|
|
|
|
|
 |
| თემა: სიცრუე მოძღვარი: პროტოპრესვიტერი მ. ტყემალაძე დამატების დრო: 06.06.2012
|
მეფე სოლომონ ბრძენი ამბობს: „უფალსა სძაგს ბაგენი მტყუარნი, ე. ი. უფალსა სძულს მატყუარა, ტყუილის მოლაპარაკე. „ღმერთო წარწყმინდე შენ ყოველნი, რომელნი იტყვიან სიცრუესა“, ევედრება მეფე დავითი ღმერთს ერთს თავის ფსალმუნში (5, 5). იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: მატყუარა კაცი გარდა რისხვისა ვერას დაიმსახურებს ღვთის წინაშეო. "ყოველთა მატყუართა ნაწილი მათი იყოს ტბასა მას ცეცხლითა და წუნწუბითა მოტყინარესა", (განცხ. 21, 8). რადგანაც ასეთი სასტიკი სასჯელი მოელის ტყუილის მთქმელსა, პავლე მოციქული გვარიგებს: "ნუ უტყუით ერთი ერთსა" (კოლ. 3, 9), არამედ შეიმოსეთ სიმართლითა და სიწმიდითა ჭეშმარიტებისათა. (ეფ. 4, 24). როგორც ღვთისაგან არის დევნული მატყუარა, ისე კაცისაგან არის მოძულებული. რისთვის ამბობენ ტყუილს?! ხშირად და უმეტეს ნაწილად იმისთვის, რომ რაიმე სარგებლობა მიიღონ. მაგრამ სამაგიეროდ ერთი ათად აგებენ. შეიძლება ერთხელ-ორჯელ ვინმე მოატყუო და მით ისარგებლო, მაგრამ როდესაც შეგიტყობენ (და რომ შეგიტყობენ მასში ეჭვი ნუ გაქვს: ტყუილს გრძელი კუდი აქვს, ფეხები კი მოკლე), დაჰკარგავ ყოველივე ნდობას საზოგადოების თვალში. ტყუილს კი არა, მართალსაც აღარ დაგიჯერებენ, ბევრიც რომ ეცადო, აღარ დაგერწმუნებიან და ამაზედ დიდი სასჯელი რაღა იქნება. ამბობენ, ტყუილის თქმა არ არის საძრახისი, თუ ხუმრობითაა და არა ბოროტ-განზრახვითო. როდესაც ხუმრობით ტყუის კაცი, არ უნდა დაემდუვრო, საწყენად არ უნდა მიიღოვო. კარგი და პატიოსანი! მაგრამ ამ ხუმრობით გამოთქმულმა სიცრუემ რომ ისეთი ვნება მოუტანოს (ასედაც ხდება ხშირად) კაცს, როგორც ბოროტ-განზრახვით ნათქვამმა ტყუილმა, მაშინ რაღა ხუმრობა იქნება. ყმაწვილი რომ ხუმრობაში დანით დაგჭრის, განა ჭრილობისაგან ტკივილს არ იგრძნობ? როგორ ფიქრობთ, მტერმა მოსისხლემ რომ დაგჭრას, ტკივილს ჭრილობისაგან უფრო იგრძნობ მაშინ, თუ ერთნაირად საგრძნობელი იქნება? ტკივილი ჭრილობისაგან, ყმაწვილისაგან იქნება იგი ხუმრობით, თუ მტრისაგან ბოროტ-განზრახვით, ორივე შემთხვევაში ერთნაირია. ზოგიერთნი არამც თუ ამართლებენ ხუმრობით, ოხუმჯობით ტყუილის მთქმელს, არამედ საჭიროდაც ხდიან ხანდახან ითქვას ტყუილი, რადგან სიმართლის თქმა ზოგიერთ შემთხვევაში დაღუპავს კაცს და ტყუილი კი დაიხსნის მას. ამბობენ, მიზანი როდესაც კარგია, როდესაც კაცს სურს სარგებლობა მოუტანოს მოყვასს, არავითარიმე ცოდვა არ არისო. კაცმა რომ კაცი დაიხსნას სასჯელისაგან, დაღუპვისაგან, განა ცოდვად უნდა ჩაეთვალოს მას ის, რა ცუდი საშვალებაც უნდა იხმაროს ამ შემთხვევაშიო? გვეკითხებიან ესენი. ასე რომ ვიფიქროთ, ნახევარი თუ არა, მესამედი მაინც არის ნათქვამი ტყუილისა, ყოველთვის გამართლებული და შეწყნარებული უნდა იქნეს მიზანი როცა კარგია, მის მისახწევად საშვალებაც კარგი და შესაფერი უნდა იქნეს ხმარებული, წინააღმდეგ შემთხვევაში თვით მიზანი კარგავს თვისს კარგ დანიშნულებას, რაკი მის მისახწევად ვხმარობთ უზნეო, კაცის ღირსებათა დამამცირებელ საშვალებათა. გარდა ამისა, კაცის დახსნა სასჯელისაგან კარგია მაშინ, როდესაც ის მართალია, დანაშაულობა არ მიუძღვის. ამ შემთხვევაში ყოველი ჩვენგანი მოვალეა დაეხმაროს, სიტყვით იქნება თუ საქმით, სიმართლე აღადგინოს, მართალი კაცი გაამართლოს, რომ ცილისწამების მსხვერპლად არ გახდეს. მაგრამ როდესაც ვიცით, რომ კაცი დამნაშავეა და ჩვენ ვცდილობთ მის გამართლებას, ჩვენ ვსცოდავთ საზოგადოების წინაშე; მავნებელი წევრი საზოგადოებისა ყოველთვის დასჯილი უნდა იქნეს, ჩვენ კი მხარს ვუჭერთ, საზოგადოების ინტერესზე მაღლა ერთი კაცის სარგებლობას ვაყენებთ, ერთ კაცს მეტს პატივს ვსცემთ, ვინემ მთელს საზოგადოებას. ჩვენი ქცევით სარგებლობას კი არა, ზარალის და ვნების მეტს ვერას მოვუტანთ არამც თუ საზოგადოებას, არამედ იმ პირთაც, ვის ბოროტ-მოქმედებასაც ხელს ვაფარებთ. კარგი, გაამართლე თუ გინდა ქურდი კაცი, როგორ გგონიათ, ის აღარ მოიპარავს? მეტსაც იქმს, უფრო გათამამდება. იმედი ექნება, თუ ერთხელ გავმართლდი, მეორედაც მოვახერხებო. ამისათვის გასწორების მაგიერ, კიდევ უფრო ბოროტმოქმედი გახდება და ამნაირათ როგორც თვით ქურდი არის დამნაშავე თვისს ცუდ მიმართულებაში, ისე მისი შემწე-დამხმარენი, ანუ, რომ უკეთ ვსთქვათ, დამღუპველნი. ხანდისხან ტყუილს ადგილს აძლევენ იმ შემთხვევაშიაც კი, როდესაც სარგებლობის მაგიერ კაცს სულის დაღუპვის მეტი არა მოელის რა. ვსთქვათ, ვინმე ძლიერ ავად არის, ნათესავები და ნაცნობები დარწმუნებულნი არიან, დიდი-დიდი ორი სამი დღე კიდევ გაგრძელდეს მისი სიცოცხლე. ამ შემთხვევაში ქრისტიანული მოვალეობა მოითხოვს, უკანასკნელად აღსარება ათქმევინონ და წმინდა საიდუმლო მიაღებინონ. მაგრამ რას ვხედავთ უმეტეს ნაწილად? შეეშინდება ზიარება რომ გავუხსენოთ, დღეს მოვუსწრაფებთო. პირიქით ურჩევენ, ნუ ეზიარები, საზიარებელი რა გიშავს, ჯერ კიდევ დიდხანს იცოცხლებო და ამით უნდათ ანუგეშონ, მაგრამ ამასობაში დალევს სულს და ზიარების ღირსი ვერ გახდება. ვინ არის ამაში დამნაშავე? ის, ვინც ტყუილად ანუგეშებდა, ვინც ფიქრობდა, მოყვრულად ვექცევიო და პირველ მტრად კი გაუხდა. ამინ. |
 |
|
ხმა მწყემსისა (მოძღვრებანი და სიტყვანი) [გვ. 26] |
|
| თემა: სიმდიდრე, მოწყალება მოძღვარი: პროტოპრესვიტერი მ. ტყემალაძე დამატების დრო: 09.06.2012
|
ღმერთმა მცნებად დაუდო ადამიანს, რომ მან ოფლითა თვისითა სჭამოს პური. „ოფლითა პირისა შენისათა შჭამდე პურსა შენსა“ (შექ. 3, 19). ბედნიერია ის კაცი, ვინც ამ მცნებას კეთილსვინდისიერად ასრულებს. ყოველჟამს კურთხევა უფლისა არს მასზედა. მის ნაშრომს ღმერთი არასოდეს არ დასტოვებს უნაყოფოდ, ყოველთვის ექნება მას საზრდო: „მოქმედი ქვეყანისა თვისისასა განსძღეს პურითა“, ამბობს სოლომონ ბრძენი (იგ. 12, 11). თვითონაც გაძღება, უკლებლად ექნება საზრდო და იმოდენიც გადარჩება, რომ სხვებსაც არგოს, განუზიაროს. ხოლო საჭიროა ადამიანს ჰქონდეს, გარდა შრომის უნარისა, კიდევ სხვა თვისება სულისა, რომელიც მას მაღლა აყენებს და საუკუნოდ ხდის უკვდავად. ეს არის კაცთ-მოყვარეობა, გულშემატკივრობა, სინანული. ვინც ამ გრძნობას მოკლებულია, უმჯობესია მას არ გარდაემატოს ქონება, თორემ იგი გახდება მსხვერპლად მოპოვებული სიმდიდრისა. უკანასკნელი მას დაღუპავს, გაუხდება კერპად და თვითონ შეიქმნება მის ყურმოჭრილ ყრმად. ამისათვის გვაფრთხილებს მაცხოვარი: არ დავემონოთ სიმდიდრეს, არამედ იგი მოვიხმაროთ კეთილ საქმეებზე (მათ. 19, 23). კეთილ-მოქმედება კი შესძენს ადამიანს დიდებასაც, პატივსაც და მშვიდობასაც, „დიდება და პატივი და მშვიდობა ყოველსა მოქმედსა მშვიდობისასა“, ამბობს პავლე მოციქული (რომ. 2, 10). როდესაც ღმერთი გვაძლევს ჩვენ იმაზე მეტს, რაც ჩვენთვის საჭიროა, ეს იმის ნიშანია, რომ მომეტებული სხვას უნდა მივსცეთ, ის ჩვენ არ გვეკუთვნის, სხვებისათვის არის დანიშნული, განმზადებული, სახელდობრ იმათთვის, ვინც სხვა და სხვა გარემოებათაგან, გარდა სიზარმაცის, ჩავარდნილნი არიან სიღარიბეში. ზარმაცნი კი ღირსნი არ არიან შემწეობისა; ამას საღმრთო წერილი გარკვევით გვეუბნება: „უკეთუ ვისმე არა უნებს საქმისა, ნუცა ჰსჭამნ“ (2 თესალ. 3, 10). სხვებს კი, კერძო პირთა, გინდ საზოგადოებათა, მოვალენი ვართ გაჭირვების დროს ხელი გავუმართოთ, მივაწოდოთ, რაც კი რამ შესაძლოა ჩვენი მხრივ. შეძლებულს ეუბნება დავით მეფე: „შენდა დაშთომილ არს გლახაკი, ობოლსა შენ ეყავნ მწე“ (ფს. 9, 35). თუ არ მოისურვებს ვინმე ამ მოვალეობის ასრულებას, იგი ხდება პასუხის მგებელათ ღვთის წინაშე, როგორც მისი მოწინააღმდეგე, კაცთა წინაშე კი, როგორც მიმთვისებელი მათი კერძისა, კუთვნილებისა. უკეთ რომ ვსთქვათ, სიმდიდრე ჩვენი - ღვთისაა. „სიმდიდრე ჩემი არს“, ამბობს თვით უფალი (იგ. 8, 18). იგი არს პატრონი, ჩვენ მხოლოდ გამგებელნი უნდა ვასრულებდეთ ჩვენი მეუფის ნებას: „განჰყიდენით მონაგებნი თქვენნი, და მიეცით ქველის საქმე“ (ლუკ. 12, 33). ყველა ზემოაღნიშნულნი მცნებანი პირნათლად და თითქმის ზედმიწევნით შეასრულა განსვენებულმა დავით ზაქარიას ძემ. სიყრმიდანვე იწყო მან შრომა. თვისი დაუცხრომელი მეცადინეობით მან შეიძინა ევროპული ცოდნა-განათლება. სწავლის დამთავრების შემდეგ, გატაცებული სამშობლოსადმი განუსაზღვრელი სიყვარულით, გამოეშურა საქართველოსკენ და მხნედ შეუდგა მრეწველობის აღორძინებას ჩვენ ქვეყანაში. დიდძალმა მუშამ მოიყარა მასთან თავი და მისი ბრძნული ხელმძღვანელობით მუყაითად მოეკიდნენ ამ დიდად სასარგებლო საქმეს. იგი მათთვის იყო მასწავლებელი და ხელმძღვანელი, ამასთანავე მეგობარი და მამა, რითაც დაიმსახურა მათი გულწრფელი სიყვარული. ასეთი მხნე, უანგარო, უმწიკვლო მუშაკი დიდად დააჯილდოვა ღმერთმა, მისი საქმე კარგად წაიყვანა, შესძინა მას სიმდიდრე და მოუხვეჭა სახელი და დიდება. მაგრამ განსვენებული სახელისა და დიდებისათვის კი არ შრომობდა; უმთავრესი მისი სულის კვეთება იყო კაცთ მოყვარეობა და ქველი საქმე და ამ გრძნობამ ნება არ მისცა მას ყოველივე თვისი მონაგები მარტო თავისთავზე მოეხმარნა. პირიქით, იმდენი თავის თავზე მას არ დაუხარჯნია, რამდენიც სხვებზე. ვინ ჩამოთვლის, რამდენი შემწეობა აღმოუჩენია განსვენებულს დავით ზაქარიას ძეს სხვა და სხვა დაწესებულებათათვის, რამდენ ახალგაზრდას მიუღია განათლება მის შემწეობით, როგორც საშუალო, ისე მაღალ სასწავლებლებში, რამდენ ქვრივ-ობოლს უსაზრდოვნია თავი მისი სიქველით? განურჩევლად ეროვნებისა ყველანი მასთან მიიქცეოდნენ, ყველანი ხელს უწვდიდნენ და დახმარებას სთხოვდნენ. ისიც მზად იყო შეძლებისა და გვარად ყველანი დაეკმაყოფილებინა. თვისი ქველმოქმედებით მან დაიმსახურა პატივი და დიდება მთელ კავკასიის ერთა შორის. ამისათვის ყველანი გულწრფელად გლოვობენ დღეს მის დაკარგვას. ნამეტნავად კი ქართველი ერი, რომლის სიმშვენიერეს ის შეადგენდა, ვითარცა ამბაამ, იაკობ, იობ და მეფე დავითი ებრაელებისას. მათსავით, სიმდიდრესთან ერთად, განსვენებულს ჰქონდა: მართლმორწმუნეობა, სასოება, კაცთმოყვარეობა და სიმშვიდე. აი ამნაირ ძვირფას ადამიანს ვესალმებით დღეს ჩვენ უკანასკნელად. მშვიდობით, დავით ზაქარიას ძევ, მშვიდობით! ბევრი რამ უსიამოვნება მოგვიყენებია შენთვის, მაგრამ მოგვიტევე. თავი გქონდა ჩვენგან მობეზრებული წამ და უწუმ ხვეწნით და ვედრებით: „მოგვეც, დავით, მოგვეც, შეგვეწიე“. შენც არ იშურებდი მიცემას, შემწეობას, რაც კი შეგეძლო, გვაძლევდი; მაგრამ ჩვენი გული მაინც ვერ შეაჯერა შენმა უხვმა ქველმოქმედებამ და შენ კეთილი გული გტკიოდა, ხედავდი რა, რომ არ შეგეძლო ჩვენი დაკმაყოფილება. სურვილი ყველას დახმარებისა მეტად ძლიერი იყო შენში, მაგრამ ამ სურვილს ვერ დააკმაყოფილებდა, რაცა გქონდა, იმაზე ერთი ათასად მეტიც რომ გქონოდა. ან რა დაგვაკმაყოფილებს ჩვენ, ქართველებს, ქონებრივ დაქვეითებულებს, თუნდაც შენისთანა ქველმოქმედნი ათასი კიდევ გვყვანდნენ? მაგრამ რას ვამბობ! არამც თუ ათასი, შენისთანა ჩვენ აღარავინ დაგვრჩენია; ჩვენ მეორე დავითი არა გვყავს და შეიძლება დიდხანსაც არ გამოგვიჩნდეს. აი ეს არის ჩვენი სამწუხარო და სატირალი. მშვიდობით, ჩვენო გულუხვო ქველმოქმედო, ნამდვილო ქართველო ადამიანო, მშვიდობით! საუკუნოდ იყოს ხსენება შენი. ამინ. |
 |
|
ხმა მწყემსისა (მოძღვრებანი და სიტყვანი) [გვ. 205] |
|
| თემა: მემთვრალეობა მოძღვარი: პროტოპრესვიტერი მ. ტყემალაძე დამატების დრო: 07.06.2012
|
დადგება თუ არა დღესასწაული, ხალხი ცდილობს, რაც შეიძლება ბევრი ისიამოვნოს. ზოგი რაში ხედავს სიამოვნებას, სიხარულს, ზოგი რაში; უმეტესი ნაწილი მდაბალი მუშა ხალხისა დროის გადამეტებას ღვინის გადამეტებულ სმაში პოულობს. ღვინო, მართლაც, როგორც სთქვა დავით წინასწარმეტყველმა, „ახარებს გულსა კაცისასა" (პს. 103, 15). მაგრამ ახარებს მაშინ, როდესაც ზომიერად სვამს კაცი. საზოგადოდ უნდა ითქვას, რომ ყოველივე სასმელი და საჭმელი მაშინ არის მარგებელი, როდესაც ზომიერად მიიღებენ ხოლმე, გადაჭარბებული ყველაფერი მავნებელია. „სარგებელ ცხოვრებისა კაცთასა ღვინო, უკეთუ სვა იგი საზომისაებრ მისისა“, ამბობს ზირაქი (31, 31). ზოგს ისეთი აგებულობა, ისეთი სტომაქი აქვს, რომ ექიმები წამლათაც გამოუწერენ ხოლმე, ურჩევენ უღვინოთ პური არ სჭამონ. პავლე მოციქული სწერს ტიმოთეს: „ნუ წყალსა ხოლო ჰსვამ, არამედ ღვინოც მცირედ იხმიე სტომაქისათვის და ზედას-ზედა უძლურებისა შენისათვის“ (ტიმ. 5, 23). „ყოველი დაბადებული ღმრთისა კეთილ არს“, ამბობს საღმრთო წერილი (ტიმ. 4, 4), უსათუოდ ღვინოსაც თავისი მნიშვნელობა აქვს, რომ ღმერთს გაუჩენია. წამალი მხოლოდ მაშინ არის წამალი, როდესაც ზომიერად მიიღებს კაცი და თუ გადაეჭარბა, მაშინ წამალი საწამლავად გადაიქცევა. „სიმწარე სულისა, სმა მრავლისაი ღვინისა“, ამბობს ზირაქი (ზირ. 31). მართლადაც დიდ სიმწარეს აყენებს კაცს ღვინის უზომოდ დალევა. ბევრს თქვენგანს, თუ თავის თავზე არ გამოუცდია, გაუგონია და დაუნახავს, თუ რას ემსგავსება მთვრალი კაცი. ნათქვამია საღმრთო წერილში: „კაცი შექმნილია ხატად და მსგავსად ღვთისა“. ეს ხატება სიმთვრალის დროს კაცს ეკარგება, პირუტყვს, ცხოველს ემსგავსება. რაც უნდა განათლებული, განვითარებული კაცი იყოს, თუ ღვინო უზომოთ დალია, უსათუოდ გონება დაეკარგება, თვითონაც არ ესმის, რას ამბობს, ან რას აკეთებს. „ღვინო მიაქცევს მეცნიერთა, - ამბობს საღმრთო წერილი (ზირ. 31). თუკი მეცნიერი ასეთ მდგომარეობაში ვარდება, უგუნურს, გაუნათლებელს რაღა სიკეთეს მისცემს? „განამრავლებს გულისწყრომასა უგუნურისასა სიმთვრალე“ ამბობს საღმრთო წერილი. ღვინისაგან წარმოსდგება უმეტეს ნაწილად შფოთი, ჩხუბი, ბიწიერება. თუ დაკვირვებიხართ, უმეტესი ნაწილი მკვლელობებისა ღვინის სმის დროს სიმთვრალისაგან ხდება: "ვისა ვაი, ვისა შფოთი, ვისა სასჯელი, ვისა ურვანი და ლაღვა, ვისა შემუსვრა ამავოსა შინა, ვისა ლიბრი თვალნი, - კითხულობს სოლომონ ბრძენი, - თუ არა იმას, ვინც დამყოფელია ღვინოსა შინა" (იგ. 23, 29). ამისათვის ჩვენი მაცხოვარი გვეუბნება: "ეკრძალენით თავთა თქვენთა, ნუ უკვე დამძიმდენ გულნი თქვენნი შვებითა და მთვრალობითა" (ლუკ. 21, 34). "ნუ დაითვრებით ღვინითა", გვარიგებს სოლომონ ბრძენი. მემთვრალე კაცს თანდათან ფიზიკური ძალა ეკარგება და თუ სიმთვრალე სენად გარდაექცა, სულ დაუძლურდება, დღე შეუმოკლდება და უდროვოდ გამოესალმება წუთისოფელს. ამას დიდი დამტკიცება არ უნდა, ვისაც უნახავს მთვრალი კაცი. როგორ მიდის ის გზაში? გაივლის ცოტას თუ არა, წაუბორძიკდება ფეხი, ვერ შეძლებს გაჩერებას და წაიქცევა. კიდევ კარგი, თუ კარგი ადგილი შეხვდა, თორემ ხშირად ან თხრილში ჩავარდება, ან გადაემტვრევა რაზედმე, ან მოიტეხს ხელს, ფეხს, ან თავს გაიტეხს. თუ გაუჩნდა მშველელი, პატრონი, კარგია და თუ არა, შეიძლება კიდევაც მოკვდეს. თუ გზაში არაფერი გაუჭირდა და მივიდა შინ, სიკეთეს არ დააყრის ცოლ-შვილს. ერთ აყალ-მაყალს ასტეხს; დორბლები პირიდგან სცვივა, არც თვითონ იცის, რა უნდა, რას თხოულობს; ენა მას აღარ ემორჩილება, რას ბუტბუტებს და ლუღლუღებს, თვითონაც არ ესმის. თუ როგორმე დაოკდა და დაეძინა, დილით გვიან ადგება ყელგამოხრანწული, თავბრუდახვეული, არ ახსოვს, რა მდგომარეობაში იყო წინა დღით. ახლა კუჭს, რომლის სისაღისთვისაც ზომით ხმარობენ ღვინოს, როგორ აფუჭებს სიმთვრალე?! სიტყვიერად ვერ აღგიწერთ, თუ რაოდენ განსხვავდება საღი კუჭი სიმთვრალისაგან გაფუჭებული კუჭისაგან. ამის შემხედვარე განა არ უნდა მიხვდეს და არ დარწმუნდეს, რამოდენად მავნებელია მთვრალობა კაცის სხეულისათვის? ახლა ოჯახისათვის რა უბედურობა არის, როდესაც მამა-პატრონი მისი შეპყრობილია ამ სენით? ყოველ დღე გულის ხეთქა, ყოველ დღე ჯავრი, მასთან უკიდურესი სიღარიბე. რა უნდა დარჩეს მუშა კაცს, თუკი ორიოდე გროშს, რასაც იშოვის, ღვინოში დახარჯავს? "მუშაკი მემთვრალე არა გამდიდრდების", ამბობს საღმრთო წერილი (ზირ. 3, 1). ათასი ბევრი ჰქონდეს კაცს შეძენილი, თუ მიჰყო ხელი მთვრალობას, მალე გაღარიბდება. "ნუ იყოფი ღვინის მსმელ", - ამბობს სოლომონ ბრძენი, - "რამეთუ ყოველი მემთვრალე დაგლახაკდეს" (იგ. 23, 20). ამნაირად მემთვრალე კაცი ღუპავს თავის თავს და ცოლ-შვილსაც. ამითი აიხსნება, რომ ჩვენს ხელოსნებს (თუ ყველას არა, ზოგიერთს მაინც) აქამომდე ვერ დაუღწევიათ თავი უკიდურესს სიღარიბისაგან. კიდევ კარგი, თუ მარტო მამას შერჩა ეს სენი, თორემ ხშირად შვილებსაც გამოაჩნდებათ ხოლმე; მამისაგან მემკვიდრეობით გადადის მათზე ეს მეტად საზარელი და კაცის დამღუპველი სენი. ამისათვის სძულსთ მემთვრალე კაცი ყველას, ვისაც არა სჭირსთ ეს სენი, ზიზღით მიჩერებიან მას, მასთან საქმეს არასოდეს არ დაიკავებენ, ყოველი ნდობა საზოგადოებაში დაკარგული აქვს. ეს კიდევ არაფერი, თუ მარტო ქვეყნიურ ცხოვრებაში მოელის მას სასჯელი. უბედურობა ის არის, რომ ისე კაცისაგან არ ისჯებიან მემთვრალენი, როგორც ღვთისაგან. საღმრთო წერილში პირდაპირ არის ნათქვამი: "მრავალნი წარწყმინდნა ღვინომან" (ზირ. 31). "მემთვრალენი სასუფეველსა ცათასა ვერ დაიმკვიდრებენ". ამისათვის ძმანო ჩემნო საყვარელნო, გაუფრთხილდით თავის თავს, ტყუილა უბრალოდ თავი არ გაიფუჭოთ, რაც საჭირო არის თქვენი სხეულისათვის, ზომით დალიეთ ხოლმე და თუ საჭირო არ არის, სულაც აკვეთეთ; ყველაზე უკეთესი ის არის, რაც შეიძლებოდეს, ერიდოთ ხშირად ღვინის სმას, რომელმაც ბოლოს სიმთვრალეთ გადაქცევა იცის. ეცადეთ დრო გაატაროთ იმნაირ გასართობ საქმეში, რომელიც სასარგებლო იქნეს, როგორც თქვენი სხეულისათვის, ისე სულისათვის. ამინ. |
 |
|
ხმა მწყემსისა (მოძღვრებანი და სიტყვანი) [გვ. 34] |
|
| თემა: ცილისწამება მოძღვარი: პროტოპრესვიტერი მ. ტყემალაძე დამატების დრო: 07.06.2012
|
ცილის წამებას ერთი უპირველესი ადგილთაგანი უჭირავს ცოდვათა შორის. ეს ისეთივე მძიმე ცოდვაა, ისეთივე მომაკვდინებელია, როგორიც არის, მაგალითად კაცის კვლა, ქურდობა და სხვა. თუ მართალი გინდათ, მათზედაც უმძიმესია. ქურდი კაცი, მაგალითათ, მოგპარავს ნივთს რასმეს, შენ მაინც უვნებლად დაგტოვებს, ის კი, ვინც ცილის მწამებლის გესლის მსხვერპლად ხდება, უსათუოდ უნდა მოიშხამოს. ყოველნაირ ცუდი მიმართულების კაცმა ხანდისხან მაინც იცის მოყვსის შებრალება. ცილის მწამებელი კი მუდამ ულმობელია. დავით მეფე ადარებს ცილის მწამებელს გველს და ამბობს: „აღილესენ ენა მათი ვითარცა გველისა და გესლი ასპიტთა ბაგეთა მათთა (ფს. 139, 3). ჩვენ შეგვიძლია კიდევ მეტი ვსთქვათ. გველსა და ყოველივე მხეცს-ნადირს კაცი როგორმე მოერიდება, ეცდება თავი დაიცვას, შეიარაღებული დახვდეს, მაგრამ რაც შეეხება ცილისმწამებელ კაცს, მას ვერას გზით ვერ მოერიდებით. ყოველნაირ ხერხს, ღონეს ხმარობს ცილისმწამებელი, რომ თავისი მსხვერპლი მოინელოს. თუ რამე ღირსებას ხედავს თავის აძულებულ პირში, ცდილობს როგორმე დაამციროს, მისი ღირსება არც კი მოიხსენოს სხვების წინაშე, არავის არ შეამჩნევიოს, არ დაანახვოს, ცუდი მხარე მისი კი ათასნაირად გააზვიადოს. თავის აზრის მისახწევად ცილისმწამებელი საშუალებათ უმეტეს ნაწილად პირმოთნეობას ხმარობს. იმნაირად გვეჩვენება, იმნაირად დაგიახლოვდება, ვითომც შენი პირველი მეგობარია და როდესაც შენ ის ერთგული გგონია და გულს გადუშლი, მაშინ ცდილობს ყოველნაირი შენი გულისპასუხი გაიგოს, მესაიდუმლე გახდეს, რომ შემთხვევის დროს ისარგებლოს. როცა შენთან არის, სხვას აძაგებს, კიცხავს, მაგრამ იცოდე, შენზედაც ცუდს იტყვის, როცა დასჭირდება, როცა შენი ძაგებით სხვისი გული უნდა მოიგოს. მთავრობასთან რომ შეხვდეს, აძაგებს იმ პირს, რომელიც მთავრობისაგან რაშიმე არის შენიშნული, სხვა დროს საზოგადოებაში დაუწყებს კიცხვას იმავე პირს, ვითომდა მთავრობის ერთგულებისთვის. ვერასოდეს ვერ მოისვენებს ცილისმწამებელი კაცი. ის თითქოს ყველგან მყოფი იყოს, ხან იქ არის, ხან აქ, ცდილობს ყველგან, ყოველ საზოგადოებაში, ყოველ ოჯახში, ყოველ კაცთან იქონიოს მსვლელობა. ყველას მეგობრად ეჩვენება და მასთანვე ყველგან თავის გესლიანი და შხამიანი ენით ვისმეს უნდა უკბინოს. რამოდენი მეგობრები, რამოდენი ცოლ-ქმარნი გამხდარან ერთმანეთის დაუძინებელ მტრებად ცილისმწამებელის მეოხებით! თუ ასე მავნებელია, თუ ასე წინააღმდეგია ქრისტიანული სწავლა-მოძღვრებისა ცილისწამება, რისთვის არ ცდილობენ მის მოსპობას? განა დამნაშავე არ არის ამ შემთხვევაში საზოგადოება? საზოგადოება ხელს არ უწყობს ამ დამღუპველ სენის გავრცელებას? სადაც ქრისტეს მცნებას - შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი, - ფეხი დაუდგამს, იქ ცილის-წამებას ადგილი არასოდეს არ ექნება. რომელიმე სნეულება მაშინ გავრცელდება ხალხში, სოფლად თუ ქალაქად, როდესაც მას შესაფერისი ნიადაგი ხვდება, როდესაც კაცის სხეული მომზადებულია მის შესათვისებლად. იგივე ითქმის ცილის-წამების შესახებაც. ჩვენს დროში ცილისმწამებელთა რიცხვი თანდათან მატულობს. რისთვის? მისთვის, რომ მათ გავლენა მოიპოვეს, მათ სიტყვას იჯერებენ, მათ ხელს უწყობენ, მხარს უჭერენ. ჩვენ როცა შევხვდებით ერთმანეთს, ვეკითხებით, რა იცით ახალი ამბავიო? თითქმის ყოველთვის ამ საკითხს ერთი და იგივე პასუხი მოსდევს - ვისიმე გაკიცხვა. იმნაირად შევეჩვიეთ ზურგთ უკან ერთმანეთის გაკიცხვას, რომ როგორც პური უმარილოდ უგემური გვეჩვენება, ისე ჩვენი მუსაიფი, მასლაათი, ულაზადოდ და უგემურად, თუ ვინმე არ გავკიცხეთ. ამ ჩვენი სისუსტით სარგებლობენ ჩვენი ცილის-მწამებელნი. ისინი ჩვენივე შემწეობით ადვილად აღწევენ მიზანს. ნამეტნავად ხელს უწყობენ მათ ჭკუათხელნი, რომლებიც ადვილად დაიჯერებენ ხოლმე ყოველივე ნათქვამს და მზად არიან გაავრცელონ იგი. ცილისმწამებელს ესმის ეს და სარგებლობს კიდეც ამ ჭკუათხელობითა. როცა უნდა მას, გაავრცელოს ვისზემე ვისზემე ცუდი ხმა, ბევრი ჯაფა არ სჭირდება, მხოლოდ ადვილად დამჯერ პირთან იტყვის რასმე ცუდს, ვისზედაც უნდა, და მეორე დღეს ყოველ ოჯახში იციან; ერთი ოჯახიდან მეორე ოჯახში ახალ ამბათ გადადის და მსწრაფლად ეფინება საზოგადოებას. მერმე როგორ? ისე კი არა, როგორც თვითონ ცილისმწამებელმა გამოსთქვა. არა, ის ერთი კვირის შემდეგ ვეღარც კი იცნობს თავის გამოთქმულს ცილსა. ყოველი გამგონი, როცა სხვას ეტყვის, უსათუოდ თავის მხრივ რამე უნდა მიუმატოს. ვინც ცილის-მწამებლის მსხვერპლად ხდება, რა უნდა ვუთხრათ მათ სანუგეშოთ? იმან უნდა იცოდეს, დაჯერებული იყოს, რომ ბოლო დროს უსათუოდ გაიმარჯვებს, თუ სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდება და მოთმინებას იქონიებს. საზოგადოებაში, რაც არ უნდა მცირე იყოს იგი, ყოველთვის მოიპოვება ორი, სამი კაცი - მართლმსაჯულნი, კეთილ-სვინდისიერნი, რომლებიც სიმართლეს დაინახავენ და ეცდებიან იგი, შებღალული, შემწიკვლული, ისევ განასპეტაკონ. ისინი მხარს დაუჭერენ ცილ-დაწამებულს, ეცდებიან, საზოგადოებას აუხსნან საქმის გარემოება, ყოველივე კარგი მისი მხარე თვალსაჩინოდ დაანახონ ყველას და ცუდი ხმები გააქარწყლონ. ეს უნდა გახსოვდეს ყოველთვის, რომ შენ ცილის-მწამებელს სამაგიერო არ გადაუხადო. ყოველთვის ჯობია ცილ-დაწამებული იყო, ვინემ ცილის-მწამებელი. თვით მაცხოვარს ჩვენსას, „ვინც უსჯულოება არა ჰქმნა, არცა იპოვებოდა ზაკვა პირსა შინა მისსა“ როგორი ცილი დასწამეს მტრებმა, თვითონ კი სამაგიეროდ როგორ ცდილობდა მათთვის? „უფალო, აპატიე მათ, არა იციან რასა იქმონან“ - აი მისი პასუხი. ესეც არ უნდა დავივიწყოთ და ყოველთვის მხედველობაში ვიქონიოთ, რომ ბოროტი კაცი თავის თავს უფრო ბევრს ავნებს, ვინემ სხვასა. ვინც კეთილია, ის თავის-თავისათვისაც კეთილია და სხვისთვისაც, ვინც ბოროტია, უფრო თავის-თავისათვის არის მავნებელი. უკეთუ ბრძენ იყო, თავისა შენისა ბრძენ იყო და მოყვასთაცა შენთა, ხოლო უკეთუ ბოროტი იყო, აღმოივსო მხოლომან ბოროტი“. ამბობს სოლომონ ბრძენი, მეფე ურიათა. (იგ. 14, 12). ამინ. |
 |
|
ხმა მწყემსისა (მოძღვრებანი და სიტყვანი) [გვ. 30] |
|
| თემა: შური მოძღვარი: პროტოპრესვიტერი მ. ტყემალაძე დამატების დრო: 08.06.2012
|
კაცი არასოდეს არ კმაყოფილდება იმ მდგომარეობით, რომელშიაც იმყოფება; რაც უნდა უზრუნველი იყოს მისი ცხოვრება, უკეთესს ესწრაფვის. ადამიანის სურვილს, ლტოლვილებას, მისს სულის სწრაფვას უმჯობესობისაკენ, საზღვარი არ აქვს. ასედაც უნდა იყოს. უამისოდ კაცობრიობის წინმსვლელობა ყოვლად შეუძლებელია. ჩვენ რომ დავკმაყოფილდეთ იმითი, რაც გვაქვს, მეტი არ მოვინდომოთ, მაშინ ხომ ერთსა და იმავე წერტილზე უნდა გავჩერდეთ. ეს ხომ დიდი უბედურება იქნება. ვიმეორებ, კარგია და დიდად სასარგებლო ეს თვისება ადამიანის სულისა, მაგრამ ყოველივე ღირსებას, ღვთისაგან მოცემულს, მაშინ აქვს მნიშვნელობა, მაშინ შეუძლია დანიშნულებისამებრ მოუტანოს კაცს სარგებლობა, თუ კარგს მიმართულებას მიიღებს, თუ სწორი გზით ივლის. ჩვენდა საუბედუროდ, სხვა და სხვა გარემოებათა მეოხებით, სხვა და სხვა მიზეზთა გამო ამ გზას ხშირად გადავუხვევთ ხოლმე და ნაცვლად კანონიერი დაკმაყოფილებისა, ვცდილობთ უკანონო მოქმედებით მივსცეთ საზრდო ჩვენს ლტოლვილებას და სურვილს. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ყველას არ მოსდევს ძალა და ღონე, აისრულოს თავისი სურვილი, დააკმაყოფილოს თავისი თავი. კაცი კი ყოველთვის ეპოტინება იმას, რაც მის ძალას აღემატება. გინდა, მაგალითად, გქონდეს დიდი სიმდიდრე, მაგრამ ამისი მოპოების უნარი არა გაქვს; გინდა იყო განათლებული, დიდებული კაცი, მაგრამ არც სიმდიდრე, არც სწავლა და არც სხვა რაიმე ღირსება ამისათვის არა გაქვს; გინდა სადმე მაღალი ადგილი გეჭიროს, რომელიმე დაწესებულების უფროსად იყო, მაგრამ არც შენი სწავლა და არც ბუნებითი ნიჭი არ შეესაბამებიან ამ ადგილს. როდესაც ხედავს კაცი თავის უღონობას, ბრაზდება, უკმაყოფილება ებადება გულში და შეიპყრობს მას შური იმ მოძმისადმი, რომლისთვისაც ადვილად მოსახერხებელი და შესაძლოა ის, რაც მისთვის შეუძლებელი და ძნელად მისაღწევი გახდა. ერთი პირის გამარჯვება რომელიმე საქმეში, მრავალში შურსა ბადებს. "ვიხილე მე ყოვლისა შრომისა და ყოვლისა სიმხნისა ნაქნართასა, რამეთუ ესე შური კაცისა მოყვასისაგან თვისისა" (ეკკლ. 4, 4), ამბობს სოლომონ ბრძენი. მალე შური მძულვარებას ბადებს და სიძულვილი ხომ ყოველივე ბოროტებას გამოიწვევს. "ხოლო უკეთუ შური მწარე გაქვნდეს გულთა შინა თქვენთა, ნუ იქადით, - ამბობს იაკობ მოციქული, - და სტყუით ჭეშმარიტებასა ზედა. არა არს ეს სიბრძნე ზეგარდამო სრული, არამედ ქვეყანისა, მშვინვიერი და საეშმაკოი. რამეთუ სადა არს შური, მუნ შფოთი და ყოველი ბოროტისა საქმე" (3, 14, 16). სიშურეს, როცა მძულვარება დაერთობა, და ასედაც არის ხოლმე ყოველთვის, - არავის ზოგავს, ყოველთვის იმის ფიქრშია, თუ როგორ გაანადგუროს და უდროვოდ გამოასალმოს ამ წუთისოფელს ის, ვისიც რაიმე შურს. ამისათვის ამბობს იოანე ღვთისმეტყველი: "ყოველსა, რომელსა სძულდეს ძმა თვისი, იგი კაცისა მკვლელი არს" (1 იოანე 3, 15). ისტორია ბევრს მაგალითებს გვაძლევს ამის დასასაბუთებლად. კაინს რომ არ შეშურებოდა ძმის - აბელის ღვთისგან მსხვერპლის მიღება, რად მოკლავდა მას, მაგრამ შურმა ჩაადენინა მას ეს ბოროტება. ძმები იოსებს რას ერჩოდნენ, რა დაუშავა მათ ამ უმანკო კაცმა, მაგრამ შურმა დააბრმავა ისინი და რომ არ გაეყიდნათ, უსათუოდ მოკლავდნენ; დავითი როგორი პატივისმცემელი იყო საულ მეფისა, მაგრამ მეფე, ხედავდა რა მის უაღრესობასა, უკეთესობასა, შურითა აღივსო გული მისი და მოსაკლავად დასდევდა. დავით მეფეს შეშურდა ურიის ცოლი; რათა შეერთო ის, მოაკვლევინა ქმარი. აქაბ მეფეს შეშურდა ნაუფეის ბაღი და ვერ მოისვენა მანამდე, სანამ ეს კაცი წუთოსოფელს არ გამოასალმა და მისი ბაღი ხელში არ ჩაიგდო; იესო ქრისტეს წინააღმდეგ რამ აამხედრა მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი, ფარისეველნი, თუ არა შურმა? "რამეთუ უწყოდა პილატემ, ვითარმედ შურითა მისცეს იგი" (ე. ი. ქრისტე) (მათ. 27, 18); მოციქულებს რას ერჩოდნენ, რომ სდევნიდნენ, ვის რას უშავებდნენ?! მაგრამ შურმა არ მოასვენა ურიები. როდესაც მოციქულებმა ქადაგებით და სასწაულმოქმედებით გაითქვეს სახელი, "მღვდელთ მოძღვარნი და ყოველნი მისთანანი აღივსნეს შურითა (საქმე მოც. 5, 17). პავლე მოციქულს და ბარნაბას, როდესაც დიდძალი მსმენელები გარს ეხვეოდნენ, იხილეს რა ურიათა, აღივსნეს შურითა", სწერია საღმრთო წერილში. საზოგადოდ აუარებელ უბედურებას ატრიალებს ჩვენს ცხოვრებაში შური. ამისათვის გვარიგებს სოლომონ ბრძენი: "ნუ ისერებ კაცისა თანა მოშურნისა, ნუცა გული გითქვამს საჭმელსა მისსა" (იგ. 23, 6). ახლა ვიკითხოთ, მოშურნე რას იძენს, რა ემატება მას, როდესაც სდევნის და სიცოცხლეს უსპობს სხვას? სხვისი ჭკუა-გონება, სახელი ხომ მას არ დარჩება? თვისი მსხვერპლის ადგილს ის ხომ ვერ დაიჭერს? ვერა. მოშურნე თავის მიზანს ვერასოდეს ვერ მიაღწევს. "იშურებით და ვერ ძალგიძს მიმთხვევად", ამბობს იაკობ მოციქული (4, 2). არამც თუ იძენს რასმეს, არამედ იმასაც ჰკარგავს, რაც აქვს. ჩვენი ცხოვრება ისედაც მოკლეა და შური ხომ კიდევ უარესად უსწრაფებს კაცს სიცოცხლეს. "გული მოშურნე მღილია ძვალთა", ამბობს სოლომონ ბრძენი (იგ. 14, 30). ასე რომ, მოშურნეს უნდა მეტი შეიძინოს, მაგრამ მეტი კი არა, იმასაც უდროვოდ ჰკარგავს და ესალმება, რაც აქვს. ტყუილად კი არ არის ნათქვამი - "ბევრის მდომელს ცოტაც ეკარგებაო". საღმრთო წერილი გვეუბნება, რომ მოშურნე კაცი უფრო თავისთავის მტერია, ვინემ სხვისა. "მოშურნისა თავისა თვისისა თვით არს უბოროტესი, ესე მისაგებელი სიბოროტისა მისისა". ჩვენის ფიქრით, კი არ უნდა შეგძაგდეს, ძმაო ჩემო საყვარელო, ის, ვისიც რამე შეგენატრება, არამედ თვისი შრომით და მეცადინეობით უნდა შეიძინო, თუ ეს შენთვის შესაძლოა, თუ ძალა გიწვდება; უკეთუ სხვისოდენი არ შეგიძლია, ღმერთს შენთვის იმოდენი ძალა არ მოუცია, რად უნდა მოგდიოდეს გული, რად უნდა ბრაზდებოდე შენს მოყვასზე, მჯობნზე, ის რაშია დამნაშავე, რაში სტყუის? შესაძულებელი და დასასჯელი მაშინ იქნებოდა, რომ ღვთისაგან მოცემული მადლი მიწაში უნაყოფოთ ჩაეფლა. როგორც სთქვა იესო ქრისტემ; "ღმერთმა მისცა რომელსამე ხუთი ქანქარი, რომელსამე ორი და რომელსამე ერთი, კაცად-კაცადსა, მსგავსად ძალისა თვისისა" (მათ. 25, 14, 39). რასაკვირველია, ვისაც ერთი აქვს, ვერასოდეს ვერ გაუთანასწორდება ხუთის მქონებელსა და მოშურნის საქციელი ღვთის ნებას ეწინააღმდეგება, მას უსწორებს, თავის თავს მასზე ზევით აყენებს. ასეთ წინააღმდეგობას არ გასწევდა კაცი, მას შური არ დაებადებოდა გულში მოყვსისადმი, რომ დაჯერებული იყოს და ყოველთვის ახსოვდეს, რომ აქაურ მეტნაკლებობას ჩვენი სულის ცხოვრებისათვის მნიშვნელობა არა აქვს. ბევრის მქონებელი და ცოტასი, დიდებული და უბრალო, ყველანი ერთნაირად პასუხისმგებელნი არიან ღვთის წინაშე. ესეც იქონიე, ძმაო ჩემო საყვარელო, სახეში, რომ შენ თუ სხვას შენატრი, ვინ იცის, რამდენნი შენ შემოგნატრიან; შენ გგონია, უბედური ვარო, მაგრამ იმასაც, ვისაც შენ შენატრი, ისეთივე აზრი უტრიალებს თავში, ისიც ისე მცირედ აფასებს თავის მდგომარეობას, როგორც შენ; ისიც სხვის მდგომარეობას, ცხოვრებას ზემოთ აყენებს თავისაზე; იმასაც ისე ჰგონია, სადაც მე არა ვარ, იქ სამოთხეაო. ვინ იცის, ვისაც შენ შენატრი, ის შენ არ შემოგნატრის, შენ იმას სთვლი ბედნიერად, ის კი შენ, მაგრამ არც ერთი არა ხართ ბედნიერი, თუ ქვეყნიურ ცხოვრებას აძლევთ დიდ მნიშვნელობას, თუ ფიქრობთ, ეძებთ და იღვწით მისთვის, რომ აქ - ქვეყანაზე უზრუნველ-ჰყოთ თქვენი თავი, ყოვლის მხრივ დააკმაყოფილოთ თქვენი გული, რომელიც კრულია და გაუმაძღარი, და ვერ შეიგნებთ, რომ ღმერთმა სხვა დანიშნულება მისცა კაცს. "ღმერთო, - განცვიფრებით ამბობს ავგუსტინი, - შენ შეგიქმნია კაცი შენი თავისათვის და ამისათვის მხოლოდ შენში ჰპოვებს იგი მოსვენებას". ამინ. |
 |
|
ხმა მწყემსისა (მოძღვრებანი და სიტყვანი) [გვ. 43] |
|
| თემა: სიყვარული მტრისადმი, მტერობა მოძღვარი: პროტოპრესვიტერი მ. ტყემალაძე დამატების დრო: 09.06.2012
|
მაცხოვარი გვიბრძანებს: "გიყვარდეთ მტერნი თქვენნი"-ო. როგორ ფიქრობ, ძმაო ჩემო საყვარელო: შეგვიძლია ავასრულოთ ეს მცნება, შეგვიძლია იმოდენად ავმაღლდეთ და დავახწიოთ ამ ქვეყნიურ ბიწიერ ცხოვრებას, რომ მტერი ჩვენი შევიყვაროთ? მერე ჩვენ დროში, როდესაც ასეთი გაუტანლობაა, როდესაც ყოველი კაცი ცდილობს სხვას გზაზე გადაეღობოს და ყოველნაირი ხერხი იხმაროს, რათა ლუკმა პური წაართვას, წყარო ცხოვრებისა დაუშრიტოს, სარჩო-საბადებელზე ხელი ააღებინოს; ახლა როდესაც მტერი კი არა, ნათესავიც აღარ მიაჩნიათ, აღარ უყვარსთ, ძმა ძმის მტერია, განა დრო არის ვინმემ კაცს ამნაირი მცნების ასრულება სავალდებულოდ გაუხადოს? მე მეგობარი ვერ მიმიკარებია, ვერ მიგუებია, შენ კი მეუბნები: „მტერი შეიყვარეო“, მოდი და ნუ გაიცინებ! გასაცინარი და გასაოცარი აქ არა არის რა, ძმაო ჩემო საყვარელო. თუ როდისმე საჭირო იყო მაცხოვრის ზემოყვანილი სიტყვების გაგონება, მით უმეტეს ახლა, ჩვენს ზნედაცემულ დროში, აქვთ მათ მნიშვნელობა. თუ ყველანი არა, ზოგიერთნი ჩვენგანნი მაინც, გაიგონებენ რა ამნაირ დარიგებას, ჩაუფიქრდებიან თავიანთ თავს და მიხვდებიან, თუ რამოდენად დაქვეითებულან, დაცემულან. მაცხოვარი გვიბრძანებს: "მტერი შეიყვარეო და ჩვენ კი მეგობარიც ვერ შეგვიყვარებიაო“, იტყვიან ისინი და სინანულში ჩავარდებიან. თუ იმოდენად ვერ ამაღლდებიან, რომ მტერი შეიყვარონ, ეცდებიან მეგობარი მაინც დააფასონ, სამაგიერო გადაუხადონ და ესეც დიდია ჩვენს უმადურ წუთი-სოფელში. მაგრამ, ნუ თუ მართლა შეუძლებელია მტრის შეყვარება, ნუ თუ მართლა ყოვლად შეუძლებელია? გვითხრა, ასე უნდა მოიქცეთო და ამისათვის ძალ-ღონე კი არ მოგვცა? არა მგონია, როცა გვიბრძანებს, შესაძლოც უნდა იყოს ჩვენთვის. მართალია, ძნელია, ძლიერ ძნელია ამ მცნების სავსებით ასრულება, მაგრამ სრულებით შეუძლებელი კი არ არის. საღმრთო წერილში არა ერთს და ორს დარიგებას შეხვდებით მაცხოვრისას, რომელთა ასრულება საძნელოა ჩვენთვის, მაგრამ აქედგან არ შეგვიძლია ის დასკვნა გამოვიყვანოთ, რომ ისინი ცხოვრებაში გამოუსადეგარნი იყვნენ. მაგალითად, იესო ქრისტე გვეუბნება: "იყავით თქვენ სრულ, ვითარცა მამა თქვენი სრულ არსო". განა ამ მცნების ასრულება სავსებით ჩვენთვის შესაძლოა? სრულებითაც არა. მაგრამ იმასაც ვერ იტყვით, რომ ამნაირი დარიგება უმნიშვნელო იყოს. უფალი ჩვენი თავის დარიგებაში გვიჩვენებს ჩვენ იდეალს, რომელსაც ჩვენ მუდმივ უნდა ველტოდეთ, და თუ სავსებით ვერ მივახწევთ, უნდა ვეცადოთ, ცოტათი მაინც მიუახლოვდეთ. საჭიროა, ძმაო ჩემო საყვარელო, ვიცოდეთ, რომ მტერი მტრისაგან გაირჩევა; არის მტერი, რომელსაც პირადად შენ კი არ სძულხარ, არამედ შენი ცუდი ქცევა და მოქმედება არ მოსწონს და ყოველთვის მზად არის, საჯაროდ გაგკიცხოს. ამნაირი მტერი ღირსია პატივის-ცემისა და სიყვარულისა. კაცი ისეთი ქმნილებაა, თუ არ ეშინია, თუ არ ფიქრობს, ვინმე დამძრახავსო, ქვეყანაზე თავს მომჭრისო, არ ეცდება მოიქცეს ისე, როგორც რიგია. თავმოყვარეობა, სურვილი, არავინ დაგვცინოს, არავინ მასხრად არ აგვიგდოს, გვაიძულებს ჩვენ, უჩირქოდ ვატაროჩ ჩვენი სახელი. ჩვენში იტყვიან: "კაცი უმტროთ არ ვარგაო". მტერი კაცს აღვიძებს, აფხიზლებს, ნებას არ აძლევს, რასაც მოინდომებს, აისრულოს, იცის, რომ ყოველივე მისი ნაბიჯი, როცა იქნება, აიწონება, ასე თუ ისე დაფასდება მისი მტრისაგან. განა ცოტა სარგებლობა მოაქვს ამით მტერს? განა მეგობარი გაუწევს კაცს ასეთ სამსახურს, მოუტანს ასეთ სარგებლობას, უნაკლულო კაცს თავის დღეში ვერ იპოვით, მაგრამ ყველა კაცი კი ვერ ატყობს თავის თავს, ვერ ამჩნევს, თუ რა ნაკლულევანება აქვს; ხშირადაც ზოგიერთი თვისი ნაკლულევანება ღირსებადაც მიაჩნია. ვინ აგიხელს თვალებს, ვინ დაგანახვებს, რაც რომ აუგი გაქვს, თუ არა მტერი? მეგობარი ყოველთვის გერიდება და ცდილობს არ გაწყენიოს. ტყვილა კი არ უთქვამს ერთ ბრძენ ფილოსოფოსს: „უსარგებლესს არს შენდა მტერი, ვიდრე მეგობარი მით, რომელ მეგობარი მხოლოდ გაქებს და არ გიჩვენებს ნაკლულევანებათა შენთა, ხოლო მტერი აღმოგიჩენს ნაკლთა შენთა, გამხილებს და აღგადგენს შენ". სწორედ რომ ამნაირი მტერი ღირსია პატივის-ცემისა და სიყვარულისა. საუბედუროდ, არის ისეთი მტერიც, რომელსაც პირადად სძულხარ, სძულს შენი სახე, შენი ლაპარაკი, მიხვრა-მოხვრა, ტანისამოსიც კი და ყოველ ჟამს მზად არის ამ წუთისოფელს გამოგასალმოს. შენი ცუდი მოქმედება, ყოფაცხოვრება მას, როგორც ბოროტს, ახარებს, კარგი კი გულს უკლავს. როგორ უნდა მოეპყრო ამნაირ მოძულეს, რითი უნდა გამოიჩინო მის შესახებ კაცთ-მოყვარეობა?". "აკურთხევდით მწყევართა თქვენთა, ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქვენ და გდევნიდენ თქვენ“, გვიბრძანებს მაცხოვარი. ლოცვას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც სხვა დროს, ისე ამ შემთხვევაში. ჩვენ მუდმივ უნდა ვევედრებოდეთ ღმერთს, რომ მოძულენი ჩვენნი მოაქციოს, ჭეშმარიტ გზაზე დააყენოს, მძულვარების მაგიერ სიყვარული ჩაუნერგოს მათ მოყვსისადმი; თუ ჩვენ გულ-მოდგინედ, გულ-წრფელად ვსთხოვთ ყოვლად სახიერს, უსათუოდ შეიწყნარებს ჩვენ ხვეწნას. უკეთესი სამსახური რაღა უნდა იქნეს ჩვენი მხრივ, რომ ჩვენი მეოხებით მტერი ჩვენი კაცად იქცეს და სამუდამოდ არ დარჩეს მხეცად, ნადირად. ასე მოიქცნენ წმ. მოწამენი, მაგალითად: სტეფანე მთავარ დიაკონი, აბრამი, იპატი განგრელი და სხვები, და ამით წაბაძეს მაცხოვარს, რომელიც, როცა გამსჭვალული იყო ჯვარზე და მტრები დასცინოდნენ, მამა ღმერთს ევედრებოდა, ეპატიებია მათთვის დანაშაულობა. რამოდენნი მოიქცნენ და იწამეს იესო ქრისტე ამ წამებულთა ლოცვითა და მეოხებითა! გარდა ამისა, საჭიროა ყოველთვის ცხოვრებაში შენს მოძულესთან ისეთი განწყობილება, დამოკიდებულება იქონიო, როგორც გვირჩევს პავლე მოციქული: "ჰშიოდეს თუ მტერსა შენსა, პური ეც მას, და სწყუროდეს თუ, ასუ მას; ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ სძლიე კეთილითა მით ბოროტსა მას". ამნაირი ქცევით შენ სარგებლობას მოუტან, "კეთილს უყოფ" როგორც შენ მტერს, ისე შენ თავს: დასძლევ მას, ანუ როგორც ამბობს მოციქული, "ნაკვერცხალსა ცეცხლისასა შეჰკრებ თავსა მისსა"; როგორც ქვა ცეცხლისაგან, ისე თან და თან მორბილდება, გადაკეთდება, როცა შენ მას მუდმივ კარგად მოეპყრობი. როგორც საქმით, ისე სიტყვით უნდა ეცადო, შენზე ამხედრებული დააცხრო, დაამშვიდო. საღმრთო წერილში არის ნათქვამი: "სიტყვის გება მდაბალი მოაქცევს გულის წყრომასა და სიტყვამან ფიცხელმან აღმართოს რისხვა". ტკბილ სიტყვას, ნამეტურ ბოდიშის მოხდას შენზე უსამართლოდ ამხედრებულ, გაბრაზებულ კაცის წინაშე, დიდი გავლენა აქვს. ერთხელ წმ. ტიხონმა (ზადონელი, ვორონეჟელი ეპისკოპოსი) დაუწყო საუბარი სარწმუნოების შესახებ ერთ აზნაურს, რომელმაც ისეთი თავხედობა გამოიჩინა, ისე გაბრაზდა, რომ მღვდელ-მთავარს ლოყაში გაარტყა. წმ. ტიხონი დავარდა ამ კაცის წინ, დაუჩოქა და ბოდიში მოითხოვა, რომ გააბრაზა და მოთმინებიდან გამოიყვანა. მღვდელ-მთავრის ამნაირმა ქცევამ ისე მოხიბლა, ისე მოარბილა ეს გაცეცხლებული ურწმუნო კაცი, რომ იძულებული შეიქნა თვითონაც მუხლი მოეყარა წმიდანის წინაშე, შენდობა მოეთხოვა და ამასთანავე თვისი შეხედულება სარწმუნოებაზე სრულებით გამოეცვალა. აი რა კეთილი საქმე უყო, რა სიკეთე გაუწია წმ. ტიხონმა თავის შეურაცხმყოფელს, როცა მაცხოვრის დარიგებისამებრ მას მეორე ლოყაც მიუშვირა გასარტყმელად. თუ ვინიცობაა, ძმაო ჩემო საყვარელო, იმოდენი გულკეთილობა არ გაქვს, რომ "ვერ შეიბრალებ კაცსა შენზე შურის მდომსა, ვერც საქმით და ვერც სიტყვით კეთილს ფარათ ვერ უფარავ შენთვის ბოროტის მდომსა, მადლის წყაროს ვერ ასმევ ცოდვის გუბეში მდგომსა", თავი მაინც შეიკავე, სულ ნუ გასცემ მას ხმას, ნურც ავს ეტყვი და ნურც კარგს შენს მეტოქეს; მოიქეცი ისე, როგორც ისაია წინასწარმეტყველი გვარიგებს: "შევედ საუნჯეთა შენთა, დახშენ კარნი შენნი (ე. ი. გული), ვიდრემდის წარხდეს რისხვა". ამნაირი ქცევა არამც თუ შენს მტერს მოუტანს დიდ სარგებლობას, დააოკებს მას, არამედ როგორც წინათაც მითქვამს, თვითონ შენთვისაც არის მეტად კარგი და სანატრელი; თუ ესეც არ შეგიძლია ძმაო ჩემო საყვარელო, თუ სიბოროტე აღემატება შენში და სძლევს კეთილ მიდრეკილებას და ნაცვლად "სამეოც და ათშვიდ გზის“ მიტევებისა, ყოველ ჟამს მზად ხარ სამაგიერო გადაუხადო ყოველ შენს ავის მდომსა, მაინც არის, ნუ აჩქარდები, მოიქეცი ისე, როგორც იქცევიან მართლ-მსაჯულები. სხვის სიტყვას, დასმენას ნუ აჰყვები, შენ თვითონ გულდასმით გამოიძიე, დარწმუნდი, ვინ არის შენი ნამდვილი მტერი, სხვისაგან არის გაბრიყვებული, მოტყუებული, წაქეზებული, თუ სხვისი ჭკუით მუშაობს და მერმე გაემკლავე მას. ჯერ სამართლიანადაც რომ დასაჯო შენი მოძულე, ღმერთი არ მოგიწონებს, სამაგიეროთ არც შენ "მოგიტევებს შეცოდებათა შენთა" (მათ. 18, 35); როგორი სასჯელი მოგელის, როდესაც უსამართლოდ უდანაშაულო კაცს ცილს დასწამებ, მიადგები და თავპირს დაამტვრევ? ამინ. |
 |
|
ხმა მწყემსისა (მოძღვრებანი და სიტყვანი) [გვ. 48] |
|
| თემა: ამპარტავნება მოძღვარი: პროტოპრესვიტერი მ. ტყემალაძე დამატების დრო: 09.06.2012
|
საიდან წარმოსდგება ამპარტავნობა და ვინ არის ამპარტავანი კაცი? როდესაც ვინმე თავის თავზე იმაზე მეტს იფიქრებს, რაც არის, როდესაც რაც აქვს, ჩასთვლის ნაყოფად მხოლოდ თავისი შრომისა, მეცადინეობისა, გამჭრიახობისა და მოხერხებისა, როდესაც დაავიწყდება, რომ "ყოველივე მოცემა კეთილი და ყოველი ნიჭი სრული ზეგარდამო არს შთამომავალი მამისაგან ნათლისა", მას ამპარტავნობა დაებადება გულში. "დასაბამი ამპარტავნობისა კაცისა განშორება უფლისაგან, რამეთუ დამბადებლისაგან მან განიშორა გული მისი" (ზირაქ. 10, 14). ამ სენით შეპყრობილი კაცი ზიზღით უყურებს სხვებს, მათ ცხოვრებას დიდ მნიშვნელობას არ აძლევს და ყოველთვის დაცინვით იხსენიებს. თავის აზრს ყოველთვის მაღლა აყენებს, არასოდეს სხვის აზრს არ დასთანხმდება, ან სულ უარ-ჰყოფს, ან და თავის მხრივ რასმეს მიუმატებს. სულ ცოტა რამეზე ასტეხს გაუთავებელ ბაასს-დავას და ეცდება უსათუოდ თავისი აზრი გაატაროს, გაიყვანოს. კიდევაც რომ იცოდეს, გრძნობდეს თავისი აზრის უსაფუძვლობას, მაინც ცრუ თავმოყვარეობა ნებას არ აძლევს ვისმეს დასთანხმდეს და იმით, ვითომც თავის თავი დაიმციროს. ამნაირი კაცი სულ სხვას უსწორებს, თვითონ კი არავისგან არ უნდა მიიღოს შენიშვნა, რაც უნდა კანონიერი იყოს იგი. არასოდეს კმაყოფილი არ არის თავისი მდგომარეობით და რაც არ უნდა კარგი ადგილი ეჭიროს, მაინც ფიქრობს, უკეთესის ღირსი ვარო. გარეგნულად, ზოგს სულ თვალსაჩინოდ ეტყობა, რომ გოროზია, დიდგულაა, ზოგი კი ძნელად საცნობია; ზოგს ყოველისფერში: სიარულში, ლაპარაკში, მიხვრა-მოხვრაში, ასე გასინჯეთ, ლოცვის დროსაც კი (ლუკ. 18, 11) ეტყობა ამპარტავნობა, ამაყობა; ზოგი კი ცდილობს დამალოს, დაფაროს და არავის შეამჩნევიოს ეს ნაკლულევანება. პირველს უყვარს ქება-დიდება, ხოტბის შესხმა და ყოველ შემთხვევაში ეძებს თავის გამოჩენას, სურს მასზე ილაპარაკონ, მას თაყვანი სცენ; უყვარს, ვინც მას აქებს, სძულს ვინც შენიშვნას აძლევს. მეორე კი ყოველივე ამას უარსა ჰყოფს, უნდა ყოველთვის დაკეტილი იყოს, მას არავინ შეეხოს, მასზე არავინ ილაპარაკოს. ზოგში ამპარტავნობა მოქმედებს ისე, როგორც გველი, ზოგში კი, როგორც ალი ცეცხლისა. პირველი თავს არ გიჩვენებს გარეგნულად, რომ შენგან არის იგი შეურაცხყოფილი, თუმცა ყოველ ჟამს მზად არის სამაგიერო ერთი ათად გადაგიხადოს, მეორე კი თვალსაჩინოდ, ყველასთვის გასაგებად, მისახვედრად, საგრძნობლად გამოხატავს თავის უკმაყოფილებას, ნაწყენობას და სამაგიეროს გადახდას. ზოგნი ამპარტავანნი ამჩნევენ რა თავიანთ შეცდომას, რაშიმე დანაშაულობას, ცდილობენ დამალონ და ხშირად შეტრფიალებენ ისეთ თავიანთ მოქმედებას, რომლისაც მათ უნდა რცხვენოდესთ. ზოგიერთებს კი აღზრდა და ნიჭი ნებას არ აძლევსთ, შეიგნონ თვისი ცუდი ქცევა და მათ მუდამ ჰგონიათ, კარგათ ვიქცევითო. აქ საჭიროდ ვრაცხ შევნიშნო, რომ არიან ისეთნი თავმოყვარენიც, რომელთაც თავი მოაქვთ თვისი შთამომავლობით, სილამაზით, ტანისამოსით, ლამაზი ცოლით, კარგი მოსამსახურით, ცხენით. ამათ ხშირად უწოდებენ ამპარტავნებს, მაგრამ ესენი სრულებით მოკლებულნი არიან ამ გრძნობას. ნამდვილი ამპარტავანი კაცი სრულებითაც არ აფასებს იმას, რაც მის არსებითს თვისებას არ შეადგენს, რაც მისი შრომის ნაყოფი არ არის. უკეთ რომ ვსთქვათ, ისინი ამპარტავნები კი არა, თავმომწონენი არიან. ამათ შორის დიდი განსხვავებაა. პირველნი აფასებენ, ყურადღებას აქცევენ თავის შრომას, ნიჭს, ხოლო მეორენი გარეგან შეხედულებას, შთამომავლობას. ვინ იტყვის, ძმანო ჩემნო საყვარელნო, რომ დიდგულობა კარგი და მოსაწონია? ამპარტავანი, გულ-ამაყი კაცი ღმერთსაც სძულს და კაცსაც. „საძაგელ არს წინაშე უფლისა კაცთა ამპარტავნობა“, ნათქვამია საღმრთო წერილში (ზირ. 10, 7). რომ კარგად დავუკვირდეთ ჩვენს ცხოვრებას, ხშირად შევნიშნავთ, რომ „ღმერთი ამპარტავანთა მუსრავს, ხოლო მდაბალთა აძლევს მადლს (1 პეტ. 5, 5), რათა დაანახვოს პირველთ ამათგანთ არარაობა იმისი, რითაც თავი მოაქვთ. მაგალითად, დაიწყებს ვინმე დიდგულობას ადგილით - მალე წაართმევს; სიმდიდრით - მალე მოუვლინებს გაჭირვებას, უკიდურეს მდგომარეობას. ან და შენ იმედი გაქვს, შენმა სიმდიდრემ სახელოვან კაცად გაგხადოს, მაგრამ ღმერთი გიჩვენებს შენ შენზე გაცილებით ღარიბს, რომელიც შენზე უკეთ ასრულებს თავის მცირე საშუალებით მეტ საქმესა, ვინემ შენ. შენ იმედი გაქვს შენი ნიჭისა, შენი მჭევრმეტყველობისა და ფიქრობ, ბევრს რასმეს გააკეთებ, მაგრამ ღმერთი გიჩვენებს ისეთ პირს, რომელსაც შენოდენი ნიჭი არ აქვს, მაგრამ გაცილებით მეტს აკეთებს, მეტი სარგებლობა მოაქვს ქვეყნისათვის. ამნაირად უმტკიცებს ამპარტავანთა, რომ თუმცა თვითონ დიდად აფასებენ თავიანთ თავს, მაგრამ ღმერთი და საზოგადოება მათში აგრე რიგად არ საჭიროებენ. ამპარტავანთა საშუალებით კი არ ასრულებს ღმერთი თავის განზრახვას, არამედ მშვიდთა, მდაბალთა ირჩევს ამისათვის. მაცხოვარმა ამოირჩია მოწაფეებათ მშვიდნი და არა ისინი, ვისაც ძალა ჰქონდათ, რათა ეჩვენებინა ყველასათვის, რომ ძალა მისი უძლურებასა შინა სრულ იქნების (2 კორ. 12, 9). ნათქვამია - მსგავსს მსგავსი მოსწონს და უყვარსო, მაგრამ ცხოვრებაში კი სულ სხვას ვხედავთ: ამპარტავანს ჟამივითა სძულს ამპარტავანი კაცი; მშვიდი კაცი კი ყველასათვის საყვარელია; "ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა". ერთნაირი ნიჭის მქონნი, ერთნაირი ღირსებითა შემკულნი, გაირჩევიან ერთმანეთისაგან მხოლოდ სიმშვიდით და ამპარტავნობით; უსათუოდ მშვიდობის მქონებელი უფრო ეყვარებათ, ვინემ ამპარტავნობისა, როგორც ღმერთს, ისე კაცს. ამისათვის კაცი მშვიდი და მდაბალი უნდა იყოს. როგორც რომ ხის შტოები მსხმოიარობით იღუნებიან და დედა მიწას უახლოვდებიან, აგრეთვე ვინც უფრო შემკობილია სხვა და სხვა სათნოებებითა, მით მეტად მშვიდი უნდა იქნეს და რამდენად წინ წავა და მაღლა აიწევს, უნდა ეცადოს აიშოროს სხვების ყურადღება. იერემია წინასწარმეტყველი, როგორც თვითონ იყო მშვიდი, ისე სხვებს არიგებდა: „ნუ იქადინ ბრძენი სიბრძნისა მიერ თვისისა და ნუ იქადინ მდიდარი სიმდიდრესა ზედა თვისსა“. (9, 23, 24). შეიძლება ვინმე თქვენგანმა, კეთილმორწმუნენო მსმენელნო, იკითხოს: თუ ცუდია საკუთარი თავის ქება, რისთვის იქებს თავს ღვთისა და კაცის წინაშე ისეთი გამოჩენილი კაცი, როგორიც იყო დავით მეფე წინასწარმეტყველი, როცა ამბობს: "უფალო არა ამაღლდა გული ჩემი, არცა განსცხრებოდეს თვალნი ჩემნი, არა ვიდოდე მდიდართა თანა, არამედ დავიმდაბლე თავი ჩემი?" (ფს. 130), მაგრამ აქ განა თავის ქებაა? სრულებითაც არა. დავითი რომ ამპარტავანი ყოფილიყო თავის თავს მატლსაც არ უწოდებდა (ფს. 21, 7). ზემო მოყვანილ სიტყვებში ისეთივე აზრია გამოხატული, როგორიც მაცხოვრის სიტყვებში: "ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“ (მათ. 11, 29). ამ სიტყვებიდან თავის ქება კი არ გამოდის, არამედ დარიგება. როდესაც კაცი თავის ღირსებას უჩვენებს სხვას, რათა ამით მაგალითი დაუხატოს, წააქეზოს, რათა მიბაძოს მას სხვამ, ამნაირი ქება თავის ქებად არ ჩაითვლება. ამით ის ამბობს, შემომხედეთ, მე როგორ ვიქცევი, ისე მოიქეცით თქვენცაო. აქ ჭკუის დარიგებაა, მოყვსის ჭეშმარიტ გზაზე დაყენებაა და არა თავის ქება. როდესაც კაცი ჭეშმარიტებას აღიარებს, ის სრულებით თავს არ იქებს: "ხოლო უკეთუ მინდეს სიქადულის, არა ვიყო უგუნურ, რამეთუ ჭეშმარიტი ვსთქვა", ამბობს პავლე მოციქული (2 კარ. 12, 6). "ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გვარიგებს იგივე მოციქული, - გარნა ჯვარითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა (გალ. 6, 14), ანუ რომელი იგი იქადოდენ, უფლისა მიერ იქადოდენ (2 კარ. 11, 12). "ამას ზედა იქადოდენ მოქადულნი გულის ხმის ყოფასა და ცნობასა ჩემსა, რამეთუ მე ვარ უფალი", გვიბრძანებს ჩვენი შემოქმედი, მამა ყოვლისა მპყრობელი (იერ. 9, 23, 24). ვინც არ იქებს თავს, ვინც საჯაროდ არ აღიარებს თავის სარწმუნოებას, პასუხისმგებელი ხდება ღვთის წინაშე. „ყოველმან, რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღვთისათა და რომელმან უარ მყოს მე წინაშე კაცთა, უარ იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა (ლ. 12, 8, 9). თუ გინდა მშვიდი იყო და არ გადიდგულდე, ყოველთვის სახეში იქონიე, ძმაო ჩემო საყვარელო, რომ ყოველივე კეთილი მოცემული გაქვს ღვთისაგან. ამასთან თავი შენი შენზე დაბლა მდგომს კი არ უნდა შეადარო ხოლმე, არამედ ვინც შენზე მაღლა სდგას, როგორც ჭკუით, ისე ადგილით და სიმდიდრით, ნამეტნავად იესო ქრისტეს, რომელმაც უჩვენა ყველას, თუ როგორი უნდა იქნეს კაცი, როგორ უნდა ეკავოს თავი და მოქმედებდეს; როგორც პირში მაქებელს, ისე მამხილებელს ერთნაირად უნდა ეპყრობოდე. თუ გვაძაგებს ვინმე ჩვენ სამართლიანად, ეს დიდად სასარგებლოა, ჩვენ მივხვდებით ჩვენ ნაკლულოვანებას და გამოვსწორდებით; თუ მტრობით რასმეს ცუდს იტყვიან ჩვენზე და ჩვენ კი კარგათ მოვეპყრობით, ეს ჩვენ შეგვაჩვევს მოთმინებას, მოთმინება ხომ სიმდაბლეს მოასწავებს, ხოლო სიმდაბლე კი ამპარტავნობის წინააღმდეგია. ამინ. |
 |
|
ხმა მწყემსისა (მოძღვრებანი და სიტყვანი) [გვ. 77] |
|
| თემა: მოწყალება მოძღვარი: პროტოპრესვიტერი მ. ტყემალაძე დამატების დრო: 10.06.2012
|
დიდად აფასებს მაცხოვარი ჩვენი გლახაკების შეწყნარებას; საწყლებს, ღარიბებს ის უწოდებს თავის უმცროსს ძმებს და ვინც მათ შეიწყნარებს, შემწეობას აღმოუჩენს, ვითომც თვით მისთვის, მაცხოვრისათვის აღმოეჩინოს ეს შემწეობა და დროებითი, ქვეყნიური მოწყალების მაგიერ მისცემს საუკუნო მოწყალებას. "მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო! და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი, დასაბამითგან სოფლისათ" (მათ. 25, 34), ეტყვის მათ განსჯის დღეს. რისთვის აფასებს, ძმაო ჩემო საყვარელო, უფალი ასე გლახაკების შეწყნარებას? მისთვის, რომ როდესაც ჩვენ უმწეოს, შიშველს, ტიტველს, მშიერს, მწყურვალს ვეწევით, ამით ვემსგავსებით თვით ღმერთს ყოვლად მოწყალეს; მეორე მხრივ ასეთი ქველმოქმედება საჭიროა უბედურთა მძიმე ტვირთის გასამსუბუქებლად. ყოველი კაცი წარმოიდგენს, თუ პირადად არ გამოუცდია, თუ როგორ გაჭირვებაში უნდა იყვნენ, ვისაც სახლი - ბინა არ აქვს, ან თავშესაფარი აქვს, მაგრამ ტანს არ აცვიათ და ხშირად სასმელ-საჭმელს მოკლებულნი არიან, შიმშილისაგან კუჭი ეწვით. ამისთანა ღარიბ-ღატაკნი კი ბევრი მოიპოვებიან ქვეყანაზე. მართალია, სიმდიდრესაც შეხვდება კაცი, მაგრამ მდიდრებთან ერთად უკიდურეს გაჭირვებაში მყოფთაც ბევრს ნახავთ. მართალია, თვით სიღარიბე ცოდვა არ არის, მაგრამ ხშირად ცოდვას ჩაადენინებს კაცს. ბევრი ვერ შესძლებს მოთმინებით გადიტანოს, სიკვდილამდინ სიღარიბეში, გაჭირვებაში გაატაროს თვისი დღენი და მიმართავს ხოლმე ქურდობას, სხვა და სხვა სამარცხვინო, ადამიანის ღირსების დამამცირებელ და საზოგადოებისათვის დამღუპველ, საზარალო ხელობებს. თავის დროზე რომ გაუწვდინონ მათ ხელი შემწეობისა, შეაძენინონ მათ სწავლა, ხელობა, განავითარონ იმოდენად, რომ თვითონ შესძლონ მუშაობა და პატიოსანი შრომით ჩაიცვან და დაიხურონ, დაიცვან ისინი ზნეობით დაცემისაგან, გარყვნილობისაგან, ისინი შეიქნებიან სასარგებლო წევრნი საზოგადოებისა. რასაკვირველია, ასეთი მოწყალების მოღება ვისმეზე, დიდად დასაფასებელია, ღმერთიც მას უყურადღებოდ არ დასტოვებს და სამაგიეროს მიუზღავს. ამასთან დიდად საჭიროა, ვიმეორებ, შემწეობის აღმოჩენა თავის დროზე. ხელი გაუმართე, მიეშველე, ძმაო ჩემო საყვარელო, ობოლს, საწყალს, სანამ დროა, სანამ ის სასოწარკვეთილებაში ჩავარდებოდეს, სანამ მას დაებადებოდეს გაჭირვების გამო სხვა და სხვა ცუდი - მავნე აზრები; შეეწიე ობოლს, გასათხოვარ ქალს, სანამ შიმშილისაგან და სიცივისაგან იძულებული შეიქნებოდეს დაადგეს სამარცხვინო გარყვნილ ცხოვრებას. რა დიდს სიხარულს, ნუგეშს იგრძნობს შენი სული და გული, როცა დაინახავ, რომ თუნდაც ერთი ადამიანი გადაარჩინე დაღუპვისაგან. ამასთან ეცადე, ძმაო ჩემო საყვარელო, რომ ძალდატანებითი, უგულო არ იქნეს შენგან გაღებული მოწყალება, არ უნდა გენანებოდეს, როცა ვისმეს ეწევი: "ნუ მწუხარებით, ნუცა უნებლებით, რამეთუ მხიარულებით მისაცემელი უყვარს უფალს" (2 კორ. 9, 7). "ყოველსა მისაცემელსა შინა მხიარულ ჰყავ პირი შენი", გვეუბნება ისო ზირაქი. თუ რამოდენი უნდა შეეწიო ვისმეს, ეს დამოკიდებულია ერთი მხრივ შენს შეძლებაზე, მეორე მხრივ იმაზე, თუ ვის როგორ უჭირს; თუ ღმერთს შენთვის ბევრი მოუცია, ბევრი გრჩება, გეჭარბება, რასაკვირველია, ღმერთს მისთვის მოუჭარბებია შენთვის, რომ სხვებსაც არგუნო; მეორე მხრივ, ზოგს ცოტა შემწეობაც ეყოფა, ზოგისათვის კი ცოტაოდენი მოწყალება ისე არაფერია, როგორც გვალვისაგან დახეთქილ მიწის გასალბობად რამოდენიმე წყლის წვეთი. თუ მაინცა და ამინც იმოდენს ვერ შეეწევი, რაც შეგიძლია, ან რაც საჭიროა, ცოტა შემწეობას მაინც ნუ დაინანებ; თუ არ გემეტება იმოდენი დახარჯო, რომ აღზარდო ობოლი, მიაღებინო სწავლა-განათლება, ეს სიკეთე მაინც უყავი, შემოსო ის და დაიცვა სიცივისაგან, დაიხსნა შიმშილისაგან; ავად არის, უყიდე მას წამალი, დაჭრილია, შეუხვიე ჭრილობა, შედი მის მდგომარეობაში, ანუგეშე იგი. ეპისკოპოზი ავგუსტინი სწერს: ბევრნი ამბობენ: გლახაკებს კაცმა შემწეობა არ უნდა აღმოუჩინოს, ისინი მუქთად პურის ჭამას არიან დაჩვეულნი, მუშაობაზე ხელი აქვთ აღებული, მათხოვრობა უფრო საადვილოდ მიაჩნიათ. მაგრამ განა ყველა მათხოვარზე, გლახაკზე შეიძლება სთქვას ეს კაცმა? ეკითხება მათ მღვდელმთავარი. ზოგიერთნი კი მუქთა ჭამას არიან შეჩვეულნი, მუშაობას გაურბიან, მაგრამ ზოგიერთებზე კი არ შეგვიძლია ესა ვსთქვათ, - განაგრძობს იგი, - განა ვერ ვხედავთ მათ ხელებს, ფეხებს, თვალებს, რომლებიც დაკრუნჩხული, დამსხვრეული, დავსებული აქვთ. მათ პატრონს განა მუშაობა, რისიმე გაკეთება შეუძლიან? მაგრამ შეიძლება გვითხრან: უმეტეს ნაწილად თვითონ არიან დამნაშავენი, რომ ხელი, ფეხი, თვალი აქვთ გაფუჭებული; ცუდათ ცხოვრებისაგან, გარყვნილობისაგან არიან დაგლახაკებულნი. თუ იტანჯებიან, თავის თავს დააბრალონ. მართალია, ზოგიერთნი თვითონ არიან დამნაშავენი, მაგრამ იმოდენათ გულგრილნი და შეუბრალებელნი არ უნდა ვიყვნეთ. ჩვენს თავს რომ დავუკვირდეთ, მაშინ ამას არ ვიტყვით. რამოდენია ჩვენგანი, რომ იმნაირივე ცოდვები მიუძღვით ღვთისა და კაცის წინაშე, რანაირ ცოდვებმაც დაღუპეს გლახაკები, მაგრამ სხვა და სხვა მიზეზთა გამო და უფრო ღვთის განგებით გადარჩნენ და ისეთი შედეგი არა ხვდათ წილად, როგორიც ამ საწყლებს. ჩვენ რომ დედ-მამა ცოწა წინ დაგვხოცოდა, ჩვენ რომ განათლება არ მიგვეღო, ჩვენ რომ კეთილი აღმზრდელები არ გვყოლოდნენ და არ გადავერჩინეთ ათასნაირ ხიფათს, შემთხვევას, ვინ იცის, ეგებ ჩვენც, როგორც ეს მათხოვრები, დავადგებოდით გარყვნილ ცხოვრების გზას, გავღატაკდებოდით, დავსნეულდებოდით და ზურგზე გუდა-მოკიდებულ მათხოვრებივით კარი-კარს გვევლო. რისთვის უნდა დაისაჯოს ეს საწყალი, რომელსაც მოკლებული ჰქონდა ყოველივე საშვალება კაცად ქცევის? რითია დამნაშავე, რომ არ შეხვდა ადამიანი ყურამგდებელი, დარჩა უპატრონო, უსწავლელი, დაადგა სამარცხვინო გზას და მიახწია ამ მდგომარეობამდისინ? უჩვენოდაც ძლიერ დასჯილნი არიან საწყლები, თვითონაც ძლიერ სწუხან, რომ გვიან მიხვდნენ, თავშივე ვერ დაადგნენ სწორ გზას, დაიღუპეს თავი; თვითონვე რცხვენიათ, თავის თავს დამნაშავეთ სთვლიან, სწორეთ ვერავისთვის შეუხედნიათ, მაგრამ გვიანღაა. ათასი იწუხონ, იჯავრონ, ვეღარ გააწყობენ. ჩვენთვის რა კარგია ძველ ჭრილობებს ახალი ჭრილობები მივუმატოთ? შებრალება, მხოლოდ ერთად-ერთი - შებრალება დაგვრჩენია და არა ნიშნის მოგება. ზოგნი იტყვიან, ჩვენ სიხარულით მივსცემდით მათხოვარს რასმეს, მაგრამ რა გამოვიდა, წაიღებს და სადმე დათვრება, ან რაიმე სამარცხვინო საქმეს მოახმარს, რომელიც მისთვის უფრო საზარალოა და არა სასარგებლო. მაგრამ ასეთი გამართლება თავის თავისა საფუძვლიანია? ხშირად ისეთ მათხოვარზე იტყვიან ხოლმე ამას, რომელსაც პირველად ხედავენ და მაშასადამე არ იციან, რაში მოიხმარს ის მიცემულს ფულს. ჩვენ კი ჩვენი მოვალეობა უნდა ავასრულოთ და იმან თავისი იცის. ზოგიერთნი კიდევ ამას ამბობენ: რისთვის უნდა მივსცეთ მათხოვრებს, როდესაც ჩვენი ნაწყალობევით ისინი არ გამდიდრდებიან, ჩვენ კი დაგვაკლდება; გლახაკები ისევ გლახაკებად დარჩებიან, ისევ მათხოვრობას განაგრძობენ; დღეს მისცემ, ხვალ ისევ კარზე მოგვადგებიან, უმჯობესია, სულ არაფერი მისცეს მათ კაცმა. უსაფუძვლოა ასეთი მოსაზრება. ეს შეიძლება სთქვას ისეთმა ადამიანმა, რომელიც უხვად ურიგებს გლახაკებს. ჩვენ კი უმეტეს წილად ძლიერ მცირე გასაცემს ვიმეტებთ ხოლმე. ხოლო ორივეს, როგორც მცირედ, ისე უხვად მიმცემლებს, მივუთითებ საღმრთო წერილის სიტყვებზე, რომ კაცი რამდენსაც გასცემს მოწყალებას, იმდენს სამაგიეროდ ღვთისაგან მიიღებს. მაგრამ თუ ჩვენ ერთსა და იმავე მათხოვრებს ვეწევით, ვიცით მათი გაჭირვება, ვაძლევთ ხანდისხან, როცა ჩვენ გუნებაზე ვართ, ვაძლევთ მცირეოდენს რასმეს, ან გროშს, ან გაცვეთილ ტანისამოსს, ფეხსაცმელს, არა მგონია ზემო მოყვანილი მოსაზრება თავის გასამართლებლად გამოგვადგეს, პირიქით ჩვენს გულცივობას, ბოროტებას უფრო ამოწმებს. ამბობენ: ჩვენ ცოლ-შვილის პატრონნი ვართ, ბევრი გვჭირდება შვილების მოსავლელად, თუ სხვა ნათესავების ხელის გასამართავად. ჭეშმარიტებას მოკლებულია ასეთი თავის გამართლება. არ არის ისეთი ადამიანი, რომ არ შეეძლოს რაიმე, თუნდაც ძლიერ მცირედი შემწეობა აღმოუჩინოს აღმოუჩინოს ულუკმაპუროს, შიშველ-ტიტველს; ჩვენ ერთმანეთის წაბაძვით ზოგჯერ ისეთ რამეებს ვყიდულობთ, ურომლისოთაც კარგად შეგვეძლო გვეცხოვრნა; ჩვენ რომ გამოანგარიშებული გვქონდეს, რაში რა დავხარჯოთ, რა შევიძინოთ, დარწმუნებული იყავით, ყოველთვის დაგვრჩება იმოდენი, ცოტაოდენი მაინც რომ ვარგუნოთ უბედურებს. ეგებ მართლა იმოდენი გვაქვს, რამოდენიც ჩვენს უსაჭიროეს მოთხოვნილებას აკმაყოფილებს, მაგრამ ნაჭერი პური ხომ მაინც დაგვრჩება სადილის შემდეგ, ძველი გამონაცვალი ტანისამოსი, ფეხსაცმელი მაინც გვექნება, ესენი მაინც უნდა მივსცეთ დაზარალებულთ, მშივრებს და ტიტვლებს, და თუ ესეც არ მოგვეძებნება, სიტყვით მაინც უნდა ვანუგეშოთ ისინი, თორემ ხშირად გინებით და ლანძღვით ვერეკებით ამ უბედურთ, ცივი წყალიც კი გვენანება მივსცეთ დასალევად. ჰე! ბევრს რასმეს იტყვის კაცი თავის თავის გასამართლებლად, როდესაც არ უნდა სხვას ხელი გაუმართოს, გაჭირვებისაგან დაიხსნას, როდესაც მას არ უღვივის გულში მოყვსის სიყვარული, მაგრამ განმეორებით მოვაგონებთ მას, რომ მხოლოდ მაშინ შეიწყალებს მას ყოვლადმოწყალე ღმერთი, როცა თვითონ იქნება მოწყალე. "ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ". ამინ. |
 |
|
ხმა მწყემსისა (მოძღვრებანი და სიტყვანი) [გვ. 142] |
|
| თემა: შრომა მოძღვარი: პროტოპრესვიტერი მ. ტყემალაძე დამატების დრო: 04.06.2012
|
ძმაო ჩემო საყვარელო! საღმრთო წერილის კითხვის დროს არა ერთსა და ორს ადგილს შეხვდები, სადაც გარკვევით არის ნათქვამი, ნაბრძანევი, რომ ყოველი კაცი მოვალეა იშრომოს. შრომა სავალდებულოდ გაუხადა ღმერთმა ადამს და მის შთამომავლობას. „ოფლითა შენითა სჭამდე პურსა შენსაო", უთხრა მას. „უკეთუ ვისმე არ უნებს საქმისა, ნუცა სჭამნ", გაგვიმეორა ღმერთმა ჩვენ ახალ აღთქმაში პავლე მოციქულის პირით. რა ბედნიერება იქნებოდა, რა უხვად ექნებოდა ყველას სარჩო საბადებელი და რამოდენად შემცირდებოდა ქვეყნიერებაზე სიღატაკე, რომ ყველანი, ვისაც კი ძალუძს, მუშაობდეს, იღვწოდეს! მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, ყოველთვის და ყოველგან მოიძებნებიან ათასობით და ათიათასობით, რომელთაც ჟამივითა სძულთ მუშაობა და სხვის ნაშრომით სარგებლობენ. ამას თუ მივუმატებთ დავრდომილებს - ავადმყოფებს, მოხუცებულებს და ბავშვებს, რომელთაც არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ და სხვებმა უნდა არჩინონ, ადვილი წარმოსადგენია, ძმაო ჩემო საყვარელო, თუ რა მძიმე ტვირთი ადევს საზიდავად მშრომელ ხალხს. ნამეტნავად მეტად საგრძნობელი და აუტანელი შეიქმნა იგი ახლა, ამ უკანასკნელ დროს ჩვენში. არასოდეს, მგონი, ჩვენს საზოგადოებაში იმოდენს არ ლაპარაკობდნენ ახალგაზრდები, არ სჩივოდნენ ცუდ მდგომარეობაზე, მუქთა მჭამლობაზე, როგორც ახლა, ჩვენს დროს, მაგრამ არასდროს, მგონი, ამოდენა უსაქმო, არაფრის მკეთებელი ახალგაზრდობა არ მოიპოვებოდა, როგორც ახლა. ყოველივე რწმენა დაკარგეს, თვითონ არაფერს აკეთებენ და ვინც მუშაობს, იმასაც უშლიან. „უსირცხვოდ და უსინდისოდ თავი წამოყვეს საზოგადოების ნაძირალებმა, - იწერებიან, იტყობინებიან ყოველი მხრიდან, რომ თავისუფლად დათარეშობენ დაბა-ქალაქებში, სძარცვავენ და ხშირად სიცოცხლესაც კი ასალმებენ, ვინც კი მოხვდებათ ხელში. ეს სულით დაცემული, ზნეობრივად გაფუჭებული ახალგაზრდობაა, არაფერს არ ერიდება, რომ ვისმეს როგორმე წაგლიჯოს ფული, რომ წავიდეს დუქანში და გარყვნილებასა და ლოთობაში გაატაროს დღენი, სანამ წანაგლეჯი ფული ეყოფა. დიდ შიშსა და საგონებელშია ჩავარდნილი საზოგადოება და არ იცის როგორ უშველოს თავს, თავზარდაცემული, ისედაც ღარიბ ჯიბეს აცარიელებს, რომ დააკმაყოფილოს ეს ახლადმოვლენილი სვავი და ამით სიცოცხლე მაინც შეინარჩუნოს“. როდემდის უნდა გაგრძელდეს ასეთი ჩვენი მდგომარეობა, როდემდის უნდა ითარეშონ ამ ვაჟბატონებმა, რა არის მიზეზი ამნაირი დამღუპველი მოვლენისა? აი რასა ფიქრობს ახლა ყოველი პატიოსანი მუშაკი, ყოველი შეგნებული და სამშობლოსადმი სიყვარულით გამსჭვალული ადამიანი. კაცი რასაც დასთესს, იმას მოიმკის. ჩვენმა საზოგადოებამ რაც დასთესა, იმას იმკის დღეს. ჩვენში რომ რიგიანად ყოფილიყო მოწყობილი ადამიანის აღზრდა, თავის დღეში არ მოხდებოდა ის, რისი მოწმენიც გავხდით. საზოგადოებამ უნდა შეაჩვიოს ყოველი თავისი წევრი შრომას, საქმიანობას პატარაობიდანვე. ყველას უნდა ჩაუნერგოს თავის დროზე აზრი, რომ უშრომელი კაცი მკვდარია და არა ცოცხალი, რომ სიცოცხლე შრომაა; ახალგაზრდას შრომა სათაკილოდ კი არ უნდა მიაჩნდეს, არამედ მიზნად ცხოვრებისა. ისტორია გადმოგვცემს, რომ მაცხოვარი, როდესაც იოსებთან ცხოვრობდა, მუდმივ მუშაობდა მასთან და ემსახურებოდა სადურგლო საქმეებში. როდესაც გამოვიდა საქადაგებლად, მან დასვენება არ იცოდა და სამ-წელიწად ნახევარი ქადაგობდა და იმოდენი ასწავლა, უმოძღვრა ხალხს, რომ, როგორც მოწმობს იოანე ღვთის-მეტყველი, „თითოეულად რომ დაწერილიყო, რაცა ჰქმნა იესომ, ქვეყანა ვერ დაიტევდა, ე. ი. მეტად ბევრი იქნებოდა“-ო. ღვთისმშობელი მუდმივ ხელსაქმობდა. მოციქულებმა ხომ არ იცოდნენ დასვენება! დღე და ღამე გაერთიანებული ჰქონდათ და სამარცხვინოდ, თავის დამამცირებლად კი არა, საქებურად მიაჩნდათ, თუ რამე ხელობა იცოდნენ. „მოიხსენენით, ძმანო, ჩვენნი შრომანი და რუდუნებანი, რამეთუ დღე და ღამე ვიქმოდით, რათა არავის დაუმძიმოთ თქვენგანს და ესრეთ ვუქადაგეთ თქვენდა მიმართ სახარება იგი ღმრთისა“, სწერს პავლე მოციქული თესალონიკელებს. ამის გამგონნი ჩვენ როგორღა უნდა ვთაკილობდეთ შრომას და გვრცხვენოდეს საქმიანობისა?! სამარცხვინო, სათაკილო მხოლოდ ცოდვაა, ცოდვა კი ხშირად უსაქმობისაგან წარმოსდგება. „დაადგინე იგი (კაცი) საქმესა შინა, რათა არა უქმებდეთ, რამეთუ მრავალი უკეთურება ასწავა უქმებამან“, გვარიგებს ცხოვრებაში მეტად გამოცდილი ისო ზირაქი (33, 28). როგორც რომ გაშვებულ მინდორზე, ველზე თავისუფლად აღმოცენდება მყრალი, ცუდი ბალახეულობა, ისე ცუდათ მყოფ ადამიანში პოულობენ ნიადაგს ცუდი მიდრეკილებანი. ამისთვის სრულიადაც არ არის გასაკვირველი, რომ კაცი, რომელიც საზოგადოდ შექმნილია შრომისათვის, ზარმაცობის გამო ფუჭდება, ეცემა როგორც ხორციელად, ისე სულიერად; ანებებს რა პატიოსან შრომას თავს, ეჩვევა მოტყუებას, წართმევას, ავაზაკობას. მუშაობა, საქმიანობა კაცისათვის იგივეა, რაც ცხენისათვის აღვირ-ლაგამი. წყალი თუ დაგუბდა ერთ ადგილზე და მსვლელობა არ ექნა, აყროლდება. რკინა თუ მოძრაობაში არ არის, ჟანგი უჩნდება, თუ ხმარებაშია, ვერცხლივითა ბრწყინავს. ფიზიკური და სულიერი სიზარმაცე წააგავს ჟანგს; ის უფრო სჭამს კაცს, ვინემ შრომა. უმჯობესია ჯაფამ, საქმიანობამ შესჭამოს ადამიანი, ვინემ სიზარმაცემ და უსაქმობამ. ცხოვრება მხოლოდ შრომით კეთილშობილდება. პატიოსანი შრომა საუკეთესო აღმზრდელია კაცისა. ზარმაცობა, მუქთა-მჭამელობა კი გამრყვნელია ადამიანის სხეულისა და სულისა. ას ბიწიერებათაგანში ორმოცდაათი უსათუოდ წარმოსდგება სიზარმაცისაგან. შრომას თავის თავადაც აქვს სიტკბოება, შედეგიც რომ არ მოჰყვეს მას სასურველი, ე. ი. არ დაბოლოვდეს ისე, როგორც სასურველია მოქმედ პირისათვის და საზოგადოებისათვის. „ბედნიერება იმდენად არ მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ მიზანს მივაღწევთ ხოლმე, როგორც თვით შრომაში, ენერგიაში, რომელსაც ვხმარობთ, ვანდომებთ ამ მიზნის მისაღწევად“, ამბობს ერთი სწავლული. მუშაობა, საქმიანობა, არის საუკეთესო გამრთობი კაცისა ყოველივე მწუხარების დროს, მასულმდგმულებელი, აღმაფრთოვანებელი და მანუგეშებელი ყოველ გაჭირვების დროს. ამაზე უკეთეს მეგობარს კაცი ვერას დროს ვერ იპოვის. შრომის მოყვარეობა ერთნაირად საჭიროა, როგორც ღარიბთათვის, ისე შეძლებულთათვის. ჩემის ფიქრით, მდიდარს კიდევ უფრო ესაჭიროება, რადგან ზარმაცი კაცი და მასთან, საშუალების მქონებელი, გაცილებით უფრო ღრმად ჩაეფლობა ბიწიერებათა ლაფში, ვინემ უსახსრო. როდესაც ჩვენ ვხმარობთ, კეთილ-მორწმუნენო, სიტყვას: „შრომა“, სრულიადაც არა გვაქვს სახეში მხოლოდ ფიზიკური მუშაობა, არამედ ვგულისხმობთ გონებრივ მუშაობასაც, რადგან ერთიც და მეორეც საჭიროა, როგორც ჩვენი სხეულის საზრდოს მოსაპოვებლად, ისე სულის გასასპეტაკებლად. თუ ასეთი მნიშვნელობა აქვს შრომას, თუ იგი აძლევს კაცს საზრდოს, როგორც სხეულისათვის, ისე სულისათვის, დედ-მამის პირველი მოვალეობა არის შეაჩვიოს შვილი მას, ჩაუნერგოს პატარაობიდანვე სიყვარული მისდამი. საზოგადოება კი სავალდებულოდ უნდა სთვლიდეს თავის თავისათვის, ისე მოაწყოს ცხოვრება, რომ ყველას ჰქონდეს სამუშაო. ცუდად ყოფნა-სიარული არავის არ უნდა უხდებოდეს, თუ უნდა მას რომ მშიერ-ტიტველთა რიცხვი შემცირდეს და ჩვენში დამყარდეს მშვიდობა და სათნოება. ის საზოგადოება, სადაც კაცი აცხადებს სურვილს მუშაობისას და სამუშაოს კი ვერ შოულობს, ცუდად არის მოწყობილი და თავის დანიშნულებას ვერ ასრულებს ღირსეულად. კარგ მოწყობილ საზოგადოებაში, სახელმწიფოში, კაცისათვის სხვა საშუალება რჩენისა, გარდა პატიოსანი, კანონიერი შრომისა, არა არის რა. ყველას უნდა ჰქონდეს უფლება მოითხოვოს სამუშაო და საზოგადოება ვალდებული უნდა იყოს მიაწოდოს მას ეს საშუალება ცხოვრებისა. ათასჯერ უკეთესია ამაზე ვზრუნავდეთ ჩვენ, ვინემ სხვა და სხვა საქველმოქმედო საზოგადოებათა დაფუძნებაზე. შემწეობა, მოწყალების მიცემა სავალდებულოა ყოველ ჩვენგანისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კაცი დავრდომილია, აღარ შეუძლია იშრომოს ავადმყოფობისა, ანუ მოხუცებულობის გამო, ან პატარაა და არ ძალუძს მუშაობა. თუ კაცი სავსეა ძალ-ღონით, თუ ნიჭი აქვს მას მიცემული ღვთისაგან, ამნაირ პირს ვინც მოწყალებას აძლევს, ამით მის ღირსებას ამცირებს: კაცს აქვს მინიჭებული ღვთისაგან მოთხოვნილებანი, მასთან ძალ-ღონეც აქვს მიცემული ამ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად, საშუალებათა მოსაპოვებლად; უფლება სამუშაოს მოთხოვნაზე კაცის საკუთრებას შეადგენს, ეს საკუთრება არის უმთავრესი, უვალდებულესი და ყველა საკუთრებათა უწმიდესი. აქ საჭიროდ მიმაჩნია, ძმაო ჩემო საყვარელო, შევნიშნო ერთი რამ ნაკლულევანება ადამიანისა, რომელიც ძლიერ უშლის მას წინმსვლელობას და აფერხებს კაცობრიობის განვითარების საქმეს. მე მაქვს სახეში ჩვენი ცრუ თავმოყვარეობა. დაიწყებს ვინმე ჩვენში რაიმე საქმეს, მაშინვე სმენად გადაიქცევა, გაფაციცებით ადევნებს ყურს, თუ ვინ რას ამბობს მის შრომის შესახებ. თუ ვინმემ ცუდი რამ სთქვა, დაუყოვნებლივ ანებებს თავს დაწყებულ საქმეს, ბოლომდისინ აღარ მიიყვანს. გაჯავრებული სხვა საქმესაც აღარ იწყებს და თავის ძალ-ღონეს უნაყოფოთა სტოვებს. ჩემის ფიქრით, ყოველი კაცი თავის თავს უნდა დაეკითხოს: „მოვალეა თუ არა რომელიმე საქმე გააკეთოს“, და თუ მოვალეობას შეადგენს მისას, ვინც რა უნდა სთქვას, ყურადღება არ უნდა მიაქციოს. თუ სვინიდისი არ გამხილებს, თუ გრძნობ, ისე იქცევი, როგორც მოვალეობა თხოულობს და სადამდინაც მიგიწვდება ძალ-ღონე, სხვის ქება-დიდებას ან ძაგებას რად უნდა დაემორჩილო: რად უნდა ხელმძღვანელობდე სხვის დაფასებით? ზოგიერთნი თავმოყვარენი ამბობენ: ქვეყანას ჩვენ ვერ გადავაბრუნებთ, კაცობრიობას ჩვენ ვერ გავაკვირვებთ და რა საჭიროა რამე საქმეს ხელი მოვკიდოთო. ამნაირად რომ ვიფიქროთ, ძმაო ჩემო საყვარელო, ქვეყანაზე მხოლოდ რამოდენიმე პირნი თუ იქნებიან მომუშავენი, რომელთაც შეუძლიათ თვისი ღვთისაგან ნაბოძევი ნიჭით გააკვირვონ ყველანი, დანარჩენებმა უნდა დავიკრიფოთ გულზე ხელები და უსაქმოდ უნდა გავატაროთ ჩვენი დღენი ან და, როგორც ზოგიერთნი იქცევიან, უდროოდ გამოვასალმოთ ჩვენი თავი ამ წუთისოფელსა. ზოგიერთნი არ იწყებენ იმნაირ საქმეს, რომლის დაბოლოვების იმედი არ აქვთ თავის სიცოცხლეში. ასეთი აზრი შემცდარია და დიდად მავნებელი. ჩვენ ხშირად ვერ შევძლებთ ჩვენგან დაწყებულ საქმის ბოლომდის მიყვანას, მაგრამ ჩვენ შემდეგ სხვები განაგრძობენ დაწყებულ საქმეს იმ ადგილიდგან, სადაც გავჩერდით. ჩვენს მოვალეობას შეადგენს პატიოსანი, ქვეყნისათვის სასარგებლო საქმის დაწყება, მისი დაბოლოვება კი ჩვენი შვილების ხვედრია. ჩვენ იმ იმედით უნდა ვიშრომოთ, რომ ჩვენგან დათესილი ოდესმე ნაყოფს გამოიღებს, ჩვენ დავთესთ, სხვები მოუვლიან და მოიმკიან. ზოგიერთნი თავმოყვარენი ერთსა და იგივე დროს მეტად ბევრს საქმეებს ჰკიდებენ ხელს და თავის ძალღონეს ფანტავენ და ვერც ერთი საქმის ხეირიანად დაბოლოვებას ვერ ასწრობენ. ხშირად სრულიად უნაყოფო რჩება მათი მოქმედება და შრომა. საჭიროა ადამიანმა ერთ რომელიმე საგანს მოჰკიდოს ხელი და იგი, რანაირი ნიჭის პატრონიც უნდა იყოს, უსათუოდ რასმეს გააკეთებს. ზოგს კარგად ესმის, რომ უშრომლად კაცი არ ვარგა, ბევრს ლაპარაკობს და ქადაგობს სიზარმაცის მავნებლობაზე, მაგრამ თვითონ თითსაც ვერ გაანძრევინებ, სხვებს უკიჟინებს, თვითონ კი გულ-ხელდაკრეფილი სდგას და მოგაგონებს ადამიანს, რომელიც სდგას წყლის პირას, უნდა ტანის დაბანა, მაგრამ ფეხის შედგმა წყალში ვერ გაუბედნია. ამნაირი პირნი ყოველ ხალისს და ენერგიას უკარგავენ სხვებს და ცუდ შთაბეჭდილებას ახდენენ. მარტოკა სიტყვით უნდათ გამოიჩინონ თავი, მაგრამ სჯობს, ჩემის ფიქრით, ამ ვაჟბატონებმა თავი შეიკავონ და თავი დაანებონ ცარიელი სიტყვების ხარჯვას. "ყოველი კაცი საქმემან მისმან გამოაჩინოს". ამინ. |
 |
|
ხმა მწყემსისა (მოძღვრებანი და სიტყვანი) [გვ. 83] |
|
| თემა: სიმშვიდე მოძღვარი: პროტოპრესვიტერი მ. ტყემალაძე დამატების დრო: 10.06.2012
|
არა ერთი და ორი ადგილი მოიპოვება საღმრთო წერილში, საიდგანაც სჩანს, რა დიდ მნიშვნელობას აძლევს ღმერთი სიმდაბლეს, სიმშვიდეს. "ვისზედ მოვიხედო, ამბობს უფალი, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა და მძრწოლარესა სიტყვათაგან ჩემთა", "უფალი ამპარტავანთა შემუსრავს, მდაბალთა მოსცის მადლი", "დაამხვნა ძლიერნი საყდართაგან და აღამაღლნა მდაბალნი", "დამდაბლდით წინაშე უფლისა და აღგამაღლებს თქვენ", "რომელსა უნებს თქვენ შორის დიდ ყოფად, იყავნ თქვენდა მსახურ“ და სხვა. როგორც ძველს, ისე ახალ აღთქმაში სიმშვიდე სხვათა სათნოებათა შორის ამკობდა ღვთისაგან და კაცთაგან გამორჩეულ პირთა. აბრაამ მამა-მთავარი, როგორი პატივცემული იყო ყველასაგან, როგორი მფარველი იყო მისი ღმერთი და რას უწოდებდა იგი თავის თავს? ამბობდა: მე ვარ მიწა და ნაცარი. დავით მეფე, ეს სახელოვანი მხედარი და მასთან წინასწარმეტყველი, თავის თავს მატლად აღიარებდა. პავლე მოციქულს, როგორც მშრომელს, დაუღალავად მოღვაწეს და განვითარებულს, პირველი ადგილი ეჭირა მოციქულთა შორის, მაგრამ თავის თავს პირველ ცოდვილ კაცად სთვლიდა. მარიამ ქალწულმა თვითონ თავის პირით აღიარა, რომ პირველი და უმთავრესი ღირსება, რისთვისაც ღმერთმა დააჯილდოვა იგი და გახდა ღირსი ღვთის მშობლად ყოფნისა, იყო მისი სიმშვიდე. "განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდბლესა ზედა მხევლისა თვისისასა". "როგორც მე ვარ მშვიდიო, ისე ყავით თქვენცო, აიღეთ მაგალითი ჩემგანო", არიგებდა მაცხოვარი თავის მოწაფეებს. თუმცა ყოველი ჩვენგანი მოვალეა მიიღოს იესო ქრისტეს დარიგება, მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, კეთილ-მორწმუნენო მსმენელნო, მოიპოვებიან ჩვენ შორის ისეთნი პირნი, რომელნიც სიმდაბლეს უყურებენ როგორც ღირსების დამამცირებელ სისუსტეს. უწინდელ დროშიაც ამ აზრისა იყვნენ კერპთაყვანის მცემელნი. ამბობდენ და იმეორებდენ, კაცმა თავის ღირსება უნდა იგრძნოს და დააფასოსო, თორემ წინ ვერ წავაო. ვისაც უნდა სხვა შეიყვაროს, სხვას პატივი სცეს, საჭიროა ჯერ თვითონ თავისი თავი შეიყვაროსო, თავისი ღირსება შეიგრძნოსო და ფასი დასდოსო. ამის წინააღმდეგს საღმრთო წერილი სრულებითაც არაფერს არ ამბობს. ყოველ კაცს ნებას აძლევს, შეიყვაროს თავისი თავი, როდესაც მოაგონებს, "დააკლო ღმერთმა იგი (კაცი) მცირედ რაიმე ანგელოზთა, დიდებითა და პატივითა გვირგვინოსან-ჰყო იგი (ფს. 8, 6). მაგრამ, რადგან კაცი ხშირად გადააჭარბებს ხოლმე და უსაფუძვლოდაც ცდილობს თავის პატივისცემას, საღმრთო წერილი, ცოტად თუ ბევრად, ამ გატაცებისაგან მას აკავებს. "რომელი ჰგონებდეს დგომას, ეკრძალენ, ნუ უკვე დაეცეს" (1 კორ. 10, 12), ე. ი. კაცი ყოველთვის ფრთხილად უნდა იყოს და თუ უნდა არ დაეცეს, მარტო თავის იმედი არ უნდა ჰქონდეს. ყოველ საქმეს ღვთის იმედით უნდა მოჰკიდოს ხელი; რაც უნდა ნიჭიერი იყოს, მაინც, თუ მადლი ღვთისა არ ტრიალებს მის თავზე, ვერა საქმეში ბოლომდისინ ვერ გაატანს. მოსე წინასწარმეტყველი როგორი ნიჭიერი კაცი იყო, მაგრამ, როდესაც ღმერთმა მოუწოდა მას ეგვიპტეში გასაგზავნად, რომ ებრაელები გამოეყვანა იქიდგან და დაეხსნა ისინი ტანჯვა-წვალებისაგან, მონობისაგან, ვერ ჰპოვა თავი თვისი იმდენ ღირსეულ კაცად, რომ ასეთი დიდი საქმის შესრულება ეკისრნა, თუ ღმერთი არ ეყოლებოდა მას შემწედ. ისაია წინასწარმეტყველმა უარი განაცხადა, როდესაც მოუწოდა მას უფალმან. წმიდა მამები: გრიგოლი ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი, როგორ უარზე იდგნენ და არ თანხმდებოდნენ მღვდელ-მთავრის ხარისხის მიღებაზე! რისთვის? განა აქ სულმოკლეობა გამოიჩინეს მათ? სრულებითაც არა. მიზეზი მათი უარის თქმისა, სულმოკლეობა, სისუსტე, სიმხდალე კი არ იყო, არამედ შეგნება იმ დიდი მოვალეობისა, რომელიც მათ უნდა მიეღოთ და ედვათ თავის თავზე. რამოდენადაც მშვიდი კაცის ნიჭი მაღლა სდგას, რამოდენადაც იგი განათლებულია, იმოდენად მაღლა აყენებს, რასაც ჩვენ უწოდებთ სისრულეს, იმოდენად შორს ხედავს თავის თავს ამ სისრულისაგან და ნაკლებ ენდობა თავის თავს და ერიდება ყოველივე გარეგნულ ამაღლებას და კიდევაც უარსა ჰყოფს მას, მოსე ასე ამბობს თავის თავზე: "ამოირჩიეთ ჩემზე უკეთესი და ღირსეული კაციო" (გამ. 4, 13). ეს სისუსტის კი არა, მაღალ სულოვნობის ნიშანია. ამნაირი მაღალ სულოვნობა დიდად განირჩევა ცრუ თავმოყვარეობისაგან. ცუდია, როდესაც კაცს ადრე გაეხსნება გრძნობა თავმოყვარეობისა. ის ჭეშმარიტ შეხედულებას თავის თავზე მალე ჰკარგავს, მცირეოდენი გამარჯვება რაიმე საქმეში აბრმავებს და ვეღარ ხედავს იმ დაბრკოლებათა, რომელთა დასაძლევად მას დიდი ჯაფა მოელის. ჰგონია, რომ ვერავითარი დაბრკოლება მას წინ ვერ გადაეღობება, მის მოქმედებას ვერ შეაფერხებს. ერთხელ ორმა მოწაფემ სთხოვა იესო ქრისტეს: ნება მოგვეცი ერთი მარჯვნივ და ერთი მარცხნივ შენისა ვისხდეთ მომავალ სასუფეველშიო. მაცხოვარმა უპასუხა: "შეგიძლიათ, თუ მიიღოთ ის სასუმელი, რომელსაც მე დავლევო". მოწაფეებმა თამამად მიუგეს: "შეგვიძლიანო", მაგრამ როგორ გაიქცნენ ისინი, როდესაც იესო ქრისტე დაიჭირეს? (მათ. 10, 38, 28, 56). თუ კი მოწაფეები შესცდნენ, სანამ სული წმიდა გადმოვიდოდა მათზე, მით უმეტესად ჩვენ უნდა მოველოდეთ ამ განსაცდელს. ყოველივე გამარჯვება კაცმა მარტო თავის თავს კი არ უნდა მიაწეროს, არამედ და უმეტესად ღვთის შემწეობას; ყოველთვის უნდა იქონიოს სახეში, რომ უფალი ღმერთი თუ არ ეყოლება მფარველად, თვისი ძალით ვერას გახდება და ნაყოფი არა იქნება რა მისი შრომისაგან. როგორც რომ რტოები უფესვებოდ ვერაფერ ნაყოფს ვერ მოიტანენ, ისე კაცი, თუ მასზედ მადლი ღვთისა არ ტრიალებს, "ვითარცა იგი ნასხლევსა ვერ ხელეწიფების ნაყოფისა გამოღებად თავით თვისით, უკეთუ არ ეგოს ვენახსაზედა, ეგრეთვე არც თქვენ, უკეთუ არა დაადგრეთ ჩემთანა, მე ვარ ვენახი და თქვენ რტონი, რომელი დაადგრეს ჩემთანა და მე მასთანა, ამან მოიღოს ნაყოფი მრავალი, რამეთუ თვინიერ ჩემსა არა რა ძალგიძსთ ყოფად არცა ერთი", ამბობს მაცხოვარი (იოან. 15, 5). დავით წინასწარმეტყველი სწერს: "არა თუმცა უფალმან აღაშენნა სახლი, ცუდად შვრებიან მაშენებელნი მისნი, არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღვიძებენ მხუმილნი მისნი" (126, 1), და როცა კაცს ღმერთზე იმედი აქვს, როცა დარწმუნებულია, რომ უიმისოდ ვერას გააწყობს, უსათუოდ მშვიდი იქნება, სიმშვიდე კი მას შეაძლებინებს ერთი მხრივ თავის თავი გაიცნოს, როგორც რიგია, მეორე მხრივ გასწიოს მოქალაქეობრივი ცხოვრება ყველასთან, იყოს სასარგებლო და საყვარელი წევრი საზოგადოებისა. ერთმა ბრძენმა სთქვა: "ყოველი კაცი მოვალეა თავისი თავი გაიცნოსო, შეისწავლოსო, ხოლო ეს შეიძლება სიმდაბლის, სიმშვიდის საშუალებითო, არაფერი კაცს ხელს არ უშლის ამ შემთხვევაში ისე, როგორც ამპარტავნობა, რომელიც ადამიანს ნაკლულევანებასაც ღირსებად მიამჩნევინებსო". ხოლო როდესაც კაცი შეიგნებს თვისთა ღირსებათა და ნაკლულევანებათა, თავის ნიჭს და ძალას ღვთისაგან მოცემულს, ის ადვილად მიხვდება თავის დანიშნულებას, გაიგებს, თუ რა მოვალეობა აქვს ასასრულებლად ღვთისა და კაცის წინაშე, თავის "მე"-ს უკან დააყენებს და პირველ ადგილს თავის დანიშნულების ასრულებას მისცემს, თუ საჭიროება მოითხოვს, პირველს დაუზარებლად, უშიშრად, მსხვერპლად შესწირავს. ასე იქცეოდნენ მოციქულნი და მოწამენი, რომელნიც მეტად მშვიდნი იყვნენ, მაგრამ მასთანვე განწირულნი მამაცნი. სიმშვიდე დედაა ყოველთა სათნოებათა და ერთი ათად მეტს მნიშვნელობას აძლევს სხვათა ღირსებათა, როცა მათ დაერთობა. რაც უნდა ნიჭიერი, განვითარებული იყოს კაცი, რაც უნდა დიდს თანამდებობას ასრულებდეს, თუ მოკლებულია სიმშვიდეს, სიწყნარეს, ვერ მოიპოვებს სიყვარულს, როგორც თანასწორთაგან, ისე ხელქვეითთაგან. მართალია, უკანასკნელნი მათ თავს უკრავენ, ქუდს უხდიან, ქედს უხდიან დანახვისთანავე, მაგრამ ეს პატივისცემა წარმოსდგება შიშისაგან, მაგ გულში სიყვარულის მაგიერ, სიმძულვარე მძვინვარებს და ღვივის. ღმერთს წამ და უწუმ ევედრებიან, რომ ამნაირ მტარვალისაგან გაანთავისუფლოს იგინი. როცა ეღირსებიან მის გმოცვლას, მათ სიხარულს საზღვარი არა აქვს. სამაგიეროდ მშვიდ კაცთან სამსახური, ცხოვრება ყველას უნდა, თვით ამპარტავანსაც. როგორც წინათ გვაქვს ნათქვამი, შემჩნეულია: ამპარტავანს, გულ ამაყ კაცს, თავისი მსგავსი სძულს, და თუ სხვა შემთხვევაში მსგავსს მსგავსი უყვარს, აქ სულ წინააღმდეგს ვხედავთ. მშვიდი კაცი ყველას უყვარს, ყველას უნდა მისი მეგობრობა, ყველას უნდა მას შეეწიოს, როცა საჭიროება მოითხოვს, ყველგან მას ადგილი აქვს, ყველას უნდა ის აღამაღლოს. ამისთვის სთქვა მაცხოვარმა: "ვინც აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს, ვინც დაიმდაბლოს, იგი ამაღლდეს", "ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა". ჩვენი ცხოვრება ისეთი რთულია, იმოდენი მოთხოვნილება აქვს, რომ ათასი ეცადო, არ მოხერხდება ვინმე ან სიტყვით, ან საქმით არ გააჯავრო; გააჯავრებ რითიმე და გადაგემტერება, მაგრამ რა დაგიხსნის მის მრისხანებისაგან? რითი შეგიძლია დააცხრო მისი სიბრაზე, მღელვარება? ისევ სიმშვიდით. ძველ აღთქმიდან ვიცით: ისავი ძლიერ გაჯავრდა ძმაზე - იაკობზე და მოსაკლავად დასდევდა მას, მაგრამ როდესაც ერთმანეთს შეხვდნენ, იაკობმა დაიმდაბლა თავი თვისი, ისე მშვიდად მიეგება ძმას, რომ ისავი გადაეხვია და გადაჰკოცნა. ვისაც ოჯახობა ჰყავს, უსათუოდ გამოსცდიდა თავის თავზე, ძლიერაც რომ პატივის მცემელნი იყვნენ მეუღლენი ერთმანეთისა, არ შეიძლება როდისმე მაინც მათ არ აწყენიონ ერთმანეთს. დიდი სიფრთხილე, დიდი სიმშვიდე ჰმართებსთ მათ, რომ ერთმანეთს მოუთმინონ. როცა ერთი გაჯავრდება, მეორემ ხმა არ უნდა გასცეს, პასუხი არ უნდა მისცეს, თუნდაც თავის თავს უდანაშაულოდ სთვლიდეს. გაჯავრებულ კაცს რომ პასუხი მისცე, უარესად გააცეცხლებ, სიჩუმე შენი კი ისე იმოქმედებს მასზედ, როგორც წყალი ცეცხლზე. „სიტყვის გება მდაბალი მოაქცევს გულის წყრომას - და სიტყვამან ფიცხელმან აღმართოს რისხვა“ (იგ. 15, 1). ერთხელ ავგუსტინის დედას მეზობლების ქალებმა შესჩივლეს, თუ როგორ სასტიკად ეპყრობოდნენ მათ თავიანთი ქმრები. ავგუსტინის მამა კი მეტად ცუდი ხასიათის კაცი იყო, მაგრამ მშვიდად და წყნარად ცხოვრობდნენ ცოლ-ქმარი. "თქვენ თვითონ ხართ დამნაშავენიო", - უპასუხა ავგუსტინის დედამ, - "როცა თქვენი ქმრები გაჯავრებულნი არიან, თქვენ ყოველ მათს სიტყვას პასუხს აძლევთ და მით უარესად აბრაზებთო. მათ გაჯავრების დროს, თქვენ სიტყვა არ უნდა შეუბრუნოთ და მით დაამშვიდებთო". დამნაშავე თუ ხარ ვინმეს წინაშე, მაშინ მდუმარება უებარი წამალია, რომ აიცდინო, ან გაიმსუბუქო მაინც სასჯელი. ერთხელ ქალაქ ანტიოქიის მცხოვრებლებმა გააჯავრეს მეფე და დიდი სასჯელი მოელოდათ, მაგრამ მთავარეპისკოპოსმა ფლაბიანემ დაიხსნა ისინი განსაცდელისაგან. მეფის წინაშე წარსდგა ის, გაჩუმდა, ხმა არ ამოიღო, მხოლოდ სტიროდა. მღვდელმთავრის ასეთმა საქციელმა ისე იმოქმედა მეფეზე, რომ იძულებული შეიქნა, ეპატიებინა ანტიოქიელებისათვის მათი დანაშაულობა. "სიმდაბლე ხე ცხოვრებისააო", ამბობს ერთი წმინდანი. არისტოტელემ სთქვა: კაცი შექმნილია მისთვის, რომ სხვებთან ერთად იცხოვროსო. ახლანდელი მეცნიერნიც ამასვე ქადაგებენ. კაცი ყველაზე უფრო მოყვასს საჭიროებს. ყოველნაირი უბედურება, რომელიც წარმოსდგება ბუნების მოვლენათაგან, ან ავადმყოფობისაგან, დიდად უფრო მსუბუქი ასატანია, ვინემ მწუხარება, რომელსაც ჩვენ, კაცნი, ერთმანეთს ვაყენებთ, მაგრამ სიხარულსაც ვერავისგან ჩვენ ისე ვერ მივიღებთ, როგორც კაცისაგან. რამოდენათაც ღრმაა სიმწუხარე, იმოდენად მაღალია სიხარული, მხოლოდ სიმშვიდე უწყობს კაცს ხელს, ის აერთიანებს, მწუხარებას ერთისას ხდის საყოველთაოდ და სიხარულს ყველას სიხარულად. როდესაც ამპარტავანს სძულს თვისი მეზობელი და სცდილობს განმარტოებით იცხოვროს, რომ იმას არავინ შეეხოს, მშვიდი კაცი მზად არის ყოველივე მწუხარება და შეურაცხყოფა დაითმინოს, ოღონდ ერთად სხვებთან იცხოვროს. ერთი წმ. მამა ამბობს: მშვიდს უყვარს, ვინც ახლოს მასთან ცხოვრობს, ამპარტავანს კი, ვინც მოშორებით არისო. მშვიდი ადამიანი ხელს უწყობს საზოგადოებრივ წესწყობილების დამყარებას, ცდილობს, რაც შეიძლება მეტად მჭიდროდ დაკავშირდენ ყველანი ერთმანეთში, ამპარტავანი სცდილობს, რაიმე განხეთქილება ჩამოაგდოს კაცთა შორის და მათში ურთიერთობა შესწყვიტოს. მშვიდი კაცის თვალში ყოველი გამრჯელი, პატიოსანი მშრომელი ადამიანი ღირსია პატივის ცემისა, რა ხელობისაც უნდა იყოს იგი. რადგან თავის წილად შრომობს და ხელს უწყობს კაცობრიობის წინმსვლელობას. ნუ იფიქრებ შენ, ვითომ დიდ საქმეს აკეთებ და დიდად უნდა დაფასდე. შენ, მაგალითად მასწავლებელი ხარ და ამისათვის უფრო მაღლა უნდა იდგე დურგალზე, რადგან მას მცირე ხელობა აქვს შესწავლილი. არა, როგორც ამბობს პავლე მოციქული, ყველანი ჩვენ ერთ სხეულს შევადგენთ, ამ სხეულის ყოველმა ნაწილმა თვისი დანიშნულება უნდა აასრულოს: ხელმა თვისი, ფეხმა თვისი, თვალმა თვისი და სხვა და სხვა. უერთმანეთოდ კი არც ერთი არ ივარგებს. „ვითარცა მას გვამსა მრავალი ასოები აქვს, ხოლო ასოებს მას ყოველსა არა იგივე საქმე აქვს, ეგრეცა ჩვენ ყოველნი ერთგვამ ვართ ქრისტეს მიერ, ხოლო თვითეული ურთიერთ არს ასოები ვართ, ამისთვის ერთმანეთს უნდა ვემსახუროთ ტკბილად, პატივის ცემასა, ურთი ერთსა უსწრობდეთ (რომ. 12, 4, 10). ამინ. |
 |
|
ხმა მწყემსისა (მოძღვრებანი და სიტყვანი) [გვ. 160] |
|
|
|