ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები


სიტყვა მეოთხე ლოცვის შესახებ

უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე.
ადამიანის გული ზებუნებრივ, ბუნებრივ და ბუნების საწინააღმდეგო მოძრაობათა ცენტრია. ყველაფერი გულიდან იღებს სათავეს და თუ ადამიანის გული განიწმინდება, ის ღმერთს იხილავს.
მაგრამ როგორ ვიხილავთ ღმერთს? განა ღმერთი ანთროპომორფულია? ადამიანის სახე აქვს? არა! ღმერთი უხილავია, ის სულია, მაგრამ შეუძლია გამეფდეს ადამიანის გულში, როცა ის გახდება ჭურჭელი, რომელიც მის დატევნას შეძლებს.
იმისთვის, რომ ღმერთი დაიტიოს ადამიანის გულმა, ის უწმინდური გულისსიტყვებისგან უნდა განიწმინდოს. გული რომ განიწმინდოს, მასში წამალმა უნდა შეაღწიოს. ეს წამალი კი ლოცვაა.
მეფე სადაც მიდის, იქიდან მისი მტრები იდევნებიან. როცა ქრისტე, მისი წმინდა სახელი გულში შედის, იქიდან ეშმაკთა რაზმებს გამოაძევებს.
როცა ქრისტე ნამდვილად დამკვიდრდება გულში, ყველაფერი მას დაემორჩილება, როგორც მეფეს, რომელიც სახელმწიფოს დაიპყრობს და დედაქალაქში აღსაყდრდება. მაშინ ის თავისი ჯარით ყველა მეამბოხეს დაიმორჩილებს, ესე იგი, განდევნის მტრებს, შინაგანი მღელვარებისგან დააწყნარებს სახელმწიფოს და მშვიდობა დამყარდება. მეფე საყდარზეა დაბრძანებული და ხედავს, რომ ყველა მისი ქვეშევრდომია და მას ემორჩილება. მას უხარია და მხიარულობს, რადგან ხედავს, რომ ბრძოლა და შრომა დამთავრდა, რამაც ყველა მას დაუმორჩილა და მშვიდობა და წარმატება მოუტანა.
იგივე ხდება ჩვენი გულის სახელმწიფოშიც, სადაც მრავალი მტერია, ამბოხებები, გულისსიტყვები, ვნებები, უძლურებები, ქარიშხლები და შფოთია. ეს ყველაფერი ადამიანის გულშია.
გულის სახელმწიფოს დასაწყნარებლად და დასამორჩილებლად ქრისტეს – მეფის და მისი ჯარის – მოსვლაა საჭირო, რომ დაიპყროს ის, განდევნოს მტერი – ეშმაკი, ჩააცხროს ვნებებისა და უძლურების ყოველგვარი შფოთი და გამეფდეს, როგორც ყოვლისმპყრობელი იმპერატორი. ამ მდგომარეობას, წმინდა მამების თანახმად, გულის დაყუდება ეწოდება. ამ დროს გულში განუწყვეტელი ლოცვა მეფობს, რაც მის სიწმინდესა და სიმშვიდეს წარმოშობს.
ლოცვის მრავალი ხერხი არსებობს. რა თქმა უნდა, არსებობს ბაგისმიერი ლოცვა, როცა ლოცვას ბაგეებით ვიმეორებთ. ეს ის მეთოდია, რომელიც თავიდან, ლოცვის დასაწყისში უნდა გამოვიყენოთ, ჩვენს საბოლოო მიზანს რომ მივაღწიოთ.
ადამიანის გონება გამუდმებით მოქმედებს, მაგრამ არა თავისი ბუნების შესაბამისად, როგორც უნდა მოქმედებდეს. ჩვენი ზედაპირულობის გამო გონებას არასწორად ვიყენებთ. ის მთელ ქვეყნიერებას უვლის გარშემო და სხვადასხვაგვარ სიამოვნებაში პოულობს განსვენებას.
ზოგჯერ ის ბილწი გულისსიტყვებით ტკბება, ზოგჯერ სხვა ვნებები გაიტაცებს, ხან კი განურჩევლად დაეხეტება აქეთ-იქით. სადაც არ უნდა წავიდეს, რაზეც არ უნდა შეჩერდეს, ყველგან რაღაცით ტკბება.
ადამიანმა, რომელიც შრომობს მიზნისთვის, „მოუკლებელად ილოცევდით“ (1 თეს. 5, 17), უნდა მოიკრიბოს გაფანტული გონება – მაწანწალა, რომელიც ქუჩებში დაეხეტება – რომ გამოსწორდეს და სახლის კარგი მეპატრონე გახდეს.
გონება რომ მოვიკრიბოთ, მას ისეთი რამ უნდა შევთავაზოთ, რომ დატკბეს, რადგან, როგორც ვთქვით, გონებას აქეთ-იქით წანწალი სიამოვნებასა და ტკბობას ანიჭებს. ის რაღაც საამურით უნდა მივიზიდოთ. ამიტომ არის საჭირო თავიდან ბაგეებით ლოცვა.
დამწყებმა მონაზონმა, რომელიც ლოცვას სწავლობს, ბაგეებით უნდა ილოცოს: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ და ეცადოს გონება ყოველივე ამქვეყნიურს მოსწყვიტოს. გამოცემული ხმა, ხმის ჟღერადობა მიიზიდავს გონებას, რომ ლოცვას მიაპყროს ყურადღება. მაშინ გონება ნელ-ნელა მიეჩვევა კონცენტრირებას და აღარ გაიფანტება.
რა თქმა უნდა, მონდომება, ყურადღება, სურვილი და მიზანი, რომ შევიძინოთ მოუკლებელი ლოცვა, გონების მოკრებაში გვეხმარება.
ასეთი ლოცვით დროთა განმავლობაში ერთგვარი სიამოვნება, სიხარული, სიმშვიდე და გარკვეული სულიერი განცდა გვეუფლება, რაც მანამდე არასოდეს გვქონია. ის თანდათან მიიზიდავს გონებას.
როცა ბაგეებით ლოცვა წარემატება და შინაგანისკენ მიიზიდავს გონებას, მაშინ ერთგვარ თავისუფლებას ანიჭებს მას, რომ ბაგეების გარეშე, თვითონ იმეოროს ლოცვა. მაშასადამე, ნაყოფი უკვე მივიღეთ. შემდეგ ხან ბაგეების, ხან გონების მეშვეობით ლოცვა ნელ-ნელა გაბატონდება სულში.
როცა გონება ლოცვით არის დაკავებული, ის გულში შესვლას იწყებს და ადამიანი, სადაც არ უნდა იყოს, იგრძნობს, რომ გული ლოცულობს.
რისთვის მოვედით აქ? განა იმისთვის არ მოვედით, რომ ღმერთი ვიპოვოთ, იმისთვის არ მოვედით, რომ მისი მადლი ვიპოვოთ, იმისთვის არ მოვედით, რომ მშვიდობა ვიპოვოთ და ვნებებისგან გავთავისუფლდეთ? მაშ ასე, ამ ლოცვით ყველაფრის განხორციელება შეიძლება. ლოცვა სულში ერთგვარ სითბოს, ალს წარმოქმნის, რომელიც თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტ ლოცვას მოიტანს და ა. შ. როდესაც ეს მოხდება, დაინახავთ, როგორ დაიწვება უძლურებები, გულისსიტყვები, ნელ-ნელა დაიწვება ვნებებიც. ყოველივე ეს გულის სიწმინდით მთავრდება. მაშინ მას მამა, ძე და სულიწმიდა ეწვევა და თავის სავანედ, სამყოფლად აქცევს.
წმინდა მამები ამბობენ, რომ გონება ადვილად შეიბილწება და ადვილადვე განიწმინდება. გული ძნელად შეიბილწება და ძნელად განიწმინდება. გონება, როგორც კი ბოროტისკენ მიიქცევა, მაშინვე შეიბილწება, გული კი სწრაფად არ ხდება სიბილწის მონაწილე. როცა გულში გარკვეული სულიერი მდგომარეობა სუფევს და შემდეგ რაიმე მიზეზის გამო დაკარგავს მას, მაშინ გონება სხვადასხვაგვარად იწყებს შებილწვას, გული კი ადვილად არ იცვლება, რადგან მანამდე ის მადლმა შეცვალა და ბოროტება ძნელად, ნელ-ნელა აღწევს მასში.
იმისთვის, რომ ხორციელმა, ვნებიანმა და ქედმაღალმა გულმა უვნებობას მიაღწიოს, აღარ იგრძნოს ვნებები, საჭიროა ლოცვა. როდესაც ცენტრი განიწმინდება, მაშინ მის გარშემო ყველაფერი წმინდა გახდება. ლოცვა განაგდებს სასოწარკვეთილებას, უიმედობას, უდებებას, მცონარებას და განახლებულ სურვილსა და სწრაფვას შობს ახალი ღვაწლისთვის.
როცა ამას ვიგრძნობთ, მაშინ ნათლად გავაცნობიერებთ ლოცვის ნაყოფს, მის მიზანს. მაშინ მივხვდებით, რომ ცათა სასუფეველი ჩვენს გულშია. „სასუფეველი ღმრთისა შორის თქუენსა არს“ (ლუკ. 17, 21).
იქ, გულში, ლოცვით ჩატარებული კვლევის, გათხრების შედეგად – ჩასუნთქვით, ამოსუნთქვითა და გონების გულში ყურადღებით დაკავების მცდელობით – ვიპოვით დაფარულ მარგალიტს. ეს რა მარგალიტია? ეს სულიწმიდის მადლია, რომელიც ნათლისღების დროს მივიღეთ, მაგრამ ჩვენი უმეცრების თუ ვნებებისთვის თავის მიცემის გამო მადლი დაიმარხა.
მამა იოსები საათობით ამბობდა შინაგან ლოცვას. როცა იღლებოდა, გონიერ ჭვრეტას იწყებდა, შემდეგ კი ისევ შინაგან ლოცვას უბრუნდებოდა. გადაბმულად 7-8 საათი ლოცულობდა.
ის, ვინც ასე ლოცულობს, თანდათან შინაგან სრულყოფილებას აღწევს. გული სულ უფრო განიწმინდება და შემდეგ ადამიანი გულის უშფოთველობას მოიპოვებს.
წმინდა მამებმა მრავალი წლის განმავლობაში გულმოდგინე ლოცვით მაღალ სულიერ მდგომარეობას მიაღწიეს. განკვირვებაში მოდიოდნენ და საკუთარი თავიდან გამოსულები, პავლე მოციქულის მსგავსად ჭვრეტაში აღიტაცებოდნენ: „გინა თუ ხორცითა, არა ვიცი, გინა თუ თვინიერ ხორცთასა, არა ვიცი“ (2 კორ. 12, 2). ასე იყო მრავალი წმინდანი.
როცა წმინდა გრიგოლ სინელმა ლოცვის შესახებ ჰკითხა წმინდა მაქსიმე კავსოკალიველს, მან უპასუხა: „შემინდე, მამაო, ხიბლში ვარ“. წმინდა გრიგოლმა კი უთხრა: „ღვთის გულისათვის, მიამბე შენს სათნოებაზე. გთხოვ, მითხარი, გაქვს გონიერი ლოცვა?“ მაშინ წმინდა მაქსიმემ მიუგო, რომ დიდხანს ევედრებოდა ღვთისმშობელს მიენიჭებინა გონიერი ლოცვის მადლი. ერთხელაც ღვთისმშობლის ხატიდან გადმოვიდა მხურვალება, რომელმაც მის გულში შეაღწია და გულმა შინაგანი ლოცვა დაიწყო. რადგან წმინდა გრიგოლი მას აიძულებდა ეთქვა, წმინდა მაქსიმემ გაანდო, რომ გონიერი ლოცვის ნაყოფი ღვთისადმი დიდი სიყვარული და გონების ჭვრეტად აღტაცება იყო. ეს სულიწმიდის მოქმედებით ხდება, რომელსაც ის ხან ღვთაებრივი ნათლის უნივთო ეთერში აჰყავს, ხან საღვთო საუბარს იწყებს, ხანაც სხვა გამოუთქმელ ჭვრეტაში აღიტაცება.
ყველაფერი გონიერი ლოცვიდან მომდინარეობს.
ლოცვაში წარმატებასთან ერთად ვნებების სიმძიმეც შემსუბუქდება. დროთა განმავლობაში გულისსიტყვები, ფარული გულისსიტყვები გაქრება და ჩვენი გული ბავშვის უმანკო გულივით გახდება.
თავიდან, ვიდრე ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება, როგორც ვთქვით, ძნელია. მაგალითად, თუ რაიმე დანადგარი ხელით სამართავია, მეტი შრომაა საჭირო. თუ ეს მექანიზმი ავტომატური გახდება, მისი წარმადობა ბევრად გაიზრდება და დიდი შრომა აღარ დასჭირდება. ასევე ლოცვაც, თუ დროთა განმავლობაში მას შევიძენთ, უშრომლად წარმოითქმება და მრავალ ნაყოფს გამოიღებს.
როცა ლოცვის დაწყებას ვაპირებთ, გავფრთხილდეთ, რომ არ გვქონდეს კადნიერება და ამპარტავნება, რადგან ეს ლოცვისთვის ძალიან დიდი დაბრკოლებაა. ამიტომ არის საჭირო თავისბრალობა და საკუთარი თავის მუდმივი განკითხვა.
როცა საკონდიტროში შევდივართ, იქ შოკოლადებს, ნამცხვრებს, ნაირნაირ ტკბილეულს ვხედავთ. ასევეა სულიერ საკონდიტროში, იქაც ბევრ და მრავალფეროვან რამეს პოულობს კაცი. ჩვენ ვილოცებთ და ღმერთი რასაც ინებებს, იმას გამოგვიგზავნის; რაც საჭიროა, ყველაფერს გავაკეთებთ, თუმცა მხოლოდ ღმერთს ძალუძს ლოცვა არსებითი გახადოს. რაც უფრო დავიმდაბლებთ თავს, მით მეტი იქნება ლოცვის მადლი.
ვიმეორებ, ყურადღებით ვიყოთ, რომ ლოცვის დროს სხვა არაფერზე ვიფიქროთ. ეს არის ლოცვის ამოსავალი წერტილი.
წმინდა გრიგოლ პალამა ამბობს: როცა ლოცვას ჩასუნთქვითა და ამოსუნთქვით ვამბობთ, დროთა განმავლობაში ამოსუნთქვისას ნესტოებიდან სულიერი კეთილსურნელება იფრქვევა. ნამდვილად ასეა. ლოცვით წარმოიქმნება სურნელოვანი ჰაერი, რაც სხვა არაფერია, თუ არა ლოცვის ნაყოფი. ეს ქრისტეს სახელის წყალობით ხდება. რა არ ძალუძს იესოს სახელს! ქრისტეს სახელი განწმენდს პატიოსან ძღვენს. ქრისტეს სახელით გარდამოვა სულიწმიდა. ქრისტეს სახელით წმინდანები მკვდრებს აღადგენენ. ყველაფერი ქრისტეს სახელით აღესრულება.
ერთი მღვიძარე მამა ამბობდა, როგორ შეიძლება ამ ლოცვის მქონე ადამიანს სულის ამოსვლისას ეშმაკები მიუახლოვდნენ – ის ხომ ლოცვით გადის?! ეს სული ლოცვით იქნება შეჯავშნული და დემონები ვერ შეძლებენ მიკარებას. მართლაც, ძალიან დიდია ამ ლოცვის სარგებელი.
მე მგონი, უკვე გიამბეთ ერთ მორწმუნე ადამიანზე, რომელმაც გონიერ ლოცვას მიუძღვნა თავი. მას არც ოჯახი ზღუდავდა, არც სამსახური და არც სხვა რამ. სულიერი განსჯით, თავის უარყოფითა და ამაო საზრუნავისგან გათავისუფლების წყალობით გამუდმებით ლოცულობდა და ქრისტეს მიმართ დიდ სიყვარულს გრძნობდა. მას სულში ნამდვილად ღვთაებრივი ტრფიალება ჰქონდა. ძალიან სურდა მაცხოვრის წმინდა საფლავზე წასულიყო. ფიქრობდა, რომ იქ მისგან შეყვარებული ქრისტეს სიყვარულით აღივსებოდა. ის წავიდა იერუსალიმში ქრისტეს საფლავის მოსალოცად. შიგნით რომ შევიდა თაყვანისსაცემად, უძლიერესი სულიერი ტრფიალება იგრძნო. ფიქრობდა იმის შესახებ, რომ აქ დაიმარხა ის, ვისაც ეთაყვანებოდა – იესო ქრისტე, აქ იყო მისი ცარიელი საფლავი და ა. შ. მან წმინდა საფლავის თაყვანისცემისას იქვე განუტევა სული! ამის მხილველმა ხალხმა თქვა: „მოდით, ვნახოთ, რას მალავდა ეს კაცი თავის გულში!“ გვამი გაკვეთეს, გული გაუჭრეს და გაოგნებულები დარჩნენ. გულში ეს სიტყვები ეწერა: „იესო, ჩემო ტკბილო სიყვარულო..."
ხედავთ, ლოცვამ როგორ გაამდიდრა ის ადამიანი? როგორ გაამდიდრა ღვთაებრივი სიყვარულით? ახლა კი დაფიქრდით, სიკვდილის შემდეგ სად მოხვდებოდა იგი? უეჭველია, ანგელოზებმა მიიღეს მისი სული და გვირგვინით შემკული, ნათლით შემოსილი ქრისტეს საყდართან მიიყვანეს.
ანგელოზი, რომელიც წმინდა პახომს ასწავლიდა, ამბობდა: „მრავალმა განსწავლულმა ადამიანმა მიატოვა სწავლა, თავისი ნაშრომები და ლოცვას მოჰკიდა ხელი“. მხოლოდ გონიერი ლოცვით აღწევს ადამიანი უვნებობას. არც ბევრი კითხვითა და განსჯით მიიღწევა უვნებობა და არც რაიმე სხვა გზით.
ამ გზით მლოცველი შეიძულებს უქმადმეტყველებას, კადნიერებას და მრავალ სხვა ცოდვას, რომ არ დაკარგოს ის, რაც ლოცვით მოიპოვა.
ვლოცულობ, ღვთის შეწევნით, შეიგრძნოთ ლოცვა და როცა მადლი მოვა, მაშინ საქმით შეიცნობთ და გაიგებთ იმას, რაზეც ახლა გესაუბრებით.
უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე.ადამიანის


სიტყვა სინდისისა და მორჩილების შესახებ

როდესაც ადამიანი სინდისს სრულიად დაემორჩილება და მის ყველა მითითებას აღასრულებს, სინდისიც შეწყვეტს მხილებას. არა იმიტომ, რომ მისი ხმა მოუძლურდა, არამედ კარგი მორჩილების გამო სინდისს სამხილებელი აღარაფერი რჩება.
იოანე მახარებელი ამბობს: „ადამიანს, რომელსაც სინდისი არ ამხელს, კადნიერება აქვს ღვთის წინაშე“ (1 იოან. 3, 21).
შეუძლებელია ადამიანმა ცხოვრების გზა ისე განვლოს, რომ სადმე არ წაიბორძიკოს. ადამიანი მისთვის დამახასიათებელი უყურადღებობის გამო ბორძიკობს, რადგან, ერთი მხრივ ეშმაკი, მეორე მხრივ ხორცი, სხვა მხრიდან კი სოფელი მუდმივ დაბრკოლებებს უქმნიან ცხოვრებაში. ამიტომ, როცა დაეცემა, მაშინვე უნდა წამოდგეს და შენდობა ითხოვოს. როცა ადამიანი სათანადოდ შეინანებს, მაშინ სინდისიც, რომელიც აქამდე აწუხებდა, შეწყვეტს მხილებას.
სინდისის დაცვა გვმართებს ღვთის, მოყვასისა და საგნების მიმართ.
როცა ადამიანი სხვადასხვა ცოდვას არიდებს თავს, სინდისს ღვთის მიმართ იცავს; როცა მოყვასს არ აწყენინებს, არ განიკითხავს, ცილს არ სწამებს, არ აბრკოლებს, ცუდისკენ არ უბიძგებს, სინდისს მოყვასის მიმართ იცავს; ხოლო როცა თავისი დაუდევრობის, უდებების, უსინდისობის გამო რაიმე ნივთის განადგურების ან დაზიანების მიზეზი არ ხდება, სინდისს საგნების მიმართ იცავს.
წმინდა თეოდორე სტუდიელი ამ უსინდისობის შესახებ ბევრს საუბრობს. როცა ხედავ რაიმე საგანს, რომელიც იწვის, ნადგურდება და არ მიხედავ, უსინდისობაა. როცა სამოსელი გეხევა, შენ კი მიუშვებ, ბოლომდე რომ გაფუჭდეს, უსინდისობაა.
როცა შეგიძლია იმუშაო, შენ კი აქეთ-იქით დაყიალობ, ესეც უსინდისობაა. როცა საჭმელს აამჟავებ და გადაყრი, უსინდისობაა, რადგან უნდა გეზრუნა, ის ამჟავებამდე შეჭმულიყო. მაშასადამე, უსინდისობაა, რა სახითაც უნდა შესცოდოს ადამიანმა ნივთიერი საგნების მიმართ და უსინდისობაა ღვთის შეურაცხყოფა ნებისმიერი გზით.
უმდიდრესია ადამიანი, რომელიც ცდილობს სინდისი სუფთად, დაუმძიმებლად შეინახოს. როცა რაიმე შემთხვევის დროს სინდისის ქენჯნას იგრძნობს, მაშინვე ცდილობს გამოასწოროს და ამგვარად ისევ პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება.
რამდენჯერ ვუმხილებივართ სინდისს? რაც უფრო უფრთხილდება სინდისს ადამიანი, რაც უფრო გამოიძიებს, სინდისიც მეტი სიზუსტით უწინამძღვრებს, ამხელს, და შესაბამისად, ადამიანი უფრო მეტად განიწმინდება.
არსებობს მზაკვარი სინდისიც. ხშირად ის კეთილი სინდისის იერით, სახითა და თვისებებით გვევლინება, მაგრამ არსებითად მზაკვარი, უზნეო, ღვთის მოწინააღმდეგეა. მზაკვარი სინდისი ის ხმაა, რომელიც სათნოების საწინააღმდეგოს გვასწავლის, ძირითადად, მცდარსა და უზნეოს.
კეთილ სინდისს დასაბამად, საწყისად, საფუძვლად სიმდაბლე და მორჩილება უდევს, მზაკვარი სინდისის საწყისი კი ამპარტავნება და ურჩობაა.
როცა ვინმე არ ემორჩილება და ეწინააღმდეგება მოძღვარს, როცა ერთს ეუბნებიან და მეორეს ამბობს, როცა არ ისმენს, მაშინ მას თავდაჯერებულობა აქვს. სწორედ ეს თავდაჯერებულობა არის მზაკვარი სინდისი.
სიმდაბლე კეთილი სინდისის მშობელია. იმისთვის, რომ ადამიანმა იცოდეს, ან უფრო სწორად, ისწავლოს, თუ რა არის კეთილი სინდისი (ორივე ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და კაცს ხშირად ვერ გაურჩევია, მზაკვარია თუ კეთილი ეს სინდისი? ფიქრობს: „ამ გულისსიტყვას დავუჯერო თუ იმას?“) – საჭიროა სიმდაბლე ჰქონდეს, სხვისი წინამძღოლობით იცხოვროს, უპირატესს, წინამძღვარს, სულიერ მოძღვარს დაემორჩილოს. მაშინ თანდათან დაიწყებს გარჩევას – რომელი გულისსიტყვაა ბოროტი და რომელი კეთილი, რა ელფერი აქვს კეთილ სინდისს და რა – მზაკვარს. ამგვარად, ერთი მხრივ, სულიერი მოძღვრის სწავლებითა და ხელმძღვანელობით დაცემას განერიდება, მეორე მხრივ, დროთა განმავლობაში გაარჩევს ორივე სინდისის ელფერს, მათ გარეგნულ სახეს შეისწავლის და სრულყოფილი ადამიანი გახდება.
ზარალდება ის, ვინც მორჩილების გარეშე ცხოვრობს. როცა ასეთ ადამიანებს ორივე სინდისი აწუხებთ, ერთი – მაცხონებელი, მეორე კი – დამღუპველი, მათ ხშირად არ იციან, რომელი აირჩიონ. ხოლო მორჩილი საფრთხეს განერიდება და ნელ-ნელა შეიძენს გამოცდილებას, იცნობს, რომელი სინდისია კეთილი და რომელი – მზაკვარი.
აბბა პიმენს ორი გულისსიტყვა ჰქონდა და მათ სათქმელად მოძღვართან წავიდა. მოძღვარი ძალიან შორს ცხოვრობდა – დილით წასული მასთან საღამოს მივიდა. ერთ-ერთი გულისსიტყვა დაავიწყდა და მხოლოდ ერთი უთხრა. როცა დაბრუნდა და კარს აღებდა, მეორე გულისსიტყვა გაახსენდა. კარი აღარ გააღო და დავიწყებული გულისსიტყვის სათქმელად უკან გაბრუნდა.
როცა მოძღვარმა სულიერი შვილის შრომა და გამოწვლილვა დაინახა, უთხრა: „პიმენ, პიმენ, ანგელოზთა მწყემსო! შენი სათნოება შენს სახელს მთელ ქვეყანას გააცნობს“.
ადამიანისთვის გამოცდილების შეძენა, ბოროტი და კეთილი სინდისის ხმების გარჩევა, მორჩილების გზითაა შესაძლებელი. თუ ადამიანი მორჩილების გზას არ გაივლის, ნაკლულევანი იქნება. შესაძლოა, სხვადასხვა ნიჭი ჰქონდეს, კეთილი სულის ადამიანი იყოს, კეთილ საქმეებსაც აკეთებდეს, მაგრამ ნახავ, რომ მოიკოჭლებს გულისხმისყოფასა და სიმდაბლეში. ის, რასაც მორჩილება გვანიჭებს, უპირველესად და უმთავრესად, სიმდაბლისმიერი გულისხმისყოფაა; მორჩილება ხომ ადამიანს გამოაწრთობს და უპირველესად სიმდაბლეს და გულისხმისყოფას მიჰმადლებს.
ნათქვამია, „ჰკითხე მამასა შენსა, გითხრას შენ“ (რჯლ. 32, 7). ამას წმინდა მამათა მაგალითზე ვხედავთ. პატერიკი მოგვითხრობს, რომ ზაქარიას ხილვა ჰქონდა, მაგრამ სულიერმა მამამ ვერ შეძლო აეხსნა – ღვთისგან იყო ის თუ დემონებისგან. ზაქარია ერთ ბერთან წავიდა, რომელსაც გულისხმისყოფა ჰქონდა. მან უთხრა: „ეს ხილვა ღვთისგანაა, მაგრამ წადი და შენს მამას დაემორჩილე“.
ოჰ, რამდენი დაგვიტოვეს მამებმა განსწავლისთვის! ყველაზე სწორი, ყველაზე საიმედო, ყველაზე უზრუნველი და საუკეთესო მორჩილების გზაა. აბბა პალამონი ამბობს: „მორჩილების აღმასრულებელმა ქრისტეს ყველა მცნება აღასრულა“. ხოლო აბბა მოსე გვეუბნება: „მორჩილმა საუკეთესო გზა აირჩია, შვილებო, ისწრაფეთ იქით, სადაც მორჩილებაა. იქ სიხარული, მშვიდობა, ძმათმოყვარება და ერთობაა, სიფხიზლე და ნუგეშია, გვირგვინები და სასყიდელია“. მაგრამ როცა მორჩილები ვართ და, მიუხედავად ამისა, მაინც საკუთარი ნების გატანა გვინდა, გზა ძნელად სავალი, უსწორმასწორო, სახიფათო ხდება. მორჩილების აღმასრულებელთან სიყვარულია, თავის იძულებაა, ძმათმოყვარება და გვირგვინებია, განწმენდა და ცხონებაა.
საკუთარი ნება დიდი ზღუდე და დაბრკოლებაა სულსა და ღმერთს შორის. ჩვენი ნების კედელი მსგავსია იმ კედლისა, რომელიც მზეს ფარავს და უმზეო ადგილს ნესტიანს, დაავადებულსა და უნაყოფოს ხდის. როცა საკუთარი ნება სულის წინ აღიმართება, აბნელებს და უნაყოფოს ხდის მას.
ქრისტეა მზე სიმართლისა. სულს, რომელსაც არაფერი ჩრდილავს, ქრისტეს სხივები ეფინება და ანათებს. ადამიანიც ნაყოფს გამოიღებს და განიწმინდება.
მას, ვინც მორჩილების ნაყოფი იგემა, შეუძლია ილაპარაკოს ამ თემაზე. მორჩილება ყველაზე მადლიანი გზაა. ადამიანი საკუთარი თავიდან განდევნის ყველა ბოროტების მომტან ეგოიზმისა და ამპარტავნების ეშმაკს და მასში სიმდაბლე და უზრუნველობა იმკვიდრებს.
გერონტიკონში ორი ძმის შესახებ ვკითხულობთ: მათ მონაზვნობა გადაწყვიტეს და სოფელი მიატოვეს. ერთი კინოვიოში შეუდგა მორჩილებას, მეორემ კი ისიქასტობა არჩია.
ორი-სამი წლის შემდეგ ისიქასტმა თქვა: „წავალ, ჩემს ძმას მოვინახულებ, ის კინოვიოში ცხოვრობს, საზრუნავსა და ფუსფუსშია. ვინ იცის, საცოდავი იმ აურზაურში როგორ არის“. ისიქასტს სჯეროდა, რომ თავისი ღვაწლით სულიერების მაღალი საფეხურისთვის მიეღწია. ძმასთან შეხვედრის აუცილებლობის საბაბით მონასტერში მივიდა და იღუმენს უთხრა: „ჩემი ძმის მონახულება მინდა“. ძმა მოვიდა და იღუმენმა, წმინდა ადამიანმა, აკურთხა ისინი, მოშორებით ესაუბრათ.
როცა ძმები მონასტერს დაშორდნენ, ბილიკზე თითქმის შიშველი მიცვალებული დაინახეს. ისიქასტმა თქვა: „რაიმე სამოსელი რომ გვქონდეს, მიცვალებულს დავაფარებდით“.
მორჩილმა უბრალოებით მიუგო: „განა უმჯობესი არ არის ვილოცოთ, რომ აღდგეს?“ – „კეთილი, ვილოცოთ“ – უპასუხა ძმამ. ილოცეს და მკვდარი აღდგა. მორჩილს სასწაულისთვის ყურადღება არ მიუქცევია. სჯეროდა, რომ სასწაული მისი მოძღვრის ლოცვით აღესრულა. ისიქასტი კი ფიქრობდა, რომ ეს თავისი სათნოების, მოღვაწეობის, მარხვის, ღამისთევის, მიწაზე წოლის, ჭირთათმენისა და სხვა მიღწევების შედეგი იყო.
უკან დაბრუნდნენ და სანამ რამეს იტყოდნენ, იღუმენმა ისიქასტს მიმართა: „ძმაო, ნუ გგონია, რომ ღმერთმა მკვდარი შენი ლოცვით აღადგინა. არა! ეს შენი ძმის მორჩილების გამო მოხდა!“
როცა ისიქასტმა იხილა, რომ იღუმენმა მისი გულისსიტყვები მაშინვე წაიკითხა, განჭვრეტის ნიჭი და სიწმინდე ჰქონდა, დარწმუნდა, რომ თვითონ ხიბლში იყო, მისი ძმა კი, რომელიც კინოვიოში ვითომდა მრავლისთვის ზრუნავდა და შფოთავდა, მას აღემატებოდა.
დაფიქრდით, როგორი რწმენით თქვა მორჩილმა: „მოდი, ვილოცოთ, რომ აღდგეს!" ნახეთ მისი უბრალოება, უზაკველობა, სარწმუნოება! ისიქასტისთვის ეს მიუღწეველი აღმოჩნდა, მორჩილისთვის კი – ბუნებრივი. მას თავისი მოძღვრის ლოცვის სწამდა. ამგვარი სიმდაბლის მოსაპოვებლად რა ბრძოლა ექნებოდა გამოვლილი! როგორ შეიმუსრებოდა მისი ეგოიზმი და ამპარტავნება კინოვიოში! განა მოსულა ვინმე ერიდან მონასტერში და თან არ მოუტანია ეგოიზმი და ამპარტავნება? რამდენი მორჩილი გახდა წმინდანი და მირონმდინარე?
წმინდა მთაზე, წმინდა ანას სკიტის მახლობლად, ერთი მონაზონი ცხოვრობდა. იგი ხორბლით სავსე ტომრებს ნავსადგურიდან ზემოთ ეზიდებოდა. დიდ ჯაფასა და ოფლისღვრაში იყო. ერთხელაც გულისსიტყვამ უთხრა: „ნეტავ, მოძღვრების მორჩილებისას გაწეული შრომის და დაღვრილი ოფლის სანაცვლოდ სასყიდელი თუ მოგვეგება?“ ამ ფიქრით დასასვენებლად ჩამოჯდა და ძილი მოერია. ძილ-ბურანში ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი იხილა. „ნუ დაღონდები, შვილო, – უთხრა დედოფალმა, ოფლი, რომელსაც ტომრების ზიდვისას მორჩილებისთვის ღვრი, ჩემი ძის წინაშე მოწამეობრივ სისხლად შეგერაცხება“. როცა გონს მოეგო, გულისსიტყვები და მწუხარება განეშორა. მამებმა ეს სიტყვები ტერასის ქვაზე დაწერეს და ყველა კითხულობს, ვინც იქ გაივლის.
წმინდა ანას სკიტის კათოლიკონის მახლობლად პატარა სახლი დგას, რომელსაც პატრიარქისას უწოდებენ. იქ ერთი პატრიარქი მოღვაწეობდა. მას კირილე ერქვა. საპატრიარქო საყდარი მიატოვა, წმინდა მთაზე მოვიდა და უბრალო მონაზონი გახდა. მამები ტვირთს ზურგით ეზიდებოდნენ. პატრიარქს კი ეუბნებოდნენ: „თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, მოხუცი ხარ და ფიზიკურ შრომას მიუჩვეველი. ერთ ვირს გიყიდით და შენთვის სამყოფი სანოვაგე მას აჰკიდე". მართლაც, უყიდეს და სკიტში იმ ვირით ადიოდა და ჩამოდიოდა.
ერთ დღეს, როცა პატრიარქი თავისი ვირით, ხოლო მამები ზურგზე მოკიდებული სურსათით აღმართს მიუყვებოდნენ, დასასვენებლად ჩამოსხდნენ. პატრიარქმა ჩათვლიმა და ძილ-ღვიძილში ღვთისმშობელი იხილა ანგელოზებთან ერთად.
მამებს, რომლებიც ტვირთს ზურგით ეზიდებოდნენ, ღვთისმშობელი წყალს თავისი ჭურჭლიდან ასმევდა, ხოლო ანგელოზები ოფლს მანდილით სწმენდდნენ.
გაოცებულმა პატრიარქმა დაინახა, რომ ოფლი მის ვირსაც შეუმშრალეს და ითხოვა – გევედრებით, მეც მომწმინდეთო. მაშინ ღვთისმშობელმა მიუგო: „მამაო, შენ არ ხარ გაოფლილი. ვირს კი ოფლი ჩამოსდის, ამიტომ მას მოვწმენდთ“. მაშინ გამოეღვიძა პატრიარქს და მამებს უთხრა: „წაიყვანეთ ვირი, რადგან მის გამო ბევრს მოვაკლდი: ღვთისმშობელმა და ანგელოზებმა ოფლი მე კი არა, მას შეუმშრალეს“. ამის შემდეგ თავის ტვირთს ისიც ზურგით ეზიდებოდა.
რამდენი ასეთი ამბავი მომხდარა მამების ცხოვრებაში! ნეტავ მაშინ ვყოფილიყავით, რომ გვენახა! ახლა მსგავსი რამ იშვიათად გვხვდება, ყველაფერი დაიკარგა.
მაშ, ყური ვუგდოთ ჩვენს სინდისს. დაე, კეთილი სინდისი მორჩილების, შემუსვრილების, აღსარებისა და სიმდაბლის გზით შევიძინოთ. გავექცეთ საკუთარ ნებას, რომელიც თავდაჯერებულობასა და მზაკვარ სინდისს წარმოშობს.
როდესაც ადამიანი სინდისს სრულიად დაემორჩილება


საშობაო ეპისტოლე - 1981

ღვთივკურთხეულ შვილთა მიმართ საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი და სამოციქულო ეკლესიისათა, მკვიდრთა საქართველოისა და მცხოვრებთა ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ

სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ შეიქმნა,
და სოფელმან იგი ვერ იცნა (იოანე 1,10)

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ღვთივრჩეულნო მღვდელმთავარნო, სამღვდელო დასო, ბერნო და მონოზონნო, ჩვენი ეკლესიის ღირსეულნო შვილნო, უცხოობაში მყოფნო მამულიშვილნო!
ისევ გადაიშალა ჟამთა ბრუნვის ერთი ფურცელი, ასევ ინათა ვარსკვლავმა ბეთლემის თავზე და მოვიდა დიდებული დღე, ქრისტეს შობისა. ანგელოზთა გუნდნი ისევ მოაფენენ ჩვენს ნაცნობ ჰანგებს ცასა და ქვეყანას: დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ (ლუკა 2,14). მინდა მოგაგონოთ ამ ნათლით მოსილ დღეს, რომ ოქროს სასახლეებსა და ბროლით ანაგებ კოშკებს მადლი და სითბო არასოდეს მოუფენიათ ჩვენი მიწისთვის, ბეთლემის მადლი და საოცრება კი იხილეს ჩვენმა წინაპრებმა თავისი თვალით, და იმავ მადლს ვხედავთ დღესაც ჩვენი გონებით... იშვა ბეთლემში ის, ვისთანაც ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია (ინ. 1,4-5). დიახ, სწორედ ბეთლემში, მწყემსის გამოქვაბულში ნაშობმა სიტყვამ, ე.ი. ჭეშმარიტმა ღმერთმა ჩვენმა მოუტანა კაცობრიობას ის სასოება და სიხარული გულისა, და ნათელი გონებისა, რომელიც ყოვლად მოწყალე მაღალი ღვთისაგან მზადდებოდა ადამიანისათვის მთელი წინამდებარე ათასწლეულების მანძილზე. ის უნდა მოსულიყო... ის მოდიოდა... ღვთის განგება ამზადებდა მის ჩვენთან მოსვლას.., და იშვა იგი ქალწულისაგან, როგორც იყო განგება ღვთისა...
... რომ შევიცნოთ და შევისისხლხორცოთ ეს უდიდესი საიდუმლო, ამისათვის სარწმუნოებაზე დაფუძნებული ცოდნა უნდა შევსძინოთ ჩვენს გულს, ჩვენს გონებას, იმდაგვარად უნდა ავმაღლდეთ, რომ მაღალ დონეზე სუფევდეს ჩვენში სარწმუნოება და ცოდნა...
სარწმუნოება უნდა ანათებდეს ჩვენს შინაგან სამყაროს და შინაგანი სამყაროც მზად უნდა იყოს, რომ შეიცნოს, თუ საიდან მოდის ეს ნათელი, და მიიღოს იგი... მაშასადამე, სარწმუნოების ნათელს გულმა და გონებამ თავისი ნათელი უნდა დაახვედროს, ამ ორი ნათელის შერწყმით ამაღლდება სულიერად ადამიანი, და ამ გზით იგი ღვთისაგან ბოძებული მაღალი გონებით იხილავს ღმერთს: ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ (მთ. 5,8).
ამ უნათლეს დღეს ჩვენ ვულოცავთ ჩვენს სამწყსოს შობას უფლისას და ვუსურვებთ, რომ ისე ამაღლებულიყოს ქრისტეს მოყვარულ ჩვენს მშრომელ ხალხში ცოდნა და მასთან სარწმუნოება, რომ ერის სულიერ თვალს ჭეშმარიტად დაენახოს და გაეგოს, თუ რა დიდია ბეთლემი, გოლგოთა და ამაღლების მთა...
ადამიანის, ოჯახის, საზოგადოებისა და დღევანდელი კაცობრიობის ცხოვრებას მრავალგვარი თავისებურება ახასიათებს, ერთერთი იმათგან არის ის, რომ მეცნიერება და ხელოვნება კაცობრიობის არსებობის მუდამ განუყოფელი ნაწილი იყო. მაგრამ დღევანდელმა ცივილიზებულმა ინდუსტრიულმა გონებამ არ უნდა დაივიწყოს, რომ ბეთლემის გამოქვაბულში შობილმა ჭეშმარიტებამ, ხორცშესხმულმა ღმერთმა ჩვენმა, იესო ქრისტემ, პირველმა მოჰფინა ნათელი მეცნიერების წინსვლას, ხოლო ხელოვნების ისტორია ქვეყნის შექმნის დღიდან იწყება და პირველი მიუწვდომელი ხელოვანი ღმერთია თავად... თავი და თავი ის არის, რომ მეცნიერება და ხელოვნება უნდა ემსახურებოდეს იმ ღვთიურ მადლსა და სიკეთეს, რომელიც ნერგავს ხალხთა შორის პროგრესს, სიხარულს, რწმენას, სიყვარულსა და ურღვევ მეგობრობას.
ყოველმა მეცნიერმა უნდა იცოდეს, რა შედეგი მოჰყვება მის მეცნიერულ კვლევა-ძიებებს, რას მოუტანს მისი ნაღვაწი ხალხებს: სიკეთეს თუ დაღუპვას. ა. ეინშტეინი ამის შესახებ წერდა: "როდესაც მე თავი მეცნიერებას მივუძღვენი, ვხელმძღვანელობდი არა ისეთი გარეგნული მოტივებით, როგორიცაა ფულის მოპოვება, ან საკუთარი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილება და არც იმით (უკიდურეს შემთხვევეაში, არა მხოლოდ იმით), რასაც ხშირად სპორტად თვლიან ან ტვინის ვარჯიშად, რაც დიდ სიამოვნებას მაყენებს. არამედ როგორც მეცნიერებისაკენ მიდრეკილისათვის, ჩემთვის ძირითადს ერთი საკითხი წარმოადგენს. რა სურს, ან რა მიზანს ისახავს ის მეცნიერება, რომელსაც მე თავი მივუძღვენი? რამდენადაა მისი ძირითადი შედეგები დაკავშირებული ჭეშმარიტებასთან". (ტ.IV, 27-28). ხელოვნება კი, ღვთისაგან მონიჭებული ის სიკეთეა, რომელიც მთლიანად ეხება ადამიანთა არა ხორციელ ბუნებას, არამედ მის სულიერ სამყაროს. რამდენადაც მეტად მაღლდება ჩვენი სულიერი სამყარო, იმდენად მეტად ვუახლოვდებით ოცი საუკუნის წინანდელ ბეთლემს და ვმაღლდებით იმისაკენ, ვინც წარმოუდგენლად მაღლა დგას მეცნიერებასა და ხელოვნებაზე.
ჩვენ ვულოცავთ ჩვენს სიცოცხლის უნარიან ერს შობას უფლისას და ვუსურვებთ ბრწყინვალე გზით მიმავალ მეცნიერებს, მწერლებს, პოეტებსა და ხელოვნების სიყვარულით შთაგონებულ შემოქმედებს, რომ ქრისტეს ნათელი და ჭეშმარიტება გაძღოლოდეთ მათ თავიანთი დიდი მოღვაწეობის სახელოვან გზაზე, ჩვენი სამშობლოსა და მისი შვილების საკეთილდღეოდ.
არ შეგვიძლია დავივიწყოთ, რომ ჩვენმა კაცთმოყვარე ერმა მძიმე ტანჯვა გამოიარა... როგორც კუნძულს მღვრიე ტალღები დიდი მდინარისა, ისე მუდმივად გვადგა ირგვლივ ურიცხვი მტერი... ჩვენი წალეკვა უნდოდა სიბნელისა და ურწმუნოების მძვინვარე ტალღებს... ჩვენი ერი ზღაპრული ძალითა და ენერგიით ებრძოდა მუდამ მტერთა ურდოებს... პირველყოვლისა, ჩვენს ხალხს სწყუროდა არა მხოლოდ თავის გადარჩენა, არამედ გადარჩენა იმ დიდი მადლისა, რომელიც ქრისტეს წმიდა კვართს, მოციქულთა აქ მობრძანებას და ღვთისმშობლის მიერ ქალწული ნინოსთვის ბოძებულ ვაზის ჯვარს შემოჰყვა ჩვენში. ჩვენმა ეროვნულმა სულმა ქრისტიანობის მიღების შემდეგ ისე შეიყვარა მხოლოდშობილი ძე ღვთისა, რომ დაუნანებლად ვსწირავდით თავს ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობის გადასარჩენად... და ჩვენ შევინარჩუნეთ ქრისტიანობა საქართველოში, და მისი მადლით შევინარჩუნეთ თვითმყოფადობა და ეროვნული ჩვენი სიცოცხლე.
ცნობილია, რომ ყველა ხალხი, რომელმაც კი ქრისტიანობა მიიღო და შეიყვარა, სულიერი კულტურის აყვავების გზას დაადგა. ქართველ ხალხს კი ქრისტიანულმა მადლმა გაცილებით მეტი მოუტანა, ვიდრე სულიერი კულტურის აყვავებაა. ქრისტიანობის გარეშე ჩვენ, როგორც თვითმყოფადი ერი, ვერ ვიარსებებდით, მოვკვდებოდით... უფრო სწორად, დაახრჩობდა მღვრიე ტალღები ჩვენს ლამაზ კუნძულს... მოგვსპობდა ის გარემოცვა, ის ურჩხული, სისხლით დამთვრალი, ვერ აიტანდა ჩვენს სულსა და ქრისტიანობას... მაშასადამე, ქრისტიანობამ მოგვანიჭა გადარჩენა, შეგვინარჩუნა ეროვნული სიცოცხლე და თავისუფლება.
ქრისტიანობამ შეძლო მიეცა მისი მიმდევარი ყველა ხალხისათვის წინსვლისა და აყვავების დიდი უნარი, არა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ იგი კარგად ჩამოყალიბებულ იდეებსა და იდეალებს წარმოადგენდა, არამედ იმ ღვთიური მადლისა და განგებულების შედეგად, რომელიც ღვთის ნებით უნდა მოჰყოლოდა ქრისტიანობას... და მას მოჰყვა იგი, მოჰყვა ნათელი დიდი "ნათლისაგან ჭეშმარიტისა".
ქრისტიანული ნათელი ბეთლემში იშვა და ამ ნათელმა ქართველ ერს მისცა ნათლის ისეთი კერები, როგორიც იყვნენ: სინას მთა და წმიდა ათონი, იერუსალიმის ჯვრის მონასტერი და ბულგარეთის პეტრიწონი, გელათისა და იყალთოს აკადემია და სხვა.
თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლებდა ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი...
ხმალს არ აგებდა ქარქაშში ქართველი კაცი, ხმალი მზად ჰქონდა მუდამ მებრძოლს, და მკლავიც მზად ჰქონდა ბრძოლისა და შრომა-გარჯისათვის... თუ არა ქრისტიანული მადლი, ვინ დაბადებდა ისეთ გმირებს, როგორებიც იყვნენ: თორნიკე ერისთავი, დავით და კონსტანტინე, შალვა, ბიძინა და ელიზბარი, მღვდელი თევდორე. მაშასადამე, ქრისტიანობამ მოუტანა საქართველოს ბევრი რამ კარგი და სასახელო. ჩვენ ვულოცავთ ჩვენს საყვარელ ერს ამ ბრწყინვალე დღეს ქრისტეს შობისას და ვუსურვებთ, რომ კვლავაც ქრისტიანული გზითა და აზრით ეტარებინოს თავისი მარად აღმავალი სული და მისწრაფება... ნუ დავივიწყებთ, რომ ჩვენს ეროვნულ ერთიანობაში, ერისა და ეკლესიის ერთიანობაშია სარწმუნოების, სასოებისა და სიყვარულის წყარო, და მხოლოდ ასეთ ერთიანობას შეუძლია უზრუნველყოს ჩვენი დიდი მომავალი.
ქრისტიანობის მადლით ძალმოსილი შვილები ჩვენი ერისა იღვწოდნენ ჩვენი ენის, ჩვენი მწერლობის, ჩვენი ფილოსოფიური აზროვნებისა და მეცნიერების წინსვლისა და აყვავებისათვის. ჩვენი ერის დიდი შვილები უპირველესად იღვწოდნენ თავიანთი სულიერი ამაღლებისა და განწმენდისათვის, რათა ამის შემდეგ ქრისტეს მადლით ძალმოსილნი უდიდეს მეცნიერულ, ფილოსოფიურ და ლიტერატურულ მოღვაწეობას შესდგომოდნენ.
ჩვენი მხნე, სიცოცხლისა და თავისუფლების წყურვილით აღვსილი ხალხი, საუკუნეების მანძილზე აყალიბებდა ჩვენს დიდებულ უნიკალურ ენას. ამ ენაზე შეიქმნა უძველესი ჩვენი მწერლობა, ამ ენაზე დაიწერა "წამებაი წმიდისა შუშანიკისა", მთელს მსოფლიოში უსაჩინოესი "ვეფხისტყაოსანი" და ბევრი სხვა. ამ ენაზე მეტყველებდნენ გელათისა და იყალთოს აკადემიებში, ეს ენა ჟღერდა სინას მთაზე, წმიდა ათონზე და იერუსალიმის ჯვრის მონასტერში. ამ ენაზე ქმნიან თავიანთ შრომებს ჩვენი ბრძენი მეცნიერები ჩვენს სახელოვან მეცნიერებათა აკადემიაში, და ჩვენს კურთხეულ უნივერსიტეტსა და ინსტიტუტებში. ქართველ ხალხს ღრმად აქვს შეგნებული, რომ "რა ენა წარხდეს, ერიც დაეცეს, ჩირქი მოეცხოს ტაძარსა წმიდას" (გრიგოლ ორბელიანი). ამიტომ უყვართ თავისი ენა საქართველოს გულკეთილ შვილებს.
ჩვენ ვულოცავთ შობას უფლისას ჩვენს ღვთივგანბრძნობილ მეცნიერებს, მწერლებს, პოეტებს, ხელოვნების სიყვარულით შთაგონებულ შემოქმედებს და ვუსურვებთ, რომ მომავალშიც არ დაეზოგოთ გონიერება და ენერგია ჩვენი ერის სრულყოფისათვის, ჩვენი უძველესი მწერლობისა და ზეგარდმო მადლით ამაღლებული პოეზიის კიდევ მეტად ამაღლებისათვის, მეცნიერების წინსვლისა და ტექნიკური პროგრესისათვის.
ამ დიდებულ დღეს მე არ შემიძლია გვერდი ავუარო და არ შევეხო სამშობლოს სიყვარულის საკითხს. სამშობლო ადამიანის სიცოცხლის განუყოფელი ნაწილია, უსამშობლო ადამიანი სულით ღატაკია და საცოდავი, სამშობლოს სიყვარულით მწიფდება და ყალიბდება ადამიანის სულიერი სამყარო, მისი მისწრაფებანი და ფილოსოფიური შეხედულებანი, მისი გულწრფელობა და სიყვარული სხვა ერებისადმი... ვისაც არ უყვარს თავისი თავი, ის ხომ ვერც სხვას შეიყვარებს... და ვისაც არ უყვარს თავისი სამშობლო, ის როგორ იგრძნობს ცარიელ გულში სხვათა სამშობლოს სიყვარულს?! ამიტომ ბრძანა რაფიელ ერისთავმა: "სამშობლო - დედის ძუძუჲ არ გაიცვლების სხვაზედა", და "როგორც უფალი, სამშობლოც, - ერთია ქვეყანაზედა".
სამშობლოს გულმხურვალე სიყვარული იმაზე მიუთითებს ადამიანს, რომ უყვარს რა თავისი სამშობლო, ის უნდა იდგეს საერთო საკაცობრიო სიყვარულის სიმაღლეზე; ამაში მდგომარეობს ქრისტიანული სიკეთის ნათელი... ეგოიზმის ყოველგვარი გამოვლინება, რა საკითხში და რა საქმეშიც არ უნდა იყოს იგი, უცხოა და მიუღებელი ქრისტიანობისათვის. ამიტომ, სამშობლოს სიყვარული შოვინისტურ გრძნობათა ნაყოფი კი არ უნდა იყოს, არამედ ნაყოფი იმ მარად უჭკნობი ხისა, რომელსაც ქრისტიანობა ეწოდება.
ჩვენ ხშირად ვმსჯელობთ ეკონომიკური განვითარების პრობლემებზე. ალბათ უკვე დადგა დრო, როდესაც უნდა შეიცვალოს ჩვენი თვალსაზრისი, დადგა დრო, როდესაც ეკონომიკურ კონცეფციებთან ერთად უნდა ვიფიქროთ ადამიანის სულიერსა და კულტურული განვითარების დონეზე, ეკონომიკურ კეთილდღეობას არ მოაქვს ბედნიერება. ნივთები, რომლებიც სულ უფრო და უფრო ავსებენ ჩვენს ყოფას, კარგავენ თავიანთ ღირებულებას. უპრეცედენტო, მატერიალური განვითარება წარმოშობს უპრეცედენტო სიმახინჯეებს, ეგოიზმს, უნიათობას და სულიერ სიცარიელეს. დღეს, როდესაც ასეთი თავგამოდებით ვზრუნავთ სხეულზე და ვივიწყებთ სულს, შეძენისა და მოხვეჭის ორომტრიალში გართულთ გვავიწყდება, რომ ამ დროს ერთდროულად ვკარგავთ სულსაც და ხორცსაც.
თესალონიკის მთავარეპისკოპოსი წმიდა გრიგოლ პალამა ამბობს, ადამიანი რეალურად კვდება იმ მომენტში, როცა კარგავს ღვთის მადლს და ეზიარება ცოდვას. სულის სიცოცხლე, - ამბობს იგივე მამა, შესაძლებელია ღმერთთან კავშირში, ისევე როგორც ჩვენი ხორცის სიცოცხლე შესაძლებელია მხოლოდ სულთან კავშირში.
ქრისტესმიერ ჩემო შვილებო!
საყვარელო ქართველო ხალხო!
წუთი წუთს მისდევს, საათს საათი, დღეებს დღეები ენაცვლებიან, ერთი წლის ნაცვლად მეორე დგება და იფურცლებიან ამდაგვარად უთვალავი საუკუნენი... მარადიულობისათვის, რომლის შვილებიც ჩვენ გახლავართ, ეს ყოველივე არარას ნიშნავს... ჩვენს რთულ ეპოქას, დამძიმებულს ტყვიითა და წამლით, მშვიდობა უნდა და სიყვარული... ჩვენს სამშობლოსაც, საქართველოს, შრომისა და სიყვარულის მარად ერთგულ ხალხს, მშვიდობა უნდა.
ჩვენ შევსთხოვთ ქრისტეს შობის ცხოველმყოფელ მადლს, რომ მშვიდობა ყოფილიყოს მთელს ქვეყანაზე. შრომის სუფევა გვირგვინია და უშრეტი წყარო ადამიანთა ამქვეყნიური ბედნიერების. ჩვენ შევსთხოვთ უფალს, ამ დღეს შობილს, რომ მისი მადლითა და მოწყალებით, შრომისმოყვარე ქართველ ხალხს კვლავაც ჰქონოდეს საშუალება მშვიდობიანი შრომისა მამულის ასაყვავებლად.
ჩვენ შევსთხოვთ ღვთისმშობელ დედას, რომ მისი წმიდა საფარველის ქვეშ ყოფილიყოს მარად საქართველო, ქართველი ხალხი და მთელი ქვეყანა.
ეს ნათლით სავსე ქრისტეს შობის დღე გვაძლევს რწმენას და სასოებას, ჩემო ტკბილო ქართველო ხალხო, რომ ჩვენ მუდამ ერთად ვიქნებით, რომ ჩვენ ვიქნებით ერთი სამწყსო და გვეყოლება ერთი მწყემსი - უფალი ჩვენი იესო ქრისტე.
უფალმან ძალი ერსა თჳსსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თჳსი მშვიდობით (ფს. 28,2).
ქრისტეს შობა
1980/81 წწ. ქ. თბილისი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ღვთივკურთხეულ შვილთა მიმართ საქართველოს წმიდა

image
image თემა: შობა
ავტორი: ილია II

მოიხსენეთ, ძმანო, შრომანი ჩვენნი და რუდუნებანი, რამეთუ ღამე და დღე ვიქმოდით. რათა არავის დაუმძიმოთ თქვენგანსა (თესალ. 2, 9)

ძმაო ჩემო საყვარელო! საღმრთო წერილის კითხვის დროს არა ერთსა და ორს ადგილს შეხვდები, სადაც გარკვევით არის ნათქვამი, ნაბრძანევი, რომ ყოველი კაცი მოვალეა იშრომოს. შრომა სავალდებულოდ გაუხადა ღმერთმა ადამს და მის შთამომავლობას. „ოფლითა შენითა სჭამდე პურსა შენსაო", უთხრა მას. „უკეთუ ვისმე არ უნებს საქმისა, ნუცა სჭამნ", გაგვიმეორა ღმერთმა ჩვენ ახალ აღთქმაში პავლე მოციქულის პირით. რა ბედნიერება იქნებოდა, რა უხვად ექნებოდა ყველას სარჩო საბადებელი და რამოდენად შემცირდებოდა ქვეყნიერებაზე სიღატაკე, რომ ყველანი, ვისაც კი ძალუძს, მუშაობდეს, იღვწოდეს! მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, ყოველთვის და ყოველგან მოიძებნებიან ათასობით და ათიათასობით, რომელთაც ჟამივითა სძულთ მუშაობა და სხვის ნაშრომით სარგებლობენ. ამას თუ მივუმატებთ დავრდომილებს - ავადმყოფებს, მოხუცებულებს და ბავშვებს, რომელთაც არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ და სხვებმა უნდა არჩინონ, ადვილი წარმოსადგენია, ძმაო ჩემო საყვარელო, თუ რა მძიმე ტვირთი ადევს საზიდავად მშრომელ ხალხს. ნამეტნავად მეტად საგრძნობელი და აუტანელი შეიქმნა იგი ახლა, ამ უკანასკნელ დროს ჩვენში. არასოდეს, მგონი, ჩვენს საზოგადოებაში იმოდენს არ ლაპარაკობდნენ ახალგაზრდები, არ სჩივოდნენ ცუდ მდგომარეობაზე, მუქთა მჭამლობაზე, როგორც ახლა, ჩვენს დროს, მაგრამ არასდროს, მგონი, ამოდენა უსაქმო, არაფრის მკეთებელი ახალგაზრდობა არ მოიპოვებოდა, როგორც ახლა. ყოველივე რწმენა დაკარგეს, თვითონ არაფერს აკეთებენ და ვინც მუშაობს, იმასაც უშლიან. „უსირცხვოდ და უსინდისოდ თავი წამოყვეს საზოგადოების ნაძირალებმა, - იწერებიან, იტყობინებიან ყოველი მხრიდან, რომ თავისუფლად დათარეშობენ დაბა-ქალაქებში, სძარცვავენ და ხშირად სიცოცხლესაც კი ასალმებენ, ვინც კი მოხვდებათ ხელში. ეს სულით დაცემული, ზნეობრივად გაფუჭებული ახალგაზრდობაა, არაფერს არ ერიდება, რომ ვისმეს როგორმე წაგლიჯოს ფული, რომ წავიდეს დუქანში და გარყვნილებასა და ლოთობაში გაატაროს დღენი, სანამ წანაგლეჯი ფული ეყოფა. დიდ შიშსა და საგონებელშია ჩავარდნილი საზოგადოება და არ იცის როგორ უშველოს თავს, თავზარდაცემული, ისედაც ღარიბ ჯიბეს აცარიელებს, რომ დააკმაყოფილოს ეს ახლადმოვლენილი სვავი და ამით სიცოცხლე მაინც შეინარჩუნოს“. როდემდის უნდა გაგრძელდეს ასეთი ჩვენი მდგომარეობა, როდემდის უნდა ითარეშონ ამ ვაჟბატონებმა, რა არის მიზეზი ამნაირი დამღუპველი მოვლენისა? აი რასა ფიქრობს ახლა ყოველი პატიოსანი მუშაკი, ყოველი შეგნებული და სამშობლოსადმი სიყვარულით განმსჭვალული ადამიანი.
კაცი რასაც დასთესს, იმას მოიმკის. ჩვენმა საზოგადოებამ რაც დასთესა, იმას იმკის დღეს. ჩვენში რომ რიგიანად ყოფილიყო მოწყობილი ადამიანის აღზრდა, თავის დღეში არ მოხდებოდა ის, რისი მოწმენიც გავხდით. საზოგადოებამ უნდა შეაჩვიოს ყოველი თავისი წევრი შრომას, საქმიანობას პატარაობიდანვე. ყველას უნდა ჩაუნერგოს თავის დროზე აზრი, რომ უშრომელი კაცი მკვდარია და არა ცოცხალი, რომ სიცოცხლე შრომაა; ახალგაზრდას შრომა სათაკილოდ კი არ უნდა მიაჩნდეს, არამედ მიზნად ცხოვრებისა.
ისტორია გადმოგვცემს, რომ მაცხოვარი, როდესაც იოსებთან ცხოვრობდა, მუდმივ მუშაობდა მასთან და ემსახურებოდა სადურგლო საქმეებში. როდესაც გამოვიდა საქადაგებლად, მან დასვენება არ იცოდა და სამ-წელიწად ნახევარი ქადაგობდა და იმოდენი ასწავლა, უმოძღვრა ხალხს, რომ, როგორც მოწმობს იოანე ღვთის-მეტყველი, „თითოეულად რომ დაწერილიყო, რაცა ჰქმნა იესომ, ქვეყანა ვერ დაიტევდა, ე. ი. მეტად ბევრი იქნებოდა“-ო. ღვთისმშობელი მუდმივ ხელსაქმობდა. მოციქულებმა ხომ არ იცოდნენ დასვენება! დღე და ღამე გაერთიანებული ჰქონდათ და სამარცხვინოდ, თავის დამამცირებლად კი არა, საქებურად მიაჩნდათ, თუ რამე ხელობა იცოდნენ. „მოიხსენენით, ძმანო, ჩვენნი შრომანი და რუდუნებანი, რამეთუ დღე და ღამე ვიქმოდით, რათა არავის დაუმძიმოთ თქვენგანს და ესრეთ ვუქადაგეთ თქვენდა მიმართ სახარება იგი ღმრთისა“, სწერს პავლე მოციქული თესალონიკელებს. ამის გამგონნი ჩვენ როგორღა უნდა ვთაკილობდეთ შრომას და გვრცხვენოდეს საქმიანობისა?!
სამარცხვინო, სათაკილო მხოლოდ ცოდვაა, ცოდვა კი ხშირად უსაქმობისაგან წარმოსდგება. „დაადგინე იგი (კაცი) საქმესა შინა, რათა არა უქმებდეთ, რამეთუ მრავალი უკეთურება ასწავა უქმებამან“, გვარიგებს ცხოვრებაში მეტად გამოცდილი ისო ზირაქი (33, 28). როგორც რომ გაშვებულ მინდორზე, ველზე თავისუფლად აღმოცენდება მყრალი, ცუდი ბალახეულობა, ისე ცუდათ მყოფ ადამიანში პოულობენ ნიადაგს ცუდი მიდრეკილებანი. ამისთვის სრულიადაც არ არის გასაკვირველი, რომ კაცი, რომელიც საზოგადოდ შექმნილია შრომისათვის, ზარმაცობის გამო ფუჭდება, ეცემა როგორც ხორციელად, ისე სულიერად; ანებებს რა პატიოსან შრომას თავს, ეჩვევა მოტყუებას, წართმევას, ავაზაკობას. მუშაობა, საქმიანობა კაცისათვის იგივეა, რაც ცხენისათვის აღვირ-ლაგამი. წყალი თუ დაგუბდა ერთ ადგილზე და მსვლელობა არ ექნა, აყროლდება. რკინა თუ მოძრაობაში არ არის, ჟანგი უჩნდება, თუ ხმარებაშია, ვერცხლივითა ბრწყინავს. ფიზიკური და სულიერი სიზარმაცე წააგავს ჟანგს; ის უფრო სჭამს კაცს, ვინემ შრომა. უმჯობესია ჯაფამ, საქმიანობამ შესჭამოს ადამიანი, ვინემ სიზარმაცემ და უსაქმობამ. ცხოვრება მხოლოდ შრომით კეთილშობილდება. პატიოსანი შრომა საუკეთესო აღმზრდელია კაცისა. ზარმაცობა, მუქთა-მჭამელობა კი გამრყვნელია ადამიანის სხეულისა და სულისა. ას ბიწიერებათაგანში ორმოცდაათი უსათუოდ წარმოსდგება სიზარმაცისაგან. შრომას თავის თავადაც აქვს სიტკბოება, შედეგიც რომ არ მოჰყვეს მას სასურველი, ე. ი. არ დაბოლოვდეს ისე, როგორც სასურველია მოქმედ პირისათვის და საზოგადოებისათვის. „ბედნიერება იმდენად არ მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ მიზანს მივაღწევთ ხოლმე, როგორც თვით შრომაში, ენერგიაში, რომელსაც ვხმარობთ, ვანდომებთ ამ მიზნის მისაღწევად“, ამბობს ერთი სწავლული. მუშაობა, საქმიანობა, არის საუკეთესო გამრთობი კაცისა ყოველივე მწუხარების დროს, მასულმდგმულებელი, აღმაფრთოვანებელი და მანუგეშებელი ყოველ გაჭირვების დროს. ამაზე უკეთეს მეგობარს კაცი ვერას დროს ვერ იპოვის.
შრომის მოყვარეობა ერთნაირად საჭიროა, როგორც ღარიბთათვის, ისე შეძლებულთათვის. ჩემის ფიქრით, მდიდარს კიდევ უფრო ესაჭიროება, რადგან ზარმაცი კაცი და მასთან, საშუალების მქონებელი, გაცილებით უფრო ღრმად ჩაეფლობა ბიწიერებათა ლაფში, ვინემ უსახსრო.
როდესაც ჩვენ ვხმარობთ, კეთილ-მორწმუნენო, სიტყვას: „შრომა“, სრულიადაც არა გვაქვს სახეში მხოლოდ ფიზიკური მუშაობა, არამედ ვგულისხმობთ გონებრივ მუშაობასაც, რადგან ერთიც და მეორეც საჭიროა, როგორც ჩვენი სხეულის საზრდოს მოსაპოვებლად, ისე სულის გასასპეტაკებლად.
თუ ასეთი მნიშვნელობა აქვს შრომას, თუ იგი აძლევს კაცს საზრდოს, როგორც სხეულისათვის, ისე სულისათვის, დედ-მამის პირველი მოვალეობა არის შეაჩვიოს შვილი მას, ჩაუნერგოს პატარაობიდანვე სიყვარული მისდამი. საზოგადოება კი სავალდებულოდ უნდა სთვლიდეს თავის თავისათვის, ისე მოაწყოს ცხოვრება, რომ ყველას ჰქონდეს სამუშაო. ცუდად ყოფნა-სიარული არავის არ უნდა უხდებოდეს, თუ უნდა მას რომ მშიერ-ტიტველთა რიცხვი შემცირდეს და ჩვენში დამყარდეს მშვიდობა და სათნოება. ის საზოგადოება, სადაც კაცი აცხადებს სურვილს მუშაობისას და სამუშაოს კი ვერ შოულობს, ცუდად არის მოწყობილი და თავის დანიშნულებას ვერ ასრულებს ღირსეულად. კარგ მოწყობილ საზოგადოებაში, სახელმწიფოში, კაცისათვის სხვა საშუალება რჩენისა, გარდა პატიოსანი, კანონიერი შრომისა, არა არის რა. ყველას უნდა ჰქონდეს უფლება მოითხოვოს სამუშაო და საზოგადოება ვალდებული უნდა იყოს მიაწოდოს მას ეს საშუალება ცხოვრებისა. ათასჯერ უკეთესია ამაზე ვზრუნავდეთ ჩვენ, ვინემ სხვადასხვა საქველმოქმედო საზოგადოებათა დაფუძნებაზე. შემწეობა, მოწყალების მიცემა სავალდებულოა ყოველ ჩვენგანისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კაცი დავრდომილია, აღარ შეუძლია იშრომოს ავადმყოფობისა, ანუ მოხუცებულობის გამო, ან პატარაა და არ ძალუძს მუშაობა. თუ კაცი სავსეა ძალ-ღონით, თუ ნიჭი აქვს მას მიცემული ღვთისაგან, ამნაირ პირს ვინც მოწყალებას აძლევს, ამით მის ღირსებას ამცირებს: კაცს აქვს მინიჭებული ღვთისაგან მოთხოვნილებანი, მასთან ძალ-ღონეც აქვს მიცემული ამ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად, საშუალებათა მოსაპოვებლად; უფლება სამუშაოს მოთხოვნაზე კაცის საკუთრებას შეადგენს, ეს საკუთრება არის უმთავრესი, უვალდებულესი და ყველა საკუთრებათა უწმიდესი.
აქ საჭიროდ მიმაჩნია, ძმაო ჩემო საყვარელო, შევნიშნო ერთი რამ ნაკლულევანება ადამიანისა, რომელიც ძლიერ უშლის მას წინმსვლელობას და აფერხებს კაცობრიობის განვითარების საქმეს. მე მაქვს სახეში ჩვენი ცრუ თავმოყვარეობა. დაიწყებს ვინმე ჩვენში რაიმე საქმეს, მაშინვე სმენად გადაიქცევა, გაფაციცებით ადევნებს ყურს, თუ ვინ რას ამბობს მის შრომის შესახებ. თუ ვინმემ ცუდი რამ სთქვა, დაუყოვნებლივ ანებებს თავს დაწყებულ საქმეს, ბოლომდისინ აღარ მიიყვანს. გაჯავრებული სხვა საქმესაც აღარ იწყებს და თავის ძალ-ღონეს უნაყოფოთა სტოვებს. ჩემის ფიქრით, ყოველი კაცი თავის თავს უნდა დაეკითხოს: „მოვალეა თუ არა რომელიმე საქმე გააკეთოს“, და თუ მოვალეობას შეადგენს მისას, ვინც რა უნდა სთქვას, ყურადღება არ უნდა მიაქციოს. თუ სვინიდისი არ გამხილებს, თუ გრძნობ, ისე იქცევი, როგორც მოვალეობა თხოულობს და სადამდინაც მიგიწვდება ძალ-ღონე, სხვის ქება-დიდებას ან ძაგებას რად უნდა დაემორჩილო: რად უნდა ხელმძღვანელობდე სხვის დაფასებით? ზოგიერთნი თავმოყვარენი ამბობენ: ქვეყანას ჩვენ ვერ გადავაბრუნებთ, კაცობრიობას ჩვენ ვერ გავაკვირვებთ და რა საჭიროა რამე საქმეს ხელი მოვკიდოთო. ამნაირად რომ ვიფიქროთ, ძმაო ჩემო საყვარელო, ქვეყანაზე მხოლოდ რამოდენიმე პირნი თუ იქნებიან მომუშავენი, რომელთაც შეუძლიათ თვისი ღვთისაგან ნაბოძევი ნიჭით გააკვირვონ ყველანი, დანარჩენებმა უნდა დავიკრიფოთ გულზე ხელები და უსაქმოდ უნდა გავატაროთ ჩვენი დღენი ან და, როგორც ზოგიერთნი იქცევიან, უდროოდ გამოვასალმოთ ჩვენი თავი ამ წუთისოფელსა. ზოგიერთნი არ იწყებენ იმნაირ საქმეს, რომლის დაბოლოვების იმედი არ აქვთ თავის სიცოცხლეში. ასეთი აზრი შემცდარია და დიდად მავნებელი. ჩვენ ხშირად ვერ შევძლებთ ჩვენგან დაწყებულ საქმის ბოლომდის მიყვანას, მაგრამ ჩვენ შემდეგ სხვები განაგრძობენ დაწყებულ საქმეს იმ ადგილიდგან, სადაც გავჩერდით. ჩვენს მოვალეობას შეადგენს პატიოსანი, ქვეყნისათვის სასარგებლო საქმის დაწყება, მისი დაბოლოვება კი ჩვენი შვილების ხვედრია. ჩვენ იმ იმედით უნდა ვიშრომოთ, რომ ჩვენგან დათესილი ოდესმე ნაყოფს გამოიღებს, ჩვენ დავთესთ, სხვები მოუვლიან და მოიმკიან. ზოგიერთნი თავმოყვარენი ერთსა და იგივე დროს მეტად ბევრს საქმეებს ჰკიდებენ ხელს და თავის ძალღონეს ფანტავენ და ვერც ერთი საქმის ხეირიანად დაბოლოვებას ვერ ასწრობენ. ხშირად სრულიად უნაყოფო რჩება მათი მოქმედება და შრომა. საჭიროა ადამიანმა ერთ რომელიმე საგანს მოჰკიდოს ხელი და იგი, რანაირი ნიჭის პატრონიც უნდა იყოს, უსათუოდ რასმეს გააკეთებს. ზოგს კარგად ესმის, რომ უშრომლად კაცი არ ვარგა, ბევრს ლაპარაკობს და ქადაგობს სიზარმაცის მავნებლობაზე, მაგრამ თვითონ თითსაც ვერ გაანძრევინებ, სხვებს უკიჟინებს, თვითონ კი გულ-ხელდაკრეფილი სდგას და მოგაგონებს ადამიანს, რომელიც სდგას წყლის პირას, უნდა ტანის დაბანა, მაგრამ ფეხის შედგმა წყალში ვერ გაუბედნია. ამნაირი პირნი ყოველ ხალისს და ენერგიას უკარგავენ სხვებს და ცუდ შთაბეჭდილებას ახდენენ. მარტოკა სიტყვით უნდათ გამოიჩინონ თავი, მაგრამ სჯობს, ჩემის ფიქრით, ამ ვაჟბატონებმა თავი შეიკავონ და თავი დაანებონ ცარიელი სიტყვების ხარჯვას. "ყოველი კაცი საქმემან მისმან გამოაჩინოს". ამინ. ძმაო ჩემო საყვარელო! საღმრთო წერილის კითხვის


სიტყვა მეორე ლოცვის შესახებ

მონაზვნისთვის ლოცვა განუყრელი მეგზურივით უნდა იყოს. ლოცვისთვის განსაზღვრულ დროს უფრო მეტი ყურადღებითა და გონების მოკრებით თავი უნდა ვაიძულოთ, ვეცადოთ, გონება გულის ადგილს მივაჯაჭვოთ, რა თქმა უნდა, ამის წარმოსახვის გარეშე.
ნელა ვისუნთქოთ და ლოცვა „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ შინაგანი ხმით ვიმეოროთ.
გონება, როგორც მცველი, როგორც ზედამხედველი, თვალყურის სადევნებლად დავუყენოთ შინაგან ხმას, რომელიც ლოცვას ამბობს, ამასთანავე წარმოსახვასაც უნდა მიაქციოს ყურადღება, რაიმე სურათი რომ არ მიიღოს.
ამასთან ერთად ჩვენს სულში სიყვარული უნდა აღვძრათ, რომ ლოცვა გაძლიერდეს, გამთლიანდეს და ამ კარგი გრძნობით გამოიღოს კეთილი შედეგი – თავისუფლად ლოცვა, სულიერი სითბო, სიხარული, ცრემლი და ა. შ.
ვიდრე ლოცვას დავიწყებთ, რა თქმა უნდა, სასარგებლო იქნება და დაგვეხმარება, თუ ორი-სამი წუთით თვალს გადავავლებთ ჩვენს ცოდვებსა და ვნებებს. დავფიქრდეთ, თუ როგორი ცოდვილები და ვნებიანები ვართ, დავფიქრდეთ ჩვენი სულის უბადრუკ მდგომარეობაზე და იმაზე, რომ ღვთის გარეშე არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია.
ადამიანმა ასევე შეიძლება გაიხსენოს ღვთის სამსჯავრო ან ჯოჯოხეთის სატანჯველი საიქიოში. ამ შეგრძნებით, რომელიც წარმოიქმნება სულში, ადამიანი იწყებს სუნთქვით დარეგულირებულ ლოცვას.
ასე ხდება სულის წინასწარი მომზადება, რომ რამდენიმე წუთში, როცა ლოცვას დავიწყებთ, მას გარკვეული სულიერი იმპულსი და ელფერი ჰქონდეს.
ამგვარი მოქმედებით გონება უფრო კონცენტრირებული და უფრო ყურადღებიანი ხდება. ეს ხედვა, ეს ფიქრი მას შემოზღუდავს საკუთარ თავში. შემდეგ გონებას ლოცვაც ეძლევა და ამგვარად ის კარგად იწყებს ლოცვას.
როცა ადამიანი ამ გზით ლოცვას მიეჩვევა, გარკვეული პერიოდის შემდეგ – ეს მის გულმოდგინებაზეა დამოკიდებული – ლოცვაში წარმატებას აღწევს, რა თქმა უნდა, ღვთის მადლით, რადგან მწამს, რომ ლოცვა მთლიანად ღვთის მადლზეა დამოკიდებული.
ადამიანი ლოცვის ამ ხერხითა და მეთოდით ღვთის მადლის თანამონაწილე ხდება. მადლი კი ის არის, რითაც უფლის სახელის ხსოვნას მიაღწევს ადამიანი. ამის დასტურია ის, რომ ადამიანი ნებისმიერ სხვა რამეზე ადვილად ფიქრობს, ღვთის სახელის ხსენებისთვის კი უდიდესი ძალისხმევა სჭირდება.
მსგავსი რამ ხდება, მაგალითად, მცენარეებში. ველური, ეკლიანი მცენარეები თავისთავად ამოდის, ადამიანის შრომის გარეშე, შინაურს კი ძალიან ბევრი ზრუნვა სჭირდება და მიუხედავად ამისა, თუ მას ღმერთი არ შეეწია და მზე არ გამოაბრწყინა სასწაულთმოქმედი სხივებით, შეუძლებელია რაიმე აღმოცენდეს, გაიზარდოს და აყვავდეს.
სულიერი თვალსაზრისითაც ასეა. ადამიანი ცდილობს ლოცვის სხვადასხვა მეთოდით ღმერთთან ერთობას მიაღწიოს, მაგრამ თუ უფალმა არ აკურთხა და არ შეეწია, ლოცვის ყველა ხერხი და დიდი მონდომება სულიერად უნაყოფო დარჩება.
ამიტომაც ლოცვის დაწყებამდე საჭიროა სულიერი განსჯა – თავმდაბალი აზრები, თავისბრალობა, სიკვდილის ხსენება და ა. შ., რომ ადამიანმა ლოცვის დროს ღვთისგან შეწევნა მიიღოს.
თუ ადამიანი ლოცვის დროს მზვაობარ, თავმომწონე გულისსიტყვებს მიიღებს, ლოცვა წყდება, ანუ ღვთის მადლის მოქმედება მეყსეულად ფერხდება. მაშინ ადამიანი აღშფოთდება ამ გულისსიტყვების გამო და ფიქრობს: „როგორც კი ლოცვამ მოქმედება დაიწყო და ღვთის მადლი ვიგრძენი, გულისსიტყვები შემოიჭრა და მადლი განმეშორა“.
ხშირად ლოცვა სხვადასხვა ბოროტი გულისსიტყვის მოახლოებისთანავე წყდება და ადამიანი საკუთარ თავს ეკითხება: „კი, მაგრამ მე ხომ ეს ბოროტი გულისსიტყვები არ მიმიღია, ახლა რატომ დავკარგე ლოცვა და მისი მადლი?“
ეს, რა თქმა უნდა, ღვთის განგებით ხდება. უფალი აუწყებს ადამიანს და თითქოს ეუბნება: „ნუ გგონია, რომ ლოცვის მადლი მხოლოდ მაშინ მოგაკლდება, როცა ამპარტავნების გულისსიტყვებს მიიღებ. ეს შეიძლება მოხდეს ქედმაღლური აზრების გარეშეც, როცა მე მოვისურვებ, რომ გაგათავისუფლო შთაბეჭდილებისგან და შეხედულებისგან, თითქოს შენი წინასწარი მომზადებითა და საკუთარი მცდელობით შეგიძლია ქმედითი ლოცვის პოვნა“.
ეს ისე აშკარად ვიგრძენი საკუთარი გამოცდილებით, რომ ვერავინ შემიცვლის აზრს, რომელიც მეუწყა – ლოცვა მადლის ქმნილებაა. ცხადია, ქმედით ლოცვას ვგულისხმობთ, როცა ადამიანი მადლის მოქმედებას გრძნობს, რადგან ლოცვა ეწოდება ნებისმიერ სხვა ლოცვასაც, რომელსაც მადლის განცდა არ ახლავს თან.
ამგვარად, ადამიანისთვის დროდადრო ლოცვის დაკარგვა სასარგებლოა, სიმდაბლის ეს გაკვეთილი კარგად რომ ისწავლოს.
როცა ადამიანი გულისსიტყვების გამო ლოცვას მრავალჯერ დაკარგავს, წლების შემდეგ მას ბუნებრივად მიეცემა შინაგანი პასუხი, რომ მხოლოდ ღვთის შეწევნით შეიძლება ლოცვის მოპოვება.
აბბა ისააკ ასური ამბობს: „ღმერთი მადლს მაშინ კი არ გიბოძებს, როცა შენ ლოცვის ყველა საშუალებისა და ხერხის გამოყენებით მის მისაღებად ემზადები, არამედ როდესაც თავად ისურვებს. ისე ხდება, რომ როცა მოუმზადებელი ხარ, მაშინ გაძლევს მადლს და როცა მომზადებული ხარ, არ გაქვს ლოცვა, ვერ პოულობ მას“.
ეს უდიდესი ჭეშმარიტებაა. ხშირად მე მდაბალიც ყველა ღონეს ვხმარობდი, რომ ღამე ლოცვა მქონოდა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ამას ვერ ვახერხებდი. თავის დროზე ვდგებოდი, ღამის სიმყუდროვეში, როგორი წესიც გვქონდა, ყურადღებით ვიყავი, სიჩუმეს ვიცავდი. ლოცვის ძიებაში საათობით ვიბრძოდი, მაგრამ ლოცვას ვერ ვპოულობდი.
ამ ხანგრძლივი ყურადღებიანი ლოცვის შემდეგ სხვა რამის კეთებას ვიწყებდი, სხვა სამუშაოს ვასრულებდი და ღვთის უდიდეს მადლს ვპოულობდი. ვფიქრობდი: „ამდენი შრომა, მცდელობა, ყურადღება უშედეგო აღმოჩნდა და უცებ ასეთი მადლი?“ ღმერთს სურდა გამეგო, რომ ჩემი მცდელობა კი არ მიმეტოვებინა, არამედ არ მერწმუნა, რომ მისი მეშვეობით ვიპოვიდი ლოცვას.
ღვთის მეუფება და განგებულება განსაზღვრავს, მიანიჭოს თუ არა ადამიანს ლოცვის განცდა, თუნდაც ის მის მოპოვებას არც კი ცდილობდეს.
ყოველ შემთხვევაში მლოცველი ყოველმხრივ უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ ლოცვა იპოვოს, მაგრამ დარწმუნებული არ უნდა იყოს, რომ ამგვარი ძალისხმევა უსათუოდ აპოვნინებს მას. უნდა სწამდეს, რომ თუ ღმერთი ინებებს, მიჰმადლებს ლოცვას, სხვაგვარად კი ადამიანი ვერაფერს შეძლებს.
მიწათმოქმედი სანამ დათესავს, მიწას კარგად ამუშავებს. ყურადღებით ადევნებს თვალს, რომ გუთანი ღრმად ჩავიდეს ნიადაგში, მიწა ამოაბრუნოს, ქვედა ფენა ზემოთ მოაქციოს და შემდეგ თესავს. მერე წვიმასა და კარგ ამინდს ელის. თუ წვიმა, შესაფერისი კლიმატი და მზიანი ამინდი ერთმანეთს ენაცვლება, მაშინ თესლი გაღვივდება, გაიზრდება და ნაყოფს გამოიღებს. სხვაგვარად კი არაფერი გამოვა. თესლი რომც ამოვიდეს, მოსავალი იმდენად მცირე იქნება, რომ გლეხმა რაც დათესა, იმასაც ვერ აინაზღაურებს. გლეხსაც ღვთის იმედი აქვს და ამბობს: „თუ უფალი ინებებს, მოსავალს ავიღებ“. გვალვაში საწყალი მიწათმოქმედი ლოცულობს და ყანას აკურთხებინებს, რადგან სწამს, თუ ღმერთი ინებებს და წვიმასა და მზეს გამოუგზავნის, მისი შრომა ნაყოფს გამოიღებს. სხვა შემთხვევაში, მისი ძალისხმევის მიუხედავად, მოსავალს ვერ აიღებს.
სულიერი თვალსაზრისითაც ასე ხდება. ადამიანი, როგორც არ უნდა მოემზადოს, შრომის ნაყოფს მხოლოდ მაშინ მიიღებს, როცა უფალი ინებებს.
ამიტომ ყველა სულიერ მისწრაფებას წინ სიმდაბლე უნდა უძღოდეს.
ადამიანი იქამდე მიდის, რომ რწმუნდება – ღვთის გარეშე არაფერი გამოვა. ეს სწამს და ამბობს: „საკუთარი სისხლით მოვაწერ ხელს, რომ არარაობა ვარ და სიკეთის კეთება არ შემიძლია“. ჯერ ხელის მოწერაც კი არ აქვს დამთავრებული, რომ არარაობაა და მაშინვე თავმოწონების გულისსიტყვებს ხედავს! და ფიქრობს: „ახლა, აი, ახლახან საკუთარი სისხლით ვამოწმებდი, რომ არარაობა ვარ და თავმოწონების გულისსიტყვამ როგორ შემომიტია?"
ამგვარად, ცხადია, რომ სიმდაბლეც კი ღმერთმა უნდა მიჰმადლოს ადამიანს. მიუხედავად საკუთარი არარაობის შემეცნებისთვის გაწეული შრომისა, ისევ უფალმა უნდა მოგვცეს ამ არარაობის განცდა.
რადგან ასეა საქმე, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი? აღარც სიკეთე აკეთოს, აღარაფერს ეცადოს, არამედ ღვთისგან მოელოდეს სიმდაბლესა და მადლს? არა. ადამიანმა ყველაფერი უნდა აკეთოს, რაც მას ნებისმიერი სათნოების მოსაპოვებლად მოეთხოვება და დაელოდოს დიდი სიმდაბლით და იმის შეგნებით, რომ თუ ღმერთი ინებებს ამ სათნოებამ ხორცი შეისხას, მხოლოდ მაშინ შეძლებს ნაყოფის გამოღებას. სხვაგვარად მხოლოდ შრომა დარჩება.
ლოცვის საკითხს ვუბრუნდები და ისევ ვიმეორებ, რომ ყოველმხრივ უნდა მოვემზადოთ ამისთვის. თავის დროზე უნდა განვმარტოვდეთ სენაკში და ვეცადოთ ჩვენი ფიქრები ლოცვას უკავშირდებოდეს. მაგალითად, ვიფიქროთ ჩვენს ცოდვებზე, რომ დრო გადის და არაფერს ვაკეთებთ; ვიფიქროთ მოსალოდნელ სიკვდილზე, სამსჯავროზე და ა. შ.
ასეთი უბრალო და ხანმოკლე ფიქრი მაშინვე ლოცვისთვის განგვაწყობს. გონება გულში ჩაგვყავს, ზომიერად, იშვიათად ვსუნთქავთ და თან ლოცვას ვამბობთ: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“. თუ ხანდახან დაღლას ვგრძნობთ ან ძილი გვერევა, ეს, რა თქმა უნდა, არაფერს გვარგებს, არ უნდა დავუთმოთ; შეუმჩნევლად ჩვენში რაღაც კარგი ხდება. მომდევნო ჯერზე, როცა ლოცვას დავიწყებთ, თავს უკეთესად ვიგრძნობთ, შემდეგში – უფრო უკეთესად. ასე ნელ-ნელა ლოცვაში რაღაცას ვიპოვით, დროთა განმავლობაში კი სულ უფრო მეტს აღმოვაჩენთ. ცხადია, ეშმაკი ამ მცდელობის გამო უსათუოდ თავს დაგვესხმება, გონებას გაგვიფანტავს და სხვადასხვა წარმოდგენას მოგვიტანს. ჩვენ უნდა ვეცადოთ ყველაფერს წინ აღვუდგეთ და ლოცვაზე გავამახვილოთ ყურადღება.
ეს მცირე შრომა არ არის. თუმცა ერთი შეხედვით ადვილი ჩანს: თავი დახარო, გონება მოიკრიბო და ლოცვას ადევნო თვალყური. მაგრამ თავისი არსით ძნელია, რადგან ბოროტს არ სურს, რომ ვლოცულობდეთ.
გონიერი ლოცვა სატანის შეურიგებელი მტერია! ამის გამო არც ისე ადვილია ეშმაკმა მისგან დაწვა და დამდუღვრა აიტანოს და ლოცვას ადამიანის გულში ქრისტეს აღსაყდრებისა და გულის არედან თავისი გამოძევების უფლება მისცეს.
როგორც ვთქვით, ლოცვის მიზანი ადამიანის გულში ქრისტეს დამკვიდრებაა, რაც მოწინააღმდეგისთვის – სატანისთვის – სრულიად მიუღებელია.
ეს უბრალო, ერთფრაზიანი ლოცვა იმდენად ძლიერია, რომ ადამიანის გონებას მისი დატევა არ შეუძლია. ამიტომ სატანა მას ეომება, სასტიკად ებრძვის – ჩვენთვის გონებადაფანტულობა, შფოთი, მწუხარება მოაქვს, სულს გვიხუთავს. მას ერთადერთი მიზანი აქვს – არ ილოცოს ადამიანმა.
„ლოცვასა განკრძალულ იყვენით“ (რომ. 12, 12). ლოცვას მოთმინება, შეუპოვრობა და სულგრძელობა სჭირდება.
ნუ ვიტყვით: „არაფერი გამოგვივა“, თორემ მაშინ ვერ შევიძენთ ამ ლოცვას, რომელიც თავისი ტევადობით იმდენად დიდია, რომ ზეციურ საგნებს მოიცავს! მოდით, განვმარტოთ ეს:
როცა ლოცვა ამოქმედდება, გონება ისეთი სუფთა, ნათელი, მოქნილი, ფრთაშესხმული ხდება, რომ ძალიან მაღლა ადის და ხვდება ღმერთს მთელი მისი მადლით! მაშინ გონებას სულიერ სახილველთა ჭვრეტის უნარი ეძლევა და ამბობს: „რომელი მათგანი ავირჩიო?!“
და პირიქით, როცა გონება ლოცვით განათლებული არ არის, ძალზე მოუქნელია და მისი ჭვრეტისკენ წარმართვის მცდელობა უნაყოფო იქნება.
როცა ადამიანი ცდილობს, მაგრამ ლოცვას ვერ მოიპოვებს, ეშმაკი მოდის და ეუბნება: „აჰა, ამდენი ეცადე და ვერაფერს მიაღწიე, მაშ, თავი დაანებე ამ ლოცვას“. მაგრამ გამოცდილება თავისებური ენით გვეუბნება, რომ საჭიროა მოთმინება და შეუპოვრობა, რადგან გული ლოცვას კარს ადვილად არ უხსნის. საჭიროა ბევრჯერ დაკაკუნება და დიდი ძალისხმევა.
თესლს რა ემართება? გამოაქვს ღივი, რომელიც ნელ-ნელა ზევით მიიწევს, მიწის ზედაპირს აპობს და ამქვეყნიურ სინათლეზე ამოდის. შემდეგ აღმოცენდება, იზრდება, ყვავის და ნაყოფს გამოიღებს.
ლოცვის დროსაც ასე ხდება. ის თანდათან გააპობს გაქვავებულ გულს, მის ზედაპირზე ამოვა და როცა სულიერი სამყაროს ნათელს იხილავს, მაშინ აღმოცენდება, გაიზრდება, აყვავდება და ნაყოფს გამოიღებს.
როცა ლოცვაში მრავალწლიანი შრომის შემდეგ სახიერი ღმერთი ადამიანს ღირსს გახდის, ის დაინახავს, რომ მასში სიმდაბლე მტკიცდება და ბუნებრივ სულიერ მდგომარეობად იქცევა, შესაბამისად, ლოცვაც ძლიერდება და მყარდება; მანამდე კი გრძნობდა, რომ სიმდაბლე არ ჰყოფნიდა და ლოცვასაც ადვილად კარგავდა.
პატარა ბავშვს, როდესაც ფეხს იდგამს, არ აქვს ძალა და ღონიერი მუხლები, იოლად ეცემა და ზიანდება. ცხადია, როცა ასაკი ემატება, მუხლი უმაგრდება, დადის და ადვილად აღარ ეცემა. ასე ხდება ლოცვაშიც.
ამრიგად, ღვთისთვის სათნო შრომა უნდა გავწიოთ, ეს განაწყობს ღმერთს, მადლი რომ მოგვანიჭოს. ის, რაც სულიერ ღვაწლში დიდ ზიანს გვაყენებს, უიმედობა და სასოწარკვეთილებაა. არ უნდა გვქონდეს უსასოობა, რაც ნებისმიერ სულიერ სიბრტყეში ეშმაკისგან მოდის. უიმედობა არასოდეს არ არის ღვთისგან, ყოველთვის ბოროტისგანაა და როცა სასოწარკვეთილება გვიახლოვდება, უნდა ვთქვათ: „ეს ეშმაკისგანაა“.
ეშმაკი ყველანაირ ლოცვას ებრძვის, განსაკუთრებით კი ასეთ ლოცვას ესხმის თავს. ადამიანი ნებისმიერ ლოცვას თავისუფლად ამბობს შინაგანი მეტყველებით, მაგრამ როცა იესოს ლოცვას იწყებს, ყველა ეშმაკი იქ იყრის თავს.
სატანის დაპირისპირება და ლოცვის წინააღმდეგ ბრძოლა თვალსაჩინოს ხდის, თუ რაოდენ კარგი, სულიერი და ნაყოფიერია იესოს ლოცვა. ვერ ვაცნობიერებთ, თუ რა დიდ მოგებასა და სარგებელს მივიღებთ ამ ლოცვისგან, ამიტომაც არ გვაქვს ლოცვის სურვილი და მოთმინება.
მაშ, ვიბრძოლოთ, ვიშრომოთ ლოცვისთვის, ვიდრე ღმერთი მადლს არ გამოგვიგზავნის. და როცა მადლი მოვა, ყველაფერს ის გვაუწყებს.
მონაზვნისთვის ლოცვა განუყრელი მეგზურივით უნდა


საშობაო ეპისტოლე - 2002

მარადიული ღირებულებები არ ძველდება

ყოვლადუსამღვდელოეს მღვდელმთავრებს, მოძღვრებს, დიაკვნებს, ბერ-მონაზვნებს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ერთგულსა და ღვთივკურთხეულ შვილს, მცხოვრებს საქართველოში და სამშობლოს ფარგლებს გარეთ მყოფ თანამემამულეთ:
"მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ყოველთა წმიდათა თანა, ამინ" (გამც. 22,21).
გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი, რომელიც ბრძანებს:
"ჩემსკენ მოიქეცით და გადარჩებით, ქვეყნის ყოველი კუთხისანო, რადგან მე ვარ ღმერთი და სხვა არავინაა ღმერთი ჩემსა გარეშე" (ეს. 45,22).
შორეულ წარსულში, ბეთლემის ღამის სიმყუდროვეში, დედამიწაზე პირველად გაისმა სიტყვები ანგელოზთა გალობისა: “დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება" (ლკ.2,14).
მართალია, ამ იდუმალი ღამის შემდეგ ორიათასზე მეტმა წელმა განვლო, მაგრამ კვლავაც მთრთოლვარე გრძნობით ვხვდებით ჩვენი რწმენის, იმედისა და სიყვარულის განახლების ამ საოცარ ზეიმს.
აი, ამ დღეს აღსრულდა ცოდვით დამძიმებული ადამის მოდგმის ხანგრძლივი მოლოდინი, - "ღმერთი გამოჩნდა ხორცით" (1 ტიმ. 3,16); აღმოგვიბრწყინდა მზე სიმართლისა – იესო ქრისტე, რათა შეგვეცნო ჭეშმარიტება; მაგრამ ყველას როდი ძალუძს, ეზიაროს მის სიმართლესა და ნათელს.
ადამიანი რთული ფენომენია. მასში არის ხატება შემოქმედისა და თვისებები ცხოველისა. გვაოცებს მისი სიდიადე და სიმდაბლე, უნარი თავდადებული სიყვარულისა და გამაოგნებელი სიძულვილისა, შესაძლებლობა ზეცამდე ამაღლებისა და ქვესკნელამდე დაცემისა.
იგი, თავისი წინააღმდეგობრივი ხასიათის გამო, უპირველეს ყოვლისა, უპირისპირდება საკუთარ თავს. როგორც თავისუფალი ნებით დაჯილდოვებული პიროვნება ეძებს თავისუფლებას, მაგრამ ცოდვით დაცემული ბუნების გამო ადვილად ვარდება მონობაში.
ცალკე აღებული ადამიანი – ბატონ-განმგებელი და ადამიანი – მონა-მსახური, ერთმანეთის გარეშე ვერ არსებობენ. ბატონისათვის მთავარი საკუთარი კეთილდღეობისთვის ზრუნვაა. იგი ამას მსახურ მონათა საშუალებით ახორციელებს და მათი მორჩილებით ბატონობს.
მონისთვის კი დამახასიათებელია საკუთარი ცნობიერებისა და სურვილების უარყოფა და მხოლოდ იმისი ნების აღიარება, ვინც მას განაგებს. მონის სამყარო არის თავისი თავისაგან გაუცხოებული ადამიანის ყოფა.
მონობაც და ბატონობაც ვლინდება ყველაგან და ყველაფერში: აზროვნებაში, მორალში, ხელოვნებაში, ოჯახში, სულიერ ცხოვრებაში, პოლიტიკაში... ხშირად ისეც ხდება, რომ ერთიდაიგივე ადამიანი მონაც არის და ბატონიც.
საოცარია, მონის მდგომარეობიდან ბატონის ცხოვრების წესში გადასვლა არ ნიშნავს თავისუფლების მოპოვებას, რადგან ბატონობაც სინამდვილეში მონობის სახესხვაობა და ძალადობის გამოვლენაა; ძალადობა კი იძულებას, - დამონებულსა და დამმონებელს გულისხმობს. იმპერატორი, დიქტატორი, ტირანი... მონაა ბატონობის მოთხოვნილებისა და, გარკვეულწილად, იმ ხალხისა, რომლის გარეშეც ის თავის მბრძანებლობას ვერ განახორციელებს.
ქუჩის მასების წინამძღოლიც ისეთივე მონაა, როგორც თვით მასა. მასის გარეშე მისი არსებობა წარმოუდგენელია. მასები ქმნიან იმ პირამიდას, რომლის სათავეშიც ზის მათი რჩეული; მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მასებივე ანგრევენ ამ პირამიდას და ამხობენ ბელადს.
ასე იქმნება ჩაკეტილი წრე ბატონსა და მონას, ხელისუფალსა და მასას შორის.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადამიანი შეიძლება გახდეს მონა საზოგადოებრივი აზრისა, სტიქიისა, წეს-ჩვეულებისა, თავსმოხვეული სოციალური ყოფისა, ფულისა.
მონურ ყოფაში მცხოვრები საზოგადოება ორიენტირს კარგავს და ხშირად ძალადობას მიიჩნევს ძალად, რაც დიდი შეცდომაა.
ძალადობა, როგორც აღვნიშნეთ, გაბატონებული ადამიანის მანკიერი თვისებაა, ძალა კი სიდიადეა ღვთისა და გულისხმობს სიყვარულით, დარწმუნებით და შინაგანი ერთობით ამა თუ იმ პიროვნებაზე გავლენის მოხდენას.
მაცხოვარი საოცარი ძალის მატარებელია, მაგრამ იგი თავის დამოკიდებულებას არავის ახვევს თავს და ყველას აძლევს არჩევანის სრულ უფლებას. ამაშია მისი ღვთაებრივი თავისუფლება. შესანიშნავად წერს ნეტარი ავგუსტინე: "შენი თავისუფალი ნების გარეშე უფლის სიმართლე არ განცხადდება შენში. მან, ვინც შეგქმნა, თავისუფლებაც მოგანიჭა და ამიტომაც გადაგარჩენს მხოლოდ შენი თანხმობით" (ქადაგება ჩIX, 13).
იესო ქრისტე – ძე ღვთისა და ძე კაცისა დგას ზეციერი და მიწიერი ცხოვრების ცენტრში, რათა დააკავშიროს ცა და ქვეყანა, მარადიული ნეტარება და მიწიერი რეალობა; მხოლოდ მას ხელეწიფება, ძალა მიანიჭოს ადამიანებს მონობის მოჯადოებული წრიდან თავის დასაღწევად და თავისუფლებასთან საზიარებლად.
თავისუფლების მოპოვება რთულია; მონობაში დარჩენა – იოლი, მაგრამ თავისუფლების შედეგი მარადიული ნეტარებაა, მონობისა კი – მარადიული სიკვდილი.
თავისუფლება არ მიიღწევა რეალური ყოფისაგან უბრალო განშორებით ან ამ რეალობის უარყოფით. პირიქით, ესაა მასთან მუდმივი ბრძოლის, დაპირისპირებისა და განწმენდის გზა. ამგვარი კათარზისი სრულიად უცხო და, შეიძლება ითქვას, მიუღებელია მათთვის, რომელთა ყოფასაც მხოლოდ მატერიალური და ბიოლოგიური მოთხოვნილებები განაპირობებს. ამიტომაც ისინი ამქვეყნადვე სულიერი სიკვდილისათვის არიან განწირულნი.
ჭეშმარიტების შეცნობა და თავისუფლება სუფთა, უმანკო გულიდან მომდინარეობს. გული ჩვენი მესამე თვალია. რწმენა, სასოება და სიყვარული მისი უმთავრესი თვისებებია. მაგრამ ეს სათნოებანი შელახულია ჩვენი ცოდვებით. სწორედ ცოდვით დაცემამ დააშორა ადამიანი ღმერთს. თუ გვსურს უფალთან დაახლოება, ცოდვებისაგან თანდათანობითი განშორებითა და ჩვენი თავის შეცნობით უნდა დავიწყოთ.
არ შეიძლება, არ ითქვას ისეთი მძიმე ცოდვის შესახებ, როგორიც ნარკომანიაა. ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა, სისუსტეს იჩენს და სხვადასხვა პრობლემისაგან თავის დახსნას ნარკოტიკებით ცდილობს; მაგრამ ეს ილუზიაა; ნარკოტიკები ცხოვრებას არ ცვლის, მისი ზემოქმედება გაივლის, პრობლემები კი ისევ რჩება და რაც მთავარია, რჩება ამ ცოდვით დანგრეული, მიუსაფარი სული.
ზოგი იმდენად ეჩვევა ამ საშინელ სენს, რომ, სურვილის მიუხედავადაც, შემდეგში ვეღარ ანებებს მას თავს და საშინლად იტანჯება.
მხოლოდ ღმერთს შეუძლია ზოგად-ყოფითი და ჩვენი პირადი პრობლემების მოგვარება და დახმარება, თუ, რა თქმა უნდა, გავხდებით ღირსნი მისი მოწყალებისა.
სასიხარულოა, რომ უკვე ხშირია შემთხვევები, როდესაც ნარკოტიკებს მიჯაჭვული ადამიანები მოდიან ეკლესიაში, იწყებენ ლოცვას, მარხვას, შრომას, ამბობენ აღსარებას, ეზიარებიან და თავისუფლდებიან ამ საშინელი ავადმყოფობისაგან მაშინ, როცა ეკლესიის დახმარების გარეშე ამ სენისაგან თავის დაღწევა მათთვის შეუძლებელი ჩანდა.
ნარკოტიკების მიღება ცოდვაა, მაგრამ გაცილებით მძიმე ცოდვაა მათი გავრცელება. ამის ჩამდენი, ფაქტობრივად, ადამიანთა მასობრივი სულიერი და ფიზიკური მკვლელობის თანამონაწილეა და ამიტომაც ღვთისგან სასტიკად დაისჯება. მეტად შემაშფოთებელია, რომ საქართველო ორგანიზებული ნარკობიზნესის სატრანზიტო ქვეყნად იქცეს. მე თხოვნით მივმართავ ხელისუფლებას, სამართალდამცავ ორგანოებს, პოლიტიკურ პარტიებს, ახალგაზრდებს, მთელ ერს, რათა მათ ყველაფერი იღონონ მდგომარეობის რადიკალური გამოსწორებისათვის.
დღეს ერთ-ერთი უმძიმესი პრობლემაა ღირებულებათა გაუფასურებაც. ადამიანებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, არწმუნებენ, თითქოს სამშობლოს სიყვარული, უფროსისადმი პატივისცემა, პატიოსნად ცხოვრება (ენისა და სარწმუნოების დაცვა) და სხვა, ჩვენი ერისათვის დამახასიათებელი ტრადიციები, მოძველდა; არადა, როგორ შეიძლება მოძველდეს ის, რაც მარადიულ ღირებულებებს წარმოადგენს.
საზოგადოებრივი ცნობიერების გარყვნა ზოგიერთს "პროგრესად" მიაჩნია. “მსგავსი აზროვნება ჩვენს ისტორიაში უკვე იყო XX საუკუნის დასაწყისში, როცა საქართველოში უცხო იდეოლოგიურმა მოძღვრებამ იწყო გავრცელება. მაშინაც მკვეთრად შეუტიეს ტრადიციულ ღირებულებებს, სანაცვლოდ კი ადამიანებს საყოველთაო კეთილდღეობას შეჰპირდნენ. თუ რა შედეგი მივიღეთ, ყველამ ვიცით.
ფსევდოკულტურა, რომელიც ასე ეძალება დღეს ჩვენს ახალგაზრდობას, აშორებს მას ჭეშმარიტ კულტურასა და ხელოვნებას. დაპირისპირება ამგვარ მდარე, უგემოვნო და ნამდვილ კულტურას შორის, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ქმნიდა ჩვენი ხალხი და რომელმაც დროის გამოცდას გაუძლო, აშკარაა. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როცა პრესაც და ტელევიზიაც საეჭვო ღირებულების უცხოურ ხელოვნებას უწევს პროპაგანდას. იმედი მაქვს, ქართველი ერი, უფლის წყალობით, ნამდვილსა და ყალბს ერთმანეთისაგან ადვილად გაარჩევს, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ამით გადაგვარებისაგან თავის შინაგან "მესაც" დაიცავს.
მინდა გთხოვოთ, თავი შესაძლებლობისამებრ დაიცავით განკითხვის ცოდვისგან. ეს მადლი უფრო დიდია, ვიდრე ლოცვა და მარხვა. ნუ შეგშურდებათ სხვისი, ერიდეთ განცხრომასა და გემოთმოყვარებას. დასძლიეთ ამპარტავნება და დიდებისმოყვარება. გახსოვდეთ, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისე მოექეცით მათ. ცოდვის ჩამდენი გებრალებოდეთ (რადგან იგი ამით მარადიული სატანჯველისაკენ დგამს ნაბიჯს) და თქვენი სარწმუნოება აჩვენეთ ღვთის მცნების აღსრულებით, - არ მიაგოთ ბოროტი ბოროტების წილ, არამედ ილოცეთ მათთვის, ვინც დანაშაული ჩაიდინა თქვენს წინაშე და მიანდეთ იგი უფლის მართლმსაჯულებას.
ნუ ჩაიდენთ შვილის მკვლელობის საშინელ ცოდვას, - აბორტს. ერის დიდი ტრაგედიაა, რომ თითქმის ყველა ოჯახში, მშობლების ნებით, უმოწყალოდ მოსპობილ მუცლადღებულ ყრმათა სისხლია დაღვრილი და მისი ნაკადი კვლავაც შეუჩერებლად მოედინება. ადამიანებს გონება და გული აქვთ დახშული იმისათვის, რათა გააცნობიერონ, რას ჩადიან; ცხოველიც კი არ არის ასეთი გულგრილი თავისი ნაშიერისადმი.
ჩვენო სულიერო შვილებო, თუ ვინმეს ეკონომიკური ან სხვა მიზეზის გამო გიწევთ უარის თქმა თქვენს სრულიად დაუცველ ყრმაზე, მამაშვილურად გთხოვთ, ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვათ აბორტზე. შეგახსენებთ, რომ მიუხედავად მრავალი პრობლემისა, ეკლესია შეძლებს მზრუნველობა გაუწიოს თქვენს პატარას, ხოლო თუ მომავალში გექნებათ სურვილი მშობლიური სიყვარულის გამოჩენისა, კვლავაც შეგეძლებათ მისი უკან დაბრუნება.
შეგახსენებთ, რომ მრუში, ქურდი და მკვლელი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს. მაგრამ იცოდეთ, შეცდომის გამოსწორება, ან თუნდაც ცხოვრების წესის მთლიანად შეცვლა არასოდეს არ არის გვიან. ცხონების გზაზე სვლა ლოცვით, მარხვითა და სიკეთის ქმნით უნდა დაიწყოთ. სიტყვით თუ საქმით, ყველგან და ყოველთვის, შესაძლებლობისამებრ აკეთეთ სიკეთე და იგი თქვენვე დაგიბრუნდებათ.
არ შეგეშინდეთ განსაცდელისა, მთავარია, თქვენი თავისუფალი ნება, თქვენი სუფთა გული და გონება მიანდოთ უფალს და ირწმუნოთ, რომ ღმერთი იმაზე დიდ ტვირთს არ მოგცემთ, რის ტარებასაც ვერ შეძლებთ. თქვენი ყველაზე დიდი მიღწევა სწორედ ცხოვრებისეულ პრობლემებსა და სიკვდილის შიშზე გამარჯვება იქნება.
უნდა გეშინოდეთ მხოლოდ ღვთისა. შიში უფლისა არის სათავე სიბრძნისა, რადგან იგი გვიცავს ცოდვათაგან. სხვა ყოველგვარი შიში პიროვნების დამთრგუნველია და ბოროტის იარაღს წარმოადგენს. სამწუხაროდ, მიწიერი შიში ხშირად განსაზღვრავს როგორც ცალკეულ ინდივიდთა, ისე მათი გარკვეული ჯგუფების ყოფას და თვით პოლიტიკურ პროცესებსაც (შევნიშნავთ, რომ შიში აუცილებლად უნდა განვასხვაოთ სიფრთხილისა და კეთილგონიერებისაგან). შიში შობს სიცრუეს, ანუ იმას, რასთანაც ჭეშმარიტებას საერთო არა აქვს რა.
ხშირად შიში სიკვდილის მიზეზიცაა. ადამიანი კლავს სხვას, რათა შეიქმნას თავისთვის ისეთი გარემო, სადაც მისი აზრით, ნაკლებად იქნება შიში, სინამდვილეში კი იგი სწორედ სიკვდილის შიშის გამო თესავს სიკვდილს ისევე, როგორც ბატონის ძალადობას ძალაუფლებისადმი მისი მონური დამოკიდებულება განაპირობებს.
შიში და მონობა ურთიერთკავშირშია და უმძიმესი შედეგებით ვლინდება. ამიტომაც სულიერი ფერისცვალების პროცესი აუცილებლად შიშსა და მონობაზე გამარჯვებას გულისხმობს.
ცნობილი მოძღვარი, წმინდა სერაფიმე საროველი წერს: "ამქვეყნად მყოფმა ადამიანმა რომ იცოდეს, რა ნეტარება ელოდებათ მათ, ვინც გახდება ღირსი სამოთხისა, ათას წელს ტანჯვითა და საშინელი წამებით ცხოვრებაზეც სიამოვნებით დათანხმდებოდა, ოღონდ ზიარებოდა ზეციური სასუფევლის საოცრებებს".
ღვთის მოწყალებით, წუთისოფელში ჩვენი მყოფობის ჟამი არ არის ხანგრძლივი. მართლაც, წუთია იგი მარადიულობასთან შედარებით. მაშ, ვისაც გონიერება აქვს, დაიწყოს ბრძოლა ცოდვის მონობისაგან გასათავისუფლებლად და ღვთის ჭეშმარიტი ძეობის მოსაპოვებლად, რისთვისაცაა იგი მოწოდებული.
უმაღლეს ხელისუფალთაგან დაწყებული და სულ უბრალო ადამიანებით დამთავრებულნი არიან თანაზიარნი და შვილნი სასუფევლისა. მაგრამ უმაღლეს ხელისუფალთაგან დაწყებული და სულ უბრალო ადამიანებით დამთავრებულნი ასევე არიან მკვიდრნი ჯოჯოხეთისა.
დიახ, თითოეული ჩვენგანის წინაშეა თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა: ან მარადიული სიცოცხლე და ნეტარება, ან მარადიული სიკვდილი და სატანჯველი! მესამე გზა, უბრალოდ, არ არსსებობს.
ძენო და ასულნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, ქრისტესთან თანაზიარებით იწყება თქვენს ცნობიერებაში მანამდე არსებული ყველა ღირებულების სრული შეცვლა; ჩნდება აბსოლუტურად სხვა გაგება სიყვარულისა, სიკეთისა და ბოროტებისა, იღვიძებს სრულიად დახურული შრეები და სიღრმეები გულისა და გონიერებისა; თანდათან ქრება შიში სიკვდილისა და შემოდის მანამდე უცნობი განცდა ჭეშმარიტი თავისუფლებისა, ნეტარებისა; სინათლითა და სიხარულით ივსება სული და ისადგურებს დიადი მშვიდობა საკუთარ თავთან, გარემოსთან და ღმერთთან შერიგებისა. მაშ, შესვით მარადიული სიხარულით სავსე ფიალა უფლისმიერი დიდი წყალობისა, რადგან "საგზალი ცოდვისაი სიკვდილი არს, ხოლო ნიჭი ღმრთისაი – ცხოვრებაი საუკუნოი ქრისტე იესუის მიერ" (რომ. 6,23).
ყველას გულითადად გილოცავთ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულსა და ახალ წელს!
გიყვარდეთ ერთმანეთი, რათა უფალმაც შეგიყვაროთ.
ქრისტეშობის მადლი გეწეოდეთ! იხარეთ, ორსავ სოფელსა შინა.
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
ქრისტეშობა
თბილისი, 2001/20002 წწ. მარადიული ღირებულებები არ


სულის ცხონებისა და სამოთხის შესახებ

ახლა, გაზაფხულზე, როცა ბუნება უმშვენიერესი სამოსით იმოსება, თუკი ამის შესაფერისი სულიერი მდგომარეობაც გვაქვს, გამოუთქმელი სიამოვნება გვეუფლება. ღმერთმა ჭეშმარიტად ყოველივე სიბრძნით შექმნა! სული ვერ ძღება ბუნების მშვენიერების ხილვით. თუ ადამიანი გონებას დედამიწიდან ზეციურ იერუსალიმში, სამოთხის გასაოცარ მშვენიერებამდე აამაღლებს, შეზღუდული მიწიერი გონება იქ მოქმედებას შეწყვეტს.
თუკი აქ, ექსორიაში, გოდებისა და წყევის ქვეყანაში, ღმერთმა ასეთი სილამაზით ტკბობის საშუალება მოგვცა, რაღა იქნება იქ, სადაც თავად ღმერთი მკვიდრობს? ჭეშმარიტად "ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა!" და ბედნიერებისა.
ზეცაში, შვილო, ადამიანის განღმრთობა ხდება. იქ უფალი ღმერთი ყოველგვარ ცრემლს, ურვას, ტკივილსა და სულთქმას მოგვაცილებს, რადგან ზეცა ანგელოზებრივი მოქალაქეობის საუფლოა, სადაც ძირითადი საქმე სულიერ ჰიმნთა გალობაა!
იქ საუკუნო განსვენებაა! ჩვენს მამასთან, ღმერთთან ერთად იქ სიხარული გველის. ის ელოდება, როდის ვიქნებით მზად, რომ სამუდამოდ თავისთან გვიხმოს! იქ ყველა ცხონებული სული უსაზღვრო სიყვარულით, სიტკბოებით, სიხარულითა და განცვიფრებით იცხოვრებს!

2. მოვა დრო, დადგება დღე და წამი, როცა თვალები დაგვეხუჭება და სულის თვალი აგვეხილება. მაშინ ახალ სამყაროს, ახალ არსებებს, ახალ ქმნილებებს, ახალ დაუსრულებელ ცხოვრებას ვიხილავთ. მისი სახელია უკვდავება, ზეციური დიდი სამშობლო, უხრწნელი, მარადიული ზეციური იერუსალიმი, პირმშოთა დედა; იქ დაემკვიდრებიან გადარჩენილთა სულები, რომელთაც მწიკვლი უცოდველმა კრავმა თავისი სისხლით ჩამოჰბანა!
ვინ შეძლებს იმ ნეტარ, ცხონებულ სულთა სიხარულის, მხიარულებისა და ბედნიერების სიტყვით და კალმით გამოხატვას! ნეტარ არიან უფლის მიერ შესვენებულნი, რადგან მათ ღვთიურ სიკეთეთა სიმდიდრე ელით. ნეტარია, ვისაც ზეციურ დღესასწაულში მონაწილეობა ხვდა წილად. ეს არის სიმდიდრე, რომელსაც ვერავინ წაართმევს, დიდება, როგორც თავად ღმერთი ამბობს: „და ვთქვი ძენი მაღლისანი, შვილნი ღვთისანი, მკვიდრნი ღვთისანი, თანამკვიდრნი ქრისტესნი“.
უფალმა ვნების წინ ზეციერ მამას თავისი მოწაფეებისა და მომავალ მორწმუნეთათვის შესთხოვა: „მამაო, რომელნი-ესე მომცენ მე, მნებავს, რათა, სადაცა მე ვიყო, იგინიცა ჩემ თანა იყვნენ, რაითა ჰხედვიდენ დიდებასა ჩემსა, რომელი მომეც მე, რამეთუ შემიყუარე მე უწინარეს სოფლის დაბადებისა““.
საოცარია იესოს სიყვარული ჩვენდამი! ღმერთმა ადამიანური ბუნება მიიღო და ჯვარს ეცვა, რითაც თავისუფლება მოგვანიჭა, ჩვენი ვალი აღხოცა ზეციერი მამის წინაშე და როგორც საყვარელმა ძმამ, ღვთის უსაზღვრო სიმდიდრის თანამკვიდრობის ღირსი გაგვხადა!
როგორი სიყვარულია ჩვენდამი! ჰოი, ჩვენი გულგრილობა ღვთისადმი! ვაი, ჩემს უმადურობას ჩემი კეთილისმყოფელის მიმართ! ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, შემიბრალე და ნუ განმსჯი საქმეთა ჩემთაებრ!

3. როგორც შეგვკრა ღმერთმა ურღვევი სულიერი კავშირით, ნეტავ ყველანი ასევე ერთად გაგვხადოს მასთან ყოფნის ღირსი ცათა სასუფეველში, რათა საღვთო სიკეთით დამტკბარნი და ზეციერ მამასთან – დაუშრეტელ ღვთაებრივ მდინარეთა სათავესთან – შეერთებულნი მის სულიერ ტრაპეზს შემოვუსხდეთ. რა დიდი მოწოდებაა! წარმავალ მწუხარებათა რა დიდი ნაყოფია!
ღვთის შვილები ზეციური სამოსით შეიმოსებიან, სახე ღვთიური ნიშნით გაუბრწყინდებათ და საუკუნო განსვენებისთვის მამობრივ სამკვიდრებელში შევლენ!
ისინი ზეციურ სავანეებს მოივლიან და იქაური უსაზღვრო სიმდიდრის ხილვით განკვირვებულნი საუკუნეების დინებას ვერ იგრძნობენ! რა დიდი მოწოდებაა ადამიანისთვის!
მაგრამ ამ კეთილ ჭვრეტას' სამწუხარო სურათი ჩრდილავს. პირველი არის ის, რომ მე ვერ ვიქნები მონაწილე ამ დიდებული ბედნიერებისა, რომელიც ახლა თეორიაა, შემდეგ კი ხორცს შეისხამს, განხორციელდება. მეორე ის არის, რომ ადამიანები ცხოვრების გზას ისე მიუყვებიან, რომ ამ დიდი მოწოდების შესახებ არაფერი იციან. აქედან გამომდინარე, ეს უმეცრება ღმერთს გვაშორებს და სულიერ სიკვდილს შობს.
ადამიანის სამოთხისეული ბედნიერების თავდაპირველი გამანადგურებელი იყო ცოდვა და ის თავის დამღუპველ მოქმედებას კვლავაც განაგრძობს. ვაი, რომ ჯოჯოხეთი დაგვმწყემსავს.
ღმერთო ჩემო, უფალო საბაოთ, ჩვენი გულების წყვდიადი განანათლე, რომ გიხილოთ შენ, ჭეშმარიტი, ნეტარი ნათელი, რომელიც განანათლებს და ახარებს მათ გულებს, ვინც შეგიყვარა. განგვანათლე შენი მიმდევრები საუკუნო განსვენებამდე. ამინ.

4. ყველაფერი განქარდება და არარაობად იქცევა, ხოლო ღვთის გამო აღსრულებული საქმეები აღმასრულებლის სულთან დარჩება, ამ საქმეთა მეშვეობით საუკუნო ცხოვრებას რომ ეზიაროს.
ნეტარ არიან ღვთივსულიერი ფილოსოფოსები, რომლებიც წარმავალს გასცემენ და მარადიულს აგროვებენ, რათა ამ ქვეყნიდან გასვლისას განძი ღვთის საუნჯეში გამრავლებული დახვდეთ. ნეტარია, ვინც თავის გულს ცოდვის ღვარძლისგან წმენდს და კეთილ თესლს ამრავლებს, რადგან თავის დროზე მარადიული ცხოვრების თავთავს მოიმკის! ნეტარია, ვინც ცრემლებს სულიერ მარხვასთან ერთად თესავს, ვისაც მარად სურს კეთილი საქმეები და ესწრაფვის მათ, რადგან მარადიულ სიხარულს მოიმუშაკებს!

5. ჩემო საყვარელო შვილებო, მივიღე თქვენი წერილი. თქვენი სიყვარული ძალიან დიდია, მე კი სრულიად უღირსი და საწყალობელი ვარ.
ჩემი უღირსობის მიუხედავად, ვლოცულობ – ღვთის მადლმა დაგიფაროთ და სულიწმიდამ გიწინამძღვროთ ყოველ კეთილ საქმეში, რომ ჩვენს სახიერ ღმერთს სათნოეყოთ და თქვენი ოჯახით ღვთის სამყოფელში, საიქიო ცხოვრებაში დამკვიდრების ღირსი გახდეთ, სადაც მიუწვდომელ ღვთაებრივ ნათელში მდგომი ანგელოზები დაუცხრომლად ადიდებენ წმინდა სამებას.
ყველა დიდი წმინდანი იღვწოდა და ესწრაფოდა ამ ზეციურ დიდებას, რომელსაც მიაღწიეს კიდეც. აქ, ქვემოთ, ზეციურთან შედარებით ყველაფერი წყვდიადია. ყოველივე სააქაო ამაო, წარმავალი, ხანმოკლე, ცვალებადი და არარაობაა, ხოლო ზეციური – საუკუნო, მარადიული, უცვლელი, დიდებული, ნათლითშემოსილი, ღვთაებრივი მადლის სურნელის მქონე.
ამიტომ, ვინც ამქვეყნიურ ამაო საგნებს უგულებელყოფს, ანუ ვნებიანად არ ისურვებს მათ, საუკუნო სიკეთეთა თანაზიარი გახდება!

6. მონაზვნის ცხოვრება ყოველდღიური ჯვარია. იესო ქრისტე მოგვიწოდებს, რომ ვისაც ის გვიყვარს, მასთან ერთად ვეცვათ ჯვარს. ამას სულის აღდგომა და სულიერი მხიარულება მოჰყვება. მკაცრია ზამთარი, ტკივილიანია ყინვა, მაგრამ ტკბილია სამოთხე. აღაპყარით თვალები და იხილეთ ზეციური იერუსალიმი. იქ ბედნიერება, სიხარული და ნეტარებაა უკუნითი უკუნისამდე! რა სიხარული და მხიარულებაა ადამიანისთვის ღვთის ახლოს მარადიული ცხოვრება!
დიახ, შვილებო, შევიყვაროთ ერთმანეთი, რადგან სასუფეველში სრული სიყვარულია და ვისაც სიყვარული არ გააჩნია, იქ ვერ შევა.

7. ჩემო კურთხეულო შვილო, ვერავითარი შრომა, ჯაფა და განსაცდელი იქაურ ნეტარ ცხოვრებას ვერ შეედრება. ათასი სიცოცხლე რომ გვქონოდა და ყველა მსხვერპლად გაგვეღო, მნიშვნელოვანს მაინც ვერაფერს გავაკეთებდით მომავალ დიდებასთან შედარებით, რომელშიც მეუფე ქრისტეს ჩვენი დამკვიდრება თავისი პატიოსანი და მაცოცხლებელი სისხლის მეშვეობით სურს! პავლე მოციქული ამბობს: „ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელ გამოჩინებად არს ჩუენდა მომართ“.
კიდევ იფიქრე იმაზე, რომ ადამიანი ყვავილივით ჭკნება და სიზმარივით ქრება, იმაზეც, რომ საყვირის ხმაზე ყველა მკვდარი, როგორც მაშინ, როცა მიწა იძრა, აღდგება ქრისტეს შესახვედრად“. როცა მომავალი საუკუნის კარი გაიხსნება და ახლანდელი ქვეყანა განადგურდება, ჩვენი ადამიანური ბუნება პირვანდელ მდგომარეობაში აღდგება. უფალმა „გარდაცვალნეს ხორცნი ესე სიმდაბლისა ჩუენისანი, რათა იყვნენ იგინი თანახატ ხორცთა მათ დიდებისა მისისათა“. ჩვენი ბუნება, რომელიც ჩვენთან ერთად ოხრავს და იტანჯება, მხურვალე სურვილით ელის ღვთის შვილთა დიდებულ გამოჩენას. „რამეთუ იჭვი იგი დაბადებისა გამოჩინებასა მას შვილთა ღმრთისათა მოელის“?.
შეუდარებელია იმ ადამიანის დიდებულება, რომელსაც ღმერთი დიდების ასეთ მწვერვალამდე აამაღლებს! ჩვენ კი, ცოდვილები და ვნებიანები, უგულებელვყოფთ და გულგრილად ვეკიდებით ასეთ დიდ სიმდიდრეს, რადგან სრულიად მიწიერი აზროვნება გვაქვს. ეს სხეული, რომელიც მიწა და სიმყრალეა, ღვთის დიდების სწორი, ანგელოზებრივი ყოფის ღირსი გახდება! ახლა ადამიანები ანგელოზებთან – წმინდა სულიერ არსებებთან – შედარებით ნივთიერნი არიან. ანგელოზებს კი ღმერთთან შედარებით რაღაც „ნივთიერი“ გააჩნიათ. ისინი არ არიან წმინდა სულიერი არსებები, როგორც ღმერთი, რომელიც შეუხებელი ნათელია. მაშინ ადამიანებიც ასე ანგელოზებრივნი გახდებიან. მაშინ ეკლესიურ მორწმუნეთა სიმრავლე ქრისტეს შეუერთდება. რა გულთბილად და მამობრივად ამბობს ამაზე ჩვენი უფალი: „მამაო, – მიმართავს თავის მამას, – რომელნი-ესე მომცენ მე, მნებავს, რათა, სადაცა მე ვიყო, იგინიცა ჩემ თანა იყვნენ, რაითა ჰხედვიდენ დიდებასა ჩემსა, რომელი მომეც მე““.
განა უფლის ამ სიტყვებს ამქვეყნიური სიმდიდრე შეედრება? სადაც ჩვენი უფალია, ჩვენც იქ ვიქნებით! იქ, სადაც ანგელოზები ძრწიან და ვერ ბედავენ მასთან მიახლოებას! აი, ღვთის დაფარული სიბრძნე და უსაზღვრო სიმდიდრე!

8. შვილო, მიზანს ნუ დაივიწყებ. შეხედე ცას – როგორი მშვენიერება გველის. განა ყოველივე ამჟამინდელი ნაცარი, მტვერი და სიზმარი არ არის? განა ვერ ვხედავთ, რომ ყველაფერი ხრწნადია? ზეციური კი მარადიულია. ღვთის სასუფეველი უსასრულოა. ნეტარია ის, ვინც მასში დაემკვიდრება, რადგან ღვთის სახის მშვენიერებას იხილავს.
ნუ დაგავიწყდება, რომ ამსოფლად დროებით ვართ. ჩვენი ცხოვრება ბეწვზე კიდია და ყველა ამქვეყნიური სიკეთე ამაოა.
ამრიგად, როცა გვაქვს ჭეშმარიტების ეს ცოდნა", ბუნებრივია, სულიერ თვალს გამუდმებით, ყოველწამიერად საუკუნო ცხოვრებას, ზეციურ იერუსალიმს მივაპყრობთ, იქ, სადაც ანგელოზთა გუნდები ჩვენთვის მიუწვდომელ ტკბილ და ბრძნულ ღვთის სადიდებლებს გალობენ. ჩემო შვილებო, როგორი დიდება მიენიჭებათ თქვენს სულებს, როცა სიკვდილის შემდეგ ზეცაში ამაღლებულნი ზეციერ ანგელოზთა რიცხვს შეემატებიან!

9. დაე, ვადიდოთ აღმდგარი უფალი, რომელმაც ღირსი გაგვხადა მისი წმინდა აღდგომა გვედღესასწაულა და ვილოცოთ, რომ მომავალშიც ღირსგვყოს, ზეციურ ახალ იერუსალიმში, მარადიულ სიხარულში საუკუნო განსვენება ვიზეიმოთ. „და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან". ასეა, შვილო, მიწიერ სიხარულს კვლავ მწუხარება ენაცვლება და მისი გაბათილება შეუძლია, მარადიულ სიხარულს კი ვერაფერი წაშლის. ის უშრეტი და ცხოველმყოფელი წყაროდან უწყვეტად მოედინება.
მოდით, თავი ვაიძულოთ ქრისტიანული მოვალეობების შესასრულებლად, რომ ჩვენი იესოს ახლოს საუკუნო პასექი ვიდღესასწაულოთ და დავტკბეთ პირისპირ მისი ნეტარი ჭვრეტით, რომელსაც განსაცდელი და უსასოობა ვეღარ შეწყვეტს.

10. ერთი წერილი გამოგიგზავნეთ, სადაც ორიოდე სიტყვას გწერდით სამოთხის შესახებ. მჯერა, გაგიხარდათ. ეჰ, თვალი მაინც რომ მოგეკრათ სამოთხისთვის და მოგესმინათ, ტკბილი ანგელოზები როგორ გალობენ! ისინი ზეციური ნათლით არიან გაბრწყინებულნი და სამოთხისეულ სურნელებას აფრქვევენ. რა სილამაზეა, რა მშვენიერებაა! სამწუხაროდ, ამ ყველაფერზე წარმოდგენაც არ გვაქვს.
უზომო ბედნიერებისგან იქ ყველაფერი ბრწყინავს. და რას გეუბნება უფლის საყდარი! ქრისტე საყდარზეა დაბრძანებული და მისი წმინდა და უტკბესი სახის დანახვა თვალშეუდგამი ნათლის გამო არავის შეუძლია. ჰოი, რა სიტკბოება, რა სილამაზეა! რა არის ამაზე მშვენიერი?! ნამდვილი სამოთხეა ჩვენი იესოს სახის ჭვრეტა! დიდება, უფალო, ჯვარსა და აღდგომასა შენსა.
ჰოი, ღვთაებრივი სიბრძნის სიღრმე! ჰოი, სამმზე ღვთაების საიდუმლოება! ნეტარია, ვინც ბავშვივით დაიმდაბლებს თავს და ღვთის სიყვარულის გამო ყველა ბრძანებას სულის უმანკოებით დაემორჩილება. და ვაი მას, ვინც თავის ეგოიზმს' შეინარჩუნებს, როგორც მე, – რა ღვთიურ წყალობას მოაკლდება!
იჩქარეთ, შვილებო, სიმდაბლით მიეახლოთ ჩვენთვის დამდაბლებულ უფალს, უტკბეს, საყვარელ და ძვირფას ქრისტეს, ჩვენი ღატაკი სულების ნათელს.
ხედავთ, რა სილამაზე გველის?! ნეტავ დაგანახათ, რა მშვენიერია! ყველაფერზე უარს იტყოდით, მტვრად იქცეოდით, ოღონდაც არ მოკლებოდით იმას, რაც იესოს ტკბილმა სიყვარულმა ჩვენთვის გაამზადა! ასე გვეუბნებოდა ჩემი მოძღვარი და მის ნათქვამს გადმოგცემთ, რომ სიტკბო იგემოთ. ვამთავრებ, შემინდეთ!

11. კვლავ ვფიქრობ: მე არ ვარ სამოთხისთვის. ჩემი საქმეები წინასწარ მაუწყებენ, რომ მხოლოდ ჯოჯოხეთს ვიმსახურებ.
პავლე მოციქული სამოთხის შესახებ ჩინებულად მოგვითხრობს. იგი მესამე ცამდე იქნა აღტაცებული, ცათა სასუფევლის მშვენიერება იხილა და განკვირვებულს აღმოხდა: „რა ლამაზი და მშვენიერია ღვთის სასუფეველი! მიწიერი მშვენიერება მას ვერ შეედრება!“
სამოთხეში ისეთი სილამაზეა, რომლის მსგავსი ადამიანის თვალს არ უნახავს. არც კაცის ყურს სმენია ოდესმე ის უტკბესი, იადონის გალობაზე ბევრად კეთილხმოვანი ჰიმნები, რომლებსაც ანგელოზთა გუნდები სამოთხეში გალობენ.
პავლე მოციქული შემდეგ ამბობს, რომ ადამიანი გონებით ვერასოდეს მიხვდება, თუ რა აქვს გამზადებული ღმერთს ცაში თავისი შვილებისთვის. ჭეშმარიტებაა, სამოთხის სულიერ სიამოვნებათა შესახებ რომ ვიცოდეთ, ყველაფერს მოვითმენდით მათ მოსაპოვებლად. ახლა კი საწინააღმდეგოს ჩავდივართ ჩვენი უმეცრების გამო და ასე ვშორდებით მას!
ნეტავ ვიცოდეთ, რა არის სამოთხე! მისი მშვენიერების აღქმა ადამიანის გონებას არ შეუძლია! იქ ანგელოზთა და წმინდანთა გუნდები დაუსრულებლად გალობენ. იქ მარადიული, უსასრულო პასექია!
სასუფეველში სულები ერთმანეთს მხიარულად ელაპარაკებიან. საუბრობენ, თუ როგორ განვლეს ამაო ცხოვრება, როგორ დააღწიეს ღვთის შეწევნით თავი ჯოჯოხეთს და განსასვენებლად უფლის ამ ნეტარ სამყოფელში მოხვდნენ.
ისინი ღვთისადმი დაუსრულებელ მადლობას აღავლენენ ამ უდიდესი წყალობისთვის – სამოთხის დამკვიდრებისთვის!
რა არის სამოთხე? ეს უჭკნობი ყვავილებითა და ღვთაებრივი სურნელებით აღსავსე ადგილია, ანგელოზებრივი განცხრომა, მარადიული პასექი, ღვთის სიყვარული, უფლის დაუდუმებელი დიდებისმეტყველება და საუკუნო ცხოვრება!
ასე რომ, ამისთვის ღირს ბრძოლა. და რა უმნიშვნელოა ჩვენი ბრძოლა ამ ენით გამოუთქმელთან შედარებით, სამოთხე რომ ჰქვია?!
ჰოი, სამოთხეო, რა ლამაზი ხარ! შენი მშვენიერება მხიბლავს, სხვა ადამიანად მაქცევს, მაგრამ რატომ არ ვცდილობ ბრძოლით მოგიპოვო? ღმერთო ჩემო, უფალო ჩვენო, ყველაზე უარესი ვნებისგან – ამპარტავნებისგან გვიხსენი, რომ წმინდა სიმდაბლის მეგზურობით უტკბესი სამოთხე დავიმკვიდროთ! ამინ. იყავნ. ახლა, გაზაფხულზე, როცა ბუნება უმშვენიერესი


საახალწლო ეპისტოლე - 1984

საქართველოს წმიდა სამოციქულო ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს:

და მივსცე მათი გული სხვაჲ, და სული ახალი მივსცე მათ შორის,
და აღმოვიღო გული მათი ქვისა, და მივსცე მათ გული ხორცისა
ხორცისაგან მათისა, რათა ბრძანებათა შინა ჩემთა ვიდოდიან,
და სამართალთა ჩემთა იმარხვიდენ და ჰყოფდენ მათ და იყვნენ
ჩემდა ერთად, და მე ვიყო მათდა ღმერთად" (იეზეკიელი II, 19-20).

ძენო და ასულნო ღმრთისანო, ღვთივკურთხეულნო ივერნო, მკვიდრნო საქართველოისა და უცხოეთში მცხოვრებნო ჩვენო თანამემამულენო, მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ განმრავლდინ მეცნიერებითა ღმრთისაჲთა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა! (2 პეტრ. 1,2).
კიდევ ერთი წელიწადი მიეცა უსასრულობას. დრო და უსასრულობა თითქოს დაობენ ერთმანეთთან. თითოეული თავისას ითხოვს, ღმერთი კი მათ აერთიანებს, რადგან ორივე მის მიერაა შექმნილი და ერთსა და იმავე მიზანს ემსახურება.
ყოველი წუთი გვაახლოებს იმ მიჯნას, როდესაც ჩვენ წუთისოფლიდან მარადიულობაში უნდა გადავინაცვლოთ, და ვიდრე დროისა და უსასრულობის ამ ზღვარს მივაღწევდეთ, უნდა მოვასწროთ განწმენდა, სულიწმიდის მადლით შემოსვა, ცხოვრებაში ჩვენი ადგილის პოვნა და იმ საქმის კეთილად აღსრულება, რომელიც ღმერთმა დაგვაკისრა...
ერთ ბრძენს ჰკითხეს, რომელი დროაო ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? მან უპასუხა: აწმყო, რადგან წარსულმა განვლო და უკვე ვეღარაფერს შეცვლი, მომავალი კი არ დამდგარა და არც იცი, რას შემოგთავაზებს ან რამდენად ხანგრძლივი იქნება იგი. გასაკეთებელი დღეს უნდა გაკეთდეს, ხვალ უკვე შეიძლება გვიან იყოს.
დღეს კაცობრიობის მთავარი საზრუნავი დედამიწაზე მშვიდობის შენარჩუნებაა. მშვიდობისათვის ლოცვით დაიწყო ქრისტიანული ერა: როდესაც იესო მაცხოვარი იშვა, ბეთლემის ცა აივსო ანგელოზთა გალობით: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ (ლუკა 2,14).
ეკლესიაში ყოველდღიურად აღევლინება ლოცვები მშვიდობისათვის: "მშვიდობა ყოველთა", "მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა... უფლისა მიმართ ვილოცოთ".
რა ბედნიერებაა მშვიდობა! მშვიდობა ღმერთთან, მშვიდობა მოყვასთან, მშვიდობა ადამიანის სულში, მშვიდობა შინ და გარეთ, მშვიდობა ქვეყნისა... ის, რაც გაკეთებულა, ან რაც უნდა გაკეთდეს კარგი და დიადი, მხოლოდ მშვიდობიან დროს შეიძლება შეიქმნას.
ომისა და მშვიდობის პრობლემა ამჟამად ყველას აღელვებს, რადგან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა ჯერ არასდროს არ ყოფილა ასე დაძაბული და რთული. ცხადია, გზა უნდა გადაეკეტოს ახალი მსოფლიო ომის გამჩაღებლებს. საქართველოს ეკლესია აქტიურ მონაწილეობას იღებს მშვიდობის დაცვის საქმეში და ხმას უერთებს ჩვენი ქვეყნისა და კაცობრიობის მოწინავე ნაწილის მოთხოვნას - აღიკვეთოს ომის საშიშროება და შეიქმნას პირობები მშვიდობიანი და სამართლიანი მოლაპარაკებისათვის.
სწრაფვა მშვიდობისაკენ, ზრუნვა მშვიდობისათვის - ქრისტიანული სინდისის უმაღლესი მოთხოვნილებაა. "ეძიებდე მშვიდობასა და მისდევდე მას", - ბრძანებს წმიდა წინასწარმეტყველი დავითი. დღეს გაჩუმება არ შეიძლება: საჭიროა დაუცხრომელი ლოცვა დ მოქმედება, სანამ ჯერ კიდევ არ ალაპარაკებულა ატომური იარაღი თავისი საშინელი ენით, ყოვლისმომსპობი სიკვდილით რომ ემუქრება კაცთა მოდგმას.
უეჭველია, მსოფლიო პროგრესული ძალების აქტიური ბრძოლის შედეგად ბირთვული კატასტროფის საფრთხე აცილებული იქნება და იზეიმებს მშვიდობა, როგორც ნიშანი სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებისა.
ყოველი წარსული წელი ჩვენი მასწავლებელია. ბევრი გაკეთდა და ბევრიც გაფუჭდა ჩვენი მიზეზით, თუ ყოველივე ამას საღი თვალით შევხედავთ, უფრო კარგად გავიგებთ სიხარულისა და მწუხარების ფასს, უფრო მეტად ვიგრძნობთ ადამიანთა ტკივილსა და უძლურებას და სწორ გზაზგ დავდგებით.
ხშირად გვინდა ვუწამლოთ სხვის დარდს და ვერ ვკურნავთ, ვცდილობთ გაჭირვებულის შველას, მაგრამ ვერ ვეხმარებით და სასოწარკვეთილება გვეუფლება. ამ დროს ჩაგვესმის ხმა იდუმალი: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე (ინ. 14,6); ეს ხმაა ღვთისა - ერთადერთი ჭეშმარიტი მკურნალისა და შემწისა. დაე, უფალმან განკურნოს სალმობანი ჩვენნი!
ქვეყნად სიკეთისა და სიწმიდის აქტიური გამოვლინება თავისი სულიერი ნათების გამო ყოველთვის ბოროტების გაღიზიანებას იწვევს: რაც არ უნდა უწყინარი და ჩუმი იყოს ღვთის ეს მადლი, სიძულვილი ბოროტების მხრიდან მაინც იზრდება.
რა საერთო აქვს სიკეთეს ბოროტებასთან, რატომ ებრძვის უკეთურება სათნოებას? იმიტომ, რომ ბოროტება ყველასათვის თვალსაჩინო, ხილული ხდება და ეშინია, არ ამხილონ, არ უარყონ იგი.
რა შეიძლება იყოს სინათლეზე უფრო სასიამოვნო? მისკენ ისწრაფვის ყოველი ცოცხალი, მისით არსებობს, მისით ხარობს. მაგრამ, როცა სინათლის სხივი სნეულ თვალს მოხვდება, აღიზიანებს და მწვავე ტკივილს იწვევს. ასევეა სულიერ ცხოვრებაშიც; მშვენივრად ბრძანებს ამის შესახებ უფალი იესო ქრისტე: ნათელი მოვიდა სოფლად, და შეიყუარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელი, რამეთუ იყვნეს საქმენი მათნი ბოროტ. რამეთუ ყოველი რომელი ბოროტსა იქმს, სძულს მას ნათელი და არა მოვალს ნათელსა, რაჲთა არა ემხილნენ საქმენი მისნი (იოანე 3,19-20).
ყოველთვის ჰყავდა და ეყოლება უარმყოფელნი სიმართლეს. იგი სძულთ მათ, რომელთა სულშიც განლაღებულია სიხარბე, დაუნდობლობა, შური, ამპარტავნება, პატივმოყვარეობა... ანგარებით სავსენი მზად არიან, აწამონ ჭეშმარიტება იმათ მსგავსად, რომლებიც გააფთრებულნი ყვიროდნენ: ჯუარს-აცუ ეგე (იოანე 19,15).
შეცნობა საკუთარი თავისა ყველაზე ძნელი და ყველაზე სასარგებლო საქმეა; სცადე, შეადარე შენი თავი ბნელ ოთახს. ერთი შეხედვით გეჩვენება, რომ იქ სისუფთავეა, მაგრამ საკმარისია, შემოიჭრას მზის სხივი, დაინახავთ რამდენი მტვერი ყოფილა ჰაერში. ადამიანიც ასეა. სანამ იგი შორსაა ღვთისაგან, საკუთარი თავი სუფთა და უნაკლო ჰგონია, მაგრამ, როცა თუნდაც მცირე მანძილით მიუახლოვდება უფალს, ღვთაბრივი მადლის ნათელი მიახვედრებს, რაოდენი სიმდაბლეა მის ფიქრებსა და გრძნობებში, რამდენს ცოდავს საქმითა და სიტყვით.
გონიერების პირველი ნიშანი საკუთარი შეცდომების, ცოდვების შეგნებაა.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი გვასწავლის: "უკეთუ გსურს შეიტყო კეთილწარმატებაჲ შენი, გამოსცადე, რაოდენ ცოდვილად განიცდი თავსა შენსა; და ვითარ მეტად ნათელ არს მზერაჲ შენი, უფრორე კეთილად ხედავ დიდებასა ღვთისასა და ცოდვილობასა თავისა შენისასა".
ბრძენი ადამიანი ძილის წინ ყოველთვის აანალიზებს განვლილ დღეს; ფიქრობს, რომელი უარყოფითი თვისება ან მავნე ჩვევა დაძლია, რა გააკეთა ცუდი, რა გააკეთა კარგი...
ასე იქცეოდა, მაგალითად, ციცერონი. იგი წერს: "ყოველდღიურად ჩემს თავს ვევლინები ბრალმდებელად და მოსამართლედ. როცა სანთელი ჩაიწვება, მივეცემი ხოლმე მთელი ჩემი დღის განსჯას, გამოწვლილვით განვიხილავ თითოეულ სიტყვასა და მოქმედებას, არაფერს არ ვმალავ, არაფერს არ ვპატიობ საკუთარ თავს".
ამის მისაღწევად აუცილებელია რწმენა და ცოდნა, ასევე აუცილებელია მისწრაფება სულიერი სრულყოფისაკენ. ზერელე ცოდნა გვაშორებს რწმენას, ხოლო სიღრმისეული - მასთან გვაახლოებს. ცოდნა მსგავსია სინათლისა, რწმენა შეიძლება შევადაროთ სითბოს. როგორც სხეულის ფიზიკური განვითარებისათვის საჭიროა სინათლე და სითბო, ასევე საჭიროა ცოდნა და რწმენა სულიერი ცხოვრებისათვის.
ადამიანის გონება მაშინ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, როდესაც იგი ღვთაებრივი სიბრძნისა და ჭეშმარიტებისაგან საზრდოობს. უფლისაგან - სიკეთისა და ცხოვრების წყაროსაგან განდგომილ სულს მიაჩნია, რომ იგი იზრდება, ვითარდება, წინ მიისწრაფვის... სინამდვილეში კი მასში პატივმოყვარეობა, ამპარტავნება, ეგოიზმი, გულქვაობა ღვივდება...
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს, "გარეშე ცხოვრებისა ბრძნულისა ვერ შესაძლებელ არს ყოფნა ბრძენად".
თუ ადამიანი ღვთის და მისი სიმართლის გარეშე ცხოვრობს, მაშინ შრომა მისი ამაო არს, უკურთხებელია იგი უფლისაგან. აი, როგორ მიმართავს მას უფალი წმ. წინასწარმეტყველი მიქიას პირით: "შენ სჭამე და არა განსძღე, და დაბნელდეს შენ შორის და შეპყრობილ იქმნე და შენ ვერ განერე, და რაოდენიცა განერენ, მახვილსა მიეცნენ. შენ სთესო და ვერ მოიმკო, შენ სწნეხდე ზეთსა და შენ ვერ იცხო ზეთი, და ჰქმნა ღვინო და ვერ ჰსუა" (მიქია 5,14-16).
ასე რომ, უნდა ვისწავლოთ გზების ძიება ჩვენი ცხოვრების სათავესთან, ჩვენი ყოფისათვის აზრის მომნიჭებელთან, სიყვარულისა და იმედის წყაროსთან - ღმერთთან დასაახლოვებლად.
ერთი მორწმუნე ხშირად დადიოდა ეკლესიაში. იჯდა ხოლმე დაცარიელებულ ტაძარში და საათობით შესცქეროდა მაცხოვრის ხატს. ჰკითხეს, რატომ ატარებდა ასე დღეებს. მან უპასუხა: "მე ვუცქერი უფალს, ის მიყურებს მე და გვიხარია, რომ ერთად ვართ". ამ ადამიანს ღმერთთან უსიტყვოდ საუბარი ჰქონდა ნასწავლი.
როდესაც უფალს იპოვი, ყველაფერი შეიცვლება შენში, სხვა თვალით შეხედავ მწუხარებასა და განსაცდელს, დაინახავ მოყვასის გასაჭირს, იმას, რასაც ადრე ვერ ამჩნევდი... ყველას მიენდობი, ყველას შეუნდობ, ყველას შეიყვარებ.
ზოგიერთი ადამიანის გული ისეა დაკნინებული, რომ არა თუ ღვთისთვის, თავისი ოჯახის წევრებისთვისაც კი არ არის მასში ადგილი. ასეთ პიროვნებას საკუთარი თავის გარდა არავინ და არაფერი უყვარს.
ზოგის გული კი საოცრად დიდია: იქ დაუმკვიდრებია დიდსა და პატარას, კეთილსა და ბოროტს, წმინდანსა და ცოდვილს... ასე ხდება იმიტომ, რომ ამგვარი გული ტაძარია ღმრთისა, უფალია მასში და ეს ხალხი იქ დავანებული ღვთის გარშემო იკრიბება. ასეთ გულში კეთილი უფრო კეთილი ხდება, ბოროტი და ცოდვილი კი სულიერად იწმინდება და მაღლდება.
სულიერი სრულყოფისათვის ყველაზე საუკეთესო საშუალება ჯვრის მტვირთველობა - განსაცდელის გზაა.
ჯვრის სკოლა შესანიშნავი სკოლაა, სადაც ვიწვრთნებით ჩვენი შემოქმედის ლოცვა-კურთხევით. ეს სკოლა უგუნურთ გონიერს ხდის, გონიერთ ბრძენად აქცევს, ამაყთ - მორჩილად, უკეთურთ - კეთილად, უძლურთ - ძლიერად. ამ დროს ჩვენ ვემსგავსებით თიხის ჭურჭელს. მეჭურჭლემ იცის, რამდენ ხანს და რა ტემპერატურაზე სჭირდება მას გამოწვა: თუ ცეცხლზე ზედმეტ ხანს გააჩერებს, დასკდება, ხოლო თუ ცოტა ხანს - ნესტიანი დარჩება და გამოსაყენებლად უვარგისი იქნება. მსგავსად ამისა, იცის უფალმა, რა განსაცდელი განუმზადოს თითოეულ ჩვენგანს, რომ სულიერად გამოაწრთოს და ღირსყოს მარადიული ნეტარი ცხოვრებისათვის.
წმ. იოანე ოქროპირი წერს: "როს კეთილდღეობასა მიემთხვიო, შესწირე მადლი უფალსა და იქნება მტკიცე დღეკეთილობა შენი; ოდეს გესტუმროს უბედურება ჰმადლობდე უფალსა და სიმწარე შენი მსწრაფლ განქარდება".
მწუხარებისა და განსაცდელის გზას სიხარულსა და ბედნიერებასთან მივყავართ. თუ კაცს ამ გზით არ უვლია, ის ვერ გაიგებს აზრს ჭეშმარიტი ბედნიერებისას, რომლისკენაც მრავალი ბილიკი მიდის, ოღონდ ყველა თავისას ირჩევს. მთავარია, იმედი არ დაკარგო, მუქი ფერებით არ აღიქვა სამყარო. ქვეყნად ბევრია ჭმუნვა და ურვა, მაგრამ სიხარულიც ბევრია. არ შეიძლება არ გაგახაროს ჩვენი ხალხის მატერიალურმა და სულიერმა მიღწევებმა მეცნიერებაში, ლიტერატურაში, ხელოვნებაში, ტექნიკასა და სხვა დარგში; ყოველიგე ეს გულს სიამით ავსებს, რადგანაც იგი ჩვენი შრომისმოყვარე ხალხის ღვაწლის ნაყოფია, თითოეული ჩვენგანის გარჯის შედეგია.
ბრძენს უთქვამს: "არავინაა შენი მტერი, არც მოყვარეა ვინმე, ოღონდ იცოდე, ყოველი კაცი შენი დიდი მასწავლებელია".
ადამიანის სული ამოუწურავი სათავეა ენერგიისა, უხვი და მდიდარი წყაროა მამოძრავებელი ძალისა, ოღონდ ეს ძალა აუცილებლად უნდა გამოვლინდეს და წარიმართოს სწორი გზით. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ პიროვნებები ერთმანეთისაგან სულიერად განსხვავდებიან. ზოგი მეამბოხე, მშფოთვარე ხასიათისაა, ზოგი - გულფიცხი და ავადმყოფურად მგრძნობიარე, ერთი სიტყვაც კი წონასწორობიდან რომ გამოიყვანს... მაგრამ არიან სათნო, წყნარი ადამიანები, შინაგანი სიმშვიდით სავსენი, რომელნიც ამ მადლს გარშემო მყოფთაც უზიარებენ.
არც თუ იშვიათად გვხვდებიან ღვთისგან განსაკუთრებულად დაჯილდოვებული პიროვნებები, მათი სულიერობა და ცოდნა იმდენად დიდია, რომ უნარი შესწევთ, ადვილად აითვისონ ყველა ის სიკეთე, რაც სხვადასხვა ხალხის ინტელექტის მიერ შექმნილა. შეუძლიათ ჩასწვდნენ მოვლენების სიღრმისეულ არსს, დაინახონ არა მარტო ის, რაც ახლა ხდება, არამედ განჭვრიტონ მომავალიც. ისინი დიადი საქმეებისათვის არიან მოწოდებულნი, გმირობისათვის დაბადებულნი, ოღონდ აუცილებელია, გული ჰქონდეთ კეთილი.
აღმოსავლეთში, სადაც ადამიანის სულიერ აღზრდას ოდითგანვე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ, არსებობს ასეთი ცნება: "გულის კულტურა". იგი წარმოადგენს მთელი სულიერი ეთიკის საფუძველს.
ჩვენი მიზანი - სულიერად და ფიზიკურად ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების ჩამოყალიბება - მხოლოდ გონების კულტურითა და ცოდნით ვერ მიიღწევა. უნდა შევიგნოთ, რომ არ შეიძლება მარტო გონებაზე დაყრდნობა, რომ ნამდვილი შემოქმედება გულისა და აზრთა ჰარმონიაა.
ძნელია, მაგრამ აუცილებელია გულის განწმენდა. ბევრი ჩვენგანი მტირალთან ტირის, შურის გამო კი არ შესწევს უნარი, გაიხაროს სხვისი სიხარულით. გული ეკუმშება მასზე მდგომარეობით ან თანამდებობით უპირატესი პიროვნების დანახვისას, ტანჯავს თავის სწორთან ურთიერთობა, სურვილი კლავს, დაამციროს იგი; აღიზიანებს დაბალი მდგომარეობის ნიჭიერ ადამიანებთან კონტაქტი, ეშინია მას არ გაუტოლდნენ, ან მასზე მეტად არ დაწინაურდნენ.
ნეტარი ავგუსტინე წერს: "შური შვილია ქედმაღლობისა, თუ მოკლავ დედას, მისი ნაშიერიც დაიღუპება".
საკუთარი გამოცდილებიდან ვიცით, გაზიარებული მწუხარება სუსტდება, ხოლო გაზიარებული სიხარული ძლიერდება.
თუ შენს გულში ადგილი აღარა აქვს შურს, რისხვას, ამპარტავნებას, ვერცხლისმოყვარეობასა და სხვა მანკს სულისას და, როგორც ბრძენმა მსყიდველმა, შეიძინე რწმენა და სიყვარული, სიმშვიდე, მორჩილება, ლოცვა, მარხვა და სხვა სიკეთენი, ჩათვალე შენი თავი ბედნიერად, რადგანაც შეგძლებია არა მარტო თავის შეცნობა, არამედ დაძლევაც მისი.
მიდიან წლები, საუკუნეები... თითოეულ ახალ წელს ადამიანი ელის რაღაც ნათელს, სასიხარულოს, განუმეორებელს... ყოველი ახალი წელი, ახალი იმედით გვავსებს.
სიყვარულით გილოცავთ, შვილნო ჩემნო, დამდეგ 1984 წელს; დაე, იყოს იგი კურთხეული, მშვიდობიანი, სიკეთისა და ბედნიერების მომტანი; დაე, ღმერთმა აკურთხოს ჩვენი ხალხი და მისი ნათელი მომავალი. აკურთხოს ღმერთმა თითოეული თქვენგანი და აგისრულოთ ყოველი თქვენი კეთილი სურვილი და ნატვრა.
საახალწლო ეპისტოლე მინდა დავასრულო სიტყვებით პოეტ ვახტანგ ორბელიანისა, რომელიც განისვენებს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში:
კაცი ის არის, ვინც საქმით ქველით,
გონებით, სწავლით მიახლოვდება მაღალ ღვთაებას;
ვინც ცდილობს მისწვდეს და ჭკუით მიხვდეს
საღმრთო განგების იდუმალ ნებას;
ვინც უდგას შორსა სიცრუეს, შურსა,
ვის არ ეხება პირმოთნეობა;
აქვს სული წრფელი, სიტყვა ნათელი,
გულს დაიმარხა ჭეშმარიტება;
ვის არა რცხვენის, ვის არ ეშინის,
იგი მაღალთა მაღლა ასმინოს,
და იმ ღვთაებას, ჭეშმარიტებას,
არ დაიზოგოს, თავი შესწიროს".
("კაცი ის არის")
ღმერთი გწყალობდეთ, მზე დაგნათოდეთ, სიყვარული გათბობდეთ, იხარეთ მარად!

1984 წელი, თბილისი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საქართველოს წმიდა სამოციქულო ეკლესიის

image
image თემა: ახალი წელი
ავტორი: ილია II

სააღდგომო ეპისტოლე - 2023

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო

„გამოვიდა სიძე ჯოჯოხეთიდან, მკვდრეთით აღდგა ძლიერებით შემოსილი,

სიკვდილი დათრგუნა და ტყვენი გაათავისუფლა“ (წმ. იოანე ოქროპირი)

ქრისტე აღდგა!

დგება ჟამი ახალი პასექისა!
დღეს ზეიმობს ცა და მიწა, ხილული და უხილავი სამყარო; რა თქმა უნდა, ვზეიმობთ ჩვენც, რადგან ამ სასწაულით დასრულდა ამქვეყნად მაცხოვრის ღმერთკაცობრივი, გონებისთვის მიუწვდომელი ღვაწლი, ჩვენი ხსნისათვის გაღებული.
ამპარტავნების გამო აკრძალული ხისკენ ადამის გაწვდილი ხელის ნაცვლად, მწყემსი კეთილი საკუთარ ხელს იწვდის ჯვარზე მისამსჭვალად, განდიდების ნაცვლად თავზე ეკლიან გვირგვინს იდგამს და ჩვენი ცხონების სანაცვლოდ, თავის სიცოცხლეს სწირავს.
ამ საოცარმა მსხვერპლმა სიკვდილისა და ჯოჯოხეთის საკვრელთაგან იხსნა ძველი აღთქმის მართალთა სულნი, ადამიდან და ევადან ვიდრე ქრისტეს აღდგომამდე შესვენებულნი და ცათა სასუფეველი დაუმკვიდრა მათ.
აღდგომის შემდეგ კი, სასუფევლის კარი ღიაა ყველა ქრისტიანისთვის, რომელნიც სულით და ხორცით განწმენდილნი წარდგებიან ღვთის წინაშე. ასეთ ადამიანთა სულებს ჯოჯოხეთი უკვე ვეღარ ეხება და გარდაცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ ისინი უფლის სავანეთა შინა განისვენებენ.
ამ სიხარულს ათასწლეულთა მანძილზე ელოდნენ თაობები.
უფალი მოვიდა, რომ წინამძღვრად ექცეს ჩვენს აზრს, გრძნობას, მოქმედებას, სულისა და გულის წადილს; რომ დაგვეხმაროს, შემოვბრუნდეთ და გამოვასწოროთ ჩვენი დაცემული ბუნების ნაკლოვანებანი; სულიერად გავიმართოთ და ჩვენი ცხოვრება მარადიულად მოზეიმე ზეცისკენ მიმავალი გზის დასაწყისად ვაქციოთ.
რა თქმა უნდა, ჩვენს სულსა და სხეულში ფესვგადგმული ცოდვისაგან თავის დახსნა ჭირს, რადგან ეშმაკი ათასნაირ მახეს უგებს მორწმუნეთ, რომ ღვთის გზა დაავიწყოს.
ამიტომაც ყველა ქრისტესმოყვარეს აუცილებლად ეკლიანი და ვიწრო ბილიკის გავლა მოუწევს და ამისათვის მზად უნდა ვიყოთ.
დრო ისედაც დამძიმდა, მაგრამ არ შედრკეთ! მთავარია, ნებისმიერი ვითარებიდან სწორი დასკვნა გამოვიტანოთ, ღმერთს არ განვეშოროთ და მუდამ გვახსოვდეს მისი სიტყვები: „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, შენი მარჯვენის განმამტკიცებელი, მთქმელი შენდა მომართ: ნუ გეშინია, მე შეგეწევი“ (ეს. 41, 13); გვახსოვდეს და გვჯეროდეს ისიც, რომ ბოლოს მაინც „უფლის მორწმუნეთ ყოველივე კეთილად წარემართებათ.“
უფალი ყველას სიყვარულით ელის თავისთან, განსაკუთრებით - მონანულ ცოდვილთ, თუნდაც რომ მეთერთმეტე ჟამის მუშაკნი იყვნენ ისინი და ზეცისკენ მიმავალ აღმართზე შედგომასა და თანადგომას სთავაზობს მათ.
ასე რომ, წუთისოფლის ყოველი დღე მორწმუნეთათვის სულიერ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ბრძოლის ასპარეზია. ამ ბრძოლაში გამარჯვება გვმართებს. ხსნის გზა გაკვალულია, მის გასავლელად კი ყველას პიროვნულად ჩვენი შრომა გვაქვს გასაწევი.
„სასუფეველი ცათა იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი“ (მთ. 11, 12), - გვასწავლის მაცხოვარი; ანუ ცათა სასუფეველი დიდი ძალისხმევით მოიპოვება და ვინც ამ ღვაწლს გასწევს, ის დაიმკვიდრებს მასში ადგილს.
*****
როგორც აღვნიშნეთ, მაცხოვრის აღდგომის შემდეგ ძველი და ახალი აღთქმის მართალთა სულნი ღვთის საუფლოს მკვიდრნი გახდნენ და ხდებიან, მაგრამ მხოლოდ სულით მყოფობა ცათა შინა ჩვენთვის არ არის სრულყოფილი მდგომარეობა.
მაცხოვრის გამომხსნელობითი ღვაწლით სული თავის უხრწნელ სხეულს აუცილებლად შეიმოსავს და როგორც ჯვარცმით მართალთა სულნი ერთიანად დახსნილ იყვნენ ჯოჯოხეთის ტყვეობისაგან და ზეციურ დიდებაში გადაინაცვლეს, ასევე ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდეგ მოხდება მკვდართა საყოველთაო აღდგომა.
"მოისმენენ საფლავში მყოფნი ღვთის ძის ხმას და გამოვლენ სიკეთის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომაში, ხოლო უკეთურებათა მოქმედნი სასჯელის აღდგომაში" (ინ. 5, 28-29).
გარდაცვლილ მართალთა ხვედრზე კი ასე წერს წმინდა წერილი: "ითესება ხრწნილებაში და აღდგება უხრწნელებაში, ითესება უძლურებაში და აღდგება ძლიერებაში, ითესება უპატიობაში, აღდგება დიდებაში, ითესება მშვინვიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული" (1 კორ. 15, 42-44).
და მაინც, რა არის ამის საფუძველი?
იესო ქრისტეს მიწიერი მყოფობა, ჯვარცმამდეც და ჯვარცმის შემდეგ ამაღლებამდეც, ნებისმიერი დროის მორწმუნე ქრისტიანისთვის ცხოვრებისა და აზროვნების წესის განმსაზღვრელია და "თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, ასევე ღმერთი მათაც (მართლებს), რომელნიც დაძინებულნი (გარდაცვლილნი) არიან, თავისთან მიიყვანს იესოს მიერ" (1 თეს. 4, 14), ე.ი სასუფევლისათვის აღადგენს სხეულებრივად.
როგორც აღვნიშნეთ, ეს დღე ყველა მიცვალებულისათვის მეორედ მოსვლის შემდეგ დადგება, მაცხოვარმა კი აღდგომისთანავე უხრწნელი სულიერი სხეული შეიმოსა და გახდა პირმშო შესვენებულთა (გამოცხ. 1, 5).
წმინდა სახარება ბრძანებს რომ, იესო ქრისტე ასეთი სახით ორმოცი დღის მანძილზე ეცხადებოდა მენელსაცხებლე დედებს, თავის მოწაფეებს, გამოეცხადა ხუთასზე მეტ ადამიანსაც...
თავდაპირველად ვერც დედები და ვერც მოწაფენი ვერ იჯერებდნენ, რომ იგი აღდგა და ცოცხალია, რადგან აწ უკვე უხრწნელი, უკვდავი და უვნებო მისი სხეული სახეცვლილი იყო. მაგრამ ამ დღეების მანძილზე მათ მიეცათ მტკიცე რწმენა და ცოდნა ცათა სასუფევლში სულიერი სხეულით შემოსილ რჩეულთა მომავალი მყოფობის შესახებ, რომელთაც მაცხოვრის მსგავსი უხრწნელი სხეული ექნებოდათ და გააცნობიერეს, რომ საბოლოო და უმთავრესი მიზანი ღვთის განკაცებისა, - სრულყოფილი სახით, სულისა და უხრწნელი სხეულის ერთობით, - მარადიული სიცოცხლისა და სიხარულის მინიჭებაა ადამიანისთვის, ანუ აღდგენა მისთვის იმ მდგომარეობისა, რისთვისაც და როგორადაც იგი შეიქმნა.
ამიტომაც, როდესაც მოწაფეებმა ცად ამაღლებული იესო ქრისტე იხილეს, სიხარულით აღვსილნი დაბრუნდნენ იერუსალიმში.
თუ მათ ჯვარცმისას უფალი მიატოვეს და ძრწოდნენ ქვეყნის მთავართა და მღვდელმთავართა შიშით, აღდგომის შემდეგ განძლიერდნენ; სულთმოფენობის შემდეგ კი დიდ საიდუმლოებებს ზიარებულნი იმდენად განმტკიცდნენ, რომ მზად იყვნენ ყველგან და ყველას წინაშე დაუბრკოლებლად დაემოწმებინათ უფლის სწავლება და თავი დაედოთ მისთვის.
ეს რწმენა მოციქულებმა მთელ მსოფლიოს მოჰფინეს.
ყოველივე ეს საფუძველია მთელი ქრისტიანული სამყაროსათვის. იგი განაპირობებს ჩვენს მრწამსსაც და, მეორედ მოსვლის შემდეგ, ყველას სხეულებრივი აღდგომის გარდაუვალობასაც; ამიტომაც ბრძანებს მოციქული: თუ მიგაჩნიათ, „რომ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა. მაშ ფუჭი ყოფილა ჩვენი რწმენა“ (1 კორ. 15, 16-17), ხოლო ვისაც სჯერა აღდგომის, ყველას გვმართებს ზრუნვა, როგორც სულის, ისე სხეულის სიწმინდისათვის, რათა ჩვენზეც აღსრულდეს იესოს ნათქვამი: „ვისაც მე ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამა ჩემი შეიყვარებს მას, და მივალთ და მასთან დავივანებთ“ (ინ. 14, 23).
ზემოაღნიშნულზე კიდევ ერთხელ იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ ხშირად ჩვენთან გადამეტებულად და უნუგეშოდ იციან გლოვა და მწუხარება.
მართალია, ახლობელთან განშორება ძალიან დიდი ტკივილია, მაგრამ თუ მორწმუნენი ვართ, უნდა გვჯეროდეს, რომ სიკვდილი იძლია მაცხოვრის მიერ, რომ გარდაცვლილ ახლობელთა სულები ცოცხლები არიან, უფრო მეტად ცოცხლები, ვიდრე ჩვენ ვართ. ჩვენ კი მათთვის, პირველ რიგში, სულიერი ზრუნვა გვმართებს, რაც ლოცვაში და მათ სახელზე სიკეთეთა ქმნაში გამოიხატება, რათა საყოველთაო განკითხვის ჟამს, ჩვენი ეს ქველმოქმედება მათ მიეთვალოთ. ამასთან, ამგვარი ღვაწლი ამქვეყნად სიკეთედ შეგვერაცხება და ჩვენს მომავალ ცხოვრებასაც შეეწევა.
*****
სამწუხაროდ, ადრეც და, მითუმეტეს, ჩვენს დროშიც მრავლად არიან ადამიანები, რომელთაც ათეისტური აზროვნება აქვთ და მიაჩნიათ, რომ ღმერთი არ არსებობს, არ არსებობს არც ქრისტეს აღდგომა და არც საუკუნო ცხოვრება. მათი აზრით, ჩვენს გონებას დღეს თუ არა ხვალ შეუძლია ყველა კითხვას გასცეს პასუხი და ჩაანაცვლოს ღვთის ყოვლისშემძლეობაც.
რა თქმა უნდა, იყვნენ და არიან ათეისტი მეცნიერებიც, რომლებიც ვერ ხედავენ სამყაროში შემოქმედის ნაკვალევს. ასეთ სულისკვეთებას ხელს უწყობს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების არნახული წარმატებები და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ჩვენს დროში; მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მრავალ უდიდეს მკვლევარს სწორედ მეცნიერულმა აღმოჩენებმა დაანახა კავშირი ქმნილებასა და ღმერთს შორის, დაანახა რომ სამყარო არ შეიძლება იყოს შემთხვევითობის შედეგი.
მათი საერთო განწყობის გამომხატველია დიდი გერმანელი ფიზიკოსის, კვანტური ფიზიკის ფუძემდებლის, ვერნერ ჰაიზენბერგის სიტყვები: „მეცნიერების სასმისის პირველმა ყლუპმა შესაძლოა ათეიზმს გაზიაროს, მაგრამ სასმისის ბოლოს აუცილებლად ღმერთი გელოდება“.
ბუნება სიბრძნის მშვენიერების, გონიერების ღვთაებრივი წიგნია, რომლის მართვა უფლისმიერი გონით ხდება და ეს ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა.
დედამიწაზეც და კოსმოსშიც მოქმედებს დიდი კანონები და კანონზომიერებანი, რომლებიც ადამიანს არ დაუწესებია და ეს წესრიგი ჩვენი ნებისა და აზროვნების გარეშე არსებობს; ჩვენ კი მხოლოდ მათი შეცნობა შეგვიძლია და - ისიც ნაწილობრივ.
მინდა გაგახსენოთ იერუსალიმში დიდებით შესვლისას მაცხოვრის სიტყვები: „ესენი (ადამიანები) რომ დადუმდნენ, ქვები დაიწყებენ ღაღადს“ (ლკ. 19, 40). და მართლაც, როდესაც ჯვარცმისას თითქმის ყველა განუდგა იესოს, უტყვმა ბუნებამ „ღაღადებით“ ამცნო დიდება ღვთისა, - შეიძრა მიწა, დაბნელდა მზე, თავიდან ბოლომდე დაირღვა ტაძრის კრეტსაბმელი... რის ხილვამაც ყველა გააოგნა. ბუნება კვლავაც „ღაღადებს“, მთავარია, სმენის უნარი გვქონდეს და ვაღიაროთ, რომ ვერანაირი მატერია ვერ გახდება ცოცხალი თავისით, მითუმეტეს, სიცოცხლის გადამცემი შთამომავლობაში, და რომ მხოლოდ სიცოცხლე შობს სიცოცხლეს, რომლის საწყისიც არის მასში, ვინც არის სათავე მარადიული სიცოცხლისა და თავად სიცოცხლე.
„მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (ინ. 14, 6), - ბრძანებს მაცხოვარი.
*****
ქრისტიანული ცხოვრება, პირველ რიგში, გულისხმობს, მართებული წარმოდგენა გვქონდეს, თუ როგორ გამოვიყენოთ ღვთისგან ბოძებული უდიდესი საჩუქარი, - თავისუფალი ნება, ანუ ჩვენი თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა ნებისმიერ სიტუაციაში.
თავისუფლება ადამიანმა შეიძლება დაკარგოს ძალმომრეობით და მის დასაბრუნებლად, ბუნებრივია, უნდა იზრუნოს; მაგრამ შესაძლოა ადამიანმა თავისუფლება დაკარგოს ცრუ თავისუფლების სახელით და სულიერ მონობაში აღმოჩნდეს.
სამწუხაროდ, თანამედროვე საზოგადოების ნაწილი სწორედ ამ მდგომარეობაშია და თავისუფლებას მიიჩნევს ყველაფრის უფლებად, რაც მორწმუნე ადამიანისათვის კატეგორიულად მიუღებელია.
ყველაფრის უფლების დამკვიდრება ხდება ზნეობრიობის უგულებელყოფით და ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობის დაკარგვით; მისი შინა-არსის სრული სახეცვლილებითა და გაუკუღმართებით; ამიტომაცაა, რომ თავისუფლების, სიყვარულის, ადამიანის ღირსების შესახებ ყველა საუბრობს, მაგრამ დღეს უკვე რადიკალურად განსხვავებული მნიშვნელობით.
ჩვენთვის თავისუფლება ნიშნავს საკუთარი თავის შეცნობას, სრულყოფისაკენ სწრაფვას, ჩვენი სულის სიღრმეში ღვთის ხატად შექმნილი ჩვენი დაფარული „მე“-ს პოვნას.
თავისუფლება სწორედ ამ რეალურ „მე“-მდე მიღწევა და მისი აღმოჩენაა, ცოდვითი ცხოვრებისგან განშორება და არასწორი წარმოდგენებისგან თავის დახსნაა.
მოციქული გვეუბნება: „ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია“ (1 კორ. 6, 12).
იგივე მოციქული სხვაგან ბრძანებს: „ხოლო თქვენ, თავისუფლებისათვის ხართ მოწოდებულნი, ძმებო, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს. ვინაიდან მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ (გალ. 5, 13-14)
ამ სიტყვებით კარგად ჩანს, რომ ჭეშმარიტად თავისუფალი პიროვნება თავისუფალია ეგოიზმისგან და მისი ცხოვრება სიყვარულზე, ზნეობასა და სათნოებაზეა დამყარებული. ასეთ ადამიანთა სიმრავლე ქვეყნის სიძლიერეა.
ჩვენს საზოგადოებაში კი ქვეყანაზე ზრუნვის მოტივით, სამწუხაროდ, მრავალი მხრიდან აქვს ადგილი კატეგორიულ აზროვნებას და მძლავრობს აგრესიული მეტყველება, რაც მოსახლეობაში მკვეთრ პოლარიზებას იწვევს.
ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რამდენად საშიშია ასეთი დამოკიდებულება სიტყვასთან.
სიტყვა ენერგიაა, დადებითი ან უარყოფითი, და თანაც ძალიან ძლიერი, რომელიც თავის გავლენას, პირველ რიგში, მათზე ახდენს, ვისგანაც იგი წარმოითქმის, შემდეგ კი აისახება სხვებზე და საერთოდ გარემოზე;
წმ. პატრიარქი ამბროსი ხელაია მოგვიწოდებს: „თუ დავუდებთ ჩვენს თავისუფლებას საფუძვლად ქრისტეს ზნეობრივ სწავლას და მისი იდეალების ცხოვრებაში განხორციელებას, მაშინ და მხოლოდ მაშინ, შეგვიძლია ვიყოთ სასარგებლო წევრნი სახელმწიფოსი“.
*****
ჩვენ ვცხოვრობთ რთულ პერიოდში, ფეთქებადსაშიშ დროში, როდესაც ბირთვული კატასტროფის საფრთხე რეალურია; ამიტომაც განსაკუთრებით ვფიქრობთ მშვიდობაზე, რომელიც არის ძვირფასი საღვთო ძღვენი.
„ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ ისინი ძედ ღვთისად იწოდნენ,“- გვასწავლის უფალი და ჩვენ, როგორც იესო ქრისტეს მიმდევრებს, გვაქვს ვალდებულება, სიტყვით, საქმით, მოქმედებით ვიღვაწოთ მშვიდობისათვის; მშვიდობით ვემსახუროთ ერთმანეთს და სამშობლოს.
მხოლოდ მშვიდობიანობის დროს არის შესაძლებელი ნათლად გავაცნობიეროთ ჩვენი დანიშნულება და ღვთივმომადლებული უნარი წარმოვაჩინოთ; ხოლო იმ გარემოში, სადაც ადგილი აქვს მტრობას, ძალადობას, უსამართლობას, - მშვიდობა ვერ დაივანებს.
ომი კი მშვიდობის საპირწონე, უკიდურესი ბოროტებაა, უფლის მცნებათა დარღვევაა და მრავალთა სიცოცხლის ხელყოფა.
საუკუნეთა მანძილზე ჩვენი ქვეყანა მტერთა შემოსევებს იგერიებდა და მშვიდობა მუდამ სანუკვარი გვქონდა. დღესაც ქვეყანა უმძიმეს პერიოდს გადის და, ძალისამებრ ჩვენისა გვმართებს, ვიზრუნოთ ჩვენი მშვიდობიანი ხვალინდელი დღისათვის, ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობისათვის, ჩვენს ძმებთან, - აფხაზებთან და ოსებთან, მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძვლის შექმნისთვის.
შევთხოვ უფალს, მოწყალე თვალით მოხედოს საქართველოს და დიდ ჭირთა და განსაცდელთაგან გვიხსნას.
ვკადნიერდები და ასევე ვთხოვ ტკბილ იესოს, როგორც აკურთხა მან მშვიდობით აღდგომის შემდეგ მოციქულები, უკრაინა და მთელი მსოფლიო ღირს-ყოს მიმართვისა: „მშვიდობა თქვენდა!“
ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო,
მაშ, ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და ვიქადოდეთ ღვთისა და მოყვასის სიყვარულით.
ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და შევიმოსოთ მისი ძლიერებით.
ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით, გვქონდეს სასოება ღმერთთან ერთობისა და ნუ იქნება ფუჭი ჩვენი რწმენა.
ქრისტე აღდგა!
ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და ერთობით ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, რომელსა შვენის პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
თბილისი, აღდგომა ქრისტესი
2023 წ. ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო

image
image თემა: აღდგომა
ავტორი: ილია II

გამონათქვამები გონიერი ლოცვის შესახებ

1. ლოცვა ერთ-ერთი უმთავრესი და უძლიერესი ძალაა, რომელიც ხელახლა შობს მლოცველს და ხორციელ და სულიერ სიჯანსაღეს მიჰმადლებს მას.

2. ლოცვა ჩვენი სულის თვალები და ფრთებია. ის სიმხნევესა და ძალას გვაძლევს, რომ პირისპირ ვიხილოთ ღმერთი.

3. მაშ ასე, ბაგეებით ილოცე, ძმაო, სანამ ღვთის მადლი არ განგანათლებს, რომ გულით ილოცო. მაშინ სასწაულებრივი გზით შინაგანად იდღესასწაულებ და იზეიმებ. ამიერიდან მხოლოდ ბაგეებით კი არა, უკვე გულში მოქმედი ყურადღებით აღასრულებ ლოცვას.

4. თუ ნამდვილად გსურს განაგდო ყოველი არაქრისტიანული აზრი და განიწმინდო გონება, ამას მხოლოდ ლოცვით მიაღწევ, რადგან ისე ვერაფერი აწესრიგებს ფიქრებს, როგორც ლოცვა.

5. გაფრთხილდი: თუ ლოცვაში ზარმაცი და უყურადღებო ხარ, წარმატებას ვერ მიაღწევ უფლის ერთგულებაში, ვერც გულისსიტყვების დამშვიდებას იხილავ და ვერც ცხონებას მოიპოვებ.

6. იესო ქრისტეს სახელი, რომელსაც ლოცვაში მოვუხმობთ, თავის თავში მოიცავს თვითმყოფად და თვითმამოძრავებელ აღმადგინებელ ძალას. ასე რომ, ნუ შფოთავ შენი ლოცვის არასრულყოფილებისა და გულგრილობის გამო, არამედ მოთმინებით დაელოდე ნაყოფს, რომელსაც ღვთაებრივი სახელის ხშირი ხსენება გამოიღებს.

7. როცა ლოცვა წინამძღვრობს ჩვენში არსებულ ზნეობრივ ძალებს, მათი სიძლიერე ყველა განსაცდელს აღემატება და ამარცხებს მათ.

8. ლოცვის სიხშირე ლოცვის ერთგვარ ჩვეულებაში გადადის, რაც მალე მეორე ბუნებად იქცევა და ხშირად გული და გონება უმაღლეს სულიერ მდგომარეობაში აჰყავს.
ხშირი ლოცვა ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ ჭეშმარიტი და წმინდა ლოცვა ვისწავლოთ. სიხშირე ლოცვისთვის წინასწარ მომზადების საუკეთესო საშუალება და უსაფრთხო გზაა, რომ ადამიანმა საბოლოო მიზანს – ლოცვასა და ცხონებას მიაღწიოს.

9. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია მოიპოვოს შინაგანი ლოცვა – უფალთან ურთიერთობის საშუალება. ის უსასყიდლოა, საჭიროა მხოლოდ მცდელობა, რომ მდუმარების უფსკრულსა და ჩვენი გულის სიღრმეში ჩავიძიროთ და რაც შეიძლება ხშირად მოვუხმოთ უტკბესი იესო ქრისტეს სახელს, რომელიც ადამიანს მხიარულებით აღავსებს.
საკუთარ თავში ჩაღრმავება და ჩვენი სულიერი სამყაროს გამოკვლევა შესაძლებლობას გვაძლევს გავაცნობიეროთ, თუ როგორი საიდუმლოა ადამიანი, ვიგრძნოთ თვითშემეცნების სიხარული და დავღვაროთ სინანულის მწარე ცრემლები დაცემებისა და საკუთარი ნების უძლურების გამო.

10. დაე, მთელი შენი სული სიყვარულით მიეჯაჭვოს ლოცვაში ჩადებულ აზრს, რომ შენი გონება, შინაგანი მეტყველება და ნება – შენი სულის ეს სამი შემადგენელი ნაწილი გახდეს ერთი მთელი და ერთი გახდეს სამი; რადგან ამ გზით ადამიანი, რომელიც წმინდა სამების ხატებას წარმოადგენს, თავის პირველსახესთან ამყარებს კონტაქტს და უერთდება მას. როგორც გონიერი ლოცვის მასწავლებელმა, თესალონიკის მთავარეპისკოპოსმა, ღვთაებრივმა გრიგოლ პალამამ თქვა: „როცა ერთი გონება გახდება სამობითი და დარჩება მაინც ერთი მთლიანი, მაშინ ის უერთდება ღვთაებრივ საწყის ერთარსება სამებას, ის უკეტავს კარს ყოველგვარ წარმოდგენას და გახდება ხორცზე, ამ სოფელზე და სოფლისმპყრობელზე აღმატებული“.

11. ლოცვის მიზანი ადამიანის ღმერთთან შეერთება, ადამიანის გულში ქრისტეს შემოყვანაა.

12. სადაც ლოცვა მოქმედებს, იქ ქრისტეა მამასთან და სულიწმიდასთან ერთად, ერთარსი და განუყოფელი სამება.

13. სადაც ქრისტეა – ნათელი სოფლისა – იქ იმქვეყნიური მარადიული ნათელია, იქ მშვიდობა და სიხარულია, იქ ანგელოზები და წმინდანები არიან, იქ სასუფევლის მხიარულებაა.

14. ნეტარ არიან ისინი, ვინც ნათელი სოფლისა – ქრისტე – ამ ცხოვრებაშივე შეიმოსეს, რადგან უკვე უხრწნელების სამოსელს ატარებენ.


15. ამრიგად, გონიერი ლოცვის მიზანი ის არის, რომ ადამიანის გულში ქრისტე შემოიყვანოს, იქიდან ეშმაკი გააძევოს და მის მიერ ცოდვით აღსრულებული საქმეები შემუსროს. რადგან, როგორც ქრისტეს საყვარელი მოწაფე ამბობს: „ამისთვის გამოცხადნა ძე ღმრთისაი, რათა დაარღვინეს საქმენი ეშმაკისანი“ (1 იოან. 3, 8). მხოლოდ ეშმაკმა იცის ამ ხუთი სიტყვის ენით გამოუთქმელი ძალა. ამიტომ გააფთრებით ებრძვის და უმხედრდება ლოცვას.
მათ. 16. დემონებმა ეშმაკეულების პირით უთვალავჯერ აღიარეს, რომ ლოცვა წვავდა

17. რადგან ქრისტეა ნათელი სოფლისა, ყველა ადამიანი, ვინც მას ვერ ხედავს, ვისაც იგი არ სწამს, რასაკვირველია, ბრმაა. და პირიქით, ნათლისკენ მიემართებიან ისინი, ვინც ქრისტეს მცნებების აღსრულებისთვის იღვწიან. ეს ადამიანები აღიარებენ ქრისტეს, როგორც ღმერთს – თაყვანს სცემენ და მსახურებენ. ვინც ქრისტეს თავის ღვთად და უფლად აღიარებს, მას ქრისტეს სახელის მოხმობა განამტკიცებს, რომ ღვთის ნება აღასრულოს. ხოლო თუ არ განმტკიცდება და გაძლიერდება, აშკარაა, რომ ის ქრისტეს მხოლოდ ბაგით აღიარებს, გულით კი მისგან განშორებულია.

18. ლოცვა რამდენადაც გვაერთიანებს ქრისტესთან, იმდენად განგვაშორებს ეშმაკს და არა მარტო ეშმაკს, არამედ ამსოფლიურ ბრძნობასაც, რომელიც ვნებების მშობელი და ხელის შემწყობია.

19. ლოცვის ეშმაკი მოწყინებაა, ეშმაკის ეშმაკი კი – ლოცვის წყურვილი, გულმხურვალება. „სულითა მდუღარე იყვენით, – ამბობს მოციქული, – უფალსა ჰმონებდით" (რომ. 12, 11). ეს მხურვალება იზიდავს და მლოცველში აჩერებს მადლს, რომელიც მასში სინათლედ, სიხარულად და გამოუთქმელ ნუგეშად იქცევა, ეშმაკებისთვის კი – ცეცხლად, სიმწარედ და მდევნელად. როცა მადლი მოვა, ის გაფანტულ გონებას მოკრებს, მზაკვარი და უწმინდური გულისსიტყვებისგან განკურნავს და უფლის ხსენებით დაატკბობს მას.

20. ბაგეებზე ლოცვა გაქვს? მადლიც იქვეა. მაგრამ ბაგეებიდან ლოცვამ გონება უნდა გაიაროს და გულში ჩავიდეს. ამას კი დიდი შრომა და დრო სჭირდება.

21. ენა უნდა გაისარჯოს, რომ იზღვიოს თავისი უქმადმეტყველება და დაცემა. მან ლოცვის ჩვევა უნდა შეიძინოს, შრომისა და ღვაწლის გარეშე კი ჩვევა ვერ ყალიბდება. იმისთვის, რომ მადლი გვეწვიოს, თავი უნდა დავიმდაბლოთ. ამის შემდეგ გზა იხსნება. ლოცვა სუნთქვას უერთდება, გონება კი იღვიძებს, მას თვალყურს ადევნებს და დროთა განმავლობაში ვნებების შემსუბუქებას ვიგრძნობთ, ხოლო გულისსიტყვები დაცხრება და გული დამშვიდდება.

22. ნუ დაგღლის გაფანტული გონების მრავალგზის უკან დაბრუნება. ღმერთი შენს გულმოდგინებასა და შრომას დაინახავს და გამოგიგზავნის თავის მადლს, რომელიც გაფანტულ გონებას შემოკრებს. სადაც მადლია, იქ ყველაფერი სიხარულით, ძალისხმევის გარეშე ხდება.

23. ლოცვით ერთი სიხარულიდან მეორისკენ მივდივართ, ულოცველად კი – დაცემას დაცემა, მწუხარებას მწუხარება მოსდევს და რა ძნელია, როცა სინდისი გვამხელს. რამდენიმე სიტყვით რომ ვთქვათ, ლოცვისთვის მცირე გარჯისა და ტკივილის წილ დიდ, სიხარულის მომგვრელ გლოვას, ლმობიერებას, ცრემლებს, ღმერთთან სიახლოვით ტკბობას, მის უწმინდეს შიშს შევიძენთ, რომელიც განწმენდს და განასპეტაკებს გონებასა და გულს.

24. აუცილებელია განიწმინდოს გული, რომ მისგან გონებაც განათლდეს სუფთა გულისსიტყვებით, რომლებიც მასში ზეციდან აირეკლება.

25. ისევე, როგორც შეუძლებელია არ წაიბორძიკოს ღამით მოსიარულემ, შეუძლებელია არ სცოდოს მან, ვისაც ღვთაებრივი ნათელი ჯერ არ უხილავს.

26. ღვთის სასუფეველში ისინი კი არ შედიან, ვისაც სინანული არ აქვთ, არამედ ცოდვილები, რომლებიც სინანულმა და ცრემლებმა გარდაქმნა. ადამიანს ისე არაფერი შეეწევა ვნებებთან ბრძოლასა და მათ დამარცხებაში, როგორც განუწყვეტელი გონიერი ლოცვა.

27. როცა განსაცდელი მოწყინების სახით მოვა, როცა გონება და ენა უძლურდება, თითები კი სკვნილზე აღარ მოძრაობს, გევედრები, უკან ნუ დაიხევ. ცოტა კიდევ ეცადე, ღმერთმა შენი განზრახვა რომ დაინახოს და განგამტკიცოს. უფალს რაღაც სურს შენგან, ამიტომ ახანგრძლივებს ამ განსაცდელს, შენი წვლილი რომ შეიტანო. რადგან იცის ისევე, როგორც შენ, რომ შეგწევს ამის ძალა.

28. დროდადრო ისე ხდება, რომ შენ საბაბს არ აძლევ, მაგრამ მადლი მაინც კლებულობს. თითქოს ღმერთი გეუბნება: „შენი მხრიდან ყველაფერი სწორია, მაგრამ ნუ გგონია, რომ ყოველივე შენზეა დამოკიდებული. როცა საჭიროდ ჩავთვლი, მაშინ მოვალ და ისევ დაგტოვებ. ნების სრულ მოკვეთასა და მოთმინებას გასწავლი, კარგად რომ დაეუფლო სიმდაბლის გაკვეთილს“.

29. ამიტომ, ლოცვისთვის განსაზღვრულ დროს, როგორც შეგიძლია, ისე აიძულე თავი. შენი მოვალეობა შეასრულე, რომ ღმერთი შენი მოვალე გახდეს და თუ მადლს ვერ მიიღებ, საკუთარ თავს შემდეგი ან იმის შემდეგი ჯერისთვის მაინც მოამზადებ. ყოველ შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, მას მიიღებ. შეუძლებელია, არ მიიღო. ჩვეულებრივ, როცა ღმერთი მადლის მოცემას აყოვნებს, მოგვიანებით გაცილებით მეტს გვაძლევს.

30. გულის ნიადაგი იმის შესაბამისად გამოიღებს ნაყოფს, როგორც დავამუშავებთ მას ლოცვით, მოვრწყავთ ცრემლით და ამოვძირკვავთ გულისსიტყვებს.

31. მათ, ვინც ლოცვაში წარმატებას მიაღწიეს, ნამდვილად იციან, რომ ადამიანის ძალისხმევის მიუხედავად, ლოცვა მადლის მოქმედებაა.

32. წმინდა სვიმეონი ნათლად ამბობს, რომ არავის შეუძლია თვითონ ადიდოს ღმერთი, არამედ მასში დამკვიდრებული ქრისტეს მადლი ლოცულობს, ადიდებს და უგალობს ღმერთს.

33. ნიშანი, რომ ღვთის მადლმა სული მოიხილა, არის ის, რომ ადამიანი შიშითა და კრძალვით ლოცულობს, მოწესრიგებული დგას ლოცვის დროს და დიდი ყურადღებით წარმოთქვამს სიტყვებს.

34. ყურადღება ისე განუშორებლად უნდა იყოს ლოცვასთან შეერთებული, როგორც სული ხორცთან.

35. ლოცვის დროს გონებამ უნდა დაიცვას გული, შინაგანად გარეშემოერტყას მას და გულის სიღრმიდან აღავლინოს ღვთისადმი ლოცვა. მუდმივად იმეოროს: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ და როცა იქ, გულში გონება იგრძნობს, შეიცნობს, რომ „ტკბილ არს უფალი" (ფსალმ. 144, 9) და დატკბება, აღარ მოისურვებს გულის არედან განშორებას, მაშინ ის პეტრე მოციქულთან ერთად იტყვის: „კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაი" (მათ. 17, 4). გონება გარშემოერტყმება გულს, ხელს კრავს და გამოაძევებს ეშმაკის მიერ იქ დათესილ ყველა აზრს და არ იტოვებს რაიმე ამსოფლიურ ფიქრს, ხოლო სულით გლახაკს ამქვეყნიური გულისსიტყვები აღარ გააჩნია.

36. ეს საქმე ძალიან ძნელი და მოსაწყენი ჩანს მათთვის, ვინც ის არ იცის. ისინი კი, ვინც შეიგრძნეს მისი სიტკბოება და გულის სიღრმეში განიცადეს მის მიერ მონიჭებული სიამოვნება, ღვთაებრივ პავლესთან ერთად ხმამაღლა ამბობენ: „ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა?“ (რომ. 8, 35)

37. ჩვენმა წმინდა მამებმა ისმინეს უფლის სიტყვები, რომ გულიდან გამოდის ადამიანის შემაგინებელი გულისსიტყვები (მათ. 15, 19) და კიდევ: სასმისი შიგნიდან უნდა გაიწმინდოს, რომ გარედანაც გასუფთავდეს (მათ. 23, 26), ამიტომ მიატოვეს ყველა სხვა სულიერი შრომა და მთლიანად ამ საქმეს – გულის დაცვას მიუძღვნეს თავი, რადგან დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ამ ღვაწლით ნებისმიერ სხვა სათნოებასაც იოლად შეიძენდნენ.

38. წმინდა ღმერთშემოსილი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს: „განვიწმინდოთ გული, რომ ჩვენში ყველგან მყოფი უფალი ვიპოვოთ. განვიწმინდოთ გული ღვთაებრივი ცეცხლით, რომ ჩვენში მისი ღვთაების ნათელი და დიდება ვიხილოთ“.

39. ბედნიერია ის, ვინც ღვთაებრივ ნათელს მიეახლა, შევიდა მასში, შეუერთდა ნათელს და მთლიანად ნათლად იქცა. მან სრულიად განიძარცვა ცოდვით შებილწული სამოსელი და ამიერიდან მწარე ცრემლებით აღარ იტირებს.

40. ბედნიერია ის, ვინც ამ ცხოვრებაშივე შეიცნო უფლის ნათელი ისე, როგორც ღმერთი, რადგან ის იმქვეყნიურ ცხოვრებაში კადნიერებით წარდგება ღვთის წინაშე.

41. ბედნიერია ის, ვინც მიიღო მასთან ნათლის სახით მისული ქრისტე. ის ბნელში იმყოფებოდა, ახლა კი გახდა ძე ნათლისა და დაუღამებელი დღისა.

42. ჭეშმარიტად ვერაფერი შეედრება ლოცვის, უწყვეტი, გონიერი ლოცვის სუნთქვას.

43. წმინდა გრიგოლ პალამა ამბობს, რომ როცა ადამიანი ჩასუნთქვითა და ამოსუნთქვით ლოცულობს, დროთა განმავლობაში მლოცველის ნესტოებიდან სულიერი კეთილსურნელება იფრქვევა, როგორც მადლის ტკბილი ქროლა, „სული ცხოვრებითი ცხოვრებად“ (2 კორ. 2, 15-16), – როგორც დიდი პავლე ბრძანებს.

44. ესე იგი, ლოცვა მადლს არა მარტო მლოცველს ანიჭებს, არამედ მისგან გადმოდის, იღვრება და მისი მეშვეობით მთელ ქმნილებას გადაეცემა. ჩასუნთქვისას თვითონ ის განიწმინდება, სიცოცხლითა და სიწმინდით აღივსება, ხოლო ამოსუნთქვისას არა ის, არამედ ღვთაებრივი მადლი განწმენდს, სიცოცხლეს ანიჭებს და წმინდაჰყოფს ღვთის მთელ ქმნილებას – სამყაროს.

45. ამ უკანასკნელ ჟამს, როცა ანტიქრისტეს სუნთქვა ბილწავს ხმელეთს, ზღვას და ყველა სულიერ არსებას, ღმერთი ეკლესიის წიაღსა და გულში გონიერი ლოცვის მოქმედებას აღვივებს, როგორც მადლის გამაგრილებელ ცვარს, ილია წინასწარმეტყველის მიერ გაგონილ სიოს მობერვას (3 მეფ. 19, 12-13), როგორც სულისა და ხორცის სიჯანსაღისა და ცხონების წინააღმდეგ მოქმედი შხამის განმაქარვებელს იმ დროისთვის, რომელიც მოდის და უსათუოდ მოვა.

46. ვიცნობ ათასობით ადამიანს მთელ მსოფლიოში, რომლებიც ლოცვისთვის აიძულებენ თავს და გასაოცარ შედეგებს აღწევენ. ლოცვა მათ სულიერ ღვაწლში განამტკიცებს, შინაგანად განანათლებს და ისინი სიღრმისეულ, გულწრფელ აღსარებას ამბობენ. იესოს ლოცვის წინააღმდეგ აღძრული გულისსიტყვებითა და განსაცდელებით შეჭირვებული ეს ადამიანები მონდომებით მიისწრაფვიან უხრწნელი საიდუმლოებებისკენ, ისევ განაახლებენ გულისსიტყვებთან და ვნებებთან ბრძოლას და კვლავ წმინდა საიდუმლოს ეზიარებიან. მათ უკვე აღარ შეუძლიათ ლოცვის გარეშე ცხოვრება.

47. ლოცვა სუნთქვაა. როცა ადამიანი სუნთქავს, ის ცოცხლობს, ზრუნავს თავის სიცოცხლეზე. ვინც ლოცვას იწყებს, ის მთელი თავისი ცხოვრების გამოსწორებას უდებს სათავეს სულიერი მამის ხელმძღვანელობით. როგორც ამომავალი მზე აღვიძებს, ანათებს, სიცოცხლეს ანიჭებს ქმნილებას, ასევე ადამიანის გონებასა და გულში ლოცვით აღმობრწყინებული სიმართლის მზე, ქრისტე, აღვიძებს მას, რომ დაუღამებელი დღის ნათელი საქმეები აღასრულოს.

48. ასე რომ, ძმებო, „გამუდმებით ქრისტეთი ისუნთქეთ“ – ამბობდა მოღვაწეთა მამამთავარი ანტონი დიდი. წარმართთა მოციქულიც მთელი მსოფლიოს ყველა დროის ყველა ქრისტიანს ურჩევს, სთხოვს და უბრძანებს: „მოუკლებელად ილოცევდით“ (1 თეს. 5, 17), „ხოლო სიტყვას „მოუკლებელად“ არც საზღვარი, არც საზომი არ აქვს“ – განმარტავენ წმინდა მამები.
ამგვარად, როცა სულში მშვიდობა გაქვს, უდებებას ნუ მიეცემი, არამედ ილოცე, საბრძოლველად მოემზადე. თავი გაიმხნევე. განსაცდელების ნუ გეშინია. ცვლილებებს ყველა განიცდის, მაგრამ ბრძოლაში მოთმინება და გულმოდგინებაა საჭირო. მართალი დღეში ათასჯერაც რომ დაეცეს, ისევ წამოდგება და ეს გამარჯვებად ჩაეთვლება. მუდმივი სინანული, განუწყვეტლივ ღვთის მოწყალების მოხმობა – ამას ნიშნავს იესოს ლოცვა.
ხოლო მლოცველისთვის ლოცვის მიმნიჭებელ ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა დიდება და მადლობა უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ერთ-ერთი უმთავრესი და უძლიერესი ძალაა

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3