თემა: ამპარტავნება,  სათნოებები


მხოლოდ სიზმარი.

ერთ დილას ამბა არსენის სენაკს მისი ორი მოსწავლე ეწვია. მათ ბერს თავიანთი სათნო ცხოვრების შესახებ თხრობა დაუწყეს. ისინი ერთმენათში ხშირად კამათობდნენ, თუ ვინ უფრო მართალ ცხოვრებას ეწეოდა და ახლა ამის განსასჯელად მოძღვართან მისულიყვნენ. მაგრამ იმ დილით მამა არსენი უჩვეულოდ მდუმარე იყო.
    -ღამით უცნაური სიზმარი ვიხილე, - წარმოთქვა მან ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, - ხმა მომესმა, რომელმაც მომიწოდა: "წამოდი, კაცთა საქმენი უნდა გაჩვენო!" მეც გავყევი. ხმამ ტყეში წამიყვანა. იქ ერთი კაცი ვიხილე, რომელიც ფიჩხს აგროვებდა, უკვე იმდენი მოეგროვებინა, რომ ძვრას ვერ უზამდა. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ნაწილი სადმე ცალკე გადაეწყო, იმავე ადგილზე იდგა, ფიჩხს იხუტებდა და ჩეხვას განაგრძობდა... შემდეგ მობრუნდა და უეცრად დავინხე, რომ იგი უცნაურად წააგავდა ერთ-ერთ თქვენგანს...
    -შეუძლებელია! - წამოიძახა იმ მოსწავლემ, ვისაც მოძღვარმა მეტყველი მზერა მიაპყრო, - რას ამბობ, მამაო, მე ასეთ სიბრიყვეს არასოდეს ჩავიდენდი!
    -მეც ასე ვიფიქრე! - მიუგო მოძღვარმა და თხრობა განაგრძო:
    -შემდეგ ხმამ მითხრა: "განა ასე არ იქცევა ამ ქვეყნად მრავალი ადამიანი? ნაცვლად იმისა, რომ ამპარტავნება დააცხროს და მარადიულობაში ნაკლებად ცოდვილი გადავიდეს, რატომღაც ტვირთს სულ უფრო მეტად იმძიმებს".
    შემდეგ ჭასთან აღმოვჩნდი. ვიხილე ერთი კაცი, რომელიც გულმოდგინედ ასხამდა წყალს ძირგატეხილ კოკაში და ასე, ამაოდ ცდილობდა კოკის ავსებას. წყალი ძირს იქცეოდა, კოკა ცარიელი რჩებოდა და ეს კაცი სულ ფუჭად ირჯებოდა. მაგრამ შემდეგ მან მოიხედა და...
    -არა მამაო, ალბათ შეგეშალა, ნუთუ ვერ შევამჩნევდი, რომ კოკა გატეხილია?! სწრაფად წამოიძახა მეორე მოსწავლემ, როცა მისკენ მიმართული მოძღვრის მეტყველი მზერა შენიშნა.
    -მეც ასე ვიფიქრე, - მშვიდად მიუგო მოძღვარმა და განაგრძო: "ხმამ მითხრა, რომ კაცი, რომელიც წყლის ავსებას გატეხილ კოკაში ცდილობს, ისეთ ადამიანს განასახიერებს, რომელიც, თუმცა სათნო საქმეებს იქმს, მაგრამ იქვე ბოროტებასაც შეურევს და ამით ყოველივე საუკეთესოს ჩანასახშივე სპობს. შემდეგ კი მკითხა: "განა ასე არ იქცევა დედამიწაზე მცხოვრებთა უმრავლესობა?".
    ვეღარაფრის თქმა ვერ მოვასწარი, რადგან უეცრად უმშვენიერეს ტაძართან აღმოვჩნდი. იქ ორი მხედარი ვიხილე. მათ ხელში ორივე ბოლოთი მორი ეჭირათ და ქალაქის კარიბჭეში შესვლას ასე ცდილობდნენ, მაგრამ ვინაირან არცერთ მათგანს მეორისთვის გზის დათმობა არ სურდა, მორმა შესასვლელი გადაკეტა; მხედრები გარეთ რჩებოდნენ და ილანძღებოდნენ.
    -ნუთუ ეს ჩვენ ვიყავით?! - ერთხმად წამოიყვირეს მოწაფეებმა.
    -არ ვიცი, ზურგიდან ვხედავდი და მათი სახეები არ დამინახავს, - ამოიხვნეშა მოძღვარმა და დასძინა: ხმამ მითხრა: "შეხედე ამ ადამიანებს, მათ "სიმართლის მორი" მოაქვთ, მაგრამ ამას დიდი ამპარტავნებით იქმან. არცერთ მათგანს არ სურს, პირველმა დაიმდაბლოს თავი, რომ გამოსწორდეს. ამის გარეშე კი ვერცერთი მათგანი ღვთის სასუფეველში ვერ შევა!"
    მოწაფეები მიხვდნენ, ვის გულისხმობდა მოძღვარი და დამწუხრდნენ.
    -ეს ხომ მხოლოდ სიზმარია! - გაეღიმა მოძღვარს, - გიხაროდეთ, რომ გამოსაღვიძებლად დრო ჯერ კიდევ გაქვთ
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები