ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: ავადმყოფობა, ჯადოქრობა
800. რას ეტყოდით ისეთ ხორციელი სნეულების მქონე ადამიანს, რომელსაც ახლობლები შეაგონებენ – ჯადოქარ გრძნეულებთან მიდი და გიშველიანო?
როცა სასტიკი სხეულებრივი სნეულება გეწვევა და მოუძლურდები, ბევრნი დაგიწყებენ შეგონებას – ჯადოქარ გრძნეულებთან ან მოგვებთან მიდი და ისინი გიშველიან, განგკურნავენო. შენ კი მარადის ოდენ ღმერთს სასოებდე და ყოველივე თავსდატეხილი მორჩილად დაითმინე! იცოდე, რომ ეს ტანჯვა გვირგვინს შეგძენს და მომავალ საუკუნო სატანჯველთ აგაცილებს თავიდან, თუკი ღმერთისადმი მადლიერებით მოითმენ შენს სნეულებას. რამეთუ თუკი ჩვენ ნამდვილად ქრისტიანები ვართ, მაშინ მხოლოდ ქრისტეს დავემორჩილებით, მხოლოდ ჩვენი უფლისას შევისმენთ და არამც და არამც არ წავალთ ღმერთის მტრებთან – ჯადოქარ–გრძნეულებთან და მოგვებთან, რადგან ეს უკანასკნელნი ღმერთის მოწინააღმდეგენი და ეშმაკის მსახურნი არიან, ჩვენი დაღუპვის მოსურნენი. მაშ, სიკვდილი გვიჯობდეს ღმერთის მტრებთან მისვლას! აბა, რა სარგებლობა გვექნება სხეულის დროებითი, მოჩვენებითი განკურნვისაგან, თუკი სამუდამოდ წარვიწყმედთ სულს? აბა, რას მოვიგებთ, თუკი აქ, ამქვეყნიურ ცხოვრებაში, წამიერ ნუგეშს მივიღებთ და ამით ეშმაკებთან წარვიგზავნებით საუკუნო ცეცხლში სატანჯველად?!