ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
როდესაც ადამიანი კრძალვითა და მხურვალე სიყვარულით მიემთხვევა წმ. ხატებს, ის თითქოს იწოვს, კვებავს საკუთარ თავს ამ ხატების საღებავებით და შიგნით, მის არსებაში ეს წმიდანები აისახებიან. წმიდანები ხარობენ, როდესაც `სწყდებიან” ქაღალდსა და დაფას და ადამიანების გულებში აღიბეჭდებიან. როდესაც ქრისტიანი კრძალვით ემთხვევა წმიდა სახეებს და შეწევნას ითხოვს ქრისტესაგან, ღვთისმშობლისა და წმიდანებისაგან, ამ დროს იგი აღასრულებს თაყვანისცემას იმ მთელი გულით, რომელიც მხოლოდ ქრისტეს, ღვთისმშობლისა და წმიდანების მადლს კი არ იღებს, არამედ _ სრულად ქრისტეს, ღვთისმშობელსა და წმიდანებს, რომლებიც მისი შინაგანი ტაძრის კანკელზე არიან გამოსახულნი. `ადამიანი ტაძარია სულისა წმიდისა”. დააკვირდი: ყოველგვარი მსახურებაც ხომ ხატებთან მთხვევით იწყება და მთავრდება. ადამიანებს რომ ეს ესმოდეთ, რაოდენ სიხარულს განიცდიდნენ, რა დიდ ძალას მიიღებდნენ ისინი!
რას წარმოადგენს მართლმადიდებლური ხატი? ხატი - ეს ღვთის მადლის გამჟღავნებაა დედამიწაზე. ჩვენ ამ სფეროში რაიმე მკაცრი სისტემის შემოტანა არ შეგვიძლია. „სულსა ვიდრეცა უნებ“ (იონ. 3, 8) - თქვა უფალმა. ჩვენ მხოლოდ მივუთითებთ მართლმადიდებლური ხატის ზოგიერთ ნიშანზე, ნაკლებ გასაგებზე ჩვენი თანამედროვეების უმრავლესობისთვის. ძველ ხატებზე სახე დიდებული და მკაცრია. აქ ადგილი არა აქვს სენტიმენტალურობასა და ალერსიანობას - მშვენიერების ამ გამოვლინებებს, სიყვარულის სუროგატს. უძველესი ხატების სახეებში ასახული სულიერი სიყვარული მკაცრი და მომთხოვნია. მათზე წმიდანთა თვალები მარადისობიდან გვიმზერენ. ისინი თითოსდა მთელ სამყაროს მოიცავენ. მარადისობა და უსასრულობაა მათში არეკლილი. აქ ცოდვასთან შერიგების და მისი შეწყნარების კვალიც არ არის. ამიტომაც უძველესი ხატების სახეები გაუგებარია, უცხო, ზოგჯერ პირდაპირ საშინელიც კია ხორციელ ვნებებს მიჯაჭვული ადამიანისთვის. ცოდვისადმი ამ სიძულვილში, ამ დაუნდობელ სიმართლეში ერთი სურვილია - ადამიანის ცხონება.
სულიერი მდგომარეობა სამ რიგად იყოფა და მადლიც შესაბამისად მოქმედებს ადამიანში. ერთ მდგომარეობას ეწოდება განმწმენდელი, იგი ადამიანს განწმენდს. იგი კაცს სინანულად აღძრავს. იგი საიდუმლოდ აღასრულებს ყოველივეს. ეს მადლი, იმ შემთხვევაში თუ თავს აიძულებ, გარკვეული წლების მანძილზე რჩება შენთან. ხოლო თუკი ადამიანი შინაგან ლოცვაში წარემატა, იღებს სხვა მადლს, წინანდელისაგან ერთობ განსხვავებულს.
პირველ მადლს, როგორც ვთქვით, გრძნობა-მოქმედება ჰქვია და იგი განმწმენდელია, რადგან მლოცველმა ღმრთაებრივი მოძრაობა -მოქმედება იგრძნო საკუთარ თავში.
მეორეს განმანათლებელი ეწოდება. მისით იღებს ადამიანი ცოდნის ნათელს, აღიყვანება ღმერთის ჭვრეტაში. არა სინათლე, არა წარმოდგენები, არა ხატები; არამედ გონების გაცისკროვნება, გულისსიტყვათა სიწმინდე და მცნებათა სიღრმე. ეს რომ მოვიდეს, მლოცველს უნდა ჰქონდეს სრული მდუმარება და ჰყავდეს უხიბლო მოძღვარი.
მესამე მდგომარეობა - მადლის მოფენა, ყოველივე იმის შემდეგ, რაც იყო, სრულყოფილების მადლია, რომელიც უდიდესი ნიჭია
რა უნდა ვასწავლოთ ბავშვს რომ იგი გახდეს ღვთისმოშიში, მორწმუნე? ეს უნდა მივაღწიოთ ასე: 1) დედებმა ადრეული ასაკიდან უნდა აზიარონ ქრისტიანულ მოძღვრებას. უნდა ესაუბრონ შვილებს რელიგიურ თემებზე, პირველ ადამიანებზე, რომლებიც კარგად ცხოვრობდნენ სამოთხეში მანამდე, სანამ ღვთის მოშიშები იყვნენ, რომ ისინი ასევე ბედნიერები იქნებიან თუ ექნებათ ღვთის სიყვარული, ღვთის მოშიშება და დაუჯერებენ მშობლებს. დედამ უნდა მოუთხროს თავდაპირველი ცოდვის, იესო ქრისტეს, მარიამ ღვთისმშობლის და მფარველი ანგელოზების შესახებ, რომლებსაც უყვართ კეთილი ბავშვები. ქრისტიანული დღესასწაულების შესახებ მოუთხროს, აუხსნას ხატების მნიშვნელობა, წმინდანების ცხოვრება გააცნოს. ეს ყველაფერი ბავშვმა უნდა იცოდეს სანამ სკოლაში წავა. 2) დედამ უნდა ასწავლოს შვილს ლოცვები (მამაო ჩვენო, დილა–საღამოს ლოცვა), ილოცონ ყოველდღიურად შვილებთან ერთად, ატარონ ეკლესიაში. ეს ყველაფერი ბავშვებმა უნდა ისწავლონ სკოლაში წასვლამდე. უკვე მოზრდილებს აღარ შერცხვებათ უცხო გარემოში აღასრულონნ თავიანთი რელიგიური მოვალეობები.
ხატის საშუალებით მე იმის შესაძლებლობა მეძლევა, რომ ხილულით უხილავს ვეზიარო. მაცხოვრის განკაცებით ხომ სწორედ ეს მოხდა: უხილავი ღმერთი სამყაროში შემოვიდა და ის ხილული გახდა. ქრისტეს განკაცებით მიწა ზეცასთან გაერთიანდა. ამით დასაბამი დაედო ჩვენს გადარჩენას, რადგან გადარჩენა, ცხონება, სამოთხეში დაბრუნება, რომელიც არის ჩვენი მიზანი, როგორც თავიდან ვთქვით, ნიშნავს ღვთაებრივ წიაღში ყოფნას, სასუფეველი - ეს არის ღმერთთან ყოფნა და მასთან პიროვნული ურთიერთობა. ჩვენ ვართ ხატნი ღვთისა. და ეს ხატი, რომელიც ჩვენ ღვთისაგან ოგვეცა, ღვთის მსგავსებამდე უნდა აღიწიოს. მე კი მისპობენ ამის საშუალებას და მეუბნებიან, რომ შეუძლებელია, ხატზე გამოისახოს მაცხოვარი, რომელიც ადამიანად მოვიდა, რომელსაც ყველა ხედავდა. ამით მე მისპობენ ღმერთთან კავშირის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საშუალებას. ეს კავშირი ადამიანისა ღმერთთან და, აქედან გამომდინარე, მთელი სამყაროს კავშირი მასთან არის ერთგვარი გარანტია ჩემი ცხონებისა და გადარჩენისა. ამიტომ ეკლესია ყოველთვის მტკიცედ იცავდა ხატების პატივმიგებას.
წმინდა ხატების შეურაცხყოფისათვის
უსარგებლო და მავნეა ჩვენთვის უფლის საიდუმლოთა გამოძიება, რადგან ისინი დაფარულნი არიან კაცის უძლური გონებისაგან. ასეთ საიდუმლოთა რიგს ეკუთვნის, მაგალითად, როგორ მოქმედებს საღმრთო მადლი წმ. ხატების მეშვეობით, როგორ კურნავს იგი ცოდვილებს - არა მარტო მათ ხორცს, არამედ სულსაც, იმდენად, რომ მრავალი ცოდვილი, ვინც იწამა ხატებში დამკვიდრებული ქრისტეს მადლი, ცხონება და ზეცათა სასუფეველი დაიმკვიდრა
ხატების მიმართ უკრძალველობა საშინელი ცოდვაა
ქრისტეს, ღვთისმშობლის, წმინდანთა ხატების მიმართ უკრძალველობა საშინელი ცოდვაა. ვფიქრობ, ამაზე უარესი არაფერია. ხატზე ღვთაებრივი სახეა გამოსახული, ჩვენ თაყვანს ვცემთ და ვემთხვევით მას და ამით თაყვანს ვცემთ თვით წმინდანს.
თემა: ცოდვა, ხატი, უკრძალველობაავტორი: ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
წყარო: მამობრივი დარიგებანი
მონაზვნებისთვის ცხოვრების მთავარი მიზანი ღმერთთან ერთობის მიღწევაა, ეს არის ჩვენი სურვილების საზღვარი. როდესაც ადამიანი ღმერთს შეუერთდება და მის გულში უფალი დაივანებს, მაშინ მას აღარაფერი სჭირდება – სულში საერთოდ ქრება სიცარიელე. ამასთან მას არც ცხოვრებისათვის აუცილებელი რაიმე ნივთიერი აკლია. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ როგორ უყვარს ღმერთს თავისი მორჩილი.
