თემა: ერესი,  სასწაულები,  მართლმადიდებლობა


მწვალებელთა მოქცევა.

წმიდა მღვდელმთავარ იოანე ოქროპირის დროს ანტიოქიაში მწვალებლობით დაბრმავებული კაცი ცხოვრობდა და მართლმადიდებლებს მრავალ ბოროტს შეამთხვევდა. ერთხელ მის ცოლს სასტიკი სნეულება შეეყარა. მრავალ ექიმს შესთხოვდა მისგან განკურნებას, მაგრამ ამაოდ. მაშინ მწვალებელმა კაცმა თავის სახლში მაკრიონიტებს მოუწოდა და სთხოვა, მის მეუღლეს საერთო ლოცვით შესწეოდნენ. ისინი სამ დღეზე მეტ ხანს განუწყვეტლივ ლოცულობდნენ, მაგრამ ამაოდ. მაშინ ავადმყოფმა ქმარს უთხრა:
    -მსმენია, რომ ეპისკოპოს ფლავიანესთან პრესვიტერი იოანე ცხოვრობს, რომელსაც ღმერთი ყველა თხოვნას უსრულებს და ის სასწაულებსაც ახდენს. გევედრები, წამიყვანე მასთან, რომ ჩემთვის ილოცოს. მაკრიონიტები ვერაფრით დამეხმარნენ და ამით ვხვდები, რომ მათი რწმენა მართალი არ არის! მათი რწმენა რომ ჭეშმარიტი ყოფილიყო, ღმერთი შეისმენდა მათ ლოცვას ჩემთვის! ქმარმა თხოვნა შეუსრულა და მართლმადიდებელ ეკლესიამდე მიიყვანა, მაგრამ, როგორც მწვალებელმა, შიგნით შესვლა ვერ გაბედა. მან ავადმყოფი კარიბჭესთან დააყენა და იქ მყოფთ სთხოვა, ეპისკოპოსისა და პრესვიტერისთვის შეეტყობინებინათ მისი ვედრება სნეული ცოლის განკურნებისთვის. ეპისკოპოსიც და იოანეც მაშინვე მოვიდნენ. მღვდელმთავარმა მათ უთხრა:
    -თუკი უარყოფთ თქვენს მწვალებლობას და წმიდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიას შემოუერთდებით, უფალ იესო ქრისტესგან კურნებას მიიღებთ!
    მართლმადიდებელ მღვდელმსახურებს ორივემ აღუთქვა, რომ მწვალებლობას განუდგებოდნენ. მაშინ იოანემ წყალი მოიტანა, ეპისკოპოსმა აკურთხა ის, იოანემ კი სნეულ დედაკაცს აპკურა. ქალი უმალვე გამოჯანმრთელებული წამოდგა. ცოლ-ქმარმა მაშინვე მართლმადიდებლობა მიიღო. ქალაქის ყველა მართლმადიდებელმა მორწმუნემ დიდად გაიხარა ამ შემთხვევით, მწვალებლები კი შერცხვენილნი იყვნენ
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები