ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: წესი ქრისტიანის გარდაცვალებისა, მოწყალება
957. შეიძლება თუ არა მიცვლებულთა შემოსვა ძვირფასი ტანისამოსით და ოქრო–ვერცხლის თან ჩატანება?
ქრისტე ასე ამბობს: „მიხილეთ მე მშიერი და გამომზარდეთ და წყურიელი და მასუთ“. მას არ უთქვამს: „მკუდარი დამმარხეთ დიდფასითა სამოსლითა“–ო. მე მიცვლებულის შემოსვისაგან კი არ გაყენებ, არამედ ამაო უზომოებისაგან. იქნებ მითხრა: „მიცვალებულისადმი სიყვარულის გამო ვიქცევიო ამგვარად“, მაგრამ ეს კი არ არის სიყვარული, არამედ სიყვარულს საქმით მაშინ აღასრულებ, როდესაც ისეთი სამოსით შემოსავ განსვენებულს, რომელიც არასოდეს გაიხრწნება, არც არავინ წარიპარავს. ამგვარი სამოსი კი მოწყალებაა. რატომღა მოსავთ მიცვალებულს ძვირფასი სამოსით, ამკობთ ოქროთა და ვერცხლით? დასცხერით ამგვარი ამაოებისაგან და მათთვის მოწყალება გაეცით, რომელიც სულს ტანჯვისაგან გამოიხსნის.