image

თემა: სიმდაბლე

ვისაც სურს, სიტყვით, მთელი სიზუსტით ახსნას ღვთის სიყვარულის გრძნობა და მისი მოქმედება, ყოვლადწმიდა სიმდაბლე განცხადებულად გამოააშკარაოს, სანატრელი სიწმიდე და საღვთო ბრწყინვალება დაგვანახოს და ჭეშმარიტი შიში და გულში შეკრებული ღვთის სიუხვე გაგვიცხადოს, იგი იმ კაცის მსგავსია, ვისაც უნდა სიტყვითა და თხრობით აგრძნობინოს თაფლის სიტკბოება იმ ადამიანს, ვისაც მისი გემო არ გაუსინჯავს და ამიტომ მრავალმეტყველებს. ხოლო პირველი, ან სრულიად გამოუცდელია იმ სიტყვასა და საქმეში, რომლის განმარტებაც სურს, ან - ამპარტავნებით შებყრობილი.
    ოდესღაც მამათა კრებულში გამოიკვლევდნენ განძს, რომლის ბუნება სიტყვით აუხსნელია, მისი გამოცნობა მხოლოდ იმ სახელის მიხედვით შეიძლებოდა, რომელიც ზედ ეწერა: სანატრელი სიმდაბლე; ყველა, ვინც ღვთის სულის მტვირთველი იყო, შეიკრიბა სულიერ სამსჯავროზე და თითოეულს სიბრძნისა და ცოდნის ფიცარი მოჰქონდა; დაიწყეს გამოძიება, თუ რა იყო სანატრელი სიმდაბლის ბუნება. ზოგი ამბობდა, სიმდაბლე საკუთარი სათნოებების დავიწყებააო, სხვებმა თქვეს, სიმდაბლე ის არის, როდესაც კაცი საკუთარ თავს ყველაზე უკანასკნელად და უცოდვილესად მიიჩნევსო, სხვებმა - საკუთარი უძლურების კეთიალად მიხვედრაო, კიდევ სხვებმა - სიმდაბლეა, როცა კაცი მრისხანების ჟამს მოყვასს პატიების თხოვნას დაასწრებსო. ზოგიერთმა ასე ახსნა: სიმდაბლე ღვთის მადლისა და წყალობის მიხვედრააო; ითქვა ისიც, რომ სიმდაბლე არის სულიერი შემუსვრილების მიღწევა და საკუთარი ნების უარყოფა.
    ხოლო მე, როდესაც ყველაფერი ეს მოვისმინე, საკუთარ თავში გულმოდგინებით გამოვიკვლიე ამ სანატრელი სათნოების ბუნება. ზემოთქმულიდან გამომდინარე ვერაფერს მივხვდი და ძაღლის მსგავსად ავლოკე ამ სანატრელი მამების ბაგეთაგან და ტაბლისგან გადმოცვენილი ნამცეცები. ასე განვმარტავ და ვიტყვი ამ საქმესთან დაკავშირებით, რომ სიმდაბლე უთქმელი მადლია, რომელიც მხოლოდ მან იცის, ვინც იგი მოიპოვა.
    ის არის სიმდიდრე, სახელი და საჩუქარი ღვთისა, რადგან ამბობს: ისწავლეთ არა ანგელოზთაგან, არა კაცთაგან, არა წიგნთაგან, არამედ ჩემგან - ყოველთა შემოქმედისაგან, "რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოვოთ განსვენება სულთა თქვენთა" (მათ. 11,29) - ტვირთისა და მაცდური ზრახვებისაგან
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები