თემა: ანგელოზი,  სიმდაბლე,  სიწრფელე


ღირსი საბა ვატოპედელი.

ღირსი მამა IV საუკუნეში ცხოვრობდა. მისი მშობლები თესალონიკელი კეთილმორწმუნე ქრისტიანები იყვნენ. თავისი მოსაგრე ცხოვრება ღირსმა მამამ წმიდა მთაზე დაიწყო. შემდეგ მან მოინახულა წმიდა მიწა, სადაც იორდანეს ერთ-ერთ გამოქვაბულში ჩაიკეტა და ხელთუქმნელი სამყაროს ჭვრეტის გამოცდილება მოიხვეჭა.
    იორდანეს უდაბნოში მოსაგრეს 50 დღის გატარება მოუხდა ისე, რომ არაფერი უხმევია. იგი დაუძლურებული დაეცა მიწაზე. ანგელოზის დანახვაზე საბამ იფიქრა, რომ უკვე გარდაიცვალა. მაგრამ ზეციური მაცნე მოსაგრის სულისთვის როდი მოვიდა, არამედ იმისთვის, რომ ასკეტი განემტკიცებინა და გაემხნევებინა. ნახევრადმკვდარი მოსაგრის ყნოსვას არაჩვეულებრივი კეთილსურნელება მისწვდა და სინათლე დაინახა. ანგელოზმა მას ხელი მოჰკიდა, ააყენა და უთხრა:
    -გამხნევდი! ამ წუთიდან განუწყვეტლივ შენს გვერდით ვიქნები, როგორც მფარველი და მოკავშირე. ეს ღვთის ნებაა.
    მეორედ, ეშმაკის მანქანებით, ღირს საბას ორი ბედუინი დაესხა თავს და ისე ძლიერ სცემა, რომ მოსაგრეს განძრევა არ შეეძლო. მაშინ მფარველი ანგელოზი კვლავ გამოეცხადა, ხელი მოჰკიდა, წამოაყენა, სხეულის კურნება და სულიერი სიხარული მიანიჭა.
    ღირსი საბა არაბუნებრივ ბრძოლებს ლახავდა და სულიერ კიბეზე მაღლდებოდა. იგი ათონზე დაბრუნდა და ვატოპედის მონასტერში მოღვაწეობდა. აქ ის წმიდა ანგელოზთა ხილვის ღირსი გახდა, რაც განსაკუთრებით განმსწავლელი და სასარგებლოა მორჩილებისთვის.
    ტრაპეზის დრო იყო. ბერები, რომელთა შორის ღირსი საბაც იყო, საერთო სატრაპეზოში სადილობდნენ. ტრაპეზის დროს ძმებს შორის ისეთი ხმაური დაიწყო, რომელიც ამ ადგილის სიწმიდეს არ შეეფერებოდა. მიუხედავად ამისა, ის მაინც მატულობდა. უფროსმა ბერებმა უწესრიგობაში დამნაშავეებს აუცილებელი შენიშვნა მისცეს, მაგრამ ეს უკანასკნელნი მაინც არ დაცხრნენ. მაშინ იღუმენმა "სვინაქსარის" კითხვა შეწყვიტა, ადგა, დაუმორჩილებელ ბერებს მწარედ დაუწყო ყვედრება და უწესრიგობაში დამნაშავეების ძიება დაიწყო. როდესაც კითხვა შეწყდა, ღირსმა მამამ თვალები ასწია და თავზარდამცემი სანახაობა იხილა: იღუმენის ადგილას ორი ბრწყინვალე ანგელოზი გამოჩნდა. ისინი მზეზე მეტად ბრწყინავდნენ და თავიანთი შუქით მთელი შენობა გაანათეს. ანგელოზები მშვენივრად და სიხარულით აღსავსენი, დიდებულნი და გარეგნულად ძალიან სასიამოვნონი იყვნენ. მათ სხვადასხვა ჭურჭელი ეკავათ და მზად იყვნენ ძმებს ტრაპეზზე მომსახურებოდნენ. ერთ მათგანს ხელში სუფთა ოქროს ჭურჭელი და კალათები ეკავა, რომელიც სხვადასხვა ღილით ტკბილეულითა და კეთილსურნელოვანი ყვავილებით იყო სავსე. ანგელოზებმა ძმებზე თავიანთი ზეციური ძღვენის ჩამორიგება დაიწყეს, მაგრამ ყველას ერთსადაიმავე დროს აძლევდნენ. ის ბერები, რომლებიც იღუმენის მართალ რისხვას და შენიშვნას თავმდაბლად და უდრტვინველად იღებდნენ, მდიდარ ანგელოზებრივ საჩუქრებს იღებდნენ მათ მხიარულ გამოხედვასა და საიდუმლო საუბართან ერთად. ისინი კი, ვინც მამობრივ ყვედრებას ეწინააღმდეგებოდნენ და აპროტესტებდნენ, ვერაფერს იღებდნენ - ანგელოზებმა მათ განაწყენებული სახით ჩაუარეს გვერდით.
    ამ ხილვის შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა წმიდანმა დაინახა, რომ ანგელოზები უახლოვდებოდნენ. ის სიხარულისგან თავისი ადგილიდან წამოდგა, ხელი გაიწოდა და კაცთმოყვარე ანგელოზებმა გულუხვად დააჯილდოვეს. ღირსი საბა ჩუმად ლოცულობდა, რათა წინამძღვარს ბერთა ლანძღვა არ შეეწყვიტა, რომ ანგელოზები არ წასულიყვნენ.
    ტრაპეზის დასრულებისას და პანაღიის ჩინის(ჩინი, რომელიც მთელი ძმობის მიერ აღესრულება ტრაპეზისა და სამადლობელი ლოცვების შემდეგ კვირა დღესა და დიდ დღესასწაულზე) შემდეგ ორი ანელოზი იღუმენის მაგიდის გვერდით დადგა და ყველასთან ერთად და ღრმა მოკრძალებით ილოცა. როდესაც იღუმენი სატრაპეზოდან გადიოდა, ანგელოზები გაჰყვნენ და გაჩერდნენ იმ ადგილის ახლოს, რომელზეც წინამძღვარი გამოსულ ბერებს აკურთხებდა. ბერები, მის გვერდით გადიოდნენ კურთხევას იღებდნენ და შენდობას ითხოვდნენ. ვინც ამას გულრწფელად და თავმდაბლად აკეთებდა, ანგელოზები ძღვენს მიართმევდნენ და რაღაცას საიდუმლოდ ესაუბრებოდნენ. მზაკვრული თაყვანისცემითა და უკმაყოფილებით მოსულების დანახვაზე კი ანგელოზები ზურგით ბრუნდებოდნენ.
    თავიანთი ღვთაებრივი მსახურების დასასრულს ორივე ანგელოზი გაქრა
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები