წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები
25. როცა ღმერთმა გონიერი და ჭკვიანი არსებანი თავისი უდიდესი სიკეთით არსად მოიყვანა, ამ ქმნილებებს დასაფარავად, დასაცავად და სახსნელად შემდეგი ოთხი ღვთიური თვისება მიანიჭა: არსებობა, მარადიულობა, სიკეთე და სიბრძნე. ამათგან პირველი ორი არსებობისათვის მიანიჭა, ხოლო ბოლო ორი ზნეობრივი ნიჭის სახით, არსებობისათვის - არსებობა და მარადიულობა, ხოლო ზნეობრივი ნიჭის სახით - სიკეთე და სიბრძნე, რათა ქმნილება ამით იმის თანაზიარი გამხდარიყო, რაც თავად ღმერთია. ამიტომაა ნათქვამი, რომ ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად შეიქმნა. ხატადაა შექმნილი, როგორც ჭეშმარიტი ჭეშმარიტისაგან, მარადიული - მარადიულისაგან, თუმცა ის არ არის დაუსაბამო, მაგრამ დაუსრულებელია; მსგავსად შექმნილია, როგორც კეთლი კეთილისაგან, როგორც ბრძენი ბრძენისაგან, მადლის წყალობით, ის ისეთი იყო, როგორიც ღმერთია თავისი ბუნებით. როგორც ღვთის ხატი, ყველა არსება გონიერია, როგორც მსგავსი, მხოლოდ ზოგიერთია კეთილი და ბრძენი.
თემა: სიკეთე, ადამიანი, ღმერთი, სიბრძნეავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
24. წმიდა ღმერთს, მის სიკეთესა და სიბრძნეს გონიერი და მოაზროვნე არსება თავისი არსებობით, სიკეთის უნარითა და მარადიულობის მადლით ეზიარება. ამ მადლით იგი ღმერთს შეიმეცნებს, ღმრთის ქმნილებებს კი - როგორც ზემოთ ითქვა, ქმნილებებში არსებული ყოვლისმომცველი სიბრძნით, რომელიც აზრების მეშვეობით დახვეწილად აისახება გონებაში.
თემა: ღმერთი, სიბრძნე, ღვთის შემეცნებაავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
22. ღმერთმა თავისი თავი თავისი ნეტარი ბუნებიდან იცის, ხოლო თავისი ქმნილებები თავისი სიბრძნის გამო, რომლითაც და რომელშიც შექმნა ყოველივე: წმიდა ძალებმა კი ღმერთი, ჭეშმარიტად ყოველივეზე უზენაესი, ღვთიური ცოდნის თანაზიარობით იციან, ხოლო მისი ქმნილებები მათში არსებული გონივრული განჭვრეტის უნარის მეშვეობით.
20. ყველა ვნებიანი ფიქრი ან სულის გულისთქმის ნაწილს აღძრავს, ან გულისწყრომის ნაწილს აშფოთებს, ან გონების ნაწილს აბნელებს, რის გამოც გონება სულიერი ჭვრეტისა და ლოცვითი აღმაფრენისათვის ბრმავდება. ამიტომ მონაზონს, განსაკუთრებით მდუმარებაში მყოფს, გულისთქმის მოშთობა და მათი წარმომშობი მიზეზების შეცნობა და აღკვეთა მართებს. შეცნობა კი შემდეგნაირად შეიძლება: სულის გულისთქმის ნაწილს დედაკაცის ვნებიანი მოგონება აღძრავს, ხოლო მათი მიზეზი ჭამასა და სმაში თავშეუკავებლობა და დედაკაცებთან ხშირი, უგუნური ურთიერთობაა. მათი აღმკვეთია: შიმშილი. წყურვილი, მღვიძარება და განმარტოება. გულისწყრომას იმ ადამიანების ვნებიანი მოგონება აშფოთებს, რომელთაც გვაწყენინეს. ამის მიზეზებია ავხორცობა, პატივმოყვარეობა და ანგარება. ვნებიანი ადამიანი შფოთდება იმის გამო, რომ ყოველივე ეს ან დაკარგა, ანდა ვერ მიიღო. ისინი აღიკვეთებიან, თუ ღვთის სიყვარულის გამო ამ საგნებს არარაობად შევრაცხავთ.
19. ქონებას ადამიანთა ოთხი ტიპი აგროვებს: სამი ზემოხსენებული და მეოთხე - კარგი მეოჯახე; ცხადია, რომ ეს უკანასკნელი მართებულად იხვეჭს, რათა არ გაღარიბდეს და ყველას საჭიროებისამებრ მიაგოს.
თემა: სიმდიდრე, მოწყალება, ქველმოქმედებაავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
18. ავხორცს უყვარს ფული, რათა მისი მეშვეობით ინეტაროს; პატივმოყვარეს, - რათა სახელი მოიხვეჭოს; ხოლო ურწმუნოს, - რათა დამალოს და შეინახოს იგი, რადგან ან შიმშილის, ან სიბერის, ან ავადმყოფობის, ან დევნის ეშინია და ფულის იმედი უფრო მეტად აქვს, ვიდრე ღვთისა, რომელიც ყველა ქმნილების შემოქმედია და თვით უკანასკნელ და უმცირეს არსებებზეც კი ზრუნავს.