თავი ვაიძულოთ, რომ მთელი გულით შევიყვაროთ სახელოვანი ქალწულების უბიწო და წმინდა გზა, რომ ხორცთან გაყრის შემდეგ ზეცაში აღმავალი სული ქალწულების სილამაზით და მშვენიერებით შეიმკოს და იესომ – უბიწო სულთა სიძემ – შეიყვაროს.
უფლის სახლში მისვლა და დამკვიდრება გაცილებით უფრო საამოა, ვიდრე ცოდვილთა სოფელში ცხოვრება (ფსალმ. 83, 10), სადაც ხორცის თაყვანისცემის საცდურია და ჯოჯოხეთი დიდ ნადავლს მოიხვეჭს.
მდუმარებაში გონება მშვიდდება. მიწიერი გულისსიტყვებისგან თავისუფალი გონება საკუთარ თავს ბუნებრივად უბრუნდება. საკუთარი თავიდან კი ლოცვით – „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ – ღვთისკენ მიიქცევა.
თუ ვინმე სოფელს განეშორება, მის სიმყრალეს შეიცნობს; ხოლო ერში მოხეტიალეს ამქვეყნიურ გულისთქმათა და სიამოვნებათა ძონძები, როგორც დიდების სამოსელი, ისე შეუმოსავს.