ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები


შრომისმოყვარეობის შესახებ

სინას მთაზე, ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვართან, სილოვანესთან ვინმე ბერი ლოცვა-კურთხევის მისაღებად მივიდა და როდესაც დაინახა, რომ იმ მონასტრის ბერები შრომობდნენ, მიმართა:
-ნუ შრომობთ დამღუპველი საჭმლისთვის, მარიამმა კეთილი ნაყოფი გამოირჩია.
ამის გამოგონე წინამძღვარმა ეკონომოსს უბრძანა:
-სტუმარს ცალკე ოთახი მიეცი და იქ დატოვე.
ეკონომოსმა წინამძღვრის ბრძანება შეასრულა. მცირე ხნის შემდეგ მუშაობით დაღლილი ბერები სადილად დასხდნენ, სტუმარი ბერი კი თავისი ოთახის სარკმლიდან გასცქეროდა მათ პურობას და მიპატიჟებას ელოდა, მაგრამ მამებმა სადილი ისე დაასრულეს, რომ სტუმარს არც კი შესიტყვებიან.
როდესაც შიმშილმა კარგად შეაწუხა, სტუმარი წინამძღვართან მივიდა და ჰკითხა:
-დღეს ბერებმა ჭამეს რამე?
-ჭამეს, - მიუგო წინამძღვარმა.
-კი მაგრამ, მე რატომ არ შემატყობინეს? - იკითხა სტუმარმა ბერმა.
-შენ სულიერებასა შინა მყოფი კაცი ხარ და საზრდო არ გესაჭიროება, ჩვენ კი ხორცში მყოფნი ვართ და გვინდა ჭამა, ამიტომაც ვშრომობთ კიდეც. შენ კი კეთილი ნაყოფი გამოირჩიე: იკითხე წიგნები და ისაზრდოე სულიერი საზრდელით.
სტუმარს თავისი ნასწრაფევი მოსაზრებით წარმოთქმული სიტყვებისა შერცხვა. წინამძღვრის წინაშე მუხლებზე დაეცა და შენდობა ითხოვა. სილოვანმა დაჩოქილი სტუმარი ფეხზე წამოაყენა და უთხრა:
-ქრისტეს მიერ საყვარელო ძმაო! როგორც გსურს, საქმეს იმ მხრიდან შეხედე, მაგრამ შრომა კი ყოველთვის სასარგებლო და საჭიროა. მარიამმაც თავისი დის - მართას გამო დაიმსახურა მაცხოვრისგან ქება. უქმად ყოფნა ხშირად ბიწიერების მიზეზი ხდება, ვინაიდან უქმად მყოფი კაცი ცუდ გულისთქმებსა და საქმეებს მიეცემა, რომელნიც მას დაღუპვის კარამდე მიიყვანს.
ყოველი კაცი ვალდებულია, იშრომოს. კაცისგან მოითხოვებოდა შრომა ცოდვაში ჩავარდნამდეც (შექმ. 2, 15) და ცოდვაში ჩავარდნის შემდგომაც (შექმ. 3, 19, 23; 5, 29). შრომა საჭიროა კაცისთვის თავისი და სხვისი საჭიროების დასაკმაყოფილებლად (საქ. მოც. 20, 34-35; 1 თესალ. 2, 9; 4, 11; 2 თესალ. 3, 8; ეფეს. 4, 28); შრომა მიანიჭებს კაცს კმაყოფილებას: „მოქმედი თვისისა ქვეყანისა განსძღეს პურითა, ხოლო მდევარი ამაოებისა, უდებებისა ანუ სიზარმაცისა აღივსოს სიგლახაკითა“ (იგავ. 12, 11; 28, 19), „მუშაკმან ქვეყანისამან აღამაღლოს მჭლეული თვისი“ (ზირაქ. 20, 28). შრომა მიანიჭებს კაცს კეთილ მდგომარეობას, ბედნიერებას, მშვიდობას, ოჯახში სიხარულს და მოსვენებას (იგავ. 31, 10-24; 22, 29). შრომისმოყვარეობის მაგალითს აღუწერს სოლომონ ბრძენი ზარმაცს შემდეგი სახით: „მივედ ჭინჭველის მიმართ, მი, ზარმაცო, და ბაძევდ მხილველი გზათა მისთა, და იქმენ უბრძენეს მისა. რამეთუ... განიმზადის ამან მკასა შინა საზრდელი... ანუ მივედ ფუტკრისა მიმართ და შეისწავე ვითარი მოქმედი არს, ხოლო მოქმედებას რავდენ პატიოსანსა ჰყოფს, რომლისა ნაშრომსა მეფენი და გლახაკნი სიცოცხლე დასდებენ" (იგავ. 6, 6-8). შრომისმოყვარეობის მაგალითი აქვს აგრეთვე გამოხატული სოლომონ ბრძენს კეთილმსახური დედაკაცის შემოქმედებაში (იგავ. 31, 10-31). ხოლო ზარმაცობა შეამთხვევს კაცს ყოველ უბედურებას: სიღარიბეს, შიმშილს, აოხრებას, დაქცევას, მონებას, უქმ-მეტყველებას, განკილვა-გაკიცხვას, ცუდ გულისთქმასა და ყოველივე ბოროტებას. სოლომონ ბრძენი ეტყვის ზარმაცს: "მი, მცონარო! ვიდრემდე სწევხარ, ხოლო ოდეს ძილისაგან აღდგე, მცირედ უკვე გეძინოს, ხოლო მცირედ გრულოდის, ხოლო მცირედ დაისხენ ხელნი შენდა, ვითარცა ბოროტი მოგზაური, სიგლახაკე" (იგავ. 6, 9-11). "ყოველმან მოძილემან (ზარმაც-მძინარამ) შეიმოსოს დაბებკული" (იგავ. 23, 21).
ზარმაცი იტყვის: "მცირედ მრულის, ხოლო მცირედ მძინავს და მცირედ ვიკრებ ხელთა მკერდსა", სოლომონ ბრძენი ეტყვის: "ხოლო უკეთო ესე ჰყო, მოვიდეს წინა მომავალი სიგლახაკე შენი" (იგავ. 24, 23). "რომელიც მისდევდეს სიზარმაცეს, აღივსოს სიგლახაკითა" (იგავ. 28, 19). "ყვედრებასა მცონარი არა ერცხვინის, ეგრეთვე იფქლისა მკასა შინა მსესხებელი" (იგავ. 20, 4) სინას მთაზე, ერთ-ერთი მონასტრის

"ეტყოდეთ თავთა თვისთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა, უგალობდით და აქებდით გულითა თქვენითა უფალსა" (ეფეს. 5, 19).
როგორ გავიგოთ ეს გამონათქვამი? ასე ხომ არა - როცა აღივსებით სულით, მაშინ იგალობეთ გულით და ბაგეებით? თუ ასე - თუ გინდათ სულით აღივსენით, იგალობეთ. ე.ი. გასარკვევია, ბაგეებით და გულით გალობა შედეგია სულით აღვსებისა, თუ ისინი საშუალებებია საამისოდ?
სულის მოძიება ჩვენ არ ხელგვეწიფება, ის მაშინ მოდის როცა ამას თავად ინებებს. და მოსვლისთანავე იწვევს ჩვენი სულიერი ძალების ძლიერ აღგზნებას. მაშინ ღვთის მიმართ გალობა თავის თავს შეერწყმის და ისღა გვრჩება, ვაცალოთ გალობას გულში იგალობოს, ან ის ენით და ხმით გამოვხატოთ, სხვათა გასაგონად...
ე.ი. მოციქულის სიტყვები ასე უნდა გვესმოდეს: თუ გსურთ აღივსებოდეთ სულით, ამისთვის იგალობეთ. გალობა სულს აღაგზნებს და იგი სულის მოძიების, ან მისი ზემოქმედების განცდის მდგომარეობაში მოჰყავს. ნეტარი თეოდორიტე გვიხნის, თუ რას გულისხხმობს მოციქული სულით აღვსებაში, როცა ამბობს: "აღივსებოდეთ სულითა" და გვიჩვენებს, როგორ მივაღწიოთ ამას, კერძოდ: "ღვთისადმი დაუცადებელი გალობით, საკუთარ თავში ჩაღრმავებით და განწყობის მუდმივი აღგზნებით". ეს იგივეა, რომ ითქვას: გულით და ხმით გამოხატული გალობის მეშვეობით.
რთული არაა იმის გაგება, რომ მთავარია არა გალობის კეთილხმოვნება, არამედ შინაარსი. მისი ზემოქმედება ისეთივეა, როგორც ზეშთაგონებით დაწერილი სიტყვისა, რომელიც აღაფრთოვანებს მკითხველს. სიტყვაში ჩადებული გრძნობა სიტყვის მეშვეობით გადაეცემა მკითხველის ან მსმენელის სულს. ასეტივეა საეკლესიო გალობაც. ფსალმუნები, ჰიმნები, საეკლესიო შესხმები თუ ოდები თავისი არსით სულით აღძრული კეთილკრძალული გრძნობების გადმოღვრაა ღვთის წინაშე. სულიწმიდა აღავსებდა თავის რჩეულებს, ხოლო მათ გრძნობების სისავსე გალობებში გამოხატეს და ვინც მათ შესატყვისად იგალობებს, ხელახლა ძალუძს განიცადოს მათში გამოხატული გრძნობები, აღივსოს მათით, მიეახლოს მდგომარეობას, როცა შეუძლია განიცადოს სულიწმიდის მადლის ზემოქმედება ან შეამზადოს თავი მის მისაღებად. საეკლესიო გალობები სწორედ იმისთვისაა შედგენილი, რომ მათი მეშვეობით აღვაგზნოთ და გავაღვივოთ ჩვენში მიმალული მადლის ნაპერწკალი. და მის გასაღვივებლად და ალად გადასაქცევად შემოღებულია სულიერი გალობები, ფსალმუნები, ჰიმნები და ოდები. ისინი მადლის ნაპერწკალზე ისევე ზემოქმედებენ, როგორც ქარი საწვავ ნივთიერებაზე მოთავსებულ ნაპერწკალზე.
მაგრამ ასეთი ზემოქმედება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ მათ გამოყენებასთან ერთად მიმდინარეობს გულის გაწმენდა, როგორც წმ. ი. ოქროპირი ამბობს, წმ. პავლე მოციქულის სიტყვებიდან გამომდინარე. წმ. მამა სხვა პირობასაც უთითებს, კერძოდ: პირველ რიგში, ისინი სულიერი უნდა იყოს, და მეორე - არამარტო ენით, არამედ გულით უნდა იგალობებოდეს...
ასე რომ, საეკლესიო გალობების შესრულებისას სულით აღვსებისათვის მოციქული გალობების სულიერებას ითხოვს და არამარტო მათ შინაარსს გულისხმობს, არამედ იმასაც, რომ ისინი სულით უნდა იყვნენ აღძრულნი და თავად წარმოდგენდნენ სულის ნაყოფს, ან სულით აღვსებული გულებიდან უნდა იღვრებოდეს. სხვაგვარად ისინი ვერ მიგვიყვანენ სულის აღვსებამდე. აქედან გამომდინარე კანონზომიერებაა: რაც ჩადებულია გალობაში, ის მიიღება მისი აღსრულებისას...
მოციქულის მეორე მოთხოვნაა, გალობები არამხოლოდ ენთ, არამედ გულითაც სრულდებოდეს. ე.ი. მარტო გალობის ცოდნა არაფერს იძლევა, არამედ მისი შეგრძნება, მისი არსის გულით განცდა და, აქედან გამომდინარე, მისი ისე შსრულებაა სასჭირო, რომ ის ჩვენი გულიდან მომდინარეობდეს.
თუ შევაჯერებთ ყოველივე ზემოთქმულს, დავინახავთ, რომ მოციქულთა ხანაში მხოლოდ ისინი გალობდნენ, ვინც განწყობილნი იყვნენ საამისოდ, სხვები კი თანაუგრძნობდნენ მათ მთელი საეკლესიო კრებული გულით უგალობდა ღმერთს და რა გასაკვირია, რომ ყველაფერი სულით სრულდებოდ? როგორი საგანძურია დაფარული საეკლესიო გალობაში, თუ ისინი ჯეროვნად აღესრულება!
წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: რას ნიშნავს სიტყვები: "უგალობდით გულთა შინა თქუენთა უფალსა?" აი რას ნიშნავს: ყურადღებით შეუდექი ამ საქმეს, რამეთუ უყურადღებონი უნაყოფოდ გალობენ, წარმოთქვამენ რა მხოლოდ სიტყვებს, როცა გული მათი სხვაგან დაეხეტება." ნეტარი თეოდორიტე ამბობს: "გულით გალობს ის, ვისაც მარტო ენა კი არ მოჰყავს მოძრაობაში, არამედ, ვინც გონებას წარმოთქმულის გაცნობიერებას აიძულებს". წმინდა მამები თვლიან, რომ ლოცვები იმ შემთხვევაში წარიმართება ღვთისაკენ, თუ ისინი გულში დამკვიდრებული გონებით აღესრულება.
ის, რის შესახებაც აქ მოციქულის მიერ საეკლესიო კრებულის მიმართაა ნათქვამი, პირად ფსალმუნთგალობასაც მიესადაგება, რომლის შესრულება ყველას შეუძლია სახლში განმარტოებით. ასეთი გალობის ნაყოფი იგივეა, თუ ის შესრულდება ჯეროვნად, ყურადღებით, გაცნობიერბით, გულით და გრძნობით. ასევე შვნიშნოთ, რომ თუმცა მოციქულის სიტყვები გალობას ეხება, იგი ამაში ღვთისადმი აღვლენილ ლოცვას გულისხმობს. და ის თავისთავად, რა თქმა უნდა, სულის აღმვსები საშუალებაა. ეტყოდეთ თავთა თვისთა ფსალმუნითა და გალობითა


უსამართლობის დათმენა

იცით, როგორ ცხარობ, როდესაც ვინმე შეცდომილს მიწოდებს?! "დიდება შენდა ღმერთო, - ვამბობ, ამ სიტყვისთვის ხომ სასყიდელს მივიღებ, წმინდანი რომ ეწოდებინათ ჩემთვის, მაშინ თვითონ ვიქნებოდი მოვალე". არ არსებობს ქვეყნად უტკბესი რამ, ვიდრე უსამართლობის დათმენაა.

ერთხელ ვიღაცამ ჩემი სენაკის გვერდით კუტიკარის რკინის ურდულზე დააკაკუნა. სტუმრების მიღების დრო ჯერაც არ დამდგარყო. გარეთ გავიხედე და ნათელი სახის ყმაწვილი შევნიშნე, რადგანაც საღმრთო მადლს ასე აშკარად გაებრწყინებინა, როგორც ჩანს, მან პირადი გამოცდილებით შეიგრძნო რაღაც - უაღრესად სულიერი. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ გადაუდებელი საქმეები მქონდა, ყველაფერი გადავდე, კარი გავუღე და სენაკში შემოვიწვიე. წყალი მივუტანე და რაკი ვხედავდი, რომ მასში დიდი სულიერება იფარებოდ, მისი ცხოვრების შესახებ გამოკითხვა ფრთხილად დავუწყე. - "რას საქმიანობ, ყმაწვილო"? - ვკითხე. - "რა საქმიანობა, მამაო, მე ხომ ციხეში გავიზარდე, ახლა 26 წლის ვარ და ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ციხეში მაქვს გატარებული". - მომიგო მან, - "ამისთანა რა ჩაიდინე, რომ ციხეში აღმოჩდი"? - გავიკვირვე. - "ბავშვობიდან ძალიან მიმძიმდა უბედური ადამიანების ცქერა, ყველა გაჭირვებულს სახელით - პირადად ვიცნობდი, როგორც ჩვენს, ისე მეზობელ მრევლში, იმ ხალხს, ვისაც უჭირდა, ან რაიმე გამოუვალ მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი. ჩვენი მრევლის მღვდელი და მამასახლისი კი აგროვებდნენ და აგროვებდნენ ფულს და მას შენობების, დარბაზების და ეკლესიის კეთილმოწყობისათვის ხარჯავდნენ. საცოდავ, გაჭირვებულ ადამიანებს არად აგდებდნენ. არ შემიძლია განვსაჯო, ნამდვილად იყო თუ არა საჭირო ამდენი მშენებლობები. უბრალოდ, იმაზე ვლაპარაკობ, რომ ძალიან ბევრ გაჭირვებულს ვხედავდი; და აი, მაშინ დავიწყე შემოწირული ფულის ჩუმად აღება, მთლიანად არ ვიღებდი, არამედ - მხოლოდ აუცილებელს. ვყიდულობდი პროდუქტს, ირველი მოხმარების საგნებს და ღარიბებს სახლის კართან ვუტოვებდი. ამის შემდეგ ძალიან მალე, რადგან არ მინდოდა, რომ დაეჭირათ უდანაშაულო ადამიანები, მივედი პოლიციაში და განვაცხადე: - "ეკლესიიდან ფული მოვიპარე და დავხარჯე". - მეტი არაფერი მითქვამს, მცემდნენ, ნაძირალას და ქურდს მიწოდებდნენ, მაგრამ ხმას არ ვიღებდი. მერე ციხეში ჩამსვეს. ამგვარად გრძელდებოდა რამოდენიმე წელიწადი. ჩვენს ქალაქში ოცდაათი ათასი ადამიანი ცხოვრობს, თითოეული მათგანისათვის ქურდი და ნაძირალა ვიყვი. ვდუმდი და მიხაროდა... ამგვარად გავატარე ციხეში მთელი სამი წელი. ზოგჯერ მხოლოდ ეჭვის გამო მიჭერდნენ, როდესაც სადმე ქურდობა მოხდებოდა, სრულიად უმიზეზოდ მე მაბრალებდნენ და როცა ნამდვილდ დამნაშავეს დაიჭერდნენ, მხოლოდ ამის შემდეგ მათავისუფლებდნენ.

მაგრამ თუ დამნაშავის დაჭერას ვერ შეძლებდნენ, სასჯელის ვადას მთლიანად ვიხდიდი. ამიტომაც გითხარი, მამაო, რომ ცხოვრების უმეტესი ნაწილი ციხეში გავატარე მეთქი".

ყურადღებით მოვისმინე მისი მონათხრობი და ვთქვი: - "აი რა, ყმაწვილო, მართალია, ყველაფერი, რაც შენ მომიყევი, ერთი შეხედვით ძალიან კარგი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში კარგი მასში არაფერია, ასე მეტად ნუღარ მოიქცევი, მე რაღაცას გირჩევ, ჩემს რჩევას დაუჯერებ"? - "დავუჯერებ"! - მითხრა მან, - "აუცილებელია, რომ მშობლიური ქალაქიდან წახვიდე. გაემგზავრე იქ, სადაც არავინ გიცნობს. მე ვიზრუნებ, რომ იქ კეთილა ადამიანებთან მოხვდე, მუშაობა დაიწყე და შეძლებისდაგვარად დაეხმარე გაჭირვებულებს. უკანასკნელი პურის ნაჭერი გაუყავი მათ, იმიტომ, რომ ამას უმეტესი ფასი აქვს, ვიდრე იმას, რასც აქამდე აკეთებდი. მაგრამ თუკი ადამიანს გლახაკისათვის მისაცემი არაფერი აქვს და ამის გამო გული სტკივა, იგი უმეტეს მოწყალებას აძლევს. ის მას მოწყალებას თავისი გულის სისხლით მიაგებს. როდესაც ადამიანი მოწყალებას იმიტომ გასცემს, რომ მას აქვს გასაცემი, იმ დროს დიდ სიხარულს განიცდის, მაგრამ თუკი არაფერი აქვს, გულისტკივილს გრძნობს". - ახალგაზრდამ მომისმინა, დამპირდა, რომ ყველაფერს შეასრულებდა და გახარებული წავიდა.

შვიდი თვე გავიდა და კორიდალის ციხიდან წერილი მივიღე, კონვერტი გავხსენი და წავიკითხე: "მამაო, ალბათ გაგაკვირვებს, რომ შენი ამდენი დარიგებისა და შენთვის მოცემული პირობის შემდეგ ისევ ციხიდან გწერ; მაგრამ იცოდე, რომ ამჟამად ვიხდი სასჯელს, რომელიც ადრე უკვე მოვიხადე; რაღაც საბედისწერო შეცდომა მოხდა, მადლობა ღმერთს, რომ ადამიანთა შორის არ არსეობობს სამართლიანობა. ის რომ ქვეყნად არსებულიყო, ეს დიდი უსამართლობა იქნებოდა სულიერი ადამიანებისადმი, რომლებიც ამის გამო ზეციურ საზღაურს დაკარგავდნენ". - ეს რომ წავიკითხე, განცვიფრებული დავრჩი ამ ახალგაზრდა კაცით, რომელმაც ასეთი მხურვალებით ითვირთა სულიერი ცხოვრება და საერთოდაც: ასე ღრმად ჩასწვდა ცხოვრების აღრმეს აზრს. ქურდი ქრისტესთვის!.. მან საკუთარ თავში ადგილი დაუთმო ქრისტეს. ის ღვთისათვის შეშლილი იყო, სადღესასწაულო სიხარულს განიცდიდა. იცით, როგორ ცხარობ, როდესაც ვინმე შეცდომილს


მიცვალებულთა შესახებ

გავიგე თქვენი შვილის უფლის მიერ მიცვალების ამბავი – სევდიანიც და სასიხარულოც. თქვენთან ერთად ვიგლოვეთ და დავიტირეთ, თუმცა ეს არ შეეფერება იმ სულს, რომელიც, ვსასოებთ, რომ ქრისტემ შეიწყნარა და გამოიხსნა ცხოვრების სატანჯველისგან, რათა საუკუნო სავანეებში განუსვენოს. ეს ქმნილება, როგორც უბრწყინვალესი და წმინდა სამკაული, დაამშვენებს თქვენს კეთილშობილ ოჯახს და ამიერიდან ჩვენთვის უფლის მიმართ მეოხების ჩაუქრობელ ლამპრად იქცევა. ქალწულება, ხანგრძლივი სნეულება და მოთმინება, მეორე ნათლობა – ანგელოზებრივი სქემა – გვაუწყებს, რომ ტკბილმა იესომ მისი სული სურნელოვანი საკმეველივით მიიღო. ნუ დარდობთ, გევედრებით, არამედ გიხაროდეთ, რადგან ღვთის საგანძურში თქვენს შეწევნად დიდი განძი, დიდი თანხა შეიტანეთ. სიკვდილი ხანმოკლე განშორებაა, რადგან დედამიწაზე მოსულმა ქრისტემ ნათელი მოჰფინა სიკვდილის ბნელ საიდუმლოს: „რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღათუ-კუდეს, ცხონდესვე... მე ვარ აღდგომაი და ცხოვრებაი“ (იოან. 11, 25). გულითადად გისურვებთ წმინდა ღმერთმა მოგმადლოთ მოთმინება, ნუგეში და განწმენდილი აზრები, რომ წარემატოთ სულიერებაში.

2. იცი, როგორ ითხოვენ მიცვალებულები შეწევნას! სიკვდილის შემდეგ სინანული არ არსებობს, ისინი კი ადამიანები იყვნენ, ამ ქვეყნიდან ბიწითა და მწიკვლით წავიდნენ და ხედავენ, თუ როგორი შეწევნაა მათთვის ცოცხალთა დახმარება, რომ მიზანს მიაღწიონ და განსვენება პოვონ. ამიტომ ასე სწყურიათ, ითხოვენ, ენატრებათ ვინმემ მოიხსენოს; სურთ, მათ ნათესაობაში მოიძებნოს მღვდელი ან სათნო ქრისტიანი, რომელიც მათზე იზრუნებს.
მოგითხრობ ერთი ეპისკოპოსის ხილვის შესახებ. როცა წლების წინ ერთად ვწირავდით, მან თვითონ მიამბო ერთ მღვდელზე, რომელსაც სასმელმა სძლია და ხშირად თვრებოდა. ასე გრძელდებოდა წლების მანძილზე. სხვა მხრივ ის პატიოსანი და კრძალული იყო. ერთ დღეს, ჩვეულებისამებრ, დალია, დათვრა და სანამ კარგად გამოფხიზლდებოდა, წავიდა და წირვა დააყენა. ღვთის დაშვებით, უფლის ხორცი და სისხლი ხელიდან გაუვარდა! საბრალო შიშისგან გაიყინა. ის იმ დიდ ეპიტიმიაზე ფიქრობდა, ეპისკოპოსი რომ მისცემდა.
აღსარების შემდეგ ეპისკოპოსმა უთხრა: „წადი, შეგატყობინებ, როდის მოხვიდე და ეპიტიმიას მოგცემ“. მარტო დარჩენილმა ეპისკოპოსმა ფიქრისა და განსჯის შემდეგ აიღო კალამი, რომ მისი მღვდელმსახურებისგან დაყენების განჩინება დაეწერა. ამ დროს მის თვალწინ ფილმის კადრებივით გაიარა უამრავმა ხალხმა, ყველანაირი სახის, ასაკისა და საზოგადოებრივი ფენის ადამიანმა. ამ ხილვისგან ეპისკოპოსი გაოგნდა, მაგრამ ამავე დროს შიშმაც მოიცვა. ყველა ერთხმად ეუბნებოდა: „თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, არ დასაჯოთ მღვდელი, ნუ დააყენებთ მას მღვდელმსახურებისგან“. ამის შემდეგ ისინი ნელ-ნელა გაუჩინარდნენ.
ეპისკოპოსმა თავისთან იხმო მღვდელი. საბრალო შეშინებული იყო და ფიქრობდა, რომ მღვდელმსახურებისგან დააყენებდნენ. ეპისკოპოსი ეუბნება: „მითხარი, წირვაზე ბევრ სახელს იხსენებ?" მღვდელი პასუხობს: „კვეთას დიდხანს აღვასრულებ, მეუფეო და ყველას ვიხსენებ – მეფეებიდან, იმპერატორებიდან დაწყებული უკანასკნელ მათხოვრამდე“. მაშინ ეპისკოპოსი ეუბნება: „კარგი, წადი, წირვაზე რაც შეგიძლია მეტი მოიხსენე და გაფრთხილდი, რომ აღარ დათვრე. ღმერთმა შეგინდოს“. შემდეგ კი, ღვთის შეწევნით, მღვდელიც გათავისუფლდა მემთვრალეობის ვნებისგან.

3. მივიღეთ დეპეშა ჩვენი საყვარელი დის გარდაცვალების შესახებ, რამაც ადამიანურად ძალიან დაგვამწუხრა. ამას მოჰყვა ცრემლები, რომლებიც სულების ერთობაზე მოწმობს. ეს ქრისტესმიერი სიყვარულის ურღვევი კავშირის შედეგია.
მაგრამ, ამავე დროს, უნდა გვიხაროდეს იმ დიდი „მონაგების“ გამო, რომელიც ღმერთმა არგუნა. პირველი ის, რომ დაიცვა ქალწულება – სპეტაკი სულის სამოსლის დიდებული სამკაული. მეორე – წლების მანძილზე ითმენდა სნეულებას, რომლითაც მას უფალი ევლინებოდა. მან თავისი ჯვარი სრულყოფილების წმინდა გოლგოთამდე ატარა და იესოს ჭეშმარიტ მოწაფედ იქცა. მესამე ის, რომ მას მიეცა ანგელოზებრივი სქემა, რომელიც წმინდა მამებმა მეორე ნათლობად დაადგინეს და ის ახალი ცოდვებით აღარ შეუბღალავს!
ასე რომ, იგი სინანულის ნათლობით განწმენდილი წავიდა. ტკბილმა იესომ მას უკვე თავისთან მოუხმო, რათა ღმერთკაცის სახის მზერით უმაღლესი ნეტარება მიიღოს. იქ სამუდამოდ გაუწევს მეოხებას არა მარტო თავის მშობლებსა და ნათესავებს, არამედ მთელ ქვეყნიერებას.
განკვირვებაში მყოფმა ანტონი დიდმა იხილა საკუთარი თავი, როცა ანგელოზებს ზეცაში აჰყავდათ ისე, როგორც გარდაცვალების ჟამს ხდება, ხოლო მოწინააღმდეგე ძალები – ეშმაკები საზვერეებში აბრკოლებდნენ და ბრალს სდებდნენ ჩადენილი ცოდვების გამო. წმინდა ანგელოზები პასუხობდნენ: „მონაზვნად აღკვეცამდე ჩადენილი ცოდვები ღმერთმა იმ წამს შეუნდო, როცა სქემა შეიმოსა, თქვენ მხოლოდ სქემის შემოსვის შემდეგ ჩადენილი ცოდვების დასახელების უფლება გაქვთ“. ანგელოზთა ამ სიტყვების შემდეგ ეშმაკებმა ბრალი ვეღარ იპოვეს და დაუბრკოლებლად მოხდა მისი ზეცაში ამაღლება.
გავიგე თქვენი შვილის უფლის მიერ მიცვალების

გარყვნილება, ოჯახების დანგრევა და აბორტთა რაოდენობის ზრდა - ურთიერთდაკავშირებული პროცესებია. ამ უკანასკნელ წლებში მრავალი ეკლესია გახდა მოქმედი, მიმდინარეობს ძველ ტაძართა აღდგენითი სამუშაოები, შენდება ახლები, მრევლი ეკლესიებში სულ უფრო იზრდება. მაგრამ ამავე დროს აბორტთა სტატისტიკის მაჩვენებელი არ კლებულობს. რით აიხსნება ამგვარი პარადოქსი? საერთოდ, მოქმედი ეკლესიები და წირვალოცვაზე დამსწრე მორწმუნეთა რაოდენობა გარეგნულად განსაზღვრავს ერის სულიერებას, ეს, თუ შეიძლება ითქვას, მისი მატერიალური ორიენტირია. მაშ, რა ხდება? - ბოროტების შავბნელი სამყარო ქრისტიანობასთან ბრძოლაში უკან არ იხევს და თუ დაიხევს, მხოლოდ იმისთვის, რათა სხვა სტრატეგიული პოზიციები დაიკავოს. ეკლესია - ის სულიერი გარემოა, სადაც ადამიანის სული ღმერთს მიეახლება. თვინიერ ამისა, ტაძრები, რაოდენ ბევრიც არ უნდა იყოს, ყოფილი სულიერების სასაფლაოზე მხოლოდ საფლავის ქვებიღა დარჩება. ტაძრები იკურთხება, მაგრამ ამის პარალელურად გაცილებით ინტენსიურად იხსნება დაკანონებული ან შენიღბული „საროსკიპოები“, ღამის კლუბები, ვიდეოთეკები და ა.შ. რელიგიურ ლიტერატურას გამოსცემენ, მაგრამ ამის გვერდით გაცილებით ფართო მასშტაბით გამოდის რაც შეიძლება აშკარად გამოხატული ბილწი, აღვირახსნილი პორნოგრაფიული ლიტერატურა, კინოფილმები, ვიდეოფილმები და სხვა სულიერი საწამლავი, რომელიც ნარკომანიაზე მეტად წამლავს თანამედროვე საზოგადოებას: ბავშვებს იმ ცხოვრებანანახ მოხუცებად აქცევს, რომლებსაც უკვე ყველანაირი გარყვნილება გამოუცდიათ, ხოლო მხცოვანებს ასაკს ავიწყებს და გულარძნილ, უწესო ჭაბუკთ ამსგავსებს.
ხალხი ცინიზმისა და გარყვნილების გარემოში ცხოვრობს. მათი სითავხედე იქამდე მიდის, რომ უმანკოებისა და სირცხვილის განცდას სიბნელედ, ძველ გადმონაშთად ანუ ატავიზმად აცხადებენ. გახრწნილება გადმოგვყურებს მაღაზიის ვიტრინებიდან, რეკლამებიდან, ჟურნალების ფურცლებიდან. სექსითა და გარყვნილებით გაჟღენთილი ადამიანები უგრძნობი გვამებივით დგანან ტაძრებში. გარყვნილების მიკრობი - ყველაზე საშიში ბაქტერიაა. მხოლოდ ხანგრძლივი მონანიებითა და წლების მანძილზე დაუღალავი ბრძოლით არის შესაძლებელი სიბილწის ბაქტერიის თავიდან მოცილება და ღმერთთან მიახლება, თანაზიარება. სწორედ ამიტომ აღვირახსნილების ამ მორევში, დამახინჯებულ მგრძნობელობაში, ცინიზმში, ველურ, მაგრამ დახვეწილ გარყვნილებაში ეკლესია მხოლოდ მცირედთათვის რჩება საკურნებელ საავადმყოფოდ, ხოლო უმრავლესობისთვის მორგად იქცევა, სადაც სინანულისა და საკუთარ ვნებებთან ბრძოლის გარეშე ადამიანები ხრწნად გვამებს ემსგავსებიან. სატანამ იცის რასა იქმს! ადამიანის სულის შინაგანი ტაძრის გახრწნით და სინანულის განცდის ჩახშობით, მას უკვე აღარ ეშინია იმ ტაძრებისა, რომლის წინაშეც ჯერ კიდევ გუშინ თრთოდა და კანკალებდა. ჩვენ იმ ადამიანებს ვგავართ, რომელთათვისაც საავადმყოფოებს აშენებენ, მაგრამ იმავდროულად გვერდით ათეულობით ატომურ რეაქტორს უდგამენ, რომელიც სასიკვდილო გამოსხივებას უშვებს. ჯერ რადიაციის დოზა მიიღე, მერე წადი და იმკურნალე! გარყვნილებით შებილწული სული, როგორც წესი, უკვე უძლური ხდება თვითგანმტკიცების, მძიმე შრომისა და ვნებებთან დაუღალავი ბრძოლისთვის. ასე იქმნება ჩაკეტილი წრე!
ყოველი ცოდვა განვითარების რამდენიმე ფაზას გადის. ვიდრე ქალი საკუთარი შვილის მკვლელობას განახორციელებს, შინაგანად მთელ რიგ ცოდვებს ჩადის, რომლებიც ჯაჭვის რგოლებივით გადაბმულია ერთმანეთზე. დედამ რომ შვილი მოკლას, უპირველეს ყოვლისა მისდამი სიყვარული უნდა ჩაიხშოს გულში. ეს უკვე განდგომაა ქრისტესგან, რომელიც თავად არის სიყვარული და რომელმაც თქვა: „აცადეთ ყრმებსა მაგას მოსვლად ჩემდა“ (მათ. 19, 14).
ასევე ქალმა უნდა მოისპოს მასში ბუნებრივად არსებული დედობრივი ინსტინქტი და ამით ნადირზე უარესი გახდეს, რადგან ცხოველებშიც კი დედობრივი ინსტინქტი იმდენად ძლიერია, რომ ისინი სიცოცხლესაც კი წირავენ ნაშიერის გადარჩენისთვის. შემდეგ დედამ უნდა შინაგანად გაიუცხოვოს საკუთარი შვილი, უყუროს მას არა როგორც საკუთარ სისხლსა და ხორცს, არამედ როგორც ორგანიზმში არსებულ უცხო სხეულს, რაღაცა სიმსივნეს ან კისტას, რომელიც უნდა მოიკვეთოს. მან უნდა უარყოს საუკუნო ცხოვრების მნიშვნელობა, მან უნდა წაართვას ბავშვს ცხონების უფლება, რადგან უნდა დატოვოს იგი ნათლისღებისა და ეკლესიასთან თანაზიარების გარეშე. ის უარყოფს ღვთის უფლებას ამ ბავშვზე და თვლის, რომ შეუძლია მოეპყროს მას როგორც ნივთს. ის ამავე დროს ღვთის განგებას უარყოფს და ფიქრობს, რომ ვერ გაზრდის ამ ბავშვს. იგი ძველი და ახალი აღთქმის უარმყოფელია, რომელშიც ნათქვამია: „არა კაც-ჰკლა“.
უპირისპირებს რა ბავშვის სიცოცხლეს - პირად კეთილდღეობას, დედა უარს ამბობს საკუთარ ჯვარზე, უფრო მეტიც, ბავშვის მკვლელობით ის ფეხქვეშ თელავს მის კუთვნილ ჯვარს. დედა, რომელიც შვილს კლავს, შინაგანი სინდისის ხმას ახშობს თავისთავში და საკუთარი ზნეობის მკვლელი ხდება. ბავშვის მკვლელობა ცხადყოფს, რომ ასეთი დედა უმაღლეს ფასეულობად თავისთავს მიიჩნევს. ე.ი. რაფინირებული ეგოიზმისა და ეგოცენტრიზმის პირდაპირი გამოვლინებაა.
დედა, თავისი ჩვილის მოკვლით დემონთან ერთსულოვანი ხდება, სატანასთან, რომელზედაც მაცხოვარმა თქვა: „იგი კაცისმკვლელი იყო დასაბამითგან“ (იოანე 8, 44).
ბავშვის ფიზიკურად მოკვლამდე დედა მას ჯერ თავის გულსა და ფიქრებში კლავს და შვილი, რომელიც ორგანულ კავშირშია მასთან, ინსტინქტურად გრძნობს ამას. ის შფოთვას იწყებს. ჯერ კიდევ ფიზიკურ წამებასა და მკვლელობამდე, ბავშვი წინასწარ გრძნობს მთელ ამ საშინელებას.
საკუთარ შვილთა მკვლელი მშობლები მთელი კაცობრიობის მტრები არიან. ისინი კაცობრიობის აწმყოს მტრები არიან, რადგან მთელი საკაცობრიო ოჯახის კუთვნილ არსებებს ანადგურებენ; ისინი დამნაშავენი არიან კაცობრიობის მომავლის წინაშეც, რადგან მშობელთა ზნეობრივი დანაშაულები ნერვულ დაავადებებსა და შთამომავლურ სიგონჯეში ტრანსფორმირდება. ისინი კაცობრიობის მტრები არიან იმიტომაც, რომ თავიანთი დანაშაულით ზრდიან და აძლიერებენ შავი, დემონური, დამანგრეველი ძალების ველს, რომელიც მუქი ღრუბელივით ჩამოსწოლია დედამიწას. დანაშაულთა სისხლი ზეცამდე აღწევს და ღმერთს შეჰღაღადებს, ჩვილთა ამ ჰეკატომბას კაცობრიობის სხვა ცოდვებიც ერწყმის და რისხვად გვატყდება მიწისძვრებისა და კატაკლიზმების, ატომური ომის, საყოველთაო შიმშილის, განუკურნებელი სენებისა და სხვა უბედურებების სახით.
სოლომონის იგავებში ნათქვამია: „წარსაწყმედელსა შინა უღმერთოი იგი მოიტაცების“ (იგავ. 10, 24). ვინც უდანაშაულო ჩვილების სისხლით ცდილობს, ილუზორული ბედნიერება და სიამტკბილობის უფლება იყიდოს (რომელსაც არაფრის გამო არ დათმობს), ის მსოფლიო ტრაგედიას აჩქარებს, იმ დროს აახლოებს, როცა მსხვერპლთა სისხლით გაჟღენთილი დედამიწა ხანძართა ალში, შიმშილსა და ომის ქარცეცხლში ტანჯვისგან „მოიკრუნჩხება“. გარყვნილება, ოჯახების დანგრევა და აბორტთა


საახალწლო ეპისტოლე - 1982

სრულიად საქართველოს ღვთივკურთხეულ შვილებს!


უსასრულო ჟამთმდინარებას შეერთო მადლშემოსილი ძველი წელი და უფლის ნებით ზეგარდამოვიდა ქვეყნად ახალი, 1982 წელი.
წარსულ წელს ქართველმა ერმა იაკობის ძალა გამოავლინა შრომაში, მეცნიერებაში, ტექნიკაში, სულიერ ცხოვრებაში ჩვენი სამშობლოს ბედნიერი მომავლისათვის, - მერმისი დღისათვის, რომლისთვისაც ბრძანებს მოციქული პავლე: ეგრეთცა აღდგომაჲ მკუდართაჲ: დაეთესვის ხრწნილებით და აღდგების უხრწნელებით; დაეთესვის გინებით და აღდგების დიდებით; დაეთესვის უძლურებით და აღდგების ძლიერებით; დაეთესვის ჴორცი მშჳნვიერი და აღდგების ჴორცი სულიერი (1 კორ. 15,42-44).
სამშობლოს უკეთესი მომავლისათვის მეცადინეობა ყოველი ჩვენგანის ვალია. რათა "ივერი აღდგეს ძლიერი და დადგეს ერად სხვა ერთა შორის. წმიდით საყდარით, ენით მდიდარით, სწავლისა შუქით განათებული!.." ეს ეხება ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს, როგორც სულიერს, ისე მატერიალურს, პირველყოვლისა, ეს ეხება ქართულ ენასაც.
ძველქართული პოეზიის ბწყინვალე ძეგლის, "ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲს", ავტორი ღირსი მამა იოანე-ზოსიმე ამბობს: "და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან".
წმიდა ოთხთავის მიხედვით, ლაზარე მეგობარი იყო ქრისტესი. იგი მკვდრეთით აღადგინა მაცხოვარმა, ხოლო მის დებს, როგორც ძმის ჭირისუფლებს, სამარადისო ცხოვრება აღუთქვა. აზრი ნათელია, ღმრთის ნებით, ქართული ენა მკვდრეთით აღდგენილ წმიდა ლაზარესთან არის გაიგივებული, ხოლო მის ჭირისუფლად შერაცხულია მთელი ქართველი ერი, რომელიც ვალდებულია დღენიადაგ უფრთხილდებოდეს, ზრუნავდეს მისთვის, ვითარცა მართალი იოსები იფარავდა მტერთაგან ჩვილ ყრმას, მაცხოვარს ჩვენსას იესო ქრისტეს.
მადლობა უფალს, ჩვენს კურთხეულ მიწა-წყალზე წინაპართა ნაკვალევი სანთლით საძებარი არა გვაქვს. მიწიერი საქართველოს მთა და ბარიდან 15 ათასზე მეტი ისტორიული ძეგლი შეღაღადებს ზეციურ საქართველოს! ქართველი კაცი სადაც ბარს დაჰკრავს, დღის სინათლეზე გარდასული დიდების უტყვი მოწმენი ამობრწყინდებიან. ყოველი მათგანის მდიდარ ისტორიას მხოლოდ ძუნწი წარწერა გვამცნობს. დგას ქართველი კაცი დიდებული ქართული ტაძრის წინაშე და რაოდენ სავალალოა, რომ მასზე ამოტვიფრულ წარწერას ვერ კითხულობს. სამწუხაროა, რომ დღეს ძველქართული (ასომთავრული და ნუსხა ხუცური) მხოლოდ ენათმეცნიერების საქმედ იქცა.
გვახსოვდეს, ასომთავრული და ნუსხა-ხუცური დამწერლობის ხმარებიდან განდევნით ჩვენივე ნებით ვაშენებთ ყრუ კედელს წარსულსა და მომავალს შორის. თანამედროვე ქართველი კაცისათვის თანდათან უცხო და გაუგებარი ხდება უძველესი ქართული გამოცემები, თუმცა ისინი იმავე ღვთიური მადლით გასხივოსნებული, დინჯი და დარბაისლური ქართულით გვიამბობენ ერის გარდასული ცხოვრების ჭირსა და დალხინებას.
ჯერ კიდევ მე-10 საუკუნეში ჩვენს დიდ წინაპრებს მთელი სიღრმით შეუცვნიათ მშობლიური ენის საღვთისმეტყველო ბუნება და რელიგიური ძალისხმევა: "დამარხულ არს ენა ქართული დღემდე მეორედ მოსლვისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა". ღვთის შთაგონებით ასეთი განუზომელი მისია დააკისრეს ქართულ ენას ქრისტიანობის შესანიშნავმა აპოლოგეტებმა, რიაც ავალებს ყოველ ქართველს, უძველეს ანბანთა - ასომთავრულისა და ნუსხა ხუცურის ცოდნას.
სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენი ხალხი პატრონობას უწევს ისტორიულ ძეგლებს, აღადგენს და მეორე სიცოცხლესაც უბრუნებს მათ. ამ ღვთიურ და ეროვნულ საქმეში გადამწყვეტი სიტყვა ახალგაზრდობას ეკუთვნის. კარგი იქნებოდა, თუ ასეთივე შემართებით დაეუფლებოდა იგი ძველქართულ დამწერლობას, რათა ყოველ ახალ ძეგლთან შეხვედრისას აღარ დაგვჭირდეს ენის სპეციალისტთა მოხმობა ტაძრისა და მონასტრის კარიბჭეზე აღბეჭდილი წარწერის ამოსაკითხად.
ჩვენი სამეცნიერო დაწესებულებები სათანადო ყურადღებას უთმობენ ძველქართული დამწერლობის გავრცელების საქმეს, მაგრამ ქართული ანბანის ტაბულებისა და პარალელური ტექსტების გამოცემა არ მოგვცემს იმდენ სარგებლობას, რამდენსაც ძველი დამწერლობის თანმიმდევრული შესწავლა.
ყოველმა საშუალო სკოლადამთავრებულმა უნდა იცოდეს ასომთავრული და ნუსხა ხუცური წერა-კითხვა. ამ საშვილიშვილო საქმეში დაუფასებელი დახმარების გაწევა შეუძლიათ ძველი ქართული ენის მასწავლებლებს.
დღეს წმიდა ეკლესია ერთადერთი სავანეა, სადაც მოკრძალებით შეფარებულია და ყოველდღიურად იკითხება ძველქართული დამწერლობა, რამეთუ ყველა საეკლესიო წიგნი ხუცურადაა დაბეჭდილი. უფლის შემწეობით, ჩვენს ერში მორწმუნენი მრავლად არიან, მაგრამ ძველქართული დამწერლობის მცოდნენი მცირედნი: ქართველ მრევლში იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც შეეძლოს მედავითნეობა გაუწიოს მოძღვარს, რაც ბევრ დაბრკოლებას უქმნის წირვა-ლოცვის დაყენებას.
ვთხოვ ქართველ მორწუნეთ, გამოიჩინონ სიბეჯითე და გულმოდგინება, შეისწავლონ ასომთავრული და ხუცური დამწერლობა. არ მოშალონ ხიდი - აკვედუკი, გადებული სახელოვან წარსულსა და ბედნიერ მომავალს შორის, როგორც ერთადერთი გზა, რომლითაც მოაღწია ჩვენამდე ენამ, რწმენამ და ქართველი კაცის გენიამ.
ძველქართული დამწერლობის ცოდნა ყოველი ქართველის ვალია. იგი ფარად და მახვილად ეპყრა მოციქულთა სწორ წმიდა ნინოს, რომელმაც ქართველი ერი საბოლოოდ აზიარა ქრისტეს რწმენას. ძველქართულ ენაზე მეტყველებდნენ ქართველი წმიდანები; ღირსნი მამანი და დედანი, რომელთა ღვაწლი განუზომელია ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოსთვის, მისი წარსულის, აწმყოსა და მომავლის ნათელყოფაში.
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ღვთივკურთხეულო შვილებო, გისურვებთ მზეგრძელობას სულიერებასა და ქრისტესმიერ სიყვარულს. შევთხოვ ქვეყნის შემოქმედს, ახალი წელი ყოფილიყოს საწინდარი მარადიული მშვიდობისა, რათა 2000 წელს ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს დედამიწაზე მოსვლის ოცსაუკუნოვან სიხარულს ჩვენი პლანეტა შეხვდეს აყვავებული და სვებედნიერი. ამ ახალმა წელმაც გაგიღოთ კარნი ახალ მიღწევათა, კვლავაც მშვიდობის მზის ქვეშ იფურჩქნებოდეს ერის ცხოვრება.
ნეტარ იყვნენ მშჳდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ (მათე 5,9). სულგრძელ იყავით ყოველთა მიმართ; კეთილს უყოფდეთ ურთიერთს; სულსა ნუ დაივიწყებთ; ღმერთისა მიმართ ილოცვიდეთ; მარადის გიხაროდენ!
ღმერთი თქვენთან არს ყოველთა დღეთა და უკუნითი უკნისამდე. ამინ!

1982 წელი, იანვარი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სრულიად საქართველოს ღვთივკურთხეულ

image
image თემა: ახალი წელი
ავტორი: ილია II

საშობაო ეპისტოლე - 1992

საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ერთგულ, ღვთივკურთხეულ შვილს:


ქრისტესმიერ საყვარელნო ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, დანო და ძმანო, ღვთისმშობლის საფარველით დაცული ღვთივკურთხეული ივერიის მკვიდრნო, უცხოეთში მცხოვრებო თანამემამულენო. მოგვეახლა ბრწყინვალე დღესასწაული ქრისტეს შობისა, მაგრამ ამ დიდებულ ზეიმს საქართველო სევდიანი ხვდება.
ძმათა სისხლისღვრით გამოწვეული ტკივილი ბოლომდე გაცნობიერებული არც არის. ტრაგედია მოხდა, მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელ სწორ გზას ვერ ვიპოვით, თუ მოვლენებს მიუკერძოებლად არ გავაანალიზებთ და ყველასთვის სამწუხარო შედეგის მიზეზებს არ აღმოვფხვრით.
საქართველოს ისტორიაში მოხდა მეტად სავალალო ფაქტი: ერი დაიყო. ქალაქებსა და სოფლებში, სამსახურებში მოსახლეობა დაუპირისპირდა ერთმანეთს: დაუპირისპირდნენ თაობები, ოჯახის წევრები...
შექმნილმა მდგომარეობამ იმდენად იმოქმედა ხალხის ფსიქიკაზე, რომ მასა ეგზალტირებული და არაწმიდა ძალის მიერ ადვილად სამართავი გახდა.
ადამიანები გაბოროტდნენ, გახშირდა ცილისწამება, მკვლელობა, კიდევ უფრო დაეცა ზნეობა, დადგა ჟამი განუკითხაობისა.
მოსახლეობის ნაწილის გაღიზიანება გამოვლინდა ეკლესიის მიმართაც. იმის ნაცვლად, რომ ეკლესია თვითონ დაეცვათ პოლიტიკისაგან და ამ მძიმე ჟამს ერის ერთობის, მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის აღევლინათ გულმხურვალე ლოცვა ღვთისადმი, მას დაპირისპირებულ მხარეთა შორის არჩევანის გაკეთება მოსთხოვეს.
განა შეიძლება, ეკლესია დადგეს პოლიტიკის გამო ორად გახლეჩილი ერის რომელიმე მხარეს და თავისი მხარდაჭერით მისცეს მორალური უფლება ერის ერთ ნაწილს მეორის გასანადგურებლად?
ჩვენს წინ რომ უცხო მტერი ყოფილიყო, პირველნი შევეგებებოდით მას, მაგრამ ჩვენს სამწყსოში, ჩვენს შვილებს შორის არჩევანის გაკეთების უფლება არ გვქონდა.
განა ზნეობრივია, დედამ განასხვავოს შვილები ერთმანეთისგან, თუ ყველა ღონე უნდა იხმაროს ძმათა შორის შუღლის დასაცხრობად?
ეკლესიამაც, ვიდრე იყო ამის შესაძლებლობა, არაერთხელ სცადა დაპირისპირებულ მხარეთა შერიგება და მათ შორის არსებული პრობლემების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა.
მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქოში გამართულმა ადრინდელმა შეხვედრებმა ნაყოფი არ გამოიღო, ეკლესია მზად იყო და გამოთქვა სურვილი, მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, 21 დეკემბერს კვლავ მოლაპარაკებისთვის ეხმო ორივე მხარის წარმომადგენლებისთვის, მაგრამ ეს წინადადება არ იქნა მიღებული... და ჩვენ დაგვრჩა ერთადერთი საშუალება მოქმედებისა - ლოცვა; რაც დიდი სასოებით აღევლინებოდა ჩვენს ტაძრებში.
ლოცვას რომ უდიდესი ძალა აქვს, იცის ყველა ჭეშმარიტმა მორწმუნემ; რწმენით აღვლენილი სავედრებელი ყოვლისშემძლეა. თვით უფალი ბრძანებს: "უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ და არა შეორგულდეთ... ჰრქუათ თუ მთასა ამას: აღიფხუერ ამიერ და შთავარდი ზღუასა! - იყოს ეგრე. და ყოველსა რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოებით, გეყოს თქუენ" (მათე 21,21).
ამ განსაცდელის ჟამს ჩვენმა ხალხმა სწორედ ლოცვა დაივიწყა, აუმღვრეველი გულით ლოცვა. დაივიწყა, რომ ღვთის ხელშია ყოველი, რომ "არა ცხონდების მეფე მრავლითა ძალითა თუისითა და გმირი არა განერეს სიმრავლითა ძალისა მისისათა" (ფსალმუნი 32,16) და რომ მხოლოდ "უფალი არს ძალ ერისა თვისისა". "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქვენ" - ბრძანებს მაცხოვარი.
ახლახანს მომხდარი მოვლენები მიგვანიშნებენ, რომ იწყება ჩვენი განწმენდა მწუხარებისა და ტანჯვის გზით. მაგრამ ეს პროცესი ხალხში ჯერ კიდევ გაუცნობიერებლად მიმდინარეობს. საჭიროა მეტი სულიერება, მეტი გულისხმისყოფა.
ადამიანები იბადებიან, კვდებიან, მათი სიცოცხლე ქრება ჩვენს თვალწინ... ჩვენი შინაგანი სამყარო კი უგრძნობი რჩება, თითქოს ეს ყველაფერი სხვაგან ხდებოდეს. არასწორად ვფიქრობთ წუთისოფელზე, მარადიულ ცხოვრებაზე; გვავიწყდება, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს სულის სიკვდილს, არამედ - მის მეორედ დაბადებას, სულის განთავისუფლებას გვამის სიმძიმისაგან. და ვიდრე ჩამოკრავს საბედისწერო წუთი გარდაცვალებისა, უნდა ვიზრუნოთ განწმენდაზე, შინაგან ფერისცვალებაზე.
მძიმეა ჩვენი ცხოვრება. უღმრთოების მრავალწლიანმა უღელმა უკიდურესად გამოფიტა ერის სასიცოცხლო ძალები. ხალხის ზნეობრივი დაუძლურების მიზეზი ღვთის მადლისა და ეკლესიური ცხოვრებისაგან დაცილებაა, ანუ მოშორება იმ საყრდენისა, რომლის დახმარებითაც სწორად უნდა გვეცხოვრა. სამოცდაათწლიანმა ბატონობამ თავისი დაღი დაასვა ჩვენს სულს; მაგრამ მართალნი არ ვიქნებით, თუ პასუხისმგებლობას მოვიხსნით და ქრისტიანობისაგან ჩვენს განდგომას მხოლოდ ძალმომრეობით ავხსნით.
რატომ იყო, რომ წარსულში, არანაკლები შეჭირვების ჟამს, სარწმუნოების შეცვლა იშვიათობას წარმოადგენდა, ახლა კი მოწამეობრივი ღვაწლის მტვირთველნი ერთეულებიღა დარჩნენ.
რა არის მიზეზი ამისა? - ისევ და ისევ ეკლესიისაგან განდგომა. ეს სენი საერთო საკაცობრიოა. მეოცე საუკუნეში მეცნიერებისა და ტექნიკის სწრაფმა აღმავლობამ ადამიანი აღავსო ამპარტავნებით და გაუჩინა ცრუ ილუზია იმისა, რომ იგი საკუთარი გონებითა და ძალით შეძლებდა ნამდვილად ბედნიერი ცხოვრების მოწყობას. ღვთისა და ეკლესიის მორჩილება "უმწიფარი" კაცობრიობის ისტორიულ ეტაპად იქნა განხილული, მაგრამ მოჩვენებითი "სრულწლოვანება" საბედისწერო აღმოჩნდა. საკუთარ თავს მინდობილი კაციბრიობა მოსწყდა ღმერთს და ბოროტის ბადეში გაეხვია. უტყუარი ნიშანი ამისა თანამედროვე ადამიანის ზნეობრივი დაცემა და გადაგვარებაა.
დღეს ბგვრს ჰგონია, რომ იგი მორწმუნე ქრისტიანია, მაგრამ სცდება. პიროვნებისათვის დამახასიათებელ რელიგიურ გრძნობას ისინი ხშირად რწმენად მიიჩნევენ. სინამდვილეში კი, რელიგიური გრძნობა არის მხოლოდ ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ღვთის შემეცნებისა. ნამდვილი რწმენა კი შედეგია ამა თუ იმ პიროვნებაში ღვთის განცხადებისა და მისი სრულყოფა სარწმუნოებრივი ცხოვრებით ხდება.
ჭეშმარიტებისაკენ მიმავალ გზაზე ცალკეულ ადამიანს თუ ერს თვით ღმერთმა დაუდგინა მეგზურად და მასწავლებლად ეკლესია, - "სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა", უძლურება ბოროტისა, რამეთუ იგია შეურყვნელი დამცველი ღვთის სიბრძნისა. უფალი ბრძანებს: "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათე 15,9).
სამწუხაროდ, არაეკლესიური სულისკვეთების სენი ჯერ კიდევ ძალიან ღრმად ყოფილა ჩვენში ფესვგამდგარი.
უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა გააცნობიეროს ინტელიგენციამ, რადგან იგია ერის მოაზროვნე და წარმმართველი ძალა. ინტელიგენცია ჭეშმარიტების შეცნობაში უნდა დაეხმაროს ხალხს, მაგრამ როგორ შეძლებს იგი ამას, თუ თავად იქნება მოწყვეტილი ღვთაებრივი სიბრძნის წყაროს - ეკლესიას? ეკლესიის გარეშე იგი მხოლოდ კაცობრივი გონების ნაყოფს გამოიღებს და ამით გაუცნობიერებლად ზიანს მოუტანს ხალხს. მათ მსგავსთა მიმართ ბრძანებს უფალი: "ამაოდ მმსახურებენ მე. რამეთუ ასწავებენ მოძღურებასა და მცნებასა კაცთასა" (მათე 15,9).
ინტელიგენცია უნდა იქცეს მრევლის იმ რჩეულ ნაწილად, რომელიც, ვითარცა ანთებული სანთელი, წყვდიადში მყოფ ერს ღვთისაკენ მიმავალ გზას გაუნათებს.
ხალხი სულიერად დასაპურებელია და პურის მიმწოდებელი ხელი არ გვყოფნის. "სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი - მცირედ". შევსთხოვთ უფალს, რათა "გამოავლინნეს მოქმედნი სამკალსა თჳსსა" (მათე 9,37-38).
მთავარი მიზეზი ეკლესიისგან ხალხის მოწყვეტისა მაინც ამპარტავნება იყო. დღესაც ეს ცოდვა გვღუპავს. ამპარტავნების გამო ვისჯებით. უფალი გვწვრთნის, რათა დამდაბლებულნი ღვთისსათნო გზაზე დავდგეთ და მოვიპოვოთ მადლი წინაშე მისსა.
სიმდაბლის საოცარი მაგალითი თვით იესო ქრისტემ მოგვცა. უფალი, რომელსაც ელოდა მთელი კაცობრიობა და რომლის შესახებაც წერდნენ წინასწარმეტყველნი, ყოვლად შეუმჩნეველი საოცარი სიმდაბლით მოევლინა ამ ქვეყანას.
"იმ დროის გავლენიანი საზოგადოება ფუფუნებითა და სიმდიდრით იყო გალაღებული. ქრისტეს შობისთვის კი მრავალრიცხოვან სასახლეებსა და შენობათა შორის ერთი ებრალო ღარიბული სახლიც კი არ მოიძებნა, იგი დაიბადა ბეთლემის გამოქვაბულში, იქ, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ.
ამ დიდი საიდუმლოს აღსრულებისათვის ეს გამოქვაბული და ბაგა უფრო სასურველი და წმინდა აღმოჩნდა, ვიდრე მსოფლიოს ყველა სასახლე და სამეფო პალატი.
საოცარია, პირველმხილველნიც განხორციელებული მაცხოვრისა იყვნენ უბრალო მწყემსები და არა განმგებელნი ქვეყნისა ანდა სხვა მაღალი თანამდებობის პირნი; მწყემსები, რომელთა ყველაზე დიდი სიმდიდრე მათი სუფთა, წრფელი გული იყო.
იესო ქრისტეს განმაცვიფრებელ თავმდაბლობაშია სწორედ მისი ღვთაებრივი სიდიადე.
მშვენივრად სწერს წმინდა იოანე დამასკელი: "კურთხევითა ღვთისა და მამისა მხოლოდშობილმა ძემ - სიტყვამ ღვთისა და თავად ღმერთმა... ერთარსმა მამისა და სულისა წმიდისა, მარადიულმან და დაუსაბამომან მოდრიკნა ცანი და გარდამოხდა; მიუწვდომელი სიდიადე თვისი მიუწვდომლად დაამდაბლა და მიეახლა თავის მონებს გამოუთქმელი და გასაოცარი მოწყალებით. სრული ღმერთი იქმნა სრულ კაცად, რათა ეწამლა ჩვენი ურჩობის ცოდვისათვის და ქცეულიყო მაგალითად მორჩილებისა, მორჩილებისა, რომლის გარეშეც შეუძლებელია გადარჩენა".
ქრისტეს შობა არის ადამიანის ხელახალი დაბადება არა ყოვლისშემძლეობით, არამედ მსხვერპლშეწირული სიყვარულით (სერგი ბულგაკოვი).
შობა ქრისტესი არის საიდუმლო ღვთის განხორციელებისა. ძე ღვთისა მოგვევლინა ძედ კაცისა, რათა დაცემულნი ცამდე ავემაღლებინეთ. ყოვლის შემოქმედმა თავი დაუმორჩილა სჯულის კანონის ყველა მოთხოვნას, გამოგვისყიდა კანონით გასამართლებულნი, მოგვიხსნა ბეჭედი განდევნილისა და გვქმნა შვილად ღვთისა.
მან არასწორი განვითარება კაცობრიობისა შეცვალა ახლით. სამყაროს მიზიდულობის ცენტრი, ცოდვის შედეგად ღმერთს მოწყვეტილი, თავის ძველ ადგილს დაუბრუნდა და მოდგმა ყოველი და ჟამი ყოველი მოიცვა, რათა მსოფლიოსათვის მოეტანა ნამდვილი თავისუფლება და ჭეშმარიტი სიყვარული და ეჩვენებინა გზა განღმრთობისა.
დღეს უფალი თვითეულ ჩვენგანს მიმართავს წმინდა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებით: "განიბანეთ, განიწმინდეთ, ავი საქმეები თვალთაგან განმარიდეთ, შეწყვიტეთ ბოროტის ქმნა. სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს, განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ. მერე მოდით და ცილობა ვყოთ, ამბობს უფალი: მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით განსპეტაკდება, ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით გახდება. თუ მორჩილნი იქნებით და გამგონენი, მიწის დოვლათს შეჭამთ; თუ განდგებით და გაურჩდებით, მახვილი შეგჭამთ!" (ესაია 1,16-20).
ძმანო და დანო ჩემნო, შევსთხოვოთ ახლადშობილ უფალს, იესო ქრისტეს, მოამზადოს ჩვენი გულები სულიერი ფერისცვალებისათვის, მოგვცეს მადლი სიმდაბლისა და მორჩილებისა, ცოდვათა მიტევებისა, მადლი სიყვარულისა და მშვიდობისა, სული ერთობისა, რათა ვიყოთ ღვთის ნების აღმსრულებელნი, ძედ მისად ვიწოდოთ და ურცხვენელად ვთქვათ "მამაო ჩვენო... იყავნ ნება შენი..."
კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ჭრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და დამდეგ ახალ წელს.
გიხაროდეთ, უფალი ჩვენთან არს.
ქრისტეს შობა,
თბილისი.
1992 წელი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის

image
image თემა: შობა
ავტორი: ილია II

საშობაო ეპისტოლე - 2000

კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი

საქართველოს ღვთივკურთხეულთა ძეთა და ასულთა და ყოველთა ჩვენთა თანამემამულეთა:


თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელნო, წმიდა სინოდის წევრებო, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ძმანო და დანო, ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ქართველნო!
უფალი გვეუბნება: "ნისლივით წარვხოცავ შენს დანაშაულს და ჯანღივით – შენს ცოდვას; დამიბრუნდი, რადგან მე გამოგისყიდე" (ის. 44,22).
დიდება და მადლობა შენდა, უფალო ღმერთო – მამაო საბაოთ, ყოვლისა მპყრობელო, შემოქმედო და განმგებელო ცათა და ქვეყანისაო;
დიდება შენდა, ძეო ღვთისაო, მაცხოვარო ჩვენო, ჩვენი ხსნისათვის განკაცებულო, ჯვარცმულო, აღდგომილო და ამაღლებულო;
დიდება შენდა, სულო წმიდაო, ცხოველსმყოფელო, მადლისა მომცემელო, უძლურთა მკურნალო და ნაკლულევანთა აღმავსებელო.
გაქებთ, გაკურთხებთ და თაყვანსა გცემთ შენ, ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო და განუყოფელო, რწმენაო, სასოებაო და სიყვარულო ჩვენო, მიზეზო ყოვლისაო, დასაბამო და დასასრულო, მიუწვდომელო სიმაღლეო და სიმდაბლეო, დიდება და მადლობა შენდა ყოვლისათვის.
მუხლმოდრეკილნი ვდგავართ ღმერთო, წინაშე შენსა და ჩვენი წინაპრებისა და ჩვენი ერის სახელით შეგთხოვთ, შეგვინდე და გვაპატიე ყოველნი ცოდვანი და უსჯულოებანი ჩვენნი, ურწმუნოება შესცვალე ჭეშმარიტი სარწმუნოებით, ცოდვა აღხოცე და მოგვანიჭე მადლი, სიძულვილის წილ მოგვეც სიყვარული, ამპარტავნების წილ – თავმდაბლობა; განგვწმიდე ყოველნი და სულითა წმიდითა შენითა აღგვავსე, ამინ!
ქრისტესმიერ საყვარელნო ძენო ივერიისანო და ყოველნო მკვიდრნო საქართველოისანო, იხარებდით და იშვებდით, რამეთუ "დღეს მეუფე იშვების ვითარცა ჩვილი დედისაგან ქალწულისა" (სადღესასწაულო). "საიდუმლო უცხო და დიდებული ვიხილოთ, ქვაბი ცათა ემსგავსა, ქალწული – ქერუბიმთა, ხოლო ბაგა სახე იქმნა სამყაროსა, რამეთუ დაიტია დღეს ქრისტე ღმერთი – დაუტევნელი, რომელსა ვადიდებთ" (შობის ძლისპირი).
დიდება ჭეშმარიტი ღვთისა უკვე ორიათასი წელია აღევლინება ჩვენი კურთხეული მიწიდან. ოცსაუკუნოვანი ისტორია ქრისტიანობისა არის საიდუმლო ჩვენი გადარჩენისა და ჩვენი ღვთაებრივი აღმშენებლობისა. ეს არის საიდუმლო ჩვენი ცხოვრებისა ქრისტეში და მისი მუდმივი მეფობისა ჩვენში და დასტურია იმ დიადი ჭეშმარიტებისა, რაც ბრძანა უფალმა: "აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა" (მთ. 28,20).
თუ არა ღვთის დიდი მოწყალება და მისი შეწევნა, საქართველო ვერ გაუძლებდა იმ ურიცხვ ქარტეხილს, რაც მას თავს დაატყდა. უზარმაზარი იმპერიები აღიგავა პირისაგან მიწისა, გაქრნენ ერები და მათი კულტურები, ჩვენ კი, პატარა ქვეყნის შვილები, ათასწლეულებია მოვუყვებით კაცობრიობის ისტორიის მდინარეს.
წარსულს თუ გადავხედავთ, უნებურად ჩნდება კითხვა: ამ ხნის განმავლობაში ვაკეთეთ კი ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა, დავუახლოვდით ღმერთს თუ დავშორდით მას, ვართ ჩვენ ცისანი თუ – ამქვეყნისანი?
და თითქოს გვესმის სიტყვები უფლისა:
"აჰა ესერა, ეშმაკმან გამოგითხოვნა თქვენ აღცრად ვითარცა იფქლი. ხოლო ევედრე მამასა ჩემსა შენთვის, რათა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაი შენი" (ლუკ. 22,31-32).
დიახ, ოცსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე დროის სული ჩვენ ყოველთვის თანა გვდევდა და ეკლესიას მუდმივად უხდებოდა მასთან ბრძოლა. ყველგან და ყოველთვის მიწიერება ცდილობდა შეეღწია ჩვენში, სატანა ათასნაირ ხერხს მიმართავდა, რათა ხორბალივით განებნია ქრისტიანენი და თითოეული მათგანის სული დაესაკუთრებინა:
"მაგრამ მე ვლოცულობდი შენთვის", - გვეუბნება მაცხოვარი. სწორედ უფლის ლოცვამ გადაგვარჩინა და მოგვიყვანა აქამდე. ამ ლოცვაზე იდგა და დგას ქრისტეს მთელი ეკლესია, ამ ლოცვაზე დგას ჩვენი ერი.
თუ ცოტა უფრო ღრმად გავაანალიზებთ მოვლენებს, დავინახავთ, რომ მას შემდეგ, რაც იესო ქრისტეს განკაცებით სათავე დაედო საოცარი გარდატეხის პროცესს კაცობრიობის ისტორიაში და ადამის მოდგმისათვის გაიხსნა ზეცის კარები, ბოროტმაც ახალი მეთოდებით დაიწყო ადამიანთა სულების მონადირება: წარმოიშვა ჭეშმარიტების პრეტენზიის მქონე რელიგიები. თვით ქრისტეს ეკლესიას არაერთი ნაწილი ჩამოსცილდა და ახალ მიმართულებებს დაედო სათავე: იყო ამა თუ იმ მიზეზის გამო გაჩაღებული ომები, საზოგადოების სხვადასხვა ფენათა უდიდესი დაპირისპირებანი... რამაც მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა და შეიწირა, მაგრამ იმას, რაც განვლილ ორ საუკუნეში მოხდა, თავისი მასშტაბებითა და სულიერი დამანგრეველი ძალით ვერაფერი შეედრება; - ვგულისხმობ უღმერთობის ხანის დადგომას.
ბოლო 70 წლის მანძილზე ტოტალიტარული ათეისტური სახელმწიფოს არსებობა და მისი იდეოლოგია არ იყო მხოლოდ ლოკალურად გარკვეულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა ხვედრი. ათეიზმმა სულ სხვა გზებითა და მეთოდებით ასევე მძლავრად მოიკიდა ფეხი მთელს მსოფლიოში, რამაც წარმოშვა საყოველთაო ნიჰილიზმი და ინდიფერნტიზმი.
ამ პროცესების გაღრმავებას ხელი შეუწყო მეცნიერებისა და ტექნიკის უსწრაფესმა განვითარებამ. საზოგადოების სულიერი წინსვლა დიდად ჩამორჩა ტექნიკურ პროგრესს, ეს კი გახდა მიზეზი ღრმა უფსკრულის გაჩენისა საზოგადოებრივი ცხოვრების ამ ორ სფეროს შორის, რამაც კაცობრიობა თითქმის კატასტროფამდე მიიყვანა. და თუ დღეს მაინც მშვიდობით ვხვდებით შობა-ახალწელს, ისევ და ისევ ღვთის დიდი წყალობით.
"... მე ვლოცულობდი შენთვის..."
ჩვენმა ქვეყანამაც იგემა ბოროტის მიერ აღძრული ყველა ძალის შემოტევა და როგორც სხვაგან, აქაც განსაკუთრებულად რთული პროცესები ბოლშევიკური რეჟიმის პერიოდში განვითარდა. საბჭოთა წყობილების პერიოდი, მისთვის დამახასიათებელი ცნობილი მოვლენების გარდა, იმითაც იყო საშიში, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა აზროვნების განვითარებას, რადგან ახალი იდეების წარმოშობა საფრთხეს უქმნიდა მის არსებობას.
ეს რეჟიმი ადამიანებს სთავაზობდა მზამზარეულ, ხშირად მკვდრადშობილ იდეებს და მათ ცხოვრებაში განხორციელებას აიძულებდა. არავინ იყო დაინტერესებული მოაზროვნეთა ფენის წინ წამოწევით, სჭირდებოდათ მხოლოდ დავალების სიტყვის შეუბრუნებლად შემსრულებელნი.
"ბოლშევიკების გზა, - წერდა პლეხანოვი, - როგორიც არ უნდა იყოს იგი, - მოკლე თუ გრძელი – აუცილებლად გამორჩეული იქნება ისტორიის ფალსიფიკაციით, სიცრუით, დანაშაულობებით, დემაგოგიითა და საერთოდ, უღირსი საქციელით. ტერორი, რაზეც ისინი იმედს ამყარებენ, ხიშტების ძალაა, მაგრამ, როგორც ცნობილია, ხიშტებზე ჯდომა დიდხანს შეუძლებელია, ამიტომაც ბოლშევიკთა კრახი გარდაუვალია" (პოლიტიკური ანდერძი).
ეს ასეც მოხდა.
მადლობა ღმერთს, დღეს ჩვენ უკვე სხვა ცხოვრებით ვცხოვრობთ. ეს კია, რომ ერთი წყობილების მეორეთი შეცვლა იმპერიის რღვევის პერიოდს დაემთხვა, ამას თან დაერთო ომები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, რამაც ჩვენი ყოფა მეტად დაამძიმა, რადგან რამდენიმე მოვლენის გადატანა ერთად მოგვიხდა.
საერთოდ, საზოგადოებრივი ურთიერთობის ერთი ფორმიდან მეორეში გადასვლისას ქვეყნის ცხოვრებაში დგება პერიოდი, როდესაც ხალხი ბავშვს ემსგავსება. ამის მიზეზი ის არის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა თავიდან ვერ ერკვევა სიტუაციაში, ალღოს ნაკლებად უღებს მოვლენებს და ყრმასავით უსუსური და მიმნდობი ხდება მათ მიმართ, ვინც წინამძღოლის ფუნქციებს სთავაზობს.
დროის ამ ეტაპით ხშირად სარგებლობენ სხვადასხვა ძალები და ცდილობენ არსებული სიტუაცია თავიანთი მიზნების განსახორციელებლად გამოიყენონ.
ესაა მიზეზი მაგალითად იმისა, რომ დღეს ასე თარეშობენ სხვადასხვა სექტის წარმომადგენლები. საქმე ისაა, რომ ათეისტური ზეწოლისაგან განთავისუფლებული ხალხი მზად არის გულის კარი გაუღოს უფალს, მაგრამ, ვინაიდან ვერ არჩევს, თუ სად არის ჭეშმარიტება ადვილად ექცევა ცრუ მოძღვართა გავლენის ქვეშ და გადარჩენის ნაცვლად სულს მარადიული სიკვდილისათვის წირავს.
როგორც ეკლესიის, ისე სახელმწიფოს, და საერთოდ, ნებისმიერი მოქალაქის ვალია, წინ აღუდგეს ხალხის ამ მეთოდებით დაპყრობასა და დამონებას და საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ სულიერ აგრესიას.
დღევანდელი ჩვენი ყოფა სხვა მრავალი ასეთი მეტად მტკივნეული პრობლემებისადმი საზოგადოებისაგან სწორი პოზიციის შემუშავებასა და მის გონივრულ გადაწყვეტას ითხოვს.
ამჯერად ყურადღებას ერთ საკითხზე გავამახვილებთ. რადგან იგი უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია.
საქმე ეხება ამ ბოლო დროს კოსმოპოლიტური იდეების ქადაგებას და ეროვნული გრძნობისადმი ზოგიერთთაგან გულგრილ, ზოგჯერ კი დამცინავ დამოკიდებულებას. დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებული ასეთი ადამიანებისათვის რატომღაც ეროვნულობა და პატრიოტიზმი კარჩაკეტილობას ნიშნავს და როგორც საზოგადოებას, ისე ეკლესიას მისგან განთავისუფლებისაკენ მოუწოდებენ.
თავიდანვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ქრისტიანობა და თავის თავში ჩაკეტილობა ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია. ქრისტიანისათვის ყოველი ადამიანი, რა ეროვნებისა და სარწმუნოებისაც არ უნდა იყოს იგი, მოყვასია და ღვთის წინაშე ვალდებულია უყვარდეს ის. მოწყალე სამარიტელის იგავი ამის ნათელი დადასტურებაა.
ამიტომაც, ერთი შეხედვით სადაო არაფერი უნდა გვქონდეს მათთან, რომელნიც უარყოფენ ნაციონალურ-სახელმწიფოებრივი განსხვავების აუცილებლობას და მსოფლიო ერთიანი ოჯახისა და მსოფლიო მოქალაქის ცნებების დამკვიდრებას ცდილობენ.
იდეები მეგობრობის, სიყვარულისა და ურთიერთდახმარების შესახებ მათ ქრისტიანობიდან აიღეს და ისინი მართლაც ღირებულნი არიან, მაგრამ ეს ყველაფერი შემდეგ განსხვავებული მიმართულებით განავითარეს და შემდეგ სამეუფო გზიდან შორს გადაუხვიეს.
ისინი დაუსრულებლად ლაპარაკობენ კაცობრიობის სიყვარულზე, მაგრამ ნაკლებ ყურადღებას აქცევენ გვერდზე მყოფს. მოყვასის სიყვარული კი სწორედაც რომ ყველას სიყვარულს გულისხმობს.
მაცხოვარმა ჩვენ მოყვასის სიყვარულისკენ მოგვიწოდა და არა მსოფლიოსადმი ზოგადი გრძნობების გამოვლენისაკენ. მოყვასი კი მოიცავს ყველას, ვისთანაც კი რაიმე შეხება შეიძლება ჰქონდეს ადამიანს.
ბავშვისთვის მოყვასი მისი ოჯახის წევრებსა და ახლობელთა ვიწრო წრეს ნიშნავს. მოზრდილი ადამიანისთვის – "მოყვასის" სივრცეს მისი ქვეყანა და ხალხი ავსებს. მასთანაა იგი დაკავშირებული სახელმწიფოებრივი თუ პოლიტიკურ-მოქალაქეობრივი ვალდებულებებით. საკუთარი ხალხის კულტურა, ცხოვრების წესი, თუ ტრადიცია არის მისთვის მშობლიური და საყვარელი.
უკვე სრულად განვითარებული, მაღალი ზნეობის პიროვნებებისათვის კი ნებისმიერი ადამიანი მოყვასია.
უნდა ითქვას ისიც, რომ მესამე ასაკობრივი საფეხური გულისხმობს პირველი და მეორე საფეხურის აუცილებელ არსებობას ისევე, როგორც მეორე საფეხური გულისხმობს პირველი საფეხურის არსებობას.
აი, აქა აქვთ დაშვებული შეცდომა კოსმოპოლიტებს. ისინი მესამე საფეხურს მეორეს გარეშე მოიაზრებენ და ადამიანებს არაჯანსაღი, უშინაარსო უსულო საზოგადოების შექმნისაკენ უბიძგებენ.
შევნიშნავთ იმასაც, რომ ქრისტიანული პატრიოტიზმი და ეროვნულობის გრძნობა სრულიად განსხვავდება შოვინიზმისა და ვიწრო ნაციონალიზმისაგან, რომელთაც საფუძვლად ნაციონალური ამპარტავნება უდევთ; ქრისტიანული ცნობიერებისათვის კი ამპარტავნება მომაკვდინებელ ცოდვად ითვლება.
ეროვნულობა ქრისტიანობაში ნიშნავს ზრუნვას შენი ხალხის იმ ნაკლულევანებათა გამოსწორებისთვის, რაც მის ცხოვრებას თან სდევს; ნიშნავს ზრუნვას მისი სულიერი და ზნეობრივი განვითარებისათვის, ნიშნავს იმ ტრადიციებისა და ზნე-ჩვეულებების დაცვას, რაც მის თავისთავადობას, მეობას განაპირობებს. ყოველივე ეს, ამავე დროს, სხვა ხალხებისა და ქვეყნებისადმი პატივისცემასა და კეთილგანწყობას გულისხმობს.
აი, რას ამბობს ვაჟა-ფშაველა პატრიოტიზმის შესახებ: "... რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავისი სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობრებს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას... ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალ-ღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და რამდენადაც გონივრული იქნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოდგება მისი მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქნება მთელი კაცობრიობისათვის" (კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი").
ეროვნულობის დაცვის საუკეთესო მაგალითს თვითონ ბიბლია იძლევა. მთელი ძველი აღთქმა ამ სულისკვეთებითაა სავსე. ახალი აღთქმიდანაც არაერთი მაგალითის დამოწმება შეიძლება. გავიხსენოთ თუნდაც მოციქულის სიტყვები:
"დიდია ჩემი მწუხარება და დაუცხრომელია ტკივილი ჩემი გულისა... ვისურვებდი თავად ვყოფილყავ შეჩვენებული ქრისტემიერ ჩემი ძმების, ჩემი სისხლის და ხორცის გამო, რომლებიც არიან ისრაიტელნი" (რომ. 9,2-4).
ანდა: "თუ ქვრივს შვილები ან შვილიშვილები ჰყავს, დაე მათ თავდაპირველად ისწავლონ თავიანთი ოჯახის პატივისცემა და სანაცვლო მიაგონ მშობლებს, რადგან ეს ეამება ღმერთს" (I ტიმ.V,4).
"ხოლო, თუ ვინმე თავისიანთა და მით უმეტეს, სახლეულთათვის არ ზრუნავს, რწმენის უარმყოფელთა და ურწმუნოზედაც უარესია" (I ტიმ. 5,4,8).
ასე რომ, ოჯახი, ახლობელთა წრე, სამშობლო, მოყვასი, სამყარო, ის კიბეა, რომლის თითოეული საფეხური მომდევნოს საყრდენია და მის გარეშე და რწმენის გარეშე წარმოუდგენელია პიროვნების შინაგანი მთლიანობის შექმნა. ამიტომაც, თუ გვსურს ვიყოთ თავისთავადნი და არა უფორმო, უსახო, საზოგადო მასის წარმომადგენელნი, უნდა ვიყოთ ეროვნული სულის ღირსეული მატარებელნი. ასე აღზრდილი ადამიანი ყოველთვის პატივს მიაგებს სხვა ეროვნების წარმომადგენელთ, სათანადოდ აფასებს როგორც საკუთარს, ისე სხვათა ღირსებასა და თავისთავადობას. ასეთი ადამიანი პიროვნებაა, რადგან მას თავისი მეობა აქვს. იგივე ითქმის ერზეც. ასეთი ადამიანებისაგან შემდგარი ერი პიროვნული სახის მატარებელია, თავისთავადია და ამით არის სწორედ დასაფასებელი.
ღვთივკურთხეულნო ივერნო, ყოველნო მკვიდრნო საქართველოისანო!
ქრისტიანული სამყარო განსაკუთრებულად ემზადება 2000 წლის საზეიმო შეხვედრისათვის. ეს წელი მთლიანად საიუბილეო წელია და მას განსხვავებული გრძნობით ხვდება მთელი კაცობრიობა. 7 იანვარს, ბეთლემში, წმიდა მიწაზე, თავი მოიყარეს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურებმა და სახელმწიფო ხელმძღვანელებმა, რათა გამოეხატათ თავიანთი კეთილი ნება ერთიანობის, ურთიერთპატივისცემისა და თანადგომის შესახებ და ელოცათ მსოფლიო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. ეს იყო დიდი და ამასთან კანონზომიერი მოვლენა, რომელმაც საყოველთაო ყურადღება მიიპყრო.
ათასწლეულთა შესაყართან კიდევ უფრო მძაფრდება წარსულის განცდა და სურვილი ღმერთთან სიახლოვისა. ადამიანური განზომილებით ეს დრო ხანგრძლივია და მრავლისმომცველი. უფლის წინაშე კი "ათასი წელი, ვითარცა ერთი დღე". ასე რომ, ღვთის ათვლით, მეორე დღე მთავრდება მაცხოვრის განკაცებიდან და იგი განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს.
განსაკუთრებულობა უნდა გამოვლინდეს სულიერებაში. თითოეულმა ოჯახმა, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იგრძნოს, რომ იგი ღირსი გახდა შეხვედროდა ამ დიდებულ თარიღს და ვალდებულია, სათანადოდ მოემზადოს ამისთვის, ვალდებულია, იმ მოგვების მსგავსად, რომელთაც თაყვანი სცეს და საუკეთესო ძღვენი მიართვეს ბეთლემის ბაგაში მწოლ ახლადშობილ მაცხოვარს, თავისი შესაწირი გაიღოს მის სადიდებლად. ეს შესაწირი უწინარესად უნდა იყოს გულმხურვალე ლოცვა, ჩვენი ქრისტიანული ეკლესიური ცხოვრება, ჩვენი შრომა, ჩვენი ნამუშაკევი, ჩვენი კეთილი საქმეები.
ამ თარიღის შესახვედრად საქართველოს დიდი მომზადება ჰმართებს, რადგან ღვთისგან ბევრი მოგვეცა და ბევრიც მოგვეთხოვება. თქვენ იცით, უფლის განგებით, ჩვენთან იქნა მობრძანებული კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ღვთისმშობლის პერანგი; იცით, რომ ჩვენი ქვეყანა ღვთისმშობლის წილხვედრია და მისი განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ იმყოფება, რომ ჩვენი ეკლესია დაფუძნებულია მაცხოვრის მოციქულების: ანდრია პირველწოდებულის, სვიმონ კანანელის, მატათას, თადეოზის, ბართლომეს მიერ და განმტკიცებულია წმ. ნინოს, წმ. გიორგის, წმ. ნიკოლოზის და სხვათა ჩვენთა დიდთა წმინდანთა ლოცვით და ღვაწლით.
ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ათას ქარტეხილგამოვლილი საქართველო დღეს კვლავ ცოცხლობს და აღორძინების გზას ადგას და რომ ძალისაებრ ჩვენისა ვემსახურებით მის სიწმინდეს.
ძმანო და დანო, თავი მოვიდრიკოთ და მუხლი მოვიყაროთ ყოვლადწმიდა სამების წინაშე და წრფელი გულით შევთხოვოთ მამასა და ძესა და სულსა წმიდას, დაგვლოცოს, განგვწმინდოს და განგვინათლოს გული და გონება, რათა დღე ყოველ მართლად ვიდოდეთ და ურცხვენელად წარვდგეთ წინაშე მისსა, რათა თანაზიარ ვექმნეთ მარადიულ ცხოვრებას მისას და უფალთან ვიყოფოდეთ განუშორებლად. ამინ!

ქრისტეს შობა
1999-2000 წ. კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი< =>საქართველოს


სააღდგომო ეპისტოლე - 2004

ტრადიციულ და ზნეობრივ ფასეულობებს დაცვა სჭირდება

საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველ ერთგულსა და ღვთივკურთხეულ შვილს:

მთავარი სიბრძნე სიბრძნის მოხვეჭაა; ყოველ მოსახვეჭელთაგან ცოდნა უნდა მოიხვეჭო. დააფასე იგი და აღგამაღლებს; პატივს შეგმატებს, თუ გულში ჩაიკრავ (სიბ. სოლ. 4, 7-8).

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, ბერ-მონაზონნო, მეცნიერნო და მუშაკნო, ხელისუფალნო და საზოგადო მოღვაწენო, ჩვენო საყვარელო ახალგაზრდებო, ყოველნო ღვთისმოყვარენო შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიის მკვიდრნო და სამშობლოს გარეთ დროებით მცხოვრებნო ჩვენო თანამემამულენო: "კურთხევა უფლისა თქვენ ზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!"
მაცხოვრის აღდგომის სიხარულით აღვსილი, ყველას გულითადად გილოცავთ პასექის ბრწყინვალე დღესასწაულს:
ქრისტე აღდგა!
უფალი ბრძანებს: "... ამისთვის შობილ ვარ და ამისთვის მოვივლინე სოფლად, რაითა ვწამო ჭეშმარიტი" (ინ. 18,37). ჭეშმარიტება! რა ახლოსაა და, ამავე დროს, რა მიუწვდომელია იგი. ყოველდღიურად თითქოს ვუახლოვდებით, მაგრამ ის მაინც შორეულად რჩება, ალბათ, იმიტომ, რომ ჭეშმარიტებას სადღაც გარეთ, საკუთარი თავის მიღმა ვეძიებთ და ვერ ვგრძნობთ, რომ იგი სინამდვილეში ჩვენშია.
მაშ, როგორ მივეახლოთ მას? უფლის პასუხი ასეთია: "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე" (ინ. 14,6). დიახ, ჭეშმარიტება თვით იესო ქრისტეშია და რამდენადაც ახლოს ვართ უფალთან, იმდენად ახლოს ვართ ჭეშმარიტებასთანაც. მის მადლს, როგორც არასდროს, ყველაზე ძლიერად სწორედ პასექის დღეებში შევიგრძნობთ.
ქრისტეს აღდგომით ზეიმობს ღვთაებრივი მარადიული ჭეშმარიტებაც და ჩვენც მონაწილენი ვხდებით ამ საოცარი სიხარულისა. რომ არა ეს დღესასწაული, ჩვენი სარწმუნოება აზრს დაკარგავდა. ამიტომაც წერს პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში: "უკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ამაო სამე არს ქადაგება ესე ჩუენი და ამაო არს სარწმუნოებაი ეგე თქუენი" (I კორ. 15,14).
დღეს კაცობრიობა იმდენად მოცულია მიწიერი და მატერიალური პრობლემებით, რომ სულიერი და ზნეობრივი საკითხები თითქმის აღარ ახსოვს. სულიერებას მოკლებული ადამიანი უფრო და უფრო ინთქმება ცოდვის, სიძულვილისა და სასოწარკვეთილების უფსკრულში. ყოველ ჩვენგანს დიდი დაკვირვება ჰმართებს, რათა გამოიცნოს, სადაა ჭეშმარიტება და სად – სიცრუე. ამის გარჩევა უძველეს დროშიც უჭირდათ. ამიტომაც იყო, რომ წინასწარმეტყველმა სოლომონმა სამეფო ტახტზე ასვლის წინ უფლისგან სწორედ სიბრძნე და გონიერი გული ითხოვა, რათა ქვეყნის სამართლიანად მართვა და სიკეთისა და ბოროტების გამიჯვნა შეძლებოდა.
ამქვეყნად ცოდვა ყოველთვის არსებობდა, მაგრამ საზოგადოება მას ადრე მანკიერებად აღიქვამდა და მისგან თავის დაღწევას ცდილობდა. დღეს მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ უფლის მცნებების დარღვევა მიუღებლად აღარ მიიჩნევა, პირიქით, საჯაროდ ხდება ცოდვის პროპაგანდა და მას ადამიანისთვის დამახასიათებელ ბუნებრივ თვისებად წარმოაჩენენ. საზოგადოებაში უკვე გაჩნდა ფილოსოფიური ტერმინი – "ხრწნილებისადმი შეგუება".
დიახ, დამკვიდრდა ე.წ. "თავისუფლება", ანუ პრინციპი – "ყველაფერი ნებადართულია". ფილოსოფოსი ნიკოლოზ ბერდიაევი წერს: "ადამიანმა შეიყვარა ცრუ თავისუფლება. ამგვარ თავისუფლებას ის უჩვეულო დაჟინებით ესწრაფვის და მის გარეშე უკვე აღარაფერი სურს".
ამ ზღვარდაუდებელი "თავისუფლების" სახელით დღეს ურცხვად გვთავაზობენ გარყვნილების ლეგალიზაციას, ბავშვების გახრწნას, უხამს კინოპროდუქციას; შეუძლებელია არ გაგაოცოს ძალადობის, ყაჩაღობის, მკვლელობის პროპაგანდამ, ზოგადსაკაცობრიო, ეროვნული, ზნეობრივი და სულიერი ფასეულობებისადმი უპატივცემულობამ, რაც ჩვენს დაბალ კულტურასა და პროვინციალიზმზე მეტყველებს. ამას არ შეიძლება ეწოდოს თავისუფლება, ეს არის მონობა ცოდვისა და მანკიერებისა, ესაა გზა თვითგანადგურებისა და სულიერი სიკვდილისა.
აღნიშნული საკითხი არა მარტო ზნეობრივი პრობლემაა, არამედ სახელმწიფოებრივიც. მორალის გარეშე დარჩენილი საზოგადოება ძლიერ ქვეყანას ვერ ააშენებს. ამიტომაც ანიჭებენ ამ საკითხს ცივილიზებულ ქვეყნებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
ეს თემა ჩვენი საზოგადოებისთვისაც მეტად მტკივნეულია. მასზე ჩვენ არაერთხელ გავამახვილეთ ყურადღება, მაგრამ ადრინდელმა მცდელობებმა შედეგი არ გამოიღო. ვიმედოვნებთ, ახალი ხელისუფლება, რომლის ნდობაც ხალხს დიდი აქვს, გაითვალისწინებს მოსახლეობის ფართო ფენების დამოკიდებულებას და ქმედით ნაბიჯებს გადადგამს მდგომარეობის გამოსასწორებლად.
განსაკუთრებულ ყურადღებას ასევე საჭიროებს სკოლებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში ჩვენი ახალგაზრდების აღზრდის საკითხი. უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს საუბარი სასწავლო პროგრამების განახლებასა და ახლის შემუშავებაზე.
ბოლო დროს მოსახლეობაში დიდი მღელვარება გამოიწვია ბავშვების სექსუალური აღზრდის პროექტმა. ის, რაც კულუარულად იყო ცნობილი, ალბათ, ვერ განხორციელდება საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი პოზიციის გამო. ჯერ-ჯერობით უცნობია მოვლენები როგორ განვითარდება, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სასწავლო პროგრამებზე პასუხისმგებლობა მხოლოდ განათლების სამინისტროს არ უნდა დაეკისროს; განათლების რეფორმა პრეზიდენტისა და მთავრობის განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს და, რადგან საქმე ერის მომავალს ეხება, მისი განხილვა ფართო საზოგადოებრიობის მსჯელობის საგნად უნდა იქცეს.
თუ ჯანსაღი, ქვეყნის ერთგული, ძლიერი თაობის აღზრდა გვსურს, დიდი დრო უნდა დაეთმოს ქართული ლიტერატურისა და საქართველოს ისტორიის სწავლებას, შრომის კულტურას, აზროვნების განვითარებას, სამშობლოსადმი თავდადებისა და ვაჟკაცობის ამსახველი ქართული და უცხოური ნაწარმოებების გაცნობას.
კარგად გვესმის, რომ არ შეიძლება მხოლოდ ძველი სტერეოტიპებით ცხოვრება. ჯერ კიდევ რომაელები ამბობდნენ: დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთადო, მაგრამ ისიც აუცილებელია, რომ ახალი ღირებულებების შეთვისებისას, არ დავკარგოთ ჩვენი ტრადიციული და ზნეობრივი ფასეულობანი.
ცალკე უნდა შეიქმნას აღზრდის პროგრამა, რაც გულისხმობს ურთიერთობების კულტურისა და ქცევის წესების შესწავლას. დღეს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ეს მეტად მნიშვნელოვანი ფუნქცია უგულებელყოფილია და მისთვის მხოლოდ ოჯახი ზრუნავს. საჭიროა აღზრდის საერთო მეთოდით ხელმძღვანელობდეს და ურთიერთკავშირში იყოს ოჯახიც, ეკლესიაც და სასწავლებელიც, ანუ გამთლიანდეს ის გარემო, სადაც მოზარდი ყალიბდება.
ცნობილი ხელოვანი, შესანიშნავი მკვლევარი, წარმატებული ფერმერი, ან ბიზნესმენი, კარგი მუშა ან ნიჭიერი ახალგაზრდა როგორც ადამიანი, შეიძლება სულაც არ იყოს ზნეობრივი პიროვნება. სულიერი ღირსებების გარეშე კი ნებისმიერი ადამიანი ფასს კარგავს და მისი არსებობა ქვეყანას დიდ სიკეთეს ვერ მოუტანს. იმედია, ჩვენ არ გვსურს ასეთი თაობის აღზრდა.
როგორც პიროვნების, ისე საზოგადოების ჩამოყალიბებაში სერიოზული წვლილი დღეს ეკლესიასაც შეაქვს. ამიტომ მინდა, შევჩერდე სასულიერო პირის მნიშვნელობასა და ფუნქციაზე.
მღვდლობა – მოძღვრობაა, ესაა ცხოვრება უფლისა და მოყვასისათვის. ჩვენს ეკლესიაში ეს განცდა ნამდვილად არის, მაგრამ, სამწუხაროდ, ისეთი შემთხვევებიც იჩენს თავს, როცა მღვდლები თავიანთ სულიერ შვილებთან მიმართებაში შეცდომას უშვებენ, უხეშად ერევიან მათ პირად ცხოვრებაში, ზოგჯერ კი ოჯახის შექმნას თუ ბერად აღკვეცას აიძულებენ.
ლონდონში მრავალი წელი მსახურობდა მიტროპოლიტი ანტონი (ბლუმი), რომელსაც კარგად ვიცნობდი. იგი დიდი სულიერებით გამოირჩეოდა. აი, რას წერს იგი ამ საკითხზე: "ჩემი აზრით, ამგვარი მდგომარეობა აღმაშფოთებელია, რადგან ძალადობა პიროვნებას სულიერად ამახინჯებს, ამიტომაც, უკიდურესად მკაცრი ზომები უნდა მივიღოთ, ასეთი რამ რომ არ მოხდეს, - რადგან ბერობაც და ოჯახის შექმნაც ადამიანის თავისუფალ ნებას და გონივრულ მიდგომას საჭიროებს".
ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ მონასტრის წინამძღვარსა და მის მორჩილებაში მყოფ სასულიერო პირთა შორის ურთიერთობები განსხვავდება სამღვდელოებასა და მის მრევლს შორის დამოკიდებულებისგან. ეს განსხვავება კი იმას გულისხმობს, რომ მოძღვრები თავიანთი სამწყსოს სულიერი მრჩევლები არიან და არა მათი ბედის განმკარგველნი, "სიყვარულით მწყსიდეთ თქვენდამი რწმუნებულ სამწყსოს და ნუ ეუფლებით მას," – გვმოძღვრავს პავლე მოციქული.
სამწუხაროდ, ისიც ხდება, რომ მოძღვრები თავიანთ სულიერ შვილებს გამოყოფენ სხვა მრევლისგან და ნებას არ აძლევენ, სულიერ საკითხებზე სხვა მღვდლებსაც მიმართონ, თვითონაც შეკითხვის ან აღსარებისთვის მისულ სხვა მოძღვრის სულიერ შვილებს არ იღებენ, რითაც მრევლში განყოფა შეაქვთ. ასეთი დამოკიდებულება გაუმართლებელია და აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.
მეუფე ანტონი (ბლუმი) ჭეშმარიტი მოძღვრის მსახურებას წმიდა იოანე ნათლისმცემლის მისიას ადარებს. მოძღვარს ადამიანები უფალთან უნდა მიჰყავდეს და არა საკუთარ თავთან; მღვდელი არ უნდა ამაყობდეს იმით, რომ მასთან მრავალი ადამიანი დადის. უმრავლესობა ამ ადამიანებისა სულიერად გამოუცდელია: ისინი, სხვადასხვა განსაცდელით შეწუხებულნი, ნუგეშსა და თანადგომას ეკლესიაში ეძებენ. მათთან მიმართებაში სასულიერო პირი უფლის მადლის გამტარი უნდა იყოს და არა საკუთარი იდეების მქადაგებელი; იგი ადამიანებს არა საკუთარი თავის, არამედ ქრისტეს, ეკლესიისა და სახარების გარშემო უნდა კრებდეს.
არის სამწუხარო შემთხვევები, როდესაც მოძღვარი თავის მრევლს ისეთ შთაბეჭდილებას უქმნის, რომ იგი თითქოს სხვებზე უფრო მადლმოსილი იყოს, რითაც სხვა მღვდლებისადმი ნებსით თუ უნებლიეთ, უნდობლობას უნერგავს. როგორც კი მოძღვარს ვინმე ამგვარ დამოკიდებულებას შეამჩნევს, უნდა განშორდეს მას და სხვას მიმართოს.
ღვთის მადლით აღვსილი სასულიერო პირი არასდროს განიკითხავს და დაამცირებს სხვას, მით უმეტეს მღვდელს.
გახსოვდეთ, თუ ნებისმიერ ადამიანს, განსაკუთრებით ღვთისმსახურს, გაუჩნდება განცდა საკუთარი უპირატესობისა, ეს მისი სულიერი დაცემის დასაწყისია.
მინდა, შეგახსენოთ მაგალითი წმინდანთა ცხოვრებიდან: ღირსმა ანტონი დიდმა, ეგვიპტეში ბერ-მონაზვნური ცხოვრების დამაარსებელმა, შეიტყო, რომ თებეს უდაბნოში მოღვაწეობდა წმიდა ბერი პავლე თებაიდელი. მოხუცებულობის მიუხედავად იგი თებეში გაემგზავრა, რათა მისგან კურთხევა და წმიდა ლოცვები გამოეთხოვა. პავლე თებაიდელი დაყუდებული იყო და საერთოდ არავის იღებდა, მაგრამ ანტონი დიდის თხოვნამ თავისი ქნა და კარი გააღო. ორი ცრემლმორეული მეუდაბნოე ერთმანეთს გადაეხვია, მათ ერთმანეთი არასოდეს ენახათ, მაგრამ შეხვედრისას ერთმანეთს სახელებით მიმართეს და როგორც უახლოესმა სულიერმა ძმებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
პავლე თებაიდელის სიწმიდითა და სულიერი სიმაღლით შეძრული, უდაბნოში უკან დაბრუნებული ანტონი დიდი გოდებით ამბობდა: "ჰოი, როგორი უბადრუკი და გლახაკი ცოდვილი ვარ! მე ვიხილე ილია, ვიხილე იოანე უდაბნოში, ვიხილე პავლე სასუფეველში".
ასე სწუხდა თავისი უღირსების გამო ეს უდიდესი მოღვაწე ბერი, მაშინ, როდესაც ათასობით ადამიანისთვის თვითონ იყო საოცარი მაგალითი სიმშვიდისა, სიწმინდისა, ღვთივგანბრძნობილობისა, მარხვისა, ლოცვისა და სხვა მრავალ სათნოებათა.
ცნობილია ანტონი დიდის დიალოგი მის სულიერ შვილთან: წმინდა მამა ეკითხება: "შვილო ჩემო, რატომ ხარ მდუმარედ?" იგი კი პასუხობს: "მამაო ჩემო, ჩემთვის შენი ყურებაც საკმარისია და მრავლის მთქმელი". როგორი სიყვარული და მადლმოსილებაა ამ სიტყვებში!
ეს გრძნობა მარადიულია და მისი ძალა ულევი. არაფერი ისე არ აახლოებს ადამიანებს, როგორც სიყვარული და წმინდა ცხოვრება. უფალი მოგვიწოდებს: "... იყუარებოდეთ ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარეთ თქუენ" (ინ. 15,12). დღეს კი საზოგადოებას დაახლოების ახალ საშუალებას – გლობალიზაციას სთავაზობენ. როგორც თ. დოსტოევსკი ამბობს: "კაცობრიობის მოთხოვნილებად იქცა მსოფლიო და საყოველთაო ერთობა".
ჩვენ ყველანი ყურადღებითა და სიფრთხილით ვადევნებთ თვალს ამ პროცესს. თუმცა გლობალიზაცია, შესაძლოა, სხვადასხვაგვარად გავიგოთ და ამის მიხედვით, მისდამი დადებითად ან უარყოფითად განვეწყოთ.
ის, რომ პატარა სახელმწიფოები უმეტეს შემთხვევაში დიდი სახელმწიფოების გავლენის ქვეშ იმყოფებიან და საერთაშორისო ურთიერთობებშიც ხშირად ძალისმიერი პოლიტიკა დომინირებს, ფაქტია, მაგრამ ისიც რელობაა, რომ ასეთი პოლიტიკა გლობალიზაციის პირობებში დიდი ზიანის მომტანი იქნება. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ თუკი გლობალიზაცია აღქმული იქნება, როგორც მხოლოდ უძლიერესის ძალაუფლება, მას სტაბილურობა არ მოჰყვება, - პირიქით, მსოფლიოს მოიცავს დაძაბულობა. ასე რომ არ მოხდეს, გლობალიზაციის შესაძლო ნეგატიური გამოვლინებანი უნდა აღმოიფხვრას: ბატონობის პოლიტიკა ურთიერთნდობის, თანამშრომლობისა და მოლაპარაკებების პოლიტიკით უნდა შეიცვალოს, კონფლიქტური ან თავდაცვითი ტაქტიკა სამართლიან, ურთიერთხელსაყრელ და კონსტრუქციულ დიალოგად უნდა იქცეს. საჭიროა ამ პროცესებს ჩვენი ქვეყანა მომზადებული შეხვდეს. ვფიქრობ, ამისთვის საუკეთესო გზაა ჩვენი და უცხოელი მეწარმეებისა და მეცნიერების მიერ ერთობლივი პროექტების შემუშავება (სადაც ქვეყნის ინტერესები აუცილებლად იქნება დაცული), კულტურის მოღვაწეთა თანამშრომლობა, ცივილიზაციათა დიალოგი. საჭიროა ისეთი პოლიტიკის შემუშავება, რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის როგორც ჩვენი, ისე ნებისმიერი სხვა ერის თვითმყოფადობას, მის ეროვნულ ღირებულებებს და, ამასთან, მეზობელ სახელმწიფოებთან კონფლიქტის გარეშე, ყველას მისცემს საშუალებას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და შენარჩუნებისა.
ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისათვის აუცილებელია ერის გამთლიანება. ამ მიმართულებით ხელისუფლებამ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა და ჩვენმა ეკლესიამაც თავისი წვლილი შეიტანა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას დაბადების 65 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებში. ეს პროცესი კვლავაც უნდა გაგრძელდეს და გაღრმავდეს, თუმცა უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ საუკუნეების მანძილზე გარეშე ძალა ყოველთვის ცდილობდა ქვეყნის დაყოფას და კუთხურობის ნიშნით დაპირისპირების შექმნას. დღესაც, თბილისსა და აჭარას შორის წარმოქმნილი პოლიტიკური დაძაბულობა გარკვეულმა ძალებმა სცადეს ქართველებსა და აჭარლებს შორის დაპირისპირებად წარმოეჩინათ. ამ პროვოკაციას ჩვენმა ხალხმა, მათ შორის აჭარის მოსახლეობამაც, საკადრისი პასუხი გასცა, - ჩვენ ვართ ერთი ერი, ერთი სახელმწიფო, გვაქვს ერთი კულტურა და ერთი ისტორია. ჩვენი განუყოფელი ნაწილია აფხაზეთიც და სამაჩაბლოც.
როდესაც ამ პრობლემებზე ვსაუბრობთ, თავისთავად დგება საკითხი ეკლესიის როლის შესახებაც. მართლმადიდებელი ეკლესია – ეს არის ღვთის მიერ მოწოდებულ ადამიანთა ერთობა, რომლის მიზანია დაიცვას უფლის მცნებები და აღასრულოს მისი ნება. გვწამს, რომ ამქვეყნიურ ყოფაში სულიერი ცხოვრებისა და საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობის გარეშე პიროვნების შინაგანი სრულყოფა და ღმერთთან სიახლოვე შეუძლებელია. ეკლესია კაცობრიობისათვის უდიდესი მადლია. ესაა ღვთის წყალობა, მომნიჭებელი ცოდვათა მიტევებისა და განწმენდისა, სიკვდილზე გამარჯვებისა და ხსნისა.
საუკუნეთა მანძილზე ბოროტი ძალა სხვადასხვა სახით ებრძოდა ქრისტეს ეკლესიას. ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება. ხშირია შემთხვევა, როდესაც იბეჭდება ცილისმწამებლური წერილები და გამიზნულად ხდება ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის უნდობლობის გაღვივება. მათ ავტორებს ავიწყდებათ, რომ ეკლესია მაცხოვრის მისტიკური სხეულია, რომელიც კლდესა ზედა არის დაშენებული და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. ეკლესია "სვეტი და სიმტკიცეა ჭეშმარიტებისა" (I ტიმ. 3,15).
წმიდა ბასილი დიდი ასე გვარიგებს: "შენ ხარ კეთილაღნაგი ჭურჭელი, რომელმაც უფლისაგან სიცოცხლე მიიღე: ადიდე შენი შემოქმედი, რადგან იმისთვის ხარ მოწოდებული, რომ იყო ღირსეული გამოვლინება ღვთის მადლისა; ეს სამყარო შენთვის ცოცხალი წიგნია, რომელიც უფლის სიდიადეს ქადაგებს და შენ, გონიერ არსებას, მის იდუმალ და უხილავ ბრწყინვალებას გაზიარებს, რათა შეიცნო ჭეშმარიტების ღმერთი" (გრ. დიაჩენკო, "სარწმუნოება", გვ. 176).
ყოველწლიურად ჩვენ ყველანი ზეიმით ვეგებებით პასექის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელსაც მუდამ ახალი, ადრინდელისგან განსხვავებული სიხარული მოაქვს. ესაა განცდა მარადიული ნეტარებისა. ყოველ წელს ჩვენს გულებში ინთება ახალი კანდელი ცათა სასუფევლისკენ ჩვენი მომავალი მსვლელობის გზის გამნათებელი.
შეიმუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისანი და ჩვენ სიკვდილის დათრგუნვასა და მარადიული ცხოვრების დაწყებას ვდღესასწაულობთ.
სააღდგომო საგალობელში ვკითხულობთ: "დღეს მეუფემან წარმოსტყვენა ჯოჯოხეთი და აღადგინა კრულნი, რომელნი საუკუნითგან ბოროტად პყრობილ იყვნეს მას შინა".
მაშ, დავივიწყოთ მიწიერი განსაცდელი და ამ წარმავალი წუთისოფლიდან თვალი მარადიულობას მივაპყროთ. მოვიგონოთ ჩვენი მშობლები და კეთილმორწმუნე წინაპრები. დაე, მარად გიცავდეთ დედის სითბო და მამის მზრუნველობა. პატივი მიაგეთ მათ, ხოლო თუ ისინი გარდაცვლილნი არიან, მაინც ჩვეულებრივ ესაუბრეთ და დახმარებაც სთხოვეთ. გახსოვდეთ, მათ ყოველივე ესმით, კვლავინდებურად უყვარხართ და ლოცულობენ თქვენთვის.
სერბი მღვდელმთავარი ნიკოლოზი წერს: ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს დედის ღიმილი დამტევნელი სიბრძნისა, წყალობისა, სიყვარულისა და, რაც მთავარია, მარადიულობისა, რადგან სიცილიცა და ტირილიც დროებითია და წარმავალი და მხოლოდ ღიმილია – მარადიული.
თქვენდამი სიყვარულით გამთბარი გულით კიდევ ერთხელ გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს.
ქრისტე აღდგა!
დაე, სიხარული სუფევდეს თქვენს სულში.
ვილოცოთ ჩვენი ძვირფასი სამშობლოს მშვიდობის, ერთობისა და კეთილდღეობისათვის. ვილოცოთ მსოფლიოს მშვიდობისთვისაც. უფალი შეისმენს ჩვენს ვედრებას, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!
აღდგომა ქრისტესი
თბილისი, 2004 წ. ტრადიციულ და ზნეობრივ ფასეულობებს დაცვა


საშობაო ეპისტოლე - 1993

ივერიის წმიდა მიწის ღვთივკურთხეულ შვილებს

"აჰა, მოვალ ადრე. მტკიცედ იპყარ რაცა გაქვს,
რათა არავინ წარგტაცოს გვირგვინი შენი" (გამოცხ. 3,11)

ყოვლადუსამღვდელოეს მწყემსმთავრებს, მოძღვრებს, დიაკვნებს, ბერ-მონოზვნებს, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ღვთისმოსავ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ღვთისმშობლის წილხვედრი კურთხეული ივერიის მკვიდრთ და ჩვენი სამშობლოს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ.
მშვიდობა, სიხარული და კეთილდღეობა მოგმადლოთ, მოწყალე და სახიერმა უფალმან.
განგვეშორა მძიმე წელი. წელი დიდი იმედებისა და დიდი განსაცდელისა. მწუხარებამ უფრო მეტად დაგვაახლოვა ღმერთს და ერთმანეთს და მეტი სიბრძნეც შეგვძინა, რადგან დაგვაფიქრა არა მარტო პურის არსებობაზე, არამედ მარადიულ ღირებულებებზეც.
სულიერმა და მატერიალურმა გაჭირვებამ დაგვანახა, რომ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, ოღონდ აუცილებელია განვითარების ახალი გზების მოძებნა, აუცილებელია, უპირველეს ყოვლისა, ღვთის სასოებით საკუთარ თავზე დაყრდნობა და ჩვენი შესაძლებლობების წარმოჩენა.
წინააღმდეგობების მიუხედავად გასულმა წელმა იმედი ჩაგვისახა, ამიტომაც, მართალია, სულიერი ტკივილით, მაგრამ ღვთის შეწევნის რწმენით ვხვდებით უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს - შობას უფლისას.
შობა ქრისტესი - ეს არის მისტიური აქტი, რომელსაც ბოლომდე ვერასდროს ჩავწვდებით. იგია გამოვლინება ადამიანისადმი ღვთის უსაზღვრო სიყვარულისა და მისთვის თავგანწირვისა; აქტი ღვთისა და კაცის შეერთებისა.
უფალი მოგვიახლოვდა, რათა ჩვენც აღვდგეთ და მივიდეთ მასთან. იგი არ ითხოვს სიმდიდრესა და მაღალ თანამდებობას, არც ოქროს, გუნდრუკსა მურს, რაც მოგვებმა მიართვეს ბეთლემში ახლადშობილს. მისთვის ძვირფასი მხოლოდ ჩვენი გულია. ამიტომაც თითოეულს მოგვმართავს: შვილო, მომეც გული შენი.
რად სურს ღმერთს ჩვენი გული? - მხოლოდ იმიტომ, რომ შეძლოს ჩვენს სულში დაივანოს და თავისი უსაზღვრო სიყვარულით, სიწმიდით და სიმშვიდით გაგვათბოს, დაგვიბრუნოს დაკარგული მადლი და ჩვენთვის ჯვარცმული, კვლავ ჩვენთან ერთად შეხვდეს ჩვენი ცხოვრების ტკივილს, ჩვენთან ერთად დაითმინოს და ევნოს, რათა გვაცხონოს და მარადიული ნეტარების ღირსი გაგვხადოს.
დიდება შენდა უფალო, გმადლობთ უფალო.
მაგრამ, ღმერთო, შენ ხომ იცი ჩვენ ვინ ვართ, რამეთუ ქმნილნი ხელთა შენთანი ვართ. იცი, რომ გული ჩვენი არის არაწმიდა; ოდითგან შეგთხოვთ დავით წინასწარმეტყველის სიტყვებით: "გული წმიდაჲ დაბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა" (ფს. 50,12), "მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა" (ლოცვა).
გმადლობ, უფალო, რომ გვაჯილდოვებ სინანულის გრძნობით, ცოდვის შეგრძნების უნარით და გამოსწორების სურვილით - შენსკენ სწრაფვით.
მეოცე საუკუნე უხეში მატერიალიზმის თაყვანისცემის ხანაა. ესაა დრო, როცა ცდილობდნენ ადამიანებისთვის შეექმნათ წარმოდგენა, თითქოს მატერიალური ყოფის გარდა სხვა სიცოცხლე არ არსებობს და რომ სულიერი მოვლენები ოდენ ჩვენი ტვინისა და ნერვული სისტემის გამოვლინებებია.
რა იყო მიზეზი ღმერთის დავიწყებისა?
პირველ რიგში ამპარტავნება. ადამიანური შესაძლებლობების არასწორი აღქმა, სულიერი დაცემა.
ჯერ კიდევ პლინიუს უმცროსი წერდა: ადამიანის ბუნება გაყალბებულია, რადგან მასში უკიდურეს სულიერ სიღატაკესთან შერწყმულია უსაზღვრო ამპარტავნება.
პასკალი ადამიანს განიხილავდა, როგორც "მოაზროვნე ლერწამს" (ანუ შინაგანად არამყარს), როგორც სამყაროს სივრცეში გაბნეულ ქვიშის მარცვალს, რომლის სიძლიერე სულიერობასა და აზროვნებაშია; და თუ ეს მადლი დაიკარგა, მარცვალიც განქარდება. სამწუხაროდ, არა მარტო ცალკეული ადამიანები, არამედ მთელი რიგი ქვეყნები მსხვერპლნი გახდნენ ამ მარტივი ჭეშმარიტების დავიწყებისა.
გერმანელი ფილოსოფოსი პაულსენი შენიშნავს: ძნელია უარყო მატერიალიზმი არა იმიტომ, რომ იგი სიმართლეს ქადაგებს, არამედ იმიტომ, რომ ძნელია დაუპირისპირდე წმინდა წყლის სისულელეს.
საოცარია, რომ მატერიალიზმის მიმდევართა შორის იყვნენ განათლებული და ზოგჯერ გენიალური ადამიანებიც, რაც მაჩვენებელია იმისა, რომ, მართალია, გენიოსობა ღვთის დიდი მადლია, მაგრამ მთავარი მაინც ნიჭის სწორად წარმართვაა. მრავალია მაგალითი იმისა, თუ რა საშინელი შედეგი მოაქვს გაუკუღმართებულ გენიას.
დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ მატერიალიზმი შობს ტოტალიტარიზმს, ჩვენ კარგა ხანია ვცხოვრობთ ასეთ დროში. ტოტალიტარიზმის მიზანია ადამიანის სრული გარდაქმნა იდეოლოგიური წყობის შესაბამისად. პიროვნების შეცვლა ხდება მის მოქმედებაზე და, რაც მთავარია, აზროვნებაზე მკაცრი კონტროლის დაწესებით. ტოტალიტარიზმი კარნახობს ყველას, როგორ უნდა იფიქრონ და ითხოვს უსიტყვო მორჩილებას, რაც ნიშნავს ინდივიდუალობის, პიროვნული საწყისის გაქრობას.
ამ მოვლენამ საკმაოდ ღრმა კვალი დააჩნია ჩვენს შინაგან სამყაროს. პოსტტოტალიტარულ დროში ყველაზე რთული სწორედ სულიერი მონობიდან განთავისუფლების, ღვთივმომადლებული ინდივიდუალური თავისუფლების მოპოვების, პასუხისმგებლობის შეგრძნებისა და ავისა და კარგის სწორად გარჩევის პროცესი იქნება.
მატერიალიზმის დღემდე არსებული ფორმა თანდათან უკანა პლანზე გადადის და ადგილს უთმობს მის სხვა სახეს - ტექნოკრატიზმს და ეკონომიკას.
საზოგადოების ზრუნვა ეკონომიკის წინსვლისათვის არ არის საშიში, თუ მასთან ერთად განვითარდება ადამიანის სულიერი და ინტელექტუალური შესაძლებლობები: ჭეშმარიტი სარწმუნოება, ეკლესიურობა, ზნეობა, მეცნიერება, ხელოვნება.
ჩვენ არ გვაქვს უფლება თანამედროვე ცივილიზაციის ყველა უბედურების საწყისად მეცნიერება დავსახოთ. ადამიანი უბრალოდ სულიერად მოუმზადებელი შეხვდა მეცნიერულ აღმოჩენებს. პიროვნების სულიერი განვითარების პროცესი მეტად ჩამორჩა ტექნიკურ პროგრესს და რადგან ერთი მეორეს არ განაპირობებს, დაირღვა წონასწორობა; ამან კი წარმოშვა საშიშროება და ჩვენს წინაშე დააყენა მრავალი გადაუჭრელი პრობლემა.
ამიტომ დღეს, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიზრუნოთ ერის სულიერი ამაღლებისათვის, რომ სათანადოდ მომზადებულნი შევხვდეთ დასავლეთის ქვეყნების "უცხო კეთილდღეობას", თორემ იმ მადლსა და თვითმყოფადობასაც დავკარგავთ, რაც წინაპართაგან რაღაც ფორმით დღემდე მაინც შევინარჩუნეთ.
სულიერება ხალხში თავდაპირველად გზას იკვლევს ცალკეულ მადლმოსილ პიროვნებათა წყალობით, შემდეგ კი ეს ნიჭი ეფინება მთელს ერს და ამაღლებს მას, ამიტომაც პიროვნების როლი ქვეყნის ცხოვრებაში უდიდესია.
არიან ადამიანები ღვთის ნიშნით გამორჩეულნი, რომელნიც თესენ სიყვარულს, სათნოებას, ქმნიან, აშენებენ, იწვიან და სხვას გზას უნათებენ. არიან პიროვნებანი დემონური ბეჭდით დაღდასმულნი - დამანგრეველი ძალით აღვსილნი.
მსოფლიო ისტორია იცნობს მრავალ მაგალითს იმისას, თუ როგორ ნადგურდებოდა მასები, იქცეოდა სახელმწიფოები განდიდების მანიითა და ეშმაკეული ამპარტავნებით შეპყრობილი "გენიალური უტვინოების" ხელში, რადგან ისინი, როცა ასპარეზიდან მიდიოდნენ და იღუპებოდნენ, ღუპავდნენ ხალხსაც.
სიწმიდე კი სიმშვიდით მოქმედებს, იგი არ ხმაურობს, არ ყვირის. ამიტომაცაა, რომ ზოგჯერ მთელი წლების თუ საუკუნეების შემდეგღა აღწევს ჩვენამდე სიტყვანი და დარიგებანი ღვთისსათნო და ბრძენ ადამიანთა, გმირული საქმეები ჩვენს წინაპართა. ისინი შეუმჩნევლად უცვლიან ელფერს ჩვენს შინაგან სამყაროს და იდუმალ გავლენას ახდენენ ჩვენს ყოფაზე.
ერთ-ერთი მაგალითი ამისა არის ცხოვრება XVII ს-ში რუმინეთში მოღვაწე, ჩვენი სახელოვანი თანამემამულე ანთიმოზ ივერიელისა, რომელმაც მთელ მსოფლიოს უჩვენა სიწმიდის, მოყვასის სიყვარულის და თავისუფლებისათვის ბრძოლის მაგალითი და რომელიც რუმინეთის ეკლესიამ 1992 წელს წმინდანად შერაცხა.
დღეს განსაკუთრებით ხშირად ვლაპარაკობთ თავისუფლებაზე. თავისუფლება ზოგს თავაშვებული ცხოვრების უფლება ჰგონია, ზოგს დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეობა; უმთავრესი კი ავიწყდებათ იმიტომ, რომ ამ ცნებაში ხშირად გარეგნულ, მიწიერ გაგებას გულისხმობენ და არ ფიქრობენ მის შინაგან პროცესზე - სულიერ თავისუფლებაზე.
ზნეობრივი თავაშვებულობა ცოდვის მონობაა, წმ. პავლე მოციქული წერს: "თავისუფლებისათვის ხართ ძმანო ხმობილნი, მაგრამ ხორციელი განცხრომისთვის ნუ მოიხმართ თავისუფლებას, არამედ სიყვარულით ჰმონებდეთ ერთმანეთს" (გალატ. 5,13).
რაც შეეხება ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ზრუნვას, ხალხის სულიერი ამაღლების გარეშე იგი მეტად ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს, რადგანაც ერი თავისი უმეცრების და უზნეობის მსხვერპლი გახდება.
პოლიტიკური თავისუფლება მძიმე ცოდვათაგან თავისუფალმა საზოგადოებამ უნდა მოიპოვოს, ეს ღვთის კანონია. ასე რომ, ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა ამავე დროს თითოეული ჩვენგანის შინაგან სრულყოფას, შინაგან თავისუფლებას ითხოვს.
უფალმა კაცი ხატად და მსგავსად თვისსა შექმნა, მაგრამ დაცემის შემდეგ ადამიანის სუფთა სულს შეერია სხვადასხვა ცოდვა და დაბინდა იგი. ის, ვინც შეძლებს ცოდგათაგან განწმენდას, ხდება თავისუფალი, თავისი თავის უფალი, ღვთის მსგავსებით შექმნილი თავისი უბიწო სულის პატრონი. ამიტომაც წერენ ბრძენნი: შეიძლება მონობაში იყო, მაგრამ თავისუფლება ვერ წაგართვან და შეიძლება თავისუფლებაში განცხრომით ცხოვრობდე და მონა იყო, თანაც იმდენი ბატონის, რამდენი მანკიერი თვისებაცა გაქვს.
ადვილი არ არის ჩვენს მდაბალ ვნებებსა და აზრებზე, ჩვენში მიმდინარე სულიერ და ფიზიკურ პროცესებზე გამარჯვება. ჩვენი სული ვიდრე ხორცის ტყვეობაშია ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის დაუსრულებლად იქნება და ვაი მას, ვინც ბოლომდე მდაბალ ვნებათა მსახურად დარჩება.
წმიდა წერილი გვაფრთხილებს: საქმენი ხორცთანი არიან: "სიძვა, უწმინდურება, ბილწება, კერპთმსახურება, მწვალებლობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, განხეთქილება, სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა" და სხვა მისთანანი. წინასწარ გეტყვით,... რომ "ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს" (გალატ. 5,19-21).
სამწუხაროდ ეს მანკიერებანი ახასიათებს ჩვენს საზოგადოებას და მიუხედავად ამისა გვსურს დამოუკიდებლობა. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა განვთავისუფლდეთ ცოდვის მძიმე უღელისგან; ეს კი შესაძლებელია მხოლოდ ეკლესიის მადლით.
ძალიან ბევრს არ ესმის ეკლესიის ძალა და მნიშვნელობა. წმიდა მამებმა კი, რომლებიც შიგნიდან ხედავდნენ ეკლესიის სიდიადეს, ჯერ კიდევ IV საუკუნეში ასე გამოთქვეს მისი არსი: "მწამს ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია"... რამეთუ მხოლოდ ასეთი ეკლესიის დამაარსებელი და თავი არის იესო ქრისტე.
"ამას კლდესა ზედა აღვაშენო მე ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათე 16,18) - ბრძანებს უფალი. ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ეკლესია მუდმივ ბრძოლაში იქნება ბოროტებასა და ცოდვასთან, მაგრამ ჯოჯოხეთის ძალებიც კი ვერაფერს დააკლებენ, რადგან ეკლესია არის წმინდა და გამოსყიდულია უფლის სისხლით. სულიწმიდა ტრიალებს ტაძარში და განწმენდს ყოველივეს და ყველას. ვინც რწმენითა და სიყვარულითაა მოსული. "ნეტარ ხარ შენ ეკლესიავ მართლმორწმუნეთა, რამეთუ მეფემ მეფეთამან დაიდგინა შენში სავანე. ურყევია შენი საძირკველი, რამეთუ უფალი მცველ შენდა არს. ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოგერევიან და მგელნი მტაცებელნი ვერ შეგმუსრავენ და ვერც სიმტკიცეს შენსას შეასუსტებენ. ო, მშვენიერო და ბრწყინვალე სახლო უფლისა, რა დიდებული ხარ შენ!" - წერს წმ. ეფრემ ასური.
ეკლესიამ მისცა საქართველოს ისეთი საოცარი პიროვნებანი, როგორნიცაა: წმ. ნინო, განმანათლებელი ივერიისა, წმ. იოანე ზედაზნელი, დავით გარეჯელი, შიო მღვიმელი, ანტონ მარტყოფელი, წმიდა მეფენი: მირიანი და ნანა, ვახტანგ გორგასალი, არჩილი და ლუარსაბი, დავით აღმაშენებელი, თამარი, ქეთევან წამებული, დემეტრე თავდადებული და სხვანი მრავალნი, სათნონი ქრისტესნი. და, საერთოდ, ყველაფერი ის, რითაც ჩვენ ვამაყობთ ოცსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ეკლესიური ცხოვრების, ეკლესიური აზროვნების გამოვლინებაა.
როდესაც თანამედროვე ისტორიკოსები და ზოგჯერ ღვთისმეტყველნიც ეკლესიაზე წერენ, უფრო ხშირად მის გარეგნულ მხარეზე ამახვილებენ ყურადღებას ან წარსულის მიხედვით აფასებენ მის როლს. ეკლესია გაცილებით იმაზე დიდია, ვიდრე ჩვენ გვგონია. ეკლესია მისტიური სხეულია უფლისა. ეკლესია მასში მყოფი მრევლი კი არ არის მხოლოდ, ან დედამიწაზე მცხოვრები მორწმუნენი, არამედ, უწინარეს ყოვლისა, უფალი, ღვთისმშობელი მარიამი, ანგელოსთა დასი და წმიდანთა მთელი კრებული შეერთებული მლოცველთა ჯგუფთან; ამიტომაც არის ტაძარი - ცა დედამიწაზე.
ის საშინელი მოვლენები, რაც ჩვენს გვერდით ხდება: მკვლელობა, ძალადობა, ძარცვა, ვერაგობა, თავაწყვეტილი ვნება... შედეგია ურწმუნოებისა და არასულიერობისა.
ამიტომ დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა ჩვენი ხალხის, ჩვენი ახალგაზრდობის, ბავშვების, ინტელიგენციის გაეკლესიურება. "ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სულიწმიდისა, რომელიც გაქვთ ღმრთისაგან და არ ეკუთვნით თქვენს თავს?... ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულითა და სულით" (I კორინ. 19,20).
ჩვენდა სამწუხაროდ, უმრავლესობას დაკარგული აქვს დანაშაულის შეგრძნებისა და განცდის უნარი და თავი უცოდველი ჰგონია. ეს კი ამ პიროვნებათა დაბალი დონის მაჩვენებელია. ადამიანი, რაც უფრო მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, მით უკეთ ხედავს თავის თავს და აქედან გამომდინარე - თავის ცოდვებსაც, (უცოდველი არავინაა) და ეუფლება გრძნობა სინანულისა და სურვილი გამოსწორებისა.
ეკლესიის მთავარი არსი იმაშია, რომ აქ მღვდლის საშუალებით ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა, ყველა ჩვენი უწმინდურების მიზეზის - ცოდვისგან განთავისუფლებისა; ამ ქვეყნად მხოლოდ მოძღვარს აქვს ღვთისგან მინიჭებული მადლი ცოდვათა გახსნის და მიტევებისა. აღსარებით და ზიარებით პიროვნებაში ხდება სულიერი ფერისცვალება, შინაგანი წონასწორობის აღდგენა. ღმერთი მწუხარებისაგან გათანგულს ნუგეშს აძლევს, შურისძიების სურვილით შეპყრობილს - მიტევების მადლს, აფორიაქებულს - სიმშვიდეს, დაჩაგრულს - სულიერ ძალას.
"მე ვსუფევ მაღალში, - ბრძანებს უფალი, - და სიწმინდეში, მაგრამ მე ვარ ტანჯულთანაც და სულით გლახაკთან, რათა ცხოველვყო გლახაკთა სული და ცხოველვყო ტანჯულთა გული" (ესაია 57,15); "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ" (მათე 38,6-7).
ასეთი დაღლილი არასდროს ყოფილა ადამიანთა მოდგმა, არასდროს ყოფილა კაცობრიობა ასეთი კატაკლიზმების წინაშე: ინგრევა ქვეყნები და სისტემები, მსწრაფლ იცვლება მოვლენები, რაც ნიშანია იმისა, რომ ჟამი ახლო არს. "აჩრდილს მიუყვება ადამიანი, მაგრამ ამაოდ ფუსფუსებს, აგროვებს და არ იცის, ვის დარჩება" (ფს. 38,6-7).
წარსული განვლილია, მომავალი არ ჩანს, აწმყო კი მეტად ბუნდოვანია, ერთადერთი ნუგეში არის უფალი. "მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა" (მათე 28,20) - ჩაგვესმის მისი სიტყვები.
ხშირად მეკითხებიან, თუ როგორ ვხსნით რელიგიური თვალსაზრისით დღევანდელ ჩვენს მდგომარეობას.
ამჟამად საქართველოში ომია, გარეშე მტრისაგან თავსმოხვეული ომი, ხელოვნურად შექმნილ კონფლიქტთა სერია. ჩვენ ვიცავთ არა მარტო საზღვრების მთლიანობას, არამედ რწმენას, კულტურას, ისტორიას, ტრადიციებს ჩვენი ხალხისა და ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ სხვა ერთა წარმომადგენლებისა.
მართალია, ყველას გვიჭირს, მაგრამ იმედი გვაქვს, ერთად დავძლევთ ამ სიძნელეებს და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ღმერთი არ დაუშვებს საქართველოს გაყოფას. ივერია ღვთისმშობლის წილხვედრია და ათასობით წმიდანთა სისხლით განბანილი მათი ლოცვა შეგვეწევა.
ექსტრემისტებისა და სეპარატისტების მიზეზით მრავალი ახალგაზრდა მოკვდა. დაიღუპნენ ქართველები, აფხაზები, ოსები, რუსები, სომხები, აზერბაიჯანელები და სხვანი. ცრემლმა და სიკვდილმა შეაბიჯა ბევრ ოჯახში, დაქვრივდნენ ახალგაზრდა დედები, დაობლდნენ ბავშვები... ბევრი ახალგაზრდა დახეიბრდა.
მე მინდა ვუთხრა ყველას, აქ მყოფს და იმქვეყნად წასულს (ისინიც ხომ ცოცხლებია და ესმით ჩვენი): დიდია თქვენი ღვაწლი ქვეყნის წინაშე და დიდი იქნება ჯილდოც თქვენი უფლისგან ბოძებული. თქვენ ხომ თავისუფლებისათვის, სარწმუნოებისა და სამშობლოსათვის, ჩვენი ნათელი მომავლისათვის იბრძოდით; თქვენ იბრძოდით წყვდიადისა და უმეცრების წინააღმდეგ. ჭეშმარიტად დიდია თქვენი მსხვერპლი და ამდენად თქვენი დამსახურებაც ღვთისა და სამშობლოს წინაშე.
ჩვენ იმედით ვუყურებთ მომავალს და გვჯერა, რომ გონიერება, სიყვარული, სიკეთე და ძმობა გაიმარჯვებს.
ეს ერთი მხარე მოვლენისა, რაც შეეხება მის სულიერ არსს, მინდა გითხრათ, რომ ადამიანებს ხშირად მაშინ მიაჩნიათ თავი ბედნიერად, როცა ყველაზე უბედურნი არიან. არის პირიქითაც.
ომი, გაჭირვება - სინამდვილეში მოწოდებაა სინანულისა და განწმენდისაკენ; იგია საშუალება ხანგრძლივი ძილისაგან ჩვენი გამოღვიძებისა და ღმერთთან დაახლოებისა. ხილულ მწუხარებაში ყოველთვის უხილავი მადლი იმალება. "როგორც თესლის აღორძინებისათვის აუცილებელია წვიმა, ისე ჩვენთვის ცრემლები. როგორც მიწას სჭირდება დამუშავება, რომ კეთილი ნაყოფი გამოიღოს, ისე ჩვენს სულებს - მწუხარება და განსაცდელი, რომ დარბილდეს ჩვენი სიმკაცრე და დაიძლიოს ჩვენი ამპარტავნება" (იოანე ოქროპირი), რაც განსაკუთრებით გვახასიათებს ჩვენ.
ოქრო და ვერცხლი მაღალი ტემპერატურის გარეშე მინარევებისაგან ვერ განიწმინდება, ასევე ვერც ჩვენი სული - მწუხარების გარეშე.
მახსენდება მაკაბელთა წიგნის შემდეგი ადგილი: "ეს სასჯელი დასაღუპავად კი არა, ჩვენი ხალხის გამოსაფხიზლებლად იყო გამიზნული. ბიწიერებას ხომ დიდი ხანი არ ეძლევა და იმთავითვე სასჯელით აღიკვეთება, სწორედ ესაა დიდი წყალობის ნიშანი.
რაც შეეხება სხვა ხალხებს, ღმერთი მოთმინებით აყოვნებს მათ დასჯას, ვიდრე ისინი მთლიანად არ აივსებიან ცოდვებით. ჩვენ კი ასე არ გვექცევა იგი. არ ელის ჩვენი ცოდვების სავსებას, რომ მერე შური იძიოს ჩვენზე. ამიტომაც არ მოუკლია ჩვენთვის მოწყალება და თუმცა უბედურებით კი გვსჯიდა, მაინც არ გაუწირავს თავისი ხალხი" (II მაკაბ. 6,12-16).
ასე რომ დღეს საქართველოში მიმდინარე მოვლენები არის ნელი და მტკივნეული პროცესი "უძღები შვილის" დაბრუნებისა. ჩვენს სულიერ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, რამდენად მალე განვთავისუფლდებით სასჯელისაგან. სიძნელეებს არ უნდა შევუშინდეთ, რადგან ღვთის ძალა სწორედ რომ უძლურებაში ცხადდება, ოღონდ უფალს უნდა მივენდოთ სრულად, თავშეწირვამდე.
მიწიერი ჩვენი ცხოვრება უდაბნოში მოგზაურობაა. ჩვენ აქ მხოლოდ მგზავრები ვართ: დღე დღეს აუწყებს მარადიულობის კარიბჭესთან ჩვენს მიახლოებას; მთავარია, იქ წარვდგეთ ღირსეულად. ღვთის დიდი წყალობაა, რომ არ ვიცით ჩვენი აღსასრულის დღე, რათა ყოველთვის გვახსოვდეს სიკვდილი და ყოველი დღე გავატაროთ ისე, თითქოს იგი იყოს უკანასკნელი. ამაშია სიბრძნე. ჯერ კიდევ ანტიკური დროის დიდმა პიროვნებამ, პლატონმა, სიბრძნის მოყვარება - ფილოსოფია განმარტა, როგორც მზადება სიკვდილისათვის.
"მართალთათვის და ცოდვილთათვის სიკვდილი იგივეა, რაც მკვდარი ზღვა ძველ აღთქმაში ებრაელთა და ეგვიპტელთათვის. პირველთათვის იგი იყო გადასასვლელი აღთქმულ ქვეყანაში, ხოლო მეორეთათვის - მიზეზი სიკვდილისა. მსგავსად ამისა, მართლის სიკვდილი არის დასაწყისი ნეტარი მარადიულობისა - აღთქმული ქვეყნისა; ცოდვილთათვის კი - მიზეზი მეორე სიკვდილისა - მარადიული სატანჯველისა" (სულიერი მდელო).
ეს საუკუნე ღვთისგან ხალხს სინანულისთვის მიეცა. ფუტუროლოგნი ამტკიცებენ, რომ თუ კაცობრიობამ კიდევ იარსება XXI საუკუნეში, იგი მეტად რელიგიური ასწლეული იქნება, რადგან ხალხი დაიღალა, უღვთოდ დაცარიელდა ტაძარი სიყვარულისა.
დღეს კი ჩვენ ვართ მოწმე არამარტო თანამედროვე ისტორიის ტრაგიზმისა, არამედ მოახლოებული აპოკალიფსური დროისა. სულ უფრო მკვეთრად ჩაგვესმის სიტყვები: "მე ვარ ანი და ჰოე, იტყჳს უფალი ღმერთი, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს, ყოვლისა მპყრობელი" (გამოც. 1,8).
ღვთის მოწყალების იმედით აღვსილი ყველას გულითადად გილოცავთ ქრისტეს შობის დღესასწაულს. დამდეგი ახალი წელი, დაე, იყოს ყველასათვის მშვიდობის, კეთილდღეობისა და სიკეთის მომტანი, წელი სიყვარულისა და შერიგებისა: "განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ" (რომაელთა 13,12).
"იშვა ყრმა, მოგვეცა ძე... და ეწოდა სახელად... ღმერთი ძლიერი, მშვიდობის მთავარი" (ესაია 9,5), "ღმერთმან მშვიდობისამან სრულგყოთ თქვენ ყოველი კეთილი საქმის მის ნებისაებრ აღსასრულებლად და იყოს თქვენში ის, რაც სათნო ჩანს მის წინაშე" (ებრ. 13,20-21). "რომელმან სძლოს, ესრეთ შეიმოსოს სამოსელი სპეტაკი" (გამოცხ. 3,5).
გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი, ამინ.
ქრისტეს შობა,
თბილისი.
1992-1993 წწ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ივერიის წმიდა მიწის ღვთივკურთხეულ შვილებს<

image
image თემა: შობა,  ეკლესია
ავტორი: ილია II

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3