ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: ღმერთზე მინდობა, შფოთი
464. თქვენ გვასწავლით, რომ თუ ყველაფერს ღმერთს მივანდობთ კარგია, რამეთუ ეს ადამიანს შფოთისაგან იცავს, ჩემისთანა უძლური კი, როდესაც ხედავს, რომ რაიმე ნივთი შეიძლება ტყუილუბრალოდ დაკარგოს, შფოთავს; ან სულგრძელების გამოჩენის მიზეზით დუმს, ხოლო შემდეგ ნანობს, რომ თითქოს თავის სულგრძელების გამო, თვითონ გახდა იმ ნივთის დაკარგვის მიზეზი. რა არის აქ უმჯობესი? როგორ მოვიქცე, რომ ამაში წარმატებას მივაღწიო და როგორ ვიაზროვნო, შფოთს თავი რომ დავაღწიო?
უფალმა თქვა: „ყოველივე სიხარულად შეჰრაცხეთ, ძმანო ჩემნო, რაჟამს განსაცდელსა შესცვივეთ პირად-პირადსა“ (იაკ. 1, 2). ესეც იმ სხვადასხვა განსაცდელთა რიცხვს მიეკუთვნება, რისთვისაც ადამიანს უნდა უხაროდეს. და თუ უძლურია და ვერ ითმენს, ანუ თუ ნივთის დაკარგვას განიცდის და ღვთის ნებას ვერ ანდობს მას, მაშინ უნდა იბრძოლოს და პირველ რიგში საკუთარ თავს უთხრას: „ყურადღებით იყავი და ნუ შფოთავ; ღმერთს თუ ნივთის შენარჩუნება ნებავს, ის შენარჩუნდება. მაშინ, რაც უნდა დაემართოს ნივთს, ადამიანი მას მადლიერებით შეხვდება, რამეთუ მარტო ჩვენი ძალისხმევით არანაირი სიკეთე არ აღესრულება, თუ არა ღვთის ძალითა და ნებით. მაგრამ ღმერთი თავის ნების შესატყვის მცდელობას, რომელიც ბოროტისეულ მზაკვრობასა და სიცრუეზე არაა დაფუძნებული, ჩვენგანაც ითხოვს.