image

თემა: ვნებები

666. ზოგჯერ, როდესაც რომელიმე ადამიანს ვხვდები, ვნებით ვუყურებ მას და სული მიწყლულდება. თუ მასთან ლაპარაკი აუცილებელია, თვალს ვერ ვუსწორებ და ამით აზრს ვაწვდი, რომ მძულს ის. ისეც ხდება, რომ მისი შეხედვა არ შემიძლია და თვალებს ვხუჭავ. ყოველივე ამის გამო ვწუხვარ და არ ვიცი როგორ მოვიქცე. ილოცე ჩემთვის მეუფეო და შენი კაცთმოყვარებით სიცოცხლის სიტყვა მომაწოდე და მიმკურნალე.
შენმა სიყვარულმა მკითხა, რომ ზოგჯერ შემხვედრ ადამიანს ვნებით უყურებ. ეს აშკარად ეშმაკისეულ ბრძოლას მიეკუთვნება. უნდა იცოდე, რომ გონებრივი გართობა მისი ჩაგონებაა. ამიტომ შენ ჩვენი არსების ხრწნადობა და სიმყრალე უნდა გაიხსენო, თუ როგორ შევიცვლებით მაშინ, როდესაც კუბოებში ჩაგვასვენებენ. მაგრამ რა გითხრა ხრწნადობის შესახებ? განა უფრო ადრე თვალწინ ღვთის მომავალი საშინელი სამსჯავრო არ უნდა წარმოიდგინო? როგორი ხვედრი მოელის იმას, ვინც ასე იქცევა? როგორ გაუძლებ იმ დიდ სირცხვილს, როდესაც ჩვენი საქმეები მთავარანგელოზების და ანგელოზების, და ასევე ყველა ადამიანის და მართალი მსაჯულის წინაშე გაცხადდება? როგორ დადუმდება მაშინ იმათი ბაგეები, ვინც ასეთ საქმეებს სჩადიოდა? გვეშინოდეს მისი, რომელმაც თქვა: „ნუ სცდებით: არცა მეძავთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათმავალთა სასუფეველი ღმრთისაი არა დაიმკვიდრონ“ (1 კორ. 6, 9-10) და: „ყოველი, რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულისთქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თვისსა“ (მათე 5, 28-29). შენ ეს უნდა გახსოვდეს და ხშირად არ უნდა ხვდებოდე იმ ადამიანებს, რომელთა მიმართაც ამ ბრძოლას განიცდი, მაგრამ სხვადასხვა აზრების საბაბი რომ არ მისცე, ნურც იმას განუცხადებ, თუ რატომ ერიდები მათ. ხოლო, როდესაც აუცილებელი იქნება მათთან საუბარი, შეწევნისათვის ღვთის წმინდა სახელს მოუხმე და თქვი: „უფალო იესო! დამიფარე და შეეწიე ჩემს უძლურებას“. და ნუ შეშინდები, ის მტრის მშვილდს შემუსრავს, რამეთუ მისი სახელით ბოროტება უმოქმედო ხდება. ბევრის ნაცვლად ცოტა ილაპარაკე და სმენას და აზრებს თავისუფლებას ნუ მისცემ; არამედ თავი ღირსეულად და მშვიდად დაიჭირე, რომ არავინ შენიშნოს ის, რაც შენში ხდება. თუ ასეთი გზით ძალასაც მიიღებ, მაშინ ნუ გაუთამამდები მტრებს, იმიტომ რომ ისინი უსირცხვილონი არიან. ათასჯერაც რომ დამარცხდნენ, მაინც თავიდან იწყებენ ბრძოლას. მაგრამ ყოვლისშემძლე ღმერთი დამდაბლებულ ადამიანს ეხმარება, ვისი გულისთვისაც მან, საკუთარი ნებით, განკაცება ისურვა.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები