ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
საშობაო ეპისტოლე - 1999
სახელმწიფო, ეკლესია, სკოლა და ოჯახი
"მოდი, ნათელო ჭეშმარიტო,
მოდი, ცხოვრებაო დაუსრულებელო,
მოდი, იდუმალებავ, დაფარულო,
... მოდი, მარტომყოფო მარტოსულთან"
(სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, ნაწყვეტი ლოცვიდან).
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ერთგულ შვილს:
"დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა... და სიტყვა ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენ შორის, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა" (ინ. 1; 1,14).
დიახ, იესო ქრისტე ყოვლადწმინდა სამების მიერ სამყაროს წინაშე გამოვლენილი სიტყვა, ლოგოსია.
მოციქული პავლე მას მეორე ადამს უწოდებს: "პირველი კაცი ადამი შეიქმნა ცოცხალ მშვინვად; უკანასკნელი ადამი კი - ცხოველსმყოფელ სულად. პირველი კაცი - მიწისაგან, მიწიერი; მეორე კაცი - ზეციერი. და როგორც ვატარებთ მიწიერის ხატს, ასევე ვატარებთ ზეციერის ხატსაც" (1 კორ. 15; 45,47,49).
ძველი აღთქმის ხანა მესიის მობრძანებისათვის მოსამზადებელი ჟამი იყო. ძველი აღთქმის ბოლო პერიოდს მოციქული პავლე "დროის სისავსედ", "დროის სისრულედ" სახელდებს.
"როდესაც მოიწია დროის სისრულემ, - წერს იგი გალატელთა მიმართ ეპისტოლეში, - მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც იშვა დედაკაცისაგან და დაემორჩილა რჯულს, რათა გამოესყიდა რჯულის ქვეშ მყოფნი და ამრიგად მიგვეღო ძეობა" (გალ. 4,4-5).
მაცხოვრის მომავალი შობის შესახებ არა მარტო ძველი ებრაელი წინასწარმეტყველები წერდნენ, არამედ მას მთელი კაცობრიობა მოელოდა. და აი, ეს ხანგრძლივი ლოდინის პროცესი დასრულდა: "ღმერთი გამოჩნდა ხორცით" (1 ტიმ. 3,16).
ადამიანის გონება უძლურია, გააცნობიეროს ღვთის განკაცების უდიდესი საიდუმლო - უხორცო იგი ხორციელ იქმნა. დაუსაბამოს სათავე დაედო, დაუტევნელი შემოისაზღვრა.
წმინდა კოზმა, მაიუმელი ეპისკოპოსი წერს: ვხედავ უჩვეულო და სასწაულებრივ საიდუმლოს: ავაზაკთა ქვაბს - ცად, ქალწულს - ქერუბიმთა ტახტად, ბაგას - უსაზღვრო უნაპირო ღმერთის - ქრისტეს სამყოფელად" (ძლისპირი, კანონის მე-9 გალობა).
ამსოფლად მოვლინებით მაცხოვარმა დაადასტურა თავისი უდიდესი სიყვარული და მოწყალება ადამის ცოდვით დაცემული მოდგმისადმი, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ, მართალია, იშვა დედამიწაზე, მაგრამ ამით წმ. სამების ერთარსობა არ დარღვეულა.
წმინდა ბასილი დიდი გვასწავლის: "ძე ღვთისა ზეცით გარდამოხდა, მაგრამ არ განშორებია მამას. დაიბადა ავაზაკთა სამყოფელში, მაგრამ არ ჩამობრძანებულა სამეფო ტახტიდან, მიიძინა ბაგაში, მაგრამ არ დაუტოვებია მამის წიაღი, ხორცი შეისხა ქალწულისაგან და იშვა უმამოდ, ვითარცა ღმერთი".
ყოველ მოვლენას ჩვენ ორი სახით აღვიქვამთ: თეორიულად და პრაქტიკულად. თეორიულ ცოდნას მეცნიერება იძლევა, პრაქტიკულს - ყოველდღიური გამოცდილება, თეორიული ცოდნა ღირებულია მაშინ, თუ იგი ცხოვრებაშია გამოყენებული. ამასთან ნამდვილი ცოდნა ზნეობრივ და კეთილ საქმეებში ვლინდება. ამიტომაც თქვა ანტიკური ხანის ცნობილმა ფილოსოფოსმა სოკრატემ, რომ ცოდნა სიკეთეაო.
ღვთის ნებასაც ასევე ორი გზით შევიმეცნებთ: ღვთისმეტყველებით და საკუთარი სულიერი პრაქტიკული გამოცდილებით.
წმინდა მამები გვასწავლიან, რომ სუფთა გული არის ღვთის აღქმის მთავარი საშუალება. როგორც ჭუჭყიანი სარკე ვერ აირეკლავს საგნებს ნათლად, ასევე ცოდვით დამძიმებული და შებღალული გული ვერ მისწვდება, ვერ შეიგრძნობს და ვერ აღიბეჭდავს ღვთის ხატებას.
ცნობილია, მსგავსი მსგავსს შეიცნობს; ამიტომაც ბრძანებს უფალი: "ნეტარ არიან წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" (მთ. 5,8).
XX საუკუნემ თავისი უხეში პრაგმატიზმით, ურწმუნოებითა და უსულოებით დაამახინჯა და დაასახიჩრა მილიონობით ადამიანთა სული. რწმენის დაკარგვის გამო ისინი დამძიმდნენ, გაბოროტდნენ და აღდგნენ ერთმანეთის წინააღმდეგ; მათ თავიანთი უბედურების მიზეზის ძებნა სხვაში დაიწყეს, მარტივი ჭეშმარიტება კი დაივიწყეს, რომ ყველაფრის სათავე ჩვენ თვითონ ვართ, რომ დანაშაული თითოეულ ჩვენგანშია, ჩვენს უმეცრებაში, სულიერ სიღატაკესა და დაცემაშია.
რაკი ხალხი ასეთი მოუმზადებელია, ეკლესიამ უნდა გამოიჩინოს მეტი მოთმინება, მორჩილება, დაიმდაბლოს თავი, შემწყნარებელი თვალით შეხედოს ადამიანთა უძლურებებს და შეძლებისდაგვარად სწორი მიმართულება მისცეს მის ყოფას. ჩვენ ყველა უნდა შევიყვაროთ და არავის არ უნდა ვკრათ ხელი; არც ლოთებს, არც ნარკომანებსა და ქურდებს, არც მეძავებს, არც ბოროტმოქმედთ, არც ურწმუნოთ. ღმერთმა ინებოს, ყველანი ჭეშმარიტი სინანულით მოვიდნენ ეკლესიაში და მიიღონ კურნება სულისა.
მხოლოდ ეკლესიაში პოვებს კაცი ცხოვრების აზრს და შინაგან მშვიდობას, რადგან აქ ხდება ადამიანის შეხვედრა უფალთან. ერთ პიროვნებას, რომელსაც დიდი განსაცდელი შეხვდა, ჰკითხეს: საიდან გაქვს ასეთი შინაგანი სიმტკიცე და ღრმა რწმენა? პასუხი ასეთი იყო: მე ეკლესიაში გავიზარდე.
მართლაც, მას, ვინც სულიერად ეკლესიაში დაიბადა და გაიზარდა, ვერ მოერევა სასოწარკვეთა, შური, ეჭვი, შიში და გაუტანლობა, რადგან უფალი არის მასთან და მადლი ღვთისა იცავს მას.
სამწუხაროდ, დღეს ძალიან ცოტას ფიქრობენ სულიერობასა და მორალზე, სამაგიეროდ ხშირად საუბრობენ სოციალურ, პოლიტიკურსა და ეკონომიკურ კრიზისზე.
ერთი შეხედვით ძნელია, ილაპარაკო ზნეობაზე, ამაღლებულ თემებზე, როცა ხალხს არ ჰყოფნის პროდუქტი, არ გაიცემა პენსიები და ხელფასები, არ არის სამუშაო ადგილები და მოსახლეობა მეტად გაღიზიანებულია. მხოლოდ მცირე ნაწილი უძლებს ღირსეულად დროის ამ გამოცდას.
ტოტალიტარული რეჟიმის დროს ადამიანი შეეჩვია, რომ ყველა საკითხს ხელისუფლება წყვეტდა, პიროვნება კი მისი მექანიკური შემსრულებელი იყო. ახლაც მრავლად არიან ისეთნი, რომლებიც ძველებურად სახელმწიფოსაგან ელიან მზამზარეულ რეცეპტებს და დროის მოთხოვნილების შესაბამისად ვერ მოქმედებენ. ეს არც არის გასაკვირი. ადრე კერძო ინიციატივა უცხო იყო საზოგადოებისათვის, ახლა კი, როცა დრო შეიცვალა და ამის გარეშე უკვე შეუძლებელია ცხოვრება, ადამიანებს სწრაფი გარდატეხა უჭირთ.
ჩვენი ყოფა დადებითისკენ რომ შეიცვალოს, აუცილებელია, ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს მოსახლეობის საშუალო ფენის ჩამოყალიბებას, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით მიიღწევა. ყველა კარგად ხედავს, რომ დღეს ქვეყანა ძირითადად ორი ნაწილისაგან – უკიდურესად ღარიბთა და მდიდართა ფენებისაგან შედგება, რომელთა შორის უფსკრული სულ უფრო ღრმავდება. საშუალო ფენა არის სახელმწიფოს დასაყრდენი, ამიტომაც მეწარმეობის განვითარება დროის მოთხოვნა და ჩვენი გადარჩენის საწინდარია.
მე ვთხოვ ჩვენს ხელისუფლებას, ყველას, ვისზეც არის დამოკიდებული ამ მიმართულების განვითარება, იქნებ როგორმე გამოიძებნოს საშუალება, რათა დამწყები მეწარმენი დროებით მაინც განთავისუფლდნენ გადასახადებისაგან. ეს მოუხსნის მათ წარუმატებლობის კომპლექსს და გაუღვივებს საქმისადმი ინტერესს.
სახელმწიფომ უნდა დააარსოს მცირე ბიზნესის შემსწავლელი სკოლებიც და თუ იქ უცხოეთიდან მოწვეული გამოცდილი სპეციალისტები წაიკითხავენ ლექციებს, ეს მალე დიდ შედეგს მოგვცემს.
მეწარმეებს აქვთ ერთი ასეთი გამოთქმა: "თუ ეჭვობ, არ გააკეთო, თუ არ ეჭვობ – მოიფიქრე". და მართლაც, ვინც წარმოების ჩამოყალიბებას გადაწყვეტს, კარგად უნდა გაანალიზოს ყოველივე, მცოდნე ადამიანებს რჩევა ჰკითხოს, შეაჯეროს მოპოვებული ინფორმაცია და მხოლოდ შემდეგ შეუდგეს იდეის ხორცშესხმას.
ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ჩვენი მეწარმეები უშვებენ, ის არის, რომ გრანდიოზულ გეგმებს აწყობენ, დიდ საქმეებს ეჭიდებიან და სწრაფად გამდიდრება სურთ.
სინამდვილეში კი, წარმატებას რომ მიაღწიო, მცირედით, შეიძლება ითქვას, უმნიშვნელოთი უნდა დაიწყო, გამოცდილება თანდათან შეიძინო და საქმიანობა გააფართოო. მაშინ იქნება წამოწყება რელური და იმედის მომცემი.
მინდა ერთი პატარა მაგალითი მოვიტანო:
აშშ-ში ვიზიტის დროს ჩვენმა დელეგაციამ დაათვალიერა მცირე ქარხანა, რომელიც ორ ძმას ეკუთვნის. ეს ქარხანა რძით და რძის პროდუქტებით ამარაგებს ხუთ მილიონ ადამიანს. ჩვენ მეგზურობას ერთ-ერთი მეპატრონეთაგანი გვიწევდა და თანაც თავისი ოჯახის ისტორიას გვაცნობდა. გვითხრა, რომ ადრე მშობლებთან ერთად ღარიბულად ცხოვრობდა გერმანიაში. შემდეგ გადაწყვიტეს ამერიკაში წასვლა. ნასესხები თანხით შეიძინეს ბილეთი და გაემგზავრნენ.
უკვე ამერიკაში ყოფნისას გაჭირვებით იყიდეს ერთი ძროხა, შემდეგ მეორე, მესამე... და გახდნენ ფერმერები. მერე ფერმა გაყიდეს, შეიძინეს მიწა და ააშენეს რძის გადამამუშავებელი საწარმო (კომბინატი), რომელიც დღეს, როგორც აღვნიშნეთ, ხუთ მილიონ ადამიანს აწვდის პროდუქტს.
ეს მაგალითი იმიტომ მოვიტანე, რათა ხალხმა იცოდეს, რომ დღეს არას მქონე, მაგრამ გონიერი ადამიანი, თავისუფლად შეიძლება ხვალ გამდიდრდეს. ამიტომაც გული არ უნდა გავიტეხოთ და ღვთის შეწევნის იმედი არ უნდა დავკარგოთ.
საჭიროა კეთილგონიერება, შრომისმოყვარეობა და მტკიცე ხასიათი.
მინდა ვუთხრა ახლადდამწყებ მეწარმეებს: არ შეუშინდეთ მარცხს. თუ ერთ საქმეში არ გაგიმართლათ, ხელი მოკიდეთ მეორეს. კარგად გააცნობიერეთ თქვენი შესაძლებლობები, შეისწავლეთ თქვენივე თავი, ნუ იქნებით სხვისი დახმარების მომლოდინე, გამოიჩინეთ საზრიანობა და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.
ცნობილი ბიზნესმენი, ჰენრი ფორდი ასეთ რჩევა-დარიგებებს იძლევა:
1. "არ გირჩევთ მთავარი ყურადღება მიაქციოთ ფინანსურ წარმატებას. ყოვლისმომცველი ზრუნვა ფულის დაგროვებისათვის მოადუნებს თქვენს სიფრთხილესა და შიშს არასწორი ნაბიჯის გადადგმის გამო.
2. თუ თქვენ ვინმესგან მოითხოვთ, რომ მან თავისი დრო და ენერგია საქმეს მოახმაროს, იმაზეც იზრუნეთ, რომ ფინანსური პრობლემები მოუხსნათ. დაკვირვება გვიჩვენებს: მუშახელის მაღალი ანაზღაურება და კონტროლი საქმეში ყველაზე მომგებიანი პროცესია.
3. როდესაც მყიდველის ან დაქირავებული პირისაგან შემოსავლის (მოგების) ამოღება სრულად ხდება, ეს საქმის ცუდ წარმართვაზე მოწმობს. უფრთხილდით საქონლის ხარისხის დაცემას და ხალხის განაწყენებას, უფრთხილდით ხელფასის შემცირებას.
4. წარუმატებლობა შედეგია შიშის, უმოქმედობის, უდარდელობისა და უზრუნველობის. შიშის უკუგდებით მოდის სიმტკიცე და ბარაქა. მაშ, განძლიერდით და შეუდექით საქმეს. დაე, მოწყალება სუსტებმა მიიღონ".
უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ არ შეიძლება ყველა პრობლემის ერთბაშად გადაჭრა, რომ აუცილებელია ზუსტად გამოიკვეთოს პირველი რიგის ამოცანები, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა ვიყოთ მიზანსწრაფულნი და მობილიზებულნი. წმინდა მამები, და საერთოდ, გონიერი ადამიანები საოცრად მიზანმიმართულნი იყვნენ. ისინი დიდი მოთმინებით ეძიებდნენ მიზნის განხორციელებისთვის ხელშემწყობ გზებს, ყოველ ნაბიჯს ღრმად აანალიზებდნენ და ყველა შესაძლო შედეგს ითვალისწინებდნენ.
ჩვენს წ. აღ-მდე V საუკუნის ჩინელი ფილოსოფოსის, ლე-ცზის ნაშრომში ვკითხულობთ ასეთ მაგალითს:
მასწავლებელი თავის მოწაფეს მშვილდის სროლაში ავარჯიშებდა. მოწაფემ მიზანს მოახვედრა და მასწავლებელს სთხოვა, ახლა სხვა დავალებანი მიეცა მისთვის. მან ჰკითხა: - იცი კი შენ რატომ მოახვედრე მიზანში? ყმაწვილმა უპასუხა: - არა. მაშინ მასწავლებელმა მიუგო: - ესე იგი, ეს ხელობა შენ ჯერ კიდევ არ იცი.
მოსწავლე სახლში დაბრუნდა და სამი წელი თავდაუზოგავად მეცადინეობდა. შემდეგ კვლავ მივიდა პედაგოგთან და უჩვენა თავისი შესაძლებლობები. ხოლო როდესაც მან იგივე კითხვა გაუმეორა, უყოყმანოდ უპასუხა: "ვიცი".
მასწავლებელმა დიდად გაიხარა და უთხრა: აი, ახლა კი ნამდვილი ოსტატი ხარ. გაუფრთხილდი შენს შესაძლებლობებს და არ დაკარგო იგი. ცხოვრების ასეთი წესი დაგეხმარება არა მარტო მშვილდის სროლაში, არამედ სახელმწიფოს მართვაშიც და შენს თავზე მუშაობის დროსაც, რადგან ბრძენი არა სიცოცხლეს ან სიკვდილს იძიებს, არამედ მათ მიზეზებს.
იგივე ლე-ცზი გვასწავლის, რომ ის, ვინც სილამაზის გაფურჩქვნის პერიოდშია – ქედმაღალია, ვისაც ძლიერების დრო უდგას – თავაშვებული. ამიტომ არ შეიძლება ლაპარაკი სიბრძნეზე, რადგანაც რჩევას ისინი არ იღებენ, მარტოდ დარჩენილნი კი მრავალ შეცდომას უშვებენ.
"გონიერი კაცი ბრძენს დაეყრდნობა, რადგან კიდევაც რომ მოხუცდეს, არ დაჩაჩანაკდება და გონებაც რომ დაუსუსტდეს, არ დაიბნევა", - გვასწავლის ჩინური სიბრძნე. ყოველთვის უნდა ვცდილობდეთ, ჩვენს გვერდით გონიერი ადამიანები იყვნენ, რათა მათთან ურთიერთობით ანალიტიკური აზროვნების უნარი გავიღრმავოთ, რაც უხეში შეცდომებისაგან დაგვიცავს.
XX საუკუნეს რომ ვაანალიზებთ, უწინარესად თვალს ხვდება გაამპარტავნებული და გადიდგულებული ადამიანი; მეცნიერებასა და ტექნიკაში საოცარმა აღმოჩენებმა მისი გონება უსაზღვრო სიამაყით აღავსო. პატივმოყვარეობამ ისეთ ზღვარს მიაღწია, რომ მან უარყო ყოველივე, რასაც თავისი აზროვნებით ვერ მისწვდა. გააზრებული, გამიწიერებული რწმენისაკენ ლტოლვამ ერთიანად მოიცვა მისი გონება. ამ მდგომარეობას ცნობილი ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი პავლე ფლორენსკი თავნებობის, სატანისეული ამპარტავნების საწყისს უწოდებს, რომლისგანაც წარმოდგება სურვილი ღმერთის უარყოფისა, რათა მისი ადგილი ადამიანმა დაიკავოს.
ამ სენით იყო ჩვენი საზოგადოება 70 წლის მანძილზე დაავადებული. სამწუხაროდ, ამ ავადმყოფობამ შეარყია ხალხში ღვთის შიში და საერთოდაც მის სულში ღრმა კვალი დატოვა.
მხოლოდ ამით შეიძლება აიხსნას ის საოცარი ფაქტი, რომ ნასუფრალის მიღების სურვილით შეპყრობილი ადამიანები ადვილად იცვლიან სარწმუნოებას, უარყოფენ ჩვენს ისტორიას, ტრადიციებს, ჩვენს სარწმუნოებას, ეროვნულ კულტურას და ბრმა მიმდევარნი ხდებიან ამა თუ იმ სექტისა. ასეთნი ხშირად ამბობენ: ღმერთი ერთია და რა მნიშვნელობა აქვს, როგორი რწმენა გვექნება და სად ვილოცებთო.
ღმერთი მართლაც ერთია, ჭეშმარიტებაც ერთია. არ შეიძლება არსებობდეს ათი, ასი, ათასი ჭეშმარიტება და ამდენივე ღმერთი. მათ შორის მხოლოდ ერთია ნამდვილი და მართალი. ამ ჭეშმარიტ ნათელს ჩვენი წინაპრები მსოფლიოში ერთ-ერთნი პირველნი ეზიარნენ 2000 წლის წინ, უშუალოდ მოციქულთაგან შეითვისეს და შეისისხლხორცეს იგი. ამიტომაც, ვინც დღეს ცდილობს ეს ნათელი დაუხშოს ხალხს და ფსევდოჭეშმარიტებით შეუცვალოს (სთავაზობს რა არჩევანის დიდ შესაძლებლობას), უზარმაზარ ცოდვას იდებს ღვთისა და ერის წინაშე.
ურწმუნოება ან ნელთბილი სარწმუნოებაა მიზეზი იმისა, რომ ასე გავრცელებულია ისეთი უარყოფითი მოვლენები, როგორიცაა ნარკომანია, ლოთობა, აბორტი, მოსახლეობის მორალური დაცემა, ოჯახის რღვევა და ა.შ.
სამწუხაროდ, ტელევიზია, პრესა და ფილმები, რომლებიც პროპაგანდას ეროტიკას და ძალმომრეობას უწევენ, ბოლომდე არღვევენ საზოგადოების ჯერ კიდევ შემორჩენილ ზნეობრივ ჯებირს. და ეს ყველაფერი დღეს თავისუფლებისა და დემოკრატიის სახელით ინიღბება.
ეს არ არის დემოკრატია; ესაა ყველაზე მდაბალი ვნებების თარეში; ეს არის ფსევდოკულტურა, რომელიც თავს მოახვიეს ჩვენს ახალგაზრდობას.
ამ უარყოფითი მოვლენების გამო ჩვენ ყველანი პასუხისმგებელნი ვართ. და თუ რამის გამოსწორება გვინდა, ისევ ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ. სახელმწიფო, ეკლესია, სკოლა (სასწავლებელი) თუ ოჯახი ერთი და იმავე პრობლემის წინაშე დგას.
საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო და დარჩება ერის სულიერ გამაერთიანებელ ძალად, ამიტომაც ეკლესია უნდა დაეხმაროს სახელმწიფოს – როგორც კოორდინატორს, - ყოველი სასიკეთო ნაბიჯის გადადგმისას, რა თქმა უნდა, იგივე მიმართულება უნდა ჰქონდეს სკოლასაც და ოჯახსაც.
1998 წელი მძიმე იყო. შინაური თუ გარეშე მტერი ცდილობდა არეულობა შეეტანა როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე, კერძოდ, ეკლესიაშიც. ფაქტია, უცხო ძალა ყოველთვის პოულობდა და პოულობს თავისი ბოროტი ზრახვების განმახორციელებლებს ჩვენს შორის.
მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო იმ სასულიერო პირებსაც რომელნიც განუდგნენ დედა ეკლესიას და ამით უარი თქვეს სულიწმინდის მადლზე. ისინი ხის მოჭრილი ტოტებივით არიან, რომელნიც თავშესაფარს მოსკოვში, საბერძნეთსა თუ ამერიკაში (ბოსტონში) ეძებენ უმადლო მწვალებლებთან და ავიწყდებათ უფლის სიტყვები: "როგორც ლერწი თავისუფლად ვერ გამოიღებს ნაყოფს, თუკი არ შერჩება ვაზს, ასევე თქვენც".
ეს ადამიანები დაუსრულებლად განგვიკითხავენ, გვლანძღავენ და შეურაცხგვყოფენ, გაოცებას იწვევს მათი ღვარძლი და გაბოროტება. ნუთუ ასეთია მათი გაგებით ქრისტიანობა?
მაგრამ ეს არ არის მთავარი; უმთავრესი და მეტად სამწუხარო ის არის, რომ მათი და მათ მიმდევართა მარადიული სული ისეთი ცოდვით იღუპება, რომლის მსგავსი არ ახსოვს საქართველოს ეკლესიის ისტორიას. საქმეში გაუცნობიერებელი ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ ჯოჯოხეთის საშინელ ცეცხლს ეთამაშებიან. და რაოდენ სამწუხაროა, რომ მათ ეს განაჩენი თავს თვითონვე გამოუტანეს. ასეთ საერო და სასულიერო პირებზე მხოლოდ დანანებით შეიძლება ილაპარაკო.
ვაფრთხილებ ყველა მორწმუნეს: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან განდგომილ მღვდელმსახურებს მსოფლიო და ადგილობრივი კრებების დადგენილებებისა და წმინდა მამების სწავლების თანახმად, მღვდელმსახურება აკრძალული აქვთ (ზოგიერთი განიკვეთა კიდეც) და არავითარი უფლება არ გააჩნიათ წირვა-ლოცვის ჩატარების ან რაიმე წესის შესრულებისა. ამიტომაც მათ მიერ გადახდილი პანაშვიდი, მიღებული აღსარება, ჩატარებული ნათლობა, ქორწინება, სახლის კურთხევა თუ ზიარება და ა.შ. არის სიცრუე, თავის მოტყუება და უდიდესი ცოდვა როგორც ამ "მოძღვრებისათვის", ისე იმ საერო პირთათვის, ვინც მათ ამგვარ საქმეთათვის მიმართავს.
განდგომილნი ხიბლის მდგომარეობაში იმყოფებიან. ასეთი დანაშაულის ჩამდენთ, როგორც წესი, ეშმაკი მძიმე განსაცდელში აგდებს, რომლისგანაც განთავისუფლება მეტად ჭირს; ზოგჯერ კი შეუძლებელია, რადგან ერთმევათ უნარი საკუთარი თავის დანახვისა.
ამიტომაც აუცილიბელია მათთვის ლოცვა, რათა თავიანთი ნამდვილი სახე იხილონ და გააცნობიერონ თავიანთი მდგომარეობა. შევსთხოვ უფალს, შეეწიოს მათ უძლურებას.
რაც შეეხება საქართველოს ეკლესიას, იგი მუდამ იყო და იქნება მართლმადიდებელი და ვერავითარი გარეშე და შინაური ბნელი ძალა ვერ შეარყევს მის საფუძველს.
ჩვენი ყოფისთვის დამახასიათებელი ყველა სიძნელის მიუხედავად, გასულ წელს მაინც იყო გარკვეული წარმატებები, განსაკუთრებით მეცნიერების, ხელოვნების, კულტურის დარგში. ეკლესიამაც თავისი წვლილი შეიტანა ხალხისათვის ზრუნვის საქმეში. როგორც თბილისში, ისე სხვა ეპარქიებში ფუნქციონირებდა საპატრიარქოს გახსნილი უფასო სასადილოები, გარკვეულ დახმარებას იღებდნენ მრავალშვილიანი ოჯახები. ძეგვის ბავშვთა სახლში კვლავაც პატრონობენ ქუჩიდან აყვანილ 115 უსახლკარო ბავშვს. მალე თბილისში გაიხსნება საეკლესიო საავადმყოფო გაჭირვებულთათვის.
1998 წელი იმითიც იყო მნიშვნელოვანი, რომ შეივსო მღვდელმთავართა რიცხვი. ახლა უკვე 27-ივე ეპარქიას თავისი მმართველი – მიტროპოლიტი, მთავარეპისკოპოსი ან ეპისკოპოსი ჰყავს. მთელს საქართველოში მიმდინარეობს ეკლესია-მონასტრების აღდგენა, ან ახლის მშენებლობა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სასულიერო განათლებას. საქართველოში ფუნქციონირებს ორი სასულიერო აკადემია, ოთხი სასულიერო სემინარია, გახსნილია საეკლესიო გიმნაზიები, სამრევლო სკოლები, წარმატებით მუშაობს გელათის მეცნიერებათა აკადემია.
ამ წელს ზეიმით აღინიშნა თბილისის სასულიერო აკადემიის 10 წლისთავი. ეს სასწავლებელი იძლევა თვალსაჩინო მაგალითს მაღალი სულიერობისა და ასევე მაღალი აკადემიური დონისა.
შემოდგომაზე საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტმა გამართა სამდღიანი კონფერენცია ახალგაზრდობის აღზრდის თემაზე. წარმოდგენილი იყო დაახლოებით 50 მოხსენება, რომელთა შორის ბევრი ჩვენს ცნობილ მეცნიერებს ეკუთვნოდა.
დიდი კმაყოფილებით გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ეკლესიასა და თავდაცვის სამინისტროს შორის 1998 წელს დადებული იქნა ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
ამ წელსვე საპატრიარქოში შეიქმნა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფებთან ურთიერთობის განყოფილება.
მოძღვრების ხელმძღვანელობით მორწმუნეთა სახლებში მოგზაურობენ ხატები. წინასწარ შედგენილია სიები იმ ოჯახებისა, სადაც ერთი კვირის განმავლობაში ღვთისმშობლის ან წმინდა გიორგის ხატი უნდა მიბრძანდეს. უკვე მრავალი ოჯახი დაილოცა მათი მადლით და კვლავაც მრავალი დაილოცება.
იწურება ჩვენი წელთაღრიცხვით მეორე ათასწლეული და, ბუნებრივია, ისმის კითხვა: რა როლი ეკისრება თითოეულ ჩვენგანს მესამე ათასწლეულის მიჯნაზე. რა არის ჩვენი მოვალეობა?
"თითოეულმა ჩვენგანმა, - როგორც ბრძანებს ბასილი დიდი, - უნდა იგრძნოს, რომ ვართ ჭურჭელი კეთილსურნელოვანი, რომელსაც სიცოცხლე ღმერთმა მოანიჭა, ამიტომაც უნდა შევასხათ ქება შემოქმედს. ამქვეყნად იმიტომ დავიბადეთ, რომ ღირსეულად ვადიდოთ იგი სიტყვით და საქმით.
მთელი სამყარო ჩვენს წინაშე გადაშლილი ცოცხალი წიგნია, რომელიც ღაღადებს დიდებას უფლისას და კაცთა გონიერ ნაწილს აუწყებს იდუმალ და დაფარულ ბრწყინვალებას ღვთისას ("მაგალითები და გაკვეთილები ქრისტიანული სარწმუნოებისა", მ., 1900 წ. გვ. 176).
ამიტომაც, უპირველეს ყოვლისა, ნათლად უნდა განვსაზღვროთ, რისი გაკეთება შეგვიძლია ამქვეყნად, რომელიც ღვთის წინაშე სათნო იქნება; აუცილებლად უნდა გავაცნობიეროთ, რა არის სიკეთე და რა – ბოროტება, რომელ გზას მივყავართ ცხონებისაკენ და რომელს – დაღუპვისაკენ. ჩვენ მომსწრე ვართ ორი მსოფლიო ომის, მეცნიერებისა და ტექნიკის უჩვეულო მიღწევების, უღმერთობის ხანის, გენური ინჟინერიისა და კლონირების მეთოდის დანერგვის, არნახული ზნეობრივი და სულიერი დაცემის; დადებითიცა და უარყოფითი მოვლენებიც მთელი ძალით დაატყდა თავს ადამიანს და მის წინაშე მთელი სერიოზულობით დაისვა კითხვა: სად არის გამოსავალი? არსებობს კი იგი საერთოდ?
ხსნა მხოლოდ ღმერთშია. უფალი თითოეულ ჩვენგანს უხმობს: "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ" (მთ. 11,28), რადგან "თვინიერ ჩემსა არა რაი ძალგიც ყოფად" (ინ. 15,5).
დიახ, ხსნა მხოლოდ ადამიანისა და ღმერთის ერთობაშია.
ხსნა ისეთ სიყვარულამდე ამაღლებაშია, ახალი აღთქმა რომ გვასწავლის: "სიყვარული სულგრძელია და ტკბილი; სიყვარულს არ შურს; სიყვარული არ ქედმაღლობს, არ ზვაობს, არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ განიზრახავს ბოროტს; არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს. ყველაფერს იფარავს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს" (1 კორ. 13, 4-7). თუ მოვიპოვებთ ასეთ მადლს, ღვთის შვილობის ღირსი გავხდებით.
ღმერთი გულში ივანებს. ამიტომაც ბრძენი სოლომონი გვაფრთხილებს: "დაიცავი გული ყოველ დასაცავზე მეტად" (იგავ. 4,23).
რწმენით, სიყვარულითა და იმედით აღვსილი ყველას გულითადად გილოცავთ ქრისტეშობის დიდებულ დღესასწაულს.
დაე, დამდეგი წელი იყოს მშვიდობის, სიკეთის, ურთიერთგაგების წელი. შევსთხოვ უფალს, თქვენი გული წმინდა ყოს და სული წრფელი მოგანიჭოთ თქვენ.
მარადის ხარობდეთ. გამუდმებით ილოცეთ.
მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის (1 თეს. 5, 16-18).
მაშ, მოდი, ნათელო ჭეშმარიტო!
ქრისტესმიერი სიყვარულით
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ქრისტეს შობა
1998/99 წ.
საშობაო ეპისტოლე - 1994
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს:
"მცირე ხნით მყავდი მიტოვებული და
წყალობითა დიდითა შეგიწყალებ შენ" (ისაია 54,7).
უფლის წყალობით კვლავ გავხდით ღირსნი ქრისტეს შობის ზეიმისა. ისევ დადგა დღე ღვთის განხორციელების საიდუმლოზე განსაკუთრებული დაფიქრებისა. ძე ღვთისა, შემოქმედი და განმგებელი ხილული და უხილავი სამყაროსი, ბეთლემის გამოქვაბულის ბაგაში იშვა, - "სიტყვა იგი ხორციელ იქმნა".
პირველნი, ვისაც ეუწყა ყრმა ღმერთის ამქვეყნად მოვლინება, იყვნენ უბრალო ბეთლემელი მწყემსები და არა ძლიერნი ამა სოფლისანი, არც მოძღვრები ძველი აღთქმისა.
და დედამიწას მოეფინა საგალობელი: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება".
ღვთის უსაზღვრო და უნაპირო სიყვარული, ერთი მხრივ, და ღვთაებრივი სიმდაბლისა და მორჩილების საოცარი მაგალითი, მეორე მხრივ, - მთელი თავისი სიდიადით განცხადდა ქრისტეს შობით. "რადგანაც ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყანა და არ შეურაცხა ხალხს მისი ცოდვანი და მოგვცა ჩვენ შერიგების სიტყვა" (2 კორინ. 5,19).
სიყვარული და თავმდაბლობა, - ეს ის თვისებანია, რომლითაც შემკული უნდა იყოს ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი. ადამიანს შეიძლება მაღალი თანამდებობა ჰქონდეს, ან გამოირჩეოდეს მეცნიერული მოღვაწეობით, მაგრამ ჭეშმარიტად დაფასებული იგი მაშინ იქნება, თუ სიყვარული და თავმდაბლობა აქვს, მაშინაა იგი ღვთისთვისაც და ხალხისთვისაც ახლობელი და გამორჩეული.
თითოეული ჩვენგანი სამი დროით ცხოვრობს: წარსულით, აწმყოთი და მომავლით. წარსულს ვერ შევცვლით და ვერც დავაბრუნებთ, მომავალი კი დღევანდელი დღით განისაზღვრება და მისგან გამომდინარეობს.
მეოცე საუკუნე, რომელმაც შვა ორი მსოფლიო და მრავალი სამოქალაქო ომი, რომლის დროსაც ჩამოყალიბდა მანამდე არნახული ტოტალიტარული რეჟიმი, ისტორიაში შევა არა მარტო როგორც სოციალ-პოლიტიკურ და სამეცნიერო-ტექნიკურ მიღწევათა ხანა, არამედ, უფრო მეტად, როგორც საშინელი ძვრების, არაადამიანობის, აგრესიულობის, გულგრილობის, აპათიის, შურის, ბოროტების საუკუნე.
რა არის ეს, ბუნებრივი პროცესი თუ ქაოსი "პირდაღებული უფსკრულისა"? - როგორც უწოდებდნენ ცხოვრებას ანტიკურ დროში. ეს ყოველი შედეგია არასულიერობის, ურწმუნოებისა და ნიჰილიზმისა.
თავის დროზე პიროვნებამ დაკარგა რწმენა ღვთისა. ახლა იგი კარგავს რწმენას ადამიანისა, ანუ თავის ძალისა და შესაძლებლობებისა, რაც მოსალოდნელი იყო, მაგრამ თუ ადამიანი ჭეშმარიტ სარწმუნოებას დროზე არ დაუბრუნდა, ეს პროცესი მეტად საშიშ ფორმებს მიიღებს, რადგან სულიერი თვითგვემა უკვე თავზეხელაღებულობამდე მიდის.
ხანდახან გგონია, რომ მთელი სამყარო ბნელითაა მოცული და ცხადდება ჩვენზე ისაია წინასწარმეტყველის სიტყვები: "თქვენი უკეთურებანი იყო გამყოფი თქვენსა და თქვენს ღმერთს შორის და თქვენმა ცოდვებმა დაფარეს მისი სახე თქვენგან და აღარ ესმოდა მას, რადგან თქვენი ხელები სისხლით არის შეღებილი და თითები თქვენი - უკეთურებით. თქვენი ბაგეები სიცრუეს მეტყველებენ, თქვენი ენა სიბილწეს ლაპარაკობს" (ისაია 59,2-3).
ჭეშმარიტად, უღმერთოების მიზეზით დაბნელდა სულიც და გონებაც ჩვენი. ადამიანმა დაკარგა უნარი თეთრის და შავის, სიკეთის და ბოროტების გარჩევისა და იქცა იარაღად ეშმაკისა.
ყოველგვარ სიკეთეს მოკლებულმა ბოროტმა ძალამ შურის გამო სინათლე წაართვა ადამიანებს და ცდილობდა და ცდილობს მის ჩაქრობას, რასაც კეთილი ნების დათრგუნვა მოჰყვა. ნაცვლად იმისა, რომ ნათლით გაბრწყინებულიყო, ადამიანი ბოროტის სადგურად იქცა. ღვთის ნიშანდებული, ამპარტავნებისა და თვითდაჯერებულობის გამო, ეშმაკის მიერ ცდუნდა, ეშმაკისა, რომელსაც ასე მიმართავს წმ. ისაია: "როგორ ჩამოემხე ციდან მთიებო, ძეო განთიადისა! მიწას დაენარცხე, ხალხთა მტარვალო! გუშინ ამბობდი: ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილო კალთებზე. მაღლა ღრუბლებში ავიჭრები, უზენაესს გავუტოლდებიო! მაგრამ შავეთში ჩადიხარ, ქვესკნელის უფსკრულებში" (ისაია 14,12-15), ხოლო მაკარი დიდი ბრძანებს: ეშმაკმა, დაიპყრო რა ადამიანი, დასვარა და დაატყვევა სული მისი ქვესკნელის ძალებით და არ დატოვა მისი ერთი ნაწილიც კი თავისი ძალაუფლების გავლენის გარეშე: აზრები, გონება, სხეული, შავი პორფირით დაფარა... და გახდა სხეული ტანჯული და ხრწნადი. ძველი აღთქმის კაცი განიმოსა სრულყოფილების სამოსისაგან და ატარებს ჯოჯოხეთის ტანსაცმელს, ტანსაცმელს შეურაცხყოფის, ურწმუნოების, უტიფრობის, ამპარტავნების, პატივმოყვარეობის, ვერცხლისმოყვარეობის, გარყვნილების და სხვა არაწმინდა და საზიზღარი ძონძებისა.
მაცხოვარი ბრძანებს: "ხალხმა უფრო მეტად შეიყვარა ბნელი, ვიდრე ნათელი, ვინაიდან ბოროტნი იყვნენ მათი საქმენი, რადგანაც ყველა ბოროტმოქმედს სძულს ნათელი, და არ მიდის ნათლისაკენ, რათა არ გამჟღავნდეს მისი საქმენი" (იოვანე 3,18-20). მაგრამ არ შეიძლება ეს პროცესი ასე გაგრძელდეს; უნდა მოხდეს ხალხის გონების და შემდეგ სულის განკურნება და ღმერთთან დაბრუნება. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მოყვასს ფეხზე დადგომაში.
მოვლენების რეალური შეფასების, ზნეობის და მორალური კრიტერიუმების კატასტროფული დაცემის მიუხედავად, უნდა შევძლოთ ადამიანში ღვთის ხატების დანახვა, ადამიანურ გადახრათა ამპლიტუდის შეცნობა, რათა ვაღიაროთ ჯოჯოხეთამდე დაცემული სულის ცამდე ამაღლების რეალურობა.
უნდა შევძლოთ, სიკეთის მარცვალი დავინახოთ ყოველ გზააცდენილში, ბოროტმოქმედსა და მკვლელში. ამასთან აუცილებელია მათში არა მარტო ამ მაცოცხლებელი ნაპერწკლის აღმოჩენა, არამედ მისი გაღვივებისა და აღორძინებისათვის გზების ძიება.
განსაცდელი - მრავალრიცხოვანი და მძიმე - აი, ჩვენი ხალხის გადარჩენის გზა. მხოლოდ მათი წყალობით შეძლებს ერი და თითოეული ჩვენგანი დაინახოს სიღრმე ჩვენი დაცემისა, გაიცნობიეროს ხასიათის თავისებურებანი, მისი სისუსტენი და გამოფხიზლებულმა მოიძიოს გზა გადარჩენისა.
ამიტომაც განსაცდელში ჩვენ ღვთის დიდ სიყვარულსა და ზრუნვას ვხედავთ. "განსაცდელგამოვლილი მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, რომელიც ღმერთმა აღუთქვა თავის მოყვასთ" (იაკობი 1,12) - ვკითხულობთ წმ. წერილში.
მთავარია, დავინახოთ ჩვენი ნაკლოვანებანი, ჩვენი ცოდვები და ღვთის იმედით აღვსილნი სინანულისა და გამოსწორების გზაზე დავდგეთ, სულიერი ფერისცვალებისთვის მოვემზადოთ.
მაცხოვრის მადლით, მორწმუნე ადამიანის გონება განახლების პროცესს განიცდის. იგი განეშორება სიცრუეს, თავს იკავებს სიფიცხისა და მრისხანებისაგან. გაურბის ბოროტებას, ავსიტყვაობას; ის კეთილი, სიმართლის მოყვარული და თანამგრძნობელი ხდება და სულ სხვანაირად აღიქვამს თავის თავს.
დღეს ახალგაზრდებში უკვე იგრძნობა ის პროცესი შემობრუნებისა. რა თქმა უნდა, ჩვენს გარშემო ჯერ კიდევ ბევრი ნაკლოვანებაა: ქურდობა, მკვლელობა, ამორალურობა, ძალადობა და სხვა, მაგრამ კარგის მაგალითებიც უნდა დავინახოთ.
მრავალმა ახალგაზრდამ შესწირა თავი სამშობლოს დაცვას, მრავალმა მოქალაქემ გაიღო წვლილი ომში წასულთა თუ გაჭირვებულთა დასახმარებლად, ბევრმა ოჯახმა შეიფარა ლტოლვილნი. ხალხს ესმის ქვეყნის მძიმე მდგომარეობა და უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად მოთმინებით იტანს ცხოვრების სიმძიმეს. ამასთან შექმნილია მართლმადიდებელ ქრისტიანთა ჯგუფები, რომლებიც საკუთარი მიწა-წყლიდან დევნილებს ეხმარებიან, უვლიან დავრდომილებს, დაჭრილებს, დადიან საავადმყოფოებსა და ციხეში; აგროვებენ ტანსაცმელს პროდუქტს, მედიკამენტებს, რომ დაეხმარონ გაჭირვებულებს; და ყოველივე ამას აკეთებენ სრულიად უანგაროდ, რწმენითა და კაცთმოყვარეობით.
შორეული, მაგრამ ღვთისაგან შეყვარებული და კურთხეულია ივერია; წმ. წინასწარმეტყველი ისაიას სიტყვებით ასე მოგვმართავს უფალი: "ნუ გეშინია, რადგან მე გიხსნი შენ, შენი სახელით მოგიწოდე, ჩემი ხარ შენ" (ისაია 43,1-2). "აღმოსავლეთიდან მოვიყვან შენს ნატამალს და დასავლეთიდან შემოგკრებ; ვეტყვი ჩრდილოეთს: გაუშვი! და სამხრეთს: არ დააკავო! მოიყვანე ჩემი ვაჟები შორეთიდან და ჩემი ასულები - ქვეყნის კიდიდან" (ისაია 43,5-6). ბნელისაგან ნათლის დაბადება - საიდუმლოებით მოცული მოვლენაა, რომელიც ღვთის მადლის უშუალო მონაწილეობით ხდება ჩვენში. ამიტომაც საჭიროა გაძლიერებული ლოცვა, რომ დავაჩქაროთ ბოროტისაგან ჩვენი საზოგადოების განთავისუფლების პროცესი.
სინათლის მატარებელი პიროვნება თვითონ ხდება მანათობელი, რაზეც ბრძანებს წმ. მათეს სახარება: "ნათობდეს თქვენი ნათელი კაცთა წინაშე, რათა ისინი ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს" (მათე 5,16). დიახ, სათნო ადამიანები სიკეთეს ასხივებენ. მათი გარემოც ნათელი და მოწესრიგებულია.
ორ მაგალითს მოვიტანო ანტიკური ისტორიიდან: ფილოსოფოს სოკრატეს დროს ცხოვრობდა ვინმე ალკიბიადე, გენიალური, მაგრამ უზნეო. იგი შეხვედრისას ასე მიმართავდა ხოლმე ფილოსოფოსს: "სოკრატე, მე მძულხარ, რადგან, როცა შენ მიყურებ, ვხედავ ჩემს თავს". და მართლაც, იგი სოკრატეში ხედავდა სინათლეს და თავის თავში - ცოდვით სავსე პიროვნებას.
ერთხელ ფილოსოფოს პლატონთან მივიდა არქიტექტორი და შესთავაზა აშენება ისეთი სახლისა, სადაც არცერთ ოთახს ქუჩის მხარეს არ ექნებოდა ფანჯარა. პლატონმა უპასუხა: "მე გადაგიხდი ორმაგს, თუ შეძლებ იმგვარი სახლის აგებას, სადაც ყოველ ადამიანს შეეძლება თითოეული ოთახის დანახვა-დათვალიერება".
ჩინელები გამოყოფენ ხუთ სიკეთეს, რაც აუცილებელია ადამიანისათვის. ესენია: მოკრძალება, ზრდილობა, სიმართლე, გამჭრიახობა, სიკეთე.
თუ ადამიანი მოკრძალებულია, მას არ შეიძულებენ, ზრდილობიანს მხარს უჭერენ, გონებამახვილი - წარმატებებს მიაღწევს, სიმართლისმოყვარეს დაუჯერებენ, ხოლო კეთილი გამოიყენებს სხვებს, გვასწავლის ეს სიბრძნე.
მაგრამ ყველაზე მთავარი ღმერთთან ყოფნაა. მიენდეთ უფალს უკუნისამდე, "რადგან უფალი ღმერთია საუკუნო კლდე" (ისაია 26,4).
როდესაც საქართველოს მომავალზე ვფიქრობთ, უპირველესი ყურადღება განათლებას და ცოდნის ამაღლებას უნდა მივაქციოთ: "იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია მამა თქვენი ზეციერი" (მათე 5,48). - მოგვიწოდებს მაცხოვარი.
ეს არის ერთ-ერთი უდიდესი კურთხევა უფლისა. ეს არის მოწოდება მუდმივი წინსვლისა და სრულყოფისაკენ, უსაზღვროებასთან მიახლებისაკენ.
ძალიან ხშირად ცოდნას და რწმენას უპირისპირებდნენ ერთმანეთს, რაც მეტად უარყოფითად მოქმედებდა როგორც რწმენაზე, ისე მეცნიერებაზე. ცოდნა და რწმენა თვითმიზანი კი არ არის, არამედ გზაა ჭეშმარიტებისა და ღვთისაკენ მიმავალი. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს დიდი მისტიკოსისა და ფილოსოფოსის, მაქსიმე აღმსარებელის სიტყვები: "ცოდნა, ღვთის შიშისაგან აულაგმავი, შობს ქედმაღლობას".
ვფიქრობ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ დაწყებით, საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებს, რომლის პროგრამებიც კარდინალურ ცვლილებებს მოითხოვს.
სკოლებში და ინსტიტუტებში სრულიად არ ექცევა ყურადღება ახალგაზრდობის ზნეობრივ აღზრდას. ჩვენი გოგონები და ყმაწვილები მოკლებულნი არიან ელემენტარულ სარწმუნოებრივ და მორალურ აღზრდას, არ იციან ეთიკური ნორმები, ოჯახში და საზოგადოებაში ქცევის წესები.
ძველ დროს ამ საკითხებით მშობლები იყვნენ დაკავებულნი, ახლა დედაც და მამაც მსახურობენ და არა აქვთ დრო შვილებისათვის, ანდა თვითონაც არ ყოფნით დონე სათანადო აღზრდის მისაცემად.
დღეს ჩვენს ახალგაზრდობას ძირითადად ქუჩა აყალიბებს, რის სამწუხარო შედეგსაც უკვე იმკის თითქმის ყველა ოჯახი.
მთავრობის ხელმძღვანელობით, მიმაჩნია, უნდა შეიქმნას მეცნიერთა კომპეტენტური კომისია, რომელიც თავის მხრივ ჩამოაყალიბებს ცალკეულ ქვეჯგუფებს სასწავლო პროგრამების შესადგენად. ასეთი კომისიები, ალბათ უკვე არსებობენ, მაგრამ ისინი უნდა გაძლიერდეს და მათი მუშაობის ეფექტურობა შემოწმდეს.
უპირველეს ამოცანად ასევე მიგვაჩნია, როგორც საშუალო, ისე უმაღლესი სასწავლებლებისთვის ღრმა აზროვნების კურსის შედგენა.
გულის კარნახს, რომელიც ჩვენს ხალხში ხშირად ბატონობს გონების განსჯაზე, ხშირად მივყავართ გაუთვალისწინებელ და მძიმე შედეგებამდე.
დღეს, როდესაც ასე ბევრი სიძნელია გადასალახი, აუცილებილია ღრმა, აბსტრაქტული და ანალიტიკური აზროვნება, რაც მოგვცემს საშუალებას განვჭვრიტოთ შესაძლო კოლიზიები ამა თუ იმ მოქმედებისა და თავი ავარიდოთ არასწორ გადაწყვეტილებებს.
დაწყებით და საშუალო სკოლებში მეტად სასურველია იკითხებოდეს სულიერი და ზნეობრივი კულტურის კურსი, რომელიც შეეხება ღმერთს, სარწმუნოების, სიყვარულის, ბოროტებისა და სიკეთის, ამპარტავნების, თავმდაბლობის, მიტევების, შერიგების, ადამიანებთან ურთიერთობის საკითხებს ან ნებისმიერი ნორმალური ადამიანის ცხოვრების ყოვლადაუცილებელ ნორმებს.
ყველა უმაღლეს სასწავლებელში კარგი იქნებოდა, რომ ისწავლებოდეს ზნეობრივი ფილოსოფიის კურსი. არ არსებობს ისეთი ღვთისმეტყველი ან ფილოსოფოსი, რომელიც არ ეხებოდეს ადამიანის ზნეობის საკითხებს. ამ ფილოსოფოსთა განსჯის გაცნობა მეტად გაამდიდრებს ჩვენი ახალგაზრდობის სულიერ სამყაროს.
სკოლებში აუცილებელია ესთეტიკური კურსის შეტანა. ხალხში თანდათან იკარგება სილამაზის გრძნობა. ადამიანი იმდენად გაუხეშდა, რომ აღარც ბუნების აღქმის უნარი აქვს, არც მუსიკის განცდისა. კულტურა სულიერებისაგან დაიშრიტა, უღვთო და უსულო გახდა. ხელოვნება, რომელმაც უნდა აღზარდოს ადამიანები და სულიერი ამაღლებისა და ზნეობრივი სრულყოფის კიბეზე აიყვანოს ისინი, უშინაარსო გასართობად იქცა.
შევძლებთ ამ წინააღმდეგობების გადალახვას? შევძლებთ შევაღოთ ახალგაზრდების შინაგანი სამყაროს კარი, რათა დაიწყოს იქ ფერისცვალების დიადი პროცესი? ძნელია ეს, მაგრამ ყოვლადაუცილებელი.
ამისთვის არ უნდა დავიშუროთ ჩვენი მწირი შესაძლებლობანი და გავაკეთოთ ყველაფერი ჩვენი მომავალი თაობის, ქვეყნის ხვალინდელი დღის სწორი აღზრდისათვის.
ჩვენს ხალხში კიდევ ერთი დადებითი გამოვლინება შეიმჩნევა: ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ხდება საზოგადოების დეპოლიტიზაცია, ამასთან მოსახლეობამ სერიოზულად დაიწყო ფიქრი შრომაზე.
პოლიტიკა ნამდვილი პოლიტიკოსების საქმეა და არა მასისა. მიტინგებისა და დემონსტრაციების დონეზე წარმოებული პოლიტიკა პოლიტიკა არ არის და არც პიროვნების ორატორული ნიჭი ნიშნავს ქვეყნის მართვის უნარს. დღეს აუცილებელია მშვიდი, ფრთხილი დიპლომატია. ხშირად კი ჩვენ მითების სამყაროში ვცხოვრობთ და გვავიწყდება მკაცრი რეალობა. აუცილებელია არა მარტო ცალკეული ფაქტების გათვალისწინება, არამედ მოქმედების მთელი სისრულით წარმოდგენა, რეალური სიტუაციის ანალიზი და სინთეზი, ყველა შესაძლო ასპექტის გააზრება, როგორც აწმყოს, ისე მომავლისათვის.
უნდა ვიჩქაროთ ჩვენს ქვეყანაში უმაღლესი დიპლომატიური სკოლის შექმნა. საქართველოს ამ მხრივ, როგორც წარსულში, ისე ახლა, დიდი შესაძლებლობები და გამოცდილება აქვს. მთავარია, დავიწყოთ შრომა; შრომა ყველა მიმართულებით. ჩვენ კი ხშირად არ გვესმის მისი არსი და მძიმე უღლად მიგვაჩნია იგი. შრომის გარეშე არაფერი გამოვა: არც სულის განწმენდა და არც შინაგანი ჰარმონია მიიღწევა და არც ცათა სასუფეველი მოიპოვება.
აუცილებელია მოღვაწეობა, აუცილებელია მარხვა და ლოცვა, სარწმუნოებრივი საქმიანობა, რამეთუ სარწმუნოება თვინიერ საქმისა, მკვდარია. "ცათა სასუფეველი ძალით იღება და მოძალადენი მიიტაცებენ მას" (მათე 11,12).
შრომას აკურთხებს ღმერთი თავის მცნებაში: "ექვს დღეს იშრომეთ და აღასრულეთ ყოველი საქმე". ადამიანი უნდა დაუბრუნდეს შრომას, თუ სურს იყოს ბედნიერი. განცხრომა კი მისთვის არაბუნებრივი მდგომარეობაა (წმ. ბასილი დიდი). ღმერთმა შექმნა ადამიანი შრომისათვის და განუწესა ამისთვის სხვადასხვა ორგანოები. მხოლოდ ზარმაცი არღვევს ღვთაებრივ წესრიგს და არარაობად აქცევს თავის ყოფას (წმ. იოანე ოქროპირი).
ცალკეული ადამიანი, რა თქმა უნდა, უნდა იღვწოდეს თავის ადგილზე, მაგრამ არის შრომა, რომელიც საჭიროა ყველასათვის - ეს არის მიწაზე მუშაობა. მიწა არა მარტო საზრდოს აძლევს კაცს, არამედ კურნავს კიდეც მას. როდესაც უფალმა აკურთხა ადამის მოდგმა ოფლით თვისით მოეპოვებინა პური არსობისა, ეს იყო არა დასჯა, არამედ დალოცვა. შრომის დროს ადამიანი აუხსნელ სიამოვნებას განიცდის, რასაც მედიცინის ენაზე კუნთების სიხარული ჰქვია.
მაგალითი მონასტრული ცხოვრებიდან: სინას მონასტრის წინამძღვრად იყო ცნობილი მოღვაწე ღირსი სილუანი. ერთხელაც აქ მოვიდა სხვა ბერი, დაინახა შრომაში გულმოდგინედ ჩართული ძმები და განიკითხა ისინი სახმართმოყვარებისათვის, რადგან თვითონ ფიქრობდა, რომ ბერისათვის აუცილებელი იყო მხოლოდ სულიერი ღვაწლი: ლოცვა, მარხვა, ღვთის მჭვრეტელობა და არა ფიზიკური გარჯა. ამან წინამძღვარი სილუანი არ გაანაწყენა და მისცა კურთხევა, სტუმრისათვის გამოეყოთ ცაკლე კელია. როცა ბერებმა დაამთავრეს მუშაობა, გაემართნენ სატრაპეზოსკენ და დანაყრდნენ. სტუმარი ფანჯრიდან იყურებოდა და უცდიდა, როდის მოუხმობდნენ მასაც სადილად, მაგრამ არავინ ეძახდა. შიმშილმა რომ შეაწუხა, იგი იღუმენთან წავიდა და ჰკითხა, მისცეს თუ არა საზრდელი იმ დღეს ბერებს; წინამძღვრისაგან თანხმობა რომ მიიღო, ეწყინა, მე რატომ არ გამაგებინესო; - შენ სულიერი კაცი ხარ და საჭმელი რად გინდა. ჩვენ ხორციელნი ვართ, კვება ჩვენთვის აუცილებელია, ამიტომაც ვშრომობთ, შენ კი იკითხე წიგნები, ისაზრდოვე სულიერი სიტყვებით, - უპასუხა იღუმენმა.
ეკონომიკურმა პრობლემებმა ბევრი საფიქრალი გაგვიჩინა. ჩვენ არ უნდა შევეჩვიოთ სხვებისგან მოწვდილ ჰუმანიტარულ დახმარებას, არამედ ჩვენ თვითონ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან.
კატასტროფა, რასაც ხშირად ახსენებდნენ მტრები თუ მოყვრები, არ მოხდება - ხალხი შრომას იწყებს. ოღონდ ერთი რამ უნდა ყველას გვახსოვდეს: სხვისი შრომის ნაყოფის მითვისება მხოლოდ ცრემლსა და მწუხარებას მოუტანს კაცს, რადგან ღვთის კანონით, ვინც სხვისას იჩემებს, ის თავისასაც კარგავს და ჯოჯოხეთისთვის განიმზადებს უკვდავ სულს.
მხოლოდ კეთილსინდისიერი შრომით მოპოვებული ქონებაა სიკეთის მომტანი. იყავით გაბედულნი, შრომისმოყვარენი და კეთილნი, ვითარცა ჩვენი წინაპარნი.
ვფიქრობ, აუცილებელია რამდენიმე სიტყვით შევეხოთ ეკლესიის როლს დღევანდელ ჩვენს ცხოვრებაში. ზოგიერთნი უვიცობის, ანდა მცირედმორწმუნეობის გამო, მართლმადიდებელ სარწმუნოებას სხვა რელიგიებთან ათანაბრებენ. უნდა მუდამ გვახსოვდეს, რომ ეკლესია იესო ქრისტეს - ღმერთის მისტიური სხეულია და იგი თვით უფლის მიერ არის დადგინებული. "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათე 16,18). - ბრძანებს მაცხოვარი. მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მადლით არის შესაძლებელი აბსოლუტურ ჭეშმარიტებასთან მიახლება, სულიერი სრულყოფის კიბეზე ამაღლება, ოდენ იგი იცავს განუყოფელი სამოციქულო ეკლესიის რწმენას და ტრადიციებს. წმ. ირინეოს ლიონელი ამბობს: "სადაც ეკლესიაა, იქ სულიწმიდაა და სადაც სულიწმიდაა, იქ ეკლესიაა მისი სრული ჭეშმარიტებით".
ჩვენში ვერ მოხდება ფერისცვალება, თუ ეკლესიის ცოცხალი წევრნი არ გავხდით. ეკლესია თავის წიაღში აერთიანებს ადამიანებს და მერე ღვთის გზით მიჰყავს ისინი. იგი გარდაქმნის მათ სულებს და ქრისტეს სხეულის ნაწილად ჰყოფს.
სარგებლობენ რა დღეს საქართველოში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობით, დემოკრატიის ლოზუნგს ამოფარებული მრავალი უცხო რელიგიის და პროტესტანტული სექტის წარმომადგენელნი (იეღოველები, ბაპტისტები, კათოლიკები, კრიშნას მიმდევარნი, ორმოცდაათიანელები, ე.წ. ხსნის არმიის წარმომადგენლები და სხვანი) რელიგიური ექსპანსიის განხორციელებას ცდილობენ.
ისინი ფულით, პროდუქტებით, ტანსაცმლით იპყრობენ ადამიანთა სულებს, ამცირებენ და შეურაცხყოფენ საქართველოს ეკლესიას, მის წმინდანებს, სასულიერო პირებს, ჩვენს ტრადიციებს. ასეთი სექტები თესენ ანტაგონიზმს და შუღლს ადამიანებს შორის, ეს ბოროტი ძალის მანქანებაა და მას კავშირი ღმერთთან არა აქვს. მოციქული პავლე გვაფრთხილებს: "სული ცხადად მეტყველებს, რომ უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან ზოგიერთნი და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთ მოძღვრებას" (I ტიმ. 4,1).
ის, ვინც ტანსაცმლის, საჭმლის ან სხვა მატერიალურ მიზეზთა გამო განუდგება მართლმადიდებელ სწავლებას, ადვილად უღალატებს ღმერთს, სამშობლოს, მშობლებს, ოჯახს და, რა თქმა უნდა დაღუპავს თავის უკვდავ სულს.
მე ვაფრთხილებ ჩვენს ხალხს, ჩვენს მორწმუნეთ: იყავით დაკვირვებულნი და ყურადღებიანნი: ნუ დაკარგავთ ჭეშმარიტებას, ნუ დაკარგავთ ჩვენს სარწმუნოებას, მიწიერ საცდურზე ნუ გაცვლით მარადიულ ცხოვრებას, თორემ მერე გვიან იქნება, რადგან ჟამი ახლო არს.
გახსოვდეთ: "ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის არც ღმერთია მამა" (წმ. კკიპრიანე).
ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ჩვენს ხალხს შესწევს უნარი სულიერი და ზნეობრივი განახლებისა. ეს პროცესი, ღვთის წყალობით უკვე დაწყებულია, სინათლე თანდათან იკაფავს გზას. გვწამს, ქართველი ერი არ დარჩება განხეთქილების, ამპარტავნების, ბოროტებისა და მწვალებლობის ტყვეობაში, რადგან ღმერთი ჩვენთანაა.
ამ იმედით აღვსილი მორჩილებით ვიდრეკ მუხლს ბეთლემის სიდიადის წინაშე და შევთხოვ ახლადშობილ ღმერთს - იესო ქრისტეს: ნათელო ჭეშმარიტო, განანათლე და განაბრწყინვე ყოველი კაცი ამქვეყნად მომავალი. დე, აღიბეჭდოს ჩვენზე სისპეტაკე შენი სახისა, რათა ვცნათ მასში მიუწვდომელი ნათელი.
ძმანო და დანო, სიყვარულით ყველას გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე ზეიმს და ახალ წელს. ღვთის წყალობით იყოს იგი მშვიდობისა და სიყვარულის, სიხარულისა და ერთიანობის წელი. განიწმინდოს ადამიანთა გულები ბოროტებისაგან, ამპარტავნების, ურწმუნოების, სიძულვილისა და შურისაგან და განიკურნოს დასერილი გულები ჩვენი.
სიყვარულისა და თანადგომის სიტყვებით მივმართავ ყველა ახლად შესვენებულის ოჯახს. უფალმა დააწესოს თქვენი გარდაცვლილების უკვდავი სულები სავანესა მართალთასა.
სიყვარულის და იმედის სიტყვებით მივმართავ აფხაზეთიდან და შიდა ქართლიდან ლტოლვილთ: არ დაკარგოთ რწმენა, იმედი და სიყვარული, არ დაბრკოლდეთ, ილოცეთ და უფალი აუცილებლად შეისმენს თქვენს თხოვნას. გვჯერა, მალე მშვიდობა იზეიმებს და თქვენ თქვენს მიწა-წყალს დაუბრუნდებით.
მოგმართავთ ყველა ქართველსა და არა ქართველს საქართველოში მცხოვრებს: საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და თქვენ მისი საფარველით ხართ დაცულნი. იშრომეთ და იცხოვრეთ მშვიდად, პატივი ეცით და შეიყვარეთ ერთმანეთი. ნაციონალური შოვინიზმი და სეპარატიზმი უპირველესად საშიშია იმ ხალხისათვის, სადაც ეს მოძრაობა ჩნდება, რადგან ეს ომის, სიკვდილის, განსაცდელის გზაა; ღმერთმა გვაშოროს იგი.
საქართველო იყო და იქნება ერთიანი და დამოუკიდებელი - ასეთია ნება ღვთისა.
გახსოვდეთ უფლის სიტყვები:
"თქვენ მწუხარენი იქნებით, მაგრამ წუხილი სიხარულად გექცევათ" (იოანე 16,20). "აჰა, შერცხვება და მიიმალება ყველა შენი მრისხველი, არარად იქცევიან და დაიღუპებიან შენი მოდავენი, რადგან მე ვარ უფალი ღმერთი, შენი მარჯვენის განმმტკიცებელი, მთქმელი შენდა მიმართ: ნუ გეშინია, მე შეგეწევი" (ისაია 41,11-13).
ქრისტეს შობა
თბილისი,
1993-1994 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საშობაო ეპისტოლე - 2012
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორისა
"ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთ მოანიჭებს მადლს" (I პეტრე 5.5)
მადლობა უფალს, რომ კვლავ გავხდით ღირსნი, მოგვესმინა ანგელოზთა საოცარი საგალობელი: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება" (ლუკა 2.14).
ყოვლადწმიდა სამების მოწყალებით "სიტყვა ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენს შორის სავსე მადლითა და ჭეშმარიტებით"(იოანე 1.14).
დიახ, "დღეს დავითის ქალაქში დაიბადა... მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი" (ლუკა 2.11) და უწოდებენ სახელად ემმანუელს, რაც თარგმანებით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი" (მათე 1.23).
გიხაროდეთ, ერნო, "რაც არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში, ის განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეთ" (Iკორ.27.6).
მაშ, მივეახლოთ მას და თაყვანი ვსცეთ, ვითარცა მწყემსთა ბეთლემისათა და შევწიროთ ძვირფასი ძღვენი, ვითარცა მოგვთა აღმოსავლეთისათა.
იგი მოვიდა ამქვეყნად, რათა მოუხმოს თავის ცხოვართ და აზიაროს ისინი ჭეშმარიტ თავისუფლებასა და ბედნიერებას.
ვინ შეიძლება შემოგვთავაზოს უკეთესი არჩევანი? ანდა რა შეიძლება იყოს ამაზე მეტად სანუკვარი?! მაგრამ ამას ბევრი ვერ ხვდება, არამედ მხოლოდ ისინი, რომელნიც სიცოცხლის აზრს სწორად აცნობიერებენ.
საერთოდ, ყოველი გონიერი ადამიანი ცდილობს, პასუხი გასცეს კითხვას, - რისთვის არის ამ ქვეყანაზე და რა უნდა აკეთოს? ეს კი ცხოვრების საზრისის, ანუ სამყაროში თავისი ადგილის პოვნას, გულისხმობს. თუმცა არსებობენ ისეთნიც, რომელნიც ასეთ კითხვას მთელი ცხოვრების მანძილზე არ უსვამენ საკუთარ თავს და მიწიერ ყოფას უმიზნოდ და, შესაბამისად, უაზროდ ამთავრებენ. საზოგადოების ნაწილი კი თავის მრწამსს, თავის დანიშნულებას საკუთარ წარმოდგენაზე, ან სხვადასხვა თეორიისა და რელიგიის სწავლების საფუძველზე აყალიბებს. მათი ქმედება, რა თქმა უნდა, მოტივირებულია და ხშირად წარმატებულიც ამ ქვეყანაზე, მაგრამ სულის ცხონება, რაც ყველაზე მთავარია და არსებითი, ამ გზით ვერ მიიღწევა.
ყველასგან განსხვავებულია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე დაფუძნებული ცხოვრების საზრისი. მას შეიძლება "ქრისტესმიერი გონება" ეწოდოს, რადგან იგი, პირველ რიგში, სულიწმიდის მადლმოსილებას გულისხმობს, შემდეგ კი ადამიანურ შესაძლებლობებს.
"ქრისტესმიერი გონის" შესახებ შეიძლება ითქვას იგივე, რასაც წმიდა პავლე მოციქული ჭეშმარიტ სიყვარულზე წერს, რომ იგი არ ქედმაღლობს, არ ზვაობს, არ შურს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ განიზრახავს ბოროტს, არ მოიწონებს უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს, ყველაფერს იფარავს, ყველაფერი სწამს, ყველაფერს ითმენს, ყოველთვის იმედი აქვს. ამ სულისკვეთებით ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები.
ქართული სულის ერთ-ერთი სახასიათო თვისება შოთა რუსთაველმა ასე გამოთქვა: "რასაცა გასცემ შენია, რას არა, დაკარგულია". ზოგიერთი ვერ ხვდება მის შინაარსს, რადგან, მიწიერი ლოგიკით, სხვისთვის მიცემული ნივთი თუ ქონება გამცემს აღარ ეკუთვნის და ეს ნათქვამი, ბუნებრივია, მისთვის გაუგებარია.
არადა, აღნიშნული აფორიზმი შეიცავს ღრმა ქრისტიანულ სწავლებას ადამიანის უკვდავების შესახებ. მორწმუნეს სწამს, რომ მის მიერ აღსრულებული უანგარო ქველმოქმედება სათნოა ღვთისათვისაც და ადამიანისათვისაც. ამასთან, იცის, რომ რასაც გასცემს ამქვეყნიურ დროებით ყოფაში, მას მარადიულ ცხოვრებაში დაიუნჯებს და ეს არის მიზეზი მისი სულიერი სიხარულისა, ხოლო რასაც არ გასცემს, ბუნებრივია, ის მას მარადიულ ყოფაში მოაკლდება.
ამიტომაც, ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით, მიცვალებულის სულისთვის, ლოცვასთან ერთად, მის სახელზე მოწყალების გაღება აუცილებელია, რაც დიდად შეეწევა გარდაცვლილს.
სწორედ ასეთი აზროვნებიდან მომდინარეობს ქართველი კაცის სტუმართმოყვარეობა, ხელგაშლილობა, თანადგომისა და თავგანწირვის უნარი; ისიც, რომ იგი ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს, უშურველად წირავდა მოყვასისა თუ სამშობლოს საკეთილდღეოდ.
ეს დამოკიდებულება იმდენად შეისისხლხორცა ჩვენმა ერმა, რომ იგი მის განუყოფელ თვისებად იქცა.
"ხამს მოყვარე მოყვრისათვის, თავი ჭირსა არ დამრიდად,
გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად”,
- საუკუნეებია შთამომავლებს დევიზად გადაეცემათ ეს სიტყვები. ასე იზრდებოდნენ თაობები; რა თქმა უნდა, მათ შორის მუდამ იყვნენ კარიერისა და პირადი კეთილდღეობის სურვილით საკუთარი მეობისა და ქვეყნის ინტერესების ნებაყოფილობით უარმყოფელნი და საზოგადოებისათვის ცუდი მაგალითის მიმცემნი, მაგრამ დღემდე სწორედ იმიტომ მოვაღწიეთ, რომ ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი გაჰყვა არა მათ, არამედ ჩვენი ეროვნული მეობისა და სარწმუნოებისათვის თავდადებულებს.
ახლა დრო შეიცვალა, თუმცა ბრძოლა ისევ გრძელდება; განსხვავება კი იმაშია, რომ თუ ადრე დაპირისპირებული მხარეების საჯარისო ნაწილები ომობდნენ, ახლა ბრძოლა ადამიანის საზრისის, ანუ აზროვნების წესისთვის მიმდინარეობს, რაც თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებით ხორციელდება;
ძირითადად ამ გზით ვრცელდება ფსევდოკულტურა და ანტირელიგიურ ღირებულებათა სისტემები, რომელთა ქვაკუთხედსა და მთავარ მამოძრავებელ ძალას ეგოიზმი წარმოადგენს. ეგოიზმის წინ წამოწევა კი ხელს უწყობს პიროვნებაში მომხმარებლური და მომხვეჭელური მისწრაფებების განვითარებას, რაც იწვევს საზოგადოების საერთო დეგრადაციას, ხოლო გარემოში - ეკოლოგიურ კატასტროფებს.
უარყოფითი საინფორმაციო ველი ყველაზე მეტად მომავალ თაობაზე მოქმედებს. ისინი ხომ ცხოვრების დიდ ნაწილს ტელევიზორთან და ინტერნეტთან ატარებენ და, ფაქტობრივად, არავინ არის მათი სწორად ფორმირებისათვის ხელისშემწყობი, რადგან სკოლაც და უმაღლესი სასწავლებელიც სათანადოდ ვეღარ ასრულებენ აღმზრდელობით ფუნქციას, არც მშობლებს სცალიათ შვილებისათვის; ეკლესიაც მასთან მისულთა მიმართ ძირითადად აღსარებითა და ზიარებით იფარგლება. ეს ასე აღარ უნდა გაგრძელდეს და რეალური ნაბიჯები უნდა გადავდგათ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ამისთვის კი არსებული ვითარება სწორად უნდა შევაფასოთ.
ფაქტია, რომ ელექტრონული მასმედიით, უარყოფითთან ერთად, ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაციაც ვრცელდება ყველა სფეროში. ამაშია გლობალიზაციის ერთ-ერთი დადებითი მხარე და სწორედ ეს უნდა გამოვიყენოთ სათანადოდ.
ვფიქრობთ, ამიტომაც კარგად უნდა ავითვისოთ ახალი ტექნოლოგიები და მათი საშუალებითაც უნდა გავუჩინოთ ახალგაზრდებს ღრმა აზროვნების სურვილი, ავისა და კარგის გარჩევის უნარი, გავუღვივოთ ინტერესი სხვადასხვა ქვეყნის ისტორიისა და კულტურისადმი, რათა დააფასონ სხვათა ღირსება და მათგან კეთილი შეითვისონ.
მაგრამ ყოველივე ამას შეძლებს მხოლოდ ის, ვისაც მყარად აქვს ჩამოყალიბებული ეროვნულ-ქრისტიანული საზრისი. ამისთვის კი აუცილებელია, ახალგაზრდებს ვასწავლოთ საქართველოს ისტორია და ლიტერატურა, ქართული ფოლკლორი, კულტურა და ჩვენი ქრისტიანული ტრადიციები..., ჩვენ უნდა შევქმნათ კონკურენტუნარიანი საინფორმაციო გარემო, რომელიც ზემოაღნიშნულ ფასეულობებს დაეფუძნება და მათ თანამედროვეობასთან შეაზავებს. ეს კი დიდად დაეხმარება ახალგაზრდებს, დამოუკიდებლად გასცენ პასუხი დროის გამოწვევებს.
ამაშია საქართველოს გადარჩენა. ახლა კი თქვენს ყურადღებას საქართველოს ისტორიაზე შევაჩერებ. სამწუხაროდ, ჩვენი უძველესი ისტორიის ზოგიერთი საკვანძო საკითხი, რაც ქართველთა წარმომავლობასა და ერის ერთიანობას უკავშირდება, რეალური სახით თანამედროვე საზოგადოებამ ნაკლებად იცის. ამის მიზეზი არის ის, რომ ცარიზმი და საბჭოთა იმპერია ყოველთვის ცდილობდნენ, იგი არაობიექტურად წარმოეჩინათ. მათ არ სურდათ, ჩვენს ხალხში ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება, რადგან იგი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოთხოვნის საშიშროებას შეიცავდა. არაობიექტურად მიწოდებული ისტორიის საფუძველზე, სრულიად უკანონოდ და უსამართლოდ შეიქმნა, მაგალითად, ავტონომიები, XX საუკუნის დასაწყისში რუსეთის მიერ დაპყრობილ საქართველოში.
ადრეც მითქვამს, რომ სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ ცენზურას განიცდიდა ქართული ისტორიოგრაფია, ენათმეცნიერება და სხვა ისეთი მიმართულებები, რომელნიც მსოფლმხედველობის განმსაზღვრელ დარგებად მიიჩნეოდა.
ჩვენს ცნობილ მკვლევარებს დიდი ძალისხმევა და თავდადება დასჭირდათ, რათა ნაწილობრივ მაინც გადაერჩინათ და დღემდე მოეტანათ ჩვენი ერის ისტორიული სიმართლე.
ახლა კი, როდესაც აღსდგა საქართველოს თავისუფლება, აუცილებელია, შეგნებულად დაფარული წარსულის წარმოჩენა და საქართველოს ობიექტური მატიანის დაწერა უხსოვარი დროიდან დღემდე (აღნიშნულ საკითხზე ბოლო სხდომაზე იმსჯელა წმ. სინოდმა და მიიღო სათანადო გადაწყვეტილება). ამას ჯერ კიდევ XIX ს-ში და XX ს-ის დასაწყისში ცდილობდნენ ჩვენი სასიქადულო მამულიშვილნი, მაგრამ მათი ნააზრევი მაშინდელი სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის საპირწონედ, ბუნებრივია, ვერ იქცა.
მაგალითად, გავიხსენოთ წმიდა ილია მართალი, რომელიც ქართველთა ფესვებს უკავშირებს ურარტულ წიაღს, რასაც, ალბათ, ისიც განაპირობებდა, რომ ურარტუელთა სამ მთავარ ღვთაებას შორის უპირველესს "ქალდი"ერქვა.
"ურარტუელნი ქართველთა წინაპარნი ყოფილან, ქართველთა სისხლ-ხორცნი,"- წერს იგი "ქვათა ღაღადში"და ამ აზრს მისი დროის უცხოელ მეცნიერთა კვლევებითაც ამყარებს.
თავის ცნობილ ნაშრომში, - "ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში,"- კათოლიკოს-პატრიარქი კირიონიც არაერთხელ აღნიშნავს, რომ ქართველნი შთამომავალნი არიან ქალდეველთა, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს უძველესი მსოფლიო ისტორიისა და კულტურის განვითარებაში.
საყურადღებოა, რომ "ქალდი" დღესაც ჰქვია უძველეს ქართულ კუთხეს ტრაპიზონის მთებში, სადაც ოდითგან ცხოვრობდნენ ლაზები. "ქალდეად" ლაზურ-ჭანურ სივრცეს მოიაზრებს დიდი მეცნიერი პავლე ინგოროყვაც.
ამ ტოპონიმთან დაკავშირებით კი პირველი ინფორმაცია ჩვენს წერილობით წყაროებში ლეონტი მროველთან გვხვდება. "ქართლის ცხოვრებაში" ვკითხულობთ: "კუალად გამოვიდნენ სხუანი ნათესავნი ქალდეველნი და დაეშენეს იგინიცა ქართლს".
სიტყვა "ქალდიდან" უნდა იყოს ნაწარმოები ჩვენი ერის ეთნონიმი "ქართიც", რომელსაც, ალბათ, უფრო ინფორმაციის უქონლობის გამო, მეცნიერთა დიდი ჯგუფი მხოლოდ ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ საქართველოს აღმნიშვნელად მიიჩნევდა.
სინამდვილეში "ქალდი" საერთო ქართული სამყაროს, კოლხეთის, ცენტრს, მის გულს ერქვა. გვიანდელ პერიოდში კი, უცხოტომელთა ზეწოლის შედეგად, ამ ცენტრმა ქართული ტომებითვე დასახლებულ ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, იმავე კულტურის წიაღში, გადმოინაცვლა და შეიქმნა ქართლის სამეფო, რომლის სახელწოდებაც, როგორც დიდი ილია ვარაუდობს, სწორედ "ქალდიდან" მომდინარეობს.
ამდენად, ქალდი - ქართი - ქართლი - ქართველი, ჩვენი ერის ისტორიული გზის, ჩვენი ერთობის გამომხატველი ტერმინებია. საერთოდ, ეს საკითხი შემდგომ კვლევასა და გაღრმავებას საჭიროებს. საუკუნეების სიღრმიდან მომდინარე ჩვენმა გენმა გაუძლო ათასი ჯურის გარეშე ძალებისა და სხვადასხვა იმპერიის არაერთ მცდელობას, რომ გავეთიშეთ და დავენაწევრებინეთ; ჩვენ შევძელით, საკადრისი პასუხის გაცემა მათს ვერაგულ ქმედებებზე და დღემდე ერთობითა და ერთსულოვნებით მოვაღწიეთ. ჭკვიან მტერსა და უგუნურ მოყვასს დღესაც უნდა ჩვენი გაყოფა, მაგრამ, ღვთის მოწყალებით, ამას ვერ მიაღწევენ. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ვიყოთ არა როსტომ ხანის, არამედ ცოტნე დადიანის მემკვიდრენი.
ჩვენი ერის ერთიანობის უნიკალურობა ჩვენს საოცარ მრავალფეროვნებაშია. ყველა კუთხე თავისებურებებით გამოირჩევა: განსხვავებულია მათი სიმღერა, ცეკვა, სამოსი, სამზარეულო, მეტყველება, კილო; მაგრამ ამავე დროს ყოველივე ეს ერთიანი ქართული სულის განუყოფელი ნაწილია.
ხასიათიც განსხვავებული გვაქვს; ზოგი უფრო ფიცხია, ზოგი დინჯი, ზოგი იუმორით სავსეა, ზოგიც მკაცრი, ზოგი სიტყვაძუნწია, ზოგი სიტყვამრავალი, ზოგი უფრო ალღოიანია, ზოგი კი დამყოლი ბუნებისა და მიამიტი...; მაგრამ ამ სხვაობის მიუხედავად, გვახასიათებს მთავარი საერთო თვისებებიც: სიყვარულის ნიჭი, მადლიერების განცდა, გულწრფელობა და სიალალე...
ჩვენს ერს ყოველთვის ჰქონდა მადლიერების გრძნობა ღვთისადმი. ამის დადასტურებაა საუკუნეთა მანძილზე, - განსაკუთრებით კი ყველაზე დიდი გაჭირვების ჟამს, - აშენებული ეკლესია-მონასტრების სიმრავლე. ეს განცდა მას ათეისტურმა საშინელმა რეჟიმმაც კი ვერ ჩაუკლა. ამიტომაცაა, რომ ახლა, პოსტსაბჭოთა პერიოდში, მიუხედავად სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ხანგრძლივი კრიზისისა, მიუხედავად გარედან თავსმოხვეული შეიარაღებული კონფლიქტებისა, ხალხის ძალისხმევით ათასობით ეკლესია-მონასტერი აღდგა და აშენდა, ამჟამად კი ღვთის სადიდებლად და სამადლობლად, მრევლის შესაწირით, შეიქმნა უნიკალური ხატი, "საქართველოს იმედი", რომელზეც ჩვენი ეკლესიის ყველა წმიდანი და მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის მნათობნი არიან გამოსახულნი, რათა მათი მეოხებით გადავრჩეთ და გადარჩეს ჩვენი ქვეყანა; ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უფლის წინაშე ვალი მოვიხადეთ და გასაკეთებელი აღარაფერი გვაქვს.
ურწმუნოთა 70-წლიანმა ბატონობამ ჩვენს საზოგადოებას ღრმა კვალი დააჩნია, და დაამახინჯა ჩვენი ცხოვრების წესი და აზროვნება; სხვადასხვა სახით ეს დღესაც ვლინდება. მათ შორის მადლიერების განცდასთან მიმართებაშიც.
ღვთისადმი მადლიერების გამოხატვა საჭიროა როგორც მთელი ერისთვის, ისე ცალკეული პიროვნებისთვის, რადგან ასეთი დამოკიდებულება მადლის მოპოვების უმარტივესი და ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა.
სახარებაში ვკითხულობთ, რომ განკურნებული ათი კეთროვანიდან მხოლოდ ერთი, სამარიტელი, დაბრუნდა მაცხოვართან მადლობის სათქმელად და ამიტომაც ღირსი გახდა შემოქმედი ღმერთი შეეცნო და ცხონების გზა ეპოვა, ხოლო დანარჩენმა ცხრა განკურნებულმა კეთროვანმა, რომელნიც აბრაამის შთამომავალნი იყვნენ და "სასუფევლის ძედ" იწოდებოდნენ, უმადურობით დაკარგეს უფალი.
წმიდა მამები გვასწავლიან, რომ საიდუმლო სერობის შემდეგ ღვთის უდიდეს საიდუმლოს ნაზიარებ იუდას გულითადი მადლობა რომ ეთქვა იესო ქრისტესთვის, იმ საშინელ დაცემას თავიდან აიცილებდა. ამიტომაც, იუდა ღალატთან ერთად, უმადურობის სიმბოლოდაც მიიჩნევა.
მადლიერების გრძნობა ღვთისაგან გვაქვს მონიჭებული, - წერენ მამები, - და თვით ადამიანური ბუნება გვიბიძგებს ასეთი დამოკიდებულება გვქონდეს ჩვენთვის მზრუნველთადმი. შინაური ცხოველები და მხეცებიც კი ავლენენ სიყვარულს კეთილისმყოფელთადმი და რაოდენ გვმართებს, ეს განცდა გამოვხატოთ მის მიმართ, რომლისგანაც შეიქმნა ყოველი, რომელმაც მოგვმადლა ქვეყანა "უთვალავი ფერითა", მოგვანიჭა სიცოცხლე, გონება, თავისუფალი ნება, ჯანმრთელობა, სიყვარულის უნარი, ბედნიერების განცდა, სამყაროს აღქმა, რომელიც გვითენებს ყოველ დღეს, გვაძლევს საკვებს, სითბოს, ჰაერს, წყალს და, რაც ყველაზე მთავარია, თავისი ჯვარცმისა და მსხვერპლშეწირული სიყვარულის ფასად ბოძებული წარუვალი ნეტარი ცხოვრების შესაძლებლობას.
განა შეიძლება, რომ ყოველ წამს არ ვგრძნობდეთ მის მზრუნველობას, ვიყოთ ყოველივე ამის მომხმარებელნი და არ გამოვხატავდეთ მისდამი გულწრფელ მადლიერებას?!
ვიქცევით კი ასე?
ჩვენდა სამარცხვინოდ, ხშირად მადლიერებას, ასე თუ ისე, ადამიანებისადმი უფრო ვიჩენთ, ვიდრე უფლის მიმართ. მოჩვენებით მადლიერებას კი, როგორც ყველაფერ ფარისევლურს, აზრი არა აქვს და სისაძაგლეა იგი ღვთისა და კაცის წინაშე. გავიხსენოთ კაენისა და აბელის მაგალითი. რატომ შეიწირა ღმერთმა აბელის მიერ მირთმეული სამადლობელი ძღვენი, ხოლო კაენისა - არა? იმიტომ, რომ აბელმა თავისი ქონების საუკეთესო ნაწილი გაიღო და ეს უფლისადმი მთელი სიწრფოებითა და მადლიერებით გააკეთა, კაენმა კი უგულოდ, მოვალეობის მოხდითა და ამპარტავნებით.
სწორედ ამიტომ განიძარცვა იგი მადლისაგან და დაეუფლა საშინელი შური ძმის მიმართ, შემდეგ კი იმდენად დაეცა, რომ ყურად აღარ იღო აღარც შემოქმედის გაფრთხილება: "თუ სიკეთის მქმნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე" (დაბ. 4.7) და მკვლელობის უსაშინელესი ცოდვის პირველი ჩამდენი გახდა.
ამის მთავარი მიზეზი კი უმადურობა იყო.
უმადურობა ამპარტავანთა, ანუ ყველაზე დიდი და საშინელი ცოდვის მქონეთა, ერთ-ერთი თვისებაა; მაშინ, როდესაც გულწრფელი მადლიერება თავმდაბლობის გამოხატულებაა და ასეთ ადამიანებს ახასიათებთ.
ღმერთს მადლობა უნდა შევწიროთ ყველაფრისათვის, მათ შორის ავადმყოფობისა და სხვადასხვა განსაცდელთათვის, რადგან უფლის განგებულებით აღესრულება ყოველი და იგი აუცილებელია ჩვენი სულიერი აღზრდისა და ცხონებისათვის.
"ვინც უყვარს უფალს, მასვე ზრდის, ხოლო შოლტით სცემს ყველას, ვისაც ძედ იღებს... და თუ შორს ხართ აღზრდისაგან..., ნაბუშრები ხართ და არა შვილები" (ებრ. 12,6,8), - გვასწავლის პავლე მოციქული.
შეჭირვებისა და მწუხარების მადლიერებით დათმენის საუკეთესო მაგალითია კონსტანტინეპოლის პატრიარქი, წმ. იოანე ოქროპირი. იგი იყო მსოფლიო ეკლესიის უთვალსაჩინოესი მოღვაწე, გამორჩეული თეოლოგი, მჭერმეტყველი; მისი ნაშრომები დღესაც სამაგიდო წიგნებია ქრისტიანული რელიგიით დაინტერესებულთათვის.
წმ. იოანე ოქროპირი როგორც საზოგადოებაში, ისე სამეფო კარზე უდიდესი სიყვარულითა და ავტორიტეტით სარგებლობდა, მაგრამ შურითა და ცილისწამებით სავსე ადამიანებმა იმდენი შეძლეს, რომ იმპერატორის ბრძანებით პატრიარქობიდან გადააყენეს და უსამართლოდ დევნილი და შეურაცხყოფილი გადასახლებაში გაგზავნეს ჯერ სომხეთში, შემდეგ კი - საქართველოში, კერძოდ, აფხაზეთში, სოფ. კომანში, სადაც აღესრულა კიდეც.
ასეთი დამცირების მიუხედავად, იგი სიცოცხლის ბოლომდე ქრისტეს ერთგულ მხედრად დარჩა და მაცხოვრისა და მოყვასის სიყვარული არასოდეს დაშრეტია; პირიქით, აქედან ანუგეშებდა ბიზანტიაში დარჩენილ თავის სამწყსოს და მოუწოდებდა, ნებისმიერ სიტუაციაში მადლიერნი ყოფილიყვნენ უფლისა.
სწორედ მას ეკუთვნის ცნობილი სიტყვები: "მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის", რაც, ფაქტობრივად, პავლე მოციქულის ნათქვამის გამეორებაა: "მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის, რადგან ასეთია თქვენდამი ნება ღმრთისა ქრისტე იესოში". (I თესალ. 5.18) ასეთი დამოკიდებულება სულაც არ ნიშნავს იმას, თითქოს მძიმე მდგომარეობას უნდა შევეგუოთ და ხვედრს დავმორჩილდეთ, ანუ ბედისწერის შესახებ არასწორი სწავლება გავიზიაროთ.
არა, მუდამ საჭიროა ლოცვა და სწორი ქმედება, როგორც ბრძანებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე: "ითხოვდით და მოგეცეს თქვენ, ეძიებდეთ და - ჰპოვოთ" (მათე 7.7) ოღონდ, ამას არ უნდა ახლდეს დრტვინვა და მრისხანება, არამედ შემოქმედისადმი ყოველივე მადლიერებით უნდა აღესრულებოდეს და თუ ჩვენი სურვილი იმ ეტაპზე ჩვენი სულისთვის სასარგებლოა, მაცხოვარი აუცილებლად შეისმენს მას.
გავიხსენოთ მართალი იობი, როგორი სიმშვიდით, მოთმინებითა და მადლიერებით მიიღო მან თავსდატეხილი დიდი განსაცდელი; სანაცვლოდ კი უფალმა ამქვეყნადვე მრავალწილად დაუბრუნა ქონებაც, დიდებაცა და პატივიც.
სამწუხაროდ, ათეისტური აზროვნების გავლენითაა, რომ განსაცდელის დათმენა და მადლიერებით მიღება თანამედროვე საზოგადოების დიდი ნაწილისათვის სრულიად გაუგებარია, რადგან ისინი ასეთი დამოკიდებულების კეთილ შედეგს მიწიერ ყოფაში ვერ ხედავენ და, ამასთან, არ სჯერათ, რომ გარდაცვალების შემდეგ მარადიული სიცოცხლე იწყება. ამიტომაც ესწრაფვიან დიდებასა და კეთილდღეობას ამქვეყნად.
ურწმუნო ადამიანი როდესაც სიკეთეს აკეთებს, ფიქრობს, რომ მხოლოდ იგია მადლიერების ღირსი და მას ეკუთვნის სათანადო დაფასება. იგი ვერ აცნობიერებს, რომ ასეთი ქველმოქმედება პირადად მისთვის ახალი დიდი ცოდვის მიზეზი ხდება, რადგან ქება ამპარტავნებას უძლიერებს და მის სულს კიდევ უფრო აზიანებს.
ხოლო, როდესაც მორწმუნე აღასრულებს სიკეთეს, ამას უფლის სახელით იქმს და ამასთან, მადლობს შემოქმედს, რომ საშუალება მისცა სხვისთვის სიხარულის მინიჭებისა; ხარობს გაცემით, თუმცა თავს აღსრულებული ქველმოქმედების მხოლოდ გამტარად, საშუალებად აღიქვამს, ამიტომაც ჩრდილში ყოფნას ირჩევს და მადლობას და დიდებას უთმობს ღმერთს.
უფლის მადლიერებას ყოველდღიური ლოცვებიც გვასწავლის, ხოლო ვინც ჯერ კიდევ ეკლესიურად არ ცხოვრობს და ეს ლოცვები არ იცის აუცილებელია, გულში მაინც თქვას მადლობა თუნდაც საჭმლის მიღების შემდეგ; ასეთი მცირედი წრფელი ქმედებაც კი მადლს მოაპოვებინებს და ცხონების გზას აპოვნინებს მას.
ამ თემაზე განსაკუთრებული ყურადღება იმიტომ გავამახვილეთ, რომ მადლიერება უმთავრესი ქრისტიანული სათნოებათაგანია და მასთან დაკავშირებით ჩვენი დამახინჯებული დამოკიდებულებები აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ.
მაშინ, როდესაც მოიწევა აღსასრული, "წინასწარმეტყველებანი განქარდებიან, ენები დადუმდებიან და უქმი გახდება ცოდნა" (I კორ. 13.8), როდესაც რწმენაც განხორციელდება და აღსრულდება სასოებაც, ადამიანის სულს სასუფეველში მხოლოდ სიყვარულის გრძნობა და მადლიერების განცდა გაჰყვება. იგი ჭეშმარიტი სიყვარულის თანმდევია ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც და მასთან ერთად ზეიმობს მარადიულ ნეტარებაში.
წმ. ამბროსი ოპტინელი წმ. პავლე მოციქულის დარიგების გათვალისწინებით, გამოყოფს ოთხ უმთავრეს სათნოებას და გვასწავლის: 1) იყავით მრავლის დამთმენნი; 2) მარადის ხარობდეთ; 3) მუდამ ილოცეთ; 4) მადლიერნი იყავით ყოველთვის; და ამასთან აღნიშნავს, რომ ამ სათნოებათა მოპოვება ბოლოდან ანუ მადლიერებით უნდა დავიწყოთ, რათა მადლი შევიძინოთ.
მადლი არ იყიდება და არც სხვა საშუალებით გადაეცემა. ნებისმიერმა ჩვენგანმა თვითონ უნდა იღვაწოს, იმდენი მადლი მოიპოვოს, რომ ცხონდეს. ამისთვის კი თავმდაბლობა უპირველესი პირობაა. უფალი ბრძანებს: "ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთ მოანიჭებს მადლს" (I პეტრე 5.5).
ამასთან, ადამიანს რაც უფრო მაღალი აქვს თანამდებობა და, აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობა, მადლმოსილებაც მეტი მართებს. მადლმოსილ პიროვნებათა სიმრავლე ქმნის ერის კეთილდღეობას, მადლის სიმცირე კი ხშირად განაპირობებს მის განსაცდელში ყოფნას. ჩვენი პრობლემების უმეტესობაც მადლის ნაკლებობიდან მომდინარეობს.
მართალია, უღმერთობის ხანა დასრულდა და ხალხი ეკლესიური გახდა, მაგრამ მათი დიდი ნაწილის სარწმუნოება მაინც ნელ-თბილია, რადგან ყველაფერს გარეგნულად უგულოდ აკეთებენ. ქრისტეს სახელი მხოლოდ გონებასა და ბაგეებზეა, გულში კი ისევ "ძველი კაცი" სახლობს. ისინი, მართალია, ამბობენ აღსარებას და ასრულებენ საეკლესიო წესებს, მაგრამ, ამავე დროს, მათთვის უცხო არ არის განკითხვა, ცილისწამება, ამპარტავნება, სიცრუე, ეჭვი, უსიყვარულობა, გულგრილობა, სიზარმაცე, შური, მრისხანება...; დაცემა და ადამიანური სისუსტენი ყველას აქვს, მაგრამ "მორწმუნეთა" ამ ნაწილისათვის ორმაგი სტანდარტებით ცხოვრება მისაღები გახდა და შეეჩვივნენ ამ მდგომარეობას. ღმერთისთვის კი ასეთნი მიუღებელნი არიან და, ბუნებრივია, არც მათი სათხოვარი შეისმინება.
წმიდა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში ვკითხულობთ: "ვიცი საქმენი შენნი; არც ცივი ხარ და არც ცხელი; ოჰ, ნეტავ ცივი მაინც იყო, ან ცხელი. მაგრამ რაკი ასე ნელ-თბილი ხარ... ამიტომ ამოგანთხევ პირისაგან ჩემისა" (3. 15-16).
ღმერთმა ნუ ქნას ამ მდგომარეობაში დაამთავროს ვინმემ სიცოცხლე. მაშ, მოვიკრიბოთ შინაგანი ძალა, ვისწავლოთ სწორი დამოკიდებულება ღვთისადმი და მოყვასისადმი; დავიწყოთ ყველაზე მარტივით, მადლიერებით. ელემენტარულ სიკეთეზეც კი გულწრფელი მადლიერება გამოვთქვათ, ხოლო კაცთა შორის განსაკუთრებული მადლობა გვმართებს მშობლებისადმი, "რათა კეთილი გვეყოს და დღეგრძელ ვიყოთ ქვეყანასა ზედა". ასევე უნდა მოვიქცეთ ხანდაზმულთა და გარდაცვლილ წინაპართა მიმართ.
განვაგდოთ ჩვენგან "ძველი კაცი", გულის კარი გავუღოთ მაცხოვარს; და იგი ჩვენში აუცილებლად დაივანებს. ხოლო როდესაც ეს აღსრულდება დავინახავთ, რომ ჩვენს შინაგან სამყაროში ყველაფერი ძირფესვიანად შეიცვლება და უფალიც მოგვაგებს თხოვნისამებრ. საყვარელნო შვილნო, უდიდესი კრძალვით, სიყვარულითა და მადლიერებით განვუფინოთ ჩვენი სული, გული და გონება ბეთლემის ბაგასა შინა მწოლ ყრმას, ჩვენს უდიდეს მარადიულ ნუგეშსა და იმედს და შევღაღადოთ უფლის წინაშე ჩვენს საოცარ მეოხსა და მფარველს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს:
"მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა, ამინ!"
საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო ყოველნო ქართველნო, აფხაზნო, ოსნო და ბერძენნო, რუსნო და უკრაინელნო, აზერბაიჯანელნო და სომეხნო, ასირიელნო და უდინნო..., საქართველოს მკვიდრნო ყველა სხვა ერის წარმომადგენელნო, მართლმორწმუნენო, "მოიპოვეთ შეუძვრელი სასუფეველი და იქონიეთ მადლი და "მოადექით თქვენ სიონის მთას და ქალაქს ცოცხალი ღმერთისას, ზეციურ იერუსალიმს და ანგელოზთა უხილავ სიმრავლეს. მოზეიმე საკრებულოს და ცაში ჩაწერილ პირმშოთა ეკლესიას და ახალი აღთქმის შუამდგომელს იესოს"(ებრ. 12. 28, 22-23) და გიხაროდეთ, რამეთუ დღეს იშვა ქრისტე!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი
შობა ქრისტესი
თბილისი, 2012 წელი
საშობაო ეპისტოლე - 1998
სექტების მოქმედება ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ სახეს იღებს.
შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა...(შობის ტროპარი)
საქართველოს ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს
ღმერთი იგი კაც იქმნა, რათა კაცი ღმერთამდე ამაღლებულიყო. ამ უდიდეს მოვლენას თითქოს უნდა შეეძრა მთელი სამყარო, ქვეყანა არნახული ზეიმით უნდა შეგებებოდა კაცობრიობის საოცარი განახლების დასაწყისს, მაგრამ ცისა და ქვეყნის შემოქმედმა, ნაცვლად გარეგნული ბრწყინვალებისა, დიადი უბრალოება და გასაოცარი თავმდაბლობა ირჩია. ბაგაში იშვა მაცხოვარი ქვეყნისა, მიტოვებული გამოქვაბული იქცა განხორციელებული სიტყვის პირველ საცხოვრისად; თავიდან ოდენ ზეციური სამყარო შეჰხაროდა მის ამქვეყნად მობრძანებას. მბრწყინავი ვარსკვლავი დაჰნათოდა ახალშობილ ყრმას და ანგელოზთა დასი უგალობდა ძეს ღმრთისას: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება".
ღვთის განკაცების მიუწვდომელ საიდუმლოს მხოლოდ ის შეიგრძნობს, ვინც ჭეშმარიტი რწმენითა და სიყვარულით შეიმოსება, რადგანაც ღმერთი სიყვარულია და რომელიც სიყვარულით მყოფობს, ღმერთი მასთანაა და იგი ღმერთთან, ხოლო ღმერთი მასში (1 ინ. 4.16). ამავე დროს ღმერთი ნათელია ჭეშმარიტი "რომელი განანათლებს ყოველსა მომავალსა სოფლად" (ინ. 19) და ჰყოფს მას ძედ ნათლისა.
როგორი სიღრმეა სინათლისა და სიყვარულის ერთობაში და რაოდენ ბედნიერია ის, ვინც მონაწილეა ამ იდუმალი კავშირისა.
გაუფრთხილდით დროს, - გვარიგებს პავლე მოციქული, - რადგან უკეთურნი არიან დღენი... ნუ იქნებით უგუნურნი, არამედ შეიმეცნეთ, რა არის ნება ღმრთისა (ეფეს. 5.16-17). მართლაც, დრო სწრაფად გადის. ჩვენი ამქვეყნიური სიცოცხლე ხომ წამისყოფაა იმ მარადიულ ცხოვრებასთან შედარებით, რომელიც გარდაცვალების შემდეგ იწყება. თითოეული წუთი უძვირფასესია. არავინ იცის, ხვალ ვინ წარდგება უფლის სამსჯავროს წინაშე. ამიტომაც მთავარი ჩვენი საფიქრალი უნდა იყოს ზრუნვა ამ წამის ღირსეულად შეხვედრისათვის.
ადამიანები ხშირად გაურბიან სიკვდილზე ფიქრს, რაც არასწორია. სიკვდილი გარდაუვალი რეალობაა, იგი ახალი სიცოცხლის დასაწყისია და ღმერთთან შეხვედრის საწინდარია. ვაი მას, ვინც არ ემზადება ამისთვის, ვისაც არ ახსოვს თავისი ამქვეყნიური დანიშნულება და ოდენ მიწიერ გულისთქმათა და ზრახვათა დაკმაყოფილება გაუხდია ცხოვრების მიზნად.
სიკვდილი ადამის ცოდვით დაცემის შედეგია. მანამადე ადამიც და ევაც უკვდავნი იყვნენ და მინიჭებული ჰქონდათ თავისუფალი ნება ღვთისადმი მორჩილებისა. აკრძალული ხის ნაყოფის მიღებით მათ დაარღვიეს უფლის მცნება და რამდენიმე ცოდვის ჩამდენნი შეიქმნენ; გამოავლინეს: ამპარტავნება, ურწმუნოება, უმადურობა, ღვთისაგან განდგომა.
ნეტარი ავგუსტინე წერს: "მათ მოქმედებაში იყო ამპარტავნება, რადგანაც ადამიანმა ღვთის ნების წინ თავისი ნების დაყენება მოინდომა; შეურაცხყოფა სიწმინდისა, რადგანაც არ დაუჯერეს ღმერთს; კაცის კვლა, რადგანაც უფლის გაფრთხილება დაივიწყეს და თავი სიკვდილისთვის გასწირეს; სულიერი გახრწნა, რადგან ადამიანის სულის სისუფთავე გველის რჩევის მიღებით შეირყვნა; ქურდობა, რადგან იგემეს აკრძალული ხის ნაყოფი; სიხარბე, რადგან მოინდომეს იმაზე მეტი, ვიდრე ეკუთვნოდათ".
ასე შეილახა პირველი ადამიანის სული გარეგნულად ერთი, მაგრამ სინამდვილეში ბევრისმომცველი ცოდვისგან. გადიოდა წლები, საუკუნეები, მრავლდებოდა ადამის მოდგმა და მასთან ერთად ცოდვა თავისი ათასნაირი სახითა და გამოვლინებით. სულ უფრო და უფრო შეიბილწა პიროვნების შინაგანი სიწმინდე, ის მადლი, რაც მას ღმერთთან აკავშირებდა; სული გაუხეშდა, ცხოველური მიდრეკილებებით აღივსო, დაეცა, ცოდვის მონა გახდა და დაკარგა თავისუფლება ანუ უფლება-შესაძლებლობა, ყოფილიყო უფალი თავისი შინაგანი სამყაროსი, მსგავსად ღმერთისა უბიწო და ძლიერი, მადლმოსილი და უკვდავი მარადიულ ნეტარებაში.
რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ვკითხულობთ: "ვინაიდან როგორც ერთი კაცის მიერ (იგულისხმება ადამი) შემოვიდა ცოდვა ამქვეყნად, და ცოდვის მიერ – სიკვდილი, ისე სიკვდილიც გადავიდა ყველა კაცში მის მიერ" (5,12).
ეს სიკვდილი ადამიანისთვის იქცა არამარტო ფიზიკურ მოვლენად, არამედ მარადიული სატანჯველის დასაწყისად, რადგან მაცხოვრის ამქვეყნად მოვლინებამდე ყველა გარდაცვლილის სული ჯოჯოხეთში მიდიოდა. თვით ისეთმა დიდმა წინასწარმეტყველებმა, როგორებიც მოსე, დავითი, სოლომონი, ილია, ენუქი და სხვანი იყვნენ, იცოდნენ, რომ გარდაცვალების შემდეგ ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებდნენ, რადგან მათი პიროვნული სულიერი სისუფთავე არ იყო საკმარისი, დაეძლიათ ცოდვათა ის სიმრავლე, რომელიც წინაპართაგან მემკვიდრეობით ჰქონდათ მიღებული.
იმიტომაც ელოდა მოუთმენლად კაცობრიობა მესიას, რომ გარდაცვლილ მართალთა სულნიც ცხონებულიყვნენ და ცოცხალთაც გახსნოდათ გზა ცხონებისა.
უფალი იშვა ამქვეყნად, რათა ჩვენს სულებს მისცემოდათ საშუალება, ეკლესიის წყალობით მარადიული ნეტარებისთვის შობილიყვნენ ცათა შინა.
ეკლესია სხეულია ქრისტესი. მისი დანიშნულება სწორედ ისაა, რომ ადამიანის ცოდვათაგან დამძიმებულსა და დასნეულებულ სულს უმკურნალოს. სულიერი ფერისცვალება მხოლოდ ეკლესიაშია შესაძლებელი, რადგან სულიწმინდა აქ მოქმედებს მთელი ძალით და აქ აღესრულება საიდუმლონი, რომელნიც განწმენდენ და განანათლებენ მორწმუნეთ.
მაგრამ მარტო ეკლესიაში სიარული არ არის საკმარისი. ამასთანავე აუცილებელია, რომ პიროვნებამ აქტიური ქრისტიანული ცხოვრებით იცხოვროს და სიტყვით თუ საქმით სიკეთის თესვას ეცადოს.
მოციქული ბრძანებს: "სარწმუნოება თვინიერ საქმეთა მკვდარ არს... ვინაიდან როგორც სხეული მკვდარია სულის გარეშე, ასევე რწმენაც მკვდარია საქმის გარეშე" (იაკ. 2; 17,26).
სათნოებანი მრავალია. ერთ-ერთი დიდი მადლია შემცოდეთადმი ცოდვების მიტევება. უფლის ლოცვა ყოველდღიურად გვახსენებს, რომ როგორ მოწყალებასაც გამოვიჩენთ ჩვენს წინაშე დანაშაულის ჩამდენთადმი, უფალიც ისევე მოიღებს მოწყალებას ჩვენზე, გვაპატიებს ("მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი. ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა").
ესწრაფეთ სიკეთის ქმნას და ყველაფერი აკეთეთ არა მხოლოდ მოვალეობის მოხდის გრძნობით, არამედ სიყვარულით.
ერთი იგავი მინდა შეგახსენოთ: სიკვდილის პირას მყოფ ავადმყოფს სამი მეგობარი არ შორდებოდა; ცდილობდნენ შეემსუბუქებინათ მისი მდგომარეობა და ნუგეში ეცათ. ერთმა უთხრა: ნუ გეშინია, ღვთის წინაშე რომ წარდგები, მე შენ სანთელს აგინთებო; მეორე შეჰპირდა, რომ საფლავამდე მიაცილებდა და იგლოვებდა; მესამემ კი ჩასჩურჩულა, რომ არასოდეს განეშორებოდა, საფლავშიც ჩაჰყვებოდა, ღმერთამდე მიაცილებდა და მასთან იქნებოდა განუშორებლად.
და მოკვდა კაცი, მართლაც მის მიერ დანატოვარი ფულით სანთლები აუნთეს, მეუღლემ სამარის კარამდე გააცილა. მხოლოდ მის მიერ დათესილი კეთილი საქმეები ექცნენ განუყრელ ერთგულ მეგობრად და მეოხად ღვთისა და კაცთა წინაშე. ამიტომაც ბრძანებს ცხრა ნეტარების ერთი მუხლი: "ნეტარ არიან მოწყალენი, რადგან იგინი შეწყალებულნი იქნებიან". ხოლო "მსჯავრი უმოწყალო იქნება მისთვის, ვისთვისაც უცხო იყო გულმოწყალება" (იაკ. 2,13).
მოვიტან კიდევ ერთ მაგალითს მოწყალების დიდი ძალის შესახებ;
იყო ერთი მდიდარი პურის მცხობელი, სახელად პეტრე. იგი ეკლესიაში არ დადიოდა, ღვთის შიში საერთოდ არ ჰქონდა, დროს განცხრომაში ატარებდა და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავდა. საოცარი იყო, ცხოვრობდა ისე, რომ მოწყალება არასოდეს ჰქონდა გაცემული.
ერთხელაც იმ მხარის ღარიბ-ღატაკნი ქუჩაში ისხდნენ და ერთმანეთში საუბრობდნენ. საუბარი მეპურე პეტრესაც შეეხო. ყველამ აღნიშნა მისი საოცარი სიძუნწე. ერთმა გლახაკმა მოულოდნელად იკითხა: რას მომცემთ, რომ შევძლო და დღეს მას მოწყალება გავაღებინოო? გახალისებულმა თანამოსაუბრეებმა მცირედი თანხა შეაგროვეს ჯილდოსთვის.
გლახაკი პეტრეს სახლისკენ გაემართა. იგი სწორედ იმ დროს მივიდა, როცა პეტრე ჭიშკრიდან გადიოდა პურით დატვირთული. მათხოვარი გულმოდგინედ შეევედრა, დახმარება გაეწია მისთვის და არაფრით არ მოსცილდა, ვიდრე გაბრაზებულმა მეპურემ ბოლოს ერთი პური არ გადაუგდო. გახარებული მათხოვარი თავისი თანამოძმეებისაკენ გაიქცა.
მალე პეტრე მძიმედ დაავადდა. სასიკვდილო სარეცელზე მწოლს ჩვენება ჰქონდა: თითქოს მისი სული სამსჯავროს წინაშე იყო წარმდგარი, სადაც მის საქმეებს განიხილავდნენ. სასწორის ერთ მხარეს მისი ცოდვები იდო, ხოლო მეორეზე – პური, რომელიც მან ცოტა ხნის წინ იძულებით გასცა. პეტრეს სული შიშით ელოდა განაჩენს. მოხდა საოცრება. პურმა გადასწონა და გაისმა ხმა: შეხედე პეტრე, უკეთუ მცირედი სიკეთე მრავალ ცოდვას აღხოცავს, როგორი მაცხოვნებელი იქნება უხვად გაღებული მოწყალება.
ამ ჩვენების შემდეგ პეტრე მალე გამოჯანმრთელდა. ის მიხვდა, რომ ჩვენება უფლისგან ჰქონდა, რათა მას ცხოვრების წესი შეეცვალა. და მართლაც იგი სრულიად გარდაიქმნა; გახდა საოცრად მოწყალე, სიკეთის მთესველი; მაგრამ მისი სულიერი ზესვლა ამით არ დამთავრებულა.
ერთხელ პეტრემ ტანსაცმლის სათხოვრად მისულ გლახაკს თავისი საუკეთესო სამოსი აჩუქა. გლახაკმა კი იგი გაყიდა და ფული მოიხმარა. როცა პეტრემ თავისი ჩასაცმელი სხვა კაცზე ნახა, გული დასწყდა.
მას სიზმარში ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: პეტრე, შენ გლახაკისათვის გაიღე ტანსაცმელი. ნუ ნაღვლობ, რომ იგი სხვას აცვია, რადგან ცათა შინა შენს სამოსს მაცხოვარი ატარებს.
ასე ნელ-ნელა ადიოდა სრულყოფის საფეხურებზე ეს ერთ დროს მდიდარი ძუნწი, რომელიც შემდეგ დიდი სასულიერო მოღვაწე და მეუდაბნოე გახდა.
ჩვენი დრო რთული დროა, იმიტომ რომ საცდურნი მეტად მრავალმხრივია, სულიერი ღირებულებანი კი დაკნინებული. ჯერ კიდევ პირველი საუკუნეების წმინდა მამები წინასწარმეტყველებდნენ, რომ ბოლო ჟამს მეტად დიდი იქნებოდა ბოროტი ძალის შემოტევა და ადამიანებს ძალზე გაუჭირდებოდათ ჭეშმარიტების გზით სიარული, რადგან ათასგვარ გასართობს და მიწიერ მოთხოვნილებებს აჰყვებოდნენ და ნაკლებად იზრუნებდნენ სულის ცხონებისათვის. მამები წინასწარმეტყველებდნენ იმასაც, რომ ბოლო ჟამს ადამიანები ძირითადად მწუხარებითა და ავადმყოფობით ცხონდებოდნენ, რადგან ყველაზე ნათლად ასეთ მდგომარეობაში მყოფნი აანალიზებენ სიცოცხლის ნამდვილ დანიშნულებას, ეძიებენ მიზეზს თავიათნი გასაჭირისა, აცნობიერებენ ცხოვრებისეულ შეცდომებს და ღვთის იმედითა მისი შეწევნის სურვილით ივსებიან.
დღეს ბევრი ოჯახი განიცდის დიდ მწუხარებას, ბევრი ახალგაზრდა წავიდა ჩვენგან, ბევრმა მშობელმა დაკარგა შვილი, ახლბელი, მეგობარი. მრავალ სახლში ტკივილმა სიდუხჭირის სახითაც შეაბიჯა, მათ შორის ისეთ ოჯახებშიც, რომლებიც ადრე შეძლებულებად ითვლებოდნენ. მაგრამ ეს არ არის ნამდვილი ტრაგედია, რადგან, როგორც ვთქვით, ეს ყოველივე ბევრისთვის სულიერი ფერისცვალების დასაწყისად იქცა. მართლაც, მრავალმა სხვა თვალით დაინახა სამყარო, სხვა თვალით შეხედა საკუთარსა და თავისი ახლობლების ცხოვრებას, გაეხსნა სულიერი ხედვა დაიწყო ზრუნვა მარადიულო ცხოვრებისათვის. ფრიად სამწუხარო ის არის, რომ ამ პროცესს თან დაერთო ჟამი სულიერ ფასეულობათა მსხვრევისა, რაც პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით, თვალნათლივ თუ შეფარულად ხორციელდება. დიდია საშიშროება იმისა, რომ მრავალი ცდუნდეს, რომ ბევრმა ვერ გაარჩიოს ავი და კარგი, რადგან დღეს ჭეშმარიტ რწმენას ურწმუნოება კი აღარ უპირისპირდება, არამედ ცრუ სარწმუნოება, რომელსაც ჭეშმარიტების დიდი პრეტენზია აქვს. ნამდვილ თავისუფლებას თვითნებობა და თავაშვებულობა ცვლის, რომელიც ასევე ურცხვად იჩემებს თავისუფლების სახელს. ცენტრიდანული ძალები ცდილობენ დაშალონ ქვეყანა და მისი გამაერთიანებელი, შემაკავშირებელი ძალა გაანადგურონ. დაქუცმაცების ტენდეცია დემოკრატიის სახელით სარგებლობს და ერის დაშლის პროცესს ახალი ცხოვრების აღმშენებლობის პოლიტიკასთან აიგივებს. შეილახა სიწმინდე, ზნეობა, ყველაფერი დიდი ეჭვის ქვეშ დადგა. ამასთან მიმდინარეობს პროპაგანდა ძალადობისა და აღვირახსნილობისა. ბოროტის მანქანებამ თავისი შესაძლებლობები ეკლესიის წიაღშიც გამოავლინა. პირადი ამბიციებით შეპყრობილი, ერისა და სარწმუნოების მოღალატე ადამიანები ცდილობენ დედა ეკლესიის შეურაცხყოფის საშუალებით ხალხის წინაშე სიწმინდისა და სიმართლის დამცველებად წარდგნენ.
დრო, რა თქმა უნდა, ყველას და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, მაგრამ საბრალონი არიან ისინი, რომელნიც გაურკვევლობის გამო სწორ გზას აცდებიან და სამარდჟამოდ დაიღუპებიან.
ყოფის ასეთ სიმძიმეს ბევრი ვერ უძლებს, განსაკუთრებით კი – სუსტი და ფაქიზი ბუნების ადამიანები. ისინი ხშირად ვარდებიან სასოწარკვეთილებაში და სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებენ. თვითმკვლელობა საშინელი ცოდვაა. ესაა დანაშაული, რომელიც ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანს ღვთისაგან არ ეპატიება. მისი შედეგი მარადიული სატანჯველია. უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი იმაზე დიდ ტვირთს არ მოგვცემს, რისი ტარებაც არ შეგვიძლია. ვისაც არ შესწევს უნარი გაანალიზოს შექმნილი სიტუაცია და ვერ ახერხებს კრიტიკულ მდგომარეობაშიც კი დაინახოს მოვლენის მეორე, სულიერი მხარე, ეუფლება დაუძლეველი დეპრესია და თვითმკვლელობით სულს ეშმაკს უთმობს, ვერ აცნობიერებს რა, რომ ამ ნაბიჯით თავს მუდმივი, აუტანელი სატანჯველისათვის წირავს.
მე ერთხელ კიდევ ვაფრთხილებ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს სულიერ შვილებს და საერთოდ ყველას, არ გადადგათ ეს საშინელი ნაბიჯი; თქვენი სულისთვის, თქვენი და თქვენი ახლობლების სიკეთისათვის არ დაუშვათ ბოროტების ზეიმი; ბოლომდე მიიღეთ ცხოვრებისეული გამოცდა; გახსოვდეთ, მწუხარების ჟამს განსაკუთრებულ სულიერ შვებას აუცილებლად პოვებთ ეკლესიაში. გულმხურვალე ლოცვა, აღსარება და ზიარება საუკეთესო წამალია დაჭრილი სულის განსაკურნებლად. საერთოდაც, არცერთი ადამიანი, ვისაც სურს გადარჩეს, არ უნდა დარჩეს ეკლესიის გარეშე. ეკლესია ხომალდია, რომელიც უშიშრად და დაუბრკოლებლად მიაპობს ცხოვრებისეული ოკეანის აზვირთებულ ტალღებს. იგია ერთადერთი საიმედო სიმაგრე. ეკლესიაში აღსრულებულ საიდუმლოთა წყალობით ადამიანი იძენს დიდ შინაგან ძალასა და სიმხნევეს, უახლოვდება ღმერთს და ყოველთვის გრძნობს მის არსებობას. ასეთი პიროვნება არასდროს და არსად არ არის მარტო და უფლისმიერი შინაგანი მშვიდობა და სიხარული მუდამ მასთანაა.
ვინც მიხვდა სიცოცხლის არსს და ღმერთთან სიახლოვე სურს, სიყვარულით უნდა დაემორჩილოს უფალს და დაამყაროს მასთან ლოცვითი კავშირი; შეიყვაროს მოყვასი, ვითარცა თავი თვისი და მას შეძლებისდაგვარად დაეხმაროს; უნდა ამაღლდეს ფიზიკური და სულიერი შრომით და მიწიერი სურვილები და ხორციელი მდაბალი მიდრეკილებები დაძლიოს.
მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიქნებით ჩვენ ნამდვილი ქრისტიანები, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ჭეშმარიტი თავისუფლების მოპოვება და ღვთისსათნო სულიერი მდგომარეობის აღდგენა.
უფალი ბრძანებს: ყოველი შემცოდე ცოდვის მონაა (ინ. 8,34). თუ გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებები (ინ. 14,16). მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე (ინ. 14,16). თუ შეიცნობთ ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტება განგათავისუფლებთ თქვენ (ინ. 8,32).
უფალი სულია; ხოლო სადაც არის სული უფლისა, იქვეა თავისუფლება (2 კორ. 3,17). თავისუფლებისთვის ხართ ძმანო ხმობილნი, - გვარიგებს მოციქული, - მაგრამ ხორციელი განცხრომისათვის ნუ მოიხმართ თავისუფლებას (გალ. 5,13), რადგან ხორცს სულის საპირისპიროდ სურს და სულს ხორცის საპირისპიროდ (გალ. 5,17). ხორცის საქმენი აშკარაა; ესენია: სიძვა, უწმიდურება, ბილწება, კერპთმსახურება, მწვალებლობა, მტრობა, შუღლი, შური, განხეთქილება, სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ლირწება და სხვანი მისთანანი (გალ.20,21).
რასაც დასთესს კაცი, მასვე მოიმკის. ხორცში მთესველი ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას. ხოლო სულში მთესველი სულისგან მოიმკის საუკუნო სიცოცხლეს (გლ. 6,8). ვინაიდან ცოდვის საზღაური არის სიკვდილი, ხოლო ღმრთის ნიჭი – საუკუნო სიცოცხლეა უფალი ჩვენი იესო ქრისტეს მიერ (რომ. 6, 23).
წმინდა მამები გვმოძღვრავენ, თუ როგორ განვეშოროთ ცოდვას:
1) უნდა ვერიდოთ იმ ადგილებს, იმ სიტუაციებსა და ადამიანებს, ვინც და რაც ჩვენში არაწმინდა გრძნობებსა და განწყობილებებს აღძრავს და ცოდვით მიდრეკილებებს გვიმძაფრებს.
2) მუდამ უნდა გვახსოვდეს სიკვდილი, საშინელი სამსჯავრო, აღდგომა ქრისტესი და მარადიული ცხოვრება.
3) სულ უნდა გვქონდეს განცდა ყველგან და მარადჟამს ღვთის მყოფობისა.
4) ყოველდღიურად უნდა ვლოცულობდეთ და ვთხოვდეთ უფალს შეწევნას.
5) ყურადღებას უნდა ვამახვილებდეთ საკუთარ თავზე, ყოველ ჩვენს ქცევაზე, სიტყვაზე, გრძნობაზე, მოქმედებასა და სურვილზე.
6) ხშირად უნდა ვთქვათ აღსარება და ზიარების მადლით განვიწმიდოთ.
7) რეგულარულად უნდა დავდიოდეთ ეკლესიაში და ვკითხულობდეთ სასულიერო წიგნებს, ვშრომობდეთ ფიზიკურად.
8) უნდა ვესწრაფოთ სულიერ და მორწმუნე ადამიანებთან ურთიერთობას, ხოლო ბოროტ და უზნეო კაცთაგან – თავის განრიდებას.
9) წესად უნდა ვაქციოთ ყოველდღიურად რაიმე კეთილი საქმის კეთება.
მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ძალიან დიდია მათი რიცხვი, რომელნიც ასეთ სიმაღლეებს ვერ სწვდებიან და ცხოვრების მიზნად გაუხდიათ საკვებზე ზრუნვა, გართობა, შვილებისთვის მატერიალური კეთილდღეობის შექმნა, ძალაუფლების მოპოვება და განცხრომით ცხოვრება, ეს კი მათ ცხოველურ დონემდე ამდაბლებს, რადგან ამგვარი ყოფა ინსტინქტებითა და მიწიერი მოთხოვნილებებით განისაზღვრება.
ასეთ ადამიანებს ოჯახის შექმნა სასურველად იმიტომ მიაჩნიათ, რომ შთამომავლობა იყოლიონ. მათი შვილებიც არსებობენ იმიტომ, რომ გახდნენ მშობლები მომდევნო თაობისა, ეს მომდევნო თაობები - შემდგომი თაობისა და ა.შ. გამოდის, რომ ამგვარად მოაზროვნე ადამიანები თავიანთი ცხოვრების გამართლებას ოდენ ახალი თაობის დაბადებაში ხედავენ.
ნუთუ ნებისმიერი თაობა (თუნდაც ნებისმიერი ინდივიდი) არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ უაზროდ მოკვდეს ყოველი ახალი თაობის მოსვლის შემდეგ, რომელმაც ზუსტად იგივე ბედი უნდა გაიზიაროს, როცა ცვლად მისი შთამომავლობა მოვა?
ნუთუ პიროვნების, გვარის, ტომის, ერის არსებობა ნიშნავს უმიზნოდ მცხოვრები ადამიანების თუ თაობების ცვლას?
ვინც ამგვარად ფიქრობს და ცხოვრობს, მარადიული სიკვდილისთვის წირავს თავს და ასეთი დამოკიდებულებით სიცოცხლეს საშინელ ტყუილად და დიდ უაზრობად აქცევს. ეს კი არის უდიდესი დანაშაული ღვთისა და საკუთარი თავის წინაშე.
ვიმეორებთ, ჩვენ სიკვდილისა და გაქრობისთვის ნამდვილად არა ვართ გაჩენილნი. თითოეული ჩვენგანის მიზანი მარადიული სოცოცხლის მოპოვება, უფალთან მიახლებაა, ღმერთში სიცოცხლეა და საუკუნო ნეტარებაა. ამქვეყნიური ცხოვრება კი არის გამოცდა ჩვენი სულისა.
მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადამიანისთვის საკმარისი არ არის პიროვნული გადარჩენის გზის ჩვენება, აუცილებელია შესაბამისი საზოგადოებრივი ყოფაც.
ქრისტიანობამ არსებობის ნამდვილი მიზანი უჩვენა საზოგადოების უმაღლეს გამოვლინებას – სახელმწიფოსაც. ქრისტემდე კაცობრიობა ძირითადად მის ორ ტოპს იცნობდა: აღმოსავლურს და დასავლურს (ბერძნულ-რომაულს). აღმოსავლური სახელმწიფო დაფუძნებული იყო მონობაზე და ხელისუფლებისადმი განუკითხავ, სრულ მორჩილებაზე. ბატონობდა პრინციპი: მართალია ის, ვიცნ ძლიერია. დასავლეთშიც სახლმწიფო სტრუქტურას მონობა ედო საფუძვლად, მაგრამ მას თან ერთვოდა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალთა დაუცხრომელი ბრძოლა გავლენის მოპოვებისათვის. ეს კი აყალიბებდა ცხოვრების ისეთ წესს, სადაც სახელმწიფო კი არ იყო მბრძანებელი, არამედ პოლიტიკურ ძალთა გამაწონასწორებელი საყოველთაო კანონი, რომლის განმახორციელებელიც ხელისუფლება იყო.
საბოლოო ჯამში ძველ აღმოსავლეთში ჩამოყალიბდა დესპოტური სახელმწიფო, დასავლეთში კი იმპერია, რომელმაც თავისი ყველაზე სრული გამოვლენა რომის სახელმწიფოში ჰპოვა. წარმართული დასავლეთისათვის ძლიერი სახელმწიფოს შექმნა იყო ცხოვრების აზრი და მიზანი, ადამიანური გონისა და სიმართლის გამოვლინება. როცა ეს მიზანი განხორციელდა და რომი ყოვლისმომცველ იმპერიად იქცა, ნათელი გახდა ამ გარეგნული სიდიადის უაზრობა და არარაობა და სახელმწიფომ ლპობა იწყო.
მაშინ კი მთელი სიმძაფრით დაისვა კითხვა: რა საჭირო იყო ეს ყველაფერი, რა მოგვცა ამან? რა არის სახელმწიფოს არსებობის ნამდვილი მიზანი?
ამ კითხვებზე პასუხი მხოლოდ ქრისტიანობამ გასცა. მან დაგვანახა, რომ როგორც მხოლოდ მიწიერი სურვილებით გატაცება დიდი ცოდვა და უაზრობაა, ასევე უაზრობაა სახელმწიფოს ინტერესების შემოფარგლვა მარტო ყოფითი პრობლემებითა და მიწიერი საკითხებით; დაგვანახა, რომ ხელისუფლებას სურს, არც თვითონ ჩაეფლოს ამაოების ჭაობში და არც თავისი საზოგადოების წევრები გაწიროს უმიზნო ყოფისთვის, მას (ისევე როგორც ცალკეულ პიროვნებას) ყოველთვის და ყოველ საქმეში ორიენტირად ცათა სასუფეველი უნდა ჰქონდეს და ყველგან და ყველაფერში ქრისტიანული ცხოვრების დამკვიდრებას ცდილობდეს. ასეთი სახელმწიფოა სიცოცხლისუნარიანი, სულით ძლიერი და გაუტეხელი... ასეთი ქვეყანა ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა.
თავისი არსით საერო ხელისუფლება განსხვავდება სასულიეროსგან. ამიტომაც მათ შორის ურთიერთობა უნდა იყოს თავისუფალი, მაგრამ ერთიან ქრისტიანულ ზნეობრივ ნორმებზე დამყარებული.
ჩვენთან დომინირებს აზრი სახელმწიფოსაგან ეკლესიის გამოყოფის აუცილებლობის შესახებ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეკლესია უნდა განუდგეს საზოგადოებრივ ცხოვრებას, ხალხის სოციალურ თუ კულტურულ ყოფას. ამასთან აუცილებელია, რომ საქართველომ, როგორც ძველმა ქრისტიანულმა სახელმწიფომ, ქრისტიანული ეთიკით იხელმძღვანელოს და ჩვენს ტრადიციებზე და მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე დაყრდნობით ეროვნული სახელმწიფო ააშენოს. სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა მსგავსია ადამიანის სულისა და ხორცის ერთობისა, სადაც ორივეს თავისი ადგილი აქვს და მათ ჰარმონიულ ყოფას კეთილგანწყობა და გონიერება წარმართავს.
დროა, ყველამ გააცნობიეროს ისიც, თუ რა საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას უცხო რელიგიებისა და ტოტალიტარული სექტების თარეში. ამ რამდენიმე წლის გამოცდილებამ ნათლად გვიჩვენა, რომ ისინი უარყოფენ და შეურაცხყოფენ ჩვენს ეროვნულ გრძნობებს, ჩვენს წარსულს, ჩვენს ისტორიასა და სიწმინდეთ და ათასობით ადამიანს ჭეშმარიტების გზას აშორებენ.
მართალია, თითოეულ პიროვნებას აქვს უფლება თავისუფალი არჩევანისა, მაგრამ სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას თავისი მოქალაქე სულიერი აგრესიისაგან, მით უმეტეს, რომ სექტების მოქმედება უკვე ანტიეროვნულ, ანტი სახელმწიფოებრივ სახეს იღებს.
ჩვენ გვესმის, რომ ეს ყველაფერი გარდამავალი პერიოდის სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი მოვლენებია, მაგრამ ქვეყნისთვის საშიში ტენდენციები თავიდანვე უნდა აილაგმოს და ძირითადი მიმართულებები გამოიკვეთოს.
თავიდანვე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მოზარდთა სწორ აღზრდას და ახალგაზრდობის პრობლემებს. მეტი სითბოს გამოჩენა გვმართებს ინტელიგენციისადმი, მეციერებისა და კულტურის მსახურთადმი, ექიმებისა და პედაგოგებისადმი.
რა თქმა უნდა, ქვეყნისა და ხალხის წინაშე დიდი მისია აკისრია ეკლესიას. ბოლო ოცი წლის მანძილზე ბევრი რამ გაკეთდა: გამრავლდა სასულიერო პირთა რიცხვი და ეპარქიები, გაიხსნა ახალი ეკლესია-მონასტრები, სასულიერო გიმნაზიები, სემინარიები, აკადემიები. გამოიცა ჟურნალები, გაზეთი, საღვთისმეტყველო ლიტერატურა, ჩამოყალიბდა საპატრიარქოს ახალი განყოფილებები, გაფართოვდა ეკლესიის მოქმედების სფერო... მაგრამ საქმე კვლავ ძალიან ბევრია. ამ გზაზე იყო დიდი წინააღმდეგობებიც, შეცდომები, უხეში ძალის ჩარევაც, მაგრამ ეკლესიამ გაუძლო დროის სუსხსა და გამოცდას და შეძლო მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება ჩვენი ხალხის ცხოვრებაში. უფლის შეწევნით ალბათ ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება, რაც არის საწინდარი საქართველოს და თითოეული ჩვენგანის გადარჩენისა.
ის, რისი გაკეთებაც ხელისუფლებამ დღემდე შეძლო, მომავლის რწმენას გვინერგავს და ხვალინდელი დღის იმედით გვავსებს. შორს აღარ არის ის დრო, როცა ჩვენი მწუხარება განქარდება და ყველანი გავიხარებთ ერთიანი, მთლიანი, ძლიერი საქართველოს ხილვით.
ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მკვიდრნო, საზღვარგარეთ მცხოვრებნო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო, უფლის წყალობით კვლავ ღირსნი გავხდით შევგებებოდით დიად ზეიმს – შობის დღესასწაულს. ცაზე კვლავ ბრწყინავს ახალი ცხოვრების მაუწყებელი ვარსკვლავი, ანგელოზნი კვლავ გალობენ ზეციურ საგალობელს და კვლავ თავისკენ გვიხმობს ახალშობილი ყრმა – იესო ქრისტე.
2000 წლის წინათ მის თაყვანისცემად კაცთაგან პირველნი მიეახლნენ ყველაზე უბრალონი და წრფელნი – მწყემსები და ყველაზე ცნობილნი და ბრძენნი – აღმოსავლეთის მეფენი – მოგვნი.
მაშ ჩვენც, განურჩევლად ჩვენი მდგომარეობისა, შეუვრდეთ ახალშობილ "მზეს სიმართლისა", მას, რომელმან ცანი მოიდრიკა სიმდაბლით და გარდამოხდა ქვეყნად ცოდვის ათასწლოვანი საკვრელის გასაწყვეტად, ჩვენს დასახსნელად და საცხოვნებლად. ძღვნად მივართვათ მას ჩვენი უშურველი სიყვარული, ერთგულება და სიკეთე: გავუღოთ გულის კარი ცათა მეუფეს, რათა შემობრძანდეს ჩვენს სულში, დაივანოს იქ განუშორებლად და აღგვავსოს მადლითა და წყალობითა თვისითა.
ქრისტე იშვა, გიხაროდეთ!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი
ქრისტეშობა
1997/98 წ.
სააღდგომო ეპისტოლე - 1987
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს,
რომელთაც უხარის აღდგომა ქრისტესი
"მოვიდა ქორწილი კრავისაჲ"
(გამოცხადება 19,7)
თავისი სიძლიერით ამ გრძნობას ვერ შეედრება მიწიერი კეთილდღეობით გამოწვეული ვერცერთი განცდა. ამ იდუმალ ღამეს, როგორც არასდროს, ჩვენი სული თბება რწმენით, სასოებითა და სიყვარულით; უფალი მოდის თითოეულ ჩვენგანთან და გვეუბნება: "გეშინინ, გარნა გრწმენინ" (ლუკა 8,50).
რით შეგვიძლია ვუპასუხოთ ამ დიდ სიყვარულს? მოწიწებით უნდა მივიღოთ იგი, გულის სიღრმეში უნდა მივუჩინოთ სამყოფელი და გარეშევარტყათ მთრთოლვარე სიყვარული. გვყოფს ტაძრად სულიწმიდისა და შევიმოსებით მისი დიდებით. "ხოლო ნაყოფი სულისაჲ არს: სიყვარული, სიხარული, მშვიდობაჲ, სულგრძელობაჲ, სიტკბოებაჲა, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ" (გალატ. 5, 22).
სულიწმიდის მადლით აღვსებას გისურვებთ, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, ღირსნო ბერ-მონოზონნო, უცხოეთში მცხოვრებნო თანამემამულენო და ყოველნო, სულიერნო შვილნო საქართველოს წმიდა ეკლესიისა; სიყვარულით მოგესალმებით და გულით მოგილოცავთ წმიდა პასექის დიად დღესასწაულს.
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
"აღსდგა იგი ღმერთი, რომელმანც გვიანდერძა ჩვენ ურთიერთის სიყვარული და გვითხრა: "ესე არს მცნება ჩემი, რათა იყვარებოდეთ ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყვარეთ თქვენ".აღსდგა იგი მეუფეთა მეუფე, რომელმანც აღადგინა ღირსება ადამიანისა და ჰრქვა მონებით შეგინებულს ქვეყნიერებას: "არღა გეტყვით თქვენ მონად, რამეთუ მონამან არა იცის, რასა იქმს უფალი მისი; ხოლო თქვენ გარქუ მეგობრად, რამეთუ ყოველი, რაოდენი მესმა მამისა ჩემისაგან, გაუწყეთ თქვენ", - წერს სააღდგომო მიმართვაში ჩვენი ერისა და ეკლესიის მიერ წმიდანად შერაცხილი დიდი ილია ჭავჭავაძე.
აღდგომა ქრისტესი სიცოცხლის გამარჯვებაა სიკვდილზე.
აღდგომა ქრისტესი სიკეთის გამარჯვებაა ბოროტებაზე.
"სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი?" (I კორინ. 15,55).
ადამიანი, როგორც ნაწილი ქრისტეს ბუნებისა, უშუალო მონაწილეა ამ ძლევისა. გამარჯვება მოპოვებულია, მაგრამ მას გაფრთხილება და შენარჩუნება უნდა.
სად პოვოს კაცმა ძალა მის დასაცავად?
პასუხი ერთია: ეკლესიაში, რომელი არს სხეული ქრისტესი.
ჩვენთვის განხორციელებული, ჯვარცმული და აღდგომილი ქრისტე განუყოფელია ეკლესიისგან ისევე როგორც ეკლესია წარმოუდგენელია ქრისტეს გარეშე. ეკლესიის საიდუმლოთა მეოხებით ნათლად შევიგრძნობთ, რომ ქრისტეში და ქრისტეთი დაიწყო მსოფლიო პასექი, დაიწყო ქორწილი კრავისაჲ, დაიწყო ჩვენი სვლა სასუფევლისკენ.
ჩვენ სულიერად ვნათლდებით ეკლესიის სიწმიდით, მაგრამ ეკლესია არ შეილახება ჩვენი ცოდვებით, რადგან მისი სიწმიდე ჩვენსმიერი კი არა, მაცხოვრის ჩვენის იესო ქრისტესეულია.
ეკლესია შედგება ჩვენგან, მაგრამ არსი მისი და ცხოველსმყოფელი ძალა მისი ჩვენში არ არის. ადამიანის ხორციელი ბუნებაც ხომ შეიცავს ქსოვილს, სისხლს, ლიმფას... მაგრამ ჩვენი რაობა მათში კი არა, იმ მაცოცხლებელ ძალაშია, რომელიც ორგანული შერწყმით ქმნის ერთიან მთელ სხეულს; მსგავსად ამისა, ეკლესიაც არის არა მხოლოდ ადამიანთა კრებული, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ის ძალა, ხალხს რომ აერთიანებს და ამ ერთობით მათ ღვთის ნაწილად ხდის.
ღმერთკაცის - იესო ქრისტეს მიერ დაარსებული ეკლესია მასავით ორბუნებოვანია - ღვთაებრივ-ადამიანურია. ოღონდ განსხვავება იმაშია რომ იესო ქრისტე სრულყოფილი ღმერთი და სრულყოფილი კაცია, ეკლესიამ კი ჯერ ვერ მიაღწია სრულყოფილ ღვთაებრივ-ადამიანურ საფეხურს. მისი ადამიანური არსი გამუდმებით უნდა მიისწრაფვოდეს სრულქმნისაკენ, რათა შეეფარდოს თავისსავე სულიერ-ღვთაებრივ საწყისს. მიუხედავად ეკლესიის ადამიანური ბუნების ნაკლოვანებისა, ნიკეო-კონსტანტინეპოლის მსოფლიო კრებაზე დადგენილ მრწამსში ვამბობთ: "მრწამს ერთი, წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია". ეკლესია განწმედილია თავისი ღვთაებრივი დამაარსებლის სისხლითა და სულიწმიდის მადლით, რომელიც წმიდა საიდუმლოთა შესრულებისას მოეფინება მლოცველთ.
მაინც რა არის ეკლესია, რა ძალაა მასში? რატომ არ არის საკმარისი ვიყოთ მხოლოდ მორწმუნე?
ქრისტიანული ცხოვრება ეკლესიაში ავლენს თავის ფორმას, ამიტომაც უწოდებს მას წმიდა პავლე მოციქული "სახლს ღმრთისას" (I ტიმ. 3,15), "ქალაქსა ღმრთისა ცხოველისა" (ებრ. 12,22), "დედას მორწმუნეთა" და უფალ იესო ქრისტეს სხეულს, თავი რომლისაც თავად იგია (რომ. 12,5: I კორინ. 6,15; 12,12-28).
წმიდა მამები სახარებაში ფქვილისა და საფუარის შესახებ იგავს რომ განმარტავენ, ამტკიცებენ, რომ სწორედ ეკლესიაა ამ ქვეყნისათვის მოვლენილი ახალი ცხოვრების საფუარი. "რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა" (მათე 18, 20) - ბრძანებს უფალი.
წმიდა მღვდელმოწამე კვიპრიანე პირდაპირ ამბობს: "ვისაც ხშირი და გულწრფელი ურთიერთობა არა აქვს ეკლესიასთან, ქრისტეს სახელისათვის მან თავიც რომ გასწიროს, ცოდვას სისხლითაც ვერ განიბანს; წარუხოცელ და მძიმე ბრალს განყოფისას ტანჯვითაც კი ვერ განიწმენდს; არაეკლესიური არ შეიძლება იყოს მოწამე, ვერ ეღირსება იგი მეფობას". (ქრისტიანული სწავლება, ნაწ. I, ქრისტიანული ეკლესიის ერთობის შესახებ, 1837 წ.).
ღირსი მამა ეფრემ ასური კი ასე წერს: "ნეტარ ხარ შენ, ეკლესიავ მართლმორწმუნეთა, რამეთუ თვით მეფემ მეფეთა დაიდგინა შენში სავანე. მტკიცეა შენი საძირკველი, რადგან უფალი გიცავს შენ. ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ გძლევენ და მტაცებელნი მგელნი ვერ შეგმუსრავენ, ვერ შეარყევენ სიმაგრეს შენსას.
ო, რა დიდი და ბრწყინვალე ხარ შენ, სახლო ღვთისა" (შრომები, მ. 1858, გვ. 28).
"მეზღვაურთათვის, - გვასწავლის წმიდა თეოფილე ანტიოქიელი, - ღმერთმა თავშესაფრად კუნძულნი განაწესა; ცოდვით დაცემულ მსოფლიოს კი მიმადლა წმიდა ეკლესიები, რომელნიც ინახავენ სწავლებას ჭეშმარიტის შესახებ".
"ეკლესია ბურჯი და სიმტკიცეა ჭეშმარიტებისა", - ნეტარი ავგუსტინე.
"ეკლესია ერთადერთი სამეფოა ქვეყანაზედ უზენაესის კანონებით არსებული... ეკლესია უჭეშმარიტესი დამტკიცებაა მომავალი უკვდავებისა და უგანათლებულესი სიბრძნეა ზეგარდმო მონიჭებული", - ბერი ალექსი შუშანია.
ამგვარი გამონათქვამები სხვაც ბევრი შეიძლება მოვიტანოთ, რადგან წმიდა მამები თავისი დიდი სულიერი გამოცდილებით მთელი არსებით გრძნობდნენ ეკლესიის მაცოცხლებელ ძალას, იმას, რომ მხოლოდ ეკლესიის წიაღში ხდება ადამიანის ფერისცვალება, რომ მხოლოდ ეკლესიას შეუძლია მისცეს მას ის უმთავრესი, რაც კაცმა დაკარგა და რასაც ის შეუცნობლად ასე ეძებს და ესწრაფვის.
ეკლესია ის ერთადერთი ადგილია, რომელიც გვიხსნის სულიერი სრულყოფის გზას, ის ოაზისია, სადაც ქრისტესთან ერთობა მიიღწევა და მარადიული ნეტარება მოიპოვება. "მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ, არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ" (იოანე 14,6), - გვაფრთხილებს უფალი.
ეკლესიის არსს მხოლოდ ის მიხვდება და იგრძნობს, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს. გარეშე მაყურებელი კი მხოლოდ მის ზედაპირულ მხარეს ხედავს; სული, ძალა და დიდება ეკლესიისა მისთვის უხილავი და შეუცნობელი რჩება, რადგან თვითონაც უსულოდ ცხოვრობს.
მშვენივრად წერს ნეტარი ავგუსტინე: "სულიწმიდის მადლით დაჯილდოებული პიროვნება ეკლესიურია... ეკლესიის გარეშე მყოფნი მოკლებულნი არიან სულიწმიდას. თუ სხეულს რომელიმე ნაწილს მოვკვეთთ, იგი შეინარჩუნებს ფორმას, ვთქვათ, თითის, ხელის ან ყურისას, მაგრამ მასში არ იქნება სიცოცხლე; ასეთია მდგომარეობაც არაეკლესიურთა" (ქადაგება 268,2).
იესო ქრისტეს ძალდატანებით არავინ მოჰყავს ეკლესიაში, არამედ მხოლოდ ისინი, რომელთაც სურთ, მისდიონ მას და იყვნენ მონაწილე მისი არამიწიერი, ღვთაებრივი სიყვარულისა. "რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, - ბრძანებს იგი, - უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯვარი თჳსი და შემომიდეგინ მე" (მათე 16,24).
ძნელია განდგომა საკუთარი თავისგან; ძნელია უარყოფა ვიწრო ეგოიზმისა, არაწმიდა აზრებისა და გრძნობებისა. ზოგჯერ გვგონია, ვერ შევძლებთ, წინ აღვუდგეთ მიწიერ სურვილთ და ბოროტებას. როგორ დავძლიოთ იგი, როგორ განვიძარცვოთ ტანსაცმელი ძველი კაცისა და შევიმოსოთ სამოსელი სიმართლისა, სიყვარულისა, სამოსელი თანაგრძნობისა, მორჩილებისა, სიწმიდისა?
ჩვენი სულიერი ფერისცვალება მხოლოდ ეკლესიას შეუძლია.
ნუ შიშობ, იტვირთო ჯვარი, უფლის მიერ შენთვის განკუთვნილი. მაცხოვარი მოგვევლინა არა დასასჯელად და წარსაწყმედად, არამედ ხსნისათვის თაყვანისმცემელთა მისთა. იგი ყოველ ჩვენგანს განუმზადებს ისეთ ჯვარს, რომლის ტვირთვაც ძალგვიძს, ოღონდ უნდა მივენდოთ, ვუსმინოთ და მივსდიოთ მას. მორწმუნედ გახდომა არ არის საკმარისი, რომ ქრისტიანი გვერქვას, რომ ეკლესიის ნაწილი ვიყოთ. აუცილებელია ხელახლა შობა, ახალ ადამიანად ქცევა, აუცილებელია ეკლესიური ცხოვრება.
ეკლესიაში აღესრულება საიდუმლოებები: ნათლობისა, მირონცხებისა, აღსარებისა, ზიარებისა, მღვდლობისა, ქორწინებისა, ზეთისცხებისა და სხვა მღვდელმოქმედებანი, რომელთა მიღება ყოვლად აუცილებელია ქრისტიანისთვის.
მონათვლით ადამიანი ეკლესიაში შედის, ქრისტეს ნაწილი ხდება, ხელახლა იბადება; თავისუფლდება როგორც ადამისმიერი პირველქმნილი შეცოდებისგან, ისე ყველა სხვა ცოდვისაგან; აღდგება მასში ხატება ღვთისა, მიენიჭება სულიწმიდის მადლი და ყველა სიკეთე მისი.
"წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი, - მიმართავს იესო ქრისტე საქადაგებლად მიმავალ თავის მოწაფეებს, - და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმდისაჲთა და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქვენ" (მათე 28,19-20). ხოლო სხვა ადგილას ბრძანებს: "უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა" (იოანე 3,5).
წმიდა ნათლობის ძალით სულიერი დაბადება ნიშნავს ახალი ცხოვრების დაწყებას, საკუთარი თავის დავიწყებას და მსახურებას ქრისტესთვის და მოყვასისთვის. ამაში პოვებს ნამდვილი მორწმუნე სიხარულსა და ბედნიერებას, თავისი არსებობის აზრსა და მიზანს.
ნათლობისას პიროვნებას ღმერთი უვლენს მფარველ ანგელოზს, რომელსაც ევალება მისი დაცვა და სულიერ სრულყოფაში შემწეობა.
ინათლებიან როგორც სრულასაკოვანნი, ისე მცირეწლოვანნი. ეკლესიაში ბავშვების ნათლობა უძველესი ხნიდან დაწესდა. ბავშვს მღვდელი ნათლავს მშობლებისა და ნათლიების რწმენის ძალით, რომელთა წმიდა მოვალეობაა, ასწავლონ ყრმას სარწმუნოების კანონები და ღვთისსათნო ქრისტიანული ცხოვრება.
ნათლობისას სრულდება ასევე მეორე დიდი საიდუმლო - მირონცხება. როცა მღვდელი მოსანათლს ჯვრის სახით მირონს სცხებს, ამბობს: "ბეჭედი მონიჭებულ არს სულისა მიერ წმიდისა, ამინ".
იღებენ რა ამ ორ უდიდეს საიდუმლოს, ზოგიერთნი, სამწუხაროდ ამით ამთავრებენ ეკლესიაში ცხოვრებას. თუ ახალშობილს საზრდოს დროზე არ მივაწვდით, მოკვდება; ასეა სულიერ ცხოვრებაშიც.
ისინი, რომელნიც არ აღავლენენ ლოცვებს, არ მარხულობენ და ქრისტიანულად არ ცხოვრობენ, სულიერად კვდებიან კიდეც; მოეკვეთებიან ხეს ცხოვრებისას - ეკლესიას, რომლისგანაც გამუდმებით უნდა მიეღოთ სულიერი საზრდო. ჭეშმარიტნი ქრისტიანენი კი ნათლობისა და მირონცხების შემდეგაც უხვად იღებენ სულიერ საკვებს და მადლს.
ნათლობით თუმც განვეშორეთ სატანას და ყოველთა საქმეთა მისთა, მაგრამ თვითონ იგი არ გვტოვებს ჩვენ; მუდამ ცდილობს, კვლავ დაგვიპყროს, კვლავ მოგვიპოვოს. ამიტომაც ჩვენი გული კეთილსა და ბოროტს შორის მუდმივი ბრძოლის ასპარეზია.
სახარებაში ვკითხულობთ, რომ ადამიანისაგან განდევნილი არაწმიდა სული ურწყულ ადგილებს მიაშურებს და რაკი იქ განსასვენებელს ვერ პოვებს, ცდილობს, ძველ სამყოფელს დაუბრუნდეს. თუ კაცი განლაღებული დახვდა, სხვა უბოროტესს ეშმაკთაც მოიყვანს და მათთან ერთად დაემკვიდრება მასში. და კაცი იგი შეიქმნება უფრო ცოდვილი, ვიდრე ადრე იყო (მათე 12,43-45). ამიტომ საჭიროა ცოდვისგან მუდმივი განწმენდა, მისგან გათავისუფლება.
ჩვენს მიერ ჩადენილი ყოველი ბოროტება ცოდვაა. იგი ღვთისა და თვით ჩვენი თავის საწინააღმდეგო მოქმედებაა, ყოფის არყოფნად გარდაქმნაა, ჩვენი ბუნების დამახინჯებაა, ჩვენი დამაქცეველი ძალაა; ესაა მსვლელობა დამღუპველი მიზნისაკენ.
ბოროტებას შესაბამისი ბოროტი შედეგი მოჰყვება. ცოდვის შედეგია ღვთისგან განდგომა, სიყვარულის, მშვიდობისა და ბედნიერების დაკარგვა, სულიერი სიღატაკე, სიკვდილი... "ცოდვაჲ სოფლად შემოჴდა და ცოდვისა ძლით სიკუდილი" (რომ. 5, 12).
დარღვეული შინაგანი მთლიანობა რომ აღდგეს, ადამიანმა აღსარება უნდა თქვას და ღვთის წინაშე მოინანიოს ცოდვები. ასეთ შემთხვევაში მისი დახმარება მხოლოდ მოძღვარს შეუძლია, რადგანაც შენდობის უფლება ღვთისგან მასა აქვს მინიჭებული.
მაცხოვარმა მოციქულებს მისცა განსაკუთრებული ძალა ცოდვილთა მიმართ: "ამინ გეტყვი თქუენ: რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რაოდენი განჴსნათ ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა" (მათე 18,18). ეს მადლი მოციქულებიდან მათი საქმის გამგრძელებლებს - ეპისკოპოსებსა და სამღვდელოებას გადაეცა და დღემდე მოდის.
აღსარებისთვის მომზადებულნი უნდა მივიდეთ. ეს საიდუმლო უნდა აღვასრულოთ ისე, თითქოს იგი იყოს ჩვენი უკანასკნელი, სიკვდილის წინა აღსარება. მამები აღსარებას მეორე ნათლობას უწოდებენ, რადგანაც ამ დროს, ისევე როგორც ნათლობისას, პიროვნებას მიეტევება ცოდვები, ოღონდ მხოლოდ ის ცოდვები, რომელთა შენდობასაც მოძღვრისგან მიიღებს.
აღსარებას თვით უფალი იესო ქრისტე იღებს. იგი უხილავად ესწრება ამ საიდუმლოს, მღვდელი კი არის მოწმე და ადამიანისადმი ღვთის დიდი მოწყალების გამოვლენის საიდუმლო აღმსრულებელი.
აღსარებით განწმენდილი ადამიანი მზად არის, მიიღოს მეორე უდიდესი საიდუმლო - ზიარება.
განა შეიძლება ქრისტიანი გვერქვას და არ ვიყოთ მონაწილე ევქარისტიისა - ზიარებისა?! იგი არა მხოლოდ საიდუმლო სერობის გახსენებაა, არამედ ჩვენი ერთობა მაცხოვართან, ჩვენზე გარდამომავალი უდიდესი საიდუმლო ძალა, ჩვენი განღმრთობა.
წმიდა ზიარების მიღების აუცილებლობაზე მიუთითებს მაცხოვრის ეს სიტყვები: "უკუეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა" (იოანე 6,53).
ეკლესიის ისტორიის დასაწყისიდანვე წესად იყო მიღებული ხშირი ზიარება. მეორე საუკუნის ცნობილი მამა ეგნატე ღმერთშემოსილი წერს: "ეცადეთ, ხშირად შეიკრიბოთ ზიარებისთვის და ღვთის სადიდებლად" (XIII ეპისტოლე ეფესელთა მიმართ).
წმიდა იოანე დამასკელი კი ამბობს: სულისა და ხორცისგან შედგენილ ადამიანს სჭირდება როგორც სულიერი, ისე ხორციელი საკვები. სულიერ საზრდოდ იესო ქრისტემ მოგვცა თვით თავისი ხორცი და სისხლი, რომელსაც წმიდა ევქარისტიაში ღვინისა და პურის სახე აქვს.
რატომ მისცა უფალმა მოციქულებს საჭმელად თავისი სისხლი და ხორცი ღვინისა და პურის სახით? - კითხულობენ ზოგნი.
პური სიმბოლოა ღვთის ძალისა, სიმბოლო კაცთა ერთობისა. თორმეტი მოციქულის სწავლანში - "დიდაქეში" ვკითხულობთ: "როგორც ეს პური (ხორბლის სახით) იყო განბნეული სხვადასხვა ბორცვზე და შემდეგ შეკრებილი გახდა მთლიანი, დე, ასე შეერთდეს შენს საუფლოში ქვეყნის ყველა კიდიდან ეკლესია შენი (უფალო)" (დიდაქე 9).
ყურძენშიც ღვთის იდუმალი ძალაა დაფარული. წმიდა ესაიას წიგნში წერია: "როცა ყურძნის მტევანში წვენი ჩადგება, მაშინ ამბობენ, ნუ შელახავ მას, რამეთუ მასშია კურთხევა" (ესაია 65,8).
ხშირ ზიარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგიერთნი, მიაჩნიათ რა თავი უღირსად, წელიწადში ერთხელ ან რამდენიმე წელიწადში ერთხელ ეზიარებიან. ეს მიუტევებელი შეცდომა და ბოროტებაა საკუთარი თავის მიმართ.
როგორადაც არ უნდა მოვემზადოთ, განა ოდესმე ვიქნებით ღირსი, მივიღოთ ხორცი და სისხლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი? ჩვენი ცოდვების სიმძიმის შეგნებითა და უფლის მოწყალების იმედით უნდა მივეახლოთ ამ უდიდეს საიდუმლოს.
პირველ საუკუნეებში ქრისტიანები ყოველ წირვაზე იღებდნენ ზიარებას. ეს იყო ხალხი, სულით ძლიერი, ყოველ წუთს მზად რომ იყო, თავი გაეწირა ქრისტესთვის. მაგალითად, წმიდა ბასილი დიდი კვირაში ოთხჯერ ეზიარებოდა: კვირას, ოთხშაბათს, პარასკევს და შაბათს და, აგრეთვე, ყოველ დღესასწაულზე.
ძმანო და დანო ჩემნო, ნურც თქვენ მოიკლებთ ამ დიდ, გადამრჩენელ საიდუმლოს. მარხვის დროს გეძლევათ ლოცვა-კურთხევა ეზიაროთ ყოველ კვირას და, ასევე, ყოველ დიდ დღესასწაულზე. ეს მოგცემთ სულიერ ძალას როგორც ხილულ, ისე უხილავ მტერთან საბრძოლველად და გაქცევთ იმ სულიერ ტაძრად, რომელსაც უფალი არასდროს დატოვებს; მოგეცემათ მშვიდობა და სიხარული.
ზიარებით, ისევე როგორც აღსარებით, მივეახლებით ცოდვაზე და სიკვდილზე უძლიერეს მარადიულ და ყოვლის მომცველ სიყვარულს ღვთისას.
სიყვარულმა გაითვალისწინა ყვვლაფერი, რაც კაცს სჭირდება. თავის მოწაფეებს, ქადაგებისთვის რომ გზავნიდა, სნეულთა განკურნების ძალაც მისცა უფალმა (მათე 10,1). ჭეშმარიტ მორწმუნეებს ისინი ზეთს სცხებდნენ და ავადმყოფნიც სნეულებისგან თავისუფლდებოდნენ (მარკ. 6,13). იაკობ მოციქული ეპისტოლეში წერს: "უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა, და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაჲთა. და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი, და აღადგინოს იგი უფალმან. დაღაცათუ ცოდვაჲ რაიმე ექმნეს, მო-ვე-ეტეოს მას" (იაკ. 5, 14-15).
ასე დაწესდა საიდუმლო ზეთისცხებისა. ეკლესიის ზოგიერთი წმიდა მამა ამბობს, რომ ზეთისცხებისას უფალი შეუნდობს ავადმყოფს დავიწყებულ ცოდვებს. ამ საიდუმლოს მადლით მრავალნი განკურნებულან.
ზეთი ყველამ უნდა ვიცხოთ, რადგან ყველას გვაქვს დავიწყებული ცოდვები და მოკლებულნი ვართ როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ სიმართლეს.
ეკლესია ის სულიერი კანაა გალილეისა, სადაც უფალმა დალოცა ქორწილი.
ქორწინება ქალსა და კაცს შორის სიყვარულით განმტკიცებული კავშირია; ეს ურთიერთობა მათი თავისუფალი ნებით ხორციელდება, ერთმანეთისადმი ერთგულების პირობას გულისხმობს და ეკლესიისა და ქრისტეს ერთობის სახით იკურთხება. "რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცნი ნუ განაშორებენ" (მათე 19,6), - ბრძანებს წმიდა წერილი.
ამ საიდუმლოთი ღმერთი აკურთხებს ოჯახურ ცხოვრებას, ბავშვების ყოლასა და მათ აღზრდას. ბავშვი ეგოიზმის დაძლევაში ეხმარება მშობლებს; ისინი, ორნი, ეწირებიან მესამეს და ამით დიდ ბედნიერებას იღებენ.
როცა ეკლესიაზე და იქ აღსრულებულ ადამიანის ღრმა და იდუმალ ფერისცვალებაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება რამდენიმე სიტყვით მაინც არ შევეხოთ თვით მოძღვარს, რომელიც ამ საიდუმლოთა მთავარი მონაწილეა.
სასულიერო ხარისხში კურთხევა შვიდ საიდუმლოთაგან ერთ-ერთია. ეპისკოპოსები, მღვდელნი და დიაკონნი ქმნიან საეკლესიო იერარქიას. მათი ვალია სახარების ქადაგება, საიდუმლოთა აღსრულება და საეკლესიო საქმეთა წარმართვა.
წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილი წერს, რომ ეპისკოპოსი ეკლესიაში განასახიერებს უფალ იესო ქრისტეს, ხოლო მღვდელი სახეა მოციქულისა, ჯვარცმული პიროვნებისა.
ეპისკოპოსის ხელდასხმითა და წარმოთქმული ლოცვით რჩეულ კეთილმორწმუნე ქრისტიანზე სამღვდელო ხარისხში კურთხევისას გადადის განსაკუთრებული მადლი სულიწმიდისა.
მოძღვარი თავშეკავებული პიროვნება უნდა იყოს. წმიდა პავლე თავის მოწაფეს, მოციქულ ტიმოთეს, ასე არიგებს: "ხოლო სიჭაბუკისა მათ გულის თქუმათა ევლტოდე; შეუდეგ სიმართლესა, სარწმუნოებასა, სიყუარულსა, მშჳდობასა მათ თანა, რომელნი ხადიან უფალსა გულითა წმიდითა" (2 ტიმ. 2,22).
ნამდვილი სასულიერო პირი თავისი თავით კმაყოფილი არასდროს არის; მუდამ ებრძვის ცოდვას, რომ უკეთესი გახდეს და იქცეს მაგალითად სამწყსოსათვის.
მას განსხვავებული კულტურის მქონე საზოგადოებაში უხდება მსახურება. ამიტომაც იგი უნდა იყოს არა მარტო კარგი ღვთისმეტყველი, არამედ სულიერი, განათლებული, კულტურული პიროვნება, მშვიდობისმყოფელი, მოსიყვარულე, მოწყალე მამა.
ხალხი სამღვდელოებას გამადიდებელი შუშით უყურებს და მას მცირე შეცდომასაც არ აპატიებს. მოძღვრის შეუფერებელი საქციელი ან სიტყვა-პასუხი მაშინვე განკითხვის საგნად იქცევა როგორც მორწმუნეთათვის, ისე, მითუმეტეს, ურწმუნოთათვის.
უნდა გვახსოვდეს, რომ მღვდელიც ადამიანია თავისი ადამიანური სისუსტეებითა და უძლურებით. უნდა გვახსოვდეს, რომ მას ბოროტი ძალა გაცილებით ძლიერ ებრძვის, რათა დაამციროს, დაამდაბლოს იგი და ამით მრევლის რწმენა შეარყიოს. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ზოგიერთის მიზეზით სხვებს შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ. განა იუდა ისკარიოტელის გამო შეიძლება უგულველვყოთ ღვაწლი და შრომა სხვა მოციქულებისა, რომელთაც თავიანთი წმიდა ცხოვრებითა და მოწამებრივი აღსასრულით დიდების გვირგვინი მოიპოვეს?
ასე რომ, ეკლესია ერთადერთი სულიერი სავანეა, რომელში ყოფნაც აუცილებელია ქრისტიანისთვის, ყველასთვის, ვისაც სულის ხსნა სურს.
ეკლესიაში ყველაფერი მნიშვნელოვანია და ემსახურება იმ მიზანს, რომ ჩვენში ქრისტე აღიბეჭდოს, რომ ჩვენ ღმერთშემოსილნი გავხდეთ. და რაოდენ საწყალობელია მდგომარეობა მათი, ვინც ამ მადლს მოკლებულია.
ერთადერთი გზა ღმერთთან სიახლოვეშია.
ეშმაკი ეპატრონება იმათ, რომელნიც არ ლოცულობენ და არ მარხულობენ. სახარებაში პირდაპირ წერია: "ხოლო ესე ნათესავი არარაჲთ განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა" (მათე 17,21).
ძალიან დიდი ძალა აქვს ფსალმუნის კითხვას. ყველა მორწმუნემ ზეპირად უნდა იცოდეს 50-ე ფსალმუნი. ამ ლოცვით ცოდვებისაგან იწმინდება კაცი, რადგანაც ეს სინანულის საგალობელია.
ბოროტ ძალებთან საბრძოლველად ღვთისაგან დიდ შემწეობას იღებს ის, ვინც რწმენითა და სასოებით წარმოთქვამს 90-ე ფსალმუნს.
ნუ გამოტოვებთ დილის და საღამოს ლოცვებს, ზიარების წინა და შემდეგ ლოცვებს, ჭამის წინ და ჭამის შემდეგ, საქმის დაწყების ან და დამთავრების შემდეგ ლოცვებს. შეძლებისდაგვარად იკითხეთ ფსალმუნნი.
ყოველი შაბათი მიცვალებულთა დღეა. ნუ დაივიწყებთ გარდაცვლილ მშობლებს, წინაპრებსა და ახლობლებს. ამ დღეს გაკეთებული საკურთხი ეკლესიაში წაიღეთ და პანაშვიდზე მოძღვარს მოახსენებინეთ მათი სულები.
გახსოვდეთ, ადამიანი კი არ კვდება, გარდაიცვლება მხოლოდ. მისი სული უკვდავია, იგი თხოულობს ჩვენგან დახმარებას. ამავე დროს, ისიც შეგვეწევა ღვთის წინაშე თავისი ლოცვით.
თუ ყოველივე ამას გააკეთებთ, ღვთის კურთხევა არ მოგაკლდებათ.
როცა ეკლესიაზე და კაცობრიობისათვის ეკლესიის მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ მისი სამშვიდობო მოღვაწეობა.
ყვვლას კარგად გვესმის, რომ ჩვენთვის აუცილებელია როგორც შინაგანი, ისე გარეგანი მშვიდობა. ამის გარეშე შეუძლებელია არა თუ სულიერობა, არამედ საერთოდ არსებობა.
ჩვენ მეტად საპასუხისმგებლო დროს ვცხოვრობთ, საშინელი განსაცდელის წინაშეა თითოეული სახელმწიფო, მთელი მსოფლიო. თუ მოვლენები კვლავ ასე განვითარდა, ექნება კი საერთოდ აზრი რაიმეს ან მომავალი?
გულგატეხილობამ და ურწმუნოებამ მოიცვა ჩვენი გული, თუმც მათ ბოლომდე მაინც ვერ დაგვიმორჩილეს, რადგან ყოველ ჩვენგანში წარუხოცელი ბეჭედია ღვთის მსგავსებისა, რადგან, ტერტულიანეს თქმისა არ იყოს, სული ყოველი კაცისა ბუნებით ქრისტიანია. ოღონდ საჭიროა უფრო ღრმა აზროვნება, ახლებურად აღქმა და გააზრება ყოველივე იმისა, რაც ხდება. სახელმწიფოთა შორის კულტურულმა, პოლიტიკურმა თუ სოციალურმა სხვაობამ ხელი არ უნდა შეუშალოს იმის შეგნებას, რომ ჩვენ ყველა ვცხოვრობთ სახლში, რომლის სახელიც დედამიწაა და მთავარი საუნჯე ამ დედამიწაზე ადამიანია.
დღეს, როცა კაცობრიობა იტანჯება შიმშილისაგან, სიღარიბის, ავადმყოფობისა და სოციალური უსამართლობისაგან, სულ უფრო მეტი ხარჯები მიდის შეიარაღებაზე. მდგომარეობა რომ გამოსწორდეს, აუცილებელია თანამედროვე ადამიანის ზნეობრივ-მორალური ცხოვრების დონის შეცვლა უფრო მაღალი კრიტერიუმებით, ხოლო ხალხთა და სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის ახალი ფორმების გამოძებნა.
ამ საკითხების გადაჭრაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეკლესიას, მის ლოცვას და იმ საქმიანობას, რასაც იგი სამშვიდობო მიზნით ახორციელებს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მორწმუნენი, მთელ ხალხთან ერთად მოწონებით შეხვდა ჩვენს ქვეყანაში სულიერი და მატერიალური განახლების პროცესის დაწყებას.
სულიერი და მატერიალური პრობლემები ჩვენი მუდმივი თანამდევია. ისინი განუყრელნია, როგორც სახარებისეული დები მართა და მარიამი. მაგრამ ცხოვრების ორომტრიალში ჩაფლულთ კრავის სიტყვები არ უნდა დაგვავიწყდეს: "აჰა ესერა მოვალ ადრე, და სასყიდელი ჩემი ჩემ თანა მიგებად თითოეულსა, ვითარცა საქმე მისი იყოს" (გამოცხადება 22, 12); არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოახლოებულია ქორწილი კრავისა, რის შესახებაც უფალი სხვადასხვა საშუალებით გვაფრთხილებს.
მძიმე განსაცდელით დაიწყო ჩვენთვის ეს წელიწადი. დასავლეთ საქართველოში, სვანეთსა და სხვა მთიან რაიონებში მომხდარმა სტიქიურმა უბედურებამ დიდი მწუხარება და ცრემლი მოგვიტანა. ფეხზე დადგა მთლად საქართველო... გაჭირვებამ ყველა გაგვაერთიანა.
"მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის", - წარმოთქვა წმიდა იოანე ოქროპირმა. ჩვენც, მის მსგავსად მადლიერნი ვართ უფლისა ყოველივესთვის: ჩვენი ჯვრისათვის, განსაცდელისა და მწუხარებისთვის, ღვთის ჩვენდამი უნაპირო სიყვარულისა და ჩვენთვის თავგანწირვისთვის. გული უნდა გავუხსნათ ამ უსაზღვრო სიყვარულს, ღრმად დავიმარხოთ იგი და არასოდეს განვშორდეთ მას. მაშინ ჩვენი ცხოვრების გზა იქნება ერთადერთი და გადამრჩენელი, მაშინ სულში მუდამ პასექის ზეიმი იქნება.
"იქმენ მორწმუნე ვიდრე სიკუდილადმდე, და მოგცე შენ გჳრგჳნი იგი ცხორებისაჲ" (გამოცხადება 2,10), - გვმოძღვრავს უფალი.
კურთხეული ივერიის ღვთისსათნო შვილნო ღვთაებრივი სიყვარულით გამთბარი ერთხელ კიდევ გულითადად მოგილოცავთ ქრისტეს აღდგომის უბრწყინვალეს დღესასწაულს. "მოვედით, და ვიდოდით ნათელსა უფლისასა" (ესაია 2,5), "ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა".
მხოლოდ მისი მადლით მოსილნი მოვიპოვებთ ჭეშმარიტ ბედნიერებას, მხოლოდ მასშია ნამდვილი სიყვარული და სიხარული.
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ ა ღ დ გ ა !
პასექი ქრისტესი
თბილისი, 1987 წ.
საშობაო ეპისტოლე - 2014
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო საერო დასნო, - მკვიდრნო საქართველოისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ძვირფასო თანამემამულენო!
"ნუ გეშინიათ, აჰა, მე გახარებთ დიდ სიხარულს, რომლითაც იხარებს
მთელი ხალხი. რადგან დღეს, დავითის ქალაქში, დაიბადა თქვენი
მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი" (ლუკა 2,10-11).
რამდენი ხანი ელოდა ამ ზეიმს ადამის მოდგმა? რამდენი საუკუნე გაილია ამ ჟამზე ნატვრით? რამდენი წმინდა და ღვთისსათნო ადამიანი ლოცულობდა ამ დღისათვის?
ადამიდან მამამთავარ აბრაამამდე 20 თაობამ განვლო, აბრაამიდან დავითამდე - 14-მა, დავითიდან ბაბილონის ტყვეობამდეც - 14-მა, ბაბილონის ტყვეობიდან ვიდრე ქრისტემდე, - კიდევ თოთხმეტმა და მხოლოდ ამ დროის გასვლის შემდეგ, ცოდვით დაცემული ევას ნაცვლად, აღმობრწყინდა წმინდა ქალწული, ღვთისმშობელი მარიამი, - სასძლო უფლისა.
ბედნიერია საქართველო, რომ ქრისტეშობის სიხარული პირველი საუკუნიდანვე ეუწყა მოციქულთაგან და ამ დროიდანვე გახდა იგი ღვთისმშობლის წილხვედრი. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაცაა. ამიტომაც სწორი წარმოდგენა უნდა გვქონდეს იმ პროცესებზე, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში და, საერთოდ, მსოფლიოში მიმდინარეობს, რათა პასუხი გავცეთ მათ და შევინარჩუნოთ წინაპრების თავგანწირვის ფასად დღემდე მოტანილი ჩვენი მეობა.
ყველა დროში ქრისტიანობას თავისი გამოწვევები ქონდა, მაგრამ თანამედროვე პოსტმოდერნისტული ეპოქა გამორჩეულია მეგა-გამოწვევებით.
პოსტმოდერნიზმის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ სინამდვილის ხედვა, რომელიც ამა თუ იმ რელიგიურ მიმდინარეობას ეყრდნობა, არასწორადაა მიჩნეული, რადგან, მათი გაგებით, ცდება ყველა, ვინც აცხადებს, რომ ჭეშმარიტება იცის. თვით ათეისტებიც ცდებიან, რადგან ამტკიცებენ რაღაცას, მაგალითად, უღმერთოებას. მართალია მხოლოდ ის, ვინც არავის განსჯის.
ასეთი აზროვნებისათვის, სწორი და არასწორი აღარ არსებობს. გვაქვს უბრალოდ სისტემა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი ის კი არ არის, მართალია თუ არა ესა თუ ის პრინციპი, არამედ ის, თუ რამდენად მუშაობს და რამდენად სარგებლიანია იგი დღეს.
ამ სისტემაში მიჩნეულია, რომ თვითონ ადამიანია ყველაფრის განმსაზღვრელი და რაც მას მოესურვება, ისაა კარგი. ამიტომაც პიროვნების გამოსწორება კი არ არის საჭირო, არამედ მისი აზროვნების შეცვლაა მისაღწევი. მაგალითად, თუ ვინმეს ჭუჭყიანი სამოსი აცვია, და იგი ჩათვლის, რომ მისი ტანსაცმელი სუფთაა და ამას თვითონაც დაიჯერებს, ის მართალი იქნება. მნიშვნელობა არა აქვს, სხვაც ასე ფიქრობს თუ არა.
თუ ვიღაც მიიჩნევს, რომ ნაძვი მარადყვითელი მცენარეა, სხვა კი ამბობს, რომ იგი იასამნისფერია, სწორი იქნება ორივე და მცდარია იმის მტკიცება, თითქოს, ნაძვი მხოლოდ მარადმწვანეა.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ დედამიწას, ზოგადად სამყაროს, აქვს კანონები და ეს არის რეალობა. თანამედროვე აზროვნება კი გვეუბნება, რომ საერთო მოცემულობა არ არსებობს და რომ ეს ჩვენი მოგონილია. ამდენად, შეგიძლია, შენი სურვილისამებრ, ნებისმიერი მოვლენა აღიარო, ან არ აღიარო, მიიჩნიო არსებულად, ან არარსებულად.
ტაბუ უნდა აეხსნას ყველაფერს! უნდა განვდევნოთ წარსულის ზნეობრივი შეზღუდვები, ყველაფერი კარგია, რაც მე მინდა და მსიამოვნებს! ოღონდ შეფასებებისას ერთი აუცილებელი წესი უნდა იქნეს დაცული, - სხვისი, განსაკუთრებით უმცირესობის, უფლებები არ უნდა დაირღვეს! ეს კანონია.
შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ იკარგება ზღვარი კარგსა და ცუდ საქციელს, სიმართლესა და სიცრუეს შორის. სიმართლე არის ის, რასაც მე მივიჩნევ სიმართლედ და მორჩა! შენ შენი სიმართლე გაქვს? დაიცავი შენი სიმართლე, მე ჩემსას დავიცავ. მე შენს უფლებებს არ შევლახავ, შენც ჩემი უფლებები არ შელახო.
დაახლოებით ასეთია ის აზროვნება, რომელის დამკვიდრების მცდელობაც არის დღეს.
არჩევანის თავისუფლებას და პიროვნებაზე ძალადობრივი ქმედების მიუღებლობას ქრისტიანობაც ქადაგებს. არჩევანის თავისუფლება უფლისაგან ადამიანისათვის ბოძებული ერთ-ერთი უმთავრესი მადლია, მაგრამ ქრისტიანულ მოძღვრებასა და ფსევდო-ლიბერალების მიერ შემოთავაზებული "თავისუფლებას" შორის ფუნდამენტური სხვაობაა.
ფსევდო-ლიბერალური "არჩევანის თავისუფლება" ასარჩევ მოცემულობათა თანაბარ ღირებულებებს გულისხმობს და ყველაფერს თანაბრად კარგად მიიჩნევს.
ქრისტიანობა (ზოგადად, რელიგიური აზროვნება) კი გვასწავლის, რა არის კარგი და რა - მიუღებელი, რა არის ცოდვა და რა - მადლი, მაგრამ არჩევის უფლებას პიროვნებას უტოვებს. ქრისტიანული პრინციპია: მე პატივს ვცემ შენი არჩევანის უფლებას, მაგრამ არა შენს ნებისმიერ არჩევანს; ყველაფერი ნებადართულია, მაგრამ ყველაფერი როდია სარგო (I კორ. 10,23).
ისედაც ხომ ცხადია, არჩევანის თავისუფლება მაშინაა ღირებული, როდესაც მას ერთმანეთისაგან განსხვავებულ ფასეულობებს შორის აკეთებ, თორემ თუ ყველაფერი სულ ერთია, არჩევანსაც აზრი ეკარგება.
ყოველივეს თავი და თავი კი ის არის, რომ სეკულარულმა იდეოლოგიამ პიროვნება ღმერთისაგან დამოუკიდებელ არსებად წარმოაჩინა, კვარცხლბეკზე ცოდვით დამძიმებული ადამიანი დააყენა და ყველაფერი მის ინსტიქტებს დაუქვემდებარა, რითაც მდაბალი ვნებითი მიდრეკილებების ლეგიტიმაცია მოინდომა, მორალური და სულიერი ორიენტირები დაუკარგა და ეს ინდივიდუალიზმის საბაბით გაამართლა.
ესაა ყველა მიმართულებით გაშლილი ბრძოლა ტრადიციული შეხედულებების, აღზრდისა და ზნეობის წინააღმდეგ.
დიდად სამწუხაროა, რომ უმცირესობათა ჯგუფები, რომლებიც ქრისტიანობისთვის მკვეთრად უარყოფითი იდეებით გამოირჩევიან, ჰუმანიზმის აღიარებულ წარმომადგენლებად სახელდებიან. მათ აქვთ პრივილეგიები, რეკლამა, მათზე მუშაობს მასმედია, დაცულნი არიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ; მათი მიზნების განხორციელებისათვის ხდება კანონმდებლობების შეცვლაც და სხვა; ხოლო ვინც ეწინააღმდეგება ამ პროცესებს, განსაკუთრებით ეკლესია, დისკრედიტირების ნიავღარში ექცევა, საზოგადოებაში კი მთავარი დარტყმის ობიექტი ოჯახია.
ეს პროცესები მეტნაკლებად ჩვენს ქვეყანაშიც მიმდინარეობს და სწორედ ამიტომ ვამახვილებთ ამ თემებზე ყურადღებას.
კრიზისის მთავარ გამოვლინებას სექსუალური უმცირესობების ურთიერთობების ქალისა და მამაკაცის ქორწინებასთან გათანაბრების და ერთსქესიანი წყვილებისათვის ბავშვის შვილად აყვანის უფლების მინიჭების საშიშროება წარმოადგენს. ასეთი კანონი ქორწინების მთელ აზრს აუკუღმართებს და ბავშვსაც, ფაქტიურად, ნივთად აქცევს, რომლის ფლობაც ყველას შეუძლია.
საქართველო თავისი განვითარებით, კულტურით ქრისტიანული ევროპის ნაწილია და ამიტომაც, მისკენ ლტოლვა ჩვენს ხალხში ნამდვილად არის. მაგრამ, ამ და ზემოთ აღნიშნულ ფუნდამენტურ საკითხებთან მიმართებაში, ევროგაერთიანებამ, ევროპარლამენტმა უნდა გაითვალისწინონ ცალკეული ქვეყნების ტრადიცია და აზროვნების წესი და მისცენ მათ საშუალება თავისუფალი არჩევანისა, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ გულწრფელად მოინდომოს თანამედროვე ევროპულ კულტურასთან დაკავშირება.
საქართველოს ეკლესია მიესალმება ევროკავშირის პოზიციას იმის შესახებ, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება არ წარმოადგენს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრად ჩვენი ქვეყნის გახდომის წინაპირობას, რაც ევროკავშირის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, ბატონ ფილიპ დიმიტროვის 2013 წლის დეკემბრის თვის განცხადებაში დაფიქსირდა.
ზოგადად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი პიროვნებები დახმარებას და თანადგომას საჭიროებენ, რათა მათ დაძლიონ ცოდვითი მიდრეკილებები და სწორი ცხოვრების გზას დაუბრუნდნენ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მხარი დავუჭიროთ მათი ცოდვის პროპაგანდას.
საერთოდ, ოჯახი არის ერის, სახელმწიფოს, საზოგადოების მთავარი ქვაკუთხედი. იგი პატარა სახელმწიფოა, ქრისტიანული გაგებით კი - "მცირე ეკლესია".
ქრისტიანობა ქორწინებას ერთ-ერთ საიდუმლოდ მიიჩნევს. ეს არის საიდუმლო არა მხოლოდ ადამიანური, არამედ ღვთიური სიყვარულისაც. ოჯახური ცხოვრება ქრისტიანული ღვაწლია, გზაა სულის ხსნისა, რადგან იგი გულისხმობს არა მარტო ერთად ცხოვრებას, არამედ ერთმანეთისათვის ცხოვრებას.
ბიბლია გვასწავლის, რომ ოჯახის უფალი არის ღმერთი, რომელმაც ადამისა და ევას სახით მთელი კაცობრიობა შექმნა. ამდენად, ყველა ადამიანის მამა, ამ სიტყვის ყველაზე სრული და აბსოლიტური მნიშვნელობით, არის თვით შემოქმედი.
ჭეშმარიტი ქრისტიანული ოჯახისთვის მარტო სიყვარული და ერთმანეთისაკენ სწრაფვა არ არის საკმარისი. ოჯახი მოწოდებულია იქცეს "მცირე ეკლესიად," მარადიული სიყვარულის ცოცხალ ხატად, რომელშიც ღვთის მცნებებს იცავენ და თაობიდან თაობას გადასცემენ.
შეგახსენებთ მოსე წინასწარმეტყველის ყველაზე მთავარ მიმართვას ხალხისადმი: "ისმინე, ისრაელო! და ეცადე შეასრულო, რომ კარგად იყო და დიდად იმრავლო ქვეყანაში..., ისმინე, ისრაელო, ერთია უფალი, უფალი, ჩვენი ღმერთი.
გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულით და სულით, მთელი შენი შეძლებით.
გულში გქონდეს ეს სიტყვები..., ჩააგონებდე შენს შვილებს და უთხრობდე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას. შეიბი ნიშნად ხელზე და ტვიფრად შუბლზე. წააწერე შენი სახლის წირთხლებს და კარებს" (II რჯ. 6, 3-9).
ეს დარიგება ახალ აღთქმაშიც ყველაზე მთავარ მცნებად იქნა გაცხადებული იესო ქრისტეს მიერ, რომელსაც დაამატა: "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი" (მთ. 19,19).
ოჯახში მეუღლეები ერთმანეთს სიყვარულით უნდა ემსახურონ, თუმცა იერარქია ყოველთვის უნდა იყოს დაცული.
ის, რომ მამაკაცი თავია ოჯახისა, არ ნიშნავს მის ბატონობას, არამედ მის მსხვერპლშეწირულ მსახურებას, მის პასუხისმგებლობას ცოლისა და შვილებისადმი. იგია მათი დამცველი, მომპოვებელი არსობის პურისა და ამასთან, ღვთისმსახური თავისი სახლისა. მან უნდა გამოითხოვოს უფლისაგან წყალობა, სიყვარული და მადლი ოჯახის წევრებისათვის.
ქალი პასუხისმგებელია სახლზე, მისი წევრებისათვის ზრუნვაზე, შვილების აღზრდაზე. იგი ღვთის მცნებების გათვალისწინებით უნდა დაემორჩილოს ქმარს, თუნდაც, რომ ერთი შეხედვით ამის განხორციელება შეუძლებელი იყოს, რადგან ამით აღასრულებს უფლის ნებას (თუმცა ეს არ ნიშნავს ცოდვასა და არასწორ ქმედებებში მორჩილებას).
ქრისტიანულ ოჯახში, რა თქმა უნდა, თავს იჩენს არაერთი განსაცდელი, რაც ურთიერთსიყვარულით უნდა დაიძლიოს. და თუ ეს ასე არ ხდება, იქ არც არის ნამდვილი ოჯახი.
ქრისტიანული ოჯახი უფლის სავანეა, უფლის ბაღია, რომელშიც ცოლსაც და ქმარსაც დაედგინათ მუშაკობა ღვთის სადიდებელად.
როგორი ამაღლებულია ეს ყველაფერი, როგორი სათუთია და გასაფრთხილებელი! ჩვენი ახალგაზრდები კი, სამწუხაროდ, მოუმზადებელნი ხვდებიან ამ უდიდეს საიდუმლოს.
თანამედროვე მსოფლიოში ოჯახურ ფასეულობებს ენაცვლება მხარეთა მერკანტიული ინტერესები. ე.წ. პარტნიორული ურთიერთობები, რომელსაც თან სდევს გარეშე თანაცხოვრების სხვადასხვა ფორმები. მეცნიერულ-ტექნიკურმა წინსვლამ კი ისეთი მძიმე ეთიკური საკითხები დააყენა დღის წესრიგში, როგორიც მანამდე არ სმენოდა კაცობრიობას: ხელოვნური განაყოფიერება, სინჯარაში ჩასახული ბავშვები, სუროგატი დედები, გენების შერწყმა, კლონირება და ა.შ.. "ჰუმანისტები" მხარს უჭერენ აბორტს, ევთანაზიასა და თვითმკვლელობას.
ამასთან, მათთვის მეცნიერული პროგრესი აბსოლუტიზირებულია და მიიჩნევენ, რომ რისი გაკეთებაც შესაძლებელია, უნდა გაკეთდეს. ეს ეთიკური სოფიზმია, რადგან ის, რაც ტექნოლოგიურად მიღწევადია, ყველაფერი როდია მორალური და სასარგებლო.
მიზანი ამართლებს საშუალებას, - ესეც მათი ცხოვრების წესია და ესეც სოფიზმია, რადგან არც ყველა მიზანია კარგი და არც ყველა საშუალებაა მისაღები, თუნდაც კარგი მიზნისათვის.
მაგალითად, ფაშისტებს ქონდათ ებრაელების განადგურების სურვილი. განა ეს მიზანი შეიძლება ნორმალურად ჩაითვალოს?! ანდა იმისთვის, რომ კაცობრიობის ჯანსაღი ნაწილი მეტად იყოს დაცული, ნუთუ შეიძლება ვინმემ გაამართლოს შიდსით დაავადებულთათვის სიცოცხლის მოსწრაფება?
განა შეიძლება ბედნიერი იყოს ის ოჯახი, სადაც აბორტი კეთდება და უსუსური პატარა არსებების უღვთოდ დაჩეხილი სხეულების აჩრდილები დადიან? და როგორი საშინელებაა იმის წარმოდგენაც კი, რომ ყოველ წელს, არაოფიციალური მონაცემებით, 100000-მდე აბორტი კეთდება საქართველოში და ამის შემჩერებელი ჯერჯერობით არავინ არის.
შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს, აუცილებლად, იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში.
პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა.
ის, რომ კაცთა მოდგმას არ შეუქმნია ოკეანე, ხმელეთი, ციური სხეულები და ბალახიც კი (აღარაფერს ვამბობთ ადამიანზე), ცხადზე ცხადია. აქამდე მხოლოდ ბიოლოგიურად საინტერესო ქიმიკატები (მაგ. ამინომჟავები) მიიღეს, შეჯვარდა და შეარეთეს სიცოცხლის უკვე არსებული ფორმები და სხვა არაფერი.
ხოლო, თუ ჩვენ არ მოგვიტანია სიცოცხლე ამ წუთისოფელში, რა უფლება გვაქვს მოვინდომოთ ბატონობა მასზე? რატომ ვისაკუთრებთ მას, რაც ჩვენი არ არის?
ფაქტია ისიც, რომ მიუხედავად მეცნიერულ-ტექნიკური დიდი წინსვლისა, არ შეგვიძლია თავი დავაღწიოთ სიკვდილს. რატომ? ჩვენ ხომ ყოვლისშემძლენი ვართ? სინამდვილე კი სხვა არის. უფალი ეუბნება მოსეს: "მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ" (II რჯ. 32,39). იობის წიგნშიც იგივე აზრია: სიცოცხლე "უფალმა მომცა, უფალმა წაიღო" (იობი 1,21).
ამიტომ, არავითარი უფლება არა გვაქვს ხელვყოთ უფლის ეს წყალობა და ვინც ამას აკეთებს და არ შეინანებს, დაისჯება!
მიუხედავად უამრავი პრობლემისა, კარგი ოჯახები მაინც მრავლად არის საქართველოში, რაც ქვეყნის გადარჩენის გარანტიაა.
მე მინდა დავლოცო ჩვენს სამშობლოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ყველა ქართული ოჯახი, ასევე ვლოცავ ჩვენი ქვეყნის მკვიდრ სხვა ეროვნების წარმომადგენელთა ოჯახებსაც და ყველას გისურვებთ ღვთისსათნო გზით სვლას, უფლის შიშითა და სიყვარულით ცხოვრებას, რათა იხაროთ ორსავ სოფელსა შინა.
ამასთან, ვითვალისწინებთ რა იმ მართლმადიდებელი ადამიანების დამსახურებას, რომელთაც ბოლო 20 წლის მანძილზე, ეკონომიურად მძიმე მდგომარეობის მიუხედვად, ჩვენს სამწყსოს 4 და მეტი შვილი შესძინეს, მივიღეთ გადაწყვეტილება, ასეთი მშობლები და შვილები განსაკუთრებულად შევავედროთ უფალს და პატრიარქის სიგელით დავაჯილდოვოთ.
მრავალშვილიანობა უდიდესი სიკეთეა. რომელი წარმავალი სიმდიდრე შეედრება დედმამიშვილების გვერდზე დგომასა და სიყვარულს, რაც ასე სჭირდება ადამიანს ჩვენს მეტად რთულ დროში. თვითონ მშობლებიც უდიდეს ენერგიას იღებენ მათგან, რადგან თითოეული შვილი ცალკე აღებული საოცარი სამყაროა.
მრავალშვილიანობა იმითაც არის ფრიად სასურველი, რომ ბავშვი პატარაობიდანვე სწავლობს ეგოიზმის დაძლევას, სხვაზე მზრუნველობას და მშობლებისგან მომდინარე სიყვარულის სხვისთვის განაწილებას.
ვისაც სამი და მეტი ბავშვი ჰყავს, კარგად იცის, ხშირად როგორ უჭირს პირველ შვილს ახლად დაბადებულ მეორე ჩვილთან შეგუება და სულ ეძებს დროს, რაიმეთი ავნოს მას; მესამე პატარის შემატებას პირველი უფრო ადვილად იტანს, მეორე კი უფრო მეტად განიცდის, მაგრამ ისე არა, როგორც პირველ შვილს უმძიმდა თავიდან, მეოთხე ბავშვის დაბადება უკვე აწონასწორებს ყველაფერს და ა.შ. ანუ შვილთა სიმრავლე მათი სწორად აღზრდის ერთ-ერთი გარანტიაა, რადგან ასეთ გარემოში "მე"-ზე ორიენტირებული სულისკვეთება სიყვარულის გამრავლებითა და გაცემით იცვლება და თუ ამას სწორი აღზრდაც დაემატა, მივიღებთ იმ მდგომარეობას, რაზეც ბიბლია ბრძანებს: ქალი შვილთა სიმრავლით ცხონდებაო (I ტიმ. 2,15).
ამ საქმეში მთავარი როლი და პასუხისმგებლობა დედას ეკისრება. მიუხედავად იმისა, რომ გოგონები ხშირად ფსევდოკულტურითა და ცრუ თავისუფლებით არიან გატაცებულნი, როდესაც დედები ხდებიან, მათში სხვა გრძნობები იღვიძებს, სხვა აზროვნება უყალიბდებათ, რადგან სწორედ ისინი ხდებიან სიყვარულით მსახურების მთავარი მოქმედნი და ეს იწვევს სწორედ შინაგან ფერიცვალებას.
ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მეუღლეებმა, რომელთაც საკუთარი შვილი არ ჰყავთ, ეს ტრაგედიად არ უნდა მიიჩნიონ; მთავარია მათი ერთად ცხოვრება სასუფევლის დამკვიდრებისთვის მომზადებად იქცეს.
სასურველია ბავშვის აყვანაც. ეს დიდი მადლია და ამ შემთხვევაში მათ ეკლესიაში საგანგებო ლოცვა ეკითხებათ.
* * *
ამქვეყნიური ჩვენი ყოფა დროებითია და მსწრაფლწარმავალი. დრო კი რომელშიც ვცხოვრობთ, წრიულია, განმეორებადი და, ამავე დროს, სწორხაზოვანი, - მიემართება დასაწყისიდან დასასრულისკენ. ამასთან, სხვადასხვა ქმნილებისათვის ყოფის ხანგრძლივობა სხვადასხვანაირია: ზოგისათვის - რამდენიმე საათი, ზოგისთვის - რამდენიმე დღე, სხვისთვის - წლები, საუკუნეები ან საერთოდაც ათასწლეულები.
სამყარო და დრო ერთდროულად გაჩნდა. აი, როგორ მიმართავს ნეტარი ავგუსტინე უფალს: "შენა ხარ დროის შემოქმედი; არ არსებობს დრო შენი თანამარადისი რომ იყოს, რადგან შენ წარუვალი ხარ, ხოლო დრო რომ წარუვალი იყოს, დროც აღარ იქნებოდა იგი".
სამოთხეში ყოფნის პერიოდს მამები "წმინდა დროდ" მოიხსენებენ. იგი სხვა სახისა იყო და იქ არც ადამი არც ევა არ ექვემდებარებოდნენ მის მდინარებას. ის დრო კი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, დადგა ცოდვით დაცემის შემდეგ.
პირველი ადამიანები, მოაკლდნენ რა "ცხოვრების ხის" ნაყოფს, - ანუ უფალთან ურთიერთობის შესაძლებლობას, დაკნინდნენ; მათი აზროვნების წესიც შეიცვალა და მიწიერი ყოფით შემოიფარგლა, თუმცა ლტოლვა სამოთხისა და ღვთისაკენ კვლავ დარჩათ. ამიტომაც ადამიანი გაორდა, გაორდა მისი ამქვეყნიური დროც: ლიტურგიკული დროით იგი კვლავ უკავშირდება ღმერთს, ხოლო ყოფითი დრო მოიცავს ცხოვრების იმ ნაწილს, რაზეც ბიბლიაში წერია: "ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაო არს" (ეკლ. 1,2).
დროის გაყოფა ყველაზე რეალური სახით მოხდა პირველი მსხვერპლშეწირვის შემდეგ, როდესაც კაენმა უფლის ძღვენი ამპარტავნების სულით გაიღო, ხოლო აბელმა - გულწრფელი, უშურველი სიყვარულით.
კაენის შური შუღლში გადაიზარდა, აბელის მოკვლით კი მასში მიწიერი და ეგოისტური სული იმდენად გაძლიერდა, რომ ღვთის პირისაგან თავისი ნებით საბოლოოდ მიეფარა და აღარ უნდოდა უფალთან ურთიერთობა; ამით დასრულდა მისი ლიტურგიკული დროც, რამაც მხოლოდ მიწიერი ყოფის სურვილი გაუღვივა და გამოიწვია სიკვდილისადმი ძრწოლა, ანუ შემოქმედთან შეხვედრის შიში. (ზოგადად ასეთივე დამოკიდებულება აქვთ იმ ადამიანებსაც, რომლებიც ღვთის საწინააღმდეგოდ ცხოვრობენ).
აბელს კი, მართალია, ამქვეყნიური ყოფა წაერთვა, მაგრამ მისი ლიტურგიკული დრო მომავალი მარადიული ნეტარი ცხოვრების საწყისად იქცა. დედამიწაზე კი მისი გზა სეითმა და მისმა მოდგმამ გააგრძელეს.
რას ნიშნავს ჩვენთვის, ქრისტიანებისათვის, ლიტურგიკული დროით ცხოვრება?
თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ კარგად დავუკვირდებით, წუთისოფელში აწმყო, ფაქტიურად, არ არსებობს; ის, რასაც აწმყოს ვარქმევთ, იმ წამსვე იქცევა წარსულად. ასე რომ, ჩვენ წარსულსა და მომავალს შორის ვიმყოფებით. მარადისობაში კი მუდმივი აწმყოა. იქ წარსული და მომავალი არ არსებობს.
და თუ გვსურს, სწორად ვიცხოვროთ, უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ ჩვენს წარმავალ დროში მარადიულობა შემოვიყვანოთ და დრო მოძრავ მარადისობად ვაქციოთ (წმ.იოანე დამასკელი).
ეს საიდუმლო ეკლესიაში აღესრულება. ამიტომაც კარგავს აქ დრო თავის ძირითად ფიზიკურ თვისებებს, - შეუქცევადობას და სწორხაზოვნობას, რაც საეკლესიო დღესასწაულთა განმეორებადობით, წრიული მდინარებითა და მათი განმაახლებელი მოქმედებითაა განპირობებული.
ჩვენ აქ მუდმივად ვხდებით თანამონაწილე სამყაროს შექმნისა, მამამთავართა და წინასწარმეტყველთა ეპოქისა, მაცხოვრისა და მისი მოწაფეების და წმინდანების ცხოვრებისა, საერთოდ ადამიანისა და სამყაროს ხსნის შესახებ საღმრთო განგებულების ისტორიისა.
ყოველ დღეს თავისი დატვირთვა აქვს: კვირა საღვთისმსახურო ციკლის ცენტრს, - ქრისტეს აღდგომას წარმოადგენს. ორშაბათი, ზოგადად, ანგელოზთა დღეა, სამშაბათი - წმ. იოანე ნათლისმცემლისა, ოთხშაბათი - ჯვრის, ხუთშაბათი - წმ. ნიკოლოზის, პარასკევი - ჯვარცმის, შაბათი კი - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმ. მოციქულების.
წლის ციკლის ფორმირებაც, პირველ რიგში, აღდგომას უკავშირდება და მას პასექის დღესასწაული განაპირობებს. ამასთან, არის უძრავი და მოძრავი უმნიშვნელოვანესი დღეები, რომლებიც უფლის, ღვთისმშობლის, ზეციურ ძალთა, მოციქულთა და წმინდანების სახელს უკავშირდება.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, გარდა ეკლესიური ცხოვრებისა, ლიტურგიკული დროით ცხოვრება ნიშნავს ყოველდღიური ყოფის ისე წარმართვას, რომ ადამიანის გული და გონება მუდმივად იყოს ღმერთთან კავშირში. ეს კი გულისხმობს გაცნობიერებას იმისას, რომ თუ არა უფლის შეწევნა, ჩვენ ვერ შევძლებდით ვერც სუნთქვას, ვერც სიარულს, ვერც აზროვნებას, და რაიმე საქმის გაკეთებას, გარშემომყოფთა და საერთოდ, სამყაროს აღქმას: ვერ მოვიპოვებდით საკვებს, ჩასაცმელს, საცხოვრისს, ვერ შევქმნიდით კულტურას, ვერც მეცნიერულ აღმოჩენებს გავაკეთებდით…
ანუ უნდა დავინახოთ, რომ ყოველივე უფლის ნებით მოგვეცა, რათა გარემო უკეთესი გავხადოთ, ღვთის მადლიერნი და მისი თანაშემოქმედნი გავხდეთ და არა მოწინააღმდეგენი. თუმცა არჩევანი ჩვენი გასაკეთებელია.
თუ, მაგალითად, შენ პედაგოგი ხარ და მოსწავლეებს ზრდი იმ სულისკვეთებით, რომ იყვნენ სამშობლოს ერთგული შვილები, უყვარდეთ ღმერთი და ერთმანეთი, საერთოდ, მოყვასი, ასწავლი შურის დაძლევას, წყენის დავიწყებას და ადვილად შერიგებას, განსაცდელში მყოფებისადმი დახმარებას, უფროსებისადმი პატივისცემას, ბუნების, შრომის, წიგნების კითხვის, ღრმა აზროვნების სიყვარულს და შენც თუ ასევე ცხოვრობ, მაშინ შენი ამქვეყნიური ყოფა მარადიულობით არის განმსჭვალული, რადგან ეგოიზმისგან თავისუფალ ღვთისსათნო აზროვნებას ამკვიდრებ.
თუ შენ დამლაგებელი ხარ და ყოველდღე პატიოსნად და სიყვარულით აკეთებ შენს საქმეს, არ აგვიანებ სამსახურში, ეხმარები მოყვასს, ჰმადლობ ღმერთს არსობის პურისთვის, არ ივიწყებ სულიერ ცხოვრებას და უფლის მცნებებს, შინ და გარეთ კეთილი დამოკიდებულების დამკვიდრებას უწყობ ხელს, შენ ლიტურგიკული დროით ცხოვრობ.
თუ დიასახლისი ხარ და შვილებზე ზრუნვას გირჩევნია, სამსახური გქონდეს მხოლოდ იმიტომ, რომ უკეთესად გაერთო, თუ შენ არაფერს ერიდები, რათა კომფორტული ცხოვრება მოიწყო და არ გადარდებს ამისთვის სხვისი მსხვერპლად გაწირვა, თუ შენ აბორტით ან სხვა თანამედროვე საშუალებებით ახდენ ოჯახის დაგეგმარებას, ეგოისტურად ზრდი ბავშვებს, არ ასწავლი მათ მოწყალების გაცემას და გაჭირვებულისადმი თანადგომას, არ ასწავლი მეგობრობას, სიმართლის სიყვარულს, ერთგულებას, - კაენის სულს ვერ მოიცილებ და მისი ხვედრის თანაზიარი გახდები.
"ურთიერთ სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი", - ბრძანებს მოციქული (გალ. 6,2). ფიზიკურ და მატერიალურ დახმარებასთან ერთად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ლოცვით შეწევნას და ეს მუდამ უნდა გვახსოვდეს.
მინდა შეგახსენოთ ანტონი სუროჟელის მიერ მოხმობილი ერთი ამბავი: "იყო ახალგაზრდა მოძღვარი, რომელსაც სხვისი ცოდვების დანახვის უნარი მიეცა და როცა ერთხელ მასთან მეტად მძიმე ცოდვებით სავსე ადამიანი მივიდა აღსარებისათვის, არ მიიღო. თუმცა მალე სინდისმა შეაწუხა და ამის შესახებ გამოცდილ ბერს უამბო. მან უსაყვედურა: როგორ გააბრუნე? ის ხომ სინანულით მოვიდა და შენ იყავი მისი ბოლო იმედი?
ახალგაზრდა მოძღვარი ისე შეწუხდა, ღმერთს სთხოვდა, ნათელხილვის უნარი აღარ ჰქონოდა. გულწრფელი სინანულისათვის უფალმა მას თანალმობის მადლი მიანიჭა. და აი, ერთხელაც, როცა მას მეტად მძიმე ხასიათის სახლის მეპატრონესთან მოუწია ღამის გათენება, იგი აღარ დაბრკოლდა მისი ცოდვების გამო, არამედ ერთ კუთხეში გულმხურვალედ დაიწყო ლოცვა მეპატრონესათვის და თან მის დანაშაულობებს ამბობდა.
მასპინძელი სასულიერო პირის ლოცვით დაინტერესდა და ჩუმად დაუგდო ყური. იგი გაოგნებული ისმენდა თავისი ცოდვების შესახებ ახალგაზრდა მოძღვრის ღვთისადმი ვედრებას და ამან იმდენად შეძრა, რომ იმ დღიდან სრულიად განსხვავებული ცხოვრება დაიწყო.
ასეთი მაგალითები მის ცხოვრებაში მრავლად იყო და როცა ეკითხებოდნენ, როგორ ახერხებდა ადამიანების მოქცევას, მოძღვარი პასუხობდა: "როდესაც ჩემთან მოდის ცოდვით დამძიმებული პიროვნება, რომელიც ვერ ხედავს თავის დანაშაულს და სინანული არა აქვს, ვცდილობ სულიერად მის შინაგან სამყაროს ჩავწვდე და იმ აზრით, რომ ჩვენ ვართ ხორცი ხორცთაგანი და სისხლი სისხლთაგანი ერთმანეთისა, ვიწყებ სინანულით ლოცვა-ვედრებას მისი და ჩემი, ანუ ჩვენი ცოდვებისათვის და ეს ადამიანიც, ღვთის მადლით, თანდათან იწყებს შემობრუნებას".
ღმერთმა ჩვენც მოგვცეს ძალა ამგვარი წესით ცხოვრებისა.
მე იმედი მაქვს, რომ, მიუხედავად ჩვენს წინაშე არსებული მრავალი დიდი პრობლემისა, საქართველო გაუძლებს დროის გამოცდას და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით ღვთის მადიდებელი სული მუდამ იზეიმებს ჩვენს ქვეყანაში.
ქრისტეს ეკლესიის სამწყსოვ: დღეს "მოიწია დროის სისრულე, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე..., რათა ჩვენც მიგვეღო ძეობა". ასე რომ მონანი კი აღარა ხართ, არამედ ძენი, ხოლო თუ ძენი ხარ, მემკვიდრეცა ხარ ღვთისა მიერ (გალ. 4, 4-7).
მაშ, გიხაროდეთ, ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო: ქართველებო, აფხაზებო, ოსებო, ბერძნებო, რუსებო, იეზიდნო, უდინინნო, სომეხნო, აზერბაიჯანელნო... ყოველნო შვილნო საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისა; გიხაროდეთ ყოველნო ღვთისმოყვარენო: "დღეს, დავითის ქალაქში, დაიბადა თქვენი მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი" (ლუკა 2,11).
თქვენი ერთგულების ნიშნად ანთებული სანთლებით შეხვდით მას და იმედითა და სიყვარულით მიეგებეთ!
სიტყვა პირველი მღვიძარებისა და შინაგანი გონიერი ლოცვის შესახებ
მღვიძარე მამებმა ბევრი იღვაწეს, რომ ლოცვის საშუალებით ღვთის მადლი მოეპოვებინათ. ამიტომ ჩვენ, მათ შვილებს, მუდმივი მადლიერება გვმართებს, რომ გვიჩვენეს გზა, რომელსაც სული ღმერთთან ერთობამდე მიჰყავს. გიკვირს და ამბობ: „განა შესაძლებელია ადამიანებმა, განსაკუთრებით კი მონაზვნებმა და სამღვდელოებამ, სულიერად იცხოვრონ და დაიკმაყოფილონ სულიერი მოთხოვნილება ლოცვის გარეშე, რომელიც ჩვენი ეკლესიის მღვიძარე მამებმა საკუთარი გამოცდილებით გადმოგვცეს?“
წმინდა გრიგოლ პალამამ, მდუმარების, მღვიძარებისა და განსაკუთრებით კი, უწყვეტი ლოცვის დიდმა მნათობმა, ლოცვის შესახებ ყველაზე დიდი და სრული მეთოდოლოგიური სწავლება დაწერა. მას „მღვიძარეთა კორიფე და წინამძღოლი“ ეწოდა.
როცა ის თავისი კრებულით დიდი ლავრის გარეთ მოღვაწეობდა, ასეთი ჩვენება იხილა: თვალწინ ქოთნის მსგავსი ჭურჭელი ედგა, რომელიც ისე იყო პირამდე სავსე, რომ სითხე იღვრებოდა და იკარგებოდა. ჭურჭელში მდგარი საუცხოო თეთრი სასმელი რძეს ჰგავდა. ერთი წმინდა იერსახის ადამიანი ეუბნება: „გრიგოლ, რატომ ღვრი და კარგავ ამდენ სულიერ სითხეს და არ აძლევ მათ, ვისაც სჭირდება?“ რა თქმა უნდა, წმინდანი მიხვდა, რომ ეს იყო ღვთის მადლი. ეს სულიერი ნივთიერება და სასმელი მის შიგნით არსებობდა, როგორც ღვთის მადლი, სიბრძნე, გამოცდილება, სიფხიზლე, სიტყვის ძალა. „რატომ ჩაგიკეტავს ეს ყველაფერი აქ, ამ ადგილას, – ეუბნება ის, – და არ უზიარებ უძლურ, დამშეულ და მწყურვალ ადამიანებს?“
მართლაც, წლების შემდეგ, რა თქმა უნდა, ღვთის შეწევნითა და წინამძღოლობით, წმინდა გრიგოლი ხალხმრავალ გარემოში მოხვდა და სულიერი საზრდო უშურველად გაუნაწილა სულიერ სარგებელს მოწყურებულ მრავალ ადამიანს.
მაშინაც კი, როცა მას ხალხში ყოფნა უწევდა, განმარტოებით ლოცულობდა. სენაკში განმხოლოებული მდუმარებაში იმყოფებოდა და მხოლოდ შაბათ-კვირას ესწრებოდა წირვას. კვირის დანარჩენი ხუთი დღის მანძილზე სენაკში იკეტებოდა და საერთოდ არ გამოდიოდა გარეთ. არც საკვებს იღებდა, არც სასმელს. მხოლოდ შაბათობით არღვევდა მდუმარებას და საღვთო ლიტურგიაზე მიდიოდა. წმინდა ზიარებას რომ მიიღებდა, სატრაპეზოში ჩადიოდა მამებთან და ძმებთან სასაუბროდ. კვირას კი, ნაშუადღევიდან ისევ მდუმარებას იცავდა მომავალ შაბათამდე.
ამ დიდმა მამებმა გვასწავლეს, რომ როცა ადამიანის სულს უწმინდური, ამპარტავნული, ეგოისტური, მკრეხელური და სხვა ცოდვის გულისსიტყვები მოიცავს, ლოცვასა და უარყოფასთან ერთად უნდა ეცადოს გულისწყრომითა და რისხვით განდევნოს ისინი.
ბოროტი წარმოსახვებისა და გულისსიტყვების წინააღმდეგ საბრძოლველად მხოლოდ გულისწყრომა და რისხვა არ კმარა; ვინც ამ ბრძოლაშია ჩართული, მისთვის აუცილებელია განუწყვეტლივ ილოცოს და უფლის სახელს მოუხმოს: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე".
წმინდა მამათა თანახმად, ქრისტეს სახელს აღმადგინებელი ძალა აქვს, უფლის ლოცვას შესწევს ძალა, აღადგინოს ის უკიდურესად დაცემული სული, რომელიც დაუძლურდა, უდებებამ მოიცვა და ცოდვაში ჩავარდა.
სულიერების მქონე ადამიანის ცხოვრებაში არსებობს დღეები, წუთები, როცა შინაგან სიცარიელეს, სულიერ უძლურებას გრძნობს; რაღაც აკლია, რაღაც შინაგანი აქვს დაკარგული და არ იცის, როგორ დაუბრუნდეს საკუთარ თავს, როგორ დაიბრუნოს სულის პირვანდელი ძალა და მადლი; არ იცის, დაკარგული სისავსე როგორ მოიპოვოს.
ასეთ შემთხვევაში წმინდა მამები გვასწავლიან: ხელახლა დაიწყე და იმეორე ლოცვა ან ბაგით, ან გონებით, ან გულით და დაკარგული სისავსე დაგიბრუნდება. ადამიანი მას კვლავ მოიპოვებს, ოღონდაც თავი აიძულოს ლოცვისთვის.
მნიშვნელოვანი ის არის, რომ ადამიანმა არ შეწყვიტოს ლოცვა. „მაგრამ შრომის დროს“, – იკითხავს ვინმე, – „გონება ხომ აქეთ-იქით დაქრის“. თუმცა ასეთ დროსაც თავისუფლად შეიძლება წყნარად, დაბალი ხმით ბაგეებით ლოცვა, რომ სულს მადლის უწინდელი შეგრძნება დაუბრუნდეს.
წმინდა მამებმა დაგვიტოვეს დიდი მემკვიდრეობა, რომლის ღირებულებას ვერც განსაზღვრავ, ვერც გაზომავ, ვერც აწონი, ვერც დათვლი. ამ მემკვიდრეობას მღვიძარება ჰქვია.
მღვიძარება, სიფხიზლით შრომა გულისხმობს გულისსიტყვების, წარმოდგენებისა და გრძნობების მოძრაობის მიმართ ყურადღებას. ეს არის სულიერი ძალა, რომელიც ეწინააღმდეგება ბოროტს. ეს არის წინასწარჭვრეტა, როცა გონება შორიდანვე ხედავს განსაცდელებს, უსაფრთხოების ზომებს იღებს და განეშორება მათ. ეს არის უწყვეტი ლოცვა, როცა გონება გულში შემავალი და იქიდან გამომავალი გულისსიტყვების ზედამხედველია.
სანამ წმინდა მამები, მღვიძარების მასწავლებლები გონიერ ლოცვას სისტემაში მოიყვანდნენ, მონაზვნები უმთავრესად ისეთ სათნოებებს აღასრულებდნენ, რომლებიც ხორციელ ღვაწლს გულისხმობდა: მარხვას, თავშეკავებას, მეტანიებს, ღამისთევას, ტიპიკონით დადგენილ ლოცვებს, მორჩილებას, სიმდაბლეს და სხვ. ეს საქმით აღსრულებული სათნოებაა, რომელიც „წუთ ერთ ჟამ სარგებელ არს“, მღვიძარება კი „ყოვლითავე სარგებელ არს“ (1 ტიმ. 4, 8).
მეთოთხმეტე საუკუნიდან დაწყებული, წმინდა მამებმა თანდათან ჩამოაყალიბეს და სისტემაში მოიყვანეს გონიერი ლოცვა. მათ დაგვიტოვეს ნაშრომები ლოცვის შესახებ და საჯაროდ განაცხადეს, რომ მღვიძარება, სიფხიზლით შრომა აუცილებელია ადამიანის სრულყოფისთვის.
სანამ მღვიძარების, სიფხიზლით შრომის შესახებ სწავლება სისტემურ სახეს მიიღებდა, საყოველთაო გახდებოდა და თავისუფლად გავრცელდებოდა, მამები და სულიერი მოშურნეობის მქონე ადამიანები ბევრს შრომობდნენ ხორციელი ღვაწლით: მარხულობდნენ, ღამეებს ათევდნენ, მრავალ გასაჭირს ითმენდნენ. მაგრამ როცა მღვიძარება, სიფხიზლით შრომა ცნობილი გახდა, როგორც სისტემაში მოყვანილი მეთოდი, ხორციელი ღვაწლი საგრძნობლად შემცირდა არა ზედმეტობის გამო, არამედ იმ მიზეზით, რომ მამებმა სულიერ საქმიანობას ხორციელ ღვაწლზე მეტად მიუძღვნეს თავი. სიფხიზლით შრომა მათ გულისსიტყვებისგან ათავისუფლებდა და ვნებებიც სუსტდებოდა. მღვიძარებამ მათ გულებს სიწმინდე მიჰმადლა. ამიტომაც აღარ ჰქონდათ სულის სიწმინდის მისაღწევად ხორციელი ღვაწლის უკიდურესი საჭიროება.
ამის გამო ჩვენც, მონაზვნებმაც არ უნდა მივატოვოთ ეს ლოცვა, რომელსაც 1000%-ით მოაქვს სარგებელი. როცა სიფხიზლით შრომა განწმენდს გონებასა და გულს და ადამიანს მისცემს უნარს კეთილგონივრულად იზრუნოს როგორც სხეულის გარეგან, ისე სულის შინაგან გრძნობებზე, მაშინ მონაზონს მიზნის მისაღწევად დიდი ხორციელი ღვაწლი აღარ ესაჭიროება.
ასკეტიზმი მღვიძარების დამხმარე საშუალებაა. ამის გამო მამებიც, საკუთარი ძალის გათვალისწინებით, ნაწილობრივ ეწეოდნენ ასკეტურ ღვაწლს. მაგრამ ისინი სიფხიზლით შრომას ესწრაფოდნენ, რადგან ლოცვა და სიფხიზლე ყველაზე სრულყოფილად განსწავლიდა სულიერ საკითხებსა და ჭვრეტაში.
მღვიძარებით შრომას სიფხიზლის მქონე ადამიანი მიჰყავს ჭვრეტამდე, ჭვრეტიდან სიბრძნემდე, სიბრძნიდან კი სიყვარულამდე, რომლისგანაც ღვთაებრივი ტრფიალება წარმოიშობა.
სიწმინდე სიფხიზლით შრომის ბუნებრივი შედეგი იყო; ადამიანის სულისა და სხეულის სიწმინდე თავისთავად მოდიოდა. იმ დროს, როცა მამები ხორციელად თავის შეწირვამდე იღვწოდნენ და ბევრს წვალობდნენ, სიფხიზლით შრომამ მათ დიდწილად შეუმსუბუქა შრომა და ჯაფა.
სიფხიზლით შრომამ მღვიძარე მამები საზრუნავისგან გაათავისუფლა, რადგან დაინახეს, რომ მრავალ საქმეზე ზრუნვა სერიოზული დაბრკოლებაა მღვიძარების გზით სვლაში. საზრუნავი გულისსიტყვებს წარმოქმნის, გულისსიტყვების გამო კი გონების ყურადღება სწყდება ლოცვასა და ჭვრეტას.
ამიტომ, როგორც მამები ამბობენ, ისეთ საქმეებზე ზრუნვას, რაც არ არის აუცილებელი, ან იმაზე მეტია, რაც გვჭირდება, სულიერი ჭლექი ეწოდება.
ზოგადსაცხოვრებელ მონასტერში მონაზვნები მორჩილებით ცხოვრობენ. მორჩილების ბუნებრივი შედეგი კი მორჩილის საზრუნავისგან თავისუფლებაა, რადგან თუ მე მორჩილებას აღვასრულებ და საზრუნავით სხვაა დაკავებული, შემიძლია მშვიდად და წყნარად ვიყო და მხოლოდ ჩემს მორჩილების საქმეზე ვიფიქრო.
როცა რაიმე მორჩილების საქმეს ვასრულებ და ვფიქრობ, რომ ამის გარდა სხვა საზრუნავი არ მაქვს, შემიძლია ძალიან კარგად შევათავსო საქმე ლოცვასთან.
თუ ვხედავ, რომ გონებას არ შეუძლია ხელსაქმისთვის ლოცვით თვალყურის დევნება და ისეთ საგნებზე ფიქრობს, რაც მის მოვალეობაში არ შედის, მაშინ საჭიროა ბაგეებით დავიწყო ქრისტეს სახელის მოხმობა და ჩურჩულით ვიმეორო: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“.
როცა ბაგეები ლოცულობენ და ხელები შრომობენ, საქმეს ორმაგი მადლი აქვს – მორჩილებისა და ლოცვის. მორჩილებით აღსრულებული საქმისგან სასყიდელს მივიღებთ, ლოცვა კი მას განწმენდს. ხელსაქმეს თუ ფიზიკურ შრომას, რასაც თან ახლავს ლოცვა, განსაკუთრებული მადლი აქვს.
ტაბენისის მონასტერში ისეთი სიწყნარე იყო, რომ მას ნეკროპოლს, მიცვალებულთა ქალაქს ეძახდნენ. ამით იმის თქმა სურდათ, რომ იქ მცხოვრებ მამებს ისეთი მდუმარება ჰქონდათ, თითქოს არც იყვნენ ცოცხალი ადამიანები, რომლებსაც ლაპარაკისა და ხმაურის გარეშე არ შეუძლიათ. ასეთ სიმშვიდეში, რა თქმა უნდა, ექნებოდათ ლოცვისა და ღვთის ჭვრეტის დრო.
ვისაც მდუმარება უყვარს, ცხადია, ესმის, თუ რა სარგებელი მოაქვს მდუმარებასა და ლოცვას. ჩვენ არ ვიცით, რა სარგებელი შეუძლია მოგვიტანოს გონების კონცენტრირებამ, არ გვესმის მდუმარების ფასი. ვერ გაგვიცნობიერებია, თუ რა სარგებელს ნახავს ის, ვინც თავის სენაკში მდუმარებით ცხოვრობს.
მონაზონი ლოცვის გარეშე ცარიელია; საუბარი არ არის მათზე, ვისაც ლოცვის სარგებელი არასოდეს გამოუცდია და ვერ გრძნობს თავის სიცარიელეს. ღატაკი, რადგან არასოდეს არაფერი ჰქონია, არც წუხს.
მაგრამ მონაზონმა, რომელმაც ისწავლა ლოცვა, შემდეგ კი უდებების გამო დაკარგა ის, იცის დაკარგულის ფასი და დარდობს.
ამიტომ, მონაზვნებმა არა მარტო იმისთვის უნდა ილოცონ, რომ თავიანთი მონაზვნური მოვალეობა შეასრულონ, არამედ საქმითაც მონაზვნები რომ იყვნენ, მონაზვნები არა მარტო სახელით და გარეგნულად, არამედ შინაგანადაც.
როგორც მღვიძარე მამები ამბობენ, არ შეიძლება მონაზონი ეწოდოს მას, ვინც დაფარულად, შინაგანად არ შრომობს.
ჩვენც იმიტომ უნდა ვაიძულოთ თავი ლოცვისთვის, რომ სულიერი სარგებელი ვნახოთ და ამით აღვივსოთ. მხოლოდ მაშინ ვიგრძნობთ თავს მონაზვნებად.
როგორც ის იქნებოდა გასაკვირი, რომ სხეულს სულის გარეშე ეცოცხლა, ასევე გიკვირს და ამბობ: „კი, მაგრამ როგორ ცხოვრობენ ადამიანები ამ სულიერი საზრდოს გარეშე?“
მღვიძარე მამები ამბობენ, რომ ვინც ასე ლოცულობს, ის მრავალ დიდ ნიჭს მიიღებს. მარხვა, ლოცვა, თავშეკავება, ღამისთევა მადლს მოგვანიჭებს, სულიწმიდის სხვადასხვა მადლს.
სულიწმიდის მადლი მრავალი სახითა და შეგრძნებით ვლინდება. სულიწმიდა წარმატებული ლოცვისა და სიფხიზლით შრომის გზით გვანიჭებს ცრემლების მადლს, სიხარულის მადლს, წინასწარხედვის მადლს, დამოძღვრის მადლს, მოციქულებრივი ნიჭის მადლს, სულგრძელობის, მოთმინების, ღვთიური ნუგეშისცემის და დიდი სასოების ძალას, ღვთაებრივი ტრფიალების, ჭვრეტისა და სულიერი აღტაცების მადლს.
ჩვენ, რა თქმა უნდა, მუდმივად განვისწავლებით. და რაც მეტად განვისწავლებით, მით უფრო იზრდება ჩვენი ვალი ღვთისა და წმინდა მამათა წინაშე.
თითოეული ჩვენგანი ლოცვაში მიღწეული წარმატებისა და აქედან მიღებული სარგებლის შესაბამისად განიკურნება სულიერი და ხორციელი ვნებებისგან. სწორედ ვნებებისა და უძლურებებისგან განკურნება მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად წარემატება ადამიანი ლოცვაში.
ამრიგად, უნდა ვაიძულოთ თავი. მუდმივად მოვუწოდოთ მას, არ დაივიწყოს ლოცვა, არ უგულებელყოს ის. თუ შევატყობთ, რომ ლოცვას „წყალი შეუდგა", დასუსტდა, რყევა და ბორძიკი დაიწყო, მაშინვე მის გამოსწორებას უნდა შევუდგეთ. გულმოდგინედ დავიწყოთ ლოცვა, უწინდელი ძალა რომ დავუბრუნოთ მას. როგორ მოხდება ეს? სული მაშინვე გონს უნდა მოეგოს, გულისყური მოიკრიბოს, როგორც იტყვიან, „ქამარი მჭიდროდ მოიჭიროს“ და დაიწყოს გულდასმით ლოცვა; განაგდოს გულისსიტყვები, მოიშოროს საზრუნავი, გაფანტულობისგან გაათავისუფლოს გონება და თქვას: „ახლა გულმოდგინედ შევუდგები ლოცვას“. და როცა გარკვეული დროის განმავლობაში ასე ილოცებს, მაშინვე იგრძნობს გულმოდგინე ლოცვისგან მომდინარე ძალას.
ლოცვა ეშმაკების, ვნებების, ცოდვის და ცხონების გზაზე ყველა დაბრკოლების წინააღმდეგ მიმართული ფილაკვანია.
თუ ლოცვას ნავსადგურს უწოდებ, არ შეცდები, რადგან ზღვის ტალღებისგან აქეთ-იქით ნახეთქები გემი ნავსაყუდელში სიმშვიდეს, ხსნასა და უსაფრთხოებას პოულობს.
თუ ლოცვას წერაქვს, ცულს, კომპასს, სინათლეს ან ამგვარ სხვა ათას სახელს უწოდებ – არ შეცდები.
ამიტომ ჩვენ, მონაზვნებმა, ლოცვაში უდებება არ უნდა გამოვიჩინოთ. ერში ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ქალები, გულმოდგინედ არიან დაკავებულნი ლოცვის ღვაწლით; მიუხედავად იმისა, რომ ჰყავთ შვილები, აქვთ საზრუნავი, სამსახური და კიდევ უამრავი სხვადასხვა მოვალეობა, მაინც პოულობენ დროს ლოცვისა და ღვთის სახელის შემეცნებისთვის.
რაღა გვეთქმის ჩვენ, როცა ღმერთმა ასეთი თავისუფლება და უზრუნველობა მოგვანიჭა? რა გვეთქმის, როცა ვზარმაცობთ და ისე უნიათოდ ვლოცულობთ, რომ ეს უსუსური ლოცვა ცოდვისა და ვნებების სნეულებას ჩვენი გასრესისა და დასნებოვნების უფლებას აძლევს?
გულისსიტყვები გვებრძვის? ლოცვა მძლავრი იარაღია. ცოდვის მიზიდულობა გონებას ბოროტისკენ ეწევა, მაგრამ, როცა გონება მოიმარჯვებს ლოცვას, როგორც იარაღს, ცულივით გაჩეხავს ყველაზე სასტიკ გულისსიტყვებსაც კი და ამოძირკვავს მათ. ოღონდაც ადამიანს ცული სწორად უნდა ეპყრას და მოხერხებულად ხმარობდეს. მაშინ ის ნამდვილად საოცარ შედეგს მიიღებს.
ეშმაკი ხელს გვიშლის ლოცვის წარმოთქმაში იმიტომ, რომ უფრო ადვილად შეძლოს ჩვენი დატყვევება. მას მოაქვს უდებება, ამაო საზრუნავი, ათასგვარ დაბრკოლებას გვიქმნის ერთადერთი მიზნით – წინ აღუდგეს ლოცვას.
როგორც ხანგრძლივმა გამოცდილებამ გვიჩვენა, ეშმაკები ძრწიან ქრისტეს სახელის ხსენებაზე. მათ ადამიანთა პირით აღიარეს, რომ იწვიან, როცა ვინმე ლოცულობს.
იყო ერთი მონაზონი, რომელიც ისეთ უდებებაში ჩავარდა, რომ ლოცვის კანონსაც აღარ ასრულებდა და ერისკენ იბრუნა პირი. ის თავის სამშობლოში, კეფალონიაში ჩავიდა, სადაც, როგორც ცნობილია, ბევრი ეშმაკეული ისწრაფვის წმინდა გერასიმესგან კურნების მისაღებად. რადგან თავის სამშობლოში მოხვდა, ეს მონაზონიც გაემართა წმინდანის თაყვანისსაცემად. გზაზე მას ეშმაკეული ქალი შეხვდა და უთხრა:
– იცი, რა გიჭირავს ხელში? საცოდავო, რომ იცოდე, რა გიჭირავს! რომ იცოდე, როგორ მწვავს ეგ შენი სკვნილი. შენ კი მხოლოდ ჩვევის გამო, უსარგებლოდ გიჭირავს ის!
მონაზონი სახტად დარჩა. ღვთისგან იყო, ეშმაკმა ეს რომ თქვა. ის გონს მოეგო, ღმერთმა გონება გაუნათა და საკუთარ თავს უთხრა:
– ხედავ, რას ჩავდივარ მე, უგუნური! ხელში უძლიერესი იარაღი მიჭირავს და ერთი ეშმაკის გასილაქებაც არ შემიძლია. გასილაქება კი არა, საითაც უნდა, იქით მიმათრევს დატყვევებულს. შეგცოდე, უფალო!
სინანულით მაშინვე თავისი მონასტრისკენ გაეშურა. იქ დაბრუნებულმა თავიდან დაიწყო გულმოდგინე შრომა და ისევ კეთილ საწყისს დაუბრუნდა. იმდენად წარემატა ლოცვასა და მონაზვნურ მოქალაქეობაში, რომ მრავალთათვის სანიმუშო გახდა. ამ ბერს მე, მდაბალიც, მოვესწარი. მისგან განუწყვეტლივ მხოლოდ ეს ისმოდა: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!“ როცა რამეს ეტყოდი, ორი სიტყვით გპასუხობდა და მისი ბაგეები კვლავ ლოცვას უბრუნდებოდა, იმდენად იყო მიჩვეული და იმდენად შეეცვალა ის ლოცვას. წარმოგიდგენიათ, ლოცვისა და სკვნილის ღირსება მას თავად ეშმაკმა გამოუცხადა – რა თქმა უნდა, საკუთარი სურვილის გარეშე, უზენაესის მიუწვდომელი განგებულებით და ნებით!
მოისმინე კიდევ ერთი მსგავსი ამბავი. როცა ნეა სკიტში ვცხოვრობდი და ჩემი მოძღვარი მამა იოსები ცოცხალი იყო, ჩვენთან ერთი ეშმაკეული ახალგაზრდა მოვიდა.
ჩემი მოძღვარი გულმოწყალების გამო იღებდა ამ უბედურებს. ისინი, რამდენ ხანსაც უნდოდათ, რჩებოდნენ, შემდეგ კი თვითონვე მიდიოდნენ. მათ არ შეუძლიათ ერთ ადგილას დიდხანს ყოფნა. ყველა, ვინც ღვთისგან შინაგანად ნუგეშს ვერ გრძნობს, ამას ადგილისა და ადამიანების გარემოცვის შეცვლაში ეძებს.
ამ ახალგაზრდას როსკიპი ქალის ეშმაკი ჰყავდა. როცა ბოროტი იპყრობდა, მისი ხმა მეძავი ქალის ხმით იცვლებოდა და ისეთ რამეს ლაპარაკობდა, მოციქულის სიტყვებით რომ ვთქვათ, „საძაგელ არს სიტყუადცა“ (ეფეს. 5, 12). ხელობით ის მეკასრე იყო. არ ვასახელებთ მის ვინაობას. ჩვენს ძმობაში მან საკმაოდ დიდხანს დაჰყო. შრომის საათებში ის მოდიოდა და, როგორც შეეძლო, გვეხმარებოდა. მესამე დღეს მეუბნება:
– მამაო, მეც ხომ არ მასწავლიდი ბეჭდების გაკეთებას? კასრების დამზადება მძიმე სამუშაოა. გარდა ამისა, ესეც, ჩემ შიგნით რომ მყავს, მუდმივად მტანჯავს.
ღმერთმა გვაკურთხოს. გასწავლი, ძმაო! აი, ასე უნდა გააკეთო. იარაღები აქ არის, ხის მონაჭრები – იქ, ნიმუშებიც წინ გიწყვია. ამ მაგიდაზე იმუშავებ. ოღონდ, როგორც ხედავ, აქ, ჩვენს კრებულში, მამები არ ლაპარაკობენ, მხოლოდ გამუდმებით ლოცულობენ.
ამის თქმით მსურდა, შეძლებისამებრ თავიდან ამეცილებინა უქმადმეტყველება და ლოცვის დროს გონებაგაფანტულობა. მაგრამ იმ წუთას კიდევ ერთმა აზრმა გამიელვა გონებაში: „ნეტავ ეშმაკეულებს იესოს ლოცვის თქმა თუ შეუძლიათ?“ შევუდექით ხელსაქმეს და ლოცვას. რამდენიმე წუთიც არ გასულა, რომ ეშმაკი ბრაზით აენთო მასში. ხმა შეეცვალა, ყვირილი, ბილწსიტყვაობა, მუქარა და ლანძღვა-გინება დაიწყო:
– ხმა ჩაიწყვიტე, საძაგელო! – ყვიროდა შიგნიდან, – ხმა ჩაიწყვიტე! შეწყვიტე ეს ბუტბუტი! რას იმეორებ სულ ერთსა და იმავე სიტყვებს? მოეშვი ამ სიტყვებს. თავბრუ დამახვიე. კარგად ვარ შენში. რა გინდა, რატომ მაშფოთებ?
ბევრი ამის მსგავსი რამ ილაპარაკა. ეშმაკმა აწვალა ის და ბოლოს თავი დაანება...
– ხედავ, რა დღეში მაგდებს? – მეუბნება ის უბედური. – აი, სულ ამ ყოფაში ვარ.
– მოითმინე, ძმაო, – ვეუბნები, – მოითმინე! ნუ მიაქცევ ყურადღებას. ეს შენი არაა, ნუ დარდობ. შენ ლოცვაზე იზრუნე.
დავამთავრეთ ხელსაქმე და მოძღვართან წავედით. გზაში მეუბნება:
მამაო, იქნებ ამისთვისაც მელოცა, შიგნით რომ მყავს, ღმერთმა ისიც რომ შეიწყალოს?
რამ ათქმევინა ეს იმ უბედურს! მაშინვე ეშმაკმა შეიპყრო, ზემოთ აიტაცა და ძირს დაახეთქა. არემარე შეზანზარდა. ეშმაკმა ხმა შეუცვალა და ყვირილი დაუწყო:
– ხმა ჩაიკმინდე, საძაგელო! ხმა ჩაიწყვიტე-მეთქი, გითხარი. ამას რას ამბობ? რა წყალობა? არ მინდა შეწყალება! არ მჭირდება წყალობა! არა! განა რა ჩავიდინე, შეწყალება რომ ვითხოვო? ღმერთი უსამართლოა! ერთი პატარა ცოდვის, მხოლოდ ამპარტავნების გამო გამომაძევა ჩემი დიდებიდან. ჩვენ უდანაშაულონი ვართ, ის არის დამნაშავე. მან შეინანოს! შორს ჩვენგან წყალობა!
ბოროტმა ის ძლიერ ტანჯა და ბოლოს ჩვარივით დააგდო. შემაძრწუნა ეშმაკის სიტყვებმა. რამდენიმე წუთში საკუთარი გამოცდილებით გავიგე ის, რის გაგებასაც ვერ შევძლებდი, ათასობით წიგნიც რომ მეკითხა ეშმაკებზე. მოძღვრისკენ გზა გავაგრძელეთ. მამა იოსები მას ყოველთვის დიდი სიყვარულით იღებდა და ესაუბრებოდა. მუდამ მშვიდი იყო მასთან. ის ბევრს ლოცულობდა ეშმაკეულებისთვის, რადგან იცოდა, დემონებისგან როგორ ტანჯვას ითმენდნენ. ჩვენ კი გვეუბნებოდა:
თუკი ჩვენ ასე ვიტანჯებით გულისსიტყვებისა და ვნებებისგან მაშინ, როცა ეშმაკები ჩვენ გარეთ არიან, წარმოიდგინეთ, როგორ ეწამებიან ის უბედურები, ვისაც დემონები დღედაღამ თავის თავში ჰყავთ! – სიბრალულით თავს აქნევდა და დასძენდა: ალბათ, ისინი ჯოჯოხეთს აქვე გადიან. მაგრამ ვაი მათ, ვინც არ შეინანებს, რომ ღმერთმა ისინი ამ ცხოვრებაშივე ამა თუ იმ გზით მოწყალებით განსწავლოს! ის ერთი წმინდანის ნათქვამს იხსენებდა: „თუ ხედავ, რომ კაცი აშკარად ცოდავს, არ ინანიებს და მთელი ცხოვრება არავითარი მწუხარება არ შეემთხვევა სიკვდილის წუთამდე, იცოდე, რომ სამსჯავროზე, განკითხვის ჟამს, წყალობის გარეშე დარჩება“.
მოძღვრის ასეთი სიტყვების შემდეგ ჩვენ უფრო მეტი თანაგრძნობით ვუყურებდით განსაცდელში მყოფ ძმას.
ის ლოცვაზე დასასწრებად მამებთან ერთად ეკლესიაში არ შედიოდა, გარეთ, კლდეებზე დაეხეტებოდა სკვნილით ხელში და ხმამაღლა გამუდმებით იმეორებდა ლოცვას: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე! უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე! უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!" არემარე კი ექოს აძლევდა.
მან გამოსცადა, თუ როგორ წვავს ლოცვა ეშმაკს. კლდეებზე ხეტიალისას ის განუწყვეტლივ ამბობდა ლოცვას. მოულოდნელად მისი ხმა იცვლებოდა და დემონი იწყებდა:
ხმა ჩაიწყვიტე, გითხარი, ხმა ჩაიწყვიტე! მახრჩობ! რას დაძრწი აქ, გარეთ, კლდეებზე და ბუტბუტებ? შედი სხვებთან ერთად ტაძარში და შეწყვიტე ბუტბუტი. რას იმეორებ დაუსრულებლად დღედაღამ ერთსა და იმავეს და წუთით არ მაძლევ მოსვენებას? თავბრუ დამახვიე. დამმდუღრე, მწვავ – არ გესმის?
განსაცდელი როცა ჩაივლიდა, ის ისევ სკვნილზე ლოცულობდა: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!“ მან ძალიან კარგად გაიგო ის, რაც ეშმაკს ეგონა, რომ ვერ გაიგებდა. სულიერ ტკივილთან ერთად იმედიც გვეძლეოდა, როცა ვუყურებდით, თუ როგორ იტანჯებოდა, იბრძოდა და ითმენდა ეს ადამიანი. გარკვეულ ხანს დარჩა ჩვენთან და როცა წავიდა, გაცილებით უკეთ გრძნობდა თავს. ის აღარასოდეს გვინახავს. ღმერთმა უწყის, რით დამთავრდა ეს ყველაფერი.
ხედავთ ლოცვის ძალასა და ეშმაკების მოუნანიებლობას? ცეცხლში იწვიან და ყვირიან: „არ გვინდა შეწყალება!“ თან განუწყვეტლივ ღმერთს განიკითხავენ. ჰოი, ლუციფერული ამპარტავნება! მაშ, რით განსხვავდება ეშმაკისგან ქედმაღალი და სრულიად უნანელი ადამიანი? ის, ვისაც არ სურს ქრისტე ღმერთად და კაცად აღიაროს და მისგან წყალობა და შეწყალება ითხოვოს!
ახლა გესმით ლოცვის ძალიან ღრმა აზრი? როგორ ცხადყოფს ის, თუ ვინ არის ქრისტესთან ახლოს და ვინ შორს?
ჩვენ თავის ნებაზე მივუშვით გულისსიტყვები. ამიტომ ისინი ჩვენზე ბატონობენ და გვატყვევებენ მაშინ, როცა ლოცვის ბრწყინვალე იარაღი გაგვაჩნია, იარაღი, რომელსაც ალი და ცეცხლი ეწოდება. ლოცვა შოლტია, რომელიც ყოველ დემონურ გულისსიტყვას გაშოლტავს.
მაგრამ ჩვენ – უპირველესად კი მე – არ ვართ ღირსნი, რომ ჩავწვდეთ ლოცვას. არა იმიტომ, რომ არ შეგვიძლია, ან არ ვართ ლოცვისთვის მოწოდებულნი, არამედ იმიტომ, რომ მცონარენი და უდებნი ვართ, ეშმაკიც ამიტომ გვაცდუნებს, ჩვენ მას ვემორჩილებით და ლოცვით ისე არ ვართ დაკავებულნი, როგორც საჭიროა. გულმოდგინედ რომ გველოცა, ამდენ ვნებასა და უძლურებას ჩვენი დაპყრობის უფლებას არ მივცემდით.
ვხედავთ, რომ ერისკაცებიც, ვინც გულმოდგინედ ლოცულობდნენ, განიწმინდნენ. გრიგოლ პალამას მამა სამეფო კარზე იმყოფებოდა, ბიზანტიის იმპერატორ ანდრონიკეს მმართველობის საბჭოს წევრი იყო. იმდენი საქმის, საზრუნავისა და საფიქრალის მიუხედავად, ის ლოცვისა და მისგან მიღებული სარგებლის და წარმატების გარეშე არ დარჩენილა. ეს ცხადყოფს, რომ ადამიანი სადაც არ უნდა მოხვდეს, სადაც არ უნდა იყოს, როგორი ცხოვრებაც არ უნდა ჰქონდეს, როცა ამ სასწაულთმოქმედი ლოცვით აღიჭურვება, ღვთის მადლს მოიპოვებს.
წმინდა მაქსიმე კავსოკალიველი კი წმინდა მთის უდაბურ და მყუდრო ადგილებში დადიოდა, ლოცვა რომ გაეძლიერებინა. როცა მამებმა ჰკითხეს: „რატომ დადიხარ, მამაო, უკაცრიელ ადგილებში, რატომ გაურბიხარ ადამიანებს და არ ეკარები მათ?“ მან უპასუხა: „უკაცრიელ ადგილებში იმ მიზნით დავხეტიალობ, ლოცვას რომ შევმატო.
გამოცდილებამ ასწავლა, რომ შესაბამისი სიმყუდროვის გარეშე ლოცვა ვერ მიიღებს იმ უფრო დიდ და უხვ, უცილობელ სხვადასხვა ნიჭს, რომლებიც მისგან მომდინარეობს.
ერშიც და მთების სიმყუდროვეშიც ლოცვით ბევრის მიღწევა შეიძლება.
ჩვენ, ვინც ზოგადსაცხოვრებელ მონასტერში ვცხოვრობთ, გვმართებს, რომ ვილოცოთ და სათნოება საქმით აღვასრულოთ: მორჩილებით, საკუთარი ნების მოკვეთით, ურთიერთსიყვარულით, ურთიერთშემწყნარებლობით, გულისსიტყვების დაუფარავად აღიარებით, უხუცესთა სულიერი მორჩილებით, მორჩილების საქმის დროს მუდმივი ლოცვით. როცა ამ ყველაფერს შევასრულებთ, ღვთის მადლი მოგვიხილავს ჩვენი განზრახვის, სარწმუნოების, უხუცესთა მიმართ რწმენისა და მორჩილების, საქმით აღსრულებული სათნოების შესაბამისად.
ჩვენც შეგვიძლია აქ, ერთ ჭერქვეშ, ერთი მწყემსის წინამძღოლობით მადლის საკმარის საზომს მივაღწიოთ, რადგან ღმერთი მიკერძოებული არ არის. წმინდა გულითა და სუფთა სინდისით მისი მცნებების აღმსრულებლებს აჯილდოებს, ანუგეშებს და ცხონების იმედს აძლევს.
თავის იძულების გარდა სხვა არაფერი დაგვრჩენია. მუდმივად ვაიძულოთ თავი. როგორც დღევანდელმა გაკვეთილმა გვასწავლა, მთავარია, განუწყვეტლივ გულმოდგინედ ვილოცოთ: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“. დილით, გაღვიძებისთანავე ლოცვა ვთქვათ, შემდეგ კი ქრისტეს სახელით ვიშრომოთ. ასე ლოცვით მოვიკვეთთ უქმადმეტყველებას, მრავლისმეტყველებას, განკითხვას, მრისხანებას, დრტვინვას და თითოეული საკუთარ თავში სიმშვიდეს ვიპოვით.
ვაი ჩვენ, როცა გვასწავლიან და არ ვასრულებთ, თავს არ ვაიძულებთ; როცა თავის იძულებისთვის ყველანაირი საშუალება გვეძლევა, ჩვენ კი უმოქმედონი ვრჩებით. მაშინ სხვა რაღა დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ განვიკითხოთ საკუთარი თავი, როგორც უღირსი, საწყალობელი და მცონარე? თავისბრალობით და სიმდაბლით მაინც მოვიპოვოთ კვლავ ლოცვისთვის თავის იძულების უნარი, რადგან სიმდაბლესა და თავისბრალობას ღვთის მადლი მოაქვს. მადლი კი, თავის მხრივ, გულმოდგინებას გვანიჭებს და ლოცვა გვიადვილდება.
როგორც ამ სიტყვის დასაწყისში ვთქვით, მღვიძარე მამებისადმი მუდმივი მადლიერება გვმართებს. მათდამი მოწიწება ვიქონიოთ, გვიყვარდეს და ვადიდებდეთ მათ. ვთხოვოთ კურთხევა, ღვთის წინაშე მეოხება და ვევედროთ, ჩვენც გამოგვიგზავნონ პატარა საჩუქარი – ლოცვის მცირედი კურთხევა.
თემა: იესოს ლოცვა, მღვიძარება, სიფხიზლეავტორი: ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
წყარო: მამობრივი დარიგებანი
ძმებისადმი სიყვარულისა და მიმტევებლობის შესახებ
შვილებო, „მოიღუაწე[თ] ღუაწლი იგი კეთილი“ (1 ტიმ. 6, 12). „ძმათ მოყუარებაი ეგენ“ (ებრ. 13, 1). სიყვარული ყოფილიყოს თქვენს კრებულში ყოველი მოქმედების საფუძველი. განეშოროს ეგოიზმი თქვენს ფიქრებსა და სიტყვებს.
უფალი ამბობს: „რომელსა უნდეს... პირველ ყოფა, იყოს ყოველთა მონა“ (მარკ. 10, 44) და თუ უმანკოებითა და სიწრფოებით პატარა ბავშვს არ დავემსგავსებით, ცათა სასუფეველში ვერ შევალთ.
როდესაც ძმათა კრებულს სიყვარული მართავს, მაშინ ქრისტე ყველაფერს უხილავად აკურთხებს: სიხარული, მშვიდობა და ძმებისთვის თავდადება ცეცხლივით ანთია თითოეული ძმის გულში, მაშინ ლოცვაც უფრო ძლიერი ხდება და რაც უფრო ძლიერდება, მით უფრო მდიდრდება მათი სულები ქრისტესმიერი სიყვარულითა და თავგანწირვით. ამგვარად, ქრისტეს ვადიდებთ, თაყვანსვცემთ და ღვთის წმინდა სახელის მადიდებელი მდაბალი ორღანოები (ფსალმ. 150, 4) ვხდებით.
ნამდვილ სიყვარულს ძმის ნიჭი არ შურს; ძმის განმკიცხველი, დამამდაბლებელი სიტყვები მას არ ახარებს და თავს ვერ იკავებს, ძმას წარმატება რომ არ შეუქოს.
სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, უხეშად არ ეპყრობა, თავის სარგებელს კი არ ეძიებს, არამედ ძმისას, არ მრისხანებს, არ ფიქრობს ბოროტებას; ყველაფერს ტვირთულობს, ყველაფერს ითმენს (1 კორ. 13, 4-7). ვისაც ნამდვილი სიყვარული აქვს, ძმის მიმართ შეცოდებით არასოდეს ეცემა.
ასე რომ, ილოცეთ, შვილებო, რათა თვით სიყვარულმა – ღმერთმა – ქრისტესმიერი სიყვარულის ნიჭი მოგვმადლოს. როცა ეს სიყვარული ჩვენს გულებში, სიტყვებსა და საქმეებში გამეფდება, მაშინ მოგვეცემა იმედი, რომ შევქმნით ქრისტესმიერ კრებულს ქრისტიანული სულით, სულიერი ბრწყინვალებით და შეურყეველი საძირკვლით – მტკიცედ შეკავშირებულ კრებულს ერთი აზრითა და ერთი სულით მრავალ სხეულში.
2. ჩემო საყვარელო შვილებო, გისურვებთ სიყვარულის ღმერთმა გაგაძლიეროთ ურთიერთსიყვარულში და მოგცეთ ის უზაკველი სიყვარული, რომელიც საცდურს კი არ წარმოქმნის, არამედ, პირიქით, თავისი სიბრძნით განაქარვებს მას.
გისურვებთ, უფალმა მოგანიჭოთ წმინდა სიყვარული, რომელიც მისი მფლობელის პირს ზღუდეს უდებს; იცავს განკითხვის, ძვირისზრახვის, ცილისწამების, სიცრუის, თვალთმაქცობისა და იმ უთვალავ ბოროტებათა უფსკრულში ჩავარდნისგან, რომელსაც ჭეშმარიტი უფლის სიყვარულის ნაკლებობა ენის მეშვეობით შობს.
ვისაც სიყვარული აქვს, „ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა“ (1 იოან. 4, 16). ერთმანეთისადმი ნამდვილი და წრფელი სიყვარული მოწმობს, რომ ღვთისანი ვართ და გვიყვარს ის.
„ყოველსა რომელსა სძულდეს ძმაი თვისი, იგი კაცისმკლველი არს" (1 იოან. 3, 15), სულიერ წყვდიადში იმყოფება და არ იცის, საით მიდის.
ჩვენი უფლისგან, იესოსგან უმნიშვნელოვანესი მცნება გვაქვს მოცემული – გვიყვარდეს ერთმანეთი. ეშმაკმა კი თავის მორჩილებს ურთიერთსიძულვილის მცნება მისცა. შესაბამისად, ვის მცნებასაც დავიცავთ, მისი მოწაფეები და მორჩილები ვიქნებით.
გვეშინოდეს, შვილებო, ძმის მიმართ გულგრილობის, მტრობის და ამის თანმხლები სხვადასხვა გულისსიტყვისა, რომლებსაც სული ნელ-ნელა დემონურ სიძულვილამდე მიჰყავს. თუკი ჩვენი ხსნის მტერს – ეშმაკს, როგორც უფალს, ისე დავემორჩილებით, აურაცხელ ბოროტებას დავიგროვებთ ჩვენს უბადრუკ სულებში!
მისთვის, ვისაც უყვარს, სიყვარული სულის საფუძველი, საძირკველი და საფარველია; ამ სულში ღმერთია დამკვიდრებული და ამის გამო ყოველ წუთს ნათელ სიხარულს განიცდის!
ზოგადსაცხოვრებელი მონასტრის ჩამოყალიბებისა და შენარჩუნებისთვის მონასტრის წევრებს შორის აუცილებელია ურთიერთსიყვარული. ეს იქნება ოქროს რგოლი, რომელიც ძმებს ერთ სხეულად აქცევს, წინ რომ აღუდგნენ მტრობისა და სიძულვილის უფლის – ეშმაკის მიერ წარმოქმნილ შფოთს. სიყვარული ის უძლეველი ძალაა, რომელიც მონასტრის წევრებს კრავს ერთ სხეულად, რომლის თავიც წინამძღვარია. ეს ძალა ყოველთვის, როცა ამის საჭიროება იქნება, იბრძოლებს საპირისპირო ძალის, ბოროტების წინააღმდეგ, რომელიც წევრების ერთობისგან ჩამოშორებას შეეცდება.
თუ სიყვარული სუსტი და მოდუნებულია, მოწინააღმდეგე ეშმაკის ძალა ჩვენზე გაიმარჯვებს იმის შესაბამისად, თუ როგორ შესუსტდა მანამდე მხურვალე და მძლავრი სიყვარული ჩვენში. რაში ვლინდება საპირისპირო ძალის გამარჯვება? ძმათა კრებულში წარმოიშობა შფოთი, შეპასუხება, ურჩობა, კამათი, ამპარტავნება, ტრაბახი, შური, სიძულვილი, ბოლო კი – მონასტრიდან გაქცევაა!
მოდით, დავფიქრდეთ, შვილებო, ზეცაში ანგელოზები ხომ არ ეპასუხებიან, არ ეურჩებიან უფალს, თავიანთი ნების თანახმად ხომ არ იქცევიან, ხომ არ მტრობენ, არ სძულთ ერთმანეთი, ხომ არ ტოვებენ ღვთის საყდრის წინაშე თავიანთი მსახურების ადგილს? რა თქმა უნდა, არა.
ასე მოიქცა ყოფილი ნათლის ანგელოზი, რომელიც ზეციდან განიდევნა და სატანა გახდა!
ჩვენ კი, რადგან ანგელოზებრივი სქემა შევიმოსეთ, განა ანგელოზებრივი გზით არ გვევალება სიარული? როგორ შეირაცხება თქვენი ცხოვრება ანგელოზებრივად, როცა თქვენ შორის შეპასუხებას, ბედით უკმაყოფილებას, კამათს, საკუთარ ნებაზე სიარულს, მტრობას და ყველაზე უარესს – ურჩობას ვხედავ? განა ასეთი ქცევა იმის საწინააღმდეგო არაა, რასაც მე, მდაბალი გარიგებთ? და განა ის, ვინც ამის საპირისპიროს აკეთებს, უმეტეს სასჯელს არ მიიღებს? წმინდა წერილის თანახმად: „რომელმან იცის... და არა განემზადოს... იტანჯოს იგი ფრიად“ (ლუკ. 12, 47), ის მრავალ საშინელ დარტყმას მიიღებს და სასტიკად დაისჯება.
გვეშინოდეს, შვილებო, რომ დარიგებების მიმართ ურჩნი არ ვიყოთ, რადგან მათი დარღვევისა და ურჩობისთვის აუცილებლად დავისჯებით. დაე, ამისთვის ვიღვაწოთ. მაშ ასე, დაემორჩილეთ ბრძანებას, რომ სიყვარულისა და მორჩილების გვირგვინი მიიღოთ, როცა ღვაწლისდამდებელი იესო ქრისტე ჯილდოებსა და გვირგვინებს დაარიგებს.
გისურვებთ, ქრისტიანთა ზესთამბრძოლის, სამყაროს დედოფლის და ყველა წმინდანის მეოხებით საუკუნო დიდების უჭკნობი გვირგვინის ღირსნი გახდეთ.
3. შვილო, განდევნე ბოროტი გულისსიტყვები, რომლებსაც ეშმაკი გაწვდის და მათი მიღებისკენ გიბიძგებს. ნუ მიაქცევ ყურადღებას ძმათმოძულეობის გულისსიტყვებს, რადგან მათი მიზანია უდიდესი სათნოება – სიყვარული წაგართვან და თუ ამას მიაღწევენ, სრულიად დაიპყრობენ შენს სულს. გადარჩენის იმედი როგორღა უნდა გვქონდეს, თუკი დავკარგავთ სიყვარულს, ანუ ღმერთს? ღმერთი ხომ სიყვარულია, სიყვარულის მქონე კი ღმერთში მკვიდრობს, ხოლო ღმერთი – მასში. როგორც იოანე მოციქული ამბობს: „რომელსა სძულს ძმაი თვისი, იგი კაცისმკლველი არს“ (1 იოან. 3, 15) „და ბნელსა შინა ვალს და არა იცის, ვიდრე ვალს, რამეთუ ბნელმან დაუბრმნა თუალნი მისნი“ (1 იოან. 2, 11).
შვილო, ნუკი მოუსმენ ამ ძმათმოძულეობის გულისსიტყვებს, არამედ მაშინვე მოიშორე ისინი, თქვი იესოს ლოცვა და უთხარი სატანას: „ეშმაკო, რაც უფრო მეტ ძმათმოძულეობის გულისსიტყვებს მომიტან, მით უფრო მეყვარება ჩემი ძმები. რადგან ქრისტესგან ნაბრძანები მაქვს არა მხოლოდ მიყვარდეს, არამედ თავი დავდო მათთვის, როგორც ქრისტემ – ჩემთვის, საწყალობლისთვის“. და მაშინვე გონების თვალით გულში ჩაიკარი ისინი, ვისი ზიზღიც მოაქვს ბოროტს და თქვი: „შეხედე, ღვარძლიანო ეშმაკო, როგორ მიყვარს ისინი, მზად ვარ მათთვის მოვკვდე!“ ასე მოიქეცი და ღმერთი, რომელიც ხედავს შენს კეთილ ნება-სურვილს და ეშმაკის დასამარცხებლად გამოყენებულ ხერხს, უმალვე მოვა საშველად და გაგათავისუფლებს.
4. გისურვებთ, ყოვლადსახიერმა ღმერთმა თავის წარმოგზავნილ წმინდა მოციქულთა მსგავსად ყოვლადწმიდა სული გარდამოგივლინოთ, რომ განათლდეთ და ხსნის ურთულეს გზაზე იაროთ. „აჰა ესერა რაიმე კეთილ, ანუ რაიმე შუენიერ, არამე [სიყვარულით] დამკვიდრებაი ძმათაი ერთად?" (ფსალმ. 132, 1) იმაზე მშვენიერი არაფერია, როცა კრებულში ღვთისმიერი სიყვარული სუფევს; ყველაფერი ანათებს და მშვენიერებითაა აღსავსე, ხოლო ამ უსაზღვრო სიყვარულის გამო წმინდა ანგელოზები ზეცაში უფალთან ერთად ხარობენ და მხიარულობენ.
„იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ... ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას“ (იოან. 13, 34-35).
ჰოი, სიყვარულო, ჭეშმარიტად ნეტარია გული, რომელსაც შენ აღავსებ, რადგან სიყვარულში რას არ იპოვი – სიმდაბლეს, სიხარულს, მოთმინებას, სახიერებას, თანაგრძნობას, შემწყნარებლობას, განათლებას და მრავალ სხვას!
სიყვარულის მშვენიერი გზა უშრომელია; სიყვარულში არ არის ბიწი, არც ბრალი, არამედ სინდისი სულის ღვთისადმი კადნიერებას ადასტურებს. მაგრამ როცა არ არსებობს სიყვარული, მაშინ სულს ლოცვაში გამბედაობა არ აქვს. დამარცხებულივით, მხდალივით თავს მაღლა ვერ წევს, რადგან სინდისი ამხელს, რომ არ უყვარს ღმერთი ისე, როგორც მან შეიყვარა იგი და ღვთის მცნებას არღვევს.
თუ არ გვიყვარს ძმა, რომელსაც ვხედავთ, როგორ შევიყვარებთ უხილავ ღმერთს? ჭეშმარიტი სიყვარულის მქონე ადამიანში ღმერთია დამკვიდრებული. ვისაც არ აქვს სიყვარული, მასში ღმერთი არ მკვიდრობს.
წმინდა მამები ამბობენ: „იხილე შენი ძმა – ღმერთი იხილე“, „შენი გადარჩენა მოყვასზეა დამოკიდებული“.
ძველმა ღირსმა მამებმა ხსნის გზა უშრომლად გაიარეს, რადგან ყველაფერს მსხვერპლად სწირავდნენ სიყვარულისთვის. მათი ცხოვრების მიზანი სიყვარული იყო. ჩვენი გზა კი მთლიანად მოფენილია ეკლებით, რომლებიც სიყვარულის ნაკლებობამ აღმოაცენა. ამიტომ სიარულის დროს მუდმივად სისხლი გვდის. სახლის კედლები ირყევა, როცა მისი საძირკველი – სიყვარული მყარი არ არის.
5. აიძულე თავი, შვილო. შენი სულისთვის აიძულე თავი, რომ ძმებს სათნოეყო და უფალი განსვენებას მოგცემს, თავის მადლს მოგანიჭებს.
მოითმინე, მორჩილება აღასრულე; ყველასთვის „მტვრად იქეცი“ და უფალი განგანათლებს.
დიდი ის არის, ვისაც მეტი სიმდაბლე აქვს. ღმერთი მადლს იმას აძლევს, ვისაც ღვთის შიში აქვს, ყველას პატარა ბავშვივით ემორჩილება და გამუდმებით ეძიებს ღვთის წმინდა ნებას; არასოდეს ითხოვს თავისი ნების აღსრულებას, არამედ ღვთისა და სხვების ნებას ემორჩილება. ყოველთვის ამბობს: „როგორც გნებავთ, როგორც იტყვით“, საკუთარ აზრს არავის სთავაზობს, რადგან თავი ყველაზე უმცროსად მიაჩნია; როცა რაიმეს ავალებენ, მზადაა სიხარულით შეასრულოს და ამბობს: „როგორც მაკურთხებთ“.
შენც ასე მოიქეცი, შვილო, რადგან ამ დროს ეშმაკები ძრწიან, შორს გარბიან და აღარ გეკარებიან. ყველაზე მეტად ის აშინებთ, როცა სიმდაბლეს, მორჩილებას და ყველას მიმართ სიყვარულს ხედავენ.
6. შვილო, შენი მოვალეობა შეასრულე. თუ არ გემორჩილებიან ძმები, ღმერთს მიანდე ისინი და დამშვიდდი. ეს ეშმაკის შურია, შვილო. სატანა მთებში ხომ არ წავა? იქ მიდის, სადაც გადარჩენისთვის იღვწიან. და რადგან ჩვენც სულის ცხონება გვსურს, ჩვენთვის გაუცნობიერებლად მას ჩვენშიც შემოაქვს არეულობა.
იტვირთე, შვილო, ძმების სიმძიმე, ღმერთი თითოეულს სამართლიანად მისცემს სანაცვლოს. მოვა დრო და ნახავ, რამდენს მოგაგებს უფალი მრავალი სულისთვის გაწეული შრომის სანაცვლოდ. ამ სოფელში იშრომე, ყველას დაეხმარე და ღვთის შეწევნა არასოდეს მოგაკლდება. ახლა თესავ; მკის დროც მოვა. ილოცე, რომ ღმერთმა მოთმინებასა და გულისხმისყოფაში განგამტკიცოს, განგანათლოს. მე მუდმივად ვლოცულობ შენთვის, მაგრამ ღვთის წინაშე კადნიერება არ მაქვს და ამიტომ ჩემი ლოცვა უნაყოფოა.
გაიხსენე, მამებმა რა დაითმინეს, სხვები რომ ეცხონებინათ. ეს პატარა ამბავი არ არის. შენ სხვებს ეხმარები, ეშმაკი შენზე იყრის ჯავრს და ამიტომაც გაჭირვებს. ასე რომ, მოთმინება და სიმამაცე გიძღოდეს წინ და თქვი: „ამ ბრძოლაში მოვკვდები, ჩემს ძმებს რომ შევეწიო ცხონების საქმეში. ღმერთი არ დაუშვებს დავიღუპო, რადგან ამას მისი სიყვარულისთვის ვაკეთებ“.
ასე მოიქეცი და ნახავ, როგორ ძალასა და სიხარულს შეიძენ ბრძოლაში. ზოგჯერ მოუთმენლობა, სასოწარკვეთა და უიმედობა ადამიანს ღვთის მადლს აკარგვინებს, ის კი ამას შეცდომით თავისი ტვირთის სიმძიმეს მიაწერს. ხოლო სიმხნევეს, თავგანწირვას, ვაჟკაცობასა და უფლისადმი რწმენას ღვთის მადლი მოაქვს. გისურვებ, ღმერთმა სულის ძარღვი განგიმტკიცოს, რომ ახალი ძალით იბრძოლო.
7. სიყვარული იყოს თქვენი შემაკავშირებელი, რადგან სწორედ სიყვარულია დასაწყისი და დასასრული, ის არის საძირკველი. ღვთისა და ძმების სიყვარულზე „ყოველი სჯული და წინასწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან“ (მათ. 22, 40). სიყვარულის გარეშე ვართ „წინწილანი, რომელნი ხმობედ“ (1 კორ. 13, 1), ერთი უმრგვალესი ნული. პავლე მოციქულის სიტყვების თანახმად, თუკი სიყვარული არ გვაქვს, ჩვენი სხეული ცეცხლს რომ მივცეთ, ქონება მთლიანად დავარიგოთ და ცხოვრება ქრისტესთვის მკაცრ მოღვაწეობაში გავლიოთ, მაინც ვერაფერს მივაღწევთ. მაშასადამე, მთელი მონდომებით უნდა ვიზრუნოთ, რომ მტკიცედ შევინარჩუნოთ ერთმანეთისადმი სიყვარული, რათა გულთამხილავმა მოიწონოს ჩვენი მდაბალი საქმეები.
8. შვილო, მწერ ვიღაცაზე, ვინც გაგამწარა, შენ კი დაწყევლე. არა, შვილო, არავინ დაწყევლო, რა ბოროტებაც არ უნდა გაგიკეთოს. ქრისტე გვეუბნება, გვიყვარდეს ჩვენი მტრები. როგორღა უნდა ვთქვათ ბოროტი სიტყვა? ღვთისგან შენდობა ითხოვე და ამიერიდან ძმასავით შეიყვარე ის, მიუხედავად იმისა, რომ არ ეთანხმები. განა ჯვარცმულმა ქრისტემ თავის ჯვარმცმელებს არ შეუნდო? როგორ შეიძლება ჩვენ სხვაგვარად მოვიქცეთ? დიახ, შვილო, ყველა უნდა გვიყვარდეს, თუნდაც მათ არ ვუყვარდეთ. ეს მათი საქმეა.
9. შვილო, ყოველთვის გაამართლე შენი ძმა, თავი კი განიკითხე და საკუთარი საქციელი არასოდეს გაამართლო. ისწავლე „შემინდე“ და ამით სიმდაბლე დაისადგურებს შენში. ძმის შეცდომების დათმენა და უგულებელყოფა რომ შეძლო, გაიხსენე უფლის სულგრძელობა შენი შეცდომების მიმართ. შეიყვარე ძმა ისე, როგორც იესოს უყვარხარ და როგორც გსურს, რომ სხვებს უყვარდე. დაიცავი მდუმარება, მუდმივად ილოცე, თავი დაიდანაშაულე და ნახავ, როგორ გლოვას, ცრემლსა და სიხარულს იგრძნობ. მაგრამ თუ იზარმაცებ, მაშინ სიცივე და გულგრილობა შეცვლის ამ მადლს.
შეიყვარე ძმები. შენი სიყვარული მაშინ გამოჩნდება, როცა მათ სისუსტეებს არაფრად ჩათვლი და მაინც გეყვარება ისინი. სიყვარული ყველა ცოდვისგან დაგიფარავს.
საკუთარი ცოდვის გარდა ნურაფერზე იფიქრებ, მუდმივად დაიდანაშაულე თავი, რადგან ეს საუკეთესო გზაა.
10. გისურვებთ მეტ სულიერ სიჯანსაღეს, რადგან როცა სული ჯანმრთელია, გასაჭირში მოთმინება აქვს, ხორციელი სურვილების უარყოფაც შეუძლია და გულისსიტყვების უგულებელყოფაც. მას ვერც სნეულება აშინებს და ვერც თავმოყვარე გულისსიტყვები. როცა სული ჯანსაღია და სიყვარული აქვს, არ ჩხუბობს, ითმენს ძმის უხეშ სიტყვას, სხვის შეცდომებს არ ააშკარავებს, ყოველთვის შეუძლია ძმას კეთილი სიტყვა უთხრას; უთმობს და ამით გულისსიტყვებსა და მწუხარებას თავიდან იცილებს; არ მრისხანებს, არ დრტვინავს, არ ეპასუხება, არ ჭორაობს, არ ურჩობს, არ არის საკუთარ ნება-სურვილს აყოლილი. კიდევ ბევრი რამ მოაქვს სულის ჯანმრთელობას. ამ სიჯანსაღეს ვითხოვ თქვენგან, ამას გასწავლით და ამისთვის ვლოცულობ.
მოღვაწე ქრისტიანს
წერილი პირველი
11. მოუთმინე იმ პიროვნებას, რომლისგანაც წყენა და შფოთი მოდის, სიხარულით მოუთმინე. ყოველდღე ილოცე მისთვის. ყოველთვის ეცადე სიკეთე გაუკეთო, შეაქო, სიყვარულით ელაპარაკო და ღმერთი სასწაულს მოახდენს – გამოსწორდება. იდიდება ქრისტე და განსქდება ეშმაკი, რომელიც ყველა შფოთის მოთავეა. განსაკუთრებით აიძულე თავი, რომ არ იცრუო და არ განიკითხო. შენი კანონი იქნება დღეში ერთი სკვნილი და ერთი თვის განმავლობაში 10-10 მეტანია იმისთვის, ვისაც სძულხარ, რომ ღმერთმა გაანათლოს და სინანული მისცეს.
თუ ის პიროვნება შენ წინააღმდეგ რაიმეს მოიმოქმედებს, ყურადღება არ მიაქციო, მოითმინე. დაე, უსამართლოდ მოგეპყროს, შენ ნუ აწყენინებ; დაე, სილა გაგაწნას, შენ ნუ გაარტყამ; დაე, განგიკითხოს, შენ ნუ განიკითხავ. და როცა ასე მოიქცევი, შენს სულში ძე ღვთისა დამკვიდრდება მამასთან და სულიწმიდასთან ერთად. კეთილად იღვაწე, უგულებელყავი იმ პიროვნების საქციელი ისე, როგორც ქრისტე უგულებელყოფს შენს ცოდვებს.
წერილი მეორე
მახარებს ის, რომ თავს აიძულებ, შენი ქცევით სძლიო იმ ადამიანს, რომელიც ასე გდევნის. ჰო, შვილო, სიყვარული ყველაფერს სძლევს. ეცადე მიაღწიო სიყვარულს, სიმდაბლეს, სიწმინდეს. ერთი სკვნილი ყოველთვის შეასრულე მისთვის და ქრისტე გაანათლებს. ყველა ბოროტებას ეშმაკი აკეთებს და როცა ქრისტე მას განდევნის, მაშინ შენი მაჭირვებელი კრავად იქცევა.
12. შენს ძმას ყველაფერში უპირატესობა მიანიჭე. სხვების მიმართ პატივისცემა გქონდეს და ამით გამოირჩეოდე. ღვთის გულისთვის, ნუ ჩხუბობ და ნუ განიკითხავ. ეს მონაზვნის კი არა, ღვთისგან შორს მყოფი ერისკაცის საქციელია. შენ ღმერთს მიუძღვენი თავი. რაც ღვთის ნებაა, ის გააკეთე და მან წარმართოს შენი ურთიერთობა სხვებთან.
როცა ჩხუბობ, უნდა იცოდე, რომ მაშინ ეშმაკის ნებას ასრულებ და ღმერთს ძალიან ამწუხრებ. შენი შემყურე ანგელოზები კი დანაღვლიანებულები ამბობენ: „რა მოუვიდა, რატომ ჩხუბობს? ღვთის მცნებაზე, სიყვარულზე რატომ არ ფიქრობს?“ ხოლო როცა ქრისტეს სიყვარულისთვის თავდადებას ხედავენ, უხარიათ და ადიდებენ ღმერთს, რომელიც ეშმაკის დასამარცხებლად ადამიანს მადლს ანიჭებს.
13. გევედრები, შვილო, თავი აიძულე გიყვარდეს ძმა. სიყვარულის გარეშე მონაზონი სულიერად მკვდარია. ნუ განიკითხავ, ნუ ილაპარაკებ იმაზე, რაც ზედმეტი, უვარგისი, ზიანის მომტანი და მონაზვნებისთვის შეუფერებელია.
შვილო, რისთვის დატოვე ეს სოფელი? არა იმისთვის, რომ განწმენდილიყავი? არა ჭეშმარიტი ღვთისმიერი სიყვარულის მოსაპოვებლად? ხოლო როცა ბედს უჩივი და შენზე უპირატესებს განიკითხავ, ნუთუ ეს სოფლისგან განშორების მიზანს ემსახურება? როდემდე გაახარებ ეშმაკს და არ დაუდებ სათავეს სინანულსა და გამოსწორებას? დრო გადის და აღსასრული გვიახლოვდება. ახლა ვაიძულოთ თავი; ახლა ყველაფრის გამოსწორებაა შესაძლებელი. მოგვიანებით კი უსარგებლოდ წავიშენთ თავში ხელს.
14. წმინდა ნათლისღების წინასადღესასწაულო დღეებია. რა წყალობაა! შიშველი შედის იორდანეში! ვინ? დაუსაბამო მამის სიტყვა, რომელმაც დასაბამისას თქვა: „იქმენინ" (დაბ. 1, 3) და აჰა, ყველაფერი მის წინაშე წარდგა! შიშველია, რომ ჩვენ, განშიშვლებულებს, ძეობა მოგვანიჭოს.
იორდანემ უხილავი – ხილულად, უხორცო – ხორცშესხმული იხილა, შეძრწუნდა და თავისი დინება უკუაქცია! იოანე ნათლისმცემელი კი თავზარდაცემული ამბობს: როგორ მონათლოს მონამ მეუფე, როგორ გაანათლოს ლამპარმა ნათელი? რომელი ნათელი? ის ნეტარი, სამმზე ნათელი, „რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად“ (იოან. 1, 9).
დაუსაბამო მამა მოწმობს, რომ ის, ქრისტე, არის დაუსაბამო ძე, ხოლო მტრედის სახით გარდამოსული და იესოს უხრწნელ თავზე დადგრომილი სულიწმიდა სიტყვის გაცხადებას ადასტურებს.
ღვთის გაცხადების საიდუმლოს დიდებულების წინაშე ყოველი ქრისტიანის გული სიხარულით თრთის და ზეიმობს! ოჰ, როგორი ღმერთი და მამა გვყავს! სიყვარულით აღსავსე ღვთის გული უგულებელყოფილი და დავიწყებულია, ღვთისა, რომელმაც ასე შეიყვარა ადამიანი! იგი წინასწარმეტყველის პირით ამბობს: „ნუ დაივიწყოს დედაკაცმან ყრმისა თვისისა, ანუ არ შეიწყალნეს ნაშობნი მუცლისა მისისანი, დაღათუ ესენიცა დაივიწყნეს დედაკაცმან, გარნა მე არ დაგივიწყო შენ“ (ეს. 49, 15). „უკუეთუ [უწინ], მტერ რა. ვიყვენით [ღმრთისა], დავეგენით ღმერთსა სიკუდილითა ძისა მისისაითა, რავდენ უფროის აწ, და-რაი-ვეგენით, ვცხონდით მაცხოვარებითა მისითა“ (რომ. 5, 10).
როგორ ანუგეშებს პავლე მოციქულის ზემოთ მოყვანილი სიტყვები სულს, რომელმაც ახლახან შეინანა. ღვთის წინაშე დიდი კადნიერება აქვს იმ ადამიანს, ვისაც მოყვასი ებრალება და საქმითა და სიტყვით თანაუგრძნობს მას.
როდესაც წმინდა ანდრია, ქრისტესთვის სალოსი, კონსტანტინეპოლში სალოსობდა, ერთ ღვთისმოშიშ ქალს სულიერი თვალი აეხილა და ნეტარი ანდრია მზეზე უფრო გაბრწყინებული იხილა. ხალხს ის სძულდა, სცემდნენ და აფურთხებდნენ, ეშმაკები კი ხარობდნენ, რომ უფლის წმინდანის ცემისა და ტანჯვისთვის ამ ადამიანებს სიკვდილის ჟამს განიკითხავდნენ! წმინდა ანდრია დემონებს ეუბნებოდა: „არა, მე ღმერთს ვევედრე, ეს საქციელი ცოდვად არ ჩაეთვალოს მათ, ვინც მირტყამს და მაწვალებს!“
მაშინ ბარბარემ დაინახა – ასე ერქვა იმ ქალს – ცა გაიხსნა და უზარმაზარი მტრედი ჩამოფრინდა, რომელსაც ნისკარტით ყვავილი მოჰქონდა. ის ნეტარი ანდრიას თავზე დაეშვა და უთხრა: „მიიღე ეს ყვავილი, რომელსაც ზეციერი მამა გიგზავნის, რადგან მოწყალე ხარ შენი მტანჯველების მიმართ ისევე, როგორც უფალია მოწყალე“. მტრედის გარშემო ურიცხვი, სხვადასხვაგვარი ფრინველი ზეციურ საგალობლებს გალობდა ქრისტესთვის მრავალტანჯული ნეტარი სულის გასამხიარულებლად!
ცოტა ხანში ქალი გონს მოეგო. ნეტარი ანდრია ბარბარეს მიუახლოვდა, სულით განჭვრიტა მისი ხილვის შესახებ და უთხრა: „ბარბარე, შეინახე საიდუმლო, სანამ ცოცხალი ვარ და სანამ „ადგილსა საყოფელისა საკვირველისასა“ (ფსალმ. 41, 4) მივალ.
მოწყალე სული ღმერთს ემსგავსება და მის მიმართ დიდ კადნიერებას იძენს!
დაე, ღმერთმა თანამგრძნობი, მოწყალე გული მოგვმადლოს, რომ ამქვეყნიდან გასვლის შემდეგ ღია დაგვხვდეს წყალობით, თანაგრძნობითა და სიყვარულით აღსავსე ღვთიური წიაღი! ამინ. იყავნ!
15. ჩვენ მოვალე ვართ ზეცათა მეუფეს მივემსგავსოთ, რომელიც სწყალობს და შეუნდობს ყველას და მთელი გულით მივუტევოთ მათ, ვინც ჩვენ მიმართ სცოდავს. როგორც ბავშვი ემსგავსება ნაკვთებით მშობლებს, ისე ჩვენც – სულიერი ნიშან-თვისებებით ჩვენს წმინდა მამას, ღმერთს უნდა დავემსგავსოთ.
მოდით, ჩვენი მაჭირვებლების მიმართ მოთმინება ვიქონიოთ, რადგან ქრისტეც ცოდვილთა მხრიდან მრავალ ყვედრებას ითმენდა ჩვენი სიყვარულისთვის.
16. დიდი პატივია, რომ ღმერთმა ჩვენ, უღირსებს, როგორც მის ხელში იარაღს, მოგვიწოდა ვემსახუროთ სულების გადარჩენის საქმეს. გვახსოვდეს, რომ მოციქულებსა და სხვა მრავალთ ჩვენ გამო სიცოცხლე მსხვერპლად რომ არ გაეღოთ, ღვთის შვილები, ზეციურ სიკეთეთა მემკვიდრეები ვერ გავხდებოდით. მაშ, რაც შეგვიძლია, ვაკეთოთ. საქმეს დაასრულებს უფალი, რომელსაც სრულყოფის ძალა აქვს.
გაიხსენეთ, როგორ იღვწოდნენ პირველი ქრისტიანები კატაკომბების ხანაში. როდესაც მათ ქრისტიანული მოვალეობა მოუწოდებდა, როგორი თავდადებით და სიყვარულით სწირავდნენ მსხვერპლად ყველაფერს, რაც უყვარდათ, რაც ბუნებამ მიჰმადლა. ბოლოს კი ამ მსხვერპლს საუკუნო დიდება მოჰქონდა.
ეჰ, ჩვენ არ ვართ ღირსნი და საუბედუროდ, მცირედმორწმუნეობის გამო ყველაფერს ვკარგავთ (მცირედმორწმუნეთაგან პირველი მე ვარ), მაგრამ ღვთის მოწყალების იმედი გვაქვს, რომ გაგვაძლიერებს, რომ ჩვენც, ჩვენდა სანუგეშოდ, ერთი პატარა ჯვრის ტარება სიმდაბლით შევძლოთ.
17. შენი ძმების მიმართ სიყვარული იქონიე, შვილო. მოერიდე კამათს, რომელიც მანუგეშებელ მადლს განგაშორებს და მას სიმწრითა და სიძულვილით ცვლის. სიყვარულით ადიდე ღმერთი. „ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას“ (იოან. 13, 35).
რა არის ძმების სიყვარულზე მშვენიერი? მაგრამ ღვარძლის მთესველი ბოროტი თავისი მზაკვრობით ფარულად თესავს ღვარძლის თესლს და ამგვარად შუღლს, შურსა და გულგრილობას ვიმკით.
ამიტომ იფხიზლე, შვილო. ძვირფას დროს ცვალებად ფიქრებში ნუ ფლანგავ, რომ მომავალ უფალს ხელცარიელი არ დავხვდეთ და მშვენიერი სასუფევლის გარეთ არ აღმოვჩნდეთ.
დამდაბლდი. მუდამ დაიდანაშაულე თავი. თავს ნუ იმართლებ, შეცდომა საკუთარ თავს დააბრალე.
18. ერთმანეთისადმი სიყვარული შეინარჩუნეთ და ეს იქნება უტყუარი ნიშანი, რომ ღმერთი გიყვართ. გულს ნუ სტკენთ ერთმანეთს, ეს შეუფერებელი საქციელია მათთვის, ვინც ღმერთმა შეიწყალა, ვინც სოფელი დატოვა და ძაძებით შეიმოსა. ნუ ამწუხრებთ სულიწმიდას უჯერო გულისსიტყვებით, შურითა და გულგრილობით. შვილებო, ღვთის მცნების თანახმად, გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც ცეცხლს, ისე გაექეცით ძმების მიმართ გულგრილობას, რომ სულიწმიდის მხურვალება შეინარჩუნოთ. იზრუნეთ ცხოველმყოფელ უფლისმიერ სიყვარულზე, რომ თქვენი სულის გონიერი ხატი გაბრწყინდეს და ჩვენთან მოახლოებული ანგელოზები გაახაროთ. „ადიდეთ უკუე ღმერთი ხორცითა მაგით თქუენითა და სულითა მაგით თქუენითა, რომელი-იგი არს ღმრთისა" (1 კორ. 6, 20).
19. ნეტარია, ვინც ძმის სიტყვას დუმილით ითმენს და ფრთხილობს, რომ სიძულვილის, განკითხვისა და ძვირისხსენებისგან დაიცვას სული. იგი ემსგავსება ქრისტეს, ადამიანებისგან ეშმაკებს რომ განდევნიდა, ებრაელები კი მას განიკითხავდნენ:
„მთავრითა ეშმაკთაითა განასხამს ეშმაკთა" (მათ. 9, 34) და ეუბნებოდნენ „ეშმაკეულ ხარ“ (იოან. 8, 52), ვინ მოგისმენს შენ?" (იოან. 10, 20)
ხედავ, შვილო, ქრისტესაც ამას ეუბნებოდნენ. ამიტომ ნუ დარდობ. თუ მოითმენ, დამდაბლდები და იტყვი: „ნამდვილად ბევრი ეშმაკი მყავს, რადგან თითოეული ვნება ეშმაკია და რასაც ჩემი ძმა მეუბნება, ისეთი ვარ და იმაზე უარესიც“, თუ შეეცდები გიყვარდეს და დაემორჩილო ძმას, დადგება დღე, როცა გათავისუფლდები ვნებებისგან, შენს გულში ქრისტე გამეფდება და ღვთის ფასდაუდებელ მშვიდობას მოგანიჭებს.
20. მაცხონებელ სიყვარულს უმნიშვნელო მიზეზთა გამო ნუ მოსპობთ. ერთმანეთის მიმართ ეჭვიანები ნუ იქნებით და ისეთ შინაგან მდგომარეობას ნუ შეიქმნით, რომელიც სულიერად განგხრწნით. ღვთის სასჯელის გეშინოდეთ. ვაი მას, ვისგანაც საცდური მოდის.
თავს ნუ იმართლებთ. ყველაფერში საკუთარი თავი დაიდანაშაულეთ და დიდ სულიერ სარგებელს ნახავთ. ხოლო თუ თავს გაიმართლებთ და განიკითხავთ გვერდით მყოფ ძმას, დარდი და მწუხარება – მცნების დარღვევის სასყიდელი – არასოდეს მოგაკლდებათ.
მონაზონი თავისბრალობის გარეშე ერთი გროშიც არ ღირს, შესაბამისად, წარმატებასაც ვერასოდეს მიაღწევს.
რასაც მოძღვარი გეუბნებათ, ღვთის ნებად მიიჩნიეთ. ჩათვალეთ, რომ მისი პირით უფალი გელაპარაკებათ და ქრისტესთვის სასურველ მორჩილებას მხოლოდ მაშინ აღასრულებთ.
21. უფალი შფოთის ამტეხს საუკუნო ცეცხლს მიუსჯის. გულწრფელად გიყვარდეთ ერთმანეთი, არა ხელოვნურად და ზედაპირულად, არამედ სულიერი სიღრმით. წმინდა მაგალითი ქრისტესი, რომელმაც ასე ძლიერ შეგვიყვარა, ჩვენთვის წმინდა მიზეზად უნდა იქცეს, რომ მის მსგავსად შევიყვაროთ ერთმანეთი.
5 თუ სიყვარულს სიტყვის გარდა საქმითაც არ ვამჟღავნებთ, ამაოდ ვშრომობთ და ვიღვწით, ყველაფერი ფუჭია, რადგან „ჰაერსა ვსცემთ“ (1 კორ. 9, 26) და ჩვენი ცხოვრების მიზანს ვშორდებით. თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ ვცხონდებით, თუკი ძირითად სათნოებას – სიყვარულს დაუდევრად ვეპყრობით. თუ ქრისტეს წრფელი სიყვარულით არ გამოვირჩევით, ამაოდ ვირჯებით, შესაბამისად, გადარჩენის ყოველგვარ იმედსაც ვკარგავთ.
22. უფლისმიერო ძმაო..., შენს შეკითხვაზე – უნდა გამოვასწოროთ უმადური, უსამართლო მოყვასი, თუ სასყიდლის გამო მოვითმინოთ, გპასუხობ: თუ თვლი, რომ შენი დარიგება და მითითება ძმისთვის სასარგებლოა, ამის გაკეთება გვმართებს. უდიდესი სათნოების – სიყვარულის – აღსრულებით საკუთარ სარგებელს ძმისა უნდა ვამჯობინოთ. ხოლო თუ თვლი, რომ დარიგება ყოვლად უსარგებლო იქნება, მაშინ საკუთარი სარგებლის არჩევით დაითმინე უმადურობა და უსამართლობა.
23. მოთმინებითა და მადლიერებით შეასრულე შენი მორჩილების საქმე, იფიქრე, რომ ანგელოზებს ემსახურები და არა ადამიანებს.
ძმებს სიყვარულით ემსახურე. ეცადე გული არ ატკინო ძმას, რომ შენმა სულმა ღვთის წინაშე კადნიერება არ დაკარგოს. ქრისტეს სიყვარულისთვის მონასავით ემსახურე მას. საკუთარი თავი ყველა ძმაზე დაბლა დააყენე, დამდაბლდი და ნახავ, დიდების უფალი რა მადლს მოგანიჭებს.
24. ძმისადმი ნამდვილი სიყვარული იმით გამოირჩევა, რომ არ განვიკითხავთ მათ, არ ვადანაშაულებთ, მათ უმნიშვნელო შეცდომებს საკუთარივით უგულებელვყოფთ, ყოველთვის ვამართლებთ და გამუდმებით განვიკითხავთ თავს, არ გვშურს, არ გვახარებს მათი შეცდომები, არამედ მათი სიკეთე, წარმატება გვიხარია, ვმხიარულობთ და ვლოცულობთ მათთვის. ზემოთქმულისა და კიდევ სხვა მოწმობებიდან ჩანს ძმების მიმართ ჩვენი ნამდვილი სიყვარული. ასეთ დროს ჭეშმარიტად სასიამოვნოა ძმებთან ერთად ცხოვრება.
ასე რომ, შვილებო, თავი აიძულეთ ამ სიყვარულის მოსაპოვებლად. ეს ბრწყინვალე და ზეციური ქების ღირსი სიყვარული ღვთის შვილებად გაქცევთ, რადგან „ღმერთი სიყუარული არს და რომელი ეგოს სიყუარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა“ (1 იოან. 4, 16).
მაგრამ ამ გასაოცარი სიყვარულის შესაძენად მუდმივად უნდა მოვუხმოთ სიყვარულის ღმერთს, რომ მოგვმადლოს იგი.
ლოცვაში წარმოთქმული ღვთის სახელი, „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“, საუკუნო ცხოვრებას მოიცავს, საუკუნო ცხოვრება კი სიყვარულის ღმერთია! მაშასადამე, ამ ლოცვით მლოცველი ნამდვილ და ღვთისმიერ სიყვარულს მოიპოვებს.
ასე რომ, წინ გასწიეთ! ეს არის სიყვარულის მოხვეჭის გზა და საშუალება. გამხნევდით და თამამად ჩაებით ბრძოლაში. მუდმივად იმეორეთ იესოს ლოცვა ბაგითა და გონებით. დღისით კი, შრომის დროს, გონების გაფანტულობისგან დასაცავად ხმამაღლა ლოცვა უფრო სასარგებლოა.
თემა: სიყვარული მოყვასისადმი, ცოდვათა მიტევება, შენდობაავტორი: ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
წყარო: მამობრივი დარიგებანი
საშობაო ეპისტოლე - 2009
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო საერო დასნო, მკვიდრნო საქართველოისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო, ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!
„ბეთლემო, იხარებდ, რამეთუ ხე იგი ცხოვრებისაი
შენს შორის აღმოცენდა დღეს“ (საშობაო საგალობელი)
ადამსა და ევას, სამოთხიდან განდევნის შემდეგ, შემოქმედმა აღუთქვა, რომ კაცთა მოდგმას მაცხოვარს მოუვლენდა და ეს აღთქმა მან სხვადასხვა დროსაც რამდენჯერმე გაიმეორა. ებრაელთა ერი მოთმინებით ელოდა ამ წინასწარმეტყველების აღსრულებას და აი, ახდა მამამთავარ იაკობის ნათქვამი: „არ წაერთმევა კვერთხი იუდას, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა“ (დაბ. 49,10). რომის იმპერიის ნაწილად ქცეულ იუდეაში, იმპერატორ ავგუსტუს ოქტავიანეს დროს, მმართველად დაინიშნა წარმოშობით იდუმიელი ჰეროდე, რომელსაც ხალხი ტირანად და დავითის ტახტის უზურპატორად მიიჩნევდა. სწორედ ჰეროდეს მეფობის პერიოდში დავითის ქალაქ ბეთლემში მწირ, მიტოვებულ გამოქვაბულში, ბაგასა შინა იშვა მხსნელი სოფლისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე. აღსრულდა მიქიას წინასწარმეტყველებაც: „შენ კი ეფრათის ბეთლემო, უმცირეს ხარ იუდას ათასეულთა შორის, მაგრამ შენგან გამოვა ხელმწიფე ისრაელში და ძველთაგან იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან“ (მიქ. 5,1). როგორი უბრალოებითა და სიმდაბლითაც მოევლინა მაცხოვარი ამ ქვეყანას, მისი შობა პირველთ ასეთივე მადლის მქონე ადამიანებს ეუწყათ. არა საზოგადოების რჩეულნი - მწიგნობარნი, ფარისეველნი ან უხუცესნი, არამედ უბრალო მწყემსები გახდნენ ღირსნი, მოესმინათ ანგელოზთა საოცარი საგალობელი: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“ და პირველებს ეხილათ ზეციური ყრმა.სახარება გვამცნობს, რომ შემდეგ ახალშობილი იესოს თაყვანისსაცემად აღმოსავლეთიდან ვარსკვლავს წამოყოლილი მოგვებიც მოვიდნენ და ძღვნად მოართვეს ოქრო (როგორც მეფეს), გუნდრუკი (როგორც ღმერთს) და მური (როგორც ადამიანს). მათი სახით უფალი წარმართთაც „გამოუჩნდა“, რადგან ამ ხალხშიც დიდი იყო მესიის მოლოდინი და, ამასთან, თავიდანვე განცხადდა, რომ იესო განკაცდა არა მარტო „რჩეული ერისთვის“, არამედ სხვა ხალხებისთვისაც, ანუ მთელი კაცობრიობისათვის. დაკარგული ცხოვარის შესახებ სახარებისეული იგავი ნათლად წარმოაჩენს ადამიანთა გადარჩენისათვის უფლის მიერ გაღებული მსხვერპლის არსს: მწყემსი კეთილი ტოვებს 99 ცხვარს (იგულისხმება ანგელოზთა დასი) და მიდის მთებში დაკარგული ერთი ცხვრის (ცოდვებში დანთქმული კაცობრიობის) მოსაძიებლად და როცა იპოვის დავრდომილსა და უღონოს, მხრებზე შეისვამს და აბრუნებს უკან. მწყემსის მხრებზე შესმული ცხვარი სიმბოლოა სულიერად დავრდომილი, ღონემიხდილი ადამის მოდგმისა, რომელსაც უფლის დახმარების გარეშე არ შეუძლია ცოდვათაგან განწმენდა და ღვთის საუფლოში დაბრუნება. დიახ, იესო ქრისტემ „თავს იდო ჩვენი ცოდვები და იტვირთა ჩვენი სატანჯველნი“, - როგორც ბრძანებს ესაია წინასწარმეტყველი (53,4). მაგრამ ღმერთი განკაცდა არა მარტო იმიტომ, რომ გვასწავლოს გზა ჭეშმარიტი და გვიჩვენოს მაგალითი ცხოვრებისა, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმისათვის, რომ დაგვაკავშიროს თავისთან და თავისი ღვთაებრივი მადლით ჩვენი დაზიანებული, დაცემული შინაგანი სამყარო განაახლოს და აღადგინოს. როგორ ხდება ეს? - საეკლესიო საიდუმლოთა აღსრულებით, რომელთა შორის უპირველესი არის ნათლობა. ერთადერთი ერი, რომელიც ქრისტეშობამდე აღიარებდა ჭეშმარიტ ღმერთს, იყვნენ ებრაელები. მათ უფალი წინასწარმეტყველთა საშუალებით არიგებდა და სწორად სვლის გეზს აძლევდა. ძველი აღთქმა იცნობს უდიდეს წინასწარმეტყველთ: მოსეს, დავითს, ესაიას, იერემიას, იეზეკიელს, დანიელს, ილიას და სხვებს, რომლებიც, მართლაც, გამორჩეული და საოცარი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ გარდაცვალების შემდეგ სამოთხის ღირსნი ვერ გახდებოდნენ, რადგან, სხვათა მსგავსად, ადამისა და ევასგან მემკვიდრეობით მიღებული პირველქმნილი ცოდვით იყვნენ დამძიმებულნი. წმიდა წერილი ხომ ბრძანებს: „ვინ შობს წმიდას უწმიდურისაგან? არავინ“. (იობი, 14,4) და ისინიც, როგორც სხვა მრავალნი მართალნი, მოელოდნენ მესიას, რომელსაც ღმერთსა და ადამიანს შორის გაჩენილი უფსკრული უნდა ამოევსო და მიწიდან ზეცისკენ მიმავალი კიბე აღემართა. ებრაელ ერში უშვილობა ღვთის სასჯელად სწორედ იმიტომ ითვლებოდა, რომ მიაჩნდათ, თუ თვითონ არა, თავისი შთამომავალი მაინც მოესწრებოდა მხსნელს და მისი ლოცვით აღმოყვანებული იქნებოდა ჯოჯოხეთის ქვესკნელიდან.
და აი, იშვა ემმანუელი - ჩვენთან არს ღმერთი, რომელმაც კაცთა მოდგმას ზეცის კარიბჭენი გაუხსნა. ვიმეორებ, პირველ რიგში, ნათლობით, რადგან ნათლობის მადლით აღიხოცება ადამისა და ევას პირველქმნილი უდიდესი ცოდვა და ნათლობამდელი ყველა სხვა ცოდვაც; ადამიანი ხდება უბიწო და ენიჭება სულიწმინდის ბეჭედი. ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ეს არის პიროვნების მეორედ შობა და სულიერი დაბადება ქრისტეში; ამის გარეშე ცხონება არ არსებობს; ამიტომაც ბრძანებს მაცხოვარი: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება ხელახლა (წყლისა და სულისაგან), ვერ იხილავს ღმერთის სასუფეველს“ (ინ III, 3,5). ასე რომ, ნათლობა აუცილებელია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რადგან, თოთოეული ჩვენგანი, ბოროტის გავლენით, ყოველდღიურად მრავალ ცოდვას ჩადის, რაც მის სულს დაღუპვას უქადის. იესო ქრისტე, საეკლესიო საიდუმლოებების საშუალებით, საოცარ მადლს გვანიჭებს ეშმაკის მახეთაგან თავის დასაღწევად; ამ მადლთა შორის უმთავრესი არის სინანული; ამა თუ იმ მიზეზის გამო სინანულის განცდა ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ ქრისტიანული სინანული განსხვავებულია; იგი გულისხმობს ღმერთთან დარღვეული კავშირის აღდგენის მიზნით ცოდვათაგან განწმენდის დიდ სურვილს. „შეინანეთ!“ - ქრისტეს გამოჩენამდე მოუწოდებდა ხალხს იოანე ნათლისმცემელი და მათ წყლით განბანდა. „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა!“ - ბრძანებს პირველივე ქადაგებაში მაცხოვარი. დიახ, სინანულია სწორედ ის მთავარი ფუნდამენტი, რასაც უნდა დაეფუძნოს ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება. ადამიანები ეკლესიაში ხშირად მოდიან გასაჭირის გამო, ან ავადმყოფობისგან განკურნების სურვილით, ან, თუნდაც, სხვათა მიბაძვით, მაგრამ მათში თუ ჭეშმარიტმა სინანულმა არ გაიღვიძა და ღვთისადმი ჩვენი დამოკიდებულება ამ გრძნობას არ დაეფუძნა, რწმენა მალე გაფერმკრთალდება და ასეთნი ეკლესიიდანაც თავისი ნებით განდგებიან. ამა თუ იმ საზოგადოებაში მრავლად არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ეკლესიის გარეშეც ცხონდებიან, რადგან სხვებივით ცუდს არაფერს სჩადიან. მაგრამ მათი ყოფა ღმერთთან შერიგებისთვის სულაც არ არის საკმარისი. ჯერ ერთი, ეს „სიკარგე“ შედარებითია და სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი უცოდველნი არიან; მეორეც, თითოეულმა ჩვენგანმა შეწყალება უნდა ითხოვოს უფლისაგან და თანაც, მთელი სიცოცხლის მანძილზე, რომ ჯოჯოხეთისთვის არ გაიწიროს. ზეციდან გადამრჩენელი კიბეა დაშვებული და თუ ბოლო საფეხურამდე კარგად არ ჩავჭიდებთ მას ხელს (ანუ თუ უფლის მცნებებს არ დავიცავთ), ცხოვრების ქარიშხალი უფსკრულში გადაგვჩეხს. ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა, რომელ საფეხურზე ვდგავართ; ნებისმიერ სიმაღლეზე მყოფი ადამიანი შეიძლება დაშორდეს ღმერთს და ჩამოვარდეს კიბიდან.
სულიერ ზეაღსვლას კიდევ ერთი თავისებურება ახლავს; რაც უფრო მაღლა ადის პიროვნება, მით უფრო ნათლად აცნობიერებს საკუთარ ცოდვებს და, შესაბამისად, უფრო ღრმა სინანულიც ეუფლება (ჩაიხედეთ თქვენს გულებში, და მიხვდებით, როგორია თქვენი სულიერი მდგომარეობა). ბევრს არ ესმის, ასე რატომ ხდება. მსურს, შეგახსენოთ აბბა დოროთეს საუბარი ქალაქ ღაზის ცნობილ პიროვნებასთან. მოძღვარმა ჰკითხა მას, თუ როგორ ადამიანად მიაჩნდა თავი თავის ქალაქში. - გავლენიან და ყველასგან დაფასებულ ადამიანად, - იყო პასუხი. - და თუ წახვალ კესარიაში, იქ როგორ მიგიღებენ? - იქაურ დიდებულთა შორის უკანასკნელად. - ანტიოქიაში? - ჩვეულებრივ ადამიანად. - კონსტანტინოპოლის სამეფო კარზე? - თითქმის არაფრად. ეს მიწიერი კეთილდღეობისათვის დამახასიათებელი კატეგორიებია; ასევე ხდება სულიერ ცხოვრებაშიც, - წერს აბბა დოროთე, - რადგან, რაც უფრო ახლოს ხარ ღმერთთან, მით უფრო მეტად გრძნობ, რომ სინამდვილეში არარაობა ხარ. ჭეშმარიტი და ღრმა სინანული არ გულისხმობს უიმედო გლოვასა და სასოწარკვეთას, რადგან ამ დროს ხდება მთელი სისავსით გაცნობიერება ღვთაებრივი სიყვარულისა და, რა თქმა უნდა, საკუთარი უძლურებისაც. წმიდა მამები ამ მდგომარეობას მტირალ სიხარულსაც უწოდებენ; მას, მართლაც, მოაქვს სიხარული, ნუგეში და მშვიდობა სულისა, თანაც ისეთი, რომელსაც ამქვეყნიური ვერანაირი ნეტარება ვერ შეედრება. „ღმერთის სასუფეველი საჭმელ-სასმელი კი არ არის, (ანუ მიწიერი კეთილდღეობა), არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულითა წმიდითა“, - გვასწავლის პავლე მოციქული (რომ. 14,17). გულწრფელი სინანულითა და მოძღვრის წინაშე თქმული აღსარებით, ნათლობის მსგავსად, ადამიანი სულიერი ბიწისაგან განიწმინდება. (უნდა ვეცადოთ, თვეში ერთხელ მაინც ვეზიაროთ ამ საიდუმლოს, რომ სული არ გაგვიუხეშდეს და შინაგანი თვალის ჩინი არ დაგვეშრიტოს). რატომ არის აუცილებელი აღსარება ვთქვათ მოძღვართან? რა საჭიროა ჩემსა და ღმერთს შორის შუამავალი? განა არ შეიძლება ხატთან ვაღიარო ჩემი ცოდვები? - ამ კითხვებს ხშირად გაიგონებთ მორწმუნე, მაგრამ არაეკლესიურ ადამიანებში. მათ პასუხად შევახსენებთ თავისი მოწაფეებისადმი მაცხოვრის მიერ თქმულ სიტყვებს: „ჭეშმარიტად, გეუბნებით თქვენ, რასაც შეჰკრავთ ქვეყანასა ზედა, შეკრული იქნება ზეცაშიც და რასაც გახსნით მიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც“ (მათე 18,18).
ეს ნიჭი შეკვრისა და ცოდვათა მიტევებისა მოციქულებმა ხელდასხმით გადასცეს თავის მოწაფეებს, იმ მოწაფეებმა თავის მოწაფეებს . . . და ასე მოდის ეს უწყვეტი ჯაჭვი დღემდე. რომ ავიღოთ მართლმადიდებელი ეკლესიის ნებისმიერი მოძღვარი და მივყვეთ მის ხელდამსხმელთა გენეალოგიურ რიგს, აუცილებლად მივალთ რომელიმე მოციქულამდე. და ეს უწყვეტობა მადლისა არის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი. ასე რომ, სასულიერო პირს, რომელსაც შეჩერებული არა აქვს მღვდელმოქმედება, თვით იესო ქრისტესგან აქვს მონიჭებული უფლება ცოდვათა შენდობისა. ეს უფლება არა აქვს საერო იერარქიის ნებისმიერ საფეხურზე მდგომ არც ერთ პიროვნებას, მათ შორის, არც მეფეს. მოძღვარი არის ერთგვარი შუამავალი ამა თუ იმ პიროვნებასა და ღმერთს შორის. იგი, შეიძლება, არ აკმაყოფილებდეს ჩვენს მოთხოვნებს, მაგრამ არავინაა შეზღუდული, მოძებნოს სხვა სასულიერო პირი, რომელთანაც ბოლომდე გაიხსნება. სულიერ ურთიერთობაში კომფორტს განსაკუთრებით ისინი საჭიროებენ, რომელთაც ეკლესიური ცხოვრება ახალი დაწყებული აქვთ. შემდგომ ეტაპზე ადამიანისთვის მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს, ვის ეტყვის იგი აღსარებას; მან იცის, რომ თუ რწმენით მიმართავს მოძღვარს, უბრალო მღვდლისგანაც საოცარ სიბრძნეს მოისმენს, რადგან აღსარების საიდუმლოს დროს უფალი უხილავად თვითონ ისმენს ჩვენს ნათქვამს და, ჩვენი რწმენისა და სიწრფელის შესაბამისად, მოგვაგებს მადლს მოძღვრის მეშვეობით. რაც არ უნდა მძიმე ცოდვა გვქონდეს ჩადენილი, არ უნდა მოგვერიდოს მისი თქმისა, რადგან ღვთის წინაშე ისედაც არაფერია დაფარული. მთავარია, ჩვენ რას განვიცდით და რომელი ცოდვის გამო ვითხოვთ შენდობას. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ცოდვა არ არის ჩვენი თვისება, ეს არის ბოროტის გავლენით განხორციელებული ქმედება, ხოლო ჩვენი ერთგულება ქრისტესადმი სწორედ იმაში უნდა გამოიხატოს, რომ მას ცოდვის შესაბამისი სინანული ვაჩვენოთ და თუ ღირსნი ვართ, მოძღვრის მიერ დადებული სასჯელიც (ეპიტიმია) მორჩილებითა და სიყვარულით მივიღოთ, როგორც წამალი ჩვენი განკურნებისა. ზოგიერთები ამა თუ იმ ვნებაზე ამბობენ, ეს ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა და მას რატომ უნდა ვებრძოლოთო. ამასთან, ჩვენს საზოგადოებაში ხშირად ეს სიტყვა, – ვნება, – დადებით კონტექსტში მოიხსენიება და ტელევიზიისა თუ პრესის საშუალებით მკვიდრდება აზრი, რომ, მაგ., მრუშობა, სიცრუე, განკითხვა, დიდებისმოყვარეობა, ამპარტავნება, მამათმავლობაც კი . . . ადამიანის თვისებებია და მათში დანაშაულებრივი არაფერია. ეს ტყუილია! იოანე კიბისაღმწერელი (ისევე როგორც სხვა მამები), განმარტავს, რომ ვნებები ბიწია სულისა, რომელიც გულს ჩვეულებად ექცა ხშირად გამეორების გამო. ამავე მიზეზით გვექმნება ილუზია, რომ ისინი ჩვენი გულიდან მომდინარეობენ. სინამდვილეში ცოდვა, ვნება, - ეს ჩვენი სულის დაჩირქებული, გახრწნილი ზედნადებია, რომელიც უნდა მოვიკვეთოთ სინანულით, აღსარებითა და ზიარებით (ასევე სხვა საეკლესიო საიდუმლოთა აღსრულებით). ადამიანს ძალუძს დაამარცხოს საკუთარ თავში ხანგრძლივად არსებული ყველაზე მძიმე ცოდვაც კი და საბოლოოდ განდევნოს იგი. უფრო სწორედ, მას ამის განხორციელება ღვთის შეწევნით შეუძლია. რადგან, თუ არა მოწყალება უფლისა, ჩვენ ვერც სათანადო სინანულს შევძლებთ, ვერც გულწრფელ აღსარებას ვიტყვით და, მით უმეტეს, სათანადოდ ვერ მოვემზადებით ევქარისტიისათვის, რომლის დროსაც მაცხოვრის ხორცსა და სისხლს ვეზიარებით და ჩვენი სული მასპინძელი ხდება უფლისა. თვით იესო ქრისტე შემოდის ჩვენში, რომ განგვამტკიცოს, განგვაძლიეროს და ახალ სულიერ სიმაღლეზე აგვიყვანოს, სულიერი და ხორციელი კურნება მოგვანიჭოს და ჭეშმარიტი სიბრძნე მოგვმადლოს. ამას ეწოდება სინერგია - ადამიანური და ღვთაებრივი ნების გაერთიანება. ამ მადლს, ამ წყალობას საუკუნეების განმავლობაში ელოდა კაცობრიობა; იგი ახლა ჩვენს წინაშეა და მის გარეშე არ უნდა დარჩეს არავინ, რადგან ეს, ფაქტიურად, უარყოფაა ღვთისა (თუნდაც რომ ადამიანს თავი მორწმუნედ მიაჩნდეს). ამიტომაც ბრძანებს მაცხოვარი: „თუ კი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს (ანუ არ მივიღებთ ზიარებას), არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში. ხოლო ვინც შეჭამს ჩემს ხორცს და ვინც შესვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია და მე მასში. ეს არის პური, რომელიც გარდამოხდა ზეცით. ამ პურის მჭამელი იცოცხლებს უკუნისამდე“ (ინ. 6:53, 56, 58). მაგრამ, ამ საიდუმლოს მისაღებად განსაკუთრებულად უნდა მოემზადოს ახალგაზრდაც და ასაკოვანიც, ხელისუფალიც და ინტელიგენტიც, მუშაც, გლეხიც და სასულიერო პირიც, რათა არ ექცეს იგი სასჯელად. ცხონების გზას ნებისმიერი ადამიანი თავისუფალი ნებით ირჩევს. ისინი, რომლებიც არ ისმენენ იესოს დარიგებებს, ოდესმე აუცილებლად გაიგონებენ მის მკაცრ სიტყვებს: „წარვედით ჩემგან წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელიც გამზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის“. (მთ. 25,41). დიახ, ღმერთი გულმოწყალეა, მაგრამ სამართლიანიც, უსასრულოდ შემნდობია, მაგრამ მართლმსაჯულიც. ყოვლადწმიდა სამებამ მოანიჭოს თითოეულ ჩვენგანს ჭეშმარიტების გზით სვლის უნარი და დაგვიფაროს გეენიის ცეცხლისაგან! ეს ყოველივე ბევრისათვის ცნობილია და მასში ახალი არაფერია, მაგრამ ამას ვწერ „უძღებ შვილთათვის“, რომ დაუბრუნდნენ „მამის წიაღს” და, ვიდრე გვიან არ არის, ცხოვრების წესი შეცვალონ.
ჩვენ ისედაც მეტად რთულ დროს გვიწევს ამქვეყნად ყოფნა. მართალია, საქართველოს მძიმე პერიოდები თავისი არსებობის მანძილზე თითქმის სულ ჰქონდა, მაგრამ მაშინ ადამიანებს რწმენა უფრო მტკიცე ქონდათ და თან განსაცდელთა ასეთი სიმრავლეც არ იყო; ახლა ჩვენს ხალხს მოუწია პოსტსაბჭოთა გარდამავალი პერიოდის სიმძიმის გადატანა, ცხოვრების ერთი წესიდან მეორეში გადასვლა, უმუშევრობა, შიმშილი, ომი, მორალური კრიტერიუმების შეცვლა, ძალადობისა და სიცრუის მორევში მოხვედრა... აღარაფერს ვამბობ ვიწრო ოჯახურ და პირად პრობლემებზე. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით არც ხვალინდელი დღე იძლევა უკეთესი მომავლის იმედს, რადგან მთელი მსოფლიო გლობალურ ეკონომიკურ კრიზისში შედის, რომელიც შეიძლება სისტემურ კრიზისად იქცეს, ანუ არსებული სისტემა სხვამ, პრინციპულად ახალმა სისტემამ შეცვალოს. ხდება მსოფლიოს და ცალკეული ქვეყნების რეგიონალიზაცია, ანუ გარკვეულ ჯგუფებად დაყოფა; ხოლო, იმის მიხედვით, თუ რა პრინციპი უდევს საფუძვლად ცალკეული გაერთიანების შექმნას, შეიძლება, ესა თუ ის ქვეყანა რაღაც მიმართულებით (მაგ., გაზის ან ნავთობის მოპოვებით) ერთ გაერთიანებაში მოხვდეს, ხოლო მეორე მიმართულებით (მაგ., კოსმოსის ათვისების სფერო), – სხვა გაერთიანებაში. ამასთან, მოსალოდნელია დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებების გამწვავება გავლენის სფეროების გასაფართოებლად. ისტორიის თანამედროვე ეტაპი მომხმარებლური საზოგადოების ღირებულებათა ზეობის დროცაა. მისთვის მთავარია მიწიერი კეთილდღეობა და არა სულიერი სიმდიდრე. ამიტომაცაა, რომ გამართლება ეძებნება მატერიალური გამდიდრების ყველა საშუალებას. დიახ, დღეს ბაზარზე საქონლისა და მომსახურეობის შეუზღუდავი წარმოება კი არა, ფული ბატონობს და თუ ეს მომხმარებლური პროცესი დროზე არ შეჩერდა, საზოგადოება კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება. სისტემური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით დასავლეთმა კურსი ეკონომიკის სფეროში სახელმწიფო სექტორის შედარებით გაძლიერებაზე აიღო, რაც თავისუფალი ბაზრიდან უფრო რეგულირებად ბაზარზე გადასვლას გულისხმობს და, ბუნებრივია, ცალკეული სახელმწიფო ეფექტური მართვის საკუთარი მექანიზმის ძიებას დაიწყებს. ჩვენც უნდა გამოვნახოთ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელი გზები. როგორც ამ დარგის სპეციალისტები ამბობენ, აუცილებელია, საშუალო და მცირე საწარმოთა დონეზე, მართვის სწორ სისტემაზე დაყრდნობით, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი დარგის სწრაფი განვითარება. ის, რომ ჩვენი ხელისუფლება სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის წინსვლისთვის გარკვეულ ნაბიჯებს დგამს, მისასალმებელია, მაგრამ გასაკეთებელი კვლავ ბევრია. აქ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ რამდენიმე მიმართულებას შევეხები.
საქართველო ყოველთვის იყო და კვლავაც უნდა გახდეს ვაზისა და ხორბლის ქვეყანა. ის მდგომარეობა, რაც ამ კულტურების მიმართ დღეს არის, დამღუპველია, როგორც სულიერი, ისე მატერიალური თვალსაზრისით. ჩვენი წინაპრებისთვის ღვინო და პური, გარდა თავისი ჩვეულებრივი მნიშვნელობისა, მაცხოვრის ხორცისა და სისხლის სიმბოლოს უკავშირდებოდა და, ამიტომაც ქართველ გლეხს მათდამი ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა და განსაკუთრებულადაც უვლიდა; და ეს უნდა აღდგეს. დღეს კი მავანნი კახელ გლეხს სოლიდურ თანხას სთავაზობენ, რომ მან შვილივით ნაზარდი ვაზი აჩეხოს და სანაცვლოდ საზამთრო ან სხვა კულტურა დარგოს; ამასთან, ყურძნის მოყვანის ინტერესს იმითაც უკლავენ, რომ მოსავლის ჩაბარებისას, მინიმალურ ფასსაც არ აძლევენ. ასე არ უნდა გაგრძელდეს. იქნება გამოსავლად იქცეს გლეხურ მეურნეობებში დამზადებული სუფთა ღვინის ექსპორტი სახელმწიფოს მიერ. რაც შეეხება ხორბალს, მისი ადგილობრივი წარმოება კატასტროფულად არის შემცირებული და ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნილების მხოლოდ 9% აკმაყოფილებს; სამწუხაროდ, ამ 9%-შიც არ შედის ჩვენი ტრადიციული ადგილობრივი ჯიშები. მეტად სავალალოა, მაგრამ ფაქტია, რომ უნიკალური ქართული ხორბალი სრული გაქრობის პირასაა. არადა, ჩვენგან წაღებულ თესლს სხვა ქვეყნები თავისად წარმოაჩენენ და ამით ამაყობენ; ხოლო საქართველოში ექსპორტირებული ხორბალი და პურის ფქვილი, რომელიც მოხმარებული პროდუქციის 91% შეადგენს, იმდენად დაბალი ხარისხისაა, რომ ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. საქმე შემდეგშია: მსხვილ ტრანსნაციონალურ კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, რომ ხელოვნური მეთოდებით (გენური ინჟინერია, შხამ-ქიმიკატები, მცენარის ზრდის სტიმულატორები და ასე შემდეგ) მიღებული საკუთარი ჭარბი პროდუქციისათვის გასაღების ბაზრები გააფართოვონ და სხვა ქვეყნებში ადგილობრივი ბუნებრივი პროდუქციის წარმოება შეაფერხონ, საქართველოც სურთ, თავისი გავლენის სფეროდ და მათი სურსათის იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნად გადააქციონ; მით უმეტეს, რომ აქ, ხალხის დაბალი მსყიდველუნარიანობის გამო, იაფფასიანი, უხარისხო ნაწარმის გასაღება პრობლემას არ წარმოადგენს. ამ ტენდენციას ჩვენ ჩვენი პოზიცია და ინტერესები უნდა დავუპირისპიროთ. სოფლის მეურნეობის აღორძინების მიზნით სახელმწიფოს პოლიტიკა, მართალია, მნიშვნელოვანია (ვგულისხმობ სახელმწიფო დოტაციებს, სარწყავი წყლითა და საძოვრებით უზრუნველყოფას, რაიონებში უფასო საკონსულტაციო ცენტრების ამოქმედებას), მაგრამ თვით მოსახლეობასაც შეუძლია ზომების მიღება, - მან უარი უნდა თქვას ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქციაზე, თვითონ უნდა დაიწყოს მიწის დამუშავება და შექმნას მცირე საწარმოები.
ყველამ იცის, რომ, ხელოვნური ტექნოლოგიების საპირისპიროდ, დღეს უკვე სერიოზული ბიძგი მიეცა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას და მათზე მოთხოვნილებაც და ფასიც მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება. ვფიქრობ, ჩვენთან ეკოლოგიურად სუფთა და კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების კარგი შესაძლებლობა გვაქვს და ამ სახით მსოფლიო ბაზარზე მყარად დამკვიდრების პერსპექტივაც. ამიტომაც, ვიდრე ჯერ კიდევ შემორჩენილია უნიკალური ქართული სასოფლო-სამეურნეო ჯიშები (არა მარტო ყურძნის და ხორბლის, არამედ ლობიოს, კარტოფილის, საერთოდ ბოსტნეულის, ხილისა და საქონლის), თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს საქმე რეალობად იქცეს. ამით ჩვენ ჩვენს სიმდიდრესაც შევინარჩუნებთ და მომავალი თაობების ჯანმრთელობასაც დავიცავთ. აღნიშნულის შესახებ მე ადრეც ვწერდი, მაგრამ დღეს ეს უკვე აუცილებლობად იქცა. მითუმეტეს, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიც აქეთკენ გვიბიძგებს, რადგან მისგან გამოწვეული დეფიციტი, პირველ რიგში, ალბათ, კვების პროდუქტებს შეეხება. როდემდე გაგრძელდება ამდენი პრობლემები? - ბუნებრივია, ყველას გულში ეს კითხვა ტრიალებს. - ეს ჩვენზეა დამოკიდებული. არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველო ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა, მაგრამ ვართ კი დღეს იმ სულიერ სიმაღლეზე, რომ ჩვენი თხოვნა ისმინოს უფალმა? - არც სხვები არიან უკეთესები, - იტყვის მავანი - ჩვენ ბევრი მოგვეცა და ბევრიც მოგვეთხოვება. არაერთხელ მითქვამს ისიც, რომ საქართველო, წმიდა მამების თქმით, ბოლოჟამს გაბრწყინდება, მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ეს? მატერიალური კეთილდღეობით? ამით ხომ დღევანდელი მსოფლიოს მრავალი ქვეყანა იწონებს თავს და რა, ეს არის გაბრწყინება? - რა თქმა უნდა, არა; იგი გულისხმობს მთელი ერის სულიერ ამაღლებას. ის, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი თავს მორწმუნედ მიიჩნევს, კარგია, მაგრამ, ეს არ არის საკმარისი, რადგან ეკლესიური ცხოვრებით ყველა არ ცხოვრობს. ამასთან, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავითავისოთ ის მცნება, რომელიც ჯერ კიდევ წინასწარმეტყველ მოსეს პირით გამოუცხადა რჩეულ ერს შემოქმედმა: „ისმინე ისრაელო! ერთია უფალი, უფალი ჩვენი ღმერთი. გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით. გულში გქონდეს ეს სიტყვები, რომელიც დღეს გამოგიცხადე. ჩააგონებდე შენს შვილებს და უთხრობდე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას. შეიბი ნიშნად ხელზე და ტვიფრად შუბლზე. წააწერე სახლის წირთხლებს და კარებს“ (მეორე რჯული 6, 4-9).
წმიდა მარკოზ მახარებელი კი წერს: ერთ-ერთი მწიგნობრის კითხვაზე, - რომელია უპირველესი მცნება, - მაცხოვარმა უპასუხა: ისმინე, ისმინე ისრაელ! უფალი ღმერთი ჩვენი ერთი უფალია! და გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, და მთელი შენი სულით, და მთელი შენი გონებით, და მთელი შენი ძალით, - აი, უპირველესი მცნება! (მარკ. 12, 29-30). - რა იგულისხმება ამაში? - ეს ნიშნავს, რომ არავინ და არაფერი ღმერთზე წინ არ უნდა დავაყენოთ! „ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი!“ - ბრძანებს მაცხოვარი (მათე 10,37). - რატომაა ასეთი მკაცრი მოთხოვნა? - იმიტომ, რომ სიყვარული ნიშნავს მთელი არსებით სწრაფვას მისდამი, ვინც გიყვარს. თუ ჩვენ ღმერთზე წინ სხვას დავაყენებთ, მისი გულისთვის რაიმე მიზეზით როდესმე დავივიწყებთ უფალს და სულიერად დავიღუპებით. ჩვენი გული და სული მთლიანად უნდა მივუძღვნათ შემოქმედს, რათა ადგილი აღარ დავუტოვოთ ბოროტს და არ მივცეთ საშუალება ამა თუ იმ საბაბით განგვაშოროს ღმერთს, როგორც ეს თავის დროზე ადამს და ევას დაემართათ. ღმერთი თავად სიყვარულია და ჩვენც ნამდვილი სიყვარულით ცხოვრებას გვასწავლის. ეს სიყვარული დიდად განსხვავდება მიწიერი სიყვარულისაგან, რომელიც „ეგო“-ზეა ორიენტირებული და „მეს“ წარმოჩენას ემსახურება. „მე უნდა ვიყო მდიდარი“, “მე უნდა ვიყო დაფასებული“, „მე ვარ ნიჭიერი“, „მე მინდა“, „მე შემიძლია“, „მე გაძლევთ გარანტიას“... ამ წესით მცხოვრებ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ჩვენი დამსახურება სულაც არ არის თუნდაც ის, რომ ვსუნთქავთ, დავდივართ, ვხედავთ, ვგრძნობთ, ვაზროვნებთ... მარტო ჩვენგან არ მომდინარეობს არც ის, რომ გვყავს მშობლები, ოჯახი, შვილები, ნათესავები, ვართ ამა თუ იმ ერის წარმომადგენლები და ვმეტყველებთ ამა თუ იმ ენაზე... მითუმეტეს საერთოდ არა გვაქვს შეხება კოსმიური სამყაროს წესრიგთან, სადაც ყველაფერი მოძრაობს და თან ყველაფერი ერთმანეთთან საოცარ ჰარმონიაშია. ყოველივე ამის შემოქმედი რომ ღმერთია, ამას თანდათან თანამედროვე მეცნიერებაც აცნობიერებს. სულ ცოტა ხნის წინ მკვლევარები მიიჩნევდნენ, რომ ხელში ეპყრათ ჯადოსნური გასაღები და ნებისმიერი საიდუმლოს ფარდას ახდიდნენ. ახლა კი, დოქტორ შილტის სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებენ, რომ „10 წლის წინ უფრო მეტი იცოდნენ სამყაროს შესახებ, ვიდრე ეს დღეს იციან“, რადგან ყოველი აღმოჩენა ასჯერ უფრო მეტი ახალი საიდუმლოებების წინაშე აყენებს მათ.
ყოვლადწმიდა სამების ძალა რომ ოდნავ მაინც გავაცნობიეროთ, დედამიწის ტრაექტორიის შესახებ მეცნიერული გამოკვლევის შედეგებს გაგახსენებთ: ჩვენი პლანეტა და ჩვენც მასთან ერთად, სივრცეში ერთდროულად სამი მიმართულებით გადავადგილდებით: დედამიწა შეუჩერებლივ ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო 1000 კმ. სთ. სიჩქარით; მზის გარშემო - 30 კმ. წმ. სიჩქარით, ხოლო მზის სისტემის პლანეტებთან და ჩვენს გალაქტიკასთან ერთად სხვა გალაქტიკებთან მიმართებაში, - 20 კმ. წამში სიჩქარით. ამისი წარმოდგენაც კი არ ძალუძს ჩვენს გონებას. და ნუთუ შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ეს ყველაფერი თავისით ხდება?! შეგახსენებთ იმასაც, რომ ანდრომედას ნისლეულის სახელწოდებით ცნობილ გალაქტიკათა სიმრავლეში მხოლოდ ერთ-ერთია ჩვენი გალაქტიკა, რომელიც, თავის მხრივ, ასობით მილიონ ვარსკვლავს მოიცავს; ამ მილიონობით ვარსკვლავთა შორის არის მზის სისტემაც თავისი 9 პლანეტით, ანუ დედამიწითაც, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. ო, რა პატარები ვართ ღვთის წინაშე! ამიტომაც ჯერ კიდევ 30 საუკუნის წინ აცნობიერებდა დავით წინასწარმეტყველი და ამიტომაც სულშეძრული ასე მიმართავდა ღმერთს-ყოვლისმპყრობელს: „შევხედავ შენს ცას - შენი თითების ნაღვაწს, მთვარეს და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე. რაი არს კაცი, რომ მოიხსენებ? ან ძე ადამიანისა, რომ ყურადღებას აქცევ?“ ამის პასუხი, ალბათ ისაა, რომ უფალი იმდენად დიდია, მისთვის სიმცირე არ არსებობს (ისევე, როგორც სულიერად მაღალ საფეხურზე მდგომი პიროვნებისთვის - პატარა ცოდვები). მაშ, როგორ არ უნდა დავაფასოთ ის მსხვერპლი, რომელიც შემოქმედმა ჩვენთვის გაიღო და ძე თვისი საყვარელი ჩვენს გადასარჩენად მოავლინა. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ცანი მოდრიკნა და კაცობრივი ბუნება მიიღო, ჯვარს ეცვა და ეწამა, რომ სიცოცხლის ხედ აღმოცენებულიყო და ამ ხის ნაყოფის მიმღებთ (ანუ მცნებების აღმასრულებელთ) შეგვესისხლხორცებინა, რომ ქრისტიანმა საკუთარი კეთილდღეობისათვის კი არა, სხვისთვის უნდა იცხოვროს. რომ ადამიანებისადმი მსახურებაშია ჩვენი გადარჩენა და უფლისადმი ჩვენი სიყვარულის დადასტურება. ამიტომაც მეორე მცნებად დაგვიდო: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავის თვისი!“, ხოლო „ვისაც უყვარს მოყვასი, მან აღასრულა სჯული“ (რომ 13,8). „თუ ვინმე იტყვის, რომ უყვარს ღმერთი, მაგრამ სძულს თავისი ძმა, იცრუა; რადგან თუ არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, როგორ შეიყვარებს ღმერთს, რომელსაც ვერ ხედავს?“ (1 ინ. 4,20). „ღმერთი სიყვარულია“ და „რომელი ეგოს სიყვარულსა ზედა ღმერთში მკვიდრობს, ხოლო ღმერთი - მასში“ (1 ინ. 4,16).
ჭეშმარიტი სიყვარული ადამიანს ენიჭება სულიწმიდით, („ღმერთის სიყვარული განფენილია ჩვენს გულებში სულიწმიდის მიერ“ - რომ. 5,5). იგია უძლურთა მკურნალი, ნაკლულევანთა აღმავსებელი და ნუგეშინისმცემელი უსაზღვრო მადლი, რომლისადმიც ლოცვას („მეუფეო ზეცათაო“) ყოველდღე გულმოდგინედ უნდა წარმოვთქვამდეთ, მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ჩვენი ღვთივსათნო საქციელი ჩვენი დამსახურება კი არ არის, არამედ იგი სულიწმიდის შეწევნით ხორციელდება; ამისთვის უნდა ვმადლობდეთ მას და ვცდილობდეთ, ჩვენი სიტყვა და საქმე (ჩვენი შესაძლებლობისამებრ) იყოს გამოხატულება მოყვასისადმი ღვთის ზრუნვისა, ღვთის სიყვარულისა, ღვთის სიმართლისა. ჩვენ ყველანი მართალია, უფლის წინაშე ინდივიდუალურად ვცოდავთ, მაგრამ, ამავე დროს ვცოდავთ, როგორც ქრისტიანთა კრებული. დავფიქრებულვართ იმაზე, ვართ თუ არა ჩვენ ის საზოგადოება, რომელიც მოსაწონია ღვთისათვის? სხვადასხვა ერი შემოქმედმა სხვადასხვა ნიჭით დააჯილდოვა. ჩვენ აქედან უფრო მეტად სიყვარულის უნარი განვავითარეთ (ყველაზე მთავარი თვისება ღვთისა), ეს მადლი საუკუნეების განმავლობაში ათას განსაცდელს გამოვატარეთ და დღესაც, მრავალი პრობლემის მიუხედავად, ღვთის შეწევნით, შევინარჩუნეთ. ამის თქმის საფუძველს მაძლევს თუნდაც ის, რომ თითქმის 20-წლიანი გარდამავალი მძიმე პერიოდის პირობებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ჩვენი ერი არავის მიმართ მტრობის სურვილით არ აღძრულა; საშინელ ჭირ-ვარამგამოვლილი დევნილი მოსახლეობაც სულით არ დაცემულა და არ გაბოროტებულა. ამიტომაც მჯერა, ათასი საცდურის მიუხედავად, კვლავაც შევძლებთ ღვთის გზით სიარულსა და მის ულევ სიყვარულთან ნამდვილ თანაზიარებას. ჩვენს თავს მოწევნული განსაცდელი ჩვენი გამოსწორებისათვის არის დაშვებული და ამიტომაც, სიმძიმის მიუხედავად, თავმდაბლობითა და მადლობით უნდა მივიღოთ იგი. თუმცა ქართველი ერი ვერასოდეს შეეგუება შექმნილ უსამართლობას. ჩვენ ყველასთან მშვიდობა გვინდა, მაგრამ არა ტერიტორიების დაკარგვის ხარჯზე. ისიც მჯერა, ადრე თუ გვიან, აფხაზებიც და ოსებიც მიხვდებიან, რომ მათი გადარჩენა საქართველოსთან ერთობაშია და ეს დღე მით უფრო მალე დადგება, რაც უფრო მალე მოხდება მათიც და თითოეული ჩვენგანის, - საერთოდ ჩვენი საზოგადოების, შემდგომი სულიერი ამაღლება. საქართველო აუცილებლად გამთლიანდება და გაბრწყინდება! საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა შვილს, - ქართველთ და არაქართველთ, სამშობლოს მკვიდრთ და უცხოეთში მყოფთ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთ, - სრულიად საქართველოს, მთელს მართლმადიდებელ სამყაროსა და მსოფლიოს გულითადად ვულოცავთ იმედის, სიხარულისა და ნუგეშის მომცემ საყოველთაო დღესასწაულს - ქრისტეს შობას.
დღეს, ზეიმობს ცა და დედამიწა, კაცთა მოდგმა და ანგელოზთა დასი; დღეს დღეა სიყვარულისა, დღეა ღმერთთან და ერთმანეთთან შერიგებისა, ევას გლოვის დასასრულისა და ჩვენი მეოხისა და მფარველის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამობრწყინებისა. მაშ, მივუძღვნათ ჩვენი გული ბეთლემში შობილ ყრმას და შევიყვაროთ იგი ყოვლითა სულითა, ყოვლითა გულითა, ყოვლითა გონებითა და ყოვლითა ძალითა, რათა კეთილი გვეყოს ჩვენ და ვიხარებდეთ ორსავე სოფელსა შინა, ამინ!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
შობა ქრისტესი
თბილისი, 2008/2009 წ.
სიკვდილის ხსენების, ჯოჯოხეთისა და სამსჯავროს შესახებ
რაც უფრო მემატება ასაკი, მით უფრო ვგრძნობ ყოველივე ამქვეყნიურის წარმავლობასა და ამაოებას. ჰოი, რა ამაოდ ვშფოთავთ. ხანმოკლეა ჩვენი სიცოცხლე; მტვერი, ნაცარი და სიზმარია იგი; მცირე ხანში უსარგებლონი ვხდებით. დღეს ჯანმრთელი ხარ, ხვალ მოუძლურდები; დღეს შენი სახე მოცინარია, მალე მოიღუშება; დღეს შენი თვალები სავსეა სიხარულისა და სიყვარულის ცრემლებით, ცოტა ხანში კი ტკივილისა და მწუხარებისგან ატირდებიან; დღეს კეთილდღეობით ცხოვრობ, ხვალ გაჭირვება მოგადგება კარს; დღევანდელ სასიამოვნო ცნობებს ცოტა ხანში სამწუხარო ამბები შეცვლის.
ამაოდ ვშფოთავთ, ჩვენი სიცოცხლე აჩრდილი და სიზმარია. სად არიან ჩვენი მშობლები, დაძმები, წინაპრები? ისინი მიწამ მიიბარა, გაიხრწნენ და მატლებმა შეჭამეს. ჩვენც სამარე და ხრწნა მოგველის!
ვაი, ვაი, სიკვდილო, მწარეა შენი ხსენება. იესო ქრისტემ მოგვცა „ხელმწიფება შვილ ღმრთისა ყოფად“ (იოან. 1, 12), ამდენი ღვთაებრივი იარაღით აღგვჭურვა, რათა დაუძინებელ მტერს შევებრძოლოთ; ჩვენ კი – უპირველესად მე – შეიარაღება უგულებელვყავით, მტერს ტყვედ ჩავუვარდით და სიკვდილის მოახლოება გვაძრწუნებს, აგონიაში ვართ და ყველა საშუალებით ვცდილობთ გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე, რადგან სულს სხეულთან გაყრის ეშინია. რატომ ეშინია? ღვთის შვილს მხნეობა რატომ არ აქვს? იქნებ უცხო მეუფესთან მიდის? მაგრამ მეუფე ხომ მისი შემოქმედი და მაცხოვარია, რომელმაც სისხლი დაღვარა იმისთვის, რომ იგი მტრისგან გამოესყიდა. მაშ, რატომ ეშინია და არ აქვს იმედი?
სიკვდილი ცივია. „შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდილადმდე“ (მათ. 26, 38), – ამბობდა იესო. ნამდვილად ასეა. საუბედუროდ, სიმხდალეს დიდწილად სინდისი აყალიბებს. სინდისი აუწყებს სულს, რომ ისე არ იცხოვრა, როგორც საჭირო იყო. არ მოაწესრიგა, არ განასპეტაკა საქორწილო სამოსელი და მეუფის წინაშე გამოჩენის რცხვენია, ფიქრობს: „რა მოხდება?“ „კი თუ არა?“ „ვცხონდები თუ არა?“ მაგრამ თუ სული ცოდვების აღიარების გარეშე, სრულიად მოუნანიებელი მიდის, ვაი მას. ესაა ბოროტი დღე, რომელზეც წინასწარმეტყველი იერემია მიგვანიშნებს (იერ. 17, 16). ვილოცოთ, რომ უფალმა ღმერთმა სრული სინანული, სინანულის ღირსი საქმეები, მოწყალებისა და სიყვარულის საქმეები, ჭეშმარიტი სიმდაბლით აღსავსე სინანულის სული მოგვმადლოს, რომ მართალმა მსაჯულმა შეგვიწყალოს და სიკვდილის საშინელი ჟამის მოახლოებისას ჩვენი სული ღვთის მოწყალების იმედით გამხნევდეს და თქვას: „ვსასოებ უფალს, რომ ჩემი სიმდაბლის მიმართ მოწყალე იქნება“. ამინ. იყავნ.
2. დრო მიქრის, წლები გადის, დღეები ერთმანეთს მისდევენ და თითოეული ჩვენგანი სიცოცხლის დასასრულს უახლოვდება. ძვირფასი დრო მიდის და ჩვენ თვალწინ ილევა. ჩვენ კი, რა თქმა უნდა, ვერ ვაცნობიერებთ, ვერ ვამჩნევთ, თუ რას ვკარგავთ. ბავშვმა ოქროს ფასი რომ იცოდეს, მას ერთ უბრალო კანფეტს არ ამჯობინებდა. განა ადამიანებს – და პირველს მე – ასე არ გვემართება?
როცა განსაზღვრულ დროს უფალი სოფლის განსაკითხად მოვა, როცა ცა ქაღალდის გრაგნილივით დაიხვევა და მცხოვრებთაგან შეგინებული მიწა განახლდება, როცა მზე, მთვარე და ვარსკვლავები შემოდგომის ფოთლებივით ჩამოცვივდება, როცა საქვეყნოდ გაისმება საყვირის ხმა და ამ ხმაზე ერთად შეიკრიბება, ხორცს შეისხამს და გაცოცხლდება მიმოფანტული გამხმარი ძვლები, როცა მომავალი საშინელი მსაჯულის პატივსაცემად ანგელოზთა დასები ცის უკიდეგანო სივრცეში მწყობრად განლაგდებიან, როცა მკვდრეთით აღმდგართა უსაზღვრო სიმრავლეს პატარა ღრუბლები გამოეყოფა, რომლებიც წმინდა და ცხონებულ ადამიანებს უფალთან შესახვედრად ჰაერში აიყვანენ, მაშინ განა ყოველივე ამის შემყურე ქვემოთ დარჩენილი ადამიანები სასოწარკვეთისგან გულზე მჯიღისცემით არ ატირდებიან?! ისინი გაიაზრებენ, რომ უძვირფასესი დრო სიამოვნებასა და სიმთვრალეში, სიმდიდრის შეგროვებასა და უკანონო საქმეებში, ვერცხლისმოყვარებასა და ყოველგვარ ცოდვაში გაფლანგეს და ამით ახლანდელი საბრალო, სავალალო ყოფა მოიმკეს. განა შეძრწუნებულნი მცირე დროს არ მოითხოვენ, რომ ღარიბებთან, სნეულებთან, გაჭირვებულებთან გაიქცნენ, რათა თავადაც გაიგონონ უფლის ტკბილი ხმა: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქუენთვის სასუფეველი... მშიოდა, და მეცით მე ჭამადი... შიშუელ ვიყავ, და შემმოსეთ მე...“ (მათ. 25, 34-36).
სიცოცხლეში ხომ ეს ყველაფერი მოსმენილი ჰქონდათ, მაგრამ ჯოჯოხეთში სინანული არ არსებობს. ამიტომ მათ უკიდურესი სასოწარკვეთა მოიცავს. მოითხოვენ, ინატრებენ სიკვდილს, როგორც ხსნას ამ უსაშველო ჭირისგან, მაგრამ, საუბედუროდ, ვერ მიიღებენ, რადგან ყოველივე მარადიულობად გადაიქცევა! (ეს ყველაფერი ჩემზეა…).
3. ადამიანი ამქვეყნად ტირილით იბადება, გოდებითა და მწუხარებით ცხოვრობს, იმქვეყნადაც ცრემლითა და ტკივილით მიდის.
ამაოება ამაოებათა! სიზმარი გაფრინდება და ადამიანი ჭეშმარიტი ცხოვრების რეალობაში გაიღვიძებს. ვერავის გაუაზრებია, როგორ მიდის ამაო ცხოვრება: გადის წლები, თვე თვეს მისდევს, საათი საათს, წამები შეუმჩნევლად გარბიან და ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე მოდის უწყება: „ანდერძი დაუტოვე შენს სახლს, რადგან მოკვდები, ვერ გადარჩები“ (ეს. 38, 1).
მაშინ ხიბლს საფარველი სცილდება და ადამიანი ხვდება, რა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ სოფელმა მის ცხოვრებაში. ინანებს, დამწუხრდება, გასულ დროს ინატრებს; მთელ სიმდიდრეს ერთი დღის სანაცვლოდ გაიმეტებს, ოღონდ კი მოინანიოს და წმინდა ზიარება მიიღოს. სამწუხაროდ, მადლი აღარ მიეცემა. ადრე, წლების განმავლობაში მადლი მის განკარგულებაში იყო. მან კი ის სავაჭროებში, დუქნებში, კინოთეატრებსა და ათასგვარ ბილწ გულისთქმაში გაფლანგა.
ვინ არის ბრძენი ვაჭარი, რომელიც ამაო ცხოვრების სიცრუით არ მოიხიბლა და განბრძნობილმა სიცოცხლის დღესასწაულის დამთავრებამდე ქონება ზეცაში გაგზავნა, რომ ის ღვთის ზეციური ქალაქის ხაზინაში ნამატითა და მაღალი პროცენტით გამრავლებული დახვედროდა. ნეტარია ის ბრძენი, რადგან საუკუნოდ უჭირველი და ნეტარი ცხოვრებით იცხოვრებს, ხოლო უგუნურები, ლოთები და მომხვეჭელები, ვერცხლისმოყვარეები, მეძავები, მკვლელები და ცოდვილთა კრებული, რომელთაგან პირველი მე ვარ, უშრეტი ცეცხლის სახმილში ჩაცვივდებიან!
ახლა, ვიდრე მზე ანათებს და დღე თავის საამო სინათლეს გვფენს, გამოსწორების გზას დავადგეთ, თორემ მომავლის ღამე მოგვისწრებს და სიარულს ვეღარ შევძლებთ. „აჰა ესერა აწ არს ჟამი იგი შეწყნარებისა, აჰა ესერა აწ არს დღე იგი ცხოვრებისაი“ (2 კორ. 6, 2), – პავლე მოციქული თავის უკვდავ სიტყვებს გვეუბნება.
4. ოჰ, როგორ უნდა ცოცხლობდეს ქრისტიანის სულში სიკვდილის ხსენება! რადგან მას სწამს უდავო ჭეშმარიტება, იცის, რომ სიკვდილს ვერ გაექცევა.
როცა ჩემს სულიერ მოძღვარს გულის შეტევა გაუვლიდა, ტიროდა და მიცვალებულთა ლოცვიდან ფრაზებს წარმოთქვამდა: „ჰოი მე, ვითარი ღუაწლი აქუს სულსა, გან-რაი-ვიდოდეს ხორცთაგან!“ სრული ჭეშმარიტებაა! რა მშვენივრად გამოხატავს მეფსალმუნე სიკვდილისთვის მომზადებული სულის სიმშვიდეს: „განვემზადე და არა შევძრწუნდი“ (ფსალმ. 118, 60).
ყოველი სული წუთი წუთზე ელოდება ზეციდან უწყებას იმის შესახებ, რომ მიწიერთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტოს, სავაჭრო (მათ. 25, 9) დროს ბეჭედი დაესვას, სულიერი ვაჭრობის ზუსტი ანგარიში ჩააბაროს და მისი მარადიული სამყოფელი განისაზღვროს ზეცად ან ქვესკნელად.
ოჰ, როცა ამაზე დავფიქრდები, რა მეთქმის! შეიწყალოს ყოვლადსახიერმა ღმერთმა ჩემი საწყალობელი სული. მოუმზადებლობას, გულგრილობას ვხედავ საკუთარ თავში, სხვას არაფერს. ამ მაცხონებელ ფიქრზე ჩერდება ჩემი გონება.
მარადისობა დიდი საიდუმლოა! ეჰ, როგორ გვაცდუნებს ეს სოფელი, ხორცი, ეშმაკი, გულმავიწყებს გვხდის და მოულოდნელად გაისმის ხმა: „აჰა ესერა სიძე მოვალს!“ უკანასკნელი ამოსუნთქვისას, როცა გამათრახებულია სინდისი და ძახილის თავი აღარ აქვს, როგორღა მოვემზადებით? მაშინ ჭეშმარიტების ხმას გავიგონებთ: „მზის ჩასვლის შემდეგ გაგახსენდა ღმერთი? როცა დღე იყო, სად იყავი?"
„იღვიძებდით, განემზადეთ“, – გვეძახის იესო! ნეტარ არიან, ვისაც ყურთასმენა აქვს, რომელთაც ესმით და ემზადებიან, რადგან საუკუნო ბედნიერების ღირსნი გახდებიან. ნეტარ არიან მონები, რომელნიც მომზადებულნი შეხვდებიან უფლის მოსვლას: ისინი იმხიარულებენ საუკუნოდ.
დავითმინოთ ცხოვრების გასაჭირი, რომ მარადიული სიხარული მოვიპოვოთ. „ცუდად შფოთებს ყოველი მიწით შობილი... რამეთუ ოდეს ყოველი სოფელი შევიძინოთ, მაშინ საფლავივე დავიმკვიდროთ“. სანამ სინათლეა, ჩვენი დიადი მოწოდებისკენ ვიაროთ, რადგან გვიახლოვდება დრო, როცა დაბნელდება და სულისთვის გარჯას ვეღარ შევძლებთ.
5. გონებით მისწვდი ქრისტეს საშინელ სამსჯავროს. რას ვუპასუხებთ სამსჯავროზე, როცა ჩვენი საქმეები განისჯება? რა საშინელია ჟამი, როცა შიშით აღვსილი სული განაჩენს ელის – სად წავა საუკუნოდ დასამკვიდრებლად! სიტყვა „მარადისობა“ შემზარავია! იმისთვის, რომ ოდნავ მაინც გაიგო, რას ნიშნავს მარადისობა, ერთ მაგალითს მოვიტან: წარმოიდგინე, რომ მთელი დედამიწა გრანიტის კლდეა, მაგარი ქვაა, რომელთანაც ათას წელიწადში ერთხელ მოფრინავს ჩიტი და ამ მთაზე ნისკარტს ილესავს. როცა ეს მთა ჩიტის ნისკარტის ალესვით გაილევა, მაშინ მივხვდებით, რა უსუსური წარმოდგენა გვაქვს მარადისობაზე და რომ შეუძლებელია ჩავწვდეთ, რა არის მარადისობა, უკვდავება, დაუსრულებელი სიცოცხლე! მაშ ასე, დედამიწაზე ჩვენი ცხოვრება მარადისობისთვის კამათლით თამაშს ჰგავს – სამოთხე ან ჯოჯოხეთი! როგორი სიფრთხილე გვმართებს!
6. ამდენი წელი ითმენდი. დრომ სიზმარივით გაიელვა. ათასი წელიც რომ ვიცოცხლოთ, ისიც სიზმარივით გაირბენს. ოჰ, რა ამაოა ყოველივე, რაც ამ ამაო სოფელს ეკუთვნის! სიცოცხლეს სიკვდილი ენაცვლება. სიკვდილი ეწოდება ადამიანთა გადანაცვლებას ამ სოფლიდან სხვა – უკვდავ და მარადიულ სოფელში.
მნიშვნელოვანი არ არის, თუ ვინმე სააქაო ცხოვრებას დაკარგავს: ერთ დღეს მაინც მოვკვდებით. მნიშვნელობა იმას აქვს, რომ უკვდავი, უსასრულო ცხოვრება არ დავკარგოთ. რა საშინელი რამაა დაუსრულებელი ცხოვრება ჯოჯოხეთში! ღმერთო ჩემო, ყველა გვიხსენი.
7. როცა ღვთით გვითენდება, ვიფიქროთ, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი დღეა და რომ მზის ჩასვლის შემდეგ ღვთის სამსჯავროზე წარვდგებით! როგორ უნდა გავატაროთ ჩვენი უკანასკნელი დღე? მდუმარებით, ლოცვით, მორჩილებით, ცრემლით, სინანულითა და ღვთისადმი ვედრებით, რომ შეგვიწყალოს.
ღამითაც ასევე ვიფიქროთ, რომ იგი ჩვენთვის უკანასკნელი იქნება, საწოლი საფლავად გვექცევა! როგორ გავივლი საზვერეებს? – დაფიქრდეს თითოეული. შევძლებ კი მათ გავლას? ვინ იცის, რა შემიშლის ხელს! როგორ შევხედავ მართალი მსაჯულის მკაცრ სახეს? როგორ მოვისმენ მის შემზარავ და მამხილებელ ხმას? რა ძრწოლა მომიცავს, სანამ საუკუნო განაჩენს შევიტყობ! და თუ წარვწყმდი! და სამართლიანადაც, ვაი, ჩემს უბადრუკ სულს. ეშმაკებთან ერთად წარწყმედილი წყვდიადსა და სიმყრალეში როგორ შევძლებ დავითმინო სატანჯველი? არც სინათლე, აღარც ნუგეში, მხოლოდ ეშმაკების ცქერა და სხვა არაფერი!
ამრიგად, ეს და ამაზე უფრო მეტი უნდა ვიფიქროთ ყოველდღე და ყოველღამ, თითქოს უკანასკნელი დღე ან ღამე იყოს! ვინაიდან არ ვიცით, როდის მოვა უწყება ღვთის დედაქალაქიდან, ზეციური იერუსალიმიდან.
8. ფრთხილად იყავი, შვილო, დრო უნაყოფოდ, სულისთვის უსარგებლოდ ნუ გაგყავს, რადგან სიკვდილი ქურდივით მოდის და თუ მცონარობასა და უმოქმედობაში გვიპოვის, მთებისა და ბორცვების დასატირი შევიქნებით. მაშინ კი, კეთილი საქმეები თუ არ აღმოგვაჩნდა, ჯოჯოხეთი საუკუნოდ დაგვმწყემსავს!
შვილო, რატომ უნდა გავხდეთ უბედური შემთხვევის მსხვერპლნი, როცა ღვთის შეწევნით მისი თავიდან აცილება და ღვთის სასუფევლის მაცხონებელ ნავსაყუდელში გადარჩენა შეგვიძლია! ვიცი, რომ საშინელ მტრებთან მოგველის ბრძოლა. შრომა დიდია, მაგრამ ღვთის ძალის წინაშე, როცა მას ადამიანის განზრახვა და თავის იძულება ახლავს თან, ყველაფერი უკან იხევს.
9. სენაკში ყოფნისას გახსოვდეს სიკვდილი. გონებას სახეტიალოდ ნუ მიუშვებ, არამედ მოიკრიბე იგი. იფიქრე გვამზე, როგორ იწყებს სხეული გაცივებას, შეცვლას და როგორ ამოდის მისგან სული. როგორ ბრძოლას გადის სული, რომელიც ხორცს ეყრება, როგორ ტირის, როგორ ოხრავს, როგორ ნანობს! „ანგელოსთა მიმართ მიჰხედავნ და ურგებად ევედრებინ; კაცთა მიმართ ხელთა განმარტებნ და არავინ არს შემწე მისსა".
ზეაღმავალი სული, რომელსაც ბოროტი სულების მჭიდრო რიგები ხვდება, თრთის თავისი სრულიად დავიწყებული ცოდვების ეშმაკთა მიერ გაცხადებისას და გაოგნებული ელის, რა მოხდება. ერთი საზვერიდან მეორეში გადადის და თითოეულში პასუხს აგებს და ასეა ბოლო საზვერემდე. როცა ყველას გაივლის და დამნაშავე არ აღმოჩნდება, მაშინ, მამათა თანახმად, იესო ქრისტეს მიეახლება თაყვანისსაცემად. მაგრამ თუ რომელიმე ვნებაში დამნაშავე და ბრალეული აღმოჩნდა, მაშინ იქიდან ჯოჯოხეთში დაინთქმება!
იყო ერთი სული, რომელმაც ყველა საზვერე გაიარა გარდა ერთისა, ეს იყო უკანასკნელი – ულმობელობის საზვერე. „ჰოი, ჰოი, – თქვა წმინდანმა, რომელიც ამ სულს ჭვრეტდა, – ყველა განვლო, მხოლოდ უკანასკნელში დაბრკოლდა და ეშმაკებმა ის ყიჟინით ჩააგდეს ჯოჯოხეთში!“
ღვთის ანგელოზებს ერთი ცხონებული სული ზეცად აჰყავდათ. იქიდან კი სხვა ანგელოზები ჩამოდიოდნენ, რომელთაც ცოტა ხნის წინ სხვა სული აეყვანათ. ისინი ამ სულს ეამბორებოდნენ, ის კი ღვთის საყდარს მიახლებულ ანგელოზთა გამოუთქმელ სურნელებას გრძნობდა და მათი ხმა ესმოდა: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, რომელიც ამ სულის ცხონებას შეეწია!"
სიკვდილზე ამგვარ განსჯას და სხვა ამის მსგავსზე ფიქრს ნუ შევწყვეტთ. ამას სულის მღვიძარება მოაქვს და გონებას ფილტრავს, განწმენდს, რომ უკეთესად ხედავდეს. ამგვარი ჭვრეტა ბოროტი გულისსიტყვებისთვის ზღუდეა. როცა ის ჩვენში არსებობს, გზას ვუღობავთ ცუდ გულისსიტყვებს და მათ აღარ აქვთ ჩვენში ადგილი, რადგან გონება ჭვრეტას მოუცავს.
როცა არ გვაქვს ღვთიური ჭვრეტა, მაშინ ჩვენზე ნამდვილად ვნებები ბატონობენ.
როცა სული ჰაერის საზვერეებს გაივლის, უნდა იფიქროს, რომ ღვთის თაყვანისცემის დრო დადგა. „როგორ მივეახლები? როგორ ვნახავ მას? ნეტავ რას მეტყვის? იქნებ ახალი წიგნი გადამიშალოს? იქნებ ეშმაკებს, როგორც არასრულყოფილებს, არ ეწერათ ან არ იცოდნენ ყველაფერი ჩემ შესახებ და ახლა ქრისტეს წინაშე სრულად უნდა ვაგო პასუხი? რას გადაწყვეტს ქრისტე ჩემი ცხონების შესახებ? საუკუნოდ მაცხონებს თუ საუკუნოდ დამსჯის?"
ოჰ, რა შიშის და ძრწოლის მომგვრელი იქნებოდა ეს წუთი, აქ ყოფნის ნაცვლად ქრისტეს წინაშე რომ ვიდგეთ; ნეტავ შეგვეძლოს განვჭვრიტოთ და რამდენადაც შესაძლებელია გავიაზროთ, რა წუთი მოგველის მაშინ! „ვაიმე, ვაიმე, - ამბობენ მამები, – რამდენი ტანჯვა დაგვატყდება თავს? რა მოგველის?" ჩვენ კი ბრძოლას გავურბივართ, გულგრილობით შეპყრობილები ვთვლემთ, ბარუქის ძილით გვძინავს!
ეს ქვეყანა ჭეშმარიტებისგან შორსაა: ადამიანები მუშაობენ, სძინავთ, ზღვებს სერავენ, მაგრამ არ იციან, რა ხდება სამარის მიღმა! უკუნეთი სიბნელე ისე ეფარება ჭეშმარიტებას, როგორც შავი ღრუბელი – მზის სინათლეს.
როცა ადამიანი სულიერ ჭვრეტაში იმყოფება და გონებაში გაივლებს აზრს, რომ ხალხი თეატრით, ღრეობით და ცეკვა-თამაშით ერთობა, მაშინ ხვდება კაცთა საშინელ სიგიჟეს, უგუნურებას და ხედავს დემონთა დიდ წარმატებას.
აზროვნების ორი სხვადასხვა სახე არსებობს: ერისაგანი ფიქრობს იმაზე, რაც საფლავამდეა, ჩვენ კი იმაზე, რაც საფლავის შემდეგაა! ერისაგანნი ფიქრობენ ყველაფერ ამჟამინდელზე – ამას ხედავენ, ეს სწამთ. მაგრამ ქრისტეს სახარებამ, გამოცხადებამ თვალისმომჭრელი ნათელი მოჰფინა მარადიული ცხოვრების მსურველ სულებს და მათ ჭეშმარიტი ღვთის შემეცნების ახალი სივრცეები გადაუშალა.
„ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელ გამოჩინებად არს ჩუენდა მომართ“ (რომ. 8, 18). უსაზღვრო და მიუწვდომელია მათი დიდება, ვინც ქრისტეს ნათელში ივლის.
ღვთის წინაშე გამართლება არ გვაქვს მისი დიდი წყალობის გამო. მან ხომ წმინდა მოწოდებით მოგვიხმო და ნათლისა და ჭეშმარიტების გზა გვიჩვენა! დიდია ღვთის მოწყალება, დაე, ნუ უგულებელვყოფთ მას და ბოლომდე ვიაროთ ამ გზით. დაე, დღედაღამ ვიფიქროთ სულზე და იმაზე, თუ როგორი ბრძოლა გვმართებს. ღვთაებრივზე ფიქრი და სათნოების საქმე ადამიანს სწრაფად აახლოებს ღმერთთან.
მუდამ გვახსოვდეს სიკვდილი. წმინდა მამები ამბობენ, რომ უდებებამ ვერ დაისადგურა მათ სენაკებში, რადგან დღე და ღამე სიკვდილის ხსენება ჰქონდათ. უდებებისგან ისინი შორს იყვნენ. მამები ფიქრობდნენ: „თუკი დღეს ან ხვალ ჩემი უკანასკნელი დღეა, რა უნდა ვქნა?“ ამგვარად, სიკვდილის ხსენება გონებას ღვთის შიშში ამყოფებდა, ღვთის შიში კი ნათელს ჰფენდა მათ სინდისს და თავის იძულების გზას უჩვენებდა.
თავდაპირველად ეს ფიქრები, რა თქმა უნდა, რაიმე გრძნობას არ იწვევს. სული, ასე ვთქვათ, მკვდარი და უმოქმედოა, მაგრამ ნელ-ნელა მასში რაღაც ამოძრავდება, ცოცხლდება და დროთა განმავლობაში სწორად მუშაობას იწყებს.
10. შვილო, იზრუნე შენი სულისთვის, წმინდა მამათა მსგავსად იფიქრე, იმეორე იესოს ლოცვა, რომელიც საფუძვლიანად განამტკიცებს შენს სულს.
იფიქრე სიკვდილზე, რომლის მოსვლაც უეჭველი და სარწმუნოა. ოჰ, სიკვდილი! სიკვდილის ფიალა მწარეა სულისთვის, რომელიც მისი ძალით ხორცს ეყრება. როგორი სინანული გველის დაუდევრად და დათმობით ჩადენილი საქმეების გამო! სინდისი ჯოჯოხეთივით დაგვტანჯავს.
მაშ, ახლა რატომ უნდა გვძლიოს ცოდვით ტკბობამ, რომლის გამოც მრავალი უკურნებელი ტკივილი მოგვეზღვება.
ადამიანი ღვთის რჩეული, უნიკალური, ორბუნებოვანი ქმნილებაა, რომელიც ამ პლანეტაზე, დედამიწაზე იბადება და თანდათან, ერთ დღეს ხორციელად კვდება. ის სავსებით უძლურია, რომ სიცოცხლე შეინარჩუნოს. წარმოდგენებისგან ბუშტივით გაბერილი, ერთი რომელიმე ავადმყოფობით კვდება და უჩინარდება.
ადამიანი საკუთარ თავს ვერ განაგებს. მისგან გაუცნობიერებლად მას სხვა ნება და მბრძანებლობა მართავს. იგი სრულიად უნებისყოფო და უძლურია, წინააღმდეგობა გაუწიოს ამას.
ვინ ხარ, ადამიანო, რომ ტრაბახობ და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს?
აჰა, ერთი უხილავი მიკრობი შეგეყრება და მაშინვე სნეულდები, უძლურდები და საფლავში ჩადიხარ. ამპარტავანო მოკვდავო, ხომ ხედავ, უცნობ ქვეყანაში შენს წასაყვანად სიკვდილი მოდის და მას ყოველგვარი შეპასუხების გარეშე ემორჩილები. განა შეგწევს ძალა უარყო, წინ აღუდგე, გაექცე იმას, რაც ამ საშინელ ჟამს ხდება? არა! უკიდურესი უძლურება! მაშინ რას იქადი, თიხის ადამიანო, უუნარო, საწყალობელო და უვარგისო? რა გაბადია, რაც ღმერთს არ მოუცია შენთვის? განა, როცა მოისურვებს, არ წაგართმევს? თუ ხვდები, რომ ასეა, ქედი მოიდრიკე, დამდაბლდი და ცხონდები.
11. გახრწნილთა და გარყვნილთა შორის მყოფი მართალი ლოთი დღე და ღამე იტანჯებოდა, გული დამძიმებოდა მათი სამარცხვინო ცოდვების შემყურეს, მაგრამ არავის განიკითხავდა. ამისთვის ღვთის გამოცხადების ღირსი გახდა და როცა ღმერთმა უსჯულო ქალაქი გადაწვა და გარყვნილნი დაიღუპნენ, ის გადარჩა.
განა აქ სოდომსა და გომორზე უარესი არაა? განა ცეცხლი და ღვთის რისხვა არ გველის? ამიტომ ლოთის მაგალითი ყურადღების ღირსია, რომ არ დავიღუპოთ არა დროებით, როგორც ძველად ხდებოდა, არამედ საუკუნოდ!
ვიფხიზლოთ, რადგან არ ვიცით, როდის მოვა ქურდი – სიკვდილი. ვიფხიზლოთ, რომ დავიცვათ მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და იმ მადლის სიმდიდრე, რომლის ღირსნი წმინდა ემბაზში ნათლობისას გავხდით.
სიკვდილზე უეჭველს რას მოველით? ყოველი ადამიანი უსათუოდ შეხვდება მას. მოვალენი ვართ, მუდმივად სიკვდილის შინაგანი განცდით ვიცხოვროთ, რათა მისი მაცხონებელი ხსოვნით თავი დავაღწიოთ სულის სიკვდილს, რაც სხვა არაფერია, თუ არა იმქვეყნიურ ცხოვრებაში ღვთისგან სრული განშორება.
„თავი აიძულეთ, – გვეუბნება უფალი სახარებით, – რადგან არ იცით, როდის გესტუმრებათ სულის სიძე და ვაი მას, ვისაც ცხონების საქმეში უდებს და მცონარეს მოუსწრებს“ (მათ. 11, 12).
ჩემთვისაც ილოცეთ, რადგან ვამბობ და არ ვასრულებ. ვაიმე, სამგზის საწყალობელს, ღვთის სახეს როგორ ვიხილავ!
12. იხილე, შვილო, როგორ ცელავს სიკვდილი ყველას. ყოველივე ადამიანური სანთელივით ქრება და დნება. მხოლოდ უფლის სიყვარულისთვის შესრულებული საქმეები ენთება მუდამ და მათ აღმასრულებელს გზას გაუნათებს, ღვთის საყდარს რომ მიაღწიოს.
მაცხონებელი საქმეები დიდ შრომადაც რომ დაგიჯდეს, უნდა აღასრულო. ეს ბრძოლად, ღვაწლად, ეშმაკისთვის წინააღმდეგობის გაწევად ჩაითვლება და უეჭველად მოგეგება სასყიდელი.
აიძულე თავი, გახსოვდეს შენი სულის გასვლა, სიკვდილი, საზვერეები და ღვთის საშინელი სამსჯავრო.
იფიქრე, შვილო, ჯოჯოხეთზე, წარწყმედილებზე და შენი თავიც ერთ მათგანად მიიჩნიე. მაშინ მთელი შენი მწუხარება არაფრად მოგეჩვენება და ტკბილი ნუგეში ერთიანად მოიცავს შენს სულს.
13. შვილო, გახსოვდეს, რომ სიკვდილის მოსვლის დრო დაფარულია. საშინელ ეშმაკებსა და საზვერეებს შორის გაივლის ჩვენი მდაბალი სული! რა საშინელი სამსჯავრო ელის! ის შიშისა და ძრწოლისგან აცახცახდება! დემონებსა და მტანჯველ ჯოჯოხეთზე იფიქრე. ის მარადიული და უსასრულოა!
საუბედუროდ, შვილო, ბოროტი ეშმაკი ყოველ მაცხონებელ ფიქრს გვტაცებს, რომ სარგებელი არ მივიღოთ და ჩვენი სულის შესაგინებლად ბოროტი მოგონებები მოაქვს, რაკი მისი მახეები ვიცით, იესოს ლოცვაში და სასარგებლო სულიერ განსჯაში ვაიძულოთ თავი, რომ სული განუწყვეტლივ სარგებელს პოულობდეს და განიწმინდებოდეს.
14. ნუ შეწყვეტ ფიქრს ჯოჯოხეთზე, რადგან მისი ხსოვნა მრავალ ნაყოფს მოგცემს. ვის შეუძლია საუკუნო ცეცხლზე ცრემლის გარეშე იფიქროს? იტირე, შვილო, რომ შენი გული და სხეული ყოველგვარი ვნებისგან განიწმინდოს, უბიწოების დღეები იხილო და სიწმინდის სიმდიდრით გაოცდე.
15. რა საშინელი საკითხია, სად მოხვდება თითოეულის სული! ოჰ, როგორ გვაცდუნებს გულმავიწყობა და მცონარობა, უპირველესად მე! შემაძრწუნებელია ფიქრი, მივაღწევთ თუ არა მიზანს. ადამიანი მთელი არსებით ძრწის იმაზე ფიქრისას, თუ რა მოხდება ბოლოს! როგორ ბრძოლას გაივლის სული ხორცთან გაყრისას, ან როცა წიგნები გადაიშლება და ყოველივე დაფარული გამოაშკარავდება! „ვითარი სასჯელი იყოს ჩემ შორის მიდგომილისა ცოდვასა შინა?" მოწყალე, მოწყალე მექმენ, ტკბილო იესო. შენს მოწყალებას მივანდობ ჩემი სულის განწირულობას.
16. ჩვენი ცხოვრება ფასდაუდებელია, რადგან ამ ცხოვრებით ღმერთს ან მოვიპოვებთ, ან – არა. თუ ბრძენი ვაჭრებივით ჩვენთვის მოცემულ დროს სულიერი საქმეებისთვის გამოვიყენებთ, უეჭველია, სამსჯავროზე მადლსა და წყალობას მივიღებთ.
ვაი მას, პირველად კი მე, ვინც ძვირფას დროს უაზროდ ფლანგავს. მისთვის უიმედო, უწყალო, საუკუნო გლოვის ჟამი დადგება! და იმ უიმედო ცხოვრებაში მოიმკის იმას, რაც აწმყოში დათესა.
ვერ ვხვდებით, რომ მაცდური ეშმაკი თავისი მრავალგვარი ხრიკებით ფარულად გვძარცვავს და დრო უდებებასა და უმოქმედობაში გადის.
17. დაე, შენმა ლოცვამ ჩემი საწყალობელი სულის სახლი განამტკიცოს. არავითარი სიკეთე არ არსებობს ჩემში. ამიტომ, როცა ამ სოფლის დატოვებას და ზეცისკენ გამგზავრებას ვიხსენებ – ვტირი, რადგან აუცილებელი საგზლის გარეშე ვარ. ვაიმე, რომ ახლა შემიძლია მისი მოპოვება, მაგრამ მუდამ ვზარმაცობ, რის გამოც საუკუნოდ ვინანებ.
განა ჭეშმარიტება არ არის?! ოჰ, რა ძვირფასია ახლანდელი დრო, ძვირად ღირებულია თითოეული წამი, მაგრამ გვისხლტება ეს ჯანსაღი ფიქრი. ასე მიფრინავს ძვირფასი დრო და მის უკან დაბრუნებას ვეღარ შევძლებთ.
18. ოჰ, მაშინ აღდგება ჩვენში შინაგანი მსაჯული – თითოეულის სინდისი, რომ გაბედული და ძლიერი ხმით ან განგვიკითხოს, ან – არა. თუ სინდისი არ გვადანაშაულებს, მაშინ კადნიერება გვაქვს ღვთის წინაშე. სანამ ამ ცხოვრების გზას ვადგავართ, წინამოსაჯულთან – სინდისთან – შერიგება გვმართებს, ვიდრე მსაჯულთან მიგვიყვანდეს, თორემ მერე შეუძლებელი იქნება თავის დაღწევა, სანამ უკანასკნელ კოდრატს არ მივცემთ – პასუხს ვაგებთ უქმად ნათქვამ ყოველ სიტყვაზე (მათ. 5, 25-26).
რა გველის უკანასკნელ ჟამს, როგორი მძიმე შრომა და ძრწოლა! ნეტარ არიან, რომელთაც სულის თვალი ახელილი აქვთ და დიდი მოგზაურობისთვის საგზალს იმზადებენ. მე კი, საწყალობელს, კაცობრიობის ორმა ბოროტებამ – გულმავიწყობამ და უმეცრებამ თვალები დამიბრმავა!
19. ოჰ, როგორი სიფრთხილე გვმართებს ყველაფერში, რადგან ჩვენი მტერი მყვირალი ლომივით დაძრწის, რომ მთელი მსოფლიო შთანთქას! ღმერთო, ღმერთო ჩემო! აღდეგ, რატომ გძინავს, ჩემო სულო? წუთი წუთზე ველოდებით საყვირის ხმას, რომ სამსჯავროზე წარვდგეთ! ვაიმე! საშინელია ის წამი, რადგან მასზეა დამოკიდებული საუკუნო ცხოვრების მარადიულობა – ან ღმერთთან, ან ჯოჯოხეთში. მცირედი ამოოხვრა და ღმერთი მოწყალე გვექმნება. მან იცის, რომ ჩვენში ღვთისმიერი, ჯანსაღი არაფერია: მხოლოდ უძლურება, ვნებები და თავის მართლება. როგორ შევხვდებით ღმერთს? ნეტავ რას გვეტყვის? როგორ სიზუსტეს მოგვთხოვს ჩვენ, რომლებსაც არ გვსურს ამგვარი სიზუსტით გამოვიძიოთ საკუთარი თავი, რადგან ეს არ ეთანხმება ჩვენს სურვილებს?
20. მუდამ გახსოვდეს სიკვდილი. ამაზე ფიქრი ცხოვრების წესად გექცეს. „ვითარი ღუაწლი აქუს სულსა, გან-რაი-ვიდოდეს ხორცთაგან!“ მაშინ ძლიერ ოხრავს და ტირის, მაგრამ თავისი კეთილი საქმეების გარდა სხვა შეწევნა არ აქვს! ამიტომ კეთილი და სასარგებლო საქმეები აღასრულე ახლავე, სანამ სული გიდგას, თორემ მოვა დრო, როცა სხეული ცხონების საქმისთვის ვეღარ გაირჯება!
მწარედ იტირე. მოიგონე საშინელი სამსჯავრო, თუ გსურს სიკვდილის მწუხარე ჟამს ნუგეში იპოვო. რა საშინელი ჟამი ელის საბრალო სულს – თავისი მარადიული სამყოფელის შესახებ განაჩენის მოსმენა!
სიკვდილს მიახლოებული ანტონი დიდი ტიროდა, დამწუხრებული მოწაფეები კი ეუბნებოდნენ: „შენც გეშინია, მამაო, სიკვდილის?“ – „ოჰ, შვილებო, მას შემდეგ, რაც მონაზონი გავხდი, სიკვდილის ხსენება არ მომშორებია!“
წმინდანებსაც ეშინოდათ ამ ჟამის, მით უფრო – ჩვენ! მე, საწყალობელმა, რა ვთქვა? სიკვდილზე ფიქრისას მწარედ ვოხრავ. შენც ასე მოიქეცი და დიდ სარგებელს იპოვი.
21. ღვთაებრივი ჭეშმარიტება ძლიერი საყვირივით ჭექს და ყვირის: „ამაოება ამაოებათა, ყოველივე ამაო“ (ეკლ. 1, 2). „რად სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თვისი იზღვიოს? ანუ რა მისცეს კაცმან ნაცულად სულისა თვისისა?“ „მოიხსენებდი უკანასკნელსა შენსა და უკუნისამდე არა სცოდო“. „არა დაადგრების სიმდიდრე, არცა თანა-წარყუების დიდება, რამეთუ მოიწია სიკუდილი, და ესე ყოველი მყის იავარ-ყო“.
აი, ჭეშმარიტება, სიცრუის მედგარი შემმუსვრელი და მძლეველი! ეშმაკის თითოეულ მახესა და გულისსიტყვაში სიცრუეა შენიღბული და ადამიანის ცდუნებას ცდილობს. ამიტომ ვილოცოთ, ღმერთმა ჭეშმარიტების ნათლით განგვანათლოს, რომ წყვდიადი განვდევნოთ. ჩვენს ყველა გულისსიტყვაში, სიტყვასა და საქმეში გამარჯვების, დიდებული ჭეშმარიტების ბრწყინვალე დღე გათენდეს და ჩვენც, როგორც მადლის კეთილი მნეები, ანგელოზთა წინაშე ქების ღირსნი გავხდეთ. როდის? როცა ამპარტავნების საფრთხე აღარ დაგვემუქრება, რადგან ბრძოლის უფლება უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გვაქვს. ამის შემდეგ ჯილდოების, გვირგვინების, ღმერთის შეძენის საუკუნეა, შიშისა და ცრემლის დასასრულია. „და აღხოცოს ღმერთმან ყოველივე ცრემლი თუალთაგან მათთა” (გამოცხ. 7, 17).
ჰოი, დიდება! მაშინ ვერავინ შეძლებს ცხონებულთა გულებს სიხარული წაართვას. ოჰ, მაცხოვარო ჩვენო, დიდება შენს ძალას; დიდება შენს გამოუთქმელ განგებულებას, მეუფეო! ამინ, ამინ, ამინ, უტკბესო მეუფეო. ვეამბორები შენს უხრწნელ ფეხებს, რომლებიც დაკარგული ცხვრის – ჩემს ძებნაში დაშვრნენ. განკურნე ჩემი წყლულებანი, მეუფეო.
22. გისურვებ, ნუგეშინისმცემელი სულის მადლმა დაამშვიდოს შენი სული.
შვილო, უკვე მოვიპოვე სრული სიმშვიდე, მხოლოდ ღვთის მადლით. სიმსუბუქეს ვგრძნობ. მზის ჩასვლის შემდეგ მარტო ვრჩები ჩემს სენაკში. ვცდილობ, გონება მოვიკრიბო საკუთარ თავში და ქრისტესკენ მივმართო. ჩვეულებრივ, ვტირი ჩემი მრავალი ცოდვის გამო. ვფიქრობ, რა მელოდება მე – ტვირთმძიმეს, მოუსყიდველ სამსჯავროზე, სადაც პირი დამეხშობა და ვერ შევძლებ პასუხის გაცემას, რადგან ვიცი, ნამდვილი სიკეთე არ მიკეთებია, ვერც გავაკეთებ მთელი ცხოვრების მანძილზე.
რა მომივა, ოჰ, ჩემო ქრისტესმიერ საყვარელო შვილო! როგორ გავუძლო სატანჯველს, რომელიც მელის! ვაიმე, საუკუნო ცეცხლის მსხვერპლს! ვძრწი, როცა საუკუნო სასჯელსა და ღვთაებრივი ნათლის დაკარგვაზე ვფიქრობ. როგორ ვიცოცხლებ მე, უბადრუკი, ქრისტესა და ნათლის გარეშე?!
23. ღვთის სასოებით გამხნევდი, შვილო, ნუ გეშინია. ეს საქმე ღვთისგანაა, ამიტომ მას ღმერთი თვითონვე აღასრულებს და ჩვენ დავდუმდებით. ილოცე, რომ უფალმა გონება გაგვინათოს და მივხვდეთ, თუ როგორ დავიწყოთ.
გახსოვდეს, რომ ჩვენი ბუნება მოკვდავია და სული ხორცს მოულოდნელად ეყრება. რა ამაო, ხანმოკლე და გაურკვეველია ცხოვრება! და მას სხვა, სრულიად განსხვავებული, დაუსრულებელი ცხოვრება ენაცვლება!
„რა სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თვისი იზღვიოს?” (მარკ. 8, 36) ვინ გამოესარჩლება მას საშინელ სამსჯავროზე? მშობლები, და-ძმა? ამაო იმედია. მხოლოდ ღმერთი და ღვთივსათნო ცხოვრება.
უმაღლესზე იფიქრე, ზეციური შეიყვარე და მიწიერი აღარ მიიქცევს შენს ყურადღებას.
გამხნევდი, ჩემო შვილო... ბრძოლა ღვთის სადიდებლად და ეშმაკის დასამარცხებლად წარმოებს.
24. ყოველთვის იფიქრე სიკვდილზე, თითქოს ყოველი დღე, რომელიც თენდება, შენთვის უკანასკნელი იყოს და თქვი: „აბა, სულო ჩემო, შენი ბოლო დღეა. მოდი, ვეცადოთ, რომ ეს დღე მაინც გავატაროთ ბრძოლასა და სინანულში. საღამოს კი, როცა ჩვენი საშინელი მსაჯულისა და ღვთის წინაშე მუხლმოყრილნი შემზარავ სამსჯავროზე აღმოვჩნდებით, იმედი მაქვს, ვპოვებთ წყალობას.
სულო ჩემო, დადუმდი, ილოცე, შეურიგდი, შეიყვარე, ტკივილით იტირე შენს მრავალ ცოდვაზე, რადგან მოვიდა აღსასრული და ჩვენგან დამწუხრებულ ღმერთს მზის ჩასვლისას მაინც გამოვთხოვოთ წყალობა“.
სანამ დრო გვაქვს, თავი ვაიძულოთ, რადგან ეს დაგვრჩება, სხვა ყველაფერ ამსოფლიურს კი ქარი გაფანტავს ოთხივე მხარეს.
25. ჭეშმარიტების ძიებისას სიკვდილის ხსენება საუკეთესო მეგზურად გვექცევა. „რას იუნჯებ, რას ამპარტავნებ, რას იქადი ახალგაზრდობას, ჯანმრთელობას, ცოდნას! როცა მოვალ, – ამბობს სიკვდილი, – რისი ღირსნიც ხართ, იმას მოგაგებთ! როცა ბნელ სამარეში აღმოჩნდებით, მაშინ მიხვდებით მიწიერ სიკეთეთა სარგებელს!"
შვილებო, გრძნობადზე აღმატებულ სამყაროში მივდივართ; ამ სოფელში, რომელიც სიმწრით, ჭირით, ცოდვითა და ტანჯვითაა სავსე, არ დავრჩებით. იქ, უჭკნობ ცხოვრებაში უფალი ღმერთი ცხონებულებს თვალზე ცრემლს შეუშრობს, იქ აღარ იქნება ჭირი, ურვა და სულთქმა, არამედ ერთი დაუღამებელი დღე, სიცოცხლე დასასრულისა და სიკვდილის გარეშე! შვილებო, მთელი სულით მხურვალედ ვისურვოთ, რომ ღვთის შეწევნით მოვიპოვოთ ის ცხოვრება და საშინელ სატანჯველს გადავურჩეთ.
26. ამ ამაო სოფელში ყველაფერი დასრულდება. ეს სოფელი და ცხოვრება სავაჭროა, სადაც ყოველი ადამიანი საუკუნო ცხოვრებას თავისი სიცოცხლის „ფულით“ ყიდულობს. რამდენად ბრძენი აღმოჩნდება ის, ვინც ფულს – სიცოცხლეს – გონივრულად გამოიყენებს და იმას შეიძენს, რაც სიკვდილისა და ღვთის სამსჯავროზე წარდგომის დროს გამოადგება! (მათ. 13, 45-46)
შევიძინოთ ძვირფასეულობა – აღსარება, სიმდაბლე, სულისა და ხორცის უბიწოება, ღვთისმიერი სიყვარული – ის, რაც მოსწონს დიდებულ მეუფეს. განვეშოროთ განკითხვას, უქმადმეტყველებას, სიცრუესა და სხვ. როცა ყოველივე ამას დავეუფლებით, მაშინ ღვთის ნეტარ სამყოფელში მდიდრები აღმოვჩნდებით.
27. შვილო, ამ სოფელში „ამაოება ამაოებათა, ყოველივე ამაოა" (ეკლ. 1, 2). ეს ბრძენმა სოლომონმა მაშინ თქვა, როცა სრულად იგემა ყველა გრძნობადი სიამოვნება. საკუთარ გულს არ მოაკლო არც ერთი ტკბობა, რისი ბოლოც ხრწნა და წარწყმედაა. საპირისპიროდ, ვინც ღმერთს ემსახურება, ცხოვრების საჭიროებათა ნაკლებობას არც აქ განიცდის და ამ ცხოვრებაშივე გრძნობს ნამდვილ სიხარულს და ღვთისმიერ ჭეშმარიტ მშვიდობას.
„არა დაადგრების სიმდიდრე, არცა თანა-წარყუების დიდება“, სილამაზე სახეს იცვლის, ახალგაზრდობა გადის და მოდის სიბერე; ჯანმრთელობა წახდება, ამას მოჰყვება ავადმყოფობა და საფლავი ყველაფერს არარაობად აქცევს.
როცა ჩვენს საბოლოო სამყოფელს – ჩვენს საფლავებს ვესტუმრებით, მაშინ საკუთარი თვალით დავინახავთ მთელ კაცობრივ ამაოებას. აბბა სისოიმაც, როცა ალექსანდრე დიდის საფლავი იხილა, შესძახა: „ჰოი, ჰოი, სიკვდილო! ალექსანდრე, შენ მთელი ქვეყანა ვერ გიტევდა და ორმა მტკაველმა მიწამ როგორ დაგიტია?“
იქ, საფლავში ილუქება ამაო სიამოვნებათა ოცნებები. იქ ითელება ყველაფერი, რასაც მრავალი ადამიანი ეტრფოდა და მსხვერპლს სწირავდა. იქ, საფლავებში, სულები, რომლებმაც გაიაზრეს ამ სოფლის სიცრუე, ზეიმით დასცინიან მას.
შვილო, უფრთხილდი თეატრს, რომელსაც სოფელი ჰქვია. რადგან ღარიბი და უბრალო ადამიანები თეატრალური წარმოდგენის დროს მეფეთა და დიდებულთა სამოსლით იმოსებიან და სხვაგვარად ჩანან, ვიდრე სინამდვილეში არიან. მაყურებლის წარმოსახვას ატყუებენ, ხოლო როცა წარმოდგენა დამთავრდება, ნიღბებს მოიხსნიან და მათი ნამდვილი სახე გამოჩნდება.
თემა: სიკვდილის ხსოვნა, საშინელი სამსჯავრო, ჯოჯოხეთიავტორი: ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
წყარო: მამობრივი დარიგებანი