ადამიანი და საერთოდ ყოველი ხილული თუ უხილავი, - ღვთის ქმნილებაა. ამიტომაც ვალდებულნი ვართ სულიერი თვალით მოვიძიოთ და დავინახოთ შემოქმედი ჩვენი და მივსდიოთ მას.
რწმენა, - აი უპირველესი და აუცილებელი პირობა ჩვენი გამართლებისა და ხსნისა, რამეთუ თჳნიერ სარწმუნოებისა ვერ შესაძლებელ არს სათნოყოფაჲ ღვთის წინაშე (ებრაელთა 11,6).
ქრისტიანის ცხოვრება საკუთარ თავთან ბრძოლაა, გულის სიწმინდისათვის ზრუნვაა; ეს არის სინანული და მცდელობა იმისა, რომ ღმერთი მოვიძიოთ და ჩვენს გულებში გავამეფოთ.
ღვთის მიერ მონიჭებული თავისუფალი ნებით ადამიანი არჩევანს თავად აკეთებს და სვლაც სასუფეველისკენ ან ჯოჯოხეთისაკენ ყველასთვის აქედან, ამ წუთისოფლიდან იწყება.
წმ. მამები ამბობენ, რომ მადლი მადლობის შეწირვისას, მადლიერებით აღვსებისას, თავმდაბლობის, მსხვერპლის გაღების, მოთმინებისა და სიმშვიდის გამოვლენისას გვეძლევა.
ღმერთი არის უმაღლესი იდეალი ყველა ჩვენი ზნეობრივი სწრაფვისა. ეს უზენაესი ძალა უდევს საფუძვლად და იგია შინაარსი და მისწრაფება ადამიანის მორალური ცხოვრებისა.
ქრისტეს შობა არის მშვიდობის ხარება და სიყვარულის დადასტურება კაცობრიობისათვის. ეს სიყვარული ეფინება ყველას, იმათაც კი, ვინც არ სცნობს მას, ანდა დაივიწყა იგი.
სიყვარულს ეგოიზმი უპირისპირდება. ეგოისტი არაფერს გასცემს, იგი მხოლოდ თავისთვის ზრუნავს, და მთელი ქვეყნის სიმდიდრეც რომ მოიხვეჭოს, მაინც ვერ დაკმაყოფილდება.
პირველი მაგალითი თავმდაბლობისა და სიყვარულისა ადამიანებს მაცხოვარმა ჩვენმა უჩვენა, როდესაც თავისი ჯვარცმის წინა დღეს მასთან მყოფ მოწაფეებს ფეხები დაბანა.
გაუადვილე შენს მოყვასს ცხოვრება, გაჭირვებულს გაუწოდე ხელი: გამოიჩინე მეტი სიყვარული, მეტი თანაგრძნობა, მეტი მოთმინება, მეტი სულგრძელობა, ნიჭს გაუხსენით გზა.