ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები


სწავლა იგ. აღსარებისათვისვე

მოვედით, საყვარელნო ძმანო, და აღუაროთ ცოდვანი ჩვენნი სულიერსა მოძღვარსა ჩვენსა და ნუ გვრცხვენის გამოცხადებად ცოდვათა ჩვენთა წინაშე მისსა, არამედ გვეშინოდეს ღვთისაგან, რამეთუ ღმერთი ყოველსავე ჰხედავს და არა რა დაეფარვის და მუნ ჰსტანჯავს უნანელთა, რამეთუ ჩვენ, რომელსა იგი ეგულების ჰსჯა, არა გვეშინის მისგან. ხოლო გამოცხადებად ცოდვათა ჩვენთა წინაშე ერთისა კაცისა გვრცხვენის და არა ვუწყით, ვითარმედ, რომელმან არა შეინანოს თვისნი ბოროტნი, მას დღესა (განკითხვისასა) არა წინაშე ერისა და ორისა, არამედ წინაშე ყოველთა დაბადებულთასა გამოცხადდებიან. რამეთუ მუნ დასჯდების მართლმსაჯული იესო და თვითოეულისა საქმენი, ვითარნიცა იყვნიან კეთილნი ანუ ბოროტნი. გულის-ხმა ჰყავ, ჰოი კაცო, თუ რა გიქმნიეს ბოროტი ანუ მოგიგონებიეს და ჰფარავ მოძღვრისა წინაშე, გარნა ღმერთსა ვერ დაუფარავ, და შენ კაცისაგან გრცხვენის და ღვთისა შიშსა არა მოიგონებ? გულის-ხმა ჰყავ, ვითარმედ ვერცა კაცსა დაეფარო მას დღესა შინა, რამეთუ ყოველნი ბოროტნი ჩვენნი, ვითარცა გამოხატულნი, დასდგენ წინაშე ჩვენსა, რათა თვით დასჯილ ვიყვნეთ, ვითარცა იგი მდიდარი ჰხედვიდა ლაზარეს წინაშე თვალთა მისთა, და რომელი იგი საძაგელ უჩნდა, მისსა თითსა ინატრიდა, რათამცა ნუგეშინის-იცა ალსა მას ცეცხლისასა. ამისთვის გევედრები, საყვარელნო ძმანო, შევიდეთ თვითეული გონებასა ჩვენს და დავსდგათ სამსჯავრო და წარმოვადგინნეთ შორის ცოდვანი ჩვენნი. და იყავნ გონება მსაჯულ და უკეთუ მას დღესა არა გნებავს განქიქება, აქავე განვიკურნეთ წყლულებანი ჩვენნი აღსარებითა და დავსდგათ მათ ზედა წამალნი სინანულისანი. რამეთუ შესაძლებელ არს აქავე განკურნება წყლულებათა ჩვენთა ვითარცა იტყვის უფალი: "ვითარმედ უკეთუ მიუტევნეთ, მოგეტევნენ თქვენცა ცოდვანი". ეგრეთ ვიქმნეთ, (ავხოცოთ ცოდვანი ჩვენნი), უკეთუ გვენებოს აღსარებისა და სინანულისა მიერ. ხოლო სინანული ესრეთ იქმნების, რათა პირველად განვეშორნეთ ქმნისაგან ბოროტთასა და მერმე აღმოვიხოცნეთ იგინი სრულიად გონებათა ჩვენთაგან აღსარებითა. და ესრეთ ვიწყოთ დადებად წამლისა წყლულებათა ზედა ჩვენთა. და უკეთუ მიგიტაცებიეს, განეშორე მისგან და დაიდე წამალი მისგან მოწყალებისა. და უკეთუ გისიძავს, განეშორე მისგან და დაიდე წამალი სიწმიდისა. უკეთუ ძვირი გიზრახავს ძმისადა, აჩვენე კვალად სიყვარული და ესრეთ ვიქმოდეთ თვითეულსა ზედა საქმესა. და ნუმცა თანა წარვხდებით ცოდვათა ჩვენთა, რამეთუ მოახლებულ არს ჟამი სასჯელისა, ვითარცა იტყვის მოციქული, ვითარმედ: "უფალი ახლოს არს". ნუ ზრუნავთ, რომელი მოღვაწებასა და ჭირთა შინა ხართ, ხოლო რომელნი ცოდვათა შინა ხართ, თქვენ ესრეთ გეტყვით: "უფალი ახლოს არს, ზრუნევდით, რამეთუ მოახლოებულ არს აღსასრული".
და, უკეთუ პირველ სამასისა წლისა, ოდეს პავლე იყო, იტყოდა, ვითარმედ "უფალი ახლოს არს", არა აწ უფროსად ახლოს არსა? უკეთუ მას ჟამსა (დროსა) ჟამთა აღსასრულად უწოდა მოციქულმან, არა უფროსად აწ იყოსა აღსასრული?! არამედ შევიკრძალნეთ თავნი ჩვენნი შიშითა ღვთისათა და განვიწმიდნეთ გონებანი ჩვენნი აღსარებითა. რამეთუ ოდეს არა ვუწყოდეთ და უზრუნველ ვიყვნეთ, მაშინ მოვიდეს აღსასრული მეყსა შინა (უცებ, ანაზდეულად), ვითარცა იტყვის უფალი, ვითარმედ: "ვითარცა დღეთა ნოესთა და ლოთისთა, ეგრეთ იყოს, რამეთუ მყისსა (უმსწრაფლეს), შინა მოიწიოს - ვითარცა სალმობა შობადისა უცნაურად მყისსა შინა ეწიოს დედაკაცსა, რაჟამს არა მოელოდეს მრავალ გზის". და ამისთვის გლოცავ და გევედრები ძმანო, ვიყვნეთ მარადის მზა აღსარებითა, რამეთუ მრავალ გზის არა მოგვეცემის ჟამი სინანულისა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: "ჯოჯოხეთსა შინა ვინ აღგიაროს შენ?" არამედ აქავე შევინანოთ ცოდვანი, რათა მოწყალე გვექმნას მას დღესა უფალი და ვფპოვოთ შენდობა მადლითა და წყალობითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ მოვედით, საყვარელნო ძმანო, და აღუაროთ ცოდვანი

422. როდესაც მეჩვენება, რომ აზრი დუმს და არ მაწუხებს, ამ შემთხვევაში მეუფე ქრისტეს სახელის მოხმობა კარგია თუ არა? რამეთუ ასეთი აზრი მომდის: ახლა, როდესაც მშვიდად ვართ, არაა ამის აუცილებლობაო.
სანამ ჩვენ თავს ცოდვილებად ვთვლით, მანამ არ უნდა გვეგონოს, რომ მშვიდად ვართ, რამეთუ წერილში ნათქვამია: არა თუ ცოდვილებს მშვიდობა არა აქვთ, მაშინ როგორია ეს სიმშვიდე? გვეშინოდეს, რამეთუ დაწერილია: „რაჟამს თქუან: მშვიდობაი და კრძალულებაი, მაშინ მეყსეულად მოიწიოს მათ ზედა მომსრველი, ვითარცა სალმობაი შობადისაი და ვერ განერნენ“ (1 თეს. 5, 3). ზოგჯერ ცბიერი მტრები მცირედი ხნით სიმშვიდეს შეაგრძნობინებენ ხოლმე გულს, რომ მან ღვთის სახელის მოხმობა შეწყვიტოს, რამეთუ მათ კარგად იციან, მისი სახელის მოხმობა ძალებს რომ ართმევს მათ. და ვიცით რა ეს, ნუ შევწყვეტთ დახმარებისთვის ღვთის სახელის მოხმობას, რამეთუ ეს ლოცვაა, და წერილიც ამბობს: „მოუკლებელად ილოცევდით“ (1 თეს. 5, 18). მოუკლებელს კი დასასრული არა აქვს.
სანამ ჩვენ თავს ცოდვილებად ვთვლით, მანამ არ


[5] წერილი ერგინას

წმიდა მთა, 14 აგვისტო, 1933 წ.


ჩემო საყვარელო და ნამდვილო ქრისტესმიერო დაო ერგინა, იცოცხლეთ.
ჩვენ ჯანმრთელად ვართ. დღეს ეს-ესაა მივიღე შენი წერილი და გამიხარდა, რომ [თქვენც] ჯანმრთელად ხართ. ჩემო ჭეშმარიტო დაო, უკვე თხუთმეტ დღეზე მეტია, რაც ათონზე ვარ. სანამ თესალონიკიდან წამოვიდოდი, წერილი მოგწერე. ხატებიც გამოგიგზავნე და სავსე კალათიც, მაგრამ დამავიწყდა რა ჩავდე შიგ. მგონია, ჩაი იყო და თხილი ბავშვებისთვის. ვერონიკას გამოართვით მელეტიას მონასტერში (წმ. ირინეს სახელობის). იქნებ მალე მოგიტანონ კიდეც.
იმის გამო, რომ გვიან მომწერე, აღარ მოგწერე, მოდით-მეთქი, თანაც ვიცნობ მილტიადეს და ვიცი, რომ, თუ მოხვიდოდით, გეჯუჯღუნებოდა და ამიტომაც პირობა დავარღვიე. სხვა დროს, თუ ღმერთს უნდა, შეიძლება ან მე მოგინახულოთ, ან თქვენ ჩამოხვიდეთ – როგორც განაგებს წმიდა ღმერთი. ახლა კი იმას გთხოვდი, განსაცდელებში მოთმინება იქონიო. ხატების ფულს რაც შეეხება, ნუ ღელავ, როცა გექნება, მაშინ გამომიგზავნი მეორე, სამი მღვდელმთავრის ხატის ფულთან ერთად. ახლა ხატავენ, მალე მორჩებიან. ვინც ხატავს, ათონის მთის საუკეთესო ხატმწერია და თანაც ძალიან სათნოებიანი ადამიანი. მე ჩემი ეკლესიის ხატები მასთან დავხატე. ღმრთისმშობლის „მირტიდიოტისას“ ხატი სხვამ გააკეთა, მაგრამ ეს უკეთესია.
იმ ქალს თუ უნდა, გამომიგზავნოს ზომები და ფული, და შევუკვეთავ. ჩემთვის ეს ძნელი არ არის. მეც ვუწევ სამსახურს ასკეტ ბერებს და ისინიც მე მიწევენ სამსახურს, როცა მჭირდება. აქ არ არის ანგარება, არამედ უფლის მიერ მოცემულ სიყვარულის მცნებას აღვასრულებთ – გიყვარდეთ ერთმანეთიო.
ახლა ღვინოსა და კვერცხებს არავინ მოიხმარს. ამასაც გთხოვ: ის ქალი, ლუკია, თუ გაჭირვებულია, სხვა ფულს ნუ სთხოვ, იქნებ არ აქვს. რამეს მოვიფიქრებ და აქ შევაკოწიწებ. თუ ღმერთი ინებებს. ის მინდოდა მხოლოდ, რომ თავისი გარდაცვლილი მშობლების სახელები გამოაგზავნოს, რომ მოვიხსენოთ ხოლმე. მაგრამ თუ ეს შენთვის ადვილი არ არის, არა უშავს. მომწერე უბრალოდ და მე მივაწვდი მღვდელს. ვფიქრობ, ეგეც ახალს მისდევს.
მომწერე, მაგრამ შემდეგში ორმოცი წირვისთვის ნუ გამომიგზავნი იმათ სახელებს, რომლებიც ახლით არიან, რადგან ეს დამატებითი ჯაფაა ჩემთვის. აქ მათ არ იხსენიებენ. არიან სხვებიც, რომლებიც მათ იხსენიებენ, მაგრამ მათ ისე უყურებენ. თითქოს ისინიც ახლით იყვნენ. ჩვენ მათთან ერთად არ ვეზიარებით, ამიტომ ეს ჩემთვის მძიმე ტვირთია, თუმცა სხვა სულიერ საკითხებს რაც შეეხება, დღედაღამ ვირჯები და ვიტანჯები ღმერთის დიდებისა და სიყვარულისთვის.
თუ უნდათ, რომ მე ვილოცო მათთვის, პარაკლისებს გადავუხდი, თანაც სიხარულით. დღეც და ღამეც წავუკითხავ. ჩვენ ღამე საერთოდ არ გვძინავს, ყოველ საღამოს ღამისთევა გვაქვს. მხოლოდ ერთი საათი თუ გვძინავს დილისკენ და ერთიც შუადღეს, მას მერე, რაც პურს ვჭამთ.
ასე რომ, მთელი მსოფლიოსთვის მთელი ღამე ვლოცულობთ. მე დღედაღამ ვწერ მათ, ვინც მეკითხება. სხვა საჭმელს ამზადებს, სხვას წერილები დააქვს, სხვა ხელ-საქმეს აკეთებს. ანგელოზებივით ვართ. ყოველთვის დღეში ერთხელ ვჭამთ, ცოტა ორცხობილა და ცოტა საჭმელი, გინდ შობა იყოს, გინდ აღდგომა – დღეში ერთხელ. ჩვეულებრივ დღეებში ცალ-ცალკე ვჭამთ, ხოლო კვირას და დიდ დღესასწაულებზე — ერთად. აჰ, რომ განახა, რომ განახა, რა კარგია! ასკეტური ცხოვრება, უდაბნო, ანგელოზებრივი ცხოვრება. აჰ, რომ შეგეძლოს ჩვენი დანახვა!
ლეონარდო იყო აქ. იმხანად დიდი გაწამაწია გვქონდა, ძმები დღე და ღამე მუშაობდნენ, [და ამიტომ] თავისუფლად ჭამდნენ. ერთი სიტყვით, ამ გაწამაწიის მეტი ვერაფერი შეამჩნია, ჩვენი ასკეტური ცხოვრება ვერ ნახა. ვუთხარი, რომელიმე მონასტერში წადი-მეთქი, მაგრამ სახლზე ზრუნვის გამო არსად წავიდა.
აქ, ჩემო დაიკო, ამქვეყნიური სამოთხეა. თუ კაცი თავიდანვე მკაცრ, ამაღლებულ ცხოვრებას მიჰყოფს ხელს, წმიდანი ხდება, ხოლო თუ თავიდანვე ფართო გზა აირჩია, მოგვიანებით ეშმაკი წაიყვანს და საბოლოოდ, ერისკაცებზე უარესი ხდება, იმიტომ, რომ ჭინკა ძლიერად ებრძვის მონაზვნებს – მანამ, სანამ იმათაც ჭინკებად არ აქცევს. ეს კი იმიტომ, რომ უნდა ქრისტეზე შური იძიოს და უთხრას: „აი, ნაზარეველო, შეხედე შენს მეომრებს! შენ მათ მარადიულ სამეფოს აღუთქვამ, ესენი კი უარგყოფენ, ხოლო მე მცირეოდენ სასის სიტკბოებას ვაძლევ და კუდში მომდევენ“. ამით იკვეხნის დემონი.
ამიტომაც, თუ ვინმეს სურს, მონაზონი გახდეს, დიდი თავგანწირვა უნდა ჰქონდეს და თავის თავს უთხრას, რომ მეტს აღარ იცხოვრებს ამქვეყნად, არამედ ჯვარს უნდა აცვას საკუთარი თავი და ყველა განსაცდელი მოითმინოს: შიმშილი, წყურვილი, სიშიშვლე, ჩაგვრა, შეურაცხყოფა და ყველა სხვა გასაჭირი თუ მწუხარება. ხოლო თუ ასე არ განეწყობა, არამედ დასასვენებლად ემზადება, სჯობს არ მოვიდეს და ერში იცხოვროს კარგ ქრისტიანად, გინდ ქალი იყოს, გინდ კაცი, რამეთუ მონაზვნური ცხოვრება ძალიან მძიმეა და ბრძოლაც ძლიერია, შესაბამისად კი, მონაზვნობის მსურველს უდიდესი სიფრთხილე და წინდახედულობა მართებს და საკუთარი ბუნების მუდმივი იძულება. თანაც, სიკვდილამდე არ უნდა გათამამდეს და არ მოადუნოს ყურადღება, თუ არა და, იმწუთას დაეცემა და გაქრება, რამეთუ მზაკვარი და სისხლისმსმელი ეშმაკები ჩასაფრებულები არიან და შესაფერის დროს ელიან.
ღმერთმა გაგვინათლოს [გონება და სული] და დაგვიცვას. ამინ.
ვლოცულობ თქვენთვის მთელი სულითა და გულით, ყველაზე უარესი მამა იოსები წმიდა მთა, 14 აგვისტო, 1933 წ.ჩემო საყვარელო


მოწყალება ღმრთისა

ერთ-ერთი ქალაქის ეპისკოპოსს შეატყობინეს, რომ მისი მრევლის ორი გათხოვილი ქალი გარყვნილ ცხოვრებას ეწეოდა. ამ ცნობამ მღვდელმთავარი დიდად დაამწუხრა. იგი ეჭვებმა შეიპყრო, ვაითუ, სხვებიც ასე იქცევიანო და მხურვალე ლოცვა-ვედრებით მიმართა ღმერთს, ჩემი ეჭვები გაფანტე, სინამდვილე გამომიცხადეო.
მართლაც, იგი საღმრთო გამოცხადების ღირსი გახდა და ყოველივე ნათლად დაინახა: საშინელი ღვთაებრივი მსხვერპლშეწირვის შემდეგ, როცა ეკლესიაში მყოფი მორწმუნენი ერთიმეორის მიყოლებით ეახლებოდნენ წმიდა საიდუმლოებებს და ეზიარებოდნენ, ეპისკოპოსი თითოეულის პირისახეზე ცხადად ხედავდა მისი სულის მდგომარეობას. ცოდვილი კაცების პირისახე ჩაშავებული იყო, თითქოსდა მზისგან გარუჯულაო; ასეთებს თვალებიც წითელი, ჩასისხლიანებული ჰქონდათ. სხვა მორწმუნეებს ნათელი პირისახე ჰქონდათ, ხოლო შესამოსელი - თოვლივით სპეტაკი. უფლის სხეული პირველთ მის მიმღებთ დასწვავდა და შემუსრავდა, სხვებს კი ნათელს ანიჭებდა, სხივმფინარებად აქცევდა : ბაგეებში შესული მთელს სხეულში გადაღვრიდა ნათელს. ამ კაცებს შორის მეუდაბნოე ბერებიც იყვნენ და ერში მცხოვრები დაქორწინებულნიც. მამაკაცთა შემდეგ საღმრთო საიდუმლოს ქალები მიეახლნენ. მათ შორისაც დაინახა ეპისკოპოსმსხვება ზოგნი ჩაშავებული სახეებითა და წითელი, ჩასისხლიანებული თვალებით, სხვები კი - ნათელი და სპეტაკი სახეებით. სხვა ქალებთან ერთად ის ორნიც მოვიდნენ, რომელნიც შესმენილნი იყვნენ ეპისკოპოსის წინაშე. ამიტომ მათ იგი განსაკუთრებულად დააკვირდა. როცა ისინი ქრისტეს საიდუმლოს მიეახლებოდნენ, მღვდელმთავარმა დაინახა, რომ მათი სახეები ნათელი და წმიდა, ხოლო შესამოსელნი - არაჩვეულებრივი სისპეტაკისა იყო.
გაოცებული ეპისკოპოსი იმ დღეს კვლავ ლოცვად დადგა ღმერთის წინაშე და ევედრა, გამოცხადებაში ნანახი განმიმარტეო. მაშინ მის წინაშე უფლის ანგელოზი წარდგა და უბრძანა, რაც სურდა, ეკითხა. წმიდაეპისკოპოსმა უმალვე იმ ორი დედაკაცის შესახებ ჰკითხა:
-სამართლიანად იქნენ ისინი შესმენილნი ჩემს წინაშე?
ანგელოზმა მიუგო, რომ ყოველივე, რაც მათ შესახებ აუწყეს წპისკოპოსს, სიმართლე იყო. მაშინ მღვდელმთავარი ანგელოზს შეეპასუხა:
-თუ ასეა, როგორღა გაბრწყინდნენ მათი პირისახენი ზიარების დროს, როგორღა ემოსათ ნათელი მოსასხამები და როგორ გამოდიოდა მათგან დიდი ნათელი?
ანგელოზმა უთხრა:
-იმიტომ, რომ მათ თავიანთი საქციელი შეინანეს და განეშორნენ მას. სინანულის ცრემლებით, სულთქმითა და აღსარებით ღვთაებრივი მადლის მიღების ღირსნი გახდნენ. ამასთან, მათ აღთქმაც დადეს, რომ თუ უწინდელი ცოდვების შენდობას მიიღებდნენ, საკუთარ თავს მანკიერად მოქცევის უფლებას არასდროს მისცემდნენ. ამისთვის ისინი ღვთაებრივი ცვლილების, ცოდვათა მიტევების ღორსნი გახდნენ, და მას აქეთ თავშეკავებულად, კეთილმსახურებითა და ღვთისმოშიშებით ცხოვრობენ.
ეპისკოპოსი დიდად გაკვირვებული იყო არა იმდენად ამ დედაკაცთა ფერიცვალების გამო (რამეთუ ეს მრავალთა თავსაც ხდება სინანულის საიდუმლოს ძალით), რამდენადაც ღვთის უსაზღვრო მოწყალებით, რომელმაც არა მხოლოდ იხსნა ისინი საუკუნო სატანჯველისგან, არამედ საღმრთო მადლის ღირსნიც გახადა.
ანგელოზმა მღვდელმთავარს უთხრა:
-სამართლიანია შენი განკვირვება, როგორც კაცისა! მაგრამ უფალი ღმერთი ჩვენი, თავისი ბუნებით სახიერი და მოწყალეა. ყველას, ვინც ცოდვიან ქმედებებს მიატოვებს და თავის შემოქმედს სინანულით მიეახლება, აღსარების მეშვეობით თავს არა მხოლოდ საუკუნო ტანჯვისგან იხსნის, არამედ დიდება-პატივის ღირსადაც შექმნის. ღმერთმა ისე შეიყვარა სამყარო, რომ თავისი მხოლოდშობილი ძეც მისცა მას. ძემ ღმრთისა, როცა ადამიანები მისი მტრები იყვნენ, ინება, მომკვდარიყო მათთვის; მით უფრო გაათავისუფლებს მათ ჯოჯოხეთის სატანჯველისგან, როცა ისინი მის სასხლეულებლად იქცნენ და თავიანთი შეცოდებისთვის სინანული მოაქვთ. იგი ნეტარებით ტკბობას მიანიჭებს მათ, რომელიც თავად განუმზადებია მათთვის. უწყოდე, რომ ვერანაირი კაცობრივი შეცოდება ვერ სძლევს ღმერთის მოწყალებას, თუკი ადამიანები სინანულითა და კეთილი საქმეებით განიწმენდენ უწინ ჩადენილ ცოდვებს. ყოვლადსახიერმა ღმერთმა უწყის თქვენი, კაცთა მოდგმის უძლურება, ვნებათა სიძლიერე, ეშმაკის ძალა და მზაკვრობა. იგი ადამიანებს, ვითარცა თავის ძეებს, ცოდვაში შთავარდნას შეუნდობს, მრავალმოთმინედ მოელის მათ გამოსწორებას. როცა ისინი მოიქცევიან და უფალს ევედრებიან, მისი სახიერება მოწყალედ მოხედავს ხოლმე მათ უძლურებას, ტანჯვისგან ათავისუფლებს და მართალთათვის განმზადებულ სიკეთეთ მოჰმადლებს.
მაშინ ეპისკოპოსმა ანგელოზს ჰკითხა:
-გევედრები, განმიმარტე იმ სახეების მნიშვნელობა, რომლებსაც სხვადასხვაგვარად შემცოდე პირები იღებენ!
ანგელოზმა მიუგო:
-ისინი, ვისაც ნათელი და სიხარულით აღსავსე სახეები აქვთ, თავშეკავებით, უბიწოებითა და სიმართლით ცხოვრობენ, თავმდაბალნი, თანამლმობნი და მოწყალენი არიან. ისინი კი, რომელთაც ჩაშავებული სახეები აქვთ, სიძვა-მრუშობასა და სხვა უსჯულოებათ არიან მიცემულნი; ვისაც თვალები წითელი და ჩასისხლიანებული აქვს, ისინი გაბოროტებასა და უსამართლობაში ცხოვრობენ; მათ უყვართ მოტყუება, მზაკვრობა, - ესენი ღვთის მგმობნი და კაცის მკვლელნი არიან.
ბოლოს უფლის ანგელოზმა დასძინა:
-შეეწიე ყველა იმათ, ვისთვისაც ცხონება გსურს! იმიტომაც იქნა შესმენილი შენი ლოცვა, რომ ღვთაებრივი ჩვენებით განათლებულმა, შენს მოწაფეებს ცოდვები განუმარტო; რომ სწავლა-დარიგებებითა და შეგონებებით გამოასწორო, სინანულის მეშვეობით მიძღვანო ისინი მათთვის მომკვდარ და მკვდრეთით აღმდგარ უფალ იესო ქრისტეს. შენი ძალებით, გულმოდგინებითა და უფლის სიყვარულით იზრუნე ყოველი მათგანისთვის, რათა თავიანთ ცოდვათაგან ღმერთისკენ მოიქცნენ; განცხადებულად უთხარი მათ, თუ რომელ ცოდვებს არიან დაქვემდებარებულნი; დაარწმუნე, რომ სასოწარკვეთას ნუ მიეცემიან და ცხონების იმედს ნუ დაკარგავენ! როცა ღმერთს სინანულს შესწირავენ და მისკენ მოიქცევიან, თავიანთი სულებისთვის ხსნას მიიღებენ და მომავალ სიკეთეთა სიუხვეს ეწევიან, ხოლო შენ უფალს მიბაძე, რომელმაც ზეცა დატოვა და ადამიანთა ხსნისთვის ქვეყნად მოვიდა, და უდიდეს ჯილდოს მიიღებ ერთ-ერთი ქალაქის ეპისკოპოსს შეატყობინეს, რომ


გალობანი სინანულისანი
უგალობდითსა
1. რომლისაცა წინაშე ქედ–დადრეკილ არს ყოველი, მუხლი ყოველი მოდრკების და ენაი ყოველი შენსა ხმობს აღსარებასა, მეცა, სიტყუაო, აღმსარებელსა მომხედენ!
2. ხატსა თვისსა მამსგავსე და საკრველად გრძნობადისა და გონიერისა მყოფობისად დამაწესე შენებრ არსთა სიტყუებისა ჩემ შორისცა შეკრებითა, ხოლო მე უმადლო გექმენ.
3. ბუნებითი რაი ძალნი არა სჯულთაებრ ვიხუმიენ მსგავსებისაგან დავაკლდი და დავჰბადე ბოროტი, ხოლო ხილულთა–მიერსა გემოვნებასა ვრცელად განუხუენ გრძნობანი.
4. ქალწულო, ბრალეულთა თავსმდებო, რომელმან სიტყუაი განაზრქე ხორცითა და კარვითა მიწისაითა, სიზრქე უსასოებისაი განმძარცუე, რაითა მონანული შეგივრდე შენ!
განძლიერდითსა
1. ბუნებითსა რაი პორფირსა თვითმფლობელობასა თანა მეფობისაცა შარავანდნი მარწმუნენ, ხოლო მე ვნებათა ბილწთა მონად მოვჰყიდე თავი, რამეთუ „რომლისაგანცა ვინ ძლეულ არნ, მისდაცა დამონებულ არნ ცნობაი, სეითის ძეთა ლირწებაი, გმირთა სიღონით მავალობაი ხუთ ქალაქელთა შეგინებისა მწვრე“– უფროის ვამრავალწილე, ვითარცა რაი აღმართ–მსრბოლმან მდინარემან უკეთურებისამან.
2. მეგვიპტური გულმძიმობაი ქანანელთა ჩუეულებანი, მსხუერპლვაი ნაგებთაი, ზმნაი და სახრვაი, კოწოლი თმათაი, და სხუანი, რომელთაი შენ ჰბრძანე არა მსგავსებაი, უწარმდებესად მოვიგენ თვით მათ პირმშოთა სახეთასაცა.
3. ამისთვის იყო ქალწული და ხორც–ქმნაი სიტყვისაი, რაითა დედობრივთა ოხათა მიერ ცხოვნდენ ცოდვილნი, რომელთა პირველი, საშუალი და დასასრული, მე ვარ, ვითარცა უფსკრული, შესაკრებელი ბილწებისა ღუართაი!
მესმაასა
1. ისრაელისა მეფეთა ვჰბაძევდ, გარნა უსჯულოთა და რავდენ მეძლო, ვცსდებოდე მაღალთა ზედა კუმევისა, და წარმართთა აღრევისა მიერ, და ძალთა ცისათა თაყუანისცემისა.
2. ზენაისა მოძრაობისა ასურასტანული ზმნობაი, და ცთომილთა ვარსკულავთა და უცთომელთა კრებაი და განყრაი, სუე და ბედი და შობის დღე, ვითარ საღმრთოთა უსმენელმან, ვიჩქურენ.
3. ელლინთა მიერ ვერ ცნობაი სიბრძნითა ღმრთისაითა ღმრთისაი და შემოქმედისაგან შექმნილთა მიმართ ცვალებაი თაყუანისცემისაი სრულ–ვყავ, რაჟამს თითოეულისა ვნებისა კერპსა ვჰმსახურე.
4. ამისთვის ღმერთ–მამაკაცებრ მოქმედ იქმნა ზეშთა ღმერთთაი, რაითა კაცებრ უწყოდნის ვნებაი ჩუენნი და ღმრთეებრ იხსნიდეს ბრალთაგან, რომელთა ღმრთისმშობელად ქადაგონ ქალწული დედაი!
ღამითგანსა
1. შჯულნი დავთრგუნენ წიგნისანი, და ახალი ბუნებითურთ, და შჯულისა შენისა მოწამე, შჯული გონებისაი, ცოდვისა და ხორცთა შჯულსა დავამონე.
2. თითოეულთა მხეცთაგან შეზავებულსა მხეცსა ვემსგავსე, მრავალ–გუარსა და მრავალ–ხატსა და სხუა ჟამ სხუებრ ხილულსა და მკსენარსა ბუნებისაებრ თითოეულისა.
3. არა შევძრწუნდი მანგილისაგან მფრინვალისა, რომელი შურსა სიკუდილისასა მიჰხდის, რომელნი ჩემებრ მიდემად ცრუდ ფუცვიდენ განსაკრთომელსა სახელსა შენსა.
4. ამისთვის სისხლთა ქალწულებრივთაგან ხორცნი ღმრთისანი და ახალი შეზავებაი, ღმერთი და კაცი, რაითა იოხდეს დედაი ჩემებრ განწირვით უსასო–ქმნილთა!
ღაღადყავსა
1. სოლომონისაისა წურბლისა მსგავსად ვერ მაძღარი სხუათა სოფლის კიდეთა ვეძიებ დაპყრობად და ღმრთისა საზღვართა ვაბრალობ, ვითარცა მცირეთა და უნდოთა ჩემისამდე უძღებებისა და გულისთქუმისა.
2. ბოროტად გარდავჰხედ საზღვართა და შევჰრთე სახლი სახლსა, და აგარაკი აგარაკსა, და უუძლურესთა მივჰხუეჭე ნაწილი მათი, და ვიღუწიდ უმეზობლობასა, ვითარმცა მარტოი ვმკვიდრობდი ქუეყანსსა ზედა.
3. მბრძოლ ვექმენ ყოველთა წესთა სჯულისა შენისათა და ქორწილთა მიერ ხენეშთა ვჰმძლავრე საწოლსა ჩემსა, და სახეთა მიერ ბოროტთა მიცემითა ვაცოდვე ერი ჩემი, ვითარცა მეფეთა მისთა – ისრაელი.
4. ამისთვის ქალწული დედაი და შობაი ახალი სიტყვისაი, რაითა ახალი ხატყოფაი მეორედ მისცეს ცოდვით განმრყუნელთა მისთა, დედობრივთა რაი ოხათა ბრძმედითა დაადნოს ყოველი ნივთი შეცოდებისაი!
კურთხეულ არსა
1. ვეცხლი, ვითარცა მიწაი და ოქროი, ვითარ თივაი უბნისაი ვიუნჯენ, თაყუანის–ვეც ანგარებისა მამონას ვითარ იგი ძუელთა მათ – ბაალს და ასტარტეს და ქამოსს საძაგელსა.
2. სიტყუაი წმიდაი და ბჭეთა ზედა მამხილებელი მოვიძულენ, ხოლო მლიქნელთა ძმაცული სივერაგე ვითნე, და შემასმენელთანი დავიტკბენ მზრახვანი და ცრუნი განვსცენ მსჯავრნი.
3. ცრემლნი ქურივთანი და ობოლთა ბრგუნვილი ტირილი არ შევიწყალე, არა განუხუენ ნაწლევნი მოქენეთა, უფროისღა, შენ, ქრისტეს, რომელი იზრდები მცირედითა ზრდითა მათითა.
4. ამისთვის შობაი ღმრთისაი ადამიანისაგან დედაკაცისა, რაითა მიწით შობილნი კაცთა ცთომასა, ვითარცა ღმრთისა დედაი დაჰხსნიდეს ქალწული და იოხდეს ცოდვილთა!
აკურთხევდითსა
1. ესენი ვცოდენ, სახარებისა სჯულთა და მცნებათა შენთა შინა მცმელთა რაი ყურმილისა მიპყრობასა და გლახაკთათვის განშიშულებასა, და რაითურთით არა ფიცსა შენ, სჯულის–მდებელი ჩემი, ჰბრძანდები და გულისთქუმით მიმხედველობასა განსრულებულად მრუშებად დასდები.
2. დაღათუ ესრეთ განვხრწენ ყოველნი გრძნობანი და ყოვლად ხრწნილება ვიქმენ, გარნა არავე აღვიხუენ ხელნი, არცა დავდე სასოებაი ჩემი ღმრთისა მიმართ უცხოისა, არცა უცხო–თესლი რაიმე სარწმუნოებაი საწურთელ ვყავ სულისა, გარეშე მისსა, რომელი მასწავეს ღმრთისმეტყუელთა შენთა!
3. და აწ, მომდრეკელი მუხლთა გულისათაი ვხმობ ვითარცა სხუაი მანასე, მილხინე, მეუფეო, მილხინე და ნუ წარმწყმედ ცოდვათა შინა, და ნუ იხსენებ ძვირთა ჩემთა, და ნუ დამსჯი მე ქუესკნელთა თანა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მონანულთაი, ამაღლებული ზესკნელს ცათა ძალთაგან!
4. საკუთრად ღმრთისმშობელად გქადაგებ, უხრწნელო ქალწულო, და გურწამს ვითარმედ პატივი ხატისა შენისაი შენდამო წიაღმოვალს, ღმრთისმეტყველთაებრ და ცოდვილთა მოქცევასა ანიშნებ მის მიერ, ვითარცა ცხად–ჰყოფს თეატროი იგი მრჩობელთა სოფელთაი, სიკეთე ეგვიპტისაი, ღირსი მარიამ!
ადიდებდითსა
1. ჟამი რაი წულილთა და ხმელთა აღმოფშვინვათაი წარმოდგეს, ზარი მეფობისა წარხდეს და დიდებაი დაშრტეს, შუებანი უქმ იქმნნენ, ყუავილოვნებაი დაჭნეს, სხუამან მიიღოს სკიპტრაი, სხუასა შეუდგენ სპანი, მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო!
2. გან–რაი–ეღოს წიგნი დღესა შინა სასჯელისასა და მე ქედ–დადრეკილი წარმოგიდგე განკითხვად, მსაჯული მართლ სჯიდე, მსახურთა რისხვაი ქროდის, მართალნი ნეტარებდენ, ცოდვილთა ჰგუემდეს ცეცხლი, მაშინ შემიწყალე, იესუ ჩემო!
3. ვინაითგან გრძნობად და შეკრებად იწყო ძუალი ძუალსა თანა და ნაწევარი ნაწევარსა, და განხმელთა მოჰბერა სული კუალად – შობისაი, მრწამს, ვითარმედ აღვსებაი სრულ–ყოს ღმერთმან ჩემ შორის ყოვლისავე სინანულით აღდგომისაი!
4. მარტივო, სრულო, სამ–მზეო, ერთ ცისკროვნებაო, განმინათლე მხედველობითი სულისაი, რაითა გიხილო ნათელი ნათლითა უფლისაითა, სულითა ღმრთისაითა ძე გამოგვიბრწყინვო მაშინ დაუსრულებელთა საუკუნეთა!
5. არაი უხილავს მზესა ქალწული დედაი თვინიერ შენსა, არცა ჩემოდენ ბრალეულსა – ნათელი მისი, გარნა მე შენითა ოხითა, დედოფალო, ვესავ ხილვად ნათელსა ძისა შენისასა და ნათელსა ზეშთა საუკნეთასა! გალობანი სინანულისანი < />უგალობდითსა < />1.


საშობაო ეპისტოლე - 2023

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო

„ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან…

და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ. 1, 13)

დგება ჟამი გამოუთქმელი სიდიადისა!
იშვება ქრისტე, ირღვევა სიბნელის საკვრელნი, „ჩრდილნი უკუმსვლელობენ და ჭეშმარიტება შემოდის სინათლის დასამკვიდრებლად“.
როგორ შეხვდებით მას? გვექნება მონდომება და მზაობა იმისა, რომ ჩვენც ქრისტესთან ერთად თანავიშვათ, რათა თანაჯვარსვეცვათ, თანადავიფლათ, თანაავღდგეთ და მასთან ერთად ვიყოთ მარადიულად?
ეს ურთულესი კითხვაა და მასზე სწორი პასუხის გაცემა ჩვენი ცხოვრების აზრის გაცნობიერების გარეშე შეუძლებელია.
ფაქტია, ჩვენი მუდმივი ადგილი ამქვეყნად არ არის. ჩვენ ამ ყოფისთვის არა ვართ გაჩენილნი; უხრწნელად შევიქმენით და ამ მდგომარეობასვე უნდა დავუბრუნდეთ. ეს აუცილებლად მოხდება ჩვენი ამ ქვეყნიდან გასვლით, ოღონდ ჩვენი თავისუფალი ნებისა და ღვთის ნების თანხვედრაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება შემდგომი ჩვენი ხვედრი.
ჩვენი ნება ხორციელდება ჩვენი სულით, გულით, გონებითა და სიტყვით, ამიტომაც მათზე ზრუნვა განსაკუთრებულად გვმართებს.
ჩვენი სულის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინებაა სინდისი.
სინდისი ღვთის ხმაა. მას ვერ დაიმორჩილებ, შენი სურვილისამებრ ვერ განაწყობ, ბოლომდე ვერც აღმოფხვრი; პირიქით, თავის მყოფობას მაშინაც გვაგრძნობინებს, როდესაც ვცდილობთ, გავექცეთ, თუმცა ისეც ხდება, რომ მუდმივი უგულებელყოფით, მისი ხმა სუსტდება და აღარ გვესმის. არსებობს მდგომარეობაც, რასაც „დამწვარი სინდისი“ ჰქვია და ადამიანის უმძიმეს სულიერ ცხოვრებაზე მეტყველებს.
ქრისტიანული რწმენა და მცნებები ჩვენში სინდისის ხმის სიძლიერისა და მართებულობის ყველაზე უტყუარი განმსაზღვრელია და ჩვენი სულის სწორად განვითარების შესაძლებლობაა, რადგან სინდისი ჩვენს ნებას ღვთის ნებასთან აკავშირებს.
„ვერავინ ვერ დადებს სხვა საძირკველს, გარდა უკვე დადებულისა, რომელიც არის იესო ქრისტე. ხოლო თუ ვინ რას აშენებს ამ საძირკველზე - ოქროს, ვერცხლს, ძვირფას ქვებს, შეშას, თივას, ჩალას, - თითოეულის საქმე გამომჟღავნდება... ცეცხლით გამჟღავნდება და ცეცხლითვე გამოიცდება, ვინ რას აკეთებს (1 კორ. 3, 11-13).
გული ცენტრია ჩვენი სიცოცხლისა, ჩვენი ცხოვრებისა; ღვთის შიში, გრძნობათა მთელი სამყარო და უფლთან ერთობის სურვილი მასში მყოფობს.
გონება კი გვეხმარება შევიცნოთ გარესამყარო და დავძლიოთ ჩვენი დაცემული ბუნება.
ცოდვისგან ადამიანის გული, გონება და სული თავისუფლდება ლოცვით, მარხვით, მღვიძარებითა და განსაცდელებით; ამიტომაც არ უნდა შეგვეშინდეს პრობლემების. სიბრძნეც გვასწავლის: „კეთილდღეობა შეიძლება უბედურებაზე საშიში იყოს და უბედურება - კეთილდღეობაზე მეტად მაცხოვნებელი“.
თუ სწორად ვცხოვრობთ, ღმერთი აუცილებლად დაგვეხმარება, მისი შეწევნა კი შეიძლება მოვიდეს იქ და მაშინ, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდით.
*****
ადამიანი განსაკუთრებული არსებაა, რომელიც შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად; საიდუმლოებით მოიცავს როგორც მაკრო, ისე მიკრო სამყაროს და შესაქმის გვირგვინად და მეფედ არის დადგენილი.
მიუხედავად იმისა, რომ ცოდვით დაცემის შემდეგ ადამმა და მისმა შთამომავლობამ, საღვთო ღირსებებთან ერთად, უკეთურ ძალთა თვისებებიც შეიძინა და ბოროტის გავლენის ქვეშ მოექცა, შემოქმედმა მაინც არ მიგვატოვა;
კაცთა განსწავლა ათასწლეულთა მანძილზე ხდებოდა წინასწარმეტყველთა და მსაჯულთა მიერ, სიტყვითა და რჯულით, ასევე, ომებით, გამარჯვებებითა და დამარცხებებით... ბოლოს კი იუდას შტოში, იესეს მოდგმაში, დავითის სახლში, დაიბადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, - საღვთო აღმშენებლობის მთელი ისტორიის თავის თავში მომცველი.
უფლის მოწყალებით მან მოიღო მადლი, - ეშვა შემოქმედი, რათა ადამიანის ბუნება განღმრთობილიყო და ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელი სასწაული აღსრულებულიყო.
მოციქული ბრძანებს: „ამიერიდან აღარა ხართ მონა, არამედ შვილი, ხოლო თუკი ძე ხარ, მაშინ ქრისტეს მიერ ღმერთის მემკვიდრეც“ (გალ. 4, 7).
ასეთი განსაცვიფრებელი სიდიადის თანაზიარია ადამიანი;
ასეთი დიადია თითოეული თქვენგანი!
და თუ თქვენ ცხოვრობთ ქრისტიანულად სადიდებლად ღვთისა და მსახურებად მოყვასისა, არა აქვს მნიშვნელობა, მეცნიერი ხარ, პოლიტიკოსი, ექიმი, მშენებელი, გლეხი, სპორტსმენი, პედაგოგი, მძღოლი, ჯარისკაცი თუ სხვა, შენი საქმიანობა ღვთისმსახურებად შეგერაცხება და ეს იქნება შენი ოქრო, გუნდრუკი და მური უფლისთვის მირთმეული და გაიხარებ ორსავ სოფელსა შინა.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამართლიანობისა და ერთიანობისთვის ჩვენს ზრუნვას, რადგან გეოპოლიტიკურად რთული ადგილი გვიკავია და მრავალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრე აღასრულეთ რჯული იგი ქრისტესი“ (გალ. 6, 2), - მოგვიწოდებს წმინდა წერილი.
*****
მოდის მაცხოვარი, რათა გაგვათავისუფლოს ურწმუნოებისგან და ჩვენს უმნიშვნელოვანეს კითხვებს გასცეს პასუხი, უბოძოს კაცობრიობას ცათა სასუფევლის ცოდნა და სამართალი, ყველაფერს დაუბრუნოს მარადიულობა და იხსნას იგი სიკვდილისა და ხრწნილებისაგან, „რადგან კეთილ ინება მამამ, რომ მასში (ქრისტეში) დამკვიდრებულიყო მთელი სავსება და მისი საშუალებით შემოერიგებინა ყოველი“ (კოლ. 1, 19-20).
ყველას და, პირველ რიგში, უკრაინის ომის მძიმე შედეგებით დათრგუნულ და დაზარალებულ ბავშვებს, საერთოდ ნებისმიერ მოზარდს, მინდა მივულოცო ქრისტეშობის დიდებული ზეიმი; მივულოცო იგი ყველა ტვირთმძიმესა და მაშვრალს, რადგან ეს დღესასწაული აღმატებულია ნებისმიერ განსაცდელზე, ჰმეტობს თითოეული ჩვენგანის ტკივილს და იმედით გვავსებს.
ჩემო სულიერო შვილებო, საქართველოს მკვიდრნო და უცხოეთში მყოფნო თანამემამულენო, სულიერად წარვემართოთ ბეთლემისაკენ, რათა მწყემსებთან ერთად ვადიდოთ ყრმა იესო, მოგვებთან ერთად შევწიროთ ძღვენი,- ოქრო, გუნდრუკი და მური და ანგელოზებთან ერთად ვუგალობოთ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.“
ღმერთმა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დალოცოს საქართველო!
ინებოს უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, ჩვენზეც აღსრულდეს წმინდა დავით მეფის სიტყვები:
„ნეტარ არს ხალხი, ვისთვისაც ღმერთი არის უფალი, ხალხი, - მისდა სამკვიდროდ გამორჩეული“ (ფსალ. 32, 12).

თქვენთვის მლოცველი,
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
შობა ქრისტესი, 2023 წელი ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო

image
image თემა: შობა
ავტორი: ილია II

ტკბობისაკენ მიდრეკილება

სიამოვნება, რომელიც ხუთი საგრძნობელის მეშვეობით შემოდის ადამიანის გულში, მას სასიამოვნოდ და ამავდროულად, მტანჯველად იტაცებს. მაგრამ საუკეთესო ორატორსაც კი არასოდეს შეუძლია, სრულად აღწეროს მთელი ის ბოროტება და ზიანი, რაც სიამოვნებებს მოაქვს სულისათვის. თუ ეშმაკი საწამლავს შემოგვთავაზებს, არ დავლევთ მას, თუნდაც იგი სასიამოვნო თაფლში იყოს შეზავებული (როდესაც სიამოვნებებზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ ხორციელი ვნებების დაკმაყოფილებას – სიძვა, მრუშობა და სხვა მსგავსი ვნებები).
თითოეულმა ჩვენთაგანმა იცის, რომ სიამოვნებათა არაწმიდება და ურცხვობა გონებას აბრმავებს და ჩვენს გულს ყოველდღიური საერო საქმეებისაკენ მიიზიდავს. ამის შემდეგ ჭეშმარიტებად მოგვეჩვენება ერთი სათნო ადამიანის სიტყვები, რომ ჩვილების გარდა, ძნელად თუ ვინმე მიაღწევს სასუფეველს და ცხონდება. სიამოვნებები ხანგრძლივი ძილით, გემრიელი საკვებით, ლამაზი სამოსით, რბილი საწოლითა და საერთოდ, იმ ყველაფრით იკვებება, რაც ჩვენს სხეულს სიამეს ანიჭებს.
სიამოვნების მოყვარულები მიისწრაფიან ქეიფის, გართობის, ურცხვი სიმღერების, უაზრო კომპანიების, კომედიების, დღესასწაულებისაკენ და სიამოვნების არცერთ შემთხვევას არ გამოტოვებენ; მათი ცხოვრება აღსავსეა სიამოვნებებით, სიძვით, გართობითა და ყოველგვარი ცოდვებით. და თუ ვინმე დაძრახავს ასეთი ყოფის გამო, ისინი მას გამოუსვლელ სოფლელს უწოდებენ, რომელსაც სურს, ქალაქი უდაბნოდ აქციოს, ერის ადამიანები კი – განდეგილებად. ისინი ასე თავის გასამართლებლად ამბობენ. მათ მხოლოდ ერთი მიაჩნიათ სიკეთედ: გართობაში დროის გატარება, საწოლიდან მაგიდასთან გადაინაცვლებენ, მაგიდიდან გასართობებთან და ასე გადის მთელი მათი ცხოვრება. შეუსვენებლივ გადადიან ერთი ცოდვიდან მეორეზე, ჯოჯოხეთი კი აღებს თავის ხახას, რათა გადასანსლოს ყველა მათგანი, რომლებიც თავს ჩაიგდებენ მასში. თვითონ უფალმა ამოს წინასწარმეტყველის პირით ბრძანა იმის შესახებ, რა შორს არიან ბედნიერებისაგან არისტოკრატები და თავადები, რომლებსაც სძინავთ რბილ საწოლებში, ჭამენ შესანიშნავ საკვებს და ყველა შესაძლო საშუალებით ერთობიან. ვაი თქვენ, მდიდრებს, რომელთაც განშვება გაქვთ ამ ცხოვრებაში! ვაი თქვენ, რომლებიც მიცემულნი ხართ ყოველგვარ ხორციელ სიამოვნებას! ვაი თქვენ, ვინც ახლა იცინით! ვაი თქვენ, ვისაც ადამიანები შეგაქებენ და პატივს მოგაგებენ!
ვინმე იტყვის, რომ გასართობი და განცხრომა ბოროტების საწყისი არაა, ვიდრე იგი ცოდვაში არ გადაზრდილა. მაგრამ იესო ქრისტე ამბობს, რომ ცხოვრების ასეთი წესი საკუთარი თავის ტანჯვისთვის მომზადებაა. ვაი მათ, რომლებიც წამიერი სიამოვნებისათვის მარადისობაში დაუსრულებლად დაიტანჯებიან! უფალმა გაგვაფრთხილა, რომ ტკბობის გზა ძალიან სახიფათოა. იფიქრე იმ სიცარიელეზე, რომელსაც განცხრომა შენს სულში ტოვებს.
ტკბობა და სიამოვნება ყველაზე ძლიერსაც კი ასუსტებს. სწორედ ამის გამო ზოგიერთი ქრისტიანი იმდენად უძლური ხდება, რომ ტკბობისა და განსაცდელის დანახვისთანავე მზადაა, უბრძოლველად დანებდეს. ქრისტიანის მოწოდება მეომრის მოწოდებაა. რა მაცდურიც არ უნდა იყოს ტკბობა, მან არ უნდა დაჯაბნოს ქრისტიანი მეომარი. მაგრამ სუსტი მეომრებიც არსებობენ. მართალია, ისინი აღიარებენ თავიანთ უძლურებას, რომელიც ხორციელი ცოდვების გამო შეემთხვათ, მაგრამ შემდეგ კვლავ ვარდებიან მასში.
მკითხავ: განა ცოდვაა მშვიდი ძილი, კარგად ჭამა და სმა, დღესასწაულებსა და გასართობებზე სიარული? ამ კითხვით მხოლოდ საკუთარი თავის გამართლება გსურს, რადგან, ეს ყველაფერი შესაძლოა, ცოდვა არ არის, მაგრამ ამით საკუთარ თავს მისთვის ამზადებ. ეს ყველაფერი გზას გიღობავს იმისაკენ, რომ ოდესმე შეიტკბო ღვთისაგან გამომავალი სულიერი მადლი. და შენ ამისაგან ისე დაზარალდები, როგორც ოდესღაც დაზარალდა სოლომონი, რომელიც ტკბობას ფრთხილად არ ეკიდებოდა და ამის გამო კერპთაყვანისმცემლობაში ჩავარდა, ანდა, როგორც დაზარალდნენ სოდომის მცხოვრებნი, რომლებიც თავიანთი ღორმუცელობით, მემთვრალეობითა და გასართობების სიყვარულით საშინელ და ამაზრზენ მდგომარეობაში – მრუშობასა და არაბუნებრივ ცოდვებში ჩავცვივდნენ. ტერტულიანე ძალიან ხშირად ამბობდა, რომ ქრისტიანები უნდა უარყოფდნენ ტკბობას იმიტომ, რომ იგი აუძლურებს ადამიანს და ამის გამო სათნოება უძლური და უმწეო ხდება.
უხალისობა და უძლურება, რომელიც სულში ტკბობისაგან ჩნდება, საძაგელია ქრისტიანის დანიშნულებისათვის. ჩვენი მიზანი ისაა, რომ სათნო ვეყოთ იესო ქრისტეს, რომელიც წინასწარგანჩინებულთა თავია, როგორც მოციქული პავლე გვასწავლის: "რომელნი იგი წინაისწარ იცნნა, წინაისწარცა განაჩინნა თანა-მსგავსად ხატისა მის ძისა თვისისა" (რომ. 8, 29). იმისათვის, რომ თავის დიდებაში ასულიყო, ქრისტემ ცხოვრება სიღატაკეში, მწუხარებასა და ლანძღვაში გაატარა, გემოთმოყვარეებს კი ეშინიათ ასეთი ცხოვრებისა და სწორედ ამის გამო არ სურთ სინანული. ნუთუ მათ რაიმე სხვა სახარება იპოვეს, ანდა მათთან სხვა ქრისტე მივიდა, რომელიც შეპირდა ამ უგუნურებს ბრწყინვალე ტანსაცმელს, ტკბილ საკვებს, განსვენებას, გართობასა და ადამიანურ პატივს? მათ დაავიწყდათ, რომ "ვიწროა კარიბჭე და მძიმეა გზა, რომელსაც სასუფეველში შევყავართ".
ერთი მნიშვნელოვანი ამბავიც მოისმინე. ერთხელ კეთილშობილმა და მდიდარმა დიდებულმა, რომელსაც ტკბობა უყვარდა, ერთი ადამიანის ღვთივსათნო ცხოვრების შესახებ შეიტყო და მასთან რჩევის საკითხავად წავიდა. და აი, ამ სულიერმა მამამ მას უთხრა: "ქრისტე ღარიბი იყო, შენ კი მდიდარი ხარ; ქრისტე მარხულობდა, შენ კი ნაყროვანებაში ხარ; ქრისტეს არ ჰქონდა საკმარისი სამოსი, შენ კი ზედმეტიც გაქვს; ქრისტე ითმენდა მწუხარებასა და ვნებებს, შენ კი ტკბილ საჭმელს მიირთმევ, მშვიდად ხარ და რბილ საწოლში გძინავს". ამის მოსმენაზე დიდებული აღელდა, შეინანა და იმ დროიდან ცრემლით ევედრებოდა უფალს, შეენდო ის ცხოვრება, რომელსაც ადრე ატარებდა. შენც ისწავლე აქედან, რომ უმჯობესია, ამ ცხოვრებაში დაითმინო მწუხარებანი, ვიდრე მარადიულად იტანჯო იმქვეყნად. ამაზე საუბრობს წმიდა ათანასე დიდიც: "ამ ცხოვრებაში განშვების მქონეს ნუ ექნება მარადიული განსვენების იმედი, რამეთუ ზეციური სასუფეველი ეკუთვნის არა მათ, რომელნიც აქ განშვებულნი არიან, არამედ მათ, ვინც მწუხარებასა და გასაჭირში ატარებენ ცხოვრებას" (სიტყვა ბავშვობის შესახებ). დაითმინე ამ ცხოვრებაში, რათა არ მოისმინო ქრისტესაგან საშინელი სიტყვები: "შვილო, მოიხსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხოვრებასა შენსა" (ლუკა 16, 25). დაბოლოს, გახსოვდეს, რომ ზეციურ სასუფეველს ისინი კი არ მოიხვეჭენ, ვინც შვებასა და სიამოვნებაშია, არამედ ისინი, ვინც თავს აიძულებენ, როგორც უფალმა ბრძანა: "სასუფეველი ცათაი იიძულების, და რომელნი აიძულებდნენ, მათ მიიტაცონ იგი" (მათე 11, 12).
ასე რომ, მეტად ნუ იტყვი, რომ ტკბობა ცოდვა არ არის, შეინანე ღვთის წინაშე, რათა ჭეშმარიტად ბედნიერი იყო. სიამოვნება, რომელიც ხუთი საგრძნობელის


საშობაო ეპისტოლე - 1979

ღვთივრჩეულთა ყოვლადსამღვდელოთა მღვდელმთავართა, ღირსთა ბერ-მონაზონთა და ყოველთა კურთხეულთა შვილთა საქართველოს ავტოკეფალური წმიდა მართლმადიდებელი და სამოციქულო ეკლესიისათა, მკვიდრთა საქართველოჲსა და მცხოვრებთა ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ

„პირველითგან იყო სიტყუაჲ... მის თანა ცხორებაჲ იყო,

და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა, და ნათელი იგი ბნელსა

შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია“ (იოვანე 1; 1,4,5)

ქრისტეს მიერ საყვარელნო და ძვირფასნო ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, ანგელოზებრივი სახით შემოსილნო ღირსნო ბერ-მონოზონნო, ძმანო და დანო - ძენო და ასულნო წმიდისა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისანო, მკვიდრნო საქართველოისა და მცხოვრებნო ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ!

სასიხარულო და საცხოვნებელ დღეს, როდესაც ჩვენ ვახსენებთ ქვეყნად მოსვლას ღვთისა მამისაგან უწინარეს საუკუნეთა შობილ მაცხოვარს, რომელსაც მოციქული იოანე ღვთისმეტყველი უწოდებს სიტყვას, გულითადად მოგილოცავთ ამ მშვიდობისა და სიყვარულის ზეიმს, ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და ვხმობ გიხაროდეთ, რადგან ჩვენთან არს ღმერთი!

ჩვენ ვადიდებთ იესო ქრისტეს შობას, მხოლოდშობილს, წმიდას, თანაარსს მამისა და სულისა წმიდისა და ამასთან ერთად მტვირთველს ადამიანის ბუნებისა, მწყალობელს მეზვერეთა და ცოდვილთა, აღმღებელსა თავის თავზე კაცობრიობის უბედურებათა, ცრემლთა, ტკივილთა და განსაცდელთა, რამეთუ ყოველივე ეს მან იტვირთა ჩვენთვის, რათა ჩვენი გამოხსნის დიდი საიდუმლო აღესრულებინა. იესო ქრისტე - ღმერთი ღმერთთაგანია, ნათელი - ნათლისაგან, რომელიც დღეს, ხვალ და მარად ღვთაებრივი დაუსრულებელი ცხოვრების პროცესში იშვება წიაღთა ღვთისა მამისაგან.

„ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა“.

იგი არა ჰგავს ყოველივე იმას, რაც ჩვენთვის ჩვეულებრივია, ის თითქმის მარტოა და უცხოა ჩვენთვის, მაგრამ ამავე დროს უსაზღვროდ მახლობელი და ძვირფასია. საწყლებთან მას სურს იყოს ღარიბი, მდიდართ იგი მოუწოდებს მოწყალებისაკენ, დევნილებთან იგი დევნილია, განსაცდელში მყოფთან განსაცდელის მტვირთველია, მომაკვდავთან - იგი ჯვარცმულია. მან იტვირთა თავის მხრებზე ადამიანი მთელი მისი სისუსტით, რადგან მხოლოდ ის ერთია შეუძლებლის შემძლებელი, და სწორედ ამაშია მისი დიდი მისია როგორც მხსნელისა. მაცხოვარს უყვარს ღარიბნი არა მათი სიღარიბისა გამო, არამედ იმიტომ, რომ ისინი მდიდარზე მეტად ცდილობენ გაიგონ და შეიგრძნონ სულიერი საუნჯენი. სიმდიდრე კი, პირიქით, ატყვევებს ადამიანის გულს იმდენად, რომ მას უკვე ავიწყდება ყოველივე და იკეტება საკუთარ ეგოიზმში, იგი უკვე აღარ ისწრაფვის სულიერობისაკენ, არამედ იფარგლება და ისაზღვრება მხოლოდ უხეში მატერიით. ასეთებზე მაცხოვარი ბრძანებს, „შვილებო, რარიგ ძნელია სიმდიდრეზე დაყრდნობილთათვის ღვთის სასუფეველში შესვლა! უადვილესია ნემსის ყუნწში აქლემის გასვლა, ვიდრე მდიდრის შესვლა ღვთის სასუფეველში“ (მარკოზი X, 24-25). დროა ადამიანმა სულიერი თვალი აახილოს და განსაზღვროს რომელია მთავარი და რომელი მეორეხარისხოვანი, დროა ადამიანმა გადასინჯოს სულიერი და მატერიალური ფასეულობანი.

როდესაც მორწმუნე ადამიანი რეალურად შეხედავს ცხოვრებას, თავის გარემომცველ სამყაროს, მიდის დასკვნამდე, რომ მიწიერი ჩვენი ცხოვრება - ეს არის მხოლოდ ნაწილი რაღაც დიდისა, განუსაზღვრელისა, ეს არის მხოლოდ მომზადება მარადიული და უკვდავი ცხოვრებისათვის. მაგალითად, თუ პირველი ქრისტიანებისათვის სასწაულნი და გამოცხადებანი ჩვეულებრივი საღმრთო მოვლენა იყო, თანამედროვე ადამიანში ის ხშირად იწვევს უნდობლობას, ან უკეთეს შემთხვევაში - გულისტკივილს, რადგან მას არ შესწევს უნარი მისი ახსნისა და შემეცნებისა.

ქრისტეს შობის დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ შევიცნობთ, რომ იესო ქრისტე ისტორიაში არის განსაკუთრებული რეალობა, დროების შემობრუნების ნიშანსვეტი, ახალი ადამიანის საწყისი. შეხედულებანი მის პიროვნებაზე განსხვავდებოდნენ და ამჟამადაც განუწყვეტლივ სცილდებიან ერთმანეთს. მისთვის და მისდამი რწმენის გამო იღვრებოდა სისხლი და ცრემლი, იმიტომ, რომ „ეს არის მოწმობა, რამეთუ საუკუნო სიცოცხლე მოგვცა ჩვენ ღმერთმა, და ეს სიცოცხლე მის ძეშია“ (I იოვანე V,II). ამ რწმენით, ამ სულიერი სათნოებით ცხოვრობდა და ცხოვრობს ჩვენი კეთილმორწმუნე ერი.

ახალშობილმა ყრმამ დაჩრდილა საქართველოში მანამდე არსებული წარმართული რელიგიები და სულიერად გარდაქმნა ადამიანი, ამჟამად საქართველოს მიწა წმინდაა, მის წიაღში განისვენებს მაცხოვრის კვართი, ივერია არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი, აქ ქადაგებდნენ მოციქულნი - ანდრია პირველწოდებული და სიმონ კანანელი, აქ შეასრულა თავისი სამოციქულო მისია მოციქულთა სწორმა და ქართველთა განმანათლებელმა წმინდა ნინომ, აქ ბევრი წამებული გვირგვინოსან იქმნა, ივერია ბრწყინავს მღვდელთმთავართა და ღირსთა მამათა ღვაწლით, ამ მიწაზე გვესმის ჩვენ საიდუმლო სიტყვები, რომლებიც ოდესღაც მოისმინა ღვთისმხილველმა და დიდმა წინასწარმეტყველმა მოსემ: „გაიხადე ფეხსაცმელი ფერხთაგან შენთა, რადგანაც მიწა, რომელზედაც დგახარ, ადგილი წმიდა არს“ (გამ. III,5).

დღეს ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია საგალობელი, რომელიც ანგელოზებმა იგალობეს ბეთლემსა ზედა ქრისტეს შობის ღამეს: „დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობაი, და კაცთა შორის სათნოებაჲ“ (ლუკა 2,14). მშვიდობა, რომელიც გვაუწყეს ანგელოზებმა, წარმოადგენს კაცობრიობისათვის არსებით აუცილებლობას, როგორც წყარო, რომელიც აღვიძებს წყურვილს ხალხთა შორის მადლიანი მშვიდობისათვის, როგორც სიყვარულის მოვლენა, რომელიც საფუძველია მეგობრობის, მშვიდობიანი ურთიერთობისა და ხალხთა ცხოვრების აყვავებისა. ადამიანის უმაღლესი დანიშნულებაა მოუტანოს ხალხს სიხარული. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ გარეგანი მშვიდობა - სიწყნარე, სიმშვიდე, ცხოვრება სისხლის ღვრისა და ომების გარეშე, შინაგანი სულიერი სამყაროს შედეგს წარმოადგენს. მხოლოდ ამ შემთხვევაში დადგება ის კურთხეული დრო, რომლის შესახებაც გვაუწყა წინასწარმეტყველმა ისაიამ: „და დასჭრიდნენ მახვილებსა მათსა სახნისად, და ლახვრებსა მათსა მანგლად: და არა აღიღოს ნათესავმან ნათესავსა ზედა მახვილი, და არღა ისწავებდნენ მერმე ბრძოლასა“ (ისაია II,4).

განსაკუთრებული სიყვარულის გრძნობით მე მოგმართავთ თქვენ, ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო, რომელნიც ცხოვრობთ ჩვენი მამულის საზღვრებს გარეთ; თქვენ არ ხართ დავიწყებულნი, ჩვენ გვახსოვხართ და ყოველთვის ვლოცულობთ თქვენთვის. არ დაივიწყოთ თქვენი სამშობლო - მზიური საქართველო, მის კურთხეულ მიწაში განისვენებენ თქვენი დიდებულნი წინაპარნი, გახსოვდეთ და შეისწავლეთ მშობლიური ქართული ენა, წაიკითხეთ და შეითვისეთ ჩვენი მდიდარი საეკლესიო და კლასიკური ლიტერატურა, რომელიც სულიერად გაგვამდიდრებს და გაგვაერთიანებს.

ჩვენი საერთო მიზანია - ვიყოთ ერთად.

ქრისტეს მოყვარენო ძმანო და დანო, კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ქრისტეს შობის დიად დღესასწაულს და გისურვებთ, რომ ღვთის სიტყვა - მაცხოვარი იშვას თქვენს გულშიც, რომ ის თქვენთან იყოს განუშორებლად და მარად გესმოდეთ მისი სანატრელი ხმა: „არა დაგიტეო შენ, ნუ გეშინინ, რამეთუ შენ თანა ვარ, ნუ შესცდები, რამეთუ მე ვარ ღმერთი შენი, რომელმან განგაძლიერე შენ, შეგეწიე შენ, და მოგიკრძალე შენ მარჯვენითა მართლითა ჩემითა“ (ისაია - XI,I,10).

იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. ამინ.

ქრისტეს შობა 1978-79 წ.

ქ. თბილისი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ღვთივრჩეულთა ყოვლადსამღვდელოთა


საშობაო ეპისტოლე - 2020

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო. მოგმართავთ ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო და ყოველნო ერნო:

აჰა, დადგა ჟამი ღვთის განკაცების უდიდესი საიდუმლოსი. დღეს იშვა დამბადებელი, „რომლის მიერაც შეიქმნა ყოველი: მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი, თუ ხელმწიფებანი“, დღეს იშვა ის, „ვის მიმართ და ვის მიერაც ყოველივე დაიბადა“ (კოლას. 1,16).
ამიტომაც ახლა მორწმუნენი გონებით მივისწრაფვით ბეთლემისაკენ, რათა განვიცადოთ 2000 წელზე მეტი ხნის წინ დამდგარი უდიდებულესი ჟამი, როდესაც ამსოფლიური პატივისაგან მოკლებულ, აღთქმული მიწის ერთ ცივ და ბნელ გამოქვაბულში აღესრულა სასწაული, რომლის სადარი სამყაროში არაფერი მომხდარა და არც არასოდეს მოხდება.
მიუწვდომელი, გარეშემოუწერელი, მიუახლებელი ღმერთი განკაცდა, რათა კაცი განღმრთობილიყო; ჭეშმარიტი უფლის მადიდებელი ერის წიაღში, წმ. დავით მეფის მოდგმაში, იშვა ძე ღვთისა და თვალშეუდგამმა ნათელმა ჩვენთან მარადიულად ყოფნა ინება; უკვდავმა მოკვდაობა, უხრწნელმა ხრწნადობა მიიღო, რათა ჩვენ მოკვდავნი და ხრწნადნი სიკვდილის საკვრელთაგან დავეხსენით.
დღეს ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეშობის მახარებელნი ვართ, რადგან ჩვეთან არს ღმერთი! დღეიდან მისი მომძიებელნი ვეზიარებით და უხვად მივიღებთ აქამდე მიუწვდომელ მადლთა სისავსეს, - კეთილმსახურებათა ნიჭსა და უნარს და ხილულ და უხილავ სამყაროს შევღაღადებთ:
იხარებდით და აკურთხებდით შემოქმედს ცანი და ქვეყანა, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!
იხარებდით და აკურთხებდით უფალსა უფლებათასა ანგელოზნი და ყოველი სულდგმულნი, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!
იხარებდით და აკურთხებდით ახალ ადამს მეფენი და მამათმთავარნი, ერნი და ტომნი; აკურთხებდით უფლის ყოველ საქმეს, უგალობდით და განადიდებდით მას უკუნისამდე, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!

რომ არა შენი საკვირველი შობა, კაცობრიობას არ ეყოლებოდა მაგალითი უაღმატებულესი სიყვარულისა და მშვიდობისმყოფელისა, ჭეშმარიტი მეფისა, მოძღვრისა და მასწავლებლისა, სახე უზენაესი სიმდაბლისა და თავდადებისა, ერთგულებისა და მეგობრობისა; ხატი ზეციური მამა-ძეობისა.
ჩვენ, ამპარტავნებითა და განდიდების სურვილით შეპყრობილნი, საკუთარ თავს ვერასოდეს ვიპოვიდით, ეგოისტური „მეს“ მბრძანებლობას ვერ გავექცეოდით და არც დავთმობდით.
შენ გვასწავლე, იესო, რომ სიყვარულშია ხსნა, რომ სიმდაბლეშია - სიმაღლე, სიმარტივესა და უბრალოებაში - სიდიადე; მოყვასის მსახურებაში - სიხარული; გაცემაში - შეძენა და დათმენაში - გამარჯვება; რომ მტრის სიყვარულშია სიყვარულის სისრულე და სხვისთვის თავგანწირვაშია საკუთარი სულის პოვნა…
შენი განხორციელებისათვის, მხსნელო, დედამიწაც განემზადა და გიძღვნა ქალწულთა მშვენება, დედათა სიქადული, - წმინდა მარიამი.
გიხაროდენ, ურჩეულესო ჭურჭელო, ყოველთა ნათესავთა შორის სანატრელო (ლუკ. 1.48);
გიხაროდენ, დედაო ღვთისა, ევას ცრემლთა აღმხოცო; ცხოვრების ხეო, სიცოცხლის ნაყოფის მომცემო;
გიხაროდენ, ცოცხალო ტაძარო ღვთისაო, ჩვენს ლოცვათა უფლისადმი აღმწევნელო.

უფლის განგებამ ინება, რომ შენი მზრუნველობით ჩვენც ღვთის ერი გავმხდარიყავით საუკუნეთა მანძილზე მრავალფერ განსაცდელთაგან ვნებულმა მცირე სამწყსომ შენი მფარველობით გაუძლო ათას ქარტეხილთ და დარჩა ქრისტეს ერთგული. დღესაც შენ გსასოებს ჩვენი დამაშვრალი ერი, მრავალთაგან მრავალჯერ ნაღალატები და ჯვარცმული, მაგრამ მაინც გაუტეხელი და ღვთის მოიმედე.
ჩვენც, მონანი და მხევალნი შენნი, მოგმართავთ ცისა და ქვეყნის დედოფალს: კვლავაც შეეწიე უძლურებათა ჩვენთა, შეგვავედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა ყოველნი მკვიდრნი იბერიისანი, შეცდომილნი ძენი და ასულნი ჩვენნი, გზასა ჭეშმარიტებისასა შეუდგნენ; ბოროტმზრახველთა, მოშურნეთა და მაჭირვებელთა გულნი ლმობიერ-ჰყავ და დაამშვიდე; დამნაშავეთ სინანული მიეც; საპყრობილეთა შინა მყოფთ, - თავისუფლების სიხარული; უსამართლოთ, - სამართალი; მშიერთ, - პური; შიშველთ, - სამოსელი; უპოვართ, - სარჩო-საბადებელი; კეთილად მუშაკთ, - ღირსი სასყიდელი…
ურვათა მრავალთა დამტევნელო, ყოვლადუბიწოო ღვთისმშობელო, ნუგეში-ეც მტირალთ, ყოველივე სასიკეთოდ წარუმართე მადლიერებით ჭირთა დამთმენელთ, ჭაბუკთა და ყრმათა სიმხნე მიჰმადლე და სულიერად განსწავლე, სნეულნი განკურნე, მხცოვანნი შთამომავალთა კეთილდღეობით გაახარე, უცხოეთში მყოფნი თანამემამულენი სამშობლოში მშვიდობით დააბრუნე, იქ დარჩენილნი კი უფლის სადიდებლად და სამშობლოს საკეთილდღეოდ აღვაწე.
განგვიმტკიცე სიყვარული, სასოება და შიში უფლისა, ერთგული მსახურება ეკლესიისა, მამულისა და მოყვასისა. მოგვმადლე გული წმინდა და სული წრფელი, გონება ნათელი და შემეცნების სიღრმე, სხეული ჯანსაღი და უვნებელი. გვაშორე მუცლადღებულ ყრმათა კვლა და თვითმკვლელობები.
აღადგინე, დალოცე და განამტკიცე საზღვარნი საქართველოისანი, და მას შინა მკვიდრნი დაიცევ „შიმშილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა, ზედა მოსვლისაგან მტერთასა“, სტიქიონთა ვნებისაგან და ყოველი ბოროტი ძალის მანქანებისაგან; დალოცე და განამტკიცე ოჯახები ჩვენი და აკურთხე იგინი შვილთა სიმრავლითა და ნაყოფთა სიუხვითა.
გევედრებით, მეოხ-ეყავ მართლმადიდებლობით აღსრულებულთა ჩვენთა წინაპართა, - მეფე-დედოფალთა, კათოლიკოს-პატრიარქთა, სამშობლოს ერთგულთა და თავდადებულთა მონათა და მხევალთა შენთა, მომხსენიებელთა გარეშე დარჩენილთა ყოველთა; გევედრები შორებელთა და მახლობელთათვის, რომელნი შეწევნასა ჩვენსა შემოვედრებულ არიან, რათა ყოველნი შემოქმედმან სავანესა მართალთათვის გამზადებულსა დააწესოს.
არ განგვეშორო დედაო, არცა ჟამსა მას მეორედ მოსვლისა ძისა შენისასა და ჩვენ მსასოებელთა შენთა, მეოხ გვეყავ წინაშე მისა, რათა მართალთა თანა ვიხარებდეთ და ვადიდებდეთ დამბადებელსა ჩვენსა, ყოველთა შემწყნარებელსა და სიყვარულსა დაუსრულებელსა, - მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ბეთლემს შობილო ქრისტე ღმერთო, ამ დიდებულ ღამეს, სულითა და გონებით შენსკენ მოლტოლვილნი, კანდლად გინთებთ ჩვენს ლოცვა-ვედრებასა და ქება-დიდებას; ოქროს, გუნდრუკისა და მურის ნაცვლად ძღვნად მოგართმევთ ჩვენს გულებს, სიყვარულსა და ერთგულებას, კრძალვითა და თაყვანისცემით მოგეგებებით და ვხმობთ:
დიდება შენს მობრძანებას, ყრმაო, მშვიდობის მთავარო! (ეს. 9,5)
დიდება შენს გარდამოსვლას, უფალო საბაოთ! (ეს. 37,16)
დიდება შენს მოვლინებას, ადონაი უფალო! (ეზ. 37.3)

გაკურთხებთ და აღგამაღლებთ შენ საუკუნითგან უკუნისამდე და ვაკურთხებთ მშობელსა შენსა, დედათა შორის კურთხეულს (ლუკა 1.42).
და კიდევ ერთხელ შეგთხოვთ, მოჰფინე შენი მშვიდობა, შენი წყალობა, ურწმუნოებით დამძიმებულ მშფოთვარე მსოფლიოს; ავის და კარგის გარჩევის უნარი და სიბრძნე მოგვეც და შენი სასუფევლის მკვიდრნი გაგვხადე.
„ქრისტე იშვების, - ადიდებდეთ! ქრისტე ზეცით, - მიეგებვოდეთ! ქრისტე ქვეყანასა ზედა, - ამაღლდით… კვალად ბნელი დაიხსნების, კვალად ნათელი მოიქცევის… ძველნი წარხდეს, აჰა, იქმნა ყოველივე ახალ“ (გრ. ღვთისმეტყევლი), გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი

თბილისი
ქრისტეს შობა, 2019/2020 ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო

image
image თემა: შობა
ავტორი: ილია II

გამონათქვამთა კრებული მორჩილების შესახებ

1. რა დიდებულია იესო ქრისტეს მაგალითი! მამისადმი მორჩილებას იგი ჯვრისა და სიკვდილისკენ მიჰყავს. განა მამის თანაარსს შეწინააღმდეგება არ შეეძლო? მაგრამ არა, წმინდა გოლგოთისკენ მიაბიჯებს, ოფლს ღვრის და გზაზე ნების მოკვეთის სიმძიმისგან ტკივილით ჩაიმუხლავს. მაგრამ უნდა ავიდეს. მაღლა ადის, დიდებულ, დემონებისთვის შემაძრწუნებელ ჯვარზე მაღლდება და იქ, ზემოთ, სრულ, უკიდურეს მორჩილებას ავლენს და საუკუნო დიდების უჭკნობ გვირგვინს იდგამს.
სულის აღდგომა ასე მოიპოვება და არა ხან მორჩილებით, ხან კი ურჩობით და თვითნებობით. გვირგვინი ამგვარი ქცევით კი არა, სურვილის მსხვერპლად შეწირვით მოგვენიჭება. ყველა დაბრკოლება უნდა გადავლახოთ მტკიცე გულისსიტყვით, რომ მორჩილების მოვალეობის ღალატს სიკვდილი გვირჩევნია.

2. ქრისტეს მორჩილებით მარადიული ცხოვრება მოგვეცა, ადამის ურჩობით კი ჯოჯოხეთის უფსკრულში ჩავცვივდით. ჭეშმარიტად, მორჩილების გზა გოლგოთისკენ მიდის და მაღლდება. ეს გზა შრომას მოითხოვს, ოფლს დავღვრით და დავიღლებით, მაგრამ ვიფიქროთ, რომ აღდგომის შემდეგ სულის სიწმინდესა და ძეობას მოვიპოვებთ, ამ სიმდიდრით ტკბობა კი მიწიერ სიამეზე არ გაიცვლება. განა ამქვეყნიურზე ვლაპარაკობ? მთელი ქვეყნის ფასადაც კი ვერავინ შეიძენს სულიერი სიხარულის თუნდაც ერთ მისხალს იმ სულისგან, ვინც ჯერ გოლგოთაზე ავიდა და შემდეგ თავისი აღდგომა იხილა.

3. იესო ქრისტემ მოწაფეებს უთხრა: „რომელმან თქუენი ისმინოს, ჩემი ისმინა, და რომელმან თქუენ შეურაცხ-გყუვნეს, მე შეურაცხ-მყოფს; და რომელმან მე შეურაცხ-მყოს, შეურაცხჰყოფს მომავლინებელსა ჩემსა“ (ლუკ. 10, 16). ამრიგად, მღვდელმთავრები, მღვდლები, იღუმენები და მცირე კრებულთა მოძღვრები მოციქულთა მემკვიდრეები არიან. ვინც მათ ემორჩილება, იესო ქრისტეს ემორჩილება, ხოლო ვინც ეურჩება, ქრისტეს უარყოფს.
ვინაიდან იესო ქრისტეს მორჩილება გვსურს, მოძღვრის მორჩილების აღსრულება გვმართებს. ისე კი არა, რაც ხელსაყრელია, შევასრულოთ და რაც არ გვსურს, ვიურჩოთ. გეთსამანიის ბაღში იესო ქრისტემ ზეციერი მამისგან ითხოვა, ადამიანები სხვა გზით გამოხსნილიყვნენ, მაგრამ ზეციერმა მამამ ჯვრით გამოხსნა დაადგინა და მაშინ იესომ მიუგო: „არა ჩემი, არამედ შენი ნება იყოს, მამაო“ და „იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაითა“ (ფილიპ. 2, 8).

4. ღვთისმეტყველება ლოცვის შედეგია, ეს უკანასკნელი კი – სრული მორჩილებისა. რა თვისება და ნიჭიც არ უნდა ჰქონდეს მონაზონს, მორჩილების გარეშე მალე დაეკარგება. ნამდვილი მორჩილი სულიწმიდის ყველა ნიჭის მრავალ ნაყოფს გამოიღებს და მდიდარია აწ და უკუნისამდე.

5. ღვთის მადლმა რომ მოგვიხილოს, საჭიროა სწავლებას სრულად ვემორჩილებოდეთ. მოძღვრის ნებას საკუთარს ნუ დავურთავთ, რადგან ეს სულიერი მრუშობაა. მორჩილება დიდი გულწრფელობით უნდა მოვიმუშაკოთ, სხვაგვარად რაიმე წარმატებას მონაზვნურ გზაზე ვერ მივაღწევთ.
სიმდაბლე ის სათნოებაა, რომელიც ქრისტეს მიმბაძველი მორჩილების სრულად განხორციელებას სასწაულებრივად შეეწევა. და პირიქით, ეგოიზმი და ამპარტავნება მის მოპოვებას ეწინააღმდეგება.

6. მორჩილი მოვალეა, საკუთარ თავს მსხვერპლად სწირავდეს, თავისი მოძღვარი კი ძალიან უყვარდეს, რადგან ეს ერთობა მის სულს ბრძოლაში გააძლიერებს.
ვისაც მოძღვარი უყვარს და ემორჩილება, მას მოძღვრის ლოცვა-კურთხევა სულიერი ნაყოფის გარეშე არ დატოვებს. ის აუცილებლად ცხონდება და ღვთის უბრწყინვალეს საყდარს მიეახლება. ვინც მოძღვარს ამწარებს, ის მოგვიანებით საკუთარი სულის ნანგრევებზე იტირებს.

7. საშინელი და შემზარავია, როცა მოძღვარს აიძულებ, გააკეთოს ის, რაც მის სულს არ სურს, მაგრამ გსურს შენ. საშინელებაა. ეს მხოლოდ მან იცის, ვისაც პირადად გამოუცდია.
შენი სულიერი მამა და მოძღვარი ამქვეყნად ყველა ადამიანზე, მთელ მსოფლიოზე უფრო ძვირფასია!
ეშმაკმა ყველაზე უკეთ იცის, რას ნიშნავს მოძღვარი და მისი სრული მორჩილება.

8. არასოდეს გამოიკვლიო, რას აკეთებს მოძღვარი ან რატომ აკეთებს ამას თუ იმას. ნუ განიკითხავ მას, რადგან ამ დროს ანტიქრისტე ხდები! ცხოვრებაში არასოდეს მოითმინო, რომ შენი მოძღვარი ვინმემ შენ წინაშე განიკითხოს, უმალ შეეწინაღმდეგე, დაიფარე, დაიცავი იგი.
მოძღვრის „წინდაუხედაობას“ ქრისტე განუკითხველი და უზაკველი მორჩილების წყალობით გაასწორებს.

9. სატანისთვის უდიდესი წარმატებაა, თუკი შეძლებს მორჩილი დაარწმუნოს, რომ გულისსიტყვები დამალოს, მოძღვრის კურთხევის გარეშე რაიმე გააკეთოს, სულიერი მამის წინაშე ყველაფერი გულწრფელად არ აღიაროს. ასეთი მორჩილი საფუძვლად კეთილ საწყისს ვერასოდეს დადებს და ღვთის მადლის მიღებაში წარმატებას ვერასოდეს მიაღწევს, არამედ იჩანჩალებს, სანამ მისი სიცოცხლის საბრალო აღსასრულის ჟამი დადგება.

10. მორჩილებას მაშინ აქვს ფასი, როცა ნების მოკვეთა ტკივილითა და შრომით ხდება. რადგან ვნებიანი ჩვევები ეკლიან ფესვებს ჰგავს. მას, ვინც მათ ამოძირკვას მოისურვებს, ბუნებრივია, ეტკინება, ეკლებისგან ხელები დაეკაწრება და დაუსისხლიანდება. ასევე ხდება, როცა ცუდ ჩვევებს სულიერი მამის მორჩილების გამო აღმოვფხვრით.

11. მოძღვარს ან ძმას – მონაზონს ნუ აწყენინებ, რადგან ასეთ დროს სულის სიმშვიდეს მეყსეულად კარგავ, იესოს ლოცვას წყვეტ და გულისსიტყვებით ივსები. კურნება აღსარებაა, ცხარე ცრემლები და შენდობის გულწრფელად თხოვნა.
ფრთხილად იყავი! თუ მოძღვარზე რაიმე ბოროტი გულისსიტყვა გაქვს, გაფრთხილდი, რადგან ეშმაკი შეგმუსრავს და იოლად გაცდუნებს. გულისსიტყვები გამოასწორე, რომ მოძღვართან მიმართებაში არაფერი გაწუხებდეს.

12. ვაი, რომ დაწყევლილია, რასაც მორჩილი მოძღვრის კურთხევის გარეშე აკეთებს. ის ეშმაკს მიაქვს. ასე რომ, ჩვენ, მონაზვნებს, მხოლოდ მორჩილება გადაგვარჩენს.

13. მორჩილების აღმასრულებელი სიმშვიდის ნაყოფს გამოიღებს. მოძღვარი მის ნებას მოკვეთს, საყვედურს ეტყვის, მიუთითებს და როცა მორჩილი ყველაფერს მორჩილებით შეასრულებს, ძვირფას სიმშვიდეს მიიღებს. ერთი სიტყვით, კარგი მორჩილი, რომელიც მორჩილებას განუსჯელად აღასრულებს, ყველა სათნოებას მოიპოვებს. მაგრამ ვინც მოძღვარს ეპასუხება, ეკამათება, ეურჩება, ამპარტავნებს, ის საკუთარ სულს ძალიან აზიანებს, რადგან ღმერთს ამწუხრებს. უფალი დამდაბლდა, ეს კი – მიწიერი, საწყალობელი ადამიანი – თავს იმაღლებს.

14. სრული მორჩილი საზვერეებს არ გაივლის! მას არ ეშინია არც სიკვდილის, არც დემონების და არც ღმერთის, რადგან გულმხურვალედ ემსახურება მას. ნამდვილ მორჩილს მხოლოდ თავისი მოძღვრისადმი ურჩობა აშინებს, რადგან სულიერი მამა მისთვის ხილული ქრისტეა, მოძღვრის ურჩობა უმალვე გამოაძევებს მას სულიწმიდის მადლის სამოთხიდან, სადაც ანგელოზთასწორი მორჩილის მდაბალი სული უაღრესად ტკბება. სრული მორჩილი ღმერთკაცი ქრისტეს ჭეშმარიტი სახეა.

15. მორჩილი, რომელიც მოძღვარს ქრისტეს გამო ემორჩილება, ქრისტეს ყველა მცნების აღმასრულებელია. უდრტვინველი და განუსჯელი სრული მორჩილება ყველა საუფლო მცნების შესრულების მრავალგვარ ღვაწლს უტოლდება.
მას, ვინც მორჩილებას ღვთის სიყვარულისთვის აღასრულებს, ღმერთი შეიყვარებს. კარგ მორჩილში თვით წმინდა სამება დამკვიდრდება. ოჰ, რა დიდებულებაა დაფარული ამ სამგზის კურთხეულ მორჩილებაში! იგი მდაბალ, უმნიშვნელო, პატარა, შეუმჩნეველ მორჩილს წმინდა სამების სამკვიდრებლად, ქრისტეს ყველა მცნების აღმასრულებლად აქცევს, სამოთხეში შეჰყავს და ორმაგი გვირგვინითა და ღვთაებრივი ყელსაბამით შემკულს წმინდანთა შორის დაამკვიდრებს.

16. რა საოცარ თავისუფლებას გვანიჭებს საკუთარი ნების სრული მოკვეთა! როგორ სულიერ განსვენებას პოვებს მებრძოლი, მოსაგრე მორჩილი, რომელსაც საკუთარი ნება არ აქვს და მხოლოდ თავისი მოძღვრის ნებას აღასრულებს! ის ნეტარი სულიერი კეთილდღეობით, სიხარულით და სასოებით აღსავსე ცხოვრობს. მშვიდი და საოცარია მისი ცხოვრება, ვინაიდან იცის, რომ როგორც განუსვენებს მოძღვარს, მისი ლოცვით ისეთივე განსვენებას მიიღებს სამოთხეში.
ნეტარი და სამგზის ნეტარია ის მორჩილი, რომელმაც ყველაფერში მოიკვეთა საკუთარი განმხრწნელი ნება და ყველაფერს ინანიებს თავისი სულიერი მამის წინაშე. ის, ამ ცხოვრებაშივე სულიერად გაჯანსაღებული, ღვთის საშინელი საყდრის წინაშე გაბრწყინდება, როგორც ანგელოზი ანგელოზთა შორის.

17. მაშ, გიხაროდეს, მოასპარეზე მორჩილო, იმ დიდი მორჩილის მიმბაძველო, რომელიც იქმნა მორჩილ „ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაითა. ამისთვისცა იგი ღმერთმან უმეტესად აღამაღლა და მიანიჭა მას სახელი უზესთაესი უფროის ყოველთა სახელთასა" (ფილიპ. 2, 8-9), ხოლო შენ შენს ვნებებზე აგამაღლებს და უვნებობასა და თავის სიყვარულს მოგანიჭებს. მაშ, ქრისტესთვის საკუთარი ნების უარყოფით იბრძოლე და იმ ადამიანის დარიგებები შეასრულე, რომელმაც უფლისმიერ გიტვირთა მაშინ, როცა ღმერთს სიკვდილამდე სრული მორჩილება აღუთქვი.
ჰოი, მორჩილებავ, ყოველი მორწმუნის მხსნელო! ჰოი, მორჩილებავ, ყოველი სათნოების მშობელო! ჰოი, მორჩილებავ, ცათა განმღებელო და ადამიანთა მიწიდან ზეცად აღმყვანებელო! ჰოი, მორჩილებავ, ყოველთა წმინდათა საკვებო, რომლით მსაზრდოებელნიც სრულ იქმნენ! ჰოი, მორჩილებავ, ანგელოზთა თანამკვიდრო!
რა დიდებულია იესო ქრისტეს მაგალითი! მამისადმი

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3