თემა: სიმდაბლე
შეურაცხყოფილად გრძნობთ თავს? თუ უყურადღებობის გამო გრძნობთ თავს შეურაცხყოფილდ- ეს ნიშნავს, რომ საკუთარი თავი ყურადღების ღირსად მიგაჩნიათ; აქედან გამომდინარე გულში მაღალი თვითშეფასება გაქვთ და ქედმაღლობთ. კარგია კი ეს? უსაფუძვლო შეურაცხყოფის მოთმენა ჩვენი ვალია, თუ - არა? რა თქმა უნდა. და როგორ შევძლოთ მისი აღსრულება? რაკიღა მცნებად მოგვეცა მოთმინება, ამიტომ აუცილებელია ყოველგვარი უსიამოვნო შემთხვევა უსიტყვოდ დავითმინოთ, დავითმინოთ ის სიხარულით და არ დავარღვიოთ მშვიდობიანი დამოკიდებულება არავისთან... უფალმა თქვა: "რომელმან გცეს შენ ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას ერთკერძოიცა". აქ ბუზმა ჩაგვიფრინა და ფრთა შეგვეხო, ჩვენ კი ყალყზე ვდგებით. აბა მითხარით, მზად ხართ თქვენ შეასრულოთ უფლის მცნება ლოყაში გარტყმის შესახებ? თქვით გულახდილად - "მზად ხართ?" კი, მაგრამ შემთხვევა რომლის შესახებაც მწერდით, ხომ სწორედ ამას წარმოგვიდგენს. ოღონდ ლოყაში გარტყმა პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. ამაში უნდა ვიგულისხმოთ საერთოდ მოყვასის ნებისმიერი საქციელი, როდესაც მიგვაჩნია, რომ არ მოგვაქციეს სათანადო ყურადღება და არ გვცეს პატივი, რის გამოც თავს დამცირებულად ვგრძნობთ და შელახულია, ასე ვთქვათ, ჩვენი ღირსება. ყოველგვარი ასეთი საქციელი, თუნდაც მცირედი - გამოხედვა, უკმაყოფილო გამომეტყველება და სხვა - არის ყურიმალში გარტყმა; და ის არამარტო უნდა დავითმინოთ, არამედ უფრო მეტი დამცირებისათვის უნდა ვიყოთ მზად, რაც მეორე ლოყის გასარტყმელად მიპყრობის შესაბამისია. რაც თქვენ შეგემთხვათ, თითქოს ყურიმალში გარტყმას გავს - ოღონდ მსუბქს. თქვენ კი მიუპყარით მეორე? არა, არამარტო არ მიუპყარით, არამედ პირიქით, ხურდა დაუბრუნეთ. რაკი უკვე ხურდა დაუბრუნეთ და რაკი უკვე მიახვედრეთ ის, რომ რაღაცას წარმოადგენთ, გამოდის მე და თქვენ იცი როგორები ვართ? - აბა და ხელი ვინმემ გვახლოს! და რაღაში ვვარგივართ? როგორ ჩავითვლებით ქრისტეს მოწაფეებად, როცა მცნებას არ ვასრულებთ? განსჯის უნარიც აღარ გვაქვს: ღირსი ვართ კი რაიმე ყურადღების? გულში რომ ასეთი უღირსების განცდა გქონდეთ, არანაირ წყენას არ შეიგრძნობდით.