წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები
35. ადამიანურ ქმედებათა შორის ბევრი სიკეთეა თავისთავად, მაგრამ რაღაც მიზეზით უკეთურებად იქცევა. მაგალითად, მარხვა და მღვიძარება, ლოცვა და ფსალმუნება, მოწყალება და უცხოთა შევრდომა, თავისთავად კეთილი საქმეებია, მაგრამ როცა ყოველივე ამას პატივმოყვარეობის გამო აკეთებენ, მაშინ უკვე აღარაა სიკეთე.
თემა: პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა, სიკეთე, ბოროტებაავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
34. სათნოებებში ღვაწლისათვის ჯილდოა უბიწოება და ცოდნა. როგორც ესენია ჩვენთვის ცათა სასუფევლის მიზეზი, ასევე ვნებები და უცოდინრობა - ჯოჯოხეთის ტანჯვათა. ამიტომ, ვინც მათ ამქვეყნიური დიდებისათვის ეძიებს და არა იმისათვის, რომ ეს სიკეთეა, წმინდა წერილი ეუბნება: "ითხოვთ და ვერ მიიღებთ, რამეთუ ბოროტად ითხოვთ" (იაკ. 4,3).
32. სიკეთისაკენ სამი საწყისი გვიბიძგებს: ბუნებით მონიჭებული სიკეთე, წმინდა ძალნი და კეთილი ნება. ბუნებით მინიჭებული სიკეთეა, როცა, მაგალითად, ისე ვექცევით ადამიანებს, როგორც გვსურს, ჩვენ გვექცეოდნენ. ანდა როცა ადამიანს სივიწროვესა და უპოვარებაში მყოფს ვხედავთ და ბუნებრივად ვიბრალებთ მას. წმინდა ძალთაგან არის სიკეთე, როცა კეთილი საქმისადმი ჩვენი სწრაფვისას ჩვენს თავში კეთილ შემწეს აღმოვაჩენთ და წარმატებას მივაღწევთ. და ბოლო, კეთილი ნებაა, როცა განვასხვავებთ რა სიკეთეს ბოროტებისაგან, ვირჩევთ სიკეთეს.
33. ასევე სამი საწყისია, რომელიც ბოროტებისკენ გვიბიძგებს: ვნებები, დემონები და ბოროტი ნება. ვნებაა, როცა გვსურს რაღაც უგუნური, როგორიცაა, მაგალითად, უდროო და უჯერო ჭამა, ანდა, როცა დედაცაცებს არ სურთ შვილების გაჩენა, ასევე უსამართლობა, როცა ვურისხდებით და ვუწყრებით ვინმეს, ვინც არ უნდა იყოს ის, ჩვენი შეურაცხმყოფელი თუ მაწუხებელი. დემონები კი, ჩვენივე დაუდევრობით, იხელთებენ რა მათთვის შესაფერის ჟამს, მოულოდნელად გვესხმიან თავს და უდიდესი ძალით ჩვენში ზემოხსენებულ მსგავს ვნებებს აღძრავენ. და ბოლოს, ბოროტი ნებაა, როცა ვიცით რაა სიკეთე, მაგრამ ნებით ვირჩევთ ბოროტებას.
თემა: სიკეთე, ვნებები, ბოროტებაავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
31. დემონები საბაბს სულში არსებულ ვნებათაგან იღებენ, რათა ჩვენში ვნებიანი გულისთქმანი აღძრან. შემდეგ მათი მეშვეობით გონებას ამარცხებენ და აიძულებენ, რომ ცოდვის წადილით დაეცეს. უკვე ამაში დამარცხებული გონება გულისხმისყოფით ცოდვამდე მიჰყავთ, ხოლი ამის შემდეგ მას, როგორც ტყვეს, თავად ცოდვილ საქმეებსაც აღასრულებინებენ. ბოლოს, ყოველივე ამის შემდეგ, როცა გულისთქმებით სულს გააპარტახებენ, მათთან ერთად, უკან იხევენ. გონებაში რჩება მხოლოდ კერპი (წარმოსახვითი სახე) ცოდვისა, რომლის შესახებაც უფალი ამბობს: "იხილოთ საძაგელი იგი მოოხრებისა, მდგომარე ადგილსა წმიდასა" (მათ.24,15). მკითხველი, მიხვდება, რომ წმინდა ადგილი და ღვთის ტაძარი არის ადამიანის გონება, რომელშიც დემონებმა ცოდვის კერპი დადგეს, რადგან იგი ვნებიანი გულისთქმებით მოაოხრეს. უფლის ნათქვამი რომ ისტორიულად აღსრულდა, ვფიქრობ, ამაში ყველა დარწმუნდება, ვინც იოსებ ფლავიოსს წაიკითხავს. სხვათა შორის, ზოგი ამბობს, რომ ანტიქრისტეს დროსაც იგივე მოხდება.
თემა: აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები, ვნებები, გონებაავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
30. ვინც სიყვარულში სრულყოფილია და უბიწოების მწვერვალს მიაღწია, არ განასხვავებს თავისას და სხვისას, ერთგულსა და ორგულს, მონასა და აზნაურს, თვით მამრობითსა და მდედრობით სქესსაც კი, არამედ, ვნებათა სიმძლავრეზე ამაღლებული, მხოლოდ ერთადერთს, ადამიანის ბუნებას ხედავს, ყველას თანაბრად უცქერის და ყველასადმი თანასწორადაა განწყობილი. მასში არც იუდეველია, არც ელინი, არც მამრობითი სქესია, არც მდედრობითი, არც მონაა და არც აზნაური, არამედ ყველგან და ყველაფერში ქრისტეა.
თემა: სიყვარული მოყვასისადმი, ღვთის ყველგანმყოფობაავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
29. როცა უფალი ამბობს, რომ "მე და მამა ერთი ვართ", ამით ბუნების ერთობას აღნიშნავს; ხოლო, როცა ამბობს, რომ "მე მამაში ვარ და მამა ჩემშია", მაშინ ჰიპოსტასის განუყოფლობას გვიჩვენებს. ამრიგად, ტრითეოტები (სამღმერთიანელები), გამოყოფენ რა ძეს მამისაგან, ორივე მხრიდან უფსკრულში ცვივდებიან: ან ძეს აღიარებენ მამის თანაარსად, მაგრამ მას მამისაგან გამოყოფენ და იძულებულნი არიან, თქვან, რომ ძე მამისაგან არ შობილა და ამგვარად ერესში ცვივდებიან, აღიარებენ სამ ღმერთსა და სამ საწყისს; ანდა აღიარებენ, რომ ძე მამისაგანაა შობილი, ძის მამისაგან გამოყოფით, აუცილებლობიდან გამომდინარე უშვებენ, რომ ძე მამის თანაარსი არაა და ჟამთა მეუფეს ჟამიერებას უქვემდებარებენ. გრიგოლი დიდის სწავლებით, გვმართებს, ვაღიაროთ ერთარსება ღმერთი და სამი ჰიპოსტასი, თითოეული თავისი კუთვნილი თვისებების მიხედვით, რამეთუ მისივე სწავლებით, სამება იყოფა, მაგრამ განუყოფელია, ერთდება, მაგრამ ცალ-ცალკეა. საოცარი დაყოფა და ერთობაა!
თემა: ღმერთი, ყოვლადწმინდა სამება, უფალი იესო ქრისტეავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
28. ძლიერია ის კაცი, ვინც ცოდნასა და ქმედებას ერთმანეთს უკავშირებს, რამეთუ მაშინ ის ავხორცობას აშთობს და გულისწყრომას ამცირებს, ხოლო ამით გონებას ფრთოვანყოფს და უფალთან ჰგიებს.
თემა: მრისხანება, გაღიზიანება, გულისწყრომა, გონებაავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
27. როცა გსურს, ღვთისმეტყველებდე, ნუ ეძიებ იმას, რასაც თავისთავად ღმერთი წარმოადგენს, რამეთუ ამას არა მარტო ადამიანურის, არამედ თვით იმ არსებათა გონებაც კი ვერ ჰპოვებს, რომელნიც ღვთის შემდეგ დგანან. შენ შეძლებისდაგვარად დაინახე ის თვისებები, რითაც ღმერთა მოცული: მარადიულობა, დაუსაბამობა, გარეშემოუწერელობა, სიკეთე, სიბრძნე, ყოველთა შემწეობა, ყოვლადმზრუნველობისა და ყველა არსების განსჯის ძალა. კაცთა შორის უკვე ღვთისმეტყველია ის, ვინც ოდნავ მაინც ხედავს ამ თვისებებს.
თემა: ღმერთი, ღმრთისმეტყველებაავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
26. გონება, რომელიც მართებულ ღვაწლმოსილ ცხოვრებას ეწევა, კეთილგონიერებაში აღწევს წარმატებას, ხოლო, როცა მართებულად ჭვრეტს, - ცოდნაში. პირველი, ამ კუთხით მოღვაწეს, სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარს ანიჭებს. მეორე, თავის თანაზიარს, უხორცო და ხორციელ არსებათა თვისებების შეცნობის უნარით აჯილდოებს. ღვთის მეტყველების მადლს კი გონება მიშინ მოიპოვებს, როცა, სიყვარულით ფრთოვანქმნილი, ყოველივე ზემოაღნიშნულს გადაიფრენს და, ღმერთთან ყოფნას მიწეული, ღვთის თვისებებს სულით განჭვრეტს, რამდენადაც ეს ადამიანის გონებას ძალუძს.
თემა: განათლება, ცოდნა, ღვაწლი, ღმრთისმეტყველება, ღვთის შემეცნებაავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