image

თემა: მოწყალება,  უპოვარება

624. ძმამ იმავე ბერს ჰკითხა: გლახაკთათვის დასარიგებლად, უნდა ავიღო თუ არა სხვებისგან რაიმე? რადგან ზოგიერთები მარწმუნებენ, ასე უნდა მოიქცეო.
რადგან აქ საქმე მოწყალებას ეხება, ამიტომ ყველა ვერ იტვირთავს ჩემს სიტყვებს, არამედ მან მოისმინოს, ვინც მდუმარებაში იმყოფება და საკუთარ ცოდვებზე ტირის. არიან ადამიანები, რომლებიც ასეთ მსახურებას უძღვნიან თავს და ღმერთმა იცის, რა უნდა მიაგოს მათ ამის სანაცვლოდ; მგლოვიარეებს კი საამისოდ თავისუფალი დრო არა აქვთ. ანდა, სხვისას როგორ განაგებს ის, ვინც საკუთარზე თქვა უარი? წმინდანთა შორის ღირსი ილარიონი მსგავსადვე მოიქცა: როდესაც ზოგიერთებმა მას მთხოვნელთა უზრუნველსაყოფად დიდი ქონების აღება სთხოვეს, მან უთხრა მათ: „თქვენ თვითონ უნდა გაანაწილოთ თქვენი ქონება, იმიტომ რომ თქვენ გიწევთ ქალაქებსა და დასახლებებში ყოფნა, ხოლო მე, რომელმაც საკუთარი მივატოვე, როგორ ავიღო სხვისი, სხვათა უზრუნველსაყოფად?“ ამასთანავე, ეს ხშირად პატივმოყვარეობის და ვეცხლისმოყვარეობის მიზეზი ხდება.
625. თუკი ის, ვინც თანხას მაძლევს, დაჟინებით მეუბნება: „თუ შენ არ აიღებ და არ დაარიგებ, მაშინ მე თვითონ არაფერს არ დავარიგებ“. ამ შემთხვევაშიც უნდა უგულებელვყო შიმშილით გატანჯული გლახაკები თუ არა?
მე უკვე ვუთხარი შენს სიყვარულს, რომ არიან ადამიანები, რომელთაც ამას მიუძღვნეს საკუთარი თავი; ხოლო შენ, თუ შენს ცოდვებზე ტირილი გსურს, ეს საქმე შენთვის უცხოა, ამიტომ ნუ მიაქცევ მას ყურადღებას, თუნდაც შენი სენაკის წინ ვინმე შიმშილით იტანჯებოდეს. გლოვას და მდუმარებას რომ არ მოსწყდე, ნუ მიიღებ სხვისი ქონების დარიგებაში მონაწილეობას. არამედ, იმ საკუთრების მფლობელმა, თუ ვერავინ იპოვა, ვინც მის მაგივრად ასეთ სამსახურს აღასრულებს, მაშინ საქმე შეუსრულებელი რომ არ დარჩეს, თვითონ მოუწევს მისი განაწილება.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები