ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
სააღდგომო ეპისტოლე - 1992
საქართველოს ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს
„შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაჲ“ (მათე 4,17)
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონთა დასნო, ძენო და ასულნო ღმრთისანო, მკვიდრნო საქართველოისა და უცხოეთში მცხოვრებნო თანამემამულენო, ლოცვითა და შუამდგომლობითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, მამა ზეციერმან მოგანიჭოთ მადლი სულისა წმიდისა, რათა სუფევდეს თქვენს შორის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება, სიყვარული, სასოება, სიხარული, მშვიდობა, კეთილ საქმეთა შინა წარმატება, ხოლო ბოროტისაგან განრიდება და განთავისუფლება.
ქრისტესმიერი სიყვარულით ყველას გილოცავთ პასექის ბრწყინვალე დღესასწაულს:
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
მაშ, შევიმოსოთ სიყვარულით და ვადიდებდეთ მას, ჩვენთვის ჯვარცმულს და მკვდრეთით აღმდგარს, ჩვენს სასოებას და ნუგეშს - ქრისტეს; სიყვარულს განუზომელს, სიბრძნეს მიუწვდომელს, მშვიდობას უფლისმიერს.სიკვდილის დამთრგუნველი მაცხოვრის წყალობა და მადლი ეფინება ყველას, მაგრამ ბევრს არ ძალუძს მისი შეგრძნება, რადგან ცოდვებით დამძიმებული სული ვერ იღებს ნათელს; და განა ჩვენს შორის ცოტა არის ასეთი?!
ამიტომაც გვიჭირს დღეს ცხოვრება. ქართველი ხალხი ცდილობს მდგომარეობის გამოსწორებას, მაგრამ ხშირად ვერ აგნებს ნამდვილ მიზეზს ჩვენი ყოფისა...
რატომ არის ამდენი მკვლელობა, მტრობა, ქურდობა; საქმისადმი ზერელე დამოკიდებულება, ხოლო შრომაში - უბარაქობა;
რატომ არის ამდენი ცილისწამება, გაუტანლობა, სიძულვილი, შფოთი, ღალატი; ასეთი შური, მრისხანება, ღვარძლი, სიცრუე;
რატომ ირღვევა ოჯახები, დაიკარგა სიყვარული, თაობათა შორის - პატივისცემა;
რატომ არის ამდენი ლოთი, ნარკომანი, მეძავი, მრუში;
რატომ კლავენ დედები შვილებს?!
იმიტომ, რომ მოიშალა საფუძველი ჩვენი ზნეობისა, დაიკარგა შიში უფლისა, განცდა ცოდვისა.
თავის დროზე რწმენა ჩაუკლეს ხალხს და მის ნაცვლად დანერგეს შიში ძალაუფლებისა და კანონის მიმართ. სასჯელის რიდით საზოგადოება ასე თუ ისე თავს იკავებდა მდაბალ ვნებათა გამოვლენისაგან, მაგრამ დღეს, როდესაც სხვა და სხვა გარემოებათა გამო კანონი ნაკლებად კანონობს, ერთბაშად იფეთქა ღვთისმადლმოკლებულ საზოგადოებაში დაბუდებულმა ბოროტებამ.
თუ გვსურს სწორ გზაზე დადგომა, წარსულის გათვალისწინებით უნდა შევხედოთ ჩვენს აწმყოსა და მომავალს.
ყველა ერის წარსულში ჩანს ხალხის ნიჭი, ხასიათი, შესაძლებლობა, იკვეთება მისი ადგილი ამ ქვეყანაზე, საცნაური ხდება მასში ჩადებული ღვთის განგებულება.
ამიტომაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, ისტორიულად რა გვახასიათებდა დადებითი და რა უარყოფითი, რომ კეთილი გზა კვლავაც გავაგრძელოთ, უკეთური კი შეძლებისდაგვარად მოვიკვეთოთ.
ამ ეპისტოლეში შევეცდებით, მოკლედ განვიხილოთ ჩვენი ცხოვრების ზოგიერთი მხარე და გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება მისდამი.
სამწუხაროდ, დღეს ქრისტიანები მხოლოდ სახელითღა ვართ, სინამდვილვში კი ურწმუნოთა ცხოვრებით ვცხოვრობთ.
განა ამაზე არ მეტყველებს ის დაპირისპირება, რასაც ამჟამად ქართველთა შორის აქვს ადგილი? განხეთქილების მიზეზად შეიძლება ესა თუ ის პიროვნება დავასახელოთ, მაგრამ პიროვნებას რომ დასაყრდენი არ ჰქონდეს ხალხის ფართო მასებში, ეს არ მოხდებოდა. საყრდენი კი წინააღმდეგობის, დაპირისპირების სულით დაღდასმული ჩვენი შინაგანი სამყაროა. დაპირისპირების ცოდვა ამპარტავნებიდან მოდის, რაც ოდითგან მოგვდგამს, ოღონდ დღეს იგი განსაკუთრებულად მკვეთრი ფორმებით ვლინდება. ამის მიზეზი, ალბათ, ისიც არის, რომ მეტად დაბალია ჩვენი ინტელექტუალური დონე. წლების მანძილზე განათლებულობით ვამაყობდით, არადა გვაქვს მხოლოდ ზერელე ცოდნა და აქედან გამომდინარე ზერელე აღქმა საგნებისა და გარემო სამყაროსი.
ამასთან ვერ ვხედავთ ზღვარს ცოდნასა და განათლებას შორის. ვერ ვგრძნობთ, რომ განათლება უფრო მეტის მომცველია, ვიდრე ცოდნა. ამიტომაც, ყველა მცოდნე ადამიანი განათლებულად ვერ ჩაითვლება. განათლება, ინტელექტი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს მაღალ ზნეობას, რწმენას, სიყვარულს, სულიერობას.
სენი, რომელიც თანამედროვე საზოგადოების თითქმის ყველა ფენას ახასიათებს, არის დაბალი სულიერობა. ეს ითქმის ჩვენს ინტელიგენციაზეც. ხშირად პრესით თუ ტელევიზიით გამოდის ამა თუ იმ უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგი, მეცნიერი, მწერალი ან ცნობილი ხელოვანი, რომელიც ერთი შეხედვით არ უარყოფს ღმერთს, მაგრამ რელიგიურად ისე მცდარად აზროვნებს, რომ ერთ მნიშვნელობას ანიჭებს იესო ქრისტეს, მუჰამედს, ბუდას...
როგორ შეიძლება ქრისტიანობის, მუსულმანობის, ბუდიზმის გათანაბრება? ეს ხომ ამ რელიგიების უცოდინარობის მაჩვენებელია და ნიშნავს იმას, რომ გაცნობიერებული არ გვაქვს ცხოვრების უმთავრესი მიზანი, არ ვზრუნავთ ჩვენს უკვდავ სულზე და არ გვაწუხებს, რომ არასწორი პოზიციის გამო იგი შეიძლება სამუდამოდ წარვიწყმიდოთ.
ინტელიგენციის და საერთოდ გავლენიან პიროვნებათა ბედნიერებაც და უბედურებაც იმაშია, რომ მათ თავიანთი მრწამსით, თავიანთი ცხოვრებით სულიერად შეიძლება გადაარჩინონ ან დაღუპონ არა მარტო თავიანთი თავი, არამედ გარშემო მყოფნი და სხვა მრავალნიც.
დღეს ჩვენს ინტელიგენციას იმაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე თვითონ გრძნობს. ის როლი, რასაც თავის დროზე ასრულებდა სამეფო დინასტია, თავადაზნაურობა, ეკლესიასთან ერთად უნდა იტვირთოს ინტელიგენციამ. იგი უნდა იქცეს ერისთვის ჭეშმარიტი გზის გამკვლევად, ეროვნული მრწამსის, კულტურისა და ხელოვნების დამცველად და შემქმნელად. ამიტომაც ხელი უნდა შევუწყოთ მისი დიდი ნიჭისა და მაღალი თვისებების მაქსიმალურ გამოვლინებას ერისა და ღვთის სამსახურად.
თუ ნორმალური საზოგადოების შექმნა გვსურს, ჩვენმა ინტელიგენციამ, ერისმთავრებმა უპირველესად უნდა იზრუნონ მოზარდი თაობის სწორ აღზრდაზე. ადამიანის ბუნება დაცემულია და ჩვენი ცოდვისმიერი თვისებანი ასაკისდა მიხედვით გამოვლინდებიან: ამიტომაც ბავშვებმა თავიდანვე უნდა ისწავლონ ავის და კარგის გარჩევა, ბრძოლა ბოროტებასთან და უფლის შეწევნით დაძლიონ მანკიერი მიდრეკილებანი. ამ რთულ საქმეს მასწავლებლები სიფრთხილით უნდა მოეკიდონ. კარგი იქნება, თუ ისინი უზნაძის განწყობის თეორიით იხელმძღვანელებენ და პიროვნულ თვისებათა გათვალისწინებით მიუდგებიან თითოეულ აღსაზრდელს. ბავშვებს თავიდანვე უნდა გავუღვიძოთ გრძნობა ადამიანის ღირსების დანახვისა და დაფასებისა, განვამტკიცოთ რწმენა იმისა, რომ ყოველი ჩვენთაგანი ღვთისაგან განსაკუთრებული ნაჭითაა დაჯილდოებული, ოღონდ აუცილებელია ამ მადლის გამოვლენა.
მოზარდი თაობა უნდა დავუახლოვოთ შრომას. შევაყვაროთ მიწა, ყვავილები, ცხოველები, ბუნება; ვასწავლოთ მასთან კავშირი, რათა მან შემდეგ ადვილად დაამყაროს ჰარმონიული ურთიერთობა გარემოსთან.
სამწუხაროა, რომ ყოველივე ამის განსახორციელებლად ცოტა გვყავს სათანადოდ მომზადებული პედაგოგები: არა გვაქვს კარგად შედგენილი პროგრამები.
სკოლის ცხოვრებაში სიახლის შეტანა რომ აუცილებელია, ყველა გრძნობს, მაგრამ ზოგჯერ არასწორ ნაბიჯებს დგამენ. მაგალითად, აპირებენ ინგლისური სკოლების გახსნას, სადაც პირველი კლასიდანვე ყველა საგანს ბავშვებს უცხოელები შეასწავლიან და ეს მიაჩნიათ ფრიად სასარგებლოდ; სინამდვილეში კი იგი დიდი შეცდომაა და ნიშნავს ჩვენს წარსულს მოწყვეტილი თაობის აღზრდას. ანდა, ფიქრობენ რელიგიური სკოლების დაარსებას, სადაც საღვთისმეტყველო გაკვეთილებს პასტორები ჩაატარებენ. განა შეიძლება ასე ხელვყოთ ჩვენი მეობა?
მართლმადიდებელი სარწმუნოება ხერხემალია ჩვენი ეროვნული სხეულისა. მისი შეცვლით ან დაკარგვით ჩვენ ვკარგავთ ქართულ სულს. ამის მაგალითი ბევრი გვაქვს; მხოლოდ ორს დავასახელებთ: წინა საუკუნეებში, გაჭირვების გამო ზოგიერთმა ქართველმა კათოლიკობა მიიღო, რადგან თურქნი კათოლიკებს რომის სიძლიერის გამო არ ეხებოდნენ. დღესაც მათი შთამომავალნი, საქართველოში მცხოვრებნი, თავიანთ თავს ფრანგებს უწოდებენ.
ცარიზმის გამთიშველი პოლიტიკის წყალობით სომხები XIX ს-ში განთავისუფლებულნი იყვნენ გადასახადისაგან. ბევრმა ქართველმა ცდუნებას ვერ გაუძლო და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მიიღო გრიგორიანული სარწმუნოება. დღეს ეს ხალხი ფაქტიურად დაკარგულია საქართველოსათვის. ეს ერთი მხარეა საკითხისა.
მაგრამ უმთავრესი მეორეა. ანუ შეგნება იმისა, რომ თითოეული ჩვენთაგანის მრწამსი, აღმსარებლობა, ღვთის ჭეშმარიტ გზას უნდა დაეფუძნოს. მართლმადიდებლობა არის ის სარწმუნოება, რომელმაც შეურყვნელად დაიცვა იესო ქრისტეს და მის მოციქულთა სწავლება. მართლმადიდებლობამ დაიცვა ერთიანი განუყოფელი ეკლესიის ტრადიცია. მართლმადიდებლობის გარეშე არ არსებობს ხსნა, რადგან ქრისტეა თავი ეკლესიისა და ეკლესიაა მისტიური სხეული მისი და თუ არ ვიქნებით წევრი მისი ეკლესიისა - ნაწილი მისი სხეულისა, წილი არა გვაქვს მაცხოვართან. „ეკლესიის გარეშე ადამიანმა შეიძლება მიაღწიოს ყოველივეს: ჰქონდეს რწმენა მამის, ძის და სულიწმიდისა, ქადაგებდეს, საიდუმლოებსაც აღასრულებდეს, იყოს დაფასებული, მაგრამ სულის ხსნას ვერ შეძლებს - ვერ მოიპოვებს მარადიულ ცხოვრებას“ (ნეტარი ავგუსტინე).
უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია მუდამ წმინდაა. ცალკეულ სასულიერო პირთა თუ მორწმუნეთა უღირსი საქციელი ვერ დაჩრდილავს მის სიდიადეს. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ეკლესია მებრძოლია, რამეთუ გამუდმებულ დაპირისპირებაშია ბოროტებასთან. უკეთურობამ შეიძლება მას დაღი დაასვას, მაგრამ გამარჯვებული მაინც ყოველთვის იქნება ეკლესია, რადგან იგი თვით უფლის მიერ კლდესა ზედა არის დაფუძნებული და „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას“.
70-წლიანმა მძიმე ცხოვრებამ საქართველოს ეკლესიაზეც იქონია გავლენა, დღეს ჩვენს მოძღვართა შორის ბევრნი არიან თავდადებულნი, მაგრამ სუსტნიც არიან. მე იმედი მაქვს, ღვთის შეწევნით, მომავალში კიდევ უფრო განმრავლდებიან კეთილმსახური მოღვაწენი, ბერ-მონოზონნი, რომელნიც ვითარცა მანათობელნი ლამპარნი, ხალხს უჩვენებენ უფლისაკენ სავალ სწორ გზას და მსხვერპლშეწირული სიყვარულის მადლით მიეხმარებიან მათ ჯვარის მტვირთველობაში.
თანამედროვე ეტაპზე მეტად აუცილებელია სხვა სახელმწიფოთა მიმართ სწორი დამოკიდებულების გამომუშავება. დღეს მსოფლიო ჩაბმულია ერთობლივ პროცესებში. ეკონომიკურად, პოლიტიკურად თუ ინტელექტუალურად წამყვანი ძლიერი ქვეყნები ნებით თუ უნებურად ერევიან სხვა ერების ცხოვრებაში და არ აძლევენ მათ საერთო ჯაჭვიდან ამოვარდნის საშუალებას; ეს კი დიდ საფრთხეს უქმნის მცირერიცხოვანი ხალხების სულიერ და კულტურულ თვითმყოფადობას. იმავე პრობლემების წინაშე ვდგავართ ჩვენც. დასავლეთის ქვეყნებისაგან საქართველოს პოლიტიკურად ისეთი დიდი საშიშროება არ ემუქრება, რამდენადაც მორალური და ზნეობრივი. ჩვენთვის ასევე დამაბრკოლებელია მათი ინდიფერენტულობა ეროვნული და სარწმუნოებრივი საკითხებისადმი.
ქართველ ხალხს მიმბაძველობისაკენ ლტოლვა ახასიათებს. ეს კარგია, თუ სასარგებლოს სწავლობ, ანუ გაქვს ნიჭი თეთრის და შავის გარჩევისა, მაგრამ საშიშროება სწორედ იმაშია, რომ ხშირად განსჯის უნარი გვეკარგება და ცალმხრივად ბრმად ვიღებთ სხვისი ცხოვრებისა თუ აზროვნების წესს.
ჩვენ აუცილებლად უნდა შევითვისოთ სხვათა გამოცდილება და მიღწევები, ოღონდ საკუთარ საფუძველზე დაყრდნობით. მხოლოდ მაშინ იქნება იგი ღირებული ჩვენი ხალხისთვის და ანგარიშგასაწევი და დასაფასებელი სხვა ქვეყნებისთვისაც. ასე შეიქმნა მსოფლიოში ცნობილი ქართული კულტურა და დღესაც ეს გზა უნდა გავაგრძელოთ.
ამ საქმეში მეტად დიდი როლი უნდა დაეკისროს ეროვნულ მოძრაობას.
ზოგიერთის ფიქრით, ეროვნული მოძრაობა დროებითი მოვლენაა, რომლის მიზანი ერის განთავისუფლებისათვის ბრძოლაა. ასეთი შეხედულება მცდარია. ვიდრე ვარსებობთ როგორც ერი, უნდა იყოს ეროვნული მოძრაობაც, რომელმაც უნდა მოიცვას ჩვენი ცხოვრების ნებისმიერი სფერო და ყველაფერი უნდა გააკეთოს ხალხში ზნეობის ამაღლებისთვის, ქრისტიანული, მართლმადიდებლური სარწმუნოების განმტკიცებისთვის, ქართული ხასიათის გათვალისწინებით, ჩვენი შინაგანი დადებითი ძალების გაღვიძებისა და ახალი იდეების განხორციელებისთვის, პიროვნების ტალანტის მაქსიმალური გამოვლენისთვის.
ვფიქრობ, ხელისუფლების, ეკლესიის, ინტელიგენციის, ახალგაზრდობისა და საერთოდ ერის საუკეთესო ნაწილის წარმომადგენლებმა უნდა შეიმუშაონ და ჩამოაყალიბონ ეროვნული მოძრაობის პროგრამა; უნდა განისაზღვროს, რას უნდა მოიცავდეს იგი და სად როგორ განხორციელდეს. ამავე დროს უნდა განისაზღვროს სავარაუდო უარყოფითი შედეგებიც.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებთან ურთიერთობას, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არცერთ სახელმწიფოსთან, და განსაკუთრებით მეზობელ ერებთან, არ გვქონდეს მტრული დამოკიდებულება.
ამიტომაც საჭიროა მაღალი ინტელექტის მქონე დიპლომატების აღზრდა; საჭიროა დიპლომატიური სკოლის დაარსება, სადაც ახალგაზრდები შეითვისებენ ჩვენი ხალხის და მსოფლიოს ქვეყნების დიპლომატიურ გამოცდილებას და შეძლებისდაგვარად გააკეთებენ ყველაფერს, რათა საქართველომ თავისი ადგილი დაიკავოს მსოფლიო ერთა შორის.
ჩვენს წინაშე ასევე დგას პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობის საკითხი.
წმინდა წერილიდან ვიცით, რომ ადამიანი არის ღვთის ხატი და მსგავსი, განსაკუთრებული ქმნილება. იგია ქვეყანასა და ზეცას, მიწიერ და სულიერ სამყაროს შორის დამაკავშირებელი ძალა.
ადამიანი დადგენილია სამოთხეში მოქმედებისათვის, მისი დაცვისათვის, რაც ბოროტისაგან საკუთარი სულის დაცვას ნიშნავს და გულისხმობს ღვთის სიყვარულს, შრომის სურვილს, შემეცნების უნარს და, რა თქმა უნდა, ზნეობრივ ცხოვრებას.
ადამიანთა ერთობა ქმნის ოჯახს, გვარს, ერს, სახელმწიფოს. სულიერად განწმენდილ პიროვნებათა კავშირი - ასეთივე სახელმწიფოს, ხოლო ცოდვისაგან დათრგუნულთა ერთობა - შესაბამის ოჯახსა და საზოგადოებას. ამიტომაც, ვინც ფიქრობს ერის მომავალზე, უპირველესად უნდა იფიქროს თავის სულიერ ამაღლებაზე და დაიწყოს ერის გამოსწორება თავისი თავის განწმენდით - საკუთარი ჯვრის მტვირთველობით, ღვთის ჭეშმარიტ გზაზე დადგომით. მხოლოდ ამის შემდეგ დაინახავს ადამიანი სინამდვილეში სხვას რა უჭირს და იმასაც მიხვდება, როგორ უშველოს მას.
განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ქვეყნის განმგებელთ - როგორც საერო, ისე სასულიერო პირთ. ხშირია შემთხვევა, როცა თანამდებობის მქონე თავისი არასწორი საქციელის გამო იქცევა კერპად. წმიდა მამები გვარიგებენ, რომ ხალხზე მოქმედება და მისი მოქცევა უნდა მოხდეს ისე, რომ ჩვენ ჩრდილში დავრჩეთ, ხოლო ერმა უპირველესად ადიდოს ღმერთი და არა - კაცი.
ნებისმიერი ხალხის ისტორიაში დაუვიწყარია მათი სახელები, რომელიც თავიანთი სიწმინდით ამგვარად ემსახურნენ ერს. ასეთი იყო მაგალითად წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი.
„გალობანი სინანულისანი“ არის პიროვნული და ერის ცოდვების მტვირთველი ქვეყნის განმგებლის აღსარება. დღევანდელი ადამიანი იმდენად დაცემულია, რომ აღარ ესმის, რატომ გამოთქვამს ასეთ სინანულს მეფე წმინდანი. ხალხს აღარა აქვს ხმამაღლა გაცხადებული აღსარების სიდიადის შეგრძნება;
„გალობანი სინანულისანი“ საკუთარი თავის გაკერპების წინააღმდეგ ბრძოლის დასტურიცაა, ისევე როგორც დავითის სურვილი, დაკრძალულიყო გელათის ტაძრის ჭიშკარში, რათა კაცთა და პირუტყვთ მის საფლავზე დაედგათ ფეხი.
ამგვარი დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი დავით აღმაშენებლის ზნეობის, მისი სულიერი სიწმინდის მაჩვენებელია; ამის საწინააღმდეგო მაგალითია, ვთქვათ, ნაბუქოდონოსორი, რომელმაც თავისი კერპი აღმართა და უნდოდა ყველას თაყვანი ეცა მისთვის იმიტომ, რომ მისი მიზანი იყო ამქვეყნიური, მიწიერი დიდებისა და ნეტარების მოპოვება, თავისი „მეს“ დამკვიდრება.
ასე რომ, პიროვნების როლი და შესაძლებლობა კაცობრიობის ცხოვრებაში განუზომელია. მას შესწევს ძალა, ღმერთამდე ამაღლდეს სათნოებით და ქვესკნელამდე დამდაბლდეს უკეთურებით, ამპარტავნებით. ყველაფერი ჩვენს თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული.
„იყვენით უკუე მობაძავ ღმრთისა, ვითარცა შვილნი საყუარელნი და ვიდოდეთ სიყუარულით, ვითარცა იგი ქრისტემან შემიყუარნა ჩუენ და მისცა თავი თჳსი ჩუენთვის შესაწირავად“ (ეფესელთა 5,1-2) - გვარიგებს მოციქული.
უფლის მცნებებით ცხოვრება, მართალია, ჭირს ჩვენს აპოკალიფსურ დროში, მაგრამ ღმერთი არ დაგვტოვებს და შეეწევა ჩვენს უძლურებას.
„სასოებდით მაცხოვარს, რამეთუ იცის უფალმან ღმრთის მსახურთა მათ განსაცდელთაგან ხსნა“ (2 პეტრე 2,9).
მაცხოვრის აღდგომის დღესასწაული არის საფუძველი ჩვენი სარწმუნოებისა, იმედი ჩვენი მომავლისა, ჩვენი ერის გადარჩენისა.
სააღდგომო ეპისტოლე წმ. იოანე ოქროპირის სიტყვებით მინდა დავამთავრო:
მოდით ყველანი, განიცადეთ სიხარული უფლისმიერი; მდიდარნო და გლახაკნო, ზეიმი ჰყავთ ერთად; ჭირთა დამთმენნო და სულმოკლენო, თაყვანი ეცით დღესა ამას. სარწმუნოების ტრაპეზი იხმიეთ ყოველთა და მიიღეთ სიმდიდრე მაღლისა... ამიერიდან ნუ შეაძრწუნებს სიკვდილის შიში თქვენს გულებს, რადგან მაცხოვრის მადლით განთავისუფლდით. დათრგუნა სიკვდილი სიკვდილით მოცულმა, წარტყვენა ჯოჯოხეთი ქვესკნელში ჩასულმა... სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი, სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი? (1 კორინთ. 15,55).
აღდგა ქრისტე, დაემხვნენ დემონნი, აღდგა ქრისტე და განიხარეს ანგელოზთა, აღდგა ქრისტე და აღდგა სიცოცხლე საუკუნო. დიდება მას უკუნისამდე.
აღდგომა ქრისტესი
თბილისი, 1992 წელი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
სიტყვა მესამე გონიერი ლოცვის პრაქტიკულ მეთოდზე
ა
როცა უდაბნოში ვიყავით, ჩვენი მღვიძარება მზის ჩასვლისას იწყებოდა და ცისკრის ჟამამდე გრძელდებოდა.როცა ჩემი ნეტარხსენებული მოძღვარი იოსები მონაზვნური ცხოვრების წესებს გვასწავლიდა, განსაკუთრებით ამახვილებდა ყურადღებას შინაგანი ლოცვის პრაქტიკულ მეთოდზე. რადგან მისი ცხოვრება ლოცვისთვის განუწყვეტელი თავის იძულება იყო, ჩვენგანაც მოითხოვდა შეძლებისდაგვარად გვეიძულებინა თავი, რომ ღრმად ჩაგვებეჭდა გონებასა და გულში უფლის სახელი, რომელიც სულიერი შენობის ქვაკუთხედია.
ძილის შემდეგ, – გვეუბნებოდა მამა იოსები, – ადამიანის გონება დასვენებული და სუფთაა, მზად არის, რომ მივაწოდოთ პირველი სულიერი საკვები – სახელი უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
რადგან ბოროტმა ეს იცის, გაღვიძებისთანავე ცდილობს ელვის სისწრაფით ჩათესოს თავისი ბოროტი გულისსიტყვების ღვარძლი, რომ მისი დაფქვით დაიწყოს მუშაობა მეხსიერების წისქვილმა და მისი ბრუნვის ხმაური ბოროტის ლოცვის ხმად გაისმოდეს.
იმ ადგილს, სადაც დასაფქვავ ხორბალს, ქერს, სიმინდს ან სხვა მარცვალს ყრიან, მეწისქვილეები თავიანთ ენაზე ხვიმირს ეძახიან. ზევით ღია და ფართო ხვიმირი ქვევით ისე ვიწროვდება, რომ მხოლოდ მცირე რაოდენობის მარცვალს აძლევს საშუალებას დოლაბზე რიტმულად ჩამოიყაროს.
ამრიგად, რაც ხვიმირში ჩავარდება, დოლაბებს შორის გაივლის და დაიფქვება. მაგრამ იმისთვის, რაც შედის გულში – სადაც ადამიანის გულისთქმებია თავმოყრილი – არ არის აუცილებელი გონების დოლაბებს შორის გავლა. „გულისაგან, – თქვა უფალმა, – გამოვლენ გულის-სიტყუანი ბოროტნი“ (მათ. 15, 19), ისინი ზემოთ ადიან, სათითაოდ გაივლიან და იფქვებიან. რაც უფრო არაწმინდა და მიწიერია გული, მით უფრო სამარცხვინო და საზიზღარია გულისსიტყვები.
ამრიგად, ამღვრეული გულისსიტყვების ნაკადი გონებაში რომ არ ავიდეს და გული განიწმინდოს, როგორც ეს მის შემოქმედს სურს, ჩვენი გონება შინაგანი ლოცვით გულის ზეცაში ჩაგვყავს. ამგვარად ვნებების ადგილს, სადაც სატანა არაპირდაპირი გზით თაყვანცემულია, ღვთის წმინდა ტაძრად, წმინდა სამების სამკვიდრებლად გადავაქცევთ.
სიტყვებით გამოსახული ეს სქემა უბრალოა, მაგრამ მისი გამოყენება ადამიანის მთელ ძალებს მოითხოვს ღვთის მადლის უსაზღვრო შეწევნასთან ერთად. ვინაიდან ღმერთი ყოველთვის საკუთარ თავს გვთავაზობს და თანაც გვთხოვს: „მომეც, ძეო, შენი გული“ (იგავ. 23, 26), საჭიროა ჩვენც მთლიანად მივუძღვნათ და მორჩილებით მოვუდრიკოთ თავი ჩვენი მღვიძარე მამების ასკეტურ კანონებს.
მაშასადამე, სიფრთხილე გვმართებს იმ გულისსიტყვებთან, რომლებიც გაღვიძებისთანავე მოდის. სიზმრები, წარმოსახვები, კარგი თუ ცუდი, რაც ძილმა დაგვიტოვა, მაშინვე უნდა ამოვშალოთ მეხსიერებიდან და დაუყოვნებლივ მოვუხმოთ ქრისტეს სახელს, როგორც ჩვენი სულის სუნთქვას.
ამასთან ერთად, როცა სახეზე გამოსაფხიზლებლად წყალს შევისხამთ, ყავას დავლევთ, ან სხვა რაიმეს მივიღებთ ტონუსისთვის, რადგან ჩვენი მღვიძარება შუაღამემდე ბევრად ადრე იწყება, ვიტყვით „წმინდაო ღმერთოს“, სარწმუნოების სიმბოლოს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის „ღირს არსს“ და ჩვენი ლოცვის ადგილზე დავჯდებით ბოროტთან საბრძოლველი იარაღით – სკვნილით ხელში.
დაჯექი შენს პატარა სკამზე? – ამბობდა მამა იოსები, – ერთი წუთით! ნუ დაიწყებ ამ მეთოდით ლოცვას, სანამ გონებას არ მოიკრებ, არ დაფიქრდები სიკვდილზე და კიდევ იმაზე, თუ რა მოსდევს მას.
წარმოიდგინე, რომ ეს შენი ცხოვრების უკანასკნელი ღამეა. ყველა დანარჩენმა დღემ და ღამემ, დარწმუნებული ხარ, რომ უკვე ჩაიარა და შენი ცხოვრების ამ ზღვრამდე მოგიყვანა. ღამე, რომელიც წინ გაქვს, არ იცი, გაგითენდება თუ არა და მომავალ დღეს იხილავ თუ მოახლოებულ სიკვდილს მიგცემს ის ხელში. რამდენი გარდაიცვლება ამ ღამეს! რა იცი, რომ შენც მათ შორის არ იქნები?
მაშ, იფიქრე, რომ სულ მალე ამ ქვეყნიდან გასვლისას ანგელოზები ან დემონები მოვლენ და შენი საქმეების მიხედვით შენს სულს მოითხოვენ. მწარე ბრალმდებლები – ეშმაკები, სიკვდილის ჟამს მეხსიერებაში მთელი ცხოვრების საქმეებს წარმოადგენენ და სასოწარკვეთილებისკენ გიბიძგებენ. ანგელოზები ჩვენ მიერ აღსრულებულ ღვთისთვის სათნო საქმეებს უპირისპირებენ და ამ წინასწარი სამსჯავროთი განისაზღვრება სულის მსვლელობა. ამას მოჰყვება საზვერეები, მსაჯულის საშინელი სამსჯავრო და ბოლოს – განაჩენი.
და თუკი მთელი ამ სასამართლო პროცესის შედეგი ჯოჯოხეთი იქნება, მაშინ რას იზამ, უბადრუკო სულო? რას მისცემ მაშინ, თავი რომ დაიხსნა? „მოეგე თავსა თვისსა“, როგორც უძღები შვილი (ლუკ. 15, 17), რომელმაც შეინანა და ითხოვა შეწყალება მრავალმოწყალე ღვთისგან. რის გაკეთებასაც მაშინ ისურვებდი, ახლა გააკეთე. შესცოდე? შეინანე, რამეთუ „აწ არს ჟამი იგი შეწყნარებისაი“ (2 კორ. 6, 2).
თუკი ამგვარი ფიქრით, სურათებისა და წარმოსახვის გარეშე, ადამიანი სულ ცოტა ხნით მაინც დააკავებს გონებას, მას სინანული ეძლევა, მისი გული ცვილივით რბილდება და გონება აღარ ეფანტება. სიკვდილის ხსენებას აქვს ის უპირატესობა, რომ სძლიოს ცხოვრების ყველა ცდუნებას და გულში ღვთისმიერი გლოვა წარმოშვას. ასეთი სინანულის განწყობით შეგიძლია დაიწყო შენი „ერთფრაზიანი“ უწყვეტი შინაგანი ლოცვა.
კონცენტრირებულია შენი გონება, შემუსვრილი და დამდაბლებულია სული. დახარე მსუბუქად თავი და ყურადღება გულის არისკენ მიმართე. გულიც შემუსვრილი და დამდაბლებულია და ელოდება გონების ჩასვლას, რათა ერთად აღუვლინონ ვედრება მრავალმოწყალე ღმერთს იმ იმედით, რომ უფალი მას არ უგულებელყოფს.
სხეული სუნთქვას ნესტოებიდან ჰაერის ჩასუნთქვით იწყებს. იქ გააერთიანე ლოცვისთვის შენი სულის სუნთქვაც. ჩასუნთქვისას ერთხელ თქვი ლოცვა და მიიტანე იგი გულამდე. ამოსუნთქვისას კიდევ ერთხელ გაიმეორე ლოცვა. გულის იმ ადგილს მიამაგრე შენი გონება, სადაც ჩასუნთქვისას ჰაერი ჩერდება და ყურადღებით მისდიე სუნთქვას, ანუ ლოცვის: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ – ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას.
მოიკრიბე, რაც კი სიყვარული გაგაჩნია და წარმოსახვებისა და სურათების გარეშე, მხოლოდ შინაგანი ხმით მოიხსენე უფლის – იესოს სახელი.
განიშორე ყოველგვარი ფიქრი, ყველაზე ლამაზი, წმინდა და საცხონებელიც კი. იცოდე, ის ბოროტისგანაა, მარჯვნიდან მოსული, რომ შეგაწყვეტინოს ლოცვა. ნუ მიაქცევ ყურადღებას ბოროტ გულისსიტყვებს, როგორი სამარცხვინო, შემაგინებელი და ღვთისმგმობელიც არ უნდა იყოს ისინი. ეს გულისსიტყვები შენი არ არის, შენ არ აგებ მათზე პასუხს. ღმერთი ხედავს, თუ საიდან მოდიან ისინი. შენ მხოლოდ ნუ მიემხრობი, ნუ შეგეშინდება, ნუ გაგიტაცებს და ნუ გახდები მათი თანამოაზრე.
და თუკი ცოტა ხნით გაგეფანტება გონება, როგორც კი მიხვდები, რომ ლოცვის ადგილსა და მეთოდს მოსწყდი, მაშინვე უკან დაბრუნდი. თუ ისევ გაგიტაცებს, კვლავ უკან დაბრუნდი და თუ ყოველ ჯერზე, როცა გონება გაგექცევა, მას უკან მოაბრუნებ და ლოცვას დაუბრუნდები, ღმერთი დაინახავს შენს შრომასა და მონდომებას და თავისი მადლით ნელ-ნელა შენს გონებას განამტკიცებს.
რადგან გონებას სჩვევია როგორც გაფანტვა, ისე შეჩერება იქ, სადაც გვტკივა, ოდნავ შეაკავე სუნთქვა, მაშინვე ნუ ამოისუნთქავ. ეს ერთ პატარა უწყინარ ტკივილს გამოიწვევს გულში, სწორედ იქ, სადაც ჩვენი გონება გვსურს მივამაგროთ. ეს პატარა ტკივილი, როგორც მაგნიტი, ხელს შეუწყობს გულში გონების მიზიდვას და შეჩერებას, რითაც ის გულის განკურნებას ემსახურება.
და მართლაც, დროთა განმავლობაში ტკივილითა და შემუსვრილებით მოხმობილი უფლის ტკბილი სახელი, რომელიც ყველა სახელს აღემატება, უზენაესის მარჯვენით სასწაულებრივ ცვლილებას ახდენს იქ, სადაც ადრე ცოდვა იყო დაბუდებული.
ლოცვის წრიული ბრუნვა გულის არეში იმდენად აფართოებს მის საზღვრებს, რომ წარმოიქმნება მეორე ზეცა – გულის ზეცა, რომელსაც შეუძლია დაიტიოს დაუტევნელი.
გულის საყდრის გამო სასტიკი ბრძოლა გაიმართება. თავიდან ბოროტი იმოქმედებს ვნებებითა და მათგან მომდინარე კვამლით, ანუ ლოცვის საპირისპირო სხვადასხვა გულისსიტყვით და რამდენადაც მარხვა, ლოცვა, მღვიძარება და სხვა ასკეტური საშუალებები მას საყრდენს გამოაცლის, მით უფრო გამძვინვარდება და ეცდება – ღვთის დაშვებით – ყოველ ჯერზე სხვადასხვაგვარი ზეგავლენით, განსაცდელით, ჭირით, სულ უფრო ძლიერად გამოავლინოს თავისი ბოროტება და ცბიერება. თუმცა, ზეციერი მამის სიყვარულითა და განგებულებით, ბოროტის მოქმედების საზღვრები ყოველთვის შემოფარგლული იქნება იმის შესაბამისად, თუ როგორ წინააღმდეგობას გავუწევთ ამ თავდასხმებს.
ყოველთვის, განსაცდელის წინ, ბრძოლის წარმმართველი ქრისტე დაფარულ მადლს ანიჭებს მებრძოლს, რითაც ის მტრის სიცოფეს გაუმკლავდება და უკუაქცევს მას, დამარცხებულსა და შერცხვენილს. ჭირის დათმენით ისე უნდა გავახაროთ უფალი, როგორც დავამწუხრეთ ცოდვით მოხიბლულებმა. მაშინ ხარობდა ეშმაკი და წუხდა ღმერთი, ახლა კი დროა, განიხაროს ღმერთმა და დამწუხრდეს, განჰსქდეს ეშმაკი.
ბ
„ხოლო საქმე ესე არა არს ერთისა დღისა, გინა ორისა, არამედ წელთა მრავალთა და ჟამთა“ – შენიშნავს ღვთაებრივი ოქროპირი, – „რადგანაც მხოლოდ ხანგრძლივი ბრძოლითა და ღვაწლით არის შესაძლებელი მტრის განდევნა და ქრისტეს დამკვიდრება. ამიერიდან მოიცალეთ და შეუდექით უფალს, რომ შეგვიწყალოს და სხვას ნურაფერს ეძიებთ, წყალობის გარდა, რომელსაც მოგვანიჭებს უფალი დიდებისა. ღმერთის წყალობა მდაბალი და გლახაკი გულით ითხოვეთ. განთიადიდან მიმწუხრამდე, თუ შეძლებთ, ღამითაც ილოცეთ: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ და აიძულეთ გონება ამისთვის სიკვდილამდე“.მსგავს რჩევებს გვაძლევს ყველა წმინდა მამა, თითოეული საკუთარი გზითა და სიტყვებით, გამომდინარე მათი ბრძოლისა და გამარჯვების გამოცდილებიდან მტერზე, რომელიც უწყვეტი გონიერი ლოცვით სრულიად ძალაგამოცლილი და დაუძლურებულია.
– „ძმანო, მარად ქრისტეთი ისუნთქეთ“ – შეგვაგონებს უდაბნოს უდიდესი მეცნიერი ანტონი დიდი.
„მარად იხსენებდე ღმერთს და შენი გონება ზეცად გადაიქცევა“ – გვეუბნება ღირსი ნილოს ბრძენი.
რამდენადაც გულმოდგინეა მლოცველი, იმდენად განიწმინდება მისი გული, ნათლდება გონება, კეთილშობილი ხდება მისი განწყობა, მით მეტად განეფინება ღვთის სასუფევლის სიხარული და მისი არსებობა ღვთის ხატად შექმნილ ადამიანში, რომლისთვისაც ღმერთკაცმა იესომ კიდით კიდემდე გადაფარა ცა და ქვეყანა თავისი სახიერებით, ვნებითა და აღდგომით.
ის, ვინც მოაკვდინებს გემოს, დაიცავს საცნობელს ყველა ამქვეყნიური სიამოვნებისგან და ბოლომდე მამაცურად აღუდგება წინ სოფლისმპყრობლის ზეგავლენას, აქ, ამ ცხოვრებაშივე წინასწარ გაიგებს ცათა სასუფევლის სიკეთის გემოს. აზრების დამშვიდება, მშვიდობა გულში, ტკბილად მომდინარე ცრემლები, გონების ცად აღტაცება, საიდუმლოთა წვდომა, უსაზღვრო სიყვარული, ღვთის გონიერი ჭვრეტა, სრულყოფილება „რაოდენ-იგი ხელეწიფების კაცობრივსა ბუნებასა“ – ყოველივე ეს მიიღწევა გონიერი ლოცვის სისტემატური, ხანგრძლივი, გულმოდგინე, შეუპოვარი ღვაწლით.
მაგრამ მუდმივი გონიერი ლოცვა რომ შესმენილი იყოს, მლოცველი ამის პარალელურად აუცილებლად უნდა იცავდეს მონაზვნური და ზოგადად ქრისტიანული სულიერი ცხოვრების პრინციპებს, რაც, თავის მხრივ, დაეხმარება ლოცვას.
რაც შეეხება მორჩილებაში მყოფ მონაზონს, მას მტკიცე მორჩილება მართებს თავისი მოძღვრისა, რომელიც ქრისტე მაცხოვრის ცხოვრების ხილული სახეა. ასევე ევალება ყველა ქრისტიანს თავისი ცხოვრება სულიერი მოძღვრის მითითებებით წარმართოს და დაემორჩილოს ერთი წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებს, რათა თითოეულმა თავისი გულისთქმებისა და ნება-სურვილის არასწორი გზით არ იაროს, როგორც გვირჩევს და გვაფრთხილებს წმინდა წერილი.
პატერიკში აბბა მინოსის ძალზე მარტივი და მრავლისმომცველი აზრია მოყვანილი: „მორჩილება მორჩილებისა სანაცვლო არს. უკეთუ ვინმე დაემორჩილოს ღმერთსა, ღმერთიცა მორჩილ ექმნას მას“. აბბა ისაია კი ამას უფრო ვრცლად განმარტავს: „შეუძლებელია ღმერთმა არ შეისმინოს ადამიანის, თუ თვით ადამიანი არ ეურჩა ღმერთს. რადგან ღმერთი შორს კი არ იმყოფება ადამიანისაგან, არამედ ჩვენი ნება არ აძლევს საშუალებას, რომ შეისმინოს ჩვენი ლოცვა“.
ჩვენი ნება უშლის ხელს შეისმინოს ჩვენი ლოცვა!
თუ ლოცულობ და უფალი არ ისმენს შენსას, გაფრთხილდი, ხომ არ ურჩობ.
თუკი ღამით ლოცულობ, დღისით კი დაუდევრად ცხოვრობ, ეს იგივეა, რომ ერთდროულად აშენებდე და თან ანგრევდე.
თუ უგულებელყოფ მცირე შეცდომებს, მაშინ ნამდვილად დიდ ცოდვებში ჩავარდები. ფრთხილად იყავი.
შეუძლებელია ღმერთმა მუდამ მოუვლინოს მადლი იმ გულს, რომელიც ზღვარს არ უდებს გულისთქმებს და იმ გონებას, რომელიც უმიზნო ხეტიალისგან თავის თავში დაბრუნებას არც კი ფიქრობს. უფალი თავიდან მადლს გვიბოძებს, რომ შეგვეწიოს, აღგვადგინოს, სულის საცნობელნი დაგვიტკბოს, თავისკენ მიგვიზიდოს. მაგრამ თუ ჩვენც არ გავისარჯეთ, მადლი არ იმოქმედებს და განგვეშორება. „მადა ჭამაში მოდისო“ და ლოცვაც ლოცვით იშვება.
აღასრულებ მორჩილების საქმეს, შრომობ? გაიხსენე წმინდა მამები, რომლებიც საქმიანობისას საკუთარ თავს ეუბნებოდნენ:
„სხეულო, გაისარჯე საზრდელისთვის,
სულო, იღვიძებდე ცხონებისთვის“.
გონება გეფანტება? ჩურჩულით იმეორე იესოს ლოცვა და ნუ უქმადმეტყველებ, რადგან ამით საკუთარ თავთან ერთად სხვებსაც აზიანებ.
აბბა ფილიმონი ამბობს: „ბევრი წმინდა მამა ხედავდა ანგელოზებს, რომლებიც თვალყურს ადევნებდნენ მათ, ამიტომ ისინი მდუმარებით იცავდნენ თავს და არავის ესაუბრებოდნენ“.
დროის დაკარგვას სჯობს ილოცო და რაც მეტად მოდის შენთან მოწყინება და უდებება, მით მეტად გეშინოდეს იმ აღნათქვამის, რომლითაც უფალმა ბოროტ და ზარმაც მონას მიმართა (მათ. 25, 26, 30).
თუ დაუშვებ, რომ შენს უდებებასა და სიზარმაცეში ენაცვლებოდეს ერთმანეთს დღე და ღამე, სულ მალე უკიდურეს ზარმაცად გადაიქცევი.
ნუთუ შენი უდებებით მოიწონებ თავს იმ დროს, როცა სხვები თავიანთი შრომისთვის გვირგვინებს მიიღებენ?
მცირედ გაისარჯე, ძმაო, ლოცვასა და მღვიძარებაში და ნახავ, რომ შენს გულში სიხარული იფეთქებს და ნათელი ამობრწყინდება შენი გონების ცის კამარაზე. ისეთი სიხარული კი არა, სანამ მოასწრებ მისით გახარებას, რომ უჩინარდება, არამედ ტკბილი მხიარულება, როგორც ანგელოზთა სიტკბოება, როგორც იმქვეყნიური დაუღამებელი ნათელი, რომელსაც ქრისტე, ნათელი სოფლისა ლოცვით შემოსული, მოგანიჭებს ჯერ კიდევ ამ სოფლიდან გასვლამდე. განა ასე არ ხდებოდა მამებთან და რატომ არ შეიძლება მოხდეს ჩვენთანაც, თუკი ჩვენი მცირედმორწმუნეობა და უდებება არ გახდება ამისთვის დაბრკოლება?
ჩემი მოძღვარიც ამბობდა: მცირედ გაისარჯე, რომ ღმერთი შენი მოვალე გახდეს და როცა ამის დრო მოვა, იმაზე გაცილებით მეტი მოგცეს, ვიდრე გაისარჯე ან ითხოვე. წმინდა ისააკ ასურის სიტყვებსაც ნუ დაივიწყებ: „ეშმაკი ჯერ იმისთვის იბრძვის, რომ გაანადგუროს უწყვეტი შინაგანი ლოცვა, შემდეგ მონაზონს დაარწმუნებს, რომ ის დროც უგულებელყოს, რომელიც ლოცვის კანონისთვისაა განკუთვნილი; ლოცვის კანონი კი ღვთის თაყვანისცემითა და მუხლთადრეკით აღესრულება".
მაშ, ნუ უსმენ, რასაც უდებება ჩაგჩურჩულებს და თუ გსურს ღმერთმა შენი შეცდომები დაფაროს, შენც დაფარე შენი ძმის შეცდომა და მოუთმინე მას განსაცდელისა და ტკივილის ჟამს.
ნუ შეეპასუხები და ნუ დაფარავ გულისსიტყვებს შენი სულიერი მამისგან, თორემ მთელი ცხოვრება ამაოდ იშრომებ და უნაყოფო იქნება შენი ლოცვა.
თუ გულწრფელი აღსარებით არ განიწმინდავ თავს, როგორ მიეახლები საზიარებლად უხრწნელ და ცხოველმყოფელ ქრისტეს საიდუმლოს? არ გსმენია, რომ ვინც ღირსეულად ეზიარება, ცხოვრებად ექცევა, უღირსად მაზიარებელს კი სიკვდილად?
ნუ იტყვი, როგორც სხვა, ისე მეო, რადგან ეს უგუნური ნათქვამია, მსაჯული კი არ ტყუვდება.
ყოველი გულისსიტყვა, რომელსაც უსასოობა და დიდი მწუხარება მოაქვს, ეშმაკისგანაა და მაშინვე უნდა განაგდო, რადგან ის ლოცვის ძაფს გაწყვეტს. ყოველი გულისსიტყვა კი, რომელიც სულში სიხარულითა და ცრემლით შეზავებულ ზომიერ მწუხარებას შობს, ღვთისგანაა. უფლის მადლი სინანულისკენ მიუძღვის ადამიანს და სასოწარკვეთილებაში არასოდეს ვარდება.
ჩემო მამაო, ღვთის გულისათვის, გთხოვ ილოცე ჩემთვის, რამეთუ, როგორც ჩემი სიზარმაცე, ასევე მტრის თავდასხმა ძალიან მაჭირვებს და თუ ღმერთი თქვენი ლოცვებით ძალას არ მომცემს და მტერს არ შერისხავს, მაშინ არ ვიცი, მიაღწევს თუ არა ოდესმე ჩემი ნავი ნავსაყუდელს. როგორც მოსემ გამოითხოვა ოდესღაც, რომ ასეთი ხალხი ღვთის რისხვაში არ დაღუპულიყო, ასევე შენც, ჩემო ღირსო მამაო, გამოითხოვე ჩემი გულფიცხელი სული, რადგან ჩვენი ღმერთი კეთილია და უყვარს, როდესაც წმიდანები მისგან სულების ხნას ითხოვენ, და თქვენ შეგშვენით ასეთი თხოვნა. ჩვენს მეუფე აბბასაც (სერიდს) სთხოვოთ იქნებ, რომ რაღაცნაირად ჩვენც მოგვხედოს, რადგანაც ძალიან მიყვარს იგი და მისგან სულიერ გაძლიერებას ვსაჭიროებ.
სააღდგომო ეპისტოლე - 2008
აღორძინდით და გამრავლდით და აღავსეთ ქვეყანა! (დაბ. 9,1)
"მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა და ვუგალობდეთ
აღდგომასა მისსა" (აღდგომის საგალობელი)
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო ერთგულნო და თავდადებულნო შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, საქართველოს მკვიდრნო და დროებით სამშობლოს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!
ქრისტე აღდგა! შეიმუსრა ჯოჯოხეთი და განქარდა სიკვდილი!მაშ, შევიდეთ სახლსა მას სამეუფოსა, განვიცადოთ ზეიმი ზეიმთა და დღესასწაული დღესასწაულთა, - პასექი უფლისა!
"ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა".
ამიერიდან უცხონი აღარა ვართ "არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღმერთის სახლეულნი; მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საფუძველზე დაფუძნებულნი, რომლის ქვაკუთხედი არის თავად იესო ქრისტე" (ეფ. 1, 19-20), ეკლესია კი სხეულია მისი.
ამ ეკლესიის შესახებ უფალი ჩვენი ბრძანებს, რომ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. ეკლესია, უპირველეს ყოვლისა, ჭეშმარიტი სარწმუნოების მქადაგებლობას გულისხმობს; ამიტომაც ამბობს წმ. მაქსიმე აღმსარებელი, რომ მაცხოვარმა ეკლესია უწოდა "მართლაღსარებასა სახელისა მისისასა". მის წინააღმდეგ ბრძოლა კი ნიშნავს ამ სწავლების წინააღმდეგ მოქმედებას, მის შერყვნას ან შეცვლას, რასაც ეშმაკი სხვადასხვა ცრუ ფსევდოქრისტიანული მოძღვრებების გავრცელებით თავიდანვე ცდილობდა და ცდილობს დღესაც.
ერთ-ერთი ასეთი მიმართულება იყო განკაცებულ ღმერთთან დაკავშირებით მცდარი აზრის დანერგვა, რაც, უმთავრესად, ორი სახით გამოვლინდა: ერთის მიხედვით, მაცხოვარი მხოლოდ ადამიანი არის, მეორის მიხედვით კი - მხოლოდ ღმერთი. ჭეშმარიტი სწავლების შესაბამისად კი, ქრისტე ერთდროულადაა სრული ღმერთიც და სრული კაციც.
საერთოდ, მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა).
ორბუნებოვნების წინააღმდეგ ბრძოლა იყო არა მხოლოდ თეოლოგიური საფუძვლების დარღვევის, არამედ სრულიად განსხვავებული ცხოვრების წესის დანერგვის მცდელობა.
მაცხოვრის ორბუნებოვნება ნიშნავს ღმერთის მიერ ადამიანის აღიარებას თანაშემოქმედად და ამასთან, ჩვენი კაცობრივი ბუნების განმსჭვალვას უზენაესი საღვთო ღირსებით. თუმცა ამას უნდა მივაღწიოთ, რისთვისაც გვმართებს ძლიერი ნებელობის გამოვლენა და თავდაუზოგავი ღვაწლი; ეს კი საკუთარ თავთან და ბოროტის მიერ დაგებულ ათასგვარ საცდურთან გამუდმებულ ბრძოლას გულისხმობს; ამიტომაც ამქვეყნიურ ეკლესიას მებრძოლი ეკლესია ეწოდება, ზეციურს კი - მოზეიმე.
მაგრამ რადგან ეს სოფელი ბოროტსა ზედა დგას, იგი სხვა დინებით მიდის, რომელსაც სინდისის ქეჯნის გარეშე უშფოთველად მიუყვება ადამიანთა დიდი ნაწილი ისე, რომ ვერც აცნობიერებენ, რისთვის მოვიდნენ ამქვეყნად.
მაცხოვარი გვაფრთხილებს "სასუფეველი ცათა იიძულების და, რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი" (მთ. 11,12), თუმცა იქვე გვანუგეშებს: "ნუ გეშინინ, მე მიძლევიეს სოფელსა" (ინ. 16,33).
ღვთის მიერ მონიჭებული თავისუფალი ნებით ადამიანი არჩევანს თავად აკეთებს და სვლაც სასუფეველისკენ ან ჯოჯოხეთისაკენ ყველასთვის აქედან, ამ წუთისოფლიდან იწყება. იმას, თუ მარადიულობაში სად დავიმკვიდრებთ ადგილს, ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების წესი განსაზღვრავს, მაგრამ პიროვნებას შეუძლია, სიცოცხლის ბოლოსაც კი რადიკალურად შეცვალოს თავისი მდგომარეობა.
გავიხსენოთ იესო ქრისტესთან ერთად ჯვარცმული, მონანული ავაზაკი, რომელმაც პირველმა დაიმკვიდრა ზეციური სასუფეველი; გავიხსენოთ იუდა ისკარიოტელი, რომელიც მოციქულის პატივში იყო ამაღლებული და სხვა მოწაფეთა მსგავსად სასწაულებსაც ახდენდა, მაგრამ საკუთარი არჩევანით ჯოჯოხეთის მკვიდრი გახდა.
ამ ორი ადამიანის ყოფამ ერთ ეპოქასა და სივრცეში განვლო. ერთი მათგანი მაცხოვრის უახლოესი მოწაფეთაგანი იყო და ღვთის მადლს ეზიარებოდა, მეორე კი ყაჩაღობდა და უღმერთოდ ცხოვრობდა.
მათი აღსასრული ურთიერთსაწინააღმდეგო აღმოჩნდა!
თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას ისიც, რომ ასეთი მაგალითები ერთეული, გამონაკლისი შემთხვევებია; ისინი, ერთი მხრივ, ნუგეშის მიმცემია ცოდვით დამძიმებული ადამიანებისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, გაფრთხილებაა ღვთისსათნოდ მცხოვრებთათვის.
ადამიანი ხედავს მხოლოდ სახეს კაცისას, ხოლო ღმერთი - გულს და სწორედ გულის სიმართლითა და სიწრფოებით განსჯის ყველას. შეიძლება კაცი, ერთი შეხედვით, კეთილ საქმეთ იქმოდეს, მაგრამ ამას ანგარება ედოს საფუძვლად, ხდება ისეც, რომ ზოგიერთის მიუღებელი ან გაუგებარი ქმედება სინამდვილეში უანგარო თავდადებიდან მომდინარეობს. ამიტომაც ჩვენს შეფასებებში შეიძლება შევცდეთ.
ყველას პირუთვნელი და მიუკერძოებელი მსაჯული კი ყოვლადწმინდა სამებაა. ამიტომაც მთავარია, ადამიანი თავის სინდისთან და ღმერთთან იყოს მართალი და მაშინ უფლის თანადგომას ყოველთვის იგრძნობს. "იღვაწე სიმართლისათვის და ღმერთი იბრძოლებს შენთვის" - გვასწავლის ბიბლია.
ის, ვინც სასუფევლისკენ მიმავალ გზას ადგას, ამ პრინციპით ცხოვრობს: "ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, აბა, მე დღეს ვის რა ვარგე"? (წმ. ილია მართალი).
ადამიანის აქტიურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, დემოკრატიული სისტემის პირობებში; იგი უფლებას იძლევა, საზოგადოებამ თავისი შეხედულებისამებრ მოაწყოს საკუთარი გარემო: სასწავლებელი, სამსახური, უბანი და სხვა, აირჩიოს ხელისუფლება და, აქედან გამომდინარე, თავისი ცხოვრების წესიც.
ხალხს შეუძლია შეცვალოს მისთვის მიუღებელი მდგომარეობა, რისი მაგალითებიც უკვე გვაქვს; ამის შედეგია თუნდაც ის, რომ ე.წ. Reality Show-მ, მიუხედავად დიდი რეკლამისა და ფინანსური მხარდაჭერისა, მოსახლეობაში აღიარება საბოლოოდ მაინც ვერ ჰპოვა. იგივე შეიძლება ითქვას სექსუალურ უმცირესობათა მცდელობაზე, მოეწყოთ მსვლელობა თბილისში. ფეხი ვერც დასმენის გზით სასჯელისაგან გათავისუფლების მეთოდმა მოიკიდა...
ჩვენმა საზოგადოებამ მკაფიოდ გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ამგვარი ცხოვრების წესის მიმართ.
თუ მოვინდომებთ, ღვთის შეწევნით, სასიკეთო შედეგის მიღწევა ყოველთვის შეიძლება.
ქრისტიანობა სხვისთვის ცხოვრებაა, საკუთარ მოთხოვნილებებზე, ზოგჯერ ელემენტარულზეც კი, უარის თქმაა. ჩვენს ქვეყანას კი არა მარტო ეს, არამედ ყველა დროში სჭირდებოდა თავგანწირვაც. ამიტომაც გვყავს ამდენი წმიდანი. სწორედ მათი წყალობით გადავრჩით. ახლანდელი ჩვენი ყოფა კი თითოეული ოჯახისგან, უპირველეს ყოვლისა, ითხოვს იმ ღვაწლს, რასაც მრავალშვილიანობით ქვეყნის მსახურება ჰქვია.
დღევანდელ პირობებში ამის განხორციელება რომ ძალიან ძნელია, ვიცით, მაგრამ იგი ერის გადარჩენის გარანტიაა და საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი.
სწორედ, დემოგრაფიული ვითარების გამოსწორების მიზნით შევთავაზეთ ჩვენს მოსახლეობას, რომ პატრიარქი ყოფილიყო ყოველი ახლადდაბადებული მესამე და შემდეგი შვილის ნათლია.
უახლოეს პერიოდში კი ეკლესიისაგან განსაკუთრებით დაილოცება და ერისათვის თავდადებულის წოდება მიენიჭება იმ ოჯახებს, რომელთაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ.
როგორც აღვნიშნეთ, ჩვენს ისტორიაში სამშობლოსათვის ერთგული მსახურების მრავალი მაგალითია, მაგრამ, ამავე დროს, იყვნენ ხალხისთვის უცნობი გმირებიც, რომელნიც სწორედ დაფარული ღვაწლის გამო არიან ღვთის წინაშე განსაკუთრებით დაფასებულნი და განდიდებულნი; ასეთივე ღვაწლის მტვირთველი იქნება დღეს ყოველი მრავალშვილიანი ოჯახიც.
მაგრამ საკითხის გადასაწყვეტად მარტო ერის რიცხვობრივი გამრავლება არ არის საკმარისი. საჭიროა მომავალი თაობის სწორად აღზრდა და მათთვის სათანადო განათლების მიცემა.
უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მდგომარეობა არ გამოსწორდება, თუ არ მოგვარდება მასწავლებლების სოციალური პრობლემები.
ჩვენ ადრეც არაერთხელ ვთქვით და ახლაც ვიმეორებთ, რომ აუცილებელია, პედაგოგის პროფესია გახდეს პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადი, შეიცვალოს სასწავლო პროგრამები, ქრისტიანული სწავლება შეტანილ იქნას სკოლაში და ეკლესიამაც, შესაძლებლობისამებრ, აქტიური მონაწილეობა მიიღოს მოსწავლეების სულიერ-ზნეობრივი აღზრდის საქმეში. მითუმეტეს, რომ ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ეს სფერო ამ ქვეყნის ტრადიციულ რელიგიას აქვს გადაცემული და ამისთვის კაპელანის ინსტიტუტიც არსებობს.
მოგეხსენებათ, ბავშვებისათვის შესაბამისი განათლების მიცემა განსაკუთრებით უჭირთ მრავალშვილიან ოჯახებს. მათთვის და ჩემი ნათლულებისთვის ჩვენ შევეცდებით ამ პრობლემის ნაწილობრივ მოგვარებას უფასო ბაგა-ბაღების, სკოლების, სხვადასხვა სასწავლო ცენტრისა და სპორტული წრის გახსნით. ბუნებრივია, ამისთვის აუცილებელია, გვქონდეს შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი შენობები.
და რადგან ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა, თანადგომის გარეშე მიზანს ვერ მივაღწევთ. ვიმედოვნებთ, ხელისუფლება გაითვალისწინებს საქმის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას და სათანადოდ დაგვეხმარება, რაც ქვეყნის წინსვლისათვის გადადგმული სერიოზული ნაბიჯი იქნება.
მივმართავთ ბიზნესმენებსაც, მოსახლეობის შეძლებულ ფენას, საერთოდ ყველას, ვისაც ეროვნული ინტერესები ამოძრავებს, რათა ისინიც ამოგვიდგნენ მხარში.
ჩვენ დიდი მადლობა გვსურს გადავუხადოთ იმ ქველმოქმედთ, რომელთა შრომით და სახსრებით დღეს არაერთი ტაძარი და მონასტერი აშენდა საქართველოში. ეს, მართლაც, მადლმოსილი საქმეა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ზემოთ აღნიშნული სოციალური პროექტების დაფინანსება. ვიმედოვნებთ, მათი მონდომება ამ მიმართულებითაც შედეგიანი იქნება, რითაც ჩვენს სამშობლოს ყველანი დიდ სამსახურს გავუწევთ.
საერთოდ, ღვთისმსახურების შემდეგ სოცილურ საკითხებზე ზრუნვა ეკლესიისათვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. მორწმუნე ბიზნესმენთ კი შევახსენებთ, რომ თვით ღვთისმოსაობა და პირადი რელიგიურ-ზნეობრივი ცხოვრება არაფერს ნიშნავს, თუ ადამიანს არა აქვს მოყვასის სიყვარული, რაც, უპირველეს ყოვლისა, მისდამი თანადგომაში უნდა გამოვლინდეს.
"ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი" - ბრძანებს წმიდა პავლე მოციქული (გალ. 6,2).
წმ. ილია მართალმა, რომელმაც XIX საუკუნის საქართველოს ჯვარი იტვირთა, თავის ეპოქის სატკივრის წამალი სამ სიტყვაში გამოთქვა: "მამული, ენა, სარწმუნოება". ამ დევიზით მან ერს უმთავრესი ფასეულობანი შეახსენა და თავის მოღვაწეობით ჩვენი გადაგვარების მოსურნეთ გზა გადაუკეტა.
ილიასეულ ამ უმნიშვნელოვანეს ღირებულებებს ჩვენს დროში, ვფიქრობ, ადამიანის პრობლემაც დაემატა.
ეს იმან განაპირობა, რომ დღეს პიროვნებამ, შეიძლება ითქვას, ფუნქცია და დანიშნულება დაკარგა, რაც ერთის მხრივ, მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა, მეორეს მხრივ კი, კაცობრიობის სულიერმა დეგრადირებამ გამოიწვია. მას ფაქტიურად წაერთვა ყველაზე მთავარი რამ, - თავისუფლება. ადამიანი თავისი გამოგონებების მსხვერპლი გახდა და იმდენად შეიზღუდა, რომ პირადი ცხოვრებაც კი კონტროლირებადი გაუხდა.
ასეთი რამ არც ერთ ეპოქაში არ მომხდარა.
მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის შედეგია მაგ. პლასტიკური ქირურგიის განვითარება, რამაც შესაძლებელი გახადა ბევრი დაავადების განკურნება და მძიმე ტრამვების შედეგების თითქმის სრულად გამოსწორება, ეს მისასალმებელია, თუმცა ამ დარგში მიღწევებმა ასევე შესაძლებელი გახადა სქესის შეცვლაც, რაც ღვთის განგებულებაში ადამიანის ჩარევაა და ამდენად სრულიად დაუშვებელი რამ.
იგივე შეიძლება ითქვას გენურ ინჟინერიასთან მიმართებაში. საოცარი შედეგი მივიღეთ დაავადებათა პრევენციასა და დიაგნოსტიკაში, მაგრამ გენების მანიპულირებით და გენ-მოდოფიცირებული პროდუქტების შექმნით, - მეტად საშიში ნაბიჯი გადაიდგა.
ამ მიმართულების მომხრეები ხშირად ამტკიცებენ, რომ ისინი იგივე საქმიანობას ეწევიან, რასაც, მაგალითად, სელექციონერები, რომელთაც უკეთესი ჯიშები გამოყავთ.
მართალია, გენების გადაცემა სელექციის დროსაც ხდება, მაგრამ მხოლოდ ერთი სახეობის ან მონათესავე სახეობის ინდივიდებს შორის. სელექციის დროს ბრინჯი შეიძლება შეჯვარდეს მხოლოდ ბრინჯის სხვა ჯიშებთან, მაგრამ არა მაგ. ვაშლთან.
გენური ინჟინერიის შემთხვევაში კი ეს ბარიერი მოხსნილია; გენი გადააქვთ მცენარიდან მცენარეში, მცენარიდან ცხოველში, მცენარიდან, ცხოველიდან ან ბაქტერიიდან - ადამიანში და ა.შ.
ამ დამახინჯებულ გენებს კი აქვთ გამრავლების უნარი, რაც ღვთის მიერ ათასწლეულების განმავლობაში დაწესებული სახეობათშორისი საზღვრებისა და წესრიგის დარღვევას იწვევს, ეს კი გამოუსწორებელ შედეგს მოუტანს გარემოს და ჩვენს სულიერ სამყაროსაც დააზიანებს.
გამოსავალი ერთია, მიუხედავად ასეთი პროდუქტების სიიაფისა და ჩვენი გაჭირვებისა, უარი უნდა ვთქვათ მათ გამოყენებაზე. ამასთან, ვიმედოვნებთ, ხელისუფლება ამ საკითხს მეტ ყურადღებას მიაქცევს და გაატარებს ქმედით ღონისძიებებს, რათა ჩვენი სოფლის მეურნეობა ნატურალური პროდუქტების წარმოების გზით განვითარდეს, რაც შეიძლება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მძლავრ ბერკეტადაც იქცეს, რადგან მსოფლიოში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე მოთხოვნილება სულ უფრო და უფრო იზრდება.
თუ ეს განხორციელდა, იგი დიდ სტიმულს მისცემს როგორც სოფლის მეურნეობის წინსვლას, ისე ამ სფეროში გადამამუშავებელი ბიზნესის განვითარებას და საერთაშორისო ბაზარზეც ქართულ პროდუქციას თავის ადგილს დაუმკვიდრებს.
სამწუხაროდ, 18 წლიანმა გარდამავალმა პერიოდმა ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილში მოშალა სურვილი და განწყობა შრომისადმი.
არადა, ნებისმიერი საქმის წარმატებისათვის განწყობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან მისი საშუალებით ხდება ამა თუ იმ მიმართულებით ჩვენი სულიერი და ფიზიკური ძალების მობილიზება. (დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია). ადამიანს შეუძლია თავისი ენერგია მოახმაროს აღმშენებლობას, ან ნგრევას, ანდა დატოვოს იგი გამოუყენებელი.
შრომასთან მიმართებაში ამჟამად არსებული უარყოფითი განწყობა აუცილებლად უნდა შეიცვალოს და ჩვენ საოცარ შედეგს მივიღებთ, რადგან, როცა ამა თუ იმ საქმისადმი მზაობა არსებობს, გარემო პირობები ხელს რომც არ უწყობდეს, მიზანი მაინც მიიღწევა.
ამის საუკეთესო მაგალითი ჩვენი ისტორიაა.
ჩვენი წინაპრების განწყობამ რწმენის ერთგულებისა და ქვეყნის დაცვისადმი შეგვაძლებინა (ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ), არა მარტო ის, რომ ფიზიკურად გადავრჩენილიყავით, არამედ ისიც, რომ თვითმყოფადი ქართული სამყარო შეგვენარჩუნებინა.
ამ წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი კი დაუღალავი შრომაც იყო.
შრომის მიზანი და შედეგი მარტო კეთილდღეობის მიღწევა არ არის. იგი სულიერ განვითარებასაც უწყობს ხელს. ცხოვრების ეს წესი თვით შემოქმედმა დაგვიდგინა. ამიტომაც მონასტრულ ტიბიკონებში შრომას დიდი ყურადღება ექცევა.
განსაკუთრებით სასარგებლოა ისეთი საქმიანობა, რომელიც ბუნებასთან კავშირშია; მიწასთან, მცენარეებთან, ცხოველებთან მიმართებაში სიყვარულზე დაფუძნებული ურთიერთობა ადამიანს აკეთილშობილებს და კურნავს, რადგან ღმერთმა ამ სამყაროს გვირგვინად შეგვქმნა და მასზე პასუხისმგებლობაც დაგვაკისრა.
ადამიანი მოვალეა გაუფრთხილდეს და ყოველდღიური საქმიანობისას დალოცოს მიწაც, მოსავალიც, პირუტყვიც... ეკლესიაში კი ამისთვის სპეციალური ლოცვებია დადგენილი.
ასე ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები და ამიტომაც ბუნებასთნ ერთობაში იყვნენ.
თანამედროვე ადამიანმა ეს დამოკიდებულება უხეში მომხმარებლური მიდგომით შეცვალა, რაც, თუ არ გამოსწორდა, დაღუპავს კაცობრიობას.
ყველაფერში ზომიერების დაცვაა საჭირო. ამას კი ვერ შევძლებთ, ღმერთთან კავშირი თუ არ გვექნა. ის, თუ რამდენად შორს (ან ახლოს) ვიქნებით მისგან, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, რადგან მაცხოვარი ყოველთვის ახლოსაა ჩვენთან.
ასე რომ, ნებისმიერ ჩვენს ქმედებას, ჩვენს სიტყვასა და გულისზრახვას უნდა შევხედოთ როგორც ნაბიჯს, გადადგმულს ზეცისკენ ანდა ჯოჯოხეთისკენ. მართალია, ეს ცხოვრება სწრაფწარმავალია, მაგრამ საკმარისია იმისათვის, რომ მოვიპოვოთ მარადიული ნეტარება ან სამუდამოდ დავკარგოთ იგი.
მაშ, მოვუსმინოთ წინასწარმეტყველთა და წმიდა მამათა დარიგებებს, რათა შეძლებისდაგვარად დავიცვათ ჩვენი შინაგანი სამყარო დამანგრეველი ცოდვებისაგან: ამპარტავნების, თავისმოყვარეობის, განკითხვის, შურის, ცილისწამებისა და სხვა სიბილწეთაგან, რომელთა მარწუხებშიც მოქცეული და დამონებულია თანამედროვე ადამიანი:
"შიში უფლისა დასაბამია სიბრძნისა და მორჩილება წინ უძღვის დიდებას" (იგავნი 15,33).
მოწყალება ისეთი მალამოა, რომლითაც ყველანაირ განსაცდელს უწამლებ.
მოწყალების შემდეგ უდიდესი სათნოებაა მადლიერება ღვთისადმი და ადამიანებისადმი.
განკითხვის ცოდვა ცეცხლივით დაგწვავს.
სადაც ამპარტავნებაა, იქვეა პატივმოყვარეობაც. შური კი მათი შვილია.
ის, ვინც ცილისმწამებელია, პირდაპირ დემონს ემსახურება.
ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო თავმდაბალთ მოსცემს მადლს.
მან, ვინც ისწავლა მოთმინება, ისწავლა თითქმის ყველაფერი;
მთელი სიბრძნე კი უფლის ამ დარიგებაშია: შეიყვარე ღმერთი ყოვლითა გულითა, გონებითა, ყოვლითა სულითა და ძალითა შენითა; შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი შენი (მთ. 22,37).
ჩვენ, რა თქმა უნდა, ცხოვრებაში ბევრჯერ შევცდებით; მთავარია, დაცემის შემდეგ მოვინდომოთ და შევძლოთ ადგომა. ამასთან, მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ბედნიერებისათვის ვართ მოწოდებულნი და გვაქვს შესაძლებლობა, შევაღოთ ზეცის კარიბჭე, ვიხმიოთ ტრაპეზი უფლისა და მისი სიყვარულით დავტკბეთ.
რა უნდა იყოს ამაზე მნიშვნელოვანი?
რა ძალამ უნდა დაგვაბრკოლოს ამის მისაღწევად? ძე ღვთისა გვიწვდის ხელს და თავისთან გვიხმობს. ვინ შეიძლება ვამჯობინოთ მას? შევთხოვ შემოქმედს, მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა თითოეული ჩვენგანის გულში დაიდგას ტახტი და თითოეულ ჩვენგანში ძლეულმა ბოროტმა სულმა იულიანე განდგომილის მსგავსად აღმოთქვას: "შენ გაიმარჯვე გალილეველო!"
ღვთაებრივი სიხარულით აღვსილი კიდევ ერთხელ გილოცავთ, - ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!
აღდგომა ქრისტესი თბილისი, 2008 წ.
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
სააღდგომო ეპისტოლე - 1984
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის
ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს:
"... ბნელი წარვალს და ნათელი იგი ჭეშმარიტი აწვე ჩანს".
(1 იოანე 2, 8)
ტაძრების ზარების გუგუნი მსოფლიოს აუწყებს ერთ-ერთ ყველაზე დიად დღესასწაულს - ქრისტეს აღდგომას... დღეს ზეიმობს ეკლესია, სიხარულს დაუსადგურებია ყოველი ქრისტიანის გულში, აღვსილი ამ ზემიწიერი სიხარულით, სიყვარულით გილოცავთ:
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
სიხარულს ხშირად წინ უსწრებს დიდი მწუხარება. ასე იყო მოციქულების დროსაც... ისინი სულით ხორცამდე შეძრულნი იყვნენ მომხდარით. სულ სხვას ელოდნენ, მოვლენები კი სხვაგვარად წარიმართა. მათი იმედი და ნუგეში შეურაცხყვეს და ჯვარს აცვეს. ადამიანური ზიზღისა და სიძულვილის ქარიშხალმა გადაუარა იერუსალიმს; შემდეგ კი იქ, სადაც გააფთრებული ბრბო ბობოქრობდა, შემზარავი სიჩუმე ჩამოვარდა; დაცარიელდა თხემის ადგილი, მხოლოდ იესოს მახლობელნიღა ტრიალებდნენ ჯვრის შორიახლოს. დაიკარგა რწმენა, განქარდა იმედი, დარჩა ტანჯვა-წვალება და სევდა; და კიდევ სიყვარული, ჯერეთ დაუშრეტელი. შიშსა და სასოწარკვეთას მოუცავს მოციქულნი. უნუგეშოდ დარჩენილნი არ აპირებენ მაცხოვრის ბრძანებისამებრ გალილეაში გამგზავრებას, რადგანაც არ მოელიან შეხვედრას იქ მასთან, ვინც მათ თვალწინ ჯვარს ეცვა, ივნო და დაეფლა.ო, რა სუსტი და მცირედმორწმუნეა ადამიანი!
მოწაფეებმა მსწრაფლ დაივიწყეს თავიანთი მოძღვრის დარიგებანი, დაივიწყეს ის სასწაულნი, რისი მომსწრენიც თავად იყვნენ. მწუხარება და გულგატეხილობა დაეუფლა მათ... "და აჰა ძრვაჲ იყო დიდი" და გარდამოხდა ზეცით სხივმოსილი ანგელოსი უფლისა, "ხოლო იყო ხილვაჲ მისი, ვითარცა ელვაჲ, და სამოსელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი" (მათე 28, 2-3). და იქმნა იგი მოწმე სახილველისა განსაკრთომელისა:
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
აღორძინდა რწმენა მოციქულთა, განახლდა იმედი.რა საოცარი და უჩვეულო ძალისაა ეს სიტყვები, ასე ხშირად რომ წარმოვთქვამთ ამ დღეებში:
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
ქრისტეს აღდგომის მნიშვნელობა ამ მოვლენის სიდიადესა და განსაკუთრებულობაშია. იგია სასწაული სასწაულთა შორის, რომელიც კი ოდესმე უხილავს ან სმენია კაცობრიობას; იგია ქვაკუთხედი ქრისტიანობისა, რამეთუ "უკეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ამაო არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი" (1 კორ. 15,17)."დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!"
ზატიკის ამ ბრწყინვალე დღეებში ჩვენს წინაშე კვლავ მთელი სიმძაფრით დგება რთული, ზოგიერთისთვის გადაუჭრელი კითხვები, დასაბამიდან რომ აღელვებდა ადამის ძეს: ვინ ვართ, საიდან მოვედით, რისთვის ვართ მოწოდებულნი და - საით მივემართებით...
"რაი არს კაცი, რამეთუ მოიხსენე მისი, ანუ ძე კაცისაი, რამეთუ მოხედე მას?" - მიმართავს დავით წინასწარმეტყველი შემოქმედს (ფს. 8,5).
ეგებ ჩვენ ბუნების მხოლოდ შემთხვევითი გამოვლინებანი ვართ, ანდა ევოლუციის გარკვეული ეტაპის შედეგი და სხვა არაფერი?
ადამიანი ჯერ კიდევ უძველეს დროს მიხვდა, რომ მისთვის მთავარი იყო საკუთარი თავის შეცნობა. ამ გზით მავალმა თავის სულში აღმოაჩინა გაორება, ურთიერთდაპირისპირებულობა: იხილა ხატი ღვთისა და ზნე ცხოველისა, იხილა სიდიადე და სიმდაბლე თვისი, სიკეთე და ბოროტება, სიყვარული და სიძულვილი, იგრძნო მსხვერპლის გაღების დიდი უნარი და მის გვერდით ულმობლობა და უსაზღვრო ეგოიზმი... იქნებ ამიტომაც იყო, რომ ძველმა ეგვიპტელებმა სფინქსი კაცის თავითა და ცხოველის ტანით გამოსახეს.
ადამიანი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საოცრებაა. საოცარია იგი არა მარტო როგორც სოციალური არსება, არა როგორც ნაწილი ბუნებისა, არამედ როგორც პიროვნება, სულიერი პიროვნება. პიროვნება არ ნიშნავს ბუნებას, ანდა მის ნაწილს; ადამიანი პიროვნებაა არა ბუნებით, არამედ სულით. გარემოს გრძნობადი აღქმა მისი არსის, მისი ყოფის ერთი მხარეა, ამიტომაც არ არის სწორი ადამიანის შესწავლის ცდა მხოლოდ სომატური ანთროპოლოგიის, ბიოლოგიის ანდა საზოგადოების განვითარების ზოგადი კანონების მიხედვით. კაცი, უპირველეს ყოვლისა, ხატია ღვთისა.
აი, როგორ განიხილავს წმ. გრიგოლ ნოსელი სამპიროვანი ღვთის ბუნების ადამიანში განხორციელებულ საიდუმლოს: "ადამ, ქმნილება პირველი და არა შობილი, არს სახე დაუსაბამოისა მამა ღმერთისა, ყოვლისა მპყრობელისა და ყოვლისა მიზეზისა; ძე ადამისა შობილი - მსგავსი არს ძისა და ღვთისა სიტყვისა შობილისა, და ევა, გამოსული ადამისაგან (გარნა არაშობილი მისგან), არს სახე სულისა წმიდისა" (არქიმანდრიტი კიპრიანე, წმ. გრიგოლ პალამას ანთროპოლოგია, გვ. 157).
"ჩაუღრმავდი თავსა, შთაიხედე სულსა შენსა, ვითა სარკესა შინა; და ოდეს კეთილად განარჩევ იქ ყოველსა, შეიცნობ, რომ ხატი და მსგავსი ხარ ღვთისა. და ვითარცა ვერ იხილავ და ვერ უპოვი სახელსა უკვდავსა არსსა შენისა სულისასა, ეგრეთ მიუწვდომელ, შეუცნობელ და უკვდავ არს ღმერთი შენი", - ვკითხულობთ იქვე (გვ. 159).
სხვა ადგილას წმ. გრიგოლ ნოსელი წერს: ადამიანმა დაიკავა საშუალო ადგილი ღმერთსა და მის მდაბალ ქმნილებათა შორის, ამიტომაცაა იგი გაორებული: ნათელი გონებით ღვთაებრივ მშვენიერებას გვაგონებს; მგზნებარე ვნებებით კი - ცხოველს; ამით აიხსნება ის შინაგანი კონფლიქტი და დაპირისპირებულობა, რისკენაც საერთოდ მიდრეკილია იგი.
ასე რომ, ხატება ღვთისა თითოეულ პიროვნებაშია, როგორც ჩამოყალიბებულ კანონთა წესი. იგი წარმოადგენს მისი ყოფის აუცილებელ პირობას, რომლის საშუალებითაც უნდა განხორციელდეს მსგავსება უფლისადმი. სწორედ ეს არის ადამიანის ცხოვრების მიზანი.
ხშირად სვამენ კითხვას: რატომ შექმნაო გამჩენმა კაცი მხოლოდ ხატად თვისა? უკეთუ იგი იქნებოდა სრულყოფილი არსება, უკეთუ მსგავსება მისი შეესატყვისებოდა ხატებას მისას, იგი იქნებოდა ღმერთი. ეს გზა კი ადამიანს გასავლელი აქვს. მისი თვითსრულყოფისა და ღვთისმიმსგავსების პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღოს როგორც ღვთაებრივმა, ისე კაცობრივმა საწყისმა, რასაც ჩვენ ორი საწყისის სინერგიას ვუწოდებთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვლინდება ჩვენში თავისუფალი ნება.
"რა გსურს, სულო ჩემო? - ეკითხება თავის თავს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, - რა არის მოკვდავთა მიერ დაფასებული სიკეთეთაგან შენთვის მეტ-ნაკლებად ღირებული? ითხოვე რაიმე დიდებული და მიიღებ მას... გნებავს თუნდაც ქვანი პატიოსანნი, ველნი მშუენიერნი და კეთილნი, სიმრავლე ფარათა, ხართა და აქლემთა?.. იქნებ ტახტსა და მბრძანებლობას მიელტვი - ან ხანმოკლე დიდებას, რადგანაც ხვალვე დაგამდაბლებენ, გყოფენ მორჩილად მაშინ, როდესაც განდიდების გზას შეუდგება ვინმე სხვა კაცი, თუნდაც შენი ყმა, ცოტა ხნის წინათ უბადრუკი მსახური შენი... ეგებ გსურს, სულო, ჭეშმარიტების სახელით კანონებით ვაჭრობა (ანუ მათი უსამართლო განმარტება)?.. ნუთუ გონიერისა კაცისათვის აქვს მნიშვნელობა და ფასი მას, რომელი ჟამად არს და ჟამად განქარდების, მას, რაც მსახურებს ბოროტთაცა, და ვერას არგებს მიმავალსა იმა სოფლად" (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, 1, გვ. 223-224). აი, შედეგიც მიწიერი ბედნიერებისა:
"- სად-რა ვეძიო დიდებული სიტყვები ჩემი? - განიბნია ჰაერსა შინა.
- ხოლო იერი და ფერი ჩემი სიჭაბუკისა? - უკვალოდ გაქრა.
- გარნა დიდება? - იქმნა არარა.
- სიმტკიცე ჩემის სხეულისა სად დაიკარგა? - შემუსრა ჭირმა.
- ადგილ-მამული და სიმდიდრე ვის ხელში არის? - რომელნიმე მიითვალა უფალმან, სხვანი ბოროტ კაცთა დაისაკუთრეს" (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, 1, გვ. 79).
ცხოვრება ქრისტიანისა - ჯვარისმტვირთველობაა, იგი ყოფნაა თვით ქრისტეში, სიყვარულია მოყვასის ბედნიერებისათვის მსხვერპლად გაღებული, გაცხადებაა სულისა და ძალისა, - როგორც ბრძანებს მოციქული პავლე (1 კორ. 2, 4). მთავარია, ადამიანი არ შეეჭიდოს იმ სიმძიმეს, მისთვის რომ არ არის განკუთვნილი; მთავარია, მან მიაგნოს თავის ჯვარს, რათა აკურთხოს იგი უფალმან და იყოს უღელი მისი ტკბილ და ტვირთი მისი სუბუქ.
რომ ვიყოთ ჭეშმარიტი მსახურნი ქრისტესი, უნდა გვესმოდეს ჯვრის ღრმა აზრი და დიდი ძალა. ჟამნში ვკითხულობთ:
"უძლეველო, ახოვანო, საღმრთო ძლიერებაო პატიოსნისა და ცხოველმყოფელისა ჯვარისაო, გარეშემიცევ და დამიფარე ცოდვილი ესე".
... თუ შენ შეძლებ ამ სიტყვების გულით მიღებასა და მათი დიდი მნიშვნელობის შეცნობას, ვერავინ და ვერაფერი ვერ დაგამარცხებს, და სიცოცხლის ბოლოს შენც შეგეძლება თქვა: "ქრისტეს თანა ჯუარ-ცუმულ ვარ, ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე" (გალატელთა, 2, 19-20).
ჯვარი ჩვენი ძალაა განწმედის გზაზე. იგია უღონოთა ღონე, სუსტთა სიმტკიცე და ძლიერება, უძლურთა და სნეულთა მკურნალი, ცხოველმყოფელი, დაუშრეტელი წყარო, ფარი და მახვილი ხილული და უხილავი ბოროტი ძალის წინააღმდეგ.
თუ ვერ შევძლებთ ჩვენი ჯვრის ტარებას, თუ ვერ აღვუდგებით წინ ჩვენს ცოდვებს, ვერ დავძლევთ პატივმოყვარეობას, საკუთარი თავის სიყვარულს... და ტვირთით დამძიმებულნი დავეცემით, სულისა განსამტკიცებლად უნდა მივაპყროთ მზერა პატიოსანსა ჯვარსა მისსა, რომელიც ჩვენისა ცხოვნებისათვის გარდამოხდა ზეცით, ეწამა ჩვენთვის... და აუცილებლად ვიგრძნობთ მის დახმარებას.
სხვანაირად რომ ვთქვათ, ისინი, ვინც ქრისტეს მოძღვრებას მიიღებენ, მოვალენი არიან იცხოვრონ ისე, რომ გააგრძელონ საქმენი კაცობრიობისათვის შეწირული უფლისა; უკეთუ გსურთ იყოთ ჭეშმარიტი მორწმუნენი, ღრმად დაუკვირდით ამ სიტყვებს: "რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე" (მარკ. 8, 34).
თავის უარყოფა ნიშნავს გათავისუფლებას მიწიერი მისწრაფებებისაგან, ვიწრო ეგოიზმისა და ამპარტავნებისაგან (როცა პიროვნება ქედმაღლურად უყურებს და მხოლოდ იმის მიხედვით აფასებს ადამიანებს, თუ ვის რა სიკეთის მოტანა შეუძლია მისთვის), თავის უარყოფა ნიშნავს, მსახურებას მოყვასისათვის.
მაგალითისათვის დავასახელებდი ღვაწლსა და შრომას ქართველთა მეფის თამარისა, რომლის გამეფების 800 წლისთავს წელს ზეიმით აღნიშნავს ჩვენი ეკლესია და ხალხი. იგია სახე ჩვენი ერისადმი შეწირული მოღვაწისა და დიდი ჯვარისმტვირთველისა. სულთანმა რუქნადინმა გადაწყვიტა დაერბია გაძლიერებული საქართველო და აღეგავა იგი პირისაგან მიწისა. მან მეფე თამარს ასეთი შინაარსის წერილი გაუგზავნა:
"... აწ წარმომივლენია ყოველი მხედრობა ჩემი, რათა აღვხოცო ყოველი მამაკაცი მაგ ქვეყნისა, და ცოცხალი იგი ოდენ დარჩეს, რომელი წინა მომეგებოს, თაყუანის-ცეს ჩართსა ჩემსა; სასოება იგი თქუენი ჯუარი წინაშე ჩემსა დალეწოს და მოჰამედი აღიაროს" (ლეონტი მროველი, ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, ქართლის ცხოვრება, II, გვ. 93, თბ., 1959).
ხოლო დედოფალმან ასეთი პასუხი შეუთვალა:
"ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა მინდობილმან, მარადის ქალწულისა მარიამისა სასოებით მოსავმან და პატიოსანისა ჯუარისა მვედრებელმან წარვიკითხე ღმრთისა განმარისხებელი წიგნი შენი, რუქნადინო, და ვცან სიცრუვენი შენნი, რომელთა ბჭე ღმერთი იყოს! შენ ოქროსა მევირეთა სიმრავლისად მინდობილ ხარ, ხოლო მე არცა სიმდიდრესა და არცა ძალსა სპათა ჩემთასა, არამედ ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა და ჯუარისა წმიდისა, რომელი შენ ჰგმე. აწ წარმომივლენია ყოველი მხედრობა ჩემი წინამოგებებად შენდა. იყავნ ნება ღვთისა, ნუ შენი! სამართალი იმისი, ნუ შენი!" (იქვე, გვ. 93-94).
სიმდაბლისა და მორჩილების ნიშნად წმ. თამარი ფეხშიშველი წარუძღვა ლაშქარს ვარძიიდან ბასიანისკენ, ბრძოლის წინ აკურთხა იგი პატიოსანი ჯვრით, დალოცა და თვით ოძრხეს შემოიქცა, სადაც დღე და ღამეს განუწყვეტელ ლოცვასა და გალობაში ატარებდა; მასთან ერთად ლიტანიობდა მთელი საქართველო.
და შეისმინა უფალმა ვედრება მხევლისა თვისისა. მუსულმანთა 400 000 მეომარი სამარცხვინოდ იძლია ქართველთა 100 000-იანი ქრისტესმოყვარე მხედრობისაგან, განიბნია და შეიმუსრა სიმრავლე აგარიანთა. გამარჯვებულმა ლაშქარმა მეფე თამართან ერთად ვარძიაში მადლობა შესწირა უფალს ხსნისათვის.
მემატიანე მრავალგზის მიუთითებს დედოფლის წმიდა ცხოვრებაზე, რომ იგი ვერ აცდუნა სიამემან ამა სოფლისამან, ვერცა სამეფო გვირგვინმან და სკიპტრამან, არცა ქვათა პატიოსანთა უხვად ქონებამან, არცა სპათა სიმრავლემან და ძლიერებამ... ვერ მიდრიკა სიმდიდრემან... რომ მან გამოიჩინა სიბრძნე სოლომონისებრი და ყოვლითა გულითა და გონებითა შეიყვარა და შეიტკბო უფალი; კაცს განაცვიფრებდა ღამეყოველ მღვიძარება მისი, ლოცვა, მუხლთ-დრეკა და ცრემლით ვედრება ღვთისა. ხშირად თამარი თავისი ხელით მოქსოვილს ან მოქარგულს ყიდდა და მის საფასურს გლახაკთ ურიგებდა - ღარიბებს თავისი შრომით ეხმარებოდა და არა მხოლოდ სამეფო შემოსავლიდან (იქვე, გვ. 79-81).
ისტორიკოსი ასევე გვაუწყებს, რომ თამარის დროს წირვა-ლოცვა შეუმოკლებლად აღესრულებოდა პალესტინის მონასტერთა ტიპიკონის მიხედვით, რომ სამეფო კარზე მყოფთაგან ლიტურღიას, მწუხრს, ცისკარსა და ჟამნს ვერავინ დააკლდებოდა.
წმიდა თამარი იქმნა ის ბრწყინვალე, დაუვალი ვარსკვლავი, რომელიც მარად უნათებს საქართველოს და ათბობს ყოველი ქართველის გულს.
ხშირად კითხულობენ: პიროვნებაში ბოროტების გაძლიერებით თუ იშრიტება ღვთის სიყვარული მისდამი? პასუხი ერთია: ღვთაებრივი სიყვარული ისეთი უსაზღვრო და უნაპიროა, იმდენად დიდი და ამაღლებულია, რომ ვერავითარი სხვა ძალა ვერ შეძლებს ამ სიყვარულსა და ადამიანს შორის ჩადგომას. მაინც როგორია ბოროტების არსი და რა დამოკიდებულება აქვს მას ადამიანთან?
საეკლესიო მწერალთა და ღვთისმეტყველია აზრით, ბოროტება არ არის საწყისი, თანაარსი სიკეთისა, იგი არარსია, უარყოფა ან ნაკლოვანება სიკეთისა, რამეთუ თავად ყოვლის მიზეზი, შემოქმედი, არის სრული სიკეთე, მშვენიერება და სიყვარული.
"ბოროტება არასოდეს ყოფილა და ვერც იქნება თავისი ბუნებით დამოუკიდებელი არსი, რადგანაც არა აქვს მას რაობა, ბუნება და თვითმყოფადი სახე, ძალა, სათვალავი და თვისება. იგი ბუნებრივი ძალების დაშრეტის შედეგია. ამ ძალების არასწორი, გაუაზრებელი მოქმედებაა" - წერს ღირსი მამა მაქსიმე აღმსარებელი (მაქსიმე აღმსარებელი, კითხვა-მიგება ფალასისად, საღვთისმეტყველო უწყებანი, 1916; გვ.31-32).
გაუაზრებელი, უგონო ქცევის მსხვერპლის, დაცემული ადამის ძის აღსადგენად თვით ღვთაებრივი სიყვარული განხორციელდა იესო ქრისტეს სახით, რათა ემცნო ხალხისათვის ღვთის ნება, და იმავ ხალხის ხსნისათვის გოლგოთაზე ასულიყო. ბოროტი ფიქრობდა, სიკვდილი დათრგუნავდა მას. მაგრამ მოხდა საპირისპირო - ჯვარცმას მოჰყვა აღდგომა და ამაღლება და წინაშე ყოველთა ხილულთა და უხილავთა არსთა განბრწყინდა ყოვლისმძლეველი ძალა ღვთაებრივი სიყვარულისა.
ამ სიყვარულის ღირსი რომ გახდეს ადამიანი, აუცილებელია, მან სული განიწმიდოს ცოდვებისაგან. ჩვენდა საუბედუროდ, ხშირად ვადანაშაულებთ სხვებს, განვიკითხავთ მტრებს... ჩვენი მწუხარებისა და ტანჯვის მიზეზი კი ჩვენშივეა; უნდა გვახსოვდეს: როდესაც შინაგან სიმშვიდეს ვკარგავთ, ვკარგავთ სიმშვიდეს ჩვენს გარშემოც. ხსნის გზა ერთადერთია: სინანულის საშუალებით უნდა აღვიდგინოთ ჩვენს სულში დარღვეული ჰარმონია, წმიდა ზიარებით უნდა მივეახლოთ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, უნდა ვეცადოთ, დავიბრუნოთ ჩვენთა დიდთა წინაპართა რწმენა, სიყვარული, სასოება, თავმდაბლობა... და, როგორც შედეგი ყოველივე ამისა, სიწმიდეც. ჩვენმა სულმა მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების ყველა საფეხური უნდა გაიაროს, თვით ჯვარცმაც, რომ შემდეგ აღდგომილი და ამაღლებული იქცეს ღვთაებრივი სიყვარულის ტაძრად, სულიწმიდის სავანედ.
ჭეშმარიტი ღვთისმსახურება განუყოფელია სამშვიდობო მოღვაწეობისაგან. დღეს კაცობრიობა დიდი განსაცდელის წინაშეა. არ შეიძლება გულგრილად ვუყუროთ ხალხთა ტანჯვას, იმას, თუ როგორ იღვრება უდანაშაულო ადამიანების სისხლი, როგორ განლაღებულია ბოროტება; არ შეიძლება გავჩუმდეთ მაშინ, როდესაც მსოფლიოს ემუქრება ბირთვული ომის საფრთხე. მშვიდობაზე მხოლოდ ლაპარაკით ვერაფერს მივაღწევთ, საჭიროა გააზრებული აქტიური მოქმედება, რომ აცილებულ იქნას ომის საშიშროება.
ის მისია, რაც აკისრია ეკლესიას, არ აძლევს მას დამშვიდებისა და თვითკმაყოფილების უფლებას. ზოგიერთის აზრით, ეკლესია თავს არიდებს თანამედროვე მოთხოვნებს. აუცილებელი კია ვიცოდეთ მისი როლი დღევანდელ პირობებში, ვიცოდეთ, თუ სად არის ჩვენი, მორწმუნეების, ადგილი ამ მშფოთვარე მსოფლიოში. უეჭველია, იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირთ, სადაც ყველაზე დიდი მწუხარება და ცრემლია, იქ, სადაც იბრძვიან მშვიდობის, თავისუფლების, ხალხთა და სახელმწიფოთა შორის სამართლიანი ურთიერთობისათვის.
განსხვავებული მსოფლმხედველობის ადამიანების მშვიდობისაკენ სწრაფვა მათ შორის პრაქტიკული თანამშრომლობის მრავალ მხარეს ავლენს. ამ მიზნის მთელი სიდიადე დამაჯერებლობით ცხადოფს რომ ასეთი ურთიერთობა არათუ შესაძლებელი, არამედ აუცილებელიცაა.
საქართველოს ეკლესია აქტიურად უჭერს მხარს ქვეყნის მშვიდობისმოყვარე პოლიტიკას.
"ყოველი რომელნი გინდეს თქუენ, რაითა გიყონ კაცთა ეგრეცა თქუენ ჰყვით მათა მიმართ" (მათე, 7,12)... "ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურიერთას", - ბრძანებს უფალი (იოანე, 13,35). სიყვარული ღვთისა და მოყვასისა ყველა მცნებაზე მაღალი და ყოვლისმომცველია; ამიტომაც იგი უნდა იქცეს ჩვენი ცხოვრების საფუძვლად. როგორც შედეგი სიყვარულისა, ყველას მომადლებული გვაქვს სიხარულის განცდის უნარი და სურვილი სხვებისთვის მისი გაზიარებისა. სხვადასხვაგვარია სიხარული, განსხვავებულად გრძნობენ მას ადამიანები... ყოველი მნიშვნვლოვანი საეკლესიო დღე სულიერი სიხარულის მომტანია, მაგრამ აღდგომის დღესასწაული მაინც სულ სხვაა; იგი ზეიმია ცისა და მიწისა, რადგანაც სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას ვგრძნობთ და განვიცდით.
თუ გვექნება რწმენა და სიყვარული, ღვთის მოწყალებით, ღირსნი გავხდებით იმ სიხარულისა, რომელსაც არა აქვს დასასრული. მთავარია, არ შევცდეთ, არ გადავუხვიოთ გადამრჩენელი გზიდან.
ღმერთო ძლიერო, შენ ხარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება; მუხლმოდრეკილნი გევედრებით, წარგვიძეღ გზითა შენითა მით იწროითა; მოწყალეო, მოგვმადლე სიბრძნე გულისა, რათა ვცნათ, რაი არს ჭეშმარიტი და ვემსახუროთ მას... უწყით, უფალო, სიცოცხლე ჩვენი წამისყოფაა, სიცოცხლე ჩვენი განსაცდელია ოდენ. უსასოთა სასოო, გეაჯებით, მოგვეახლენ, რათა არ დავინთქათ ზღვასა ცხოვრებისასა; ხელი შენი აღმადგინებელ გვეყავნ ჩვენ დაცემულთა; დავრდომილნი შეგივრდებით და ნუ განგუაგდებ, რამეთუ შენი ვართ, უფალო... და ღირს გვყვენ ჩუენ მარადიული ნეტარებისა, ვინაითგან ნიჭი და წყალობა უზენაესი ფრთეთა ქვეშე შენსა ყოფნაა, შენს მტილოვანში დამკვიდრებაა.
ძმანო ჩემნო და დანო ჩემნო! კიდევ ერთხელ გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს; იხარეთ და გაახარეთ სხვანიც, ამაშია ადამიანის ნამდვილი ბედნიერება, რამეთუ სასუფეველი ღმრთისაჲ... არს, სიმართლე და მშვიდობა და სიხარულ სულითა წმიდითა (რომ. 14,17), ამინ!
ქრისტეს აღდგომა,
თბილისი, 1984.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
სააღდგომო ეპისტოლე - 2015
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო ერთგულნო და თავდადებულნო შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, საქართველოს მკვიდრნო და დროებით სამშობლოს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო
„მაშ, ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და სულით, რომელნიც არიან ღმრთისა“ (კორინ. 6,20)„ლხენით ვილხენ უფალში და ხარობს ჩემი სული ჩემს ღმერთში, რადგან შემმოსა ხსნის სამოსელით (ეს. 61,10)
„დღეს აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ, ერნო...“ (ზატიკი)
უფალი, „რომელიც მიეცა ჩვენი ცოდვებისათვის, აღსდგა ჩვენს განსამართლებლად (რომ. 4,25) და სიკვდილიცა მოკლულ იქმნა მის მიერ (პარაკლ.), გიხაროდეთ!
ქრისტე აღდგა!
სად არის სიკვდილო საწერტელი შენი?ქრისტე აღდგა!
სად არის ჯოჯოხეთო ძლევაი შენი? (I კორ. 15,55)„აღდგა ქრისტე და დაირღვიე შენ; აღდგა ქრისტე და დაეცნენ ეშმაკნი; აღდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს“ (წმ. იოანე ოქროპირი).
როგორც პავლე მოციქული ამბობს, ცოტას თუ ვინმეს შეუძლია სიცოცხლის გაწირვა მართალთათვის, ქრისტემ კი თავი დადო ჩვენთვის, რომელნიც ვიყავით უცხონი, მტრები და მოწინააღმდეგეები მისთვის (შდრ. რომ. 5; 6-8).
- და რატომ ვიყავით მტრები და უცხონი?
ღმერთი სიყვარული არს და ამ გრნობით შექმნა და განმსჭვალა მან მთელი ხილული და უხილავი სამყარო. ღვთაებრივი სიყვარული ვლინდება სხვისთვის მსახურებაში, სიკეთეში, სიმართლეში, მშვიდობაში, სიწმინდეში, მოწყალებაში, სიხარულში...
ასეთი მადლით იყო მოცული ცოდვით დაცემამდე მთელი კოსმოსი, დედამიწა და მკვიდრნი მას შინა. როდესაც გველის ცდუნებით ადამმა და ევამ ღვთის მცნება დაარღვიეს, ამით შემოქმედზე და მისი მცნებებით ცხოვრებაზე თქვეს უარი. უარი თქვეს იმ სიყვარულზე, რომელიც სხვისთვის გასცემს ყველაფერს და არ ეძებს თავისას; მადლდაკარგულებს ამპარტავნების ვნება დაეუფლათ, ეგოისტური აზრები და თავის თავზე ორიენტირებული სიყვარული გაუჩნდათ.
ადამის მთელი მოდგმა ამ სენით დაავადდა და საღვთო დიდებისათვის განმზადებულმა თავი წარწყმედისთვის გაწირა. ამიტომაც ვიყავით განშორებული ღვთისგან.
- როგორ გვიხსნა ქრისტემ და რას ვზეიმობთ მისი აღდგომით?
ყველა ადამიანის სული, ადამის ცოდვის გამო, გარდაცვალების შემდეგ ჯოჯოხეთს იმკვიდრებდა. მამა ღმერთმა ჩვენს გამოსახსნელად მოავლინა თვისი მხოლოდშობილი ძე, რომელმაც მიიღო სრული ადამიანური ბუნება და თავის ჰიპოსტასში განუყოფლად და შეურევლად შეუერთა საღვთო ბუნებას, რითაც განაღმრთო კაცება.
იესო ქრისტემ ყოვლისმომცველი, მსხვერპლშეწირული სიყვარულის ძალით ბოროტების საკრველნი დაამსხვრია, დაამხო ეშმაკის მეუფება, მართალთა სულები გამოიხსნა და კაცობრიობისათვის ზეცის კარიბჭენი განახვნა.
დიახ, ამიერიდან მართალთათვის გარდაცვალება იქცა არა წარწყმედის, არამედ ცხონების, სიხარულისა და მარადიულ ნეტარებაში დამკვიდრების საშუალებად.
ამიტომაც წერია ფსალმუნში: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმინდათა მისთა“, ამიტომაც აღნიშნავს ეკლესია წმინდანთა გარდაცვალების დღეს ზეიმით.
უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელიც რწმენითა და სინანულით აღესრულება, უფლის მადლითა და მოწყალებით, წმინდათა შორის დაემკვიდრება (რა თქმა უნდა, თავისი ამქვეყნიური ღვაწლის შესაბამისად, სხვადასხვა სავანეში), ამიტომაც მოძღვარი წესის აგების ლოცვაში ასე ავედრებს უფალს გარდაცვლილს: „წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე, მონასა (ან მხევალსა) შენსა...“
სწორედ ეს აღთქმა, წმინდათა შორის მარადიული თანამყოფობისა, არის აღდგომის ზეიმის არსი, თითოეული ადამიანის იმედისა და სიხარულის საფუძველი.
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს: უფლის ჯვარცმისას იხილეს მრავალი სასწაული: დაბნელებული და ხელახლა გაბრწყინებული მზე, განპობილი კრეტსაბმელი, მაცხოვრის გვერდიდან გადმოღვრილი სისხლი და წყალი, მიწისძვრა, საფლავთაგან მკვდართა აღმოსვლა, სასწაული უფლის საფლავად დადების ჟამს... მაგრამ ვერცერთი მათგანი ვერ შეედრება ჩემი ცხონების სასწაულს!
ხოლო ვისაც ეს არა აქვს გაცნობიერებული, ფუჭია მისი სარწმუნოება. აი, როგორ გვაფრთხილებს მოციქული: „თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოსავნი, კაცთა შორის უსაწყალობესნი ვართ”... ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ამაოა ჩვენი ქმედება და ამაოა თქვენი რწმენა“ (I კორ. 15,14,19).
- თუ სიკვდილი განქარდა, რატომღა კვდებიან ადამიანები, რატომ დარჩა გარდაცვალება ყველასათვის აუცილებელ მოვლენად?
- სამოთხეში ადამს და ევას სხვაგვარი სხეული ჰქონდათ, შემდეგ კი ხრწნადობა შეიმოსეს და მოკვდავნი გახდნენ. აქედან მოყოლებული ადამიანი ამ მოკვდავი სხეულისა და უკვდავი სულის ერთობას წარმოადგენს, რომელთა განცალკევებაც სიკვდილისთანავე ხდება. მართალთა სულები ქრისტეს აღდგომის შემდეგ უფლის წიაღს იმკვიდრებენ, ცოდვით დამძიმებულთა კი - კვლავ ბნელეთის ანგელოზთა დასს უერთდებიან. სხეული კი იხრწნება და უერთდება მიწას, რომლისგანაც შეიქმნა. როგორც მარცვალი ხნულში ითესება და იხრწნება, რათა აღდგეს უხრწნელებით, ასევე „ითესება სხეული მშვინვიერი და აღდგება სხეული სულიერი, ითესება დამცირებაში და აღდგება დიდებაში“ (I კორ. 15. 44, 45).
ეს მოხდება მეორედ მოსვლის ჟამს. ყოველი გარდაცვლილის სული (ცოდვილთა თუ მართალთა) შეიერთებს თავის უხრწნელ სხეულს.
ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი სული და სულიერი სხეული მარადიული ნეტარებისათვის აღდგეს და არა მარადიული სატანჯველისა და გეენიისათვის.
ზოგიერთს სიკვდილისადმი აქვს ერთგვარი ზერელე დამოკიდებულება, ზოგს კი - ავადმყოფური შიში. ხშირად ერთნიც და მეორენიც ამიტომ არ ფიქრობენ ამ საკითხზე, რაც არ არის სწორი.
ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ გარდაცვალება აუცილებლად გველის და ყოველი დღე უნდა გავატაროთ ისე, როგორც უკანასკნელი. მაშინ მეტი დაკვირვება გვექნება საკუთარ თავზე, მეტი გულისყურით მოვეპყრობით მოყვასს და ღვთის სათნოდ მოვიქცევით ამა თუ იმ ვითარებაში.
- როგორ მივხვდეთ, რა არის მართებული ქმედება?
მთავარი ორიენტირი ჩვენთვის უნდა იყოს მაცხოვარი, რომლის მიერაც განგვეცხადა ადამიანის სიდიადე; უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ შეგვიძლია, ზიარების მადლით, ძალისამებრ ჩვენისა დავიტიოთ იგი და შევუერთდეთ მას, რათა განვიღმრთოთ და მივაღწიოთ იმ სისრულეს, რისთვისაც ვართ მოწოდებულნი.
თუმცა, ეს შეერთება ვერ შედგება, თუ არ მოხდა პიროვნული შეხვედრა მაცხოვართან, - შეხვედრა ცოცხალ ღმერთთან!
ეს არის ყველაზე დიდებული ჟამი ადამიანის ამქვეყნიურ ცხოვრებაში; ეს არის ჭეშმარიტ სიყვარულთან დაბრუნების და მისით აღვსების საოცარი განცდა, რომელიც სრულიად გარდაქმნის ჩვენს შინაგან სამყაროს და მადლით აღავსებს სულს;
არის მადლი მომხმობი, მომწოდებელი, რომელიც კაცს განაცდევინებს სასუფევლის ნეტარებას და სინანულისთვის განაწყობს. მერე კი იწყება გამოცდის ჟამი, ანუ ის ეტაპი, როდესაც შენ შენი შრომით, სინანულითა და ჭირთა დათმენით უნდა ააღორძინო და განამრავლო იგი.
ღმერთი ყველგან სუფევს, მაგრამ ეკლესიაა სულიერი სხეული მისი, სადაც საღვთო სიდიადე სრულად ვლინდება კაცთა წინაშე. ეს არის ის სივრცე, სადაც აღესრულება საღვთო საიდუმლოებები, სადაც ყოველ წირვაზე უხილავად მყოფობს უფალი და წმინდა ზიარებით მასთან შეერთების საშუალებას გვაძლევს.
მაგრამ ღმერთთან კავშირი ორმხრივი მოვლენაა, შენ ვერ ჰპოვებ უფალს, თუ არ შეიცანი იგი, თუ არ აღივსე ღვთისმსგავსი უშურველი სიყვარულით. ასეთი სიყვარულის უნარი ადამიანს აქვს და იგი ვლინდება, მაგალითად, შვილების, მშობლების, მეუღლის, დედ-მამიშვილების, მეგობრებისა და ახლობლებისადმი უსაზღვრო სიყვარულსა და, საჭირო შემთხვევაში, თავგანწირვაშიც.
ამგვარი სიყვარულით, პირველ რიგში, უნდა შევიყვაროთ იესო ქრისტე, რომლისგანაც მოგვეცა ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მასზე წინ არ უნდა დავაყენოთ არავინ და არაფერი. ეს არის ყოვლად აუცილებელი პირობა ჩვენი გადარჩენისა; წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი შეცდომებისა და არასწორი აზროვნებისაგან არაფერი დაგვიცავს.
ხოლო ვისაც ამგვარი განცდა და ცოცხალი სარწმუნოება არა აქვს, მისთვის საეკლესიო მსახურება, უფლის სწავლანი და საიდუმლოებები გაუბრალოებულია, მხოლოდ რიტუალია და სიღრმისეულ აზრს მოკლებული სიტყვები. ამ მდგომარეობაში შეიძლება იყოს როგორც მრევლის წევრი, ისე სასულიერო პირი.
ამგვარი ადამიანის აღსარება და სინანული არაგულწრფელია, შედეგი - უღირსი ზიარება და სულის გაუხეშება. ეს არის ნელ-თბილი სარწმუნოება, რომელიც მეტად საშიშია და მიუღებელი ღვთისთვის.
სინანულს ბერძნულად „მეტანია“ ქვია, რაც სიტყვა-სიტყვით თარგმანში „გონების შეცვლას“ ნიშნავს. აი, ეს უნდა მოხდეს ჩვენში! მაგრამ ამას ვერ მივაღწევთ, თუ მუდმივად არ ვაკვირდებით საკუთარ თავს, თუ აღსარებიდან აღსარებამდე ჩვენში უკეთესობისაკენ მცირედი ცვლილება მაინც არ ხდება, თუ ცოდვას არ ვუპირისპირდებით და არ ვებრძვით.
ეშმაკის გავლენით ზოგიერთი, პატივმოყვარეობის ან სირცხვილის გამო, ბოლომდე არ აღიარებს ცოდვას, ან შელამაზებული სახით ამბობს სათქმელს და ამით ხელს უშლის საკუთარ განწმენდას.
ამ დროს პირიქითაა, მძიმე დანაშაულის ჩამდენის გულწრფელი სინანული სასულიერო პირს მისდამი თანალმობით განაწყობს და სწორი რჩევის მიცემის საშუალებას აძლევს; ადამიანს კი უფალი წყალობას მაშინვე ანიჭებს.
დიდ პრობლემას ქმნის ორიენტირების აღრევაც, - როდესაც ზოგიერთი საშუალებას მიზნად მიიჩნევს, მიზანს კი - საშუალებად.
საერთოდაც, ბევრი რამ არის ჩვენს ყოფაში გაუკუღმართებული: ხშირად ადამიანის სიცოცხლეს იოლად ხელყოფენ, არადა, ადამიანის მკვლელობა უდიდესი ცოდვაა. უფლება არა გვაქვს, ღვთის მიერ ბოძებული სიცოცხლე წავართვათ ვინმეს.
ასევე უმძიმესი და მკვლელობის ტოლფასი ცოდვაა აბორტი. ამ მომაკვდინებელი დანაშაულის ჩამდენნი არა მხოლოდ მშობლები არიან, არამედ ისინიც, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ამ ქმედებაში.
დიდად ვწუხვართ თვითმკვლელთა რიცხვის ზრდის გამო. სიცოცხლე ღვთის უდიდესი წყალობაა და დაუშვებელია ვინმემ თავისი ნებით მოისწრაფოს იგი. ამ ცოდვის ჩამდენთ ტყუილად ჰგონიათ, რომ სიკვდილით პრობლემებისგან გათავისუფლდებიან და ვერ აცნობიერებენ, რომ თავს მარადიული სატანჯველისთვის წირავენ.
შეიძლება ითქვას, რომ დღეს, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი შრომას გადაეჩვია. არადა, შრომა აუცილებელია როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი და სულიერი.
მშობლებმა ბავშვობიდანვე უნდა შეაყვარონ შვილებს ეს საქმე. ამასთან, უნდა აღზარდონ ისე, რომ ღვთის სიყვარულთან ერთად სამშობლოს და მოყვასის სიყვარული ასწავლონ. ასწავლონ სირთულეების დაძლევა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება.
ჩვენ დიდი იმედით ვუყურებთ ახალგაზრდებს; მართალია, მრავალი მათგანი სერიოზულ შეცდომებს უშვებს ემონება-რა ნარკომანიას, ლოთობას, გარყვნილებას... მაგრამ გვჯერა, ღვთის მადლით, ისინი შეიცნობენ ამ ცოდვათა დამღუპველობას და ღმერთს დაუბრუნდებიან; მიხვდებიან, ცხოვრებისეული ჯვარი იმიტომ მოგვეცა, რომ იგი რწმენითა და სიყვარულით ღირსეულად ვატაროთ და ჩვენი ჯვარცმა, - განსაცდელები და პრობლემები, - ჩვენს აღდგომად და ამაღლებად გადავაქციოთ.
არასწორმა ცხოვრების წესმა დაარღვია ტრადიციული ურთიერთობებიც.
მაგალითად, ქართული სუფრა ყოველთვის იყო სამშობლოს, მეგობრობის, სიყვარულის, თანადგომის, ვაჟკაცობის სადიდებელი, ჭირის სუფრა კი, - გარდაცვლილთა მოსაგონარი და შესანდობარი. როგორც ერთი, ისე მეორე სერობა იწყებოდა და მთავრდებოდა ღვთის დიდებით. ახლა კი, ასეთი შეკრებები ხშირად დაუსრულებელ ქეიფად და ღრეობად იქცა, სადღეგრძელოები კი - ფარისევლურ ქება-დიდებად, რაც უნდა გამოსწორდეს.
რაკი ღვინისა და, საერთოდ, პურობის საკითხს შევეხეთ, აღვნიშნავთ იმასაც, რომ საუკუნეების მანძილზე მევენახეობა და მეხორბლეობა ჩვენი ყოფის განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენდა. ქართველი კაცი მასში განსაკუთრებულ მნიშვნელობასაც დებდა და ზიარების საიდუმლოს აღსასრულებელ შესაწირად აღიქვამდა. ამიტომაც ამ კულტურებზე ზრუნვა საუფლო საქმედ მიიჩნეოდა.
ათეისტური რეჟიმის დროს ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა - უნიკალური ქართული ხორბლის და სავენახე ზოგი ჯიში მთლიანად განადგურდა და მათი ადგილი ჰიბრიდულმა, ნაკლებად შრომატევადმა ჯიშებმა დაიკავა. ამას დაემატა ღვინის შაქრით ფალსიფიცირება, რაც ადრე ყოვლად წარმოუდგენელი რამ იყო. ასე შეილახა და გაუბრალოვდა საკრალური დატვირთვის მქონე ვენახისა და ხორბლის მნიშვნელობა.
მადლობა ღმერთს, დღეს მდგომარეობა უკეთესობისაკენ იცვლება და ამაში გულანთებული უანგარო ადამიანების დიდი ღვაწლია ჩადებული.
მინდა ყურადღება გავამახვილო ცოდვისადმი ნელ-თბილი ადამიანის დამოკიდებულების კიდევ რამდენიმე გამოვლინებაზე: ზოგს ჰგონია, რომ როცა სხვას შეურაცხჰყოფს, ან ცილს დასწამებს, უმიზეზოდ განურისხდება, ან ბილწსიტყვაობით აჯობებს, ეს დიდი ცოდვა არ არის. მწარედ ცდებიან!
თუ გავაანალიზებთ, აღმოვაჩენთ, რომ მკვლელობებისა და თვითმკვლელობების ძირითადი მიზეზი არის ვიღაცის გაბოროტებული სიტყვა. ხშირად ოჯახებიც შელაპარაკების ნიადაგზე ინგრევა; უხეში სიტყვის გამოყენების პრაქტიკამ ჩვეულებრივი ხასიათი მიიღო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ურთიერთობებში, მასმედიაში...
სიტყვა უდიდესი ძალაა. ღმერთი არის სიტყვა; ავი სიტყვა კი, - ეშმაკისეულია. თითოეული ჩვენი ნათქვამი ბუმერანგივით დაგვიბრუნდება. შეგახსენებთ მაცხოვრის დარიგებას: „მე გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ ურისხდება თავის ძმას (ანუ მოყვასს), სამართალში უნდა მიეცეს, ხოლო ვინც ეტყვის თავის ძმას: რაკა (უგუნურო), სინედრიონის (სამსჯავროს) უნდა წარუდგეს; და ვინც ეტყვის თავის ძმას: შლეგო (ცოფო, უსინდისო), ცეცხლის გეენიაში უნდა ჩავარდეს (მათე. 5,22).
იაკობ მოციქული კი გვაფრთხილებს: „პატარა ცეცხლი რამხელა ტყეს ჰბუგავს, ენაც ცეცხლია, სიცრუის სამკაული. ენას ისეთი ადგილი უჭირავს ჩვენს ასოთა შორის, ბილწავს მთელ სხეულს და ცეცხლად აქცევს სიცოცხლის ჩარხს“ (იაკობ. 3,5-6).
ამიტომაც მეტყველებისას ყველას დიდი სიფრთხილე და დაკვირვება გვმართებს.
შევეხები მეტად საშიშ და სერიოზულ პრობლემას - სათამაშო ბიზნესს. ეს საქმიანობა, მართალია, ბიუჯეტისთვის, ალბათ, მომგებიანია, მაგრამ იგი იმდენად უარყოფითი მოვლენაა, რომ ბევრ ქვეყანაში საერთოდ აკრძალულია. ჩვენთან კი მას ბოლო დროს ინტერნეტ-სამორინეც (კაზინო) დაემატა.
თუ ჩვეულებრივ სამორინეში (კაზინოში) ასაკს ყურადღებას აქცევენ და გარკვეული თანხის ქონა აუცილებელია, ინტერნეტ-სივრცეში ეს შეზღუდვა არ არსებობს; ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომელთაც ისედაც მცირე ფინანსები აქვთ, ცდუნებას ვერ უმკლავდებიან და დიდ ვალში და დიდ პრობლემებში ვარდებიან.
კატასტროფულად იზრდება მათი რიცხვი, რომელნიც მიჯაჭვულნი გახდნენ ამ საცდურზე; ბევრმა ქონება დაკარგა, მრავალი ოჯახი დაინგრა, ზოგმა თავიც მოიკლა... ვფიქრობთ, ხელისუფლებამ თავისი სიტყვა უნდა თქვას ამ მიმართულებით, და შესაძლებლობისამებრ, დაიცვას ქვეყნის აწმყო და მომავალი.
აქამდე იმათ შესახებ ვისაუბრეთ, რომელთაც ღმერთის არსებობა სწამთ; რაც შეეხება ურწმუნოთ, ადრეც მითქვამს და კვლავ გავიმეორებ, რომ მატერიალურ-ტექნიკურმა წინსვლამ და სულიერ განვითარებაზე ნაკლებმა ზრუნვამ დიდად შეუწყო ხელი ადამიანში ამპარტავნების აღზევებასა და ათეისტური ცნობიერების ჩამოყალიბებას, იმ აზრის განმტკიცებას, თითქოს მისთვის საიდუმლო აღარ არსებობს, რომ თვითონ შეუძლია ყველაფერი მართოს და განაგოს.
მაგრამ უღმერთო კაცმა დღემდე ვერ იპოვა უმთავრესი - სიცოცხლის საზრისი, და ვერც სიკვდილის საიდუმლო ამოხსნა. აქედან გამომდინარე, ცუდი და კარგი, ცოდვა და მადლი, მისთვის ფარდობითი და პირობითი ცნებები გახდა. ამიტომაც ასე მოაზროვნე საზოგადოება ადვილად მივიდა ცოდვის და გაუკუღმართებული ურთიერთობების დაკანონებამდე.
მართლაც, თუ არ არსებობს ღმერთი, რა თქმა უნდა, არ არსებობს არაფერი მიუღებელი, არ არსებობს არანაირი სულიერი მიზანი, რომლისკენაც იგი უნდა ისწრაფვოდეს, ანუ სიცოცხლეს, ფაქტობრივად, არ აქვს აზრი.
რჩება მხოლოდ წარმავალი მიწიერი ყოფა და ამქვეყნიური ვნებები, სიმდიდრითა და პატივით მიღებული დროებითი სიამოვნება, რომლის შედეგი სასოწარკვეთა და დეგრადაციაა, დასასრული კი - არარაობა.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ ქვეცნობიერად ყველამ, მორწმუნემაც და ურწმუნომაც, მეტ-ნაკლებად იცის, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე მაინც გრძელდება. ამას იგი გრძნობს იმ წარუშლელი ღვთიური ნაპერწკალით, რომელიც თითოეულ ჩვენგანშია ჩადებული შემოქმედისაგან და რომლის საშუალებითაც სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე რჩება შესაძლებლობა სინანულის, მოქცევისა და ღმერთთან შერიგებისა.
გავიხსენოთ ავაზაკი, რომელმაც სულიერი ფერისცვალება სიკვდილის წინ, ჯვარზე გაკრულმა, განიცადა და მაშინვე ღირსი გახდა, პირველი შესულიყო სასუფეველში.
ჩვენ ვცხოვრობთ რელიგიური აზროვნებისა და იდეოლოგიების ზეობის ეპოქაში;
როგორც ერთ-ერთი ცნობილი თეოლოგი ამბობს, რელიგიასა და იდეოლოგიას შორის უდიდესი განსხვავება იმაშია, რომ რელიგია და რწმენა ყოველთვის ძალზედ პირადულია და ღრმა შინაგანი გამოცდილებით მიიღწევა, მაშინ როცა ნებისმიერი იდეოლოგია ყოველგვარ პირადს, როგორც უსარგებლოს, უარყოფს.
ამიტომაც არის, რომ არც ძველი და არც რომელიმე თანამედროვე იდეოლოგია, პიროვნებას არ სცნობს.
ადამიანი ყველაფერზე მაღლა იესო ქრისტემ დააყენა და იგი გახადა თავისი უდიდესი სიყვარულის ობიექტი. ამასთან, მას უდიდესი ნიჭი - თავისუფლება უბოძა და მისცა არჩევანის საშუალება. თითოეული ჩვენგანი გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად დღესაც ყოველწუთს აკეთებს არჩევანს კეთილსა და ბოროტს, ღმერთსა და ეშმაკს შორის და ეს ჩვენი უფლებაა.
ჩვენი ნება ღვთის ნების შესაბამისი უნდა გახდეს, მაგრამ, არა იმიტომ, რომ ასე ვინმემ გვიბრძანა, არამედ იმიტომ, და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ჩვენს დიდ სურვილად და სწრაფვად უნდა იქცეს; იმიტომ, რომ ჩვენ მოვინდომეთ, გავხდით ადამიანები, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.
ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო: ქართველებო, აფხაზებო, ოსებო, ბერძნებო, რუსებო, უდიებო, აზერბაიჯანელნო, სომეხნო, იეზიდნო, ქისტნო, ასირიელნი, სხვანო ყოველნო, ჩვენ ხატად და მსგავსად ღვთისა ვართ შექმნილნი და თითოეული ჩვენგანის სულშია ის ღვთაებრივი ნაპერწკალი, რომელიც დღეს ღაღადებს - ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე!
მართლაც, ყველასთვის აღდგა ქრისტე, ყველა ადამიანს შეუძლია შეცვლა და ფერისცვალება, რადგან, როგორც წმ. ირინეოს ლიონელი ბრძანებს, ადამიანის სული ბუნებით ქრისტიანია.
მაშ, ვმადლობდეთ უფალს, რომელიც სიხარულით შეგვიძღვა თავისი აღდგომის ნავთსაყუდელში, ვმადლობდეთ ყოველნი, რომელთაც კეთილად განვვლეთ სარბიელი მარხვისა; ვმადლობდეთ ისინიც, რომელნიც უძლურ ვიქმენით ამგვარი ღვაწლისა (სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი). ამიერიდან ნუღარავინ სძრწის და ეშინის, ჭეშმარიტი სიყვარული და მარადიული სიცოცხლე დაუბრუნდა კაცობრიობას; იხარებს ადამის მოდგმა და მთელი სამყარო!
ქრისტე აღდგა!
აღსდექით თქვენც და მასთან ერთად ეგეთ უკუნისამდე!სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II
აღდგომა ქრისტესი
თბილისი, 2015 წელი
ლოცვა - პაისი მთაწმინდელი
ის, რომ სულს ჯერ კიდევ აღელვებს მგრძნობიარე სამყაროს სილამაზე, ათვალსაჩინოებს, რომ მასში ისევ ცოცხალია დაუდგრომელი წუთისოფელი. ამიტომ მას ქმნილება იზიდავს და არა შემოქმედი; იზიდავს თიხა და არა ღმერთი. არა აქვს მნიშვნელობა სუფთა თიხაა ეს თუ ცოდვის ტალახი, რადგან ადამიანი ღვთაებრივი სულის ნათესავია და სულით უერთდება ღმერთს ლოცვის მეშვეობით.
მდუმარე ცხოვრებაში (უდაბნოში) გულისხმისყოფა უაღრესად დიდი შეწევნაა ლოცვისათვის, რამეთუ მისთვის სანუკვარ პირობებს ქმნის. თუმცა, მდუმარება, თავისთავად, ერთგვარი საიდუმლო ლოცვაა და ძლიერ ეხმარება ჩვეულებრივ ლოცვას – როგორც ადამიანს კანის სუნთქვა.
ლოცვა მღვიძარების სათნოებასთან ერთად სულს ასაზრდოებს – მით უმეტეს თუ მლოცველი ამავე დროს სულიერად მღვიძარებს, უსაფრთხოებას ანიჭებს მას, როგორსაც ჩვილი მშობლის ხელებზე განიცდის. ბავშვი, რომელიც მოუთმენლად მიილტვის დედისკენ გულში ჩასაკვრელად, მის ძუძუს წოვს და მშობლის ტკბილი ალერსითა და სიყვარულით ნაყრდება, უფრო გონიერია, ვიდრე ჩვენ, მოწიფული ადამიანები, ვინც რომ ლოცვების გზით ღმერთთან შეერთებას გავურბივართ და მათ ხშირად შრომით ვალდებულებად მივიჩნევთ.
არავინაა იმ ადამიანზე ნეტარი, ვინც ზეციურ რადიოსადგურთან კავშირი დაამყარა და ახლა უკვე ღმერთთან კეთილკრძალულების მავთულით არის დაკავშირებული; და არავინაა იმ ადამიანზე უბედური, ვინც ღმერთთან კავშირი გაწყვიტა, მთელ ქვეყანაზე მოუსვენრად დაძრწის და მიმღების სახელურს ატრიალებს მსოფლიოს რადიოსადგურების ძებნაში, რომ თუნდაც მცირე ხნით მაინც დაივიწყოს უმძიმესი შფოთი – თავისი კალაპოტიდან ამოვარდნილი ცხოვრებისაგან თავსმოწეული.
ნეტარია, ვისაც გულში მთავარი ღერძი – ქრისტე ჰყავს; სიყვარულით აღვსილი შეუჩერებლივ ტრიალებს მისი წმიდა სახელის გარშემო და ღაღადებს: "უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე".
მდუმარებას, სოფლისაგან განშორებით, ძალიან სწრაფად მოაქვს სულისათვის შინაგანი მდუმარება – მოსაგრეობითა და განუწყვეტელი ლოცვებით; რის შემდეგაც ადამიანს აღარ აწუხებს შინაგანი შფოთი, რამეთუ არსებითად მას მხოლოდ სხეული აქვს მიწაზე, გონება კი – ზეცაში.
ასეთები იყვნენ წმიდა მამები – ისინი არანივთიერნი ხდებოდნენ და თითქმის არაფრით გამოირჩეოდნენ ანგელოზებისაგან, რადგან, როგორც ანგელოზები, უწყვეტი გონებითი ლოცვით დღედაღამ ზეცაში იყვნენ.
დაუდგრომელი სოფლით დატყვევებული გული კი, სულს ფიტავს, ხოლო გონებას – სიბნელით მოსავს. ვინც ასეთ დღეშია, ადამიანად კი მიიჩნევა, მაგრამ არსებითად იგი სულიერად დაუსრულებელი, მუცელსმოწყვეტილი ჩანასახია.
მღვიძარებასა და ლოცვას ერთად, სულიერ ზრდაში სიჯანსაღე და სიცოცხლე შემოაქვთ, რამეთუ ისინი გონების განწმედასა და დახვეწას ემსახურებიან, დაუმორჩილებელ ხორცს თრგუნავენ და გულს ღვთისადმი სიყვარულით ათბობენ, რისი წყალობითაც სულზე ღვთიური მადლი გარდამოდის.
როგორც მცენარისათვის ღამის წვიმა გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე დღისა, ასევე უმჯობესია სულისათვის ღამის ლოცვა, დღის ლოცვასთან შედარებით.
ვინც რომ მღვიძარებითა და ლოცვით მოსაგრეობს, თუნდაც ჩათვლიმოს მცირე ხნით, ღმერთს მაინც უმეტესად აღძრავს მოწყალებისათვის, ვიდრე ის, ვინც ძილით გაძღა და ამიტომ ვეღარ იძინებს; ვინც სტასიდიაში [მაღალი სავარძელი ასაკეცი საჯდომით. ამ სავარძელში ჯდომაც შეიძლება და დგომაც. მათ ტაძრებში კედლების გასწვრივ დგამენ] თვლემს, იმაზე ათასჯერ აღმატებულია, ვინც ლოგინში წევს და არ სძინავს.
არ შეიძლება მთელი ძალები წარმავალ საგნებზე გავფლანგოთ, რომლებიც ერთ დღეს მტვრად იქცევიან, ხოლო ღმერთთან დაღლილები მთქნარებით წარვდგეთ – იგი მიემსგავსება იმ მსხვერპლს, კაენმა რომ შესწირა. თუ ჩვენი დაღლილობა საპატიო მიზეზითაა გამოწვეული და ძილისკენ მიგვდრეკს, მაშინ უმჯობესია ძილს უფლება მივცეთ მოგვპაროს მღვიძარების ერთი-ორი წუთი და ბუნებრივი გზით დავიხიოთ უკან, ვიდრე წინასწარ განვდევნოთ იგი ყავის საშუალებით და მისით აღვიგზნოთ, მით უფრო, როცა მშვიდი ხასიათი არა გვაქვს. უმჯობესია ოდნავ ნაკლებად ვიფხიზლოთ და ჭეშმარიტად ვილოცოთ, ვიდრე თავს უძილოდ ღამის გატარება ვაიძულოთ, სულიერი სარგებელი ვერ მივიღოთ და შემდეგ მთელი დღე გვამივით ვეგდოთ.
როცა ადამიანი განმარტოებულია, მისი სული თავს მსუბუქად გრძნობს, გული კეთილკრძალულად განირთხმება ღვთის წინაშე, თანდათან ტეხს გარშემორტყმულ უხეშ ნაჭუჭს და მისგან თავისუფლდება; ადამიანი გულლბილი ხდება არა მხოლოდ მაშინ, როცა ღმერთზე ფიქრობს, არამედ მაშინაც, როცა ესმის ან კითხულობს მის სახელს. მაშინ გული დათამაშებს და ამ წმინდა სახელს უაღრესი მოკრძალებით ეამბორება. ასევე მოქმედებს მასზე ქრისტეს ან ღვთისმშობლის სახელი: ამ დროს მისი სული შინაგანად ტკბება.
მონოზონს [ბერძნულად ნიშნავს მარტოდ მყოფს – სიტყვიდან "მონო", მარტო ერთი] შეჰფერის ცალკე ყოფნა და ყველაზე მეტ სიმშვიდეს იგი ლოცვაში უნდა აღწევდეს, როცა მარტოა თავის სენაკში. ის ხომ სწორედ იმიტომ იწოდება მონოზონად, რომ მარტომ იცხოვროს ღმერთთან და მუდმივად მას ესაუბროს – ნაცვლად იმისა, რომ ადამიანებს ელაპარაკოს. რამდენადაც გაურბიხარ ადამიანებთან საუბრებს, იმდენად მეტ სარგებელს იღებ ლოცვიდან და სხვებსაც უფრო ეხმარები. საერო კამათები კი, რომც არ ჩაერიო და მხოლოდ ისმინო, სულიერ რადიოშეფერხებებს შეგიქმნიან, განუწყვეტელი ლოცვის ხელისშემშლელს, განსაკუთრებით – დასაწყისში. ამიტომ უკიდურესად აუცილებელია ყურადღება როგორც დასაწყისში, გონების მოსაკრებად, ასევე შემდგომშიც, რათა ხიბლში არ ჩავვარდეთ.
ფრიად სასარგებლოა წმიდა მამათა ნაშრომების კითხვა – ისინი სახარებას თავიანთი სახარებისეული ცხოვრებით განმარტავენ. ასევე სასარგებლოა გამოკვლევა საკუთარი ცოდვიანობისა, უმადურობისა და აგრეთვე ჩვენზედ გარდამოვლენილი ღვთის მრავალმოწყალებისა. ყველაფერ ამას თავისთავად მოჰყვება სიმდაბლე და ამის შემდეგ აუცილებლად – საღმრთო მადლი. სულიერი საკითხავი სულს ათბობს და გაძლიერებულად აღძრავს მას ლოცვისა და მოღვაწეობისათვის. საკუთარი თავის გამოკვლევას სიმდაბლე მოაქვს, ამასთან, ლოცვისა და ღვთის წყალობის აუცილებლობის გაცნობიერება. ამიტომ წინასწარ, სანამ სკვნილის მარცვლებს ჩამოვთვლიდეთ, კარგი იქნებოდა ჩვენი ცოდვები და ჩვენდამი ღვთის ქველმოქმედება ჩამოგვეთვალა.
ლოცვისას, როცა გონება უჯერო საგნებზე გადაერთვება ან ისინი თვითონვე, სურვილსგარე გვახსენებენ თავს, არ არის საჭირო მტერთან კამათში შესვლა, რადგან ყველა ადვოკატიც რომ ერთად შეიკრიბოს, მაინც ვერაფერს გააწყობს ერთ პატარა ეშმაკთანაც კი. ეს ზრახვები შეიძლება განიდევნოს მხოლოდ მათი უგულებელყოფით, ზუსტად ისევე, როგორც მკრეხელური აზრები (რა თქმა უნდა, მტერი კიდევ საკმაო ხანს იყეფებს, მაგრამ მერე გაგვშორდება). ადამიანს არ უნდა აბრკოლებდეს ეშმაკის მკრეხელობა, მას მხოლოდ საკუთარი ცოდვები უნდა აშფოთებდნენ, მაგრამ ამასთან ღვთის უსაზღვრო მოწყალებას უნდა სასოებდეს; ღმერთზე უსასოება – მზაკვარის ხელჩარევის შედეგია.
ლოცვისას გონების გულში მოკრებას ძალზე უწყობს ხელს სუნთქვის მცირეოდენი შეჩერება, მაგრამ არა გამუდმებით, რადგან ხელოვნური შეკუმშვა გულს აზიანებს. რა თქმა უნდა, გული განიწმინდება არა ასეთნაირი შეკუმშვების გზით, არამედ სინანულითა და სიმდაბლით. ამ დროს ოხვრა და ვაება გულის სიღრმიდან ამოდის და თან საღვთო ნუგეში ამოაქვს. როცა ადამიანი თავის თავს ეგოისტურად და უგულისხმოდ შეაჭირვებს, მაშინ ხელოვნური გულშეკუმშვა მისთვის სასოწარკვეთისა და სულიერი სიმძიმის მომტანია.
ხოლო, როცა ადამიანი სასოებით მოღვაწეობს – მას საღმრთო ნუგეში მოეფინება და სული ცხადად შეიგრძნობს ღვთის მოსიყვარულებას. ამ დროს უფალი ადამიანის გულს თავისკენ იზიდავს, და ხელები, ღვთაებრივი სითბოთი აღძრულნი, სიხარულით მარცვლავენ სკვნილს. რა თქმა უნდა, თავიდან გარკვეულწილად აუცილებელია განზავებული გულისხმისყოფით ძალისხმევა, სანამ ჩვენი სულიერი ძრავა გახურდება და სული, განუწყვეტელი ლოცვით ადგილიდან დაიძვრის.
მღვიძარებისას ფრიად სასარგებლოა მრავალსახეობა. თუ ადამიანი მარტოა, დაე, თავიდან გრძელი მეტანიები გააკეთოს, მერე მოკლე და შემდეგ დაიწყოს იესოს ლოცვა – მჯდომარემ ან მუხლმოყრილმა. ყოველივე ეს რამდენჯერმე გაიმეოროს იმ დროის გათვალისწინებით, რაც მის განკარგულებაშია. ასეთი მეთოდი უაღრესად სასარგებლოა, რამეთუ სულიერ გამოცოცხლებას იწვევს და სულიერი მოძრაობების – მეტანიების – დახმარებით უმოძრაობისაგან გამოწვეულ დაღლილობას დევნის. ამით, აგრეთვე, ძილქუში განიდევნება და მაშინ ლოცვას გონებაში ნათელი შემოაქვს.
უზომო ფიზიკური შრომა და მისგან გამოწვეული დაღლილობა და გაფანტულობა სიფხიზლეს განგვაშორებს და სულს აუხეშებს. განსაკუთრებით, თუ ეს სამუშაო სიჩქარით კეთდება, რადგან როცა იესოს ლოცვასა და სხვა სულიერ ვალდებულებებს ვტოვებთ, მაშინ მტერი თანდათან იპყრობს ჩვენს სულიერ სიმაღლეებს და გვებრძვის უკვე როგორც ხორცის, ასევე ზრახვების საშუალებითაც. მას მწყობრიდან გამოჰყავს ყველა ჩვენი ხორციელი და სულიერი ძალები და ღმერთთან ჩვენს ურთიერთობას არღვევს. ამის შედეგი კი ჩვენი სულის ვნებებით შეპყრობაა.
რაც შეეხება ზომიერ, გააზრებულ შრომას, - ის ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით ახალდამწყებთათვის, რამეთუ ადამიანისათვის ორმაგი სიჯანსაღისა და ღვთის კურთხევის მომტანია. ასეთ შემთხვევაში ადამიანი არა მხოლოდ თავის თავს უზრუნველყოფს აუცილებელი სახმარით, არამედ შეუძლია სხვებსაც უწილადოს როგორც ღვთივკურთხეული, რისი წყალობითაც ღვთის სახელი განიდიდება და მის მიცვალებულ ნათესავებსაც ცოდვები მიეტევებათ. [საბერძნეთში მოწყალების მიმღები, ჩვეულებრივ, ასე პასუხობს წყალობის გამღებელს: "ცოდვათა შენდობა მიეღოთ შენს მიცვალებულებს"]. მონოზონს სულიერი კეთილშობილება უნდა გააჩნდეს, ანუ თვითონ არიგებდეს კურთხევას [ღვთის კურთხევით აქ აღნიშნულია სხვადასხვა სახმარი ნივთები: სურსათი, ტანსაცმელი და სხვა], როცა ის ახალგაზრდა და ჯანმრთელია [აქ საუბარია განდეგილებზე, რომელთათვის საზრდოს მთავარ წყაროს საკუთარი ხელით ნამუშევარი წარმოადგენს]. და სხვისგან მიღებული მოწყალებით არ უნდა ცხოვრობდეს. სულიერი კეთილშობილება ფრიად სასარგებლოა – იგი სულს ფრთებს ასხამს. ხოლო შინაგანი სამყარო, იმავდროულად, სხეულს ნაკლები რაოდენობის საზრდელით ინახავს.
სახმარი ნივთები, როცა მათი დამზადება მშვიდ გარემოში და ლოცვების თანხლებით ხდება, თავისთავად განიწმიდება და იმ ადამიანებსაც განწმედს, ვინც მათ მოიხმარს; მაშინ როცა ნივთები, სიჩქარით და ნერვიულობით მზადდება, ამ დემონურ განწყობილებას სხვებსაც გადასდებს. ჩქარი და მოუსვენარი მუშაობა ერისკაცებს ახასიათებთ. მონოზონს კი როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი სიმშვიდე შეშვენის, აგრეთვე, კეთილკრძალულება და განუწყვეტელი ლოცვა მართებს საკუთარი სულის განსაწმედად და იმავდროულად იმ თანამოძმეთა სულებისათვის ლოცვა, რომლებსაც ამის საშუალება არ გააჩნიათ.
თუ ხელსაქმე ხმაურს წარმოშობს, მაშინ ფრიად სასარგებლოა დაბალ ხმაზე ფსალმუნთა გალობა, სანამ სული საღმრთო გამიჯვნას არ მიაღწევს – როცა მას უკვე ხმაური აღარ ესმის, ან ესმის, როცა ამას თავად მოისურვებს, ანდა, უფრო სწორად რომ გამოვთქვათ: როცა გონება ზეციდან დაეშვება. ხელსაქმე უბრალო უნდა იყოს, რომ ხელები მიეჩვივნონ თავისთავად მუშაობას და გონების დახმარებას არ საჭიროებდნენ.
დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ ხელსაქმეზე მთელი ჩვენი სხეულებრივი ძალები არ დავხარჯოთ, თორემ ვეღარ შევძლებთ სულიერი ვალდებულებების შესრულებას, ან შევასრულებთ მათ წადიერების გარეშე და იმის ცქერაში ვიქნებით, როდის გამოჩნდება სკვნილზე ჯვარი, რომ მეტანიები დავასრულოთ, მაშინ როდესაც მეტანიები ყველა სხვა სულიერ ვარჯიშებზე უფრო სასარგებლოა.
მუხლდრეკების მეშვეობით ჩვენ ღმერთს მდაბალ თაყვანისცემას მივაგებთ და მისგან წყალობას გამოვითხოვთ, რომ ცოდვები მოგვიტეოს. ამიტომაც ჰქვია მას "მეტანიები" [მეტანია ბერძნულად ნიშნავს "მონანიებას", აგრეთვე "თაყვანისცემას"]. მუხლდრეკების შესრულება საკუთარი თავისთვის და თანამოძმეთათვის (ცოცხლებისთვისაც და გარდაცვლილებისთვისაც) – ჩვენი ყველაზე მთავარი ხელსაქმეა, რომლის შესრულებაც უსაზღვრო შრომას მოითხოვს, რასაც წინ სინანულისათვის გულდადება უნდა უძღოდეს, მაგრამ თუ ჩვენ სიმშვიდეს ვკარგავთ სხვა ამაო, უვარგის და უმნიშვნელო ნივთებზე [აქ გამოყენებულია იდოიმატური გამოთქმა "დაკარგული ნივთი", - ანუ ფუჭი, უვარგისი]. ზრუნვით, მაშინ საბოლოოდ სიკეთის ქმედების სულისკვეთებას ვკარგავთ.
როცა გული ღვთისადმი მადლიერებით ფეთქავს, სული თავის ამ მდგომარეობას გარეგნული ზეიმითაც ამჟღავნებს – მეტანიების გზით, რომელთა რაოდენობაც მაშინ იზრდება, - ამას კი მადლის სიუხვე და სხეულისათვის ვნების დატევება მოსდევს.
მრავალრიცხოვანი მუხლდრეკები ახალდამწყებთ არაბუნებრივ, დიდ მუცლებს უქრობს და ისეთი ძალით ეხმარება სათნოებათა სულიერ სიმაღლეზე ასვლაში, თითქოს ისინი მსუბუქად და ქოშინის გარეშე მთის მწვერვალებზე ასულიყვნენ.
მოღვაწეობის გარეშე ადამიანი ერთ ადგილზე ჩერდება ან ძალიან ნელა მიიწევს წინ, მაგრამ თუკი დიდი სიმდაბლე მაინც გვექნება, მაშინ ღვთიური ხელი ზეცაზე უსასყიდლოდ აგვიყვანს. მაგრამ თუ ჩვენ – ღმერთო, დაგვიფარე! – სიმდაბლეც კი არ გაგვაჩნია, მაშინ ქვევით დავეშვებით. როცა ადამიანს სულიერი სიჯანსაღის მოპოვება სურს, გაძლიერებულად უნდა იმოღვაწეოს, დიდი თავმდაბლობა იქონიოს, არავის ცოდვები არ უნდა განიხილოს და განიკითხოს – მხოლოდ საკუთარი თავი განსაჯოს.
ვინც უძლურია და სხეულით ვერ მოსაგრეობს, სულიერად შეუძლია იმოღვაწეოს – მღვიძარებითა და განუწყვეტელი ლოცვით, რათა აღმოიფხვრას სულიერი მანკიერებანი; ასევე შეუძლია გამუდმებით იფიქროს უფლის წმინდა ვნებებზე, რათა მათი წყალობით საკუთარი უძლურება ტკბობად მოეჩვენოს; შეუძლია, აგრეთვე, უძლურების დათმენით ღმერთი ადიდოს და მოწამეობრივი გვირგვინი მოიხვეჭოს.
ლოცვისათვის განკუთვნილ ჟამს, როცა სხვები მოღვაწეობენ და თავიანთ კანონებს ასრულებენ, ის, ვისაც გრძელი მეტანიების გაკეთება არ ძალუძს, მოკლე გააკეთოს, ან უკიდურეს შემთხვევაში იესოს ლოცვა წარმოთქვას და არ იძინოს – თუ ავად არ არის და კანონის შეუსრულებლობისათვის საპატიო მიზეზი არ გააჩნია. ყოველთვის უნდა ვიკვლევდეთ საკუთარ თავს: გვაქვს თუ არა საპატიო მიზეზი სულიერი ვალდებულებების დასატევებლად, რათა მცონარები არ აღმოვჩნდეთ და მტერმა, რომელსაც არასდროს სძინავს და გამუდმებით ჩვენს დაცემას ცდილობს, ვერ განახორციელოს ჩვენზე მოულოდნელი თავდასხმა.
ამიტომ, როცა საკუთარ თავს სულიერად მომაკვდავს დავინახავთ, ხოლო გულს გაყინულს, საჭიროა რომელიმე მოღვაწის მონახულება, რომ გამოვცოცხლდეთ; ასევე – ვინმე ავადმყოფის, რომ ჩვენს გულს თანაგრძნობა ვაიძულოთ, დავეხმაროთ სიყვარულით, გავთბეთ მისი წყალობით და გავლღვეთ.
როცა ადამიანი სულიერად ჯანსაღია და სხვებს განეშორება იმისათვის, რომ მეტად დაეხმაროს თავისი ლოცვით, მაშინ იგი ყველას წმინდანად მიიჩნევს, საკუთარ თავს კი – ცოდვილად.
ასეთი დადებითი სულიერი განწყობისას უაღრესად სასარგებლოა უდაბნოში გასვლა, როცა ამასთანავე მთლიანად ვებარებით ღმერთს – ყოველგვარი საზრუნავისაგან თავისუფალი და გულისყურადქცეული "მდუმარე" თავით, რათა სულმა დიდი ნახტომების გაკეთება შეძლოს. [ე. ი. სულიერად ძლიერ წარემატოს]. მაგრამ ასეთ შემთხვევაში დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ ხიბლში არ ჩავვარდეთ. ამიტომ მოსაგრის თავი საიმედოდ უნდა იყოს ჩაკეტილი, რომ მზაკვარმა ვერ შეძლოს მის სულში ამპარტავნების აზრის ჩადება და არ მოხიბლოს იგი ოცნებებითა და ცრუ ნათელით, რომელსაც ადამიანი სამოთხეში კი არ აჰყავს, არამედ ჯოჯოხეთში აგდებს. მზაკვარი ჯოჯოხეთის უფსკრულებს სამოთხის ბაღებად წარმოსახავს და ამგვარად შეჰყავს ცდომილებაში ღვთის უძლური ქმნილებები. რა თქმა უნდა, ვინც სულიერად ჯანსაღია, ამ ცხოვრებაში ჭეშმარიტ ნათელსაც არ მისდევს, მხოლოდ ღვთის წყალობას ეძებს, და ღმერთიც იმას აძლევს, რაც მის ქმნილებას ესაჭიროება.
მონოზვნები, რომლებიც მონასტერში ცხოვრობენ, ძმური ურთიერთთანადგომის წყალობით მეტადრე უსაფრთხოდ მოღვაწეობენ, ვიდრე ისიხასტები [ისიხასტებად ამჟამად ათონზე იწოდებიან მონოზვნები, რომლებიც მკაცრად განსაზღვრული წესით ცხოვრობენ, მარტოდ, განდეგილებაში], - რომლებიც განდეგილებად ცხოვრობენ, - მაგრამ ეს მაშინ, როცა ისინი ერთმანეთს არ ჭამენ, (არ ჩხუბობენ), რადგან მცირე თვითუარყოფის შემთხვევაშიც შეუძლიათ მათ სულიერად წარემატონ. ისიხასტს კი დიდი თვითუარყოფა სჭირდება, რომ თავიდან საფლავი ამოითხაროს თავისთვის, შემდეგ კი უდიდესი სიმდაბლითა და განსჯადობით დაიწყოს სულიერი მოღვაწეობა – განუწყვეტელი სიფხიზლითა და ლოცვით.
ახალდამწყები, რომელიც კინოვიის [კინოვია – საერთო საცხოვრებელის ტიპის მონასტერი] უსაფრთხოებას გაურბის და ეგოიზმით აღძრული სენაკში იკეტება (დაყუდება სურს), იმ ადამიანს ემსგავსება, საგიჟით რომ კეტავენ. თუ იგი, ამავე დროს, თავისი ბუნებით მოწყენილობისკენ არის მიდრეკილი და გულჩაკეტილია, მაშინ მას ზრახვები და შინაგანი მოუსვენრობა ახრჩობს. ასეთ შემთხვევაში, თუ მას ოდნავი სიმდაბლე მაინც გააჩნია, კინოვიაში დაბრუნდება და გადარჩება, ხოლო თუ გაჯიუტდება – დაიღუპება.
მონოზონის ბუნებრივი გზაა – თავდაპირველად წინამძღვრისადმი დამორჩილება, სწავლების გავლა და მოღვაწეობა დიდი სიმდაბლით, რომელიც კეთილკრძალულებით უნდა გამოითხოვოს ღვთისაგან. ამგვარად ადის მონოზონი თანდათან გოლგოთაზე, ჯვარს ეცმევა, შემდეგ კი სულიერად აღდგება და ანგელოზებრივი სიხარულით ხარობს – მათ დარად აღავლენს ღმერთის ქება-დიდებას.
ვინც სულიერად ცხოვრობს, მაგრამ ისე, როგორც ერში ცხოვრობენ, ანუ ყოველთვის პასექი აქვს და არ გადის ჯერ დიდმარხვასა და ჯვარცმას, ვერ შეძლებს სულიერად აღდგეს და ქრისტე შეიყვაროს, რადგან არ უცდია, რომ ქრისტეს ტანჯვა განეცადა – რომელიც მან ჩვენი ხსნისათვის დაითმინა – და შემდეგ დამტკბარიყო ქრისტეს სიყვარულით, მთლიანად შთანთქმულიყო ზეცაში და საღმრთო სიყვარულით სულიერი გონგადასულობისათვის მიეღწია.
ამდენად, როცა მონოზონი მოსაგრეობისას ბუნებრივი გზით არ წარემართება – ჯვარცმიდან აღდგომამდე, რათა გაითავისოს ზეციური პასქალიის სულიერი მდგომარეობა, მაშინ ის უფრო უბედურია, ვიდრე ერში მცხოვრებნი, რამეთუ ამ უკანასკნელთ კიდევ შეუძლიათ რაიმე შეიმეცნონ, თუ მათთან საღმრთო სიყვარულზე ისაუბრებენ. ის კი, ვინც საღმრთო სიყვარულისა და უმაღლესი სიხარულის გზას დაადგა, მაგრამ სოფლისმიერი სიხარულისკენაც იხედება, ნახევარგზაზე ჩერდება – მსგავსად ლოთის ცოლისა (შესაქ. 19, 26). ამიტომ მისი გული ქვასავით უგრძნობი ხდება და მას თვით სიტყვა "საღვთო სიყვარული"-ც კი აბრკოლებს, როცა მასზე ჩვენს საეკლესიო წიგნებში კითხულობს.
ასეთი ადამიანები ყველაზე მეტად საჭიროებენ ლოცვას, რომ ღმერთმა სასწაული მოახდინოს: გარდაქმნას მათი ქვის გული ადამიანურად, სულიერად, რათა შეძლონ ღვთის შეყვარება, რამეთუ მხოლოდ ღმერთს ძალუძს "აღდგინებად ქვათა ამათგან შვილად აბრაჰამისა" (მათ. 3, 9), - როგორც ამას სახარება ამბობს.
განსაცდელთა შესახებ
ღმერთი ჩვენზე განსაცდელებს უშვებს, რომ გამოვფხიზლდეთ და უფალი გავიხსენოთ. როცა ვევედრებით, თითქოს არ გვისმენს, რომ უფრო მეტად შევევედროთ და ვუხმოთ მის წმინდა სახელს სხვადასხვა ვნების შიშით შეძრწუნებულებმა; ტკივილით აღსავსე ვედრება განწმენდს ჩვენს გულს და გამოცდილებით შევიცნობთ ჩვენი გახრწნილი ბუნების უძლურებას. ასე მთელი არსებით გავაცნობიერებთ, რომ ღვთის შეწევნის გარეშე შეუძლებელია რაიმეს კეთება.
დიდ გამოცდილებას გულიდან დაღვრილი სისხლით შევიძენთ და აღარასოდეს დაგვავიწყდება, რადგან იგი ადამიანის შემდგომი ცხოვრების საძირკველი ხდება. ღვთის მადლი მიდის და ისევ ბრუნდება, გამოცდილება კი აღარასოდეს წაიშლება, რადგან გულშია აღბეჭდილი და სატანის სისინის მიუხედავად, ამოტვიფრული ასოებით ადასტურებს, რომ ღვთის გარეშე შეუძლებელია რაიმეს კეთება.
განსაცდელების გარეშე ამპარტავნება და სხვა ვნებები ლუციფერებად გვაქცევდა. მაგრამ სახიერი მამა, ღმერთი, ჩვენზე მწუხარებას უშვებს, რომ სიმდაბლით დაგვიცვას. ეს ცოდვების სიმძიმეს შეგვიმსუბუქებს.
სანამ ახალგაზრდები ვართ, განსაცდელები უნდა გავიაროთ, რადგან ახალგაზრდობა ადვილად მარცხდება; დროთა განმავლობაში ბრძოლა დაცხრება და სანუკვარი მშვიდობა მოვა. სიმხნევე და მოთმინება იქონიე. იმედს ნუ დაკარგავ, როგორც არ უნდა გებრძოდეს ვნებები. ღმერთს უყვარს ის, ვისაც თავს ესხმიან, ის კი იბრძვის. გამხნევდი და ილოცე ჩემთვის – ზარმაცის, უწმინდურის, უღირსისა და საძაგლისთვის!
2. თუკი პავლე მოციქულისთვის იყო სარგებლის მომტანი განსაცდელი: „მომეცა მე საწერტელი ხორცთაი, ანგელოზ სატან, რაითა დამქენჯნიდეს მე, რაითა არა აღვიმაღლო“ (2 კორ. 12, 7), რამდენად უფრო დიდ სარგებელს მოგვიტანს განსაცდელის დათმენა ჩვენ?
პავლე მოციქული იყო რჩეული ჭურჭელი, პირი ქრისტესი, ამ სოფლისთვის მკვდარი და მასში წმინდა სამება მკვიდრობდა. მიუხედავად იმისა, რომ განსაცდელი ხელს უშლიდა მოციქულებრივ ქადაგებაში და სამჯერ შეევედრა კიდეც უფალს გაეთავისუფლებინა მისგან, ღმერთმა არ შეისმინა მისი თხოვნა, რადგან მოციქულის სულის სარგებელზე ზრუნავდა. პავლე მოციქულმა ეს პასუხი მიიღო: „კმა არს შენდა მადლი ჩემი, რამეთუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების“ (2 კორ. 12, 9). ჩემი მადლი საკმარისია შენს სანუგეშებლად, – ეუბნება უფალი, – განსაცდელი გექნება, რომ სიმდაბლით სარგებელი ნახო.
ამიტომ, შვილებო, სიხარულით დაითმინეთ ღვთისგან მოვლენილი ნებისმიერი განსაცდელი – მწუხარება იქნება ეს თუ ვნებების სიშმაგე. ღმერთი მათ გვიგზავნის, რომ სარგებელი მივიღოთ და ყოველივე ამის დათმენა იმ ღვაწლად ჩაგვეთვალოს, რომლის აღსრულებაც არ შეგვიძლია.
ასე რომ, მადლობა შესწირეთ ღმერთს. პირითა და გულით ადიდეთ ის, რადგან თუ განსაცდელს მოთმინებითა და მადლიერებით მივიღებთ, მადლი გვანუგეშებს.
განსაცდელის გარეშე ვინ შესულა სამოთხეში, ჩვენ რომ შევიდეთ? არავინ. ყველა წმინდანმა ცეცხლი და წყალი, მრავალნაირი განსაცდელი და მწუხარება გაიარა, მოთმინებით ადიდა ღმერთი და საუკუნო დიდების გვირგვინი მიიღო!
ბრძოლაში სიმხნევეს ნუ დაკარგავთ. ქრისტე უხილავად აქ იმყოფება და თითოეულის ბრძოლას აკვირდება. ასე რომ, მოთმინებით იბრძოლეთ, მოუხმეთ იესოს სახელს, რომ ის თქვენს გულებში დაინერგოს და ღვთის მადლით გამდიდრდეთ. იღვაწეთ და განიწმინდეთ გონება, რომ წმინდა აღდგომის მადლი შეიგრძნოთ.
3. როცა ადამიანი სჯულიერად იღვწის, ორ მადლს მოიპოვებს: ერთი სულიწმიდის მადლია, რომელიც სულს სიხარულით, მშვიდობით, მხიარულებით აღავსებს, მეორეს კი განსაცდელების გამოცდილებას უწოდებენ.
გამოცდილების მადლი ადამიანის სულში წარუშლელად რჩება და აღარ შორდება მას, რადგან შერწყმულია გულთან, ხოლო პირველი – სულიწმიდის მადლი – ხან მოდის, ხან კი გვტოვებს.
განსაცდელის დროს მეორე მადლი, გამოცდილება, უფრო სასარგებლოა, რადგან სულს ცოდნით განანათლებს და აჩვენებს, თუ როგორ განვლოს ის. გამოცდილება განსაცდელებმა წარმოქმნა და, შესაბამისად, მან იცის, რა გზით ააშოროს სულს საფრთხე.
მაშასადამე, როცა განსაცდელს ვითმენთ, ის გამოცდილების სიბრძნეს მოგვმადლებს და ამგვარად ვხდებით ფილოსოფოსები. თუ არ დავმდაბლდით, განსაცდელებით ჩვენი სწავლება არ შეწყდება. ეგოიზმი განსაცდელს წარმოშობს, ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, თრგუნავს და ასუსტებს მას.
ასე რომ, დამდაბლდი, შვილო, თუ გსურს შენი მაჭირვებელი ეშმაკების დამცირება. ყველას ფეხქვეშ დაეგე და თქვი: „მე ვარ ამქვეყნად ყველაზე უარესი, მე ვარ ყველაფერში დამნაშავე“.
4. იბრძოლეთ, შვილებო, იბრძოლეთ. როგორც არ უნდა გებრძოდეთ მტერი, სიმხნევეს ნუ დაკარგავთ და გაიმარჯვებთ. ჩვენი მხედართმთავარი ქრისტეა, რომელმაც თქვა: „მე მიძლევიეს სოფელსა“ (იოან. 16, 33). ჩვენც ვძლევთ მას, თუ იმედს არ დავკარგავთ. როცა ვინმე ღმერთს სასოებით ევედრება და სიმდაბლით ლოცულობს, უფალი შეისმენს მის თხოვნას.
დამდაბლდით. თავს ნუ აიმაღლებთ და მწვერვალებს მაშინ მიაღწევთ. რაც უფრო მეტად გამოიწრთობა ოქრო ცეცხლში, მით უფრო სუფთავდება. ასეა ქრისტიანიც, რაც მეტად გამოიცდება, მით უფრო განიწმინდება მისი სული. რაც უფრო ღრმად მოხნავს გუთანი მიწას, რაც უფრო ხშირად გავსხლავთ და მივხედავთ ვენახს, მით უფრო უხვ და ტკბილ ნაყოფს მოვიწევთ.
რაც უფრო ღრმად და ხშირად მოხნავს ქრისტიანის გულს მწუხარება და განსაცდელი, მით უფრო სუფთა და ნაყოფიერი გახდება ის. ამიტომ სიმხნევე, იმედი და მოთმინება ვიქონიოთ, რომ დიდების გვირგვინი მივიღოთ! განსაცდელი და მწუხარება გადაგვარჩენს. ვინც მწუხარებას გაურბის, სიხარულს ნუ მოელის.
5. ნუ დარდობთ იმაზე, რაც მოხდა. დაე, ყოველთვის ღვთის ნება აღსრულდეს, ჩვენ კი ვიმეოროთ: „როგორც გვაკურთხებთ".
გისურვებთ მონაზვნური თავის იძულება გახასიათებდეთ. ყველა ადამიანი იტანჯება. ჩვენ ნეტარნი ვართ, რადგან ქრისტესთვის ვითმენთ განსაცდელებს. როცა მონაზონი განსაცდელებს მოთმინებით იტანს, ეს მას საუკუნო დიდებად ექცევა.
ათასი მადლობა შევწიროთ ტკბილ ზეციერ მამას, რომელიც მწუხარებას მოგვივლენს და ამ გზით ზრუნავს ჩვენზე, რათა არ აღმოჩნდეს, რომ იმქვეყნად მისულებს არაფერი გვქონდეს საჩვენებელი, რასაც მისი სიყვარულისთვის ვითმენდით.
გამხნევდით, შვილებო, აღმართზე ნუ ჩაიმუხლავთ. მას ნელ-ნელა ავივლით, რადგან უძლურები ვართ. ყველაფერი ჩაივლის და საყოველთაო დიდებული აღდგომის დაუღამებელი დღის წინაშე დავიწყებას მიეცემა.
6. შვილო, მწერ შენი განსაცდელების შესახებ. აშკარაა, რომ ვინც უმანკოების, ღვთიური განწმენდისა და უვნებობის გზაზე სიარულს ისურვებს, ჯერ უნდა გაიაზროს ის გარდაუვალი მოვალეობა, რასაც ტვირთულობს: მზად უნდა იყოს ნებისმიერი წარმომავლობის განსაცდელებთან შესახვედრად და იმისთვის, რომ სიმდაბლის სათნოებაში მტკიცედ გამოიწრთოს.
ქედმაღლობით ვართ სავსე, ჩემო კარგო შვილო და რადგან ამ უგუნური ეგოიზმის მძიმე სნეულებით ვართ ავად, ბუნებრივია და მოსალოდნელი, რომ ჩვენი ტკივილიანი მკურნალობა, ანუ განსაცდელები წლების მანძილზე გაგრძელდება, სანამ სიმდაბლეს საქმით არ ვისწავლით. დიდების უფალმა შეიმოსა სიმდაბლე. იგი ღვთის-შემამკობელი სათნოებაა, მაგრამ, ჩემო კარგო შვილო, ის რომ მოიპოვო, გულიდან სისხლი უნდა დაღვარო. „როგორც მაკურთხებთ“, „შემინდეთ“, „არ ვიცი“, „როგორც ინებებთ" თავმდაბალი მონაზვნის სიტყვებია – წარმატების თვალსაჩინო ნიშანი.
რაც შეეხება ძმას, რომელიც გაჭირვებს, უნდა მოითმინო. აიტანე, თვალი დახუჭე წყენაზე, ფილოსოფიურად იფიქრე, დაიდანაშაულე საკუთარი თავი, რომ სხვა რამეში შენ უფრო სნეული ხარ სულიერად და რადგან ჯერ გამოცდილება არ გაქვს, არც უნდა ილაპარაკო.
7. წუხილი, რომელზეც მწერ, შვილო, აშკარად ეშმაკისგანაა, რადგან ვინც ცოდვები აღიარა, უნდა სჯეროდეს, რომ უფალმა მას სრულად მიუტევა და ყოველგვარი მწუხარება მაშინვე უნდა გაქრეს. უნდა უხაროდეს, რომ ღმერთმა შეიბრალა და გაანათლა, რათა სუფთა აღსარებით განებანა უწმინდურობის სამოსელი და ახლა სულის გადარჩენის იმედი აქვს. ასეთმა უადგილო წუხილმა ბევრი დაღუპა; ასე რომ, არამც და არამც არ დამწუხრდე. „გიხაროდენ და კვალად გეტყვი: გიხაროდენ" (ფილიპ. 4, 4).
8. ადამიანი, შვილო, რამდენჯერაც დაეცემა, უნდა აღდგეს და ცხონდება. როცა ვინმე ეცემა და ნებაყოფლობით არ სურს წამოდგომა, ეს ეშმაკისგანაა.
სასოწარკვეთილება ეშმაკის იარაღია, რომელმაც ბევრი დასცა, სასოებამ კი მრავალი იხსნა უწმინდურობის ორმოში ჩავარდნისგან.
9. ნუ გეშინიათ, ნუ კარგავთ სიმხნევეს. ნუ მიატოვებთ ხომალდის საჭეს, რადგან ასეთ დროს იმედიც ქრება; ძლიერი ხელით მაგრად გეჭიროთ საუკუნო ცხოვრების ამჟამინდელი იმედი, რადგან კაპიტანი – ქარიშხალში, მებრძოლი – ომში, მონაზონი კი განსაცდელში გამოიცდება.
ნუ გეშინიათ, რადგან ჯერ კიდევ მრავალი აღმართი გვაქვს ასავლელი, ამიტომ ძალიან გვჭირდება მოთმინება და სიმამაცე.
მოითმინეთ, შვილებო, ყველა განსაცდელი გაივლის. იფიქრეთ, უკვე რამდენი გადავლახეთ. ყველამ ჩაიარა და დიდი სარგებელი დაგვიტოვა. ასევე ჩაივლის მომავალი განსაცდელიც და, შესაბამისად, სარგებელსაც ვნახავთ.
10. სატანა გვაცდუნებს, პირველად მე, მოთმინება არ გვაქვს და ასე ვკარგავთ ყოველი განსაცდელის სარგებელს.
ერთმა ბერმა ღმერთს ვნებებისგან გათავისუფლება სთხოვა. უფალმა ჩამოაცილა ვნებები და უვნებობა მიანიჭა. ამის შემდეგ ის ერთ გამოცდილ აბბასთან მივიდა და ეუბნება:
მამაო, ვნებებისგან გავთავისუფლდი და მშვიდად ვარ (ჯერ ახალგაზრდა იყო).
– მისმინე, შვილო, – ეუბნება დიდი მოძღვარი, – წადი და ევედრე ღმერთს, რომ ისევ დაგიბრუნოს ვნებები, რადგან ადამიანი ბრძოლაში ნახულობს სარგებელს და არა უვნებობაში, რაც განსვენებაა და არა შრომა. ადამიანი განსაცდელით აღწევს სრულყოფილებას, სულიერი ხდება, განსაცდელების გარეშე კი ის უგუნური, უსახური, უნიათო და უმეცარია!
ამიტომ ნებისმიერი ბრძოლა მოითმინე. ამ უკანასკნელ ჟამს, რომელშიც ვცხოვრობთ, განსაცდელების მეტს ნურაფერს ველით – ისინი გადაგვარჩენს!
11. ასე განაგო ღმერთმა – გამოვიწრთოთ განსაცდელებში და ცათა სასუფევლის ღირსნი გავხდეთ.
განსაცდელების გარეშე არავინ შესულა სასუფეველში. მაგრამ ყველაფერში მოთმინებაა საჭირო. ნუ მრისხანებ, ეს არც შენთვისაა სასარგებლო და არც სხვებისთვის იქნება კარგი მაგალითი.
დიახ, არ ვამბობ, რომ განსაცდელები არ დაგვამწუხრებს. ტკივილს განიცდის ის, ვინც ოპერაციას იკეთებს, მაგრამ სხვანაირად ვერ გამოჯანმრთელდება და ამიტომ ითმენს. ასევე ჩვენც ვწუხვართ, დროდადრო მოთმინებასაც ვკარგავთ, მაგრამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღვიდგინოთ ის, სანამ განსაცდელი ჩაივლის.
12. შენი გონების დაბნელებას, შვილო, ორი მიზეზი აქვს: ადამიანური ბუნება და განსაცდელი. ღვთის მადლით ორივე იკურნება. ამიტომ ევედრე ღმერთს, სიფხიზლე, სიკეთის ხსოვნა და ბოროტების დავიწყება მოგმადლოს და როცა დაბეჯითებით ითხოვ, ღვთის მადლი ნელ-ნელა შეგეწევა.
13. ეს განსაცდელი შენს დასამდაბლებლად შეგემთხვა. განსაცდელები სიფხიზლისთვის გვეძლევა, გამოცდილება და ღვთისმიერი სიბრძნე რომ შევიძინოთ. ღმერთი განგვსწავლის, რათა მისი სიწმინდის ზიარების ღირსნი გავხდეთ.
დიდ პავლე მოციქულსაც ცდიდა უფალი, განსაცდელი მის ქადაგებას უშლიდა ხელს. და მაინც, მიუხედავად ამისა და მოციქულის ვედრებისა – უფალს ამ განსაცდელისგან გაეთავისუფლებინა – ღმერთმა მისი არ ისმინა. განსაცდელი სამკურნალო წამალივით დაუტოვა, რომ მრავალი საღვთო გამოცხადების მხილველი, ამპარტავნების თავდასხმისგან დაცული ყოფილიყო!
თუკი ღმერთი ასე განცდიდა პავლეს მისი სულის საფრთხისგან დასაცავად, მით უფრო გვჭირდება განსაცდელი ჩვენ, რომ დავმდაბლდეთ და ჩვენი შემოქმედის ახლოს საიმედო სამყოფელი დავიმკვიდროთ.
14. ჩემო კურთხეულო შვილო, მთელი გულით გიგზავნი აუარებელ ლოცვა-კურთხევას და გისურვებ, რომ ჩემი უღირსობის მიუხედავად, ზნეობა განგიმტკიცოს და მოთმინება შეიძინო.
მრავალი ჭირი გამოვიარე და ახლაც ერთი დიდი განსაცდელი მაქვს. მხოლოდ ზეციერ მამაზე ვამყარებ იმედს, რომ ეს საკითხი მოგვარდება. მეტკინა და ისევ ძალიან მტკივა... საქმე ეხება ჩემთან უშუალო კავშირის მქონე პიროვნებას. თქვენი ლოცვა შემეწეოდა.
ღვთის მადლით, განსაცდელებს მხოლოდ მოთმინებით გავართმევთ თავს. ვისაც ქრისტეს გზაზე სიარული სურს, სიკვდილამდე განსაცდელს უნდა ელოდეს! განა ჩვენმა ქრისტემ ადამიანებისა და ეშმაკებისგან ყვედრება და ბოროტება ჯვარზე სიკვდილამდე არ დაითმინა?
შვილო, მოუთმინე ძმებს და ზეცაში დიდი სასყიდელი გექნება.
15. ჩემო კურთხეულო შვილო, გისურვებ დიდების უფალმა შენს სულს ყველა საუკეთესო სულიერი ნიჭი მოჰმადლოს, რომ შენმა გულმა განისვენოს და ღვთაებრივი სიხარულით ფეთქავდეს.
რაც შეეხება განსაცდელებს, ისინი გარდაუვალია, უნდა გვესმოდეს, რომ არასოდეს შეწყდება და მუდამ მზად უნდა ვიყოთ მოთმინებისთვის. ვინც უძლურთა სისუსტეებს ითმენს, სასყიდელი დიდი ექნება, რადგან ბევრი იტანჯა და ამის სანაცვლოდ შესაბამის საზღაურს სამართლიანად მიიღებს.
გისურვებ გრანიტის კლდის სიმტკიცეს, რომელზეც განსაცდელების ყველა ტალღა შეიმუსრება, შენ კი ღვთის რწმენაში უდრეკი დარჩები.
16. მივიღე შენი წერილი. რა თქმა უნდა, ის სასიამოვნო არ იყო, რადგან შენს განსაცდელებსა და სიმწარეზე მწერ. მაგრამ სხვა რა არის ქრისტეს მხედრის ცხოვრება, თუ არა მუდმივი ბრძოლა მტერთან, რომელიც არასოდეს ისვენებს? ეს მტერი კი ეშმაკია, ბოროტი სული, უნივთო და დაუღალავი.
ასე რომ, ჩემო კარგო შვილო, მოთმინება იქონიე და ჩვენი სახიერი ღმერთი თავისი უსაზღვრო და გულწრფელი სიყვარულით ყველაფერს გამოასწორებს, ოღონდაც ვაკეთოთ ის, რაც ჩვენი გასაკეთებელია.
მოთმინება, სულგრძელობა, კეთილგონიერება და კეთილგანწყობა გვმართებს, რომ გაიაროს განსაცდელმა. სიყვარული, თანადგომა, ძვირუხსენებლობა მოდიოდეს შენგან და ღმერთი ყველაფერს ისე მოაგვარებს, როგორც ჩვენს სულებს სჭირდება.
ნუ დაკარგავ სიმხნევესა და სიმამაცეს. გამართლებ, როგორც ახალბედა მებრძოლს, მაგრამ თან გწვრთნი, რომ ეშმაკის მიერ აღძრულ ჭექა-ქუხილსა და ქარიშხლებს სძლიო.
17. მოითმინე, შვილო, მოითმინე. ღმერთი ჩვენს დასამდაბლებლად განგვცდის. ეს წამლებია, რომლებიც შენს სნეულ სულს განკურნავს. გიხაროდეს, რომ ღმერთი შენს ჭრილობებზე ზრუნავს. აკურთხე უფალი, რომელიც საკუთარ შვილად მიგიჩნევს და გწვრთნის, რომ თავისი სჯულის სიბრძნე გასწავლოს. „ნეტარია, ვისაც გაწვრთნი და განსწავლი“ და „ვინმე არს შვილი, რომელი არა სწავლის მამამან? ხოლო უკუეთუ შორს ხართ სწავლასა... მწირნი ვიდრემე ხართ და არა შვილნი“ (ებრ. 12, 7-8).
მაშასადამე, განსაცდელი მოწმობს, რომ ღვთის შვილები ვართ და ეს არის დიდი სიხარულისა და პატივის მიზეზი. მაშ, გამხნევდი, შვილო, „დაუთმე უფალსა“ და ქმენ კეთილი.
18. შვილო, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ წუთისოფელს ბევრი და მრავალნაირი განსაცდელით გავივლით და ჩვენი ცხოვრების ყოველ ნაბიჯს ხშირად ოხვრით და მწარე ცრემლით მოვრწყავთ. სწორედ ასეთი გზით ინება ყოვლადბრძენმა ღმერთმა ადამიანთა სიცოცხლე. მაგრამ თავად ისიც არ გაექცა ამ კანონს, რადგან ჩვენი ქრისტეს მთელი ცხოვრება ჭირითა და განსაცდელით იყო სავსე.
კაცთაგან ვის შეუძლია მოითხოვოს ამ საყოველთაო კანონის შესრულებისგან თავის არიდება? არავის! მაშ ასე, მოდით, ღირსეულად და მხნედ ვებრძოლოთ ამ ცხოვრების ყოველ შემაჭირვებელ წინააღმდეგობას, სანამ ღმერთი გვიბრძანებს, რომ მივატოვოთ ყოველივე სააქაო და მარადიულ სამყოფელში დავემკვიდროთ.
19. ზოგჯერ ზოგიერთი ადამიანი ღვთის ნებას ეძიებს; ზოგჯერ რომელიმე ვნებისგან გათავისუფლებას ითხოვს. ღმერთი უგზავნის მიზეზს, რაც სურვილს აუსრულებს, მას კი, ერთი შეხედვით, მდგომარეობა რთულად ეჩვენება და თავისი უყურადღებობით გამოწვეული განსაცდელი ჰგონია. მაგრამ როცა ის სიკეთე გამომჟღავნდება, რომელიც ამ გასაჭირიდან, განსაცდელიდან მოდის, აშკარა ხდება, რომ ამ განსაცდელში ის იმალებოდა, რასაც ადამიანი უფლისგან ითხოვდა – ღვთის ნება ან ვნებისგან გათავისუფლება.
ასე ვსწავლობთ ყველა განსაცდელში მოთმინება და სულგრძელობაა საჭირო, რომ მისი დასრულებისას ზუსტად გავარკვიოთ, თუ რა იმალებოდა მასში. ხშირად ისეთი განსაცდელი გვეძლევა, რომელსაც გარეგნულად არ ეტყობა, რომ რაიმე მაცხონებელს მალავს, შემდეგ კი ვხედავთ – მასში საუკუნო ცხოვრებაა!
20. როგორც დღეს მოსდევს ღამე, ზაფხულს – შემოდგომა, ზამთარს – გაზაფხული და ა. შ. ასევე ერთ სულიერ მდგომარეობას მეორე ენაცვლება.
მაგალითად, დღეს გულისსიტყვების სიწმინდის მხრივ კარგ მდგომარეობაში ვარ და ჩემი სული წყნარ ზღვაში მყოფი დელფინივით მიცურავს წინ. სიმშვიდეს მოუცავს ყველაფერი და მავანს ჰგონია, რომ სამუდამოდ ასე გაგრძელდება. მაგრამ ღვთის სიბრძნის მიერ დასახული გზა თავის გეზს არ იცვლის. და აი, ცის კიდეზე არსებული პატარა ღრუბლები – რაღაც არაჯანსაღი აზრები – ჰორიზონტზე ადის და ცაზე გონებაში იკავებს ადგილს. ცოტა ხანში ამას ქარიშხალი და ჭექა-ქუხილი მოჰყვება. აღელვებულ ზღვაში მალე გულისსიტყვების გრიგალი წარმოიშობა. ამგვარად, აზრების სიწმინდეს მწარე გულისსიტყვები ენაცვლება და სიმშვიდეს სხვადასხვაგვარი მღელვარება ცვლის.
ზღვის სიწყნარეს ქარიშხალი რომ არ მოსდევდეს, ის სხვადასხვა სნეულების წყაროდ იქცეოდა იმ უწმინდურობათა გამო, რომლებიც გამუდმებით გროვდება მასში. ამიტომ ზღვა თავის ბრწყინვალებასა და სიჯანსაღეს ქარიშხლებს უმადლის.
მათ, ვისაც ღმერთის გვეშინია, მრავალნაირი განსაცდელი რომ არ გვქონდეს, ზოგი ლუციფერის ამპარტავნებაში ჩავვარდებოდით, ზოგი – სოდომელებზე უარეს გარყვნილებაში, ზოგი – ურწმუნოებისა და უღმერთობის წყვდიადში და ა. შ. მაშასადამე, გასაჭირს უნდა ვუმადლოდეთ, რომ მცირე ღვთისმოშიშება და ხსნის იმედი გაგვაჩნია.
სხეულით ავადმყოფს სძულს მწარე წამლები და მტკივნეული ოპერაციები, მაგრამ იცის, რომ ექიმი მათი მეშვეობით გამოაჯანმრთელებს და ამიტომ ყველაფერს მოთმინებით იტანს. როცა კარგად გახდება, მადლობს ექიმს მისთვის გაწეული სიკეთისთვის და განვლილ ტკივილებს აღარ იხსენებს. ასევე ვიფიქროთ სულიერების სფეროშიც. მწუხარებათა მთელი ნაირფეროვნება სიძულვილს იწვევს შეჭირვებულ ადამიანში, მაგრამ შემდეგ ამას სულის ნაკვთების სიჯანსაღე მოჰყვება. დიდ მკურნალს – ღმერთს – მწუხარება რომ არ გამოეგზავნა, სულის ის ავადმყოფი ნაწილი კიდევ უფრო დაავადდებოდა, რასაც მოწამვლა და სულიერი სიკვდილი – ღვთისგან განშორება – მოჰყვებოდა. მაშასადამე, ყოველთვის ღვთის მადლიერება გვმართებს, რომ ღვთისმოშიშება არ დავკარგოთ.
იაკობ მოციქული ამ საკითხის შესახებ დიდებულად გვასწავლის: „ყოველივე სიხარულად შეჰრაცხეთ, ძმანო ჩემნო, რაჟამს განსაცდელსა შესცვივეთ პირად-პირადსა; უწყოდეთ, რამეთუ გამოცდილებამან მან სარწმუნოებისა თქუენისამან შექმნის მოთმინებაი" (იაკ. 1, 2-3).
განსაცდელები თითოეული ადამიანის შინაგანი მდგომარეობის მოწმეა. კაპიტნის სანაოსნო გამოცდილებას ქარიშხალი გამოაჩენს. ხოლო იმას, თუ ვინ არის ქრისტიანი, ღვთისმიერი მწუხარება გამოამჟღავნებს.
„აღკვეთე განსაცდელები და ვერავინ ცხონდება“. ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ განზრახ უნდა ჩავიგდოთ თავი განსაცდელში. როცა სჯულიერად ვიბრძვით და საკუთარი თავის მიმართ ყურადღებით ვცხოვრობთ, მაშინ შევხვდებით განსაცდელებს, რომლებიც უფლის მამობრივი ალერსით, ეშმაკის შურით, ჩვენი დაუდევრობით, გამოუცდელობით, ადამიანების მზაკვრობით და ა. შ. არის გამოწვეული. მაგრამ მიზანი ერთია: ვიბრძოლოთ შეუპოვრად და მოთმინებით, იმ რწმენით, რომ ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება. მაშასადამე, მოთმინება და მადლიერება გვმართებს.
საშობაო ეპისტოლე - 1986
საქართველოს წმიდა ეკლესიის ღვთივკურთხეულ სამწყსოს
გზათა სიმართლისათა და წყალობისათა პოონ ცხოვრებაჲ,
შეწყალებაჲ და დიდებაჲ“ (იგავნი 21,21)
უფალი იესო ქრისტე კვლავ რეკს კარზე ჩვენი გულისა. შვილო ჩემო, სიხარულით მიეგებე მას, რადგანაც მშვიდობა და სიყვარული მოგიტანა. იგი სანაცვლოდ არაფერს გთხოვს, არ უნდა შენი სიმდიდრე, სახელი და დიდება, მისთვის მხოლოდ შენი გულია ძვირფასი, მორწმუნე და სათნო გული, რომლის "სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ", რომლის სიყვარულსა არ შურს, არ განდიდდების, არ ამპარტავნებს, არ უხამსობს, არ ეძიებს თავისას, არ განრისხდების, არ განიზრახავს ბოროტსა, არა უხარის სიცრუე, არამედ უხარის ჭეშმარიტება, ყოველსა მიუტევებს, ყოველი სწამს, ყოველსა ესავს, ყოველსა მოითმენს (I კორ. 12,4-7).
უფალი ბრძანებს: "და აჰა ესერა ვსდგა კარსა ზედა და ვრეკ, უკუეთუ ვინ ისმინოს ხმისა ჩემისაჲ და განაღოს კარი და შევიდე მის თანა და ვჭამო მის თანა სერი, და მან - ჩემ თანა" (გამოცხ. 3,20).
ღვთის წყალობით, მშვიდობით ვხვდებით მსოფლიო დიდ დღეასწაულს - ქრისტეს შობას. აღსრულდა ძველი წინასწარმეტყველება, ლოდინით დაქანცულმა კაცობრიობამ იხილა მეუფე და მხსნელი თვისი. "ქალწული დღეს პირველ საუკუნეთა სიტყვისა შობად მოვალს ქუაბსა შინა, გამოუთქმელად განეწყვე სოფელო, რომელსა გესმის, ადიდე ანგელოზთა თანა და მწყემსთა, რომელმან ინება გამოჩინება ყრმამან ახალმან" (სადღესასწაულო კონდაკი).
"გიხაროდენ სოფელო, აჰა ქრისტე მოგეახლა, ბეთლემს შობილი", რომელმან მიწა ცად სცვალა, "ცად გამოსჩნდა დღეს ქვეყანაი, რამეთუ მას შინა იშვა შემოქმედი, და ბაგასა მიიწვინების ბეთლემს იუდასსა".
მაცხოვრის შობა ღვთის განკაცების უდიდესი საიდუმლოა. ქრისტეს სახეში განცხადებული ეს საიდუმლო, - წერს ცნობილი ფილოსოფოსი ვლადიმერ სოლოვიოვი, - მხოლოდ საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური ჭეშმარიტება როდია, იგი მთავარი ღერძია მსოფლიო ისტორიისა.
ძე ღვთისა იქმნა ძედ კაცისა და "ჩვენ ვცანთ და გურწმენა სიყუარული, რომელი აქუს ღმერთსა ჩუენდა მომართ" (I იოანე, 4,16). ეს სიყვარული გონებით მიუწვდომელი თავმდაბლობით გამოიხატა; ამით ამცნო უფალმან ყველას, რომ მეუფება მისი არაამსოფლიურია და რომ იგი ადამიანთა გულის იდუმალ სამყაროში განისვენებს.
იესო ქრისტემ თვისი განხორციელებით მოგვიწოდა შინაგანი ფერისცვალებისა და განახლებისკენ. მოვიდა ჩვენთან, რათა ღვთის მეგობარნი და მახლობელნი გავმხდარიყავით, ვზიარებოდით ჭეშმარიტებას და აღგვედგინა დაკარგული კავშირი შემოქმედთან, ნამდვილი სიხარულისა და თავისუფლების მომნიჭებელთან.
ამისთვის კი აუცილებელია, თითოეულ ჩვენგანს ნათელი წარმოდგენა ჰქონდეს სამ საკითხზე; ესაა: შემეცნება ღვთისა და მისდამი ჩვენი დამოკიდებულების გარკვევა, შეხედულება ადამიანზე და ადამიანთა შორის ურთიერთობაზე; შეცნობა საკუთარი თავისა.
ხშირად ღმერთში ადამიანები ხედავენ არამარტო შემოქმედსა და სამყაროს განმგებელს, არამედ მრისხანე შურისმგებელსა და მკაცრ მსაჯულს, სწორედ ისეთს, როგორადაც აღიქვამდნენ მას ძველი აღთქმისდროინდელი ადამიანები: ულმობელსა ქვეყნის მკვიდრთაგან შორს მყოფს.
ქრისტიანობამ სულ სხვა სახით დაგვანახა ღვთის არსი: "ღმერთი სიყუარული არს" (1 იოვანე 4,8), - ვკითხულობთ წმ. წერილში. ესაა ყველაზე საუკეთესო განსაზღვრა ღვთის ბუნებისა და ჩვენდამი მისი დამოკიდებულებისა. ამიტომაც ნამდვილი ქრისტიანის მთელი მოღვაწეობა განსახიერებაა ჭეშმარიტი სიყვარულისა და სათნოებისა, რადგანაც იგი გრძნობს, რომ უფალი უსაზღვროდ მოსიყვარულე, მოწყალე და ცოდვათა მიმტევებელია. სწორედ ამგვარი რწმენა აძლევს პიროვნებას ძალას, თვითონაც აპატიოს და დაფაროს მოყვასის შეცოდებანი და განწმედის კიბეზე ამაღლებულმა თქვას: "მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა".
"უკუეთუ ვინმე თქუას, ვითარმედ მიყუარს ღმერთი და ძმაჲ თჳსი სძულდეს, მტყუარ არს, რამეთუ რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ თჳსი, რომელი იხილა, ღმერთი, რომელი არა უხილავს, ვითარ ძალ-უც შეყუარებად?" (I იოანე 4,20), - გვასწავლის იოანე ღვთისმეტყველი. მოყვასში ანუ საერთოდ ადამიანში, უპირველეს ყოვლისა, ღვთის ხატება უნდა დავინახოთ, როგორც წარუხოცელი ბეჭედი ღვთის ძეობისა, უნდა დავინახოთ უნარი ღვთისადმი მიმსგავსებისა.
ღვთის მსგავსების მიღწევა თავისუფალი ნებით ხდება. ჩვენთვის მომადლებული თავისუფალი ნება ფართო შესაძლებლობებს იძლევა არჩევანისთვის. ზოგიერთს მცდარად მიაჩნია, თითქოს ადამიანის ცხოვრების წარმმართველი ბედისწერაა, მაგრამ ეს ასე არ არის. პიროვნების მომავალი თვით მასზეა დამოკიდებული, იგი თვით ირჩევს ღვთის საუფლოსკენ ან დაღუპვისკენ მიმავალ გზას. ადამიანური ყოფის საიდუმლოებით მოცულ პროცესში, რომლის დროსაც ერთი იქცევა კაენად, მეორე - აბელად, ერთის გული ივსება ღვარძლითა და სიკეთისადმი სიძულვილით, მეორისა კი - სათნოებითა და დაუშრეტელი სიყვარულით, - რა თქმა უნდა, თავისუფალი ნება გადამწყვეტ როლს ასრულებს. თუკი ვაღიარებთ ჩვენგან დამოუკიდებელ ბედისწერას, მაშინ ყველა ადამიანური ღირსება. სიყვარული, თავგანწირვა, თავმდაბლობა, სიმშვიდე, მოწყალება... აზრს დაკარგავს.
პირადი ღირსების, პირადი პასუხისმგებლობისა და სრულყოფის იდეა რელიგიური წესრიგის იდეაა. "აჰა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს" (ლუკა 17,21), ბრძანებს ლუკა მახარებელი. აქ პირდაპირაა გაცხადებული პიროვნებისგან სულიერი სიწმიდის მოთხოვნის აუცილებლობა. ხშირად კი, ადამიანის დადებით და უარყოფით თვისებებს მისი ეპოქის საზოგადოებრივი ყოფით ხსნიან და ივიწყებენ ინდივიდუალურ თავისებურებებსა და წინაპართაგან მიღებულ გენეტიკურ მემკვიდრეობას. თუ კაცი ცუდია, ბრალს სდებენ საზოგადოებრივ-ეკონომიკურ წყობას და არა თვით მას. საზოგადოების დაშლითა და გარდაქმნით ადამიანი არ შეიცვლება, მგლები კრავებად არ იქცევიან.
ეჭვსგარეშეა, გარემოს გავლენა დიდია, მაგრამ მთავარი მაინც პიროვნებაა, მისი სურვილები და შესაძლებლობანი.
თუკი არსებობს სულიერი ფასეულობანი: რწმენა, იმედი, სიყვარული, ჭეშმარიტება, სიკეთე, მშვენიერება... მაშინ კაცობრიობის ისტორია ამ ღირებულებათა ცხოვრებაში თანდათანობით განხორციელებას უნდა გვიჩვენებდეს, სინათლისა და სიკეთის მიერ ბოროტისა და ბნელის დაძლევას ადასტურებდეს. ამ მეტად რთულ პროცესში მონაწილეობას უნდა იღებდეს ღვთაებრივი და ადამიანური ძალა, ანუ ამ ორი ძალის სინერგია.
უფალი მარად სამყაროშია და წარმართავს მის ბედს. იესო ქრისტე კაცობრიობის ქვაკუთხედია. ამიტომაც მისი ხელყოფა მსოფლიო ზნეობრივი საფუძვლის შერყევას ნიშნავს.
ქრისტიანობამ უდიდესი გავლენა იქონია ცივილიზებულ სამყაროზე. ისეთი მეცნიერებიც კი, რომელნიც უარყოფენ ქრისტიანობის ღვთაებრივ წარმოშობას და მიაჩნიათ იგი უბრალოდ ისტორიულ მოვლენად, აღიარებენ მის უსაზღვრო ზემოქმედებას, როგორც საზოგადოებაზე საერთოდ, ისე პიროვნების ხასიათის ჩამოყალიბებაზე.
ქრისტიანობა არ არის შემთხვევითი მოვლენა. მესიას დიდი ხნის მანძილზე ელოდებოდნენ, როგორც "აღსრულებას ჟამისას". ბიბლიაში არაერთგზის ვხვდებით წინასწარმეტყველებას კაცთა მოდგმის მომავალ მხსნელზე. ეს მოლოდინი იყო არსი ძველი აღთქმის რელიგიისა. ამგვარი გრძნობა ჰქონდათ წარმართებსაც. ისინი მსოფლიო ისტორიას რამდენიმე ნაწილად ჰყოფდნენ და მიაჩნდათ, რომ ქრისტეს შობის წინა პერიოდში დამთავრდა განსაზღვრული ციკლი და რომ შემდეგ სულ სხვა ეპოქა დაიწყო.
ძველ ისტორიკოსთა: იოსებ ფლავიუსის, ტაციტუსის, სვეტონიუსისა და სხვ. მოწმობით, სამყარო საოცარი გარდაქმნის წინაშე იდგა, ფერისცვალების ცენტრად პალესტინა ითვლებოდა.
და იგი მოვიდა, მოვიდა სულ სხვა. ბაგასა შინა იშვა ძე მაღლისა, მეზვერეთა და ცოდვილთა თანა იქცეოდა უფალი ჩვენი, გლახაკთ და ტვირთმძიმეთ შეეწეოდა, თვით კი თავის მისადრეკი ადგილიც არ ჰქონდა ქვეყნად. სოფელმან ვერა სცნა იგი, მაგრამ მის მიერ ნაქადაგებმა ჭეშმარიტებამ, მიუხედავად ყოველგვარი ადამიანური ძალის გამოყენებისა, რომის იმპერიის სიძლიერისა, და წარმართული რელიგიისა და ფილოსოფიის გავლენისა, ერთიანად დაარღვია მანამდე არსებული მსოფლმხედველობა. მან ძველი ცივილიზაციის თვით ყველაზე ცნობილ კულტურულ ცენტრებში ძირფესვიანად აღმოფხვრა კერპთაყვანისმცემლობა და წარმართული კულტი, განდევნა იგი იმპერატორის საუცხოო სასახლიდან და ღატაკი მოქალაქის უბრალო ქოხიდან.
რაშია ქრისტიანობის ძალა? - მის ღვთაებრიობაში და ზნეობრივი პრინციპების სიმაღლეში. იესო ქრისტე არა გენიალური ადამიანია, როგორც ზოგიერთს მიაჩნია, არამედ იგი არის ღმერთკაცი, მეორე ჰიპოსტასი წმიდა სამებისა, სიტყვა, შობილი მამისაგან უწინარეს საუკუნეთა, ღვთის კრავი, ამღებელი ცოდვათა სოფლისათა, ადამიანის მიერ დაკარგული საუფლო დიდების აღსადგენად შეწირული გაუგონარი მსხვერპლი, ქვეყნად გარდამოსული ღვთაებრივი სიყვარული.
"რაჲ არს კაცი, რამეთუ მოიხსენე მისი?" (ფს. 8,5) - თქვა გაოცებულმა დავით მეფემ.
"რაი არს კაცი?" (იობი 7,17) - კითხულობს სულშეძრული მართალი იობი.
ადამიანი მეფეცაა და მონაც, ცოდვის სამბრძანებლო და ტაძარი სულისა წმიდისა. "ეს რა საოცარი არსებაა, - წერს ცნობილი მეცნიერი პასკალი, - დაპირისპირებულთა რა ერთიანობაა, რა სასწაულია? იგია ყოველთა საგანთა მსაჯული და, ამავე დროს, უბადრუკი ჭია მიწისა, სიმართლის დამცველი და ამასთანავე, ნარევი მერყეობისა და შეცოდებათა... დიდება ქვეყნისა".
"უფალო, მამა ჩუენი ხარ შენ, ხოლო ჩუენ თიხა საქმე ხელთა შენთა ყოველნი" (ესაია 64,8), - იტყვის ესაია წინასწარმეტყველი.
ადამიანი გვირგვინია ქმნილებისა. ცოდვით დაცემის მიუხედავად ღმერთს მაინც უყვარს იგი. იესო ქრისტეს განკაცება, ამისი ნათელი დადასტურებაა, რამეთუ "ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდშობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ" (იოვანე 3,16).
კაცთა ხსნის მნებებელი უფალი მოციქული პეტრეს მსგავსად მიმართავს თითოეულ ჩვენგანს "შენ მე შემომიდეგ" (იოანე 21,22). მაგრამ საკითხავია, ვინ შეძლებს მისდიოს მას ან სად მიგვიყვანს იგი?
ვიდრე მაცხოვარს გავყვებოდეთ, ჯერ უნდა ვირწმუნოთ ქრისტესი, შევიყვაროთ იგი და შემდეგ აღვასრულოთ სიტყვანი მისი: "რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღე ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე" (მათე 16,24). უფალი კი არ გვიბრძანებს ამას, არამედ გვთავაზობს, საშუალებას გვაძლევს თავისუფალი არჩევანისას. მან იცის, რომ ყველა არ მოუსმენს და ამიტომაც ამბობს: "რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, არა არს ჩემდა ღირს" (მათე 10,38).
შენი ჯვარი რომ იტვირთო, შინაგანი თავისუფლება უნდა მოიპოვო. ჩვენ კი ხშირად ეგოისტური მოთხოვნილებების, შურის, სიცრუის, ამპარტავნებისა და სხვა ცოდვათა მონები ვართ. მათ დასაძლევად საკმაოდ მძაფრი, ხანგრძლივი სულიერი ბრძოლაა საჭირო, რასაც ხშირად თავს ვარიდებთ. მოციქული პავლე სინანულით შენიშნავს: "ყოველნი თავთა თჳსთასა ეძიებენ და არა ქრისტე იესუჲსსა" (ფილიპელთა 2,21).
"აღიღე ჯვარი შენი", - რა ძნელია ზოგჯერ მიხვდე, რომელია შენი ჯვარი და რომელი სხვისა.
"აღიღე ჯვარი შენი"... ეს ნიშნავს არ შეუშინდე, არ გაექცე შენი წილი ცხოვრების ტვირთს, რომლის სიმძიმეს განსაკუთრებით იგრძნობ ახლობლებისა და მეგობრების დაკარგვით, სიცრუისა და სიყალბის მოძალებით, იმედთა გაცრუებით და მრავალტანჯული იობივით იტყვი: "დღენი ჩემნი წარხდეს სრბითა, ხოლო დაიპნეს სახსარნი გულისა ჩემისანი" (იობი 17,11). მოისურვებ ჯვრის დატოვებას, განდგომას და გათავისუფლებას მისგან... მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. შენი ჯვარი შენთან უნდა იყოს. ნუ შეშინდები, ნუ დაგაბრკოლებს განსაცდელი. მთელი სასოებით მიენდე უფალს, რომელიც ყოველთვის განგანმტკიცებს შენ. ესეც გახსოვდეს: უჯვრო გზა იოლი ანუ ფართო გზაა, რომლითაც ცოდვილნი ვლიან და რომელიც მხოლოდ მარადიულ სატანჯველს განუმზადებს კაცს. თუმც მარტო ცხოვრების სიმძიმის დათმენაც არ არის საკმარისი, აუცილებელია, ჩვენი სიცოცხლე იყოს "დაფარულ... ქრისტეთურთ ღმრთისა თანა" (კოლ. 3,3).
ისევე, როგორც ყველა მცენარეს აქვს მიწის ზედა და მიწაში დაფარული ცხოვრება, ადამიანთა ყოფასაც გააჩნია გარეგნული და შინაგანი მხარე. გარეგნულად ქრისტეს მიმდევრობა ეკლიანი გზით სიარულს ნიშნავს, რომლის ბოლო გოლგოთით მთავრდება. სინადვილეში კი ქრისტიანობა ქრისტესმიერი სულიერი სიხარულია, ნაკადულია ცხოველსმყოფელი წყლისა, მოპოვებაა ღვთის მადლისა, რომელიც უძლურთა კურნავს და ნაკლულევანთა აღავსებს. ესაა ცხოვრება სხვისთვის, ანუ აღდგომა და ამაღლება სულისა.
გულდასმით მოუსმინე მაცხოვარს: "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ, აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოვოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ, რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი სუბუქ არს" (მათე 11,28-30). ამ გზით მავალი კაცი სულ უფრო უახლოვდება ქრისტეს და შინაგანად გარდაისახება ვიდრე მის სულში ქრისტე არ აღიბეჭდება. მოციქულმა პავლემ, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა ეს პროცესი, ამგვარად გამოხატა თავისი განცდა: "რაჲ იგი არს ქრისტეს მიერ ახალი დაბადებული; პირველი იგი წარჴდა, აჰა ესერა იქმნა ყოველივე ახალ" (2 პორინ. 5,17).
წმიდა პავლე აღნიშნავს, რომ მის ხელახალ შობას ქრისტიანად ხელს უწყობდა სხვადასხვა გარემოებანი ანუ ყოფის გარეგნული მხარე. დათმენა "ტანჯუათა, პყრობილებათა და შფოთებათა", მუშაკობა "შრომითა, მღვიძარებითა და მარხვითა"; სწორედ მათი წყალობით მოიპოვა მან ცხოვრება "სიწმიდითა, მეცნიერებითა და სულგრძელებითა, სიტკბოებითა და სულითა წმიდითა, სიყუარულითა შეუორგულებელითა, სიტყჳთა ჭეშმარიტებისაჲთა, ძალითა ღმრთისაჲთა, საჭურველითა მით სიმართლისაჲთა მარჯვენისაჲთა და მარცხენისაჲთა" (2 კორინ. 6,5-7).
ზოგჯერ ფიქრობენ, რომ ქრისტიანული ცხოვრება ზნეობრივად გამოსწორების პროცესია, სინამდვილეში კი გაქრისტიანება ხელახალი დაბადებაა, ხელახალი ცხოვრებაა, ახალი ქმნილებაა, ცხოვრება არა თავისთვის, არამედ სხვისთვის. წმ. იოანე ოქროპირი წერს: "ნებისმიერი მოღვაწეობა უმნიშვნელო იქნება, თუ იგი სარგებლობას არ მოუტანს სხვას. ამას ცხადყოფს მაგალითი იმისი, ვინც ბოძებული ტალანტი უკან დააბრუნა და დაისაჯა, რადგანაც არ განამრავლა იგი. ასევე შენც ძმაო, ღატაკიც რომ იყო, და გამუდმებით მწუხარე ვიდოდე, სხვას თუ არ ეხმარები, იცოდე, ღირებულსაც არას აკეთებ, ძველი დროის ცნობილი შესანიშნავი პირნი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ამას. გამოწვლილვით შეისწავლე ცხოვრება მათი და ნათლად დაინახავ, რომ თითოეული მათგანის მიზანი იყო სიკეთის მოტანა სხვისთვის და არა საკუთარი თავისთვის. ამით განიდიდნენ ისინი სწორედ" (წმ. იოანე ოქროპირი. სიყუარულისათვის მოყუასისა)".
გარემომცველ სამყაროში ჩვენ ვხედავთ სიკეთისადმი დაპირისპირებული ბოროტების საშინელ ძალას, რომლის გავლენას საკუთარ თავზეც მძაფრად განვიცდით: გვტანჯავს შინაგანი გაორება, სიკეთისა და ბოროტების შინაგანი ბრძოლა, წინააღმდეგობა სულსა და ხორცს შორის. ამიტომაც მახლობელია ჩვენთვის ეს სიტყვები: "რომელსა-იგი ვიქმ, არა ვიცი; რამეთუ არა რომელი იგი მე მნებავს, მას ვიქმ, არამედ რომელი-იგი მძულს - მას ვჰყოფ" (რომ. 7,15).
ერთიანობის, მთლიანობის დარღვევა არის მთავარი მიზეზი ჩვენი ბუნების დამახინჯებისა. სად გავექცეთ, როგორ დავძლიოთ შინაგანი გაორება?
ეს საკითხი ყოველთვის აინტერესებდათ ღვთისმეტყველთა და ფილოსოფოსებს. მის შესასწავლად დიდი შრომა გასწია ნეტარმა ავგუსტინემაც და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იქ, სადაც უფალია, ჭეშმარიტებაცაა, და სადაც ჭეშმარიტებაა, იქ უფალია, და რომ მხოლოდ ღმერთია ის საწყისი, რომელშიც თანხმდება მიწიერი სინამდვილის ყველა კონფლიქტი, ქრება ჩვენი ნატურის დაპირისპირებული ხასიათი.
ბოროტებას არა აქვს ცოცხალი საწყისი, - განმარტავს იგი, - არსი ანუ სუბსტანცია, რადგანაც სუბსტანციის მქონე ბოროტება სიკეთე იქნებოდა. ბოროტება სიკეთის უარყოფაა მხოლოდ, (ნეტარი ავგუსტინე, "აღსარება").
ჩვენს ეპოქაში უკეთურებამ ისე ღრმად მოიკიდა ფეხი, რომ დაღუპვით ემუქრება როგორც ცალკეულ პიროვნებას, ისე მთელ კაცობრიობას.
მოსე წინასწარმეტყველმა ერთ დროს თავის ხალხს არჩევანი შესთავაზა: "აჰა ესერა მომიცემიეს თქუენ წინაშე დღეს დღე, ცხოვრება და სიკვდილი, კეთილი და ბოროტი... მოწამე ვყოფ დღეს თქუენდა ცასა და ქუეყანასა, ცხოვრებასა და სიკუდილსა, კურთხევასა და წყევასა დავსდებ თქუენ წინაშე; გამოირჩიე შენ ცხოვრებაი იგი..." (მეორე სჯული 30;15,19).
თანამედროვე მსოფლიოც ალტერნატივის წინაშე დგას, ან ბირთვული კატასტროფა, ანდა სახელმწიფოთა მშვიდობიანი თანაარსებობა.
ჩვენ ყველანი მოწმენი ვართ იმისა, თუ როგორ დაარღვია სიმშვიდე და საერთაშორისო ცხოვრების რიტმი გამალებულმა შეიარაღებამ. ცხადია, მომავალში შექმნილი ყოველი ახალი სისტემის იარაღი კიდევ უფრო გაამწვავებს მდგომარეობას და ბირთვული ომის საფრთხეს მოაახლოებს.
ამიტომაც, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე როგორც მშვიდობისმოყვარე მოწინავე კაცობრიობა, სიხარულითა და იმედით შეხვდა ცნობას ჟენევაში ორი დიდი სახელმწიფოს - საბჭოთა კავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურთა მოლაპარაკების შესახებ. ვფიქრობ, დადგა დრო ასეთი შეხვედრების აუცილებლობისა, რადგანაც მათი დადებითი შედეგი გავლენას იქონიებს არა მარტო მოლაპარაკების მონაწილე მხარეებზე, არამედ მთელ სამყაროზე.
აღვავლენთ ლოცვას მსოფლიო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის, მათთვის, ვინც იღვწის ამ დიადი მიზნის მიღწევისათვის.
დღეს განსაკუთრებული სიცხადით აღვიქვამთ ანგელოზთა საგალობელს, ქრისტეს შობის ღამეს რომ მოეფინა კაცობრიობას: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება". მასში გამოვლენილია კავშირი სამ ურთიერთდამოკიდებულ მოვლენას შორის, აუცილებელია თაყვანისცემა და დიდება შევწიროთ უფალს, შემოქმედსა და განმგებელს ჩვენსას, რათა სუფევდეს მშვიდობა სოფლად და ხალხთა შორის სათნოება. მშვიდობა ამ ლოცვაში გულისხმობს მშვიდობას ადამიანებს შორის, მშვიდობას ღმერთთან, საკუთარ თავთან და სინდისთან. თუ ასეთი მშვიდობითა ხარ სავსე, მაშინ შეძლებ, ჩაწვდე ღვთის ქვეყნად მოვლენის უდიდეს საიდუმლოს, შეძლებ, ღირსეულად მიეგებო ბრწყინვალე შობას მისას.
ჩვენ კი როგორ ვხვდებით ახლადშობილ ყრმას, უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს?
სადღესასწაულო საგალობელში წერია: "რაჲ გიძღვნათ შენ ქრისტე, რომელი ცით გარდამოხედ ჩვენ ცოდვილთათვის. სამადლობელსა შეგწირვენ შენ ქმნულნი ღმრთისანი: ანგელოზნი - გალობასა, ცანი - ვარსკვლავსა, მოგვნი - ძღვენსა, მწყემსნი - სასწაულსა, მიწა - ქუაბსა, უდაბნო - ბაგასა, ხოლო ჩვენ ქალწულსა დედასა". დიახ, ქალწული დედა მოგიძღვენით ჩვენ, მაცხოვარო, უპატიოსნესი ქერუბიმთა და აღმატებული სერაბიმთა ზედა, უსპეტაკესი და უწმიდესი ადამის მოდგმათა შორის, მფარველი და მეოხი კაცთა, განსაკუთრებული შემწე მისი წილხვედრი ივერიისა... და კიდევ, ძღვნად მოგვაქვს შენთან, უფალო, ჩვენი გულები. გევედრები, აღავსე იგინი რწმენითა, გაათბე ღვთაებრივი სიყვარულითა, განწმიდე და ჰყავ ტაძრად შენდა.
ქრისტეს მიერ საყვარელნო ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო და ყოველნო შვილნო უფლისანო, მკვიდრნო საქართველოისა და მცხოვრებნო სამშობლოს გარეთ! გულითადად გილოცავთ ქრისტეს შობის დღესასწაულსა და ბედნიერ ახალ წელს; გისურვებთ სარწმუნოებრივ სიმტკიცეს, ულევ სიყვარულსა და სიხარულს, სიმშვიდეს სულში, შინ და გარეთ. დაე, შრომა თქვენი იყოს სადიდებელი უფლისა - შედეგი თქვენი სულიერი სრულყოფისა, მოყვასზე და სამშობლოს კეთილდღეობაზე ზრუნვისა. მარადჟამს იღვწოდეთ, რათა მოიპოვოთ სასუფეველი დიდებისა და სახელნი თქვენნი ჩაიწეროს წიგნსა მას ცხოვრებისასა.
თვით უფალი ბრძანებს "რომელმან სძლოს, - მივსცე მას... ყოველი და ვიყო მისსა ღმერთ, და იგი იყოს ჩემდა ძე" (გამოცხ. 21,7).
გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი, ამინ!
ქრისტეს შობა,
თბილისი.
1985-86 წელი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
მღვიძარების შესახებ
დრო მცირეა და როდის ამოიწურება, არ ვიცით. ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ, ყოველი ბოროტი გულისსიტყვა მრისხანებითა და მხურვალე ლოცვით განვაგდოთ ჩვენგან; ხოლო თუ ცრემლსაც დავღვრით, დიდ სარგებელს ვნახავთ, რადგან ცრემლები სულს განწმენდს და თოვლზე მეტად განასპეტაკებს. მამაცურად მოვემზადოთ, რადგან ბრძოლა მიმართულია ბნელეთის ძალების წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი მოკავშირე არასოდეს გახდება და არც თავდასხმებს შეამცირებს. ამიტომ ვიფხიზლოთ, რული ნუ მოგვერევა, რადგან ჩვენს საუკუნო ცხოვრებას საფრთხე ემუქრება. თუ გამარჯვებას დავკარგავთ, მაშინ ჩვენს სულებს დავკარგავთ, საუკუნო განსვენებასა და უფლისმიერ სიხარულს დავკარგავთ და ჩვენს თავს მივუსჯით მეორე სიკვდილს – საუკუნო განშორებას უფალთან. ნუ იყოფინ.
მღვიძარებასთან ერთად გულისსიტყვების მიმართ სიფხიზლე გამოვიჩინოთ, რადგან მათგან იწყება დაცემა. ასე რომ, ამ დასაწყისს – გულისსიტყვებს, მხნედ შევებრძოლოთ და ჩვენი უდებების გამო გაძლიერების საშუალება არ მივცეთ, არამედ მოსვლისთანავე მოვიშოროთ წარმოსახვა და მრისხანედ ავიღოთ ხელში სულის მახვილი – სიტყვა ღვთისა, ანუ „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". როცა ტკბილ იესოს ვუხმობთ, ის მაშინვე მოდის ჩვენს დასახმარებლად, ეშმაკები კი მეყსეულად გვშორდებიან. ოღონდაც უდებებით ნუ ვილოცებთ, არამედ მხურვალე სულით (რომ. 12, 11), გულის სიღრმიდან შევღაღადოთ: „მოძღვარო, მიხსენი, ვიღუპები“ (ლუკ. 8, 24) . მცირე შრომა დაგვჭირდება, თუკი ბრძოლას თავიდანვე შევუდგებით, ხოლო თუ გულისსიტყვებს მივუშვებთ და მომძლავრდებიან, მაშინ ბრძოლა გაძნელდება, ბევრჯერ დავმარცხდებით და დავიჭრებით, მაგრამ როცა წამოვდგებით და უფალს მოვუხმობთ, კეთილი საჭეთმპყრობელი იესო ისევ მოვა და ჩვენს ხომალდს წყნარი და მშვიდი ნავსაყუდელისკენ მიმართავს.
გულისსიტყვებზეა დამოკიდებული, უსარგებლოები და ბიწიერები ვიქნებით, თუ წინსვლა გვექნება და უკეთესები გავხდებით. ამიტომ ჩვენს გულს მამაცი გუშაგი – გონება, ანუ ყურადღება – დავუყენოთ მცველად და ის სიმხნევით, ლოცვით, მდუმარებითა და თავისბრალობით იქნება აღჭურვილი. თუ ასე ვიღვაწებთ, შედეგად ტკბილ მშვიდობას, სიხარულს, სიწმინდეს, სულიერ სიბრძნისმოყვარეობას და ლოცვას მივიღებთ, რომელიც სურნელოვანი საკმეველივით კეთილსურნელებით აავსებს ღვთის ტაძარს – შინაგან ადამიანს. „არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღმრთისანი ხართ, და სული ღმრთისაი დამკვიდრებულ არს თქუენ შორის?“ (1 კორ. 3, 16) ამას იმიტომ გწერთ, რომ თქვენი სულები მღვიძარებისთვის გამოვაფხიზლო, უფლისმიერი შინაგანი მშვიდობა იპოვოთ და გაიხაროთ. ამინ. იყავნ.
2. ჩვენი ძალის შესაბამისად ვიღვაწოთ ხორციელი მარხვით. რაც შეეხება გრძნობების მარხვით მოზღუდვას, ანუ გრძნობებით, გონებითა და გულით მარხვას, მაშინ მთელი ძალით უნდა შევებრძოლოთ ჩვენი სულების მტერს. შვილო, გრძნობის ორგანოები – საცნობელნი დაიცავი, განსაკუთრებით კი თვალი. ის რვაფეხას საცეცებივით ყველაფერს იჭერს, რაც მის წინ მოძრაობს, ყველაზე ადვილად კი ცოდვის ნანადირევს მიიტაცებს. თვალებმა სულიერი ციხე-სიმაგრეები დასცა და დაღუპა. დავითმა თვალის გაუფრთხილებლობის გამო მკვლელობა და მრუშობა ჩაიდინა მიუხედავად იმისა, რომ ღვთის დიდი წინასწარმეტყველი იყო, მადლითა და წინასწარჭვრეტის უნარით დაჯილდოებული.
შვილო, რადგან ისეთ გარემოცვაში იმყოფები, რომელიც, შესაძლოა, სხვადასხვაგვარი ცოდვის მიზეზი გახდეს, გაუფრთხილდი შენს გრძნობებს, განსაკუთრებით, გონებას – მმართველს, „უსირცხვილო ფრინველს“, – როგორც მას აბბა ისააკი უწოდებს. გონება მოყვასის ქმედებათა საიდუმლოებებში იჭრება. ის საძაგელი მხატვარია, როცა სიბილწეებს გამოსახავს. ამიტომ, რადაც არ უნდა დაგიჯდეს, იზრუნე, რომ გონება სუფთად დაიცვა, ცოდვის ყოველი გულისსიტყვა და წარმოდგენა მაშინვე განაგდე მრისხანებით და გულმხურვალე ლოცვით. „გული გიწყრებოდენ და ნუ სცოდავთ" (ეფეს. 4, 26).
3. განუწყვეტლივ იფხიზლეთ გონების დასაცავად, რადგან უკვდავი სულის სიცოცხლე და სიკვდილი იმაზეა დამოკიდებული, გვაქვს თუ არა გულმოდგინება.
ყველაფერი გონების წარმოსახვითი ნაწილიდან იღებს სათავეს. არ არსებობს ცოდვა ან სათნოება, რომლის სათავე და საწყისი წერტილი გონების წარმოსახვითი ნაწილი არ იყოს. მაშასადამე, ამ გონებრივ საწყისზე გულმოდგინე ზრუნვით ცხონების წმინდა მიზანს მივაღწევთ.
სულიერი მღვიძარების ძირითადი მნიშვნელობა შემდეგია: წმინდად დავიცვათ გონება ვნებიანი წარმოდგენებისგან, მტრის ყოველ თავდასხმას კი წინ აღვუდგეთ შეპასუხებითა და იესოს წმინდა სახელით.
მღვიძარების გარეშე სულისა და სხეულის სიწმინდეს ვერ მოვიპოვებთ, შესაბამისად, ვერც ღმერთს ვიხილავთ გონებისა და გულის გრძნობით.
თუ უფალი ადამიანის სულს არ მოიხილავს, ის ცოდვის წყვდიადში დარჩება. მაგრამ თუ ჩვენ, როგორც მონაზვნებმა, თავი მივუძღვენით მაცხონებელ მიზანს – მივაღწიოთ ქრისტესმიერ შინაგან განწმენდას ვნებებისგან, მღვიძარების უმნიშვნელოვანეს გაკვეთილში ძალიან კარგად განსწავლა გვმართებს, რადგან მისი მეშვეობით გულით შევიგრძნობთ და მივუახლოვდებით ღმერთს.
ამ მაცხონებელ გაკვეთილს – მღვიძარებას, რომელიც წმინდაყოფს ადამიანს გააფთრებით ებრძვის ეშმაკი, ყველა ძალას ხმარობს, რომ ხელი შეუშალოს მას და თავს გვესხმის მრავალგვარი გულისსიტყვითა და საცდურით.
მაგრამ ჩვენც, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, მის მოსაგერიებლად ყველა ძალა ვიხმაროთ, რომ შინაგანი განწმენდისთვის ჯილდო მოვიპოვოთ და ღვაწლისდამდებელმა ქრისტე ღმერთმა გვირგვინით შეგვამკოს. ჩვენი საერთო მტრის სატანური თავდასხმების ნუ შეგეშინდებათ, არამედ გაბედულად და ღვთის სასოებით იბრძოლეთ. ღმერთი თქვენს ძალებზე მეტ განსაცდელს არ დაუშვებს.
მაშ, გამხნევდით, შვილებო, ქრისტეს ტკბილი სასოებითა და ღვთისმშობლის უძლეველი საფარველით წინ გასწიეთ და მტკიცედ მწამს, რომ ყველა კეთილად მოღვაწე და გვირგვინშემოსილთან ერთად საუკუნო ცხოვრებას მოვიპოვებთ ზეციურ მოზეიმე ეკლესიაში. ამინ. იყავნ.
4. ერთი წმინდანი ეშმაკებს განდევნიდა. დემონებს მისი ეშინოდათ. მორჩილმა მას ჰკითხა: „მამაო, რატომ ეშინიათ შენი ეშმაკებს?“ – „გეტყვი, შვილო, – უთხრა მოძღვარმა, – გულისსიტყვების სახით ხორციელი ბრძოლა მქონდა, მაგრამ გულისსიტყვებთან დათმობაზე წასვლის უფლება საკუთარი თავისთვის არასოდეს მიმიცია. მუდამ ისე ვიბრძოდი, რომ ფრონტის ხაზი გულისსიტყვის თავდასხმაზე გადიოდა, ხოლო თავდასხმის შემდეგ ეშმაკისთვის წინ წასვლის საშუალება არასოდეს მიმიცია. ამ უწყვეტი ბრძოლისთვის ღმერთმა, ჩემი უღირსების მიუხედავად, ისეთი კურთხევა და მადლი მომცა, რომ ეშმაკებს ეშინიათ და ადამიანებისგან განიდევნებიან".
დაფიქრდით: ეს მამა განსაცდელს კარს მიღმა, დაკაკუნებისთანავე აღკვეთდა, კარს საერთოდ არ უღებდა. რატომ? რა ჰქონდა შიგნით, რითაც წინ აღუდგებოდა? [ღვთის, მარადიული ნეტარების, სიკვდილის, საუკუნო სატანჯველის და ა. შ.] წმინდა ხსენება; ამით იყო დაკავებული მისი გონება. ბოროტი გარედან უკაკუნებდა, რომ შიგნით შეეღწია, მაგრამ მისთვის, მისი ბოროტი აზრებისთვის იქ ადგილი არ არსებობდა, ბერი ეშმაკს ღვთის ხსენებით აჩერებდა. ამ მუდმივმა გამარჯვებებმა წმინდანს მადლი მიანიჭა, რის გამოც ეშმაკებს მისი ეშინოდათ და ადამიანებს განეშორებოდნენ.
ქების ღირსია ის ადამიანი, ვინც ღვთის მადლით მიაღწია იმას, რომ ეშმაკს თავდასხმისთანავე აჩერებს.
არ არსებობს არც ერთი მოკვდავი, არც ერთი სულიერი და მოღვაწე ადამიანი, მტერი რომ არ ესხმოდეს თავს. ყოველი ადამიანი გაივლის განსაცდელს. თუ კარს და ფანჯრებს ღიას ტოვებენ, როგორც, ჩვეულებრივ, ისეთ ერის ადამიანებს ემართებათ, რომლებიც ღვთის შემეცნებისგან შორს არიან, მაშინ მტერი შიგნით აღწევს და იმარჯვებს.
სულიერი ადამიანები იღვწიან, რომ მტერს არც კარი გაუხსნან, არც ფანჯარა, პატარა ჭუჭრუტანაც კი არ დარჩეთ ღია.
საქმით ცოდვა, რომელსაც გულში კი არა, სიტყვით, საქციელით ჩავდივართ, ხშირად გვიძნელდება, რადგან მას ბევრმა ვითარებამ უნდა შეუწყოს ხელი. გონებით ცოდვის ჩადენა კი ძალზე ადვილია. ამ სახით ადამიანს შეუძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე სცოდოს ისე, რომ ვერავინ გაიგოს. ცოდვის საქმით ჩადენას კი ხშირად ეშლება ხელი – ერთი მხრივ, იმის გამო, რომ მრავალი ხელშემწყობი პირობაა საჭირო, მეორე მხრივ – სირცხვილის გამო. ამის საპირისპიროდ, შინაგან, გონებით ცოდვას შეუძლია დაარწმუნოს ადამიანი შინაგანად ჩაიდინოს დანაშაული ისე, რომ სხვებისთვის შეუმჩნეველი დარჩეს.
შინაგანი ცოდვა უხილავია. მას ადამიანები ვერ ხედავენ, მაგრამ ხედავს ღმერთი.
და თუ ადამიანების არ გვეშინია და არ გვრცხვენია, რადგან ცოდვა მათთვის დაფარულია, ღვთის მაინც უნდა გვეშინოდეს, რადგან გონებით ჩადენილი ზნეობრივი დანაშაული მის წინაშე აღესრულება.
ბევრი ადამიანი მოტყუებული რჩება. ამის ძირი ქედმაღლობაა, ის აკეთებს ყველაზე ცუდ საქმეს.
ღალატი ჯერ შინაგანად ხდება, შემდეგ კი გამოვლინდება სხეულის სხვადასხვა ნაწილების მეშვეობით და გარეგნულ ცოდვად იქცევა.
მაშასადამე, როგორც ვთქვით, საჭიროა მუდმივი მოუდუნებელი ყურადღება და სიფხიზლე. შინაგანი მცველი, გუშაგი უნდა გვყავდეს, რომელიც შიგნით შემავალ და გამომავალ გულისსიტყვებს გააკონტროლებს, ვინაობას შეუმოწმებს, რომ სულის სახელმწიფოში ჯაშუშები არ შეიპარონ და სამოქალაქო ომი არ გამოიწვიონ.
სულიერი თვალი ძალიან სუფთა და მახვილი უნდა იყოს, მტერი შორიდანვე რომ დაინახოს და შესაბამისი ზომები მიიღოს.
როგორი გულისსიტყვა აღარ გვესხმის თავს მუდმივად! ყოველ ვნებას თავისი გულისსიტყვები მოაქვს. თუ სულს გამჭრიახი თვალი აქვს, გულისსიტყვებს შორიდანვე აღუდგება წინ და როგორც კი რომელიმე ამხედრებული ვნების „სიმყრალეს“ იგრძნობს, მაშინვე ემზადება, გუშაგებს აყენებს, მიწაყრილებს თხრის და მზადაა ამ ვნების თავდასხმის მოსაგერიებლად.
ადამიანები ვნების ტყვეები ხდებიან. ვნება კი შხამიანი გველივითაა. დიდი გველები სისინით აფრქვევენ შხამს, გესლავენ ყველაფერ ცოცხალს მათ გარშემო და შემდეგ მსხვერპლს შთანთქავენ. ასევეა ცოდვის გველიც. ის შორიდანვე აფრქვევს შხამს – ტკბობას, რაც გონებისა და სულიერი ძალების პარალიზებას იწვევს. ადამიანს ვნება ატყვევებს და საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ბოროტებისკენ მიიქცევა.
ამ დატყვევებულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ამტკიცებენ: „არ შემიძლია ამ დროს წინააღმდეგობის გაწევა და რაიმეს გაკეთება“. ამაზე პასუხი ეს არის: უნდა ვიღონოთ ყველაფერი, რომ გონება და გული არ დატყვევდეს, არ განიარაღდეს. გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორც კი სულიერი გველი შხამს მიმოაფრქვევს, შორიდანვე უნდა გავფრთხილდეთ, სანამ ჩვენამდე მოაღწევდეს და გონებასა და სულს მოგვიშხამავდეს, რადგან თუ დაგვგესლა, საერთოდ დავკარგავთ მოქმედების უნარს.
როცა ადამიანი წარმოდგენას დაუთმობს, მაშინ მას ცოდვის გულისსიტყვები სძლევს. ამრიგად, მთელი ბოროტება სწორედ წარმოდგენიდან მოდის! და თუ ადამიანის სულიერი, გონებრივი ხომალდი ბევრჯერ ჩაძირულა და სიამოვნებისმოყვარე წარმოდგენისგან არაერთგზის დაჭრილა, კვლავ დაბრუნებული სატანა მსგავს წარმოდგენებს მათ გონებაში წარმოაჩენს და ადამიანი მაშინვე ტყვევდება. ამიტომ, ვნებები და წარმოდგენები რომ არ გამყარდეს და მომძლავრდეს, მონაზონი დათმობაზე არ უნდა წავიდეს.
5. სულის თვალი ფართოდ გაახილე. დაიცავი საცნობელნი, როგორც სხეულის (განსაკუთრებით თვალები), ისე სულის (კერძოდ, გონება – გაფანტვისგან), რადგან ამ საცნობელთა მეშვეობით შემოდის სულში სულიერ დაავადებათა ყველა შხამიანი მიკრობი. ამგვარად, დაუდევარი ქრისტიანი დროთა განმავლობაში მრავალი სნეულებით ავადდება და კარგავს თავისი უკვდავი სულის ფასდაუდებელ ჯანმრთელობას.
6. კეთილად იღვაწე, შვილო, საუკუნო ცხოვრებისთვის. კარგი დასაწყისით კეთილ დასასრულს მოიპოვებ. შენი გონება იესო ქრისტეს ხსენებით იყოს მოცული და ის გახდება შენთვის ყველაფერი – სიხარულიც, მშვიდობაც, გლოვაც და მაცოცხლებელ ცრემლთა სიმრავლეც, რაც შენს სულს თოვლზე უსპეტაკესს და ღრუბელზე უმსუბუქესს გახდის.
შვილო, როცა მდუმარებ და ყურადღებით ამბობ ლოცვას, ანუ როცა გონება ლოცვისკენაა მიპყრობილი და სხვა არაფერზე ფიქრობს, მაშინ ის თანდათან იესოს სიტკბოებას მიუახლოვდება. ამისთვის დიდად დაგეხმარება გამუდმებით თავის დამდაბლება. ყოველთვის გაკიცხე საკუთარი თავი და ნურასოდეს გაამართლებ. ნებისმიერ საკითხში და ყოველი განსაცდელის დროს შენი ძმა გაამართლე და თქვი, რომ მუდამ შენ ცდები. ამას ეწოდება სიმდაბლე.
7. ფრთხილად იყავი, შვილო, წარმოდგენებთან და ცოდვიან ფიქრებთან. ყველაფერი გულისსიტყვაზეა დამოკიდებული. მცველი დაუყენე შენს გონებას, რომ მის წარმოსახვით ნაწილში უზნეო სურათებმა ვერ შეაღწიოს, რადგან მაშინვე ჩნდება საფრთხე, რომ სულმა სცოდოს და დაამწუხროს ის, ვინც ჩვენთვის ჯვარს ეცვა ოდესღაც სამარცხვინო, ახლა კი პატიოსანი ჯვრის ძელზე.
იოლად ხდება სულიერი მრუშობა. როცა ჩვენ შიგნით შემოსულ ბილწ გულისსიტყვებსა და მათ მსგავს წარმოდგენებს გაბატონების უფლებას ვაძლევთ, ეს სხვა არაფერია, თუ არა სულიერი მრუშობა.
დაიცავი თვალი, შვილო, თუ გსურს სიძვის ეშმაკი დაამარცხო. არანაკლებ სახიფათოა უმსგავსო სურათებისა და ჟურნალ-გაზეთების თვალიერება.
8. ყველაზე დიდი ტაძარი, სადაც სიხარულით იმკვიდრებს ღმერთი, მისივე ხელით ნატიფად შექმნილი ჩვენი არსება, ჩვენი სულია, თუ ის წმინდაა.
გულის სიწმინდე გონების ბოროტი აზრებისგან გათავისუფლებით მიიღწევა. სწორედ მათგან იღებს სათავეს ის ბოროტი და ვნებიანი გრძნობები, რომლებიც სხეულს ვნებით აღაგზნებს. შესაბამისად, სულიც და ხორციც იბილწება და გარკვეულწილად იკარგება ორივეს სიწმინდე და უბიწოება.
თავდაპირველი ბოროტი და ვნებიანი აზრი, უწინარეს ყოვლისა კი მისი ვნებიანი წარმოდგენა, ყოველგვარი ცოდვის სათავეა. შეუძლებელია რაიმე ცოდვის საქმით ჩადენა, თუ მას ბოროტი აზრი არ უსწრებს წინ წარმოსახვის სახით.
მაშასადამე, იმისთვის, რომ უდიდეს სიკეთეს – სიწმინდეს მივაღწიოთ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, საჭიროა განვიწმინდოთ გონება ცოდვიანი წარმოდგენებისა და ფიქრებისგან. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება სიწმინდეს მყარი საფუძველი.
თუ შინაგან გულისსიტყვებზე ზრუნვის გარეშე გვსურს აღვკვეთოთ ბოროტი ქცევა, ამაოდ ვშრომობთ. როცა სულის სიწმინდეზე ვიზრუნებთ, მასში დამკვიდრდება ღმერთი დიდებისა და სული იქცევა უფლის წმინდა, ბრწყინვალე ტაძრად, რომელიც ღვთისადმი უწყვეტი ლოცვის საკმევლის სურნელებას აფრქვევს.
9. რა სარგებელი გვექნება, თუ დღედაღამ ფიზიკურ შრომასა და ჯაფაში ვიქნებით, შინაგანად კი იმ ფესვების ამოძირკვაზე არ ვიზრუნებთ, საიდანაც ყოველგვარი ბოროტება აღმოცენდება?!
აუცილებელია მღვიძარება და უწყვეტი ლოცვა, რომ ჩვენში დაბუდებული ბოროტებისგან გავთავისუფლდეთ და ის სულიერი სიკეთით შევცვალოთ.
გაფრთხილდით, რომ საქმემ დღის განმავლობაში ბაგეებით ლოცვა არ მოგპაროთ. ხმამაღლა იმეორეთ ჩვენი იესოს ყოვლადდიდებული, ტკბილი სახელი და უფალი თქვენს საშველად და სანუგეშებლად მოსვლას არ დააყოვნებს. და რა არის ისეთი, რისი გამოსწორება და განახლებაც არ შეუძლია კურთხეულ ლოცვას!
თავი აიძულეთ იესოს ლოცვისთვის. რატომ უნდა იხეტიალოს გონებამ აქეთიქით და არ მიემართებოდეს იესოსკენ, ვისთვისაც ყველაფერი დავტოვეთ და ყველაფერს ვითმენთ?!
10. შვილო, დაიცავი გონება ბოროტი აზრებისგან. ისინი მოსვლისთანავე იესო ქრისტეს ლოცვით განდევნე. როგორც ფუტკრები იფანტებიან, როცა მათ კვამლით ახრჩოლებენ, ასევე გვშორდება სულიწმიდა ბილწი გულისსიტყვების კვამლის სიმყრალის გამო. როგორც ფუტკრებს იზიდავს ნექტრით სავსე ყვავილები, ისე უახლოვდება სულიწმიდაც იმ გულსა და გონებას, რომლებიც სათნოებებისა და კეთილი აზრების ტკბილ ნექტარს გამოყოფენ.
გონებამ წარმოდგენების გარეშე უნდა მიაპყროს ყურადღება ლოცვის სიტყვებს, რომლებსაც ან თვითონ ამბობს, ან ბაგეები წარმოთქვამს. ყველა მეთოდის მიზანი, ეპიცენტრი არის ის, რომ წარმოსახვის გარეშე ვილოცოთ და ყურადღება გონებით ან ბაგეებით წარმოთქმული სიტყვებისკენ მივმართოთ.
11. გამოცდილებით ვიცი, რომ ღვთისმოსაობა მდუმარების, ლოცვის, განსჯის, განმწმენდი ცრემლის, ჭეშმარიტი სინანულის და ღვთაებრივ საგანთა ჭვრეტის საშუალებით განაახლებს მოღვაწის როგორც სულს, ისე სხეულს. რა თქმა უნდა, ამას ფიზიკური ღვაწლიც ეხმარება, როცა ადამიანი სხეულით ძლიერია. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამ ღვაწლს მადლიერება და თავისბრალობა ცვლის.
ყოვლისმომცველი ღვთისმოსაობა და მღვიძარება – ეს ყველაფერია. ეს ქრისტესმიერი ცხოვრების მქონე სულის ჭეშმარიტი ნიშან-თვისებაა. ამის გარეშე, ცალსახად, მხოლოდ ასკეტიზმით ადამიანი მცირე სარგებელს ნახულობს, ან გარშემომყოფთა ქებისა და საკუთარი გულისსიტყვებისგან გაამაყებული სრულიად იღუპება. ვისაც არ აქვს სიფხიზლე – ფასდაუდებელი, ყოვლისმომცველი სულიერი ნათელი – ამაოდ შრომობს. ამის გამო, როგორც წიგნებიდანაც ვიცით, მრავალი მეუდაბნოე ასკეტი დაიღუპა.
ღვაწლი ხის ფოთლებს ჰგავს, მღვიძარება კი – ნაყოფს. „ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი“ (მათ. 7, 16). სწორედ ამ ნაყოფის გამოღება გვაქვს ნაბრძანები. ღმერთმა გაგვინათოს გონება, თუ როგორ ვიაროთ, რადგან შემცირდნენ ჭეშმარიტი წინამძღოლები და ყველა თავის გზას მიუყვება. დაე, ღმერთი გახდეს ყოველი ჩვენგანისთვის უცდომელი გზის მაჩვენებელი.
12. ჩემო შვილებო, როცა ჩვენი სულების მტერი, ეშმაკი, რაიმე სამწუხაროს მოგაგონებთ, შეეცადეთ მაშინვე მოიშოროთ გონებიდან, რადგან ყოველგვარ დაყოვნებას დამღუპველი შედეგი მოჰყვება.
ლოცვითა და მღვიძარებით ეშმაკს საბოლოოდ ვამარცხებთ. მღვიძარების არსი ის არის, რომ გონებით მუდამ ვიფხიზლოთ ბილწი ეშმაკების ვნებიანი გულისსიტყვებისა და წარმოდგენების წინააღმდეგ. აქ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდება – ან გამოვსწორდებით, ან უარესები გავხდებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სული, რომელიც გონიერად ლოცულობს, სძულს და უგულებელყოფს სხვადასხვა მზაკვარ გულისსიტყვებს, დროთა განმავლობაში განიწმინდება და უბიწო ხდება.
13. მოვიგერიოთ გულისსიტყვის თავდასხმა და გამოჩენისთანავე შევეწინააღმდეგოთ ცოდვას, რომელიც თითქოს უმნიშვნელო გულისსიტყვის სახით მოდის. ასე, ქრისტეს მადლით, თავს დავაღწევთ ძალზე მწარე და რთულ გამოცდილებას. თავიდან ცოდვა მზაკვარ მელასავით შეუმჩნევლად გვეპარება, შთაგვაგონებს და გვარწმუნებს, რომ ჭიანჭველაა და ისევე არ არის საჭირო მისთვის ყურადღების მიქცევა, როგორც ჭიანჭველასთან ომი. სულიც უდებებაში ვარდება და დუნდება. სულ მცირე ხანში კი ერთი ბეწო ჭიანჭველა მოუთვინიერებელ ლომად იქცევა და სულს დიდი შრომა მოუწევს.
14. ხორციელ ბრძოლაში ადამიანი მხოლოდ მაშინ გადარჩება, თუ მტერს ზურგს შეაქცევს, ანუ წარმოდგენებსა და გულისსიტყვებს გამოჩენისთანავე გაექცევა. ნუ გამოიძიებ წარმოდგენებს, ნურც საუბარს გაუბამ მათ! წარმოსახვა დიდი და საშინელი მახეა. რასაც ადამიანი თვალით და შეხებით თავს აარიდებს, იმას ძალზე ადვილად ახლოს მოუტანს წარმოსახვა.
იბრძოლე, რომ გონება სრულიად გაათავისუფლო ყველა ამქვეყნიური საგნისა და მოვლენის წარმოსახვისგან, რაც შენი მონასტრის გარეთ არის. მხოლოდ ერთმა ფიქრმა უნდა შეცვალოს ყველაფერი – ჩვენი სათაყვანებელი იესოს ხსოვნამ.
თუ შენს სენაკში რაიმე ნივთი ვინმეს გაგონებს, აუცილებლად უნდა მოიშორო, რომ ყველა საშუალებით თავიდან აიცილო ბრძოლის საბაბი.
ეცადე გონებიდან წაშალო შენი წარსული და როცა ის შენს მოსაშთობად აღდგება, უხმე იესოს, რომელიც ყოველთვის მზად არის შეგეწიოს.