ავტორი:
წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)
თემა: ამპარტავნება, გამოცხადებები, სიზმარი
570. როგორ გვაცდუნებენ ბოროტი სულები სიზმრების მეშვეობით?
პატივმოყვარეობის დემონები სიზმრებში წინასწარმეტყველურად გარდასახებიან და თავიანთი გაიძვერობითა და მოხერხებულობით წინასწარ ხვდებიან მომავალს და გვაუწყებენ მას, რათა სიზმარში ნანახის ცხადში ახდენით განვცვიფრდეთ და თითქოსდა უკვე წინასწარმცნობელობის ნიჭის მქონენი, ამპარტავნული გულისთქმებით ავივსოთ. მათთვის, რომელნიც დემონს უჯერებენ, ეს უკანასკნელი წინასწარმეტყველია, ხოლო მათთვის, რომელნიც არად აგდებენ და ამცრობენ მას, ის ყოველთვის მატყუარაა. დემონი სულია. ამიტომ ის ხედავს იმას, რაც საჰაერო სივრცეში ხდება და შეიტყობს თუ არა, რომ ვინმე კვდება, ამის შესახებ გულუბრყვილო ადამიანებს ძილში ამცნობს. წინასწარ უწყებით დემონებმა მომავლის შესახებ არაფერი იციან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯადოსნებსაც შეეძლებოდათ თითოეული ჩვენგანისათვის მოსალოდნელი სიკვდილი ეწინასწარმეტყველებინათ. დემონები ხშირად სინათლის ანგელოზებისა და წამებულთა იერსახეს იღებენ და სიზმრებში გვიჩვენებენ ჩვენს ურთიერთობას მათთან, ხოლო გამოღვიძებულებს სიხარულსა და ამპარტავნებაში გვძირავენ.