ციტატები


სწავლა ლგ. წმიდათა წერილთა კითხვისათვის

საყვარელნო, ჯერ არს ჩვენდა, რათა მოვიგებდეთ წიგნთა და აღმოვიკითხვიდეთ გულის-ხმის-ყოფით, არა ფიცარსა ზედა ქვისათა, არამედ ფიცარსა ზედა გულისა ჩვენისათა დავიწერდეთ და აღსრულებად საქმითცა სურვიელ ვიყვნეთ. და აღუხოცელად გონებათა შინა ჩვენთა შთავწერნეთ ძალნი და სიტყვანი წიგნთანი. რამეთუ, უკეთუ სახლსა შინა, სადა წმიდა სახარება იდვას, ვერ შევალს ეშმაკი, არა უფროსად სულსა, რომელსა შინა ძალი სიტყვათა დამკვიდრებულ იყოს, შეეშინოსა შესლვად? და არა ოდენ ეშმაკსა, არამედ ყოველსა ბუნებასა ცოდვისასა. ამისთვის, გევედრები, საყვარელო, წმიდა ჰყავ სული შენი, წმიდა ჰყავ ხორცნიცა ამით საღმრთოთა სიტყვათა გულთა შინა, და პირსა შენსა დამკვიდრებითა. რამეთუ უკეთუ ბოროტთა სიტყვათა მეტყველებაი შემაგინებელ კაცისა არს, ხოლო სულიერთა სიტყვათა წურთამან და კითხვამან და სმენამან არა განსწმიდოსა პირიცა და სული და გონება, და დაემკვიდროს მას შინა მადლი სულისა წმიდისა?! საღმრთონი წერილნი - წამალნი არიან სულისანი. განვჰკურნეთ უკვე მათ მიერ სულნი ჩვენნი. ხოლო ესე ვითარი არა ბოროტ არს, რამეთუ მოყვარეთა სოფლისათა იციან მონაგებთა თვისთა ყოველი ბუნება: და ცხენთა თითოეულისა პაპის პაპანი და ბუნებანი, და რომელნი აქა ეკლესიასა შინა შემოჰკრბებით, არა იცით აქა შინა თქმულნი სიტყვანი, არცა თუ რიცხვი და სახელი წიგნთა?! არამედ გევედრები, განეშორენით ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა და ღირს იქმნნეთ გულის-ხმის-ყოფასა საღმრთოთა სიტყვათა და საქმეთა, რათა ნაყოფიცა კეთილი გამოიღოთ და ღირს იქმნნეთ დამკვიდრებად საუკუნეთა მათ კეთილთა, მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა შვენის დიდება სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ საყვარელნო, ჯერ არს ჩვენდა, რათა მოვიგებდეთ...


[1] წერილი დედას და სხვა ნათესავებს

წმიდა მთა, 1 თებერვალი, 1929 წ.


ჩემო საყვარელო დედავ, და-ძმავ, ნათესავებო და მეგობრებო: მილტიადე, ერგინა, მიხალი, მანოლი, ლეონარდო, მარუსო და ნიკოლა, ჩემს საყვარელ მამიდა ალექსანდრასა და მის შვილებთან – დიმიტრის, ასპასიას, მარიას, ტასოს, კალიოპესთან ერთად, ასევე, ნათესავებო: ანთი და დიონისე, მარია და ბ., ჩვენს შინაურ იოანეს და მარიამსა და შვილებთან ერთად.
ყოველთა გიხაროდეთ უფლის მიერ.
მე კარგად და ჯანმრთელად ვარ ჩვენი მშობლებისა და ბებია-პაპის ლოცვებით. მიხარია და ვმადლობ ღმერთს, რომ ამ დიდი და ზეციური ნიჭის ღირსი გამხადა – შემემოსა დიდი და ანგელოზებრივი სქემა და მონაზვნად ვიწოდებოდე, მე, ასეთი ძღვნის უღირსი. დიდებული იყოს მოწყალე, სულგრძელი და კეთილი ღმერთის სახელი, რომელსაც არ შევეზიზღე, არამედ შემიწყალა, როგორც უძღები შვილი და ამდენი ხალხისგან გამომარჩია და ამგვარ პართენონში მომიყვანა, ამქვეყნიურ სამოთხეში, ასეთ წმიდა ადგილებში, სადაც მკვიდრობენ მამები – წმიდანი, უბოროტონი, უვერცხლონი და ყოველივე სათნოებით შემკულნი. ერთი სიტყვით, მე ამ ყველაფრით ვტკბები.
მინდოდა და გული მეწვოდა შემეტყო თქვენი ჯანმრთელობის შესახებ, სულიერისა თუ ხორციელისა, მაგრამ მცნება – ვისაც მამა ან დედა უყვარს ჩემზე მეტად, ჩემი ღირსი არ არისო – მაიძულებს დავივიწყო არა მარტო მშობლები, და-ძმა და ნათესავები, არამედ საკუთარი სხეულიც კი, ხოლო სულის მთელი წადილი და სიყვარული ღმერთისკენ მივმართო; მზერა მისკენ გვქონდეს მიმართული და ვლოცულობდეთ და ვითხოვდეთ და ვიღებდეთ შესაფერის წამლებს სულის განწმედისა და სულიერი ადამიანის განვითარებისთვის.
მაგრამ ახლა, როდესაც ვხედავ, თუ რა უბედურება ეწია ეკლესიას და ვშიშობ, ღმერთის მიტოვების ამ გამოხატულებამ თქვენამდეც არ მოაღწიოს და არ დავკარგო საყვარელი ადამიანები, შედეგად კი – ამდენი ღამისთევები წყალში ჩამეყაროს, იძულებული გავხდი მიმემართა შეღავათისთვის: გასაჭირისას დაწესებულის გვერდის ავლა დასაშვებიაო. ვუთხარი ჩემს თავს: ჯობია ერთი მცნება დავარღვიო და საყვარელი ნათესავები შევიძინო-მეთქი. წმიდა მთა, 1 თებერვალი, 1929 წ.ჩემო საყვარელო...

როგორ გაიგონ ერის ადამიანებმა ჭეშმარიტი რწმენა? (რადგან მართლმადიდებლები მას სულიწმიდის მადლით შეიცნობენ)
ყოველ რწმენას დედამიწაზე სახელი ადამიანის სახელის მიხედვით ეწოდება: მაჰმადიანები - მუჰამედის, პაპისტები (კათოლიკები) - პაპის, ლუთერანები - ლუთერის მიხედვით იწოდებიან. ყველა აღმსარებლობა, რომელიც ადამიანის სახელებიდან წარმოიშვა და ამ სახელების გამო მათ პატივსაცემად იწოდება, ღვთიური არ არის, მათში ღმერთი არ არის, თუ კი რომელიმე ეს რწმენა ღვთიურია, მაშ ადამიანის სახელით რად იწოდება და მას რად ეთაყვანებიან?! ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება - ეს არის მართლმადიდებლობა, რადგან სახელწოდება თავად ღვთისაგან ქრისტესაგან წარმოდგება - ქრისტიანი ( წმ. თეოფანე დაყუდებული)
ყოველ რწმენას დედამიწაზე სახელი ადამიანის...


დამუნჯებული ფილოსოფოსი

ღვთის დიდად სათნომყოფელი ალექსანდრე, რომელსაც მეოთხე საუკუნეში ღირსეულად ეკავა კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ტახტი, იძულებული იყო, გამკლავებოდა არა მარტო არიოზის მიმდევრებს, მგლებივით რომ ემტერებოდნენ ქრისტეს ჭეშმარიტ სამწყსოს, არამედ ელინური სიბრძნის წინაშეც ყოველთვის მზად ჰქონდა სიტყვის მისაგებელი.
ერთხელაც წარმართმა თანამემამულეებმა ქვეყნის საერთო ხელისუფალს შეახსენეს, რომ ალექსანდრემ ძველი, მამაპაპისეული სარწმუნოება დაუტევა და სანაცვლოდ მიიღო სრულიად ახალი, უცნობი აღმსარებლობა, რასაც შეუძლია, ზიანი მოუტანოს სამეფოს კეთილდღეობას. ამას გარდა, ისინი სთხოვდნენ მეფეს, მღვდელმთავართან დისპუტის მოწყობის ნება დაერთო, მათთვის უაღრესად საჭირბოროტო საკითხზე, თუ რომელი სარწმუნოებაა უმჯობესი - ძველი თუ ახალი? რაზეც მიიღეს კიდეც მეფის უზენაესი თანხმობა.
ქრისტეს რჯულის ერთგული აღმსარებელი ალექსანდრე, თუმცა კი არ იყო ღრმად განსწავლული ელინურ ღვთისმეტყველებაში, მაგრამ სულიწმინდის მადლს მიენდო და დათანხმდა პაექრობაში მონაწილეობაზე.
შეიკრიბნენ ფილოსოფოსები და მათი მხარდამჭერნი და თანამოაზრენი, ყველა, ვინც მტრობდა სახარებისეულ რწმენას. როდესაც წმინდა ალექსანდრემ დაინახა, რომ უზომოდ დიდი იყო მოწინააღმდეგეთა რიცხვი, დაითანხმა ისინი, რათა თავიანთ შორის ყველაზე ბრძენი და ენამჭევრი ამოერჩიათ, რომელთანაც გასწევდა პაექრობას. არგუმენტაცია სავსებით ლოგიკური იყო - შეუძლებელია, ერთბაშად უპასუხოს კაცმა ათას ადამიანს. ელინებმა თავიანთი რიგებიდან აირჩიეს მთელ საბერძნეთში სახელგანთქმული ბრძენი, ხოლო დანარჩენები გაფაციცებულნი მოემზადნენ მოპაექრის მხარდასაჭერად, რათა გაჭირვების შემთხვევაში დახმარებოდნენ მეგობარ წარმართ-ფილოსოფოსს.
უწმინდესმა პატრიარქმა თავისი საუბარი დაიწყო შემდეგი სიტყვებით: „უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ შენ მდუმარებას!“ ბრძენს მყისიერად წაერთვა ენა და ერთი სიტყვის თქმაც კი ვერ მოახერხა. ამის მხილველი ფილოსოფოსების მთელი კრებული შეძრწუნებულ და სირცხვილეულ იქნა. ზოგმა მათგანმა დატოვა საასპარეზო, სხვანი ქრისტეს რწმენაზე მოიქცნენ. დამუნჯებული წარმართი ბრძენი ფეხებში ჩაუვარდა მღვდელმთავარს და ხელის თითებით ანიშნებდა მას სახარების რწმენის სიდიადესა და სიწმინდეს. ამ საქციელისათვის ქრისტეს სარწმუნოების დამცველმა მღვდელმთავარმა მეტყველების უნარი დაუბრუნა ფილოსოფოსს და მანაც, რიგი თანამემამულე წარმართების დარად, ნათელ-იღო. ამ სასწაულის მომსწრე ყოველი ქრისტიანი ადიდებდა უფალს. ღვთის დიდად სათნომყოფელი ალექსანდრე, რომელსაც...

497. როგორი იყო მაცხოვრის გარეგნობა გადმოცემათა მიხედვით?
იესოს გარეგნობის ყველაზე ადრეული აღწერილობანი უკვე საკმაოდ გვიანდელ ხანას განეკუთვნება; თუმცა სავსებით შესაძლებელია, ისინი ზუსტად ესადაგებოდნენ წმ. იოანე ღვთისმეტყველის, ირინეოს ლიონელის და პაპიუსის დროინდელ გადმოცემებს.
წმ. ნიკიფორეს მოჰყავს მე–8 ასწლეულის საეკლესიო მამის, იოანე დამასკელის მიერ იესოს აღწერილობა და ამბობს, რომ იესო ჰგავდა ქალწულ მარიამს; იყო ლამაზი და გასაცვიფრებლად მაღალი, ოდნავ წელში მოხრილი, ღია ფერის რამდენადმე დახვეული თმებით, რომელსაც არასოდეს შეჰხებია ხელი დედისა მისისა; ჰქონდა მუქი წარბები, ოვალური სახე ფერმკრთალი და შავგვრემანი იერით, ნათელი თვალები და გამოხედვა, რომელშიაც იხატებოდა მოთმინება, კეთილშობილება და სიბრძნე.
აი, აგრეთვე, მაცხოვრის აღწერილობა წერილიდან, რომელიც იერუსალიმის თემის თავმჯდომარემ გაუგზავნა რომის სენატს: ჩვენს დროში, – ნათქვამია ამ წერილში, – გამოჩნდა უდიდესი სათნოების ადამიანი, სახელად ქრისტე იესო... ის ტანმაღალია, მშვენიერი, აქვს კეთილშობილური სახე, ისე რომ ვინც მას უყურებს, ერთდროულად სიყვარული და შიში იპყრობს. აქვს ღვინისფერი, თაფლისფერი, დატალღული თმა, დახუჭუჭებუილიც კი, რომელიც მხრებზე დაცემისას ბძინავს, ნაზარეველთა ჩვევისამებრ შუაზე აქვს გაყოფილი. შუბლი სუფთა და სწორი აქვს, სახეზე კი არც ერთი ლაქა და ნაოჭი არ ატყვია, არამედ ვარდისფერი დაჰკრავს. ცხვირპირი უნაკლო სილმაზისა აქვს, წვერი ხშირი და ფართე, შედარებით მოკლე, ისიც შუაზე ორად გაყოფილი, თვალები ცისფერი და ძალიან ნათელი. ის შიშის მომგვრელია, როცა კიცხავს და სიყვარულით აღსავსე, როდესაც შეაგონებს; მხიარულია, მაგრამ ღირსებას ყოველთვის ინარჩუნებს. ის არასოდეს უნახავთ მომცინარე, არამედ მტირალი. ტანი და ხელ–ფეხი მშვენიერი აქვს. საუბრის დროს სერიოზულია, თავმდაბალი და ზომიერი, ის უმშვენიერესია კაცთა მოდგმაში.
იესოს გარეგნობის ყველაზე ადრეული აღწერილობანი...


ღმერთის სიყვარულისათვის

გვიყვარდეს ღმერთი ისე, როგორც მან თვითონ გვამცნო, და არა ისე, როგორც ხიბლში მყოფ მეოცნებეებს ჰგონიათ, რომ უყვართ.
ნუ გამოიგონებ აღტაცებულ მდგომარეობას, ნუ მისცემ გასაქანს ნერვებს, ნუ აღაგზნებ შენს თავს ნივთიერი, სისხლის დუღილით გამოწვეული ცეცხლით. ღმერთისთვის სათნო მსხვერპლია მხოლოდ გული დამდაბლებული და სული შემუსვრილი. რისხვით უარყოფს ღმერთი თავდაჯერებით, საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენით შეპყრობილი ადამიანის მიერ შეწირულ მსხვერპლს, თუნდაც ეს განსაკუთრებული მსხვერპლი იყოს.
ამპარტავნება ნერვებს აღაგზნებს, სისხლს ადუღებს, ოცნებებს აღძრავს, ხელს უწყობს დაცემული ცხოვრების განახლებას; სიმდაბლე კი ნერვებს ამშვიდებს, სისხლის მოძრაობას აცხრობს, აღვირს ასხამს ოცნებებს, დაცემულ ცხოვრებას მოაკვდინებს და ქრისტესმიერ ცხოვრებას განაცხოველებს.
„ფრიად უმჯობეს არს მსხვერპლთა დამორჩილება და სმენად ბრძანება უფლისა უფროის ცრემლისა ვერძთასა“ (1მეფ. 15, 22), ეუბნება წინასწარმეტყველი ისრაელის მეფეს, რომელიც გაკადნიერდა და ღმერთს უკანონო მსხვერპლი შესწირა. თუ გსურს, რომ ღმერთს სიყვარულის მსხვერპლი შესწირო, ნუ გააკეთებ ამას თვითნებურად, განუსჯელ ლტოლვას აყოლილი; სიმდაბლით შესწირე მსხვერპლი იმ დროს და იმ ადგილას, სადაც და როდესაც ეს უფალს ნებავს.
ადგილი, სადაც სულიერი მსხვერპლის შეწირვა გვიბრძანეს, ერთადერთია - სიმდაბლე.
უფალმა ზუსტი და სარწმუნო სიშნებით აღბეჭდა ის, ვისაც უყვარს ღმერთი და ის, ვისაც არ უყვარს. მან თქვა: „უკეთუ ვისმე ვუყვარდე მე, სიტყვანი ჩემნი დაიმარხნეს... ხოლო რომელსა არა ვუყვარდე მე, სიტყვანი ჩემნი არა დაიმარხნეს“ (ინ. 14, 23-24).
ღმერთის სიყვარულის სწავლა გწადია? განეშორე ყოველ საქმეს, სიტყვას, აზრს, გრძნობას, რომელიც სახარებამ აგიკრძალა. განეშორე ცოდვას, ესოდენ საძაგელს ღმრთის წინაშე - ამით უჩვენე და დაუმტკიცე ღმერთს შენი სიყვარული. იმ შეცოდებებს, რომლებსაც კაცობრივი უძლურების გამო მაინც ჩაიდენ, მყისვე აღსარებით უწამლე. თუმცა უმჯობესი იქნება, თუ ფხიზლად უდარაჯებ საკუთარ სულს და არც ამ ცოდვებს გაიკარებ.
„ამისთვის შევიყვარენ მცნებანი შენნი უფროის ოქროისა და ანთრაკისა; ამისთვის ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა წარვემართე და ყოველი გზაი სიცრუვისა მოვიძულე“ (ფსალმ. 118, 127-128), ამბობს წინასწარმეტყველი. ამგვარი საქციელი აუცილებელია ღმერთის ერთგულების დასაცავად. ერთგულება სიყვარულის აუცილებელი პირობაა - ამ პირობის შესრულების გარეშე სიყვარული ინგრევა.
ბოროტისაგან მუდმივი განშორებით და სახარების მცნებების დაცვით, რაშიც სახარების მთელი ზნეობრივი სწავლება მდგომარეობს, მივაღწევთ ღმერთის სიყვარულს; ამავე გზით შევინარჩუნებთ მას: „უკუეთუ მცნებანი ჩემნი დაიმარხნეთ, ჰგიეთ სიყვარულსა ზედა ჩემსა“ (ინ. 15, 10), თქვა მაცხოვარმა.
სრულყოფილი სიყვარული ღმერთთან ზიარებაში მდგომარეობს; ასეთი სიყვარული მიუწვდომელ სულიერ ნუგეშინისცემასთან, სიტკბოებასთან და საღმრთო ნათლით განათლებასთან არის შეერთებული. მაგრამ ამ გზის დასაწყისში მოწაფეს მძიმე ბრძოლა მოუწევს საკუთარ თავთან, საკუთარ ღრმად დაზიანებულ ბუნებასთან: ბოროტება, რომელიც ცოდვით დაცემის შედეგად ჩვენს ბუნებას შეეთვისა, მისთვის კანონად იქცა - ეს კანონი ებრძვის და უჯანყდება ღმერთის კანონს, წმინდა სიყვარულის კანონს.
ღმერთის სიყვარული მოყვასის სიყვარულს ეფუძნება: როდესაც შენი სულიდან ღვარძლი ამოიძირკვება, მაშინ მიუახლოვდები სიყვარულს. როდესაც შენს გულს მთელი კაცობრიობის მიმართ წმინდა, მადლისმიერი მშვიდობა დაეუფლება, მაშინ უკვე სიყვარულის კარს მიადგები.
მაგრამ ეს კარი მხოლოდ სული წმიდის მიერ იღება. ღმერთის სიყვარული არის ნიჭი ღმრთისა ადამიანში, რომელიც თავის თავს ამ ნიჭის მისაღებად გულის, გონებისა და ხორცის სიწმინდით განამზადებს. მომზადების ხარისხის მიხედვით ეძლევა კაცს ნიჭიც, რამეთუ ღმერთი მართლმსაჯულია თავის წყალობაშიც.
ღმერთის სიყვარული მთლიანად სულიერია: „შობილი იგი სულისაგან სული არს“ (ინ. 3, 6).
„და შობილი იგი ხორცთაგან ხორცი არს“ (იქვე): ხორციელ სიყვარულს, როგორც ხორცისა და სისხლის მიერ შობილს, ნივთიერი და ხრწნადი თვისებები აქვს. მისი ცეცხლი მთლიანად ნივთიერზეა დამოკიდებული.
როდესაც წმ. წერილში კითხულობ, რომ ღმერთი ჩვენი არის ცეცხლი, და ამავე დროს საკუთარ თავში ბუნებრივი სიყვარულის ცეცხლს იგრძნობ, ნუ გეგონება, რომ ეს ორი სიყვარული ერთი და იგივეა. არამც და არამც! ისინი მტრობენ და აქრობენ ერთმანეთს (იხ. იოანე კიბისაღმწერელი, თავი მე-3). „მაქუს ჩვენ მადლი, რომლითა ვმსახურებთ ღმერთსა მოშიშებით და ღირსებით. რამეთუ ღმერთი ჩვენი ღმერთ განმლეველ არს“ (ებრ. 12, 28-29). ბუნებრივი, დაცემული სიყვარული აღაგზნებს ადამიანში სისხლს და ნერვებს, აღძრავს ვნებებს. წმინდა სიყვარული კი სისხლს აგრილებს, ამშვიდებს სულსაც და ხორცსაც, შინაგან კაცს ლოცვითი მდუმარებისკენ იწვევს, ათრობს სიმდაბლითა და სულიერი სიტკბოებით.
მრავალმა მოღვაწემ მიიღო ბუნებრივი სიყვარული საღმრთო სიყვარულად, რითაც სისხლის აღგზნება და ხიბლი დაიტეხა თავს; აღგზნების მდგომარეობა კი ძალიან იოლად გადადის გაშტერების მსგავს მდგომარეობაში. ამგვარი აღგზნებისა და გაშტერების მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ბევრმა სულიწმიდით შემოსილ და წმიდა მამებად მიიღო, სინამდვილეში კი ისინი მხოლოდ და მხოლოდ ხიბლის უმადური მსხვერპლნი იყვნენ.
ბევრი ასეთი მოღვაწე იყო დასავლეთის ეკლესიაში მას შემდეგ, რაც იგი პაპისტური გახდა; იქ მკრეხელურად მიაწერენ ადამიანს ღმერთის თვისებებს და მიაგებენ კაცს თაყვანისცემას, რომელიც ერთადერთს - ღმერთს ეკუთვნის. დასავლელმა მოღვაწეებმა მრავალი წიგნი დაწერეს თავიანთი აღგზნებული მდგომარეობიდან; ამ მდგომარეობაში მყოფებს თავისი ხიბლი საღმრთო სიყვარულად წარმოუდგებოდათ, აღგზნებული წარმოსახვა კი უამრავ ჩვენებას უხატავდა, რომელიც მათ თავმოყვარეობასა და ამპარტავნებას ეფერებოდა.
აღმოსავლეთის ეკლესიის შვილო, უფრთხილდი, ამგვარი წიგნების კითხვას, უფრთხილდი შემცდართა დარიგებების შესრულებას! სახარება და ჭეშმარიტი ეკლესიის წმ. მამათა თხზულებები დაიდე სახელმძღვანელოდ, სიმდაბლის საფეხურებით შეუყევი საღმრთო სიყვარულის სიმაღლისაკენ მიმავალ კიბეს, მუდამ თან გახლდეს ქრისტეს მცნებების დაცვა.
კარგად გახსოვდეს, რომ ღმერთის სიყვარული სული წმიდის უდიდესი ნიჭია, კაცს კი მხოლოდ ის ძალუძს, წმინდა ცხოვრებით და სიმდაბლით მოამზადოს თავი ამ უდიდესი ნიჭის მისაღებად, რომლის მიერაც იცვლება გულიც, გონებაც და ხორციც.
ამაოა შრომა - უნაყოფო და საზიანოც კი, თუ ნაადრევად ვეძიებთ საკუთარ თავში მაღალი სულიერი ნიჭების გამჟღავნებას. მოწყალე უფალი თავის დროზე უბოძებს ამ ნიჭებს მათ, ვინც მუდმივად, მოთმინებით და სიმდაბლით ასრულებს ქრისტეს მცნებებს. ამინ. გვიყვარდეს ღმერთი ისე, როგორც მან თვითონ...


ცხონებისათვის

"მოძღვარო სახიერო", - ჰკითხა უფალ იესო ქრისტეს ერთმა ჭაბუკმა, - "რაი კეთილი ვქმნე, რაითა მაქუნდეს ცხოვრებაი საუკუნო?" (მთ. 19, 16), ანუ რა ვიღონო იმისთის, რომ ვცხონდეო?
ერთობ მნიშვნელოვანი კითხვაა! ეს ის საკითხია, ყოველი ადამიანის განსაკუთრებული ყურადღების საგანი რომ უნდა იყოს მთელი ამქვეყნიური ცხოვრების ჟამს! მოგზაურს, რომელსაც ვრცელი ზღვის გადალახვა მოელის, თვალწინ მუდამ იქითა ნაპირას მომლოდინე მყუდრო ნავსაყუდელი უდგას - ასევე ჩვენც, ცხოვრების ზღვას მიცემულნი, გონების თვალით ყოველთვის მარადისობას უნდა ვჭვრეტდეთ და წარმავალი ცხოვრების სარბიელზე საუკუნო ხვედრის მომზადებას ვცდილობდეთ. მაგრამ რომელი ამქვეყნიური მონაპოვარი შეიძლება გახდეს ჩვენი სამუდამო საკუთრება? მხოლოდ ცხონება. ვინც მიწიერ ცხოვრებას სიმდიდრის მოხვეჭაში ატარებს, ამსოფლით განსვლის ჟამს მიატოვებს ეს სიმდიდრე. ვინც სახელისა და დიდების მოხვეჭას ესწრაფვის, დაუნდობელი სიკვდილი უეჭველად მოსტაცებს ერთსაც და მეორესაც. ხოლო ვინც წარმავალ ცხოვრებას ცხონების მოპოვებას დაუთმობს, ის იმსოფლად გაიყოლებს მას და აქ მოპოვებული საგანძური ზეცაში დაუმკვიდრებს სამუდამო ნუგეშინისცემას.
საყვარელო ძმებო! რა უნდა ვქნათ იმისათვის, რომ ვცხონდეთ? ამ კითხვის პასუხს სახარებაში ვპოულობთ. უფალმა გამოგვიცხადა, რომ იმათი ცხონებისათის, ვისაც არა სწამს ქრისტე, აუცილებელია იწამონ იგი, ხოლო ვისაც სწამს, მათთვის ქრისტეს მცნებებით ცხოვრებაა საჭირო. ურწმუნო საუკუნო წარწყმედის კერძია, ხოლო თუ კაცს ქრისტე მხოლოდ სიტყვით სწამს, მაგრამ არ ასრულებს მის წმიდა მცნებებს, ანუ საქმით უარყოფს ქრისტეს, იმას საუკუნო წარწყმედა ელის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცხონებისათვის საჭიროა ქრისტეს ცოცხალი რწმენა.
როდესაც იუდეველებმა ჰკითხეს უფალს: "რაი ვყოთ, რაითა ვიქმოდით საქმესა ღვთისასა?" უფალმა მიუგო: „ესე არს საქმე ღვთისაი, რაითა გრწმენეს, რომელი-იგი მან მოავლინა" (ინ. 28-29). ცოცხალი რწმენა არის საქმე და ეს "საქმე ღმრთისა" იმდენად დიდია, რომ მისი მეშვეობით სრულიად შესაძლებელია ცხონება. ასეთი რწმენა ადამიანის მთელი ცხოვრებით, მთელი არსებით გამოიხატება: იგი მოიცავს მის აზრებს, გრძნობებს, მთელ მის საქმიანობას. "რომელსა ჰრწმენეს ჩემი (ასეთი რწმენით), აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნო" (იქვე, 47). "და ესე არს ცხოვრებაი საუკუნოი, რაითა გიცოდიან შენ მხოლოი ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე იესო ქრისტე" (მთ. 17, 3). ცოცხალი რწმენა არის ღმრთის ხედვა და ცნობა. ცოცხალი რწმენა არის ღმერთისთვის ცხოვრება და სოფლისთვის სიკვდილი. ცოცხალი რწმენა ღმრთის ნიჭია. სწორედ ამ უდიდესი ნიჭის მოცემას შესთხოვდნენ უფალს მოციქულები, როდესაც ეუბნებოდნენ: "შემძინე ჩვენ სარწმუნოებაი" (ლკ. 17, 5). მხოლოდ ცოცხალი რწმენის მეშვეობით ძალუძს ადამიანს უარყოს თავისი დაცემული ბუნების მოჩვენებითი ღირსებები, გახდეს უფლის მოწაფე და მიმდევარი თავისი გონებითაც და საქმეებითაც, რომლებიც განახლებული ბუნების შესაფერისნი იქნებიან.
სულიერი საცავი, სადაც ინახება და საიდანაც უსასრულოდ გვეძლევა სულიერი განძი, ანუ ჭეშმარიტი სარწმუნოება, არის ერთი, ჭეშმარიტი, მართლმადიდებელი ეკლესია. ამიტომ ჩვენი ცხონებისათვის აუცილებელია, რომ მართლმადიდებელს ეკლესიას ვეკუთვნოდეთ. ის, ვინც ეკლესიას არ ეკუთვნის, "იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზვერე და წარმართი" (მთ. 18, 17), თქვა უფალმა. ამაოდ ჰგონია ვინმეს გონებით ცოდვა მსუბუქ, უმნიშვნელო ცოდვად! რამდენადაც სულია ხორცზე მეტი, იმდენადვე მეტია სულიერი სათნოება ხორციელზე; იმდენადვე უფრო მძიმეა და დამღუპველია სულის მიერ მიღებული და ჩადენილი ცოდვა ხორციელ ცოდვაზე. ხორციელი ცოდვა აშკარაა, სულიერი კი ხშირად ნაკლებად შესამჩნევი, ზოგჯერ სულაც შეუმჩნეველი ხდება ყოფით საზრუნავში ჩაფლულ კაცთათვის. მით უფრო საშინელია იგი! მით უფრო ზუსტად ხვდება მიზანში მისი დარტყმები! მით უფრო უკურნებელია მისგან მიყენებული ჭრილობები! თვით ნათლით შემოსილი ანგელოზი, რაკი ცოდვილმა გულისსიტყვამ სძლია, შავბლენ დემონად იქცა და, ზეციდან განდევნილი, ჯოჯოხეთის უფსკრულში შთახდა. მან თან ჩაიყოლა უამრავი ანგელოზი და ადამიანი, ვინც თავის აზრებს არასწორი მიმართულება მისცა. უფალმა, რომელმაც დაცემულ ანგელოზს ტყუილის მამა უწოდა, მას კაცის მკვლელიც დაარქვა, რადგანაც იგი "ჭეშმარიტებას არ დაადგრა" (ინ. 8, 44).
ტყუილი არის წყარო და მიზეზი საუკუნო სიკვდილისა, და პირიქით, ჭეშმარიტება არის ცხონების წყარო და მიზეზი, როგორც თვით უფალმა თქვა (იქვე, 32). წმ. ეკლესია თავის წიაღში, წმ. ჭეშმარიტებას ინახავს. თუკი ეკლესიას ვეკუთვნით და ვემორჩილებით, შეგვიძლია გვქონდეს სწორი წარმოდგენა ღმერთზე, ადამიანზე, სიკეთესა და ბოროტებაზე - შესაბამისად, ცხონებაზეც. აშკარაა, რომ ცხონების შესახებ სწორი წარმოდგენის გარეშე შეუძლებელია მისი მოპოვება. ჭეშმარიტებაა ცხონების დასაბამი! სწორი აზროვნებაა ცხონების დასაბამი! წარწყმედის საწინდარი კი არის ჭეშმარიტებისგან განდგომა არასწორი აზროვნების შეთვისების გზით. ყოველგვარი გადახრა წმ. ჭეშმარიტებისგან და ცრუ, ამ სწავლების საპირისპირო აზრის მიღება, ღმრთის გმობისა და მისგან განდგომის საშინელ ცოდვასთან არის შეერთებული. ამას გამოცდილებით მოწმობს წინაპართა დაცემა, რომელიც არასწორი აზრის მიღებით დაიწყო; ამასვე მოწმობს ყველა მწვალებლობაც: ამათგან ზოგმა ღმერთი იმით გმო, რომ უარყო უფალ იესო ქრისტეს ღმრთეებრიობა და დაამახინჯა მისი განკაცების ყოვლად წმინდა დოგმატი, ზოგმა - იმით, რომ კაცს ღმერთის თვისებები მიაწერა (პაპისტები); ზოგმა სული წმიდას ქმნილი უწოდა, სხვებმა კი უარყვეს სული წმიდის მოქმედება საეკლესიო საიდუმლოებებში და მათ კაცთა გამონაგონი უწოდეს (პროტესტანტები). დაბოლოს, ზოგიერთმა ღმერთი გმო იმით, რომ ქრისტეს მცნებებით ცხოვრების უარყოფა მოითხოვა: ისინი მზაკვრულად უვლიდნენ გვერდს სარწმუნოების დოგმატებს, მაგრამ მცნებების უარყოფით კლავდნენ სარწმუნოებას, რომელსაც იმისათვის, რომ ცოცხალი იყოს, აუცილებლად სჭირდება საქმეები: "სარწმუნოებაი თვინიერ საქმეთა მკუდარ არს" (იაკ. 2, 20). ყველაზე დიდი უბედურება სოფლის აღსასრულის წინ, მოციქულის სიტყვის თანახმად, იმ ადამიანებს დაატყდებათ, რომლებმაც „სიყვარული იგი ჭეშმარიტებისაი არა შეიწყნარეს, რაითამცა ცხოვნდეს იგინი. ამისთვის მოუვლინოს მათ ღმერთმან შემწე საცთურებისაი, რაითა ჰრწმენეს მათ ტყუილისა, რაითა ისაჯნენ ყოველნი, რომელთა არა ჰრწმენა ჭეშმარიტებისა მის, არამედ სათნო-ეყვნეს სიცრუესა შინა“ (2თეს. 2, 10-12). აღიარებენ რა ღმერთად უბოროტეს მტერს, ადამიანები საკუთარი გონების, საკუთარი გულის განწყობის უპირატესობას აღიარებენ. ჩვენი აზროვნების წესი, ანუ ჩვენი გონება სულიერი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი მთლიანად ჭეშმარიტების წიაღში დაადგრება, ქრისტეს ცოცხალი რწმენის მიერ მისდამი აღყვანებული. ჭეშმარიტებისგან განდგომა სულიერი ზეციდან ამსოფლიური სიბრძნის, მტყუვარი გონების, წარწყმედის სფეროში განდგომა.
საყვარელო ძმებო! ისევე, როგორც მოციქულებმა, შევწიროთ უფალს მხურვალე ლოცვა, რათა მან მოგვანიჭოს ერთადერთი საშუალება ცხონებისა - ცოცხალი რწმენა. და როდესაც ამ უდიდესი ნიჭის მომადლებას შევთხოვთ, სურვილის გულწრფელობა იმით დავამტკიცოთ, რომ ყოველი ღონე ვიხმაროთ მის მოსაპოვებლად. "მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი" (ფსალმ. 33, 15). იძულებით ამოვძირკვოთ გულიდან ცოდვა და ამით შევუთვისოთ მას სათნოება. დღეს წმ. ტაძარში ვდგავართ, უხილავი ღმერთის წინაშე, და ჯერ კიდევ ძალგვიძს შევთხოვოთ მას ყველაფერი, რაც ჩვენი ცხონებისთვის არის საჭირო: ის დროც მოვა, როდესაც მთელ კაცობრიობასთან ერთად მის წინაშე წარვდგებით, რათა პასუხი ვაგოთ ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრებისათვის. გავფრთხილდეთ, რომ მაშინ ქრისტიანის ლიტონი სახელი არ წარვუდგინოთ - იმ საქმეების გარეშე, რომლებსაც ღმერთი ქრისტიანებისგან მოითხოვს. უფალმა აღგვითქვა, რომ საშინელ პასუხს გასცემს ორგულ ქრისტიანებს: "მას ჟამსა ვჰრქუა მათ: არა გიცნი თქუენ, განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი" (მთ. 7, 23). და ამ პირობას შეასრულებს. ამინ. მოძღვარო სახიერო, - ჰკითხა უფალ იესო ქრისტეს...

1541. რომელი ეკლესია ხელმძღვანელობს მოციქულთა და მსოფლიო საეკლესიო კრებების განწესებით, აგრეთვე, წმიდა მამათა მიერ ჩაწერილი კანონებით?
დღეინდელ დღემდე ხელმძღვანელობს ერთი მხოლოდ მართლმადიდენბელი ეკლესია.
განმარტება:
I. ზეციურ ეკლესიას წმიდა მოციქულთა პავლე ზეციურ იერუსალიმს უწოდებს (ებ. 12,22).
II. წმინდანებთან ურთიერთობა, აგრეთვე კავშირი მიწიერ და ზეციურ ეკლესიათა შორის ხორციელდება ამგვარად: მიწიერი ეკლესიის წევრები ევედრებიან ღმერთს, იხსენიებენ მარადისობაში გარდასულ წმინდანებს და დანარჩენ გარდაცვლილთ, აგრეთვე ანგელოზებს. ვევედრებით წმინდანებს, რათა ილოცონ ღმრთის წინაშე ჩვენთვის. ჭმინდანები კი, ჰგიებენ რა უფლის სიახლოვეს, თავიანთი ლოცვებით ჩვენც განგვამტკიცებენ ლოცვაში და ამას გარდა, ღმრთის ნებით, სხვა გვარადაც მოქმედებენ ჩვენზე, ანგელოზების მსგავსად. ჩვენ საშუალება გვაქვს, აგრეთვე, შევთხოვოთ ღმერთს, რათა მოწყალე იქმნას ჩვენი გარდაცვლილებისათვის; ამას სიყვარული შეგვაძლებინებს, რომელიც არ წყდება და ვერც შეწყდება თვით სიკვდილითაც კი. წმინდანებთან ურთიერთობა მოიცავს აგრეთვე თანაზიარობას ლოცვასა და სიყვარულში ქრისტესადმი და მიწიერი ეკლესიის წევრთა ურთიერთმსახურებას. ლოცვითი ურთიერთობები მიწიერი ეკლესიის წევრთა შორის მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვლოცულობთ ერთმანეთისთვის; ურთიერთსიყვარულია ის, რომ ერთმანეთს შევეწევით. ღოგორც შეიძლება მიწიერი ეკლესიის წევრს, რომ ჩვენთვის ილოცოს, ასევე შემიძლია იგივე ვთხოვო ზეციური ეკლესიის წევრსაც.
III. ნებისმიერი ადამიანთა გაერთიანების დასაბამი არ შეიძლება იყოს ადამიანი, არამედ იგი ეფუძვნება რაიმე იდეას. მით უფრო ქრისტიანული ეკლესიის დასაბამი ვერ იქნება ადამიანი, თუნდაც ეს ადამიანი მოციქული იყოს. Aრამედ ის უნდა დაფუძნებულიყო და ეფუძნება კიდეც უმთავრეს ქრისტიანულ აღმსარებლობას, ანუ სარწმუნოებას, რომ უფალი იესო ქრისტე არის ძე ღმრთისა ცხოველისა.
IV. უფალი იესო ქრისტე მოციქულებს სახელდებოდა მათივე საქციელის მიხედვით. ეს შეეხებოდა მათ პირადად და არავითარ შემთხვევაში მათ მემკვიდრეებს, ეს არ იყო მემკვიდრეობა, რომელიც შეიძლებოდა შერწყმოდა გარკვეულ საეპისკოპოსო კათედრებს და გადასცემოდა ამ კათედრებზე მოღვაწე ყველა ეპისკოპოსს. ღოგორც სიმონ მოციქულს ეწოდა პეტრე იმ რწმენისთვის, რომელიც მან განსაკუთრებული ძალით გამოავლინა, ასევე უწოდა უფალმა მოციქულებს იაკობსა და იოანეს "ძენი ქუხილისანი" მათი მოშურნეობისა და გულითადობისთვის (მკ. 3,16-17). რამდენადაც ვიეთნი ამტკიცებენ, რომ სიმონ მოციქულს თვისება, რისთვისაც მას პეტრე ეწოდა, მემკვიდრეობით გადაეცემათ მის მემკვიდრეებს, შეიძლებოდა გვემტკიცებინა, რომ იაკობ და იოანე მოციქულების თავდადებაც გადადის ყველა ეპისკოპოსზე, რომლებიც მათი მემკვიდრეები არიან. Mოციქულებსა და მათ მემკვიდრეებს შორის ურთიერთკავშირის ასეთი პრიმიტიული დამექანიკური გაგება ქრისტიანული სარწმუნოების არსის საწინააღმდეგოა.უფალმა ისეო ქრისტემ სრულიად ნათლად გვამცნო, დავა იმის შესახებ იერუსალიმში ჯერ არს ლოცვა თუ გარისიმის მთაზე, სწორი ქრისტიანული მსოფლმხედველობის მქონე ადამიანებისთვის შეუფერებელია, რადგანაც ღმერთი სულია და დამოკიდებული არ არის განსაკუთრებულად განსაზღვრულ ადგილზე, რათა მხოლოდ იქ იყოს შესაძლებელი მისდამი ლოცვა (ინ. 4,20-24). ვინც ამტკიცებს, რომ ღმერთის ეკლესიის სვე-ბედი დამოკიდებულია განსაზღვრულ საეპისკოპოსო კათედრაზე, ის ამჟღავნებს აზრს, რომელიც კიდევ უფრო უღირსია ღმრთისა, ვიდრე ის დავა, რომელსაც ესოდენ უარყოფითად გამოეხმაურა უფალი იესო ქრისტე, რამეთუ იერუსალიმსა და გარისიმის მთას შორის რელიგიური თვალსაზრისით იყო სხვაობა, მაშინ როდესაც ეკლესიის შიგნით, კანონიკური თვალსაზრისით, არავითარი სხვაობა არ არსებობს საეპისკოპოსო კათედრებს შორის.
V. მთელს ეკლესიაზე ქალაქ რომის ეპისკოპოსის სწავლება იქამდე მივიდა, რომ ეს ეპისკოპოსები ანუ პაპები VIII-IX საუკუნეების მიჯნაზე შუა იტალიაში ფრანკთა მეფეების მიერ შექმნილი სახლემწიფოს, რომლის დედაქალაქი რომი იყო და "წმიდა პეტრეს სამემკვიდრეო" ეწოდებოდა, საერო ხელისუფალნი შეიქნენ. ამ სწავლების მომდევნო შედეგი იყო ის, რომ ქალაქ რომის ეპისკოპოსებს დაექვემდებარა დასავლეთ და შუა ევროპის, აგრეთვე ჩრდილო აფრიკის ყველა ადგილობრივი ეკლესია. ბოლოს კი ეს სწავლება იქამდე მივიდა, რომ 1870 წლის რომის ეკლესიის კრებამ ვატიკანში, ქალაქ რომის ეპისკოპოსი რწმენისა და ზნეობის საკითხებში უცთომელად გამოაცხადა.
VI. არ შეიძლება ეპისკოპოსი საერო ხელისუფლად ვცნოთ, რამეთუ ეპისკოპოსნი ქრისტეს საიდუმლოთა მსახურნ არიან (I. კორ. 4,1) და უფალი იესო ქრისტე ბრძანებდა, რომ მისი მეუფება არა ამ ქვეყნიურია. შაერო ხელისუფალთ საერო საქმეებზე მართებთ ზრუნვა, უნდა შეინახონ ჯარი, აწარმოონ ომები და ა.შ. ეს ყოველივე ეწინააღმდეგება ღმრთისმსახურის მოვალეობებს. Uფალმა იესო ქრისტემ ბრძანა, ვითარცა ამას ერისმთავარნი იქმან (მთ. 20,15-28).
VII. შეუძლებელია, რომ ცალკეული ქრისტიანი, თუნდაც ეპისკოპოსი, უცთომელი იყოს რწმენისა და ზნეობის საკითხებში, რამეთუ უფალი იესო ქრისტე ეკლესიის არცერთი ცალკეული წევრისთვის, თუნდაც მოციქულისთვის, არ მუცია უცთომელობის ნიჭი, რათა არ შეეყვანა ისინი ამპარტავნების, მედიდურობის და ზესთმჩენობის დამღუპველ ცოდვაში. გარდა, ამისა, თვით ეპისკოპოსებს შორისაც კი, მიუხედავად იმისა, რომ მოციქულთა მემკვიდრეებად ითვლებოდნენ, გამოჩნდნენ ისეთები რომლებიჩ ეკლესიის განსასჯელები შეიქმნენ. ქალაქ რომის ზოგიერთი ეპისკოპოსი გაასამართლეს კიდეც, მაგალითად: ჰონორუსი (625-638), რომელიც ემხრობოდა მწვალებლობას, თითქოს უფალ იესო ქრისტეს არ ჰქონდა ადამიანური ნება; ამისთვის ის განსაჯა მსოფლიო საეკლესიო კრებამ კონსტანტინოპოლის ეპისკოპოს სერგისთან და ალექსანდრიის ეპისკოპოს კიროსთან ერთად. შხვები ჭეშმარიტებასა და მწვალებლობას შორის მერყეობდნენ, როგორც, მაგალითად, ლიბერიუსი, რომელიც გარკვეულ პერიოდში თანხმობაში იყო არიოზთან ან ვიგილუსი (538-555), რომელიც ასევე დროებით მიემხრო მწვალებლობას, რომ თითქოს უფალ იესო ქრისტეს არ ჰქონდა სრული ადამიანური ბუნება.
VIII. სწავლება, რო რომის ეპისკოპოსი ეკლესიის ხილული თავია, შეიცავს მრავალ წინააღმდეგობას:
1. ქალაქ რომის ეპისკოპოსებს რომ ეკუთნოდეთ პირველობა ეკლესიაში, მაშინ ეკლესიის თავი უკვე უნდა ყოფილიყო პირველი ეპისკოპოსი ლინიოსი, ხოლო წმიდა იოანე მოციქული რომელმაც 100 წელი იცოცხლა და იესო ქრისტეს შობის 100 წლის თავზე აღესრულა, ეპისკოპოს ლინიოსისა და მისი მემკვიდრეების კლეტოსის, კლიმენტესა და ეფარისტის დაქვემდებარებაში უნდა ყოფილიყო, რაც სრულიად წარმოუდგენელია. შეუძლებელია ვიზრახოთ ან დავუშვათ, რომ იმ ჟამინდელ ქრისტიანებს რომის ეპისკოპოსი მოციქულზე მაღლა დაეყენებინათ.
2. თუკი იოანე მოციქული არ ექვემდებარებოდა რომის ეპისკოპოს ლინიოსს და მის მემკვიდრეს, მაშინ, იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ ეკლესია ვერ იარსებებს უმაღლესი ხილული თავის გარეშე, ასეთი თავი იოანე მოციქული უნდა ყოფილიყო, ხოლო რომის ეპისკოპოსი ლინიოსი, კლეტოსი, კლიმენტი და ეფარისტი მას უნდა დამორჩილებოდნენ. ამასთან, აქ წამოიჭრება კითხვა, რის საფუძველზე უნდა გამხდარიყო იოანე მოციქული ეკლესიის თავი, როცა ეკლესიის თავად თითქოს უკვე დადგენილი იყვნენ წმიდა პეტრე მოციქული და მისი მემკვიდრეები.
3. თუ წმიდა მოციქული იოანე წმიდა პეტრე მოციქულის სიკვდილის შემდეგ შეიქმნა ეკლესიის თავი, მაშინ ეს პირველობა წმიდა პეტრეს მემკვიდრეზე კი არ გადავიდოდა რომში, არამედ პეტრეს თანამოციქულზე, რომელიც ცხოვრობდა არა რომში, არამედ ეფესოში;
4. ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვა, წმიდა იოანე მოციქულის აღსრულების შემდეგ რატომ არ გადავიდა მს მემკვიდრეზე ეფოსის ეპისკოპოსზე ეკლესიის უმაღლესი ხელისუფლება, და რატომ გადავიდა ის ქალაქ რომის ეპისკოპოსებზე, იმ დროს როცა ზემოთხსენებულ რომის პირველ ეპისკოპოსებს ეს მეთაურობა არ ჰქონდათ;
5. თუკი წმიდა პეტრეს აღსრულების შემდეგ ეკლესიის უმაღლესი ხელისუფლება რომის ეპისკოპოსმა ლინიოსმა მიიღო და თუ იოანე მოციქული მის დაქვემდებარებაში აღარ შედიოდა, ისმის კითხვა – ვინ იყო მცირე აზიის მრავალრიცხოვან მორწმუნეთა უმაღლესი ხილული წინამძღოლი, რომელთაც ეფესოდან ჰმწყსიდა წმიდა იოანე მოციქული; რომაელი ეპისკოპოსები იყვნენ ისინი, რომლებმაც ერთმანეთის მიმდევრობით დაიკავეს რომის კათედრა – ლინიოსი, კლეტოსი, კლიმენტი და ეფარისტი, თუე ს იყო იოანე მოციქული.
6. ამის გარდა, მუდამ, რომის ეპისკოპოსის აღსრულების დროს, თავს იჩენს წინააღმდეგობა – რამეთუ ეკლესია რჩება უმაღლესი ხულული მეთაურის გარეშე;
7. უდავოა ის გარემოებაც, რომ ქალაქ რომის ეპისკოპოსთა შორის, ღმრთისმოყვარეთა გარდა, იყვნენ ისეთებიც, ვინც გარყვნილ ცხოვრებას ეწეოდა; შესაძლოა იმის დაშვება, ასეთი ცოდვილნი ქრისტეს ეკლესიის უმაღლესი ხელისუფალნი ყოფილიყვნენ?
8.ხშირად ხდებოდა, რომ რომში ერთდროულად ორი ეპისკოპოსი იყო, რომლებიც ერთმანეთს განკვეთდნენ ეკლესიისგან, იან ჰუსის მმართველობის ჟამს, 1409-1415 წლებში, ერთდროულად სამი პაპიც კი იყო: რომში – გეორგ XII, ავინიონში – ბენედიქტ XIII, როლო პიზაში – იოანე XXIII; ვინ იყო მათ შორის ეკლესიის უმაღლესი ხილული წინამძღოლი?
IX. უფალ იესო ქრისტეს სახელით შეკრებილ მოციქულებს, მტკიცედ სწამდათ მისი აღთქმა, რომ ის სულიერად ჰგიებს მათ მტკიცედ სწამდათ მისი აღთქმა, რომ ის სრულიას ჰგიებს მათ ჭეშმარიტებამდე. ამ მტკიცე, სავსებით ჭეშმარიტი და დასაბუთებული რწმენის საფუძველზე, მათ გამოიტანეს გადაწყვეტილება კერპთაყვანისმცემელთა ეკლესიაში მიღების შესახებ და ადგილობრივ ეკლესიებს დაუგზავნეს ეპისტოლენი, რომლებშიც ნათქვამია: "რამეთუ ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა" (საქ. 15,28). მოციქულთა კრებების გადაწყვეტილებებს მთელი ეკლესია ცნობდა და იღებდა მათ ჭეშმარიტებაში ყოველგვარი ეჭვის შეტანის გარეშე. ასეთივე მნიშვნელობა, რომელიც ყოველგვარ ეჭვს აღემატება, აქვს კანონიერად მოწვეულ მსოფლიო საეკლესიო კრებებს, რამეთუ ისინი უფალ იესო ქრისტეს სახელით არიან მოწვეულნი და სრულიად სარწმუნოა, რომ უფალი იესო ქრისტე უხილავად ჰგიებს მთ შორის. მათი განჩინებანი სავალდებულოა ისევე, როგორც მოციქულთა კრების განჩინებანი. ჭმიდა მოციქულმა პავლემ ეკლესიას "სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა" (1 ტიმ. 3,15) უწოდა. შაეკლესიო კრებებს ესწრებიან ეპისკოპოსები, სხვა სასულიერო პირები, განსაკუთრებით სწავლულნი ღმრთისმეტყველნი, ასევე კეთილმსახური ერისკაცნი. კენჭისყრაში მონაწილეობენ და დადგენილებები გამოაქვთ მხოლოდ ეპისკოპოსებს, როგორც მოციქულთა მემკვიდრეებს.
X. ურყევი რწმენა, რომ უფალი იესო ქრისტე, ვითარცა თავი ეკლესიისა ჰგიებს მათ შორის, ვინც მისი სახელით შეიკრიბა ამა თუ იმ ადგილზე, ამა თუ იმ საეპისკოპოსო კათედრაზე, განსაკუთრებით თუე ს ეხება მსოფლიო საეკლესიო კრებას, და რომ მსგავსი შეკრება ზეციდან იღებს კურთხევას, რათა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, - არის სულ სხვა რამ, ვიდრე მოძღვრება სარწმუნოებრივი უცთომელობის შესახებ, რომელიც გარკვეულ საეკლესიო კათედრას უკავშირდება, თითქოს უფალ იესო ქრისტეს მუნ ყოფნითა და სული წმიდის მოქმედებით გადამწყვეტ დროს მხოლოდ ეს კათედრა იყო უზრუნველყოფილი. Mსოფლიო საეკლესიო კრებების შესახებ მართლმადიდებლურ შეხედულებას სამი სახის მოწინააღმდეგე ჰყავს: ზოგიერთებს არ სწამთ უფალი იესო ქრისტეს ღმრთაებრივი ღირსება და რომ ის მარადიულად, ცხოვლად, უხილავად ჰგიებს ეკლესიაში და ეკლესიას უმზერენ, როგორც ჩვეულებრივ რელიგიურ საზოგადოებას, ისინი აცხადებენ: უარვყოფთ მსოფლიო საეკლესიო კრებების უცთომელობას ისევე, როგორც რომის ეპისკოპოსის უცთომელობას; სხვებს, თუმცა გარეგნულად სწამთ ქრისტეს ღმრთიული ღისრება, მაგრამ გარკვეულ მიზეზთა გამო, ეს რწმენა დამძიმებულია არათანამიმდევრული მსჯელობით, რაც გამოწვეულია ეკლესიურ საკითხთა და მისი სისავსის უცოდინრობით, თანდათან ავიწროვებდნენ მცნებას მის შესახებ და უმეცრობის გამო უარყვეს საეკლესიო კრებებილ მესამეთ, თუმცა სწამთ ქრისტეს ღმრთიურობისა და ეკლესიის ღმრთიური წარმომავლობისა, მაგრამ ისტორიული განვითარების შედეგად, რაც აღნიშნავს განდგომას პირველდაწყებითი საეკელსიო განგებულებისაგანმ რომლის არსებით ნაწილად გვევლინებიან საეკლესიო კრებები, უარყვეს ისინი და მათზე აღმატებულად ერთერთი საეპისკოპოსო კათედრა შერაცხეს.
XI. მსოფლიო საეკლესიო კრებები:
1. პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება მოწვეულ იქნა 325 წელს ნიკეაში იმპერატორ კონსტანტინე დიდის მიერ. კრებას უძღვებოდა წმიდა გოსი, კორდობელი ეპისკოპოსი.
2. მეორე კრება მოწვეულ იქნა 381 წელს კონსტანტინოპოლში იმპერატორ თეოდოსი I დიდის მიერ. მას თანმიმდევრობით უძღვებოდნენ: ეპისკოპოსი მელეტი ანტიოქიელი, შემდგომში კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი, წმ. გრიგოლ ნაზიანზელი, ხოლო მის შემდეგ მისი მემკვიდრე კონსტანტინოპოლის კათედრაზე ეპისკოპოსი ნექტაროსი.
3. მესამე კრება მოწვეულ იქნა 431 წელს იმპერატორ თეოდოსი II-ის მიერ ეფესოში დამ ას უძღვებოდა მღვდელმთავარი წმ. კირილე ალექსანდრიელი.
4. მეოთხე კრება 451 წელს იმპერატორმა მარციანუსმა მოიწვია ქალაქ ქალდონში. მას ჯერ თავმჯდომარეობდა: კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი ანატოლი, შემდეგ რომის ეპისკოპოსის ლევ I-ის მოადგილეები (ეპისკოპოსები პასხასიოსი და ლუცენსიოსი), ამას გარდა, ანტიოქიის ეპისკოპოსი მაქსიმე იერუსალიმელი იუბენალი.
5. მეხუთე კრება კონსტანტინოპოლში მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა 553 წელს, მას თავმჯდომარეობდა კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი ევტიხი.
6. მეექვსე კრება 680 წელს კონსტანტინოპოლში მოიწვია იმპერატორმა კონსტანტინე IV პოღონატმა და თავად თავმჯდომარეობდა ეპისკოპოსთა თანხმობით.
7. მეშვიდე კრება 787 წელს მცირეწლოვანი იმპერატორის კონსტანტინე VI პორფიროგენეტის სახელით მოიწვია ირინე დედოფალმა დამ ას თავმჯდომარეობდა კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი ტარასი.
XII. მსოფლიო საეკლესიო კრებებს თავმჯდომარეობდნენ ის ეპისკოპოსები, რომელთაც კრებაზე ნდობა გამოუცხადეს. თავმჯდომარეს, რომელსაც კრება დაუჭერდა მხარს, ამტკიცებდა და ნიშნავდა ამ კრების მომწვევი იმპერატორი.
XIII. რომის ეპისკოპოსის უპირატესობის დამამტკიცებელ საბუთად მოჰყავთ ისიც, რომ მას რჩევისთვის სხვა ადგილობრივი ეკლესიების სამღვდელოება მიმართავდა, აგრეთვე ის, რომ რომის ეპისკოპოსი ეპისტოლეებს ანუ ენციკლიკებს უგზავნიდა სხვა ადგილობრივ ეკლესიათა წარმომადგენლებს; მაგრამ დაიდუმებენ იმის შესახებ, რომ ალექსანდრიის, კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის და სხვა ეკლესიათა ეპისკოპოსებსაც უგზავნიდნენ სამწყსო ეპისტოლეებს სხვა ადგილობრივ ეკლესიათა წარმომადგენლებს.
XIV. პაპის ტიტული ეკუთვნის ორ ეპისკოპოსს: ალექსანდრიის (მართლმადიდებელს) და რომისას. სიტყვა "პაპი" აღნიშნავს "მამას". აღმოსავლეთში თავიდან ყველა ეპისკოპოსს ხალხურ მეტყველებაში ასე უწოდებდნენ. მოგვიანებით ეს წოდება შეუნარჩუნა მხოლოდ ალექსანდრიის ეპისკოპოსს, რომის ეპისკოპოსს მხოლოს V საუკუნიდან უწოდებენ ასე.
XV. მოძღვრება ეკლესიის თავის შესახებ განაგდებს შეგნებას, რომ უფალი იესო ქრისტე მუდმივად ჰგიებს ეკლესიაში და რომ მისი ყოფნა ეკლესიაში საგრძნობია და გამამხნევებელი და ზემოქმედების გარეშე არ ტოვებს საეკლესიო ცხოვრებას, შეეწევა და მიმართავს მას.
XVI. მაცხოვრის სიტყვები მოციქულ პეტრეს მიმართ "შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი" თავისი უპირატესობის დასაცავად მხოლოდ რომის ეპისკოპოსმა კალისტრატე I-მა (217-222) გამოიყენა.
1542. რა ძირითადი თვისებები აქვს ეკლესიას?
ეკლესიის მთავარი თვისებებია, რომ ის არის:
1. ერთიანი,
2. წმიდა,
3. საყოველთაო (კათოლიკე) და
4. სამოციქულო
დღეინდელ დღემდე ხელმძღვანელობს ერთი მხოლოდ...


საშობაო ეპისტოლე - 2006

გავხდეთ უფლის ნების თანაზიარნი

"აჰა, ესერა მიმიცემია წინაშე შენსა კარი განღებული, რომლისა დახშვად ვერვინ შემძლებელ არს" (გამც. 3,8).

ქრისტესმიერ საყვარელნო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, დიდად პატივცემულო ხელისუფალნო, მართლმორწმუნენო, მკვიდრნო საქართველოსა და სამშობლოს ფარგლებს გარეთ დროებით მცხოვრებნო თანამემამულენო, სიყვარული და სიხარული განგმრავლებოდეთ და რწმენა და იმედი განგმტკიცებოდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!
კვლავაც დაგვიდგა დღე იდუმალი – შობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი; ამ დიადი საიდუმლოს თანაზიარნი მუხლმოდრეკით თაყვანსა ვსცემთ ბეთლემს შობილ ყრმას და მთელი არსებით ვმადლობთ მამაზეციერს, რომელმან "ესრეთ შეიყუარა სოფელი, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდშობილი მოსცა მას, რათა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხოვრება საუკუნო" (ინ. 3,16).
მადლობას ვწირავთ უფალს იმისთვისაც, რომ მოგვანიჭა გონება და შინაგანი ხედვა, რათა სული ჩვენი ვყოთ ტაძრად, გული კი – სანთლად წინაშე ღვთისა, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დავინახოთ "გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე".
ბედნიერნი ვართ, რომ ჩვენი ერი ოცი საუკუნეა მისდევს მაცხოვრის გზას და დღემდე ერთგული დამცველია იმ რწმენისა, რომელიც იესო ქრისტემ და მისმა მოციქულებმა იქადაგეს.
მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ ჩამოაყალიბა არა მხოლოდ ერთიანი, ქართული სახელმწიფო და უნიკალური ქართული კულტურა, არამედ განსაზღვრა ქართველი კაცის ცხოვრებისა და აზროვნების წესიც.
დღესაც ჩვენი ხალხი, მიუხედავად ათეისტური რეჟიმის 70 წლიანი ბატონობისა, მართლმადიდებლური კულტურის ერს წარმოადგენს. თვით მუსულმანი ქართველებიც კი საუკუნეთა განმავლობაში ინარჩუნებენ ისეთ ტრადიციებს, რომელნიც ქრისტიანული სწავლებიდან მომდინარეობენ და მამა-პაპათაგან აქვთ შესისხლხორცებული.
საერთოდ, რელიგია უდიდეს გავლენას ახდენს მსოფლიო კულტურასა და ცივილიზაციაზე, რადგან იგი აზროვნების ერთ-ერთი უმთავრესი განმაპირობებელი ფაქტორია. აზროვნება კი ქმნის კულტურას. აღსანიშნავია ისიც, რომ, თავის მხრივ, კულტურასაც შეუძლია შეცვალოს ცალკეული პიროვნების თუ საზოგადოების აზროვნება.
ამიტომაც იყო, რომ მთელი ისტორიის მანძილზე, როგორც ჩვენთან, ისე ნებისმიერ ქვეყანაში, დამპყრობლები ცდილობდნენ ხელოვნურად თავს მოეხვიათ არა მხოლოდ თავიანთი პოლიტიკური გავლენა, არამედ მოეხდინათ კულტურულ-რელიგიური ასიმილაციაც, რაც გულისხმობდა როგორც რწმენის, ასევე სიმღერის, ცეკვის, სამოსლის, ლიტერატურული ღირებულებების, სუფრის წესის და ა.შ. შეცვლას. ეს ხელოვნური ექსპანსია, რა თქმა უნდა, განსხვავდებოდა და განსხვავდება კულტურათა შორის ურთიერთგამდიდრების ბუნებრივი პროცესისგან, რაც კაცობრიობის კულტურულ განვითარებას განაპირობებს.
დღეს კულტურასა და ცხოვრების წესზე ზემოქმედების ყველაზე მძლავრ იარაღად ისეთი საშუალებები იქცა, როგორიცაა მასმედია, კინოხელოვნება, ინტერნეტი და სხვ.
საზოგადოების, გასაკუთრებით კი მოზარდი თაობის მსოფლმხედველობას მნიშვნელოვანწილად აყალიბებს ტელევიზია. სამწუხაროდ, მისი საშუალებით ბოლო დროს სულ უფრო ხშირად აქვს ადგილი იდეოლოგიური დატვირთვის მქონე გადაცემებით არატრადიციული ცხოვრების წესის დამკვიდრების მცდელობას.
წლების განმავლობაში, არატრადიციული ღირებულებების ხელოვნურად დანერგვას ხელს უწყობენ გარკვეული ძალებიც და ამას თავისუფლების, დემოკრატიისა და განვითარების პროცესად წარმოაჩენენ, რითაც დარტყმას, უპირველეს ყოვლისა, ქართულ სახელმწიფოს და ხელისუფლებას აყენებენ.
ვფიქრობთ, სახელმწიფოსათვის არ უნდა იყოს სულერთი, თუ როგორ პიროვნებებად ჩამოყალიბდებიან მომავალი თაობის წარმომადგენლები. სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია არ ნიშნავს ყველაფრის უფლებას. მე მრავალ ქვეყანაში ვყოფილვარ და ისედაც ვიცი, რომ განვითარებულ სახელმწიფოებში ოფიციალური და წამყვანი ტელევიზიები თითქმის არსად უჩვენებენ ძალადობის, ნარკომანიის, აღვიახსნილობის ამსახველ ფილმებსა და გადაცემებს, მართალია, არსებობს საკაბელო ტელევიზიები, სადაც მსგავსი მიმართულება დომინირებს, მაგრამ მათი მომხმარებლები დაბალ სოციალურ-კულტურულ ფენას განეკუთვნებიან და, ამასთან, სათანადო გადასახადსაც იხდიან.
შეუძლებელია ახალგაზრდა იზრდებოდეს ქართული ტრადიციული ღირებულებების უგულებელყოფის ატმოსფეროში და, მაგალითად, ჯარში იგი თავისი ქვეყნის მამაც დამცველად მოგვევლინოს.
შეუძლებელია, საზოგადოება უარყოფდეს თავის მეობას, უარყოფდეს იმ ზნეობრივ საფუძვლებს, რასაც ისტორიულად ეყრდნობოდა (მაგ., მეგობრობის, ღირსების, უფროსისადმი პატივისცემის, ქალის სიწმინდის ინსტიტუტს) და მან ააშენოს წარმატებული ქართული სახელმწიფო, რადგან ნებისმიერი სახელმწიფო მისი ისტორიიდან მომდინარეობს და საკუთარ ტრადიციებზეა დაფუძნებული.
ასევე შეუძლებელია ამა თუ იმ განვითარებული სახელმწიფოს ცხოვრების წესი მხოლოდ მისი პოლიტიკურ-ეკონომიკური წინსვლის გამოვლინებად მივიჩნიოთ და მისაბაძად იგი ვაქციოთ, რადგან სინამდვილეში იქაური ყოფა-ცხოვრება მნიშვნელოვანწილად არის შედეგი ამ ქვეყნის კულტურის, რელიგიისა და ტრადიციისა. სხვადასხვა განვითარებული ქვეყნის საზოგადოებებს განსხვავებული ცხოვრების წესი აქვთ. ამისი დადასტურებაა იაპონიის, ისრაელის, სამხრეთ კორეის, ნორვეგიისა და სხვათა მაგალითი.
ვფიქრობთ, ჩვენ ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია ისრაელის სახელმწიფოს მაგალითზე, რომელმაც უმოკლეს დროში მოახერხა დიდი წინსვლისათვის მიეღწია პოლიტიკურ-ეკონომიკურ სფეროში და, ამასთან, აეშენებინა ტრადიციული და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სახელმწიფო.
სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობას არა მარტო ხელისუფლება, არამედ ყოველი ადამიანი უნდა გრძნობდეს. ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა აკისრია ეკლესიას, მეცნიერებს, ინტელიგენციას, მაგრამ განსაკუთრებული დატვირთვა მაინც ახალგაზრდობაზე მოდის, რადგან ახალგაზრდობა ქვეყნის მომავალია. მან უნდა შეიმუშაოს ახალი ეროვნული იდეები, ახალი პროექტები, გამონახოს ახალი გზები განვითარებისა და პრობლემების მოგვარებისათვის.
ყველამ ვიცით, რომ ახალგაზრდობისათვის, და არა მარტო მისთვის, ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას ნარკომანია წარმოადგენს. მან დღეს ჩვენი საზოგადოების თითქმის ყველა ფენა მოიცვა. ზოგიერთს იგი არასწორი ყოფის გამოვლინებად მიაჩნია, თვით ნარკომანები კი მას ლამის ვაჟკაცობად თვლიან; სინამდვილეში ეს არის ლაჩრობა, ეს არის სირცხვილი, ეს არის შიში რეალობისადმი და თავის არიდება იმ პრობლემებისათვის, რომელთა წინაშეც ყოველი ჩვენგანი დგას. იგია ცხოვრებიდან გაქცევის მცდელობა, უარის თქმა იმაზე, რომ შესაძლებლობისამებრ სიკეთე მოუტანო ოჯახს, საყვარელ ადამიანს, საზოგადოებას და სახელმწიფოს (ჩვენ აღარაფერს ვამბობთ ნარკოტიკების გამავრცელებლებზე, რომელთა საქმიანობაც ეშმაკის მსახურებაა).
მე მესმის, რომ ეს მძიმე სენია და მისგან თავის დაღწევა ადვილი არაა, ამიტომაც თანავუგრძნობ მათ, მაგრამ მარტო ეს არ კმარა. ხელისუფლებამ, მეც და ჩვენმა ეკლესიამაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ, ერთი მხრივ, შევიმუშავოთ სერიოზული პრევენციული ზომები (განსაკუთრებით მოსწავლეებსა და სტუდენტებში), მეორე მხრივ, ამ საშინელ ურჩხულს როგორმე გამოვგლიჯოთ ჩვენი შვილები.
ამისთვის აუცილებელია, რომ ადამიანი იყოს მორწმუნე და გრძნობდეს პასუხისმგებლობას ღვთისა და ერის წინაშე; მას ასევე უნდა ჰქონდეს დიდი სურვილი დაავადებისაგან განთავისუფლებისა და იმედი ღვთის შეწევნით მიზნის მიღწევისა. აგრეთვე, უნდა ჰყავდეს მოძღვარი და სასულიერო პირს უნდა აკურთხებინოს სახლი, უნდა მარხულობდეს, ხშირად უნდა ამბობდეს აღსარებას, რათა გათავისუფლდეს ცოდვებისაგან და მიიღოს წმინდა ზიარება. დარწმუნებული ვარ, ასეთი პიროვნება აუცილებლად დაამარცხებს ცოდვიან მიდრეკილებებს და გაიმარჯვებს საკუთარ თავზე.
საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ცოდვა დღეს არ წარმოშობილა, იგი უძველესი დროიდან არსებობდა და არსებობს, მაგრამ ადრე ცოდვას ცოდვა ერქვა და იგი სირცხვილად მიიჩნეოდა; დღეს კი სიტუაცია იცვლება და იქითკენ მიდის, რომ ცოდვის ლეგალიზება მოხდეს.
განა შეიძლება ნარკომანობა იყოს ჩვეულებრივი მდგომარეობა და ნარკომანი საზოგადოების სრულფასოვან წევრად მიიჩნეოდეს? განა შეიძლება სოდომ-გომორის ცოდვა ბუნებრივ მოთხოვნილებად შევრაცხოთ და ეს გადახრა ჩვეულებრივ მოვლენად წარმოვაჩინოთ? მაშინ რატომღა ვსჯით მკვლელებსა და ქურდებს, სხვა ბოროტმოქმედთ, მათაც ხომ მიდრეკილებები აქვთ ამ დანაშაულობების მიმართ?
ასეთი ლიბერალური მიდგომის პროპაგანდა არ შეიძლება; ამას მხოლოდ ურწმუნონი თუ გააკეთებენ და ისინი, ვისაც, როგორც ამბობს პავლე მოციქული, სინდისი დამწვარი აქვთ. მართალია, მათი რიცხვი საქართველოში ჯერ დიდი არ არის, მაგრამ ეკლესიის ვალია გააფრთხილოს ისინი და აუხსნას, რომ იმქვეყნად თავიანთ თავს საშინელ ხვედრს უმზადებენ, თუმცა არც ამქვეყნად დარჩებიან დაუსჯელნი.
მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის მთლიანობის აღდგენის საკითხი. საქართველოსთვის გარეშე ძალების მიერ თავსმოხვეული შიდა კონფლიქტები, რომელსაც არასწორად ეთნოკონფლიქტებსაც უწოდებენ, ორასი წლის მანძილზე მტრული ძალების მიერ წარმოებული ინფორმაციული ომის შედეგიცაა.
მავანნი დღესაც ცდილობენ შეუქმნან საერთაშორისო საზოგადოებას არასწორი წარმოდგენა იმის შესახებ, თითქოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ისტორიულად არაქართული ტერიტორიებია.
ისტორიოგრაფია, ენათმეცნიერება, არქეოლოგია... ნაწილობრივ პოლიტიზებული მეცნიერებებია და, ბუნებრივია, ყოველი ქვეყანა, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, იყენებს მათ. ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია იმპერიებისთვის, რომლებიც ამ მეთოდით ცდილობენ გაიმყარონ თავიანთი პოზიციები ("გათიშე და იბატონე"-ს პრინციპი).
ჯერ კიდევ წმინდა ილია მართალი თავის პუბლიცისტურ წერილებში ებრძოდა პეტერბურგის უნივერსიტეტში შექმნილ ანტიქართულ ისტორიოგრაფიულ თვალსაზრისს, რომლის მიხედვითაც ერთიანი ქართველი ერი განსხვავებული ტომების ხელოვნურ გაერთიანებად იყო წარმოდგენილი. აღნიშნული კამპანიის გაგრძელება იყო ის, რომ იმპერიულმა ძალებმა დაიწყეს მეგრულად და სვანურად საღვთისმსახურო წიგნების თარგმნა და წირვა-ლოცვის ჩატარებაც სცადეს, მაგრამ ამ კუთხის შვილებმა და მთელმა ქართულმა საზოგადოებამ მათ საკადრისი პასუხი გასცა.
ქართული საზოგადოება წინ აღუდგა აფხაზთა მუჰაჯირობის (გადასახლების) პროცესსაც, ვინაიდან აფხაზეთი ოდითგან ჩვენი კულტურის და სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი იყო და არის.
ასევე ჩვენი ნაწილია ოსებიც, რომლებიც საუკუნეების მანძილზე საქართველოში მშვიდობიანად ცხოვრობენ.
სამწუხაროდ, აფხაზებისა და ოსების ბოლო თაობები იმპერიულ ისტორიოგრაფიაზე გაიზარდნენ, რომელმაც მათ ქართველებისადმი არამეგობრული დამოკიდებულება ჩამოუყალიბა. ეს იყო ნელი მოქმედების იდეოლოგიური ნაღმი; ამ ნაღმმა ჩვენ დღევანდელ მდგომარეობამდე მიგვიყვანა და ძმობა და ერთობა დაგვარღვევინა. მაგრამ ჩვენ შორის არსებული ნათესაური, მეზობლური და მეგობრული ურთიერთობების გამო მტერმა მიზანს ბოლომდე მაინც ვერ მიაღწია. ამიტომაც, მიუხედავად ყველაფრისა, ძმათამკვლელი ომი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ძირითადად განიხილება, როგორც პოლიტიკური დაპირისპირების შედეგი და არა ხალხებს შორის მომხდარი კონფლიქტი, რისი დადასტურებაცაა ის კეთილგანწყობა, რომელიც ორივე მხარის უბრალო ადამიანების ძირითად ნაწილში დღესაც სუფევს.
ვლოცულობთ, რომ მალე აღდგეს ნამდვილი მშვიდობა და ერთობა ჩვენს შორის.
ის ძალები, რომლებიც ტრადიციულ ღირებულებებს უპირსპირდებიან, ეკლესიის წინააღმდეგაც გამოდიან და სურვილი აქვთ, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო მასშტაბით იგი სხვა კონფესიების უფლებების დამრღვევად წარმოაჩინონ. ამის ერთ-ერთ მიზეზად ისინი კონსტიტუციურ შეთანხმებასაც ასახელებენ და რელიგიური თავისუფლების მოტივით, ყველას თანსაწორუფლებიანობას ითხოვენ, მაშინ, როდესაც მსგავსი სამართლებრივი მოდელი არცერთ ტრადიციული კულტურის სახელმწიფოში არ არსებობს. მაგალითად, არცერთ ქვეყანაში არ არის ყველა კონფესიის დიდი დღესასწაული სახელმწიფო უქმე დღედ გამოცხადებული. არცერთ სახელმწიფოში ჯარში არ მსახურობს ყველა კონფესიის სამხედრო მოძღვარი და ა.შ. რაც, უბრალოდ, ქაოსსა და ანარქიას გამოიწვევდა.
პირიქით, ევროპაში სწორედაც რომ სხვა მაგალითები გვაქვს: ბრიტანეთის სახელმწიფოს მონარქი, იმავდროულად ანგლიკანური ეკლესიის მეთაურია, ხოლო ეპისკოპოსები ლორდთა პალატის წევრები არიან; რომის პაპი სახელმწიფო ვატიკანის მეთაურია; ვატიკანი კი არის საერთაშორისო სამართლის სუბიექტი.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმება ევროპული ქვეყნების სამართლებრივი მოდელების შესაბამისად შეიქმნა და მას მხარი დაუჭირა ქვეყანაში არსებულმა ყველა ტრადიციულმა რელიგიამ. იგი იყო, აგრეთვე, საერთო-საჯარო განხილვის საგანი და, შეიძლება ითქვას, მთელი ქართველი ერის მხარდაჭერით იქნა მიღებული.
ამ დღეებში შემდგარმა წმინდა სინოდის სხდომამ, ერთ-ერთ საკითხად მიიღო საქართველოს პრეზიდენტისადმი მიმართვის ტექსტი, სადაც არის თხოვნა კონსტიტუციური შეთანხმების სრულად განხორციელებისათვის ორმხრივი კომისიების ამუშავების შესახებ. ვიმედოვნებთ, ეს თხოვნა მალე რეალობად იქცევა.
წმინდა წერილი გვასწავლის, რომ განსაცდელს უფალი უშვებს, რათა, როგორც ცალკეული ადამიანი, ისე ესა თუ ის ერი გამოიცადოს "ვითარცა ცეცხლში გამოწრთობილი ოქრო".
"გამოსვლათას" მთელი წიგნი არის მოწმობა ცოდვათა გამო ისრაელის დაცემისა და სინანულით განწმენდილი ერის ღვთის მადლით კვლავ აღდგინებისა.
ქართველი ერის მთელი ისტორიაც სულიერი გზაა ეგვიპტიდან აღთქმული მიწისაკენ. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, ჩვენზე განცხადებული ღვთის სასწაულისა, არის დავით აღმაშენებლის დროს ქართველთა დაცემული სამეფოს აღორძინება და იმდროინდელი მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ ქცევა.
მთელ ამ პროცესს შეიძლება ეწოდოს "ძლევა საკვირველი", რადგან თექვსმეტი წლის ყმაწვილმა დავითმა ტერიტორიებდაკარგული, გაღატაკებული, მოსახლეობისაგან დაცლილი, სულიერად და მორალურად განადგურებული ქვეყანა ჩაიბარა და ღმერთმა თავისი სიდიადე დაუძლურებულ ერში სწორედ ამ ახალგაზრდა მეფის საშუალებით განახორციელა; და კვლავ განცხადდა პავლე მოციქულისადმი ნათქვამი უფლის სიტყვები: "ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების" (II კორ. 12,9).
თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ღვთის განგებულებით, ქართველთა გამოხსნისა და აღორძინების საქმე დავითს არც დაუწყია და არც დაუმთავრებია. ამ პროცესს საფუძველი ტაო-კლარჯეთში ჩაეყარა გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობით. საქართველოს აღორძინების ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი ასევე მტერთაგან დასუსტებულ ქვეყანაში სვეტიცხოვლის დიდებული ტაძრის აგება და ერის სულიერი მომზადება იყო. აი, ამ ფაქტებმა შექმნეს წინაპირობები დავითის საქართველოსთვის.
ასე, რომ კაცთათვის შეუძლებელი, შესაძლებელია ღმრთისაგან, მაგრამ ერის განწმენდის გარეშე ეს სასწაული არ აღსრულდება. აუცილებელია მოხდეს სინერგია, ანუ უფლისა და ადამიანის ნებათა თანხვედრა.
საქართველო კვლავაც აუცილებლად გადარჩება და განბრწყინდება, მაგრამ ამას განახორციელებს ის თაობა, რომელიც ღვთის მცნების დამცველი და მისი ნების აღმსრულებელი იქნება. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. მაშ, გავხდეთ უფლის ნების თანაზიარნი და დიდი საქართველოს თანაშემოქმედნი!
უპირველესად, უნდა ვიცოდეთ ჟამი როგორც შრომისა, ისე ლოცვისა, აღსარებისა და ზიარებისა.
დიდი მნიშვნელობა აქვს შვიდგზის ლოცვას, რადგან ამ დროს ათასობით და ათიათასობით ადამიანი ერთიანდება და აღავლენს ერთობლივ ლოცვას წინაშე ღვთისა. მაცხოვარი ბრძანებს: სადაც ორი ან სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, მეც მათ შორის ვარო; როცა ამდენი ადამიანი ერთად შეჰღაღადებს უფალს და დახმარებას სთხოვს, რა თქმა უნდა, იგი ჩვენთან იქნება. ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს ეკლესიის ყველა სულიერ შვილს, როგორც ქართველთ, ისე სხვა ერის წარმომადგენელთ, რომ შვიდგზის ლოცვა გააძლიერონ და ეს იქნება დასაწყისი საქართველოს განბრწყინვებისა.
დღეს ზეიმობს ცა და ქვეყანა, ანგელოზნი უგალობენ ახალშობილ მაცხოვარს: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება", და ჩვენც მათთან ერთად აღმოვთქვამთ სადიდებელს ღვთისა:
უფალო ძლიერო, ბეთლემს შობილო. აღგვადგინე დაცემულნი და კვლავ მოგვანიჭე მადლი შენი; მოგვმადლე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩვენისა; მოგვეც სიბრძნე, სიმშვიდე, ერთგულება, ერთსულოვნება, გულის სიწრფელე, რწმენის სიმტკიცე, ჯანის სიმრთელე, მთლიანობა ქვეყნისა, შვილთა სიმრავლე, ნაყოფთა სიუხვე, ამაღლებული სიყვარული, სასოება შეურყეველი, რათა ვიხაროთ ორსავე სოფელსა შინა.
საშობაო ეპისტოლე კი მსურს დავამთავრო ბაბილონის კერპთმსახური მეფის, ნაბუქოდონოსორის მიერ ჭეშმარიტი ღვთისადმი ერთგულების გამო ცეცხლში ცოცხლად ჩაგდებული და უფლისგან სასწაულებრივად გადარჩენილი სამი ყრმის: ანანიას, აზარიასა და მისაელის ღვთისადმი აღვლენილი ლოცვით:
"აკურთხეთ, ადამის ძენო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე...
აკურთხეთ, მღვდელნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე!
აკურთხეთ, უფლის მორჩილნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე!
აკურთხეთ, მართალთა სულნო და სამშვინველნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე!
აკურთხეთ, წმინდანო და გულით გლახაკნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე... რადგან მან გამოგვიყვანა ჯოჯოხეთიდან, მან გვიხსნა სიკვდილის ხელიდან" (დან. 3, 82-88).
კურთხეულო საქართველო, შეისმინე სიტყვა უფლისა: "აჰა ესერა მიმიცემია წინაშე შენსა კარი განღებული, რომლისა დახშვად ვერვინ შემძლებელ არს" (გამც. 3,8).
მაშ, გავუღოთ გული ჩვენი ნათელსა მას მიუაჩრდილებელსა და ვიხაროთ უფალთან ერთად.
"ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა".
ქრისტესმიერ საყვარელო ჩვენო სულიერო შვილებო, კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ ქრისტეშობის დიდებულ დღესასწაულს და ახალ წელს.
იხარეთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
თქვენთვის მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
ქრისტეს შობა
თბილისი, 2005/2006 წწ. გავხდეთ უფლის ნების თანაზიარნი < =>აჰა, ესერა...


საშობაო ეპისტოლე - 2011

ქრისტეს მიერ საყვარელნო ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და უცხოეთში მცხოვრებნო ჩვენო სულიერო შვილებო!


აი, უკვე 2011 წელია, გვესმის ანგელოზთა საოცარი საგალობელი: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება", რათა ჩვენც, იუდეის მწყემსთა და აღმოსავლელ მოგვთა მსგავსად, მივეახლოთ და თაყვანი ვსცეთ ბეთლემის ცივ გამოქვაბულში, ბაგასა შინა მწოლ უჩვეულო ყრმას და გავიხაროთ სიხარულითა დიდითა, რადგან ეს დღე არის საწყისი ცოდვის ბორკილთაგან ჩვენი გათავისუფლებისა და სულიერი თვალ-მარგალიტით გამშვენებისა, დღე იმ აღთქმის აღსრულებისა, რომელსაც ათასწლეულების მანძილზე ელოდა კაცთა მოდგმა, წინასწარმეტყველთა და მართალთა მთელი თაობები;
როგორი უბრალოებით წარუდგა სოფელს შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, რათა გონებისთვის მიუწვდომელი თავმდაბლობითა და მსხვერპლშეწირული სიყვარულით განკაცების პირველი წუთებიდანვე მომაკვდინებელი დარტყმა მიეყენებინა ამპარტავნებით შეპყრობილი ეშმაკისათვის. ო, როგორ ეშინოდა ბოროტს ამ ჟამის დადგომის! მან მეფე ჰეროდეს სახით და მისი საშუალებით მოინდომა, არ დაეშვა დედამიწაზე ღვთის ამ სასწაულის აღსრულება და ამიტომაც გასცა ბრძანება, მოეკლათ ყველა ახალშობილი, რომელთა რიცხვმაც თოთხმეტიათასს მიაღწია; მწარედ სტიროდა რაქილი შვილთა თვისთა. მაგრამ ამ მცდელობის მიუხედავად, განგებულება ღვთისა მაინც განცხადდა და კაცობრიობისათვის ზეცის კარიბჭენი განიხვნა.
რათა გავაცნობიეროთ აღნიშნული სიტყვების მნიშვნელობა შეგახსენებთ, რომ ჩვენი დაუძინებელი მტერი, - ბოროტი სული (რომელიც თავდაპირველად ნათლითმოსილი ანგელოზი იყო), ამპარტავნების ცოდვის გამო თავის მიმყოლ ანგელოზებთან ერთად ზეცის თვალშეუდგამი სიმაღლიდან ქვესკნელამდე დაემხო, რადგან შემოქმედის მიერ ნაბოძებ სიკეთეთა მითვისება და ღმერთთან გატოლება მოინდომა.
გავიხსენოთ ადამი და ევაც; ისინი ბედნიერად ცხოვრობდნენ სამოთხეში, მაგრამ ამპარტავნების გამო, ეშმაკის მიერ ცდუნებულებმა, ღმერთობა ისურვეს; დაივიწყეს უფლის მცნება, იგემეს აკრძალული ხის ნაყოფი და მკაცრადაც დაისაჯნენ, - მაშინვე დაკარგეს მადლი შემოქმედთან სიახლოვისა, დაკარგეს სამოთხე და როგორც თვითონ, ისე მათი შთამომავალნიც ხრწნილებასა და სიკვდილს დაექვემდებარნენ.
ამპარტავნება - ეს არის უპირველესი, უდიდესი და უსაშინლესი ცოდვა, რომელსაც თითქმის ყველა ადამიანში ჰქონდა და აქვს მეტ-ნაკლებად ფესვი გადგმული და სწორედ იგი არის მთავარი დამაბრკოლებელი მიზეზი ღმერთთან ჩვენი მიახლებისა. ამიტომაც ამ ეპისტოლეში აღნიშნულ ცოდვაზე გავამახვილებ ყურადღებას.
რა განაპირობებს მის განსაკუთრებულობას? უპირველეს ყოვლისა ის, რომ იგი შობს ყველა სხვა სიბილწეთ. წმიდა მამები ამბობენ, რომ თორმეტი ვნება არსებობს და ვინც მათ შორის უმთავრესს, ამპარტავნებას, თავისი ნებით მიიღებს, მისი საშუალებით დანარჩენ თერთმეტსაც თავისთან განუმზადებს ადგილს, მაშინ როდესაც სხვა მანკიერებანი, პირველ რიგში, მის საპირისპირო სათნოებებს აუკუღმართებენ. მაგალითად სიძვა - სიწმინდეს, შური - სიყვარულს, ნაყროვანება - თავშეკავებულობას და ა.შ.
უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ადამიანმა შეიძლება დაძლიოს ყველა ცოდვითი მიდრეკილება და მიხვდეს, რომ ეს თუ ის ვნება აღარ აწუხებს, მაგრამ ამას ვერასოდეს იტყვის ამპარტავნების შესახებ; მან ყველგან და ყოველთვის შეიძლება დაგვიგოს მახე და მსწრაფლ განაქარვოს წლების მანძილზე ჩვენი ღვაწლით მოპოვებული მადლი.
ამასთან, სხვა ცოდვები შედარებით ნელი მოქმედებისაა, ხოლო ამპარტავნება, როგორც კი ტახტს დაიდგამს ადამიანის სულსა და გულში, იმ წამსვე ღუპავს მას. მდგომარეობის გამოსწორებისთვის კი ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო. განასხვავებენ ორი სახის ამპარტავნებას, - ხორციელს და სულიერს. ხორციელია, როცა ამა თუ იმ პიროვნებას თავი მოაქვს სხვა და სხვა მიწიერი, ამქვეყნიური სიკეთით, მაგ., სიმდიდრით, სილამაზით, თანამდებობით, ჯანმრთელობით, სიძლიერით და ა.შ. ხოლო თუ იგი თვითკმაყოფილებას განიცდის ცოდვებთან ბრძოლაში მიღწეული წარმატებებით, მაშინ სახეზე გვაქვს ამ სენის ყველაზე მძიმე ფორმა, - სულიერი ამპარტავნება. ზოგიერთი გულწრფელად იკითხავს: მე თუ ჭკვიანი ვარ და ჩემს საქმიანობაში წარმატებული, თუ დამოუკიდებლად შევძელი ქონების შეძენა ან გავლენის მოპოვება, ვისი დამსახურებაა ეს, თუ არა ჩემი? წმიდა მამები ამ კითხვაზე მათ ასე პასუხობენ:
შენ შეგეძლო გეამაყა იმით, შენს შობამდე რომ გეარსება და გქონოდა რამე, მაგრამ რადგან ღმერთის შექმნილი ხარ და არარსებობიდან არსებობაში შემოსული, ყველა სიკეთე, რაც შეიძინე, ღვთის საჩუქარია და ნაკლებად შენი დამსახურება. შესაბამისად, თუ მოიძიებ ისეთ რამეს, რაც გაგიკეთებია გონებისა და გულის გარეშე, შენი ნამოქმედარია, დანარჩენი კი უფლის მიერაა ნაბოძები და ტყუილად ითვისებ.
თუ კარგად დააკვირდები, შეიცნობ, რომ შენი მარტო შენი ნებაა, რომ შენია მხოლოდ სურვილი და არჩევანი იმისა, თუ ვის დაუმორჩილებ ყოველივეს, რითაც უფალმა დაგაჯილდოვა.
ადამიანი ან მიდრეკილია უფლისკენ, ან ეშმაკისკენ ანუ საკუთარი თავის განდიდებისკენ.
თუმცა, პირველ ეტაპზე, ამპარტავანნიც ღვთისადმი მადლიერებას სიტყვით გამოხატავენ, გულში კი მხოლოდ საკუთარ თავს განადიდებენ. შემდგომ საფეხურზე მათ არათუ თავისი ღვაწლის წარმოჩენა "ერიდებათ", არამედ სხვათა დამსახურებასაც ხშირად საკუთარ თავს მიაწერენ; ამცირებენ გარშემომყოფთ, აზვიადებენ ყველაფერს და ითხოვენ გამორჩეულ პატივს. გულწრფელი აღსარება მათთვის თითქმის უჩვეულო რამაა.
არადა, ერთი შეხედვით, თითქოს როგორი ადვილია შენს თავში ღმერთის მყოფობა აღმოაჩინო და მისდამი მადლიერებით განიმსჭვალო.
რომ დავიბადეთ და დავდივართ, რომ ვხედავთ, ვსუნთქავთ და გვიყვარს, რომ ვაზროვნებთ და შეგვიძლია ამა თუ იმ საქმის კეთება, ეს ხომ მისი წყალობაა?! ხომ შეიძლება ერთ წუთში დავკარგოთ თვალის ჩინი, ან განსჯის უნარი ან მოძრაობის შესაძლებლობა..., და მერეღა მივხვდებით, რა უმადურნი ვყოფილვართ.
იაკობ მოციქული გვაფრთხილებს და გვმოძღვრავს, რომ "ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი" (იაკ.4,6).
არ წერია, რომ ასევე შემუსრავს მაგ, ქურდებს, ცრუთ, სათამაშო ბიზნესით დაკავებულთ, მრუშებს, ლოთებს..., მართალია, მათი შეცოდებანიც ფრიად სერიოზულია და სასჯელსაც დიდს მოიწევენ, მაგრამ ამის ჩამდენთ აქვთ ერთი უპირატესობა, - ისინი მოქმედებენ თავისი თავის ან სხვა ადამიანების წინააღმდეგ. ამპარტავანნი კი, თავისი თავხედობითა და უმადურობით, აშკარად უპირისპირდებიან შემოქმედს.
როგორ დავაღწიოთ თავი ამ საშინელ მდგომარეობას? თავმდაბლობა არის ერთადერთი წამალი ამპარტავნებისაგან განკურნებისა. თავმდაბლობას მოვიპოვებთ, თუ საკუთარ თავს, ჩვენს "მე"-ს უარვყოფთ და ღვთისადმი მადლიერებით აღვსილნი, სიმშვიდითა და ღირსებით შევხვდებით ქებასაც და დამცირებასაც, სიხარულსაც და ტკივილსაც, უსამართლობასა და შეურაცხყოფას. ამასთან, ჩვენი შინაგანი სამყარო ისე უნდა წარვმართოთ, რომ სხვა ჩვენზე უკეთესად, უფრო გონიერად და უპირატესად მიგვაჩნდეს, ჩვენ მიერ აღსრულებული კეთილი საქმეები კი, - უფლის წყალობად და არა საკუთარ დამსახურებად.
მაშინ შეიმუსრება ჩვენი სიამაყე და პატივმოყვარეობა და მის ადგილზე თავმდაბლობით მოპოვებული ღვთის მადლი დაივანებს. რა თვისებები განასხვავებთ ამპარტავანთ და თავმდაბალთ? თუ ამპარტავანი თავის ნაკლოვანებებს საერთოდ არ ხედავს ან როგორც უმნიშვნელოს, ისე წარმოაჩენს (არ არის გამორიცხული, იქამდეც კი მივიდეს, რომ ამით იამაყოს), თავმდაბალი მცირე ცოდვასაც მტკივნეულად განიცდის, წუხს და არ მალავს მას არც მოძღვრის და არც ადამიანების წინაშე.
ამპარტავანი, კეთილდღეობის შემთხვევაში, კიდევ უფრო ამაყი ხდება, განსაცდელის ჟამს კი ხვედრს ემდურის, გაბოროტებულია, სიმშვიდეს ვერსად პოულობს და სასოწარკვეთილებისკენაა მიდრეკილი. თავმდაბალი კი მწუხარებასაც და სიხარულსაც ერთნაირად იღებს, მიღწეულით არასოდეს კმაყოფილდება და სულიერ კიბეზე ზეაღსვლას სულგრძელებითა და მოთმინებით განაგრძობს.
ამპარტავანნი მაჭირვებელთ ბოროტებით პასუხობენ და თუ ამას საქმით ვერ აღწევენ, ცილისწამებას არ ერიდებიან. ღვთისსათნონი კი, ავისმქმნელთათვის ლოცულობენ და ცდილობენ, სიკეთით უპასუხონ, რადგან ბოროტება მხოლოდ სიყვარულით იკურნება და იციან, რომ ეს არის სათნო წინაშე ღვთისა. ჩვენს დროში განსაკუთრებით ზეიმობს ამპარტავნება, რადგან მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებამ ადამიანი თავის თავზე შეყვარებული და თავდაჯერებული გახადა.
მას კიდევ უფრო გაუმყარდა ილუზია იმისა, თითქოს, საკუთარ ძალებზე დაყრდნობით ყველაფერი შეუძლია გააკეთოს და, აქედან გამომდინარე, შემოქმედის ადგილიც დაიკავოს.
ისეთ დღესასწაულებსაც კი, როგორც შობა ან აღდგომაა, ისინი თავისი თავისთვის იწყობენ და ყველაფერს გარეგნულ ელფერს აძლევენ, ხოლო მათი არსი საერთოდ არ აინტერესებთ.
ბეთლემს შობილი ყრმა ყოველ წელს შეახსენებს მსოფლიოს, რომ ხსნის გზა თავმდაბლობითა და უბრალოებით იწყება.
კიდევ ერთ მომენტზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას: რამდენჯერ შეგვხვედრიან ადამიანები, რომლებიც თავს დიდად მორწმუნეთ არ მიიჩნევენ, მაგრამ მრავალ კარგ საქმეს აკეთებენ და, ერთი შეხედვით, სამაგალითონიც არიან; მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით, ღვთისაგან ყველაზე მეტად დაცილებულნი სწორედ ისინი არიან, რადგან მათს გულსა და სულში, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ამპარტავნებას აქვს ღრმად ფესვი გადგმული; ამიტომაც, თავის თავს შეჰხარიან და ამით ტკბებიან. თითქოს როგორი ადვილია, რომ მათ დამოკიდებულება შეცვალონ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგეს - მაგრამ არა, ნებისმიერი ცოდვისგან გათავისუფლება უფრო ეადვილებათ, ვიდრე ამ ნაბიჯის გადადგმა.
ამიტომ უწოდებს ნეტარი ავგუსტინე ურწმუნოთა სიკეთეთ "მბრწყინავ ცოდვებს," - გარეგნულად თვალისმომჭრელთ, შინაგანად კი ეშმაკის ქმედებებს.
ასეთ ადამიანთა მსგავსი იყო ჩვენი ხალხის მდგომარეობა ათეისტურ პერიოდში. სამოცდაათწლიანმა კომუნისტურმა რეჟიმმა ღმერთის რწმენის გარდა, წინ წამოსწია თითქმის ყველა ადამიანური სათნოება და ამით, ამპარტავნების საშინელი სენი კიდევ უფრო მეტად გააღრმავა საზოგადოებაში. დღეს, მართალია, რთულ პირობებში გვიწევს ცხოვრება, მაგრამ ამას თავისი დიდი დადებითი მხარეც აქვს - ჩვენ გვამდაბლებს უფალი და გვაჩვენებს, რომ თავის მოსაწონი არაფერი გვაქვს; გვაჩვენებს იმასაც, რომ ღვთის გარდა, იმედი არავისი და არაფერისა არ უნდა გვქონდეს.
ერის გამოღვიძებისა და ღვთისკენ შემობრუნების პროცესი, ნელა, მაგრამ მაინც მიმდინარეობს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ბოროტი ადვილად არ თმობს პოზიციებს და ახალ-ახალ მოულოდნელობებს გვთავაზობს, მაგ., მცირე, მაგრამ აქტიური ჯგუფი მოქალაქეებისა, უზნეობით ამაყობს, ცოდვას ცოდვად არ მიიჩნევს და ცდილობს, სხვებიც თავისი მსგავსი გახადოს; სამწუხაროდ, ამას ჩვენი მასმედიის საშუალებებიც ხშირად მხარს უბამენ, "სიმართლის" სახელით ავხორცობისა და სისასტიკის პროპაგანდას ახორციელებენ და ამით, ბოროტს დიდ სამსახურს უწევენ.
ღმერთის გზით მავალი ადამიანები კი, თავმდაბლობასთან ერთად, ესწრაფვიან, მოიპოვონ მადლი, რასაც წმიდა გრიგოლ პალამა ხელთუქმნელ ენერგიას უწოდებს. ეს ის ენერგიაა, რომელიც ნათლის სახით მაცხოვრის ფერისცვალებისას მოციქულებმა თაბორის მთაზე იხილეს.
შევნიშნავთ, რომ ღვთის ამ წყალობით აღვსების შესაძლებლობა ყველას თანაბრად აქვს, - ნასწავლსაც და უბირსაც, მდიდარსაც და ღარიბსაც, ქალსაც და მამაკაცსაც, მოხუცებულსაც და ახალგაზრდასაც, ოღონდ, ეს გულით უნდა მოვინდომოთ და სიკეთით, სულიერი და ფიზიკური შრომით განვამშვენოთ ჩვენი ცხოვრება.
დიახ, მადლმოსილება ადამიანის პიროვნული მდგომარეობაა და იგი უფლის საჩუქარია, მის სიდიდეს თავმდაბლობის ხარისხი განსაზღვრავს, ანუ რამდენადაც თავმდაბალია ადამიანი, მით უფრო მეტი მადლის დამტევია იგი. მადლი, როგორც ღვთის არსების გამოვლინება, მისი ყველა თვისების მატარებელია. იგი არ არის მოძალადე, არამედ მაშინვე განეშორება ცოდვის ჩამდენს (რადგან ცოდვა-მადლი ურთიერთგამომრიცხავნია), სინანულით შემუსვრულ გულს კი, კვლავ უბრუნდება და წყალობით ავსებს. ცოდვა-მადლს კიდევ ერთი თვისება აქვს, რაც ჩვენმა წინაპრებმა ასე გამოთქვეს: "მადლი ჰქენი, ქვაზე დადე, გაიარე, წინ დაგხვდებაო" და კიდევ "პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოჭრა კბილიო".
ასე რომ, ადამიანი თავისი ქმედებებით, საკუთარ თავსაც და თავის შთამომავალთაც უმზადებს ერთგვარ სულიერ საგზალს, - ცუდს ან კარგს. მეცნიერებაში არსებობს ენერგიის მუდმივობის კანონი, რომლის მიხედვითაც, დამტკიცებულია, რომ სამყაროში არაფერი იკარგება, არამედ ერთი სახეობიდან მეორეში გადადის; იგივე ითქმის სულიერ სფეროზეც; ოღონდ, აქ ჩვენ ვგულისხმობთ ამქვეყნიურ ყოფას, თორემ უფლის წინაშე, ყველა მხოლოდ საკუთარი ცხოვრების მიხედვით განისჯება.
მაგალითისთვის გავიხსენებ ერთ მოვლენას, რომელიც, მართალია, სულის ცხონების საკითხს არ ეხება, მაგრამ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია. XVII ს-ის I ნახევარში ირანში მოღვაწეობდა გამუსულმანებული უნდილაძეების დიდად გავლენიანი ოჯახი, რომელთაც ღრმა კვალი დატოვეს სპარსეთის კულტურულ-პოლიტიკურ ასპარეზზე. ისინი უზარმაზარი ქონებისა და ძალაუფლების მფლობელნი იყვნენ; ეს გავლენა კი, სპარსულ საქმეთა ერთგულების გამო მოიპოვეს.
ქრისტიანული თვალთახედვით, ისინი, ერთი შეხედვით, რა თქმა უნდა, ღვთისაგან განდგომილნი იყვნენ, რადგან თავის მიწიერ კეთილდღეობას ყველაფერი ანაცვალეს, მაგრამ მდგომარეობა მთლიანად შეიცვალა, როდესაც საქმე სპარსელთა საქართველოზე ლაშქრობას შეეხო.
სამშობლოს ტკივილმა და სიყვარულმა მათს გულში დარჩენილი მადლის ნაპერწკალი ალად აქცია და მამაც და შვილებიც ისე გააძლიერა, რომ უარი თქვეს შაჰის დავალების შესრულებაზე, სანაცვლოდ კი, დათმეს ქონებაც, თანამდებობაც, თავისი და თავის ყველა შთამომავლის სიცოცხლეც სამშობლოს შეწირეს.
მაშინ როდესაც, მათ თანამედროვე ქართველთა შორისაც უფრო ადრეც, შემდგომაც და დღესაც იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებიც სიმდიდრისა და ძალაუფლების მოპოვებისათვის უკან არაფერზე იხევენ და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედთაც გვერდში უდგანან.
საერთოდ, ეკლესია ღვთაებრივი მადლის საუნჯეა. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მას გადასცა ძალაუფლება ცოდვათა შეკვრისა და გახსნისა. ანუ ღვთაებრივი მადლის მოხვეჭა და სასუფევლის დამკვიდრება მართლმადიდებელ ეკლესიაშია შესაძლებელი, რადგან იგია მაცხოვრის მისტიური სხეული, რომელიც ღვთაებრივი მადლით ზეციურ, მოზეიმე ეკლესიას უკავშირდება და ეს ურთიერთობა ლოცვით ხორციელდება.
მე არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველო ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა.
უფლისა და ზეციურ ძალთა გარდა, ჩვენ შემწედ, უპირველეს ყოვლისა, გვყავს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, დედა და მფარველი საქართველოსი, მსოფლიო მართლმადიდებელ წმინდანთა დასი და, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკლესიის უთვალავი წმინდანი, აგრეთვე, სამოთხის მკვიდრი სხვა ჩვენი ღირსეული წინაპრები. ამაშია მადლი და ძალა ჩვენი ქვეყნისა. მაგრამ მათი შეწევნა რომ მივიღოთ, განწმენდილი გულით აღვლენილი ლოცვა უნდა შევწიროთ, რათა მოხდეს სინერგია, - ადამიანური და ღვთაებრივი ძალის შერწყმა და ღვთის მოწყალების კარის განღება.
როგორც აღვნიშნეთ, ადამიანის ცხონებას მისი პირადი ნება განსაზღვრავს, ქვეყნის კეთილდღეობას კი - მადლმოსილი ადამიანების სიმრავლე, რათა სიძნელეების დაძლევა შევძლოთ.
გარდა სულიერისა, სიძნელეები სხვაც მრავლად გვაქვს: მასიური უმუშევრობა, ჩვენი მოსახლეობის უცხოეთში მიგრაცია, საშუალო და უმაღლესი განათლების დაბალი დონე, პატიმრების რიცხვის ზრდა, საბაზრო ეკონომიკისა და ბიზნესის, სოფლის მეურნეობის პრობლემები...
მეტად სამწუხაროა, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, ერის ერთიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებიც ემატება. როგორც ცნობილია, XIX ს-ის ბოლოს მეფის რუსეთის იმპერიაში შემუშავდა "მეცნიერული" კონცეფცია (დაყავი და იბატონეს პრინციპის გათვალისწინებით) საქართველოში მეგრულ-ლაზურ-ქართულ-სვანური ენებისა და კულტურების დამოუკიდებლად არსებობის შესახებ.
ეს პროცესი, მეტ-ნაკლებად ფარულად, კვლავაც მიმდინარეობს და, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ უცხო ქვეყნების ინტერესებს ემსახურება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, დავიცვათ ჩვენი ერთობა, ისევე როგორც ამას აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები. ოღონდ, როგორც დიდი ილია ამბობს, დღეს არის არა ხმლის, არამედ წიგნისა და კალმის ომი.
პრობლემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროა საზოგადოების ძალისხმევა, რათა შეიქმნას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და ვებ-გვერდები, რომელიც სათანადო პასუხს გასცემს როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ისე ქართველი ერის დაშლის მოსურნეთ. ამ საქმეში დიდი სამსახური შეიძლება გაწიონ უცხოეთში მყოფმა ჩვენმა თანამემამულეებმა; მათ ვებ-გვერდები იმ ენაზე უნდა გააკეთონ, რომელ ქვეყანაშიც ცხოვრობენ. ამით ისინი სამშობლოს ინტერესებს შესაძლებლობისამებრ დაიცავენ.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმასაც, რომ ა.წ. 21 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დადგენის შესახებ;
ეს არის ისტორიული რეალობის საჯაროდ კიდევ ერთხელ განცხადება და თქმა იმისა, რომ აფხაზეთი ყოველთვის იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი, ხოლო აფხაზეთის მოსახლეობა - საქართველოს ეკლესიის სულიერი შვილები, რასაც მოწმობს წერილობითი წყაროები და აქ აღმართული უძველესი ტაძრები. იგივე ითქმის ცხინვალის რეგიონის შესახებაც.
აღვნიშნავთ იმასაც, რომ ისტორიის მანძილზე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მიუხედავად, საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის საზღვრები არ შეცვლილა. იგი, ღვთის წყალობით, სულიერად თითქმის ყოველთვის ინარჩუნებდა ათასწლეულობით ჩამოყალიბებულ მთლიან სხეულს ჩვენი ქვეყნისა და ეს დღესაც ასეა.
ის, რაც ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და სამაჩაბლოს (ცხინვალის რეგიონი) ოსებს შორის მოხდა, შედეგია პოლიტიკური ინტრიგებისა და მას ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობასთან საერთო არაფერი აქვს.
ჩვენ გვაკავშირებს სისხლით ნათესაობა, საუკუნოვანი თანაცხოვრება, ნათელ-მირონობა, მეგობრობა და მრავალრიცხოვანი შერეული ოჯახები, რაც იძლევა იმედს იმისას, რომ ადრე თუ გვიან აღდგება და განახლდება ძველი ურთიერთობა და მეგობრობა აფხაზებთანაც და ოსებთანაც.
შევეხები მთის პრობლემებსაც; მოგეხსენებათ, საქართველო ოდითგან მთისა და ბარის ერთობით იყო ძლიერი. ბარს მთა იცავდა, მთას კი ბარი განამტკიცებდა. გახსოვთ თუნდაც შაჰ-აბასის შემოსევა, როდესაც კახელების საარაკო მამაცობის მიუხედავად, რიცხვით მრავალმა მტერმა ეს მხარე მაინც დაიკავა, მთიელების სახალხო ლაშქარი შეიყარა და თავგანწირული ბრძოლით სპარსელნი განდევნა. ბახტრიონის აჯანყების სახელით ცნობილმა ამ მოვლენამ, არა მარტო ბარი იხსნა სრული იავარქმნისაგან, არამედ მთიულეთი და თუშ-ფშავ-ხევსურეთიც გადაარჩინა.
სამწუხაროდ, კომუნისტურ პერიოდში, საქართველოს მთიანეთი დაიცალა და დღეს მიტოვებულია არა მარტო სოფლები, არამედ მთელი კუთხეები; კერძოდ: თუშეთი, ხევსურეთი, ფშავის ნაწილი, რაჭა..., სადაც ზაფხულის პერიოდის გარდა, მოქმედ სოფლებში თითო-ოროლა ოჯახი ან სულაც, ერთი ადამიანი სახლობს.
არადა ამ ტერიტორიების განსაკუთრებულობას ისიც განაპირობებს, რომ ისინი საზღვრისპირა რეგიონებია და მათ სტრატეგიული დანიშნულებაც აქვთ. ვინაიდან არსებული მდგომარეობის მთავარი მიზეზი სოციალურ-ეკონომიკური პირობებია, სახელმწიფოებრივი თანადგომისა და მატერიალური მხარდაჭერის გარეშე, ბუნებრივია, მოსახლეობის დაკავება ვერ მოხერხდება.
ეკლესია, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, ცდილობს, წვლილი შეიტანოს აღნიშნული მხარეების გამოცოცხლების საქმეში და, ამ მიზნით, აქ მონასტრებს აარსებს.
მთის თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ამ რამდენიმე თვის წინ, შედგა ჩემი მოგზაურობაც თუშეთსა და ხევსურეთში და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ აღმოსავლეთ მთიანეთს (და რაჭასაც) დროულად უნდა გაეწიოს სერიოზული დახმარება, თორემ შემდეგ, ათჯერ მეტი ძალისხმევა იქნება საჭირო მდგომარეობის გამოსასწორებლად.
ჩვენ ადრეც შევთავაზეთ ხელისუფლებას და ახლაც შევახსენებთ, რომ იქნებ ერთ-ერთ საქმედ იქცეს აქაურ დაუსახლებელ ტერიტორიებზე მცირე დანაშაულის მქონე პატიმრებისთვის მიმაგრების ადგილებისა და სოფლების მოწყობა (თავისი მეურნეობებით), რაც დასაქმების პრობლემასაც ნაწილობრივ გადაწყვეტს და დაცულ ზონებსაც შექმნის.
ბუნებრივია, აქ უნდა ასევე განვითარდეს მესაქონლეობა, მეცხვარეობა, მეფუტკრეობა, მეთევზეობა, ხელსაქმე, მიწის ერთობლივი დამუშავებისათვის კი, უნდა შეიქმნას კოოპერატივები.
სვანეთში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში განხორციელებული სახელმწიფო პროგრამები იმედს იძლევა, რომ ეს საკითხიც აქტუალური გახდება და მდგომარეობა გამოსწორდება.
სულ ორიოდე სიტყვით შევნიშნავთ იმასაც, რომ ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მიწას, სასარგებლო წიაღისეულს, წყალს და ტყეს, ასევე მუზეუმებსა და არქივებს, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ და მათი გაყიდვა-გასხვისება არ შეიძლება. საჭიროა, სახელმწიფოს მიერ შემუშავებულმა კანონებმა დაიცვას ერის ეს საუნჯე.
ჩვენ ზემოთ მრავალ რთულ თემას შევეხეთ, რომელთა მოგვარებაც ხელისუფლებას ევალება, მაგრამ თითოეულ ჩვენგანზეც დიდი პასუხისმგებლობაა დაკისრებული.
ეს ლიტონი სიტყვები არ არის.
ყველამ ვისაც უნდა, ღვთის შვილად იწოდებოდეს, ზრუნვა პირველ რიგში მადლის მოხვეჭისათვის უნდა დაიწყოს, რომ ერთობლივი ძალით ღმერთის მფარველობა მოვიპოვოთ (ცალკეულ პირთა მადლმოსილება ქვეყნის გადარჩენისა და განვითარებისათვის არ არის საკმარისი; გავიხსენოთ მართალი ლოთი და პირისაგან მიწისა აღგვილი სოდომ-გომორი), ვინაიდან ყველა ჩვენი პრობლემა, სინამდვილეში, ღვთაებრივი მადლის ნაკლოვანებებიდან მოდის. მე მომავალს იმედით ვუყურებ, რადგან, ვიმეორებ, ქვეყანაში მიდის სულიერი გამოღვიძების რთული და განმწმენდელი პროცესი;
უფალი თავისი იდუმალი, მტკივნეული, მაგრამ გადამრჩენელი გზებით გვატარებს, რათა, თითოეული ჩვენგანი, ვითარცა მამასთან დაბრუნებული დამდაბლებული და შეჭირვებული უძღები შვილი, გულში ჩაიკრას და სიხარულით აღვსილმა, საზეპურო სუფრა გაშალოს.
საყვარელნო დანო და ძმანო, არჩევანი თქვენზეა, საქართველოს ბედიც თქვენზეა დამოკიდებული.
ამ იდუმალებით მოცულ ღამეს ჩვენც გავყვეთ ბეთლემისკენ მიმავალ დიდებულ ვარსკვლავს და სიხარულით აღვივსოთ, რამეთუ ჩვენთვის იშვა ემმანუელი, ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
შობა ქრისტესი
თბილისი, 2011 წ ქრისტეს მიერ საყვარელნო ყოვლადსამღვდელონო...

0