თემა: სიმდაბლე


ღირსი სერგი რადონეჟელის თავმდაბლობა.

ერთი სოფლის მცხოვრებმა წმიდა სერგის სათნოებათა და სასწაულთქმედებათა შესახებ შეიტყო და მის სავანეში შორიდან ჩავიდა, რათა მართალი მამა ეხილა და მისგან კურთხევა მიეღო. იმ დროს ღვთის კაცი თავის ბაღში მიწას ამუშავებდა.
    ჩამოსულის შესახებ შეატყობინეს და მანაც მისი შეშვება ბრძანა.
    გლეხმა დაინახა ძალზე უბრალოდ შემოსილი ადამიანი, რომელიც მიწაში იჩიჩქნებოდა. მან ვერ წარმოიდგინა, რომ ეს ის განთქმული სერგი იყო და გაიფიქრა, რომ მის დასაცინად წმიდანის ნაცვლად მუშა უჩვენეს. ის მონასტერში დაბრუნდა და ხელახლა იკითხა:
    -სად არის ღირსი სერგი?
    რამდენს არ არწმუნებდნენ, რომ ბაღში ყოფნისას სწორედ მას შეხვდა, მაგრამ გლეხს ამის დაჯერება და გაგონება არ სურდა.
    ამასობაში ღვთის მოსაგრე ბაღიდან გამოვიდა. გლეხმა ის ითაკილა და გვერდით გადგა, მისი შეხედვაც კი არ სურდა. „რამდენი ვიშრომე და სულ ტყუილაუბრალოდ, - ფიქრობდა ის, - დიდი წინასწარმეტყველის სანახავად მოვედი, მისი დიდების ხილვა მსურდა, მაგრამ რას ვხედავ? ღატაკს!“.
    წმინდანმა მისი აზრები განჭვრიტა და უფალს მადლობა შესწირა, რადგან რამდენადაც ამპარტავანი ქება-დიდებით აღტაცებული რჩება, იმდენად თავმდაბალი დამცირებით ხარობს. მან გლეხს ხელი მოჰკიდა, თავის სენაკში შეიყვანა და საჭმელ სასმელი დაუდგა წინ.
    -ნუ დარდობ, კეთილო ადამიანო, - უთხრა მან, - სერგის მალე ნახავ.
    როგორც კი წმიდა მამამ ეს სიტყვები წარმოთქვა, უეცრად განუცხადეს, რომ მონასტერში დიდი თავადი ჩამოვიდა; სერგი მის შესახვედრად გამოვიდა... რაოდენ გაოცდა გლეხი, როდესაც დაინახა, რომ ხელმწიფე ამ ღატაკისგან (როგორც თვითონ უწოდა) კურთხევას ითხოვდა; დიდი მეტანია გაუკეთა და დალოცვა სთხოვა! ის კიდევ უფრო მეტად გაოცდა, როდესაც ეს ბერი თავადის გვერდით დაჯდა, მაშინ, როდესაც ყველა დანარჩენი, დიდებულებიც კი მის წინ ფეხზე იდგნენ!
    საბრალო გლეხს მათი მსახურებიც კი თაკილობდნენ... მან ძლივს გამოითხოვა თავისთვის ადგილი მოფარებულ ადგილას და თვალს არ აშორებდა მას, ვისთვისაც მანამდე შეხედვაც კი არ სურდა...
    -თუ შეიძლება, მითხარით, გეთაყვა, - ჩუმად იკითხა მან, - ვინ არის თავადის გვერდით მჯდომი ბერი?
    -ეს სერგია, - უპასუხეს მას.
    მოტყუებული ბერი ატირდა და თავს უვიცობას აყვედრიდა.
    -რასაკვირველია, ბრმა ვარ, - ამბობდა ის, - რომ ღვთის კაცი ვერ შევიცანი და შესაფერი პატივი არ მივაგე... როგორ დავენახო ახლა მას>
    მაგრამ სერგიმ ის მალე ანუგეშა.
    როდესაც თავადი მართალ მამას დაემშვიდობა, გლეხი ბერს ფეხებში ჩაუვარდა და თავისი უგუნურება შეინანა.
    -შენ მართალი ხარ, - უთხრა წმინდა მამამ და ფეხზე წამოაყენა, - რომ ძალზე უმნიშვნელო ბერად ჩამთვალე; სხვა ყველა ტყუვდება.
    დააფასე და პატივი ეცი ადამიანს უბრალო სამოსში ისევე, როგორც მდიდრულად ჩაცმულს, რათა არ იფიქრონ, რომ ადამიანს კი არ სცემ პატივს, არამედ სამოსს. უფრო მეტიც, ოქრომკერდიან სამოსში ხშირად უვიცობა და ბოროტი გული იმალება, ძონძებში კი - დიდი გონიერება და სათნოება
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები