სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები
ღმერთის სიყვარულისათვის
გვიყვარდეს ღმერთი ისე, როგორც მან თვითონ გვამცნო, და არა ისე, როგორც ხიბლში მყოფ მეოცნებეებს ჰგონიათ, რომ უყვართ.
ნუ გამოიგონებ აღტაცებულ მდგომარეობას, ნუ მისცემ გასაქანს ნერვებს, ნუ აღაგზნებ შენს თავს ნივთიერი, სისხლის დუღილით გამოწვეული ცეცხლით. ღმერთისთვის სათნო მსხვერპლია მხოლოდ გული დამდაბლებული და სული შემუსვრილი. რისხვით უარყოფს ღმერთი თავდაჯერებით, საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენით შეპყრობილი ადამიანის მიერ შეწირულ მსხვერპლს, თუნდაც ეს განსაკუთრებული მსხვერპლი იყოს.
ამპარტავნება ნერვებს აღაგზნებს, სისხლს ადუღებს, ოცნებებს აღძრავს, ხელს უწყობს დაცემული ცხოვრების განახლებას; სიმდაბლე კი ნერვებს ამშვიდებს, სისხლის მოძრაობას აცხრობს, აღვირს ასხამს ოცნებებს, დაცემულ ცხოვრებას მოაკვდინებს და ქრისტესმიერ ცხოვრებას განაცხოველებს.
„ფრიად უმჯობეს არს მსხვერპლთა დამორჩილება და სმენად ბრძანება უფლისა უფროის ცრემლისა ვერძთასა“ (1მეფ. 15, 22), ეუბნება წინასწარმეტყველი ისრაელის მეფეს, რომელიც გაკადნიერდა და ღმერთს უკანონო მსხვერპლი შესწირა. თუ გსურს, რომ ღმერთს სიყვარულის მსხვერპლი შესწირო, ნუ გააკეთებ ამას თვითნებურად, განუსჯელ ლტოლვას აყოლილი; სიმდაბლით შესწირე მსხვერპლი იმ დროს და იმ ადგილას, სადაც და როდესაც ეს უფალს ნებავს.
ადგილი, სადაც სულიერი მსხვერპლის შეწირვა გვიბრძანეს, ერთადერთია - სიმდაბლე.
უფალმა ზუსტი და სარწმუნო სიშნებით აღბეჭდა ის, ვისაც უყვარს ღმერთი და ის, ვისაც არ უყვარს. მან თქვა: „უკეთუ ვისმე ვუყვარდე მე, სიტყვანი ჩემნი დაიმარხნეს... ხოლო რომელსა არა ვუყვარდე მე, სიტყვანი ჩემნი არა დაიმარხნეს“ (ინ. 14, 23-24).
ღმერთის სიყვარულის სწავლა გწადია? განეშორე ყოველ საქმეს, სიტყვას, აზრს, გრძნობას, რომელიც სახარებამ აგიკრძალა. განეშორე ცოდვას, ესოდენ საძაგელს ღმრთის წინაშე - ამით უჩვენე და დაუმტკიცე ღმერთს შენი სიყვარული. იმ შეცოდებებს, რომლებსაც კაცობრივი უძლურების გამო მაინც ჩაიდენ, მყისვე აღსარებით უწამლე. თუმცა უმჯობესი იქნება, თუ ფხიზლად უდარაჯებ საკუთარ სულს და არც ამ ცოდვებს გაიკარებ.
„ამისთვის შევიყვარენ მცნებანი შენნი უფროის ოქროისა და ანთრაკისა; ამისთვის ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა წარვემართე და ყოველი გზაი სიცრუვისა მოვიძულე“ (ფსალმ. 118, 127-128), ამბობს წინასწარმეტყველი. ამგვარი საქციელი აუცილებელია ღმერთის ერთგულების დასაცავად. ერთგულება სიყვარულის აუცილებელი პირობაა - ამ პირობის შესრულების გარეშე სიყვარული ინგრევა.
ბოროტისაგან მუდმივი განშორებით და სახარების მცნებების დაცვით, რაშიც სახარების მთელი ზნეობრივი სწავლება მდგომარეობს, მივაღწევთ ღმერთის სიყვარულს; ამავე გზით შევინარჩუნებთ მას: „უკუეთუ მცნებანი ჩემნი დაიმარხნეთ, ჰგიეთ სიყვარულსა ზედა ჩემსა“ (ინ. 15, 10), თქვა მაცხოვარმა.
სრულყოფილი სიყვარული ღმერთთან ზიარებაში მდგომარეობს; ასეთი სიყვარული მიუწვდომელ სულიერ ნუგეშინისცემასთან, სიტკბოებასთან და საღმრთო ნათლით განათლებასთან არის შეერთებული. მაგრამ ამ გზის დასაწყისში მოწაფეს მძიმე ბრძოლა მოუწევს საკუთარ თავთან, საკუთარ ღრმად დაზიანებულ ბუნებასთან: ბოროტება, რომელიც ცოდვით დაცემის შედეგად ჩვენს ბუნებას შეეთვისა, მისთვის კანონად იქცა - ეს კანონი ებრძვის და უჯანყდება ღმერთის კანონს, წმინდა სიყვარულის კანონს.
ღმერთის სიყვარული მოყვასის სიყვარულს ეფუძნება: როდესაც შენი სულიდან ღვარძლი ამოიძირკვება, მაშინ მიუახლოვდები სიყვარულს. როდესაც შენს გულს მთელი კაცობრიობის მიმართ წმინდა, მადლისმიერი მშვიდობა დაეუფლება, მაშინ უკვე სიყვარულის კარს მიადგები.
მაგრამ ეს კარი მხოლოდ სული წმიდის მიერ იღება. ღმერთის სიყვარული არის ნიჭი ღმრთისა ადამიანში, რომელიც თავის თავს ამ ნიჭის მისაღებად გულის, გონებისა და ხორცის სიწმინდით განამზადებს. მომზადების ხარისხის მიხედვით ეძლევა კაცს ნიჭიც, რამეთუ ღმერთი მართლმსაჯულია თავის წყალობაშიც.
ღმერთის სიყვარული მთლიანად სულიერია: „შობილი იგი სულისაგან სული არს“ (ინ. 3, 6).
„და შობილი იგი ხორცთაგან ხორცი არს“ (იქვე): ხორციელ სიყვარულს, როგორც ხორცისა და სისხლის მიერ შობილს, ნივთიერი და ხრწნადი თვისებები აქვს. მისი ცეცხლი მთლიანად ნივთიერზეა დამოკიდებული.
როდესაც წმ. წერილში კითხულობ, რომ ღმერთი ჩვენი არის ცეცხლი, და ამავე დროს საკუთარ თავში ბუნებრივი სიყვარულის ცეცხლს იგრძნობ, ნუ გეგონება, რომ ეს ორი სიყვარული ერთი და იგივეა. არამც და არამც! ისინი მტრობენ და აქრობენ ერთმანეთს (იხ. იოანე კიბისაღმწერელი, თავი მე-3). „მაქუს ჩვენ მადლი, რომლითა ვმსახურებთ ღმერთსა მოშიშებით და ღირსებით. რამეთუ ღმერთი ჩვენი ღმერთ განმლეველ არს“ (ებრ. 12, 28-29). ბუნებრივი, დაცემული სიყვარული აღაგზნებს ადამიანში სისხლს და ნერვებს, აღძრავს ვნებებს. წმინდა სიყვარული კი სისხლს აგრილებს, ამშვიდებს სულსაც და ხორცსაც, შინაგან კაცს ლოცვითი მდუმარებისკენ იწვევს, ათრობს სიმდაბლითა და სულიერი სიტკბოებით.
მრავალმა მოღვაწემ მიიღო ბუნებრივი სიყვარული საღმრთო სიყვარულად, რითაც სისხლის აღგზნება და ხიბლი დაიტეხა თავს; აღგზნების მდგომარეობა კი ძალიან იოლად გადადის გაშტერების მსგავს მდგომარეობაში. ამგვარი აღგზნებისა და გაშტერების მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ბევრმა სულიწმიდით შემოსილ და წმიდა მამებად მიიღო, სინამდვილეში კი ისინი მხოლოდ და მხოლოდ ხიბლის უმადური მსხვერპლნი იყვნენ.
ბევრი ასეთი მოღვაწე იყო დასავლეთის ეკლესიაში მას შემდეგ, რაც იგი პაპისტური გახდა; იქ მკრეხელურად მიაწერენ ადამიანს ღმერთის თვისებებს და მიაგებენ კაცს თაყვანისცემას, რომელიც ერთადერთს - ღმერთს ეკუთვნის. დასავლელმა მოღვაწეებმა მრავალი წიგნი დაწერეს თავიანთი აღგზნებული მდგომარეობიდან; ამ მდგომარეობაში მყოფებს თავისი ხიბლი საღმრთო სიყვარულად წარმოუდგებოდათ, აღგზნებული წარმოსახვა კი უამრავ ჩვენებას უხატავდა, რომელიც მათ თავმოყვარეობასა და ამპარტავნებას ეფერებოდა.
აღმოსავლეთის ეკლესიის შვილო, უფრთხილდი, ამგვარი წიგნების კითხვას, უფრთხილდი შემცდართა დარიგებების შესრულებას! სახარება და ჭეშმარიტი ეკლესიის წმ. მამათა თხზულებები დაიდე სახელმძღვანელოდ, სიმდაბლის საფეხურებით შეუყევი საღმრთო სიყვარულის სიმაღლისაკენ მიმავალ კიბეს, მუდამ თან გახლდეს ქრისტეს მცნებების დაცვა.
კარგად გახსოვდეს, რომ ღმერთის სიყვარული სული წმიდის უდიდესი ნიჭია, კაცს კი მხოლოდ ის ძალუძს, წმინდა ცხოვრებით და სიმდაბლით მოამზადოს თავი ამ უდიდესი ნიჭის მისაღებად, რომლის მიერაც იცვლება გულიც, გონებაც და ხორციც.
ამაოა შრომა - უნაყოფო და საზიანოც კი, თუ ნაადრევად ვეძიებთ საკუთარ თავში მაღალი სულიერი ნიჭების გამჟღავნებას. მოწყალე უფალი თავის დროზე უბოძებს ამ ნიჭებს მათ, ვინც მუდმივად, მოთმინებით და სიმდაბლით ასრულებს ქრისტეს მცნებებს. ამინ.
საღვთო სჯულის მოკლე გადმოცემა
წმიდა იოანე ღვთისმეტყველმა, ღრმა სიბერემდე მიაღწია და სრულიად გამოეცალა ძალა, არა იმდენად სიბერისგან, რამდენადაც ძალზე მძიმე, ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელი შრომისგან. ქრისტეს ერთგულთა კრებაზე ის საკუთარმა მოწაფეებმა მიიყვანეს. მოციქულებრივი მოშურნეობა ღვთის სიტყვის ქადაგებასა და ქრისტიანთა განსწავლას აიძულებდა. მაგრამ ღვთივგანბრძნობილ მოხუცს საუბარი აღარ შეეძლო და ამიტომ მხოლოდ ამ სიტყვებით კმაყოფილდებოდა:
-შვილნო ჩემნო! ეყვარებოდეთ ურთიერთას!
მოწაფეებს უკვირდათ ერთიდაიმავე სიტყვების მრავალგზის გამეორება და მიზეზი ჰკითხეს. ქრისტეს საყვარელმა მოწაფემ მიუგო:
-ეს მაცხოვრის მცნებაა, რომლის აღსრულებაც ღვთის სიყვარულის მერე მთელი საღვთო სჯულის მოკლე გადმოცემაა
თუ გსურს ძმაო, განმტკიცდეს შენს გულში სიყვარული ღვთისა, წარმოიდგინე ხშირად, რაოდენი სიყვარული აქვს თვთით ღმერთსა შენზედ, რაოდენი განგებულება აღასრულა ღმერთმან შენის განათლებისა და ცხოვნებისათვის.
თემა: სიყვარული ღვთისადმიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
სიყვარული ღვთისა უნდა იყოს ჩვენს გულში უმაღლესი და უმტკიცესი ყოველთა სხვათა გრძნობათა, ესრეთ რომელ ყოველი სხვა სურვილი და სიყვარული გულისა ჩვენისა ემორჩილებოდეს ღვთის სიყვარულსა.
თემა: სიყვარული ღვთისადმიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
მოთმინების სასწაული
ერთი ქრისტიანი ბერი ალექსანდრიაში გარშემორტყმული იყო მრავალრიცხოვანი კერპთაყვანისმცემლით, რომლებსაც კრავზე თავდამსხმელი მგელივით მისი გაგლეჯა სურდათ. მაძ ძირს დასცეს ბერი, სცემეს და ყოველნაირად შეურაცხყვეს. ბოლოს ერთ-ერთმა მათგანმა დაცინვით ჰკითხა:
-რა სასწაულები მოახდინა ასეთი ქრისტემ, რომელსაც ასე ადიდებთ?
ბერმა კეთილგონიერად და მორჩილებით უპასუხა:
-აი, რა სასწაულები მოახდინა მან: მე თქვენ წყენასა და დაცინვას მოთმინებით ვიტან და მზად ვარ, კიდევ მეტი მოვითმინო ქრისტესადმი სიყვარულის გამო, თუკი თქვენ ამის გაკეთებასაც მოისაზრებთ
მწუხარება ან ტანჯვა-წამება მტკივნეული, თუმცა კი - მხსნელი ოპერაციაა, რომლითაც სულის ექიმი მისგან უხეშ წანაზარდებს კვეთს; ამ აზრით, ადამიანის დასჯა, კეთილდღეობის დაკარგვა, მასზედ მწუხარებების, დანაკარგების, ავადმყოფობების მოწევნა, ტანჯულისადმი საღვთო სოყვარულის გამოვლინებაა, მსგავსად იმისა, როგორც მოყვარული მშობლები ართმევენ ბავშვს სახიფათო სათამაშოებსა და მავნე წამლებს - მისი ტირილისა და ცრემლების მიუხედავად.
წმიდანისათვის, რომელიც მოწამეობაზე მიდის, ქრისტესადმი სიყვარული ტკივილს აღემატება და აქარწყლებს მას. ჯალათის დანა მოწამეთათვის ვიოლინოს ხემზე უნაზესია. როდესაც ქრისტესადმი სიყვარული აგიზგიზდება, მოწამეობა დღესასწულად იქცევა ხოლმე: ასეთ წამებში ცეცხლი უფრო მეტად აგრილებს, ვიდრე ბანაობა, ვინაიდან მისი წვა საღვთო სიყვარულის წვაში ქარწყლდება. კანის გაძრობა ალერსად შეიგრძნობა, საღვთო სიტყვა იპყრობს გულს, თავს, და ადამიანი ხდება „შეშლილი“. ის ვერ გრძნობს ვერც ტკივილს, ვერც სხვა რაიმეს, რამდენადაც მისი გონება ქრისტეშია და მისი გული სიხარულითაა გადავსებული. რამდენი წმიდანი მიდიდოდა მოწამეობაზე და ისეთ სიხარულს განიცდიდნენ, თითქოს დღესასწაულზე მიდიოდნენ.
ყველა წმიდანი ქრისტესადმი სიყვარულის გამო აღასრულებდა გმირობას. წმიდა მოწამეებმა თავიანთი სისხლი დაღვარეს; ღირსმა მამებმა ოფლი და ცრემლი დაღვარეს და როგორც სამკურნალო მცენარეების კეთილმა მცოდნეებმა, წარმოგვიდგინეს სულიერი გამოცდილება საკუთარ თავზე. ღვთისა და ადამიანისადმი - ღვთის ხატისადმი სიყვარულის გამო მათ აწამეს საკუთარი თავი, რათა ჩვენთვის თავიანთი სულიერი რეცეპტები დაეტოვებინათ. მათი დახმარებით ჩვენ აღვკვეთთ ბოროტებას, ვმკურნალობთ სულიერ სნეულებებს და ვჯანსაღდებით და თუ კეთილზნეობრივად მივბაძავთ კიდეც მათ ღვაწლს, სიწმიდის მიღწევასაც შევძლებთ.
სულიწმიდით შეიცნობს ადამიანი უფალს, თავის შემოქმედს. სულიწმიდა თავისი მადლით ავსებს მთელ ადამიანს: მის სულს, გონებას, სხეულს; უფალმა მისცა წმიდანებს თვის მადლი და მათ შეიყვარეს უფალი, მიეკვრნენ მას, რამეთუ სიტკობება ღვთის სიყვარულისა, არ აძლევს შესაძლებლობას უყვარდეს სამყარო და მისი სილამაზე. თუ დედამიწაზე ასეა, მითუმეტეს ზეცაში, წმინდანები სიყვარულით არიან შეკავშირებული ღმერთთან. ეს სიყვარული გამოუთქმელად ტკბილია, გამოდის იგი სულიწმიდიდან და მთელი ზეციური ძალები იკვებებიან იმით. ღმერთი არის სიყვარული. და წმინდანებშიც სულიწმიდა არის სიყვარული. სულიწმიდით შეიმეცნება უფალი; სულიწმიდით იდიდება უფალი ზეცად; სულიწმიდით წმინდანები ადიდებენ ღმერთს. ბევრს ეჩვენება, რომ წმინდანები ჩვენგან შორს არიან, მაგრამ შორს არიან ისინი იმათგან, რომლებიც თვითონ დაშორდნენ და ძლიერ ახლოს არიან იმათთან, რომლებიც იცავენ ქრისტეს მცნებებს და აქვთ სულიწმიდის მადლი. ზეცაში ყველა ცხოვრობს და მოძრაობს სულიწმიდით. დედამიწაზეც იგივე სულიწმიდაა. იგი ცხოვრობს საიდუმლოებებში; იგი არის წმიდა წერილებში; იგი არის მორწმუნეთა სულებში. სულიწმიდა ყველას აერთიანებს. ამიტომაა წმინდანები ჩვენთან ახლოს. როცა ჩვენ ვლოცულობთ და მოვუხმობთ მათ, ისინი სულიწმიდაში ისმენენ ჩვენს ლოცვას და ჩვენი სულები გრძნობენ, რომ წმინდანებიც ლოცულობენ ჩვენთვის.