image

თემა: ავადმყოფობა

წმიდაო მამაო, რატომ იწყებს ადამიანი იმის ფიქრს, რომ ავად არის?
ის ამას საკუთარ თავს თანდათანობითვე ჩააგონებს. ხშირად ასეთი ეჭვებისათვის შესაძლოა, არსებობდეს რაღაც მცირე, უმნიშვნელო საბაბი, რომლის საშუალებითაც საკუთარი წარმოსახვა ადამიანს ამგვარ რამეს აფიქრებინებს და ისიც ბუზისგან სპილოს ქმნის. როდესაც სტომიონში ვცხოვრობდი, კონიცაში იყო ერთი ცოლ-შვილიანი კაცი, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ტუბერკულოზი სჭირდა. საკუთარ ცოლსაც კი არ იკარებდა სიახლოვეს. - "არ მოხვიდე, თორემ გადაგედება". - ეუბნებოდა მას. საწყალი ქალი გრძელი ჯოხის ბოლოზე კიდებდა კალათს და საჭმელს ისე აწვდიდა შორიდან. საბრალო სრულიად გადაიქანცა და ჩამოხმა. უბედური ბავშვები შორიდან უცქერდნენ "ჭლექიან" მამას, მას კი სინამდვილეში არანაირი ჭლექი არ ჰქონდა. საქმე იმაში იყო, რომ მზეზე არასოდეს გამოდიოდა და მთელ დღეებს პლედში შეფუთული ოთახში ატარებდა. ამიტომაც სახე გაუყვითლდა და დაიჯერა, რომ ტუბერკულოზი ჭირდა. როდესაც ყოველივე ეს მიამბეს, რაღას ვიზამდი, ავდექი და სახლში მივედი. ჩემს დანახვაზე "ავადმყოფმა" დაიკვნესა: "ახლოს არ მოხვიდე მამაო, რომ შენც არ გადაგედოს, შენთან, მონასტერში ხომ იმდენი ხალხი მოდის! ხედავ, ჭლექმა სულ დამია ხელი". - "კი, მაგრამ ვინ გითხრა, რომ ჭლექი გაქვს"? - ვკითხე მე. ამ დროს ცოლმა გასამასპინძლებლად ბერძნული კაკლის ნახარში მოიტანა. - "აბა, ერთი პირი დააღე, - ვეუბნები მე, - ახლა მე უნდა დამიჯერო". რაღას იზამდა, დააღო პირი, მამ ხომ არ იცოდა, რასვაპირებდი. მაშინ ავიღე ერთი ტკბილი კაკალი, ჩავუდე პირში, რამდენჯერმე დავატრიალე, მერე კი მე თვითონ შევჭამე. - "არა, არა, ნუ აკეთებ ამას, გადაგედება"! - იყვირა ჭლექიანმა". - "რა გადამედება, შენ ხომ არაფერი გჭირს, მე რა, გადარეული ვარ, რომ მართლა ჭლექი გქონდეს და ასე ვიქცეოდე?! აბა, ახლა წამოდექი და ჰაერზე გავიდეთ"! - შევუძახე მე, მერე მის ცოლს მივუბრუნდი და ვთხარი: - "მოაშორე ეს წამლები და პლედი"! წამოვაყენე და ერთად გამოვედით ჰაერზე. სამწლიანი "პატიმრობის" შემდეგ ის განცვიფრებული უმზერდა ქვეყნიერებას. მერე ნელ-ნელა სამუშაოზეც დაიწყო სიარული. აი, რა შეიძლება დაგმართოს თვითშთაგონებამ, თუ მას ამის ნებას მისცემ.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები
14 ოქტომბერს არის ხსენება: