წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
დედამან მისმან (ღვთისმშობელმა) მრავალი მწუხარება გამოსცადა უწინაც მასზედ, და უკანასკნელად საყვარელსა თვისსა შვილსა ხედავს ჯვარზედ გატანჯულსა, გასისხლიანებულსა. აწ ასრულდა აქ მასზედ სამწუხარო წინასწარმეტყველება სვიმეონ მართლისა: მახვილმან განვლო გულსა მისსა.
თემა: ღმრთისმშობელიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
გრძნობა, ანუ კაცის გულის მოძრაობა მართავს მისსა ცხოვრებასა და საქმეთა. ჭკუასა და მეცნიერებასა ისე არა ემორჩილება კაცი, როგორადაც გულის წადილს და გრძნობასა. მაშასადამე, მოამზადე, დააწყვე გულისა შენისა ჭურჭელი.
თემა: გულის განწმენდაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
საიდუმლოსა სერობასა ზედა დააფუძნა მაცხოვარმა უმთავრესი და უმაღლესი საიდუმლო ჩვენისა სარწმუნოებისა (ზიარება), მეტყველმან: „სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი; სვით ამისაგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი“. ის საიდუმლო, რომელიც თუ სასოებით და ღირსებით იქმნა მიღებული, გამოსცვლის ბუნებასა კაცისასა, და ისე, როგორადაც ველური ტყის ხეხილი, მომცემელი მწარისა ნაყოფისა, როდესაც დაამყნევებ მას შინაურსა ზედა ტკბილსა ნაყოფსა.
თემა: ზიარებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
ტირილი და მწუხარება არის ყველაზე უმჯობესი, ღვთის სათნო და სასარგებლო სულისა შენისათვის. ეს არის მწუხარება ცოდვისათვის, ცრემლი სინანულისა, ცრემლი ღვთის წინაშე ლოცვაში. თუ ღმერთმა და მისმა წმინდა სულის მადლმან მოგცა და გააჩინა შენს შორის სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული, ვითარცა ოდესმე შორის დავით მეფისა, ისე, რომ შენ მიეჩვიე ხანდისხან მაინც, საიდუმლოდ წინაშე ღვთისა ცრემლით და ღრმა მწუხარებით ლოცვასა, მახლობელ ხარ ცხონებისადმი.
შურიანი კაცი იტანჯება და განიხერხება გულითა, როდესაც ხედავს სხვის ბედნიერებას და წარმატებას, და თუ ამასთანავე ნამეტანი პატივის მოყვარეც არის და თავხედი, კვდება ჯავრით, თუ ვინმე წინ დაუდგა, ანუ ადრე ჯილდო არ მისცეს და სხვა კი დააჯილდოვეს. მას მარტო თავისი თავი ახსოვს და თავისთვის უნდა ყოველივე სიკეთე. ცხადია, რომ, ამისთანა მწუხარება და სულმოკლეობა გამოაჩენს შურს, ხარბს, ამპარტავანს ხასიათს კაცისას.
ყოველი სული ქრისტიანე უნდა ცდილობდეს, რომ ემსახუროს მოყვასთა თვისთა რაოდენ ძალუძს და ამაში ხედვიდეს თვისსა პატივსა და პირველობასა. არც ერთი კაცი არ არის ქვეყანაზედ რომელსა არ ჰყავდეს მახლობელნი ნათესავნი, შინაურნი პირნი, რომელნი მისგან მოელიან შემწეობასა. თუ სხვებს ვერ ემსახურები, იმათ მაინც შეეწიე, იმათ ბედნიერებას მაინც ეცადე; ბოლოს, თუ ისრეთი უსაშველო და უღონო კაცი ხარ, რომ ვერცა ერთსა მოყვასსა შენსა ვერ ემსახურები, და ვერ შეეწევი, მარტო თავი შენი შეინახე კარგად. ისიც კარგი იქმნება და საქები, როდესაც კაცი თავის თავს თვითონვე ყოვლითურთ უშველის და სხვას არავის არ დაამძიმებს, და არ შეაწუხებს ქვეყანაზე.
„რომელსა უნდეს დიდ–ყოფა თქვენ შორის, იყოს ყოველთა მსახურ; და რომელსა უნდეს პირველ ყოფა თქვენ შორის, იყოს ყოველთა მონა“. სასუფეველსა შინა ღვთისასა, ყოველთა უდიდესი და უპირველესი ის იქმნება, რომელიც ყოველთა უმეტესად სამსახურსა და სარგებლობასა მისცემს მოყვასთა თვისთა, და არა ის, რომელსა ყოველნი კაცნი ემონებიან და ემსახურებიან. აჰა გზა, რომელი გვაჩვენა ჩვენ მაცხოვარმან დასაკმაყოფილებლად ბუნებითგანვე თანშობილისა პატივისა და მთავრობის მოყვარებისა, რომელსაც გრძნობს კაცი თავის გულში. ამ სახით პატივის ძიება დიაღ სანატრელი და სასარგებლო იქმნება ყოვლისა საზოგადოებისათვის.
პატივის და მთავრობის მოყვარება ღრმად არის დანერგული ბუნებასა შინა კაცისასა. თითქმის ყოველი ხორციელი კაცი ცდილობს, რომ რითიმე განასხვავოს და აღამაღლოს თავი თვისი მოყვასთა შორის, მიიზიდოს ყურადღება კაცთა, მოიპოვოს გავლენა და მთავრობა საზოგადოებასა შინა. იესო ქრისტემან, იცოდა რა ესრეთი კაცის თვისება, არ მოითხოვა და არ დადვა სჯულად, რომელ სრულიად მოისპოს და განქარდეს ეს თვისება კაცის ბუნებისა, არამედ მისცა მას სხვა მიმართულება, განსხვავებული სასხით გვაჩვენა ჩვენ ძიება პატივისა და მთავრობისა: „რომელსა უნდეს დიდ–ყოფა თქვენ შორის, იყოს ყოველთა მსახურ; და რომელსა უნდეს პირველ ყოფა თქვენ შორის, იყოს ყოველთა მონა“
ზოგჯერ მრისხანება არის სრულიად უსამართლო. იგი სხვადასხვა ნაირად გაჩნდება. ზოგჯერ იგი ნამეტანს უგნურებას გამოაჩენს კაცისას, მაგალითებრ: ხშირად მოხდება, რომ კაცი განრისხდება ცუდს ტაროსზედ (ამინდზე), რა წყეული და შეჩვენებული დღე არისო. ამით იგი აჩვენებს თავის საკუთარს მოუთმენელობას, უგუნურებას და სულმოკლეობას. უფრო ხშირად ვხედავთ, რომ კაცი გაცოფდება და განრისხდება პირუტყვზე და სცემს. უნებლივად იფიქრებ ამისთანა შემთხვეაში, რომ თვითონ ის კაციც პირუტყვია ჭკუით და გონებით. რამდენჯერ მოხდება, რომ კაცი თვითონვე გააფუჭებს რომელიმე საქმეს და ნაცვლად მისსა, რომ თავის თავს გაუჯავრდეს, იგი უჯავრდება თავის მოსამსახურეს, ანუ ხელქვეითს კაცს. ცხადია, რომ ამისთნა უბრალო სხვაზედ მრისხანება წარმოსდგება თავხედობისაგან და ამპარტავნებისაგან. თუ კაცი არის თავმდაბალი და თავის უარისმყოფელი, მაშინ იგი ყოველ შემთხვევაში თავის თავს განიკითხავს და არა სხვას.