
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: მოწყალება
როდესაც მოწყალებას რასმეს იქმ და კეთილს საქმეს, ნურც ის აზრი გაქვს მაშინ, რომ ღმერთი გარდამიხდისო, მაგიერს მომაგებსო. მართალია, ღმერთი ყოველ კაცს გადუხდის მისი კეთილი საქმისათვის; საღმრთო წერილი პირდაპირ იტყვის, რომ ვინც გლახაკს მოწყალებას მისცემს, ის ღმერთს ავასხებსო; მაცხოვარი გვეტყვის, რომ, ვინც ერთ ჭიქა გრილ წყალს დაალევინებს მწყურვალე კაცს, არ დაჰკარგავს მისს სასყიდელს. გარნა, თუ შენ მოწყალებას აღასრულებ მარტო იმ აზრით, რომ ღმერთი მაგიერს მომცემსო, და არა ღვთის და მოყვასის სიყვარულით, მაშინ შენი მოქმედება უფრო დაემსგავსება ვაჭრობას; იგი დაჰკარგავს ნამდვილ ქრისტიანულ ხასიათს, და მიიღებს სახეს და ხასიათს კათოლიკეებისას და ერთის მხრით მაჰმადიანთა, რომელნიც კეთილ საქმეს ისე ანგარიშობენ, როგორც ვაჭარი ფულის თავანს და სარგებელს.