image

თემა: ღვთისადმი მადლიერება,  ღმერთზე მინდობა

579. რაღაც დროის გასვლის შემდეგ, საერთო საცხოვრებლის იღუმენმა, აბბა სერიდმა, რომელიც ღვთის წინაშე წარსადგომად ემზადებოდა, უპირატესობის მიხედვით ძმებიდან თავის საქმის გამგრძელებლები დაადგინა, არა ისე, რომ ყველას ერთად ემართა მონასტერი, რამეთუ ეს არეულობას გამოიწვევდა, არამედ თანმიმდევრობით, ჯერ პირველს, უპირატესობის მიხედვით, მისი აღსრულების შემდეგ მეორეს, და ასე, რიგის მიხედვით. ყველაზე ბოლოს კი მან ქრსიტესმოყვარე ძმა ემელიანე ჩაწერა, რომ ყველას შემდეგ მასაც, თუ ბერი გახდებოდა, ეს საქმე გაეგრძელებინა. ძმამ კი არ იცოდა ეს. ამ ანდერძის შემდეგ, როდესაც აბბა ღმერთს წარუდგა, ძმათაგან უფროსმა, ვისაც რიგის მიხედვით საერთო საცხოვრებლის მართვა უნდა ეტვირთა, ფრიადი სიმდაბლის და მორიდებული ხასიათის გამო უარი განაცხადა და რიგის მიხედვით ყველა სხვა ძმამ მის მაგალითს მიბაძა. ამასობაში, ამ ქრისტესმოყვარე ძმას, ემელიანეს, ეშმაკის მცდელობით ქვეყნის აღსასრულსა და მონასტრის წევრებზე თითქოსდა მოსალოდნელ უბედურებათა გამო და ასევე საუკუნო სატანჯველებზე, წუხილი დაეწყო. აზრებისაგან დამძიმებულს, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნის საშიშროება ელოდა, ამიტომ შეკითხვა გაუგზავნა აბბა იოანეს და სთხოვა, რომ ელოცა და მანუგეშებელი სიტყვა ეთქვა მისთვის. მან კი მას ქვემოთ მოყვანილი პასუხი მისწერა, რომელშიც უფრო მეტად მორჩილებას შეაგონებდა, რამეთუ, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, განზრახული ჰქონდა მისთვის საერთო საცხოვრებლის მართვა ჩაებარებინა.
საყვარელო ძმაო! ვინც საკუთარ თავს ღმერთს მიანდობს, მას საკუთარ თავზე ხელმწიფება აღარა აქვს და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მის მბრძანებლობას ემორჩილება. ამაში მდგომარეობს ღვთის რწმენა. ამიტომ, რაც შეემთხვევა, მადლიერებით ღებულობს ღვთისაგან. სწორედ ამას ნიშნავს ყველაფრისათვის მადლიერება (1 თეს. 5, 18); ვინაიდან, როცა ადამიანი არ ღებულობს იმას, რაც ღვთისაგან ეგზავნება, მაშინ, სურს რა საკუთარი ნების აღსრულება, ის ღმერთს ეურჩება. იუდეველებიც ასევე „თვისსა მას სიმართლესა ეძიებდეს დამტკიცებად“ (რომ. 10, 3) და ღვთის სჯულს არ ემორჩილებოდნენ, რამეთუ რწმენა სიმდაბლეა და ვისაც ის ჰქონდა, მათ: „უწოდა იგინი და განამართლა, და იგინიცა ადიდნა (რომ. 8, 30). ასე რომ, უკუაგდე ის წუხილი, რომელიც მომაკვდინებელია, რამეთუ „სოფლისა ამის მწუხარებაი სუკუდილსა შეიქმს“ (2 კორ. 7, 10). ილოცე ჩემთვის და ოდნავადაც ნუ დანაღვლიანდები, რამეთუ საკუთარი ნების მიდევნება ღმერთს არისხებს. დაე, მისი ნების აღსრულება შეგაძლებინოს ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ, რათა წყალობა მიიღო მისგან. მას შვენის დიდება და სუფევა უკუნისამდე, ამინ.
580. მიიღო რა ეს პასუხი, ძმა მაშინვე განთავისუფლდა შემაწუხებელი აზრებისაგან; ის ვერ აცნობიერებდა წერილის არსს და უკვირდა, რომ მან ერთის თაობაზე იკითხა, ხოლო ბერისაგან პასუხი მეორეზე მიიღო. მაშინ ბერმა პირდაპირ უთხრა მას, თუ რაში იყო საქმე, და უბრძანა რომ საერთო საცხოვრებლისთვის ზრუნვა საკუთარ თავზე აეღო. ხოლო ძმას უკვირდა, თუ რატომ შეაჩერა ბერმა მასზე არჩევანი, რამეთუ საკუთარ თავს ამისთვის შეუფერებლად თვლიდა; მაგრამ რადგან ვერ გაბედა მისი ბრძანების შეწინააღმდეგება, შემდეგი პასუხი გაუგზავნა:
    აბბა! არც ვიცი უნდა ვთქვა თუ არა კიდევ რაიმე. თქვენში მყოფი ღვთის სული მიცნობს მე და ვფიქრობ რა ამ საქმის საშიშროებაზე, შიში მიპყრობს და ვძრწი. თუ დარწმუნებული ხართ, რომ ეს ჩემთვის წყალობის საქმეა და მე ქრისტეში თქვენი მფარველობით ვისარგებლებ, მაშინ არ გეწინააღმდეგებით, რამეთუ თქვენ ჩემზე ხელმწიფება გაქვთ და მე ღვთისა და თქვენს ხელში ვარ.
ბერმა შემდეგი პასუხი მისწერა: ბატონო ძმაო, ღმერთი დამიმოწმებს, რომ მე მთელი გულწრფელობით მიყვარხარ როგორც ძმა და ვლოცულობ, რომ არაფერმა დააზიანოს შენი სული. მრწამს რა შენი მორჩილებისა და ვზრუნავ რა შენს ცხონებაზე, ხელი შევუწყე სიკეთეს, რამეთუ რაც ადამიანთათვის დაფარულია, ის ღვთისთვის ცხადია. და შენ, ჩემო ძმაო, თავად ხედავ, რომ საქმეები ბევრია და თანაც მძიმე; და არ გჯერა, რომ ყველაფერი, რაც საერთო საცხოვრებელშია, თვით მიწის პეშვიც კი, ღმრთისაა, რომელმაც თავის გარდამოსვლით, შეაერთა რა მიწიერი ზეციურთან, ყველაფერი განსწმიდა. ასე რომ, თუ გინდა ცხონების მსურველთა სულების თანამოზიარე გახდე, შენზეა დამოკიდებული დახმარებაც და დაზიანებაც, რამეთუ მოციქული ამბობს: „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“ (გალ. 6, 2). და კიდევ თქვა: „მდაბალსა მას შეეყვენით“ (რომ. 12, 16). და უფალმაც თქვა: „რომელმან თქუენი ისმინოს, ჩემი ისმინა; და რომელმან თქვენ შეურაცხგყვნეს, მე შეურაცხმყოფს“ (ლუკა 10, 16). რადგან ეს ღვთის საქმეა, ამიტომ უარს ვერ იტყვი. თავად იცი, არის თუ არა ამაში რაიმე ადამიანური; ის შენ ღვთისნიერი ზრუნვისკენ გიზიდავს, რომელიც საზრუნავი კი არაა, არამედ სულის ცხონებაა, როგორც ამას წერილი ამტკიცებს და ამბობს: „რომელმან მოაქციოს ცოდვილი გზისაგან საცთურისა მისისა, იხსნეს სული თვისი სიკუდილისაგან და დაფაროს სიმრავლე ცოდვათაი“ (იაკ. 5, 20). გამნხევდი უფლის მიერ და გრწამდეს იესოსი, და ის როგორც მოციქულების შესახებ ევედრებოდა მამას, ასევე შენ დაგიფარავს ბოროტისაგან. მაშ, ეჭვი ნუ გექნება, განფინე გული შენი (ფსალ. 61, 8) ღმრთისა და უფლის, იესო ქრისტეს და ჭეშმარიტების სულის წინაშე და მრწამს, რომ ამ გზით ღვთის სამსჯავროზე წყალობას მიიღებ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ზიარება წმიდისა სულისა იყოს თქვენთან, ამინ.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები