იარაღით – სკვნილით ხელში.
დაჯექი შენს პატარა სკამზე? – ამბობდა მამა იოსები, – ერთი წუთით! ნუ დაიწყებ ამ მეთოდით ლოცვას, სანამ გონებას არ მოიკრებ, არ დაფიქრდები სიკვდილზე და კიდევ იმაზე, თუ რა მოსდევს მას.
წარმოიდგინე, რომ ეს შენი ცხოვრების უკანასკნელი ღამეა. ყველა დანარჩენმა დღემ და ღამემ, დარწმუნებული ხარ, რომ უკვე ჩაიარა და შენი ცხოვრების ამ ზღვრამდე მოგიყვანა. ღამე, რომელიც წინ გაქვს, არ იცი, გაგითენდება თუ არა და მომავალ დღეს იხილავ თუ მოახლოებულ სიკვდილს მიგცემს ის ხელში. რამდენი გარდაიცვლება ამ ღამეს! რა იცი, რომ შენც მათ შორის არ იქნები?
მაშ, იფიქრე, რომ სულ მალე ამ ქვეყნიდან გასვლისას ანგელოზები ან დემონები მოვლენ და შენი საქმეების მიხედვით შენს სულს მოითხოვენ. მწარე ბრალმდებლები – ეშმაკები, სიკვდილის ჟამს მეხსიერებაში მთელი ცხოვრების საქმეებს წარმოადგენენ და სასოწარკვეთილებისკენ გიბიძგებენ. ანგელოზები ჩვენ მიერ აღსრულებულ ღვთისთვის სათნო საქმეებს უპირისპირებენ და ამ წინასწარი სამსჯავროთი განისაზღვრება სულის მსვლელობა. ამას მოჰყვება საზვერეები, მსაჯულის საშინელი სამსჯავრო და ბოლოს – განაჩენი.
და თუკი მთელი ამ სასამართლო პროცესის შედეგი ჯოჯოხეთი იქნება, მაშინ რას იზამ, უბადრუკო სულო? რას მისცემ მაშინ, თავი რომ დაიხსნა? „მოეგე თავსა თვისსა“, როგორც უძღები შვილი (ლუკ. 15, 17), რომელმაც შეინანა და ითხოვა შეწყალება მრავალმოწყალე ღვთისგან. რის გაკეთებასაც მაშინ ისურვებდი, ახლა გააკეთე. შესცოდე? შეინანე, რამეთუ „აწ არს ჟამი იგი შეწყნარებისაი“ (2 კორ. 6, 2).
თუკი ამგვარი ფიქრით, სურათებისა და წარმოსახვის გარეშე, ადამიანი სულ ცოტა ხნით მაინც დააკავებს გონებას, მას სინანული ეძლევა, მისი გული ცვილივით რბილდება და გონება აღარ ეფანტება. სიკვდილის ხსენებას აქვს ის უპირატესობა, რომ სძლიოს ცხოვრების ყველა ცდუნებას და გულში ღვთისმიერი გლოვა წარმოშვას. ასეთი სინანულის განწყობით შეგიძლია დაიწყო შენი „ერთფრაზიანი“ უწყვეტი შინაგანი ლოცვა.
კონცენტრირებულია შენი გონება, შემუსვრილი და დამდაბლებულია სული. დახარე მსუბუქად თავი და ყურადღება გულის არისკენ მიმართე. გულიც შემუსვრილი და დამდაბლებულია და ელოდება გონების ჩასვლას, რათა ერთად აღუვლინონ ვედრება მრავალმოწყალე ღმერთს იმ იმედით, რომ უფალი მას არ უგულებელყოფს.
სხეული სუნთქვას ნესტოებიდან ჰაერის ჩასუნთქვით იწყებს. იქ გააერთიანე ლოცვისთვის შენი სულის სუნთქვაც. ჩასუნთქვისას ერთხელ თქვი ლოცვა და მიიტანე იგი გულამდე. ამოსუნთქვისას კიდევ ერთხელ გაიმეორე ლოცვა. გულის იმ ადგილს მიამაგრე შენი გონება, სადაც ჩასუნთქვისას ჰაერი ჩერდება და ყურადღებით მისდიე სუნთქვას, ანუ ლოცვის: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ – ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას.
მოიკრიბე, რაც კი სიყვარული გაგაჩნია და წარმოსახვებისა და სურათების გარეშე, მხოლოდ შინაგანი ხმით მოიხსენე უფლის – იესოს სახელი.
განიშორე ყოველგვარი ფიქრი, ყველაზე ლამაზი, წმინდა და საცხონებელიც კი. იცოდე, ის ბოროტისგანაა, მარჯვნიდან მოსული, რომ შეგაწყვეტინოს ლოცვა. ნუ მიაქცევ ყურადღებას ბოროტ გულისსიტყვებს, როგორი სამარცხვინო, შემაგინებელი და ღვთისმგმობელიც არ უნდა იყოს ისინი. ეს გულისსიტყვები შენი არ არის, შენ არ აგებ მათზე პასუხს. ღმერთი ხედავს, თუ საიდან მოდიან ისინი. შენ მხოლოდ ნუ მიემხრობი, ნუ შეგეშინდება, ნუ გაგიტაცებს და ნუ გახდები მათი თანამოაზრე.
და თუკი ცოტა ხნით გაგეფანტება გონება, როგორც კი მიხვდები, რომ ლოცვის ადგილსა და მეთოდს მოსწყდი, მაშინვე უკან დაბრუნდი. თუ ისევ გაგიტაცებს, კვლავ უკან დაბრუნდი და თუ ყოველ ჯერზე, როცა გონება გაგექცევა, მას უკან მოაბრუნებ და ლოცვას დაუბრუნდები, ღმერთი დაინახავს შენს შრომასა და მონდომებას და თავისი მადლით ნელ-ნელა შენს გონებას განამტკიცებს.
რადგან გონებას სჩვევია როგორც გაფანტვა, ისე შეჩერება იქ, სადაც გვტკივა, ოდნავ შეაკავე სუნთქვა, მაშინვე ნუ ამოისუნთქავ. ეს ერთ პატარა უწყინარ ტკივილს გამოიწვევს გულში, სწორედ იქ, სადაც ჩვენი გონება გვსურს მივამაგროთ. ეს პატარა ტკივილი, როგორც მაგნიტი, ხელს შეუწყობს გულში გონების მიზიდვას და შეჩერებას, რითაც ის გულის განკურნებას ემსახურება.
და მართლაც, დროთა განმავლობაში ტკივილითა და შემუსვრილებით მოხმობილი უფლის ტკბილი სახელი, რომელიც ყველა სახელს აღემატება, უზენაესის მარჯვენით სასწაულებრივ ცვლილებას ახდენს იქ, სადაც ადრე ცოდვა იყო დაბუდებული.
ლოცვის წრიული ბრუნვა გულის არეში იმდენად აფართოებს მის საზღვრებს, რომ წარმოიქმნება მეორე ზეცა – გულის ზეცა, რომელსაც შეუძლია დაიტიოს დაუტევნელი.
გულის საყდრის გამო სასტიკი ბრძოლა გაიმართება. თავიდან ბოროტი იმოქმედებს ვნებებითა და მათგან მომდინარე კვამლით, ანუ ლოცვის საპირისპირო სხვადასხვა გულისსიტყვით და რამდენადაც მარხვა, ლოცვა, მღვიძარება და სხვა ასკეტური საშუალებები მას საყრდენს გამოაცლის, მით უფრო გამძვინვარდება და ეცდება – ღვთის დაშვებით – ყოველ ჯერზე სხვადასხვაგვარი ზეგავლენით, განსაცდელით, ჭირით, სულ უფრო ძლიერად გამოავლინოს თავისი ბოროტება და ცბიერება. თუმცა, ზეციერი მამის სიყვარულითა და განგებულებით, ბოროტის მოქმედების საზღვრები ყოველთვის შემოფარგლული იქნება იმის შესაბამისად, თუ როგორ წინააღმდეგობას გავუწევთ ამ თავდასხმებს.
ყოველთვის, განსაცდელის წინ, ბრძოლის წარმმართველი ქრისტე დაფარულ მადლს ანიჭებს მებრძოლს, რითაც ის მტრის სიცოფეს გაუმკლავდება და უკუაქცევს მას, დამარცხებულსა და შერცხვენილს. ჭირის დათმენით ისე უნდა გავახაროთ უფალი, როგორც დავამწუხრეთ ცოდვით მოხიბლულებმა. მაშინ ხარობდა ეშმაკი და წუხდა ღმერთი, ახლა კი დროა, განიხაროს ღმერთმა და დამწუხრდეს, განჰსქდეს ეშმაკი.

„ხოლო საქმე ესე არა არს ერთისა დღისა, გინა ორისა, არამედ წელთა მრავალთა და ჟამთა“ – შენიშნავს ღვთაებრივი ოქროპირი, – „რადგანაც მხოლოდ ხანგრძლივი ბრძოლითა და ღვაწლით არის შესაძლებელი მტრის განდევნა და ქრისტეს დამკვიდრება. ამიერიდან მოიცალეთ და შეუდექით უფალს, რომ შეგვიწყალოს და სხვას ნურაფერს ეძიებთ, წყალობის გარდა, რომელსაც მოგვანიჭებს უფალი დიდებისა. ღმერთის წყალობა მდაბალი და გლახაკი გულით ითხოვეთ. განთიადიდან მიმწუხრამდე, თუ შეძლებთ, ღამითაც ილოცეთ: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ და აიძულეთ გონება ამისთვის სიკვდილამდე“.
მსგავს რჩევებს გვაძლევს ყველა წმინდა მამა, თითოეული საკუთარი გზითა და სიტყვებით, გამომდინარე მათი ბრძოლისა და გამარჯვების გამოცდილებიდან მტერზე, რომელიც უწყვეტი გონიერი ლოცვით სრულიად ძალაგამოცლილი და დაუძლურებულია.
– „ძმანო, მარად ქრისტეთი ისუნთქეთ“ – შეგვაგონებს უდაბნოს უდიდესი მეცნიერი ანტონი დიდი.
„მარად იხსენებდე ღმერთს და შენი გონება ზეცად გადაიქცევა“ – გვეუბნება ღირსი ნილოს ბრძენი.
რამდენადაც გულმოდგინეა მლოცველი, იმდენად განიწმინდება მისი გული, ნათლდება გონება, კეთილშობილი ხდება მისი განწყობა, მით მეტად განეფინება ღვთის სასუფევლის სიხარული და მისი არსებობა ღვთის ხატად შექმნილ ადამიანში, რომლისთვისაც ღმერთკაცმა იესომ კიდით კიდემდე გადაფარა ცა და ქვეყანა თავისი სახიერებით, ვნებითა და აღდგომით.
ის, ვინც მოაკვდინებს გემოს, დაიცავს საცნობელს ყველა ამქვეყნიური სიამოვნებისგან და ბოლომდე მამაცურად აღუდგება წინ სოფლისმპყრობლის ზეგავლენას, აქ, ამ ცხოვრებაშივე წინასწარ გაიგებს ცათა სასუფევლის სიკეთის გემოს. აზრების დამშვიდება, მშვიდობა გულში, ტკბილად მომდინარე ცრემლები, გონების ცად აღტაცება, საიდუმლოთა წვდომა, უსაზღვრო სიყვარული, ღვთის გონიერი ჭვრეტა, სრულყოფილება „რაოდენ-იგი ხელეწიფების კაცობრივსა ბუნებასა“ – ყოველივე ეს მიიღწევა გონიერი ლოცვის სისტემატური, ხანგრძლივი, გულმოდგინე, შეუპოვარი ღვაწლით.
მაგრამ მუდმივი გონიერი ლოცვა რომ შესმენილი იყოს, მლოცველი ამის პარალელურად აუცილებლად უნდა იცავდეს მონაზვნური და ზოგადად ქრისტიანული სულიერი ცხოვრების პრინციპებს, რაც, თავის მხრივ, დაეხმარება ლოცვას.
რაც შეეხება მორჩილებაში მყოფ მონაზონს, მას მტკიცე მორჩილება მართებს თავისი მოძღვრისა, რომელიც ქრისტე მაცხოვრის ცხოვრების ხილული სახეა. ასევე ევალება ყველა ქრისტიანს თავისი ცხოვრება სულიერი მოძღვრის მითითებებით წარმართოს და დაემორჩილოს ერთი წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებს, რათა თითოეულმა თავისი გულისთქმებისა და ნება-სურვილის არასწორი გზით არ იაროს, როგორც გვირჩევს და გვაფრთხილებს წმინდა წერილი.
პატერიკში აბბა მინოსის ძალზე მარტივი და მრავლისმომცველი აზრია მოყვანილი: „მორჩილება მორჩილებისა სანაცვლო არს. უკეთუ ვინმე დაემორჩილოს ღმერთსა, ღმერთიცა მორჩილ ექმნას მას“. აბბა ისაია კი ამას უფრო ვრცლად განმარტავს: „შეუძლებელია ღმერთმა არ შეისმინოს ადამიანის, თუ თვით ადამიანი არ ეურჩა ღმერთს. რადგან ღმერთი შორს კი არ იმყოფება ადამიანისაგან, არამედ ჩვენი ნება არ აძლევს საშუალებას, რომ შეისმინოს ჩვენი ლოცვა“.
ჩვენი ნება უშლის ხელს შეისმინოს ჩვენი ლოცვა!
თუ ლოცულობ და უფალი არ ისმენს შენსას, გაფრთხილდი, ხომ არ ურჩობ.
თუკი ღამით ლოცულობ, დღისით კი დაუდევრად ცხოვრობ, ეს იგივეა, რომ ერთდროულად აშენებდე და თან ანგრევდე.
თუ უგულებელყოფ მცირე შეცდომებს, მაშინ ნამდვილად დიდ ცოდვებში ჩავარდები. ფრთხილად იყავი.
შეუძლებელია ღმერთმა მუდამ მოუვლინოს მადლი იმ გულს, რომელიც ზღვარს არ უდებს გულისთქმებს და იმ გონებას, რომელიც უმიზნო ხეტიალისგან თავის თავში დაბრუნებას არც კი ფიქრობს. უფალი თავიდან მადლს გვიბოძებს, რომ შეგვეწიოს, აღგვადგინოს, სულის საცნობელნი დაგვიტკბოს, თავისკენ მიგვიზიდოს. მაგრამ თუ ჩვენც არ გავისარჯეთ, მადლი არ იმოქმედებს და განგვეშორება. „მადა ჭამაში მოდისო“ და ლოცვაც ლოცვით იშვება.
აღასრულებ მორჩილების საქმეს, შრომობ? გაიხსენე წმინდა მამები, რომლებიც საქმიანობისას საკუთარ თავს ეუბნებოდნენ:

„სხეულო, გაისარჯე საზრდელისთვის,
სულო, იღვიძებდე ცხონებისთვის“.


გონება გეფანტება? ჩურჩულით იმეორე იესოს ლოცვა და ნუ უქმადმეტყველებ, რადგან ამით საკუთარ თავთან ერთად სხვებსაც აზიანებ.
აბბა ფილიმონი ამბობს: „ბევრი წმინდა მამა ხედავდა ანგელოზებს, რომლებიც თვალყურს ადევნებდნენ მათ, ამიტომ ისინი მდუმარებით იცავდნენ თავს და არავის ესაუბრებოდნენ“.
დროის დაკარგვას სჯობს ილოცო და რაც მეტად მოდის შენთან მოწყინება და უდებება, მით მეტად გეშინოდეს იმ აღნათქვამის, რომლითაც უფალმა ბოროტ და ზარმაც მონას მიმართა (მათ. 25, 26, 30).
თუ დაუშვებ, რომ შენს უდებებასა და სიზარმაცეში ენაცვლებოდეს ერთმანეთს დღე და ღამე, სულ მალე უკიდურეს ზარმაცად გადაიქცევი.
ნუთუ შენი უდებებით მოიწონებ თავს იმ დროს, როცა სხვები თავიანთი შრომისთვის გვირგვინებს მიიღებენ?
მცირედ გაისარჯე, ძმაო, ლოცვასა და მღვიძარებაში და ნახავ, რომ შენს გულში სიხარული იფეთქებს და ნათელი ამობრწყინდება შენი გონების ცის კამარაზე. ისეთი სიხარული კი არა, სანამ მოასწრებ მისით გახარებას, რომ უჩინარდება, არამედ ტკბილი მხიარულება, როგორც ანგელოზთა სიტკბოება, როგორც იმქვეყნიური დაუღამებელი ნათელი, რომელსაც ქრისტე, ნათელი სოფლისა ლოცვით შემოსული, მოგანიჭებს ჯერ კიდევ ამ სოფლიდან გასვლამდე. განა ასე არ ხდებოდა მამებთან და რატომ არ შეიძლება მოხდეს ჩვენთანაც, თუკი ჩვენი მცირედმორწმუნეობა და უდებება არ გახდება ამისთვის დაბრკოლება?
ჩემი მოძღვარიც ამბობდა: მცირედ გაისარჯე, რომ ღმერთი შენი მოვალე გახდეს და როცა ამის დრო მოვა, იმაზე გაცილებით მეტი მოგცეს, ვიდრე გაისარჯე ან ითხოვე. წმინდა ისააკ ასურის სიტყვებსაც ნუ დაივიწყებ: „ეშმაკი ჯერ იმისთვის იბრძვის, რომ გაანადგუროს უწყვეტი შინაგანი ლოცვა, შემდეგ მონაზონს დაარწმუნებს, რომ ის დროც უგულებელყოს, რომელიც ლოცვის კანონისთვისაა განკუთვნილი; ლოცვის კანონი კი ღვთის თაყვანისცემითა და მუხლთადრეკით აღესრულება".
მაშ, ნუ უსმენ, რასაც უდებება ჩაგჩურჩულებს და თუ გსურს ღმერთმა შენი შეცდომები დაფაროს, შენც დაფარე შენი ძმის შეცდომა და მოუთმინე მას განსაცდელისა და ტკივილის ჟამს.
ნუ შეეპასუხები და ნუ დაფარავ გულისსიტყვებს შენი სულიერი მამისგან, თორემ მთელი ცხოვრება ამაოდ იშრომებ და უნაყოფო იქნება შენი ლოცვა.
თუ გულწრფელი აღსარებით არ განიწმინდავ თავს, როგორ მიეახლები საზიარებლად უხრწნელ და ცხოველმყოფელ ქრისტეს საიდუმლოს? არ გსმენია, რომ ვინც ღირსეულად ეზიარება, ცხოვრებად ექცევა, უღირსად მაზიარებელს კი სიკვდილად?
ნუ იტყვი, როგორც სხვა, ისე მეო, რადგან ეს უგუნური ნათქვამია, მსაჯული კი არ ტყუვდება.
ყოველი გულისსიტყვა, რომელსაც უსასოობა და დიდი მწუხარება მოაქვს, ეშმაკისგანაა და მაშინვე უნდა განაგდო, რადგან ის ლოცვის ძაფს გაწყვეტს. ყოველი გულისსიტყვა კი, რომელიც სულში სიხარულითა და ცრემლით შეზავებულ ზომიერ მწუხარებას შობს, ღვთისგანაა. უფლის მადლი სინანულისკენ მიუძღვის ადამიანს და სასოწარკვეთილებაში არასოდეს ვარდება.
აროცა უდაბნოში ვიყავით, ჩვენი მღვიძარება მზის

564. ერთ-ერთი მდუმარე მამის თხოვნა იმავე ბერისადმი.
ჩემო მამაო, ღვთის გულისათვის, გთხოვ ილოცე ჩემთვის, რამეთუ, როგორც ჩემი სიზარმაცე, ასევე მტრის თავდასხმა ძალიან მაჭირვებს და თუ ღმერთი თქვენი ლოცვებით ძალას არ მომცემს და მტერს არ შერისხავს, მაშინ არ ვიცი, მიაღწევს თუ არა ოდესმე ჩემი ნავი ნავსაყუდელს. როგორც მოსემ გამოითხოვა ოდესღაც, რომ ასეთი ხალხი ღვთის რისხვაში არ დაღუპულიყო, ასევე შენც, ჩემო ღირსო მამაო, გამოითხოვე ჩემი გულფიცხელი სული, რადგან ჩვენი ღმერთი კეთილია და უყვარს, როდესაც წმიდანები მისგან სულების ხნას ითხოვენ, და თქვენ შეგშვენით ასეთი თხოვნა. ჩვენს მეუფე აბბასაც (სერიდს) სთხოვოთ იქნებ, რომ რაღაცნაირად ჩვენც მოგვხედოს, რადგანაც ძალიან მიყვარს იგი და მისგან სულიერ გაძლიერებას ვსაჭიროებ.
თუკი შენ ჩვენისთანა უმნიშვნელოებზე სიყვარულით დაწერე, რომ ჩვენ არავის დაღუპვა არ გვსურს, მაშინ რას იტყვი იმაზე, ვინც საკუთარ თავს იფიცებდა და ამბობდა: „თუ მინდოდეს ბოროტეულის სიკვდილი, თუ ბოროტეულის მოქცევა თავისი გზიდან და მისი გადარჩენა არ მინდოდეს“ (ეზეკ. 33, 11), მასზე მოციქულიც ადასტურებს და ამბობს: „რომელსა ყოველთა კაცთაი ჰნებავს ცხორებაი და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლაი“ (1 ტიმ. 2, 4). ძმაო! ნუ დაიზარებ იესოსთან მიახლებას და თქმას: „უფალო, მიხსნენ ჩუენ, რამეთუ წარვწყმდებით“ (მათე 8, 25), და დაინახავ როგორ ამარცხებს ის ჩვენს მტრებს. ისაუბრე მასთან და თქვი: „უფალო ღმერთო ჩემო! დამიცავი მათგან, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი“ (ფსალ. 85, 4)“. ხოლო ის, რომ ჭირი და განსაცდელები უნდა მოითმინო, საჭიროდ არ ვთვლი ამის დაწერას, რამეთუ შენ იცი, რას ამბობს მოციქული ამ საკითხზე და როგორია მოთმინების ბოლო. მაშ, საყვარელო ჩემო ძმაო, სულიერად ნუ დავძაბუნდებით! ჩვენზე მზრუნველ ღმერთს აქვს დახმარების ძალა. ჩაგვაგონებდა რა კადნიერებას, მან თქვა: „მე ვარ, ნუ გეშინინ!“ (მათე 14, 27) და კიდევ: „ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა“ (იოანე 16, 33). ასე რომ, ნუ უდებვყოფთ მასთან მიახლებას და მისი სიკეთისადმი ვედრებას, რამეთუ ის „შემძლებელ არს უფროის ყოვლისა ყოფად უმეტეს, რომელსა-იგი ვითხოვთ გინა თუ ვსცნობთ“ (ეფეს. 3, 20). გაიხსენე - სადაც შრომაა, იქ ჯილდოცაა; სადაც განსაცდელით მჟღავნდება ღირსება, იქ გამარჯვების გვირგვინიცაა და სადაც ღვთის სიყვარულია, იქ მასთან ერთად ჯვარზე ასვლის მზადყოფნაცაა, რათა ერთად ვიტანჯოთ და ვიდიდოთ, ერთად მოვკვდეთ და ვიცოცხლოთ. ვინც ჯვარზე ავიდა მან მიწიერი მიატოვა, „სოფლისთვის მოკვდა და ზეცისასა ეძიებს, სადაცა-იგი ქრისტე არს მარჯუენით ღმრთისა მჯდომარე“ (კოლ. 3, 1). აბბას შესახებ გეტყვი: ილოცე, რომ ღმერთმა დაიფაროს ის, რამეთუ მას მოსვენება არა აქვს; მაგრამ გვრწამს, ღმერთი იფარავს და ეხმარება მას. მე ვუთხარი მას, რომ მან ძალიან დააყოვნა შენთან მოსვლა და მან იგივე მითხრა, რაც მე გითხარი. რაც შეეხება ლოცვას, ვიცი, რომ არაფერს წარმოვადგენ, მაგრამ ვერც სიყვარულს დავარღვევ, და შენც გთხოვ ილოცე ჩემთვის, ღვთის გულისათვის.
თუკი შენ ჩვენისთანა უმნიშვნელოებზე სიყვარულით


სააღდგომო ეპისტოლე - 2008

აღორძინდით და გამრავლდით და აღავსეთ ქვეყანა! (დაბ. 9,1)
"მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა და ვუგალობდეთ
აღდგომასა მისსა" (აღდგომის საგალობელი)

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო ერთგულნო და თავდადებულნო შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, საქართველოს მკვიდრნო და დროებით სამშობლოს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!

ქრისტე აღდგა! შეიმუსრა ჯოჯოხეთი და განქარდა სიკვდილი!
მაშ, შევიდეთ სახლსა მას სამეუფოსა, განვიცადოთ ზეიმი ზეიმთა და დღესასწაული დღესასწაულთა, - პასექი უფლისა!
"ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა".
ამიერიდან უცხონი აღარა ვართ "არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღმერთის სახლეულნი; მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საფუძველზე დაფუძნებულნი, რომლის ქვაკუთხედი არის თავად იესო ქრისტე" (ეფ. 1, 19-20), ეკლესია კი სხეულია მისი.
ამ ეკლესიის შესახებ უფალი ჩვენი ბრძანებს, რომ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. ეკლესია, უპირველეს ყოვლისა, ჭეშმარიტი სარწმუნოების მქადაგებლობას გულისხმობს; ამიტომაც ამბობს წმ. მაქსიმე აღმსარებელი, რომ მაცხოვარმა ეკლესია უწოდა "მართლაღსარებასა სახელისა მისისასა". მის წინააღმდეგ ბრძოლა კი ნიშნავს ამ სწავლების წინააღმდეგ მოქმედებას, მის შერყვნას ან შეცვლას, რასაც ეშმაკი სხვადასხვა ცრუ ფსევდოქრისტიანული მოძღვრებების გავრცელებით თავიდანვე ცდილობდა და ცდილობს დღესაც.
ერთ-ერთი ასეთი მიმართულება იყო განკაცებულ ღმერთთან დაკავშირებით მცდარი აზრის დანერგვა, რაც, უმთავრესად, ორი სახით გამოვლინდა: ერთის მიხედვით, მაცხოვარი მხოლოდ ადამიანი არის, მეორის მიხედვით კი - მხოლოდ ღმერთი. ჭეშმარიტი სწავლების შესაბამისად კი, ქრისტე ერთდროულადაა სრული ღმერთიც და სრული კაციც.
საერთოდ, მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა).
ორბუნებოვნების წინააღმდეგ ბრძოლა იყო არა მხოლოდ თეოლოგიური საფუძვლების დარღვევის, არამედ სრულიად განსხვავებული ცხოვრების წესის დანერგვის მცდელობა.
მაცხოვრის ორბუნებოვნება ნიშნავს ღმერთის მიერ ადამიანის აღიარებას თანაშემოქმედად და ამასთან, ჩვენი კაცობრივი ბუნების განმსჭვალვას უზენაესი საღვთო ღირსებით. თუმცა ამას უნდა მივაღწიოთ, რისთვისაც გვმართებს ძლიერი ნებელობის გამოვლენა და თავდაუზოგავი ღვაწლი; ეს კი საკუთარ თავთან და ბოროტის მიერ დაგებულ ათასგვარ საცდურთან გამუდმებულ ბრძოლას გულისხმობს; ამიტომაც ამქვეყნიურ ეკლესიას მებრძოლი ეკლესია ეწოდება, ზეციურს კი - მოზეიმე.
მაგრამ რადგან ეს სოფელი ბოროტსა ზედა დგას, იგი სხვა დინებით მიდის, რომელსაც სინდისის ქეჯნის გარეშე უშფოთველად მიუყვება ადამიანთა დიდი ნაწილი ისე, რომ ვერც აცნობიერებენ, რისთვის მოვიდნენ ამქვეყნად.
მაცხოვარი გვაფრთხილებს "სასუფეველი ცათა იიძულების და, რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი" (მთ. 11,12), თუმცა იქვე გვანუგეშებს: "ნუ გეშინინ, მე მიძლევიეს სოფელსა" (ინ. 16,33).
ღვთის მიერ მონიჭებული თავისუფალი ნებით ადამიანი არჩევანს თავად აკეთებს და სვლაც სასუფეველისკენ ან ჯოჯოხეთისაკენ ყველასთვის აქედან, ამ წუთისოფლიდან იწყება. იმას, თუ მარადიულობაში სად დავიმკვიდრებთ ადგილს, ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების წესი განსაზღვრავს, მაგრამ პიროვნებას შეუძლია, სიცოცხლის ბოლოსაც კი რადიკალურად შეცვალოს თავისი მდგომარეობა.
გავიხსენოთ იესო ქრისტესთან ერთად ჯვარცმული, მონანული ავაზაკი, რომელმაც პირველმა დაიმკვიდრა ზეციური სასუფეველი; გავიხსენოთ იუდა ისკარიოტელი, რომელიც მოციქულის პატივში იყო ამაღლებული და სხვა მოწაფეთა მსგავსად სასწაულებსაც ახდენდა, მაგრამ საკუთარი არჩევანით ჯოჯოხეთის მკვიდრი გახდა.
ამ ორი ადამიანის ყოფამ ერთ ეპოქასა და სივრცეში განვლო. ერთი მათგანი მაცხოვრის უახლოესი მოწაფეთაგანი იყო და ღვთის მადლს ეზიარებოდა, მეორე კი ყაჩაღობდა და უღმერთოდ ცხოვრობდა.
მათი აღსასრული ურთიერთსაწინააღმდეგო აღმოჩნდა!
თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას ისიც, რომ ასეთი მაგალითები ერთეული, გამონაკლისი შემთხვევებია; ისინი, ერთი მხრივ, ნუგეშის მიმცემია ცოდვით დამძიმებული ადამიანებისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, გაფრთხილებაა ღვთისსათნოდ მცხოვრებთათვის.
ადამიანი ხედავს მხოლოდ სახეს კაცისას, ხოლო ღმერთი - გულს და სწორედ გულის სიმართლითა და სიწრფოებით განსჯის ყველას. შეიძლება კაცი, ერთი შეხედვით, კეთილ საქმეთ იქმოდეს, მაგრამ ამას ანგარება ედოს საფუძვლად, ხდება ისეც, რომ ზოგიერთის მიუღებელი ან გაუგებარი ქმედება სინამდვილეში უანგარო თავდადებიდან მომდინარეობს. ამიტომაც ჩვენს შეფასებებში შეიძლება შევცდეთ.
ყველას პირუთვნელი და მიუკერძოებელი მსაჯული კი ყოვლადწმინდა სამებაა. ამიტომაც მთავარია, ადამიანი თავის სინდისთან და ღმერთთან იყოს მართალი და მაშინ უფლის თანადგომას ყოველთვის იგრძნობს. "იღვაწე სიმართლისათვის და ღმერთი იბრძოლებს შენთვის" - გვასწავლის ბიბლია.
ის, ვინც სასუფევლისკენ მიმავალ გზას ადგას, ამ პრინციპით ცხოვრობს: "ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, აბა, მე დღეს ვის რა ვარგე"? (წმ. ილია მართალი).
ადამიანის აქტიურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, დემოკრატიული სისტემის პირობებში; იგი უფლებას იძლევა, საზოგადოებამ თავისი შეხედულებისამებრ მოაწყოს საკუთარი გარემო: სასწავლებელი, სამსახური, უბანი და სხვა, აირჩიოს ხელისუფლება და, აქედან გამომდინარე, თავისი ცხოვრების წესიც.
ხალხს შეუძლია შეცვალოს მისთვის მიუღებელი მდგომარეობა, რისი მაგალითებიც უკვე გვაქვს; ამის შედეგია თუნდაც ის, რომ ე.წ. Reality Show-მ, მიუხედავად დიდი რეკლამისა და ფინანსური მხარდაჭერისა, მოსახლეობაში აღიარება საბოლოოდ მაინც ვერ ჰპოვა. იგივე შეიძლება ითქვას სექსუალურ უმცირესობათა მცდელობაზე, მოეწყოთ მსვლელობა თბილისში. ფეხი ვერც დასმენის გზით სასჯელისაგან გათავისუფლების მეთოდმა მოიკიდა...
ჩვენმა საზოგადოებამ მკაფიოდ გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ამგვარი ცხოვრების წესის მიმართ.
თუ მოვინდომებთ, ღვთის შეწევნით, სასიკეთო შედეგის მიღწევა ყოველთვის შეიძლება.
ქრისტიანობა სხვისთვის ცხოვრებაა, საკუთარ მოთხოვნილებებზე, ზოგჯერ ელემენტარულზეც კი, უარის თქმაა. ჩვენს ქვეყანას კი არა მარტო ეს, არამედ ყველა დროში სჭირდებოდა თავგანწირვაც. ამიტომაც გვყავს ამდენი წმიდანი. სწორედ მათი წყალობით გადავრჩით. ახლანდელი ჩვენი ყოფა კი თითოეული ოჯახისგან, უპირველეს ყოვლისა, ითხოვს იმ ღვაწლს, რასაც მრავალშვილიანობით ქვეყნის მსახურება ჰქვია.
დღევანდელ პირობებში ამის განხორციელება რომ ძალიან ძნელია, ვიცით, მაგრამ იგი ერის გადარჩენის გარანტიაა და საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი.
სწორედ, დემოგრაფიული ვითარების გამოსწორების მიზნით შევთავაზეთ ჩვენს მოსახლეობას, რომ პატრიარქი ყოფილიყო ყოველი ახლადდაბადებული მესამე და შემდეგი შვილის ნათლია.
უახლოეს პერიოდში კი ეკლესიისაგან განსაკუთრებით დაილოცება და ერისათვის თავდადებულის წოდება მიენიჭება იმ ოჯახებს, რომელთაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ.
როგორც აღვნიშნეთ, ჩვენს ისტორიაში სამშობლოსათვის ერთგული მსახურების მრავალი მაგალითია, მაგრამ, ამავე დროს, იყვნენ ხალხისთვის უცნობი გმირებიც, რომელნიც სწორედ დაფარული ღვაწლის გამო არიან ღვთის წინაშე განსაკუთრებით დაფასებულნი და განდიდებულნი; ასეთივე ღვაწლის მტვირთველი იქნება დღეს ყოველი მრავალშვილიანი ოჯახიც.
მაგრამ საკითხის გადასაწყვეტად მარტო ერის რიცხვობრივი გამრავლება არ არის საკმარისი. საჭიროა მომავალი თაობის სწორად აღზრდა და მათთვის სათანადო განათლების მიცემა.
უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მდგომარეობა არ გამოსწორდება, თუ არ მოგვარდება მასწავლებლების სოციალური პრობლემები.
ჩვენ ადრეც არაერთხელ ვთქვით და ახლაც ვიმეორებთ, რომ აუცილებელია, პედაგოგის პროფესია გახდეს პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადი, შეიცვალოს სასწავლო პროგრამები, ქრისტიანული სწავლება შეტანილ იქნას სკოლაში და ეკლესიამაც, შესაძლებლობისამებრ, აქტიური მონაწილეობა მიიღოს მოსწავლეების სულიერ-ზნეობრივი აღზრდის საქმეში. მითუმეტეს, რომ ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ეს სფერო ამ ქვეყნის ტრადიციულ რელიგიას აქვს გადაცემული და ამისთვის კაპელანის ინსტიტუტიც არსებობს.
მოგეხსენებათ, ბავშვებისათვის შესაბამისი განათლების მიცემა განსაკუთრებით უჭირთ მრავალშვილიან ოჯახებს. მათთვის და ჩემი ნათლულებისთვის ჩვენ შევეცდებით ამ პრობლემის ნაწილობრივ მოგვარებას უფასო ბაგა-ბაღების, სკოლების, სხვადასხვა სასწავლო ცენტრისა და სპორტული წრის გახსნით. ბუნებრივია, ამისთვის აუცილებელია, გვქონდეს შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი შენობები.
და რადგან ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა, თანადგომის გარეშე მიზანს ვერ მივაღწევთ. ვიმედოვნებთ, ხელისუფლება გაითვალისწინებს საქმის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას და სათანადოდ დაგვეხმარება, რაც ქვეყნის წინსვლისათვის გადადგმული სერიოზული ნაბიჯი იქნება.
მივმართავთ ბიზნესმენებსაც, მოსახლეობის შეძლებულ ფენას, საერთოდ ყველას, ვისაც ეროვნული ინტერესები ამოძრავებს, რათა ისინიც ამოგვიდგნენ მხარში.
ჩვენ დიდი მადლობა გვსურს გადავუხადოთ იმ ქველმოქმედთ, რომელთა შრომით და სახსრებით დღეს არაერთი ტაძარი და მონასტერი აშენდა საქართველოში. ეს, მართლაც, მადლმოსილი საქმეა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ზემოთ აღნიშნული სოციალური პროექტების დაფინანსება. ვიმედოვნებთ, მათი მონდომება ამ მიმართულებითაც შედეგიანი იქნება, რითაც ჩვენს სამშობლოს ყველანი დიდ სამსახურს გავუწევთ.
საერთოდ, ღვთისმსახურების შემდეგ სოცილურ საკითხებზე ზრუნვა ეკლესიისათვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. მორწმუნე ბიზნესმენთ კი შევახსენებთ, რომ თვით ღვთისმოსაობა და პირადი რელიგიურ-ზნეობრივი ცხოვრება არაფერს ნიშნავს, თუ ადამიანს არა აქვს მოყვასის სიყვარული, რაც, უპირველეს ყოვლისა, მისდამი თანადგომაში უნდა გამოვლინდეს.
"ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი" - ბრძანებს წმიდა პავლე მოციქული (გალ. 6,2).
წმ. ილია მართალმა, რომელმაც XIX საუკუნის საქართველოს ჯვარი იტვირთა, თავის ეპოქის სატკივრის წამალი სამ სიტყვაში გამოთქვა: "მამული, ენა, სარწმუნოება". ამ დევიზით მან ერს უმთავრესი ფასეულობანი შეახსენა და თავის მოღვაწეობით ჩვენი გადაგვარების მოსურნეთ გზა გადაუკეტა.
ილიასეულ ამ უმნიშვნელოვანეს ღირებულებებს ჩვენს დროში, ვფიქრობ, ადამიანის პრობლემაც დაემატა.
ეს იმან განაპირობა, რომ დღეს პიროვნებამ, შეიძლება ითქვას, ფუნქცია და დანიშნულება დაკარგა, რაც ერთის მხრივ, მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა, მეორეს მხრივ კი, კაცობრიობის სულიერმა დეგრადირებამ გამოიწვია. მას ფაქტიურად წაერთვა ყველაზე მთავარი რამ, - თავისუფლება. ადამიანი თავისი გამოგონებების მსხვერპლი გახდა და იმდენად შეიზღუდა, რომ პირადი ცხოვრებაც კი კონტროლირებადი გაუხდა.
ასეთი რამ არც ერთ ეპოქაში არ მომხდარა.
მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის შედეგია მაგ. პლასტიკური ქირურგიის განვითარება, რამაც შესაძლებელი გახადა ბევრი დაავადების განკურნება და მძიმე ტრამვების შედეგების თითქმის სრულად გამოსწორება, ეს მისასალმებელია, თუმცა ამ დარგში მიღწევებმა ასევე შესაძლებელი გახადა სქესის შეცვლაც, რაც ღვთის განგებულებაში ადამიანის ჩარევაა და ამდენად სრულიად დაუშვებელი რამ.
იგივე შეიძლება ითქვას გენურ ინჟინერიასთან მიმართებაში. საოცარი შედეგი მივიღეთ დაავადებათა პრევენციასა და დიაგნოსტიკაში, მაგრამ გენების მანიპულირებით და გენ-მოდოფიცირებული პროდუქტების შექმნით, - მეტად საშიში ნაბიჯი გადაიდგა.
ამ მიმართულების მომხრეები ხშირად ამტკიცებენ, რომ ისინი იგივე საქმიანობას ეწევიან, რასაც, მაგალითად, სელექციონერები, რომელთაც უკეთესი ჯიშები გამოყავთ.
მართალია, გენების გადაცემა სელექციის დროსაც ხდება, მაგრამ მხოლოდ ერთი სახეობის ან მონათესავე სახეობის ინდივიდებს შორის. სელექციის დროს ბრინჯი შეიძლება შეჯვარდეს მხოლოდ ბრინჯის სხვა ჯიშებთან, მაგრამ არა მაგ. ვაშლთან.
გენური ინჟინერიის შემთხვევაში კი ეს ბარიერი მოხსნილია; გენი გადააქვთ მცენარიდან მცენარეში, მცენარიდან ცხოველში, მცენარიდან, ცხოველიდან ან ბაქტერიიდან - ადამიანში და ა.შ.
ამ დამახინჯებულ გენებს კი აქვთ გამრავლების უნარი, რაც ღვთის მიერ ათასწლეულების განმავლობაში დაწესებული სახეობათშორისი საზღვრებისა და წესრიგის დარღვევას იწვევს, ეს კი გამოუსწორებელ შედეგს მოუტანს გარემოს და ჩვენს სულიერ სამყაროსაც დააზიანებს.
გამოსავალი ერთია, მიუხედავად ასეთი პროდუქტების სიიაფისა და ჩვენი გაჭირვებისა, უარი უნდა ვთქვათ მათ გამოყენებაზე. ამასთან, ვიმედოვნებთ, ხელისუფლება ამ საკითხს მეტ ყურადღებას მიაქცევს და გაატარებს ქმედით ღონისძიებებს, რათა ჩვენი სოფლის მეურნეობა ნატურალური პროდუქტების წარმოების გზით განვითარდეს, რაც შეიძლება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მძლავრ ბერკეტადაც იქცეს, რადგან მსოფლიოში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე მოთხოვნილება სულ უფრო და უფრო იზრდება.
თუ ეს განხორციელდა, იგი დიდ სტიმულს მისცემს როგორც სოფლის მეურნეობის წინსვლას, ისე ამ სფეროში გადამამუშავებელი ბიზნესის განვითარებას და საერთაშორისო ბაზარზეც ქართულ პროდუქციას თავის ადგილს დაუმკვიდრებს.
სამწუხაროდ, 18 წლიანმა გარდამავალმა პერიოდმა ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილში მოშალა სურვილი და განწყობა შრომისადმი.
არადა, ნებისმიერი საქმის წარმატებისათვის განწყობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან მისი საშუალებით ხდება ამა თუ იმ მიმართულებით ჩვენი სულიერი და ფიზიკური ძალების მობილიზება. (დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია). ადამიანს შეუძლია თავისი ენერგია მოახმაროს აღმშენებლობას, ან ნგრევას, ანდა დატოვოს იგი გამოუყენებელი.
შრომასთან მიმართებაში ამჟამად არსებული უარყოფითი განწყობა აუცილებლად უნდა შეიცვალოს და ჩვენ საოცარ შედეგს მივიღებთ, რადგან, როცა ამა თუ იმ საქმისადმი მზაობა არსებობს, გარემო პირობები ხელს რომც არ უწყობდეს, მიზანი მაინც მიიღწევა.
ამის საუკეთესო მაგალითი ჩვენი ისტორიაა.
ჩვენი წინაპრების განწყობამ რწმენის ერთგულებისა და ქვეყნის დაცვისადმი შეგვაძლებინა (ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ), არა მარტო ის, რომ ფიზიკურად გადავრჩენილიყავით, არამედ ისიც, რომ თვითმყოფადი ქართული სამყარო შეგვენარჩუნებინა.
ამ წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი კი დაუღალავი შრომაც იყო.
შრომის მიზანი და შედეგი მარტო კეთილდღეობის მიღწევა არ არის. იგი სულიერ განვითარებასაც უწყობს ხელს. ცხოვრების ეს წესი თვით შემოქმედმა დაგვიდგინა. ამიტომაც მონასტრულ ტიბიკონებში შრომას დიდი ყურადღება ექცევა.
განსაკუთრებით სასარგებლოა ისეთი საქმიანობა, რომელიც ბუნებასთან კავშირშია; მიწასთან, მცენარეებთან, ცხოველებთან მიმართებაში სიყვარულზე დაფუძნებული ურთიერთობა ადამიანს აკეთილშობილებს და კურნავს, რადგან ღმერთმა ამ სამყაროს გვირგვინად შეგვქმნა და მასზე პასუხისმგებლობაც დაგვაკისრა.
ადამიანი მოვალეა გაუფრთხილდეს და ყოველდღიური საქმიანობისას დალოცოს მიწაც, მოსავალიც, პირუტყვიც... ეკლესიაში კი ამისთვის სპეციალური ლოცვებია დადგენილი.
ასე ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები და ამიტომაც ბუნებასთნ ერთობაში იყვნენ.
თანამედროვე ადამიანმა ეს დამოკიდებულება უხეში მომხმარებლური მიდგომით შეცვალა, რაც, თუ არ გამოსწორდა, დაღუპავს კაცობრიობას.
ყველაფერში ზომიერების დაცვაა საჭირო. ამას კი ვერ შევძლებთ, ღმერთთან კავშირი თუ არ გვექნა. ის, თუ რამდენად შორს (ან ახლოს) ვიქნებით მისგან, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, რადგან მაცხოვარი ყოველთვის ახლოსაა ჩვენთან.
ასე რომ, ნებისმიერ ჩვენს ქმედებას, ჩვენს სიტყვასა და გულისზრახვას უნდა შევხედოთ როგორც ნაბიჯს, გადადგმულს ზეცისკენ ანდა ჯოჯოხეთისკენ. მართალია, ეს ცხოვრება სწრაფწარმავალია, მაგრამ საკმარისია იმისათვის, რომ მოვიპოვოთ მარადიული ნეტარება ან სამუდამოდ დავკარგოთ იგი.
მაშ, მოვუსმინოთ წინასწარმეტყველთა და წმიდა მამათა დარიგებებს, რათა შეძლებისდაგვარად დავიცვათ ჩვენი შინაგანი სამყარო დამანგრეველი ცოდვებისაგან: ამპარტავნების, თავისმოყვარეობის, განკითხვის, შურის, ცილისწამებისა და სხვა სიბილწეთაგან, რომელთა მარწუხებშიც მოქცეული და დამონებულია თანამედროვე ადამიანი:
"შიში უფლისა დასაბამია სიბრძნისა და მორჩილება წინ უძღვის დიდებას" (იგავნი 15,33).
მოწყალება ისეთი მალამოა, რომლითაც ყველანაირ განსაცდელს უწამლებ.
მოწყალების შემდეგ უდიდესი სათნოებაა მადლიერება ღვთისადმი და ადამიანებისადმი.
განკითხვის ცოდვა ცეცხლივით დაგწვავს.
სადაც ამპარტავნებაა, იქვეა პატივმოყვარეობაც. შური კი მათი შვილია.
ის, ვინც ცილისმწამებელია, პირდაპირ დემონს ემსახურება.
ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო თავმდაბალთ მოსცემს მადლს.
მან, ვინც ისწავლა მოთმინება, ისწავლა თითქმის ყველაფერი;
მთელი სიბრძნე კი უფლის ამ დარიგებაშია: შეიყვარე ღმერთი ყოვლითა გულითა, გონებითა, ყოვლითა სულითა და ძალითა შენითა; შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი შენი (მთ. 22,37).
ჩვენ, რა თქმა უნდა, ცხოვრებაში ბევრჯერ შევცდებით; მთავარია, დაცემის შემდეგ მოვინდომოთ და შევძლოთ ადგომა. ამასთან, მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ბედნიერებისათვის ვართ მოწოდებულნი და გვაქვს შესაძლებლობა, შევაღოთ ზეცის კარიბჭე, ვიხმიოთ ტრაპეზი უფლისა და მისი სიყვარულით დავტკბეთ.
რა უნდა იყოს ამაზე მნიშვნელოვანი?
რა ძალამ უნდა დაგვაბრკოლოს ამის მისაღწევად? ძე ღვთისა გვიწვდის ხელს და თავისთან გვიხმობს. ვინ შეიძლება ვამჯობინოთ მას? შევთხოვ შემოქმედს, მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა თითოეული ჩვენგანის გულში დაიდგას ტახტი და თითოეულ ჩვენგანში ძლეულმა ბოროტმა სულმა იულიანე განდგომილის მსგავსად აღმოთქვას: "შენ გაიმარჯვე გალილეველო!"
ღვთაებრივი სიხარულით აღვსილი კიდევ ერთხელ გილოცავთ, - ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!

აღდგომა ქრისტესი თბილისი, 2008 წ.

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აღორძინდით და გამრავლდით აღავსეთ ქვეყანა!

image
image თემა: აღდგომა
ავტორი: ილია II

სააღდგომო ეპისტოლე - 1984

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის
ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს:

"... ბნელი წარვალს და ნათელი იგი ჭეშმარიტი აწვე ჩანს".
(1 იოანე 2, 8)

ქრისტესმიერ საყვარელნო ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანნო მოძღვარნო და დიაკონნო, ღირსნო ბერმონაზონნო, საქართველოს ეკლესიის ღვთისსათნო შვილნო, მკვიდრნო ღვთისმშობლის წილხვედრილი კურთხეული საქართველოისა და უცხოეთში მცხოვრებნო თანამემამულენო, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული თანამავალ გეყავნ თქვენ აწ და მარადის!
ტაძრების ზარების გუგუნი მსოფლიოს აუწყებს ერთ-ერთ ყველაზე დიად დღესასწაულს - ქრისტეს აღდგომას... დღეს ზეიმობს ეკლესია, სიხარულს დაუსადგურებია ყოველი ქრისტიანის გულში, აღვსილი ამ ზემიწიერი სიხარულით, სიყვარულით გილოცავთ:

ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !

სიხარულს ხშირად წინ უსწრებს დიდი მწუხარება. ასე იყო მოციქულების დროსაც... ისინი სულით ხორცამდე შეძრულნი იყვნენ მომხდარით. სულ სხვას ელოდნენ, მოვლენები კი სხვაგვარად წარიმართა. მათი იმედი და ნუგეში შეურაცხყვეს და ჯვარს აცვეს. ადამიანური ზიზღისა და სიძულვილის ქარიშხალმა გადაუარა იერუსალიმს; შემდეგ კი იქ, სადაც გააფთრებული ბრბო ბობოქრობდა, შემზარავი სიჩუმე ჩამოვარდა; დაცარიელდა თხემის ადგილი, მხოლოდ იესოს მახლობელნიღა ტრიალებდნენ ჯვრის შორიახლოს. დაიკარგა რწმენა, განქარდა იმედი, დარჩა ტანჯვა-წვალება და სევდა; და კიდევ სიყვარული, ჯერეთ დაუშრეტელი. შიშსა და სასოწარკვეთას მოუცავს მოციქულნი. უნუგეშოდ დარჩენილნი არ აპირებენ მაცხოვრის ბრძანებისამებრ გალილეაში გამგზავრებას, რადგანაც არ მოელიან შეხვედრას იქ მასთან, ვინც მათ თვალწინ ჯვარს ეცვა, ივნო და დაეფლა.
ო, რა სუსტი და მცირედმორწმუნეა ადამიანი!
მოწაფეებმა მსწრაფლ დაივიწყეს თავიანთი მოძღვრის დარიგებანი, დაივიწყეს ის სასწაულნი, რისი მომსწრენიც თავად იყვნენ. მწუხარება და გულგატეხილობა დაეუფლა მათ... "და აჰა ძრვაჲ იყო დიდი" და გარდამოხდა ზეცით სხივმოსილი ანგელოსი უფლისა, "ხოლო იყო ხილვაჲ მისი, ვითარცა ელვაჲ, და სამოსელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი" (მათე 28, 2-3). და იქმნა იგი მოწმე სახილველისა განსაკრთომელისა:

ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !

აღორძინდა რწმენა მოციქულთა, განახლდა იმედი.
რა საოცარი და უჩვეულო ძალისაა ეს სიტყვები, ასე ხშირად რომ წარმოვთქვამთ ამ დღეებში:

ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !

ქრისტეს აღდგომის მნიშვნელობა ამ მოვლენის სიდიადესა და განსაკუთრებულობაშია. იგია სასწაული სასწაულთა შორის, რომელიც კი ოდესმე უხილავს ან სმენია კაცობრიობას; იგია ქვაკუთხედი ქრისტიანობისა, რამეთუ "უკეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ამაო არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი" (1 კორ. 15,17).
"დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!"
ზატიკის ამ ბრწყინვალე დღეებში ჩვენს წინაშე კვლავ მთელი სიმძაფრით დგება რთული, ზოგიერთისთვის გადაუჭრელი კითხვები, დასაბამიდან რომ აღელვებდა ადამის ძეს: ვინ ვართ, საიდან მოვედით, რისთვის ვართ მოწოდებულნი და - საით მივემართებით...
"რაი არს კაცი, რამეთუ მოიხსენე მისი, ანუ ძე კაცისაი, რამეთუ მოხედე მას?" - მიმართავს დავით წინასწარმეტყველი შემოქმედს (ფს. 8,5).
ეგებ ჩვენ ბუნების მხოლოდ შემთხვევითი გამოვლინებანი ვართ, ანდა ევოლუციის გარკვეული ეტაპის შედეგი და სხვა არაფერი?
ადამიანი ჯერ კიდევ უძველეს დროს მიხვდა, რომ მისთვის მთავარი იყო საკუთარი თავის შეცნობა. ამ გზით მავალმა თავის სულში აღმოაჩინა გაორება, ურთიერთდაპირისპირებულობა: იხილა ხატი ღვთისა და ზნე ცხოველისა, იხილა სიდიადე და სიმდაბლე თვისი, სიკეთე და ბოროტება, სიყვარული და სიძულვილი, იგრძნო მსხვერპლის გაღების დიდი უნარი და მის გვერდით ულმობლობა და უსაზღვრო ეგოიზმი... იქნებ ამიტომაც იყო, რომ ძველმა ეგვიპტელებმა სფინქსი კაცის თავითა და ცხოველის ტანით გამოსახეს.
ადამიანი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საოცრებაა. საოცარია იგი არა მარტო როგორც სოციალური არსება, არა როგორც ნაწილი ბუნებისა, არამედ როგორც პიროვნება, სულიერი პიროვნება. პიროვნება არ ნიშნავს ბუნებას, ანდა მის ნაწილს; ადამიანი პიროვნებაა არა ბუნებით, არამედ სულით. გარემოს გრძნობადი აღქმა მისი არსის, მისი ყოფის ერთი მხარეა, ამიტომაც არ არის სწორი ადამიანის შესწავლის ცდა მხოლოდ სომატური ანთროპოლოგიის, ბიოლოგიის ანდა საზოგადოების განვითარების ზოგადი კანონების მიხედვით. კაცი, უპირველეს ყოვლისა, ხატია ღვთისა.
აი, როგორ განიხილავს წმ. გრიგოლ ნოსელი სამპიროვანი ღვთის ბუნების ადამიანში განხორციელებულ საიდუმლოს: "ადამ, ქმნილება პირველი და არა შობილი, არს სახე დაუსაბამოისა მამა ღმერთისა, ყოვლისა მპყრობელისა და ყოვლისა მიზეზისა; ძე ადამისა შობილი - მსგავსი არს ძისა და ღვთისა სიტყვისა შობილისა, და ევა, გამოსული ადამისაგან (გარნა არაშობილი მისგან), არს სახე სულისა წმიდისა" (არქიმანდრიტი კიპრიანე, წმ. გრიგოლ პალამას ანთროპოლოგია, გვ. 157).
"ჩაუღრმავდი თავსა, შთაიხედე სულსა შენსა, ვითა სარკესა შინა; და ოდეს კეთილად განარჩევ იქ ყოველსა, შეიცნობ, რომ ხატი და მსგავსი ხარ ღვთისა. და ვითარცა ვერ იხილავ და ვერ უპოვი სახელსა უკვდავსა არსსა შენისა სულისასა, ეგრეთ მიუწვდომელ, შეუცნობელ და უკვდავ არს ღმერთი შენი", - ვკითხულობთ იქვე (გვ. 159).
სხვა ადგილას წმ. გრიგოლ ნოსელი წერს: ადამიანმა დაიკავა საშუალო ადგილი ღმერთსა და მის მდაბალ ქმნილებათა შორის, ამიტომაცაა იგი გაორებული: ნათელი გონებით ღვთაებრივ მშვენიერებას გვაგონებს; მგზნებარე ვნებებით კი - ცხოველს; ამით აიხსნება ის შინაგანი კონფლიქტი და დაპირისპირებულობა, რისკენაც საერთოდ მიდრეკილია იგი.
ასე რომ, ხატება ღვთისა თითოეულ პიროვნებაშია, როგორც ჩამოყალიბებულ კანონთა წესი. იგი წარმოადგენს მისი ყოფის აუცილებელ პირობას, რომლის საშუალებითაც უნდა განხორციელდეს მსგავსება უფლისადმი. სწორედ ეს არის ადამიანის ცხოვრების მიზანი.
ხშირად სვამენ კითხვას: რატომ შექმნაო გამჩენმა კაცი მხოლოდ ხატად თვისა? უკეთუ იგი იქნებოდა სრულყოფილი არსება, უკეთუ მსგავსება მისი შეესატყვისებოდა ხატებას მისას, იგი იქნებოდა ღმერთი. ეს გზა კი ადამიანს გასავლელი აქვს. მისი თვითსრულყოფისა და ღვთისმიმსგავსების პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღოს როგორც ღვთაებრივმა, ისე კაცობრივმა საწყისმა, რასაც ჩვენ ორი საწყისის სინერგიას ვუწოდებთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვლინდება ჩვენში თავისუფალი ნება.
"რა გსურს, სულო ჩემო? - ეკითხება თავის თავს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, - რა არის მოკვდავთა მიერ დაფასებული სიკეთეთაგან შენთვის მეტ-ნაკლებად ღირებული? ითხოვე რაიმე დიდებული და მიიღებ მას... გნებავს თუნდაც ქვანი პატიოსანნი, ველნი მშუენიერნი და კეთილნი, სიმრავლე ფარათა, ხართა და აქლემთა?.. იქნებ ტახტსა და მბრძანებლობას მიელტვი - ან ხანმოკლე დიდებას, რადგანაც ხვალვე დაგამდაბლებენ, გყოფენ მორჩილად მაშინ, როდესაც განდიდების გზას შეუდგება ვინმე სხვა კაცი, თუნდაც შენი ყმა, ცოტა ხნის წინათ უბადრუკი მსახური შენი... ეგებ გსურს, სულო, ჭეშმარიტების სახელით კანონებით ვაჭრობა (ანუ მათი უსამართლო განმარტება)?.. ნუთუ გონიერისა კაცისათვის აქვს მნიშვნელობა და ფასი მას, რომელი ჟამად არს და ჟამად განქარდების, მას, რაც მსახურებს ბოროტთაცა, და ვერას არგებს მიმავალსა იმა სოფლად" (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, 1, გვ. 223-224). აი, შედეგიც მიწიერი ბედნიერებისა:
"- სად-რა ვეძიო დიდებული სიტყვები ჩემი? - განიბნია ჰაერსა შინა.
- ხოლო იერი და ფერი ჩემი სიჭაბუკისა? - უკვალოდ გაქრა.
- გარნა დიდება? - იქმნა არარა.
- სიმტკიცე ჩემის სხეულისა სად დაიკარგა? - შემუსრა ჭირმა.
- ადგილ-მამული და სიმდიდრე ვის ხელში არის? - რომელნიმე მიითვალა უფალმან, სხვანი ბოროტ კაცთა დაისაკუთრეს" (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, 1, გვ. 79).
ცხოვრება ქრისტიანისა - ჯვარისმტვირთველობაა, იგი ყოფნაა თვით ქრისტეში, სიყვარულია მოყვასის ბედნიერებისათვის მსხვერპლად გაღებული, გაცხადებაა სულისა და ძალისა, - როგორც ბრძანებს მოციქული პავლე (1 კორ. 2, 4). მთავარია, ადამიანი არ შეეჭიდოს იმ სიმძიმეს, მისთვის რომ არ არის განკუთვნილი; მთავარია, მან მიაგნოს თავის ჯვარს, რათა აკურთხოს იგი უფალმან და იყოს უღელი მისი ტკბილ და ტვირთი მისი სუბუქ.
რომ ვიყოთ ჭეშმარიტი მსახურნი ქრისტესი, უნდა გვესმოდეს ჯვრის ღრმა აზრი და დიდი ძალა. ჟამნში ვკითხულობთ:
"უძლეველო, ახოვანო, საღმრთო ძლიერებაო პატიოსნისა და ცხოველმყოფელისა ჯვარისაო, გარეშემიცევ და დამიფარე ცოდვილი ესე".
... თუ შენ შეძლებ ამ სიტყვების გულით მიღებასა და მათი დიდი მნიშვნელობის შეცნობას, ვერავინ და ვერაფერი ვერ დაგამარცხებს, და სიცოცხლის ბოლოს შენც შეგეძლება თქვა: "ქრისტეს თანა ჯუარ-ცუმულ ვარ, ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე" (გალატელთა, 2, 19-20).
ჯვარი ჩვენი ძალაა განწმედის გზაზე. იგია უღონოთა ღონე, სუსტთა სიმტკიცე და ძლიერება, უძლურთა და სნეულთა მკურნალი, ცხოველმყოფელი, დაუშრეტელი წყარო, ფარი და მახვილი ხილული და უხილავი ბოროტი ძალის წინააღმდეგ.
თუ ვერ შევძლებთ ჩვენი ჯვრის ტარებას, თუ ვერ აღვუდგებით წინ ჩვენს ცოდვებს, ვერ დავძლევთ პატივმოყვარეობას, საკუთარი თავის სიყვარულს... და ტვირთით დამძიმებულნი დავეცემით, სულისა განსამტკიცებლად უნდა მივაპყროთ მზერა პატიოსანსა ჯვარსა მისსა, რომელიც ჩვენისა ცხოვნებისათვის გარდამოხდა ზეცით, ეწამა ჩვენთვის... და აუცილებლად ვიგრძნობთ მის დახმარებას.
სხვანაირად რომ ვთქვათ, ისინი, ვინც ქრისტეს მოძღვრებას მიიღებენ, მოვალენი არიან იცხოვრონ ისე, რომ გააგრძელონ საქმენი კაცობრიობისათვის შეწირული უფლისა; უკეთუ გსურთ იყოთ ჭეშმარიტი მორწმუნენი, ღრმად დაუკვირდით ამ სიტყვებს: "რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე" (მარკ. 8, 34).
თავის უარყოფა ნიშნავს გათავისუფლებას მიწიერი მისწრაფებებისაგან, ვიწრო ეგოიზმისა და ამპარტავნებისაგან (როცა პიროვნება ქედმაღლურად უყურებს და მხოლოდ იმის მიხედვით აფასებს ადამიანებს, თუ ვის რა სიკეთის მოტანა შეუძლია მისთვის), თავის უარყოფა ნიშნავს, მსახურებას მოყვასისათვის.
მაგალითისათვის დავასახელებდი ღვაწლსა და შრომას ქართველთა მეფის თამარისა, რომლის გამეფების 800 წლისთავს წელს ზეიმით აღნიშნავს ჩვენი ეკლესია და ხალხი. იგია სახე ჩვენი ერისადმი შეწირული მოღვაწისა და დიდი ჯვარისმტვირთველისა. სულთანმა რუქნადინმა გადაწყვიტა დაერბია გაძლიერებული საქართველო და აღეგავა იგი პირისაგან მიწისა. მან მეფე თამარს ასეთი შინაარსის წერილი გაუგზავნა:
"... აწ წარმომივლენია ყოველი მხედრობა ჩემი, რათა აღვხოცო ყოველი მამაკაცი მაგ ქვეყნისა, და ცოცხალი იგი ოდენ დარჩეს, რომელი წინა მომეგებოს, თაყუანის-ცეს ჩართსა ჩემსა; სასოება იგი თქუენი ჯუარი წინაშე ჩემსა დალეწოს და მოჰამედი აღიაროს" (ლეონტი მროველი, ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, ქართლის ცხოვრება, II, გვ. 93, თბ., 1959).
ხოლო დედოფალმან ასეთი პასუხი შეუთვალა:
"ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა მინდობილმან, მარადის ქალწულისა მარიამისა სასოებით მოსავმან და პატიოსანისა ჯუარისა მვედრებელმან წარვიკითხე ღმრთისა განმარისხებელი წიგნი შენი, რუქნადინო, და ვცან სიცრუვენი შენნი, რომელთა ბჭე ღმერთი იყოს! შენ ოქროსა მევირეთა სიმრავლისად მინდობილ ხარ, ხოლო მე არცა სიმდიდრესა და არცა ძალსა სპათა ჩემთასა, არამედ ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა და ჯუარისა წმიდისა, რომელი შენ ჰგმე. აწ წარმომივლენია ყოველი მხედრობა ჩემი წინამოგებებად შენდა. იყავნ ნება ღვთისა, ნუ შენი! სამართალი იმისი, ნუ შენი!" (იქვე, გვ. 93-94).
სიმდაბლისა და მორჩილების ნიშნად წმ. თამარი ფეხშიშველი წარუძღვა ლაშქარს ვარძიიდან ბასიანისკენ, ბრძოლის წინ აკურთხა იგი პატიოსანი ჯვრით, დალოცა და თვით ოძრხეს შემოიქცა, სადაც დღე და ღამეს განუწყვეტელ ლოცვასა და გალობაში ატარებდა; მასთან ერთად ლიტანიობდა მთელი საქართველო.
და შეისმინა უფალმა ვედრება მხევლისა თვისისა. მუსულმანთა 400 000 მეომარი სამარცხვინოდ იძლია ქართველთა 100 000-იანი ქრისტესმოყვარე მხედრობისაგან, განიბნია და შეიმუსრა სიმრავლე აგარიანთა. გამარჯვებულმა ლაშქარმა მეფე თამართან ერთად ვარძიაში მადლობა შესწირა უფალს ხსნისათვის.
მემატიანე მრავალგზის მიუთითებს დედოფლის წმიდა ცხოვრებაზე, რომ იგი ვერ აცდუნა სიამემან ამა სოფლისამან, ვერცა სამეფო გვირგვინმან და სკიპტრამან, არცა ქვათა პატიოსანთა უხვად ქონებამან, არცა სპათა სიმრავლემან და ძლიერებამ... ვერ მიდრიკა სიმდიდრემან... რომ მან გამოიჩინა სიბრძნე სოლომონისებრი და ყოვლითა გულითა და გონებითა შეიყვარა და შეიტკბო უფალი; კაცს განაცვიფრებდა ღამეყოველ მღვიძარება მისი, ლოცვა, მუხლთ-დრეკა და ცრემლით ვედრება ღვთისა. ხშირად თამარი თავისი ხელით მოქსოვილს ან მოქარგულს ყიდდა და მის საფასურს გლახაკთ ურიგებდა - ღარიბებს თავისი შრომით ეხმარებოდა და არა მხოლოდ სამეფო შემოსავლიდან (იქვე, გვ. 79-81).
ისტორიკოსი ასევე გვაუწყებს, რომ თამარის დროს წირვა-ლოცვა შეუმოკლებლად აღესრულებოდა პალესტინის მონასტერთა ტიპიკონის მიხედვით, რომ სამეფო კარზე მყოფთაგან ლიტურღიას, მწუხრს, ცისკარსა და ჟამნს ვერავინ დააკლდებოდა.
წმიდა თამარი იქმნა ის ბრწყინვალე, დაუვალი ვარსკვლავი, რომელიც მარად უნათებს საქართველოს და ათბობს ყოველი ქართველის გულს.
ხშირად კითხულობენ: პიროვნებაში ბოროტების გაძლიერებით თუ იშრიტება ღვთის სიყვარული მისდამი? პასუხი ერთია: ღვთაებრივი სიყვარული ისეთი უსაზღვრო და უნაპიროა, იმდენად დიდი და ამაღლებულია, რომ ვერავითარი სხვა ძალა ვერ შეძლებს ამ სიყვარულსა და ადამიანს შორის ჩადგომას. მაინც როგორია ბოროტების არსი და რა დამოკიდებულება აქვს მას ადამიანთან?
საეკლესიო მწერალთა და ღვთისმეტყველია აზრით, ბოროტება არ არის საწყისი, თანაარსი სიკეთისა, იგი არარსია, უარყოფა ან ნაკლოვანება სიკეთისა, რამეთუ თავად ყოვლის მიზეზი, შემოქმედი, არის სრული სიკეთე, მშვენიერება და სიყვარული.
"ბოროტება არასოდეს ყოფილა და ვერც იქნება თავისი ბუნებით დამოუკიდებელი არსი, რადგანაც არა აქვს მას რაობა, ბუნება და თვითმყოფადი სახე, ძალა, სათვალავი და თვისება. იგი ბუნებრივი ძალების დაშრეტის შედეგია. ამ ძალების არასწორი, გაუაზრებელი მოქმედებაა" - წერს ღირსი მამა მაქსიმე აღმსარებელი (მაქსიმე აღმსარებელი, კითხვა-მიგება ფალასისად, საღვთისმეტყველო უწყებანი, 1916; გვ.31-32).
გაუაზრებელი, უგონო ქცევის მსხვერპლის, დაცემული ადამის ძის აღსადგენად თვით ღვთაებრივი სიყვარული განხორციელდა იესო ქრისტეს სახით, რათა ემცნო ხალხისათვის ღვთის ნება, და იმავ ხალხის ხსნისათვის გოლგოთაზე ასულიყო. ბოროტი ფიქრობდა, სიკვდილი დათრგუნავდა მას. მაგრამ მოხდა საპირისპირო - ჯვარცმას მოჰყვა აღდგომა და ამაღლება და წინაშე ყოველთა ხილულთა და უხილავთა არსთა განბრწყინდა ყოვლისმძლეველი ძალა ღვთაებრივი სიყვარულისა.
ამ სიყვარულის ღირსი რომ გახდეს ადამიანი, აუცილებელია, მან სული განიწმიდოს ცოდვებისაგან. ჩვენდა საუბედუროდ, ხშირად ვადანაშაულებთ სხვებს, განვიკითხავთ მტრებს... ჩვენი მწუხარებისა და ტანჯვის მიზეზი კი ჩვენშივეა; უნდა გვახსოვდეს: როდესაც შინაგან სიმშვიდეს ვკარგავთ, ვკარგავთ სიმშვიდეს ჩვენს გარშემოც. ხსნის გზა ერთადერთია: სინანულის საშუალებით უნდა აღვიდგინოთ ჩვენს სულში დარღვეული ჰარმონია, წმიდა ზიარებით უნდა მივეახლოთ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, უნდა ვეცადოთ, დავიბრუნოთ ჩვენთა დიდთა წინაპართა რწმენა, სიყვარული, სასოება, თავმდაბლობა... და, როგორც შედეგი ყოველივე ამისა, სიწმიდეც. ჩვენმა სულმა მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების ყველა საფეხური უნდა გაიაროს, თვით ჯვარცმაც, რომ შემდეგ აღდგომილი და ამაღლებული იქცეს ღვთაებრივი სიყვარულის ტაძრად, სულიწმიდის სავანედ.
ჭეშმარიტი ღვთისმსახურება განუყოფელია სამშვიდობო მოღვაწეობისაგან. დღეს კაცობრიობა დიდი განსაცდელის წინაშეა. არ შეიძლება გულგრილად ვუყუროთ ხალხთა ტანჯვას, იმას, თუ როგორ იღვრება უდანაშაულო ადამიანების სისხლი, როგორ განლაღებულია ბოროტება; არ შეიძლება გავჩუმდეთ მაშინ, როდესაც მსოფლიოს ემუქრება ბირთვული ომის საფრთხე. მშვიდობაზე მხოლოდ ლაპარაკით ვერაფერს მივაღწევთ, საჭიროა გააზრებული აქტიური მოქმედება, რომ აცილებულ იქნას ომის საშიშროება.
ის მისია, რაც აკისრია ეკლესიას, არ აძლევს მას დამშვიდებისა და თვითკმაყოფილების უფლებას. ზოგიერთის აზრით, ეკლესია თავს არიდებს თანამედროვე მოთხოვნებს. აუცილებელი კია ვიცოდეთ მისი როლი დღევანდელ პირობებში, ვიცოდეთ, თუ სად არის ჩვენი, მორწმუნეების, ადგილი ამ მშფოთვარე მსოფლიოში. უეჭველია, იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირთ, სადაც ყველაზე დიდი მწუხარება და ცრემლია, იქ, სადაც იბრძვიან მშვიდობის, თავისუფლების, ხალხთა და სახელმწიფოთა შორის სამართლიანი ურთიერთობისათვის.
განსხვავებული მსოფლმხედველობის ადამიანების მშვიდობისაკენ სწრაფვა მათ შორის პრაქტიკული თანამშრომლობის მრავალ მხარეს ავლენს. ამ მიზნის მთელი სიდიადე დამაჯერებლობით ცხადოფს რომ ასეთი ურთიერთობა არათუ შესაძლებელი, არამედ აუცილებელიცაა.
საქართველოს ეკლესია აქტიურად უჭერს მხარს ქვეყნის მშვიდობისმოყვარე პოლიტიკას.
"ყოველი რომელნი გინდეს თქუენ, რაითა გიყონ კაცთა ეგრეცა თქუენ ჰყვით მათა მიმართ" (მათე, 7,12)... "ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურიერთას", - ბრძანებს უფალი (იოანე, 13,35). სიყვარული ღვთისა და მოყვასისა ყველა მცნებაზე მაღალი და ყოვლისმომცველია; ამიტომაც იგი უნდა იქცეს ჩვენი ცხოვრების საფუძვლად. როგორც შედეგი სიყვარულისა, ყველას მომადლებული გვაქვს სიხარულის განცდის უნარი და სურვილი სხვებისთვის მისი გაზიარებისა. სხვადასხვაგვარია სიხარული, განსხვავებულად გრძნობენ მას ადამიანები... ყოველი მნიშვნვლოვანი საეკლესიო დღე სულიერი სიხარულის მომტანია, მაგრამ აღდგომის დღესასწაული მაინც სულ სხვაა; იგი ზეიმია ცისა და მიწისა, რადგანაც სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას ვგრძნობთ და განვიცდით.
თუ გვექნება რწმენა და სიყვარული, ღვთის მოწყალებით, ღირსნი გავხდებით იმ სიხარულისა, რომელსაც არა აქვს დასასრული. მთავარია, არ შევცდეთ, არ გადავუხვიოთ გადამრჩენელი გზიდან.
ღმერთო ძლიერო, შენ ხარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება; მუხლმოდრეკილნი გევედრებით, წარგვიძეღ გზითა შენითა მით იწროითა; მოწყალეო, მოგვმადლე სიბრძნე გულისა, რათა ვცნათ, რაი არს ჭეშმარიტი და ვემსახუროთ მას... უწყით, უფალო, სიცოცხლე ჩვენი წამისყოფაა, სიცოცხლე ჩვენი განსაცდელია ოდენ. უსასოთა სასოო, გეაჯებით, მოგვეახლენ, რათა არ დავინთქათ ზღვასა ცხოვრებისასა; ხელი შენი აღმადგინებელ გვეყავნ ჩვენ დაცემულთა; დავრდომილნი შეგივრდებით და ნუ განგუაგდებ, რამეთუ შენი ვართ, უფალო... და ღირს გვყვენ ჩუენ მარადიული ნეტარებისა, ვინაითგან ნიჭი და წყალობა უზენაესი ფრთეთა ქვეშე შენსა ყოფნაა, შენს მტილოვანში დამკვიდრებაა.
ძმანო ჩემნო და დანო ჩემნო! კიდევ ერთხელ გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს; იხარეთ და გაახარეთ სხვანიც, ამაშია ადამიანის ნამდვილი ბედნიერება, რამეთუ სასუფეველი ღმრთისაჲ... არს, სიმართლე და მშვიდობა და სიხარულ სულითა წმიდითა (რომ. 14,17), ამინ!
ქრისტეს აღდგომა,
თბილისი, 1984.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის

image
image თემა: ადამიანი,  აღდგომა
ავტორი: ილია II

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3