ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
როდესაც ადამიანი კრძალვითა და მხურვალე სიყვარულით მიემთხვევა წმ. ხატებს, ის თითქოს იწოვს, კვებავს საკუთარ თავს ამ ხატების საღებავებით და შიგნით, მის არსებაში ეს წმიდანები აისახებიან. წმიდანები ხარობენ, როდესაც `სწყდებიან” ქაღალდსა და დაფას და ადამიანების გულებში აღიბეჭდებიან. როდესაც ქრისტიანი კრძალვით ემთხვევა წმიდა სახეებს და შეწევნას ითხოვს ქრისტესაგან, ღვთისმშობლისა და წმიდანებისაგან, ამ დროს იგი აღასრულებს თაყვანისცემას იმ მთელი გულით, რომელიც მხოლოდ ქრისტეს, ღვთისმშობლისა და წმიდანების მადლს კი არ იღებს, არამედ _ სრულად ქრისტეს, ღვთისმშობელსა და წმიდანებს, რომლებიც მისი შინაგანი ტაძრის კანკელზე არიან გამოსახულნი. `ადამიანი ტაძარია სულისა წმიდისა”. დააკვირდი: ყოველგვარი მსახურებაც ხომ ხატებთან მთხვევით იწყება და მთავრდება. ადამიანებს რომ ეს ესმოდეთ, რაოდენ სიხარულს განიცდიდნენ, რა დიდ ძალას მიიღებდნენ ისინი!
მშობლის ზრუნვა შვილზე იწყება მაშინ, როცა ის ჯერ კიდევ დედის წიაღშია. დიახ, ეს ასეა!
როგორ შეიძლება აღზარდო დედის წიაღში მყოფი ჩანასახი? აი, როგორ: ჩვენ თვითონ არაფერი შეგვიძლია, მაგრამ ღმერთს, რომელმაც ეს ახალი სიცოცხლე დაბადა, ყოველივე ხელეწიფება! განა არსებობს უფრო დიდი სასწაული, ვიდრე ჩასახვა? რა თქმა უნდა, არა!
ამიტომ უნდა მივმართოთ ღმერთს და მხურვალედ ვევედროთ ლოცვებით, რათა იზრუნოს ჩასახული ბავშვის სულისა და სხეულის სრულყოფილებაზე. ღმერთი სულიწმიდის მადლით იზრუნებს დედაზეც და შვილზეც. მაგრამ ჩვენი ლოცვები ამით არ მთავრდება, პირიქით! – დაბადების შემდგომ ჩვილის ზრდასთან ერთად ლოცვასაც უნდა ვუმატოთ.
ამრიგად, სინამდვილეში ჩვენ ღმერთს ვანდობთ ბავშვის სწორ აღზრდას. როცა უფალი თავად იცავს და მფარველობს, უშუალოდ და გამუდმებით ადევნებს მას თვალყურს, მხოლოდ მაშინ შეიძლება ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ ბავშვი არასოდეს ასცდება გზას.
ყველაზე უპირველესი და ყველაზე უმაღლესი ქართველი ხალხისთვის იყო სარწმუნოება. სარწმუნოებისა და ეკლესიის დაცვა შენახვა იყო უმთავრესი საგანი გარეშე მტერთან განუწყვეტელი ბრძოლისა. ყოველ შემთხვევაში ქართველი ერი მუდამ მზადა ყოფილა განეწირა თავი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესთვის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და მთლად ქრისტიანობის გულისთვის. წმინდა სარწმუნოებისათვის თავი დასდვეს და ეწამნენ ყოველი წოდების წარმომადგენელნი: მეფენი და თავადნი, აზნაურნი, სამღვდელონი, მოვაჭრენი და გლეხნი, სარწმუნოების სიყვარულისა და ერთგულების გამო გადაულახავთ ქართველებს მრავალი განუვალი უფსკრულები, გასულან დიდნორსა და საშიშ მდინარეებს, ასულან მაღალ და მიუვალ მწვერვალებზე, დაუპყრიათ და დაურღვევიათ უძლეველნი სიმაგრენი, დაუთმენიათ მრავალი შიმშილი, წყურვილი, სიცივე და ასე თავიანთ სამშობლო ეკლესიისა და საყვარელი მამულისათვის აუცილებიათ განსაცდელი.
უმთავრესი და უმშვენიერესი თვისება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა იყო მისი ქალწულებრივი გრძნობა, სიწმიდე, კრძალვა, მორცხვედობა, არა თუ მაშინ, როდესაც იგი იზრდებოდა დედ–მამის სახლში და მერმე ტაძარში, არამედ მერმეც, როდესაც იგი შეიქმნა დედად უფლისა იესო ქრისტესი და მასთან ყოველგან დადიოდა და მთელი ქვეყნის თვალნი იყვნენ მიქცეულნი, ვითარცა იესო ქრისტესადმი, ეგრეთვე დედისა მისისადმი. კიდევ და უფრო მერმე, როდესაც იესო ქრისტე ამაღლდა ზეცას, ქრისტიანობა იქადაგა და გავრცელდა ქვეყანაზედ და ყოველნი ქრისტიანენი, ვითარცა ერთს გამოუთქმელსა ბედნიერებასა, ეძიებდნენ ღვთისმშობლის ნახვასა და თაყვანისცემასა, ერთი სიტყვით მთელი თვისი სიცოცხლის განმავლობაში იგი იყო შემკული და დაცული ქალწულებრივითა სიწმიდითა, კრძალვითა, მორიდებითა და სიმდაბლითა. ყოველი ქრისტიანე ქალი უნდა უყურებდეს და ჰბაძვიდეს ესრეთსა ხასიათსა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისასა.
თემა: ღმრთისმშობელიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
წმიდანები ხარობენ ჩვენს სინანულზე. მათ მიაღწიეს ზეციურ სამეუფოს და იქ უჭვრეტენ უფლის დიდებას, მაგრამ სულიწმიდით ისინი ადამიანის ტანჯვასაც ხედავენ დედამიწაზე. ისინი ხედავენ როგორ ვიქანცებით ტანჯვისაგან, როგორ გამოვიფიტეთ შინაგანად, რა გულგატეხილობა დაგვეუფლა და გამუდმებით შუამდგომლობენ ჩვენთვის ღმერთის წინაშე. წმინდანებს უხარიათ, როცა ადამიანები სინანულში არიან და წუხან, როცა ისინი ტოვებენ ღმერთს და ემსგავსებიან პირუტყვებს. მათ ეცოდებათ ხალხი, რომელმაც არ იცის, რომ თუ სიყვარული ექნებათ ერთმანეთის მიმართ, დედამიწა თავისუფალი იქნება ცოდვებისაგან; ხოლო სადაც არ არის ცოდვა, იქ სიხარულია სულიწმიდისაგან. მოუწოდეთ რწმენით და ილოცეთ ღვთისმშობლის წინაშე, წმინდანებს ევედრეთ, რათა უფალს სთხოვონ წყალობა ჩვენთვის. მათ ესმით ჩვენი ლოცვები; იციან თვით ჩვენი ზრახვების შესახებ. ნუ გაგიკვირდებათ ეს. მთელი ცა წმიდანებისა ცხოვრობს სულიწმიდით, სულიწმიდისათვის არაფერი დაფარული არ არსებობს.
სიკვდილი მოულოდნელად მოდის
დედოფლის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წინაშე ლოცვას რომ დააპირებ, გადაწყვეტილი გქონდეს, არ ადგე, სანამ წყალობას არ გიბოძებს ყოვლადწმინდა. ასეთი ფიქრი, ასეთი გადაწყვეტილება, სწორიცაა შესაფერიც. იგი, ყოვლადმოწყალე დედაა ყოვლადწმინდა და ღვთის სიტყვისა, მის კაცთმოყვარებას, სიკეთეს, უთვალავს, საოცარს, აურაცხელს საუკუნეების მანძილზე ღაღადებს ქრისტიანების ეკლესია, იგი ნამდვილადაა: "უხრწნელი ძალი და სიმტკიცე კაცთა". ამგვარი სიმტკიცის გარეშე მასთან მიახლება, უგუნურებაა და კადნიერება, რადგანაც ეჭვით შეურაცხვყოფთ სიკეთეს მისას, რაც სხვა არაფერია, თუ არა შეურაცხყოფა ღვთაებრივი მოწყალებისა, ანუ ეს იგივეა, რომ ღვთის წინაშე მლოცველს, არ გააჩნდეს იმედი, რომ შეისმენს მის ვედრებას უფალი, როგორ მისდევენ მოწყალების მისაღებად მდიდარს, წარჩინებულს, რომელიც ქველმოქმედ კაცადაა ცნობილი, ნუსდევენ ბოლომდე, გამოცდილებით იციან, გულდაჯერებულები არიან, მიიღებენ მისგან სასურველს. ასევე ლოცვისას, სულმოკლე დაეჭვებული არ უნდა იყო.
შიში და თრთოლვა იპყრობს ჩემს სულს, როცა ვფიქრობ ღვთისმშობლის დიდებაზე. ღარიბია და უძლური ჩემი გული, გონებაც მცირე, მაგრამ სულს უნდა დაწეროს მასზე, თუნდაც რამოდენიმე სიტყვა. ეშინია ჩემს სულს შეხება, მაგრამ სიყვარული აიძულებს არ დაფაროს მადლიერება მისი გულმოწყალების გამო. ღვთისმშობელს არ დაუწერია არც თავისი ფიქრების, არც თავისი სიყვარულის შესახებ ღმერთის მიმართ, არც თავისი სულის ტანჯვაზე ჯვარცმისას. იმიტომ, რომ სულერთია ჩვენ ვერ ჩავწვდებოდით, რამეთუ მისი სიყვარული ღმერთის მიმართ უფრო ძლიერია და მგზნებარე, ვიდრე სიყვარული სერაბიმებისა და ქერუბიმებისა... და ამით განცვიფრებულია მთელი ზეციური ძალები, ანგელოზები და მთავარანგელოზები. თუმცა ცხოვრება ღვთისმშობლისა დაფარულია თითქოს წმიდა დუმილით, მაგრამ უფალმა ჩვენს მართლმადიდებლურ ეკლესიას მისცა ცოდნა იმისა, რომ თავისი სიყვარულით იგი მთელ დედამიწას ფლობს, სულიწმიდაში ხედავს იგი დედამიწის ყველა ხალხებს და თავისი ძის მსგავსად ყველა ეცოდება და ყველას სწყალობს.
მშობლის როლი სკოლის ცხოვრებაში
კულტურის განმაპირობებელი სამი ძირითადი ფაქტორია მამული, ენა, სარწმუნოება.
ჩვენი მამული ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიაა, რომელიც ჭეშმარიტ სარწმუნოებას ჯერ კიდევ I საუკუნეში ანდრია მოციქულის მიერ ეზიარა. "ქართლის ცხოვრებაში" ვკითხულობთ: "მოვიდა ანდრია ტრაპიზონსა, სოფელსა მეგრელთასა".
ჩვენი ენა კი უძველესია და საიდუმლოებით მოცული და მას "სახარებასა შინა ლაზარე ჰქვიან". იგი შეიძლება შევადაროთ სინათლეს, რომელიც თავის თავში მოიცავს ცისარტყელას ფერებს. ეს ფერები მსგავსია ჩვენი სამშობლოს სხვადასხვა კუთხის დიალექტებისა: ხევსურულისა და სვანურის, მეგრულისა და თუშურის, ლაზურისა და კახურის, გურულისა და ინგილოურის, მესხურისა და რაჭულის, კლარჯულისა და მოხეურის, იმერულისა და მთიულურისა, რომელნიც შენაკადების მსგავსად ქმნიან ერთიანი ქართული ენის მდინარეს, ენისა, რომლითაც უძველესი დროიდან ჩვენს მიწა-წყალზე "... ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების".
ამ სამ საგანძურს თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ, რათა მთლიანობა და თვითმყოფადობა შევინარჩუნოთ.
თემა: სამშობლო, პატრიოტიზმი, სარწმუნოება, კულტურა, ქართული ენაავტორი: ილია II
წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III)