ღმერთთან ასეთი მჭიდრო ერთობის საშუალება არის ლოცვა. აქ ჩვენ მხოლოდ ხატების წინ ლოცვას არ ვგულისხმობთ, რაც აგრეთვე უნდა სრულდებოდეს. მაგრამ მასთან ერთად ლოცვისთვის მონაზონი ხუთ სიტყვას იყენებს და მათ წარმოთქვამს შეუსვენებლივ, როდესაც შრომობს, ჭამს, ზის ან სხვა რამეს აკეთებს! ეს სიტყვებია: „უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე“. მათ ვამბობთ ბაგეებით, გონებით ან გულით. ამ სიტყვების გამუდმებით გამეორება ჩვენ არ გვქანცავს. თავდაპირველად ცოტა სიბეჯითეა საჭირო, მაგრამ შემდეგ ეჩვევი, ლოცვას იოლად წარმოთქვამ და აღარ გსურს შეჩერება. ამ დროს ისეთ სულიერ აღმაფრენას შეიგრძნობ, რომ ყველაზე მძიმე წუთებშიც კი არ შეშფოთდები, არც დაღონდები, არამედ მოთმინებით მიმართავ ქრისტეს, შესთხოვ შეწყალებას... ქრისტეც განუგეშებს და სიხარულს მოგანიჭებს. რა მშვენიერია, ყოველჟამს ღმერთს ევედრებოდე და მის წმიდა სახელს შენი მიწიერი ბაგეებით წარმოთქვამდე! განა არსებობს ამაზე დიდი პატივი?!
მორჩილება უშუალოდ ქრისტეს მიმართ აღესრულება
სულიერი მამა იესო ქრისტეს ცხოველმყოფელი ხატების მატარებელია. მას პატივს ვცემთ და ვემორჩილებით არა მისი პიროვნული თვისებების, არამედ მხოლოდ ქრისტეს სიყვარულის გამო, რადგან მოძღვარი, შესაძლოა, ცოდვილი ადამიანი იყოს და წარწყმედის გზაზე იდგეს ისევე, როგორც მე. მორჩილების მნიშვნელობა კი სხვაა: ის უშუალოდ ქრისტეს მიმართ აღესრულება.
თემა: სიყვარული ღვთისადმი, მორჩილება, სულიერი მოძღვარიავტორი: ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
წყარო: მამობრივი დარიგებანი
სული რომ იღვიძებს, ჩვენს გულში ღმრთისა და სულიერი სამყაროს არსებობს მოწმობაც იღვიძებს. რით განსხვავდება მორწმუნე ადამიანი ურწმუნოსგან? - ურწმუნო გამოთიშულია ღმრთისგან, სულიერი სამყაროსგან. მას მხოლოდ იმის აღქმა შეუძლია, რასაც მისი გრძნობის ორგანოები აწვდიან. მორწმუნე ადამიანი თავის გულში გრძნობს ღმერთს, სულით აცნობიერებს მარადისობას, სულიერი სამყაროს არსებობას. ადამიანის გულის ეს შინაგანი ცოდნა შეუღლებულია განსაკუთრებულ გრძნობასთან, მშვიდობისა და სიხარულის იმ გრძნობასთან, რომელსაც რწმენა ანიჭებს ადამიანს. ჩვენ ყველა ვეძიებთ ბედნიერებას, კეთილდღეობას, მაგრამ ვპოულობთ განა? სოფელი მისეულ სიხარულს გვთავაზობს, მაგრამ ეს სიხარული ხანმოკლეა, სწრაფად ბეზრდება, მოჰყირჭდება ადამიანს. ის თითქოს მარილიან წყალს სვამს და ასე ცდილობს წყურვილის მოკვლას, ამით კი წყურვილი უფრო უძლიერდება. შეუძლებელია რაიმე მიწიერმა ფასეულობამ აღავსოს ადამიანის გული და მას ჭეშმარიტი მშვიდობა მისცეს. ჩვენს თავს რომ ვკითხოთ - როდის ვიყავით ცხოვრებაში ყველაზე უფრო ბედნიერები? - შეგვიძლია ვთქვათ: მაშინ, როცა მეტად გულმოდგინედ ვლოცულობდით, განსაკუთრებით - სასწაულმოქმედი ხატებისა და სიწმიდეების წინაშე. მაშინ იღვიძებდა ჩვენი სული და თითქოს მკვდრეთით ვდგებოდით. ჩვენს წინაშე იშლებოდა სხვა სამყარო და სულის სიღრმეში არამიწიერ სიხარულს ვგრძნობდით, რაც ჩვენს მიერ განცდილ არცერთ გრძნობას არ ჰგავდა
თემა: სულიავტორი: არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
წყარო: ქადაგებები, სტატიები 1 - არქიმანდრიტი რაფაელი